თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ბუნების კარი _ მეფუტკრეობა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2022, 07:49 PM

"აჭარული მასალით, კინტრიშის ხეობაში "ადამიანს პირველად ფუტკარი ხის ღრუში უნახავს, ხე გამოუმორავს და თაფლიან-ფუტკრიანად სახლში მოუტანია. თაფლისთვის რომ ფუტკარი ვერ მოუშორებიათ "ფუტი უკრავთ" (ფუტი დაუხრჩოლებიათ) და ასე დაუმონებიათ იგი. სახელი ფუტკარიც აქედან გაჩენილა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 151/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2022, 09:59 PM

"საქართველოში მეფუტკრეობის განვითარებას განაპირობებდა ხელსაყრელი ბუნებრივი გარემო, თაფლოვანი მცენარეებით მდიდარი ფლორა და ფუტკრის ენდემური ჯიში - კავკასიური მთის ნაცრისფერი ფუტკარი. მკვლევართაგან შენიშნულია, რომ კავკასიურ ფუტკარს ახასიათებს შედარებით უწყინარობა, ხორთუმის განსაკუთრებული სიგრძე, არაჩვეულებრივი ნაყოფიერება და გამძლეობა. ამ თვისებათა შორის უმნიშვნელოვანესად ითვლება ხორთუმის სიგრძე, რომლის მიხედვით კავკასიურ ფუტკარსა და, პირველ ყოვლისა, მის სვანურ, მეგრულ და აფხაზურ პოპულაციებს, მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 150/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2022, 01:12 PM

"ქსენოფონტეს "ანაბაზისის" თანახმად, ძვ.წ. IV საუკუნის საქართველოში (კოლხეთში) შინაური მეფუტკრეობა უკვე არსებობდა და მეურნეობის განვითარებულ, მასშტაბურ დარგს წარმოადგენდა. ჩვენი სამშობლოს ამა თუ იმ ისტორიულ მხარეში მეფუტკრეობის შესახებ მოგვითხრობენ ბერძენ-რომაელი ავტორები: სტრაბონი, მენანდრე პროტიქტორი, აგრეთვე, შარდენი, ლამბერტი და სხვები. ასევე, ქართული წერილობითი წყაროები: მაგალითად, ნიკორწმინდის სიგელი შეიცავს უტყუარ ცნობებს XI საუკუნის საქართველოში შინაური მეფუტკრეობის არსებობის შესახებ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 150/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2022, 01:21 PM

"მეფუტკრეობას სვანეთში ძველთაგანვე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მენანდრე პროტიქტორის ცნობით, VI საუკუნის დასასრულს სვანები ფუტკრის ნაყოფს ლაზიკაში გზავნიდნენ. ბიზანტია-სპარსეთის საზავო მოლაპარაკებისას ბიზანტიის წარმომადგენელი ამბობდა: "სვანეთის სარდალი ემორჩილებოდა ლაზს და მასთან ის აღრიცხული იყო სახარკო სიაში და ლაზი... იღებდა მისგან ფუტკრის ნაყოფს... ზოგ სხვა რამესაც". ეს ცნობა მიუთითებს, რომ ამ დროისთვის სვანეთში მეფუტკრეობა უკვე შინაური მეფუტკრეობის ორგანიზებულ დარგს წარმოადგენდა. სვანებს თაფლი და ცვილი გაჰქონდათ საქართველოს ბარში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 154/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2022, 12:55 PM

"ქვედა მაჭახელში არსებობდა სოფელი "საფუტკრეთი", სადაც, ეთნოგრაფიული მასალის თანახმად, მზადდებოდა მთლ აჭარაში გამორჩეული თაფლი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 154/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 01:55 PM

"მეფუტკრეობის მეორე უმნიშვნელოვანეს პროდუქტს ცვილი წარმოადგენდა. ცვილი აუცილებელი პროდუქტი იყო სანთლის დასამზადებლად. მისგან მზადდებოდა არა მარტო სარიტუალო სანთელი, არამედ ჩვეულებრივი სანათი სანთელიც. გარდა ამისა, ცვილი განვითარებული მეღვინეობის ქვეყანაში - საქართველოში - ქვევრის ან ჭურის "მოკალვისთვის" გამოიყენებოდა. მას ხმარობდნენ თიხის ჭურჭლის "შეკოწიწებისთვის" ("გახიზვა"). ცვილს იყენებდნენ ხეხილის მყნობის დროსაც. ასევე, ძაფის გასასანთლად, სათევზაო ბადის დამზადებისას: ძაფს წინასწარ ადუღებულ ცვილში ხარშავდნენ. გურიაში შემონახულია სანთლის ჭიქებისა და პატარა ყანწების დამზადების წესი. მათ სანთლის არყის ჩასასხმელად იყენებდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 155/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 05:09 PM

"ამავე დროს, ყოველი მეფუტკრე გარკვეულ შესაწირავს აძლევდა ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის ეკლესიებს. მაგალითად, სვანეთში მეფუტკრე ერთ გეჯა თაფლს სწირავდა ღვთისმშობლის ეკლესიებს ყოველ მარიამობას. მეფუტკრისა და ფუტკრის მფარველად მთელ საქართველოში წმინდა გიორგი ითვლებოდა. სამეგრელოში ჯგერაგუნას სახელზე დიდ დღეობას აღნიშნავდნენ ამაღლებას, აგუნას სახელზე აღავლენდნენ ლოცვას გურიაში. იქვე აღნიშნავდნენ "ფუკობ"-ის დღეობას, დიდმარხვის შუა ოთხშაბათს სადღეობო სუფრაზე თაფლიან მჭადებსა და სანთლის არაყს ალაგებდნენ. სუფრაზე ჩამოალაგებდნენ ანთებულ სანთლებს. ოჯახის უფროსი წარმოთქვამდა ლოცვას - "ბატონო მეფუკე, გამიმრავლე ფუტკარი"-ო. თაფლიან მჭადს მეზობლებსა და უპოვრებს ურიგებდნენ. კახეთში არსებობდა ხატის სახელზე შეწირული სკები. მათ ფუტკრის ზედაშე ეწოდებოდა. ამ გეჯიდან თაფლისა და ცვილის გაყიდვა აღკვეთილი იყო. თაფლს ნათესავ-მეგობრებს ურიგებდნენ. ს. შილდის მასალით, "ბარტყობის" დროს მიღებულ ფუტკრის საუკეთესო ოჯახს ახალ გეჯაში ათავსებდნენ. ამ გეჯას ჯვარს დაასვამდნენ და მას "ფუტკრის ზვარას" უწოდებდნენ. ამ გეჯის თაფლი და სანთელი მთლიანად ნეკრესში მიჰქონდათ და იქ მლოცველებს ურიგებდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 156/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 05:55 PM

"თაფლისგან მზადდებოდა ტკბილეული: გოზინაყი, ალვახაზი, კახეთსა და გურიაში აცხობდნენ "თაფლიან ჭადს", ქართლში - თაფლიან ნაცხვარს, გურიაში "თაფლ-ხავიწ"-ს. იმერხევსა და ტაოში - თაფლიან ფაფას და სხვა. თაფლი თან მიჰქონდათ შორეულ მოგზაურობებშიც. თაფლისგან მზადდებოდა სასმელი: თაფლ-წყალი, შარბათი, რანგი, იხდებოდა სანთლის არაყი, თაფლის არაყი. სვანეთში მაგალითად, თაფლისგან ხუთი სხვადასხვა სახის სასმელი მზადდებოდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 155/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 06:42 PM

"მეფუტკრეობის პროდუქტი სამკურნალო მიზნისთვისაც იყო განკუთვნილი მთელ საქართველოში. წამლები და მალამოები მზადდებოდა თაფლისგან, ფიჭისგან, ცვილისგან, დინდგელისგან, სანთლისგან. ამ პროდუქტებს იყენებდნენ ჭრილობების, დამწვრობებსი, წითელი ქარის, მოყინვის, მუწუკების, "გულ-მუცლის", თვალების, ხველების, ყელის, ყურის, კუჭის, კბილების და ა.შ. დაავადებებისას.

გარდა ჩვეულებრივი ყოფითი მოხმარებისა, თაფლი დიდი რაოდენობით იხარჯებოდა რელიგიურ დღეობებზე. მისგან რიტუალურ, შესაწირ საკვებსა და სასმელს ამზადებდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ.156/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2022, 05:54 PM

"არ არსებობს ცოდვილი, რომელით თავისი მიწიერი ცხოვრების დასასრულს იონათანივით არ ამბობდეს: "ცოტაოდენი თაფლი ვიგემე; აჰა, მზად ვარ სასიკვდილოდ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2022, 01:21 PM

"ჰოი, ღმერთშემოსილო საფუტკრევ, მთაწმინდის ნაპრალებსა და მღვიმეებში - გონიერ სკებში - მდუმარების უტკბილესი თაფლის შემგროვებელო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2022, 09:30 PM

"სამეგრელოს სამთავროში მთელი ზღვის სანაპირო მთავარს ეკუთვნოდა და ზღვაზე თევზის ჭერა მხოლოდ მისი ნებართვით და სპეციალური გადასახადის გადახდით შეიძლებოდა. შესაბამისი სიგელით XV საუკუნის 70-იანი წლებიდან სამეგრელოს მთავრებმა ხობის მონასტრის სასარგებლოდ ზღვაზე მეთევზეებს თაფლის სანთლის გადასახადი დააკისრეს. მეთევზეები ხობის მონასტრის ბეგარას წლის გარკვეულ დროს იხდიდნენ. XVI საუკუნეში ფოთელ მეთევზეებს "ნავისა თავს მუნის წონაი სანთელი მაისობას" უნდა გამოეღოთ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 137/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2022, 02:04 PM

"XIX საუკუნის დასაწყისში გურიაში ოყა თაფლის სანთელი დაახლოებით 60 ფარა ღირდა, ხოლო ბათმანი თაფლი - 20 ფარა. გამოდის, რომ ამ დროისათვის ამ სამთავროში ბაჟი ზღვით გატანილი თაფლის ღირებულების 15 და თაფლის სანთლის ღირებულების 8,3%-ს შეადგენდა, რაც არ უნდა იყოს მართალი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 264/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2022, 08:30 PM

ფუტკრების დაბრუნება

"ერთ კვირა დღეს მონაზვნების უმეტესობა ხატის გადასვენებაზე წავიდა რომელიღაც ოჯახში. ამასობაში მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] ძალიან ცუდად გახდა: კუჭიდან სისხლს იღებდა და ჩვენ, რამდენიმე მონაზონი, ვინც მონასტერში ვიყავით დარჩენილები, ვემსახურებოდით და ვედროებით გაგვქონდა სისხლი მისი სენაკიდან. ერთი-ორი საათი გვერდიდან ვერ მოვშორდით.

- ახლა სიკვდილი, აი, ასე დამტრიალებს თავს, - ამბობდა და ჰაერში თითით წრეს ხაზავდა.

ცოტა რომ მოკეთდა, რუსიკო ბუაჩიძემ, ჩვენი მონასტრის დამ, სთხოვა, მოგვიყევით როგორ დააბრუნეთ სკაში ფუტკრებიო. მამა გაბრიელმა უცბად თითქოს ცოტათი დაირცხვინა: არ ელოდა, რომ ჩვენც გვეცოდინებოდა ეს ამბავი. მაგრამ მეტი გზა აღარ ჰქონდა და მოგვიყვა:

- ვხედავ, ფუტკრების მთელი გუნდი გამოვიდა სკიდან და გაფრინდა. მივედი მამა იოანეს საფლავზე და ვეუბნები: შენ ხომ შეგვპირდი, სულით მუდამ თქვენთან ვიქნებიო, დაგვეხმარე, დააბრუნე ფუტკრები-მეთქი, და იმ მხარეს, საითკენაც გაფრინდნენ, ჯვარი გადავსახე. უცბად მთელი გუნდი შემოტრიალდა, ისევ სკასთან მიფრინდნენ და სათითაოდ შევიდნენ სკაში. იოანე [საუბარია ბეთანიის მონასტრის იმდროინდელ წინამძღვარზე - მამა იოანე შეყლაშვილზე] გაკვირვებული მიყურებს.

ეს ამბავი ისე თავმდაბლურად მოგვიყვა მამა გაბრიელმა, თითქოს თვითონ არაფერი გაეკეთებინოს ფუტკრების დასაბრუნებლად".

/მონაზონი ათანასია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 03:59 PM

"ვარდს ფუტკრები საქმიანად დახვეოდნენ და ბედნიერად ბზუოდნენ"

"ტკბილ ღვინოსა და ნამცხვარს ისე ვერ მოსწყვეტდი, როგორც თაფლს ფუტკარს ვერ მოაშორებ"

"თავისი გრძნობის აღწერისას თაფლად დაიღვრებოდა"

/შარლოტ ბრონტე, "ვილეტი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2022, 11:45 AM

"თაფლი, რომელიც კვლიავის - მწარე მცენარისგან კეთდება, საუკეთესოდ ითვლება. სიკეთეც, რომელიც ცხოვრებისეული განსაცდელების ჟამს ტანჯვა-წამებით აღესრულება, უმაღლესი სიკეთეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 05:22 PM

"მცირედიც რომ მოაკლდეს სიყვარულს, სიძულვილი ფარავს მას, ისევე როგორც რამდენიმე წვეთი შხამი წამლავს და უვარგისს ხდის მთელ კასრ თაფლსაც კი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 01:55 PM

"ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა - არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2022, 07:16 PM

"ერთ მოღვაწე მამას, სახელად ელინს, უდაბნოში მარტოდმარტო მყოფს, თაფლი მოუნდა. მალე ქვის ქვეშ თაფლით სავსე გოლეული იპოვა და თქვა: "განვედ ჩემგან, მოუთოკავო გულსთქმავ,რადგან დაწერილია: სულითა ვიდოდეთ და ხორცთა გულის თქუმასა ნუ აღასრულებთ", - ფიჭას ხელი აღარ ახლო და იქაურობას განერიდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2022, 11:31 AM

„სიბრძნეში მიბაძე ფუტკარს, რომელიც თავის გარშემო უამრავი კრაზანის დანახვაზე სკაში შედის და მოსალოდნელ ხიფათს თავს არიდებს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2022, 06:01 PM

"ცვილისგან დამზადებული სანთელი საუკეთესო შესაწირად ითვლება, რადგან შესაწირად ცვილს ფუტკარი ყვავილებისაგან ამზადებს. წმიდა მამათა განმარტებით კი, მრავალი სურნელოვანი ყვავილსგან და ფუტკრის ნექტრისგან წარმოქმნილი ცვილი სიმბოლურად უზენაესის მიერ შექმნილი მთელი სამყაროს ძღვენს წარმოადგენს. ამდენად, როცა ღმერთს ცვილისაგან დამზადებულ სანთელს ვწირავთ, გამოვხატავთ სურვილს, ძღვნად მივართვათ უფალს, მისი რომელიმე ქმნილების საუკეთესო და ძვირფასი ნაყოფი; ცვილის სირბილე კი ღვთის მორჩილებისთვის ჩვენი მზადყოფნის გამომხატველია; როგორც ყველაზე წმიდა და სუფთა, თაფლის სანთელი სიმბოლურად მისი შემწირველის სულიერ სასუფეველსა და სიწმიდეს გამოხატავს და შეგვახსენებს, რომ სულის გაწმენდაზე ვიზრუნოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2022, 09:51 PM

"... ამ დროს ერთი მორჩილი შემოვიდა, რომ მოძღვრისთვის ერთი სუფრის კოვზი თაფლი მიეწოდებინა (შეკრულობისთვის). კოვზი ცოტა ზედმეტად იყო გავსებული.

- ჩემო მამაო, - თქვა ძალიან სათუთად მამა ნ-მა, - მალე შეჭამეთ თაფლი, რომ ტანისამოსზე არ დაგეწვეთოთ.

მათლაც, იჩქარა მამაომ, მაგრამ მაინც საკმაოდ დაეწვეთა შესამოსელზე. ამ დროს ძალიან სასაცილო სცენა გათამაშდა: მორჩილი სამოსლიდან წვეთის კოვზით აღებას ცდილობდა და ამბობდა:

- მამაო, სამოსელს შეშურდა და ცოტა თაფლი შეჭამა.

- ვის შეშურდა? - იკითხა მოძღვარმა, რადგან ვერ გაიგო, რა ხდებოდა.

- როცა თაფლი მოგეცით, ჩოხას შეშურდა და თქვა: "მეც მომეცი ცოტა თაფლიო", და ჩვენც მივეცით.

- რას ამბობ, მართლა?

- დიახ, ითხოვა და მივეცით, - თქვა მორჩილმა და სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა, რადგან მოძღვარმა გაიგო მორჩილის ხუმრობა და გაეღიმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2022, 08:48 PM

"თაფლში დავარგებულ სულგუნს დამოუკიდებელი ყველის სახეობად ვერ განვიხილავთ. ეს არის სულგუნის ბაზაზე მიღებული ნაირსახეობა, როგორც შებოლილი სულგუნი, გამხმარი სულგუნი და სხვა. სულგუნის ბაზაზე უამრავი რამ კეთდება.

თაფლში ყველის დავარგება, სავარაუდოდ, მომთაბარე მწყემსების კიდევ ერთი გენიალური მიგნებაა. იალაღზე თვეობით მყოფ მწყემსს რძის პროდუქტების მოვლა და შენახვა ყოფითი გარემოსთვის უნდა მოერგო. სავარაუდოდ, ასეთ გარემოში იშვა თაფლში დავარგების და შენახვის ტექნოლოგიაც.

ჩვენში რამდენიმე წლის წინ თაფლში სულგუნს არავინ ავარგებდა. რეცეპტი მოგვაწოდა სოფელ კოლხიდის მკვიდრმა, ვენია ჭედიამ - მასთან ქალბატონმა მანანა ტრენკლემ დაგვაკავშირა. ქალბატონმა ვენიამ გვიამბო, რომ სულგუნს დებდნენ თაფლში.

თაფლი გარსს უკეთებს ყველს, ვაკუუმირებას ახდენს და მის ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს.

თაფლით შემოგარსული ყველი ფართოდაა გავრცელებული და სულაც არ არის ტკბილი, თაფლის არომატი რჩება, მაგრამ სიტკბო არა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2023, 06:30 PM

"ვინც საკუთარი გულის სიღრმიდან გონისმიერად ლოცულობს და ყოველთვის თავს იკავებს გემრიელი საკვებისგან, მშიერია, მისი ბაგეები ზოგჯერ ტკბება ლოცვით, თითქოს პირში რაღაც ტკბილი ჰქონდეს ან უტკბეს თაფლს ჭამდეს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: "რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის" (ფს. 118, 103).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2023, 08:44 PM

"ცალკე უნდა გამოვყოთ სელის თესლისგან დამზადებული პროდუქტი. მას ამზადებდნენ მარხვისას და იღებდნენ ფაფის სახით, ასევე გარნირად და სხვ. XIII საუკუნის სამედიცინო წიგნში დასტურდება საინტერესო კერძი - "სელი ამოხალული თაფლსა გაჰრიოს და პილპილი ჩაურთოს და ჭამოს კარგი არსო". როგორც ვხედავთ, სელის თესლს ხალავდნენ და ურევდნენ თაფლს, სასურველი იყო პილპილის დამატებაც"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.72/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2023, 10:22 PM

"ძველ საქართველოში თაფლი ერთ-ერთი ძირითადი საკვებიც იყო დ იმავდროულად, მნიშვნელოვანი პროდუქტი საგარეო ვაჭრობისთვის. თაფლის წარმოებას საქართველოში უძველესი დროიდან მისდევენ, რაზეც მეტყველებს არქეოლოგიური მასალა. წერილობითი წყაროებიდან ერთ-ერთი უძველესი ცნობა ქსენოფონტის "ანაბასისშია" შემონახული. ბერძენმა მეომრებმა კოლხეთში ნახეს მრავალი სკა და "ყველამ ვინც კი ფიჭა შეჭამა, დაკარგა გონება, აღებინა, კუჭი აეშალა და არც ერთ მათგანს სწორად დგომა არ შეეძლო. ისინი ვინც (ფიჭა) ცოტა ჭამა მაგრად დამთვრალებს ჰგავდნენ, ხოლო ვინც მეტი - შეშლილებს ან მომაკვდავებს". კოლხური თაფლის თვისებებს ბევრი უცხოელი ავტორი აღნიშნავდა. დიოდორე სიცილიელი წერს: "ამ ადგილებში ბლომად მოიპოვებოდა სკა, რომლისგანაც შესანიშნავი ფიჭა გამოჰყავდათ, მაგრამ ვინც იგემა აქედან, საოცარი ამბავი დაატყდათ თავს: რადგან ვინც შეჭამა ამ (ფიჭიდან), გონება დაჰკარგა და მიწაზე დავარდა ისე, რომ მკვდარს გავდა". აქ მოხმობილი ფაქტი მედიცინაში კარგადაა ცნობილი - გადამეტებული თაფლის ჭამა იწვევს სხვადასხვა გართულებას, მათ შორის მოწამვლას, თავბრუდახვევას, გონების დაკარგვას და სხვ. არის შემთხვევები თაფლში ტოქსიკური მცენარის მტვრის შერევისა, როცა ადამიანი შესაძლოა ფსიქიკურ აშლილობამდეც მივიდეს.

თაფლს აქტიურად იყენებდნენ მედიცინაში სამკურნალოდ. ამაზე მეტყველებს ძველი ქართული სამედიცინო წიგნები, რომლებშიც თაფლისგან დამზადებული სხვადასხვა წამალია მოხსენიებული. შუა საუკუნეებში საქართველოს ყველა კუთხე მისდევდა მეფუტკრეობას. თაფლისგან კი ამზადებდნენ ტკბილ პურებს, სხვადასხვა ორცხობილას. "წიგნი სააქიმოში" ნახსენებია თაფლიანი პური: "თაფლისა პურსა რომელ თონისაგან ამოღებულ იყოს ნუ ჭამენო". შესაძლებელია ცომი თაფლთან ერთად იზიილებოდა და ასე ცხვებოდა პური, როლის ცხელი ჭამა ავადმყოფისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ ყოფილა.

XVI საუკუნის ოსმალური დავთრების ცნობებით, ისტორიულ მესხეთში მეფუტკრეობა განვითარებულ დარგად ჩანს და სოფლების უმეტესობა - თითქმის 84% ამ მეურნეობას მისდევს. XVII საუკუნეში სამეგრელოში მეფუტკრეობის შესახებ და აქ გავრცელებული თაფლის მაღალ გემოვან თვისებებზე მოგვითხრობს შარდენი: "სამეგრელოს თაფლი საუცხოოა. აქ ორგვარი თაფლია - ყვითელი და თეთრი: თეთრი უფრო იშვიათია, ვიდრე ყვითელი, მაგრამ ბევრად უკეთესია და უფრო ტკბილია. კვნიტი შაქარი მასზე ტკბილ როდია; მეტად სასიამოვნო საჭმელია და პირში დნება. გარდა შიანური თაფლისა, არის აგრეთვე გარეული თაფლიც, რომელიც ხეების ფუღუროებსა და ნაპრალებში უხვადაა". თაფლი ექსპორტით გადიიოდა. შარდენის თქმით, "კაფას გემები მას სათათრეთში ეზიდებიან, სადაც მარცვლეულთან თაფლის შერევით მეტად ძლიერ სასმელს ამზადებენ". ამ საქმიანობით თურქი ვაჭრები მოგებასაც კარგს ნახულბოდნენ. შარდენი ვაჭრობაში დახელვონებული კაცი იყო და ეს დეტალი არ გამოჰპარვია. იგივე სურათია აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც მეფუტკრეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგი იყო მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში".

"ღვინომ ჩვენში ლუდის კულტურას დიდი გასაქანი არ მისცა. იგი პოპულარუი იყო მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც ვაზი არ ხარობდა - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ფშავში, ხევსურეთში, ხევში, თუშეთში ლუდის დამზადების დიდი ტრადიცია არსებობდა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.160/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2023, 04:33 PM

"ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენის მხედართმთავარ მანუელ ვუტომიტს ერთხელ, კუნძულის მთებში ნადირობისას, გზა დაებნა და მის ძებნაში განდეგილ ბერს ესაიას გადაეყარა, რომელიც ლოცულობდა. მანუელის მიმართვაზე, ლეფკოსიის (ამჟამინდელი ნიქოზიის) გზას ხომ ვერ მიმასწავლიო, ლოცვაში ჩაღრმავებულმა ბერმა, პასუხი არ გასცა, რის გამოც მხედართმთავარმა ჰგვემა მას. ამის შემდეგ მანუელი დასნეულდა, მიხვდა, რომ წმიდა ადამიანის გვემისათვის ისჯებოდა უფლისაგან და გადაწყვიტა, მოეძებნა მთებში განდეგილი ბერი და მისგან შენდობა ეთხოვა. ამავე დროს ესაიას სიზმრისეულ ჩვენებაში ყოვალდწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, აუწყა მანუელის სინანულის ამბავი და უბრძანა მხედართმთავრისათვის ეპატიმიად თავისი ხატის კუნძულზე ჩამოსვენება დაედო, რაც ბერმა მანუელის განკურნვის შემდეგ აღასრულა კიდეც. მალე მანუელი იმპერატორმა დედაქალაქში გამოიძახა, სადაც ის დიდხანს ვერ პოულობდა მარჯვე შემთხვევას თავისი თხოვნის გადასაცემად ხელმწიფისათვის. რამოდენიმე ხნის შემდეგ მეფის ასული იმავე სენით დაავადდა, რითაც თავად მანუელი ევნებოდა. სამეფო კარის მკურნალნი უძლურნი იყვნენ რამე ეშველათ მისთვის. მაშინ მანუილმა მეფეს კვიპროსელი ბერის, თავისი ავადობისა და განკურნვის შესახებ მოუთხრო, აუწყა ისიც, რომ ბერი ითხოვდა წმიდა ხატი კუნძულზე გაეგზავნათ. იმპერატორი დაპირდა მანუილს, რომ შეასრულებდა ბერის თხოვნას, და მისი ასული მაშინვე გამოჯანმრთელდა. მაგრამ ხელმწიფემ არ შეასრულა თავისი დაპირება და მალე თავადაც დაავადდა. ღამით მას ყოვლადწიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უსაყვედურა აღთქმის დარღვევა. მაშინ ხელმწიფემ გადაწყვიტა დამორჩილებოდა კვიპროსელი ბერის თხოვნას, მაგრამ რაკი ეს ხატი მისი უსაყვარლესი სიწმინდე იყო, მისი ახლი დაამზადებინა, დედნის გვერდით დაასვენა და შესთავაზა, ბერ ესაიას გამოეცნო, რომელი მათგანი იყო დედანი. ეს ადვილი საქმე არ იყო, რადგან ასლი ზედმიწევნით ზუსტად იყო შესრულებული დახელოვნებული ხატმწერის მიერ. ამიტომ ბერმა უფალს მიმართა შეწევნისთვის, და იმწამსვე სასახლეში ფუტკარი შემოფრინდა და დედან ხატზე დაჯდა. იმ დროიდან დაწესებული, ფუტკრის გამოსახულებას იყენებენ კიკოსის მონასტრის იღუმენის გამორსარჩევ ნიშნად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2023, 11:26 AM

28 აგვისტოდან გამოდის მეორე ტომი წიგნისა "თაფლი ტკბილი წამალი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2023, 08:42 PM

"სხვა დროს დავდიოდი ერთ ლექტორთან, რომელიც მეფუტკრეობას ასწავლიდა. ლექციებზე დადიოდნენ ბიჭები, გოგონები, ახალგაზრდები, მოხუცები. როდესაც ლექცია დამთავრდა, ლექტორი მომიახლოვდა და მითხრა:

- მამაო, იცით, რას მივხვდი? რომ მეფუტკრეობაში დიდ წარმატებას მიაღწევთ.

- როგორ მიხვდით ამას?

- შევამჩნიე, როგორი ყურადღებით მისმენდით და მივხვდი, რომ გამოდგებით მეფუტკრედ. ცნობილი მეფუტკრე გახდებით. საერთო ენას გამონახავთ ფუტკრებთან და მათთან საუბარსაც შეძლებთ.

- დიახ, ასეა. ვისაუბრებ ფუტკრებთან, მივალ სკებთან, მოვუსმენ მათ და მათ ენას გავიგებ, მათთან ერთადაც ვიანვარდებ, მაგრამ "დავკარგავ" ანაფფორასაც და კამილავკასაც"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 06:55 PM

თაფლით სავსე სკა

" - უდაბნოში ფუტკრის სკა თუ გიპოვია?

- დიახ, კლდეების ნაპრალებში და ხვრელებში შემხვედრია თაფლით სავსე სკები. იქიდან იმდენ თაფლს ვიღებ, რამდენიც მინდა. ზაფხულში ბევრს არ ვიყენებ, რადგან მაცხელებს. სკები ციცაბო ადგილებშია, სადაც ნადირი ვერ აღწევს. ფუტკარი ძალიან ჭკვიანი მწერია და ყოველთვის არჩევს შესაფერის საბინადროს. მე იოლად შემიძლია ასვლა. ამ რეგიონში, ცხელი კლიმატის გამო, ფუტკრები, ზამთარშიც და ზაფხულშიც, ძალიან სწრაფად აგროვებენ თაფლს. როგორც წმინდა წერილი ამბობს: "ქვეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისასა" (რიცხვ. 16:14)".

/იორდანელი მეუდაბნოე ფოტინია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2024, 02:41 PM

"ფუტკრები სუნით ცნობენ ბოროტ ადამიანს და დაყოვნებლივ თავს ესხმიან მას"

/მამა კალისტრატე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2024, 09:35 PM

"... [პოეტ ალექსანდრე მიშელაშვილს] მკითხველამდე მოაქვს ფუტკრის დარდიც კი, მისი თაფლით გაკეთებული ამაოდ ჩამწვარი სანთლის გამო..."

"თაფლს რომ მალავდი,
ვერც გაიგებდი, ალბათ, ყვავილო,
ფუტკარს რომ სულში არ ჩაეხედა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2024, 09:28 PM

"ფუტკარივით ვივსებ სულის ნექტარს"

/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)