თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ა კ ა კ ი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2016, 09:52 PM

ა კ ა კ ი

აკაკის სახლი

"აი, რა თქვა ერთხელ მოხუცმა ანიკო აბდუშელიშვილმა, აკაკის სახლის ძველმა მოამაგემ სხვიტორში:

"ჩემო ბატონო, ამ სახლს ბალავარი არა აქვს, პირდაპირ კლდეზეა ამოშენებული. მიწისძვრის დროს ამ სოფელში ხის სახლებიც დაირღვა, აკაკის სახლს კი ერთი ბზარიც არ გასჩენია!"

აკაკიც თავის სახლს ჰგავს. მისი შემოქმედება პირდაპირ ხალხის გულიდანაა აღმოცენებული, დროთა ცვლა ბზარს ვერ გაუჩენს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2016, 10:35 PM

"აკაკი წერეთელმა ხობის მონასტერს მიუძღვნა პოემა "ნათელა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2016, 11:10 AM

"ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, დანიელის ლოცვა-კურთხევით გაიმართა აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მსვლელობა პოეტის ძეგლიდან (რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია) სოფელ სხვიტორისაკენ, მისსავე მუზეუმში. მსვლელობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის მუშაკები, სასულიერო პირები, მრევლი და მოქალაქეები. მუზეუმის ეზოში მიტროპოლიტმა დანიელმა აკაკის სახელზე პანაშვიდი აღასრულა, რის შემდეგაც გაიმართა მგოსნისადმი მიძღვნილი საღამო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2016, 04:28 PM

"მისი სახე უნებურად იქცევდა ყურადღებას - ის არ იყო ჩვეულებრივი მოკვდავის სახე. აკაკი რაც ხანში შედიოდა, უფრო და უფრო მოგვაგონებდა ძველი ბერძნების ღმერთების და პოეტების ქანდაკებას, მაგრამ განსაკუთრებით მიმზიდველი და მომხიბვლელი იყო მისი უბნობა და ენა. არ იცოდა ლაპარაკის დროს წაბორძიკება, სიტყვების ძებნა, უხერხული გამოთქმა, უცხო სახელების ჩართვა, და ენის აჭრელება. მისი ლაპარაკი იყო სადა, მარტივი, მოჩხრიალებდა წყაროსავით, ბუნებრივი დენით და ტკბილი მოსასმენი იყო...

აკაკი რომ რასმე გადმოგვცემდა, ეს არ იყო ფაქტების უბრალო ჩამოთვლა, არამედ ეს იყო აკაკის მხატვრულ ქურაში გადამუშავებული ამბები, რომლებიც პოეზიის სამეფოს უფრო ეკუთვნოდნენ, ვიდრე მშრალ, ობიექტურ სინამდვილეს. იგი მუდამ პოეტი იყო, მხატვარი, შემოქმედი... მისი საუბრის საგანი უმთავრესად ის იყო, რაც არის მთელი მისი პოეზია - საქართველოს ბედი, მისი სიკეთე, თავისუფლება".

/ლეილა ნანიტაშვილი, "ერის წყლული აჩნდა წყლულად", გვ. 24-25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 01:40 PM

"12 იანვარს გაზეთი "თემი" ახალ ამბებში წერდა: "ჩვენი სახელოვანი მგოსანი საჩხერეში მძიმედ არის ავად. 8 იანვარს მომხდარ კონსულტაციის მიხედვით, ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო აკაკი სრულიად დადუნებული აქვს მარცხენა ხელი, ენაც დადუნებული აქვს, თუმცა ლაპარაკს ენის მოკიდებით ახერხებს. დადამბლებულს მარცხენა ფეხში ზოგიერთი აქტიური მოძრაობა უბრუნდება. ფსიხიური მხარე შემორჩენილი აქვს. მდგომარეობა სერიოზულია. ბიულეტენს ხელს აწერენ ექიმები: ვირსალაძე, ჯაფარიძე, ტყემალაძე, ჭოღოშვილი".

/ლეილა ნანიტაშვილი, "ერის წყლული აჩნდა წყლულად", გვ. 27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2017, 11:56 AM

„მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში ქართველ მწერალ-მოღვაწეთა კომისია „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დადგენაზე მუშაობდა.

ერთხელ აკაკი იმ დროს მივიდა კომისიის სხდომაზე, როდესაც არჩევდნენ რუსთაველის ფრაზას „ცათა ღმერთი შეარისხეს“.

კომისიის წევრთა შორის კამათი იყო. ერთი ნაწილი ამტკიცებდა, სიტყვა „ცათა“ გადამწერის დამახინჯებას წარმოადგენს. ცა ერთია და რუსთაველსაც, ალბათ, „ცასა“ ექნებოდაო. ასეც აპირებდნენ ტექსტის გასწორებას, მაგრამ ამ დროს აკაკი წამოდგა, სიტყვა ითხოვა და წამოიწყო ლოცვა: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“...

საბუთი უკეთესი აღარ შეიძლებოდა, რუსთაველის ტექსტში დარჩა „ცათა ღმერთი შეარისხეს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2017, 10:25 PM

იუბილეზე

აკაკის იუბილეზე სცენაზე პოეტის გვერდით იაკობ გოგებაშვილი იჯდა. აკაკი მილოცვებს უსმენდა და დროდადრო შთაბეჭდილებებს უზიარებდა იაკობს.

სხვა მრავალთა შორის აკაკის მიულოცა თავად-აზნაურთა წინამძღოლმა პავლე თუმანიშვილმაც. მან ქართული კარგად არ იცოდა. თავისი მისალოცი ადრესის კითხვა ასე დაიწყო: "ჩვენო სასიკადულო მგოსანო".

რამდენიმე წინადადება წაიკითხა და შემდეგ ადრესის ტექსტი, კითხვის გასაგრძელებლად, გადასცა დელეგაციის ერთ-ერთ წევრს.

აკაკიმ იაკობ გოგებაშვილს ღიმილით გადაუჩურჩულა:

- გაიგონე, რა მითხრა პავლემ? ჩვენო სასიკვდილო მგოსანოო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2017, 10:22 PM

"საქართველოს ისტორიაში ერთი გასაოცარი ფაქტი არსებობს. საჩხერიდან თბილისს მოასვენებდნენ დიდ მგოსანს - აკაკი წერეთელს. შორაპნის სადგურში ხალხმრავალი დელეგაცია უცდიდა სხვიტორიდან მომავალ პროცესიას. პოეტის კუბო ვაგონში დაასვენეს. მატარებელი დაიძრა. იყო უამრავი ადამიანი, ბევრი ცრემლი, გამოსათხოვარი სიტყვა, მწუხარება და...
...ერთადერთი გვირგვინი წარწერით: - "აკაკის - საქართველო"!
დიახ, იმ დღეს მისი სასახლე ყვავილების ზღვაში არ ჩაძირულა. ასე ინება მისმა სათაყვანებელმა ერმა. ნიშნად უზომო სიყვარულისა და პატივისცემისა, განუყოფელი საართველოს სანუკვარი სურვილით განსხივოსნებულ პოეტს უკანასკნელ გზაზე ერთადერთი გვირგვინი მიაცილებდა, როგორც ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო!"

/მერაბ ხაჩიძე
"საპატრიარქოს უწყებანი" N19, 2017, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2017, 12:34 PM

"ერთხელ აკაკი სადგურიდან სოფელში ეტლით მიდიოდა. მეეტლემ გზად სხვა მგზავრიც აიყვანა და აკაკის გვერდით მიუსვა. ახალ მგზავრს არასოდეს ენახა ჩვენი პოეტი და თავისი თავი პოეტად გააცნო, - აკაკი ვარო. გზადაგზა სულ აკაკის ლექსებს ამბობდა ზეპირად. აკაკის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
ეტლი გაჩერდა. გამოთხოვებისას ცრუ მგზავრმა უთხრა აკაკის: - თქვენ ჩემი ვინაობა გაიგეთ, არ შეიძლება ვიცოდე, თქვენ ვინღა ბრძანდებით?
- დღევანდლამდე აკაკი ვიყავი და დღეის შემდეგ არ ვიცი, ვინა ვარო, - უპასუხა აკაკიმ".


"ერთი ნაცნობი შეეკითხა აკაკის: - როგორ მოვიქცე, რომ არც მწვადი დავწვა და არც შამფურიო.

- ეგ ქუთაისის ბანკს უნდა ჰკითხოთ, რომელიც ამდენი ხანია, კიდეც მაძლევს ვითომ პენსიას და არც მაძლევსო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2017, 10:39 AM

"ოთარ ჭილაძის სიტყვები გამახსენდა, აკაკი წერეთელს რომ ეძღვნება: "...მთაწმინდისთვის იყო გაჩენილი და ეს იმ უსულგულო და უგრძნობელმა ორთქლმავალმაც იცოდა, მოტირალი ქალივით რომ მოჰკიოდა ქართლის ველ-მინდვრებს... მოიჩქაროდა, მოაფრიალებდა კვამლის შავ ნაწნავს, რათა წმინდა ცხედარი დროულად გადაეცა უკვდავებისთვის... მოისწრაფოდა თავგამოდებული, გულამოვარდნილი - გრძნობდა, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყოველ წამს, როგორი მოუთმენლობით ელოდა მთელი საქართველო, როდის ჩაიბარებდა დედაქალაქი გულდაკოდილი და ბოლო წუთამდე მაინც მომღერალი მგოსნის ნეშტს, რათა მისთვისაც იქ მიეჩინა სამუდამო განსასვენებელი, სადაც სამშობლოსათვის ტანჯულთა და წამებულთა ძვლები განისვენებდნენ მხოლოდ. "საშვილიშვილო სამარეში", ანუ ქართველის შეგნებისთვის ყველაზე მაღალ ტაძარში, ყველაზე მდიდრულ აკლდამაში..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 08:12 PM

"აკაკი გულისტკივილით წარმოთქვამს: ძველ ქართველებს "ჩვენი ლხინი რომ ენახათ, სირცხვილითაც დაიწვოდენო".

როცა დიდი აკაკი გულისტკივილით ჩივის XIX საუკუნის მეორე ნახევარში უკვე შესამჩნევ ზნეობრივ გადახარზე, რათა უნდა ვთქვათ ჩვენ, დღევანდელ ე.წ. "ლხინის სუფრების" შემყურეთ?"

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2017, 02:01 PM

"რაში მდგომარეობს ჩვენი ხალხის ბედნიერება? მხოლოდ ერთს განათლებაში, რომ ჩვენი ხალხი ზნეობით ამაღლდეს".

/აკაკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 06:51 PM

"ლევან V დადიანის დროს ახუთში ცხოვრობდნენ გოგი, ზურაბ, ოტია, ვახტა და ხუხულობა ჯაიანები, რომლებსაც დიდი მეურნეობა ჰქონდათ, ასევე ეკლესია, ციხე და სამღებრო. ახუთის ამ ნაწილს "სარღებო" ერქვა. კვირაში ორჯერ აქ დიდი ბაზრობა იმართებოდა, სადაც სამეგრელოსა და იმერეთის სხვადასხვა კუთხიდან დიდძალი ხალხი მოდიოდა. გადმოცემით, ხონიდან სარღებოში სტუმრად ეტლით ჩამობრძანებულა აკაკი წერეთელი. სოფლის ბაზრობაზე უამრავი ხალხი დახვედრია. ლექსიც მიუძღვნია ახუთელებისთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2018, 02:29 PM

აკაკის ნაკვესები

"ერთხელ ქუთაისში სვიმონ გუგუნავა, - "თამარიანის" გამლექსავი და აკაკი ღამით მიდიოდნენ და საუბრობდნენ. სხვათა შორის, აკაკიმ ერთი პატარა ლექსი თქვა, სადაც ეს სიტყვებიც ერია: "მადლობა ღმერთს, ჩემი ჯიბე ძლივს გავტენე ოქრო-ვერცხლითო". ერთი ვიღაც იმათ შორიახლოს მისდევდა და თურმე ყურს უგდებდა. მგზავრებს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. გზაში სვიმონი გამოეთხოვა მეგობარს და თავის სახლში შევიდა. აკაკიმ გასწია ბალახვნის ქუჩისაკენ მარტოდმარტომ.

ერთ ყრუ და ბნელ ქუჩაში რომ შეუხვია, უკან დადევნებულმა კაცმა გადაუსწრო დამარტოხელებულ მწერალს, გაუჩერდა წინ და მიაძახა:

- გაჩერდი, თორემ გაგათავეო!

- რას მერჩიო? - მიუგო შემკრთალმა მწერალმა.

- მოიტა, რაც ფული გაქვსო!

- ჰო, ეგ გინდა, სხვა არაფერიო?

- დიაღ, ჩქარაო!

- მაშ კარგი, რაღა გაეწყობა. მაგრამ ერთი პირობით კი: ნახევარს დამჯერდიო!

- მე პირობისა არა ვიცი რა! მოიტა მალე სულო!

- შენი ნებაა, მაგრამ ჩემი ხელით კი არ შემიძლია, რომ მოგცე და შენ თვითონ ამოიღეო!

მოძალადე მივარდა მწერალს, ჩაუყო ჯიბეში ხელი, უცებ გაუსინჯა, მაგრამ ვერა უპოვა-რა და გულდაწყვეტით ჰკითხა:

- სად არის, რომ ვერ მივაგენიო?

- რა სულწასული ყოფილხარ, - მიუგო აკაკიმ, - ასე მალე მოგწყინდა ხელის ფათური? მე ჩემ სიცოცხლეში სულ მაგ ჯიბეებში ვიყოფ ხელს, ჯერაც ვერა მიპოვია-რა და შენ კი ერთ წუთს გინდა იპოვოო?!

- რომ არა არის-რა, რა ვიპოვნოო?

- ეგ მეც ვიცოდი და მიტომაც შემოგაძლიე ნახევარი, რომ გულიც ნახევრად დაგწყვეტოდაო. გაეცინა მოძალადეს და უთხრა:

- წადი შენთვის და მეორედ აღარ გნახო უფულოდო!

- მადლობელი ვარ! ღმერთმა გისმინოს, რომ უფულოდ მეც აღარ მენახოს ჩემი თავიო, - მიუგო აკაკიმ და დამშვიდებით გაუდგა გზას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2019, 05:59 PM

აკაკი წერეთელი შილდაში

ლადო აღნიაშვილს მოღვაწეობამ და საგუნდო-სასიმღერო ხელოვნებამ მრავალი თაყვანისმცემელი შესძინა და შილდა ყურადღების ცენტრში მოაქცია. ერთ-ერთი მისი გულითადი დამფასებელი გახლდათ აკაკი წერეთელი, რომელიც 1897 წელს, კახეთში სტუმრობისას, ლადოს თხოვნით სოფელ შილდას სწვევია.

"ლადო აღნიაშვილს პოეტი ბინაზე მიუპატიჟია და სადილი გაუმართავს. ლადოს ჯერ ჩონგურზე მარტოს უმღერია, შემდეგ გლეხებთან ერთად "სუფრული" შემოუძახია. აღფრთოვანებულ მგოსანს უთქვამს: "ძვირფასო შილდელებო, მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები. მასპინძლის, ლადო აღნიაშვილის სახელი, როგორც შესანიშნავი მომღერლისა, მთელ საქართველოშია ცნობილი. მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ქართული სიმღერა იხსნა გადაგვარებისგან, შეუნარჩუნა ძველებური ჟღერადობა. ღმერთმა ადღეგრძელოს ხმატკბილი აღნიაშვილი".

სადღეგრძელო ტაშმა დაფარა და როცა ხმაური შენელდა, აკაკიმ დაუმატა: "აქ, თქვენთან რომ მოვდიოდი, მეგონა, მარტო ლადოს სიმღერას მოვისმენდი, მაგრამ შევცდი, თურმე ყველა შილდელი მომღერალი ყოფილხართ. ღმერთსა ვთხოვ, რომ სულ სასიმღეროდ გქონდეთ საქმე, გაშოროთ მწუხარება, მოწყენილობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2020, 07:48 PM

"მიტროფანე ლაღიძეს ჰყავდა მეუღლე - ოლიმპიადა ვახანია და ხუთი შვილი. მრეწველსა და აკაკი წერეთელს ერთმანეთში თბილი ოჯახური მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ქუთაისის ბაღში შესული აკაკი უპირველესად თურმე ლაღიძის პავილიონს მიაშურებდა და მისი გამაგრილებელი წყლით ნასიამოვნები ზოგჯერ ლექსსაც აქვე წერდა. მან მეგობრის "ტკბილ წყალს" ლექსიც კი მიუძღვნა, რომელსაც მეწარმე პროდუქციის რეკლამისთვისაც იყენებდა:

"სასმელების მეტოქე ვარ
ღვინის, ლუდის, წყლის და რძისა,
ხილეულის ესენცია
მიტროფანე ლაღიძისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2021, 09:26 PM

" - მართალია, რომ თქვენ აკაკი წერეთლის შთამომავალი ხართ?
- აკაკი წერეთლის დისშვილი, ბაბუაჩემის - სილოვან ემხვარის დედა იყო".

/გურამ დოჩანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 07:28 PM

"აკაკი... ამ სახელის ხსენებისას ქართველი კაცის ცნობიერებაში, უპირველესად, წარმოდგება მამულის საკურთხეველთან მდგარი ბიბლიური მოხუცის ღვთაებრივი სახე, რომლის ფიქრიც სამშობლოს მომავლისაკენაა მიპყრობილი... და მართლაც, მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე საქართველოს უპირველესი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ილიასთან ერთად, უდიდეს ბურჯად ედგა სრულიად საქართველოს და არ ყოფილა დიდი თუ პატარა საქმე მის სამშობლოში, მგოსნის სულში რომ არ გამოევლოს, არ გაეთავისუფლებინოს და საკუთარი ტკვილივით არ განეცადოს".

/მურად მთვარელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:27 PM

"ნუ ჰკარგავ შენი რაცა გაქვს,
ნურც ეხარბები სხვისასა,
პატარა წყარო სჯობია
სასმელად მლაშეს ზღვისასა".

"კუდაბზიკეთი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 09:46 PM

"წყალში ნაშობი მარგალიტი, სანამ ზღვის სარდაფშია გამომწყვდეული, არაფრად ღირს, მაგრამ ხოჭიჭას რომ გახსნიან, გამოიღებენ და იმას ადამიანის თვალი მოხვდება, განძად გადაიქცევა"

"ქ-ნ საფაროვას ქალის იუბილეს გამო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 06:05 PM

"წყალი ხორცსა ჰბანს და სისხლი სულსა"

/"ჩემი რწმენა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 02:09 PM

"საქმის დროს საქმე შეშვენის
და ხუმრობის დროს ხუმრობა"

/"თორნიკე ერისთავი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 09:21 PM

"ვარდი რომ კიდეც ჭკნებოდეს,
მაინც ვარდი და ვარდია"

/"ალბომში"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 09:37 PM

"ვინც თავის გვარტომობას უარ ჰყოფს, ის ვეღარც სხვებს გამოადგება, უვარგისი იქნება შინაც და გარეთაც"

/"ჩემო პატარა მეგობრობებო"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 03:29 PM

"სწავლა-აღზრდა ერთიანი პროცესი იყო, რომელსაც სხვადასხვა ფორმები და საფეხურები ჰქონდა. ერთი ფორმა იყო წარჩინებულთა შვილების უფრო დაბალი საზოგადოების ფენების წარმომადგენელთა ოჯახებში "გაბარება". აღზრდის ეს წესი გარკვეულ დრომდე მოქმედებდა, სანამ სწავლის დრო დადგებოდა. ასეთი წესი მიზნად ისახავდა ბავშვის ზიარებას საზოგადოების შედარებით ფართო ფენების წარმომადგენლების ყოფასთან. როგორც ცნობილია, ეს ჩვეულება ჩვენში დიდხანს არსებობდა და შესანიშნავდაა აღწერილი და შეფასებული დიდი ქართველი მგოსნისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის მიერ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 06:32 PM

დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?
ბუნებისგან დაჩაგრული
განა შესძლებ მეგობრობას?
მოშხამული, ცივი გული
სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას.
წლიდან წლამდე უცნაურად
გეყინება ტვინი თავში!
უნდა ძალაუნებურად
ეხვეოდე დათვის ტყავში!
-დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,
რომ მფლობელად აღგიარო.

/აკაკი წერეთელი
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 04:57 PM

"1915 წლის 26 იანვარს (ძვ.სტ.) გარდაიცვალა ქართველი მწერალი აკაკი წერეთელი. 5 თებერვლიდან, პანაშვიდების დროს, მუდმივი თანამწიველი იყო არქიმანდრიტი გაბრიელი [აბაშიძე], რომელიც ამ დღეს ჩამოჰყვა სამგლოვიარო მატარებელს თბილისში. მან საღამოს პანაშვიდშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ძალზე დაღლილი იყო. იგი შემოსილი გამოჰყვა საჩხერიდან სამგლოვიარო პროცესიას. გზადაგზა, სადაც მატარებელს დეპუტაციები უხვდებოდნენ, არქიმანდრიტი გაბრიელი მატარებელიდან მუდმივ სადგურებზე გამოდიოდა და ლოცვა-კურთხევას აძლევდა შეგროვილ ხალხს. მატარებელში მყოფმა წარმომადგენლებმა შენიშნეს, რომ არქიმანდრიტი გაბრიელი სწუხდა. ამაზე მან მოკლედ უპასუხა: "მოვალე ვარ, ასე მოვექცე დიდებულ მამულიშვილის ხსოვნას; კათალიკოსი რომ გვყავდეს, ისიც ასე მოიქცეოდაო".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N7, 2022, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2023, 04:44 PM

"ქართული ლექსის ბულბულის ხმაზე ამამღერებელი მგოსანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2023, 08:00 PM

"ილიას გვერდით აკაკიც უნდა ვახსენოთ, არა მარტო იმიტომ, რომ შესანიშნავი პოემა "პატარა კახი" გვისახსოვრა, არამედ იმიტომაც, რომ მას ერთი დღეც არ გაუტარებია სახელმწიფო სამსახურში და სულ იმას ამბობდა: ჩემი ქვეყნის დამპყრობელს როგორ ვემსახუროო. ეს ფაქტი რომ ვინმემ დიდი მგოსნის სიზარმაცედ არ წარმოიდგინოს, ერთ ამბავსაც გავიხსენებ: საქართველოში სტუმრად ჩამოსულ იმპერატორს აკაკისთან შეხვედრა მოუსურვებია, მაგრამ პოეტს კატეგორიული უარი უთქვამს და ხელისუფლებას ვიღაც თეთრწვერიანი ახოვანი მოხუცი წარუდგენია იმპერატორთან აუდიენციაზე მის ნაცვლად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2023, 08:16 PM

"ამბობენ, აკაკის ლირიკა სევდიანიაო; ადამიანის შემოქმედება, ალბათ, მისი ცხოვრების ანარეკლია, და თუ ეს, მართლაც, ასეა, "სულიკოა" ამისი დასტური და ჩვენც, ჩვენი დღევანდელი საიუბილეო წერილი სასიქადულო მგოსანზე "სულიკოს" უკვდავი მელოდიის ავტორის მოგონებით გავაგრძელოთ ისე, რომ თხრობაში არ ჩავერიოთ, ვინაიდან სულგანათლებული ვარინკა წერეთელი ისე ჰარმონიულად და გულწრფელად გადმოგვცემს მოვლენათა მთელ ქარგას, აკაკის ბევრ სადავო წვრილმანსაც ნათელი ეფინება და მზის სხივივით ასპეტაკებს მის უმწიკვლო ჭაღარას:

"დაახლოებით 45 წლის წინათ აკაკიმ მიძღვნა ლექსი "სულიკო" და მითხრა, შენებურად ხმა გამოუძებნე და იმღერეო. დიდი მგოსნის შეკვეთამ, რა თქმა უნდა, საგონებელში ჩამაგდო. ლექსის მომხიბლავმა სილამაზემ ჩემში უთვალავი მუსიკალური სახეები აღძრა. ერთ მშვენიერ დღეს გიტარის აკომპანიმენტზე სრულიად მოულოდნელად ჩამოყალბიდა "სულიკოს" მელოდია. როდესაც აკაკიმ ეს მელოდია პირველად გაიგონა, დიდად ნასიამოვნები დარჩა, მამღერა მრავალჯერ, შემდეგ თავისი პორტრეტი მაჩუქა წარწერით: "ჩემს საყვარელ ბულბულს, სულიკო-ვარინკას აკაკისაგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2023, 08:56 PM

"სიკვდილის წინათ მასთან ვიყავი. ძალიან ცუდად იყო, შფოთავდა. თავით ვუჯექი და თვალცრემლიანი შევყურებდი. აკაკი თვალდახუჭული იყო. ხშირად ვუსწორებდი ყურთბალიშს. ამ დროს შემოვიდა ნამტირალევი მისი შვილი, ალექსი. აკაკიმ თვალი ცოტათი გაახილა და რაღაც ანიშნა. ალექსი საწოლთან მოვიდა და ჰკითხა რუსულად. უარის ნიშნად აკაკიმ თავი გააქნია და თვალი დახუჭა. ალექსის ტირილი აუტყდა. მე აკაკის თავზე ხელი გადავუსვი და რამდენჯერმე ჩავძახე, რა სურდა. შემომხედა, მოინდომა რაღაცის თქმა, მაგრამ ვერ მოახერხა. მიცვალებული აკაკი მეტისმეტად ლამაზი იყო"

/ვარინკა წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2023, 02:10 PM

"უცნაური ბედისა და ცხოვრების კაცი გამოდგა აკაკი. თავისი დათქმით ცოლის შერთვას არ აპირებდა, თუ შეირთავდა, ქართველი ქალის გარდა, არავის; სამწუხაროდ, ყველაფერი საპირისპიროდ აეწყო: ცოლიც შეირთო, თანაც არაქართველი... განათლებას ეწაფერობდა, რომ მამაპაპეული მამულით კი არა, თავი იტელექტით ერჩინა, მაგრამ მიუხედავად მუდმივი მატერიალური ხელმოკლეობისა, სახელმწიფო სამსახურში ერთი დღეც არ ყოფილა: "რაღაი ერთხელვე სხვა გზა მქონდა ამორჩეული, არა ვქენი სამსახურში შესვლა", - ამბობდა და წერდა კიდეც. ეს "სხვა გზა" მშობელი ქვეყნისა და ერის კეთილდღეობისათვის თავდადებული უანგარო სამსახური იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2023, 08:12 PM

"ვფიქრობ საუკუნის წინანდელ, მასშტაბით და მნიშვნელობით გამორჩეულ ამბავზე - 1912 წლის ივლისში რაჭა-ლეჩხუმში აკაკი წერეთლის მოგზაურობაზე, რომელმაც არა მარტო რაჭა და რაჭველები, მთელი საქართველო გაახარა მაშინ.

მადლობა ღმერთს, ეს მოგზაურობა ფირზე აღბეჭდა პირველმა ქართველმა კინოოპერატორმა, ვასილ ამაშუკელმა.

ყველა ასპექტით ისტორიულ-დოკუმენტური აღმოჩნდა "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში". მისი მეშვეობით კარგად ვიცით, რამდენი ხალხი ცხოვრობდა 1912 წელს რაჭაში. მოსახლეობა სიყვარულით ხვდებოდა და პატივს მიაგებდა საყვარელ მგოსანს, ნელ-ნელა რომ მიიკვლევდა გზას მოზღვავებულ ხალხში.

თურმე ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ, შოვის თანაბრად მდებარე სოფელ შხივანაში, იმ პერიოდში 300 უღელი ურემი იყო, რაც ნიშნავს, რომ ამ სოფელში, სულ ცოტა, სამასი ოჯახი მაინც ცხოვრობდა.

დღეს სოფელში თითზე ჩამოსათვლელი ოჯახებიღა ცხოვრობენ და მათი უმეტესობაც ზამთარს ქალაქში, შვილებთან ატარებს. აკაკის მოგზაურობის დროს კი, მარტო სოფელ ჭრებალოში გამართულ პოეტის ლექციას ხუთი ათასზე მეტი კაცი დასწრებია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2023, 08:12 PM

"ვფიქრობ საუკუნის წინანდელ, მასშტაბით და მნიშვნელობით გამორჩეულ ამბავზე - 1912 წლის ივლისში რაჭა-ლეჩხუმში აკაკი წერეთლის მოგზაურობაზე, რომელმაც არა მარტო რაჭა და რაჭველები, მთელი საქართველო გაახარა მაშინ.

მადლობა ღმერთს, ეს მოგზაურობა ფირზე აღბეჭდა პირველმა ქართველმა კინოოპერატორმა, ვასილ ამაშუკელმა.

ყველა ასპექტით ისტორიულ-დოკუმენტური აღმოჩნდა "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში". მისი მეშვეობით კარგად ვიცით, რამდენი ხალხი ცხოვრობდა 1912 წელს რაჭაში. მოსახლეობა სიყვარულით ხვდებოდა და პატივს მიაგებდა საყვარელ მგოსანს, ნელ-ნელა რომ მიიკვლევდა გზას მოზღვავებულ ხალხში.

თურმე ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ, შოვის თანაბრად მდებარე სოფელ შხივანაში, იმ პერიოდში 300 უღელი ურემი იყო, რაც ნიშნავს, რომ ამ სოფელში, სულ ცოტა, სამასი ოჯახი მაინც ცხოვრობდა.

დღეს სოფელში თითზე ჩამოსათვლელი ოჯახებიღა ცხოვრობენ და მათი უმეტესობაც ზამთარს ქალაქში, შვილებთან ატარებს. აკაკის მოგზაურობის დროს კი, მარტო სოფელ ჭრებალოში გამართულ პოეტის ლექციას ხუთი ათასზე მეტი კაცი დასწრებია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 08:39 PM

"ძვირფასებო, დიდმა მგოსანმა აკაკი წერეთელმა, რომელსაც მგოსანი მშობლიურმა ხალხმა სიცოცხლეშივე უწოდა, და, თან, მხოლოდ მას, - ერთადერთს, ჩვენი ერის, ქართველი ერის გადარჩენისა და ძლიერების, ჩვენის აზრით, შესანიშნავი ფორმლა დაგვიტოვა:

- თუ ახალგაზრდობა ქვაკუთხედად გაიხდის "სახარებას", ხოლო გვირგივნად დაიდგამს "ვეფხისტყაოსანს", "მხოლოდ ამ შემთხვევაში აღიზრდებიან ისინი ქართველსულ ადამიანებად" და მაშინ იქცევა ჩვენი ერი ძლევამოსილ ერად!"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2024, 06:16 PM

"აკაკი ქრისტესმიერ სურნელებას აფრქვევდა და ღვთაებრივ ნათელს ჰფენდა ქართველობას, არა მარტო პოეტური სიტყვით, არამედ - თავისი ჰაბიტუსითაც, თავისი გარეგნობითაც.

აკაკი აოცებდა, აღაფრთოვანებდა და იზიდავდა ყველას, განურჩევლად ასაკისა და განურჩევლად სქესისა, განურჩევლად სოციალური წოდებისა და განსწავლულობის დონისა. ხაზგასმით გავიმეორებთ, თანამედროვენი აღტაცებაში მოყავდა აკაკის არა მშვენიერ გარეგნობას, არამედ ის საკვირველ, ამოუცნობ, აუხსნელ არამატერიალურ ნათელს, რომელიც მთელი მისი არსებიდან მოედინებოდა და რომელსაც გარშემმომყოფნი მძაფრად შეიგრძნობდნენ"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2024, 09:29 PM

"არც ხილულ და არც უხილავ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევითობანი მხოლოდ ადამიანის გონებაში არსებობს, როცა მას, რსაც ვერ სწვდება და ვერ შეიცნობს, შემთხვევითობას არქმევს.

ღმერთთან კი, როგორც ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, შემთხვევითობანი არ არსებობს.

ცხადია, შემთხვევითი არ გახლავთ ის ფაქტი, რომ აკაკი ლოცვის დროს, ანუ ღმერთთან საუბრის დროს გარდაიცვალა.

ამგვარ გარდაცვალებას დიდი მეცნიერი და წმინდანი, მღვდელმთავარი ლუკა (ვოინო-იასენეცკი), ნეტარ გარდაცვალებას უწოდებს.

უფალი ამბობს, რომ ყველა თქვენგანს იმ მდგომარეობიდან განგსჯით და გაგასამართლებთ, რა მდგომარეობაშიც სიკვდილის წამში მოგიხელთებთ.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე აკაკიმ მოძღვარს კიდევ ერთხელ ჩააბარა აღსარება და ეზიარა.

აკაკის ოთახში, როცა გარდაიცვალა, საწოლთან მდგარ სკამზე ესვენა ხატი "დედა ღვთისმშობლისა" და "ქრისტე გეთსიმანიის ბაღში", სადაც ქრისტე ზეციური მამის წინაშე ლოცულობს.

ამ ხატის წინ ჯერ კიდევ ენთო სანთელი.

აკაკი ბოლო ამოსუნთქვამდე ღვთისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე ლოცულობდა, ლოცულობდა მთელი ქართველი ერისათვის, ლოცულობდა საქართველოსთვის, რომელიც საკუთარ თავზე მეტად უყვარდა. უპირატეს იმედს სწორედ მათზე - ღემრთსა და დედა ღვთისმშობლის შემწეობაზე ამყარებდა"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2024, 04:09 PM

"ლექსის წერის წინ აკაკის უყვარდა ოთახში სიარული და თმაში ხელის ფათური. ამიტომ მისი ხუჭუჭა თმები მუდამ აბურძგნული იყო, დაიარებოდა ოთახში და რაღაცას ღიღინებდა"... (ელისაშვილი)

/აკაკი მინდიაშვილი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)