IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შესაქმის პირველი 3 დღის განმარტება, გამოკრებილი წმიდა მამათაგან
აკაკი
პოსტი Feb 15 2012, 09:12 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



= წიგნი დაბადებისა - თავი I =

ციტატა
1. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.


“დასაბამად” - ეს სიტყვა ებრაულში გამოითქმის როგორც “ბერეშიტ” (“bereschith”) და ნიშნავს “დასაბამად”, “თავდაპირველად”, “დროის დასაწყისში”. იმისათვის, რომ დავადგინოთ, თუ რომელი მნიშვნელობა მიესადაგება ფრაზას, საჭიროა გავიხსენოთ, რომ “ცა” ნიშნავს “მყარს” ანუ სივრცეს (“და უწოდა ღმერთმა მყარს ცა” 1,8), ხოლო “ქვეყანა” შეიცავს დროსაც და სივრცესაც. მაშასადამე ამ ფრაზაში საუბარია დროისა და სივრცის წარმოშობაზე, და სიტყვა “ბერეშიტ” აქ ნიშნავს “დროის დასაწყისში”. აქამდე კი არ არსებობდა არც დრო და არც
სივრცე.

ღმერთი პირველად ქმნის დროს და დროში იქმნება ყველაფერი, ზედროული არის ის ვინც თავად ქმნის დროს ანუ ღმერთი. ამ წიგნში ყველაფერი პირველად ხდება, როგორც აბსოლუტურ დასაწყისში, რომელიც არ გულისხმობს წინაპერიოდს ან მოტივაციას.

“ქმნნა”- ეს სიტყვა ებრაულში გადმოცემულია სიტყვით “ბარა”, რაც ნიშნავს “შექმნას არაფრისაგან”, განსხვავებით მეორე ებრაული სიტყვისგან: “ასა”, რაც ნიშნავს “შექმნას რაღაცისგან”, ანუ წინასწარ არსებული მასალისგან. სიტყვა “ბარა” (“შექმნა არაფრისაგან”) შესაქმის
წიგნში სულ სამჯერ გამოიყენება:

-- 1)თავიდან, პირველი შემოქმედებითი აქტის დროს;
-- 2)პირველი ცოცხალი არსებების შექმნისას- “ცოცხალი სულით”;
-- 3)ადამიანის შექმნისას.

ქმნნა - ამ გამოთქმით ხდება ყველა მატერიალისტური და პანთეისტური ჰიპოთეზების გაბათილება, რადგან მატერიალიზმის მიხედვით სამყარო არ არის შექმნილი, იგი თვითმყოფადია და რც ვინმეს ზრუნვა საჭიროებს. ხოლო პანთეისტური მოძღვრების მიხედვით სამყარო წარმოადგენს ღვთის ემანაციას, ანუ სამყარო ღვთის განუყოფელი ნაწილია. სინამდვილეში კი უფალმა სამყარო თავისი არსებიდან კი არ შვა, არამედ შექმნა არაფრისაგან.

“ღმერთმან” - აქ სიტყვა “ღმერთი” ებრაულში დგას მრავლობით რიცხვში “ელოჰიმ” (“ღმერთები”), ამ სიტყვის მხოლობითი რიცხვია: “ელოაჰ”, ან “ელი” (“ღმერთი”). ამრიგად აქ უკვე აშკარა მითითებაა წმ. სამების ჰიპოსტასებზე. მაგრამ წინააღმდეგ ლაყბობისა, მრავალღმერთიანობის შესახებ, მოსე მომდევნო სიტყვას მხოლობით რიცხვში წერს: “ელოჰიმ ბარა” (“ღმერთებმა შექმნა” და არა “ღმერთებმა შექმნეს”).

პირველი სიტყვა “ღმერთებმა” მიანიშნებს იმას, რომ წმ. სამების თითოეული წევრი არის ღმერთი, ხოლო მომდევნო სიტყვა “შექმნა”, თავისი მხოლობითი რიცხვის ფორმით მიანიშნებს იმას, რომ წმ. სამება არის ერთარსება.

“ცაჲ და ქუეყანაჲ” - წმ. მამების აზრით(ავგუსტინე, გრიგორი ღვთისმეტყველი, იოანე დამასკელი, თეოფილე ანტიოქიელი, ბასილი დიდი, თეოდორიტე, ორიგენე , წმ. ამბროსი) ამ სიტყვებში იგულისხმება უხილავი და ხილული სამყაროების შექმნა. სიტყვა “ცა”-ში (დედანში ეს სიტყვა მრავლობით ფორმაშია) იგულისხმება კეთილმოწყობილი სულიერი, ანგელოზური სამყარო, რომელზედაც წმ. გრიგოლ ნოსელი იგავურად ამბობს:

” ეს ცა ის ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარია, რომლე- ბიც კეთილმა მწყემსმა, ერთი დაკარგული მეასე ცხვრის (ადამიანთა მიწის) საძებნად წასულმა, მიატოვა. საინტერესოა, რატომ არაფერს ამბობს მოსე უხი-ლავ სამყაროზე და შემდეგი მუხლიდან რატომ იწყებს ასე ვრცლად მხოლოდ ხილული სამყაროს შესახებ თხრობას?”

ამ კითხვაზე გვპასუხობს წმ. ფოტიოს პატრიარქი: “არაფერია გასაკვირი იმაში... მსმენელთა სისუსტისა და ხორციელი აზროვნების გამო, არაფერი თქვა უსხეულო ძალების შექმნის შესახებ, რადგან ამ ხალხის ცხოვრება უფრო მეტად გრძნობისმიერი იყო, ვიდრე ჭვრეტისმიერი, ხოლო ცათა სასუფეველი კი, ზეგრძნობადია: “არც თვალს უხილავს, არც ყურს სმენია და არც გულს განუცდია, რაც ღმერთმა განუმზადა თავის მოყვარეთ” (1 კორ. 2,9)”

ღმრთის მრავალ და ენით გამოუთქმელ სასწაულთა ხილვის შემდეგ ებრაელებმა ხბოს კერპი გაიკეთეს და თაყვანი სცეს, თუკი ასე ადვილად აღმერთებდნენ პირუტყვთ, რაღას იზამდნენ უხორცო ძალთა შესახებ სწავლება რომ მისცემოდათ? ამიტომაც, აბრაამამდე, რომელმაც ძველთაგან პირველმა მიაღწია სრულყოფილებას, ღმერთი ანგელოზის მეშვეობით არავის დალაპარაკნია. ანდა რა სარგებლობას მოუტანს ვინმეს თუკი შეიტყობს დროს ანგელოზთა შექმნისა?

* * *


ციტატა
2. ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.


“ქუეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ” - ცნება “ქუეყანა” ანუ “მიწა” ბიბლიის ენაზე ხშირად შეიცავს ცნებას “მთელი დედამიწა”, ხილულ ცასთან, გარეგან ატმოსფერულ გარსთან ერთად (დაბ. 14. 19-22;), ამავე აზრით იხმარება აქაც, როგორც ნათლად ჩანს კონტექსტიდან, რომელიც მოწმობს, რომ ამ “მიწის” ქაოტურმა მასამ გამოყო თავისი თავიდან “ხმელეთი და წყალი” (დაბ. 1. 7).

- მოსე გადმოგვცემს დედამიწის წარმოშობას, ამიტომ ის მატერიალური საწყისები, საიდანაც დედამიწა საბოლოოდ ჩამოყალიბდა იწოდება “ქუეყანად” ანუ “მიწად”, თუმცა ჯერ კიდევ “უხილავად” (ან უსახოდ) და “განუმზადებელად” (ან უდაბურად). ეს სიტყვები შეიძლებაგავიგოთ, როგორც: “მიწა იყო არეულ-დარეული” ან “უსახურ-უდაბური”, რა უნდა გამოხატავდეს მიწის ქაოტურ მდგომარეობას. ანუ სრული ქაოსი, რომელშიც მომავალი სინათლის, ჰაერის და წყლის, ასევე ყოველგვარი მცენარეული და ცხოველური ჩანა- სახების ელემენტები არ განირჩევიან ერთმანეთისაგან და თითქოს ერთმანეთში არიან არეული, ამ სიტყვების გასაგებად საუკეთესო პარალელია სოლომონის სიბრძნის წიგნი, რომელშიც ნათქვამია, რომ ღმერთმა მსოფლიო შექმნა “უსახური ნივთიერებისაგან” (11. 17).

წმ. ბასილი დიდი სვამს კითხვას: ” რატომ არის, რომ.. ქვეყანა ჯერ კიდევ დაუსრულებელია, არ არის სრულად განსახიერებული? ან საერთოდ, რას ნიშნავს ვეყნის განუმზადებლობა და რა მიზეზით იყო იგი უხილავი? ქვეყნის სრულყოფილი მოწყობა ნიშნავს მის ნაყოფთა სიუხვეს, სხვადასხვა სახის მცენარეთა... ნაყოფიერი და უნაყოფო, მაღალი ხეების აღმოცენებას, ყვავილთა მრავალფეროვნებას და სურნელებას, და ყოველივეს, რასაც ღვთის ბრძანებით, უნდა გაემშვენებინა ყოველივე დაბადებული."

წმ. იოანე ოქროპირი პასუხობს, თუ რატომ იყო უხილავი: “სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანა მთლიანად წყლით და სიბნელით იყო დაფარული”. ხოლო სიტყვით “გაუმზადებელი” გადმოცემულია სრული ქაოსი, რომელშიც არ განირჩეოდა მიწის, წყლის, ჰაერის, სინათლის, მცენარეული და ცხოველური ელემენტები. ისინი თითქოს ერთმანეთში იყო არეული. ამ სიტყვების ყველაზე საუკეთესო პარარელი მიპოვება სიბრძნე სოლომონისას წიგნში:

“...ყოვლისშემძლე ხელი, რომელმაც უსახო ნივთიერებისაგან შექმნა სამყარო” (სოლ. 11,17).


ასევე წმ. ამბროსიც ამბობს: “საგნები, ჯერ შეიქმნა და მხოლოდ შემდეგ მოწესრიგდა, რათა არ გვეფიქრა, რომ თითქოსდა ისინი სიამდვილეში არ იყვნენ შექმნილნი”


“და ბნელი ზედა უფსკრულთა” - ეს სიბნელე ბუნებრივი შედეგი იყო იმისა, რომ არარსებობდა სინათლე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი დამოუკიდებელი სტიქიის სახით. ეს არის სიბნელე (ხოშექ) და უფსკრული (თეჰომ), მაგრამ ეს არ არის სიცარიელე; ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში ამ მუხლში მოხსენიებულ სიტყვა “ბნელს” არასწორად განმარტავდნენ მწვალებელნი. მათი აზრით ამ “ბნელში” იგულისხმებოდა ბოროტი საწყისი, რომელიც ყოველთვის უპირისპისდება კეთილ საწყისს და ამით ორსაწყისიანობას ქადაგებდნენ. მოვუსმინოთ წმ. ბასილი დიდს თუ რას ამბობს იგი ამასთან დაკავშირებით:

“სიტყვები “ბნელი ზედა უფსკრულთა” ისევ მიზეზია ახალი ზღაპრობებისა და უღმერთო მსჯელობების დასაბამი იმათთვის, რომელნიც საღვთო სიტყვებს საკუთარ ვარაუდთა მიხედვით აუკუღმართებენ, რადგანაც ბნელს ისე კი არ განმარტავენ, როგორიც იგი არის, კერძოდ, რომ იგი გაუნათებელი ჰაერია, ან ჩამოფარებული სხეულისაგან დაბნელებული ადგილი, ... არამედ (განმარტავენ) როგორც ბოროტ ძალას, უკეთ რომ ვთქვათ, როგორც თავად ბოროტებას, რომელსაც დასაბამი თავის თავშივე აქვს და რომელიც ღვთის სახიერებას ეწინააღმდეგება და უპირისპირდება. ისინი ამბობენ: თუკი “ღმერთი ნათელია” (1 იოანე 1,5), მაშინ მის წინააღმდეგ მებრძოლი ძალა შესაბამისად სიბნელე უნდა იყოს” (ჰომილია 2,4).

ჰაერს თავისთავად არ აქვს სინათლე, არამედ მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და ცეცხლის მიერ ნათდება. აი, ეს არის, რაც თქვა წერილმა: „სიბნელე იყო უფსკრულის ზემოთ“ (შეს. 1,2), სურდა რა იმის ცხადყოფა, რომ ჰაერს თავისთავად არ აქვს სინათლე, არამედ სხვა რამ არის არსება სინათლისა.
(წმ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემა)


სიბნელე არის სინათლის ნაკლულევანება, თავდაპირველად ქვეყნის შექმნამდე არსებობდა სიბნელე, სიბნელისა და სინათლის ერთდროული არსებობა წარმოუდგენელია, სიბნელე არის უარსო, ამას კარგად განმარტავს წმ. ეფრემ ასური: “სიბნელე არ არის რაღაც მარადიული, უფრო მეტიც, იგი ქმნილებაც კი არ არის (განსხვავებით სინათლისაგან), ვინაიდან სიბნელე, როგორც წმ. წერილი ამბობს, წარმოადგენს ჩრდილს.. მისი არსებობა დამოკიდებულია სხვაზე, რადგან მას საკუთარი არსი არა აქვს და როცა აღარ არის ის, რაზეც თვითონაა დამოკიდებული, მაშინ ეს ჩრდილიც მასთან ერთად ქრება” (გვ.289).

რატომ არის ნათქვამი, რომ ბნელი იყო “უფსკრულზე” და არა “წყალზე”, როცა ვიცით, რომ მთელი ქვეყანა წყლით იყოდაფარული? საქმე იმაშია, რომ ებრაულ დედანში ამ სიტყვების ( “ უფსკრულზე” და “ წყალზე”) ადგილას წერია ორი მონათესაე მნიშვნელობის სიტყვა ( “tehom” და “maim” ), რომლებიც ნიშნავს ურიცხვ წყალს. სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ პირველი ნივთიერება იყო გამდნარ, სითხისმაგვარ მდგომარეობაში. ამას ადასტურებს მომდევნო ფრაზა: “სული ღვთისა იძვროდა წყალთა ზედაპირზე”. მაშასადამე, მიწას თავდაპირველად წყლის სტიქიის სახე ჰქონდა, ოღონდ ეს სახე მრუმე და მღვრიეა.

“სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.” - ამ მუხლის განმარტებისას თითქმის ყველა მამა ერთ აზრს გამოთქვამს: მათ მიაჩნიათ, რომ აქ საუბარია წმ. სამების მესამე ჰიპოსტასზე - სულიწმინდა ღმერთზე. ზოგიერთები კი მცდარად ფიქრობენ, რომ თითქოს აქ მოიაზრება “უძლიერესი ქარი” ან უბრალოდ “ღვთის მაცოცხლებელი ძალა”.

წმ. ბასილი დიდი განმარტავს თუ რატომ ცდებიან ისინი: “იმიტომ, რომ მას (სულიწმიდა ღმერთს) უპირატსად და გამორჩევით აქვს წმიდა წერილში ეს სახელი და სხვა არავითარი სული არ იწოდება ღვთისად, გარდა წმიდა სულისა, რომელიც არის შემავსებელი ღვთაებრივი და ნეტარი სამებისა”. ებრაულ დედანში სიტყვა “იქცეოდას” ანუ “იძვროდას” ნაცვლად არის “ათბობდა”.

წმ. ბასილის (და მასთან ერთად ეფრემ ასურის) შენიშვნით, ამ სიტყვებით წმიდა სული სიმბოლურად აისახება ფრინველის (მტრედის) სახით, რომელიც გაშლილი ფრთებით აზის კვერცხებს და გადასცემს მათ სასიცოცხლო სითბოს. უფლის ნათლობისას იორდანეზე წმიდა სული, როგორც ცნობილია, მტრედის სახით მოევლინა.

წმ. მღვდელმთავარი ამბროსი წერს: “რჩებოდა ოდენ მოქმედების სისრულის სულიწმიდაში ასახვა, როგორც წერილ არს: სიტყუითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირირ მისისაითა – ყოველი ძალი მათი (ფს. 32, 6)... სულის დახმარებით ქვეყანა აკავებდა ახალი არსებების თესლებს, რომლებიც როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, უნდა აღმოცენებულიყვნენ: გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაალხლო პირი ქუეყანისაი (ფს. 109, 30)”.

უფალი სულიწმიდა, ღმერთი ჩვენი მონაწილეობდა აგრეთვე შექმნათა დანარჩენ დღეებში; იობი მის შესახებ ამბობს: სული საღმრთოი არს, რომელმან შემქმნა მე.. (იობი 33, 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 09:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი