IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი, ფოტო არქივი (ბიოგრაფია)
შაკო
პოსტი May 26 2008, 07:13 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი

IPB Image




ჩოლოყაშვილების საგვარეულო იმ დიდებული ქართველი თავად-აზნაურების რიგს განეკუთვნება, რომელთა წარმომადგენლებმა საქართველოს ისტორიაში სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულისა და გმირული თავდადების მრავალი დაუვიწყარი ფურცელი ჩაწერეს. მათ შორის იყვნენ მხედართმთავარნი და სახელმწიფო მოხელენი, მართმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავარნი და ამ ცხოვრების მშვენიერების პოეტურად მეხოტბენი – მგოსანნი.

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი 1888 წლის 14 ივლისს, კახეთის სოფელ მატანში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ოცდაერთი წლის ასაკში რუსეთის სამხედრო შენაერთებში გაიწვიეს. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, სადაც ოფიცრის ჩინიც მიიღო.

ქაქუცამ I მსოფლიო ომში (1914წ.) სახელი გაითქვა, როგორც ძლიერმა, მამაცმა და ნიჭიერმა მეთაურმა. “როგორი მხდალიც არ უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, საუკეთესო ვაჟკაცად იქცეოდა ქაქუცას ხელში”, – წერდა ალექსანდრე სულხანიშვილი. ჩოლოყაშვილი ამ ომში დაიჭრა და გადააგზავნეს კავკასიის ფრონტზე. დაჭრილი ხელმძღვანელობდა ზურგის ჯარს ხარაყამიშზე (ოსმალების წინააღმდეგიბრძოდა). ნიჭიერმა მეთაურმა დავალება ბრწყინვალედ შეასრულა. ხარაყამიშის დაცვისთვის ქაქუცა ოქროს ხმლით დააჯილდოვეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი ქართულ ჯარში მსახურობდა. იგი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნოდა, თავის მოწოდებას მხოლოდ საქართველოს სამსახურში ხედავდა.

1921 წლის 24 თებერვალს მენშევიკურმა მთავრობამ თბილისი დატოვა. ქართულმა ჯარმა დაშლა დაიწყო, იმავე წლის 17 მარტს ბათუმიდან გავიდა იტალიური გემი, რომელზეც ნოე ჟორდანია იმყოფებოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი მას არ გაჰყვა და საქართველოში დარჩა.

ქაქუცა იწყებს ბრძოლას ახალი წყობილების წინააღმდეგ, ბრუნდება თბილისში და ხვდება კოტე აფხაზს, შემდეგ იგი კახეთში გადადის და ქმნის მცირე ჯგუფს - “საქართველოს შეფიცულებს”, რომელსაც ორგანიზაცია უნდა გაეკეთებინა პარტიზანული ბრძოლის დაწყებისათვის. ჩოლოყაშვილი სანდო პირებს გზავნის საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და ქმნის ფარულ ორგანიზაციებს. 1922 წლის 12 მარტს ქიზიყიდან გადის ტყეში, შეფიცულებთან ერთად. თავდაპირველად მას ახლდნენ: მიშა ნაცვლიშვილი, მიხა ბაღიაშვილი, ვასო თამაზაშვილი, სოსო ლოსაბერიძე, ჩითინაშვილი და ქიზიყელი ბიჭი ქარუმა. შემდეგ მას შეემატნენ: ალექსანდრე სულხანიშვილი, სვიმონ ჩოლოყაშვილი (ქაქუცას ძმა), რაფიელ ერისთავი, ელიზბარ მაყაშვილი, ალექსანდრე კარგარეთელი, მიხა ხელაშვილი და სხვ. პირველად შეფიცულები წითელარმიელებს, ქ. სიღნაღთან, 1922 წლის ივლისში შეებრძოლნენ. აქედან იწყება მათ შორის ორწლიანი ბრძოლის მატიანე. შეფიცულთა რაზმი ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელს. 1922 წლის ზაფხულში მოაწყო “ხევსურეთის ამბოხება”, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა. ქაქუცა ჩრდილოეთ კავკასიაში გაიხიზნა და შემოდგომაზე უკან დაბრუნდა. ამის შემდეგ მთავარი ამბოხება უნდა დაწყებულიყო.

გადაწყდა, რომ აჯანყება დაიწყებოდა 1924 წლის 29 აგვისტოს. წინასწარშემუშავებული გეგმის მიხედვით, აჯანყება თბილისში უნდა დაწყებულიყო და თბილისში დაწყებული აჯანყება მთელს საქართველოში უნდა გავრცელებულიყო.

ქართველების შეუთანხმებლობამ, ზოგიერთ რაიონში დათქმულ დროზე ადრე აჯანყების დაწყებამ, აჯანყებულთა რიგებში “ჩეკას” აგენტების წარმატებულმა მოქმედებამ, აჯანყების ორგანიზატორთა მხრიდან დაშვებულმა შეცდომებმა, სამშობლოს განთავისუფლებისათვის გაწეული დიდი ძალისხმევა ტრაგიკული შედეგებით დაასრულა.

ჩოლოყაშვილმა და მისმა რაზმმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულები, ცხენებზე ამხედრებულნი, მიუახლოვდნენ საქართველო–თურქეთის საზღვრისპირა სოფელს აქ სამი ქვეყანა საქართველო–თურქეთი და სომხეთი ემიჯნებოდენ ერთმანეთს. Lლტოლვილები ფრთხილობდნენ, მუდამ შესაძლებელი იყო მდევრის გამოჩენა. შებინდებისას ისინი თურქეთის საზღვარზე გადავიდნენ. “ჩეკას” ცნობით საზღვარი ქაქუცასთან ერთად 22-მა მებრძოლმა გადაკვეთა. შემდეგ სტამბულიდან საფრანგეთისაკენ აიღეს გეზი.

საფრანგეთში ქართველი მამულიშვილებისათვის დაიწყო ემიგრანტული ცხოვრება. ქაქუცას ერთერთი შეფიცული _ ალ. კარგარეთელი ასე აღწერს პარიზში გატარებულ პირველ თვეებს: “დაიწყო ჩვენი დუხჭირი ცხოვრება საფრანგეთში. გაჭირვებულებმა დავიწყეთ სამუშაოს ძებნა. ზოგი საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გავიფანტენით... ქაქუცა პარიზში დაბინავებულიყო, რადგან არ უნდოდა შეფიცულების დაქსაქსვა სხვადასხვა ქალაქში, გადაწყვიტა მათი ერთად ყოფნა. პარიზის მახლობლად ვიროფლეიში იქირავა სახლი, სადაც ყველა შეფიცული ჩამოიყვანა და ერთად დაასახლა”.

პარიზის ჰავა საბედისწერო აღმოჩნდა ქაქუცას ჯანმრთელობისათვის. მას გაეხსნა ჯერ კიდევ I მსოფლიო ომში მიღებული ჭრილობა, რასაც თან ტუბერკულოზიც დაერთო.

მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქაქუცას ტანჯულ სამშობლოზე ფიქრი არ ასვენებდა. მეგობრები ხშირად აკითხავდნენ, ანუგეშებდნენ, იგონებდნენ წარსულს, ერთობლივ ბრძოლებს. პარიზში ქაქუცას ხშირად ხვდებოდა ძველი მეგობარი თამარ პაპავა, რომელიც იგონებს მათ ერთ-ერთ ბოლო შეხვედრას: “თითქოს მებრძოლ საქართველოს ბელადს ბრძოლის ასპარეზი გამოაცალეს, ოცნება წაართვეს და ახლა ფრთამოტეხილ არწივს ცეცხლს ღვინო უნელებდა და სიმღერამორეულ ცრემლს უშრობდა.

_ გახსოვს, თამარ, ალავერდობა? _ მეუბნებოდა ის პარიზში, ჩვენი სევდიანი ნადიმების დროს,დაბალი მთრთოლვარე ხმით.

_ გახსოვს თამარ, 26 მაისი? ის პირველი 26 მაისი?

_ გახსოვს, თამარ, შუამთის დღესასწაული?

_ გახსოვს, თამარ, ხატობა და ჩემი გაჭრა ტყეში?

_ ხომ გახსოვს ჩვენი ცა რა ფერისაა? რამდენი ვარსკვლავებია. რამდენჯერ მითვლია ისინი ტყეში, მიწაზე რომ ვიწექი და ძილი არ

მერეოდა.

_ გახსოვს, თამარ, ჩვენი საქართველო? . . . კრულიც იყოს აქ სიცოცხლე, იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის, თამარ! ,,

სიკვდილის სარეცელზე მწოლიარემ მოითხოვა ქართული მიწა, ჯვარი და ხატები და ალ. სულხანიშვილს დაუბარა, ეს ნივთები მისი შვილისათვის გადაეცა. ქაიხოსროს სურვილი იყო მისი ცხედარი დაეწვათ, რათა მისი ფერფლი ოდესმე დამოუკიდებელ საქართველოში დაეკრძალათ.

1930 წლის 27 ივლისს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა. მისი ნეშტი გადაასვენეს პარიზის ბერძნულ ეკლესიაში, შემდეგ დაასაფლავეს სენტ-უანის სასაფლაოზე, გარკვეული დროის შემდეგ გადაასვენეს ლევილში, ქართველთა საძმო სასაფლაოზე.

2005 წელს ასრულდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სანუკვარი ოცნება ის საქართველოში დაბრუნდა, დაბრუნდა საყვარელ სამშობლოში, რომელიც წაართვეს, იმ მიწაზე _ რომელიც არ აღირსეს, იმ ცის ქვეშ, რომელიც სიზმრებში ასე ენატრებოდა. მშობლიურმა მთაწმინდამ გულში ჩაიკრა მარადიულობასთან წილნაყარი ქართველი კაცი, რომლისთვისაც სამშობლო მართლაც საფიცარი იყო.

მშობლები . . .

IPB Image


პატარა ქაქუცა (პირველ რიგში მარჯვნიდან პირველი)

IPB Image

IPB Image


ქაქუცა ჩოლოყაშვილი და კვინიტაძე გიორგი


IPB Image


IPB Image


1924 წელი ქაქუცა გენერალ სპირიდონ ჭავჭავაძესთან ერთად

IPB Image


IPB Image


ქაქუცა ჩოლოყაშვილი ავადმყოფობისას


IPB Image


ქაქუცა საავადმყოფოში (მარცხნიდან პირველი)

IPB Image






--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th May 2024 - 12:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი