IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მშვიდობა და შემწყნარებლობა, ჩვენთან არასდროს ჰქონია ადგილი ეთნიკური და სარწმუნოებრივი ნიშნით დევნა
Georg
პოსტი Sep 5 2006, 12:53 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია ჳჳ სიტყვა საერთაშორისო კონფერენციაზე `მშვიდობა და შემწყნარებლობა~

7-9 ნოემბერი, 2005 წელი, სტამბული

ყველას გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით. კავკასია, ანუ ის რეგიონი, სადაც ჩემი ქვეყანა მდებარეობს, ევროპისა და აზიის შესაყარზეა და ბუნებრივია, რომ იგი იყო და არის დიდი კულტურებისა და მათი ინტერესების გადაკვეთის ადგილი.

მიუხედავად იმისა, რომ დაპყრობის მსურველნი ყოველთვის მრავლად გვყავდა და მუდმივად გვიწევდა ბრძოლა სამშობლოს დასაცავად, საქართველომ შეძლო მთელი ისტორიის მანძილზე საუკეთესო მაგალითი ეჩვენებინა იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი მეობის, სარწმუნოებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის პარალელურად სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისადმი ტოლერანტობის გამოჩენა.

ჩვენთან არასდროს ჰქონია ადგილი ეთნიკური და სარწმუნოებრივი ნიშნით დევნას, რაც, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა ქართულმა ხასიათმა და მასთან შერწყმულმა მოციქულთა მიერ ნაქადაგებმა ქრისტიანულმა აღმსარებლობამ. სწორედ მან განსაზღვრა ჩვენი ცხოვრების, აზროვნებისა და ურთიერთობების წესი. სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისადმი პატივისცემა და მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი დღესაც ჩვენი ყოფის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა; თუმცა სხვა პრობლემები მრავლად გვაქვს.

ამჟამად საქართველოში, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის სხვა ორ რესპუბლიკაში, არის სიტუაცია, რომელსაც ვერც მშვიდობიანს ვუწოდებთ და ვერც საომარს. სულ მცირედი ბიძგიც კი შეიძლება აქ სისხლისღვრის მიზეზად იქცეს. ისევე, როგორც შესაძლოა, გონივრულად წარმოებულმა პოლიტიკამ ნამდვილი მშვიდობისათვის მიგვაღწევინოს. ამიტომაც ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება და აზრების ურთიერთგაზიარება მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

მართალია, ამა თუ იმ ქვეყანაში, ანდა ქვეყნებს შორის ომისა და მშვიდობის პრობლემას ძირითადად პოლიტიკოსები წყვეტენ, მაგრამ იქ, სადაც მშვიდობის დამყარების და სამართლიანობის აღდგენის სურვილი რეალურია, რელიგიურ მოღვაწეებსაც ბევრი რამის გაკეთება ძალუძთ, მაგრამ აუცილებელია ხელშემწყობი ფაქტორების არსებობა:

თუ ჩვენ შევძლებთ ადამიანების სულიერად და ზნეობრივად სწორად აღზრდას, მშვიდობიან თანაარსებობას მივაღწევთ; მაშინ არც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით და არც ტერორიზმის პრობლემა იქნება ასე მწვავე.

ერთი შეხედვით თითქოს ადვილია ამის განხორციელება, რადგან თითქმის ყველა ძირითადი რელიგია სიკეთეს და შემწყნარებლობას ქადაგებს და მათ მიმდევართა რიცხვიც მრავლადაა მსოფლიოში, მაგრამ შედეგი არ არის სასურველი, რადგან სხვა და სხვა რელიგიებსა და კულტურებში არსებობენ ისეთი ჯგუფები, რომელნიც სულიერად ასაზრდოებენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, ხელს უწყობენ შიდა დაპირისპირებებს, ხოლო დიდი რელიგიების როლი დღემდე არ არის სათანადოდ გამოყენებული, პასიურია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავლენაც ამ მიმართულებით.

ვფიქრობ, ხხჳ საუკუნის დასაწყისში კვლავ აქტუალურია ცივილიზაციათა დიალოგის ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც ხალხებს საშუალებას მისცემს გააერთიანონ ძალები გლობალური და ლოკალური საკითხების გადასაჭრელად. დღეს უკვე ყველამ გაიგო, რომ წავიდა დრო პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტისა. დღეს მას უკვე ცვლის ეკონომიკური და კულტურული ფაქტორები, თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა დიდი სიფრთხილის გამოჩენა, რათა ისინი არ იქცნენ მორიგი დაპირისპირების საფუძვლად, არამედ ხელი შეუწყონ კულტურათა ურთიერთგამდიდრებისა და ეკონომიკური ურთიერთსარგებლიანობის პროცესს.

ეს პრინციპი უნდა იქნას გამოყენებული იმ საკითხის გადაწყვეტისასაც, რასაც ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩემს ქვეყანას გარეშე ძალებმა ხელოვნურად მოახვიეს თავს ეთნოკონფლიქტები, დაიღვარა ძმათა სისხლი. ამასთან, სახეზე გვაქვს ეთნიკური და რელიგიური (იგულისხმება საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახურების გამოდევნა) წმენდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რის შედეგადაც უკვე 14 წელია 300 000-ზე მეტი ქართველი თავისი მკვიდრი მიწიდანაა გაძევებული. მართალია, ყველა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ დე-იურე დე-ფაქტოდ არ იქცა.

თანამედროვე მსოფლიომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ასეთი სახის ლოკალური კონფლიქტების მოგვარებასაც, რათა არ მოხდეს მისი გადაზრდა გლობალურ უთანხმოებაში. ამ საქმეში კი პოლიტიკოსებთან ერთად თავისი სიტყვა რელიგიის წარმომადგენლებმაც უნდა თქვან და თავის მხრივ აქტიურად შეუწყონ ხელი ერთა შორის ნდობისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენას.

თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს არჩევანი იმისა, უპირველეს ყოვლისა უნდა ვიყოთ სულიერად, კულტურულად, ინტელექტუალურად განვითარებული პიროვნებანი, თუ ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს, თუ როგორი საზოგადოება და როგორი სახელმწიფო გვექნება; გლობალური მასშტაბით კი იგი განაპირობებს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის ურთიერთობებს. და რადგანაც სწორი პასუხის გაცემა რელიგიების პრეროგატივაა, კაცობრიობის მშვიდობიანი ცხოვრების გასაღები მნიშვნელოვანწილად რელიგიურ ლიდერებსაც უპყრიათ ხელთ. ამას თანამედროვე მსოფლიო უკვე აცნობიერებს; ეს ფორუმიც ამის დადასტურებაა.

ერთხელ კიდევ მოგესალმებით ყველას და გისურვებთ წარმატებებს ღვთისსათნო მიზანთა განხორციელებაში. ჩემი მიმართვა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით მსურს დავამთავრო:

`უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით~.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 01:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი