IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობის დამოკიდებულება სხვა რელიგიებთან
death
პოსტი Jan 22 2010, 01:14 AM
პოსტი #1


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ამით დავიწყებ smile.gif

ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი

მართლმადიდებლობის დამოკიდებულება სხვა რელიგიებთან

მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც პლურალისტურ, ასევე მონორელიგიურ გარემოში ცხოვრების გამოცდილება აქვს. სხვა რელიგიებთან მის მიმართებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ გარემომცველი სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურები.

1. პირველ საუკუნეებში ეს ურთიერდამოკიდებულება მეტ-ნაკლებად კონფრონტაციული იყო. იუდეურ და ბერძნულ-რომაულ კულტურულ კონტექსტში ეკლესია მძლავრ წინააღმდეგობას აწყდებოდა; იდევნებოდა, როცა ავრცელებდა სახარებას და, ღვთისა და ადამიანის ურთიერთმიმართების საიდუმლოს შუქზე, კერძო თუ სოციალური ცხოვრების ახალი საფუძვლების წარმოჩენას ცდილობდა.

2. „ქრისტიანული” იმპერიების ეპოქაში კონფრონტაციულობა შენარჩუნდა, მაგრამ შეიცვალა მისი ვექტორი. სოციო-პოლიტიკური სტაბილურობისთვის ლიდერები რელიგიური ერთფეროვნებისკენ მიისწრაფოდნენ და სხვა რელიგიებს თრგუნავდნენ. არაერთი იმპერატორი, ეპისკოპოსი და მონაზონი წარმართული სალოცავების მოწინავე მრბეველი იყო. ბიზანტიასა და, მოგვიანებით, რუსეთში ხშირად ივიწყებდნენ პრინციპს: „ვისაც სურს მე მომდიოს...” (მათე, 16:24). და თუ ძალადობის ხარისხი აქ დასავლურს ჩამოუვარდებოდა, ეს რელიგიის თავისუფლების პატივისცემით ნაკლებად იყო განპირობებული.

3. არაბულ და ოსმალურ იმპერიებში მართლმადიდებლები მაჰმადიანურ უმრავლესობასთან თანაარსებობდნენ და სახელმწიფო მათ ფარულად თუ აშკარად ზღუდავდა. ამას ეკლესიის მხოლოდ პასიური წინააღმდეგობა მოჰყვებოდა ხოლმე. ამავე დროს, სხვადასხვა პერიოდში, საკმაოდ ლოიალური წესები მოქმედებდა და მაჰმადიანებსა და მართლმადიდებლებს შორის მშვიდობა ისადგურებდა, რაც მხოლოდ შემწყნარებლობით კი არა, მიღწეული ურთიერთგაგებითა და პატივისცემით იყო გამოწვეული.

4. დღეს, პლურალისტურ გარემოში, აქტუალურია რელიგიებს შორის დიალოგისა და ჰარმონიული თანაარსებობის ძიება. ეს სწრაფვა ცალკეული ადამიანისა და ნებისმიერი უმცირესობის თავისუფლების მიმართ პატივისცემის პირობით არის შემოსაზღვრული.

მართლმადიდებლური პოზიციის ისტორიული მიმოხილვა

განსხვავებულ რელიგიებთან მიმართებაში მართლმადიდებლური თეოლოგია სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი იყო.

1. მართლმადიდებლური აღმოსავლეთის ადრეულ ღვთისმეტყველებას თუ მივმართავთ, ვნახავთ, რომ ეკლესია, ერთი მხრივ, მკაფიოდ იუწყებოდა ქრისტეში სულიწმინდის მეშვეობით საღვთო „იკონომიას”1, ხოლო, მეორე მხრივ, მუდმივად ცდილობდა არაქრისტიანული რელიგიების წვდომას, რადგან აღიარებდა, რომ ღმერთი მთელ სამყაროს ეცხადება. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში, როცა ეკლესიისა და დომინანტი რელიგიების დაპირისპირებამ თეორიულად და პრაქტიკულად პიკს მიაღწია, ქრისტიანი აპოლოგეტები, იუსტინე მოწამე და კლიმენტი ალექსანდრიელი, „ჩანასახოვან ლოგოსზე”, „ქრისტეში განახლების საყოველთაო სამზადისზე”, „ღვთის სიტყვის ანარეკლზე” წერდნენ და ამ ცნებებს ქრისტიანობამდელ ბერძნულ კულტურას უკავშირებდნენ. იუსტინე აკრიტიკებდა ანტიკურ ლოგიკასა და ანტიკური ფილოსოფიის შედეგებს: „მათ არ იციან ყველაფერი, რაც თანაზიარია ლოგოსისა, რომელიც ქრისტეა. ისინი ხშირად ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს”. მაგრამ ამ აპოლოგეტს „გონების მიხედვით” მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი „ქრისტიანად” მიაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მხოლოდ ქრისტე იყო რელიგიის ადრეული ფორმების თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის შეფასების საზომი.

ორიგენე დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი მხოლოდ განსაზღვრულ ერს, განსაზღვრულ პერიოდში კი არ ევლინებოდა, ყველგან და ყოველთვის ანათლებდა რჩეულ სულებს (მაგალითად, პლატონს); რომ საღვთო შემოქმედების კვალი მარტო ფილოსოფიას კი არა, წარმართულ რელიგიურ ტრადიციასაც დააჩნდა; ხოლო, ბერძნული მითები, ისევე, როგორც ძველი აღთქმის ტექსტები, ჭეშმარიტებას ალეგორიულად გადმოსცემდნენ. ამიტომ ალექსანდრიელი თეოლოგი ქრისტიანებს მოუწოდებდა, არ გაეკიცხათ „წარმართი ღვთაებები”, რადგან მათი მეშვეობით ძველი სამყარო ღვთაებრივს აღწერდა. თუმცა, იმის თქმაც არ შეიძლება, რომ ორიგენე ვერ ამჩნევდა ქრისტიანობასა და ძველ რელიგიებს შორის არსებულ ფუნდამენტურ სხვაობას; ის მიანიშნებდა წარმართობის შეცდომებზე და მათ კრიტიკულ შესწავლას ცდილობდა.

2. საეკლესიო ისტორიის მამა ევსევი კესარიელი ხაზგასმით უთითებდა საღვთო გამოცხადების საყოველთაო ხასიათზე, რადგან სჯეროდა, რომ რელიგიური გრძნობა თანდაყოლილია: „ღვთის სიტყვამ... ყველა ადამიანს უწყალობა მისი ყოვლადბრძნობის მჭვრეტი და შემმეცნებელი გონება”. საღვთო გამოცხადების უნივერსალურობის მიუხედავად, ყველამ, რა თქმა უნდა, ის ვერ აღიქვა, მაგრამ ყველგან და ყოველთვის იყვნენ მართალი ადამიანები, რომლებსაც გონების თვალი ჰქონდათ ახელილი და შინაგანი წვდომით იმეცნებდნენ ჭეშმარიტებას. ევსევი „საქმით ქრისტიანებს” უწოდებდა განგების მიერ გამორჩეულ წარმართებს, „რომლებსაც თავიანთივე სიმართლე წარმოაჩენდა”.

წარმართობის კრიტიკის მიუხედავად, ეკლესია ძველი სიბრძნის მიმართ პატივისცემით განიმსჭვალა. საეკლესიო მამები წარმართული ნააზრევიდან იმ ელემენტებს გამოყოფდნენ, რომლებიც ქრისტიანობასთან შეიძლებოდა ყოფილიყო მისადაგებული. ქრისტიანობისა და ანტიკური კულტურის სინთეზთან დაკავშირებით ცნობილია კაბადოკიელი თეოლოგების პოზიცია. ბასილი დიდი წარმართული ლიტერატურისა და მეცნიერების ღრმად შესწავლისკენ მოუწოდებდა ახალგაზრდებს. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წარმართობის მკაცრი მხილების პარალელურად, აღიარებდა „ძველ ბერძენთა სურვილს, ეძიათ ღმერთი” და გონებით ღვთაებრივის საწყისი ცოდნა მოეპოვებინათ. ამ სწრაფვას ის „საღვთოს” უწოდებდა. ამავდროულად გრიგოლ ღვთისმეტყველი ასეთი ცოდნის საზღვრებსაც ხედავდა და ჭეშმარიტი ცოდნით მისი შევსების აუცილებლობას აცნობიერებდა.

3. მეშვიდე საუკუნიდან, ისლამის წარმოშობისთანავე, სხვა რელიგიების მიმართ თავდაპირველი ზომიერება წარსულს ჩაბარდა. თავიდან ქრისტიანული საზოგადოების რეაქცია დიალოგისთვის მზადყოფნაში გამოიხატა, თუმცა ამან ძალიან მალე მიიღო სამხედრო თავდაცვისა და კონტრშეტევის სახე. ესქატოლოგიურ პერსპექტივაში ისლამი იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსში აღწერილი საბოლოო დიდი შეტაკების დასაწყისად იყო მოაზრებული. ისტორიის არენაზე უკვე მსოფლიო ბატონობის პრეტენზიით გამოსული მართლმადიდებელი ეკლესია ახალ რელიგიასთან სამხედრო და პოლიტიკური დაპირისპირების სოციალურ სტრუქტურად გადაიქცა. ამ პერიოდში, ბიზანტიაში ანტიისლამური თხზულებების მთელი სერია შეიქმნა. ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ, პოლემიკის ღვარძლმა ოდნავ იკლო და თანაარსებობის გარკვეული ფორმაც გამოიძებნა. კეთილი ნების გამოვლენა პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისითაც გახდა მიზანშეწონილი.

4. ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შეღწევით მართლმადიდებლობა განვითარებულ რელიგიებს გადაეყარა: ზოროასტრიზმს, მანიქეველობას, იუდაიზმს, ჩინურ ბუდიზმს... რელიგიების შეხვედრა მეტად რთულ გარემოპირობებში მიმდინარეობდა და ეს საგანგებო შესწავლის საგანია. ჩინეთში სხვადასხვა არქეოლოგიურ მონაპოვარს შორის ბუდისტური ლოტოსის, დაოსური ღრუბლებისა და სხვა რელიგიური სიმბოლოების გვერდით ქრისტიანული ჯვარიც გვხვდება. XVII საუკუნეში მიგნებულ სიან-ფუს ცნობილ სტელაზე, რომელიც ჩინეთში ქრისტიანობის გავრცელებას ასახავს, ჯვრის გარდა სხვა რელიგიების სიმბოლოებიცაა გამოსახული: კონფუციანელთა დრაკონი, ბუდიზმის გვირგვინი, დაოსიზმის თეთრი ღრუბლები... სიმბოლოთა მთელი სპექტრის მომცველი ეს კომპოზიცია შესაძლოა იმ მოლოდინს მოწმობდეს, რომელიც ჩინური რელიგიების ჯვრის რელიგიასთან ჰარმონიზაციას უკავშირდებოდა.

5. XVI-XX საუკუნებში მართლმადიდებლები, რუსების გამოკლებით, ოსმალთა უღელქვეშ იმყოფებოდნენ. ქრისტიანებს და მაჰმადიანებს, დე ფაქტო, თავს მოახვიეს თანაარსებობა. ურთიერთდამოკიდებულება ყოველთვის მშვიდობიანი არ იყო, რადგან დამპყრობელს, პირდაპირ თუ ირიბად, საქრისტიანოს გამაჰმადიანება უნდოდა (იანიჩართა მიერ ბავშვების მოტაცება, პროვინციებზე ზეწოლა, დერვიშთა პროზელიტური მოშურნეობა და ა.შ.). მართლმადადიდებლები რწმენის შესანარჩუნებლად ხშირად უსიტყვო წინააღმდეგობას მიმართავდნენ. ცხოვრების გაუარესებულმა პირობებმა, გადასახადების სიმძიმემ და ხელისუფლების მიერ შეთავაზებულმა სოციალურმა და პოლიტიკურმა სატყუარებმა მათ ორი არჩევანი დაუტოვა - რწმენის უარყოფა ან მოწამეობა. მართლმადიდებელთა ნაწილი მესამე - კომპრომისული - გზის გამოძებნას შეეცადა - ისლამის საჯარო აღიარებით ფარულად ქრისტიანობას ინარჩუნებდა და ტრადიციებს ერთგულებდა. მათი დიდი უმრავლესობა მომდევნო თაობებში ისლამს ბოლომდე შეერწყა.

6. ახალი დროის რუსულ იმპერიაში, პოლიტიკური და სამხედრო მიზნებიდან გამომდინარე, სხვა რელიგიებთან ეკლესიის დამოკიდებულება განსხვავებულ ფორმებს იღებდა: თავდაცვიდან - თავდასხმასა და პროზელიტიზმამდე; გულგრილობიდან და ატანიდან - თანაარსებობასა და დიალოგამდე. ისლამთან მიმართებით რუსეთი ბიზანტიურ გამოცდილებას დაეყრდნო. აქ მართლმადიდებელი ქრისტიანები სერიოზული სირთულის წინაშე ყაზანელი მაჰმადიანების შემოსევის შემდეგაღმოჩნდენ, რომელთა ურდო მხოლოდ 1552 წელს დაირღვა. იმპერიასა თუ შორეული აღმოსავლეთის მეზობელ სახელმწიფოებში მისიონერობის დროს რუს მართლმადიდებლებს თითქმის ყველა ცნობილ რელიგიასთან მოუწიათ შეხვედრა (იუდაიზმი, დაოსიზმი, სინტოიზმი, ბუდიზმის სხვადასხვა მიმართულება, შამანიზმი და ა.შ). მათი არსის გასაგებად ისინი სწავლობდნენ ამ რელიგიებს.

XIX საუკუნეში რუსულ ინტელიგენციაში ერთგვარი აგნოსტიკური ტენდენცია გაჩნდა, რადგან გავრცელდა აზრი, რომ საღვთო განგების თეოლოგიური კატეგორიებით აღწერა შეუძლებელია. ეს პრობლემისგან გაქცევა კი არა, უფრო ღვთის საიდუმლოსადმი განსაკუთრებული მოკრძალების მანიშნებელი იყო, რაც ზოგადად ახასიათებდა კიდეც მართლმადიდებლურ ღვთისმოსაობას. ეკლესიის გარეთ ადამიანის ხსნა ღმერთის მიუწვდომელი საიდუმლოა -აცხადებდნენ რუსი მოაზროვნეები. ამ პოზიციის გამოძახილს ლევ ტოლსტოის სიტყვებშიც ვპოულობთ: „სხვა კონფესიებზე და ღმერთთან მათ ურთიერთობაზე მსჯელობის არც უფლება მაქვს და არც ხელმწიფება”.

7. XX საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომამდე, მართლმადიდებლურ თეოლოგიურ სკოლებში რელიგიების სისტემური შესწავლა დაიწყო - შემოიღეს საგანი „რელიგიის ისტორია”. ეს ინტერესი მხოლოდ აკადემიური წრით არ იყო შემოფარგლული. სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებთან დიალოგი, პირველ რიგში, ეკუმენური მოძრაობის წიაღში ვითარდებოდა, რომლის ცენტრები ეკლესიათა მსოფლიო საბჭო და ვატიკანში რელიგიათა საქმეების სამდივნო იყო. 1970 წლიდან ბევრი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ეკუმენურ დიალოგში ჩაება. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მართლმადიდებლობამ გარკვევით განაცხადა „სხვის” მიმართ თავისი პოზიცია: მშვიდობიანი თანაარსებობა სხვა რელიგიებთან და ურთიერთკავშირი დიალოგის მეშვეობით.

მართლმადიდებლური თეოლოგია და კაცობრიობის რელიგიური გამოცდილება

1. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება ხაზს უსვამს ეკლესიის უნიკალურობას, ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლებლად მიიჩნევს ეკლესიის გარეთ ძირითად რელიგიურ ჭეშმარიტებათა შემეცნებას (ღმერთის არსებობა, ხსნისკენ სწრაფვა, ეთიკური პრინციპები, სიკვდილის დაძლევა). ამასთანავე, ქრისტიანობა უბრალოდ რელიგიურ მიმდინარეობად არ მოიაზრება, რადგან იგი ადამიანს „წმინდასთან” - პიროვნულ და ტრანსცენდენტურ ღმერთთან აკავშირებს. „ეკლესიის საიდუმლო” „რელიგიის” კლასიკურ გაგებას აღემატება.

დასავლური თეოლოგია ავგუსტინეს მიერ განსაზღვრულ სააზროვნო კალაპოტს გაჰყვა. ავგუსტინე ორგვარი რეალობის გაგებამდე მივიდა. შესაბამისად, დასავლეთი მკვეთრად ასხვავებდა ბუნებრივსა და ზებუნებრივს, საკრალურსა და პროფანულს, რელიგიასა და გამოცხადებას, მადლსა და ადამიანურ გამოცდილებას. დასავლელი თეოლოგები სხვა რელიგიებზე მსჯელობისას თავიდან უფრო გამიჯვნაზე აკეთებდნენ აქცენტს, ხოლო მოგვიანებით გამიჯნულის დამაკავშირებელ გზებს ეძებდნენ.

აღმოსავლელებს, უპირველეს ყოვლისა, სწამთ, რომ სამპიროვანი ღმერთი ქმნილებასა და ადამიანის ისტორიაში მოქმედებს. სიტყვის განკაცებამ, ქრისტეს ცხოვრებამ და მსახურებამ ბუნებრივსა და ზებუნებრივს, ტრანსცენდენტურსა და ამქვეყნიურს შორის ყოველგვარი ზღვარი წაშალა. აღმოსავლურმა ეკლესიამ პირადი აზრის თავისუფლებას ცოცხალი გადმოცემის სივრცეში დაუმკვიდრა ადგილი.

დასავლურ თეოლოგიაში, სხვა რელიგიებთან დამოკიდებულების განხილვისას, ძირითადი ყურადღება ქრისტოლოგიას ეთმობა. აღმოსავლური ტრადიცია კი პრობლემას ყოველთვის ტრინიტარულ პერსპექტივაში იაზრებს და წყვეტს.
ა. ამ საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში, სამყაროში თანაბრად განფენილი საღვთო ნათელი და უკლებლივ ყველა ქმნილებაზე ღვთის მუდმივი ზრუნვა უნდა გავითვალისწინოთ, შემდეგ კი ის ფაქტი, რომ ადამიანებს სიცოცხლის ერთი წყარო აქვთ, რომ ყველა საერთო ადამიანური ბუნების მოზიარე და დანიშნულების მქონეა

ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი ისაა, რომ ღმერთის არსი შეუცნობელი და მიუწვდომელია. თუმცა ბიბლიას საღვთო ბუნების შეუცნობლობის ჩიხიდან გამოვყავართ, რამდენადაც ის გვიდასტურებს, რომ არსის მიუწვდომლობის მიუხედავად, ღმერთი სამყაროში ენერგიების მეშვეობით ვლინდება. ღვთის გამოცხადებაში არსი კი არა, მისი დიდება მჟღავნდება და ადამიანს მხოლოდ ამის წვდომა შეუძლია. სამების დიდება მთელ სამყაროსა და ყველა ნივთს მსჭვალავს. ამიტომ ნებისმიერს შეუძლია „სიმართლის მზის“ - საღვთო სინათლის აღქმა და შეთვისება, მისი სიყვარულის გაზიარება.

ადამიანის ურჩობის ტრაგედიამ ვერ დაჩრდილა საღვთო დიდებისნათელი, რომელიც კვლავ ავსებს ცასა და მიწას. ცოდვით დაცემას ადამიანში ღვთის ხატება არ შეუბღალავს. შეილახა, თუმცა მთლიანად არ დარღვეულა, მხოლოდ ღვთის „უწყების” მიღებისა და გაგების უნარი. ღმერთს არ დაუტევებია ქმნილებაზე ზრუნვა და ის უფრო მეტად ეძებს ადამიანს, ვიდრე ადამიანი - მას.

ბ. ღმერთის ქმედება გლობალურია და რელიგიურ ფენომენებსა და გამოცდილებას აღემატება. იესო ქრისტე სამწყსოდან სხვა რელიგიების მიმდევრებს არ რიყავს. იგი საუბრობს განსხვავებული რელიგიური ტრადიციის ადამიანებთან (სამარიტელი ქალი, ქანაანელი ქალი, რომაელი ასისთავი) და ეხმარება მათ; აღტაცებულია მათი რწმენით, რომლის მსგავსი ისრაელშიც კი არ შეხვედრია (მთ. 8:10, 15:28; ლკ. 7:9); გამორჩეულად აფასებს კეთროვანი სამარიტელის მადლიერებას, ხოლო სამარიტელ ქვრივს უმხელს, რომ ღმერთი სულია (იოან. 4:1,24); თავისი სწავლების უმთავრეს ელემენტზე - სიყვარულის ახალ განზომილებაზე საქადაგებლად კეთილი სამარიტელის სახეს მიმართავს. დაბოლოს, როცა „ძე ღვთისა” უკანასკნელ სამსჯავროზე თავს ამა ქვეყნის „მცირედთ” უიგივებს (მთ. 25), მოგვიწოდებს ჭეშმარიტი პატივისცემითა და სიყვარულით მოვეპყროთ ყოველ ადამიანს, რასისა და რელიგიის მიუხედავად.

უცხო რელიგიურ გამოცდილებას პნევმატოლოგიის2 პოზიციიდან რომ შევხედოთ, ჩვენი თეოლოგიური აზროვნების ახალ სიღრმეებს მივაკვლევთ. მართლმადიდებლური თეოლოგია სულიწმინდის მოქმედებას ყოველგვარი განსაზღვრებისა და აღწერის მიღმა ტოვებს. ეკლესია „სიტყვის იკონომიის გარდა” იმედსა და მოლოდინს „სულის იკონომიისკენაც” მიმართავს. არაფერს შეუძლია მისი მოქმედების დასაზღვრა: „სული ქრის, სადაც მოისურვებს” (იოან. 3:8). ყოველივე ამაღლებული და ჭეშმარიტად სასიკეთო სულის „ქროლვის” ნაყოფია. ყველგან, სადაც „სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, სულგრძელობას, სახიერებას, სიკეთეს,ერთგულებას, სიმშვიდეს, თავშეკავებას” (გალ. 5: 22,23) ვხვდებით - სულიწმინდის მოქმედების ნიშანი შეგვიძლია ამოვიცნოთ. თავის თავად ცხადია, რომ ეს ჩამონათვალი არამართლმადიდებლებთანაც არის დაკავშირებული.

მტკიცება extra Ecclesiam nulla salus (ეკლესის გარეშე არც ხსნაა) დასავლეთში წარმოიშვა და რომაულ-კათოლიკურმა ეკლესიამ გაითავისა. ის თუნდაც რაღაც სპეციფიკური გაგებითაც კი არ გამოხატავს მართლმადიდებლური პოზიციის არსს. თავის მხრივ, აღმოსავლეთის ეკლესიის ღვთისმეტყველებმა აქცენტი იმაზე გადაიტანეს, რომ ღმერთი „ხილული ეკლესიის საზღვრებს მიღმაც” მოქმედებს. არა მხოლოდ ქრისტიანი, არამედ არაქრისტიანი, ურწმუნო და წარმართიც კი შეიძლება „თანამემკვიდრე, თანასხეული და აღთქმის თანაზიარი გახდეს ქრისტეში” (ეფ. 3:6). ეკლესიას თავისი რწმენით შეიძლება უხილავად მიეკუთვნებოდეს წარმართიც და სხვა მრწამსის აღმსარებელიც, რადგან ერთსაც და მეორესაც ეკლესიური თვისებები აქვთ.

ამრიგად, ნეგატიური „ეკლესიის გარეშე”-ს მაგივრად მართლმადიდებლობა პოზიტივზე სვამს მახვილს - „ეკლესიის მეშვეობით”. ხსნა - ეკლესიის მეშვეობით. როგორც ქრისტემ, ახალმა ადამმა, მოიმკა უნივერსალური შედეგი თავისი მომცველობითა და ზემოქმედებით, ასევე უნივერსალურია მაცხოვრის მისტიკური სხეულიც - ეკლესია. ეკლესიის ლოცვა და მეურვეობა მთელ კაცობრიობას სწვდება. ის საღვთო ევქარისტიაში ყველას სახელით აღუვლენს ქებას ღმერთს; ის მთელი მსოფლიოს სახელით არსებობს და აღმდგარი ღმერთის დიდების სხივებს ყველა ქმნილებას ჰფენს.

2. ამგვარი თეოლოგიური პოზიცია გვიბიძგებს განსხვავებულ რელიგიურ გამოცდილებას პატივისცემით და იმავდროულად განსჯით მოვეპყროთ.

რელიგიებს აკადემიურ გარემოშიც ვიკვლევდი და დიდი რელიგიების ქვეყნებში მოგზაურობის დროსაც; სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან არაერთ დიალოგში მიმიღია მონაწილეობა და, ამდენად, თავს უფლებას ვაძლევ შემდეგი მოსაზრებები გამოვთქვა:

ა. რელიგიების ისტორია გვიჩვენებს, რომ მთავარ კითხვებზე (ტანჯვა, სიკვდილი, მყოფობის არსი და საზრისი) განსხვავებული პასუხების მიუხედავად, ყველა რელიგია ტრანსცენდენტური რეალობისკენ, გრძნობადი სფეროს მიღმა არსებული რაღაცის ან ვიღაცისკენ ხსნის ჰორიზონტს. თუ იქიდან ამოვალთ, რომ რელიგიები „სიწმინდისკენ” კაცობრიობის სწრაფვის ნაყოფს წარმოადგენენ, მაშინ ისინი მარადისობის გზას უთითებენ.

ბ. ცალკეულ რელიგიურ სისტემებთან დაკავშირებით მოსარიდებელია ზედაპირული ენთუზიაზმიც და ქედმაღლური კრიტიციზმიც. წარსულში სხვა რელიგიების უსისტემო ცოდნა „ნეგატიურ ფანტაზიებს” ბადებდა. დღეს კი, როცა მათ ფრაგმენტულად ვიცნობთ, იქმნება „პოზიტიური ფანტაზიის”, კერძოდ, იმის საფრთხე, რომ წარმოვიდგინოთ, თითქოს ყველა რელიგია არსობრივად ერთია. გარდა ამისა, ის საფრთხეც არსებობს, რომ, ვთქვათ, გეოგრაფიულად მახლობელი რომელიმე რელიგიის ცოდნაზე დაყრდნობით დანარჩენი რელიგიების ზოგადი სურათის შექმნა მოვინდომოთ.

გ. რელიგია ორგანული მთლიანობაა და არა ტრადიციებისა და საკულტო პრაქტიკების კრებული. არსებობს რელიგიური ფენომენოლოგიის ზედაპირული წაკითხვის საფრთხე, რამაც, შესაძლებელია, სხვადასხვა კონტექსტში არსებული და მოქმედი ელემენტების გაიგივებამდე მიგვიყვანოს. რელიგიები ცოცხალი ორგანიზმებია და მათი ცალკეული ნაწილები გადაკვანძულია ერთმანეთთან. არ შეიძლება ერთი რელიგიური პრაქტიკიდან რომელიმე ელემენტი ამოვგლიჯოთ და მარტივი, მოხდენილი თეორიის შესაქმნელად ის სხვა რელიგიის მსგავს ელემეტებს გავუიგივოთ.

დ. თუ უცხო რელიგიურ გამოცდილებაში ვაღიარებთ „თანდაყოლილ” ფასეულობებს - „ლოგოსის ჩანასახებს”, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ისინი შემდგომი ზრდის, აყვავებისა და ნაყოფიერების პოტენციალს შეიცავენ. იუსტინე ფილოსოფოსი „ჩანასახობრივ ლოგოსზე” მსჯელობას ფუნდამენტური პრინციპის მტკიცებით ამთავრებს. მკვეთრად განასხვავებს „თესლსა” და მასში ჩასახული სიცოცხლის სისავსეს. შესაბამისად, ერთმანეთისგან მიჯნავს თანდაყოლილ „უნარს” და „წყალობას”: „ვინაიდან, სხვაა თესლი და მემკვიდრეობით მიღებული გარკვეული თანაგვარობა და სხვაა ის, რასთანაც ზიარება და მსგავსება ნაბოძებია მისი (ღმერთის) წყალობით”.

ე. რამდენადაც ცოდვით დაცემამ ადამში ღვთის ხატება ვერ წაშალა, მას ღვთის ნების აღქმის უნარიც არ დაუკარგავს. თუმცა ადამიანს უკვე აღარ შეუძლია ღვთის ნების სათანადოდ წვდომა. მარტივი ტექნიკური მაგალითი: გაუმართავი ტელევიზორი ტრანსლირებულ ხმასა და გამოსახულებას ამახინჯებს. დამახინჯების მიზეზი გადამცემი ანტენის დეფექტიც შეიძლება იყოს.

ქვეყნად ყველაფერი ღმერთის სიმართლის, სულიერი მზის ზემოქმედების სფეროა. სხვადასხვა რელიგიის ესა თუ ის ასპექტი „აკუმულატორს” შეიძლება შევადაროთ, რომელიც სიმართლის მზის ენერგიით, ცხოვრებისეული გამოცდილებით, იდეალებითა და დიადი აღმაფრენით იმუხტება. ამგვარი აკუმულატორები ძალას მატებენ კაცობრიობას, რადგან თუნდაც არასრულყოფილ სინათლეს ან თუნდაც ანარეკლს აწვდიან მას. მაგრამ მათ არ შეუძლიათ შეცვალონ მზე.

მართლმადიდებლობისთვის კრიტერიუმად ღვთის სიტყვა რჩება - ძე ღვთისა, რომელიც ისტორიაში სამების სიყვარულს ავლენს. სიყვარული, გაცხადებული ქრისტეს პიროვნებასა და ქმედებაში, მართლმადიდებლური გამოცდილების არსი და, იმავდროულად, მისი სისავსე და მწვერვალია.

სხვა რელიგიების მიმდევრებთან დიალოგი - „მართლმადიდებლური მოწმობის” უფლება და მოვალეობა

სხვა რელიგიების მიმართ მართლმადიდებლობა შესაძლებელია იყოს კრიტიკული, მაგრამ მათი მიმდევრებისადმი - ქრისტეს მაგალითის მიხედვით - მისი პოზიცია მხოლოდ პატივისცემა და სიყვარულია, ვინაიდან ადამიანი ყოველთვის ღვთის ხატად რჩება და ღმერთთან მისამსგავსებლადაა მოწოდებული. მისი რაობისგან განუყრელია თავისუფალი ნება, სულიერი გონი, სიყვარულის სურვილი და შესაძლებლობა.

ქრისტიანი, თავისი სასოების დასამოწმებლად, თავიდანვე მოვალე იყო დიალოგი წარემართა სხვა მრწამსის ადამიანთან. მრავალი ჩვენი საღვთისმეტყველო ცნება ამ დიალოგის შედეგად შემუშავდა. დიალოგი ეკლესიის ტრადიციასა და ღვთისმეტყველების უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს. მამების თეოლოგია მეტწილად ანტიკური სამყაროს რელიგიებთან და ფილოსოფიურ სისტემებთან უშუალო თუ ირიბი დიალოგის ნაყოფია, რაც ანტითეზითაც გამოიხატა და სინთეზითაც.

დღევანდელ კულტურულ, რელიგიურ და იდეოლოგიურ გარემოში დიალოგი ახალი შესაძლებლობა და გამოწვევაა. ჩვენ ყველანი დაკავშირებული ვართ საერთო საკაცობრიო მიღწევებთან და მშვიდობის, სამართლიანობისა და ძმობის გლობალური საზოგადოებისკენ მივისწრაფით. ამიტომ ყოველმა ადამიანმა და ტრადიციამ მემკვიდრეობიდან უმჯობესი უნდა წარმოაჩინოს და კრიტიკულ გარემოში ჭეშმარიტების ყველაზე უფრო საღი მარცვლები გააღივოს. შესაძლებელია დიალოგმა ხელი შეუწყოს ამ მარცვლების გადატანას ერთი ცივილიზაციიდან მეორეში; დიალოგში უნდა აღმოცენდეს და განვითარდეს ასევე ის თესლი, რომელიც უსიცოცხლოდაა ჩაფლული ძველი რელიგიების მიწაში. როგორც აღვნიშნეთ, რელიგია ორგანული მთლიანობაა და რელიგიური ადამიანისთვის ის განვითარებადი „ცოცხალი ორგანიზმია”. ყველას თავისი ენტელექია3 აქვს. რელიგიები განიცდიან გავლენას, ახალ იდეებს ითვისებენ, დროის გამოწვევებს პასუხობენ. სხვადასხვა რელიგიის ლიდერები და მოაზროვნეები თავიანთ ტრადიციაში დროდადრო ისეთ ელემენტებს აგნებენ, საზოგადოების ახალ მოთხოვნებს რომ ეხმიანება. ქრისტიანული იდეები სულ უფრო განსხვავებულ არხებს პოულობს და ამა თუ იმ რელიგიურ ტრადიციაში აგრძელებს განვითარებას. ამ მხრივ დიალოგის მნიშვნელობა გადამწყვეტია.

ასეთ პერსპექტივაში გლობალური საკითხები და გამოწვევები ერთობ კონსტრუქციულად შეიძლება იყოს განხილული. მშვიდობის, სამართლიანობის, ღირსების პატივისცემის მოთხოვნა, ისტორიისა და არსებობის საზრისის ძიება, გარემოს დაცვა, ბიოეთიკა, ადამიანის უფლებები ერთი შეხედვით „საგარეო საქმეებად” მოჩანს, მაგრამ უფრო ღრმა რელიგიურმა ხედვამ, სავსებით შესაძლებელია, ახალი იდეები და პასუხები შემოგვთავაზოს. სწავლება, რომელიც ტრანსცენდენტურისა და ამქვეყნიურის ზღვარს შლის ქრისტეში, კაცობრიობისთვის უნიკალურია, რადგან ამას სხვა, არაქრისტიანული ანთროპოლოგია არ იცნობს.

2000 წლის 7 იანვარს, ბეთლემში, საზეიმო მსახურებისას, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებმა მკაფიოდ განაცხადეს: „მართლმადიდებლობისთვის, თავისი ტრადიციის ერთგულების შეგრძნებით, უცხოა შიში ან აგრესია, ზიზღი სხვა რელიგიისა და რწმენის ადამიანისადმი... ჩვენ მივმართავთ დიდ რელიგიებს, განსაკუთრებით მონოთეისტურ იუდაიზმსა და ისლამს, ხალხთა მშვიდობიანი თანაარსებობის მისაღწევად, მზად ვართ ხელსაყრელი გარემო შევქმნათ დიალოგისთვის. მართლმადიდებელი ეკლესია უარყოფს რელიგიურ შეუწყნარებლობას და გმობს ფანატიზმს, საიდანაც არ უნდა იღებდეს ის სათავეს”.

მთლიანობაში ეკლესია რელიგიური თემების და უმცირესობების ჰარმონიული თანაარსებობისა და ყველა ადამიანის სინდისის თავისუფლების მომხრეა.

ჩვენ რელიგიათა დიალოგში პატივისცემით, წინდახედულობით, სიყვარულითა და იმედით უნდა ჩავებათ. უნდა ვეცადოთ გავიგოთ, რა არის არსებითი სხვისთვის. მხარი უნდა შევაქციოთ არაპროდუქტიულ კონფრონტაციას. რელიგიების მიმდევრებმა უნდა გავარკვიოთ, დღევანდელი გამოწვევების პირობებში როგორ განვმარტოთ თანამედროვე ტერმინებით რწმენა. ნამდვილი დიალოგი ორმხრივად წარმოშობს ახალ ინტერპრეტაციებს. ამავე დროს, კეთილგანწყობის სურვილის მიუხედავად, უფლება არ გვაქვს სათანადოდ არ შევაფასოთ რთული პრობლემების მნიშვნელობა. რელიგიებს შორის ზედაპირული დიალოგი არავის სჭირდება. პრინციპულად, ცენტრალური რელიგიური პრობლემა უზენაესი რელიგიური ჭეშმარიტების ძიებაა. ამიტომ არც ნება უნდა ჰქონდეს ვინმეს და არც დაინტერესება, რომ იდეოლოგიურ დონეზე სტანდარტულ შეთანხმებასავით გამარტივებული მომრიგებლური კონსესუსის გამო ადამიანური მყოფობის ეს ძალა დააკნინოს. ასეთი პერსპექტივის არსებობა ეკლესიის თავისებურების, ღრმა ტრადიციულობისა და ურყევი რწმენის მიჩქმალვას კი არა, პირიქით - სრულფასოვან წარმოჩენას მოითხოვს. სწორედ ამაში ვხედავ მართლმადიდებლობის არსებით წვლილს.

აქ კი მივადექით მართლმადიდებლური მისიის ანუ, ჩემ მიერ ოცდაათი წლის წინ შემოთავაზებული ტერმინით რომ გამოვთქვათ, „მართლმადიდებლური მოწმობის” დელიკატურ თემას.

მართლმადიდებლური „მოწმობა”, მართლაც, გამოცდილებისა და ურყეობის დამადასტურებელია. ჩვენ ჩვენს სარწმუნოებას ინტელექტუალურ აღმოჩენად კი არა, ღვთივბოძებულ სიკეთედ აღვიქვამთ. ამ პერსონალური მოწმობის იგნორირება სახარების უარყოფას ნიშნავს. „ქრისტეს სიყვარულის” შემეცნება, რაც „ყოველგვარ შემეცნებას აღემატება” (ეფეს. 3:19), კვლავ ყველაზე ღრმა ქრისტიანულ გამოცდილებადრჩება და უშუალოდ ქრისტიანულ მისიასთან და ევანგელიზაციასთანაა დაკავშირებული. სიყვარული შინაგან ძალებს ათავისუფლებს, გონებისთვის მიუწვდომელ ახალ პერსპექტივას აჩენს. კაცობრიობასთან ერთობის განცდა და ყოველი ადამიანის სიყვარული აიძულებს მართლმადიდებელს ყველას გაუზიაროს მისთვის გაცხადებული წყალობა. ღვთის მადლი არ შეიძლება ეგოისტურად მივითვისოთ - ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუკი გვჯერა, რომ ადამიანის უზენაესი უფლება საღვთო სიყვარულით ცხოველურ და ინტელექტუალურ არსებობაზე ამაღლებაა, მაშინ არც იმის ნება გვაქვს, მივისაკუთროთ ეს რწმენა - ეს ყველაზე დიდი უსამართლობა იქნებოდა.

დაუშვებელია ქადაგებას ძალადობა ახლდეს ან მისი მეშვეობით პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნები შეინიღბოს. სხვას თავს კი არ უნდა მოვახვიოთ რაიმე, არამედ სარწმუნოებრივი სიმტკიცე და პირადი გამოცდილება დავუმოწმოთ. საგულისხმოა, რომ პირველ საუკუნეებში ქრისტიანები მარტირიაზე - მოწამეობაზე საუბრობდნენ; სიცოცხლის ფასად ამოწმებდნენ ქრისტეს. შეიძლება მრავალ ადამიანურ საშუალებას მიმართო, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი. თითოეული ადამიანის პიროვნული თავისუფლების პატივისცემა ყოველთვის იქნება მა


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Nov 20 2012, 01:10 AM
პოსტი #2


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



არ ვიცი რამდენად ამ თემაში ჩასაწერი ლინკია ეს მაგრამ ძაიან კარგი კია. http://faith.ge/index.php?newsid=17 საუბარი ათეისტ ლექტორსა და მორწმუნე გლეხს შორის


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 05:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი