IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სულხან-საბა ორბელიანი, რას ფიქრობთ სულხან-საბა ორბელიანის "გაკათოლიკების" შესახებ?
ნათია
პოსტი Mar 25 2007, 08:10 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



„მაღალი ტანისაა, მხნე და ძლიერი აგებულების, მშვენიერი სახე აქვს და თეთრ-მოწითალო ფერი; ერთ მტკაველზე მეტი წვერი აქვს, რომელიც დიდად უხდება“. - ასე ახასიათებდნენ სულხან-საბა ორბელიანს მისი თანამედროვენი.

საინტერესოა სულხან-საბას ცხოვრების ერთი მონაკვეთი, რომელიც მის „გაკათოლიკებას“ ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქმედება იძულებით გაღებული ხარკი იყო საქართველოს გადასარჩენად, ვახტანგ VI ტყვეობიდან დასახსნელად და მაჰმადიანური ზეგავლენისაგან თავის დასაღწევად. „დასაღუპავად განწირული ქართველები ამ საფარის ქვეშ თავიდან იცილებდნენ გასომხებასა და გათათრებას, ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე კი იბრუნებდნენ მართლმადიდებლის სახელს“ (მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე).

სულხან-საბასთვისაც იძულებითი გაკათოლიკება მხოლოდ დროებითი პოლიტიკური ნიღაბი იყო. მართლაც, ევროპიდან დაბრუნებული მართლმადიდებლობას დაუბრუნდა. „მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ და მრავალი ავი მომინდომეს“, - წერს იგი თავის თხზულებაში „მოგზაურობა ევროპაში“. სულხან-საბა რომ მართლმადიდებლად აღესრულა, ამას ისიც ადასტურებს, რომ რუსეთში იგი მართლმადიდებლურ ტაძარში დაკრძალეს.

სულხან-საბას ცხოვრების გზას საქართველოს სიყვარული წარმართავდა. ამ სიყვარულმა ააღებინა ხელში კალამი, ამ სიყვარულის გამო გაემართა ევროპისაკენ, ამავე სიყვარულმა შემოსა ბერის სამოსით... იგი იყო მწიგნობარი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ღვთისმეტყველი, მჭევრმეტყველი, საერო და სასულიერო მოღვაწე, ელჩი, მოგზაური. კითხულობ ამ ჩამონათვალს და გიკვირს - ნუთუ ერთ ადამიანს შეეძლო მოეცვა ყოველივე ეს ერთ არსებაში? დასტურს ჩვენამდე მოღწეული ეს ორიოდე პწკარი გვაძლევს:

„სულხან-საბა ორბელისძე
სიბრძნით აღხდა ორბებისზე“.


დააფიქსირეთ თქვენი აზრი



--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი May 3 2007, 03:49 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,204
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა" საქართველოსი

"... ჩემი ვიშრომე სულ ხანი საბამან ორბელიანმან, ვის ერთად მერქვა სულხანი."

საბა - სულხანი ყველა ქართველისათვის საყვარელი და საამაყო სახელია. სახელი გაიგივებული საერო ღვაწლთან, სამშობლოსთან, თავდადებასთან, აღორძინებასთან. სახელი, რომლის მიღმა ნაგულისხმევი ადამიანისადმი დამოკიდებულება დროითი სივრცით აღარ განისაზღვრება. იგი ყველა დროში ღირებულია, თანამედროვე, საინტერესო.

საბა - სასულიერო შინაარსით გაცისკროვნებული.

სულხანი - ერისკაცური ღირსების მღაღადებელი!

ერთიც და მეორეც მნიშვნელოვანი და ამავე ლოგიკით "ცხოვლად" აღბეჭდილი შთამომავალთა გულებში.

მას ხელთ არც სკიპტრა ეპყრა, არც გვირგვინი ამშვენებდა, არ სურდა სამეფო ტახტი და ისე აკეთებდა იმას, რასაც ზოგჯერ საუკეთესო მეფენიც ვერ ახერხებდნენ და სანაცვლოდ მხოლოდ არსებობისთვის აუცილებელს სჯერდებოდა.

ამგვარ კაცებს ერი უსმენს, უჯერებს, ენდობა. ასევე ივსება ის სიცოცხლე, რამაც შეიძლება საუკუნეები არაფრის მთქმელი რიცხვებიდან მნიშვნელოვან თარიღებად აქციოს.

არც ქართველ კაცს დავიწყებია 1658 წელი, 4 ნოემბერი. ქვემო ქართლი - მაინც გული საქართველოსი, ბოლნისი... მრავლის მომსწრე ფიტარეთით, წუღრუღაშენით, სამშვილდით და იმ სიონით, გულში რომ ჩაუკრავს წინაპართა ნაღვაწ-ნაფიქრალით ამეტყველებული ქვები.

აქ არის პატარა "ტურფა ტანძია", სადაც აღიზარდა მომავალი ერისკაცი, დიდი მოძღვარი, მწერალი "მამა" საქართველოსი, ორბელიანთა გვარის საამაყო შვილი.

მაშავერასა და ქციის ხეობაში XIV საუკუნიდან დაიწყო აღორძინება ქათიბაძე - ბარათაშვილთა გვარმა, რომლის ერთ-ერთ განშტოებითაც წარმოადგენდნენ ორბელიანები.

ტყუილა არ იწონებდნენ თავს თავდადებული სარდლებით, მეცნიერებით, მწერლებით...

დედაც ზაალ არაგვის ერისთავის ასული ერის ინტერესებისთვის მებრძლოთა შთამომავალი იყო.

ამ ორი გამორჩეული გვარიდან იმემკვიდრა სულხანმა ქვეყნის სიყვარული - ლიტარატურის, მეცნიერების, ისტორიის სიყვარულთან შეერთებული - მისივე მომავლის შექმნას რომ მოახმარა.

განათლებაც გვარისა და ოჯახის შესაფერისი მიიღო.

მამიდაშვილების, უფლისწულ ლევანის, გიორგის, არჩილის მეთვალყურეობით ჩამოყალიბდა იგი დიდ ერუდიტად. არც მის მასწავლებელთა სახელი დაჰკარგვია შთამოვამავლობას. "ყოველთა ზნეთა" აღმზრდელად მცხეთელი აზნაური ბერუკა ზედგენიძე ჰყავდა, სასულიერო მოძღვრებისა და სიმღერა-გალობაში - იაშვილი გიორგი დმანისის სასახლის უმდიდრესი ბიბლიოთეკაც ხელს უწყობდა ფილოსოფიის, ღვთისმეტყველების, მწერლობის, უცხო ენების შესწავლაში. თავმდაბლად აღიქმება ის ფაქტი, რომ იგი ქართულის გარდა სხვა ენის ცოდნას უარობდა. თუმცა მას უნდა სცოდნოდა სპარსული, არაბული, ბერძნული, ლათინური, სომხური იმ ზომით მაინც, რომ წიგნებით ესარგებლა.

განსაკუთრებით გამოარჩევდა ფილოლოგიური ნიჭი, რაც შეუჩნეველი არ დარჩენია გიორგი XI-ს. ვისი წაქეზებითაც დაიწყო ქართული ენის ლექსიკონზე მუშაობა.

"სიტყვის კონა" უწოდა განათლებულ ქართველთა ამ სამაგიდო წიგნს მისივე აღზრდილმა, ქართული კულტურის "ვერცხლის" ეპოქის შემქმნელმა, ვახტანგ VI-მ. მოსწავლემაც მასწავლებლის გზა გააგრძელა და მიუხედავად პოლიტიკური სიძნელეებისა, აღორძინებად მოინათლა მათი მუშაკობის რთული პერიოდი.

სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებაში არეკლილია ბედი XVIIIს-ის საქართველოში მცხოვრები ქართველი ერისკაცისა.

1453 წელს ბიზანტიის დაცემასთან საქართველოში მისი მეშვეობით ევროპულ კულტურასთან ზიარების იმედი დაკარგა. ქვეყანა ოსმალეთისა და სპარსეთის სათარეშოდ გადაიქცა. ხელისუფალთ ვერ გადაეწყვიტათ, როგორ დაბრუნდებოდნენ ევროპის წიაღს, გასაზრდელები დედას, რომლის ნაწილადაც მოიაზრებოდა ქართული კულტურა.

იქნებ ახალი გზები გაჭრილიყო რუსეთიდან, ევროპისაკენ ან უფრო შორი - პირდაპირ ევროპისაკენ, რომის პაპებისა და საფრანგეთის სამეფო კართან დაახლოების გზით.

სწორედ აქ იჩინა თავი დაბნეულობამ, მერყეობამ, ყოყმანმა.

რამაც სავალალო შედეგებამდე მიიყვანა ქვეყანა. საქართველოს მესვეურები ცალ-ცალკე ეკითხებოდნენ ერთგულებს სპარსეთს, ოსმალეთს, რუსეთს, რომს, საფრანგეთს. ამ მოვლენათა შუაგულში მოტრიალე, ისტორიის ბორბლის წაღმა დატრიალების მცდელთაგან იყო სულხანიც. თუმცა "როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვევინებს."

მოღალატენი კი თავად ხელისუფალნი აღმოჩნდნენ. საყვარელი მეფის გიორგი XI - ისათვის დამაშვრალი სულხანი ერეკლე პირველის გამეფების შემდეგ იძულებული გახდა ბერად შემდგარიყო. თავიდან მეუღლის გარდაცვალებას დაუკავშირდა მისი შემდეგ პოლიტიკურ მიზეზებს. ერთი კი აშკარაა - ეს ნაბიჯი დიდი რწმენის, ნებისყოფის, სულიერ ძალებში დაურწმუნებლობის გარეშე ვერ გადაიდგმებოდა.

12 წელი გაატარა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის კედლებში. ზამთარში - გაუსაძლისად ცივ, ზაფხულში - ასეთივე ცხელ უდაბნოში, საბა სულხან ყოფილმა ამ პერიოდში წარმოთქვა ბერ-მონაზონთა წინაშე ის სწავლა-ქადაგებანი, რომელიც კიდევ ერთი ზნეობრივი კანონი ღვთის გზაზე დამდგართა თუ მაძიებელთა დასამოძღვრად.

დიდი სითბოთი, ქრისტესმიერი სიყვარულითა და მადლითაა გაჯერებული მისი მოძღვრება.

"უკეთუ სიკვდილი გვეწიოს, დაითხრების სულითა ჩვენის სახელი და წარწყმდების სულითა ჩვენის საუნჯენი" "განიცადენით საქმენი თქვენი, მოიკვეთეთ ცოდვანი, იწყეთ სინანული", "ქრისტემან დადვა სული ფასი და მოგიყიდათ სულთა თვისათა.." შენ დასდევ სული შენი ქრისტესკენ სასყიდლად სამოსელთა და ვერცხლთა განქარვებათა და იგი დაუტოვეთ ძღვნად ეშმაკთა."

საბა ხედავდა რა ჭირი შეჰყროდა სამშობლოს. ქართველებმა "ღმერთსა სცოდეს და მათ ღმერთმა უყო პასუხი ცოდვისა" (დ. გურამიშვილი) ამიტომ ერის ცხოვრების ყველა სფეროს ჩასწვდა მახვილი თვალით, შეაფასა ფხიზელი გონებით, ამხილა მჭრელი კალმით.

1712 წელს ისევ დასჭირდა სამეფო კარს სულხანი. იდგა დრო როცა ყველაფერი უცხოური საუკეთესოს სინონიმად აღიქმებოდეს, ეროვნულ-ქრისტიანული ტრადიციები აღმოსავლურ-მაჰმადიანებთან იცვლებოდა. ქართველებს "შეერიათ განცხრომა ყიზილბაშური, სმა-ჭამა, ტყუილი უგვანო კეკლუცობა და დაუტევებნენ ქართველთა ზნეთა.

მართლმადიდებლობაზე უარის თქმა იყო უარის თქმა ქართველობაზე და პირიქით. ეს ორი დედაბოძი ჩვენი ერის არსებობის ბურჯს - სახელწმიფოებრიობას ედგა ბალავრად.

ერთ-ერთის გამოცდა მოასწავებდა შერყევას "ჩვეულებისამებრ მამულისა სვლისა."

დავიწყებოდათ დიდთაც და მცირეთაც, რომ ჭეშმარიტების უარყოფით როდი მიიღწევა ბედნიერება, არამედ, ყველა ვითარებაში მისი დაცვით.

ამიტომ ჯიუტობდა 1712 წელს სპარსეთში გამგზავრებული ვახტანგ VI და ტყვეობას ამჯობინებდა ჭეშმარიტების ღალატს. მრჩევლად კი აღმზრდელი სულხანი ჰყავდა.

არცერთმა არ იცოდა მაშინ, რომ ულმობელ დროს ყველა გზაზე აღმართულ ნიშანსვეტზე შავი ხელით დაეწერა "დამღუპველია!" მაინც გაჰყვა ერთ-ერთს სულხანი, რადგან არც მუდამ ტირილი შეეძლო ჯოჯოხეთის "მაშენებელთა" მაცქერალს და არც სიცილი - მათი დაღუპვით გახარებულს.

1714 წელს ყოფილ კონსტანტინეპოლში ბასილიანელთა ორდენის კათოლიკე მონაზონი გახდა. გარეგნულად მართლმადიდებლური ეს ორდენი სულ "მცირე" დათმობას ითხოვდა მის მაღიარებელთაგან: ა) პაპის უზენაესობის აღიარებას; ბ) სულიწმინდის ძისაგან გამოსვლას. საბაც "ოდენ ბაგით" გახდა კათოლიკე. ეს იყო იძულებითი ნაბიჯი. არა მსოფლმხედველობის მერყეობის შედეგი, არამედ პოლიტიკური არჩევანი.

სამშობლოს ხსნის იმედით სავსე ეახლა იგი საფრანგეთის მეფეს ლუდოვიკო XIV-ს, რომელსაც თავისი გარეგნობა უფრო აწუხებდა, ვიდრე ბედი საქართველოსი. მჭერმეტყველმა ქართველმა მისი პატივმოყვარეობა ულამაზესი კომპლიმენტით დააკმაყოფილა: "თქვენი უდიდებულესობა ამ ასაკს (70 წელი) ისეთი გრაციით ატარებს, ყველა ისურვებდა თქვენი ხნის ყოფილიყო". წყალში ჩაიყარა ფამილარობით ამოთქმული ფრთიანი სიტყვებიც "გვქონდა უპირატესობა და ჩვენი თვალით ვიხილეთ ის, რასაც სხვები შორიდან აღტაცებით შესცქერიან." პატარა საქართველოსა და მისი ტყვე მეფისთვის საფრანგეთი ირანს ვერ მოიმდურებდა და "რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა, იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ."

"ჩემი სისხლიც რომ მთხოვოს სანაცვლოდ, იმასაც კი არ დავინანებ შენი ქვეყნისთვისო", - ახლა საქართველოს გაკათოლიკების პერსპექტივით აღტაცებული რომის პაპი ბენედიქტ XII ეფიცებოდა დიდ ელჩს, რომელმაც კარგად უწყოდა, რომ ქართველათა მისია ქრისტესთვის ჯვარცმაში იყო და არა ერთხელ არჩეული მრწამსის ღალატში.

მართლმადიდებელთა ღვთის სიყვარულის დასამოწმებლად დაღვრილი სისხლიც ამისკენ მოუწოდებდა ყოველთვის ქართველს.

არც საბას სჯეროდა საქმეს დაშორებული სიტყვის, მისი იდეალი იყო: "სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი" და, მიუხედავად იმისა, რომ ევროპიდან დაბრუნებულს არ დაჰკლებია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება, დაბეზღება, მაინც არ უთქვამს უარი ბედკრული სამშობლოს სამსახურზე, რომლის უკანასკნელი ხორცშესხმაზე ექცა ახლად შერიგებული აღზრდილის თხოვნით რუსეთს გამგზავრება.

1724 წელს იმედჩაუქრალი ერისკაცი მოსკოვში ჩავიდა. იქიდან პეტერბურგში უნდა სწვეოდა პეტრე II-ს. "მოსკოვში კათოლიკობას ალმაცერად უყურებდნენ. გამაჰმადიანებული ვახტანგი ისევ მართლმადიდებლობას დაუბრუნდა. სავარაუდოდ, ასე მოიქცა სულხანიც. ამ ნაბიჯის გარეშე მას მოსკოვში წასვლის საპასუხისმგებლო დავალებას ვერ დააკისრებდნენ. თან გარდაცვალების შემდეგ ვსესვიაცკოეში, ქართველთა მართლმადიდებლური ეკლესიის გალავანში ვერ დაასაფლავებდნენ". ეს ეკლესიის კანონით აკრძალული იყო" - (კ. კეკელიძე)

"მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ" - ამბობს საბა მემუარულ ნაწარმოებში " მოგზაურობა ევროპაში." მინდა, მჯეროდეს - ეს მისი საიდუმლოს გვიანი ამოთქმაა. მას არც არასოდეს დაუტოვებია "მამული" რჯული. თუნდაც ასე ყოფილიყო, დიდი ბრძენი შეცდომას სასოწარკვეთილებაში არ ჩაუგდია. წმ. მოციქულის პეტრეს მიბაძვისკენ სხვას თუ მოუწოდებდა, თავადაც აღასრულებდა.

"...(იუდამ) ესოდენი ცოდვა ქნა და არა ინება კურნება... (პეტრე) რაჟამს უარყო და მოეხსენა,გამოვდა და ტიროდა მწარედ... თქვენცა, ცოდვილნო, ემსგავსენით სინანულით პეტრეს ჟამსა მარჯვესა, რათა მსგავსად მისად მოგეტევნეს."

სხვა ფაქტებთან ერთად ამ რწმენამ განაპირობა ამ დიდი მოძღვრისათვის პარაკლისის გადახდა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქ. ბოლნისის წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში მამა პეტრეს (კვარაცხელია) მიერ.

ამ დღეს ქრისტიანული მიტევების აღსრულების მომსწრედ ღირსგვყო და შეგვახსენა: "მიუტევეთ, რათა მოგეტევოთ."

ღმერთო, მოგვეცი ამის ძალა!

ფილოლოგი, ნანა გვილავა



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
natia83   სულხან-საბა ორბელიანი   Mar 25 2007, 08:10 PM
mampali   ეს იმის შედეგი იყო ...   Mar 26 2007, 12:44 AM
გლახა   ერთი რამ ნათელია: ს...   Mar 26 2007, 10:55 AM
ekusia   "„მე მართლმადიდე...   Mar 26 2007, 01:06 PM
marine   "მამა" საქართვე...   May 3 2007, 03:49 PM
marine   ტანძია თოვლზე მზე ...   Dec 14 2012, 12:39 PM
marine   "სულხან-საბა 55 წლი...   Jul 3 2018, 03:53 PM
marine   "წმინდა დავით გარ...   Jul 9 2018, 06:59 PM
marine   "ჩემთვის მეტად სა...   Aug 22 2019, 09:28 PM
marine   "1716 წელს სულხან-სა...   Jun 3 2022, 09:16 PM
marine   "1716 წელს სულხან-სა...   Jun 4 2022, 01:28 PM
marine   "1716 წლის 13 მაისს სუ...   Jun 9 2022, 02:06 PM
marine   "გულქან დედოფალი ...   Jun 20 2022, 07:27 PM
marine   "ცნობილია სხვადა...   Jun 21 2022, 02:16 PM
marine   "1808 წელს იოანე იაღ...   Jun 25 2022, 01:49 PM
marine   "სამწუხაროდ, ქვეყ...   Jul 21 2022, 07:54 PM
marine   "სულხან-საბა ორბე...   Aug 18 2022, 05:03 PM
marine   "სულხან-საბა ორბე...   Aug 18 2022, 05:16 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 11:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი