თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ბუნების კარი _ წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 02:51 PM

მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.


"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2017, 04:10 PM

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:22 PM

"ბეთანიაში მრავალი სასწაული მომხდარა. მონასტერში ერთი სასწაულმოქმედი წყარო იყო. იქვე, სოფელში, 80 წლის ვანო წიკლაური ცხოვრობდა, რომელსაც ერთი ბებერი ნაგაზი ჰყავდა. ძლივს დალასლასებდა საბრალო ძაღლი. ერთხელ წყაროსთან ქვებით შემოზღუდულ აუზში ჩავარდა. იქიდან რომ ამოიყვანეს, ისე ყოჩაღად დარბოდა, თვალებს არ ვუჯერებდი - ფაქტობრივად, გაახალგაზრდავებული ამოვიდა წყლიდან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2017, 08:31 PM

"მამა გერასიმე ათონელი (+1957) ჰყვებოდა ღვთის მოწყალებაზე: "დიდხანს თოვდა, მღვიმეში ვიჯექი. ამ დროს გარედან ჩიტის წივილი მომესმა. უცნაურად და დაჟინებით წიოდა. ამან მაიძულა, მღვიმიდან გამოვსულიყავი, რათა გამეგო, რა აწუხებდა ზეციურ ფრინველს. უეცრად მღვიმის ჭერიდან ლოდი ჩამოვარდა. იქ რომ ვყოფილიყავი, მომკლავდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 01:43 PM

"ერთ დიდთოვლიან ზამთარს მამა იოაკიმემ [შენგელაია] გადაწყვიტა, ბერებს მივაკითხავო. სანოვაგით დატვირთული გაუკვალავ თოვლში გზას დაადგა. მიარღვევს თურმე თოვლს. გაიხედა და ტყიდან დათვი არ გამოვიდა?!

- გავშეშდიო, - იგონებდა მერე, - თვალები დავხუჭე და გავიფიქრე, - ახლა კი დადგა ჩემი აღსასრული-მეთქი... ამასობაში დათვი მომიახლოვდა, შემომსუნთქა და... წავიდა! თვალი რომ გავახილე, ოთხზე იდგა და გზას ტკეპნიდა! ველოდე, ველოდე და რომ აღარ დავიძარი, ისე მომხედა თითქოს მეუბნებოდა, - რაღას უცდი, არ მოდიხარო?

მივხდი, ღვთისგან იყო. გავყევი... გამოქვაბული გამოჩნდა თუ არა, დათვი ქვემოთ დაეშვა... ბერებთნ რომ შევედი, ფერი აღარ მედო. რაო, მამაო იოაკიმე, შეგაშინა დათვმაო? - ღიმილით მკითხეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2018, 09:17 PM

"[წმ. კოზმა და დამიანე] პირუტყვთაც კურნავდნენ და ყოველივეს სრულიად უსასყიდლოდ აღასრულებდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2018, 08:56 PM

"[ღირსი იოანიკე დიდი] ყრმობიდანვე მშვიდი, მდაბალი და ლოცვისმოყვარე გახლდათ, ცხვრის ფარას, რომელსაც მწყემსავდა, მუდამ ჯვარს გადასახავდა ხოლმე, რის გამოც ვერც მხეცი ეკარებოდა და ვერც ავაზაკი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 03:16 PM

"კათოლიკოს-პატრიარქს ყველა ცხოველი და მცენარე უყვარს. კარგად მახსოვს მისი ლოცვა-კურთხევა: "თუ ვინმე მოვიდა და ყვავილი გთხოვა, მიეცი. ის სახლში წაიღებს და გაახარებს მას. მცენარესაც გაუხარდება და ადამიანსაც გაულამაზდება ცხოვრებაო".

/საპატრიარქოს მებაღე სოლომონ ცხოვრებაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:32 PM

"- თქვენს ცხოვრებაში რომელი წმინდანის შეწევნას გრძნობთ?

- ჩემი წმინდანი - დანიელ წინასწარმეტყველია. მე მისი სახელი იმიტომ ავირჩიე, რომ მამაცურად იდგა მეფეთა და ლომთა წინაშე, მე ლომებს შორის ვცხოვრობ და ამიტომაც მჭირდება მისი სიმამაცე."

/არქიმანდრიტი დანიელი, მართლმადიდებელი მისიის დამაარსებელი მუსლიმანურ ინდონეზიაში/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2018, 09:05 AM

"გაბრიელ ბერს არა მხოლოდ ადამიანები, ცხოველებიც ებრალებოდა. როდესაც ზამთარში ყინვები იწყებოდა, ცხოველებსა და ჩიტებზეც ზრუნავდა და აპურებდა. ერთხელ, წირვიდან გამოსულებმა, ძაღლს ქვა ესროლეს. გაბრიელ ბერი შეწუხდა და დანანებით თქვა:

- უმჯობესი იყო, წირვაზე არ ყოფილიყვნენ!

მის კელიასთან ხშირად მოდიოდა პატარა, ჭრელი უპატრონო ძაღლი. ბერი ისეთი სიყვარულით ეფერებოდა ცხოველს, რომ სხვაშიც დიდ სიყვარულს აღძრავდა. საჭმელს უყრიდა და თან ამბობდა:

- ნახე, ნახე, საწყალი, ცოდოა, მშიერია. ძაღლიც მის დანახვაზე ათამაშდებოდა. შემდეგ ჩერდებოდა და საათობით მშვიდად შეჰყურებდა.

ერთმა მორწმუნემ შიშით უთხრა:

- მამა გაბრიელ, ჭამის დროს რომ ეფერებით, არ გიკბინოთ.

გაბრიელ ბერს გაეღიმა:

- ცხოველი გრძნობს ადამიანში ბოროტებას, ეს აღიზიანებს და ამიტომაც ესხმის თავს.

იმ მორწმუნემ, მეორედ რომ ჩავიდა ბერთან სტუმრად, ძაღლიც მოიკითხა.

- მოკლეს, - ნაღვლიანად უპასუხა მან და ამ სიტყვებში იყო უკიდურესი სევდა და დარდი, - არა უწყიან, დაო, რას სჩადიან. ძაღლმა გამიგო და ადამიანმა - ვერა.

ამ ამბავმა მორწმუნეზე ისე იმოქმედა, ერთი კვირა განუწყვეტლივ ტიროდა. აქედან მოყოლებული, არ შეეძლო გულგრილად ჩაევლო მაწანწალა, უსუსური ძაღლებისთვის.

მამა გაბრიელი ყველაფერს - ღვთისგან შექმნილს სასოებით უფრთხილდებოდა. ბალახსაც კი დიდი სიყვარულით ეფერებოდა. თუ ვინმე უმიზნოდ, გასართობად გასრესდა თუნდაც ერთ ღერს, მკაცრად გააფრთხილებდა:

- მაგ ბალახს შენ მიეცი სიცოცხლე? შეგიძლია შექმნა იგი? თუ არ გჭირდება, ღვთის ბოძებულს რად აფუჭებ?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2018, 08:13 PM

"გაბრიელ ბერის სიყვარული არა მხოლოდ ღვთის ხატად შექმნილ ადამიანთ ეკუთვნოდათ, არამედ ყოველ სულიერსა თუ უსულოს, ღვთის დანაბადსა და შექმნილს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2018, 10:48 AM

"მამა გაბრიელთან საუბრისას ერთ მონაზონს თაგვი ფეხზე ააცოცდა და ტანსაცმელში სირბილი დაიწყო. სასოწარკვეთილმა, მამა გაბრიელს შეხედა. მან მაშინვე გაიგო მისი შეწუხების მიზეზი, წამით გახედა და გაშეშებული თაგვი უმალ ძირს დავარდა.

- თაგვებს ხვალ წამალს დავუყრი და ყველას დავხოცავ, - უთხრა მონაზონმა.

- არ დახოცო, ცოდონი არიან, ჩემს სენაკშიც დარბიან, მაგრამ არ მაწუხებენ, არა უშავს, იყვნენ, - სთხოვა ბერმა.

მეორე დილით არც ერთი თაგვი არ ჩანდა.

- მამა გაბრიელ, თაგვები სად არიან? - შეეკითხა მოძღვარს მონაზონი.

- წმინდა ნიკოლოზს ვთხოვე და ყველანი წავიდნენ, - უპასუხა ღიმილით."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2018, 01:53 PM

"მამა პაისის [ათონელი] სიყვარული გარეულ ცხოველებსაც სწვდებოდა. ამბობდა: "შევთხოვ ქრისტეს: "ქრისტე ჩემო, შემიბრალე მე, პირუტყვი". თუ მკითხავს: "შენ კი შეიწყალე პირუტყვი?" - რას ვუპასუხებ?"

მართლაც უყვარდა და იწყალებდა ცხოველებს - ეს საცოდავები სხვა სამოთხეს არ ელიანო. კატუნაკიდან წამოსვლისას კელიაში კნუტი დატოვა. მაგრამ ისე ასტკივდა სული, რომ უკან დაბრუნდა და ეს კნუტი წამოიყვანა. ამის გამო კი ორი დღე დაკარგა. "პანაღუდაში" ცხოვრებისას მის კართან უცხო კატასაც რომ დაეკნავლა, თუნდაც ავად ყოფილიყო, წამოდგებოდა, კარს გაუღებდა და თავშესაფარს მისცემდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2018, 04:00 PM

"ღირსი ათანასეს დიდ ლავრაში ოდესღაც, როცა ის ჯერ კიდევ იდიორითმული იყო, ერთი მონაზონი ცხოვრობდა, ქრიზოსთომოსი, რომელსაც ჩანთიანს ეძახდნენ. იგი თითქმის ოცი წელი ჯორების მეხრის მორჩილებას ეწეოდა.

პირუტყვს საძოვარზე გარეკავდა, ტვირთს აჰკიდებდა და მოხსნიდა, მიჰქონდა მათთვის საკვები ბაგაში და როცა მონასტერში რომელიმე ძმას ჯორი სჭირდებოდა სადმე წასასვლელად, უკაზმავდა. იგი სამეურნეო ეზოში ცხოვრობდა.

როცა ნამგზავრი მამები ჯორებს უბრუნებდნენ, ის მათ საპალნეს ხსნიდა, ჩვრით ცხოველებს ოფლს სწმენდდა. იგი ჯორებზე ზრუნავდა, უყვარდა ისინი. როგორც ბრძანებს წმინდა წერილი, მართალი კაცი ცხოველებსაც იწყალებს.

როცა გარდაიცვალა, ტაძრის კარიბჭეში დაასვენეს, წესი აუგეს და მონასტრის სასაფლაოზე გადაასვენეს. სავანის კარებიდან გამოვიდნენ, ჩვეულებისაებრ საკაცე მიწაზე დაუშვეს, რათა მღვდლებს უფლის წინაშე ლოცვები აღევლინათ გარდაცვლილი ძმისათვის, როგორც ამას ტიპიკონი მოითხოვს.

მაშინ, როგორც ამას ჰყვებოდა უბრალო ბერი ეფრემი, გამოჩნდა ჯორების რემა. როცა ლიტია დასრულდა და გარდაცვლილი სასაფლაოზე წაასვენეს, ჯორებიც მდუმარენი, დამწუხრებულნი სასაფლაომდე გაჰყვნენ სამგლოვიარო პროცესიას. მათაც სურდათ, ბოლო პატივი მიეგოთ გარდაცვლილი კეთილისმყოფელისთვის. მამები შევიდნენ სასაფლაოზე და ჯორებიც შეჰყვნენ.

და რაც ყველაზე საოცარია, როცა განსვენებული საფლავში ჩაუშვეს, ამ უტყვმა არსებებმა იწყეს ღრიალი, ჩაიმუხლნენ უკანა ფეხებზე და წინა ფეხებს მკერდში იცემდნენ, თითქოს დაიტირებდნენ გარდაცვლილს. მაშინ იქ მყოფმა მამებმა, გაოცებულებმა, ადიდეს ღმერთი ამ დიდებული და უჩვეულო სანახაობისთვის.

ჩანს, ამ ნიშ-სასწაულით უფალმა განადიდა გარდაცვლილი მამა ქრიზოსთომოსი მისი სათნოებისთვის და, განსაკუთრებით, სიყვარულის სათნოებისთვის. რამეთუ ამ მამას არა მარტო ადამიანები, თვით ცხოველებიც უყვარდა (სიყვარული, რომელსაც მამა ქრიზოსთომოსი იჩენდა ამ ცხოველების მიმართ, გონიერების საზღვრებს არ სცილდებოდა. ეს სიყვარული არ უნდა გავაიგივოთ იმ უზომო სიყვარულთან, რომელსაც მრავალი ევროპელი იჩენს, რომელთაც გაგიჟებით უყვართ ცხოველები და სძულთ ადამიანები. ისინი მხეცთმოყვარენი და კაცთმოძულენი არიან. კაცი, რა ცუდიც არ უნდა იყოს, ღვთის "ხატად" და "მსგავსად" არის შექმნილი, ხოლო პირუტყვნი - მისდა სამსახურად), რათა ყველა მიმხვდარიყო, რომ ის მათ არასოდეს სცემდა, არ უბრაზდებოდა და მშიერს არ ტოვებდა, და რათა გამოჩენილიყო მისი სიმშვიდე, სიყვარული, მისი უბოროტობა და ყველანაირი სათნოება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2018, 01:20 PM

"ბერი [წმ. სილოვანე ათონელი] მცენარეებსაც კი უფრთხილდებოდა და ყოველგვარ უხეშობას, რაც მათ ზიანს აყენებდა, მადლის მოქმედების საწინააღმდეგოდ მიიჩნევდა".

"ბერი [წმ. სილოვანე ათონელი] ამბობდა, რომ სულიწმინდა ყელა ქმნილების სიბრალულს გვასწავლის და ამიტომ "საჭიროების გარეშე" ხის ფოთოლიც კი არ უნდა დავაზიანოთ.

"ხის ფოთოლი მწვანეა, შენ კი იგი საჭიროების გარეშე მოგლიჯე. მართალია, ეს ცოდვა არ არის, მაგრამ გულს, რომელმაც სიყვარული ისწავლა, რატომღაც ებრალება ეს ფოთოლი, ებრალება ყველა ქნილება", - ამბობდა იგი".

"ბერი [წმ. სილოვანე ათონელი] ამბობდა, რომ ყველაფერი ადამიანის მსახურებისთვის შეიქმნა და ამიტომ აუცილებლობის შემთხვევაში ყველა ქმნილებით შეიძლება ვისარგებლოთ. მაგრამ ამავე დროს, ადამიანს ქმნილებებზე ზრუნვის ვალდებულებაც აქვს დაკისრებული. ამიტომ ცხოველებისთვის ან მცენარისათვის საჭირეობის გარეშე რაიმე ზიანის მიყენება მადლის კანონს ეწინააღმდეგება.

მეორე მხრივ, ცხოველებისადმი მიჯაჭვულობაც ასევე ეწინააღმდეგება ღმრთის მცნებებს, რადგან იგი ღმრთისა და მოყვასისადმი სიყვარულს აკნინებს. ვისაც ნამდვილად ადამიანი და მთელი სამყაროსთვის ცრემლებიც ლოცულობს, იგი ცხოველებს არასოდეს მიეჯაჭვება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2018, 10:28 PM

"ღმერთის სიყვარული რომ მოიხვეჭო, უფლის მიერ სახარებაში მოცემული ყველა მცნება უნდა დაიცვა, მოწყალე გული უნდა გქონდეს და მხოლოდ ადამიანი კი არ უნდა გიყვარდეს, არამედ ღმრთის ყველა ქმნილება უნდა გებრალებოდეს.

ხეზე ფოთოლი მწვანეა და შენ ის საჭიროების გამო მოწყვიტე. მართალია ეს ცოდვა არ არის, მაგრამ გულს, რომელმაც სიყვარული ისწავლა, რატომღაც ეს ფოთოლიც ებრალება, მას ყველა ქმნილება ებრალება.

ადამიანი კი დიდებული ქმნილებაა და თუ ხედავ, რომ იგი შეცდომას უშვებს და იღუპება, ილოცე და იტირე მისთვის, ხოლო თუ ეს არ შეგიძლია, ამოიოხრე მაინც მისთვის ღმრთის წინაშე. უფალს უყვარს სული, რომელიც ასე იქცევა, რადგან ის მისი მსგავსია".

/წმ. სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 09:54 PM

"[ღირს არსენ კაპადოკიელს] არ სურდა საკუთარი კეთილდღეობისთვის პირუტყვი გაეტანჯა, რადგან ყველა ქმნილება ებრალებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2020, 03:36 PM

"როგორც ხედავთ, წმინდანები პირუტყვებთან, გარეულ ცხოველებთან და ძუძუმწოვრებთანაც შეხმატკბილებულები არიან. რადგან ადამიანთან ერთად ცხოველებმაც დაკარგეს სამოთხე. ხოლო ღმერთშემოსილ ადამიანებთან, რომელთაც სული განიწმინდეს და პირველქმნილი სიკეთე დაიბრუნეს, ცხოველიც კი თვინიერია. მათ გვერდით უტყვი, უენო ბუნება სამოთხისეულ მდგომარეობას უბრუნდება, ადამიანს ემორჩილება და მის ნებას აღასრულებს. მსგავსი შემთხვევები, როდესაც გარეული ცხოველები წმინდანებს ემსახურებიან და მათ ბრძანებებს თვინიერი კრავებივით ემორჩილებიან, უწინაც მრავალი იყო და ახლაც არის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 03:18 PM

"ყველამ იცის, თუ რამდენი შრომა სჭირდება გარეული მხეცის მოთვინიერებას. სასურველი შედეგის მისაღებად ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს მისი გაწვრთნა. მაგრამ ის ბოლომდე სანდო მაინც არ არის, რადგან არავინ იცის, როდის გაიღვიძებს მასში ისევ ველური ნადირი.

სულ სხვაა, როდესაც უფლის განგებულებით მხეცი ისეთივე თვინიერი ხდება, როგორც შინაური ცხოველი.
ღირსი მამა გერასიმე მოღვაწეობდა V საუკუნეში მდინარე იორდანეს მახლობლად თავისსავე დაარსებულ მონასტერში.
ერთხელ მან ნახა ლომი, რომელსაც თათში ეკლები ჰქონდა შესობილი. წმიდა მამამ ცხოველს ეკლები გამოუღო და ნაიარევი მოურჩინა. ადამიანს და ცხოველს ერთმანეთის არ შეშინებიათ,
ლომი ხუთი წელი ემსახურებოდა წმინდანს-ასრულებდა მის ყოველ დავალებას. როდესაც წმიდა გერასიმე გარდაიცვალა, ნადირმა ძლიერ იდარდა. აღარ ჭამდა და სვამდა, ტიროდა და დარბოდა. ღონემიხდილი ლომი წმინდანის საფლავზე გარდაიცვალა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2020, 08:07 PM

"ყველაფერს ვხედავდი, ყველაფერს ყურადღებას ვაქცევდი, ყველაფერი ვიცოდი. სიხარულისგან მიწაზე აღარ დავდიოდი. მაშინ გამეხსნა ყნოსვა, ყველა სუნს ვარჩევდი. გამეხსნა ხედვა, გამეხსნა სმენა. შორიდან ყველაფერს ვცნობდი, ცხოველებსა და ფრინველებს. გალობით ვცნობდი, რომელი ჩიტი იყო - შაშვი, ბეღურა, სკვინჩა თუ იადონი, შოშია ანდა ნისკარტმარწუხა. განთიადისას ვხარობდი, იადონების, შაშვების და ყველა სხვა ჩიტების გალობით"

/წმ. პორფირე კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2020, 08:47 PM

"სხვანაირი გავხდი, განახლებული. ყველაფერს, რასაც ვხედავდი, ლოცვად ვაქცევდი. ყველაფერს ჩემზე ვიღებდი. რატომ გალობს ჩიტი და ადიდებს შემოქმედს? მეც ასე მინდოდა მოვქცეულიყავი. ასევე ყვავილებსაც. ყვავილებს სურნელით ვარჩევდი და ნახევარი საათის სავალზე კეთილსურნელებითა ვცნობდი. განვარჩევდი ბალახებს, ხეებს, წყლებს, კლდეებს, კლდეებსაც კი ვესაუბრებოდი! როგორ ვუცქეროდი მათ"

/წმ. პორფირე კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2020, 07:53 PM

"ცხოველებისთვის ადამიანი ღმერთია! როგორც ჩვენ ვთხოვთ შეწევნას ღმერთს, ისევე სთხოვენ ისინი დახმარებას ადამიანებს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2020, 09:09 PM

"აი, ტურები მართლაც რომ გულს მიჩუყებენ, რადგან როდესაც შიათ, პირდაპირ პატარა ბავშვებივით ტირიან ხოლმე. რაც შეეხება კნუტებს, ჩემს სენაკში მათთან დაკავშირებით მთელი უბედურება ტრიალებს. ისინი მიხვდნენ, რომ ყოველთვის, როდესაც ზარი რეკს, გარეთ გავდივარ და ზოგჯერ რაღაც საჭმელი გამაქვს ხოლმე. ამიტომ ახლა, როცა ჭამა მოუნდებათ, ახტებიან ზარის თოკს და რეკენ. გამოვდივარ, ვხედავ, რომ თოკს ეპოტინებიან და ვაჭმევ მათ. როგორ მოაწყო ყოველივე ღმერთმა!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2020, 08:09 PM

" - ალბათ, ათონის მწვერვალზე ასვლა არ გაგიჭირდებოდათ, რადგან არანაკლებ მაღალზეა ველისციხის ხარების სახელობის მონასტერიც.

- კი, ძალიან მაღალზეა, აქ სამხიდიან მანქანებსაც კი უჭირთ ამოსვლა და ამასაც მხოლოდ მშრალ ამინდში ახერხებენ. ჩემი სკიტი თრიალეთის ქედზეა და პირდაპირ კავკასიონს უყურებს, გარს ნადირ-ფრინველით სავსე ულამაზესი ტყე აკრავს. ხშირად მაკითხავენ შვლები, რომლებსაც ქვამარილს ვუდებ, იმას ლოკავენ და იქვე, ჩემი ონკანიდან სვამენ წყალს. თუმცა ეს ძირითადად ღამით ხდება ხოლმე, უკვე მომეჩვივნენ. ცხოველები გრძნობენ ადამიანების დამოკიდებულებას და განწყობას მათდამი. იციან, რომ მტერი არ ვარ მათი, პირიქით, მოყვარე. ჩემს ახლოს ბინადრობს ძალიან დიდი დათვი, მისი კვალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თავისი ბილიკი და მარშრუტი აქვს და მასზე მოძრაობს. მგელიც შემხვედრია რამდენჯერმე, მაგრამ არაფერს მერჩიან, შეხვედრის დროს ბილიკიდან გადაუხვევიათ და წასულან".

/მამა დანიელი (გიორგობიანი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2021, 08:48 PM

"ერთხელ ბუზი მოვკალი. საწყალი, მიწაზე ხოხავდა ნაწლავებგადმოყრილი, მე კიდევ სამი დღე ვტიროდი ჩემი სისასტიკისთვის და დღემდე მახსოვს ის შემთხვევა. სხვა დროს აივანზე ღამურებმა დაიდეს ბინა და მე მდუღარე გადავასხი, მერე ისევ დიდხანს ვტიროდი, ამის შემდეგ კი ვცდილობ უსულო ქმნილებებს არაფერი დავუშავო. ერთხელ, ძველ რუსიკში, მონასტრიდან რომ მოვდიოდი, გზაზე მოკლული გველი დავინახე, ნაწილ-ნაწილ იყო აკუწული და ყოველი ნაწილი საშინლად იკლაკნებოდა. შემეცოდა ყოველი უსულო, ტანჯული ქმნილება და ბევრს ვტიროდი ღვთის წინაშე".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2021, 01:01 PM

"მოვიყვან იმის მაგალითს, თუ როგორ ცნობს ბუნება დალოცვილ ასკეტს. იმ დროს, როდესაც ჩემი აწ გარდაცვლილი ნეტარი მოძღვარი ლოცულობდა, მისი კელიის კართან გარეული ფრინველები იკრიბებოდნენ და ნისკარტებით შუშაზე აკაკუნებდნენ. ვიღაც იფიქრებს, რომ ეს იყო ეშმაკის მცდელობა, რათა მას ლოცვაში ხელი შეშლოდა,თუმცა, სინამდვილეში, გარეულ ფრინველებს ჩემი მოძღვრის ლოცვა იზიდავდა!"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2022, 08:00 PM

"[კათალიკოსი] მამაი - (731 - 744 წ.წ.) - მას თვით ლომიც ემორჩილებოდა".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 05:33 PM

"წმინდა საბა ვათოპედელი, ქრისტესთვის სულელი, საკმაოდ დიდხანს იორანის უდაბნოში, მღვიმეში მოსაგრეობდა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერს ემორჩილებოდა. ღვთის მადლით, ამ წმინდანმა მხეცებთან ურთიერთობის ისეთი მადლი მოიპოვა, როგორითაც დაჯილდოებული იყო ადამიანი ცოდვით დაცემამდე.
აი, რას უყვებოდა ამის შესახებ თავის მოწაფეს:
- ჩემო მეგობარო, ღვთის მადლით, დიდი სარგებელი მიმიღია მხეცებთან ურთიერთობისას. ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ უდაბნოში ლომებს ვხვდებოდი და კარგი მეგობარივით გვერდით მვყვებოდი. როცა ორი ან სამნი იყვნენ, მათ შუაში განზრახ ვდგებოდი. ვუცქერდი მათ თვალებს, დიდ ტანს, ბუნებით მედიდურობას, თავის დიდებულ მობრუნებას, მათ მეფურ და მამაცურ ნახტომს, შენ ალბათ გსმენია ამის შესახებ, მათ ალესილ ბრჭყალებზე, მოკლედ, ვუცქერდი მთელ მათ არსებას... ისინიც დაუბრკოლებლად მაძლევდნენ ამის საშუალებას. მათაც ძალიან უნდოდათ ჩემთან ურთიერთობა, ძალზე ახლოს მოდიოდნენ და იდგნენ თვინიერად, თითქოს ძველი მეგობრები ვყოფილიყავით. ამაზე ფიქრისას ერთგვარი საკვირველი ხედვა შევიძინე ღვთის ქმნილებისა, რომელიც მანამდე არ მქონია. ღვთის დიდებამ და სიყვარულმა, როგორც ნესტარმა, მომიწყლა გული. ამიტომ ყოველთვის ვიხსენებდი დიდებულ დავითს, რომელი მოუხმობდა მხეცებსა და ყველა ქმნილებას ღვთის განსადიდებლად. მაშინ გამოუთქმელი სიხარულითა და აღფრთოვანებით მასთან ერთად ვგალობდი: ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2022, 01:51 PM

" - არ იფიქრო, რომ მე აქ მარტო ვარ. მე აქ ეს ცხოველი მყავს, - ერთ-ერთ მომლოცველს უთხრა მამა პ-მ და ბაყაყი აჩვენა, - ის ხის ქვეშ დარგულ პომიდვრის ბუჩქს ვრწყავ, ძირში საკმაო რაოდენობის წყალს ვუსხამ და ბაყაყი იქ სრული განცხრომით ცხოვრობს.
ისიც მონაზონი გახდება!.. ხედავ, ძმაო, უდაბნოში ყველა თვინიერდება. თვით გარეული ცხოველებიც კი ღვთის კაცს ემორჩილებიან. ოდერსღაც ამ კალივაში ბევრი თაგვი მყავდა. როგორც კი ხელში ხერხს ავიღებდი და რომელიმე ხის მოსაჭრელად წავიდოდი, ჩემ გარშემო თხუთმეტამდე თაგვი იკრიბებოდა, რომ ნაფოტებით ეთამაშათ. ასე იყო დიდი ხნის მანძილზე. იმ საცოდავებს ჭამა უნდოდათ, მაგრამ მე არაფეერი მქონდა, რომ მიმეცა. ამიტომ, ისინი ერთხელაც წავიდნენ და მეტად აღარ გამოჩენილან..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2022, 09:37 PM

"ღირსსახსოვარი ბერდიდი პაპა გაბრიელი გვიყვებოდა, რომ დაახლოებით ასი წლის წინ, წმინდა დიონისეს მონასტერში ცხოვრობდა არქიმანდრიტი ქრისოსთომოს ჰაჯიდანიელი, ხალკის აკადემიის და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პროფესორი, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ დაჯილდოებული. მიუხედავად უმაღლესი ხარისხის განათლებისა, იმდენად თავმდაბალი და უბრალო იყო, რომ სხვებს ეკითხებოდა ყველაფერს თვით ყველაზე უმნიშვნელო საგნებზეც კი და არავისგან არ ითხოვდა პატივისცემას. სიცოცხლის ბოლოს, როცა მამა ქრისოსთომოსი მონასტრის მეკარის მორჩილებას აღასრულებდა, გარეული მტრედები გასაოცარი მინდობით ასხდებოდნენ ხელებზე და მათთვის შეთავაზებულ პურის ნამცეცებს კენკავდნენ. ისინი მასთან ისე მშვიდად გრძნობდნენ თავს, რომ მაშინაც კი, როცა რომელიმე მათგანს წაუთაქებდა და გააგდებდა, რათა სხვისთვის დაეთმო რიგი, მტრედიც უჯერებდა და მის მხარზე აინაცვლებდა. სხვა მამებს ჩიტები არც კი უახლოვდებოდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2022, 08:18 PM

"მონასტრის მეზობლად, ჩრდილოეთის მხარეს, ერთი ოჯახი ცხოვრობდა. მათ ჰყავდათ შოტლანდიური ნაგაზი, რომელსაც ერქვა ჯერი. ცნობილია, რომ ძაღლი პატრონის ერთგულებით გამოირჩევა და არასდროს უღალატებს მას. მაგრამ მოხდა სასწაული. ერთ მშვენიერ დღეს ჯერი მონასტრის ტერიტორიაზე შემოვიდა, მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] კოშკთან დაჯდა და იქიდან ფეხს არ იცვლიდა, ძირითადად იქ ტრიალებდა. რამდენჯერაც არ წაიყვანდა პატრონი, იმდენჯერ უკან, მონასტერში ბრუნდებოდა. ბოლოს, რაკი ვერაფერი გააწყო, პატრონი უკანასკნელად მოვიდა მონასტერში, ცრემლებით მოხსნა ძაღლს ყელიდან ჯაჭვი და სამუდამოდ დაემშვიდობა. ახლა ვხვდები, რა იზიდავდა ჯერის მონასტერში და რატომ აირჩია თავის ადგილსამყოფელად მაინცდამაინც კოშკის ტერიტორია"

/მონაზონი ათანასია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2022, 06:05 PM

"ჩვენს მეზობლად, გოგიტაანთს, ცხოვრობდა ერთი ძაღლი - შოტლანდიური ნაგაზი, ჯერი ერქვა. ნამდვილი არისტოკრატი იყო. ეს ძაღლი სახლში ვერ ჩერდებოდა და სულ მამა გაბრიელთან [აღმსარებელი და სალოსი] მორბოდა. მამა გაბრიელი ჯერის ჯულბარსს ეძახდა. ჯერის პატრონი მოვიდოდა - გოგიტას უფროსი ძმა (გოგიტა ახლა მღვდელია), ჩააბამდა საყელურს და წაიყვანდა. მეორე დღეს ისევ ჩვენთნ იყო. მერე გოგიტაანთებმა თქვეს (ძალიან კარგი ოჯახია ეს გოგიტაანთები), რაკი თქვენთან უნდაო, დარჩესო, და მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი ძალიან უყვარდათ, ჩვენ დაგვიტოვეს.
ჯერი გაწვრთნილი ძაღლი იყო. დღედაღამ კიბის თავში იჯდა, მამა გაბრიელის გვერდით. ბერი რომ ხელებს გაშლიდა, ის თათს ჩაუდებდა ხელში. მამა გაბრიელს ძალიან მოსწონდა ეს დუეტი და თავისებური ქადაგებისთვის იყენებდა: როგორც კი დაინახავდა ტაძრისკენ მომავალ ხალხს, უმალ არტისტულად გაშლიდა ხელებს. აქ ჯერი თავის საქმეს აკეთებდა. ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იყო: ბერი და ძაღლი კიბის თავში, ორივენი - პირით მაყურებლისაკენ, ბერი - ჩამოკონკილი, ძაღლი - არისტოკრატი. ბერი რაღაცას იტყვის, გაშლის ხელებს, ძაღლი ელეგანტურად უდასტურებს. ასჯერ რომ გაეშალა ხელი, ისიც ასჯერ ჩაუდებდა თათს".

/მონაზონი აგლაიდა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 04:31 PM

"მამა გაბრიელს [აღმსარებელი და სალოსი] არასოდეს მოუცია შენიშვნა; არ უთქვამს: ამას რად სჩადიხართ, ასე რატომ იქცევით, რატომ იცინით ამდენს, რა გაქვთ ამდენი სალაპარაკო, სამხიარულო? ორი ძაღლი გვყავდა და ერთი - მგლის შვილი, მგელიკა, შავი, კუნაპეტივით შავი ბზინვარე ბეწვით. პირში ხელებს ვუდებდით, არ გვეშინოდა მათი, ვეფერებოდით, ყოვლად არამონაზვნურად ვიქცეოდით. მამა გაბრიელი კი რამდენს გვითმენდა, როგორ უძლებდა ამდენი თავაშვებული, კადნიერი, თავხედი, ამპარტავანი და ყველა მანკიერებით აღსავსე მჩქეფარე ადამიანის ვნებათაღელვას".

/მონაზონი ნინო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2022, 08:02 PM

"ბერდიდი თეოფილაქტე ჭეშმარიტად წმინდა პიროვნება იყო წმინდა ბასილის სკიტის ზეცისა მკვიდრთა შორის. მასზე მოგვითხრობენ, რომ ერთხელ მის კალივაში დაჭრილი, ფეხმოტეხილი შველი მოვიდა და კართან დაწვა. ბერდიდი გამოვიდა და მას, როგორც ადამიანს, დიდი თანაგრძნობით მიმართა:

- მოიცადე. რომ გამოჯანმრთელდე, ამისთვის მოტეხილ ფეხს გადაგიხვევ.

შველმა მორჩილება გამოიჩინა და ჩუმად იჯდა. ბერდიდმა, რომელსაც თავისი მოწყალე გულით ღვთის ყველა ქმნილება უყვარდა, ორი ჯოხი და ბინტი აიღო და როგორც კარგმა ორთოპედმა, ამ საცოდავ ქმნილებას ფეხი გადაუხვია. ამის მერე თანაგრძნობით მოეფერა შველს და უთხრა:

- ახლა კი, ძვირფასო, წადი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შეწევნით, 30-40 დღის შემდეგ მოდი და გაგიხსნი არტახს.

მართლაც, დადგენილი დროის გასვლის შემდეგ შველი მასთან კალივაში მივიდა! ბერდიდმა ორთოპედიული სახვევი მოხსნა: ჭრილობა შეხორცებულიყო.

ეს წმინდა კაცი ღირს მამათა დარად აღესრულა. სიცოცხლის ბოლო წუთებში როგორც კაშკაშა მთვარეს, ანგელოზივით უბრწყინავდა სახე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 11:42 AM

"ღვაწლითა და სათნოებებით დიდებულ ჰაჯი-გიორგის ცხოველებთან ურთიერთობის ნიჭიც ჰქონდა.

ერთხელ, როცა ის ჯერ კიდევ კავსოკალივში წმინდა გიორგის კალივაში მორჩილი გაბრიელი იყო, ერთი გარეული ტახი მათ ბოსტანს შეეჩვია და დიდ ზიანს აყენებდა. მამა ნეოფიტემ გაბრიელს უბრძანა, ღორი თავისი ქამრით შეეკრა და მასთან მოეყვანა, რაც მორჩილმა შეასრულა კიდეც. შემდეგ ბერდიდის ბრძანებით ღორი ცხოველების სადგომში ჩაკეტეს და გეჯა გაუკეთეს. საქმეს რომ მორჩნენ, ბერდიდმა ტახს უთხრა:

- როცა მოგშივდება, მოდი აქ და მონაზვნები გაჭმევენ, მამების ბაღებს კი თავი დაანებე.

ასე მოთვინიერდა გარეული ტახი. როცა მოშივდებოდა, მოდიოდა და გეჯიდან მიირთმევდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 09:42 PM

"ერთხელ გარეული ტახი კერასიაში ჰაჯი-გიორგის ბაღს მიეჩვია და ბოსტნეულს ჭამდა. ჰაჯი-გიორგიმ მორჩილები გააფრთხილა, როგორც კი ტახს დაინახავთ, მაშინვე შემატყობინეთო. ერთ ღამეს პირუტყვმა დინგით ღობე გაანგრია და ბაღში შევიდა. ღორი რომ დაინახა, ბერდიდმა მას ჯვარი გადასახა და უბრძანა, არ განძრეულიყო. შემდეგ ყურში ხელი მოჰკიდა და ბატკანივით ცხოველების სადგომში შეიყვანა. პირუტყვი იქ ეპიტიმიის სახით სამი საათით მშიერი დატოვა, შემდეგ კი უთხრა:

- დალოცვილო ცხოველო, ნუთუ არ გყოფნის მთელი ათონი, აქ რომ არ მოხვიდე და ის მცირეოდენი ბოსტნეული გააფუჭო, რომლითაც ამდენი სული უნდა გამოიკვებოს? ახალ წადი და მეორედ ნუღარ მოხვალ, თორემ ორმაგ ეპიტიმიას დაგადებ.

მართლაც, ამის მერე ღორი აღარ გამოჩენილა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2022, 07:39 PM

"ეს ღირსი მეუდანოე [აფხაზეთის მთებში მოსაგრე ქართველი] მამები მამა იოაკიმეს გარდაცვალების შემდეგ პატრონობდნენ მათხოჯის დედათა მონასტერს. ერთ-ერთ სტუმრობას შეესწრო პატარა გოგონა, რომელიც წლების შემდეგ ჰყვებოდა: საღამოხანი იყო, მონასტერს სამი გრძელწვერა, საწყლად ჩაცმული კაცი მოადგა. ერთ მათგანს ფეხსაცმელების ნაცვლად ნაბადი ჰქონდა შემოხვეული. თავიდან გლახაკები მეგონა და ძალიან გამიკვირდა, როცა მონასტრის მცველი ავი ძაღლი მათ კუდის ქიცინით შეეგება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2022, 06:03 PM

"ბერდიდი გერონტი, რომელიც მორჩილებისთვის იყო გაგზავნილი კალამიძონის მეტოქიონში, გახლდათ ნამდვილი დარაჯი და მცველი პირუტყვებიას. ყოველ საღამოს მიჰყავდა წყურვილის მოსაკლავად კალამიძონამდე, სადაც სასმელი წყლის წყარო მოედინოებოდა. როგორც კი მამა გერონტის ხმას გაიგონებდნენ "ელა, ელა" (რაც ქართულად ნიშნავს: მოდით, მოდით), ცხოველები მასთან მიდიოდნენ, დრუნჩებით მკერდზე გაეგლასუნებოდნენ და გაშორდებოდნენ.

როცა რომელიმე ცხოველი დაეკარგებოდა, მამა გერონტი წმინდა მოდესტის ევედრებოდა, მერე მიდიოდა და პოულობდა მას. როცა რომელიმე ცხოველი ავად გახდებოდა, იგი იმავე წმინდანს შესთხოვდა შეწევნას და პირუტყვიც მაშინვე იკურნებოდა.

მამა გერონტი ძალზე მშვიდი იყო და ეშინოდა, რაიმეთი არ დაერღვია თავისი მოძღვრის კურთხევა, რის გამოც მისით აღფთოვანებული იყო მონასტრის მთლი საძმო. ერთხელ ძმებმა ჰკითხეს, - როგორ მიაღწიე ასეთ სიმშვიდესო, რაზეც ბერდიდმა უპასუხა:

- როცა ერში ვცხორობდი, ჩემთვის ყველანი დამნაშავე იყვნენ - თხები, ცხვრები, ჯორები. ვნერვიულობდი, ვყვიროდი და მათ უსამართლოდ ვექცეოდი. თუმცა, ერთხელაც, როცა აქ მოვედი, მოვისმინე მოთხრობა წმინდა ბარლაამის შესახებ, რომელიც თავის ცხოველებს სცემდა, მაგრამ ღმერთმა ვირს ბაგენი გაუხსნა და მან ადამიანური ენით ჰკითხა: - რა დაგიშავე, რომ ასე მცემო? მაშინ ჩემში მოხდა სერიოზული ცვლილება და მას მერე ცხოველებს სიხარულით ვუვლი. ახალა ისინიც ხალისით მემორჩილებიან და ჩემს პირველ დაძახილზე მოდიან. ამ შინაგანი ცვლილების გამო ჩემს სულში სიმშვიდემ და სიხარულმა დაისადგურა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2022, 10:07 PM

"[მღვდელმონაზონ ნიკოდიმოსს] ცხოველები უყვარდა. ორი კატა ჰყავდა. ერთ დღეს მამა ნიკოდიმოსმა ერთ-ერთ მათგანს უთხრა: "მე შენთვის თევზი არ მაქვს, წადი და შენთვის რომელიმე ჩიტი დაიჭირე". ისიც მორჩილად წავიდა, ცოტა ხნის მერე დაბრუნდა. ბრჭყალებით თავისი მორჩილების მსხვერპლი ეკავა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2022, 02:38 PM

"ჭეშმარიტად, არაფერია იმაზე უფრო გულისშემძვრელი სურათი, ვიდრე წმინდანის მეგობრობა გარეულ ცხოველებთან"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2023, 08:34 PM

"მედავითნე პროდრომოსი ხშირად სთხოვდა ხოლმე [წმინდა არსენ კაბადოკიელს], ვირზე შემჯდარიყო, მაგრამ მამა არსენი ყოველთვის უარობდა. კანონად ჰქონდა, პირუტყვზე არასოდეს შემჯდარიყო, რა გრძელიც უნდა ყოფილიყო გზა. ის ხუთჯერ იყო იერუსალიმში, ხუთივჯერ ფეხით ჩავიდა ფარასადან მესინის პორტამდე, საიდანაც გემი გადიოდა.

მამა არსენს არ სურდა, საკუთარი კეთილდღეობისთვის პირუტყვი გაეტანჯა, რადგან ყველა ქმნილება ებრალებოდა...

ერთხელაც მამა არსენი მედავითნე პროდრომოსთან ერთად საროჭიკოდ სოფელს შემოივლიდა. ფეხები ისევ დაუსივდა. პროდრომოსი შეევედრა, ვირზე შემჯდარიყო, მაგრამ ამაოდ, მამა არსენმა უთხრა პროდრომოსს:

- შენ დაჯექი, ჩემზე ნუ იღელვებ. ღმერთმა ადამიანს დასახმარებლად ცხოველები მისცა. მე ნუ მიყურებ, მე მონაზონი ვარ. ქრისტე სულ ფეხით მოგზაურობდა და მხოლოდ ერთხელ შეჯდა ვირზე, როცა იერუსალიმში შედიოდა, რადგან ასე იყო საჭირო. მე ვირზე უარესი ვარ და როგორ შემიძლია მას შევაჯდე?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2023, 04:29 PM

"ზამთარში, ყინვები რომ დაიწყებოდა, [ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი] ცხოველებსა და ფრინველებზეც ზრუნავდა და აპურებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2023, 09:17 PM

"ცნობილია, რომ წმიდა სერაფიმ საროველს სიცოცხლეშივე ემორჩილებოდნენ გარეული ცხოველები. ღამით წმიდანის სენაკთან მიდიოდნენ მხეცები: დათვები, მგლები, კურდღლები და მელიები; გველები, ხვლიკები და სხვა ქვეწარმავლებიც მიხოხავდნენ. წმიდა სერაფიმე სენაკიდან გამოდიოდა და მათ თავისი საპურიდან აჭმევდა, სადაც ის კვირის სამყოფ პურს ინახავდა. მრავალი მხეცი მიდიოდა მასთან, პური კი ყველას ჰყოფნიდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2023, 12:54 PM

"ვიხსენებ ტროფიმეს [ოპტინელი] და უმალ შემდეგი სურათი წარმომიდგება თვალწინ, - ღიმილით ამბობს მომლოცველი ვიქტორ პროსკუროვი, - აი, მინდვრიდან ბრუნდება ტრაქტორით, მისკენ ყოველი მხრიდან, მიისწრაფიან ბავშვები და ძალღები კუდის ქიცინით. მონასტრის ცხენები კი უკვე კისერს იგრძელებენ, თავი მხარზე რომ ჩამოადონ", ბავშვებს ბერი აღტაცებული სიყვარულით უყვართ - მან ცხოველთა ჩვევები იცოდა, ფრინველების ხმებს ცნობდა, ცხენების "ესმოდა", მონასტრამდე ცხენსაშენში მუშაობდა, ჯიშიან ბედაურებს ხედნიდა. "როდესაც ცხენს მოაჭენებდა მინდორში, - სამუშაოს თავს ვანებებდით და ვუყურებდით. ისეთი სილამაზე იყო, ნამდვილი კინო გეგონებოდა! თითქოს ცხენს შეეზარდაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2023, 03:26 PM

ზღარბები და დათვი

"ერთხელ ადრიან გაზაფხულზე ოპტინის ტყეში ვსეირნობდით, ის კი მთელი ორი საათი მიყვებოდა, რომელმა ცხოველმა დატოვა კვალი და რომელი ცხოველი ბინადრობს იქ. "აი, კურდღელს გაურბენია, - მეუბნება, აქ კი მელია გაეკიდა თაგვს,აქ შველს უჭამია".

სხვა ცხოველებსაც ასახელებდა, მაგრამ ცხოველებში ვერ ვერკვევი. უცებ დათვის კვალი დაინახა და ბედნიერს აღმოხდა: "დაა-თუუ-ჩაა!"დააკვირდა და თქვა: "ეტყობა ზამთარში არ დაუძინია, ცოტა ხნის წინ გაუვლია აქ - კიდევ დახედა და ამბობს: - ერთი წამის წინ იყო აქ, სადღაც აქვეა". ისეთი სისწრაფით გამოვიქეცით, რომ თვალის დახამხამებაში მონასტერში ვიყავით.

კიდევ მახსოვს, მამა ფერაპონტე [ოპტინელი] და მომლოცველი ნიკოლაი ემელიანოვი ტყეში წავიდნენ და მთელი ტომარა ზღარბები მოიყვანეს. ღამით ზღარბები სენაკში დარბოდნენ, თამაშობდნენ, მამა ფერაპონტე კი უყურებდა და იცინოდა. ჩვეულებივ, სერიოზული იყო ხოლმე, მხოლოდ თვალებით იღიმებოდა. მაშინ კი თვალები მთლად ბავშვური გაუხდა.

თურმე ზღარბები საწყობისთვის სჭირდებოდა, თაგვები და ვირთაგვები რომ დაეჭირათ. მამა ფერაპონტემ ყველაზე სხარტები ამოარჩია, დანარჩენები კი ისევ ტყეში დააბრუნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2023, 06:56 PM

"მაშინ დიოკლეტიანეს ბრძანებით, წმინდანი [ანიკიტე] მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად. უზარმაზარი მძვინვარე ლომი ღრიალით მიუახლოვდა წმიდანს და მის წინ უმანკო ბატკნად გადაიქცა. ის ეალერსებოდა ანიკიტეს და წმინდანის გაოფლიანებულ სხეულს თათით ღრუბელივით ამშრალებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2023, 04:37 PM

"წმინდანის [სვიმეონ მესვეტე, უფროსი] სვეტის მახლობლად საზარელი გველი ბუდობდა. იმ ადგილას ბალახიც არ იზრდებოდა.

ერთხელ უხსენებელს მარჯვენა თვალში ხის ხმელი ტოტი შეერჭო და დაუზიანდა. გველი ღირსი მამის სვეტთან მისრიალდა და მორჩილების ნიშნად იქვე გაწვა, თითქოს წმინდანისგან შველას ითხოვდა. ნეტარმა სვიმეონმა როგორც კი გადმოხედა, გველს ხის ტოტი თვალიდან ამოუვარდა.

ქვეწარმავალი იმ ადგილას კიდევ სამი დღე იწვა. ხალხი უშიშრად მიდი-მოდიოდა მის გარშემო, რადგან არავის არაფერს უშავებდა. როდესაც თვალი სრულიად მოურჩა, თავის სოროს დაუბრუნდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2023, 12:23 PM

"დროთა განმავლობაში წმინდა სევერიანეს სამარე დაიკარგა. მაგრამ ერთხელ ცაზე არწივი გამოჩნდა ბრჭყალებში მრავალფერი ყვავილით დაწნული გვირგვინით, რომელიც მიწაზე დადო.

სწორედ იქ პოვეს ქრისტიანებმა წმინდანის დაკარგული სამარე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2023, 01:04 PM

"ერთხელ იქ, უდაბნოში, სადაც მივდივარ ხოლმე, ჩრდილოეთ ევბეაზე, ერთი ქალი, ქალბატონი ელენე მოვიდა და თავისი თიკნები მომიყვანა. მეუბნება:

- შეგიძლია ჩემს თიკნებს ლოცვა წაუკითხო? რადგან ვერ არიან კარგად.

მე წამოვდექი. თიკნები თავისით მოვიდნენ ჩემთან. ხელები გავშალე და ლოცვის კითხვა დავიწყე. ყველანი ჩემს გარშემო იდგნენ, თავები აწეული ჰქონდათ და მიყურებდნენ. ერთი თხა მომიახლოვდა და ხელზე მეამბორა. უნდოდა, რომ მოვფერებოდი. მე მოვეფერე და ესიამოვნა. ყველა თიკანი გარს შემომეხვია და ზედ სახეზე მიყურებდა. მე ვლოცულობდი და თან ჯვარს ვსახავდი მათ.

ადრე ძაღლიც გვყავდა. როდესაც გარეთ დამინახავდა, მოირბენდა, ხელზე მეამბორებოდა, დამლოშნიდა და მერე გარბოდა, რომ არ დამეტუქსა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2023, 07:07 PM

"ერთხელ, კესარიის გზას რომ დაადგა, უდაბნოში სახედარი მშიერმა ლომმა გასტაცა და შეუჭამა. ზოსიმე [ფინიკიელი] მის კვალს დაადგა, იპოვა და უთხრა:

- აი, რა, მეგობარო! რამდენადაც ძალზე დავიქანცე და თანაც მხცოვანი ვარ, იმ ბარგის ტარება, ჩემს სახედარს რომ ავკიდე, არ ძალმიძს, ამიტომ, თუმც კი შენს ბუნებას არ შეჰფერის, ეს ტვირთი ქალაქის კარიბჭემდე მიმიტანე. შემდეგ კი, შეგიძლია, უდაბნოში დაბრუნდე და შენი ბუნებისაებრ იმძვინვარო!

მაშინ მხეცი მის ნებას დაჰყვა, კრავივით უწყინარ იქმნა, ხუცესს მორჩილად მიუახლოვდა, ტვირთი კესარიის ჭიშკრამდე მიუზიდა და კვლავ უდაბნოს შეერთო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 06:04 PM

"სინაზე ცხოვრების დროს ორი კაკაბი მყავდა - გვიამბობდა მამა პაისი [ათონელი], - იმ დროს ხშირად ვიყავი დამწუხრებული და კაკბები მოდიოდნენ ჩემს დასამშვიდებლად. ხის კვეთის დროს მხარზე მესხდნენ ჩიტები. ერთი კვირა ავად ვიყავი და ფრინველები არ მინახავს. გამოვჯანმრთელდი და საჭმელი დავუყარე, არ მოსულან. დავუტოვე და წავედი. მეორე დღეს ვნახე, რომ არ ეჭამათ. დამინახეს თუ არა კვლავ მისული, გარს შემომეხვივნენ და მაშინ აკენკეს პურის მარცვლები".

გარეული ცხოველები განსაკუთრებით მოსიყვარულენი არიან. მათ შორის ადამიანზე მეტად თბილი და მოსიყვარულე შემხვედრია. უმჯობესია დაუმეგობრდე გარეულ ფრინველებს და ცხოველებს, ვიდრე მიწიერი მსოფლმხედველობის ადამიანებს. თუ უფალთან ჭეშმარიტი მეგობრობა გსურს, შეივყარე წმიდანები ან გარეული ცხოველები".

***

მამა პაისი იგონებდა: "ბრინჯის ფლავი მოვამზადე და ვწმენდდი კონსერვის ყუთს. ნარჩენები კი გადავუყარე თაგვებს. მას შემდეგ ხის ნარჩენებს რომ გადავყრიდი თაგვებს ეგონათ, რომ ისევ საჭმელი იყო და ჩემს გარშემო გროვდებოდნენ, გარეული ცხოველებიც კი მშვიდდებიან და თვინიერდებიან ჩვენთან, როცა სწორად ვცხოვრობთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2024, 04:16 PM

"კვიპროსელი მომლოცველი მ.ს. ყვებოდა: "ერთხელ "პანაგუდაში" კვიპროსელ მომლოცველთა ჯგუფი მოვიდა. ბერმა [ღირსი პაისი ათონელი] მათ უთხრა, რომ მათ თვითონ აეღოთ ყუთიდან ლუკუმი (ლახათ-ლუქუმი). როგორც კი მათ ყუთს თავი ახადეს, ერთმანეთს გაოგნებულება შეხედეს. ლუკუმის ყუთი ჭიანჭველებით იყო სავსე. როგორც ჩანს, ერთ-ერთმა მომლოცველმა ყუთს ცუდად დაასხურა, თუმცა კი თავსახურზე დაწერილი იყო, რომ მჭიდროდ დაეფარებინათ. ჭიანჭველა იმდენი იყო, რომ მათ ქვეშ ლუკუმი არც კი ჩანდა, უფრო ზუსტად შავად მოჩანდა.

როცა ნახა, თუ რაში იყო საქმე, ბერმა ყუთიდან ლუკუმის ნაწილი ამოიღო, და ჭიანჭველებს ალერსიანად, მაგრამ მკაცრად უთხრა: "ეს ნაჭერი თქვენია, წადით და ჭამეთ, სხვა ნაჭრები კი ადამიანებს დაუტოვეთ".

ჩვენ გაოცებულნი შევცქეროდით, თუ როგორ დაემორჩილნენ ჭიანჭველები ბერს, გამოძვრნენ ყუთიდან, მიცოცდნენ "თავის" ლუკუმთან და მისი ჭამა დაიწყეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2024, 06:45 PM

"მამა პაისის [ათონელი] უსაზღვრო სიყვარული ღვთისადმი და მისი ხატის, ადამიანისადმი ავსებდა მის გულს, იღვრებოდა ირგვლივ და ცხოველებსაც სწვდებოდა. განსაკუთრებით გარეული ცხოველები უყვარდა, ისინიც გრძნობდნენ ამ სიყვარულს და მასთან მოდიოდნენ.

ერთი შველი შეეჩვია მონასტერს. მამა პაისი თავისი ხელით აჭმევდა, შუბლზე საღებავით გამოუსახა ჯვარი და მონადირეები გააფრთხილა არ ენადირათ მონასტერთან ახლოს და არც ჯვრიანი შველი მოეკლათ. ერთმა მათგანმა არ შეისმინა მამის თხოვნა და სწორედ ეს შველი მოკლა. დამწუხრდა მამა პაისი და იწინასწარმეტყველა, რაც სრულად აცხადდა. აქ არ მოგითხრობთ, რადგან ის ადამიანი, ვისაც შეემთხვა, დღესაც ცოცხალია.

ტყეში, მონასტრის გარშემო, დათვები ცხოვრობდნენ. ერთ მათგანს შეხვდა მონასტრისკენ მიმავალი ბერი ვიწრო ბილიკზე. დათვი გვერდზე გადგა და გზა დაუთმო მამა პაისს. ამ უკანასკნელმა კი ხელით ანიშნა, რომ გაევლო, მან კი (დათვმა) ფეხი გაიქნია, თითქოს მიანიშნა, გაიარეო. გვიყვებოდა თავად: "მე ვუთხარი: "ხვალ არ გამოჩნდე მონასტერში, რადგან მომლოცველები იქნებიან და შეშინდებიან". - დათვიც დამორჩილდა.

ერთი კი, სხვა დათვი, თითქმის ჩაუსახლდა მონასტერში, ხშირად მოდიოდა და მამა პაისი აჭმევდა. ზოგჯერ არ ისმენდა ხოლმე ბერის გაფრთხილებას და დათვი მაშინ ჩნდებოდა, როცა მონასტერში ხალხი იყო. ვინც ხედავდა მას, შიშით კანკალებდა, მათ შორის, ვისაც მონასტერში უნახავს დათვი, იყო კეტი პატერაც. "ღამით ავდიოდი მონასტერში, ფანრით, რომ წირვისთვის მიმესწრო. ხმაური გავიგონე, მივანათე შუქი და ცხოველი შევნიშნე. დიდ ძაღლს მივამსგავსე. მე მომყვებოდა და როცა მივაღწიე მონასტერს, ვკითხე მამა პაისს ძაღლი თუ ჰყავდა. მიპასუხა: "ძაღლია ეს? შეხედე კარგად - დათვია".

/მღვდელმონაზონი ისააკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 01:23 PM

"ბერს [ღირსი პაისი ათონელი] უყვარდა თავისი კალივის ზემოთ ერთ ფერდობზე ასვლა და იქ სკვნილზე ლოცვა. მასთან იქ სტვენიამ დაიწყო მოფრენა. ბერი მას დაუმეგობრდა და სახელიც დაარქვა: ოლეტი, რაც ბედუინების ენაზე "ჩვილს" ნიშნავს. როცა ბერი მას სახელით დაუძახებდა, ის მაშინვე მიფრიდებოდა მასთან, მხარზე დააჯდებოდა და მისი ხელისგულიდან საკვებს კენკავდა. როცა ბერი იქაურობას ტოვებდა, საკვებს ერთ ბრტყელ ქვაზე უტოვებდა, რომლის ქვეშაც მუდმივად ინახებოდა ორ ქილაში ოლეტის საჭმლის მარაგი: ერთი ქილა ბრინჯით იყო სავსე, მეორე - ფეტვით.

ბერი გვიამბობდა: "მე და ოლეტი უკვე ხუთი წელია ვმეგობრობთ. ერთხელ, როდესაც ავად გავხდი და ფერდობზე ვერ ავედი, ოლეტი საჭმელს არ მიეკარა, - ქვაზე რომ დავუტოვე, და ჩემს სენაკთან მოფრინდა ამბის გასაგებად. ამ ბეჩავმა გულლმობიერებაში მომიყვანა. ცხოველებს ესმით ადმიანის მათდამი განწყობა და ამ განწყობის შესაბამისად ურთიერთობენ ჩვენთან. ადამიანი მათთვის ღმერთივითაა. ამიტომ უნდა გვიყვარდეს ისინი, - მათთვის ხომ სხვა სამოთხე არ არსებობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2024, 04:01 PM

"საკუჭნაოს თაგვები შეეჩვივნენ, მამა გაბრიელმა [აღმსარებელი და სალოსი] მამა გიორგის [ბეთანიელი] შესჩივლა. ბერიც მივიდა და თაგვებს იქ შესვლა აუკრძალა. "მას შემდეგ იქ თაგვები აღარ მინახავს" - იგონებდა მამა გაბრიელი. როცა ცხელოდა ტაძარი ბუზებითა და მწერებით ივსებოდა. ჩვენ კი დილით საწირავად, რომ შევიდოდით, მამა გიორგი ხმადაბლა იტყოდა:

"აბა დასტოვეთ ტაძარი და წირვაში ხელი არ შემიშალოთ" და რამდენიმე წამში ერთი მწერი აღარსად ჩანდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2024, 06:36 PM

"მე მინდა, გაგახსენოთ ერთი შემთხვევა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა: მარტყოფში გვაქვს მონასტერი, დედათა მონასტერი, იქ ვიმყოფებოდი მე და ვისვენებდი. სახლში შემოფრინდა ორი მერცხალი და გარშემო უვლიდა ოთახს, სადაც მე ვიყავი. მერე დაიწყეს ბუდის კეთება, თან ჩქარობდნენ.

და სად დაიწყეს ბუდის კეთება?

შუაში ეკიდა ჭაღი. თქვენ იცით, ჭაღს აქვს თაღი, მერე მოსდევს ჯაჭვები და მრგვალი რკინის საკიდი. აი იმ თაღში შევიდნენ, საკიდში და იქ აკეთებდნენ ბუდეს.

და მე ვუთხარი: მანდ რომ აკეთებთ ბუდეს, მანდ დენია, ელექტროდენია და შეიძლება, დაგარტყას და მოგკლას. ეხლა მე ფიცარს ავიღებ და კუთხეში სადმე დაგიმაგრებთ და იქ გააკეთეთ თქვენი ბუდე.

თქვენ წარმოიდგინეთ, გაიგეს, ყველაფერი გაიგეს ეს ჩემი ნათქვამი.

ჩავედი ეზოში, ვიპოვე პატარა ფიცარი, კუთხეში დავარტყი ლურსმანი და ვუთხარი, ახლა აქ გააკეთეთ-მეთქი ბუდე.

ესეც გაიგეს და დაიწყეს კეთება. დაანებეს თავი იმ ჭაღს და დაიწყეს კეთება ბუდისა იმ ფიცარზე.

შემდეგ ჩვენ ავედით მთაზე, იქ სალოცავი იყო წმინდა გიორგისა (ეხლა ტაძარია). სახლიდან არის ერთი კილომეტრი, შორს არ არის. ღამდებოდა, ჩვენ წამოვედით სახლისკენ და ჭყივილით ჩვენს წინ, პირდაპირ სახესთან ორი მერცხალი მოფრინდა.

და მე ვუთხარი, ჩემთან ერთად ვინც იყვნენ, ეს ჩვენი მერცხლები ხომ არ არიან-მეთქი?ჩამოვედით სახლში და მორჩილ გალინას (ბერძენი ქალი იყო) ვეკითხები: დედა გალინა-მეთქი, ხომ გინახავს ჩვენი მერცხლები?

და ის მპასუხობს, ცოცხით ძლივს გავყარე ოთახიდანო.

მე ვუთხარი, რატომ გაყარე, ვინ დაგავალა, რას გიშლიდნენ?

მაგრამ ისინი უკვე გაყრილები იყვნენ და მე დარდი გამყვა, ღამე სად იქნებიან, არაფერმა ავნოსთქო.

მეორე დღეს მოფრინდნენ ისევ, სამი წრე გააკეთეს და წავიდნენ, დამემშვიდობნენ.

ისე ძალიან იმოქმედა ამან. შემდეგ აღარ მოფრენილან, მაგრამ დაგვემშვიდობნენ.

ეს კიდევ მეტყველებს იმის შესახებ, როგორი კავშირია ადამიანსა და ბუნებას შორის".

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2024, 02:42 PM

"ველური მხეცები წმიდა დედებთან და მამებთან მიდიოდნენ და ეალერსებოდნენ, ისინი სიყვარულის კეთილსურნებლებას გრძნობდნენ"

/მამა კალისტრატე/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)