IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართული გვარები (ტოპონიმები და მათი სუფიქსები), ქართველთა წარმოშობის საკითხები.
აკაკი
პოსტი Aug 20 2010, 01:09 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ქართული გვარები

ტოპონიმები, მათი სუფიქსები და ქართველთა წარმოშობის საკითხები.


დამარხულ არს ენაი ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მესიის საწამებლად,
რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. ….

რამეთუ ყოველი საიდუმლოი
ამას ენასა შინა დამარხულ არს. ….

და ესე ენაი,
შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა,
მდაბალი და დაწუნებული –
მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა,…


,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” | იოანე – ზოსიმე

- ყველა ქრთველს შემჩნეული აქვს, რომ ქართული გვარები მისთვის დამახასიათებელი სუფიქსებით იწარმოება. მაგალითად წიქორი–ძე, ტურა–შვილი, ბექა–ია, ტუ–სკ–ია, ჯოჯ–უა, ხაინდრ–ავა, წიკლა–ური, ნიგურ–იანი, ქილიფთ–არი, ღლონ–ტი, ტუღუ–ში, ჯაყ–ელი, ქარ–ელი(ქ–არ–ელი), ბურდ–ული, აფცია–ური, ნამგალა–ური, ფიცხელა–ური, პაპა–სკირი და სხვა.
ყველაზე უფრო გავრცელებულია გვარები ძე და შვილი სუფიქსებით, ასევე ბევრია მეგრული და სვანური სუფიქსებით. ისინი მიუთითებენ ამა თუ იმ ადამიანის კუთხურ წარმოშობას, მაგრამ არის ისეთი სუფიქსები, რომლებიც არც თუ ისე ფართოდ არის გავრცელებული და ზოგჯერ არც თუ მაინცა დამაინც ზუსტად მიუთითებენ ქართველი ადამიანის კუთხურ კუთვნილებას. მაგალითად გვარები ური, არი, ან ელი სუფიქსებით შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა კუთხეებში. მაგალითად გვარი ძიძიგური უფრო მეტად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, ხოლო წიკლა–ური, ან აფცია–ური აღმოსავლეთ მთიანეთში. ასევე გვარი ჯაყელი სამცხედან არის, გაგელი აღმოსავლეთ საქართველოდან, ჯუღელები კი არიან დასავლეთ საქართველოშიც. სუბ–არი სვანური გავრია, ისევე როგორც სუბელ–იანი, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულად არიან ნაწარმოებნი. ყველაზე მეტ კითხვას ბადებს სწორედ, თითქოს და საერთოდ გავრცელებული წესიდან ამოვარდნილი ქართული გვარების წარმოშობა. როგორც ქვემოთ ვნახავთ კვლევისათვის ყველაზე საინტერესო სწორედ ასეთი გვარებია.
იმ პერიოდში, როცა გვაროვნული წყობილება ყალიბდებოდა ადამიანებმა წერაკითხვა არ იცოდნენ და ამიტომ წერილობითი საბუთები ამ დროის შესასწავლად არ არსებობს, მცირეა ასევე ზეპირი სიტყვიერებით გადმოცემული მასალები, თუ არ ჩავთვლით მითებს. ამიტომ ქართველთა გვაროვნული წყობილების პერიოდზე გარკვეული ინფორმაცია შეიძლება მოგვცეს სწორედ ქართული გვარების შესწავლამ. ყველაზე საინტერესო კი მათ შორის უძველესი და არქაული გვარები უნდა იყვნენ.
ალბათ ყველა ქართველს მიუქცევია ყურადღება, რომ ძირითადად გავრცელებულია სამი ჯგუფი გვარებისა, ესენია: გვარები ძე–სა და შვილზე დაბოლოებული, მეორე ჯგუფია მეგრული და მესამე ჯგუფია სვანური გვარები. საკამთო არ არის რომ ყველა ისინი ქართული წარმომავლობისაა, მხოლოდ გაუგებარი ხდება ქართული წარმომავლობის გვარები ასე რადიკალურად რატომ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
თუკი ყველა ეს გვარები ქართული წარმოშობისაა, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ საერთო ფუძე სუფიქსი, რომლიდანაც ყველა დანარჩენი ქართული გვარების მაწარმოებელი სუფიქსები წარმოიქმნენ. ე.ი. უნდა მოიძებნებოდეს რაღაც ფუძე სუფიქსი რომლიდანაც შეიძლება მიიღებოდეს დღეს არსებული, ასე რადიკლაურად განსხვაებული ქართული გვარების სუფიქსები და მისგან უნდა იწარმოებოდეს არა მარტო დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული სამი ჯგუფის გვარები, არამედ თითქოს და საერთო კანონზომიერებიდან ამოვარდნილი იშვიათი ქართული გვარებიც. ისმის კითხვა შეიძლება თუ არა ისეთი საერთო ფუძე სუფიქსის მოძებნა, რომლითაც უძველესი ქართველები აწარმოებდნენ თავიანთ გვარს და მიუითებდნენ ამა თუ იმ გვარისადმი კუთვნილებაზე.
ცნობილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ამა თუ იმ გვარის განსახლების ადგილი მოიხსენება ამ გვარების ფუძეებზე იანთ, ან აანთ სუფიქსების დართვით. მაგალითად: მარუშიანთ, ან მარუშაანთ(უბანი). საქართველოს ისტორიიდან ასევე ცნობილია, რომ ბაგრატ მესამემ დამარცხებული რატი ბაღვაშის ნაცვლად მის ადგილას ზვიად მარუშიანი დასვა. ბაგრატ მესამის გამეფებაში კი როგორც ისევ ისტორიიდან არის ცნობილი, შიდა ქართლის მთავარს მარუშიძეს მიუძღვის დიდი წვლილი. საფიქრებელია, რომ მარუშიანები და მარუშისძე ერთი და იგივე გვარია, სხვადასხვანაირად მოხსენებული. ყველასთვის ცნობილია ასევე, რომ სვანური გვარები იან, ან ანი სუფიქსით მთავრდება. მთაში როგორც წესი არქაული ფორმები უფრო დიდ ხანს ინახება, ამიტომ ამან შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ სვანური გვარების სუფიქსები ყველაზე ახლო არის არქაული ქართული გვარების სუფიქსებთან. ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ქართული გვარების უძველესი ფუძე სუფიქსი შეიძლება ყოფილიყო იანთ სუფიქსი, რომელიც გვარის განსახლების ადგილს, ან უბანს აღნიშნავს. თუ ეს მართალია, მაშინ ამ სუფიქსიდან უნდა მოხერხდეს ყველა ქართული გვარების სუფიქსების წარმოება.
სიმარტივისათვის ამა თუ იმ გვარის ფუძის ნაცვლად გამოვიყენოთ ნაცვალსახელი იმ, ანუ მაგალითად მარუშ–იანთ შევცვალოთ უფრო მოკლე ფორმით იმ–იანთ–ით. ვნახოთ მართლაც შეიძლება თუ არა ამ სუფიქსიდან ძირითადი ქართული გვარების სუფიქსების წარმოება.
მაგრამ სანამ უშუალოდ ამ საკითხზე გადავიდოდეთ, ჯერ გავიხსენოთ, რომ უძველესი ქართველები როგორც ჩანს ერთად ცხოვრობდნენ გორებად, სწორედ აქედან უნდა მოდიოდეს შეკითხვა რა გვარი ხარ?, ან რა გორის ხარ? ე. ი. რომელი გორიდან ხარო. ქართველები როგორც ცნობილია არ იყვნენენ მომთაბარეები და მიწათმოქმედებას მისდევდნენ. ამიტომ დამაგრებული იყვნენ ერთ ადგილზე და ერთმანეთთან საურთიერთობოდ მათ სჭირდებოდათ, რომ თავიანთი საცხოვრბელი ადგილებისათვის გარკვეული სახელები დაერქმიათ. ასე რომ სხვადასხვა ჯგუფის განსახლების გორებს სახელები ერქვათ. (მომთაბარეებისათვის ადგილებისათვის სახელის დარქმევას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც ისინი სულ მოძროაბაში იყვნენ, მუდმივად იცვლიდნენ გარემოს და ადგილისათვის სახელის დარქმევას აზრი ეკარგებოდა.) შესაბამისად ქართველები მავანზე იტყოდნენ, რომ ის იმ–იანთ გორიდან არისო. აქედან კი იოლად გამოდის მეგრული გვარები. თუ მავანი იმიანთ გორიდან იყო, თვითონ შეიძლება ეთქვა, რომ ის გვარად იმ–ია იყო. ნთ ხმოვნები საფიქრებელია რომ დაყრუვდა. მეგრული გვარების სხვა სუფიქსებს წარმოქმნას ქვემოთ შევეხებით.
იოლი მისახვედრია თუ როგორ წარმოიშვა სვანური გვარები. იანთ სუფიქსს ჩამოსცილდა თ და დარჩა იანი, ან შეიკვეცა ი და დარჩა ანი. თუ იმიანთ გორიდან იყო მეორე ნაწილი ადამიანების იტყოდა, რომ გვარად იმიანი, ან იმანი იყო.
უძველესი ქართველების მესამე ნაწილმა კი შეიძლება გამონათქვამი იმიანთ გორიდან არისო ასეთნაირად შეცვალა: იმათი(იმიანთ) გორიდან არისო და შედეგად მივიღეთ გვარები თი–ზე დაბოლოებული, როგორიცაა მაგალითად ჯიბუ–ტი(ჯიბუთი, დროთა განმვალობაში თ ალბათ შეიცვალა ტ–თი), ღლონ–ტი და სხვა. ანალოგიურად წარმოიქმნა ზოგიერთი ტოპონიმისათვის დამახასიათებელი სუფიქსი ეთი, მაგალითად: იან–ეთი, წოდორ–ეთი, კახ–ეთი, იმერ–ეთი და სხვა.
ყველაზე საინტერესოა მეოთხე ჯგუფის გვარების წარმოქმნა არი და ური სუფიქსებით. ისტორიის გარკვეულ დროის მონაკვეთში გვარის შიგნით ქორწინებები აიკრძალა, ტაბუ დაედო. როგორც ცნობილია ახლო ნათესავებს შორის ქორწილი გენეტიკურად არასრულფასოვან შთამომავლობას იძლევა. საჭირო გახდა უფრო დიდი გაერთიანებების შექმნა, რომ შთმომავლობა გაგრძელებულიყო. შეიქმნა უფრო მსხვილი გაერთიანებები, რომლებიც რამდენიმე გვარისაგან შედგებოდა. ასეთი არეების დასახელებაში გვარების გაერთიანების ფაქტი უნდა ასახულიყო. რადგანაც ეს მსხვილი არეები რამდენიმე გვარს მოიცავდა ამიტომ სუფიქსი იანი როგორც ჩანს გაორმაგდა. კერძოდ მივიღეთ ,,იმ”–იანთ–ანი. შემდეგ მოხდა მისი ტრანსფორმაცია შემდეგნაირად იმ–იან–ანი, იმ–ნანი და ბოლოს იმ–ნარი. ე.ი. ამა თუ იმ გვარების გაერთიანების საცხოვრებელი არის აღმნიშვნელი სუფიქსი ქართველების მეოთხე ნაწილში გახდა სუფიქსი ნარი. ასეთნაირად ნარი სუფიქსი ასევე იქცა ტოპონიმების აღმნიშვნელი სახელების სუფიქსადაც, მაგალითად მუხ–ნარი, რცხილ–ნარი და სხვა. ხოლო გვარების გაერთიანებებს კი შერჩათ სუფიქსი არი, ან არიდან ნაწარმოები ური. მაგალითად, ქილიფთ–არი, სუბ–არი, ხოტივ–არი, ემხვ–არი, ძიძიგ–ური, აფცია–ური(მრავალი მთიულური გვარები), უბ–ერი და სხვა. ე.ი. მივიღეთ გვარები იმ–არი, ან იმ–ური. აქედან იოლად მიიღება გვარებიც ელი სუფიქსით. იმ–ური გარდაიქმნა იმ–ული(ბურდ–ული) და ბოლოს იმ–ელი (ჯაყ–ელი). ური სუფიქსი ასევე აღნიშნავდა წარმომავლობას, კავკასი–ური, მთიულ–ური, კახ–ური, ხევს–ური და ა.შ. ეს სუფიქსი ზოგიერთ შემთხვევაში ტრანსფორმირდა ული სუფიქსად, მაგალითად ქართ–ული, რაჭ–ული, მთი–ული, მთი–ელი და სხვა(გვარები ული სუფიქსით. ბურდ–ული).
საერთოდ უნდა ითქვას, რომ შეიმჩნევა მკვეთრი კავშირი ქართული გვარების სუფიქსებსა და ტოპონიმების სუფიქსებს შორის. მაგალითად: სა–მტრედ–ია, სა–ფიჩხ–ია, მესტ–ია, ვარძ–ია, გურ–ია, დიო–სკუ(ა)რ–ია, სკ–ურ–ია, აკრ–იანი(სოფ. მარტყოფის ძველი სახელწოდება), ვაზ–იანი, ბაკურ–იანი, მღებრ–იანი, ვაჩნაძ–იანი, მუხ–იანი, გუდა–ური, ენგ–ური, ხაშ–ური, ჩოხატა–ური, ფასანა–ური, ხელვაჩა–ური და სხვა.
რაც შეეხება გვარებს ძე და შვილი სუფიქსით, ეს სუფიქსები შედარებით ახალია. ძე სუფიქსიანი გვარები წარმოიქმნენ მას შემდეგ რაც მამაკაცები სოციალურად დაწინაურდნენ, ხოლო შვილი სუფიქსიანი გვარები კი კიდევ უფრო ახალია და მას შემდეგ გაჩნდა რაც ქართველებმა გააცნობიერეს, რომ შვილი ბიჭიც და გოგოც თანასწორია.
ძალიან საინტერესო გვარია ქარ–ელი. საქართველოს გულში არის რაიონული ცენტრი ქარელი და ამავე დროს არსებობს გვარი ქარელი. ეს არის ყველაზე მკაფიო მაგალითი ქართული გვარებისა და ტოპონიმების წარმოშობის ერთიანობის და მსგავსების. ქარელი ნიშნავს ადმიანს, რომელიც ქარ–იდან არის. როგორც ზემოთ ვნახეთ არ სუფიქსი, რომელსაც ზოგიერთი ქართული გვარი დაირთავს (მაგ. სუბ–არი(სუბარები ქართული ტომიც იყო შავი ზღვის სამხრეთით), ქილიფთ–არი, ემხვ–არი, აფცია–ური, უბ–ერი და სხვა) წარმოიშვა გვარების გაერთიანების შედეგად. ე.ი. უფრო მსხვილ გაერთიანებებს და ტერიტორიულ ერთეულებს არე დაერქვათ და სავარაუდოდ ასეთნაირად წარმოიშვა სიტყვა არე (თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში არე მიჩნეულია ლათინურ სიტყვად. ჩვენ ქვემოთ დავინახავთ, რომ მრავალი ბერძნული და ლათინური სიტყვის წარმოშობა საკამათო გახდება). არეს სახეცვლილება უნდა იყოს სიტყვა ერიც. ანუ რამდენიმე გვარის გაერთიანებას დიდ ტერიტორიაზე ერი ეწოდა. ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქარი იყო მსხვილი ტერიტორიულ – გვაროვნული გაერთიანება რომელზეც ქარები ცხოვრობდნენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართული ტომები მსხვილ გაერთიანებებს არე –ს უწოდებდნენ და ტომების ერთმანეთისაგან გასარჩევად არე სუფიქსს წინ რაიმე ასოს ურთავდნენ(ქ–არი). ასეთი მარტივი სახელების წარმოქმნა მისაღები უნდა ყოფილიყო განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი კაცობრიობისათვის. შესაბამისად იმ ადგილს სადაც ესა თუ ის ქართული ტომი ცხოვრობდა ამ ტომის ან გვარის სახელი ერქმეოდა. ამითი უნდა აიხსნას ქართული გვარების, ან მათი სუფიქსების მსგავსება ქართულ ტოპონიმებთან და მათ სუფიქსებთან.
თუ ჩვენი ვარაუდი მართალია მაშინ უნდა ყოფილიყვნენ კიდევ სხვა ქართული ტომები, რომელთა სახელებიც ანალოგიური პრინციპით არიან ნაწარმოებნი. საბედნიეროდ ისტორიას შემორჩა ცნობა, რომ ძვ.წ.–ით მე–6 საუკუნეში ჩრდილოეთ ანატოლიის მთებში მოსინიკების(კოლხური ტომი) მეზობლად ცხოვრობდა ტომი რომელთაც ერქვათ მარ–ები. ისინი სწორედ იქ ცხოვრობდნენ სადაც ქართული ტომები იყვნენ განსახლებულნი.
გერმანელმა მეცნიერმა პოლ კრეტშმერმა ბერძნული და ანატოლიური ტოპონიმების შედარებით დაასკვნა, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბერძნებს წინ უსწრებდა ხალხი, რომლეთაც ამ მიწაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ცნობილია, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბერძნებამდე ცხოვრობდა ხმელთაშუაზღვის ხალხი(არა ინდოევროპელები), რომელთა საერთო სახელიც იყო პელასგები. მეცნიერების ჯ.მელაარტის, ფ.შახერმაიერის და ე. ფურნიეს კვლევების შედეგად წამოყენებული იქნა თვალსაზრისი, რომ პელასგები ახლო მიმართებაში იყვნენ კავკასიურ–იბერიულ ტომებთან. ამას საფუძვლად უდევს მრავალი ენობრივი პარალელი(ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტომი 8. გვ.13–14, სტატია ,,პელასგები”).
ზემოთ ვივარაუდეთ, რომ იმ ადგილებს სადაც ესა თუ ის ტომი ცხოვრობდა მათი სახელი ერქმეოდა. ასევე ცნობილია, რომ პელასგები თავის დროზე ბერძნებმა გამოდევნეს ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან და ეს ხალხი გაიფანტა, ზოგი წინა აზიაში, ზოგი ევროპაში და ზოგიც ახლო აღმოსავლეთში(არსებობს ვარაუდი, რომ პალესტინას სახელი პელასგებმა მისცეს. ისტორიაში არსებობს ცნობა, რომ ,,ზღვის ხალხი”, როგორც პელასგებს უწოდებდნენ მასიურად ჩასახლებულან პალესტინაში). ასე რომ თუ დავუშვებთ, რომ მარები თავიდან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდნენ, მაშინ ზოგიერთი ტოპონიმის წარმოშობა უფრო ნათელი გახდება.
როგორც ვიცით შავ და ეგოესის ზღვებს შორის მოთავსებლია პატარა ზღვა მარმარილოს ზღვა, აქვე არის მცირე კუნძული მარმარა. როგორც ზემოთ ვივარაუდეთ გეოგრაფიულ ადგილებს სახელები უძველეს დროში იქ განსახლებული ტომების სახელიდან გამომდინარე ერქმეოდათ. მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარების თავდაპირველი განსახლების ადგილი უნდა ყოფილიყო მარმარილოს ზღვის მიდამოები. აქვე არის მარმარილოს საბადოები და ალბათ მარმარილომაც სახელი ამ ტომის განსახლების ადგილიდან მიიღო (ბერძნულად მარმარილო არის მარმარო). ცნობილია ასევე, რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე ეწეოდნენ მარილის წარმოებას. მარილს ზღვის წყლიდან იღებდნენ. მზე აშრობდა ნაპირზე არხით შემოყვანილ ზღვის წყალს და მიწაზე რჩებოდა მარილი. მარილი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რომში ხელფასებს მარილით უხდიდნენ, აქედან მოდის ლათინური სიტყვა ,,სალარი”(სოლ–მარილი), რაც ხელფასს ნიშნავს, ქართული სალაროც. ,,სოლ” და ლათინური სიტყვა მზე ,,სოლო” სწორედ იმიტომ ჰგავს ერთმანეთს, რომ მზით იღებდნენ მარილს ზღვის წყლიდან. მიღებულ მარილს აუცილებლად სჭირდებოდა შენობა, რომ იგი წვიმის წყლისგან დაეცვათ, შეიძლება აქედან მოდიოდეს სიტყვა მარანიც. ლათინური სიტყვა ,,მარინ” და რუსული ,,მორე’’–ც როგორც ჩანს ამ ტომებთან უნდა იყოს დაკავშირებული, ქართველებისა და სლავების ურთიერთ მიმართებაზე ქვემოთ კიდევ ვისუბრებთ.
თუკი ვივარაუდობთ, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბერძნებამდე იბერიული ტომები ცხოვრობდნენ (უფრო ზუსტად კი მეგრულ–ლაზური, როგორც ამას აწ განსვენებული ზ.გამსახურდია ამტკიცებდა), ხოლო უძველესი ქართული ტომები სახელებს ირქმევდნენ არ სუფიქსზე რაიმე ასოს წინ დართვით და თან მათი განსახლების ადგილებსაც მათი სახელიდან ნაწარმოები სახელები ერქმეოდათ, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეგეოსის ზღვის მახლობლად ცხოვრობდა ასევე ქართულ–ლაზური ტომი გ–არ–ები. ამ მიდამოებში ბევრია ტოპონიმები სადაც გ ასო ხშირად ფიგურირებს.
გამოდის, რომ ძველი საბერძნეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ხალხი, რომელთაც ერქვათ მარ–ები და გარ–ები. შეადარეთ მარ–გარები, ანუ მარგალები, იგივე მეგრელები. საბერძნეთთან ბევრია ტოპონიმები და სახელები სადაც გრ ან რგ ასოთა შეთანაწყობა ხშირად გვხვდება. მაგალითად არგო, ბერძნები ქართველებს გეო–რგ–ებს უწოდებდნენ, ანუ მიწათმოქმედებს, ბერძნულად გეო მიწას ნიშნავს და როგორც ჩანს ამ სიტყვის ეტიმოლოგიაც გარებთან არის დაკავშირებული. თვითონ ბერძნების ინგლისური სახელიც გრ–იის, ან რუსული გრ–ეკ, მე–გრ–ელს უახლოვდება. შესაძლოა გორაც გარებიდან იყოს ნაწარმოები. ქართველები მიწათმოქმედები იყვნენ, მიწაზე დამაგრებულები და ამიტომ უძველეს დროში ტოპონიმების წარმოშობა სწორედ ქართველებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რადგანაც ინდოევროპელები, რომლებიც ევროპაში მოგვიანებით შემოვიდნენ მომთაბარეები(მომთაბარე კი როგორც ზემოთ აღვნიშნე ტოპონიმებს ვერ შექმნიდა) იყვნენ და ქართველებისაგან ისწავლეს ბევრი სამეურნეო საქმიანობა.
ქართული ტომის სახელი, რომელიც ასევე ზემოთ მოყვანილი წესით უნდა იყოს ნაწარმოები ჩვენი აზრით არის ჰ–ერ–ები, შეიძლება ჰ–არ–ები. ქართველების სინონიმია ასევე სიტყვა იბერები. იქნებ ი–ბერ–ი თავიდან ბ–არი იყო და დროთა განმავლობაში იგი ტრანსფორმირდა იბერად? თუ ეს ასეა მაშინ სად შეიძლება ყოფილიყო მათი განსახლების ადგილი? გავიხსენოთ, რომ ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ტომის სახელი ერქმეოდა იმ ადგილსაც სადაც ის მკვიდრობდა, ასევე ზოგიერთ მისთვის დამახასიათებელ საქმიაონაბასაც. შეიძლება თუ არა რომ ბარების განსახლების ადგილთან იყოს დაკავშირებული სიტყვა ბარი, ანუ ვაკე ადგილი? თუ ასეა. როგორც ეს გარებისა და მარების შემთხვევაში იყო, სად უნდა ვეძებოთ ბარების განსახლების ვაკე ადგილი? თუ ევროპის რუქას დავხედავთ ეს ადგილი უნდა იყოს ბულგარეთისა და რუმინეთის ვაკე ტერიტორიები. ვინ იცის ბულგარეთის თავდაპირველი ჭეშმარიტი სახელი ბარგარეთია?(თუმცა დღეს გავრცელებული მოსაზრებით ბულგარეთს აზიიდან მოსულმა მომთაბარე ტომმა ბულგარებმა მისცეს სახელი. ვინ იცის იქნებ პირიქით იყო?). ამ მოსაზრებას კიდევ უფრო გავამყარებთ ქვემოთ მოყვანილი მსჯელობებით.
გავიხსენოთ კიდევ რამდენიმე უცნაური ქართული(მეგრული) გვარი: პაპასკირი და წულეისკირი. სკა ქართული სიტყვაა და ფუტკრის ოჯახს ნიშნავს, თან უმარტივესი სიტყვაა, ამდენად უნდა ვიგულისხმოთ, რომ უძველესია (სულ სამი ბგერისაგან შედგება და ერთ მარცვლიანია). ასე რომ თუკი ზოგიერთი ქართული ტომი გორებად ცხოვრობდა, როგორც ჩანს გარკვეული ნაწილი თავის საცხოვრებელს სკას უწოდებდა. მაშინ გამოდის რომ წულეისკირი ნიშნავს წულების სკა არეებს. ანუ შიძლება ვიფიქროთ, რომ წულეისკირის გვარი ნიშნავს, რომ მავანი წულების სკა არის(დიდი ტერიტორიული გაერთიანება) წარმომადგენელი იყო. ანალოგიურად პაპასკირი გამოდის პაპების სკა არის წარმომადგენელი. ის რომ ჩვენი ვარაუდი შეიძლება მართალი იყოს ადასტურებს ის ფაქტი, რომ სვანეთში დღესაც ,,უფლიშარობაზე” შესაწირად გამოყავთ ნასუქი ხარი. მოსახლეობა სისხლის ნათესაობის მიხედვით იყოფა ,,სკარებად”, განსაკუთრებით სოფლებში: ლახამულში, ლატალში და უშგულში. ტარდება ხართა ჭიდილი. ნადიმი და ასპარეზობა(აკაკი გელოვანი, ,,მითოლოგიური ლექსიკონი”, 1983 წელი, სტატია ,,ხარი”, გვ. 554–555.).
ჩვენ ზემოთ ვივარაუდეთ ბარების საცხოვრებლის არსებობა ბულგარეთისა და რუმინეთის დაბლობზე. ახლა გავიხსენოთ რუმინელებისა და პოლონელების გვარები და მათი სუფიქსები. პოლონური გვარებია: კაჩინ–სკი, ტუ–სკი, სკლადოვ–სკი და სხვა, ხოლო რუმინელების გვარებია ილიე–სკუ, პაპე–სკუ, ჩაუშე–სკუ და სხვა. როგორც ვხედავთ სკ სუფიქსი, ისევე როგორც მეგრულ გვარებში აქაც გვხვდება. როგორ შეიძლება პოლონელებსა და რუმინელებს მსგავსი გვარების სუფიქსები ჰქონდეთ?. რუმინელები რომანული ჯგუფის ხალხია, ხოლო პოლონელები სლავური. ერთმანეთთან ახლო ნათესაობა არ აქვთ. ეს შეიძლება მომხდარიყო, მაშინ თუ მათ გვარების წარმოქნის წესი რომელიმე საერთო მეზობელი ტომისგან აიღეს და ასეთი უნდა ყოფილიყო ბარები, რომლებიც გვარებისა და ტოპონიმების წარმოქმნაში როგორც ჩანს იყენებდნენ სკ სუფიქსს. გავიხსენოთ ისიც, რომ არსებობს მოსაზრება, რომ იბერები პირინეის ნახვარკუნძულზე გადასახლდნენ თავის დროზე(ექვთიმე მთაწმინდელს, რომელიც ათონის წმინდა მთაზე მოღვაწეობდა, სურდა ემოგზაურა პირინეის იბერიაზე მაგრამ ვერ მოახერხა) და პირინეის ნახევარკუნძულს იბერიაც კი ერქვა. გერმანელმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწე ვილჰელმ ვან ჰუმბოლდტმა პირველმა დაასკვნა, რომ ბასკები არიან იბერები. დავაკვირდეთ თვითონ ბასკების საკუთარ სახელს: ბა–სკ–ები. ეს სიტყვაც შეიცავს სკ სუფიქს, ისე როგორც იბერების შემთვევაში ვიგულისხმეთ ჩვენ. გარდა ამისა ბასკების განსახლების მახლობლად არსებობს ყურე ბა–სკ–აია. მეგრელებისათვის დამახასიათებელ სუფიქსს ია–ს ჩვენ კიდევ მივუბრუნდებით. სკ სუფიქსი ასევე გამოიყენება სლავებში რაიმე საგნის თუ პიროვნების ამა თუ იმ ადგილიდან წარმოშობის აღსანიშნავად, მაგალითად რუმინ–სკი, ბალგარ–სკი და სხვა. ქართულში მას ელი ან ული სუფიქსი შეესაბამება, კახ–ელი, ქართლ–ელი და სხვა.
როგორც ცნობილია ბერძნები და ლათინები მოგვიანებით შემოვიდნენ ევროპაში აზიიდან. შავი ზღვის ჩრდილოეთით. პირველი არა ინდოევროპული ტომი რომლებიც მათ შეხვდებოდა თავის გზაზე უნდა ყოფილიყვნენ ბარები. ლათინური სიტყვა ბარბაროსი სწორედ უცხოელს ნიშნავს. მათ როგორც ჩანს ხშირი ომები უნდა ქონოდათ ქართულ ტომებთან: მარებთან, ბარებთან და გარებთან. ამასვე მოწმობს მითი ტროას ომზე. რომაული ომის ღმერთი მარსიც მარებთან უნდა იყოს დაკავშირებული. საინტერესოა ესპანური სიტყვა ა–მიგო. თითქოს რაღაცით გავს კიდეც ქართულ მ(ე)(ი)გო–ბარს. მეგობრის ეტიმოლოგია კი ასეთი უნდა ოყოს: მარ–გარ–ბარი. როგორც ჩანს მომხვდური ინდოევროპელების წინააღმდეგ მარებს, გარებსა და ბარებს სამხედრო კოალიცია ჰქონდათ შექმნილი და სიტყვა მეგობარიც სწორედ ამ კოალიციას ასახავს: მარგარბარი დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდა მეგობრად.
რუსულ ვიკიპედიაში სტატიაში ,,პელასგები” გამოთქმულია მოსაზრება, რომ პელასგები განსახლებული უნდა ყოფილიყვნენ აპენინის ნახევარკუნძულზეც, ნაწილობრივ მაინც. გარდა ამისა იტალიის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ ეტრუ–სკ–ები, რომლებიც ამავე სტატიის ბოლოს გამოთქმული მოსაზრებით ენათესავებოდნენ პელასგებს. ამ სიტყვის შემადგენლობაშიც შედის სკ სუფიქსი.
საბოლოოდ შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ბარები(შესაძლოა იგივე იბერები), ცხოვრობდნენ მარებისა და გარების მეზობლად, ბულგარეთისა და რუმინეთის ვაკე დაბლობზე, იყვნენ მეგრელების ახლო ნათესავები და გვარებსა და ტოპონიმებს აწარმოებდნენ სკ სუფიქსის გამოყენებით. სავარაუდოა, რომ მეგრული გვარები წულეისკირი და პაპასკირი არის ბარული წარმოშობის.
ევროპის რუქას თუ დავხედავთ, დავინახავთ, რომ აქ უამრავია ტოპონიმები, რომლებიც ია სუფიქსზე მთავრდება. მაგალითად ანატოლ–ია, ანტალ–ია(წინა აზია). მაკედონ–ია, სოფ–ია, რომან–ია, ჯორჯ–ია, სერბ–ია, როს–ია, ბულგარ–ია, ალბან–ია, ლატვ–ია და სხვა. იტალიის ქალაქებია: ვენეც–ია, ბრე-სკ–ია, ფროგ–ია. პარიზის უძველესი სახელია ლუტეც–ია. ბევრია თურქეთშიც. აქ მოყვანილი ტოპონიმები ზოგი ინგლისურია და ზოგიც თავიანთსავე ენაზე გამოითქმის ასე. ასე შეიძლება ძალიან შორს წავიდეთ და უამრავი მაგალითი მოვიყვნოთ. საინტერესოა, როგორ უნდა მომხდარიყო რომ სხვადასხვა ხალხის განსახლების ადგილების ტოპონიმები ერთნაირი ია სუფიქსით ყოფილიყო ნაწარმოები.
იანი სუფიქსი ქართულად როგორც ვიცით აღნიშნავს რაიმეიან ადგილს ან ვიღაცით დასახლებულ ადგილს. მაგალითად მღებრ–იანი, აკრ–იანი(ანუ ძველ ქართუალდ ქვ–იანი), ვაზ–იანი, მუხ–იანი. როგორც ზემოთ ვთქვით მეგრულად ეს სუფიქსი ტრანსფორმირდა და იანიდან დარჩა ია. ანუ ეს ია სუფიქსიც ისევე როგორც იანი აღნიშნავს რაიმეიან ადგილს. მესტ–ია, სკ–ურ–ია, საფიჩხ–ია, საღორ–ია, სამტრედ–ია და სხვა. იმის გამო, რომ ინდოევროპელები სულ მომთაბარეობდნენ მათ არ უნდა ჰქონოდათ ტოპონიმების შექმნის სისტემა, რადგანაც არ სჭირდებოდათ. მას შემდეგ რაც ევროპაში შემოვიდნენ და ადგილობრივი ხმელთაშუაზღვის ხალხი განდევნეს, როგორც ჩანს ბევრი ტოპონიმი ისესხეს და ამავე დროს ახალი ტოპონიმების შექმნის წესიც გადაიღეს იქ დამხვდური ტომებისაგან. ხოლო იქ დამხვდური ტომები კი როგორც ვაჩვენეთ მეგრულ–პელასგური ტომები იყო. სწორედ ამით უნდა აიხსნებოდეს ია სუფიქსიანი ტოპონიმების სიჭარბე ევროპაში.
ახლა დავაკვირდეთ ხმელთაშუა ზღვის ბასეინის გარშემო არსებულ ტოპონიმებს. მაგალითად ე–სპ–ანეთი, სპ–არტა საბერძნეთში, სპ–ერი(იბერიის ერთერთი პროვინცია, სამხრეთ დასავლეთ სქართველოში), სპ–არსეთი. როგორც ვხედავთ ესპანეთიდა სპარსეთამდე სპ ბგერათა თანაწყობა არ არის იშვიათი და სხვადასხვა ხალხებში მეორდება. როგორც ვიცით არსებობდა ხმელთაშუა ზღვის რასა (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტომი 11, გვ. 491 სტატია ,,ხმელთაშუაზღვისპირული რასა”), ამ რასას მეორენაირად ,,კავკასიური” რასაც ეწოდებოდა, რადგანაც გერმანელმა მეცნიერმა ბლუმენბახმა, რომელმაც რასები შეისწავლა დაადგინა, რომ ყველაზე სწორი თავის ქალა ქართველ ქალს ჰქონდა და დაარქვა ,,კავკასიური” რასა. როგორც ზემოთ ვთქვით მსხვილ ტომობრივ გაერთიანებებს ქართული ტომები სავარაუდოდ არეს არქმევდნენ, ან აქედანვე წარმოქმნილ სიტყვას ერს. ამიტომ ჩვენი აზრით ხმელთაშუა ზღვის ხალხების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო სპერები. აქედანვე უნდა იყოს ნაწარმოები სპარსული სიტყვა სპა. როგორც ცნობილი ხმელთაშუაზღვის, ანუ კავკასიური რასა გავრცელებული უნდა ყოფილიყო, პირინეის ნახევარკუნძულიდან ინდოეთამდე.
პელასგებს სხვანაირად ზღვის ხალხსაც უწოდებდნენ, რადგანაც ეს ხალხი ზღვის გარშემო ცხოვრობდა და მეურნეობაც სავარაუდოდ ზღვასთან უნდა ჰქონოდათ დაკავშირებული. გამოდის რომ პელასგები სპერების ის ნაწილი იყო, ვინც ზღვასთან ცხოვრობდა. ამიტომ ამან გვაფიქრებინა, რომ პელასგების თავდაპირველი სახელწოდება უნდა ყოფილყო სპ–ერა–ზღვები. რომელიც დროთა განმავლობაში გარდაიქმნა პელასგებად. სპერაზღვებიდან უნდა იყოს შექმნილი სიტყვა ლაზიც (სპერაზღვა, სპე–ლაზ–ღვა). სპ–სთან უნდა იყოს დაკავშირებული სიტყვა სპალეოლოგიაც. როგორც ჩანს ხმელთაშუა ზღვის ხალხი პირველები შევიდნენ გამოქვაბულებში საცხოვრებლად, რადგანაც მომთაბარეები არ იყვნენ.
როგორც ზემოთ ვივარაუდეთ ქართული ტომები მსხვილ ტომობრივ გაერთიანებებს არეს ან ერს უწოდებნენ და წინ რაიმე ბგერას ურთავდნენ ერთმანეთის გასარჩევად, ამიტომ უნდა ყოფილიყვნენ ტომები: მარები, გარები, ბარები, ქარები, ჰერები და შეიძლება კიდევ იყვნენ სხვებიც. ე.ი. ქართული ტომები არეს წინ ურთავდნენ რაიმე ბგერას და ისე ირქმევდნენ სახელს, ხოლო მომთაბარე ინდოევროპელებს ასეთი სისტემა არ უნდა ჰქონოდათ. იმ დროისათვის ხმელთაშაზღვის რასა ყველაზე მაღალგანვითარებული იყო და სხვა მეზობელი ხალხები მათგან ბევრ რამეს სწავლობდა. ქართული ტომები უსახელო ინდოევროპელ ხალხს როგორც ჩანს უსახელო არეელებს უწოდებდნენ და მათ დაარქვეს არიელი, ანუ უსახელო არედან წამოსული ადამიანი. აქედან უნდა იყოს წარმომდგარი ინდოევროპელების საკუთარი სახელი არიელი. არიელი თვითონ თავის თვს უსახელო არიელს ვერ დაუძახებდა, როგორც ჩანს ქართველები უწოდებდნენ მათ ასე და მათაც ეს სახელი დაირქვეს.
ქართული ტომები ჩვენი ვარაუდით გარკვეულ ხმებს ზ ბგერასთან აიგივებდნენ, მაგალითად სიტყვა ზ–არი შეიცავს ბგერა ზ–ს. ასევე ზღვის ხალხისათვის ზღვის ხმაური როგორც ჩანს გაიგივდა ზღ ბგერებთან საიდანაც წარმოიქმნა სიტყვა ზღვა. ეს სიტყვა ზღვის პირას მცხოვრები პელასგებისათვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. ამავე დროს ძალიან მარტივია და ასევე უძველესია სიტყვა მზეც. ეს სიტყვაც შეიცავს ზ ბგერას. ეს შეიძლება იმიტომ მოხდა, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები პელასგები დილის ამომავალ მზეს. რომელიც სიცოცხლეს ანიჭებს ყველაფერს, ხედავდნენ შავი ზღვის აღმოსავლეთით. ამიტომ სიტყვა მზე და ზღვა ამჟღავნებს გარკვეულ მსგავსებას. შეიძლება ვინმე შემეკამათოს, რომ მეგრულად მზე არის ბჟა, მაგრამ ქვემოთ ვაჩვენებთ, რომ მზის თავდაპირველი სახელი ეტყობა სწორედ მზე იყო, ხოლო ბჟა უკვე უფრო არქაული მზის ტრანსფორმაციაა. ეს გარკვეულად უკვე ჩანს იქიდანაც, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ხალხისათვის ზღვა და მზე ერთმანეთთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. (ძველ გერმანულადაც მზე ყოფილა ზონ. აქაც ფიგურირებს ბგერა ზ.)
აქვე გავიხსენოთ, რომ მეგრული ტომებისათვის ია სუფიქსი უნდა ყოფილიყო რაღაციანი ადგილის აღმნიშვნელი. მაშინ პელასგებს რა უნდა ეწოდებინა მისთვის სიცოცხლის მომნიჭებელი აღმოსავლეთისათვის? ეს ხომ იყო ამომავალი მზის მხარე? ეს შეიძლება მას ასე გამოეთქვა ა (პრეფიქსი, რომელიც აღმასვლას აღნიშნავს) მზ–ია. ე.ი. ა–მზ–ია, ანუ ამომავალი მზის მხარეო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
აკაკი
პოსტი Aug 20 2010, 04:59 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



კანონისტი

ისე, რა აზრის ხარ? შესაძლოა სიმართლე იყოს, ასეთი მჭიდრო კავშირები?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 07:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი