IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატრიარქის ეპისტოლეები
G_I_O_R_G_I_
პოსტი Apr 8 2007, 05:58 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე



„ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“
(აღდგომის საგალობელი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო,
ზეციური სიხარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

ჰოი, დიდებულო პასექო ქრისტესო, მომნიჭებელო სიხარულისაო, განმაახლებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩვენისაო, დაადგერ ჩუენთანა, რათა გიცნათ შენ, უფალო, ვითარცა ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

მაშ, განვიწმიდოთ ბოროტებისაგან და მივეახლოთ დაუღამებელ ნათელს, „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ და გვყოფს მეცნიერად კეთილისა და ბოროტისა.

უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, გუშინ ვგლოვობდით ვნებასა და ჯვარცმასა შენსა, დღეს კი - ვზეიმობთ სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველსა აღდგომასა შენსა;

ჰოი, ბოროტებავ, უძლურია ძალა შენი წინაშე ღვთისა!

ადამის მოდგმავ, დაცემულო, მაგრამ უფლის მადლით წარწყმედისაგან ხსნილო, გიხაროდენ,

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

„სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი! აღდგა ქრისტე და დაირღუ შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღდგა ქრისტე და ცხორებაი მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა; აღდგა ქრისტე მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა“ (წმიდა იოანე ოქროპირი).

დაე, აღდგომილი მაცხოვრის მაცხოვნებელი მადლი მოეფინოს სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს!

როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთმა ადამიანი შექმნა „ხატად და მსგავსად თვისსა“ და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება - თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა - იყოს ღმერთთან, ან იცხოვროს მის გარეშე. არჩევნის შესაძლებლობა ანგელოზთა ცხრავე დასსაც ჰქონდა მინიჭებული.

უფლის ერთ-ერთმა უპირველესმა ანგელოზმა, თავის მიმყოლ დასსთან ერთად, ამპარტავნების ცოდვის გამო ღვთის გარეშე არსებობა მოინდომეს, რამაც მათი დიდი დაცემა და ბუნების სრული სახეცვლილება გამოიწვია, - უფლისაგან ბოძებული აბსოლუტურად ყველა სათნოება მათ თავისი ნებით დაკარგეს და იქცნენ ღვთისმბრძოლ არსებებად, რითაც საშინელი მარადიული ხვედრი განუწესეს საკუთარ თავს.

არსობრივად იგივე შეცდომა დაუშვეს პირველქმნილმა ადამმა და ევამაც. მათაც ამპარტავნების ცოდვის გამო განიზრახეს ღვთის მსგავსნი გამხდარიყვნენ და მიუხედავად უფლის გაფრთხილებისა, მაინც შეჭამეს აკრძალული ხის ნაყოფი, რასაც მოყვა მათი გულის, სულისა და გონების შინაგანი ერთობის სრული დარღვევა, სიწმინდის შებღალვა და ღმერთთან კავშირის გაწყვეტა.

მაგრამ ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან განსხვავებით, მიეცა შესაძლებლობა სულის ხორცში ყოფნის გამო (ამქვეყნად ხორციელად მყოფობის ჟამს), გამოესყიდა დანაშაული და მაცხოვრის მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით, გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ცოდვათაგან გათავისუფლებული კვლავ ძველ დიდებას დაუბრუნებოდა.

აი, ამისი საშუალება მისცა ძე ღვთისამ და ძე კაცისამ ადამის მოდგმას თავისი ჯვარცმით და მკვდრეთით აღდგომით.

დღეს ჩვენ სწორედ ამას ვზეიმობთ. და რაკი იესო ქრისტე მთელი კაცობრიობისათვის ეწამა, აღდგომის დღესასწაული ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელი ზეიმია, იგია ღმერთთან შერიგებისა და თითოეული ჩვენგანისათვის სასუფევლის დამკვიდრების შესაძლებლობის დადასტურება.

და რა შეიძლება იყოს კაცთათვის ამაზე მნიშვნელოვანი და სანატრელი?!

მაგრამ როგორც ედემში, აქ, ამ წუთისოფელშიც, ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება და თითოეულმა ჩვენგანმა პირადად უნდა აირჩიოს, - სურს მარადიული ნეტარების მოპოვება, თუ ცოდვის მონობა, რომლის შედეგიც მარადიული სატანჯველია.

ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს დგას არჩევანის წინაშე - გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, თავის დაცემულ ბუნებაზე, თუ კიდევ უფრო დაიმძიმოს მდგომარეობა და წარწყმედისაკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს.

უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ცოდვის სხვა და სხვა სახე: ზოგი შედარებით მსუბუქია, ზოგი კი - იმდენად მძიმე, რომ სულიერ სიკვდილს იწვევს. ყველაზე საშინელი კი - სულიწმინდის გმობაა.

ზოგჯერ ადამიანი გულს იმშვიდებს, მცირე დანაშაული მაქვს და ღმერთი მაპატიებსო, მაგრამ თუნდაც მსუბუქი რომ იყოს ჩვენი ცოდვები, თუკი ისინი მრავლად გვაქვს, საგრძნობლად დააზიანებს ჩვენს შინაგან სამყაროს. ერთი მუჭა სილა წონით უმნიშვნელოა, მაგრამ სილით სავსე ტომარა - სატარებლად მძიმე.

ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იკეთებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, მრისხანება, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება“ და სხვა მისთანათა მოქმედნი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებენ (გალ. 5. 20-21).

არიან ორმაგი სტანდატრებით მცხოვრები პიროვნებებიც, რომლებიც უშუალოდ თვითონ მომაკვდინებელ ცოდვებს ერიდებიან, მაგრამ უზნეო გზით ან სხვათა ტანჯვა-წამების ხარჯზე მოპოვებული შემოსავლით ცხოვრობენ, რითაც უდიდეს სასჯელს უმზადებენ საკუთარ თავს.

სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი - ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი დანაშაულის, ცხოვრების წესად დამკვიდრების მოთავენი ან ხელშემწყობნი არიან.

ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ ანტიქრისტეს სწავლებას ავრცელებენ, რაც მათ ღვთისმგმობ და სულიწმინდის მოწინააღმდეგე ძალად აქცევს: „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ მათ“ (მათე 12,31). „და ვინც აცდუნებს ერთ მცირედთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ კისერზე და ზღვის უფსკრულში დანთქან“ (მათე 18,6).

ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იგი შეიძლება ზეცამდეც ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს. უფლის შეწევნით. ამის გარანტი კი არის ის, რომ ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, იქცევა თუ არა სწორად.

რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ბრძანებს, რომ წარმართებსაც კი „რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ და ხან ამართლებენ ერთიმეორეს“ (რომ. 2,15)

სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი.

რა არის ამქვეყნად ჩვენი მთავარი დანიშნულება?

მორწმუნეთა პასუხი ასეთია: ადამიანის ნებისა და ღვთის ნების თანხვედრა, მათი შერწყმა, ანუ სინერგია, რათა პიროვნება ღვთის ნების აღმსრულებელი გახდეს და მაცხოვართან თანაზიარებით სულიერად გადარჩეს. ამისი შესაძლებლობა ყველას აქვს. ხელისუფალს და მეცნიერს, მიწის მუშაკს და დამლაგებელს, ექიმსა თუ წარმოების ხელმძღვანელს, ჯარისკაცს, მოსწავლეს და სტუდენტს, მდიდარს და ღარიბს, მოხუცსა და ახალგაზრდას, მთავარია მან შეიცნოს ჭეშმარიტება და თავისი სულიერი და ფიზიკური შრომით სათნო ეყოს უფალს.

ასევე ყველასა აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აქვე, ამქვეყნად, მოიპოვოს ისეთი სიწმინდე, რომ განიღმრთოს და მასზეც განცხადდეს მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს“ (ლუკა 17,21).

სხვებისათვის კი სიცოცხლის მთავარი აზრი მიწიერი ცხოვრებიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაშია, რადგან არა სწამთ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისა, არა სწამთ ღვთისა და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი აზროვნების გამო თავისი მოთხოვნილებებისა და ინსტიქტების დაკმაყოფილების ერთგვარი მორალური უფლება ეძლევათ; და ეკარგებათ განცდა მეგობრობის, ერთგულების, თავდადების, მოწყალების, თვით სამშობლოს სიყვარულისაც... ასეთი ადამიანისათვის არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ამაღლებული გრძნობა და ღირსება, რადგან მისთვის ყველაფერი წარმავალია, ყველაფერს „ეგოს“ და „მეს“ პრინციპი საზღვრავს და ცდილობს თავისი მიწიერი მოთხოვნილებების შესაძლებლობისამებრ დაკმაყოფილებას, თვლის რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება.

ჩვენს საზოგადოებაში ასეთი აზროვნების დამკვიდრებას ხელი შეუწყო 70 წლიანმა ათეისტურმა რეჟიმმა, თუმცა ქართველი ადამიანი ბუნებით საოცრად ღვთისმოსავია და ამიტომაც მოხდა მოკლე დროში სარწმუნოებისაკენ ერის შემობრუნება, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს დაემთხვა. ეს პროცესი კი მრავალ განსაცდელთან იყო დაკავშირებული. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს I პრეზიდენტი გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ მიწას. ჩვენ ამჟამადაც გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით. ახლა ყალიბდება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების ღირებულებათა სისტემაა. კომუნისტური რეჟიმის დროს არ არსებობდა დამოუკიდებელი საზოგადოება და იგი პარტიული იდეოლოგიით იმართებოდა, ხოლო დემოკრატიული მმართველობისას თვითონ საზოგადოების და პიროვნების პრინციპებსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული, როგორ გარემოში მოუწევთ მათ ცხოვრება.

ასე რომ, არჩევანი კვლავ ჩვენი გასაკეთებელია.

პიროვნების მსგავსად, ამა თუ იმ ერისა და კულტურების ხვედრსაც მათი არჩევანი განაპირობებს და ამაში ყველა თანასწორი და თანაბარუფლებიანია.

ქართველი ერი, უძველესი ქართული ენა სათავეს პრეისტორიული ხანიდან იღებს.

ის, რომ ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ ჩვენი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით, ჩვენი წინაპრების ღვთისსათნო არჩევანის შედეგია;

მოციქულთა მიერ ნაქადაგები ქრისტიანობის აღიარებამ სხვა და სხვა ქართველური ტომები ერთი რწმენით, ერთი ენით, ერთი კულტურით ერთიან ქართველ ერად შეადუღაბა და უნიკალური, თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ქართული ცივილიზაცია შექმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ზოგადქრისტიანული კულტურის განვითარებაში;

საზღვარგარეთ ქართველებმა ადრეული საუკუნეებიდანვე განამრავლეს კულტურულ-საგანმანათლებლო კერები. უკვე V საუკუნიდან იერუსალიმში არსებობს პეტრე იბერისა და მისი მასწავლებლის, იოანე ლაზის მიერ შექმნილი სამონასტრო სავანე, რომელიც ჯვრის მონასტრის სახელით არის ცნობილი. გარდა ამისა, ქართველები წმიდა მიწაზე 40-ზე მეტ ტაძარს ფლობდნენ; ჩვენ მონასტრები გვქონდა კონსტანტინოპოლში, ეგვიპტეში, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში..... რაც მაშინდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან აქტიური ურთიერთობის საშუალებას გვაძლევდა და ეროვნული კულტურის ჩამოყალიბებაშიც გვეხმარებოდა.

უნდა ითქვას, რომ წელს ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს, - მცხეთის ჯვრის მონასტერს, 1400 წელი უსრულდება და ეს თარიღი იუნესკოს მიერაც აღინიშნება. მისი სრული ანალოგიითაა აშენებული მარტვილის VII საუკუნის ეკლესია, რომელიც დღესაც ჭყონდიდელ ეპისკოპოსთა საკათედრო ტაძარია. იგი უმნიშვნელოვანეს სულიერ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე.

ათასწლეულების მანძილზე ჩვენი ერი მტერთან გამუდმებულ ომებში მხოლოდ ღვთის იმედით იყო, რადგან არც სხვათა მსგავსად გვყავდა სადმე თანამოძმე ან მუდმივი სტრატეგიული მოკავშირე და არც მრავალრიცხოვანი და ეკონომიურად შეძლებული დიასპორა გვიმაგრებდა ოდესმე ზურგს.

მიუხედავად ამისა, XIX ს-მდე სუვერენული სახელმწიფოებრივი მმართველობა და ეკლესიის ავტოკეფალია შევინარჩუნეთ და რუსეთის იმპერიის მიერ 106 წლის მანძილზე უკანონოდ გაუქმებული ეკლესიის დამოუკიდებლობა საერო და სასულიერო პირების ძალისხმევით 90 წლის წინ აღვიდგინეთ, რამაც დიდი სტიმული მისცა ქართველ ერს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

საერთოდ, ქართული სამყარო მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ განაპირობა და დაიცვა. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. იგია ჩვენი ცნობიერებისა და ცხოვრების წესის საფუძველი და სავსებით ლოგიკურია, რომ დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ატრიბუტიკაში ქრისტიანული სიმბოლიკა დომინირებს: ხუთი ჯვარი მაცხოვრის ხუთ სამსჭვალზე მიუთითებს. ქვეყნის უმაღლესი სამართლებრივი დოკუმენტი - კონსტიტუცია კი მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებულ იურიდიულ და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ სტატუსს ანიჭებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს და მისი ხალხის ნების გამოხატულებაა.

„არა გეცრუვნეთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“, - ასეთი იყო დავით აღმაშენებლის საქართველოს სულისკვეთება; სულისკვეთება იმ მეფისა, რომელმაც ღმერთის დახმარებით შეძლო ჩვენი სამშობლო ექცია ყველა დროის ქართველისათვის საოცნებო სახელმწიფოდ. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ დავითის საქართველოში მშვიდობიანად ეცხოვრათ მუსულმანებს, ებრაელებს, სომხებს და სხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს.

შემწყნარებლობა დღესაც ჩვენი უმთავრესი თვისებაა, - ესაა ჩვენი არჩევანი.

სწორედ ჩვენი რაინდული და ტოლერანტული ბუნების გამო იყო, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა და ომებისა, ქართველები ყოველთვის დიდი პატივით სარგებლობდნენ არაბების, სპარსელების, მონღოლების, ოსმალების. . . პოლიტიკურ წრეებში. იგივე იყო მიზეზი იმისაც, რომ წმიდა მიწაზე მუსულმანთა გაბატონების შემდეგ, XIII-XIV საუკუნეებში, იერუსალიმის მაჰმადიანი მმართველები ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს აძლევდნენ უფლებას, გაშლილი დროშებით ცხენზე ამხედრებულნი ბაჟის გადაუხდელად შესულიყვნენ წმიდა ქალაქში და მაცხოვრის საფლავის კლიტეთა მფლობელნიც ქართველები ყოფილიყვნენ. ჩვენ ეს პატივი ომით არ მოგვიპოვებია. იგი იყო ქართული დიპლომატიის შედეგი, რასაც საეკლესიო ურთიერთობებიც განაპირობებდა.

სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესია დღესაც ცდილობს შეასრულოს ე.წ. „სახალხო დიპლომატის“ მისია და იყოს მშვიდობის დესპანი იმ რთულ სიტუაციებში, რომელშიც საქართველოს თანამედროვე პირობებში უწევს ყოფნა.

ამით იყო განპირობებული ჩვენი ჩასვლა მოსკოვში. ეს არის მიზეზი არაბულ ქვეყნებში ჩვენი მომავალი ვიზიტისაც. რელიგიურ ლიდერებთან ღია და გულთბილი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობაშიც ანალოგიურ დამოკიდებულებას იწვევს და მათში საქართველოსადმი კეთილგანაწყობა ჩნდება.

ყველასთვის მიუღებელია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა გადაიზარდოს ხალხებს შორის მტრობაში, განსაკუთრებით კი რელიგიურ დაპირისპირებაში, რადგან იგი პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან შედარებით ძნელად გამოსასწორებელია და ჩვენ ვცდილობთ ეს თავიდან ავიცილოთ.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს რომ არ ჩამოვრჩეთ, საჭიროა ინფორმაციის ფლობა და ანალიტიკური აზროვნება, მითუმეტეს, დიდი სახელმწიფოების დაინტერესების სფეროში მყოფი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.

ამიტომაც ანალიტიკური აზროვნებისთვის საჭიროა ბავშვობიდანვე ისწავლებოდეს. ამ საგნის შემოღება დიდად დაეხმარება ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ადვილად დაეუფლონ თავის მომავალ სპეციალობას.

რაკი ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება. კარგი იქნება, თუ საბავშვო ბაღებში ბატონ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით პატარებს გავუღვივებთ როგორც ერთმანეთის, ისე საერთოდ, ადამიანის თანადგომის სურვილს, პატიების უნარს, უფროსის პატივისცემას, მამულის სიყვარულს. ეს დამოკიდებულება გაჰყვება მათ სკოლაშიც და მთელ ცხოვრებაშიც.

სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელიც პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად დააკვირდება მოსწავლეს და დაეხმარება ღვთისაგან ბოძებული ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში.

აღზრდის საქმეში მასწავლებელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ შეიძლება სკოლაში შემთხვევითი ადამიანები მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ამას ჩვენთან არ ექცევა სათანადო ყურადღება, რის გამოც ყველაზე მეტად მომავალი თაობა ზიანდება. მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს და მშობელივით უნდა მოექცეს მათ. ამასთან, თვითონაც უნდა შეაყვაროს მათ თავისი თავიც და თავისი საგანიც. ამასთან, აუცილებელია, რომ იგი არ შემოიფარგლოს მხოლოდ საგნის სწავლებით და ცხოვრებისთვისაც მოამზადოს ისინი. ამ მიზნით მოსწავლეებთან უნდა ჩაატაროს კლასგარეშე შეხვედრები და საუბრები მათ მომავალზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ახალგაზრდებს ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეთ. ასწავლოს ავისა და კარგის გარჩევა, ასწავლიდეს სწრაფი რეაგირების კულტურას.

მიმაჩნია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი საშუალო და უმაღლესი სკოლების პედაგოგებს უნდა ქონდეთ, რადგან ისინი აყალიბებენ ქვეყნისა და ერის მომავალს და არ არსებობს ამაზე მეტად საპასუხისმგებლო სხვა პროფესია. ეს საქმიანობა უნდა იყოს პრესტიჟული და ეს წოდებაც დიდი შრომის ფასად უნდა მიენიჭოთ ამა თუ იმ ადამიანს.

თუ ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, გავზრდით მოაზროვნე, გონიერ, ანალიტიკური უნარის მქონე თაობას, რაც დაეხმარება მათ ზნეობრივად ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბებაშიც, რადგან ადამიანი, შეგნებულად თუ არ ემსახურება ბოროტებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად გააცნობიერებს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ გამოცდაა და მომზადებაა მარადიულობისათვის და უარს აღარ იტყვის ყველაზე ძვირფასზე - უფლის სიყვარულზე.

როგორი იქნება თქვენი არჩევანი?

ტექნოლოგიური პროცესების განვითარებამ ადამიანის ცნობიერებისა და ცხოვრების წესის განსაზღვრის ყველაზე მძლავრ ბერკეტად მასმედია აქცია; ამიტომაც, აუცილებელია, რომ მანაც იტვირთოს აღმზრდელობითი ფუნქცია.

ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მასმედია ზრუნავს, რომ სახელმწიფო და კერძო არხებით (სპეციალიზებული მაუწყებლობის გარდა) საზოგადოებას მიაწოდოს ზნეობრივი და, საერთოდ, დადებითი ღირებულებების მქონე ტელეპროდუქცია და ფილმები, რასაც ჩვენთან, სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება ექცევა.

ამასთან, ჩვენი ტელესივრცე ძირითადად დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. საზოგადოებას კი ასევე სურს უყუროს ისტორიულ, სამეცნიერი, შემეცნებით, კულტურულ და ახალგაზრდულ გადაცემებს. ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც მხარი დავუჭირეთ დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობა „ივერია“-ს შექმნას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის პატრონაჟით საცდელი გადაცემებით უკვე გადის ეთერში. იგი უნდა იქცეს ოჯახის ტელევიზიად, რომელიც ყველა თაობისთვის მისაღები იქნება და ყველა ფენის ინტერესებს შეძლებისამებრ დააკმაყოფილებს. ამასთან, მან მოსახლეობაში და, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობაში, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. მისი განვითარება და წარმატება ჩვენი საზოგადოების თანადგომაზეა დამოკიდებული.

ყოველი ადამიანის სულიერი წინსვლა და წარმატება დიდად განაპირობებს მთელი ქვეყნის აღორძინებასა და კეთილდღეობას. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით, გულმოდგინე შრომით მრავალი სასიკეთო საქმის კეთება შეიძლება. თითოეულ ჩვენგანს სხვა და სხვა ნიჭი აქვს ბოძებული უფლისაგან და იგი ღვთისა და ქვეყნის სამსახურად უნდა გამოვიყენოთ.

ხარობს დღეს წმიდა ეკლესია და უგალობს მკვდრეთით აღდგომილ ჩვენ მაცხოვარს, რომელმაც სიკვდილით სიკვდილი დასთრგუნა და მოგვანიჭა აღდგომის სიხარული.

„აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და ურთიერთარს შევიტკბობდეთ“ (აღდგომის საგალობელი).

უფალო ძლიერო, სახიერო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ ყოველთაგან მოელი სინანულსა და კაცთათვის განგიმზადებიეს სასუფეველი ცათა, ისმინე ლოცვისა ჩვენისა: გევედრები მეუფეო, შეუნდე უსჯულოებაჲ ერსა ჩვენსა შეცოდებულსა, რათა მადლითა შენითა შევუდგეთ მცნებათა შენთა აღსრულებასა; განამტკიცე სარწმუნოება გულთა შინა ჩვენთა, აღგვავსე სიყვარულითა და იმედითა შენითა;

ჰე, უფალო, განმრავლდა და განძლიერდა განსაცდელი სოფლისა ამის და დაუძლურდა გონება ჩვენი; მოგვხედე და განგვამტკიცე ძალითა შენითა.

ძმანო და დანო ჩვენო, მკვიდრნო ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის მამულისანო, ეძიებდეთ სიმართლეს, შეიყვარეთ უფალი „ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა“ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა აღასრულოთ ნება მისი.

ძმანო და დანო აფხაზნო, ოსნო, ჩვენო ხორცნო და სისხლნო! არ გვძლიოს მტრობამ და სიძულვილმა. ჩვენ მუდამ გვაახლოებდა ურთიერთთანადგომა და სიყვარული. ილოცეთ და განძლიერდით. ჩვენი ძლიერება კი ჩვენს ერთობაშია. მწამს, ურთიერთნდობას და პატივისცემას კვლავ მოვიპოვებთ და სხვა ერის წარმომადგენლებთან ერთად ბედნიერნი ვიქნებით მშვიდობიან და განუყოფელ საქართველოში!

„განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაი და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაი, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა ესერა, მწუხრი განისვენა ტირილმან და ცისკარსა ამას მოიწია სიხარული აღდგომისაი“ (მელენტი ეპისკოპოსი, სააღდგომო ჰომილია).

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი


როგორც ბოლოს პატრიარქმა დაამატა იფიქრეთ ამ საკითხებზეო და სიხარულისას ნუ მიეცემით განცხრომასო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Jan 8 2009, 10:24 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



2009 წლის საშობაო ეპისტოლე


"ბეთლემო, იხარებდ, რამეთუ ხე იგი ცხოვრებისაი
შენს შორის აღმოცენდა დღეს" (საშობაო საგალობელი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!


ადამსა და ევას, სამოთხიდან განდევნის შემდეგ, შემოქმედმა აღუთქვა, რომ კაცთა მოდგმას მაცხოვარს მოუვლენდა და ეს აღთქმა მან სხვადასხვა დროსაც რამდენჯერმე გაიმეორა. ებრაელთა ერი მოთმინებით ელოდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას და აი, ახდა მამამთავარ იაკობის ნათქვამი: “არ წაერთმევა კვერთხი იუდას, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა” (დაბ. 49,10).
რომის იმპერიის ნაწილად ქცეულ იუდეაში, იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს, მმართველად დაინიშნა წარმოშობით იდუმიელი ჰეროდე, რომელსაც ხალხი ტირანად და დავითის ტახტის უზურპატორად მიიჩნევდა. სწორედ ჰეროდეს მეფობის პერიოდში დავითის ქალაქ ბეთლემში მწირ, მიტოვებულ გამოქვაბულში, ბაგასა შინა იშვა მხსნელი სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე.


აღსრულდა მიქიას წინასწარმეტყველებაც:
“შენ კი ეფრათის ბეთლემო, უმცირეს ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ხელწიფე ისრაელში და ძველთაგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან” (მიქ. 5,1).
როგორი უბრალოებითა და სიმდაბლითაც მოევლინა მაცხოვარი ამ ქვეყანას, მისი შობა პირველთ ასეთივე მადლის მქონე ადამიანებს ეუწყათ. არა საზოგადოების რჩეულნი _ მწიგნობარნი, ფარისეველნი ან უხუცესნი, არამედ უბრალო მწყემსები გახდნენ ღირსნი, მოესმინათ ანგელოზთა საოცარი საგალობელი: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” და პირველებს ეხილათ ზეციური ყრმა.
სახარება გვამცნობს, რომ შემდეგ ახალშობილი იესოს თაყვანისაცემად აღმოსავლეთიდან ვარსკვლავს წამოყოლილი მოგვებიც მოვიდნენ და ძღვნად მოართვეს ოქრო (როგორც მეფეს), გუნდრუკი (როგორც ღმერთს) და მური (როგორც ადამიანს). მათი სახით უფალი წარმართთაც “გამოუჩნდა”, რადგან ამ ხალხშიც დიდი იყო მესიის მოლოდინი და, ამასთან, თავიდანვე განცხადდა, რომ იესო განკაცდა არა მარტო “რჩეული ერისთვის”, არამედ სხვა ხალხებისთვისაც, ანუ მთელი კაცობრიობისათვის.


დაკარგული ცხოვარის შესახებ სახარებისეული იგავი ნათლად წარმოაჩენს ადამიანთა გადარჩენისათვის უფლის მიერ გაღებული მსხვერპლის არსს: მწყემსი კეთილი ტოვებს 99 ცხვარს (იგულისხმება ანგელოზთა დასი) და მიდის მთებში დაკარგული ერთი ცხვრის (ცოდვებში დანთქმული კაცობრიობის) მოსაძიებლად და როცა იპოვის დავრდომილსა და უღონოს, მხრებზე შეისვამს და აბრუნებს უკან.
მწყემსის მხრებზე შესმული ცხვარი სიმბოლოა სულიერად დავრდომილი, ღონემიხდილი ადამის მოდგმისა, რომელსაც უფლის დახმარების გარეშე არ შეუძლია ცოდვათაგან განწმენდა და ღვთის საუფლოში დაბრუნება.
დიახ, იესო ქრისტემ “თავს იდო ჩვენი ცოდვები და იტვირთა ჩვენი სატანჯველნი”, _ როგორც ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი (53,4).


მაგრამ, ღმერთი განკაცდა არა მარტო იმიტომ, რომ გვასწავლოს გზა ჭეშმარიტი და გვიჩვენოს მაგალითი ცხოვრებისა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ დაგვაკავშიროს თავისთან და თავისი ღვთაებრივი მადლით ჩვენი დაზიანებული, დაცემული შინაგანი სამყარო განაახლოს და აღადგინოს.
როგორ ხდება ეს?
_ საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით, რომელთა შორის უპირველესი არის ნათლობა.
ერთადერთი ერი, რომელიც ქრისტეშობამდე აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს, იყვნენ ებრაელები. მათ უფალი წინასწარმეტყველთა საშუალებით არიგებდა და სწორად სვლის გეზს აძლევდა. ძველი აღთქმა იცნობს უდიდეს წინასწარმეტყველთ: მოსეს, დავითს, ესაიას, იერემიას, იეზეკიელს, დანიელს, ილიას და სხვებს, რომლებიც, მართლაც, გამორჩეული და საოცარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ გარდაცვალების შემდეგ სამოთხის ღირსნი ვერ გახდებოდნენ, რადგან, სხვათა მსგავსად, ადამისა და ევასგან მემკვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვით იყვნენ დამძიმებულნი. წმიდა წერილი ხომ ბრძანებს: “ვინ შობს წმიდას უწმიდურისაგან? არავინ”. (იობი, 14,4) და ისინიც, როგორც სხვა მრავალნი მართალნი, მოელოდნენ მესიას, რომელსაც ღმერთსა და ადამიანს შორის გაჩენილი უფსკრული უნდა ამოევსო და მიწიდან ზეცისკენ მიმავალი კიბე აღემართა.


ებრაელ ერში უშვილობა ღვთის სასჯელად სწორედ იმიტომ ითვლებოდა, რომ მიაჩნდათ, თუ თვითონ არა, თავისი შთამომავალი მაინც მოესწრებოდა მხსნელს და მისი ლოცვით აღმოყვანებული იქნებოდა ჯოჯოხეთის სკნელიდან.
და აი, იშვა ემმანუელი _ ჩვენთან არს ღმერთი, რომელმაც კაცთა მოდგმას ზეცის კარიბჭენი გაუხსნა. ვიმეორებ, პირველ რიგში, ნათლობით, რადგან ნათლობის მადლით აღიხოცება ადამისა და ევას პირველქმნილი უდიდესი ცოდვა და ნათლობამდელი ყველა სხვა ცოდვაც; ადამიანი ხდება უბიწო და ენიჭება სულიწმინდის ბეჭედი.
ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ეს არის პიროვნების მეორედ შობა და სულიერი დაბადება ქრისტეში; ამის გარეშე ცხონება არ არსებობს; ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა (წყლისა და სულისაგან), ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს” (ინ III, 3,5).
ასე რომ, ნათლობა აუცილებელია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან, თოთოეული ჩვენგანი, ბოროტის გავლენით, ყოველდღიურად მრავალ ცოდვას ჩადის, რაც მის სულს დაღუპვას უქადის.


იესო ქრისტე, საეკლესიო საიდუმლოებების საშუალებით, საოცარ მადლს გვანიჭებს ეშმაკის მახეთაგან თავის დასაღწევად; ამ მადლთა შორის უმთავრესი არის სინანული;
ამა თუ იმ მიზეზის გამო, სინანულის განცდა ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ქრისტიანული სინანული განსხვავებულია; იგი გულისხმობს ღმერთთან დარღვეული კავშირის აღდგენის მიზნით, ცოდვათაგან განწმედის დიდ სურვილს.
“შეინანეთ!” _ ქრისტეს გამოჩენამდე მოუწოდებდა ხალხს იოანე ნათლისმცემელი და მათ წყლით განბანდა.
“შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა!” _ ბრძანებს პირველივე ქადაგებაში მაცხოვარი.
დიახ, სინანულია სწორედ ის მთავარი ფუნდამენტი, რასაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. ადამიანები ეკლესიაში ხშირად მოდიან გასაჭირის გამო, ან ავადმყოფობისგან განკურნების სურვილით, ან, თუნდაც, სხვათა მიბაძვით, მაგრამ მათში თუ ჭეშმარიტმა სინანულმა არ გაიღვიძა და ღვთისადმი ჩვენი დამოკიდებულება ამ გრძნობას არ დაეფუძნა, რწმენა მალე გაფერმკრთალდება და ასეთნი ეკლესიიდანაც თავისი ნებით განდგებიან.


ამა თუ იმ საზოგადოებაში მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეკლესიის გარეშეც ცხონდებიან, რადგან სხვებივით ცუდს არაფერს სჩადიან.
მაგრამ, მათი ყოფა ღმერთთან შერიგებისთვის სულაც არ არის საკმარისი. ჯერ ერთი, ეს “სიკარგე” შედარებითია და სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უცოდველნია; მეორეც, თითოეულმა ჩვენგანმა შეწყალება უნდა ითხოვოს უფლისაგან და თანაც, მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომ ჯოჯოხეთისთვის არ გაიწიროს.
ზეციდან გადამრჩენელი კიბეა დაშვებული და თუ ბოლო საფეხურამდე კარგად არ ჩავჭიდებთ მას ხელს (ანუ თუ უფლის მცნებებს არ დავიცავთ), ცხოვრების ქარიშხალი უფსკრულში გადაგვჩეხს. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, რომელ საფეხურზე ვდგავართ; ნებისმიერ სიმაღლეზე მყოფი ადამიანი შეიძლება დაშორდეს ღმერთს და ჩამოვარდეს კიბიდან.
სულიერ ზეაღსვლას კიდევ ერთი თავისებურება ახლავს; რაც უფრო მაღლა ადის პიროვნება, მით უფრო ნათლად აცნობიერებს საკუთარ ცოდვებს და, შესაბამისად, უფრო ღრმა სინანულიც ეუფლება (ჩაიხედეთ თქვენს გულებში, და მიხვდებით, როგორია თქვენი სულიერი მდგომარეობა).
ბევრს არ ესმის, ასე რატომ ხდება.


მსურს, შეგახსენოთ აბბა დოროთეს საუბარი ქალაქ ღაზის ცნობილ პიროვნებასთან.
მოძღვარმა ჰკითხა მას, თუ როგორ ადამიანად მიაჩნდა თავი თავის ქალაქში.
_ გავლენიან და ყველასგან დაფასებულ ადამიანად, _ იყო პასუხი.
_ და თუ წახვალ კესარიაში, იქ როგორ მიგიღებენ?
_ იქაურ დიდებულთა შორის უკანასკნელად.
_ ანტიოქიაში?
_ ჩვეულებრივ ადამიანად.
_ კონსტანტინოპოლის სამეფო კარზე?
_ თითქმის არაფრად.
ეს მიწიერი კეთილდღეობისათვის დამახასიათებელი კატეგორიებია; ასევე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც, _ წერს აბბა დოროთე, _ რადგან, რაც უფრო ახლოს ხარ ღმერთთან, მით უფრო მეტად გრძნობ, რომ სინამდვილეში არარაობა ხარ.
ჭეშმარიტი და ღრმა სინანული არ გულისხმობს უიმედო გლოვასა და სასოწარკვეთას, რადგან ამ დროს ხდება მთელი სისავსით გაცნობიერება ღვთაებრივი სიყვარულისა და, რა თქმა უნდა, საკუთარი უძლურებისაც.
წმიდა მამები ამ მდგომარეობას მტირალ სიხარულსაც უწოდებენ; მას, მართლაც, მოაქვს სიხარული, ნუგეში და მშვიდობა სულისა, თანაც ისეთი, რომელსაც ამქვეყნიური ვერანაირი ნეტარება ვერ შეედრება. “ღმერთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის (ანუ მიწიერი კეთილდღეობა), არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა”, _ გვასწავლის პავლე მოციქული (რომ. 14,17).


გულწრფელი სინანულითა და მოძღვრის წინაშე თქმული აღსარებით, ნათლობის მსგავსად, ადამიანი სულიერი ბიწისაგან განიწმინდება (უნდა ვეცადოთ, თვეში ერთხელ მაინც ვეზიაროთ ამ საიდუმლოს, რომ სული არ გაგვიუხეშდეს და შინაგანი თვალის ჩინი არ დაგვეშრიტოს).


რატომ არის აუცილებელი აღსარება ვთქვათ მოძღვართან? რა საჭიროა ჩემსა და ღმერთს შორის შუამავალი? განა არ შეიძლება ხატთან ვაღიარო ჩემი ცოდვები?, _ ამ კითხვებს ხშირად გაიგონებთ მორწმუნე, მაგრამ არაეკლესიურ ადამიანებში.
მათ პასუხად შევახსენებთ თავისი მოწაფეებისადმი მაცხოვრის მიერ თქმულ სიტყვებს: “ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ, რასაც შეჰკრავთ ქვეყანასა ზედა, შეკრული იქნება ზეცაშიც და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც” (მათე 18,18).
ეს ნიჭი შეკვრისა და ცოდვათა მიტევებისა მოციქულებმა ხელდასხმით გადასცეს თავის მოწაფეებს, იმ მოწაფეებმა თავის მოწაფეებს... და ასე მოდის ეს უწყვეტი ჯაჭვი დღემდე. რომ ავიღოთ მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერი მოძღვარი და მივყვეთ მის ხელდამსხმელთა გენეალოგიურ რიგს, აუცილებლად მივალთ რომელიმე მოციქულამდე. და ეს უწყვეტობა მადლისა არის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი.
ასე რომ, სასულიერო პირს, რომელსაც შეჩერებული არა აქვს მღვდელმოქმედება, თვით იესო ქრისტესაგან აქვს მონიჭებული უფლება ცოდვათა შენდობისა. ეს უფლება არა აქვს საერო იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე მდგომ არც ერთ პიროვნებას, მათ შორის, არც მეფეს.
მოძღვარი არის ერთგვარი შუამავალი ამა თუ იმ პიროვნებასა და ღმერთს შორის. იგი, შეიძლება, არ აკმაყოფილებდეს ჩვენს მოთხოვნებს, მაგრამ არავინაა შეზღუდული, მოძებნოს სხვა სასულიერო პირი, რომელთანაც ბოლომდე გაიხსნება. სულიერ ურთიერთობაში კომფორტს განსაკუთრებით ისინი საჭიროებენ, რომელთაც ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული აქვთ. შემდგომ ეტაპზე ადამიანისთვის მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, ვის ეტყვის იგი აღსარებას; მან იცის, რომ თუ რწმენით მიმართავს მოძღვარს, უბრალო მღვდლისგანაც საოცარ სიბრძნეს მოისმენს, რადგან აღსარების საიდუმლოს დროს უფალი უხილავად თვითონ ისმენს ჩვენს ნათქვამს და, ჩვენი რწმენისა და სიწრფელის შესაბამისად, მოგვაგებს მადლს მოძღვრის მეშვეობით.
რაც არ უნდა მძიმე ცოდვა გვქონდეს ჩადენილი, არ უნდა მოგვერიდოს მისი თქმისა, რადგან ღვთის წინაშე ისედაც არაფერია დაფარული. მთავარია, ჩვენ რას განვიცდით და რომელი ცოდვის გამო ვითხოვთ შენდობას. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ცოდვა არ არის ჩვენი თვისება, ეს არის ბოროტის გავლენით განხორციელებული ქმედება, ხოლო ჩვენი ერთგულება ქრისტესადმი სწორედ იმაში უნდა გამოიხატოს, რომ მას ცოდვის შესაბამისი სინანული ვაჩვენოთ და თუ ღირსნი ვართ, მოძღვრის მიერ დადებული სასჯელიც (ეპიტიმია) მორჩილებითა და სიყვარულით მივიღოთ, როგორც წამალი ჩვენი განკურნებისა.
ზოგიერთები ამა თუ იმ ვნებაზე ამბობენ, ეს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა და მას რატომ უნდა ვებრძოლოთო. ამასთან, ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ეს სიტყვა – ვნება – დადებით კონტექსტში მოიხსენიება და ტელევიზიისა თუ პრესის საშუალებით მკვიდრდება აზრი, რომ, მაგალითად, მრუშობა, სიცრუე, განკითხვა, დიდებისმოყვარეობა, ამპარტავნება, მამათმავლობაც კი ადამიანის თვისებებია და მათში დანაშაულებრივი არაფერია.
ეს ტყუილია!


იოანე კიბისაღმწერელი (ისევე როგორც სხვა მამები), განმარტავს, რომ ვნებები ბიწია სულისა, რომელიც გულს ჩვეულებად ექცა ხშირად გამეორების გამო. ამავე მიზეზით გვექმნება ილუზია, რომ ისინი ჩვენი გულიდან მომდინარეობენ.
სინამდვილეში ცოდვა, ვნება, _ ეს ჩვენი სულის დაჩირქებული, გახრწნილი ზედნადებია, რომელიც უნდა მოვიკვეთოთ სინანულით, აღსარებითა და ზიარებით (ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით).
ადამიანს ძალუძს დაამარცხოს საკუთარ თავში ხანგრძლივად არსებული ყველაზე მძიმე ცოდვაც კი და საბოლოოდ განდევნოს იგი. უფრო სწორედ, მას ამის განხორციელება ღვთის შეწევნით შეუძლია. რადგან, თუ არა მოწყალება უფლისა, ჩვენ ვერც სათანადო სინანულს შევძლებთ, ვერც გულწრფელ აღსარებას ვიტყვით და, მით უმეტეს, სათანადოდ ვერ მოვემზადებით ევქარისტიისათვის, რომლის დროსაც მაცხოვრის ხორცსა და სისხლს ვეზიარებით და ჩვენი სული მასპინძელი ხდება უფლისა.
თვით იესო ქრისტე შემოდის ჩვენში, რომ განგვამტკიცოს, განგვაძლიეროს და ახალ სულიერ სიმაღლეზე აგვიყვანოს, სულიერი და ხორციელი კურნება მოგვანიჭოს და ჭეშმარიტი სიბრძნე მოგვმადლოს. ამას ეწოდება სინერგია _ ადამიანური და ღვთაებრივი ნების გაერთიანება.


ამ მადლს, ამ წყალობას საუკუნეების განმავლობაში ელოდა კაცობრიობა; იგი ახლა ჩვენს წინაშეა და მის გარეშე არ უნდა დარჩეს არავინ, რადგან ეს, ფაქტიურად, უარყოფაა ღვთისა (თუნდაც, რომ ადამიანს თავი მორწმუნედ მიაჩნდეს).
ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: “თუ კი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შევსმავთ მის სისხლს (ანუ არ მივიღებთ ზიარებას), არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო ვინც შეჭამს ჩემს ხორცს და ვინც შესვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია და მე მასში. ეს არის პური, რომელიც გარდამოხდა ზეცით. ამ პურის მჭამელი იცოცხლებს უკუნისამდე” (ინ. 6. 53,56,58).
მაგრამ, ამ საიდუმლოს მისაღებად განსაკუთრებულად უნდა მოემზადოს ახალგაზრდაც და ასაკოვანიც, ხელისუფალიც და ინტელიგენტიც, მუშაც, გლეხიც და სასულიერო პირიც, რათა არ ექცეს იგი სასჯელად.
ცხონების გზას ნებისმიერი ადამიანი თავისუფალი ნებით ირჩევს. ისინი, რომლებიც არ ისმენენ იესოს დარიგებებს, ოდესმე აუცილებლად გაიგონებენ მის მკაცრ სიტყვებს: “წარვედით ჩემგან წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელიც გამზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის” (მთ. 25,41).


დიახ, ღმერთი გულმოწყალეა, მაგრამ სამართლიანიც, უსასრულოდ შემნდობია, მაგრამ მართლმსაჯულიც.
ყოვლადწმიდა სამებამ მოანიჭოს თითოეულ ჩვენგანს ჭეშმარიტების გზით სვლის უნარი და დაგვიფაროს გეენის ცეცხლისაგან!
ეს ყოველივე ბევრისათვის ცნობილია და მასში ახალი არაფერია, მაგრამ ამას ვწერ “უძღებ შვილთათვის”, რომ დაუბრუნდნენ “მამის წიაღს” და, ვიდრე გვიან არ არის, ცხოვრების წესი შეცვალონ.


ჩვენ ისედაც მეტად რთულ დროს გვიწევს ამქვეყნად ყოფნა. მართალია, საქართველოს მძიმე პერიოდები თავისი არსებობის მანძილზე თითქმის სულ ჰქონდა, მაგრამ მაშინ ადამიანებს რწმენა უფრო მტკიცე ჰქონდათ და თან განსაცდელთა ასეთი სიმრავლეც არ იყო;
ახლა ჩვენს ხალხს მოუწია პოსტსაბჭოთა გარდამავალი პერიოდის სიმძიმის გადატანა, ცხოვრების ერთი წესიდან მეორეში გადასვლა, უმუშევრობა, შიმშილი, ომი, მორალური კრიტერიუმების შეცვლა, ძალადობისა და სიცრუის მორევში მოხვედრა... აღარაფერს ვამბობ ვიწრო ოჯახურ და პირად პრობლემებზე.
სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არც ხვალინდელი დღე იძლევა უკეთესი მომავლის იმედს, რადგან მთელი მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში შედის, რომელიც შეიძლება სისტემურ კრიზისად იქცეს, ანუ არსებული სისტემა სხვამ, პრინციპულად ახალმა, სისტემამ შეცვალოს.
ხდება მსოფლიოს და ცალკეული ქვეყნების რეგიონალიზაცია, ანუ გარკვეულ ჯგუფებად დაყოფა; ხოლო, იმის მიხედვით, თუ რა პრინციპი უდევს საფუძვლად ცალკეული გაერთიანების შექმნას, შეიძლება, ესა თუ ის ქვეყანა რაღაც მიმართულებით (მაგ., გაზის ან ნავთობის მოპოვებით) ერთ გაერთიანებაში მოხვდეს, ხოლო მეორე მიმართულებით (მაგ., კოსმოსის ათვისების სფერო), – სხვა გაერთიანებაში. ამასთან, მოსალოდნელია დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებების გამწვავება გავლენის სფეროების გასაფართოვებლად.
ისტორიის თანამედროვე ეტაპი მომხმარებლური საზოგადოების ღირებულებათა ზეობის დროცაა. მისთვის მთავარია მიწიერი კეთილდღეობა და არა _ სულიერი სიმდიდრე. ამიტომაცაა, რომ გამართლება ეძებნება მატერიალური გამდიდრების ყველა საშუალებას.
დიახ, დღეს ბაზარზე საქონლისა და მომსახურეობის შეუზღუდავი წარმოება კი არა, ფული ბატონობს და თუ ეს მომხმარებლური პროცესი დროზე არ შეჩერდა, საზოგადოება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.

სისტემური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით დასავლეთმა კურსი ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სექტორის შედარებით გაძლიერებაზე აიღო, რაც თავისუფალი ბაზრიდან უფრო რეგულირებად ბაზარზე გადასვლას გულისხმობს და, ბუნებრივია, ცალკეული სახელმწიფო ეფექტური მართვის საკუთარი მექანიზმის ძიებას დაიწყებს.
ჩვენც უნდა გამოვნახოთ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზები.
როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, აუცილებელია, საშუალო და მცირე საწარმოთა დონეზე, მართვის სწორ სისტემაზე დაყრდნობით, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი დარგის სწრაფი განვითარება.
ის, რომ ჩვენი ხელისუფლება სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის წინსვლისთვის გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მისასალმებელია, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია.
აქ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ რამდენიმე მიმართულებას შევეხები.
საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა. ის მდგომარეობა, რაც ამ კულტურების მიმართ დღეს არის, დამღუპველია, როგორც სულიერი, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ჩვენი წინაპრებისთვის ღვინო და პური, გარდა თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცისა და სისხლის სიმბოლოს უკავშირდებოდა და, ამიტომაც ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და განსაკუთრებულადაც უვლიდა; და ეს უნდა აღდგეს.
დღეს კი მავანნი კახელ გლეხს სოლიდურ თანხას სთავაზობენ, რომ მან შვილივით ნაზარდი ვაზი აჩეხოს და სანაცვლოდ საზამთრო ან სხვა კულტურა დარგოს; ამასთან, ყურძნის მოყვანის ინტერესს იმითაც უკლავენ, რომ მოსავლის ჩაბარებისას, მინიმალურ ფასსაც არ აძლევენ. ასე არ უნდა გაგრძელდეს. იქნება გამოსავლად იქცეს გლეხურ მეურნეობებში დამზადებული სუფთა ღვინის ექსპორტი სახელმწიფოს მიერ.

რაც შეეხება ხორბალს, მისი ადგილობრივი წარმოება კატასტროფულად არის შემცირებული და ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების მხოლოდ 9% აკმაყოფილებს; სამწუხაროდ, ამ 9%-შიც არ შედის ჩვენი ტრადიციული ადგილობრივი ჯიშები.
მეტად სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ უნიკალური ქართული ხორბალი სრული გაქრობის პირასაა. არადა, ჩვენგან წაღებულ თესლს სხვა ქვეყნები თავისად წარმოაჩენენ და ამით ამაყობენ; ხოლო საქართველოში ექსპორტირებული ხორბალი და პურის ფქვილი, რომელიც მოხმარებული პროდუქციის 91% შეადგენს, იმდენად დაბალი ხარისხისაა, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
საქმე შემდეგშია: მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ხელოვნური მეთოდებით (გენური ინჟინერია, შხამ-ქიმიკატები, მცენარის ზრდის სტიმულატორები და ასე შემდეგ) მიღებული საკუთარი ჭარბი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრები გააფართოვონ და სხვა ქვეყნებში ადგილობრივი ბუნებრივი პროდუქციის წარმოება შეაფერხონ, საქართველოც სურთ, თავისი გავლენის სფეროდ და მათი სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად გადააქციონ; მით უმეტეს, რომ აქ, ხალხის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო, იაფფასიანი, უხარისხო ნაწარმის გასაღება პრობლემას არ წარმოადგენს.
ამ ტენდენციას ჩვენ ჩვენი პოზიცია და ინტერესები უნდა დავუპირისპიროთ. სოფლის მეურნეობის აღორძინების მიზნით სახელმწიფოს პოლიტიკა, მართალია, მნიშვნელოვანია (ვგულისხმობ სახელმწიფო დოტაციებს, სარწყავი წყლითა და საძოვრებით უზრუნველყოფას, რაიონებში უფასო საკონსულტაციო ცენტრების ამოქმედებას), მაგრამ თვით მოსახლეობასაც შეუძლია ზომების მიღება, _ მან უარი უნდა თქვას ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციაზე, თვითონ უნდა დაიწყოს მიწის დამუშავება და შექმნას მცირე საწარმოები.
ყველამ იცის, რომ, ხელოვნური ტექნოლოგიების საპირისპიროდ, დღეს უკვე სერიოზული ბიძგი მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება.
ვფიქრობ, ჩვენთან ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების კარგი შესაძლებლობა გვაქვს და ამ სახით მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების პერსპექტივაც. ამიტომაც, ვიდრე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო ჯიშები (არა მარტო ყურძნის და ხორბლის, არამედ ლობიოს, კარტოფილის, საერთოდ, ბოსტნეულის, ხილისა და საქონლის), თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საქმე რეალობად იქცეს. ამით ჩვენ ჩვენს სიმდიდრესაც შევინარჩუნებთ და მომავალი თაობების ჯანმრთელობასაც დავიცავთ.

აღნიშნულის შესახებ მე ადრეც ვწერდი, მაგრამ დღეს ეს უკვე აუცილებლობად იქცა. მით უმეტეს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც აქეთკენ გვიბიძგებს, რადგან მისგან გამოწვეული დეფიციტი, პირველ რიგში, ალბათ, კვების პროდუქტებს შეეხება.

როდემდე გაგრძელდება ამდენი პრობლემები?, _ ბუნებრივია, ყველას გულში ეს კითხვა ტრიალებს.
_ ეს ჩვენზეა დამოკიდებული.
არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა, მაგრამ ვართ კი დღეს იმ სულიერ სიმაღლეზე, რომ ჩვენი თხოვნა ისმინოს უფალმა?
_ არც სხვები არიან უკეთესები, _ იტყვის მავანი.
_ ჩვენ ბევრი მოგვეცა და ბევრიც მოგვეთხოვება.
არაერთხელ მითქვამს ისიც, რომ საქართველო, წმიდა მამების თქმით, ბოლოჟამს გაბრწყინდება, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს? მატერიალური კეთილდღეობით? ამით ხომ დღევანდელი მსოფლიოს მრავალი ქვეყანა იწონებს თავს და რა, ეს არის გაბრწყინება?
_ რა თქმა უნდა, არა; იგი გულისხმობს მთელი ერის სულიერ ამაღლებას.
ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თავს მორწმუნედ მიიჩნევს, კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ეკლესიური ცხოვრებით ყველა არ ცხოვრობს. ამასთან, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ ის მცნება, რომელიც ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მოსეს პირით გამოუცხადა რჩეულ ერს შემოქმედმა: `ისმინე ისრაელო! ერთია უფალი, უფალი ჩვენი ღმერთი. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით.
გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომელიც დღეს გამოგიცხადე. ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე სახლის წირთხლებს და კარებს” (მეორე რჯული 6, 4-9).
წმიდა მარკოზ მახარებელი კი წერს: ერთ-ერთი მწიგნობრის კითხვაზე, _ რომელია უპირველესი მცნება, _ მაცხოვარმა უპასუხა:
ისმინე, ისმინე ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! და გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, და მთელი შენი სულით, და მთელი შენი გონებით, და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება! (მარკ. 12, 29-30).
_ რა იგულისხმება ამაში?
_ ეს ნიშნავს, რომ არავინ და არაფერი ღმერთზე წინ არ უნდა დავაყენოთ!
“ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი!” _ ბრძანებს მაცხოვარი (მათე 10,37).
_ რატომაა ასეთი მკაცრი მოთხოვნა?
_ იმიტომ, რომ სიყვარული ნიშნავს მთელი არსებით სწრაფვას მისდამი, ვინც გიყვარს. თუ ჩვენ ღმერთზე წინ სხვას დავაყენებთ, მისი გულისთვის რაიმე მიზეზით როდესმე დავივიწყებთ უფალს და სულიერად დავიღუპებით.
ჩვენი გული და სული მთლიანად უნდა მივუძღვნათ შემოქმედს, რათა ადგილი აღარ დავუტოვოთ ბოროტს და არ მივცეთ საშუალება ამა თუ იმ საბაბით განგვაშოროს ღმერთს, როგორც ეს თავის დროზე ადამს და ევას დაემართათ.
ღმერთი თავად სიყვარულია და ჩვენც ნამდვილი სიყვარულით ცხოვრებას გვასწავლის. ეს სიყვარული დიდად განსხვავდება მიწიერი სიყვარულისაგან, რომელიც “ეგო”-ზეა ორიენტირებული და “მეს” წარმოჩენას ემსახურება.
“მე უნდა ვიყო მდიდარი”, “მე უნდა ვიყო დაფასებული”, “მე ვარ ნიჭიერი”, “მე მინდა”, “მე შემიძლია”, “მე გაძლევთ გარანტიას”... ამ წესით მცხოვრებ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ჩვენი დამსახურება სულაც არ არის თუნდაც ის, რომ ვსუნთქავთ, დავდივართ, ვხედავთ, ვგრძნობთ, ვაზროვნებთ...
მარტო ჩვენგან არ მომდინარეობს არც ის, რომ გვყავს მშობლები, ოჯახი, შვილები, ნათესავები, ვართ ამა თუ იმ ერის წარმომადგენლები და ვმეტყველებთ ამა თუ იმ ენაზე... მით უმეტეს, საერთოდ არა გვაქვს შეხება კოსმიური სამყაროს წესრიგთან, სადაც ყველაფერი მოძრაობს და თან ყველაფერი ერთმანეთთან საოცარ ჰარმონიაშია.

ყოველივე ამის შემოქმედი რომ ღმერთია, ამას თანდათან თანამედროვე მეცნიერებაც აცნობიერებს.
სულ ცოტა ხნის წინ მკვლევარები მიიჩნევდნენ, რომ ხელში ეპყრათ ჯადოსნური გასაღები და ნებისმიერი საიდუმლოს ფარდას ახდიდნენ. ახლა კი, დოქტორ შილტის სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებენ, რომ “10 წლის წინ უფრო მეტი იცოდნენ სამყაროს შესახებ, ვიდრე ეს დღეს იციან”, რადგან ყოველი აღმოჩენა ასჯერ უფრო მეტი ახალი საიდუმლოებების წინაშე აყენებს მათ.
ყოვლადწმიდა სამების ძალა, რომ ოდნავ მაინც გავაცნობიეროთ, დედამიწის ტრაექტორიის შესახებ მეცნიერული გამოკვლევის შედეგებს გაგახსენებთ: ჩვენი პლანეტა და ჩვენც მასთან ერთად, სივრცეში ერთდროულად სამი მიმართულებით გადავადგილდებით: დედამიწა შეუჩერებლივ ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო 1000 კმ.სთ. სიჩქარით; მზის გარშემო 30 კმ.წმ. სიჩქარით, ხოლო მზის სისტემის პლანეტებთან და ჩვენს გალაქტიკასთან ერთად სხვა გალაქტიკებთან მიმართებაში _ 20 კმ.წმ.-ში სიჩქარით. ამისი წარმოდგენაც კი არ ძალუძს ჩვენს გონებას. და ნუთუ, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს ყველაფერი თავისით ხდება?!

შეგახსენებთ იმასაც, რომ ანდრომედას ნისლეულის სახელწოდებით ცნობილ გალაქტიკათა სიმრავლეში მხოლოდ ერთ-ერთია ჩვენი გალაქტიკა, რომელიც, თავის მხრივ, ასობით მილიონ ვარსკვლავს მოიცავს; ამ მილიონობით ვარსკვლავთა შორის არის მზის სისტემაც თავისი 9 პლანეტით, ანუ დედამიწითაც, სადაც ჩვენ ვიმყოფებით.
ო, რა პატარები ვართ ღვთის წინაშე! ამიტომაც ჯერ კიდევ 30 საუკუნის წინ აცნობიერებდა დავით წინასწარმეტყველი და ამიტომაც სულშეძრული ასე მიმართავდა ღმერთს, ყოვლისმპყრობელს: “შევხედავ შენს ცას _ შენი თითების ნაღვაწს, მთვარეს და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე. რაი არს კაცი, რომ მოიხსენებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?”
ამის პასუხი, ალბათ ისაა, რომ უფალი იმდენად დიდია, მისთვის სიმცირე არ არსებობს (ისევე როგორც, სულიერად მაღალ საფეხურზე მდგომი პიროვნებისთვის პატარა ცოდვები).
მაშ, როგორ არ უნდა დავაფასოთ ის მსხვერპლი, რომელიც შემოქმედმა ჩვენთვის გაიღო და ძე თვისი საყვარელი ჩვენს გადასარჩენად მოავლინა.
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ცანი მოდრიკნა და კაცობრივი ბუნება მიიღო, ჯვარს ეცვა და ეწამა, რომ სიცოცხლის ხედ აღმოცენებულიყო და ამ ხის ნაყოფის მიმღებთ (ანუ მცნებების აღმასრულებელთ) შეგვესისხლხორცებინა, რომ ქრისტიანმა საკუთარი კეთილდღეობისათვის კი არა, სხვისთვის უნდა იცხოვროს. რომ ადამიანებისადმი მსახურებაშია ჩვენი გადარჩენა და უფლისადმი ჩვენი სიყვარულის დადასტურება. ამიტომაც მეორე მცნებად დაგვიდო: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავის თვისი!|”, ხოლო “ვი


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
solomony   პატრიარქის ეპისტოლეები   Apr 8 2007, 05:58 PM
makuna7474   solomony ძალიან დიდი მად...   Apr 10 2007, 01:28 AM
ლეონტი   როგორც მამა გაბრიე...   Apr 10 2007, 10:49 AM
salomea07   რა სიბრძნე და რა სი...   Apr 10 2007, 02:39 PM
tamari_irakli   დიდი მადლობა! გმე...   Apr 10 2007, 10:21 PM
solomony   მე განსაკუთრებით ...   Apr 10 2007, 10:28 PM
arti vardi   რა ბედნიერებაა რომ...   Apr 16 2007, 04:45 PM
KoTe   modloba kvelaaaaaaaaaassssssssss   May 1 2007, 05:49 PM
solomony   საშობაო ეპისტოლე უ...   Jan 7 2008, 02:05 PM
marine   საოცარია პატრიარქ...   Jan 22 2008, 03:26 PM
solomony   უწმინდესი და უნეტა...   May 3 2008, 11:21 AM
ალექსანდრე   :)   May 3 2008, 11:52 AM
lingvo   http://www.link.ge/file/191290/sashobao-epistole.p...   Jan 7 2009, 05:45 PM
KAIROS   2009 წლის საშობაო ეპი...   Jan 8 2009, 10:24 AM
KAIROS   ხოლო “ვისაც უყვარს...   Jan 8 2009, 11:20 AM
ილია   სააღდგომო ეპისტოლ...   Apr 19 2009, 06:56 PM
Belief   ნამდვილად ეს იყო ი...   Apr 21 2009, 01:59 PM
ბექა   2010-01-06 ქრისტეს მიერ ს...   Jan 7 2010, 12:54 PM
llaasshhaa   მშვენიერია :wub:   Jan 7 2010, 03:56 PM
sable   მშვენიერი ეპისტოლ...   Jan 7 2010, 09:46 PM
ბადრი   ბექა გაიხარე! მშ...   Jan 7 2010, 11:16 PM
ბექა   sable აბორტზე როგორც ვ...   Jan 7 2010, 11:25 PM
sable   sable აბორტზე როგორც ...   Jan 7 2010, 11:31 PM
ბექა   თუ მასეა კარგია, მა...   Jan 8 2010, 12:35 AM
KAIROS   ძალიან მომეწონა ეპ...   Jan 15 2010, 09:28 AM
lingvo   უწმიდესი და უნეტა...   Apr 4 2010, 04:33 PM
Amuza   [center][size=4] უწმიდესი და ...   Apr 6 2010, 05:03 PM
KAIROS   მე ეს მენიშნა ცუდა...   Apr 7 2010, 04:25 AM
lingvo   ეს ჩემ პროფესიას უ...   Apr 7 2010, 01:21 PM
lingvo   [size=3][b]საშობაო ეპისტ...   Jan 7 2011, 11:41 AM
lingvo   [size=3][b]სააღდგომო ეპი...   Apr 24 2011, 10:05 AM
A.V.M   აქ კი დავდოთ ხოლმე ...   Nov 12 2011, 12:22 PM
A.V.M   2010-01-06 ქრისტეს მიერ ს...   Nov 12 2011, 12:35 PM
A.V.M   სააღდგომო ეპისტოლ...   Nov 12 2011, 01:32 PM
A.V.M   2009 წლის საშობაო ეპი...   Nov 12 2011, 01:59 PM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 02:55 PM
A.V.M   ვაგრძელებ თემათა ,,...   Nov 12 2011, 08:21 PM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 08:42 PM
lingvo   [b][center]საშობაო ეპისტ...   Jan 7 2012, 11:33 AM
A.V.M   [b]სააღდგომო ეპისტო...   Apr 15 2012, 09:32 PM
A.V.M   საშობაო ეპისტოლე უ...   Jan 8 2013, 02:18 PM
A.V.M   ქრისტე აღდგა! პატ...   May 5 2013, 11:33 PM
A.V.M   ახლა ვიდეო ვერსიას...   May 11 2013, 04:36 PM
A.V.M   გილოცავთ ქრისტეშო...   Jan 7 2014, 04:45 PM
marine   როგორ იწერება პატრ...   Feb 13 2014, 12:36 PM
A.V.M   09:49 / 20-04-2014 პატრიარქის ...   Apr 20 2014, 02:03 PM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Jan 7 2015, 11:30 PM
marine   "თუ გვსურს ძლიერი...   Nov 3 2021, 09:48 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 08:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი