IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმიდა ალექსი (შუშანია), წმინდანის ცხოვრება
Amuza
პოსტი Dec 6 2009, 01:29 PM
პოსტი #1


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



IPB-ს სურათი

წმიდა ალექსი (შუშანია) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ ოზურგეთში წაიყვანა, სადაც თავად ვაჭრობდა.

ალექსის 1868 წელს გარდაეცვალა მამა. სიკვდილის წინ მან დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღვდელმონაზონი 16 წლის იყო.

ამავე წელს ალექსი იერუსალიმში გაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან, რომელიც იყო დიდვაჭარი და ამასთან, ფრიად განსწავლული კაცი, მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა, დიდად ღვთისმოსავი.

ბიძასთან ყოფნის ჟამს ალექსი შეეჩვია ვაჭრებს და იმდენად მოეწონა ეს ხელობა, რომ თავადაც ვაჭრად გახდომა მოუნდა, მაგრამ ღვთის განგებამ სხვა გზა უჩვენა.

ალექსიმ ბიძას გამოართვა წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა: ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა თავისი ახალგაზრდული სიამოვნებით, დედის, ბებიის, ძმის და ტოლ-სწორებისადმი სიყვარულით, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმიდა და მაღალი ცხოვრებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: „რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას? “ უხილავმა მოძღვარმა კითხვითვე უპასუხა: „ეხლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს?” ალექსიმ მიუგო: „ღმერთი! “ კვლავ გაისმა ხმა: „მაშინ შენც მოკვდი ღვთისათვის საწუთროისაგან და ღმერთს მიანდევი ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს.”

შემდგომ ამისა ალექსი საოცრად გამოიცვალა: თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრად მარხულობდა.

ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინეპოლზე გული აუცრუა და მალე ყველანი საქართველოში დაბრუნდნენ.

შინ დაბრუნებულმა ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღთქმა დადო. დები და ძმა დიდად შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი.

ალექსი თეკლათის დედათა მონასტერში ავიდა, საერო სამოსელი განიძარცვა და ბერულ მოღვაწეობის გზას შეუდგა. ამ დროს ალექსი 20 წლის იყო. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. დადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს.

ასე განვლო რამდენიმე წელმა. ერთხანს ალექსი სალოსურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ძლიერი მქადაგებელი იყო ღვთის სიტყვისა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილი მაგალითი იყო მრავალთათვის. მისი ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცნენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონიც. ბესარიონმა მოილოცა იერუსალიმის სიწმიდენი, იქ რამდენიმე წლის განმავლობაში იღვწოდა, შემდეგ კი მარტვილის მონასტერში მღვდლად ეკურთხა, მიიღო სქემაც და, ბოლოს, აღესრულა.

თავად ალექსიმაც იღვაწა ათონზე, გადაწერა მრავალი წიგნი. ათონიდან მობრუნებულმა დიდი სასოებით მოილოცა კიევის მღვიმეთა მონასტერი, საქართველოში დაბრუნდა და კვლავ განაგრძო თავისი ჩვეული მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და კეთილი საქმეებით.

დაახლოებით 1885 წელს ალექსი შუშანია დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც მრავალი საღვთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. 1886 წელს იგი გადაყვანილ იქნა დიაკვნად, ხოლო 1888 წელს კი – მღვდელ-მონაზვნად.

1890 წელს ალექსი ბერი ავადმყოფობის გამო თეკლათის მონასტერში დაემკვიდრა თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად.

ღვთის განგებით, 1891 წელს ალექსი ბერმა ბერული სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში, ე.წ. მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას. მამა ალექსის ჯანმრთელობაც ისე გამოუკეთდა, რომ წირვა-ლოცვის შესრულება შეეძლო. შემოწირულ თანხას იგი სამ ნაწილად ჰყოფდა: ერთ ნაწილს გადადებდა პირადი საჭიროებისათვის, მეორეს – ეკლესიისა და სტუმართათვის, მესამეს კი – დავრდომილთა და გლახაკთათვის. როდესაც მკაცრმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად გატეხა, მოწაფეები დაითხოვა და ბოლო, დაახლოებით 1915 წლის შემდგომ წლებში, ვიდრე ამიერ ქვეყნიდან განსვლამდე, თავის სქემონაზონ ბიძაშვილებს, დებს – აკეფსიმასა და ფასტოს იხმარებდა.

1898 წლიდან ალექსი ბერმა დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველთა მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა.

მიუხედავად ალექსი ბერის მკაცრი, ასკეტური ცხოვრება-მოღვაწეობისა, ის მაინც საოცრად ახლოს იყო ხალხთან, ახერხებდა მათთან სულიერ სიახლოვეს .

ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ბერი 1923 წლის 18 იანვარს მიიცვალა.

ღვთის წყალობით და უფლისმიერი მინიშნებით ალექსის აღკვეცამდე მისმა შუათანა დამ, სოფიომ მიიღო დედისგან ლოცვა-კურთხევა და მონაზვნად აღიკვეცა ახლად დაარსებულ თეკლათის დედათა მონასტერში. თავად ალექსი ნააღდგომევს აპირებდა სოფლისგან განშორებას. დაიწყო კიდეც მზადება აღთქმის შესასრულებლად: დიდი მარხვა მკაცრად იმარხა-დღეგამოშვებით იღებდა საზრდელს, დიდ ხუთშაბათს ეზიარა. დიდ პარასკევს, ღამით, მან იხილა ჩვენება: თითქოს საკვირველ ტაძარში შევიდა. ამბიონზე ბარძიმითა და საზიარებელი კოვზით იდგა თავად მაცხოვარი, რომელმაც აზიარა მომავალი წმიდანი. ეს ჩვენება ღირსმა უფლის ნებად მიიღო, დიდ შაბათს მღვდლის წინაშე გულწრფელად აღიარა თავისი ცოდვები და ეზიარა.

გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქემმონაზონ ფასტოს, რომელიც თავის დასთან, სქემოსან აკეფსიმასთან ერთად მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ.

ქრისტეს მოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა, ფასტომ და აკეფსიმამ, წმიდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.

1960 წლის 8 იანვარს ფასტომ და აკეფსიმამ იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით მამა ალექსის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად.

იხილეთ ვიდეო სიუჟეტიც

წმიდა ალექსი (შუშანია),წმინდანის ცხოვრება

არის ინტერნეტ საიტიც , რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ მისამართზე smile.gif

http://aleqsi-beri.com/

წმინდა მამა ალექსის ლოცვა შეგეწიოთ! smile.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Dec 20 2009, 02:37 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



IPB Imageღირსო მამაო ალექსი ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Dec 20 2009, 05:27 PM
პოსტი #3


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ნამყოფი ვარ მის საფლავზე, მენჯში, სენაკის რაიონში smile.gif

თუ არ ვცდები 31 იანვარსაა მისი ხსენება smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Dec 23 2009, 02:54 PM
პოსტი #4


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



წმიდა ალექსი ბერი (შუშანია)
ლექსები


IPB-ს სურათი


სოფელთან გამოთხოვება ოცის წლის ალექსის მიერ
და იმავე დღეს მისგან თქმული


აჰა, მოვალ მე ცოდვილი, ქრისტე ტკბილო მომეხმარე,
ტვირთ-მძიმე ვარ და მაშვრალი, განმისვენე და მახარე;
გახრწნილი ვარ, განრღვეული, ცოდვით წყლული და მდებარე,
და აწ მომეც ძლევა ჯვარით, ვიდრეცა ვარ, დამიფარე.

აწ მშვიდობით, გეთხოვები, ჩემო წუთის, შენ, სოფელო;
ფუფუნებით დაღუპულო, მარად ლხინისა მდომელო,
ზღვა-უფსკრულო, კაცთა მახევ, მარად ვაისა მხმობელო,
ურგები ხარ, მოღალატე, კაცის არ დასანდობელო!

უზესთაეს ფიქრი არი გზაი იწრო მაღლა ცამდე,
უმჯობეს არს სიყმაწვილით, რომ გზად მისა განვემზადე,
ეს სოფელი ვერას მარგებს, რო ვიფიქრე, გამოვცადე,
არ სოფლისთვის გავჩენილვარ, ღვთის მონებად დავიბადე.

გმადლობ, ქრისტე, ღმერთო ჩემო, დღეს შევიქენ ბედნიერი;
დღემდი სოფლის მონა ვიყავ, აწ-კი შენგნით ზეციერი!
ნუღა დამნთქავს მე სოფელი, მადლი მომეც ზომიერი;
სოფლის გემო ნუ დამზიდავს, ცნობა მომეც გულხმიერი.

აწ მშვიდობით, შენ სოფელო, რადგან გიყვარს ღალატობა;
რა შეგატყვე შენ სიცრუვე, სწორეთ არ მაქვს შენზე ნდობა;
შენა გიყვარს: სულ ამაოდ ცეკვა, ლხინი, თამაშობა...
ოდეს მოვა დრო სიკვდილის, უქმობს ღონე, ძალადობა.

დაგვრჩეს აქა ჩვენ ყოველი: ცოლი, შვილი და დობილი,
საყვარლები, მეგობრები, სატრფიალოდ გაცნობილი,
ძმა-ბიჭებთან ცეკვა-ტაში, ამაოდა გაქრობილი;
ვერც სიმდიდრემ დაგვიფაროს, ოხრად იქნეს დარჩომილი.

კაცთ ბუნება ხორცთა შინა დღე-ღამ ზვაობს ნდომისაგან;
დაავიწყებს მაღალ ღმერთსა, დააბნელებს ცნობისაგან,
ვახ, თუ მივყვეთ ხორცთა ნებას, გადაგვაგდებს ზომისაგან;
უკანასკნელ წარდგომასა ცეცხლმან გვტანჯოს წყრომისაგან.

აწ, უფალო, ნუ მიმანდობ ფიქრის ჩემის ყოფნის ნებას;
რაც მომედვას განსაცდელი, შენგან ვითხოვ მოთმინებას,
უქმად ჟამი ნუ განმივლის, ნუ ჩამაგდებ მოწყინებას,
ჩემის აზრით ნუ გამიშობ, მყავ განსვლამდე შენსა ნებას.



გოდება ხორცისა მდაბიოთათვის

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: სულობა მომაძულაო,
ამაო ბილწებისათვის მარადის მომაწყურაო,
შავი, ბოროტი მაყვარა, ანგელოზთ მომამდურაო,-
ბოლოს მარცხვინა კრებაში, სუდარა დამაბურაო.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: პირველად მომეფერაო;
ოდეს იძლია ცოდვითა, არცა რა დამიჯერაო,
სული ნათლისა განაგდო, სრულიად დაემტვერაო,
ბოლოს მარცხვინა, კუბოცა თავზედა დამახურაო.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ნდომითა გამახურაო,
გემოთ სურვილი ჩამაცვა, შემკრა და შემაჭურაო,
ბილწი ნაღველი მიმზადა, უფლებით ჩამაწურაო,
ბოლოს მარცხვინა საწყალი, მატლები დამაცურაო...

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: შვა ზღვაში შემაცურაო,
ღელვა ატეხა ფიცხელი, ჰაერსაც არ მაყურაო,
მლაშე წყალითა მახრჩობდა, ცვარიცა არ მასხურაო,
ბოლოს მარცხვინა, აყროლდა, ოჯახმაც მომიძულაო...

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: იმძლავრა სახის შვენითა;
შური მტერობით მამყოფა, ურთი ერთისა კბენითა,
აღთქმა ნათლისა მავიწყა, ცოდვას მაჩვია ფრენითა,
ბოლოს მარცხვინა, საფლავში მარტო დამტოვა ბნელითა.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: მარად მატარა ლხენითა,
ტურფად მიჩვენა ბილწება, შეამკო მიწა მწველითა,
წირვაშიც არ მომასვენა, მაოცნა ევა მშვენითა,
ბოლოს მარცხვინა, საფლავში გველი მეხვევა კბენითა.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: წუთი არ მომცა თმენითა,
გასუქდა, გამპარტავანდა, ცოდვა არ უჩნდა რცხვენითა,
ავსაქმობითა დაღალდა, იძინდა ხვრენითა,
ბოლოს მარცხვინა, დამტანჯა სატანჯველითა ძნელითა.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ტკბილად მაამა ავზედა;
“ვის შერჩენია სოფელი” – ხშირად მაძახა თავზედა,
ამპარტავნობით ძლეული, ჩაცმა ძვირფასად ტანზედა,
ბოლოს მარცხვინა შიშველი, ყოველი დამრჩა წამზედა.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: არ მომცა ფიქრი სხვაზედა,
ქორწინებისთვის გავჩნდიო, ცეკვა თამაშით სმაზედა,
ვით რა უკვდავი ჰფიქრობდა, არა სთქვა ბოლო ჟამზედა,
ბოლოს მარცხვინა კრებაშიდ, ვაი მაძახეს ხმაზედა.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ძვირი მახარა ძმაზედა,
სხვის ბრალი უფრო მანახვა, ჩემი მიფარა თვალზედა,
დღესა ბოროტი ჰქმენიო, კეთილი მიგდო განზედა,
ბოლოს მიმუხთლა, უეცრად სიკვდილი გაჩნდა კარზედა.

ხორცმა რა მიყო ვაიმე სატყეპი მარად თავზედა,
არც სინანული ისურვა, არ მომყვა კეთილ გზაზედა,
არ მოიგონა, მისთვის თუ ვინ დაემსჭვალა ჯვარზედა,
ბოლოს მარცხვინა უკვდავად ცეცხლის გეენი ტბაზედა.





მეორე სათხოვარი საერთო,
ღვთის-მშობლისადმი


ვალდებულ მქონან ეგ სათხოვარი
მამა პაპეულ დანაბარია,
შენით მისმენდეს მე მაცხოვარი,
ამინს იტყოდეს მთა და ბარია.

ივერთა დედავ, შენია, შენი,
შენდა აღრჩეულ ქართველთა ერი,
ამათ გარგებდა წილთ-განაჩენი
პიროვან ერი შენ შესაფერი.

მოხედე, დედავ, ივერიისა
ზამთარი დიდი ადგია ჭირად,
შეჰყურებს საწყლად თვის ობლობასა,
ზამთრის გადასვლა უჯდება ძვირად.

შენ მოუვლინე ხსნა და საშველი,
ანგელოზ ნათლის მფარველი, მცველი,
პური და ღვინო უკურთხე ძველი,
შორად განხადე მტერ-მწვალებელი.

ჩვენი ნათესავ ქალწული ნინა,
შენგან ნუგეშად ქართლს მოევლინა,
ნათელი სახსრად რო მოეფინა,
ახლა დედაო, რად მოგეწყინა?

შენი შეწევნის გვაღირსე სმენა,
ერსა ახარე უკვდავებანი,
მშვიდობიანსა იტყოდეს ენა,
შორად განასხე მწვალებლობანი.

ისმინე ჩვენი შენდამი ვედრი,
სმენა წვალების გვაშურებს დიდად,
მგმობართა თვისი მიაგე ხვედრი
და ჩვენ გვარჩინე დაცული წმიდად.

დაიცევ სამწყსო შენი წილ-ხდომილ,
გარემოდგომილ მხეცებისაგან,
რათა ვერ გვპოვონ გლახაკ-დავრდომილ,
გვიხსენ განმრყვნელი მგელებისაგან.



ღვთის-მშობლის შესხმა

დავითის ქნარის ოქროს სიმები
ათ-ძალი ქების საგალობელი,
ადამის ტომთა სულთ სალხინები
შენ ხარ მარიამ სამადლობელი.

პირველ მთიების შობილის ძისა
პალატ უზადო შენ მხოლო სრული.
სძალო უსძლოვო მაღლისა ღვთისა,
სულის წმიდისა ტაძარი თნული.

დავითის ბობღან ქნარი-ებანი
შენთვის გალობდა ათასი წლობით,
შესრულდა შენზედ მისი ქებანი,
ღვთის ჩაგონებულ წინასწარ-ცნობით.

ესრედ ყოველნი წინა-მეტყველნი
საკვირველებით გიხსენიებდნენ,
აღსრულდა სიტყვა მათი ყოველნი,
წინად გვახარეს ვის ეძიებდნენ.

ვინ შესძლოს შესხმა ანუ მე ესე
ცოდვით ბურვილმან გავბედო წერა!..
მხოლოდ გლახაკმან გულს განვუწესე,
შენ განმიწმიდო გულისა მზერა.

მიკურთხე ბაგე ჩემი მწიკული:
მომმადლე სიტყვა შესაკადრია,
შენვე გშვენოდეს სხივი მზიური,
შენ ხარ ცოდვილთა მთვარე ბადრია.

ზეცის ქალაქის ბჭე-შესავალი,-
კარი წყალობის შენით განგვეღო,
ჩვენი დიდების კვლავ აღსავალი
შენგნით გვეხარა, რაც რო მიგვეღო.

კაცთა ნათესავთ შვენიერებას,
ღვთისა ჩვენდამო მეცნიერებას.
ანგელოზთაცა საკვირველებას,
ზეცისა ძალნი გიძღვნიან ქებას.

მე ვით შევაწყო საგალობელი,
მხოლოდ სურვილი ქების მწადეა,
რა ვსთქვა, ვით გაქო, აბა რომელი
მაქვს შენი სათნოდ მოსამზადეა.

ქება ქებათა ვერას შეგმატებს,
მხოლოდ ჩვენ გვინდა გესათნოოდეთ.
ღვთისა დედასა ვინ რას შეგკადრებს,
მხოლოდ გუნდრუკად გესაკმეოდეთ.

მუხლებ მოყრილი, ხელებ გაშლილი,
სირცხვილეული ქვე მხედველია,
ცოდვის კვეთებით მძიმედ დაღლილი
მიმიღე ცოდვილ მვედრებელია.

ბევრი მაქვს ბრალი შენ წინ ცდომილი,
ვიცი გაწყინე უღირსებითა,
მაგრამ ვინანი და ვარ გრძნობილი,
შენვე მოგმართავ აღსარებითა.

ჩემი სიცუდე, ჩემი სიბნელე
შენ რას დაგაკლებს, ხარ მადლიანი,
აუტანელი ჩემთვის სიძნელე-
შენ რომ დამაგდო მე ბრალიანი.

ძემან გვასმინა სრული შენდობა
სამეოც-შვიდ გზის დღესა შინაო,
აბა ნუ მტანჯავს დასჯილი გრძნობა,
გთხოვ, მომიხსენო ნათელს-შინაო.

გლახაკ-საწყალი ცრემლით გეაჯი,
ღვთისა დედა ხარ ნუგეშიანი,
განსდევნე ჩემგან, ეშმაკი ქაჯი
ნათლის ცხოვრების მძულებიანი.

მიხედენ რისხვით, ვერ უძლონ დგომად,
მღვიმედ რბიოდენ სირცხვილეულნი;
მხოლოდ ინებე, შერისხე წყრომად,
იქცენ უკუნად შენგან ძლეულნი.

ღვთისა დედაო, ვახ თუ შეგძულდე,
ცოდვების დრონი... მეყვედურება,
ვერ იხილავო მოკვდე, აღსრულდე,
ამას მექადის მესაუბრება.

მაგრამ მირჩება ვითომ იმედი,
იესო ტკბილის დედაც ტკბილია,
გულსა ვიოხებ ამის გამბედი,
ვერ გძლევს, რაც ცოდვა ჩემგან ქმნილია.

შენს ნათელობას, შენს უზადობას
სწორედ არ ძალ უძს მე მომიძულოს,
ჩემს გლახაკობას, ჩემს ჭინჭველობას
გული ვერ გითმენს, მტერმან მიგულოს.

ნუგეში მექმენ, ნათლის დედაო,
საწუთოიდან როს განვიდოდე,
გპოვო იმედად სულსა ზედაო,
შენი ფარვითა მე ცად ვიდოდე.

შენ გამახარებ, შენ დამაწყნარებ,
თორემ მზირავნი გამამწარებენ,
მაგრამ შერისხავ, მათ გააქარვებ,
და მე მფარველნი აღმამაღლებენ.

ჩემი მეუფე იესოს წინა
შენ დამიდგები ნათესაობით;
შესთხოვ, შეუნდევ რაც გაგაწყინა,
ვიქნე კურთხეულ უკვდავ დღეობით.



წმინდათა წერილთათვის

სიტყუა წმინდათა გულთა მანათი,
სულის წმინდისგან ნიჭებულია,
სულო, გიყვარდეს სიტყუა ამათი,
მტერთა საძლეო, გმირეულია.

როცა კითხულობ, მიუპყარ სმენა,
ჰაზრი შეიტკბე, სანატრელადა,
ჯვარის აღების ისწავე თმენა,
მაღლით შეწევნა საფარველადა.

სჭამდე სიტყვასა, ვითარცა პური,
გწყუროდეს საქმით აღსრულებანი,
სიმხნით ებაძვე, აიღე შური,
თანაც გახსოვდეს უძლურებანი.

მზათ არის ღმერთი ხელი გიწოდოს,
სიმდაბლის გზაზედ შეგხვდეს იესო!
სიყვარულითა შვილად გიწოდოს,
წყალობა მისი მარად ჰგიესო.

წიგნებში ნახავ, მისთა მეგობართ
ჯილდოდ ანიჭა საწუთო ჭირი,
ვითარ შვენოდა მტერთა მეომართ,
მეფისთვის მოკვდეს მხედარი გმირი.

ნუ ებაძვები იმ მოციქულებს,
რომელთა განდგეს იესოსაგან,
ოდეს ეტყოდა ჯვარით ცმულობას
და განშორებას დიდებისაგან.

იმათ ეგონათ ქვეყნად დიდება,
იესოს მიერ ენიჭებოდა,
და როს ისმინეს ამათ რიდება,
იესოსთანა არ ვინ დგებოდა.

გულში იხატე: ეკუთვნი სიკვდილს,
ჭირი და ტანჯვა გეწევა დიდი,
უმართე მხარი, ნუ მონებ სირცხვილს,
ესეა ღონე გასავლელ ხიდი.

აგრე იცოდე, ქვეყნად მწირი ხარ,
ტარიგი იესოს შედგომილია,
მისთვის სამსხვერპლო შესაწირი ხარ,
ჯვარის აღების ხარ ცნობილია.

იტვირთე ჯვარი, უმართე მხარი,
თვალ-წინ იხატე თვით მაცხოვარი,
შესვი ნაღველი, გწყუროდეს ძმარი,
იესოს მისდევ, არ უყო ვარი!

კვლავ გევედრები გაშალე მხარი,
იესოს მისდევ არ უყო ვარი!



კაცის არსება

სული და ხორცი შენაწევრებულ ორად ხმოვანი არსებიანი,
სულსა მმართველსა ხორცი აცვია, ხრწნადი, მავალი ცხოვრებიანი,
ხორცი ქალაქად წარმოჩენილი, სული მეუფედ გამგებიანი,
ხორცი ხილულის მსასოებელი, სული მერმისა გონებიანი.

ხორცის სურვილი მოტყუებული, მოკლე აზრისა ქონებიანი,
მომავალისა დაუხედველი, ნდომის მიმყოლი, მონებიანი,
სიბრძნე სულს ახლავს გამგეობისა, ნათლის მომფენი სხივებიანი,
სულსა სამოსად ხორცი აცვია, წამი თვალ-მაქცი, ოცნებიანი.

ხორცი გებული ოთხის ნაწილით: ცეცხლი, ჰაერი, მიწა წყალია,
სული გებული უნივთოებით, სიბრძნე ზეცისა მომავალია,
ხორცთან ყოფობა სულსა ესაჯა, ოდეს მოიგო ურჩი ბრალია,
საპყრობილეა ხორცი სულისა, რათა იხადოს იგი ვალია.

სულის ცნობანი სამ-პიროვანი შემადგენელი არსი ერთია,
სიტყვა და სული და გონებაცა გუამსა შეადგენს, კაცი ერთია,
უმისოდ ხორცი პირუტყვულია, კაცი სამებით შესაერთია,
ვით რო ღვთაება სამებიანი, მაგრამ არსებით ერთი ღმერთია.

სიტყვის ორღანო ღვთისა განგებით მხოლოდ ჩვენს შორის მგალობელია,
ხორცის თვისება კაცთა შორისაც თუმცა პირუტყვის მახლობელია,
მაგრამ განგება, კითხვა-პასუხი ბრძენი სულითა საცნობელია,
სული უკვდავის გონიერობით განჩინებულობს, საგრძნობელია.

სწავლა ორ გვარად გასაყოფია: სწავლა სიცრუის და სიმართლისა,
სწავლა მართალი და ჭეშმარიტი, ღვთისა მხედველი და სინათლისა,
სწავლა სიცრუის, ამპარტავნული, ურწმუნოება, ქედი ლაღისა,
სიბრძნე სოფლისა, გაცოფებული, მომქსოველია დედა ზარდლისა.

გონება ცთომილ, ამპარტავანი ვეღარ შეიგნებს სულის სახესა,
მუცლის მსახური, გაუმაძღარი, გარე შეუცავს ბნელსა მახესა,
ცურავს გონებით ღელვის ზღვაშია, ფრიად განშორდა ცნობის არესა,
ჰბორგავს ვარ ყოფით მისგან უწდომსა, იწვევს მარადის ბნელსა მხარესა.

ღმერთო, უფალო, ტკბილო იესო!
გშვენის გალობა დიდებისაგან,
არსი ყოველი შენგან ჰგიესო,
წამებს სიბრძნეცა ქმნულებისაგა.

შენ შეგვიბრალე, შენნი მონანი
რა ყოფადისა იჭვით მცდარია,
ფილოსოფოსთა იჭვნი, ცნობანი,
სარწმუნოებით დასამყარია.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Dec 26 2009, 03:59 PM
პოსტი #5


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ჩვენი ფორუმელის, sasoeba-ს დაწერილი წმ. ალექსი ბერის ხატები
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


წმინდანის საფლავი სენაკში
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პ.ს. იმედია ფოტოების ავტორი არ გამიბრაზდება რომ მისი ნებართვის გარეშე ავტვირთე oops.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 03:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი