პატრიარქის ეპისტოლეები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ეპისტოლეები |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 8 2007, 05:58 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე „ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“ (აღდგომის საგალობელი) ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, ზეციური სიხარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა ! ჰოი, დიდებულო პასექო ქრისტესო, მომნიჭებელო სიხარულისაო, განმაახლებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩვენისაო, დაადგერ ჩუენთანა, რათა გიცნათ შენ, უფალო, ვითარცა ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მაშ, განვიწმიდოთ ბოროტებისაგან და მივეახლოთ დაუღამებელ ნათელს, „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ და გვყოფს მეცნიერად კეთილისა და ბოროტისა. უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, გუშინ ვგლოვობდით ვნებასა და ჯვარცმასა შენსა, დღეს კი - ვზეიმობთ სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველსა აღდგომასა შენსა; ჰოი, ბოროტებავ, უძლურია ძალა შენი წინაშე ღვთისა! ადამის მოდგმავ, დაცემულო, მაგრამ უფლის მადლით წარწყმედისაგან ხსნილო, გიხაროდენ, ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა ! „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი! აღდგა ქრისტე და დაირღუ შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღდგა ქრისტე და ცხორებაი მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა; აღდგა ქრისტე მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა“ (წმიდა იოანე ოქროპირი). დაე, აღდგომილი მაცხოვრის მაცხოვნებელი მადლი მოეფინოს სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს! როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთმა ადამიანი შექმნა „ხატად და მსგავსად თვისსა“ და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება - თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა - იყოს ღმერთთან, ან იცხოვროს მის გარეშე. არჩევნის შესაძლებლობა ანგელოზთა ცხრავე დასსაც ჰქონდა მინიჭებული. უფლის ერთ-ერთმა უპირველესმა ანგელოზმა, თავის მიმყოლ დასსთან ერთად, ამპარტავნების ცოდვის გამო ღვთის გარეშე არსებობა მოინდომეს, რამაც მათი დიდი დაცემა და ბუნების სრული სახეცვლილება გამოიწვია, - უფლისაგან ბოძებული აბსოლუტურად ყველა სათნოება მათ თავისი ნებით დაკარგეს და იქცნენ ღვთისმბრძოლ არსებებად, რითაც საშინელი მარადიული ხვედრი განუწესეს საკუთარ თავს. არსობრივად იგივე შეცდომა დაუშვეს პირველქმნილმა ადამმა და ევამაც. მათაც ამპარტავნების ცოდვის გამო განიზრახეს ღვთის მსგავსნი გამხდარიყვნენ და მიუხედავად უფლის გაფრთხილებისა, მაინც შეჭამეს აკრძალული ხის ნაყოფი, რასაც მოყვა მათი გულის, სულისა და გონების შინაგანი ერთობის სრული დარღვევა, სიწმინდის შებღალვა და ღმერთთან კავშირის გაწყვეტა. მაგრამ ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან განსხვავებით, მიეცა შესაძლებლობა სულის ხორცში ყოფნის გამო (ამქვეყნად ხორციელად მყოფობის ჟამს), გამოესყიდა დანაშაული და მაცხოვრის მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით, გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ცოდვათაგან გათავისუფლებული კვლავ ძველ დიდებას დაუბრუნებოდა. აი, ამისი საშუალება მისცა ძე ღვთისამ და ძე კაცისამ ადამის მოდგმას თავისი ჯვარცმით და მკვდრეთით აღდგომით. დღეს ჩვენ სწორედ ამას ვზეიმობთ. და რაკი იესო ქრისტე მთელი კაცობრიობისათვის ეწამა, აღდგომის დღესასწაული ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელი ზეიმია, იგია ღმერთთან შერიგებისა და თითოეული ჩვენგანისათვის სასუფევლის დამკვიდრების შესაძლებლობის დადასტურება. და რა შეიძლება იყოს კაცთათვის ამაზე მნიშვნელოვანი და სანატრელი?! მაგრამ როგორც ედემში, აქ, ამ წუთისოფელშიც, ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება და თითოეულმა ჩვენგანმა პირადად უნდა აირჩიოს, - სურს მარადიული ნეტარების მოპოვება, თუ ცოდვის მონობა, რომლის შედეგიც მარადიული სატანჯველია. ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს დგას არჩევანის წინაშე - გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, თავის დაცემულ ბუნებაზე, თუ კიდევ უფრო დაიმძიმოს მდგომარეობა და წარწყმედისაკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს. უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ცოდვის სხვა და სხვა სახე: ზოგი შედარებით მსუბუქია, ზოგი კი - იმდენად მძიმე, რომ სულიერ სიკვდილს იწვევს. ყველაზე საშინელი კი - სულიწმინდის გმობაა. ზოგჯერ ადამიანი გულს იმშვიდებს, მცირე დანაშაული მაქვს და ღმერთი მაპატიებსო, მაგრამ თუნდაც მსუბუქი რომ იყოს ჩვენი ცოდვები, თუკი ისინი მრავლად გვაქვს, საგრძნობლად დააზიანებს ჩვენს შინაგან სამყაროს. ერთი მუჭა სილა წონით უმნიშვნელოა, მაგრამ სილით სავსე ტომარა - სატარებლად მძიმე. ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იკეთებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, მრისხანება, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება“ და სხვა მისთანათა მოქმედნი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებენ (გალ. 5. 20-21). არიან ორმაგი სტანდატრებით მცხოვრები პიროვნებებიც, რომლებიც უშუალოდ თვითონ მომაკვდინებელ ცოდვებს ერიდებიან, მაგრამ უზნეო გზით ან სხვათა ტანჯვა-წამების ხარჯზე მოპოვებული შემოსავლით ცხოვრობენ, რითაც უდიდეს სასჯელს უმზადებენ საკუთარ თავს. სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი - ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი დანაშაულის, ცხოვრების წესად დამკვიდრების მოთავენი ან ხელშემწყობნი არიან. ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ ანტიქრისტეს სწავლებას ავრცელებენ, რაც მათ ღვთისმგმობ და სულიწმინდის მოწინააღმდეგე ძალად აქცევს: „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ მათ“ (მათე 12,31). „და ვინც აცდუნებს ერთ მცირედთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ კისერზე და ზღვის უფსკრულში დანთქან“ (მათე 18,6). ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იგი შეიძლება ზეცამდეც ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს. უფლის შეწევნით. ამის გარანტი კი არის ის, რომ ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, იქცევა თუ არა სწორად. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ბრძანებს, რომ წარმართებსაც კი „რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ და ხან ამართლებენ ერთიმეორეს“ (რომ. 2,15) სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი. რა არის ამქვეყნად ჩვენი მთავარი დანიშნულება? მორწმუნეთა პასუხი ასეთია: ადამიანის ნებისა და ღვთის ნების თანხვედრა, მათი შერწყმა, ანუ სინერგია, რათა პიროვნება ღვთის ნების აღმსრულებელი გახდეს და მაცხოვართან თანაზიარებით სულიერად გადარჩეს. ამისი შესაძლებლობა ყველას აქვს. ხელისუფალს და მეცნიერს, მიწის მუშაკს და დამლაგებელს, ექიმსა თუ წარმოების ხელმძღვანელს, ჯარისკაცს, მოსწავლეს და სტუდენტს, მდიდარს და ღარიბს, მოხუცსა და ახალგაზრდას, მთავარია მან შეიცნოს ჭეშმარიტება და თავისი სულიერი და ფიზიკური შრომით სათნო ეყოს უფალს. ასევე ყველასა აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აქვე, ამქვეყნად, მოიპოვოს ისეთი სიწმინდე, რომ განიღმრთოს და მასზეც განცხადდეს მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს“ (ლუკა 17,21). სხვებისათვის კი სიცოცხლის მთავარი აზრი მიწიერი ცხოვრებიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაშია, რადგან არა სწამთ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისა, არა სწამთ ღვთისა და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი აზროვნების გამო თავისი მოთხოვნილებებისა და ინსტიქტების დაკმაყოფილების ერთგვარი მორალური უფლება ეძლევათ; და ეკარგებათ განცდა მეგობრობის, ერთგულების, თავდადების, მოწყალების, თვით სამშობლოს სიყვარულისაც... ასეთი ადამიანისათვის არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ამაღლებული გრძნობა და ღირსება, რადგან მისთვის ყველაფერი წარმავალია, ყველაფერს „ეგოს“ და „მეს“ პრინციპი საზღვრავს და ცდილობს თავისი მიწიერი მოთხოვნილებების შესაძლებლობისამებრ დაკმაყოფილებას, თვლის რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება. ჩვენს საზოგადოებაში ასეთი აზროვნების დამკვიდრებას ხელი შეუწყო 70 წლიანმა ათეისტურმა რეჟიმმა, თუმცა ქართველი ადამიანი ბუნებით საოცრად ღვთისმოსავია და ამიტომაც მოხდა მოკლე დროში სარწმუნოებისაკენ ერის შემობრუნება, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს დაემთხვა. ეს პროცესი კი მრავალ განსაცდელთან იყო დაკავშირებული. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს I პრეზიდენტი გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ მიწას. ჩვენ ამჟამადაც გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით. ახლა ყალიბდება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების ღირებულებათა სისტემაა. კომუნისტური რეჟიმის დროს არ არსებობდა დამოუკიდებელი საზოგადოება და იგი პარტიული იდეოლოგიით იმართებოდა, ხოლო დემოკრატიული მმართველობისას თვითონ საზოგადოების და პიროვნების პრინციპებსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული, როგორ გარემოში მოუწევთ მათ ცხოვრება. ასე რომ, არჩევანი კვლავ ჩვენი გასაკეთებელია. პიროვნების მსგავსად, ამა თუ იმ ერისა და კულტურების ხვედრსაც მათი არჩევანი განაპირობებს და ამაში ყველა თანასწორი და თანაბარუფლებიანია. ქართველი ერი, უძველესი ქართული ენა სათავეს პრეისტორიული ხანიდან იღებს. ის, რომ ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ ჩვენი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით, ჩვენი წინაპრების ღვთისსათნო არჩევანის შედეგია; მოციქულთა მიერ ნაქადაგები ქრისტიანობის აღიარებამ სხვა და სხვა ქართველური ტომები ერთი რწმენით, ერთი ენით, ერთი კულტურით ერთიან ქართველ ერად შეადუღაბა და უნიკალური, თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ქართული ცივილიზაცია შექმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ზოგადქრისტიანული კულტურის განვითარებაში; საზღვარგარეთ ქართველებმა ადრეული საუკუნეებიდანვე განამრავლეს კულტურულ-საგანმანათლებლო კერები. უკვე V საუკუნიდან იერუსალიმში არსებობს პეტრე იბერისა და მისი მასწავლებლის, იოანე ლაზის მიერ შექმნილი სამონასტრო სავანე, რომელიც ჯვრის მონასტრის სახელით არის ცნობილი. გარდა ამისა, ქართველები წმიდა მიწაზე 40-ზე მეტ ტაძარს ფლობდნენ; ჩვენ მონასტრები გვქონდა კონსტანტინოპოლში, ეგვიპტეში, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში..... რაც მაშინდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან აქტიური ურთიერთობის საშუალებას გვაძლევდა და ეროვნული კულტურის ჩამოყალიბებაშიც გვეხმარებოდა. უნდა ითქვას, რომ წელს ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს, - მცხეთის ჯვრის მონასტერს, 1400 წელი უსრულდება და ეს თარიღი იუნესკოს მიერაც აღინიშნება. მისი სრული ანალოგიითაა აშენებული მარტვილის VII საუკუნის ეკლესია, რომელიც დღესაც ჭყონდიდელ ეპისკოპოსთა საკათედრო ტაძარია. იგი უმნიშვნელოვანეს სულიერ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე. ათასწლეულების მანძილზე ჩვენი ერი მტერთან გამუდმებულ ომებში მხოლოდ ღვთის იმედით იყო, რადგან არც სხვათა მსგავსად გვყავდა სადმე თანამოძმე ან მუდმივი სტრატეგიული მოკავშირე და არც მრავალრიცხოვანი და ეკონომიურად შეძლებული დიასპორა გვიმაგრებდა ოდესმე ზურგს. მიუხედავად ამისა, XIX ს-მდე სუვერენული სახელმწიფოებრივი მმართველობა და ეკლესიის ავტოკეფალია შევინარჩუნეთ და რუსეთის იმპერიის მიერ 106 წლის მანძილზე უკანონოდ გაუქმებული ეკლესიის დამოუკიდებლობა საერო და სასულიერო პირების ძალისხმევით 90 წლის წინ აღვიდგინეთ, რამაც დიდი სტიმული მისცა ქართველ ერს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. საერთოდ, ქართული სამყარო მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ განაპირობა და დაიცვა. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. იგია ჩვენი ცნობიერებისა და ცხოვრების წესის საფუძველი და სავსებით ლოგიკურია, რომ დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ატრიბუტიკაში ქრისტიანული სიმბოლიკა დომინირებს: ხუთი ჯვარი მაცხოვრის ხუთ სამსჭვალზე მიუთითებს. ქვეყნის უმაღლესი სამართლებრივი დოკუმენტი - კონსტიტუცია კი მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებულ იურიდიულ და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ სტატუსს ანიჭებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს და მისი ხალხის ნების გამოხატულებაა. „არა გეცრუვნეთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“, - ასეთი იყო დავით აღმაშენებლის საქართველოს სულისკვეთება; სულისკვეთება იმ მეფისა, რომელმაც ღმერთის დახმარებით შეძლო ჩვენი სამშობლო ექცია ყველა დროის ქართველისათვის საოცნებო სახელმწიფოდ. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ დავითის საქართველოში მშვიდობიანად ეცხოვრათ მუსულმანებს, ებრაელებს, სომხებს და სხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს. შემწყნარებლობა დღესაც ჩვენი უმთავრესი თვისებაა, - ესაა ჩვენი არჩევანი. სწორედ ჩვენი რაინდული და ტოლერანტული ბუნების გამო იყო, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა და ომებისა, ქართველები ყოველთვის დიდი პატივით სარგებლობდნენ არაბების, სპარსელების, მონღოლების, ოსმალების. . . პოლიტიკურ წრეებში. იგივე იყო მიზეზი იმისაც, რომ წმიდა მიწაზე მუსულმანთა გაბატონების შემდეგ, XIII-XIV საუკუნეებში, იერუსალიმის მაჰმადიანი მმართველები ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს აძლევდნენ უფლებას, გაშლილი დროშებით ცხენზე ამხედრებულნი ბაჟის გადაუხდელად შესულიყვნენ წმიდა ქალაქში და მაცხოვრის საფლავის კლიტეთა მფლობელნიც ქართველები ყოფილიყვნენ. ჩვენ ეს პატივი ომით არ მოგვიპოვებია. იგი იყო ქართული დიპლომატიის შედეგი, რასაც საეკლესიო ურთიერთობებიც განაპირობებდა. სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესია დღესაც ცდილობს შეასრულოს ე.წ. „სახალხო დიპლომატის“ მისია და იყოს მშვიდობის დესპანი იმ რთულ სიტუაციებში, რომელშიც საქართველოს თანამედროვე პირობებში უწევს ყოფნა. ამით იყო განპირობებული ჩვენი ჩასვლა მოსკოვში. ეს არის მიზეზი არაბულ ქვეყნებში ჩვენი მომავალი ვიზიტისაც. რელიგიურ ლიდერებთან ღია და გულთბილი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობაშიც ანალოგიურ დამოკიდებულებას იწვევს და მათში საქართველოსადმი კეთილგანაწყობა ჩნდება. ყველასთვის მიუღებელია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა გადაიზარდოს ხალხებს შორის მტრობაში, განსაკუთრებით კი რელიგიურ დაპირისპირებაში, რადგან იგი პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან შედარებით ძნელად გამოსასწორებელია და ჩვენ ვცდილობთ ეს თავიდან ავიცილოთ. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს რომ არ ჩამოვრჩეთ, საჭიროა ინფორმაციის ფლობა და ანალიტიკური აზროვნება, მითუმეტეს, დიდი სახელმწიფოების დაინტერესების სფეროში მყოფი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. ამიტომაც ანალიტიკური აზროვნებისთვის საჭიროა ბავშვობიდანვე ისწავლებოდეს. ამ საგნის შემოღება დიდად დაეხმარება ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ადვილად დაეუფლონ თავის მომავალ სპეციალობას. რაკი ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება. კარგი იქნება, თუ საბავშვო ბაღებში ბატონ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით პატარებს გავუღვივებთ როგორც ერთმანეთის, ისე საერთოდ, ადამიანის თანადგომის სურვილს, პატიების უნარს, უფროსის პატივისცემას, მამულის სიყვარულს. ეს დამოკიდებულება გაჰყვება მათ სკოლაშიც და მთელ ცხოვრებაშიც. სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელიც პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად დააკვირდება მოსწავლეს და დაეხმარება ღვთისაგან ბოძებული ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში. აღზრდის საქმეში მასწავლებელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ შეიძლება სკოლაში შემთხვევითი ადამიანები მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ამას ჩვენთან არ ექცევა სათანადო ყურადღება, რის გამოც ყველაზე მეტად მომავალი თაობა ზიანდება. მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს და მშობელივით უნდა მოექცეს მათ. ამასთან, თვითონაც უნდა შეაყვაროს მათ თავისი თავიც და თავისი საგანიც. ამასთან, აუცილებელია, რომ იგი არ შემოიფარგლოს მხოლოდ საგნის სწავლებით და ცხოვრებისთვისაც მოამზადოს ისინი. ამ მიზნით მოსწავლეებთან უნდა ჩაატაროს კლასგარეშე შეხვედრები და საუბრები მათ მომავალზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ახალგაზრდებს ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეთ. ასწავლოს ავისა და კარგის გარჩევა, ასწავლიდეს სწრაფი რეაგირების კულტურას. მიმაჩნია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი საშუალო და უმაღლესი სკოლების პედაგოგებს უნდა ქონდეთ, რადგან ისინი აყალიბებენ ქვეყნისა და ერის მომავალს და არ არსებობს ამაზე მეტად საპასუხისმგებლო სხვა პროფესია. ეს საქმიანობა უნდა იყოს პრესტიჟული და ეს წოდებაც დიდი შრომის ფასად უნდა მიენიჭოთ ამა თუ იმ ადამიანს. თუ ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, გავზრდით მოაზროვნე, გონიერ, ანალიტიკური უნარის მქონე თაობას, რაც დაეხმარება მათ ზნეობრივად ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბებაშიც, რადგან ადამიანი, შეგნებულად თუ არ ემსახურება ბოროტებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად გააცნობიერებს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ გამოცდაა და მომზადებაა მარადიულობისათვის და უარს აღარ იტყვის ყველაზე ძვირფასზე - უფლის სიყვარულზე. როგორი იქნება თქვენი არჩევანი? ტექნოლოგიური პროცესების განვითარებამ ადამიანის ცნობიერებისა და ცხოვრების წესის განსაზღვრის ყველაზე მძლავრ ბერკეტად მასმედია აქცია; ამიტომაც, აუცილებელია, რომ მანაც იტვირთოს აღმზრდელობითი ფუნქცია. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მასმედია ზრუნავს, რომ სახელმწიფო და კერძო არხებით (სპეციალიზებული მაუწყებლობის გარდა) საზოგადოებას მიაწოდოს ზნეობრივი და, საერთოდ, დადებითი ღირებულებების მქონე ტელეპროდუქცია და ფილმები, რასაც ჩვენთან, სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება ექცევა. ამასთან, ჩვენი ტელესივრცე ძირითადად დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. საზოგადოებას კი ასევე სურს უყუროს ისტორიულ, სამეცნიერი, შემეცნებით, კულტურულ და ახალგაზრდულ გადაცემებს. ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც მხარი დავუჭირეთ დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობა „ივერია“-ს შექმნას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის პატრონაჟით საცდელი გადაცემებით უკვე გადის ეთერში. იგი უნდა იქცეს ოჯახის ტელევიზიად, რომელიც ყველა თაობისთვის მისაღები იქნება და ყველა ფენის ინტერესებს შეძლებისამებრ დააკმაყოფილებს. ამასთან, მან მოსახლეობაში და, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობაში, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. მისი განვითარება და წარმატება ჩვენი საზოგადოების თანადგომაზეა დამოკიდებული. ყოველი ადამიანის სულიერი წინსვლა და წარმატება დიდად განაპირობებს მთელი ქვეყნის აღორძინებასა და კეთილდღეობას. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით, გულმოდგინე შრომით მრავალი სასიკეთო საქმის კეთება შეიძლება. თითოეულ ჩვენგანს სხვა და სხვა ნიჭი აქვს ბოძებული უფლისაგან და იგი ღვთისა და ქვეყნის სამსახურად უნდა გამოვიყენოთ. ხარობს დღეს წმიდა ეკლესია და უგალობს მკვდრეთით აღდგომილ ჩვენ მაცხოვარს, რომელმაც სიკვდილით სიკვდილი დასთრგუნა და მოგვანიჭა აღდგომის სიხარული. „აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და ურთიერთარს შევიტკბობდეთ“ (აღდგომის საგალობელი). უფალო ძლიერო, სახიერო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ ყოველთაგან მოელი სინანულსა და კაცთათვის განგიმზადებიეს სასუფეველი ცათა, ისმინე ლოცვისა ჩვენისა: გევედრები მეუფეო, შეუნდე უსჯულოებაჲ ერსა ჩვენსა შეცოდებულსა, რათა მადლითა შენითა შევუდგეთ მცნებათა შენთა აღსრულებასა; განამტკიცე სარწმუნოება გულთა შინა ჩვენთა, აღგვავსე სიყვარულითა და იმედითა შენითა; ჰე, უფალო, განმრავლდა და განძლიერდა განსაცდელი სოფლისა ამის და დაუძლურდა გონება ჩვენი; მოგვხედე და განგვამტკიცე ძალითა შენითა. ძმანო და დანო ჩვენო, მკვიდრნო ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის მამულისანო, ეძიებდეთ სიმართლეს, შეიყვარეთ უფალი „ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა“ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა აღასრულოთ ნება მისი. ძმანო და დანო აფხაზნო, ოსნო, ჩვენო ხორცნო და სისხლნო! არ გვძლიოს მტრობამ და სიძულვილმა. ჩვენ მუდამ გვაახლოებდა ურთიერთთანადგომა და სიყვარული. ილოცეთ და განძლიერდით. ჩვენი ძლიერება კი ჩვენს ერთობაშია. მწამს, ურთიერთნდობას და პატივისცემას კვლავ მოვიპოვებთ და სხვა ერის წარმომადგენლებთან ერთად ბედნიერნი ვიქნებით მშვიდობიან და განუყოფელ საქართველოში! „განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაი და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაი, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა ესერა, მწუხრი განისვენა ტირილმან და ცისკარსა ამას მოიწია სიხარული აღდგომისაი“ (მელენტი ეპისკოპოსი, სააღდგომო ჰომილია). ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა ! ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი როგორც ბოლოს პატრიარქმა დაამატა იფიქრეთ ამ საკითხებზეო და სიხარულისას ნუ მიეცემით განცხრომასო! |
მაკუნა |
Apr 10 2007, 01:28 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 |
solomony
ძალიან დიდი მადლობა ამ ეპისტოლესთვის! -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
ლეონტი |
Apr 10 2007, 10:49 AM
პოსტი
#3
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
როგორც მამა გაბრიელი ამბობდა:
ანგელოზი მოუვლინა ღმერთმა საქართველოს. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
salomea07 |
Apr 10 2007, 02:39 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 87 რეგისტრ.: 18-December 06 წევრი № 709 |
რა სიბრძნე და რა სიყვარული იგრძნობა უწმინდესის თითოეულ სიტყვაში! ღმერთმა დიდხანს გვამყოფოს ქართველები მისი სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ!
-------------------- ღმერთო, მომეცი გონება და სულიერი სიმშვიდე იმის მისაღებად, რასაც ვერ შევცვლი,
სიმამაცე იმის შესაცვლელად, რისი შეცვლაც შემიძლია და სიბრძნე, რომ განვასხვავო ეს ორი ერთმანეთისგან. იყავნ ნება შენი , და არა ჩემი. ამინ. |
tamari_irakli |
Apr 10 2007, 10:21 PM
პოსტი
#5
|
tako ჯგუფი: Members პოსტები: 151 რეგისტრ.: 24-March 07 წევრი № 1,477 |
დიდი მადლობა!
გმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი! -------------------- ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
|
G_I_O_R_G_I_ |
Apr 10 2007, 10:28 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი - ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი დანაშაულის, ცხოვრების წესად დამკვიდრების მოთავენი ან ხელშემწყობნი არიან. ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ ანტიქრისტეს სწავლებას ავრცელებენ, რაც მათ ღვთისმგმობ და სულიწმინდის მოწინააღმდეგე ძალად აქცევს: „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ მათ“ (მათე 12,31). „და ვინც აცდუნებს ერთ მცირედთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ კისერზე და ზღვის უფსკრულში დანთქან“ (მათე 18,6). მე განსაკუთრებით ამ ნაწილმა დამაფიქრა.სიფრთხილე გვმართებს რათა ამ ცოდვაში არ მოვხვდეთ |
ართი ვარდი |
Apr 16 2007, 04:45 PM
პოსტი
#7
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
რა ბედნიერებაა რომ ასეთი პატრიარქი გვყავს. მადლობა უფალს .
-------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
KoTe |
May 1 2007, 05:49 PM
პოსტი
#8
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,807 |
modloba kvelaaaaaaaaaassssssssss
-------------------- ჭამე იმისთის რომ იცხორო და არ იცხოვრო იმისთვის რომ ჭამო!!
|
G_I_O_R_G_I_ |
Jan 7 2008, 02:05 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
საშობაო ეპისტოლე
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა ღვთივკურთხეულ ქართველ ერს და ყოველთა მკვიდრთა საქართველოსთა „ქრისტეს შობას ვადიდებთ; ქრისტესა ზეცისასა მივეგებვოდეთ; ქრისტესა ჩუენ, ქუეყანისანი, აღვამაღლებდეთ, ღმერთსა დიდებულსა და აწ სიხარულით ვუღაღადებდეთ, რამეთუ დიდებულ არს“. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო! აღსრულდა საიდუმლო განგებულება, - ძე ღვთისა, შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, რომელსაც ვერ იტევს ცანი და ქვეყანა, დაიბადა ბაგაში, ბეთლემის გამოქვაბულში! „დღეს ქრისტე იშვების ბეთლემს ქალწულისაგან უბიწოჲსა; დღეს დაუსაბამოჲ დაიბადების, სიტყუაჲ ხორცთა შეისხამს; ძალნი ცათანი აქებენ სიხარულით და ჩუენ, ქუეყანისანი, თაყუანისვცემთ და მათთანა ვღაღადებთ და ვიტყვით: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (შობის საცისკრო საგალობელი). ჰოჲ, საოცრება, „ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას“ (ინ. 3,16). დიდება და მადლობა შენდა, უფალო! შენ გვიჩვენე მაგალითი მოთმინებისა და სიმდაბლისა, მაგალითი ბოროტებასა ზედა გამარჯვებისა. მაშ, „გიხაროდეთ, ერნო, განმტკიცდით და ნუგეშინისცემულ-იქმნენით; მხსნელი გამოჩნდა ყველასათვის. მისთვის არ არის „არც ელინი, არც იუდეველი, არც წარმართი“. ბეთლემს შობილმა იესომ გააერთიანა სხვა და სხვა ერებად დაყოფილი კაცობრიობა. წმიდა წერილის მიხედვით, ამა თუ იმ ერის წარმოშობა კონკრეტულ პიროვნებას უკავშირდება. ამიტომაც, ესა თუ ის ერი მკვეთრი თავისებურებით გამოირჩევა, - აქვს თავისი, ხასიათი, ტრადიციები და კულტურა. უძველესი ერების ერთი ნაწილი აღარ არსებობს, მეორე ნაწილმა კი სათავე დაუდო მონათესავე ხალხებს, რომლებიც დღეს სხვა და სხვა სახელმწიფოს სახით არსებობენ, მაგრამ ერთი წარმოშობისანი არიან. მცირერიცხოვნობის მიუხედავად ჩვენი ერიც უძველესია და ეს, ჭეშმარიტად, ღვთის წყალობაა. საერთოდ, ერის სახეს, მის მეობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: წარმომავლობის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიას. განსხვავებული რელიგია ერთი და იმავე საწყისის მქონე ერს განსხვავებულ კულტურებად აყალიბებს, ზოგჯერ კი ურთიერთდაპირისპირებულადაც. ერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ენა. ენასა და ერს შორის, შეიძლება ითქვას, იგივეობის ნიშანია. ჩვენი ენა ისევე, როგორც ჩვენი ხალხი, პრეისტორიულ ხანაში იღებს სათავეს. კუთხური მრავალფეროვნებისა და, ხშირად, პოლიტიკური გათიშულობის მიუხედავად, ქართველი ერი საუკუნეთა მანძილზე ერთ, განუყოფელ ორგანიზმად რჩებოდა და ერთ სულიერ სხეულად აღიქმებოდა. (გავიხსენოთ ფარნავაზისა და ქუჯის ისტორია). ქრისტიანობამ და საქართველოს ეკლესიამ კი საბოლოოდ ჩამოაყალიბა ერთიანი ქართველი ერი ერთი ენით, ერთი კულტურით, ცნობიერებითა და ცხოვრების წესით. ერს, ისევე როგორც პიროვნებას, აქვს ღირსების გრძნობა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანის მიწიერი კეთილდღეობა ღირსებაზე უარის თქმის შედეგია, მაგრამ ასეთი ქმედება მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება პიროვნებასაც და ერსაც და იწვევს მის სულიერ დეგრადაციას. საზოგადოება, რომელიც ღირსების განცდას მოკლებულია, განწირულია გადაგვარებისათვის. ამიტომაც არის ეს თვისება ერის არსებობის ერთგვარი გარანტი. ჩვენ ეს გრძნობა განსაკუთრებით გამოკვეთილად გვქონდა და ამანაც გადაგვარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ბრძოლა წავაგეთ და მრავალი წელი დამპყრობელთა უღლის ქვეშ ვიყავით, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს ღირსება არ დაუკარგავს, რაც თავისუფლებისათვის ჩვენს მუდმივ ბრძოლას ასაზრდოებდა. რა თქმა უნდა, მოღალატეებიც ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ისინი საზოგადოებისთვის მიუღებლად ცხადდებოდნენ. სამაგალითო შვილები კი ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ერის ღირსებას და უდიდეს გავლენას ახდენდნენ ქვეყნის განვითარებაზე; გავიხსენოთ თუნდაც ქეთევან წამებული. არა მარტო საქართველოს, შუა საუკუნეების მთელ ქრისტიანულ სამყაროს არ ყავს ასეთი დიდი მოწამე. მის პერიოდში კახეთი თითქმის დაცარიელებული იყო. ნაწილი მოსახლეობისა სპარსელებთან ომს შეეწირა, ნაწილი კი ირანში, ფერეიდანში იქნა იძულებით გადასახლებული; ქართლში მუსულმანი მმართველები ისხდნენ. მათ საამებლად და შაჰის „წყალობის ხალათის“ მისაღებად ქართველ თავადაზნაურთა ნაწილი გამუსულმანებას და ისპაჰანში წასვლას ერთმანეთს ასწრებდა. დასავლეთ საქართველოშიც მძიმე მდგომარეობა იყო, - სამთავროებს შორის ურთიერთშუღლი და ადამიანებით ვაჭრობა მძვინვარებდა. მართალია, ქვეყანა სულიერად დაცემულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მეფე თეიმურაზ I გაუტეხელობითა და ქეთევან დედოფლის საარაკო გმირობით ქართველებმა ღირსების დიდი ომი მოიგეს. მიუხედავად სარწმუნოებრივი სხვაობისა, ღირსების გრძნობა ყველა ადამიანს თანაბრად აქვს მიცემული და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული გამოავლენს თუ არა ამ თვისებას. ამ ნიჭს ყველა ერი და კულტურა მიაგებს პატივს. მონღოლთა ნოინს ღირსების პატივისცემა რომ არ ჰქონოდა არ მოხდებოდა ცოტნე დადიანის მიერ თანამებრძოლთა გამოხსნა წამებით სიკვდილისაგან. მაღალი ღისებისა და ვაჟკაცობის მაგალითია სალადინი. სალადინი ეგვიპტის სულთანი იყო, რომელმაც წმიდა მიწიდან განდევნა ჯვაროსნები, მაგრამ ეს ომი იმდენად ღირსეულად წარმართა, რომ თვით ქრისტიანთა შორისაც დიდი პატივისცემა დაიმსახურა. ერის ღირსებას და მის სიმტკიცეს ღირსეული ადამიანები განაპირობებენ; ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი პიროვნებების სიმრავლეა. საქართველომ ამ მხრივაც საოცარი მაგალითი უჩვენა მსოფლიოს XI საუკუნეში, როცა ჯალალ ედ-დინმა დაიპყრო თბილისი, მაგრამ მისი მოსახლეობა ვერ აიძულა ქრისტიანული სიწმინდეები შეელახათ. 100 000 ქართველმა სიკვდილი ამჯობინა რწმენისა და ღირსების უარყოფას. მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ისეთი ფაქტი, რომ ერთ დღეს ამდენი ადამიანი წამებულიყოს სარწმუნოების დასაცავად! დღეს დრო შეიცვალა და მასთან ერთად ბოროტის ბრძოლის მეთოდებიც. დღეს ეროვნული ღირსების შელახვისა და სარწმუნოების შეცვლისთვის ძალადობრივ ფორმებს აღარავინ იყენებს. ჩვენი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის გადაგვარება სხვა და სხვა მეთოდებით ხორციელდება და ამაში დიდ როლს, სამწუხაროდ, მასმედია ასრულებს. მასმედიის სახელს მრავალი კარგი საქმეც უკავშირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტელეგადაცემებით და პრესითაც ხდება ცოდვის დემონსტრირება, ლეგალიზება და იმ აზრის დამკვიდრება, თითქოს ეს ადამიანის ჩვეულებრივი თვისებაა. ხდება ავხორცობისა და უღირსების არა მარტო მისაღებ, არამედ სამაგალითო მოვლენად წარმოჩენა; იქმნება უზნეო ცრუ ავტორიტეტები, რომელნიც თავისი ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული ქმედებების გამო წახალისებულნი და დაჯილდოვებულნი არიან. ჩვენთან ხშირად ლაპარაკობენ ამა თუ იმ უფლებებზე, მაგრამ ძალიან ნაკლებად - მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე. ყველას აქვს არა მარტო უფლება, არამედ - პასუხისმგებლობაც; პასუხისმგებლობა უფლის, სამშობლოს, ოჯახის წინაშე, გაჭირვებული თუ დაცემული მოყვასის წინაშე. აღვნიშნავთ იმასაც, რომ თუ პირადული ცოდვა (რომელსაც სწავლების სახე არა აქვს) მხოლოდ ამა თუ იმ ინდივიდის პრობლემაა და ღვთის წინაშე მის საბოლოო ხვედრს განსაზღვრავს, საჯაროდ ცოდვის სწავლება და დანერგვა მთელ საზოგადოებას რყვნის და ღუპავს, ღირსების გრძნობას ულახავს და წინსვლის სურვილს უკარგავს. ამიტომაც საზოგადოება ვალდებულია, დაიცვას როგორც თავისი თავი, ისე შთამომავლობ. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ მხრივ ხელისუფლებას ეკისრება. რაც შეეხება ეკლესიას, იგი ყოველ ცოდვის ჩამდენს სინანულისაკენ მოუწოდებს, და სხვათაგან მის განკითხვას კრძალავს, ხოლო მოქცეულს - სიყვარულით და სიხარულით იღებს. ცოდვის ცხოვრების წესად დამნერგავს და ასეთი სწავლების საჯაროდ გამავრცელებელს კი, დაუნდობლად ებრძვის მხილების მახვილით, რათა დაიცვას სამწყსო და ამ ადამიანსაც (ან ადამიანთა ჯგუფს) დაეხმაროს ეშმაკის მსახურებისაგან გათავისუფლებაში. ასე რომ, დღეს თითოეული ჩვენთაგანი დგას არჩევანის წინაშე, - დატოვოს „ჩვეულებისამებრ მამულისა სვლაჲ“ თუ გაითავისოს თავს მოხვეული ცრუ კულტურა? გაუძლოს ინფორმაციულ ზეწოლას, თუ შეინარჩუნოს წინაპართა ღვაწლით დღემდე მოტანილი ღირებულებები?! საკუთარი ტრადიციებისა და პრინციპების ერთგულების და, ამავე დროს, განვითარებული სახელმწიფოს შექმნის მაგალითია თუნდაც ქუვეითი და ისრაელი. მატერიალურ-ტექნიკური პროგრესის პარალელურად ეს სახელმწიფოები მტკიცედ იცავენ თავის მეობას და ღირსეული ადგილი უკავიათ მსოფლიო თანამეგობრობაში. ინებოს ღმერთმა, დღეს მიმდინარე გლობალურ პოლიტიურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში ჩვენც ჩვენი თვითმყოფადი სახე შევინარჩუნოთ და საქართველო საქართველოდ დარჩეს. რა არის სამშობლო, როგორ აღვიქვამთ მას? ჩვენი სამშობლო არის ჩვენი გენი, ჩვენი ენა, ღვთისა და მოყვასისადმი გამოვლენილი ჩვენი სიყვარული, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. საქართველო არის ჩვენი მოგებული თუ წაგებული ბრძოლები, წინაპართა დადებითი და უარყოფითი თვისებები. საქართველო არის მტკიცე ოჯახი, ნათესავების თანადგომა და მათი კავშირი; საქართველო არის ქვეყანა, სადაც მეგობრისთვის თავს სწირავენ და სადაც მეზობელი ოჯახის წევრად არის მიჩნეული; სადაც ნათელ-მირონობა და ძმადნაფიცობა სისხლისმიერ ნათესაობაზე მეტია. საქართველო ჩვენი უნიკალური ფლორა და ფაუნაა, ჩვენი მთა და ჩვენი ბარია, ჩვენი უდაბნოა, ჩვენი წყალი და ზღვაა. საქართველო ურღვევია, როგორც კვართი უფლისა! თითოეული ჩვენგანი ატარებს მას. საქართველო მე ვარ, იგი ჩემშია და მე მასში! თუმცა, მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს სამშობლოზე უზენაესი ღირებულება, - ქვეყნის, მთელი კაცობრიობისა და სამყაროს შემოქმედი, - ყოვლადწმინდა სამება. დიახ, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ უპირველესი მცნება არის: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით“ (მარკ. XII, 29-31). ეს ნიშნავს გვიყვარდეს ღმერთი მთელი შესაძლებლობით, მთელი არსებით ანუ მასზე წინ არავინ და არაფერი არასდროს არ უნდა დავაყენოთ. „ვისაც მამა ან დედა უყვარს ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი (მათე 10, 37-39), - ბრძანებს მაცხოვარი. რატომ არის ასეთი მკაცრი მოთხოვნა? იმიტომ, რომ თუ ღვთისადმი ჩვენს სიყვარულს სხვა ვინმეს ან რაიმესადმი სიყვარული ჩაენაცვლა, ისეთივე შეცდომა მოგვივა, როგორიც ადამმა და ევამ დაუშვეს სამოთხეში, ანუ ჩვენ ჩვენი ნებით განვაყენებთ თავს შემოქმედისაგან და სულიერად დავიღუპებით, რადგან მის გარეშე არაფრის ქმნა არ ძალგვიძს იგია ვენახი, ხოლო ჩვენ რტონი ვართ (ინ. 15,5). ღმერთი თვითარსია. იგია სიცოცხლის, სიყვარულისა და სხვა საერთოდ ნებისმიერი სიკეთის სათავე; ყველა სხვა ქმნილება, მათ შორის, ანგელოზები და ადამიანებიც არ არიან თვითარსნი. ისინი მარადიული სიცოცხლისათვის აუცილებლად საჭიროებენ შემოქმედთან მტკიცე კავშირს, რაც მხოლოდ სიყვარულით შეიძლება განხორციელდეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, მშვენივრად განმარტავს იოანე მახარებელი: რადგან - „ღმერთი სიყვარულია, სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი - მასში“ (I ინ. 4,16), „ვისაც მე ვუყვარვარ, - ამბობს მაცხოვარი, - დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ.14,23), ხოლო, ვინაიდან „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს, თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს (I ინ.4,12). დაცემულმა ანგელოზმა და მისმა მიმყოლმა ძალებმა თავისი ამპარტავნებით ჭეშმარიტი სიყვარული სრულად დაკარგეს, რის შედეგადაც ეს გრძნობა ეგოისტურ ვნებად გადაექცათ. სწორედ ამაშია მათი, და საერთოდ, უღმერთო და ცოდვილი ადამიანების ტრაგედია; თუ ჭეშმარიტი სიყვარული გაცემას, სხვისთვის მსახურებას და თავგანწირვას გულისხმობს, ეგოისტური სიყვარული საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებისკენ მიილტვის, რაც სხვა და სხვა ცოდვის მიზეზი ხდება. ეს კი თავისთავად იწვევს ღვთაებრივი სიყვარულის დაშრეტას, სიცოცხლის წყაროსთან კავშირის გაწყვეტას და თვითგანადგურებას. ჭეშმარიტი სიყვარულისკენ სწრაფვაც და ეგოისტურ ვნებებში დანთქმაც ამქვეყნადვე იწყება. პირველის ბოლო ღმერთთან ერთობაა, მეორისა - ეშმაკთან თანაზიარება; სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს. საერთოდ, ადამიანი ნეტარებისთვის არის შექმნილი და მისკენ ლტოლვა ჩვენს არსებაშია შთანერგილი. მაგრამ ცოდვით დამძიმებულ პიროვნებას ნეტარებაზეც დამახინჯებული წარმოდგენა აქვს და ცდილობს, ეს მოთხოვნილება მიწიერი საცდურით - სიმდიდრით, პატივით, თანამდებობით, ნარკოტიკებით, სიმთვრალით, მრუშობით და სხვა მრავალი ცოდვით დაიკმაყოფილოს. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ ყველაფერს წილი არა აქვს ჭეშმარიტ სიყვარულთან; ისინი მხოლოდ დროებით ქმნიან ილუზიურ სამყაროს, რომელიც შემდეგ ქრება და სანაცვლოდ რჩება დაუკმაყოფილებლობის დიდი განცდა, რაც შეიძლება სასოწარკვეთილებად იქცეს. სწორედ ეს არის სულის ჯოჯოხეთური მდგომარეობა; და თუ ადამიანმა ცოდვითი მიდრეკილებები არ გამოასწორა, იმქვეყნად მის დახმარებას უფალიც ვერ შეძლებს, რადგან ასეთ კაცს ღმერთთან და ღვთაებრივთან ურთიერთობა აღარ ანიჭებს ნეტარებას და სამოთხეში რომც მოხვდეს, კიდევ უფრო დაიტანჯება. მაგალითისთვის ვიტყვით, რომ თამბაქოს ან ნარკოტიკების მუდმივად მომხმარებელს, საუკეთესო გარემოშიც კი მათ გარეშე ყოფნას, ამ საწამლავის ქონა და თუნდაც ყველაზე მძიმე პირობებში ცხოვრება ურჩევნია. მაშ, განვერიდოთ ცოდვას და ეშმაკის საცდურთ. პავლე მოციქული გვარიგებს: „არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ნუ შეცდებით: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (Iკორინ.6, 9-10). თუმცა იესო ქრისტე ყველასადმი მაინც სიყვარულით არის განმსჭვალული. „ნებსით არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი“, - ბრძანებს იგი. უფალი ცდილობს განსაცდელით მაინც აუხილოს თვალი ადამიანს. ამიტომაც ის პრობლემები, რაც თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების გზაზე ხვდება, მხოლოდ ღვთის სიყვარულიდან მომდინარეობს და მიზნად ისახავს ჩვენს გამოსწორებას, ჩვენს წინსვლას. „ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი, მაშ, ეშურებოდე და შეინანე“, - ამბობს უფალი (გამოცხ. 3,19). ესეც უნდა ვიცოდეთ: ყველაზე დიდი განსაცდელიც კი, რომელშიც შეიძლება ნებისმიერი პიროვნება ან ქვეყანა აღმოჩნდეს, უმცირესია იმასთან შედარებით, რასაც ის, თავისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, იმსახურებს. ამიტომ ქრისტიანი თუნდაც პატიმარი იყოს, ან დევნილი, ან მძიმედ სნეული, თუნდაც შვილმკვდარი მშობელი, ყოველდღიურ ლოცვებში ამბობს: „გმადლობ შენ, წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის, არა თანაწარმწყმიდე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისამებრ კაცთმოყვარე მექმენ მე...“ მსურს, ციხესთან დაკავშირებულ პრობლემებს შევეხო ზოგადად. პატიმრობა ადამიანისთვის ერთ-ერთი მძიმე სასჯელია. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთ მდგომარეობაში მრავალნი იმყოფებიან, რაც ისედაც მცირერიცხოვან ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაზე, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს. ამას ემატება ისიც, რომ საპყრობილეში არსებულ მძიმე პირობებს ქვეყნის სოციალური გაჭირვება კიდევ უფრო აუტანელს ხდის. ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ციხე პატიმრის გამოსწორებას ისახავს მიზნად. ჩვენთან კი, ჯერ-ჯერობით, ეს ვერ ხორციელდება. ვითარებას ისიც ართულებს, რომ შედარებით მსუბუქი და უკიდურესად მძიმე დანაშაულის მქონე ადამიანები ერთად იხდიან სასჯელს. ჩვენ ადრეც ვწერდით და კვლავაც ვიმეორებთ, რომ სასურველია, მცირე დანაშაულის მქონე პირების განცალკევება და შედარებით მსუბუქ რეჟიმში ან მიმაგრებაში გადაყვანა, რათა მათ დასაქმების საშუალებაც ჰქონდეთ და ოჯახთან კავშირიც შეინარჩუნონ. ეს, ალბათ, მომავლის საქმეა; ამჟამად კი მინდა მივმართო ნებისმიერ პატიმარს, ნებისმიერ გაჭირვებულს, საერთოდ ყველა ადამიანს: თქვენ გყავთ ყოვლისშემძლე, ყოვლისმომცველი, სიკეთის, სიხარულის, მშვიდობის, სიბრძნის, ბედნიერების მომნიჭებელი უერთგულესი თანამდგომი, - შემოქმედი ჩვენი და ღმერთი ჩვენი, რომელიც არასდროს არ მიგატოვებთ. ჩვენ მხოლოდ უნდა ვისწავლოთ მასთან ურთიერთობა. უნდა ვისწავლოთ მისი ნამდვილი სიყვარული, რომ ჩვენსა და მას შორის დამყარდეს კავშირი და მაშინ ვერავითარი განსაცდელი ვერ მოგვერევა. მაშ, ჩავიხედოთ ჩვენს გულში, გადავხედოთ ჩვენს განვლილ გზას და გავცეთ პასუხი კითხვას: გვაქვს კი ჭეშმარიტი ერთგულება ღვთისა?! გვაქვს კი განცდა იმისა, რომ არავისზე და არაფერზე არ გავცვლით მის სიყვარულს, და შევძლებთ, პავლე მოციქულის სიტყვების გამეორებას: „ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი, ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს სიყვარულს ღმრთისას“ (რომ.8. 38-39). თუ ასეთი სარწმუნოება გვაქვს, ნეტარება ჩვენ! და თუ არა, ვეცადოთ, დღეიდანვე დავიწყოთ ფიქრი და ზრუნვა გამოსწორებისათვის და უფალთან დარღვეული კავშირის აღდგენისათვის. მაშ, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ და გავითავისოთ დარიგება, რომელიც შემოქმედმა პირველად მოსე წინასწარმეტყველის პირით განუცხადა თავის ერს, და ძალისამებრ ჩვენისა, ვეცადოთ აღვასრულოთ იგი: „ისმინე ისრაელო, და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში... გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით. გულში გქონდეს ეს სიტყვები..., ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ყოფნისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე სახლის წირთხლებს და კარებს. უფალის, შენი ღმერთის გეშინოდეს და მას ემსახურებოდე“ (II რჯული 6, 3-9,13). წინასწარმეტყველთა და წმინდანთა ცხოვრება თვალსაჩინო დადასტურებაა ღვთისადმი თავდადებული სიყვარულისა. გავიხსენოთ თუნდაც მამამთავარი აბრაამი, რომელიც სწორედ იმიტომ იქნა გამორჩეული, რომ მან მთელი გულით შეიყვარა შემოქმედი და არაერთხელ დაადასტურა ეს თავისი ცხოვრებით: უფალზე მინდობილმა დატოვა სამშობლო, ნათესავები და გაემართა ღვთისგან მითითებულ სრულიად უცხო ქვეყანაში, სადაც მრავალი განსაცდელი გამოიარა. იგი წლების განმავლობაში უდრტვინველად, რწმენითა და სასოებით ითმენდა უშვილობასაც, რაც ებრაელთა შორის ღვთის სასჯელად ითვლებოდა, ხოლო როცა, მას მოხუცებულობაში აღთქმული ძე შეეძინა, ღვთის მოთხოვნის შესაბამისად, უყოყმანოდ მიიყვანა იგი უფლის სამსხვერპლოდ. ღმერთმა მისი მორჩილება და რწმენა შეიწირა, ისააკს სიცოცხლე შეუნარჩუნა და, აბრაამის მადლით, ებრაელთა ერთ-ერთ მამათმთავრად ჰყო იგი. ღვთისადმი ასეთი ერთგულებისა და სიყვარულისათვის კი თავად აბრაამი უფალმა ხალხების მამად გამოირჩია და დიდად განამრავლა. როცა ისრაელიანთა ერი აბრაამისა და სხვა წინასწარმეტყველთა მიერ ნაქადაგები ღვთის გზით მიდიოდა, ყოველთვის იმარჯვებდა და ბედნიერი იყო, ხოლო როდესაც შემოქმედს ეურჩებოდა, სხვა და სხვა განსაცდელში ვარდებოდა. ღმერთი კვლავაც ასე წვრთნის თავის სამწყსოს, - ახალ ისრაელს, ქრისტიანებს, როგორც წმიდა მამები უწოდებენ, და ეს ჩვენს ისტორიაშიც ნათლად გამოვლინდა. მაშ, გულით შევიყვაროთ უფალი და დავიცვათ მისი მცნებები, რათა ღმერთმაც შეგვიყვაროს და „რჩეულ ერად“ გამოგვაჩინოს. „მოახლოვდა ძილისაგან ჩვენი გამოფხიზლების ჟამი... ახლა უფრო ახლოა ჩვენთან ხსნა... განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი“ (რომ.13, 11-12). აღივსენით სასოებით, არ შეუშინდეთ სირთულეებსა და განსაცდელს, ბოროტება დათრგუნულია, მას სძლია ბეთლემში შობილმა მაცხოვარმა. ღმერთს ებარებოდეთ! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შობა ქრისტესი 2008 წელი. |
marine |
Jan 22 2008, 03:26 PM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საოცარია პატრიარქის საშობაო ეპისტოლე.
მადლობა უფალს, რომ ასეთი ბრძენი სულიერი წინამძღოლი გვყავს -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_I_O_R_G_I_ |
May 3 2008, 11:21 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე აღორძინდით და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა! (დაბ. 9,1) „მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და ვუგალობდეთ აღდგომასა მისსა“ (აღდგომის საგალობელი) ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საქართველოს მკვიდრნო და დროებით სამშობლოს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! ქრისტე აღდგა! შეიმუსრა ჯოჯოხეთი და განქარდა სიკვდილი! მაშ, შევიდეთ სახლსა მას სამეუფოსა, განვიცადოთ ზეიმი ზეიმთა და დღესასწაული დღესასწაულთა, - პასექი უფლისა! „ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“. ამიერიდან უცხონი აღარა ვართ „არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღმერთის სახლეულნი; მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საფუძველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედი არის თავად იესო ქრისტე“ (ეფ. 1, 19-20), ეკლესია კი სხეულია მისი. ამ ეკლესიის შესახებ უფალი ჩვენი ბრძანებს, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობას გულისხმობს; ამიტომაც ამბობს წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომ მაცხოვარმა ეკლესია უწოდა „მართლაღსარებასა სახელისა მისისასა“. მის წინააღმდეგ ბრძოლა კი ნიშნავს ამ სწავლების წინააღმდეგ მოქმედებას, მის შერყვნას ან შეცვლას, რასაც ეშმაკი სხვადასხვა ცრუ ფსევდოქრისტიანული მოძღვრებებით გავრცელებით თავიდანვე ცდილობდა და ცდილობს დღესაც. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება იყო განკაცებულ ღმერთთან დაკავშირებით მცდარი აზრის დანერგვა, რაც, უმთავრესად, ორი სახით გამოვლინდა: ერთის მიხედვით, მაცხოვარი მხოლოდ ადამიანი არის, მეორის მიხედვით კი - მხოლოდ ღმერთი. ჭეშმარიტი სწავლების შესაბამისად კი, ქრისტე ერთდროულადაა სრული ღმერთიც და სრული კაციც. საერთოდ, მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა). ორბუნებოვნების წინააღმდეგ ბრძოლა იყო არა მხოლოდ თეოლოგიური საფუძვლების დარღვევის, არამედ სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა. მაცხოვრის ორბუნებოვნება ნიშნავს ღმერთის მიერ ადამიანის აღიარებას თანაშემოქმედად და ამასთან, ჩვენი კაცობრივი ბუნების განმსჭვალვას უზენაესი საღვთო ღირსებით. თუმცა ამას უნდა მივაღწიოთ, რისთვისაც გვმართებს ძლიერი ნებელობის გამოვლენა და თავდაუზოგავი ღვაწლი; ეს კი საკუთარ თავთან და ბოროტის მიერ დაგებულ ათასგვარ საცდურთან გამუდმებულ ბრძოლას გულისხმობს; ამიტომაც ამქვეყნიურ ეკლესიას მებრძოლი ეკლესია ეწოდება, ზეციურს კი - მოზეიმე. მაგრამ რადგან ეს სოფელი ბოროტსა ზედა დგას, იგი სხვა დინებით მიდის, რომელსაც სინდისის ქეჯნის გარეშე უშფოთველად მიუყვება ადამიანთა დიდი ნაწილი ისე, რომ ვერც აცნობიერებენ, რისთვის მოვიდნენ ამქვეყნად. მაცხოვარი გვაფრთხილებს „სასუფეველი ცათა იიძულების და, რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მთ. 11,12), თუმცა იქვე გვანუგეშებს: „ნუ გეშინინ, მე მიძლევიეს სოფელსა“ (ინ. 16,33). ღვთის მიერ მონიჭებული თავისუფალი ნებით ადამიანი არჩევანს თავად აკეთებს და სვლაც სასუფეველისკენ ან ჯოჯოხეთისაკენ ყველასთვის აქედან, ამ წუთისოფლიდან იწყება. იმას, თუ მარადიულობაში სად დავიმკვიდრებთ ადგილს, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების წესი განსაზღვრავს, მაგრამ პიროვნებას შეუძლია, სიცოცხლის ბოლოსაც კი რადიკალურად შეცვალოს თავისი მდგომარეობა. გავიხსენოთ იესო ქრისტესთან ერთად ჯვარცმული, მონანული ავაზაკი, რომელმაც პირველმა დაიმკვიდრა ზეციური სასუფეველი; გავიხსენოთ იუდა ისკარიოტელი, რომელიც მოციქულის პატივში იყო ამაღლებული და სხვა მოწაფეთა მსგავსად სასწაულებსაც ახდენდა, მაგრამ საკუთარი არჩევანით ჯოჯოხეთის მკვიდრი გახდა. ამ ორი ადამიანის ყოფამ ერთ ეპოქასა და სივრცეში განვლო. ერთი მათგანი მაცხოვრის უახლოესი მოწაფეთაგანი იყო და ღვთის მადლს ეზიარებოდა, მეორე კი ყაჩაღობდა და უღმერთოდ ცხოვრობდა. მათი აღსასრული ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდა! თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთი მაგალითები ერთეული, გამონაკლისი შემთხვევებია; ისინი, ერთი მხრივ, ნუგეშის მიმცემია ცოდვით დამძიმებული ადამიანებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, გაფრთხილებაა ღვთისსათნოდ მცხოვრებთათვის. ადამიანი ხედავს მხოლოდ სახეს კაცისას, ხოლო ღმერთი - გულს და სწორედ გულის სიმართლითა და სიწრფოებით განსჯის ყველას. შეიძლება კაცი, ერთი შეხედვით, კეთილ საქმეთ იქმოდეს, მაგრამ ამას ანგარება ედოს საფუძვლად, ხდება ისეც, რომ ზოგიერთის მიუღებელი ან გაუგებარი ქმედება სინამდვილეში უანგარო თავდადებიდან მომდინარეობს. ამიტომაც ჩვენს შეფასებებში შეიძლება შევცდეთ. ყველას პირუთვნელი და მიუკერძოებელი მსაჯული კი ყოვლადწმინდა სამებაა. ამიტომაც მთავარია, ადამიანი თავის სინდისთან და ღმერთთან იყოს მართალი და მაშინ უფლის თანადგომას ყოველთვის იგრძნობს. „იღვაწე სიმართლისათვის და ღმერთი იბრძოლებს შენთვის“ - გვასწავლის ბიბლია. ის, ვინც სასუფევლისკენ მიმავალ გზას ადგას, ამ პრინციპით ცხოვრობს: „ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე“? (წმ. ილია მართალი). ადამიანის აქტიურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, დემოკრატიული სისტემის პირობებში; იგი უფლებას იძლევა, საზოგადოებამ თავისი შეხედულებისამებრ მოაწყოს საკუთარი გარემო: სასწავლებელი, სამსახური, უბანი და სხვა, აირჩიოს ხელისუფლება და, აქედან გამომდინარე, თავისი ცხოვრების წესიც. ხალხს შეუძლია შეცვალოს მისთვის მიუღებელი მდგომარეობა, რისი მაგალითებიც უკვე გვაქვს; ამის შედეგია თუნდაც ის, რომ ე.წ. Reality Show-მ, მიუხედავად დიდი რეკლამისა და ფინანსური მხარდაჭერისა, მოსახლეობაში აღიარება საბოლოოდ მაინც ვერ ჰპოვა. იგივე შეიძლება ითქვას სექსუალურ უმცირესობათა მცდელობაზე, მოეწყოთ მსვლელობა თბილისში. ფეხი ვერც დასმენის გზით სასჯელისაგან გათავისუფლების მეთოდმა მოიკიდა... ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამგვარი ცხოვრების წესის მიმართ. თუ მოვინდომებთ, ღვთის შეწევნით, სასიკეთო შედეგის მიღწევა ყოველთვის შეიძლება. ქრისტიანობა სხვისთვის ცხოვრებაა, საკუთარ მოთხოვნილებებზე, ზოგჯერ ელემენტარულზეც კი, უარის თქმაა. ჩვენს ქვეყანას კი არა მარტო ეს, არამედ ყველა დროში სჭირდებოდა თავგანწირვაც. ამიტომაც გვყავს ამდენი წმიდანი. სწორედ მათი წყალობით გადავრჩით. ახლანდელი ჩვენი ყოფა კი თითოეული ოჯახისგან, უპირველეს ყოვლისა, ითხოვს იმ ღვაწლს, რასაც მრავალშვილიანობით ქვეყნის მსახურება ჰქვია. დღევანდელ პირობებში ამის განხორციელება რომ ძალიან ძნელია, ვიცით, მაგრამ იგი ერის გადარჩენის გარანტიაა და საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი. სწორედ, დემოგრაფიული ვითარების გამოსწორების მიზნით შევთავაზეთ ჩვენს მოსახლეობას, რომ პატრიარქი ყოფილიყო ყოველი ახლადდაბადებული მესამე და შემდეგი შვილის ნათლია. უახლოეს პერიოდში კი ეკლესიისაგან განსაკუთრებით დაილოცება და ერისათვის თავდადებულის წოდება მიენიჭება იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენს ისტორიაში სამშობლოსათვის ერთგული მსახურების მრავალი მაგალითია, მაგრამ, ამავე დროს, იყვნენ ხალხისთვის უცნობი გმირებიც, რომელნიც სწორედ დაფარული ღვაწლის გამო არიან ღვთის წინაშე განსაკუთრებით დაფასებულნი და განდიდებულნი; ასეთივე ღვაწლის მტვირთველი იქნება დღეს ყოველი მრავალშვილიანი ოჯახიც. მაგრამ საკითხის გადასაწყვეტად მარტო ერის რიცხვობრივი გამრავლება არ არის საკმარისი. საჭიროა მომავალი თაობის სწორად აღზრდა და მათთვის სათანადო განათლების მიცემა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მდგომარეობა არ გამოსწორდება, თუ არ მოგვარდება მასწავლებლების სოციალური პრობლემები. ჩვენ ადრეც არაერთხელ ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ, რომ აუცილებელია, პედაგოგის პროფესია გახდეს პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი, შეიცვალოს სასწავლო პროგრამები, ქრისტიანული სწავლება შეტანილ იქნას სკოლაში და ეკლესიამაც, შესაძლებლობისამებრ, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეების სულიერ-ზნეობრივი აღზრდის საქმეში. მითუმეტეს, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ეს სფერო ამ ქვეყნის ტრადიციულ რელიგიას აქვს გადაცემული და ამისთვის კაპელანის ინსტიტუტიც არსებობს. მოგეხსენებათ, ბავშვებისათვის შესაბამისი განათლების მიცემა განსაკუთრებით უჭირთ მრავალშვილიან ოჯახებს. მათთვის და ჩემი ნათლულებისთვის ჩვენ შევეცდებით ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებას უფასო ბაგა-ბაღების, სკოლების, სხვადასხვა სასწავლო ცენტრისა და სპორტული წრის გახსნით. ბუნებრივია, ამისთვის აუცილებელია, გვქონდეს შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი შენობები. და რადგან ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა, თანადგომის გარეშე მიზანს ვერ მივაღწევთ. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება გაითვალისწინებს საქმის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და სათანადოდ დაგვეხმარება, რაც ქვეყნის წინსვლისათვის გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება. მივმართავთ ბიზნესმენებსაც, მოსახლეობის შეძლებულ ფენას, საერთოდ ყველას, ვისაც ეროვნული ინტერესები ამოძრავებს, რათა ისინიც ამოგვიდგნენ მხარში. ჩვენ დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ იმ ქველმოქმედთ, რომელთა შრომით და სახსრებით დღეს არაერთი ტაძარი და მონასტერი აშენდა საქართველოში. ეს, მართლაც, მადლმოსილი საქმეა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ზემოთ აღნიშნული სოციალური პროექტების დაფინანსება. ვიმედოვნებთ, მათი მონდომება ამ მიმართულებითაც შედეგიანი იქნება, რითაც ჩვენს სამშობლოს ყველანი დიდ სამსახურს გავუწევთ. საერთოდ, ღვთისმსახურების შემდეგ სოცილურ საკითხებზე ზრუნვა ეკლესიისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მორწმუნე ბიზნესმენთ კი შევახსენებთ, რომ თვით ღვთისმოსაობა და პირადი რელიგიურ-ზნეობრივი ცხოვრება არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანს არა აქვს მოყვასის სიყვარული, რაც, უპირველეს ყოვლისა, მისდამი თანადგომაში უნდა გამოვლინდეს. „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ - ბრძანებს წმიდა პავლე მოციქული (გალ. 6,2). წმ. ილია მართალმა, რომელმაც XIX საუკუნის საქართველოს ჯვარი იტვირთა, თავის ეპოქის სატკივრის წამალი სამ სიტყვაში გამოთქვა: „მამული, ენა, სარწმუნოება“. ამ დევიზით მან ერს უმთავრესი ფასეულობანი შეახსენა და თავის მოღვაწეობით ჩვენი გადაგვარების მოსურნეთ გზა გადაუკეტა. ილიასეულ ამ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს ჩვენს დროში, ვფიქრობ, ადამიანის პრობლემაც დაემატა. ეს იმან განაპირობა, რომ დღეს პიროვნებამ, შეიძლება ითქვას, ფუნქცია და დანიშნულება დაკარგა, რაც ერთის მხრივ, მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, მეორეს მხრივ კი, კაცობრიობის სულიერმა დეგრადირებამ გამოიწვია. მას ფაქტიურად წაერთვა ყველაზე მთავარი რამ, - თავისუფლება. ადამიანი თავისი გამოგონებების მსხვერპლი გახდა და იმდენად შეიზღუდა, რომ პირადი ცხოვრებაც კი კონტროლირებადი გაუხდა. ასეთი რამ არც ერთ ეპოქაში არ მომხდარა. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგია მაგ. პლასტიკური ქირურგიის განვითარება, რამაც შესაძლებელი გახადა ბევრი დაავადების განკურნება და მძიმე ტრამვების შედეგების თითქმის სრულად გამოსწორება, ეს მისასალმებელია, თუმცა ამ დარგში მიღწევებმა ასევე შესაძლებელი გახადა სქესის შეცვლაც, რაც ღვთის განგებულებაში ადამიანის ჩარევაა და ამდენად სრულიად დაუშვებელი რამ. იგივე შეიძლება ითქვას გენურ ინჟინერიასთან მიმართებაში. საოცარი შედეგი მივიღეთ დაავადებათა პრევენციასა და დიაგნოსტიკაში, მაგრამ გენების მანიპულირებით და გენ-მოდოფიცირებული პროდუქტების შექმნით, - მეტად საშიში ნაბიჯი გადაიდგა. ამ მიმართულების მომხრეები ხშირად ამტკიცებენ, რომ ისინი იგივე საქმიანობას ეწევიან, რასაც, მაგალითად, სელექციონერები, რომელთაც უკეთესი ჯიშები გამოყავთ. მართალია, გენების გადაცემა სელექციის დროსაც ხდება, მაგრამ მხოლოდ ერთი სახეობის ან მონათესავე სახეობის ინდივიდებს შორის. სელექციის დროს ბრინჯი შეიძლება შეჯვარდეს მხოლოდ ბრინჯის სხვა ჯიშებთან, მაგრამ არა მაგ. ვაშლთან. გენური ინჟინერიის შემთხვევაში კი ეს ბარიერი მოხსნილია; გენი გადააქვთ მცენარიდან მცენარეში, მცენარიდან ცხოველში, მცენარიდან, ცხოველიდან ან ბაქტერიიდან - ადამიანში და ა.შ. ამ დამახინჯებულ გენებს კი აქვთ გამრავლების უნარი, რაც ღვთის მიერ ათასწლეულების განმავლობაში დაწესებული სახეობათშორისი საზღვრებისა და წესრიგის დარღვევას იწვევს, ეს კი გამოუსწორებელ შედეგს მოუტანს გარემოს და ჩვენს სულიერ სამყაროსაც დააზიანებს. გამოსავალი ერთია, მიუხედავად ასეთი პროდუქტების სიიაფისა და ჩვენი გაჭირვებისა, უარი უნდა ვთქვათ მათ გამოყენებაზე. ამასთან, ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ამ საკითხს მეტ ყურადღებას მიაქცევს და გაატარებს ქმედით ღონისძიებებს, რათა ჩვენი სოფლის მეურნეობა ნატურალური პროდუქტების წარმოების გზით განვითარდეს, რაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მძლავრ ბერკეტადაც იქცეს, რადგან მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მოთხოვნილება სულ უფრო და უფრო იზრდება. თუ ეს განხორციელდა, იგი დიდ სტიმულს მისცემს როგორც სოფლის მეურნეობის წინსვლას, ისე ამ სფეროში გადამამუშავებელი ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზეც ქართულ პროდუქციას თავის ადგილს დაუმკვიდრებს. სამწუხაროდ, 18 წლიანმა გარდამავალმა პერიოდმა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში მოშალა სურვილი და განწყობა შრომისადმი. არადა, ნებისმიერი საქმის წარმატებისათვის განწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი საშუალებით ხდება ამა თუ იმ მიმართულებით ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალების მობილიზება. (დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია). ადამიანს შეუძლია თავისი ენერგია მოახმაროს აღმშენებლობას, ან ნგრევას, ანდა დატოვოს იგი გამოუყენებელი. შრომასთან მიმართებაში ამჟამად არსებული უარყოფითი განწყობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ჩვენ საოცარ შედეგს მივიღებთ, რადგან როცა, ამა თუ იმ საქმისადმი მზაობა არსებობს, გარემო პირობები ხელს რომც არ უწყობდეს, მიზანი მაინც მიიღწევა. ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენი ისტორიაა. ჩვენი წინაპრების განწყობამ რწმენის ერთგულებისა და ქვეყნის დაცვისადმი შეგვაძლებინა (ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ), არა მარტო ის, რომ ფიზიკურად გადავრჩენილიყავით, არამედ ისიც, რომ თვითმყოფადი ქართული სამყარო შეგვენარჩუნებინა. ამ წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი დაუღალავი შრომაც იყო. შრომის მიზანი და შედეგი მარტო კეთილდღეობის მიღწევა არ არის. იგი სულიერ განვითარებასაც უწყობს ხელს. ცხოვრების ეს წესი თვით შემოქმედმა დაგვიდგინა. ამიტომაც მონასტრულ ტიბიკონებში შრომას დიდი ყურადღება ექცევა. განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი საქმიანობა, რომელიც ბუნებასთან კავშირშია; მიწასთან, მცენარეებთან, ცხოველებთან მიმართებაში სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა ადამიანს აკეთილშობილებს და კურნავს, რადგან ღმერთმა ამ სამყაროს გვირგვინად შეგვქმნა და მასზე პასუხისმგებლობაც დაგვაკისრა. ადამიანი მოვალეა გაუფრთხილდეს და ყოველდღიური საქმიანობისას დალოცოს მიწაც, მოსავალიც პირუტყვიც... ეკლესიაში კი ამისთვის სპეციალური ლოცვებია დადგენილი. ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და ამიტომაც ბუნებასთნ ერთობაში იყვნენ. თანამედროვე ადამიანმა ეს დამოკიდებულება უხეში მომხმარებლური მიდგომით შეცვალა, რაც, თუ არ გამოსწორდა, დაღუპავს კაცობრიობას. ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო. ამას კი ვერ შევძლებთ, ღმერთთან კავშირი თუ არ გვექნა. ის, თუ რამდენად შორს (ან ახლოს) ვიქნებით მისგან, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან მაცხოვარი ყოველთვის ახლოსაა ჩვენთან. ასე რომ, ნებისმიერ ჩვენს ქმედებას, ჩვენს სიტყვასა და გულისზრახვას უნდა შევხედოთ როგორც ნაბიჯს, გადადგმულს ზეცისკენ ანდა ჯოჯოხეთისკენ. მართალია, ეს ცხოვრება სწრაფწარმავალია, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ მოვიპოვოთ მარადიული ნეტარება ან სამუდამოდ დავკარგოთ იგი. მაშ, მოვუსმინოთ წინასწარმეტყველთა და წმიდა მამათა დარიგებებს, რათა შეძლებისდაგვარად დავიცვათ ჩვენი შინაგანი სამყარო დამანგრეველი ცოდვებისაგან: ამპარტავნების, თავისმოყვარეობის, განკითხვის, შურის, ცილისწამებისა და სხვა სიბილწეთაგან, რომელთა მარწუხებშიც მოქცეული და დამონებულია თანამედროვე ადამიანი: „შიში უფლისა დასაბამია სიბრძნისა და მორჩილება წინ უძღვის დიდებას“ (იგავნი 15,33). მოწყალება ისეთი მალამოა, რომელთაც ყველანაირ განსაცდელს უწამლებ. მოწყალების შემდეგ უდიდესი სათნოებაა მადლიერება ღვთისადმი და ადამიანებისადმი. განკითხვის ცოდვა ცეცხლივით დაგწვავს. სადაც ამპარტავნებაა, იქვეა პატივმოყვარეობაც. შური კი მათი შვილია. ის, ვინც ცილისმწამებელია, პირდაპირ დემონს ემსახურება. ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო თავმდაბალთ მოსცემს მადლს. მან, ვინც ისწავლა მოთმინება, ისწავლა თითქმის ყველაფერი; მთელი სიბრძნე კი უფლის ამ დარიგებაშია: შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, გონებითა, ყოვლითა სულითა და ძალითა შენითა; შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი (მთ. 22,37). ჩვენ, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ბევრჯერ შევცდებით; მთავარია, დაცემის შემდეგ მოვინდომით და შევძლოთ ადგომა. ამასთან, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერებისათვის ვართ მოწოდებულნი და გვაქვს შესაძლებლობა, შევაღოთ ზეცის კარიბჭე, ვიხმიოთ ტრაპეზი უფლისა და მისი სიყვარულით დავტკბეთ. რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი? რა ძალამ უნდა დაგვაბრკოლოს ამის მისაღწევად? ძე ღვთისა გვიწვდის ხელს და თავისთან გვიხმობს. ვინ შეიძლება ვამჯობინოთ მას? შევთხოვ შემოქმედს, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა თითოეული ჩვენგანის გულში დაიდგას ტახტი და თითოეულ ჩვენგანში ძლეულმა ბოროტმა სულმა იულიანე განდგომილის მსგავსად აღმოთქვას: „შენ გაიმარჯვე გალილეველო!“ ღვთაებრივი სიხარულით აღვსილი კიდევ ერთხელ გილოცავთ, - ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღდგომა ქრისტესი თბილისი, 2008 წ. |
ალექსანდრე |
May 3 2008, 11:52 AM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ციტატა საერთოდ, მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა). -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
lingvo |
Jan 7 2009, 05:45 PM
პოსტი
#13
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
http://www.link.ge/file/191290/sashobao-epistole.pdf.html
http://patriarchate.ge/sashobao_epistole.pdf -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
KAIROS |
Jan 8 2009, 10:24 AM
პოსტი
#14
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
2009 წლის საშობაო ეპისტოლე
"ბეთლემო, იხარებდ, რამეთუ ხე იგი ცხოვრებისაი შენს შორის აღმოცენდა დღეს" (საშობაო საგალობელი) ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო! ადამსა და ევას, სამოთხიდან განდევნის შემდეგ, შემოქმედმა აღუთქვა, რომ კაცთა მოდგმას მაცხოვარს მოუვლენდა და ეს აღთქმა მან სხვადასხვა დროსაც რამდენჯერმე გაიმეორა. ებრაელთა ერი მოთმინებით ელოდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას და აი, ახდა მამამთავარ იაკობის ნათქვამი: “არ წაერთმევა კვერთხი იუდას, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა” (დაბ. 49,10). რომის იმპერიის ნაწილად ქცეულ იუდეაში, იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს, მმართველად დაინიშნა წარმოშობით იდუმიელი ჰეროდე, რომელსაც ხალხი ტირანად და დავითის ტახტის უზურპატორად მიიჩნევდა. სწორედ ჰეროდეს მეფობის პერიოდში დავითის ქალაქ ბეთლემში მწირ, მიტოვებულ გამოქვაბულში, ბაგასა შინა იშვა მხსნელი სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აღსრულდა მიქიას წინასწარმეტყველებაც: “შენ კი ეფრათის ბეთლემო, უმცირეს ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ხელწიფე ისრაელში და ძველთაგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან” (მიქ. 5,1). როგორი უბრალოებითა და სიმდაბლითაც მოევლინა მაცხოვარი ამ ქვეყანას, მისი შობა პირველთ ასეთივე მადლის მქონე ადამიანებს ეუწყათ. არა საზოგადოების რჩეულნი _ მწიგნობარნი, ფარისეველნი ან უხუცესნი, არამედ უბრალო მწყემსები გახდნენ ღირსნი, მოესმინათ ანგელოზთა საოცარი საგალობელი: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” და პირველებს ეხილათ ზეციური ყრმა. სახარება გვამცნობს, რომ შემდეგ ახალშობილი იესოს თაყვანისაცემად აღმოსავლეთიდან ვარსკვლავს წამოყოლილი მოგვებიც მოვიდნენ და ძღვნად მოართვეს ოქრო (როგორც მეფეს), გუნდრუკი (როგორც ღმერთს) და მური (როგორც ადამიანს). მათი სახით უფალი წარმართთაც “გამოუჩნდა”, რადგან ამ ხალხშიც დიდი იყო მესიის მოლოდინი და, ამასთან, თავიდანვე განცხადდა, რომ იესო განკაცდა არა მარტო “რჩეული ერისთვის”, არამედ სხვა ხალხებისთვისაც, ანუ მთელი კაცობრიობისათვის. დაკარგული ცხოვარის შესახებ სახარებისეული იგავი ნათლად წარმოაჩენს ადამიანთა გადარჩენისათვის უფლის მიერ გაღებული მსხვერპლის არსს: მწყემსი კეთილი ტოვებს 99 ცხვარს (იგულისხმება ანგელოზთა დასი) და მიდის მთებში დაკარგული ერთი ცხვრის (ცოდვებში დანთქმული კაცობრიობის) მოსაძიებლად და როცა იპოვის დავრდომილსა და უღონოს, მხრებზე შეისვამს და აბრუნებს უკან. მწყემსის მხრებზე შესმული ცხვარი სიმბოლოა სულიერად დავრდომილი, ღონემიხდილი ადამის მოდგმისა, რომელსაც უფლის დახმარების გარეშე არ შეუძლია ცოდვათაგან განწმენდა და ღვთის საუფლოში დაბრუნება. დიახ, იესო ქრისტემ “თავს იდო ჩვენი ცოდვები და იტვირთა ჩვენი სატანჯველნი”, _ როგორც ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი (53,4). მაგრამ, ღმერთი განკაცდა არა მარტო იმიტომ, რომ გვასწავლოს გზა ჭეშმარიტი და გვიჩვენოს მაგალითი ცხოვრებისა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ დაგვაკავშიროს თავისთან და თავისი ღვთაებრივი მადლით ჩვენი დაზიანებული, დაცემული შინაგანი სამყარო განაახლოს და აღადგინოს. როგორ ხდება ეს? _ საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით, რომელთა შორის უპირველესი არის ნათლობა. ერთადერთი ერი, რომელიც ქრისტეშობამდე აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს, იყვნენ ებრაელები. მათ უფალი წინასწარმეტყველთა საშუალებით არიგებდა და სწორად სვლის გეზს აძლევდა. ძველი აღთქმა იცნობს უდიდეს წინასწარმეტყველთ: მოსეს, დავითს, ესაიას, იერემიას, იეზეკიელს, დანიელს, ილიას და სხვებს, რომლებიც, მართლაც, გამორჩეული და საოცარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ გარდაცვალების შემდეგ სამოთხის ღირსნი ვერ გახდებოდნენ, რადგან, სხვათა მსგავსად, ადამისა და ევასგან მემკვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვით იყვნენ დამძიმებულნი. წმიდა წერილი ხომ ბრძანებს: “ვინ შობს წმიდას უწმიდურისაგან? არავინ”. (იობი, 14,4) და ისინიც, როგორც სხვა მრავალნი მართალნი, მოელოდნენ მესიას, რომელსაც ღმერთსა და ადამიანს შორის გაჩენილი უფსკრული უნდა ამოევსო და მიწიდან ზეცისკენ მიმავალი კიბე აღემართა. ებრაელ ერში უშვილობა ღვთის სასჯელად სწორედ იმიტომ ითვლებოდა, რომ მიაჩნდათ, თუ თვითონ არა, თავისი შთამომავალი მაინც მოესწრებოდა მხსნელს და მისი ლოცვით აღმოყვანებული იქნებოდა ჯოჯოხეთის სკნელიდან. და აი, იშვა ემმანუელი _ ჩვენთან არს ღმერთი, რომელმაც კაცთა მოდგმას ზეცის კარიბჭენი გაუხსნა. ვიმეორებ, პირველ რიგში, ნათლობით, რადგან ნათლობის მადლით აღიხოცება ადამისა და ევას პირველქმნილი უდიდესი ცოდვა და ნათლობამდელი ყველა სხვა ცოდვაც; ადამიანი ხდება უბიწო და ენიჭება სულიწმინდის ბეჭედი. ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ეს არის პიროვნების მეორედ შობა და სულიერი დაბადება ქრისტეში; ამის გარეშე ცხონება არ არსებობს; ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა (წყლისა და სულისაგან), ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს” (ინ III, 3,5). ასე რომ, ნათლობა აუცილებელია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან, თოთოეული ჩვენგანი, ბოროტის გავლენით, ყოველდღიურად მრავალ ცოდვას ჩადის, რაც მის სულს დაღუპვას უქადის. იესო ქრისტე, საეკლესიო საიდუმლოებების საშუალებით, საოცარ მადლს გვანიჭებს ეშმაკის მახეთაგან თავის დასაღწევად; ამ მადლთა შორის უმთავრესი არის სინანული; ამა თუ იმ მიზეზის გამო, სინანულის განცდა ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ქრისტიანული სინანული განსხვავებულია; იგი გულისხმობს ღმერთთან დარღვეული კავშირის აღდგენის მიზნით, ცოდვათაგან განწმედის დიდ სურვილს. “შეინანეთ!” _ ქრისტეს გამოჩენამდე მოუწოდებდა ხალხს იოანე ნათლისმცემელი და მათ წყლით განბანდა. “შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა!” _ ბრძანებს პირველივე ქადაგებაში მაცხოვარი. დიახ, სინანულია სწორედ ის მთავარი ფუნდამენტი, რასაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. ადამიანები ეკლესიაში ხშირად მოდიან გასაჭირის გამო, ან ავადმყოფობისგან განკურნების სურვილით, ან, თუნდაც, სხვათა მიბაძვით, მაგრამ მათში თუ ჭეშმარიტმა სინანულმა არ გაიღვიძა და ღვთისადმი ჩვენი დამოკიდებულება ამ გრძნობას არ დაეფუძნა, რწმენა მალე გაფერმკრთალდება და ასეთნი ეკლესიიდანაც თავისი ნებით განდგებიან. ამა თუ იმ საზოგადოებაში მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეკლესიის გარეშეც ცხონდებიან, რადგან სხვებივით ცუდს არაფერს სჩადიან. მაგრამ, მათი ყოფა ღმერთთან შერიგებისთვის სულაც არ არის საკმარისი. ჯერ ერთი, ეს “სიკარგე” შედარებითია და სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უცოდველნია; მეორეც, თითოეულმა ჩვენგანმა შეწყალება უნდა ითხოვოს უფლისაგან და თანაც, მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომ ჯოჯოხეთისთვის არ გაიწიროს. ზეციდან გადამრჩენელი კიბეა დაშვებული და თუ ბოლო საფეხურამდე კარგად არ ჩავჭიდებთ მას ხელს (ანუ თუ უფლის მცნებებს არ დავიცავთ), ცხოვრების ქარიშხალი უფსკრულში გადაგვჩეხს. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, რომელ საფეხურზე ვდგავართ; ნებისმიერ სიმაღლეზე მყოფი ადამიანი შეიძლება დაშორდეს ღმერთს და ჩამოვარდეს კიბიდან. სულიერ ზეაღსვლას კიდევ ერთი თავისებურება ახლავს; რაც უფრო მაღლა ადის პიროვნება, მით უფრო ნათლად აცნობიერებს საკუთარ ცოდვებს და, შესაბამისად, უფრო ღრმა სინანულიც ეუფლება (ჩაიხედეთ თქვენს გულებში, და მიხვდებით, როგორია თქვენი სულიერი მდგომარეობა). ბევრს არ ესმის, ასე რატომ ხდება. მსურს, შეგახსენოთ აბბა დოროთეს საუბარი ქალაქ ღაზის ცნობილ პიროვნებასთან. მოძღვარმა ჰკითხა მას, თუ როგორ ადამიანად მიაჩნდა თავი თავის ქალაქში. _ გავლენიან და ყველასგან დაფასებულ ადამიანად, _ იყო პასუხი. _ და თუ წახვალ კესარიაში, იქ როგორ მიგიღებენ? _ იქაურ დიდებულთა შორის უკანასკნელად. _ ანტიოქიაში? _ ჩვეულებრივ ადამიანად. _ კონსტანტინოპოლის სამეფო კარზე? _ თითქმის არაფრად. ეს მიწიერი კეთილდღეობისათვის დამახასიათებელი კატეგორიებია; ასევე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც, _ წერს აბბა დოროთე, _ რადგან, რაც უფრო ახლოს ხარ ღმერთთან, მით უფრო მეტად გრძნობ, რომ სინამდვილეში არარაობა ხარ. ჭეშმარიტი და ღრმა სინანული არ გულისხმობს უიმედო გლოვასა და სასოწარკვეთას, რადგან ამ დროს ხდება მთელი სისავსით გაცნობიერება ღვთაებრივი სიყვარულისა და, რა თქმა უნდა, საკუთარი უძლურებისაც. წმიდა მამები ამ მდგომარეობას მტირალ სიხარულსაც უწოდებენ; მას, მართლაც, მოაქვს სიხარული, ნუგეში და მშვიდობა სულისა, თანაც ისეთი, რომელსაც ამქვეყნიური ვერანაირი ნეტარება ვერ შეედრება. “ღმერთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის (ანუ მიწიერი კეთილდღეობა), არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა”, _ გვასწავლის პავლე მოციქული (რომ. 14,17). გულწრფელი სინანულითა და მოძღვრის წინაშე თქმული აღსარებით, ნათლობის მსგავსად, ადამიანი სულიერი ბიწისაგან განიწმინდება (უნდა ვეცადოთ, თვეში ერთხელ მაინც ვეზიაროთ ამ საიდუმლოს, რომ სული არ გაგვიუხეშდეს და შინაგანი თვალის ჩინი არ დაგვეშრიტოს). რატომ არის აუცილებელი აღსარება ვთქვათ მოძღვართან? რა საჭიროა ჩემსა და ღმერთს შორის შუამავალი? განა არ შეიძლება ხატთან ვაღიარო ჩემი ცოდვები?, _ ამ კითხვებს ხშირად გაიგონებთ მორწმუნე, მაგრამ არაეკლესიურ ადამიანებში. მათ პასუხად შევახსენებთ თავისი მოწაფეებისადმი მაცხოვრის მიერ თქმულ სიტყვებს: “ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ, რასაც შეჰკრავთ ქვეყანასა ზედა, შეკრული იქნება ზეცაშიც და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც” (მათე 18,18). ეს ნიჭი შეკვრისა და ცოდვათა მიტევებისა მოციქულებმა ხელდასხმით გადასცეს თავის მოწაფეებს, იმ მოწაფეებმა თავის მოწაფეებს... და ასე მოდის ეს უწყვეტი ჯაჭვი დღემდე. რომ ავიღოთ მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერი მოძღვარი და მივყვეთ მის ხელდამსხმელთა გენეალოგიურ რიგს, აუცილებლად მივალთ რომელიმე მოციქულამდე. და ეს უწყვეტობა მადლისა არის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი. ასე რომ, სასულიერო პირს, რომელსაც შეჩერებული არა აქვს მღვდელმოქმედება, თვით იესო ქრისტესაგან აქვს მონიჭებული უფლება ცოდვათა შენდობისა. ეს უფლება არა აქვს საერო იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე მდგომ არც ერთ პიროვნებას, მათ შორის, არც მეფეს. მოძღვარი არის ერთგვარი შუამავალი ამა თუ იმ პიროვნებასა და ღმერთს შორის. იგი, შეიძლება, არ აკმაყოფილებდეს ჩვენს მოთხოვნებს, მაგრამ არავინაა შეზღუდული, მოძებნოს სხვა სასულიერო პირი, რომელთანაც ბოლომდე გაიხსნება. სულიერ ურთიერთობაში კომფორტს განსაკუთრებით ისინი საჭიროებენ, რომელთაც ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული აქვთ. შემდგომ ეტაპზე ადამიანისთვის მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, ვის ეტყვის იგი აღსარებას; მან იცის, რომ თუ რწმენით მიმართავს მოძღვარს, უბრალო მღვდლისგანაც საოცარ სიბრძნეს მოისმენს, რადგან აღსარების საიდუმლოს დროს უფალი უხილავად თვითონ ისმენს ჩვენს ნათქვამს და, ჩვენი რწმენისა და სიწრფელის შესაბამისად, მოგვაგებს მადლს მოძღვრის მეშვეობით. რაც არ უნდა მძიმე ცოდვა გვქონდეს ჩადენილი, არ უნდა მოგვერიდოს მისი თქმისა, რადგან ღვთის წინაშე ისედაც არაფერია დაფარული. მთავარია, ჩვენ რას განვიცდით და რომელი ცოდვის გამო ვითხოვთ შენდობას. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ცოდვა არ არის ჩვენი თვისება, ეს არის ბოროტის გავლენით განხორციელებული ქმედება, ხოლო ჩვენი ერთგულება ქრისტესადმი სწორედ იმაში უნდა გამოიხატოს, რომ მას ცოდვის შესაბამისი სინანული ვაჩვენოთ და თუ ღირსნი ვართ, მოძღვრის მიერ დადებული სასჯელიც (ეპიტიმია) მორჩილებითა და სიყვარულით მივიღოთ, როგორც წამალი ჩვენი განკურნებისა. ზოგიერთები ამა თუ იმ ვნებაზე ამბობენ, ეს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა და მას რატომ უნდა ვებრძოლოთო. ამასთან, ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ეს სიტყვა – ვნება – დადებით კონტექსტში მოიხსენიება და ტელევიზიისა თუ პრესის საშუალებით მკვიდრდება აზრი, რომ, მაგალითად, მრუშობა, სიცრუე, განკითხვა, დიდებისმოყვარეობა, ამპარტავნება, მამათმავლობაც კი ადამიანის თვისებებია და მათში დანაშაულებრივი არაფერია. ეს ტყუილია! იოანე კიბისაღმწერელი (ისევე როგორც სხვა მამები), განმარტავს, რომ ვნებები ბიწია სულისა, რომელიც გულს ჩვეულებად ექცა ხშირად გამეორების გამო. ამავე მიზეზით გვექმნება ილუზია, რომ ისინი ჩვენი გულიდან მომდინარეობენ. სინამდვილეში ცოდვა, ვნება, _ ეს ჩვენი სულის დაჩირქებული, გახრწნილი ზედნადებია, რომელიც უნდა მოვიკვეთოთ სინანულით, აღსარებითა და ზიარებით (ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით). ადამიანს ძალუძს დაამარცხოს საკუთარ თავში ხანგრძლივად არსებული ყველაზე მძიმე ცოდვაც კი და საბოლოოდ განდევნოს იგი. უფრო სწორედ, მას ამის განხორციელება ღვთის შეწევნით შეუძლია. რადგან, თუ არა მოწყალება უფლისა, ჩვენ ვერც სათანადო სინანულს შევძლებთ, ვერც გულწრფელ აღსარებას ვიტყვით და, მით უმეტეს, სათანადოდ ვერ მოვემზადებით ევქარისტიისათვის, რომლის დროსაც მაცხოვრის ხორცსა და სისხლს ვეზიარებით და ჩვენი სული მასპინძელი ხდება უფლისა. თვით იესო ქრისტე შემოდის ჩვენში, რომ განგვამტკიცოს, განგვაძლიეროს და ახალ სულიერ სიმაღლეზე აგვიყვანოს, სულიერი და ხორციელი კურნება მოგვანიჭოს და ჭეშმარიტი სიბრძნე მოგვმადლოს. ამას ეწოდება სინერგია _ ადამიანური და ღვთაებრივი ნების გაერთიანება. ამ მადლს, ამ წყალობას საუკუნეების განმავლობაში ელოდა კაცობრიობა; იგი ახლა ჩვენს წინაშეა და მის გარეშე არ უნდა დარჩეს არავინ, რადგან ეს, ფაქტიურად, უარყოფაა ღვთისა (თუნდაც, რომ ადამიანს თავი მორწმუნედ მიაჩნდეს). ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: “თუ კი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შევსმავთ მის სისხლს (ანუ არ მივიღებთ ზიარებას), არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო ვინც შეჭამს ჩემს ხორცს და ვინც შესვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია და მე მასში. ეს არის პური, რომელიც გარდამოხდა ზეცით. ამ პურის მჭამელი იცოცხლებს უკუნისამდე” (ინ. 6. 53,56,58). მაგრამ, ამ საიდუმლოს მისაღებად განსაკუთრებულად უნდა მოემზადოს ახალგაზრდაც და ასაკოვანიც, ხელისუფალიც და ინტელიგენტიც, მუშაც, გლეხიც და სასულიერო პირიც, რათა არ ექცეს იგი სასჯელად. ცხონების გზას ნებისმიერი ადამიანი თავისუფალი ნებით ირჩევს. ისინი, რომლებიც არ ისმენენ იესოს დარიგებებს, ოდესმე აუცილებლად გაიგონებენ მის მკაცრ სიტყვებს: “წარვედით ჩემგან წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელიც გამზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის” (მთ. 25,41). დიახ, ღმერთი გულმოწყალეა, მაგრამ სამართლიანიც, უსასრულოდ შემნდობია, მაგრამ მართლმსაჯულიც. ყოვლადწმიდა სამებამ მოანიჭოს თითოეულ ჩვენგანს ჭეშმარიტების გზით სვლის უნარი და დაგვიფაროს გეენის ცეცხლისაგან! ეს ყოველივე ბევრისათვის ცნობილია და მასში ახალი არაფერია, მაგრამ ამას ვწერ “უძღებ შვილთათვის”, რომ დაუბრუნდნენ “მამის წიაღს” და, ვიდრე გვიან არ არის, ცხოვრების წესი შეცვალონ. ჩვენ ისედაც მეტად რთულ დროს გვიწევს ამქვეყნად ყოფნა. მართალია, საქართველოს მძიმე პერიოდები თავისი არსებობის მანძილზე თითქმის სულ ჰქონდა, მაგრამ მაშინ ადამიანებს რწმენა უფრო მტკიცე ჰქონდათ და თან განსაცდელთა ასეთი სიმრავლეც არ იყო; ახლა ჩვენს ხალხს მოუწია პოსტსაბჭოთა გარდამავალი პერიოდის სიმძიმის გადატანა, ცხოვრების ერთი წესიდან მეორეში გადასვლა, უმუშევრობა, შიმშილი, ომი, მორალური კრიტერიუმების შეცვლა, ძალადობისა და სიცრუის მორევში მოხვედრა... აღარაფერს ვამბობ ვიწრო ოჯახურ და პირად პრობლემებზე. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არც ხვალინდელი დღე იძლევა უკეთესი მომავლის იმედს, რადგან მთელი მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში შედის, რომელიც შეიძლება სისტემურ კრიზისად იქცეს, ანუ არსებული სისტემა სხვამ, პრინციპულად ახალმა, სისტემამ შეცვალოს. ხდება მსოფლიოს და ცალკეული ქვეყნების რეგიონალიზაცია, ანუ გარკვეულ ჯგუფებად დაყოფა; ხოლო, იმის მიხედვით, თუ რა პრინციპი უდევს საფუძვლად ცალკეული გაერთიანების შექმნას, შეიძლება, ესა თუ ის ქვეყანა რაღაც მიმართულებით (მაგ., გაზის ან ნავთობის მოპოვებით) ერთ გაერთიანებაში მოხვდეს, ხოლო მეორე მიმართულებით (მაგ., კოსმოსის ათვისების სფერო), – სხვა გაერთიანებაში. ამასთან, მოსალოდნელია დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებების გამწვავება გავლენის სფეროების გასაფართოვებლად. ისტორიის თანამედროვე ეტაპი მომხმარებლური საზოგადოების ღირებულებათა ზეობის დროცაა. მისთვის მთავარია მიწიერი კეთილდღეობა და არა _ სულიერი სიმდიდრე. ამიტომაცაა, რომ გამართლება ეძებნება მატერიალური გამდიდრების ყველა საშუალებას. დიახ, დღეს ბაზარზე საქონლისა და მომსახურეობის შეუზღუდავი წარმოება კი არა, ფული ბატონობს და თუ ეს მომხმარებლური პროცესი დროზე არ შეჩერდა, საზოგადოება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. სისტემური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით დასავლეთმა კურსი ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სექტორის შედარებით გაძლიერებაზე აიღო, რაც თავისუფალი ბაზრიდან უფრო რეგულირებად ბაზარზე გადასვლას გულისხმობს და, ბუნებრივია, ცალკეული სახელმწიფო ეფექტური მართვის საკუთარი მექანიზმის ძიებას დაიწყებს. ჩვენც უნდა გამოვნახოთ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზები. როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, აუცილებელია, საშუალო და მცირე საწარმოთა დონეზე, მართვის სწორ სისტემაზე დაყრდნობით, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი დარგის სწრაფი განვითარება. ის, რომ ჩვენი ხელისუფლება სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის წინსვლისთვის გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მისასალმებელია, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია. აქ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ რამდენიმე მიმართულებას შევეხები. საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა. ის მდგომარეობა, რაც ამ კულტურების მიმართ დღეს არის, დამღუპველია, როგორც სულიერი, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ჩვენი წინაპრებისთვის ღვინო და პური, გარდა თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცისა და სისხლის სიმბოლოს უკავშირდებოდა და, ამიტომაც ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და განსაკუთრებულადაც უვლიდა; და ეს უნდა აღდგეს. დღეს კი მავანნი კახელ გლეხს სოლიდურ თანხას სთავაზობენ, რომ მან შვილივით ნაზარდი ვაზი აჩეხოს და სანაცვლოდ საზამთრო ან სხვა კულტურა დარგოს; ამასთან, ყურძნის მოყვანის ინტერესს იმითაც უკლავენ, რომ მოსავლის ჩაბარებისას, მინიმალურ ფასსაც არ აძლევენ. ასე არ უნდა გაგრძელდეს. იქნება გამოსავლად იქცეს გლეხურ მეურნეობებში დამზადებული სუფთა ღვინის ექსპორტი სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება ხორბალს, მისი ადგილობრივი წარმოება კატასტროფულად არის შემცირებული და ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების მხოლოდ 9% აკმაყოფილებს; სამწუხაროდ, ამ 9%-შიც არ შედის ჩვენი ტრადიციული ადგილობრივი ჯიშები. მეტად სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ უნიკალური ქართული ხორბალი სრული გაქრობის პირასაა. არადა, ჩვენგან წაღებულ თესლს სხვა ქვეყნები თავისად წარმოაჩენენ და ამით ამაყობენ; ხოლო საქართველოში ექსპორტირებული ხორბალი და პურის ფქვილი, რომელიც მოხმარებული პროდუქციის 91% შეადგენს, იმდენად დაბალი ხარისხისაა, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საქმე შემდეგშია: მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ხელოვნური მეთოდებით (გენური ინჟინერია, შხამ-ქიმიკატები, მცენარის ზრდის სტიმულატორები და ასე შემდეგ) მიღებული საკუთარი ჭარბი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრები გააფართოვონ და სხვა ქვეყნებში ადგილობრივი ბუნებრივი პროდუქციის წარმოება შეაფერხონ, საქართველოც სურთ, თავისი გავლენის სფეროდ და მათი სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად გადააქციონ; მით უმეტეს, რომ აქ, ხალხის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო, იაფფასიანი, უხარისხო ნაწარმის გასაღება პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ტენდენციას ჩვენ ჩვენი პოზიცია და ინტერესები უნდა დავუპირისპიროთ. სოფლის მეურნეობის აღორძინების მიზნით სახელმწიფოს პოლიტიკა, მართალია, მნიშვნელოვანია (ვგულისხმობ სახელმწიფო დოტაციებს, სარწყავი წყლითა და საძოვრებით უზრუნველყოფას, რაიონებში უფასო საკონსულტაციო ცენტრების ამოქმედებას), მაგრამ თვით მოსახლეობასაც შეუძლია ზომების მიღება, _ მან უარი უნდა თქვას ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციაზე, თვითონ უნდა დაიწყოს მიწის დამუშავება და შექმნას მცირე საწარმოები. ყველამ იცის, რომ, ხელოვნური ტექნოლოგიების საპირისპიროდ, დღეს უკვე სერიოზული ბიძგი მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. ვფიქრობ, ჩვენთან ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების კარგი შესაძლებლობა გვაქვს და ამ სახით მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების პერსპექტივაც. ამიტომაც, ვიდრე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო ჯიშები (არა მარტო ყურძნის და ხორბლის, არამედ ლობიოს, კარტოფილის, საერთოდ, ბოსტნეულის, ხილისა და საქონლის), თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საქმე რეალობად იქცეს. ამით ჩვენ ჩვენს სიმდიდრესაც შევინარჩუნებთ და მომავალი თაობების ჯანმრთელობასაც დავიცავთ. აღნიშნულის შესახებ მე ადრეც ვწერდი, მაგრამ დღეს ეს უკვე აუცილებლობად იქცა. მით უმეტეს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც აქეთკენ გვიბიძგებს, რადგან მისგან გამოწვეული დეფიციტი, პირველ რიგში, ალბათ, კვების პროდუქტებს შეეხება. როდემდე გაგრძელდება ამდენი პრობლემები?, _ ბუნებრივია, ყველას გულში ეს კითხვა ტრიალებს. _ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა, მაგრამ ვართ კი დღეს იმ სულიერ სიმაღლეზე, რომ ჩვენი თხოვნა ისმინოს უფალმა? _ არც სხვები არიან უკეთესები, _ იტყვის მავანი. _ ჩვენ ბევრი მოგვეცა და ბევრიც მოგვეთხოვება. არაერთხელ მითქვამს ისიც, რომ საქართველო, წმიდა მამების თქმით, ბოლოჟამს გაბრწყინდება, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს? მატერიალური კეთილდღეობით? ამით ხომ დღევანდელი მსოფლიოს მრავალი ქვეყანა იწონებს თავს და რა, ეს არის გაბრწყინება? _ რა თქმა უნდა, არა; იგი გულისხმობს მთელი ერის სულიერ ამაღლებას. ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თავს მორწმუნედ მიიჩნევს, კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ეკლესიური ცხოვრებით ყველა არ ცხოვრობს. ამასთან, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ ის მცნება, რომელიც ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მოსეს პირით გამოუცხადა რჩეულ ერს შემოქმედმა: `ისმინე ისრაელო! ერთია უფალი, უფალი ჩვენი ღმერთი. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით. გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომელიც დღეს გამოგიცხადე. ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე სახლის წირთხლებს და კარებს” (მეორე რჯული 6, 4-9). წმიდა მარკოზ მახარებელი კი წერს: ერთ-ერთი მწიგნობრის კითხვაზე, _ რომელია უპირველესი მცნება, _ მაცხოვარმა უპასუხა: ისმინე, ისმინე ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! და გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, და მთელი შენი სულით, და მთელი შენი გონებით, და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება! (მარკ. 12, 29-30). _ რა იგულისხმება ამაში? _ ეს ნიშნავს, რომ არავინ და არაფერი ღმერთზე წინ არ უნდა დავაყენოთ! “ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი!” _ ბრძანებს მაცხოვარი (მათე 10,37). _ რატომაა ასეთი მკაცრი მოთხოვნა? _ იმიტომ, რომ სიყვარული ნიშნავს მთელი არსებით სწრაფვას მისდამი, ვინც გიყვარს. თუ ჩვენ ღმერთზე წინ სხვას დავაყენებთ, მისი გულისთვის რაიმე მიზეზით როდესმე დავივიწყებთ უფალს და სულიერად დავიღუპებით. ჩვენი გული და სული მთლიანად უნდა მივუძღვნათ შემოქმედს, რათა ადგილი აღარ დავუტოვოთ ბოროტს და არ მივცეთ საშუალება ამა თუ იმ საბაბით განგვაშოროს ღმერთს, როგორც ეს თავის დროზე ადამს და ევას დაემართათ. ღმერთი თავად სიყვარულია და ჩვენც ნამდვილი სიყვარულით ცხოვრებას გვასწავლის. ეს სიყვარული დიდად განსხვავდება მიწიერი სიყვარულისაგან, რომელიც “ეგო”-ზეა ორიენტირებული და “მეს” წარმოჩენას ემსახურება. “მე უნდა ვიყო მდიდარი”, “მე უნდა ვიყო დაფასებული”, “მე ვარ ნიჭიერი”, “მე მინდა”, “მე შემიძლია”, “მე გაძლევთ გარანტიას”... ამ წესით მცხოვრებ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ჩვენი დამსახურება სულაც არ არის თუნდაც ის, რომ ვსუნთქავთ, დავდივართ, ვხედავთ, ვგრძნობთ, ვაზროვნებთ... მარტო ჩვენგან არ მომდინარეობს არც ის, რომ გვყავს მშობლები, ოჯახი, შვილები, ნათესავები, ვართ ამა თუ იმ ერის წარმომადგენლები და ვმეტყველებთ ამა თუ იმ ენაზე... მით უმეტეს, საერთოდ არა გვაქვს შეხება კოსმიური სამყაროს წესრიგთან, სადაც ყველაფერი მოძრაობს და თან ყველაფერი ერთმანეთთან საოცარ ჰარმონიაშია. ყოველივე ამის შემოქმედი რომ ღმერთია, ამას თანდათან თანამედროვე მეცნიერებაც აცნობიერებს. სულ ცოტა ხნის წინ მკვლევარები მიიჩნევდნენ, რომ ხელში ეპყრათ ჯადოსნური გასაღები და ნებისმიერი საიდუმლოს ფარდას ახდიდნენ. ახლა კი, დოქტორ შილტის სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებენ, რომ “10 წლის წინ უფრო მეტი იცოდნენ სამყაროს შესახებ, ვიდრე ეს დღეს იციან”, რადგან ყოველი აღმოჩენა ასჯერ უფრო მეტი ახალი საიდუმლოებების წინაშე აყენებს მათ. ყოვლადწმიდა სამების ძალა, რომ ოდნავ მაინც გავაცნობიეროთ, დედამიწის ტრაექტორიის შესახებ მეცნიერული გამოკვლევის შედეგებს გაგახსენებთ: ჩვენი პლანეტა და ჩვენც მასთან ერთად, სივრცეში ერთდროულად სამი მიმართულებით გადავადგილდებით: დედამიწა შეუჩერებლივ ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო 1000 კმ.სთ. სიჩქარით; მზის გარშემო 30 კმ.წმ. სიჩქარით, ხოლო მზის სისტემის პლანეტებთან და ჩვენს გალაქტიკასთან ერთად სხვა გალაქტიკებთან მიმართებაში _ 20 კმ.წმ.-ში სიჩქარით. ამისი წარმოდგენაც კი არ ძალუძს ჩვენს გონებას. და ნუთუ, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს ყველაფერი თავისით ხდება?! შეგახსენებთ იმასაც, რომ ანდრომედას ნისლეულის სახელწოდებით ცნობილ გალაქტიკათა სიმრავლეში მხოლოდ ერთ-ერთია ჩვენი გალაქტიკა, რომელიც, თავის მხრივ, ასობით მილიონ ვარსკვლავს მოიცავს; ამ მილიონობით ვარსკვლავთა შორის არის მზის სისტემაც თავისი 9 პლანეტით, ანუ დედამიწითაც, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ო, რა პატარები ვართ ღვთის წინაშე! ამიტომაც ჯერ კიდევ 30 საუკუნის წინ აცნობიერებდა დავით წინასწარმეტყველი და ამიტომაც სულშეძრული ასე მიმართავდა ღმერთს, ყოვლისმპყრობელს: “შევხედავ შენს ცას _ შენი თითების ნაღვაწს, მთვარეს და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე. რაი არს კაცი, რომ მოიხსენებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?” ამის პასუხი, ალბათ ისაა, რომ უფალი იმდენად დიდია, მისთვის სიმცირე არ არსებობს (ისევე როგორც, სულიერად მაღალ საფეხურზე მდგომი პიროვნებისთვის პატარა ცოდვები). მაშ, როგორ არ უნდა დავაფასოთ ის მსხვერპლი, რომელიც შემოქმედმა ჩვენთვის გაიღო და ძე თვისი საყვარელი ჩვენს გადასარჩენად მოავლინა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ცანი მოდრიკნა და კაცობრივი ბუნება მიიღო, ჯვარს ეცვა და ეწამა, რომ სიცოცხლის ხედ აღმოცენებულიყო და ამ ხის ნაყოფის მიმღებთ (ანუ მცნებების აღმასრულებელთ) შეგვესისხლხორცებინა, რომ ქრისტიანმა საკუთარი კეთილდღეობისათვის კი არა, სხვისთვის უნდა იცხოვროს. რომ ადამიანებისადმი მსახურებაშია ჩვენი გადარჩენა და უფლისადმი ჩვენი სიყვარულის დადასტურება. ამიტომაც მეორე მცნებად დაგვიდო: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავის თვისი!|”, ხოლო “ვი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jan 8 2009, 11:20 AM
პოსტი
#15
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ხოლო “ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა სჯული” (რომ 13,8).
“თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, იცრუა; რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორ შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?~ (1 ინ. 4,20). “ღმერთი სიყვარულია” და “რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი – მასში” (1 ინ. 4,16). ჭეშმარიტი სიყვარული ადამიანს ენიჭება სულიწმიდით, (“ღმერთის სიყვარული განფენილია ჩვენს გულებში სულიწმიდის მიერ” _ რომ.5,5). იგია უძლურთა მკურნალი, ნაკულულევანთა აღმავსებელი და ნუგეშინისმცემელი უსაზღვრო მადლი, რომლისადმიც ლოცვას (“მეუფეო ზეცათაო”) ყოველდღე გულმოდგინედ უნდა წარმოვთქვამდეთ, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ჩვენი ღვთისსათნო საქციელი ჩვენი დამსახურება კი არ არის, არამედ იგი სულიწმიდის შეწევნით ხორციელდება; ამისთვის უნდა ვმადლობდეთ მას და ვცდილობდეთ, ჩვენი სიტყვა და საქმე (ჩვენი შესაძლებლობისამებრ) იყოს გამოხატულება მოყვასისადმი ღვთის ზრუნვისა, ღვთის სიყვარულისა, ღვთის სიმართლისა. ჩვენ, ყველანი, მართალია, უფლის წინაშე ინდივიდუალურად ვცოდავთ, მაგრამ, ამავე დროს ვცოდავთ, როგორც ქრისტიანთა კრებული. დავფიქრებულვართ იმაზე, ვართ თუ არა ჩვენ ის საზოგადოება, რომელიც მოსაწონია ღვთისათვის? სხვა და სხვა ერი შემოქმედმა სხვა და სხვა ნიჭით დააჯილდოვა. ჩვენ აქედან უფრო მეტად სიყვარულის უნარი განვავითარეთ (ყველაზე მთავარი თვისება ღვთისა), ეს მადლი საუკუნეების განმავლობაში ათას განსაცდელს გამოვატარეთ და დღესაც, მრავალი პრობლემის მიუხედავად, ღვთის შეწევნით, შევინარჩუნეთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის, რომ თითქმის 20-წლიანი გარდამავალი მძიმე პერიოდის პირობებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ჩვენი ერი არავის მიმართ მტრობის სურვილით არ აღძრულა; საშინელ ჭირ-ვარამგამოვლილი დევნილი მოსახლეობაც სულით არ დაცემულა და არ გაბოროტებულა. ამიტომაც მჯერა, ათასი საცდურის მიუხედავად, კვლავაც შევძლებთ ღვთის გზით სიარულსა და მის ულევ სიყვარულთან ნამდვილ თანაზიარებას. ჩვენს თავს მოწევნული განსაცდელი ჩვენი გამოსწორებისათვის არის დაშვებული და ამიტომაც, სიმძიმის მიუხედავად, თავმდაბლობითა და მადლობით უნდა მივიღოთ იგი. თუმცა ქართველი ერი ვერასოდეს შეეგუება შექმნილ უსამართლობას. ჩვენ ყველასთან მშვიდობა გვინდა, მაგრამ არა ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე. ისიც მჯერა, ადრე თუ გვიან, აფხაზებიც და ოსებიც მიხვდებიან, რომ მათი გადარჩენა საქართველოსთან ერთობაშია და ეს დღე მით უფრო მალე დადგება, რაც უფრო მალე მოხდება მათიც და თითოეული ჩვენგანის, საერთოდ, ჩვენი საზოგადოების, შემდგომი სულიერი ამაღლება. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და გაბრწყინდება! საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა შვილს _ ქართველთ და არაქართველთ, სამშობლოს მკვიდრთ და უცხოეთში მყოფთ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთ, სრულიად საქართველოს, მთელს მართლმადიდებელ სამყაროსა და მსოფლიოს გულითადად ვულოცავთ იმედის, სიხარულისა და ნუგეშის მომცემ საყოველთაო დღესასწაულს _ ქრისტეს შობას. დღეს, ზეიმობს ცა და დედამიწა, კაცთა მოდგმა და ანგელოზთა დასი; დღეს დღეა სიყვარულისა, დღეა ღმერთთან და ერთმანეთთან შერიგებისა, ევას გლოვის დასასრულისა და ჩვენი მეოხისა და მფარველის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამობრწყინვებისა. მაშ, მივუძღვნათ ჩვენი გული ბეთლემში შობილ ყრმას და შევიყვაროთ იგი ყოვლითა სულითა, ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა, რათა კეთილი გვეყოს ჩვენ და ვიხარებდეთ ორსავე სოფელსა შინა, ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შობა ქრისტესი თბილისი, 2008/2009 წელი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ილია |
Apr 19 2009, 06:56 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
სააღდგომო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II “ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად” (რუსთაველი) ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო! ქრისტე აღდგა! ეს სიტყვები პირველად ანგელოზმა ახარა კვირას, გამთენიისას, საფლავთან მისულ მენელსაცხებლე დედებს; ქრისტე აღდგა! სიხარულით გაოგნებულმა დედებმა ამცნეს მოციქულებს; ქრისტე აღდგა! ეს სასწაული სასწაულთ შორის მოჰფინეს მოციქულებმა მთელ მსოფლიოს; და ჩვენც, არა მიწიერი სიხარულით აღვსილნი, ყველას გასაგონად ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! - მაგრამ რა არის მიზეზი ჩვენი ზეიმისა? - ის, რომ სიკვდილი განქარდა და ბჭენი ჯოჯოხეთისა შეიმუსრა; რომ დამთავრდა გარდაცვლილთა მარადიული სიკვდილის ტყვეობაში ყოფნა და ქრისტეს ყველა ჭეშმარიტ მადიდებელს ცხონების შესაძლებლობა მიეცა. ამიტომაც ამიერიდან აღარ გვეშინია სიკვდილისა, ვიცით რა, რომ მოვალს ჟამი, როდესაც სხვა მართლმორწმუნე მიცვალებულთა მსგავსად ჩვენც აღვდგებით საფლავიდან, რათა აღარასოდეს მოვკვდეთ. მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდარნი? - პავლე მოციქული მას ასე პასუხობს: “განა არ იცი უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს თუკი არ მოკვდა? ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში, ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში, ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი (1 გალატ. 15, 35-36, 42-44). ასე რომ, აღდგომის დღესასწაული ნათელი დადასტურებაა მომავალში ჩვენი მკვდრეთით აღდგომისაც და განღმრთობისაც. უნდა ვიცოდეთ, რომ მართალთა სულების სავანეს ეწოდება ზეციური ანუ მოზეიმე ეკლესია, ხოლო დედამიწაზე არსებულ მართლმადიდებელ მორწმუნეთა კრებულს - მებრძოლი ეკლესია. მოზეიმე და მებრძოლი ეკლესია, ეს არის ორი ნაწილი ქრისტეს ერთიანი სხეულისა, რომელიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ამასთან, მისი ღვთაებრივი მადლით არის მოცული და გაერთიანებული. გარდაცვლილთა სულებთან ჩვენ ლოცვითი ურთიერთობა გვაქვს; ასევე მართალთა სულნიც უფლის წინაშე აგრძელებენ მოღვაწეობას და მიწიერი მებრძოლი ეკლესიის და მისი წევრების შემწენი და ღვთის წინაშე მეოხნი არიან. ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლომდგომი და მთელი კაცობრიობისათვის ყველაზე დიდი შუამდგომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია; ბედნიერია ჩვენი ერი, რომ საქართველო მისი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება. სასუფეველი ღვთისა იიძულების, - გვასწავლის მაცხოვარი; ამიტომაცაა, რომ ადამიანის სურვილს და მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს; ასე იყო ეს ყოველთვის. გავიხსენოთ, ორმოცი წელი დასჭირდა ებრაელ ერს აღთქმულ ქვეყანამდე მისვლისათვის, თუმცა მათ ღმერთთან მოლაპარაკე მოსე და სიწმინდით შემოსილი აარონი წინამძღვრობდნენ. დიახ, შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერც უფლის მიერ ბოძებულ მიწაზე დაემკვიდრა ძველი აღთქმის ისრაელი და ვერც სასუფეველს მოიპოვებს ახალი აღთქმის ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი. ჩვენ ვამბობთ: ჩვენთან არს ღმერთი და ეს ჭეშმარიტად ასეა, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენც ვიყოთ ღმერთთან, საჭიროა სწორად ცხოვრება. ჩვენ ვამბობთ: ივერია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია, მაგრამ ეს წილხვდომილობა რომ ჩვენს დროშიც გამოვლინდეს, საჭიროა შესაბამისი სულიერი ნაბიჯების გადადგმა. ებრაელებიც ამაყობდნენ და მაცხოვრის წინაშეც იქადოდნენ, რომ აბრაამის შთამომავალნი იყვნენ. იესო ქრისტემ კი უპასუხა, რომ აბრაამის და წინასწარმეტყველთა შვილობა მათი საქმეების აღსრულებაში, ანუ სწორად ცხოვრებაში მდგომარეობს და არა მხოლოდ გენეტიკურ ნათესაობაში, რადგან ამ წინასწარმეტყველთა მკვლელებიც აბრაამის შთამომავალნი იყვნენ. როგორ უნდა მივხვდეთ, სწორად ვცხოვრობთ თუ არა? ადამიანს უნდა ქონდეს რეალური შეგრძნება იმისა, რომ ის არის მართალი სამშობლოს, მოყვასისა და თვით თავისი მტრების წინაშეც; რაც შეეხება ღმერთთან დამოკიდებულებას, უფალთან მიმართებაში მართალი საერთოდ არავინაა, რადგან ცოდვისგან თავისუფალნი არც წმინდანებია; ესა თუ ის პიროვნება ოდენ ჭეშმარიტი სინანულითა და ღვთის მოწყალებით განმართლდება. დიახ, მხოლოდ გულწრფელი სინანულითა და აღსარებით შევძლებთ, აღვხოცოთ ჩვენი შეცოდებანი და მივაღწიოთ იმ მდგომარეობას, რომლის შესახებაც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: “ნეტარ არს რომელსა არა შეერაცხა ცოდვები” (ფს). უფალთან ჩვენი დამოკიდებულება, მართალია, ინდივიდუალურია, მაგრამ საზოგადოებისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა და კვლავაც აქვს ხელისუფალთა რწმენას ან ურწმუნოებას. ამის მაგალითად ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი რთული მონაკვეთი მინდა შეგახსენოთ, კერძოდ, XVII საუკუნე, როცა ერთმანეთის ახლო ნათესავი ორი ქართველი მეფე, - როსტომ ხანი და თეიმურაზ I, - მოღვაწეობდნენ. როსტომმა ქრისტიანობა უარჰყო; თავის გარშემოც ასეთნი შემოიკრიბა და უზნეოდ მცხოვრებს სურდა, ხალხიც მასავით გადაგვარებულიყო. მის დროს “გამრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და დედათა თანა-აღრევა...” ამასთან, ვინც ასე იქცეოდა, მეფისგან დაფასებული იყო, ხოლო სიმართლისმომქმედნი, ცოდვისმოძულენი და წრფელნი გულითა, იჩაგრებოდნენ (ქართლის ცხოვრება). როსტომ ხანის 26 წლიანმა ბატონობამ ქვეყანა სულიერი დაღუპვის პირამდე მიიყვანა, მაგრამ ერმა დაძლია ეს განსაცდელი. ამისი ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი ისიც იყო, რომ ამავე პერიოდში მეფობდა თეიმურაზ I, რომელმაც საოცარი ცხოვრება განვლო. ღვთისა და ქვეყნის ერთგულებისთვის მას შაჰ-აბასმა წამებით მოუკლა დედა, - დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, ორი მცირეწლოვანი ყმაწვილი და ქალიშვილი, ხოლო მესამე ვაჟი, დავითი, სამშობლოსთვის ომს შეეწირა. მტერთაგან შევიწროვებულ თეიმურაზს რამდენჯერმე მოუწია თავისი სამეფოს დატოვება, მაგრამ მარცხს არასოდეს ურიგდებოდა; პირველივე შესაძლებლობისამებრ ბრუნდებოდა და განახლებული ძალით განაგრძობდა სიტყვით და საქმით ქვეყნის მსახურებას. ჭარმაგი მეფე 71 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. რჯულის მტკიცე დამცველს ბოლო გამოცდის ჩაბარება სპარსეთში მოუწია, სადაც ქრისტეს აღმსარებლობისათვის შეიპყრეს და ციხეში დაატყვევეს. აქ იგი მალევე გარდაიცვალა. რწმენისა და მამულისადმი ერთგულებით, ვაჟკაცობითა და სიმტკიცით იგი ღვთისთვის და ეროვნული მეობისათვის გაუტეხელი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ამ თვისებების გამო მას სანიმუშო მაგალითად მიიჩნევდა არა მარტო მისი ერთგული ხალხი, არამედ შინაური თუ გარეშე მტერიც. “თათრებსაც ბევრსა ერწმუნა, მივლენ უნთებენ სანთელსა. . . მისებრი სახელოვანი დედამ სხვა ვერავინ შობოსა”, - წერს არჩილ მეფე. წარსული იმიტომ გავიხსენეთ, რომ იგი გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენი დღევანდელილ და მომავალი ცხოვრებისა და საქმიანობისათვის. ახლა განვიხილოთ, თუ რას ნიშნავს ქრისტიანული თვალსაზრისით ადამიანის სწორი დამოკიდებულება სამშობლოსადმი. თითოეული ჩვენგანი უნდა ეცადოს გააკეთოს მაქსიმუმი იმისა, რისი პასუხისმგებლობაც მას აკისრია. ესაა მისი მსახურება ქვეყნისადმი. ყველაზე მეტი უფლებები და პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, ხელისუფალთ აქვთ. მათ ქვეყნის ტერიტორიული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად მოეთხოვებათ სულიერი და ეროვნული ღირებულებების დაცვა და განვითარება. შემდეგ კი - ხალხის მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, რაც გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფას, განათლების ხელშეწყობას და სხვა. ქვეყნის კეთილდღეობა დიდად არის დამოკიდებული მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზეც. ჩვენ მათთან, აუცილებლად, უნდა გავაღრმავოთ კავშირი, რის წინაპირობადაც უნდა იქცეს კულტურათა შორის დიალოგი; ერთმანეთის სულიერი, მეცნიერული და მატერიალური ფასეულობების წარმოჩენა ხელს შეუწყობს ჩვენს შორის არსებული სხვა საკითხების გადაწყვეტასაც. საერთოდ, სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გარე გეო-პოლიტიკური ფაქტორები, არამედ ეროვნული ინტერესები. ამ ინტერესებს უმნიშვნელოვანესად უნდა მიიჩნევდეს როგორც ხელისუფლება, ისე პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია. იგივე ითქმის ჩვენს თითოეულ მოქალაქეზეც. ჩვენ ჩვენი მეობა უნდა დავიცვათ, რათა არ ვიქცეთ სხვათა მიზნების განხორციელებისათვის ბრმა იარაღად. ეს ნებისმიერი სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების გარანტიაა. ზემოთჩამოთვლილ ინსტიტუტებში ეროვნული მიმართულების გაძლიერებისათვის კი საჭიროა ქართული ბიზნეს-სექტორის გაფართოება და შეძლებული საშუალო ფენის შექმნა. სამწუხაროდ კი, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საარსებო მინიმუმზე და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს; არადა საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ეკონომიკის და, მითუმეტეს, მცირე და საშუალო ბიზნესის აღორძინებისათვის. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის ნაწარმი თუ მათი გადამუშავებით მიღებული კვების პროდუქტები სერიოზულ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას, ოღონდ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სუბსიდიების და გრძელვადიანი კრედიტების სახით. გვინდა ხელისუფლებას ერთი წინადადებაც შევთავაზოთ: მოგეხსენებათ, მსოფლიო გლობალური კრიზისი საკმაოდ მწვავედ შეეხო ქართულ ბიზნესს და საერთოდ მოსახლეობას. ბუნებრივია, აუცილებელია, ქმედითი ჩარევა, რათა თავიდან ავიცილოთ სამუშაო ადგილების შემდგომი შემცირებისა. 2009 წლიდან სახელმწიფოს მიერ გადასახადების კლებისკენ გადადგმული ნაბიჯი კარგი ფაქტი იყო, მაგრამ, ალბათ, უფრო შედეგიანი იქნება საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება, რომელიც საქართველოში მომქმედ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს გაათავისუფლებს სანქცია-საურავებისაგან. რა თქმა უნდა, თუ ეს ნაბიჯი განხორციელდა, იგი სერიოზულად შეამსუბუქებს როგორც მეწარმეების, ასევე მოქალაქეების საგადასახადო ტვირთს და წაახალისებს მათ ეკონომიკურ აქტივობას. საერთოდ კი, რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, სულით არ უნდა დავეცეთ და სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან ცალკეულ პიროვნებებსაც და ერსაც განსაცდელი ან რწმენაში განსამტკიცებლად ეძლევა, ან მცდარი გზიდან მოქცევისათვის. ჩვენს თავს მოწევნული განსაცდელი უმეტეს შემთხვევაში სწორედ მეორე მიზეზით იყო ხოლმე განპირობებული. ეს დღესაც ასეა. ბუნებრივია, პრობლემებიდან თავის დაღწევის საშუალებაც ჩვენს ხელთაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია, ამიტომაც ყველამ თავისი წილი შეცდომებისა უნდა გამოასწოროს. მოყვასის მიმართ ჩვენი სამართლიანი მიდგომა ასეთი უნდა იყოს: “ყველაფერში, როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ” (მათე 7.12). რა მოკლე განმარტებაა, მაგრამ როგორი მრავლისმომცველი! ეს სიტყვები ყოველთვის გახსოვდეთ და ცხოვრების წესად გქონდეთ. უნდა ვეცადოთ იმასაც, რომ არ ვიყოთ გულგრილნი სხვათა მიმართ გამოჩენილი უსამართლობისადმი და დავიცვათ ტყუილუბრალოდ დაჩაგრული ადამიანი. რაც შეეხება მტერთან მიმართებაში ჩვენს დამოკიდებულებას, აქ განვითარების ოთხი საფეხური არსებობს: პირველი - შეურაცხმყოფელს შენც სათანადო პასუხს სცემ (რაც ძველაღთქმისეული ანგარიშსწორებაა, - “კბილი კბილისა წილ” და ახალი აღთქმისთვის მიუღებელია); მეორე - მოყენებული გულისტკივილისათვის სამაგიეროს არ მიაგებ, მაგრამ შინაგანად მრისხანებ; მესამე - დამცირებას უდრტვინველად იტან; მეოთხე - შენს მიმართ ჩადენილ უსამართლობას აღიქვამ, როგორც შენს სხვა ცოდვათა გამოსასყიდს, მადლიერი ხარ უფლისა და შინაგანად ხარობ. დაფიქრდი რომელ საფეხურზე დგახარ და მიხვდები როგორი ქრისტიანი ხარ. “შეიყვარე მტერი შენი” - გვასწავლის მაცხოვარი. ხოლო ვისთვისაც ეს სიტყვები გაუგებარი და მიუღებელია, მათ პავლე მოციქული ასე არიგებს: “ილოცე შენი მტრებისთვის და ნუ სწყევლი მათ”. ამით თქვენ მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებთ მის თავზე. ღმერთი სამართლიანია და ყველას დამსახურებისამებრ მიაგებს. ჩვენი შეურაცხმყოფელიც (და საერთოდ ნებისმიერი ბოროტმოქმედი) დაუსჯელი არ დარჩება, ოღონდ ამას ჩვენს ნაცვლად უფალი გააკეთებს; “ჩემია შურისგება” - ბრძანებს იგი. ემსგავსეთ ფუტკარს, - გვასწავლის პაისი ათონელი, - რომელიც მხოლოდ ყვავილებს ხედავს და აგროვებს სიტკბოს თაფლისთვის და არა ბუზს, რომელიც ნაგავს და ათასგვარ სიბინძურეს ეძებს და იმით იკვებება. დიახ, სამართლის ქმნა და სიმართლის მსახურება აუცილებელი პირობაა ყოველი ქრისტიანისთვის. ღმერთი სიმართლით მცხოვრებთ მადლით მოსავს, ცრუთ და თვალთმაქცთ კი - განეშორება. თუმცა ისეც ხდება, რომ სიცრუის გზით მავალნი ზოგჯერ წარმატებულნი ჩანან; მაგრამ არ დაბრკოლდეთ, ეს დროებითია; სიმართლე ბოლოს მაინც, აუცილებლად, იზეიმებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. იცოდეთ ისიც, რომ შეიძლება კეთილდღეობა უბედურებაზე საშიში იყოს და პირიქით, უბედურებამ შეიძლება კეთილდღეობაზე მეტი სიკეთე მოუტანოს კაცს. ოცწლიანი გარდამავალი პერიოდით დაღლილი, გაწამებული და გაღატაკებული ჩვენი მოსახლეობა ხშირად ჩივის: ნეტავ არ დავბადებულიყავ, როდემდე უნდა ვეწამო? სად არის სამართალი? სულ მე რატომ უნდა ვიტანჯო?.., რაც უმძიმესი ცოდვის, - მცირედმორწმუნეობის გამოვლინებაა და არასწორი ცხოვრებისა და აზროვნების შედეგია. უფალი ხომ იმაზე მძიმე ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტარებაც არ ძალგვიძს. ამასთან, მოვლენებს სულიერი თვალით უნდა შევხედოთ. განა ნებისმიერ დროში ნებისმიერი აღმსარებლობის პიროვნებამ არ იცოდა და არ იცის, რომ ყოველივე წარმავალია: ახალგაზრდობაც და სილამაზეც, ჯანმრთელობაც და ავადმყოფობაც, სიმდიდრეც და სიღარიბეც, პატივიც, თანამდებობაც და თვით სიცოცხლეც?. ასე რომ, ნუ დარდობ და შფოთავ იმისთვის, რაც დღეს არის და ხვალ აღარ იქნება. თუ გსურს ნამდვილი კეთილდღეობა მოიპოვო (და თანაც მარადიულად), სასუფეველი ღმრთისა უნდა ეძიო, - ანუ უფლის მცნებებით ცხოვრებას უნდა ესწრაფვო, რადგან “სასუფეველი ღმრთისაი არა არის საჭმელი და სასმელი, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა” (რომ. 14,17), - აი, ეს უნდა დავიმახსოვროთ. ჩემო საყვარელო შვილებო, ძენო და ასულნო ღვთისმშობლის წილხვედრი ღვთივკურთხეული ივერიისა: კახელნო და აფხაზნო, აჭარელნო და თუშნო, ჰერნო და სვანნო, ოსნო და მთიელნო, მეგრელნო, გურულნო, სამაჩაბლოსა და სამცხე-ჯავახეთის მკვიდრნო, ყოველნო ჩვენნო თანამემამულენო, მაშ, შეიყვარეთ სიმართლე და მშვიდობა, განიძარცვეთ ცოდვის სამოსელი და ემსახურეთ ჭეშმარიტებას, რომ “სიმართლე იგი სჯულისაი აღესრულოს” თქვენს შორის (რომ. 8,4). ჯოჯოხეთის დამსხვრეულ ბჭეთა ზედა ამაღლებული და არამიწიერი ნათლით მოსილი, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი გვიხმობს, რათა მისი მადლით განმართლებულნი, ვითარცა ფინიკნი, აღვყვავდეთ და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განვმრავლდეთ. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
Belief |
Apr 21 2009, 01:59 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
ნამდვილად ეს იყო ის ეპისტოლე რომელსაც მე ველოდი უწმინდესისაგან . . . უნიკალურია როგორც ყოველთვის.
-------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
ბექა |
Jan 7 2010, 12:54 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
2010-01-06
ქრისტეს მიერ საყვარელო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო სულიერო შვილებო! `ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა~ (ინ. 16,33). `სოფელი ცდილობდა დავეჭირე, მაგრამ ვერ დამიჭირა~ (გრიგოლ სკავაროდა) გიხაროდეთ, `ღამე იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა~ (რომ 13,12); აღსრულდა უდიდესი საიდუმლო ქრისტეს განკაცებისა; ზეიმობს ცა და ქვეყანა და წმიდა ეკლესიაც სიხარულით ღაღადებს: `დღეს ქრისტე იშვების ბეთლემს ქალწულისაგან უბიწოჲსა, დღეს დაუსაბამოჲ დაიბადების, სიტყვაი ხორცთა შეისხამს და ძალნი ცათანი აქებენ სიხარულით~; ამ გამოუთქმელ სიხარულს ვეზიარებით ჩვენც, ყველა და წმიდა ეკლესიასთან ერთად ვუგალობთ უფალს: `ქრისტეს შობასა ვადიდებთ და აღვამაღლებთ ღმერთსა დიდებულსა~. რატომ განკაცდა უფალი? და რატომ არის დედამიწაზე მის მოვლინებასთან დაკავშირებით ასეთი დიდი სიხარული? დაუსაბამო იგი ხორციელ იქმნა, რათა ცოდვის მორევში დანთქმული კაცობრიობისათვის ხსნის გზა ეჩვენებინა და ყოფიერების ჭაობში შთაფლულთათვის სიკეთისა და ბოროტების გარჩევა ესწავლებინა; იგი განკაცდა, რომ გვეზეიმა საკუთარ თავზე გამარჯვება და კვლავ მარადიული ნეტარებისა და სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცემოდა. საერთოდ, ადამიანი ნეტარებისათვის არის ღვთისგან შექმნილი. ამიტომაც ბედნიერებისა და სიამოვნებისაკენ ლტოლვა მისი ბუნებრივი თვისება და სურვილია; ბედნიერება და სიამოვნება კი, სიყვარულს უკავშირდება. ნებისმიერ პიროვნებას ყველაზე მეტად უყვარს ის, რაც ყველაზე მეტად სურს და ყველაზე მეტად სურს ის, რაც მას ყველაზე მეტ სიამოვნებას, სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს. ვიდრე ადამი და ევა სამოთხეში მყოფობდნენ მათი ნეტარება ღმერთთან კავშირიდან მომდინარეობდა. ღმერთთან უშუალო კავშირი იყო მათი უმთავრესი მოთხოვნილებაც და ბედნიერების წყაროც. ცოდვით დაცემის შემდგომ კი შეიცვალა მათი ბუნება, აღქმისა და აზროვნების წესი, რადგან უფლის სიყვარულით სავსე მათი გონება, გული და ნება შეიბილწა ბოროტი ძალის დაჯერებით და მისი ნების აღსრულებით. ამიტომ დაკარგეს ადამმა და ევამ სამოთხე და ღმერთი, როგორც ნეტარების უშრეტი წყარო და მიწიერი ყოფით მიიღეს ის, რაც მათს დაცემულ სულიერ მდგომარეობას შეეფერებოდა. ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანებში გაჩნდა ბედნიერებისა და სიამოვნების მიღების სხვადასხვაგვარი მოთხოვნილებანი, რაც დროთა განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა უმთავრესი ყოველთვის მაინც იყო სიმდიდრის დაგროვების სურვილი, პატივმოყვარეობა, სიამეთმოყვარეობა, თანამდებობისკენ სწრაფვა, აზარტული თამაშობანი, მრუშობა, სასმელით ან ნარკოტიკით გატაცება და ა.შ.. ამგვარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება არათუ მარადიულ ნეტარებას ანიჭებს ადამიანს, არამედ ამქვეყნადვე, წუთიერი სიამოვნებების ნაცვლად, სხეულისა და სულის უმძიმეს დაავადებებს იწვევს. ბრძენს უთქვამს - მსგავსი მსგავსს შეჰხარისო. და მართლაც, ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე ყოველი ადამიანი თავისი ნებით ირჩევს გზას და ისწრაფვის ცათა სასუფევლის ან ბოროტების მეუფებისაკენ. როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი წერს `კაცი შორის ორთა საქმეთასა არს: ცოდვისა და სათნოებისა~. იგი ან კერპთმსახურია ან ღვთისმსახური, ან სიძვისმოქმედია ან სიწმინდის მატარებელი, სიმართლეს ესწრაფვის ან უსამართლობას, არის ამპარტავანი ან თავმდაბალი. ერთ-ერთის საბოლოო გამარჯვება მეორის უცილობელ მოსპობას ნიშნავს, რადგან `ღმრთისმსახურებისა დამტკიცებაჲ სიკუდილი არს კერპთმსახურებისაჲ, ეგრეთვე სიმართლისა მიერ მოიკვლის უსამართლობაჲ~... და ა.შ. ყოველი ადამიანი უნდა ეცადოს, ამქვეყნადვე იპოვოს ღმერთი და მისდიოს მის გზას. ეს კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ უფლის ნებას (რაც მის მცნებებშია განცხადებული) ჩვენი პიროვნული ნებაც შეუერთდება; ანუ, თუ ვიცხოვრებთ სახარებისეულად. ღვთაებრივი და ადამიანური ნების თანხვედრას სინერგია ეწოდება; სწორედ იგია ზეცად აღმყვანებელი უდიდესი ძალა, რომელიც ყველა დაბრკოლებას დაგვაძლევინებს და ამქვეყნადვე გვაგრძნობინებს, რომ `სასუფეველი ჩვენშია~. `ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკედთ და განგეღოს თქვენ~, - ბრძანებს მაცხოვარი. მაგრამ ხშირად ადამიანები, რომლებიც თავს მორწმუნეებად მიიჩნევენ, ვერ აღწევენ იმას, რასაც ლოცვაში ითხოვენ. რატომ ხდება ეს?! იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: `ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი ვნებები დაიკმაყოფილოთ~ (იაკ.4.2). დიახ, ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ სწამთ ღმერთი, და ამავე დროს ერთმანეთს ეჯიბრებიან მიწიერი კეთილდღეობის მოსაპოვებლად, ან შურთ, ცილს სწამებენ და განიკითხავენ სხვას, რაც მათს ლოცვას ძალას უკარგავს. ზოგჯერ, ესა თუ ის პიროვნება, ერთი შეხედვით, მართლაც კარგ საქმეს აღასრულებს: შემოსავლის ნაწილს გასცემს, გაჭირვებულებს ეხმარება, ტაძარსაც აშენებს... მაგრამ თუ ყოველივე ამას თავის გამოსაჩენად აკეთებს და სიკეთით ამპარტავნობს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება უფლისათვის და არც ასეთი ადამიანის ლოცვა შეისმინება. ზემოთქმული ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი ამქვეყნიური კეთილდღეობის სრული უარყოფისკენ მოგვიწოდებდეს ყველას. რა თქმა უნდა _ არა, რადგან უფალი ჩვენგან მხოლოდ იმას ითხოვს, რომ არ გავხდეთ ხორციელ მოთხოვნილებათა მონები და მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობა არ იქცეს ჩვენს მამოძრავებელ ძალად; მაგრამ თუ თანამდებობას, ძალაუფლებას, სიმდიდრეს და ჩვენს სხვა შესაძლებლობებს არა საკუთარი `მეს~ წარმოსაჩენად, არამედ უფლის სადიდებლად (რადგან ყოველივე მისგან გვეძლევა) და მოყვასის მსახურებისათვის გამოვიყენებთ, ღვთისსათნოდ ვიცხოვრებთ. წმიდა წერილი გვასწავლის: `სიყვარული სოფლისაჲ ამის, მტერობა არს ღმრთისა (იაკ, 44). `ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად... ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა~ (მთ. 6,24). მაშ, `დაემორჩილენით ღმერთსა და წინა აღუდექით ეშმაკსა~, მიეახლენით მას და მოგეახლოს თქვენ (იაკ. 4,7). მეტად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ცოდვითი მიდრეკილებები სულ უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვს ჩვენს ყოფაში. ცოდვა, როგორც ხორცმეტი, ადამისა და ევას დაცემიდან მოყოლებული მუდამ არსებობდა, მაგრამ ადამიანს ჰქონდა სინანულიც. სულშეძრული დავით წინასწარმეტყველი ასე წარმოაჩენს ამ მდგომარეობას: `ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის~. დღეს კი ცოდვა ცოდვად აღარ მიიჩნევა და იგი ლამის ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად წარმოგვიდგინონ. ამ აზრს, რომლის დამკვიდრებასაც უცხოეთში უკვე კარგა ხანია ცდილობენ, ჩვენთანაც ეძლევა გასაქანი. ცოტა ხნის წინ უცხოური სერიალებით დაიწყეს ხალხის ცნობიერების გადაგვარება, ახლა კი ჩვენი მოქალაქენი გამოჰყავთ უზნეობის დემონსტრირებისათვის. ცოდვის საკუთარ თავში მიღებითა და შეთვისებით ადამიანს სრული გამოფიტვა ემუქრება. ამაზე კი პასუხს აგებს ყველა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ამისკენ უბიძგებენ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს; მაცხოვარი ბრძანებს: `ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური... (მთ. 18,7) ... მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ~. (მთ. 18,6) ასევე საშინელია სხვა მომაკვდინებელი ცოდვებით დამძიმებული ადამიანების ხვედრიც. შეუძლებელი და შეუთავსებელია იყო ქრისტიანი და ამავე დროს - ნარკომანი, ქრისტიანი და - ლოთი, ქრისტიანი და - მრუში, ქრისტიანი და - ქურდი... ამგვარ საქმეთა მოქმედნი თავს ნუ მოიტყუებენ და ნუ ინუგეშებენ, ისინი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ცოდვისკენაა მიდრეკილი და შეიძლება ის, ნებით თუ უნებლიედ, სხვადასხვა ცოდვაში ჩავარდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მონანიებისა და გამოსწორების სურვილი, რწმენა უფლისა და ღმერთი აუცილებლად დაეხმარება და მიანიჭებს მაცხოვნებელ მადლს. ეპისტოლეში ასევე მინდა, შევეხო ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურ და მტკივნეულ ზოგიერთ სხვა საკითხსაც და, პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ თანამედროვე ადამიანის სულიერ და ინტელექტუალურ მხარეზე. განათლების რეფორმისას დაშვებულმა შეცდომებმა შედეგად მოგვიტანა ის, რომ მოზარდები ცოდნის შეძენის სურვილს უკვე ნაკლებად ამჟღავნებენ. სამეცნიერო მოღვაწეობა კი არაპრესტიჟულად მიაჩნიათ, რადგან ხედავენ რომ ინტელიგენციას სათანადო დაფასება არა აქვს (ისინი ხომ საშუალო ფენის დონეზეც კი ვერ ინახავენ ოჯახს). ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. მეცნიერების განვითარების გარეშე ქვეყანას არა აქვს მომავალი, რადგან ერის სულიერებისა და განათლებისა ერთ_ერთ უმთავრეს ძალას სწორედ ისინი წარმოადგენენ. ჩვენ თავს ვხრით და დიდად ვაფასებთ იმ თავდადებას, რომელიც კომუნისტური რეჟიმის პერიოდში გამოიჩინეს ჩვენმა მეცნიერებმა და ათეისტური ყოფის მიუხედავად, შეძლეს ხალხისათვის სწორი ორიენტირების შენარჩუნება. გავიხსენოთ ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, დიმიტრი უზნაძე, თედო სახოკია, გრიგოლ ლორთქიფანიძე, შალვა ნუცუბიძე, ივანე ბერიტაშვილი, მაქსიმე შარაძე, ფილიმონ ქორიძე და სხვა მრავალნი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ შევიწროვებულნი, დამცირებულნი და ყოველდღე ელოდნენ დაპატიმრებას..., მათ არა მარტო დაიცვეს, არამედ გაამდიდრეს ჩვენი ეროვნული ფასეულობანი, დაიცვეს როგორც თავისი, ისე ქვეყნის ღირსება. ჩვენ უნდა გვქონდეს ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ანალიტიკური აზროვნების უნარი, რომ გავარჩიოთ, რა არის მისაღები და რა უარსაყოფი, გავიაზროთ, როგორ დავძლიოთ ესა თუ ის პრობლემა, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადრე დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ და შევძლოთ მომავლის სწორი პროგნოზირება. ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, სკოლაში იყოს ანალიტიკური აზროვნების კურსი, რათა მოზარდი თაობა ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიოს განსჯისა და სწორი ნაბიჯების გადადგმას. ვფიქრობ, აუცილებელია ისეთი საგნის შემოღებაც, რომელსაც, ძირითადად, აღმზრდელობითი დანიშნულება ექნება. ეს საგანი ისევე უნდა ისწავლებოდეს როგორც სხვა საგნები, მაგ: ისტორია, ფიზიკა, ლიტერატურა, მათემატიკა. . ., რათა მომავალი თაობა მოვამზადოთ ცხოვრებისათვის. იგი უნდა მოიცავდეს ურთიერთობის კულტურას ოჯახში და ნათესავებთან, ურთიერთობას მეგობრებთან და თანატოლებთან, უფროს და უმცროს თაობასთან, აქ უნდა ისწავლებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სუფრასთან ქცევის წესებს, რთული სიტუაციების დაძლევის გზები და, რა თქმა უნდა, ცოდნისა და შრომის სიყვარული. შრომის გარეშე ცოდნას ვერ შევიძენთ და ვერც მოვიხმართ; შრომის გარეშე ვერ შევქმნით ვერც სახელმწიფოს. ადამიანის ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია როგორც ინტელექტუალური, ისე შემოქმედებითი და ფიზიკური შრომა. თუმცა ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფიზიკური შრომა ამცირებს პიროვნებას. ეს არასწორი შეხედულებაა. იგი ღვთისაგან ადამიანის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის დადგენილი ცხოვრების წესია. გარდამავალმა პერიოდმა, რომელიც თითქმის 20 წელია გრძელდება, მრავალი პრობლემის წინაშე დაგვაყენა. განსაკუთრებით ის, რომ ჩვენს წარსულსა და დღევანდელობაზეც ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ძირძველი ქართული მიწები ჩვენი მეზობელი ერების ისტორიული სამკვიდრებელი იყო; და ამით შუღლი და დაპირისპირება ითესება დიდი ხნის მანძილზე მშვიდობითა და ურთიერთგაგებით მცხოვრებ ჩვენს ხალხებს შორის. მაგალითად, ოსები კომპაქტურად არიან დასახლებულნი საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებშიც, და ეს ტერიტორია ისეთივე საქართველოა, როგორც ცხინვალის რეგიონი. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და სხვა ავტონომიებიც კომუნისტური რეჟიმის დროს შექმნილი ხელოვნური წარმონაქმნია. მიუხედავად მომხდარისა, მჯერა, ქართველები, აფხაზები, ოსები და სხვანი, მკვიდრნი საქართველოისა, იყვნენ და კვლავაც დარჩებიან ძმებად და დადგება ის კურთხეული დღე, როცა ჩვენ ურთიერთს შევუნდობთ ძმათაკვლის ცოდვებს და ერთად ავაგებთ შერიგების ძეგლს, რომელიც იქნება გაფრთხილება მომავალი თაობებისათვის, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. ქართველი ადამიანი ბუნებით მოსიყვარულე და შემწყნარებელია. ტოლერანტობა ჩვენ წიგნებიდან არ გვისწავლია, ეს ჩვენი თვისებაა. ამის ნათელი გამოხატულებაა ის, რომ საუკუნეთა მანძილზე ამ მიწაზე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვა და სხვა ეროვნებისა და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც მეგობრობითა და მოყვრობით არიან ქართველ ხალხთან დაკავშირებულნი. ჩვენი ხასიათის ნათელი გამოხატულებაა ვაჟკაცობითა და მებრძოლი სულით განთქმული მხარის, საქართველოს მთიანეთის დიდებული შვილის, ვაჟა-ფშაველას საოცარი სიტყვები: `ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა~. დიახ, შინაგანად ასეთია ქართველი კაცი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ოდესმე შეეგუება სამშობლოს ერთიანობის ხელყოფას. სამშობლო დედამიწის ის ადგილია, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს, ამა თუ იმ ერს ღვთის განგებულებით ებოძა. სამშობლო, რა თქმა უნდა, არის გარკვეულ საზღვრებს შორის არსებული ტერიტორია, ის ბუნება, ის წიაღისეული, ის ფლორა და ფაუნა, რასაც ეს ტერიტორია მოიცავს, მაგრამ სამშობლო არის კიდევ უფრო სხვა... სამშობლო შენი წინაპრების ძვლებით გაპოხიერებული მიწაა, შენი ენით გაჯერებული ჰაერია, შენი გენით, შენი ხასიათით დატვირთული გარემოა. აქ, ამ სივრცეში მყოფობს მთელი ისტორია ერისა და ქვეყნისა, და ეს ყოველივე თითოეულ ჩვენგანთან უხილავი, მაგრამ ძალიან ძლიერი ველით არის დაკავშირებული. ამიტომაც, სამშობლოს არა აქვს ოდენ მიწიერი, მატერიალური სახე. მის განსაკუთრებულობას დიდად განაპირობებს ისიც, თუ რამდენად მრავალრიცხოვანი წმინდანთა დასი ჰყავს ერს სულიერ მეოხად ღვთის წინაშე. ამ მხრივ, საქართველოს თითქმის ვერავინ შეედრება. სამშობლოსათვის გულანთებული გმირები საქართველოს არასოდეს დაელევა. ჩვენს ერს ქართული ენის სახით უდიდესი საუნჯე აქვს და მას თითოეული ჩვენგანი უნდა გაუფრთხილდეს; ჩვენს ენაში განცხადებულია ჩვენი ისტორია, ჩვენი მსოფლაღქმა და აზროვნების წესი. ენა არ არის მარტო კომუნიკაციის საშუალება. დააკვირდით, მაგალითად, ასეთ სიტყვებს: წუთისოფელი, სამშობლო, დედამიწა, გარდაცვალება, თავისუფლება, განათლება და სხვა ... თითოეული მათგანი როგორი ფილოსოფიური სიღრმითაა დატვირთული! ქართული ენის სისავსეს, მის დიალექტთა და კილო-კავთა მრავალფეროვნება, ქართველი კაცის განცდის სიღრმე და მდიდარი სულიერი სამყარო განაპირობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიძველის და საუკუნეთა მანძილზე განცდილი ცვლილებების მიუხედავად, არ გაწყვეტილა კავშირი ძველ და თანამედროვე ქართულ ენას შორის, რაც მის დიდ სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს. ჰოი ჩვენო ენავ, ჩვენი მწუხარებისა და სიხარულის მესაიდუმლევ, ცისარტყელასავით მშვიდობისმომფენო, მყინვარივით სპეტაკო და თერგივით მშფოთვარევ. ჩვენო ხელთუქმნელო სვეტო, ცამდე ამაღლებულო, საუკუნეთა ქარტეხილში გამოვლილო ლერწამო, საძირკველო და მტკიცე ფუძევ ჩვენო, ჩვენთა საუნჯეთა შემქმნელო და დამცველო, მთების ძლიერებავ, მეფევ და დარაჯო ჩვენი ერის რწმენისა, ერთობისა და მთლიანობისა. არაერთხელ მოუნდომებია ავისმდომელს შენი შელახვა, შენი მოსპობა. დღესაც, როდესაც ჩვენს წინაშეა უმნიშვნელოვანესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, თანდათან იზრდება მეორე, არანაკლები საფრთხე ენობრივი დაშლისა; არიან ისეთი ძალები, რომელნიც ნაკლებად მოაზროვნე ადამიანებს უბიძგებენ, რომ ითარგმნოს ბიბლია ან სხვა წიგნები მეგრულად, სვანურად, ლაზურად და მოამზადონ ნიადაგი იმისათვის, რომ ახლო მომავალში ქართული ენის ეს განშტოებანი უკვე ცალკე ენებად გამოაცხადონ. მსოფლიოში ვრცელდება რუქები და კვალიფიკაციები, თითქოს საქართველო აჭარლების, ლაზების, სვანების, მეგრელების, თუშების და სხვათა ხელოვნური გაერთიანებაა, თითქოს ყველას ჩვენ-ჩვენი ენა და კულტურა გვაქვს. ამით უნდათ ჩვენი ერის სხვა და სხვა ეროვნულ გაერთიანებებად წარმოჩენა. აქედან კი სახელმწიფოს დაშლამდე ერთი ნაბიჯია. კაცობრიობა ახალი ტიპის დაპირისპირებაზე, - ინფორმაციულ ომზე გადავიდა და იგი ძირითადად, მასმედიის საშუალებით ხორციელდება. აშკარაა, რომ ჩვენს წინააღმდეგ სხვა და სხვა მიმართულებით მიმდინარეობს ინფორმაციული ომი და ამ ყოველივეს შესაბამისი საშუალებებითვე უნდა გაეცეს პასუხი. * * * ჩვენი საზოგადოება ეკლესიისგან მრავალწლიანი გაუცხოების შემდეგ კვლავ უბრუნდება რწმენას და ეს ბუნებრივი, თანდათანობითი პროცესია. მართალია, აღდგა გარეგნული სახე ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა: აშენდა მრავალი ტაძარი, ეკლესიები გაივსო ხალხით, გამრავლდა სასულიერო პირთა რიცხვი, ჩვეულებად იქცა საეკლესიო წესებისა და საიდუმლოებების აღსრულება (ნათლობა, წესის აგება, ჯვრისწერა, სახლის კურთხევა...), მაგრამ დღეს უკვე აუცილებელია ჩვენი საზოგადოების უფრო სიღრმისეულ სულიერ განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენ გამოვედით ეგვიპტიდან - ცოდვის მონობიდან, მაგრამ აღთქმულ მიწაზე, სულიერ იერუსალიმში ჯერ არ შევსულვართ. უდაბნოს გზაზე ჩვენი მსვლელობისას ზოგჯერ თავს იჩენს ცოდვითი ცდომილებანი. ამის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა ჯვარდაწერილ წყვილთა ხშირი განქორწინება, ნარკომანია და აბორტი. არ შემიძლია არ შევეხო ახალგაზრდებში გავრცელებულ ერთ მეტად მძიმე სენსაც - ბილწსიტყვაობას; რატომღაც ასეთი მეტყველება მათში კარგ ტონად და ვაჟკაცობად ითვლება. სინამდვილეში კი, ეს არის დაბალი კულტურისა და აზროვნების ადამიანების შინაგანი სამყაროს გამოვლინება. ყმაწვილები ხშირად საკუთარ დედასაც შეურაცხყოფენ და ზოგჯერ ვერც აცნობიერებენ, რას ამბობენ. ეს არის უკიდურესი სიბილწე და უდიდესი ცოდვა, რითაც ადამიანი ეშმაკის თანაზიარი ხდება. საერთოდ, ყოველი სიტყვისათვის ადამიანი პასუხს აგებს ღვთის წინაშე. განსაკუთრებით კი სასტიკად დაისჯებიან მშობლების მაგინებელნი. ეს დანაშაული იმდენად მძიმეა, რომ ძველ აღთქმაში დედ-მამის მხოლოდ ავადმახსენებელნიც კი ქვით იქოლებოდნენ. მე ვთხოვ ჩვენს ახალგაზრდებს, საერთოდ უარი თქვან ბილწსიტყვაობაზე და განსაკუთრებით კი, დედასთან მიმართებაში. ერთად შევთხოვოთ ღმერთს, მოგვანიჭოს მადლი `უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, რათა, ღვთის შეწევნით, შევძლოთ ცოდვათაგან გათავისუფლება: `მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენნი~. * * * ამ ბრწყინვალე დღეს ყველა ჩვენგანის წინაშე დგას კითხვა: იშვება თუ არა ბეთლემს შობილი მაცხოვარი ჩვენს გულშიც? უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი დაიბადა არა დიდებულ სასახლესა და სამეფო პალატებში, არამედ ყველასგან მიტოვებულ უბრალო ბაგაში და ამით მაგალითი უჩვენა და თავმდაბლობისკენ მოუწოდა მთელ კაცობრიობას. მუდამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ `ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო თავმდაბალთ მოსცემს მადლს~. რატომ არის ასე?! იმიტომ, რომ ადამიანს მხოლოდ საკუთარი ძალით, სიკეთის გაკეთება არ ძალუძს და ამის ნიჭი მას მხოლოდ უფლისაგან ეძლევა. ვინც ასე არ ფიქრობს და წარმატებებს მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერს, ამპარტავნების მორევში იძირება. ღმერთი მას ტოვებს და ის უფლებები და შესაძლებლობები, რომელიც ღვთისაგან ჰქონდა ბოძებული, ერთმევა; ამის ნათელი მაგალითია მეფე საული, რომელიც თავიდან თვით უფლისაგან იყო გამორჩეული, მაგრამ საკუთარი ნებით ამპარტავნების ცოდვა დაეუფლა, და ბოლოს, მეფობაც დაკარგა და, მასთან ერთად, ყველაფერიც. საულის მსგავსად, დავით წინასწარმეტყველიც ისრაელის მეფედ იყო დადგენილი, მაგრამ თავისი თავმდაბლობით იგი თაობებისათვის სინანულის მაგალითად დარჩა. ხალხისათვის ყოველთვის ის წინამძღოლია პატივსაცემი და საყვარელი, რომელიც ღირსეულია და თავმდაბალი. საქართველოს ისტორიაში ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. გავიხსენოთ წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი, თავმდაბლობის ნიმუშია მისი `გალობანი სინანულისანი~. წმიდა თამარი - თავისი ხელსაქმით გლახაკთათვის საზრდელის მიმცემი და დაუცხრომელი ლოცვით სამშობლოს დამცველი მეომრებისათვის შემწე. ბერად შემდგარი ჩვენი დიდებული მეფეები - დემეტრე I, დავით X, თეიმურაზ I... თავმდაბლობით და თავისი უბრალო ცხოვრებით გამორჩეული იყო მეფე ერეკლე II. როდესაც ძალაუფლების და დიდების მწვერვალზე მყოფი ხელისუფალნი თავმდაბლობის ასეთ უჩვეულო მაგალითს გვიჩვენებენ, რამდენად უფრო მეტად გვმართებს ეს ჩვენ?! როგორც წმიდა წერილი გვასწავლის, ძველ აღთქმაში ყველაზე მშვიდი და თავმდაბალი მოსე წინასწარმეტყველი იყო, რომელსაც სწორედ ამ თვისების გამო მიეცა შესაძლებლობა, ჰქონოდა ღმერთთან უშუალო ურთიერთობა; ახალ აღთქმაში და, საერთოდ, ყველაზე თავმდაბალი ადამიანთა შორის ღვთისმშობელია. იგი სიწმინდისა და ამ განსაკუთრებული მადლის გამო შეიქმნა ღირსი გამხდარიყო დედა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. სამყაროს შემოქმედი - ღმერთი ეტვირთა და წიაღი თვისი ცათა უვრცელეს ეყო. თითოეული ჩვენგანის და საერთოდ, ჩვენი ერის უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ გვაკლია თავმდაბლობა და გვგონია, რომ ჩვენი ძალებით, ჩვენი ჭკუითა და უნარით შევძლებთ წარმატებების მიღწევას, რაც მადლის მოპოვებაში ხელისშემშლელ გარემოებად იქცევა. ღმერთის გარეშე თვით ანგელოზებსაც არ ძალუძთ არარა, მითუმეტეს ჩვენ. ამ დიდებულ დღეს მუხლმოდრეკით, უმორჩილესად შევთხოვ ყოვლადწმიდა სამებას, მოგვანიჭოს თავმდაბლობა და თითოეული ჩვენგანის გული ჰყოს ბეთლემის ბაგად, რომელშიც იშვება ღმერთ-კაცი იგი _ იესო ქრისტე. დიდება შენდა, უფალო, მაცხოვარო ჩვენო, რომელი განცდასა ჩვენთა ცოდვათასა მოგვანიჭებ და დაცემულთა აღგვადგინებ! დიდება შენდა, უფალო, რომელი აღგვავსებ ჩვენ მადლითა შენითა და გვაზიარებ საუკუნო ნეტარებასა შენსა! დიდება და მადლობა შენდა, უფალო, რომელი აღგვავსებ სიხარულითა, სიყვარულითა და იმედითა შენითა! გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შვენიერო შროშანო, რომლისაგან გამობრწყინდების მაცხოვარი. გიხაროდენ, რომლისა მიერ წყევაი მოაკლდების, გიხაროდენ, სიწმიდისა ტაძარო, ძისა შენისა მადლისა მომფენელო. ქართველნო და ყოველნო ერთგულნო მკვიდრნო საქართველოისა! - `ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოს თქუენ" (მათე, 7,7). არ დაეცეთ, არ შედრკეთ, არ შეუშინდეთ დროს, არ დაკარგოთ იმედი ღვთისა, იმედი მომავლისა; არ დაკარგოთ სიყვარული მოყვასისა; იყავით მოყვარენი შრომისა და ცოდნისა! `ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა~. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი |
llaasshhaa |
Jan 7 2010, 03:56 PM
პოსტი
#19
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
მშვენიერია
-------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
sable |
Jan 7 2010, 09:46 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
მშვენიერი ეპისტოლეა, მაგრამ როგორ წესი არ არის მოწოდება აბორტის მომაკვდინებელი ცოდვის ოფიციალური აკრძალვის შესახებ, ეს მაშინ როგორ წესი საუბარია განათლების პრობლემებზე ნარკომანიაზე და ასე შემდეგ.
თუ ვინმე სასულიერო პირთაგან იკითხავს ამ ფორმურს და ეხელეწიფება რაიმე გავლენა მოახდინოს მომავალი ეპისტოლეების შედგენაზე ვთხოვ, რომ ეს გაითვალისწინონ და მოუწოდონ ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც აკრძალონ და განერიდონ ამ მომაკვდინებელ ცოდვას. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი