თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესიის ისტორია _ მაქსიმე აღმსარებელი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 12 2008, 12:49 PM

მინდა შემოგთავაზოთ ამ უდიდესი წმინდანის შესახებ თემა, სადაც მინდა ვისაუბროთ იმ ისტორიული წყაროების შესახებ, რომლებიც გვამცნობენ წმინდა მაქსიმეს ცხოვრებას და მის მოღვაწეობას.

აქვე მაქვს კონკრეტული კითხვა:
ცნობილია, რომ წმინდა მაქსიმე აღესრულა საქართველოში, სადაც ის გადასახლებული იქნა მისი მართლმადიდებლური აღმსარებლობის გამო, მაგრამ ამავე დროს ცნობილია, რომ მისი წმინდა ნაწილი (ხელი) ინახება ათონის მთის პავლე საჭურისის მონასტერში.

ხომ არ მოგეპოვებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ეს წმინდა ნაწილი ათონზე?
ძალიან დამავალებთ, თუ დამეხმარებით.
წინასწარ დიდი მადლობა
პატივისცემით კანუდოსელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2008, 05:04 PM

კანუდოსელი

წმინდა მაქსიმე აღმსარებელზე ინფორმაცია შეგიძლია ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსის, მეუფე სტეფანეს ამ საიტზე ნახო:

http://www.st-maximus.org/index.html

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 12 2008, 05:16 PM

ციტატა(marine @ Feb 12 2008, 06:04 PM) *

კანუდოსელი

წმინდა მაქსიმე აღმსარებელზე ინფორმაცია შეგიძლია ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსის, მეუფე სტეფანეს ამ საიტზე ნახო:

http://www.st-maximus.org/index.html



მანდ არ წერია ის რაც ვიკითხე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2008, 12:20 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Feb 12 2008, 05:16 PM) *

მანდ არ წერია ის რაც ვიკითხე


მე პირადად არ მაქვს ინფორმაცია მის წმინდა ნაწილების ადგილმდებარეობაზე.

უცხო ენოვან საიტებზეც დავძებნე, რომ შენთვის მომეწოდებინა, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ საუბარია იმაზე, რომ ამოგლიჯეს ენა და მოჭრეს მარჯვენა ხელი.

ერთი რჩევა შემიძლია მოგცე. საიტის საშუალებით შეგიძლია მეუფე სტეფანეს მისწერო. ვფიქრობ, მას ექნება რაიმე ინფორმაცია.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 13 2008, 02:15 PM

მცირე ინფორმაცია, სამწუხაროდ პირდაპირ მინიშნებას ვერ მივაგენი ( ჯერჯერობით, სანამ არ პირადად არ დავუკავშირდები იქაურებს), მაგრამ მაქვს ვარაუდი, ეს მონასტერი წმ. პავლესი ( მირქმა იდღესასწაულება განსაკუთრებით ) არის 1.

ციტატა
პავლე საჭურისის
სახელ პავლესთან ხდება დაკავშირება, ღირსი პავლესი და სხვა პავლე ქსეროპოტამელისა , საუკუნე VIII - IX ან X , მოკლედ აზრთა სხვადასხვაობაა, ეს მონასტერი ხელიდან ხელში გადადიოდა, ხანდახან სკიტიის დონეზე ვარდებოდა, ხანდახან 200 ბერსაც აღწევდა მასში მცხოვრები ბერები, ხანდახან ბერძენთა გამგებობის ქვეშ იყო, შესაბამისად ქსეროპოტამის მონასტერს ექვემდებარებოდა, XIV ს.დან სერბების გავლენა იზრდება და ჰილანდარის მონასტერი ფარველობს, სადღაც XV ს.ში ვაწყდებით ინფორმაციას ( წყარო "ათონის მთა" ათონის მთის გამოცემა ათენი 2006 ) , რომ სერბი მმართველი თავად ბრანკოვიჩის ქალიშვილმა დედოფალმა მარამ , რომელიც იყო სულთან მურად II -ს მეუღლე (დედოფალმა შეინარჩუნა ქრისტიანობა), საჩუქრად მიიღო თურქთა მიერ კონსტანტინეპოლიდან წამოღებული სიწმიდეები, მათ შორის მოგვთა ძღვნის ნაწილი, დედოფალმა ეს სიწმინდე, დიდი თანხა და სხვა ბევრი სიწმინდე შესწირა წმ. პავლეს მონასტერს, ხსენებული სანდო წყარო ჩამოთვლის იქ დაცულ სიწმიდეებს: ნაწილი პატიოსანი ჯვარისა, მოგვთა გუნდრუკის ნაწილი, და ასევე ბევრ წმიდათა ნაწილებს, წმ. მაქსიმე აღმსარებლის ნაწილი ნახსენები ცალკე არაა, შესაბამისად არც მისი იქ მოხვედრის ( თუ არის ) ისტორიაც არ წერია...
ვნახოთ რას წავაწყდები კიდევ;
იხარეთ;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Feb 13 2008, 02:19 PM

მე რამდენადაც მახსოვს, მაქსიმე აღმსარებელს მარჯვენა ხელი მოაჭრეს, რომ აღარაფერი დაეწერა. ეს მოხდა სანამ გადაასახლებდნენ

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 13 2008, 04:45 PM

ეკატერინე

წყარო არ გახსოვს?

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Feb 13 2008, 04:53 PM

მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებაში წერია:
როცა კონსტანს II კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა, შეეპყროთ პაპი მარტინე და ღირსი მაქსიმე. ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმიდა მაქსიმე დასაფლავებულია ქ. ცაგერში.


პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 15 2008, 02:20 PM

მადლობა, მარა მე მეგონა ხელის აღნიშნულ მონასტერში მოხვედრის ისტორიას ეხებოდა....

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 15 2008, 02:40 PM

ციტატა
მადლობა, მარა მე მეგონა ხელის აღნიშნულ მონასტერში მოხვედრის ისტორიას ეხებოდა....

ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდობითს შეიძლება დავუკავშიროთ, იმას რაც ზემოთ დავწერე...

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Feb 1 2010, 09:30 PM

არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის მაგრამ აქაური ემიგრაციისთვის დიდად მნიშვნელოვანი,ის რომ ირლნადიის ქართულ სამრევლოში ინახება წმიდა მახსიმე აღმსარებლის წმიდა ნაწილი,რომელიც საჩუქრად გადმოცა ქართულ ეკლესიას ანტიოქიის ეკლესიამ. ოდესღაც მისი უწმიდესობა წვევია ანტიოქიის ეკლესიის საჭეთმპყორბელს და საჩუქრად ფადაუცია მაქსიმე აღმსარებლის წმიდა ნაწილი,ამის შემდეგ ეს წმიდა ნაწილი მოხვდა ირლანდიაში და ამის მერე იმ დიდი ნაწილიდან მცირე ნაწილი გადმოეცა ქართულ ეკლესიას. მემოგნი არც ისე უინტერესოა

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Feb 3 2010, 10:09 PM

ყველას გილოცავთsmile.gif დღეს მაქსიმობაა


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2015, 09:58 PM

"მისი გამორჩეულობა კიდევ იმაში ვლინდება, რომ წმინდა მაქსიმე ეპისკოპოსი არ ყოფილა, უბრალო მონაზონი იყო. მაქსიმე აღმსარებელმა თავისი ცხოვრება ჭეშმარიტებისადმი ერთგულების გამო მოწამებრივად დაასრულა"

/პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
"კარიბჭე" N14, 2015, გვ.55/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2015, 09:39 PM

"თვითონ მაქსიმე აღმსარებელი მკაცრად ასკეტური და უბიწოებით გამორჩეული პიროვნება იყო"

/"კარიბჭე" N16, 2015, გვ. 31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2015, 10:17 PM

"წმინდა მაქსიმე აღმსარებელი კურნების მადლმოსილ ნიჭს სიყვარულის შედეგად თვლის. წერს: "კაცმა, რომელმაც მოიპოვა ბუნებრივი კაცთმოყვარება, როცა თვითკმაყოფილებას სრულად სძლევს, მიიღებს კურნების მადლმოსილ ნიჭს"

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 21, გვ. 188/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2015, 08:07 PM

"...ჭეშმარიტების მხარეს შეიძლება ნებისმიერი მორწმუნე აღმოჩნდეს. ნათქვამის დასაზუსტებლად მოვიყვანთ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მაგალითს, რომელიც თავისი დროის მთელ საეპისკოპოსოს მარტო უპირისპირდებოდა და ამით ამტკიცებდა, რომ მთელი ეკლესია თავად არის..."

/"კარიბჭე" N21, 2015, გვ. 57/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2015, 08:16 PM

"საუკუნეების განმავლობაში იყო დავა, თუ სად არის დასაფლავებული წმინდა მაქსიმე აღმსარებელი.

ამ საკითხის კვლევას საქართველოში ხუთი საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უცხოეთიდან ჩამოსულმა მეცნიერებმა.

მეხუთე კონფერენცია სწორედ ამ დღეებში დასრულდა, სადაც ყველა მეცნიერმა ერთსულოვნად განაცხადა, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებელი საქართველოში განისვენებს და მისი წმინდა ნაწილები ნაპოვნია".

/ილია მეორე
"საპატრიარქოს უწყებანი" N36, 2015, გვ.2/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 11:28 AM

"წმინდა მაქსიმეს საფლავზე სამი ღვთიური ლამპარი ჩნდებოდა და არაერთი კურნება აღესრულებოდა".

/"კარიბჭე" N25, 2010, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2016, 08:56 AM

"რამდენიმე დღის შემდეგ ბერი მაქსიმე იმპერატორის ბრძანებით სასტიკად აწამეს, ენა ამოგლიჯეს, მარჯვენა ხელის მტევანი ჯერ ჩაქუჩით დაუმტვრიეს, მერე კი ხელი იდაყვამდე მოაჭრეს. სასტიკი წამების შემდეგ, ნეტარ მამებს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს და სამეფო ქალაქის ქუჩები ლანძღვა-გინებით შემოატარეს. ყველას უჩვენებდნენ მათ მოკვეთილ ენას და ხელებს და აქილიკებდნენ".

/"საქართველოს იმედი" II, წიგნი 54, გვ. 53-54/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2016, 02:25 PM

"ცოცხალმკვდარი წამებული წმინდა მაქსიმე ორი მოწაფის, ორი ანასტასის თანხლებით დასავლეთ საქართველოში, ლაზეთში გადაასახლეს. ნეტარი მაქსიმე იმდენად დაუძლურდა, რომ გადაადგილება არც ცხენით შეეძლო და არც ეტლით. ამიტომ, მცველებმა წნელის საკაცე დაწნეს და ასე მიიყვანეს საპყრობილემდე. თეოდოსი ხუცესის თქმით: "ქრისტეს მოყვარე ლაზების ქვეყანაში" ნეტარმა მამებმა ჩააღწიეს 662 წლის 8 ივნისს. ოლქის უფროსმა მათი დაცილების განკარგულება გასცა. ესეც არ აკმარეს, ჩამოართვეს ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ, მათ შორის ის ნივთები, გზაში ღვთისმოსავი ადამიანები რომ ჩუქნიდნენ და გაანადგურეს".

/"თვენი 3" 21 იანვარი - 31 იანვარი, გვ. 37-38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2016, 08:37 PM

"გაეცნობი ღმერთშემოსილი მამის ცხოვრებას და კვლავ აღივსები უფლისადმი მადლიერების გრძნობით, რომ კიდევ ერთი წმინდა სხეული შეუერთდა საქართველოს მიწას, კიდევ ერთი მეოხი სული კი - ჩვენი ქვეყნისთვის მლოცველ წმინდანთა დასს".

/"კარიბჭე" N25, 2009, გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2016, 01:01 PM

"როდესაც ანგელოზისგან ეუწყა, რომ მალე დატოვებდა ამ სოფელს, უარი თქვა საზრდელის მიღებაზე და "მოუკლებლად" ლოცულობდა".

/"კარიბჭე" N25, 2009, გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2016, 09:38 PM

"ლეჩხუმის თვალწარმტაცი ბუნების სრულყოფილება და ჰარმონია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს წმინდა მაქსიმეს სულიერ სრულყოფილებასა და ჰარმონიულ კავშირს ღმერთთან. გოლიათ მთათა ძლიერება კი წმინდა მამის გონების ძლიერებაზე ღაღადებს. კამკამა ზეცა მისი სულის გადმოსახედია და საქართველო - მისი მეორე სამშობლო, სამუდამო განსასვენებელი".

/"კარიბჭე" N25, 2009, გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2017, 10:49 AM

"ბალთაზარის სწორი და ხატოვანი გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წმინდა მაქსიმეს ჰქონდა განსაკუთრებული, საიდუმლო და სასწაულებრივი ხილვები, რომელსაც ის, როგორც "კოსმოსურ ლიტურგიას" ისე ახასიათებდა. წმინდა მაქსიმეში წმინდა მამების მისტიკა თავის უმაღლეს ზღვარს - თავის "აკმეს" (მწვერვალს) აღწევს. ამ მისტიკამ წმინდა მაქსიმეს ბოლომდე გაუხსნა ის სიმბოლური რეალიზმი, რომელიც წმინდა მამამდე მხოლოდ ზოგიერთმა წინასწარმჭვრეტმა და ნათლმხილველმა იცოდა, მაგრამ ამ ადამიანებს ამგვარი მსოფლმხედველობრივი მთლიანობის შეცნობა არ შეეძლოთ. წმინდა მაქსიმეს შემდეგ კი ეს სიმბოლური მსოფლშეგრძნება და მსოფლშემეცნება მისტიკოსების ანთროპოლოგიის ნაწილი გახდა".

/"კარიბჭე" N26, 2016, გვ.59/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2017, 11:13 PM

"ქვემო სვანეთში [ლენჯერში], შემონახულია XII საუკუნის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ფრესკა. მისი სახელობის მონასტერი კი საქართველოში ერთადერთია".

/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.57/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2017, 04:36 PM

"[ქრისოპოლის] მონასტერში მოღვაწეობის დროს ნეტარი მამა ძაძას ატარებდა და მხოლოდ ხმელი პურითა და ველური მხლით იკვებებოდა. მისი უმთავრესი და უსაყვარელესი საქმე ლოცვა და შრომა იყო, ხოლო თუ თვალს ოდნავ მაინც მიეკარებოდა რული, მაშინვე დგებოდა და ლოცვასა და გალობას იწყებდა".

/"კარიბჭე" N16, 2017, გვ.29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 12:27 PM

"წმინდა მაქსიმეს, თეოდორე იპატოსის ბრძანებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძაგება დააბრალეს - თეოდორეს იმედი ჰქონდა, ამის შემდეგ ხალხი წმინდა მაქსიმეს ჩაქოლავდა. წმინდანმა ეს მკრეხელური ცილისწამება რომ მოისმინა, ხელები ზეცად აღაპყრო და თვალცრემლიანმა წარმოთქვა: "ვინც არ აღიარებს და არ ქადაგებს ყოვლადწმიდასა და უხრწნელსა, უმეტესად კურთხეულსა და ზეცისა მხედრობათა პატივისმცემელსა დედოფალსა ჩვენსა, მარადის ქალწულსა მარიამს ჭეშმარიტად ღვთისმშობლად, ჭეშმარიტად დედად ღვთისად, შემოქმედისა ცათა და ქვეყანისა, ზღვისა და ყოველთა, რაი არს მათ შინა, წყეულ იყავნ და შეჩვენებულ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა მიერ, შეურყვნელისა მის და განუყოფელისა სამებისა და ყოველთაგან ზეცისა ძალთა და წმინდა მოციქულთა კრებულისგან, წინასწარმეტყველთა, მოწამეთა და ყოველთა მართალთაგან".

/"კარიბჭე" N16, 2017, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 06:32 PM

"- მეუფე სტეფანე, მონასტერში თავისით მოსული ფუტკრების ამბავს ხომ არ გაიხსენებთ?

- ერთხანს გვინდოდა, წმინდა მაქსიმეს მონასტრის ეზოში ფუტკარი გაგვეშენებინა, მაგრამ მრავალი პრობლემის გამო გადავიფიქრეთ. ერთ მშვენიერ დღეს ეზოში ფუტკრების გუნდი შემოფრინდა და ერთ-ერთ ხეზე დაიდო ბინა. რაღა უნდა გვექნა, აიღეს ბიჭებმა და ფეხსაცმლის ყუთში ჩასვეს. შემდგომ სკა შევჭედეთ და იქ მოვათავსეთ. არც ფიჭის ფირფიტები გვქონდა. იმ წუთას ვერსად ვიშოვეთ და როცა მოვიტანეთ, ავხადეთ სახურავი და რას ვხედავთ - ფუტკრებს თავისით გაუკეთებიათ ფიჭა. ისეთი გემრიელი თაფლი მოგვცეს, ყველას გაგვიკვირდა. ძალიან ძლიერი ძირია და რაკი წმინდა მაქსიმეს ლოცვა-კურთხევით მოვიდნენ, მაქსიმეს ფუტკრები დავარქვით."

/"კარიბჭე" N2, 2006, გვ.36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2017, 09:52 AM

"2017 წლის 23-27 ოქტომბერს ჩატარდება წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია"

/"საპატრიაქროს უწყებანი" N30, 2017, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 01:52 PM

"რამდენიმე დღის წინ ჩემთან იყო მუსლიმანური სასულიერო პირი და მან მითხრა, რომ მუსლიმანურ წიგნებში წერია ასეთი რამ: - მსოფლიოში არსებობს სამი ქვეყანა, რომელიც დაჯილდოებულია განსაკუთრებული მადლით, ეს არის ქუმი, ერაყი და საქართველო. მართლაც საქართველო ბრწყინავს თავისი სულიერებით, თავისი წმინდანებით.

მე ბევრი მიფიქრია იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ კიდევ მაქსიმე აღმსარებლის ღვაწლის აღსანიშნავად. იქნება გვეფიქრა უმაღლესი სკოლის დაარსებაზე ლეჩხუმში, იქნება გვეფიქრა სასტუმროს აშენებაზე და კიდევ სხვა რამეზე, რომელიც მოიზიდავს მომლოცველებს და მეცნიერებს ამ წმინდა ადგილზე".

/ილია II
"ქვაკუთხედი" N11, 2017, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 10:51 AM

https://radikal.ru

"3 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდა მაქსიმე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა მაქსიმე აღმსარებლის მარჯვენა ხელის წმ.ნაწილი.
სიწმიდე დაბრძანებულია ათონის მთაზე - წმიდა პავლეს მონასტერში. შეგეწიოთ ყველას მის მადლი და ძალა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2018, 08:21 PM

"ღირს მამა აკაკი კავსოკალიველს დიდი სიყვარული ჰქონდა ღირსი მაქსიმე აღმსარებლის მიმართ. ხშირად ლოცვით მიმართავდა მას. მრავალგზის გამოეცხადა მას ღირსი მაქსიმე ამ რწმენისა და სიყვარულის გამო. ერთხელაც მან წმინდა მაქსიმე იხილა მრავალ თეთრკვართიან მიმდევართან ერთად. ღირსმა აკაკიმ ჰკითხა: - ესენი ვინ არიანო. ღირსმა მაქსიმემ უპასუხა: - ამ უდაბნოში მცხოვრებნი არიან, რომელთაც სიცოცხლეშივე ვმოძღვრავდი და ჩემს სწავლებას მიჰყვებოდნენო."

/"კარიბჭე" N16, 2010, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2019, 11:18 PM

"მაქსიმე აღმსარებელი (580-662 წწ.) ქართულ კულტურაში დიდ როლს ასრულებდა. გადასახლების შემდეგ იგი საქართველოში ჩამოვიდა და აქვე გარდაიცვალა კიდეც. უახლესი არქეოლოგიური და ისტორიული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ იგი დაიკრძალა ცაგერში, კერძოდ კი, მურის ციხის ძირში მდებარე წმინდა არსენის მონასტერში, რომელსაც შემდეგ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელი ეწოდა.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართულ კულტურაში და ქველქართულ ენაზე მისი მრავალი თარგმანი მოგვეპოვება, რომელიც XI-XII საუკუნეებში შესრულდა. განსაკუთრებით დიდი შრომა ამ კუთხით გასწიეს ათონზე მოღვაწე ქართველმა ბერებმა და გელათური სკოლის მთარგმნელებმა (ამ საკითხის შესახებ არსებობს თამარ ოთხმეზურის კარგი გამოკვლევა; იხ.: თამარ ოთხმეზური, მაქსიმე აღმსარებლის Ambiguorum liber ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში, თბილისი: კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2016წ.)"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N19, 2019, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 12:17 PM

"დღეს ხსენებაა წმინდა მაქსიმე აღმსარებლისა, რომელიც 662 წელს საქართველოს მიწას მიებარა. იგი ცაგერშია დაკრძალული. რამდენად დიდი წყალობაა, რომ ჩვენს მრავალტანჯულ მიწაზე კიდევ ერთი წმინდანი განისვენებს"

/"კრიალოსანი" 3, 2008, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2020, 03:33 PM

"იობი - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი გარეჯის უდაბნოში. 1715 წელს მან გადაწერა და დოდოს მონასტერს შესწირა საბას ლავრის ტიბიკონი; მასვე გადაუწერია წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება და თხზულებანი".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 237/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2022, 10:13 PM

"ბიზანტიელი ქრონოგრაფი თეოფანე გადმოგვცემს, რომ 697 წელს "აჯანყდა ლაზიკის პატრიკიოსი სერგი ბარნუკის ძე და ეს ქვეყანა არაბებს დაუქვემდებარა". ჰერაკლე კეისრის ლაშქრობათა შემდეგ VII ს-ის 60-იან წლებამდე ჩვენ არაფერი ვიცით ეგრისის (ლაზიკის) შესახებ. ამ დროისათვის კი გვაქვს ისეთი სანდო წყარო, როგორიც არის ცნობილ ბიზანტიელ საეკლესიო მოღვაწესთან, მაქსიმე აღმსარებელთან ერთად ბიზანტიიდან ეგრისში გადმოსახლებული ანასტასი აპოკრისიარის წერილი, რომელშიც აღწერილია მათი თავგადასავალი ამ ქვეყანაში გადმოსახლების შემდეგ და რომელიც მან ლაზიკიდან მისწერა თეოდოსი განგრელს, ასევე ერთ-ერთ ბიზანტიელ საეკლესიო მოღვაწეს. შემორჩენილია აგრეთვე თვით თეოდოსი განგრელის "მოგონებები" მაქსიმე აღმსარებლის შესახებ, დაწერილი ამ უკანასკნელის ეგრისში სიკვდილის (662 წ.) შემდეგ, 668/9 წლებში, როდესაც თეოდოსი თვით ჩამოვიდა ლაზიკეში გადასახლებულთა შესახებ ცნობების შესაკრებად და ესაუბრა "ლაზიკის პატრიკიოს ლებარნიკიოსს, რომელიც - ღვთის განგებით - ამის თანამხილველი ყოფილა".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.130/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 09:04 PM

"აფხაზეთისაგან განსხვავებით, აფშილეთი, მისიმიანეთი, სვანეთი და ლეჩხუმი კვლავ ეგრისის სამთავროს უშუალო პროვინციებს წარმოადგენენ. ეს ცხადად ჩანს ანასტასი აპოკრისიარის წერილიდან: მაქსიმე აღმსარებელი 662 წელს ბიზანტიიდან გადაასახლეს ეგრისში ანუ ბიზანტიური წყაროების ლაზიკეში. როდესაც იგი თავისი მოწაფეებითურთ (ანასტასი აპოკრისიარი და მეორე ანასტასი) ჩამოიყვანეს აქ, ისინი ჩააბარეს "იმ ქვეყნის მაშინდელ მმართველს" ე.ი. პატრიკიოსს, რომელმაც მაშინვე განაშორა ისინი ურთიერთს: მაქსიმე "მოათავსეს ერთ ციხეში, რომელსაც ეწოდება სქიომარი და რომელიც მდებარეობს მახლობლად ალანებად წოდებული ხალხისა". ერთ-ერთი ანასტასი - "აბაზგიის მახლობლად ერთ ციხეში, რომელსაც სკოტორი ეწოდება". ანასტასი აპოკრისიარის წერილის IX ს-ში შესრულებული ლათინური თარგმანის მიხედვით, ეს "სკოტორის ციხე აფშილეთშია,აბაზგიის მახლობლად". მეორე ანასტასი შეაყენეს ციხესიმაგრე ბუკოლუსში, რომელიც მისიმიანეთშია, ალანთა მომიჯნავე მხარეში. ცოტა ხნის შემდეგ მაქსიმე აღმსარებლის ორივე ზემოხსენებული მოწაფე გამოჰყავთ ამ ციხეებიდან, მიჰყავთ ჯერ მუკორისისში (ე.ი. პროკოპი კესარიელის "მოხირისისში"), ხოლო აქედან ერთი "გადაგზავნეს ე.წ. სვანიდის (სვანეთის) ციხეში", ხოლო მეორე "ე.წ. თაკვირიის ციხეში იბერიის მახლობლად". ზემომოყვანილიდან სრულიად ცხადი უნდა იყოს, რომ ეგრისის პატრიკიოსი მთელ იმ ტერიტორიას, რომელზედაც ზემოხსენებული ციხესიმაგრეები იყო განლაგებული, ე.ი. აფშილეთს, მისიმიანეთს, ლეჩხუმსა და სვანეთს უშუალოდ ფლობდა და, ამდენად, ეს მხარეები VII ს-ში ეგრისის სამთავროს უშუალო პროვინციებია ისევე, როგორც ეს იყო ძველად. ამ თვალსაზრისით საინტერესოა, რომ ლაზიკის პატრიკიოსს თავისი ერთ-ერთი რეზიდენცია "ჯიხახორაში" აქვს, რომელიც მოქვის მახლობლად ყოფილა, ე.ი. აფშილეთში".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.131/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 02:23 PM

"საყურადღებოა მარიამ-მაკრინეს [ბაგრატიონი, ასული ანა ჩოლოყაშვილისა და ქართლის მეფის ერეკლე პირველისა (ნაზარალი ხანი)] დამსახურება, როგორც შემწირველისა; მას ქართული ეკლესიებისთვის შეუწირავს ხელნაწერები - "მცირე გულანი", სახარება, მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება და თხზულებანი და ა.შ. ცნობილია მარიამ-მაკრინეს ინიციატივით გადაწერილი წიგნებიც"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 103/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2022, 09:59 PM

"ღმერთი და ყველა, ვინც ღმერთს მსახურებს, ერთ ენერგიაში მთლიანდებიან", - ბრძანებს წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, მაგრამ ის არ გულისხმობს, რომ ასეთ პირობებში განღმრთობილ წმინდანებს მათი პიროვნული თავისუფალი ნება ეზღუდებათ. წმინდანი ღმერთის სიდიადეს ხედავს და საკუთარ ნებას თავისი სურვილითა და სიყვარულით ჯერ ღმერთს უკავშირებს, ხოლო შემდეგ ღმერთის ნებას უძღვნის. პიროვნებები, რომლებიც ღმერთამდე მაღლდებიან და არ კარაგავენ საკუთარ პიროვნულობას, - განაგრძობს წმინდა მაქსიმე, - "ღვთის მადლით ღმერთები ხდებიან და ამავე დროს ქმნილებებად რჩებიან, ისევე, როგორც იესო ქრისტე განკაცდა, გაჩნდა კაცად და დარჩა ღმერთად". ამრიგად, ადამიანები განიღმრთობიან არა ბუნებით, არამედ როგორც "ქმნილი ღმერთები" - მადლით, ანდა სტატუსით.

პიროვნება სულსა და სხეულს ერთდროულად წარმოადგენს. სწორედ ამიტომ იესო ქრისტემ სრული ადამიანი გამოისყიდა, რაც საშუალებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ " როდესაც განიღმრთობა ჩვენი სული, მასთან ერთად ჩვენი სხეულიც უნდა განიღმრთოს", - წერს წმინდა მაქსიმე აღმსარებელი"

/"კარიბჭე" N9, 2022, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2024, 02:46 PM

3 თებერვალს, ქალაქ ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე "მაქსიმობა" აღინიშნა

"საზეიმო წირვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა, თანამწირველობდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

წირვის შემდეგ სასულიერო პირებმა და მრევლმა მურის კლდეკარში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში წმინდანის წმინდა ნაწილებთან გადაინაცვლეს და აქ აღევლინა პარაკლისი.

სადღესასწაულო ღონისძიებაში მრევლთან ერთად მონაწილეობდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები - მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N3, 2024, გვ.6/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)