IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატერიკი, ეპიზოდები მამათა ცხოვრებიდან
თათარაშვილი
პოსტი Sep 3 2007, 06:59 PM
პოსტი #1


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



დიდი ძებნის მიუხედავად ვერ მივაკვლიე თემას პატერიკების შესახებ და თქვენის ნებართვით გავხსნი smile.gif ამ თემაში დავწეროთ იგავები,ეპიზოდები მამათა ცხოვრებიდან და ა.შ.

შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა
ულუმბოს მთაზე ერთ ღმერთშემოსილ წმ. ბერთან სულიერი ძმები იყვნენ მისული და იგი მადლით შეზავებული, ტკბილი ენით ესაუბრებოდა სულისთვის საცხონებელ საკითხებზე. ამ დროს ვიღაც უცნობი ერისკაცი წმინდა ბერთან მივიდა და თაყვანი სცა. ბერმა მიჰხედა და მისვლის მიზეზი ჰკითხა. მან მიუგო, წმ. მამაო, მოვედი, რომ ჩემი აურაცხელი ცოდვები ვაღიარო შენთანო. ბერმა უპასუხა, ძმაო, თუ ნამდვილად მოგიძულებია შენი ცოდვები, ნუ გრცხვენია, ამ მამების წინაშე აღიარეო. მან მართლაც წრფელი გულით აღიარა ყველაფერი და ისეთი ცოდვებიც კი არ დაფარა, როგორიც ხალხთან ძნელი სათქმელი იყო. მწარე სინანულით პირქვე დაემხო და მხურვალე ცრემლები სდიოდა.

აღსარების შემდეგ ბერმა უთხრა, გინდა, შვილო, რომ ანგელოსის სქემა შეიმოსო? კაცმა უპასუხა, დიახ, წმ. მამაო, მინდა და შესაბამისი სამოსელიც კი მოვიმზადეო... წმ. ბერმა მას დარიგება მისცა, შემდეგ მონაზვნის წმ. სქემით შემოსა, აჩვენა გამოქვაბული და უთხრა, წადი იქ შვილო და მშვიდობით იღვაწე შენი სულის საცხონებლადო. მან მდაბლად სცა თაყვანი, წავიდა და თან ადიდებდა ღმერთს.

გაკვირვებულმა ძმებმა ჰკითხეს, წმ. მამაო, ამდენი ცოდვის მქონეს როგორ მოხდა, რომ რაიმე სინანული და კანონი არ დაუწესეო. მან უპასუხა, საყვარელო შვილებო, შემაძრწუნებელი და დიდებული ხილვა ვნახე. აღმსარებელს მარჯვნივ ანგელოსი ედგა ელვარე სახით და ნათელივით სპეტაკი სამოსლით. მას ხელში ნაწერი ქაღალდის გრაგნილი ეკავა და როცა მონანული ცრემლით აღიარებდა თქვენს წინაშე თავის ცოდვებს, ბრწყინვალე ანგელოსი მათ იმ გრაგნილიდან შლიდა. და თუ კაცთმოყვარე ღმერთმა ასე მიუტევა მას, მე ცოდვილს რაღა უფლება მაქვს სინანული და კანონი დავუწესო. თან იგი, თავისი სინდისისაგან მხილებული, ისედაც წმინდა გულით ინანებს მუდამო.

ეს რომ ისმინეს ძმებმა, გაკვირვებულები მადლობდნენ ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს, ადიდებდნენ მის სიკეთეს და კაცთმოყვარებას უკუნითი უკუნისამდე.


თამბაქოს შესახებ
მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც თურქებმა გაასახლეს მართლმადიდებელ ბერძენთა უმრავლესობა მცირე აზიის ოლქებიდან, სმირნის მახლობლად შემდეგ შემთხვევა მოხდა. ერთ თურქ ხორცის გამყიდველს ღვთისმშობლის ძველი ხატი ჰქონდა, რომელსაც იგი ხორცის საჭრელად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა ეს რომ დაინახა, გადაწყვიტა შეეჩერებინა ეს აშაკარა შეურაცხყოფა სიწმინდისა და ხორცთან ერთად იყიდა ხატი, როგორც ჩვეულებრივი დაფა. როდესაც სახლში მიიტანა, გაწმინდა ის და სასტუმრო ოთახში კედელზე ჩამოკიდა. საუბედუროდ, იგი მწეველი იყო. რამოდენიმე დღის შემდეგ ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი არ შეწყვეტდა მისი ხატის შეურაცხყოფას სიგარეტის ბოლით, უკეთესი იყო დაებრუნებინა თურქისათვის. ღვთისმშობელმა არჩია, რომ ამ უკანასკნელს ხორცი დაეჭრა მასზე, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანს ბილსი „სატანის საკმეველი“ ეკმია მისთვის. ზემოხსენებული ქრისტიანი მიხვდა თავის ცოდვას და აღარასოდეს აღარ მოუწევია.

...


1905 წელს მამა სილუანემ რამოდენიმე თვე რუსეთში გაატარა, ხშირად დადიოდა რა მონასტრების მოსალოცად. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას მატარებელში მან ერთი ვაჭრის პირდაპირ დაიკავა ადგილი, რომელმაც მეგობრული ჟესტით გახსნა თავისი ვერცხლის პორტსიგარი და შესთავაზა სიგარეტი. მამა სილუანემ მადლობა გადაუხადა და უარი განაცხადა სიგარეტის აღებაზე. მაშინ ვაჭარმა დაიწყო საუბარი: „იმიტომ ხომ არ ამბობთ მამაო უარს, რომ ამას ცოდვად თვლით? მაგრამ მოწევა ხშირად აქტიურ ცხოვრებაში ეხმარება; კარგია, მოსწყდე დაძაბულ სამუშაოს და რამოდენიმე წუთს დაისვენო. მოწევისას მოსახერხებელია საქმიანი თუ მეგობრული საუბრის წარმართვა და გეხმარება საერთოდ ცხოვრების მდინარებაში...“ და შემდეგაც, ცდილობდა რა დაერწმუნებინა მამა სილუანე აეღო სიგარეტი, განაგრძობდა სიგარეტის სასარგებლოდ ლაპარაკს. მაშინ მამა სილუანემ მაინც გადაწყვიტა ეთქვა: „ბატონო, ვიდრე სიგარეტს მოსწევდით, ილოცეთ, ერთი მამაო ჩვენო თქვით“. ამაზე ვაჭარმა უპასუხა: „ილოცო მოწევის წინ როგორღაც არ გამოდის“. მამა სილუანემ პასუხად შენიშნა: „მაშასადამე, ყოველი საქმე, რომლის წინ არ გამოდის აუმღვრეველი ლოცვა, სჯობს არ გავაკეთოთ“.


განკითხვის შესახებ
ერთ-ერთი ძმა, რომელიც სამონასტრო საჭიროებისათვის ქალაქში იქნა გაგზავნილი, დაუდევრად მოიქცა და ხორციელ ცოდვაში ჩავარდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ძმამ, ლავრაში დაბრუნებისთანავე ღირსი მამის წინაშე ცოდვა მოინანია. წმიდანმა, ვითარცა გამოცდილმა და გულისხმიერმა ექიმმა, დაამშვიდა და დაარწმუნა ძმა, იმედგაცრუებას არ მისცემოდა, არამედ უფლის მიმართ ჰქონოდა სასოება და მონასტერში მორჩილად დატოვა. ბერ-მონაზონმა პავლემ - ამავე მონასტრის ძმამ, დაცემული ძმის განკითხვა დაიწყო და ღირს მამას ბრალად დასდო თანამოძმის როგორც დამნაშავისა, ლავრაში დატოვება, რომელმაც უკანონო და სასირცხვილო საქმე ჩაიდინა. წმ. ათანასემ მკაცრად შეხედა და მიუგო: „პავლე, რას აკეთებ? ძმათა განკითხვის მაგიერ უმჯობესია საკუთარ გულისთქმას ჩასწვდე. წერილ არს: „ამიერითგან რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძელენ, ნუუკუე დაეცეს“ (1 კორ. 10, 12). ღვთის განგებით, იმ დღიდან მოყოლებული, პავლეს სიძვის ვნება დაატყდა თავს და სამი დღე-ღამის განმავლობაში მძიმედ იტანჯებოდა. მაგრამ უფრო უარესი ის იყო, რომ აღსარებისა რცხვენოდა და ეთაკილებოდა დახმარების მიღება. წმ. ათანასე პავლეს მდგომარეობას განსწავლული სულით ხვდებოდა და აღსარების გამბედაობა შთაუნერგა. პავლემ ცოდვა გაამხილა და ღირს მამას, როგორც გასაჭირში მყოფ შვილთათვის გულშემატკივარ მშობელს, პატიება შესთხოვა. წმ. ათანასემ პირველ ყოვლისა დამოძღვრა, აღარ განეკითხა დაცემული, არამედ თანაეგრძნო და ელოცა განსაცდელში მყოფთათვის, შემდეგ კი ხედავდა რა პავლეს მორჩილებასა და სინანულს, ღვთის წინაშე მისთვის ილოცა და უმსგავსო ვნებისაგან გამოიხსნა. ამ დროს, პავლემ თავზედ გადმოღვრილი და მთელ სხეულზედ გადასული სიცივე შეიგრძნო და ავხორცული წვა ჩაუქრა.


....



მარკოზ მეგვიპტელი ოცდაათი წლის მანძილზე სენაკიდან არ გამოსულა და ერთი მღვდელი მიდიოდა ხოლმე მასთან და წმ. საიდუმლოს აზიარებდა. მარკოზის სათნოების და მოთმინების გამო შურით აღვსილმა ეშმაკმა მოინდომა, რომ იგი განკითხვის ცოდვაში ჩაეგდო. და გამოსაცდელად მოიყვანა მასთან ერთი უკეთური კაცი, ვითომდა დალოცვის სათხოვნელად. ვიდრე ბერი დალოცავდა, ეშმაკის სწავლებით ამ ადამიანმა დრო იხელთა და ბერს უთხრა: მღვდელი, რომელიც შენთან დადის, ყოველგვარი სულიერი სიბილწით არის აღსავსე და ნუღარ შემოუშვებო. ღმრთივსულიერმა მარკოზმა უპასუხა: „შვილო, წერია: ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნე“. ცოდვილიც რომ იყოს ის მღვდელი, ღმერთს ვთხოვ მის ცხონებას, რადგან ესეც წერია, „ულოცევდით ურთიერთას, რათა განიკურნოთ“. ეს რომ უთხრა, ილოცა მისთვის, განდევნა მისგან ეშმაკი და გაუშვა მართალი.

მღვდელი როცა მივიდა, ბერმა სიხარულით მიიღო. კეთილმოწყალე ღმერთმა ბერის უმანკოება რომ იხილა, ასეთი სასწაული გამოუცხადა მას: მღვდელი წმ. ტრაპეზთან წარდგომას რომ აპირებდა, ზეციდან გარდამოსულმა უფლის ანგელოსმა თავზე ხელი დაადო და მღვდელი უცებ ცეცხლის სვეტს დაემსგავსა. გაკვირვებულ ბერს ანგელოსმა უთხრა: ჰოი, კაცო, რატომ გაგიკვირდა ის, რაც იხილე. თუკი ამქვეყნიური მეფეები არ მიუშვებენ თავისთან ბინძურად ჩაცმულს, შესაფერისად შემოსვას და დიდებით მიახლებას მოითხოვენ, განა ზეცათა მეუფე უფრო არ განწმენდს წმ. საიდუმლოთა მსახურთ და გამოუთქმელი მსხვერპლის შემწირველთ და არ განაბრწყინებს მათ ზეციური დიდებით?

ასეთი სასწაული იხილა ღირსმა მარკოზმა და გვიამბო ყველას, რათა არ განვიკითხოთ მღვდლები, რამეთუ ისინი უფლის წინაშე წარსდგებიან, მსხვერპლს სწირავენ ზეცას და იქიდან იღებენ მადლს, რომელსაც ჩვენც გადმოგვცემენ. ყველას განმკითხველი და მსაჯული უფალია, რომლის არს დიდება უკუნითი უკუნისამდე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 13 2010, 07:36 PM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



მარტვილობა წმიდისა მოწამისა არტემისა
(ხს. 20 ოქტომბერს)


IPB-ს სურათი


წმმ. დიმიტრი, გიორგი, არტემი და პროკოფი
(მარცხნიდან მარჯვნივ)



ძველი გადმოცემის თანახმად, წმიდა მოწამე არტემი წარმოშობით რომის წარჩინებული ოჯახიდან ყოფილა. მას სენატორის თანამდებობა ჰქონია, ამასთან იმპერატორ კონსტანციუსის დროს განაგებდა მეფის მთელ ქონებას.

კონსტანტინე დიდის, ამ ღვთისმოსავი იმპერატორის, დროს არტემი სამხედრო სამსახურს შეუდგა. გადმოცემით, მან კონსტანტინესთან ერთად იხილა წმიდა და ცხოველმყოფელი ჯვრის სასწაულებრივი გამოსახვა ცაზე, რამაც ქრისტეანულ სარწმუნოებაში განამტკიცა. სწორედ ამის შემდეგ იქცა იგი იმპერატორ კონსტანტინეს და მისი სახლეულობის ერთგულ მსახურად. კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ არტემი გვერდიდან არ სცილდებოდა მის შვილს, კონსტანციუსს, თავის საუკეთესო მეგობარს, და მეფეც ყველაზე საპატიო დავალებებს მას ანდობდა. ასე, მაგალითად, როდესაც კონსტანციუსმა ერთი ეპისკოპოსისგან შეიტყო, რომ ქრისტეს მოციქულების _ ანდრიას და ლუკას ნეშტები დაკრძალულია აქაიას, მან ამ უძვირფასესი განძის კონსტანტინოპოლში გადატანა არტემს დაავალა. მანაც პატიოსნად შეასრულა მეფის ბრძანება და წმიდა მოციქულთა უპატიოსნესი ცხედრები დიდი პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში, რისთვისაც მეფისგან დაწინაურება დაიმსახურა და რისი ღირსიც ნამდვილად იყო. სწორედ მეფემ დანიშნა ის ეგვიპტის დუქსად და ავგუსტალიად, რის შემდეგაც არტემიც საცხოვრებლად ეგვიპტეში გადავიდა, სადაც თავის უფალს, იესუ ქრისტეს, პატიოსნად ემსახურებოდა. მან ყველგან გაავრცელა ქრისტეს სახელი და ეგვიპტეში მრავალი კერპიც შემუსრა.

როდესაც მეფე კონსტანციუსი, კონსტანტინე დიდის ძე, გარდაიცვალა, ძალაუფლება მთელ რომის იმპერიაზე მიიღო იულიანე განდგომილმა, რომელმაც ჯერ ფარულად, შემდეგ კი ოფიციალურად უარყო უფალი იესუ და სრულიად აშკარად დაიწყო კერპთა თაყვანისცემა. მან თავისი სამეფოს ყველა კუთხეში, აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში, დააგზავნა განკარგულება, რათა ის ტაძრები, რომლებიც კონსტანტინე დიდის მეფობისას წაართვეს წარმართებს და გადასცეს ქრისტეანებს, ისევ კერპთაყვანისმცემლებს დაბრუნებოდათ. ამასთანავე ბრძანა, ამ ტაძრებში ისევ დაედგათ კერპები და წარმართი ღმერთებისთვის მსხვერპლი შეეწირათ.

ასე აღადგინა ყველგან ამ უკეთურმა მეფემ კონსტანტინე დიდის მიერ დამხობილი მრავალღმერთობა, ქრისტეანებს კი საშინელი დევნა გამოუცხადა. ის დაუნდობლად აწამებდა და ხოცავდა ქრისტეს მიმდევართ, ძარცვავდა მათ სახლებს, ართმევდა ქონებას და გმობდა უფალ იესუს წმიდა სახელს.

ქრისტეანობის დასაკნინებლად უსჯულო იულიანემ საძვალიდან ამოყარა წმ. წინასწარმეტყველ ელისეს ძვლები და წმ. იოანე ნათლისმცემლის წმიდა ნაწილები - გარდა მისი პატიოსანი თავისა და მარჯვენა ხელისა, რომლებიც იმ დროს სებასტიაში იმყოფებოდნენ - და ისინი უკეთურ ადამიანთა და პირუტყვთა ძვლებს შეურია, შემდეგ კი დაწვა ისინი და ფერფლი ქარს გაატანა; ქრისტეანებმა შეაგროვეს ეს ფერფლი და დაწვას გადარჩენილ ძვლებთან ერთად გადამალეს.

როცა შეიტყო, რომ ქალაქ პანეადაში იდგა ქრისტე მაცხოვრის ქანდაკება, აღმართული სისხლდენით დაავადებული იმ დედაკაცის მიერ, რომელიც ამ სნეულებისგან ქრისტეს სამოსის კიდესთან მიკარებამ რომ განკურნა (მათე 9:20). მეფემ ქანდაკება დაამხო და ბრძანა მანამ ეთრიათ ქალაქის მოედანზე, სანამ სრულიად არ დაიმტვრეოდა; ამ ქანდაკების მხოლოდ თავიღა გადარჩა, რომელიც ერთმა ქრისტეანმა მოიტაცა და გადამალა. ქანდაკების ადგილას მეფემ თავისი სტატუეტა აღამართინა, რომელსაც მოგვიანებით მეხმა დასცა და დაამსხვრია.

ერთხელ, უსჯულო იულიანემ მხედრობა შეკრიბა და სპარსთა წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა. ამ ლაშქრობის დროს ანტიოქიაში, უკეთური ჩვეულებისამებრ, მან ქრისტეანთა წინააღმდეგ გაილაშქრა და მრავალი მათგანი ამოწყვიტა.ანტიოქიაში ყოფნისას მას წარუდგინეს ორი განსწავლული ანტიოქიელი პრესვიტერი - ევგენი და მაკარი. მათთან იულიანეს ხანგრძლივი კამათი ჰქონდა. იგი იცავდა წარმართ ღმერთებს, თავისი უკეთური შეხედულებების დასამტკიცებლად იმოწმებდა წარმართი ბერძენი მწერლების გამონათქვამებს, მაგრამ ღვთითგანბრძნობილ პრესვიტერთაAდამარცხება მაინც ვერ შეძლო. პირიქით, თვითონ დამარცხდა - იგი უკეთურებაში ამხილეს. გოროზ იულიანეს არ შეეძლო საკუთარი მარცხის ატანა და ბრძანა, ჯერ გაეშიშვლებინათ, ხოლო შემდეგ უმოწყალოდ ეცემათ მხცოვანნი - ევგენი ხუთასი, ხოლო მაკარი უთვალავი დარტყმით დაისაჯა.

მოხდა ისე, რომ წმინდანთაA დასჯას შეესწრო დიდი არტემიც. იულიანეს გამეფება და სპარსეთის წინააღმდეგ მისი გალაშქრების ამბავი რომ შეიტყო, რადგან მასაც ებრძანა მთელი თავისი მხედრობითურთ ანტიოქიაში გამოცხადება, არტემი მთელი თავისი ჯარით წარუდგა მას, პატივი მიაგო იულიანეს, როგორც იმპერატორს, ძღვენი მიართვა და, როდესაც წმიდა აღმსარებლებს ევგენის და მაკარის სჯიდნენ, იმპერატორის გვერდით იდგა. როდესაც ესმა, როგორ გმობდა უკეთური იულიანე თავისი ბილწი ბაგეებით უფლის სახელს, არტემი საღმრთო მოშურნეობით აღივსო და მეფეს უთხრა:

- რად სტანჯავ, მეფეო, ასე უმოწყალოდ ღმერთსშეწირულ და უდანაშაულო კაცებს და აიძულებ მართლმადიდებელი სარწმუნოებისგან განდგომას? უწყოდე, რომ შენც უძლური ადამიანი ხარ, და ნუ გგონია, რაკი ღმერთმა მეფედ თუ განგამწესა, ეს დაგიცავს ეშმაკის მზაკვარებისა და საცთურებისგან. ბოროტების პირველმიზეზი ხომ მზაკვარი ეშმაკია. როგორც ოდესღაც გამოსთხოვა მან უფალს იობის გამოცდა და მიიღო ამისი უფლება, ასევე შენი თავი აგვიმხედრა ჩვენ, ქრისტეანებს, რათა შენი ხელით ამოაშთოს ქრისტეს ხორბალი და შეუდგეს თავისი ღვარძლის დათესვას. მაგრამ ფუჭია მისი მცდელობა და ამაოა მისი ძლიერება; რადგან იმ დღიდან, რაც მოვიდა უფალი და ჯვარზე ეცვა, დაეცა ეშმაკის მძლავრობა, მისი ამპარტავნება და შეიმუსრა მისი ძლიერება. ასე რომ, ნუ ცთუნდები მეფეო, და ნუ სდევნი ღმრთითდაცულ ქრისტეან ერს ეშმაკთ გასახარად. იცოდე, ქრისტეს სიმტკიცე და ძლიერება უძლეველი და ურყევია.

ეს რომ გაიგო, იულიანე განრისხდა და ხმამაღლა შეჰყვირა:

- ვინ არის და საიდან მოვიდა ეს უკეთური, რომელიც ასე პირდაპირ ბედავს ჩემს შეურაცხყოფას?

მსახურებმა უპასუხეს:

- მეფეო! ეს არის დუქსი და ავგუსტალიუსი ალექსანდრიისა.

- როგორ? - თქვა მეფემ, - ეს არის ის საძაგელი არტემი, რომელიც ჩემი ძმის, გალიუსის მკვლელობაში მონაწილეობდა?

- დიახ, ყოვლისმპყრობელო მეფეო, ეს ის არტემია, - მიუგეს მსახურებმა.

მაშინ მეფემ თქვა:

- ვმადლობ უკვდავ ღმერთებს, უმეტესად კი დაფნიელ აპოლონს, რომ ხელში ჩამიგდეს ჩემი მტერი, რომელიც აქ თავისი ფეხით მოსულა. მაშ ასე, პატივი აჰყარეთ ამ არამზადას, მოხსენით ქამარი და დასაჯეთ, ხვალ კი, თუ ღმერთები ინებებენ, განაჩენს გამოვუტან ჩემი ძმის მკვლელობისთვის. მე შურს ვიძიებ მასზე უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლისთვის და დავტანჯავ არა ერთი სასჯელით, არამედ მრავლით, რადგან მან არა ჩვეულებრივი, არამედ სამეფო გვარის სისხლი დაღვარა.

მეფის ეს სიტყვები იყო და მესაჭურვლეებმა იმწამსვე შეიპყრეს არტემი, შეხსნეს მას მხედართმთავრის ქამარი, ასევე სხვა ნიშნები სამხედრო პატივისა და გააშიშვლეს. ამის შემდეგ გადასცეს ჯალათებს, რომლებმაც ხელფეხშეკრული არტემი ოთხივე მხარეს გაჭიმული მიაბეს და ისე ხანგრძლივად სცემდნენ ზურგსა და მუცელზე ხარის ძარღვებით, რომ დაღლილები ერთმანეთს ოთხჯერ შეენაცვლნენ. მაგრამ წმინდანმა ნამდვილად არაადამიანური მოთმინება გამოიჩინა. ჯალათებს ის უგრძნობელიც კი ეგონათ, იმდენად უხმოდ და მშვიდად ითმენდა ამ უმსგავსობას. არც დაუკვნესია, სხეულის ნაკვთიც კი არ შეტოკებია, როგორც ეს ჩვეულებრივ ახასიათებთ ადამიანებს, რომლებსაც ტანჯავენ და აწამებენ. მიწა დაილტო მისი სისხლით, ის კი ურყევად იყო გაწოლილი, თანაც ისე, რომ თვით უკეთურ იულიანესაც კი უკვირდა. შემდეგ მეფემ ბრძანა, შეეწყვიტათ მისი ცემა, და წმინდანი წმიდა მოწამეებთან, ევგენისთან და მაკარისთან ერთად დილეგში ჩააგდეს. ამ დროს მოწამეები გალობდნენ: "რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომაჴურვენ ჩუენ, ვითარცა გამოიჴურვების ვეცხლი. შემიყვანენ ჩუენ საფრჴესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა. ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებლად, შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი" (ფსალმ. 65:10-12).

გალობის დამთავრების შემდეგ არტემიმ საკუთარ თავს უთხრა:

- არტემი, აი გამოგესახა შენ სხეულზე ქრისტეს წყლულები; ეხლა მხოლოდ ისღა დაგრჩენია სული შენი და სისხლი მისცე ქრისტესთვის; და იხსენებდა წინასწარმეტყველის სიტყვას: " ზურგი ჩემი მივეც გუემათა და ღაწუნი ჩემნი ყურმილის-ცემათა, ხოლო პირი ჩემი არ განვაყენე სირცხჳლისაგან ნერწყუვათასა" (ესაია 50:6). მაგრამ განა განვიცადე მე, უღირსმა, - ამბობდა ის, - იმაზე მეტი, რაც ჩემმა უფალმა? მას ხომ მთელი სხეული ჰქონდა დასერილი; თავით ფეხამდე საღი ადგილი არ შერჩენია, თავზე ეკლის გვირგვინი ედგა; მისი ხელები და ფეხები ჯვარზე ჩემი ცოდვებისთვის მიემსჭვალა მაშინ, როდესაც თავად სრულიად უცოდველი იყო და კრინტიც კი არ დაუძრავს. ო, რა დიადია, ჩემი უფლის ტანჯვა ჩემს ტანჯვასთან შედარებით, როგორ შორსა ვარ მე, უბადრუკი, მისი ტანჯვისა და ურისხველობისგან! ვხარობ, რადგან თავს ვიმშვიდებ ჩემი უფლის ტანჯვით, რაც ამსუბუქებს ჩემს ტანჯვას. გმადლობ, უფალო, რომ გვირგვინოსან მყავ შენი ტანჯვით! გვედრებ, უფალო, მატარე მოწამებრივი ღვაწლით; ნუ უღირს მყოფ ჩემ მიერ დაწყებული ღვაწლისა, რამეთუ შენ მიმართ აღვსილვარ სასოებით და შენი წყალობის მომლოდინე ვარ, კაცთმოყვარე უფალო!

ასე ლოცულობდა თავისთვის, როცა წმინდანმა მიაღწია დილეგს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში წმინდა ევგენისთან და მაკარისთან ერთად ადიდებდა უფალს.

გათენებისთანავე იულიანემ განკარგულება გასცა, მოეყვანათ მოწამეები და აქ დაკითხვის გარეშე ერთმანეთს განაშორა: არტემი თავისთან დაიტოვა, ევგენი და მაკარი კი არაბეთის ოჰასიმში გადაასახლა. ეს იყო უკიდურესად მავნე ქარებისა და მძიმე კლიმატის ქვეყანა. იქ გადასახლებულთაგან ერთ წელზე მეტ ხანს არავის გაუძლია, რადგან მყის მძიმედ სნეულდებოდნენ და კვდებოდნენ. ასე რომ, წმიდა ევგენიმაც და მაკარიმაც, რომლებიც ამ უკაცრიელ ადგილას გადაასახლეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიაღწიეს ნეტარ აღსასრულს და სული უფალს ჩააბარეს. წმიდა არტემიმ კი მრავალი ტანჯვა-წამება გადაიტანა, მაგრამ იულიანემ, როგორც ცხვრის ქურქში გახვეულმა მგელმა, მოჩვენებითი თავმდაბლობით და მოფერებით, თითქოსდა თანაუგრძნობს და ეცოდებაო, ასე მიმართა წმინდანს:

- შენი უგუნური კადნიერებით მაიძულე, არტემი, პატივი ამეყარა შენთვის ამ სიბერეში და მომეწყლა შენი ჯანმრთელობა, რაზეც ძალიან ვწუხვარ. ამჯერად გთხოვ, მიდი და მსხვერპლი შეწირე ღმერთებს, უპირველესად კი დაფნიელ ღმერთს, აპოლონს, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ. თუ ამას შეასრულებ, გაგიშვებ, გაპატიებ ჩემი ძმის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს და უფრო მეტი პატივითა და ხარისხით დაგაჯილდოებ: მე შენ დიად ღმერთთა უმაღლეს ქურუმად და მთელი სამყაროს ქურუმთა მთავრად დაგნიშნავ; მამას დაგიძახებ და ჩემს შემდეგ მეორე პირად გაგხდი ჩემს სამეფოში. შენ, არტემი, თვითონაც იცი, რომ ჩემი ძმა, გალიუსი, უდანაშაულოდ, მხოლოდ შურის გამო მოკლა კონსტანციუსმა. ტახტის მემკვიდრეობა ჩემს მოდგმას უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე კონსტანტინესას, რადგან ჩემი მამა, კონსტანციუსი, ჩემს პაპას, კონსტანციუსს, მაქსიმიანეს ქალიშვილისგან შეეძინა მაშინ, როდესაც კონსტანტინე ელენესგან იშვა, რომელიც უბრალო წოდებისა იყო. თანაც პაპაჩემი უკვე კეისარი იყო, როდესაც ელენესგან შვილი ეყოლა, მამაჩემი კი იმ დროს დაიბადა, როდესაც ის ტახტზე ახალი ასული იყო. მაგრამ კონსტანტინემ კადნიერად მიიტაცა სამეფო ძალაუფლება. მისმა შვილმა, კონსტანციუსმა, ჯერ მამაჩემი და მისი ძმები, შემდეგ კი ჩემი ძმა, გალიუსიც მოკლა. მას ჩემი მოკვლაც ჰქონდა განზრახული, მაგრამ ღმერთებმა მიხსნეს მისი ხელისგან. მათზე დანდობით უარვყავი მე ქრიტეანობა და მივიქეც ელინთა რელიგიისკენ; კარგად ვიცი, ელინური და რომაული რწმენა უფრო ძველი რომ არის, ქრისტეანული კი, რომელიც კონსტანტინემ მიიღო, სულ ახლახან აღმოცენდა. მან ძველი ღმერთები და რომის კეთილი ჩვევები, მხოლოდ თავისი უმეცრებითა და უგუნურებით უარყო. ამიტომაც მოიძულეს ის ღმერთებმა, როგორც უკეთური და უღირსი მათი ნდობისა. დიახ, ღმერთებმა მოიძულეს ის და მისი მოდგმა ამოწყვიტეს ცოცხალთა მოდგმისგან. განა სიმართლეს არ ვამბობ, არტემი? შენ მოხუცი და გონიერი კაცი ხარ, მაშ, განსაჯე და მითხარი განა ეს სიმართლე არ არის? ასე რომ, აღიარე ჭეშმარიტება და იყავ ჩვენ მხარეს, რადგან მნებავს, რომ ჩემი მეგობარი იყო და დაგნიშნო შემწედ სამეფოს მმართველობაში.

როდესაც ეს მოისმინა, წმიდა არტემი მცირედ შეყოვნდა, შემდეგ კი იულიანეს ასეთი პასუხი გასცა:

- უპირველეს ყოვლისა, შენი ძმის შესახებ გეტყვი, მეფეო, რომ მე არ ვარ დამნაშავე მის სიკვდილში; და, საერთოდ, არც საქმით, არც სიტყვით მისთვის ზიანი არასოდეს მიმიყენებია; რამდენიც უნდა იკვლიო ვერაფერს დაამტკიცებ, რადგან მე მის სიკვდილში უდანაშაულო ვარ. მე ვიცოდი, რომ ის ნამდვილი ქრისტეანი, ღვთისმოსავი და ქრისტეს სჯულის მორჩილი იყო. უწყის ცამ და მიწამ, ანგელოზთა მთელმა დასმა და თვით უფალმა ჩემმა იესუ ქრისტემ, ვისაც მე ვმსახურობ, რომ უბრალო ვარ შენი ძმის მკვლელობაში და მის მკვლელთათვის ხელიც კი არ შემიწყვია. მე არ ვიყავი მეფე კონსტანციუსთან ერთად იმ დროს, როდესაც შენს ძმაზე მსჯელობდნენ: მთელი ის დრო, მეტიც, დღემდე ვიმყოფებოდი ეგვიპტეში. ხოლო, რაც შეეხება შენს წინადადებას უარვყო ქრისტე, ჩემი მაცხოვარი, - სამი ყრმის სიტყვებით გიპასუხებ, რომლებიც ცეცხლის სახმილში შთააგდო ნაბუქოდონოსორმა: "და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ" (დანიელ 3:18).

- უწყოდე, მეფეო, რომ შენს ღმერთებს არ ვემსახურები და შენთვის ძვირფასი აპოლონის ოქტოს ხატს არასოდეს ვცემ თაყვანს. შენ დააკნინე ნეტარი კონსტანტინე და მისი მოდგმა, როდესაც მას ღმერთების მტერი და უგუნური კაცი უწოდე. ასე რომ, ახლა მე მომისმინე, როგორც ჭეშმარიტ მოწმეს ამ ამბისა. როდესაც მძვინვარე ჯალათისა და სისხლისმსმელი მაქვსენციუსის წინააღმდეგ გავილაშქრეთ, შუადღისთვის ცაში ვიხილეთ ჯვარი, რომელიც მზეზე უბრწყინვალესად ანათებდა, და ამ ჯვარზე ვარსკვლავებით გამოსახული იყო ლათინური სიტყვები, რომელიც კონსტანტინეს გამარჯვებას აუწყებდა. ცაში გამოცხადებული ეს ჯვარი ყველამ ვნახეთ და ყველამ წავიკითხეთ, რაც ზედ ეწერა. ახლაც ბევრია ცოცხალი იმათგან, ვისაც კარგად ახსოვს საკუთარი თვალით ნანახი და, თუ გნებავს, იხილავ კიდევაც, რომ მართალს გეუბნები. მაგრამ რატომ გელაპარაკები ამის ამაზე? შენც კარგად უწყი, რომ ქრისტეს მოსვლა მის შობამდე დიდი ხნით ადრე გვამცნეს წინასწარმეტყველებმა. უამრავი მოწმობაა იმისა, რომ ის ჭეშმარიტად მოვიდა დედამიწაზე და თვით თქვენი ღმერთებიც კი გვამცნებდნენ მის მოსვლას - ხომ იუწყებოდნენ ამას სიბილას წიგნები და ვირგილიუსი.

შემდეგ წმინდანმა იულიანეს მოუთხრო თუ ღმრთის ძალით როგორ აღიარებდნენ კერპებში მცხოვრები დემონები ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად. ამის სანაცვლოდ იულიანემ, რომელსაც უკვე ვეღარ აეტანა წმინდანის ქადაგება, ბრძანა, გაეშიშვლებინათ მოწამე, გვერდები გავარვარებული შანთებით ამოეწვათ, ზურგში კი მახვილი სამკაპები ჩაერჭოთ. მაგრამ არტემი, როგორც უწინ, თითქოსდა ტკივილს ვერ გრძნობსო, არც კი შეტოკებულა, არც ხმა ამოუღია და ყველას თვალწინ წარმოაჩენდა სასწაულს მოთმინებისა. ამ სატანჯველების შემდეგ იულიანემ ისევ დილეგში ჩაამწყვდევინა არტემი და ჯალათებს უბრძანა, შიმშილითა და წყურვილით გაეთანგათ მოსაგრე, თვითონ კი დაფნას გაემგზავრა, რათა მსხვერპლი შეეწირა თავისი ღმერთის აპოლონისთვის და ეკითხა მისთვის, სპარსელთა წინააღმდეგ ომში წარმატებას თუ მიაღწევდა. იულიანემ კარგა ხანს დაჰყო საკერპეში, ყოველდღე მიჰქონდა მსხვერპლი ბილწ აპოლონთან და დიდძალ საქონელს სწირავდა, მაგრამ სასურველ პასუხს მაინც ვერ იღებდა, რადგან აპოლონში მყოფი დემონი, რომელიც ადამიანებს პასუხებს სცემდა, იმ დროიდან დადუმდა, რა დროიდანაც იმ ადგილებში გადაიტანეს ანტიოქიელი ეპისკოპოსისა და მოწამის, წმ. ბაბილას ნაწილები მასთან ერთად ნაწამები სამი ყრმის წმიდა ნაწილები. ამრიგად, აპოლონმა იულიანეს არაფერი უპასუხა. როდესაც მეფემ მიმოწვლილვითი გამოძიების შემდეგ გაიგო აპოლონის დადუმების მიზეზი, კერძოდ ის, რომ მისგან არც ისე შორს ბაბილას და სამი მოწამე ყრმის ნაწილები დაუსვენებიათ, იმწამსვე უბრძანა ქრისტეანებს იქიდან წმიდა ნაწილების დაუყოვნებლივ გატანა; მაგრამ, როგორც კი წმინდანთა ნაწილები თავისი ადგილიდან დაძრეს, აპოლონის ტაძარს ციდან ცეცხლი დაეცა და თავის კერპიანად სრულიად დაიფერფლა.

არტემის კი, რომელიც დილეგში იტანჯებოდა, ლოცვისას გამოეცხადა თვით უფალი თავის წმიდა ანგელოზებთან ერთად და უთხრა: - "გამაგრდი, არტემი! მე შენთან ვარ და გაგათავისუფლებ ყოველგვარი ტკივილისგან, რომელსაც კი მტარვალი მოგაყენებს და უკვე გამზადებული მაქვს შენთვის გვირგვინი დიდებისა. რადგან, როგორც მაღიარებ შენ მე კაცთა წინაშე აქ, ამ წუთისოფელში, ისე გაღიარებ მე შენ მამის ჩემის ზეციერის წინაშე. მაშ გამხნევდი და გიხაროდენ: მალე ჩემთან იქნები ჩემს სასუფეველში".

ეს რომ ისმინა, მოწამემ იმწუთასვე ადიდა უფალი; არც ერთი ჭრილობა ან წყლული არ დარჩა მის სხეულზე, მისი სული აღივსო უდიდესი სასოებით და დაიწყო ღმრთის სადიდებელი გალობა. ამავე დროს, სანამ დილეგში იყო, არაფერი უხმევია და წყალიც კი არ დაულევია. ასე გრძელდებოდა მის სიკვდილამდე - არტემი ზეცითგან სულიწმიდის მადლით იკვებებოდა.

უკანმობრუნებულმა იულიანემ თავისი მსხვერპლშეწირვით შერცხვენილმა, აპოლონის ტაძრის დაწვა ქრისტეანებს დააბრალა - ირწმუნებოდა, ტაძარს ღამით ცეცხლი ქრისტეანებმა წაუკიდესო, ამიტომაც წაართვა მათ წმიდა ეკლესიები და ყველა წარმართულ საკერპედ აქცია. ამასთან დაიწყო ქრისტეანთა დევნა. შემდეგ კი ბრძანა, არტემი მოეყვანათ და ასე მიმართა:

- შენ, ცხადია, გსმენია, რაც დაფნაში მოხდა, - როგორ დაწვეს უკეთურმა ქრისტეანებმა დიდი ღმერთის, აპოლონის ტაძარი და გაანადგურეს მისი მშვენიერი გამოსახულება. მაგრამ დიდად ნუ იხარებენ ეს უკეთურნი და ნუ დაგვცინიან ჩვენი ღმერთების გამო, რადგან შვიდგზის სამოცდაათჯერ გადავუხდი მათ სამაგიეროს, როგორც ეს თქვენთან არის ნათქვამი.

ამაზე წმიდა არტემიმ უპასუხა:

- გავიგე, რომ განრისხებული ღმერთის განგებით ციდან ცეცხლი დასცემია შენი აპოლონის ტაძარს და დაუწვავს. აპოლონი ღმერთი რომ ყოფილიყო, განა არ იხსნიდა თავს ცეცხლისგან?
მაშინ მეფემ მიუგო:

- უბედურო, კიდევ ბედავ და ხარობ აპოლონის დაწვით?

- მაცინებს თქვენი უგუნურება, - უპასუხა არტემიმ, - ისეთ ღმერთს ემსახურებით, რომელსაც ცეცხლისგან საკუთარი თავის დახსნა არ ძალუძს. კი მაგრამ როგორღა განგარიდებთ ის სამარადისო სახმილს? მე კი მისი დაცემა მანუგეშებს და ვხარობ ყოველივე იმით, რასაც სასწაულებრივად იქმს ჩემი ქრისტე. ხოლო თუ შენ თავს იმით იქებ, რომ შვიდგზის სამოცდაათჯერ გადაუხდი სრულიად უდანაშაულო და უბოროტო ქრისტეანებს, რომელთაც შენთვის არაფერი დაუშავებიათ, ამისთვის მაშინ მიიღებ საზღაურს, როდესაც დაუშრეტელ ცეცხლში ჩაგაგდებს ჭეშმარიტი ღმერთი და მიეცემი საუკუნო და დაუსრულებელ ტანჯვას, რომელიც ძალიან მალე გეწევა. რადგან შენი წარწყმედა ახლოვდება და შენი დაღუპვა გახმაურდება ხალხთა შორის.

ამის გამგონე მტარვალი განრისხდა და ქვისმთლელთ უბრძანა, ერთი დიდი ქვა ჩამოეთალათ და არტემისთვის ზემოდან დაეგდოთ, რომელიც ამ დროს უკვე ხელფეშეკრული ლოდზე დაეწვინათ. ჯალათებმა ბრძანება შეასრულეს და მოწამეს ზემოდან დიდი ლოდი დასცეს. ქვის სიმძიმემ წმინდანს ყველა ძვალი ჩაულეწა, შიგნეული გარეთ გამოუყარა და თვალები ბუდიდან ამოუცვივდა. მაგრამ, ჰოი სასწაულო! ორ ლოდს შუა გასრესილი წმინდანი ცოცხალი გადარჩა და კვლავ ადიდებდა ყოვლისშემძლე ღმერთს, თავის შემწეს, და დავითის სიტყვებით შესძახებდა მტარვალთ: "კიდითგან ქუეყანისათ შენდამი ღაღად-ვყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლო მე, მიძღოდე მე და იყავ ჩემდა სასო, გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა" (ფსალმ. 60:3,4). "ღმერთო ჩემო, დღისი ჴმა-ვყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე არა იღუაწე ჩემთჳს" (ფსალმ. 39:3). აწ მიიღე, მხოლოდშობილო, სული ჩემი, რამეთუ შენ უწყი ჩემი მძიმე მდგომარეობა, ნუ დამიტევებ მე მტრის ხელში.

ორ ლოდს შუა მოყოლილმა წმინდანმა ასე დაყო რამდენიმე დღე. შემდეგ კი იულიანემ ბრძანა, აეღოთ ლოდი, რადგან წმინდანი უკვე მკვდარი ეგონა, მაგრამ როგორი იყო ყველას გაკვირვება, როდესაც იხილეს, რომ წმინდანი არათუ ცოცხალი აღმოჩნდა, არამედ ადგა და დადიოდა კიდეც. მის შემხედვარეთ შიშის თავზარი დაეცათ: მათ წინაშე იდგა შიშველი ადამიანი, ფიცარივით გაჭყლეტილი, დამტვრეული ძვლებით, გადმოყრილი ნაწლავებით; ბუდიდან ამოცვენილი თვალებით; დადიოდა და ქადაგებდა. თვით ჯალათიც კი შეძრწუნდა ამგვარი სასწაულის ხილვით და თავის ამალას უთხრა:

- კაცია ეს თუ მოჩვენება? თვალს ხომ არ გვიხვევს ეს ჯადოქარი? რადგან ჩვენ თვალწინ არის საშინელი სანახაობა, რომელიც ბუნების წესს არ ემორჩილება. ვინ იფიქრებდა, რომ ცოცხალი დარჩებოდა? ახლა, როდესაც მთელი შიგნეულობა გარეთ გადმოუცვივდა და ძვალი არ დაურჩა შეუმუსრავი, მაინც მოძრაობს, დადის და ლაპარაკობს კიდეც. თუმცა, როგორც ჩანს, სიცოცხლე მას ჩვენმა ღმერთებმა შეუნარჩუნეს სხვათა ჭკუის სასწავლებლად, იმათთვის, ვისაც განზრახული აქვს, არ სცნოს მათი ძალაუფლება, რათა დატოვონ ასეთ საფრთხობელად მათთვის, ვინც მათ შესცქერის.

ამის შემდეგ მიუბრუნდა იულიანე მოწამეს და უთხრა:

- აჰა, უბედურო, აღარაფერი შეგრჩა, დაკარგე მხედველობა, შენი ორგანოები საბოლოოდ შეიმუსრა, - კიდევ როგორ შეგიძლია გქონდეს იმის რწმენა და სასოება, ვისზეც ასე მტკიცედ იმედოვნებდი? მაშ, ითხოვე წყალობა და პატიება ჩვენი მოწყალე ღმერთებისგან, რათა შეგიწყალონ და არ გადაგცენ ჯოჯოხეთის სატანჯველს.

ქრისტეს მოწამეს სატანჯველზე რომ ესმა, გაეცინა და მეფეს უთხრა:

- შენი ღმერთები მიხსნიან სატანჯველთაგან? ისინი საკუთარ თავს ვერ იხსნიან მათთვის გამზადებული სახმილისგან, მათთან ერთად კი შენც შთაგდებულ იქნები ცეცხლის გეჰენაში და დაიწვები იქ მარადის ღმრთის ძის უარყოფისა და მისი წმიდა ეკლესიის გაქელვისთვის, იმ წმიდა სისხლის შეურაცხყოფისთვის, რომელიც მან ჩვენთვის დაღვარა; სულიწმიდის შეურაცხყოფისთვის, რადგან ბილწ დემონებს უსმენდი და ემორჩილებოდი. ჩემი ტანჯვა და ტკივილი კი, რომელიც შენ მომაყენე, დროებითია, მწამს: ღმერთი, ვისთვისაც ვიტანჯები, დამამკვიდრებს და დამავანებს თავის ზეციურ სასუფეველში.

ეს რომ ისმინა, იულიანემ ასეთი განაჩენი გამოუტანა წმინდანს:

- არტემის, ჩვენი ღმერთებისა და რომის კანონების შეურაცხმყოფელს, რომელიც თავს ცნობს არა რომაელად, არამედ ქრისტეანად და საკუთარ თავს დუქსად და ავგუსტალიად წოდების ნაცვლად გალილეველს უწოდებს, გადავცემ სიკვდილს და ვბრძანებ მისი თავის მოკვეთას.

ასეთი განაჩენის შემდეგ წმინდანი სასჯელის აღსასრულებელი ადგილისკენ წაიყვანეს, საითკენაც არტემი სიხარულით აღსავსე მიდიოდა, რადგან გული ეტყოდა "განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად" (ფილიპ. 1:23). როდესაც იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც სასჯელი უნდა აღსრულებულიყო, მან ითხოვა დრო ლოცვისთვის, მიბრუნდა აღმოსავლეთით, სამჯერ მოიყარა მუხლი და ხანგრძლივად ილოცა. ამის შემდეგ ესმა ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა:

- შემოდი წმიდათა სიხარულში და მიიღე შენთვის გამზადებული გვირგვინი.

იმწამსვე მოდრიკა თავი წმინდანმა და წარეკვეთა თავი ჯალათის მიერ, ოც ოქტომბერს; ხოლო დღე, როდესაც შესრულდა წმინდა არტემის მოწამებრივი აღსასრული, იყო პარასკევი. მისი წმინდა და პატიოსანი სხეული ერთმა დედაკაცმა, ანტიოქიის ეკლესიის დიაკონისამ, სახელად არისტამ, ჯალათს გამოსთხოვა, ძვირფასი არომატების ცხების შემდეგ კიდობანში დაასვენა და გააგზავნა კონსტანტინოპოლში, სადაც ის დიდი პატივით მიაბარეს მიწას. მრავალი სასწაული აღესრულებოდა წმინდანის ნაწილებთან. მრავალი სნეული განიკურნა და დღემდე იკურნება ყველა, ვინც წმინდა არტემის რწმენით მიეახლება.

არტემის გარდაცვალებიდან ძალიან მალე აღსრულდა წინასწარმეტყველება, რაზეც მან იულიანე მის სიკვდილთან დაკავშირებით გააფრთხილა: "სწრაფი სიკვდილი გელოდება და აწ უკვე ახლოსაა ჟამი, როდესაც შენი სიკვდილი ძალზე გახმაურდება". იმის შემდეგ, რაც წმინდა არტემი მოკლა, იულიანე თავისი ჯარით დაიძრა ანტიოქიიდან და სპარსეთზე გაილაშქრა. ქალაქ ქტეზიფონის მახლობლად მას შეხვდა ერთი მოხუცი სპარსელი, იმ ადგილებში ცნობილი გონიერი ადამიანი, რომელმაც იულიანეს თანამემამულეთა გაყიდვა და მეგზურობის გაწევა აღუთქვა. იულიანე მიენდო მოხუცს, მაგრამ ამით ვერაფერი მოიგო: მოხუცმა ის მოატყუა, თავს ისე მოაჩვენებდა, თითქოსდა პირდაპირი გზით მიჰყავდა სპარსეთის სამეფოს ასაღებად. სინამდვილეში კარმანიტის უდაბნოს გაუვალ ადგილებსა და ქარაფებში შეიტყუა, სადაც არც წყალი და არც არანაირი საკვები არ მოიპოვება. ჯარისკაცები გაითანგნენ შიმშილითა და წყურვილით, ცხენები და აქლემები დაეხოცათ. ამის შემდეგ მეგზურმა აღიარა, რომ შეგნებულად შეიტყუა რომაელები ასეთ უდაბურ და საშინელ ადგილებში, რათა დაესუსტებინა მათი ძლიერება. " ასე იმიტომ მოვიქეცი, - თქვა მან, - რომ თქვენგან დამონებული ჩემი ქვეყანა არ მენახა. მიჯობს, მე შევეწირო ჩემს სამშობლოს, ვიდრე მრავალი ჩემი თანამემამულე და მთელი ქვეყანა". მოხუცი იმწამსვე აჩეხეს რომაელმა ჯარისკაცებმა. უდაბნოში უგზო-უკვლოდ და უმისამართოდ მოხეტიალე ჯარი ძალინ მალე სპარსთა რაზმებს გადაეყარა. აქ მომხდარი შეტაკების დროს, იულიანეს მრავალი ჯარისკაცი დაეღუპა. საღმრთო შურისგება არც თვით იულიანეს ასცდა, რადგან უხილავმა ხელმა უხილავი იარაღით განგმირა იგი. მტარვალმა დაიგმინა, პეშვით თავისი სისხლი აიღო, ზეცისკენ აასხა და შესძახა:

- შენ გაიმარჯვე, ქრისტე! აჰა, გაძეხი გალილეველო!

და იქვე საშინელ ტანჯვაში ამოუშვა თავისი ბილწი სული. და, როგორც არტემმა უწინასწარმეტყველა, უსახელოდ და სამარცხვინოდ დაიღუპა. რომის არმიამ იულიანეს დაღუპვის შემდეგ მეფედ დასვა, ქრისტეანი იობიანე, რომელიც სპარსელებს დაუზავდა და მთელი ჯარი უკან, რომში დააბრუნა.

ამრიგად, იულიანე ჯოჯოხეთში იტანჯება იუდასთან ერთად, ხოლო არტემი ზეცაში წმინდანებთან ერთად ხარობს და მარადის უმზერს წმიდა სამებას, მამას, ძესა და სულიწმიდას, რომელსაც ეკუთვნის საუკუნო დიდება. ამინ.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
თათარაშვილი   პატერიკი   Sep 3 2007, 06:59 PM
staywhite   ძალიან კაი თემაა, ღ...   Sep 3 2007, 07:48 PM
თათარაშვილი   თავმდაბლობის შესა...   Sep 3 2007, 11:38 PM
ნათია   რამოდენიმე თემა არ...   Sep 3 2007, 11:45 PM
ზებედე   [b][u]თამბაქოს შესახ...   Sep 5 2007, 08:19 AM
კანონისტი   ზებედე მე რა მაინტ...   Sep 5 2007, 11:35 AM
staywhite   ( წყარო : თქნულებათა...   Oct 15 2007, 05:11 AM
მარიამი   „წადი, გათბი, ჩემთვ...   Nov 2 2007, 01:33 AM
იოანა   :ზაფხული:   Nov 2 2007, 03:32 PM
solomony   ეს ორი პატერიკი შე...   Nov 2 2007, 10:20 PM
კანუდოსელი   ეს ისტორია პატერიკ...   Nov 15 2007, 01:31 PM
solomony   წმ. ოქროპირის დროს, ...   Dec 5 2007, 04:38 AM
Маиа   პატერიკი არ ვიცი რ...   Dec 7 2007, 09:43 PM
Маиа   [font=Times New Roman] Об осуждении и...   Dec 7 2007, 10:07 PM
shengela   ათონის წმიდა მთაზე...   Dec 20 2007, 01:38 PM
თათი87   ბერძენი იმპერატორ...   Dec 20 2007, 05:20 PM
ket_ketevani   თათი87 გაიხარე თათი ...   Dec 20 2007, 05:47 PM
tamuna m   http://www.orthodoxy.ge/pateriki.htm   Feb 20 2008, 04:32 PM
lingvo   † † † იყო ერთი წმინ...   Jun 9 2010, 10:49 PM
+ვახტანგი+   † † † ღირსი მამა გაბ...   Jun 10 2010, 12:59 PM
+ვახტანგი+   11. ერთ სულიერ მონაზ...   Jun 21 2010, 02:16 PM
lingvo   ერთმა ახალგაზრდა კ...   Jun 21 2010, 03:22 PM
dzvelmartlmadidebeli   [b][color=#990000]მარტვილობა ...   Jul 13 2010, 07:36 PM
marine   „კავსოკალივის სკი...   Sep 18 2012, 04:14 PM
marine   როგორ გახდა ლორდი ...   Nov 1 2012, 05:04 PM
levani-grs   "ძველი პატერიკი...   Mar 3 2013, 08:02 PM
marine   "ძველი პატერიკი...   Mar 4 2013, 02:04 PM
levani-grs   marine მადლობ, ესენი ნა...   Mar 7 2013, 02:24 PM
marine   "იყო ერთი ბერი, კე...   Feb 20 2014, 01:52 PM
თამას   აგერ არის წიგნი - წ...   Apr 21 2014, 11:59 AM
iohanan   თებაიდაში რომ ვიყა...   Apr 27 2014, 09:15 PM
ikanosi   :blink: :blink:   Apr 27 2014, 09:19 PM
iohanan   :blink: :blink: მეც მასე :huh:   Apr 27 2014, 09:39 PM
A.V.M   რა ხდება ?   Apr 27 2014, 11:53 PM
iohanan   Zevit waikitxe. . .   Apr 28 2014, 12:09 PM
iohanan   ერთ ბერს ვკითხეთ, რ...   May 4 2014, 06:12 PM
iohanan   აუუუ რა გამიხარდა ...   May 4 2014, 07:06 PM
marine   "ორი ვაჭარი დიდხა...   Apr 25 2017, 10:51 PM
marine   "წმინდა ეპიფანემ ...   Jul 31 2017, 10:27 AM
marine   მოწმე წეროები გერ...   Aug 16 2017, 11:26 AM
marine   "ერთხელ წმინდა მა...   Aug 23 2017, 11:15 AM
marine   "პირდაპირი, მამხი...   Aug 25 2017, 10:01 AM
marine   "ერთხელ მამა ბესა...   Aug 27 2017, 08:24 PM
marine   "წმინდა იოანე მოწ...   Sep 25 2017, 10:20 AM
marine   "ივანე მრისხანეს ...   Oct 4 2017, 10:59 PM
marine   ამბავი ნაპოვნი ათშ...   Feb 13 2018, 12:48 PM
marine   "წმინდა გრიგოლ დი...   Jul 21 2018, 09:36 PM
marine   "ერთხელ ვიღაცამ წ...   Jul 26 2018, 02:58 PM
marine   "კაცობრივი შიში ა...   Aug 11 2018, 01:55 PM
marine   "დედაჩემმა მაშინ...   Aug 15 2018, 06:45 PM
marine   "წმინდა ბარსანოფ...   Aug 20 2018, 12:13 PM
marine   "ერთ მამაზე ჰყვებ...   Aug 27 2018, 02:34 PM
marine   "სკიტში ცხოვრობდ...   Aug 28 2018, 01:22 PM
marine   "ჩვენ ვლოცულობთ ე...   Aug 30 2018, 08:12 PM
marine   ღირსი გაბრიელ ქართ...   Sep 3 2018, 07:31 PM
marine   „მავრიკიოს იმპერა...   Sep 15 2018, 08:35 PM
marine   "ოდესღაც ჩემი სავ...   Sep 19 2018, 12:29 PM
marine   "ღირსი ისააკ დალმ...   Sep 24 2018, 05:01 PM
marine   "ერთ ქალაქში ორი ...   Feb 16 2019, 03:16 PM
marine   "კელიაში დაბრუნე...   Mar 4 2019, 03:06 PM
marine   "ერთ დროს სინას მ...   Mar 9 2019, 11:06 AM
marine   "წმინდა კოზმა ათო...   Jul 31 2019, 01:47 PM
marine   "მამა იერონიმე ეგ...   Sep 29 2019, 03:29 PM
marine   წერილი ღმერთს "ყ...   Nov 13 2019, 05:15 PM
marine   "წმინდა კირილეს ს...   Nov 13 2019, 05:37 PM
marine   "ერთი მონაზონი, მ...   Jun 30 2020, 07:02 PM
marine   "სერგი ნილუსი იხს...   Jul 17 2020, 07:21 PM
marine   "ძველ „პა­ტე­რიკ­...   Feb 8 2022, 03:44 PM
marine   "წმინდა დიდმოწამ...   Aug 16 2022, 07:02 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 12:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი