თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ მამა ანდრია ყურაშვილი

პოსტის ავტორი: Nobody_33 თარიღი: May 1 2011, 08:35 PM

მამა ანდრია (პაატა ყურაშვილი) (1966 - 1993 )

1966 წლის 3 აპრილს ქალაქ ბაღდათში ელგუჯა და ლამარა ყურაშვილებს ვაჟიშვილი შეეძინათ. ქართველი მხედართმთავრის, გიორგი სააკაძის ვაჟის პატივსაცემად პაატა დაარქვეს. ფიზიკური ძალით გამორჩეული ახალგზრდა სკოლაში სპორტზე დადიოდა, იყო ჩემპიონი კარატესა და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. უყვარდა ლიტერატურა, ჰყავდა ბევრი მეგობარი, მათთან ერთად ილხენდა და დროს ატარებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ტექნიკურ სასწავლებელში განაგრძო, პარალელურად რადიოქარხანაში მუშაობდა, იმსახურა ჯარში. თითქოს არაფრით გამოიჩეოდა, მაგრამ მშობლებმა და აღზრდამ დიდი კვალი დაამჩნია მის ცნობიერებას. ყურაშვილების რვაშვილიანი ოჯახიდან ოთხი საეკლესიო მოღვაწე გამოვიდა.

ჯარიდან დაბრუნებულ პაატას სამშობლოში ვითარება შეცვლილი დახვა. ეკლესიისა და რელიგიისადმი მეტი ინტერესი გაჩნდა. ერთ დღეს პაატამ ბაღდათის ბიბლიოთეკას მიაკითხა. სამკითხველოს დირექტორის ილია კარკაძის (შემდგომ მამა ილია) შერჩევით შინ რამდენიმე სასულიერო წიგნი წაიღო და იმ დღიდან სრულიად შეიცვალა მისი ცხოვრება. ბევრს კითხულობდა, სახლიდან თითქმის არ გადიოდა, ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ინტერესი უფრო და უფრო უღრმავდებოდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ პაატამ შეიტყო, რომ სასულიერო პირის მიერ მონათლული არ იყო, ამიტომ ნათლიობა მამა ილიას სთხოვა და 1991 წელს ხელახლა მოინათლა. იმავე წელს, დიდმარხვაში პაატა პირველად ეწვია წმიდა ანდრია მოციქულის მონასტერს სხალთაში (აჭარა). შინ დაბრუნდა. მალე ისევ აჭარაში გაემგზავრა, თან სახლიდან ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი წაიღო და მონასტერში დარჩა.

ცოტა ხნის შემდეგ პაატა მამა ილიას გელათის მონასტერში ეწვია, ოჯახის წევრებიც ინახულა და სოფლის ტყეში, მღვიმეში განმარტოვდა. მშვიდ, სიტყვაძუნწ ადამიანს არ გასჭირვებია რამდენიმე კვირა მარტო, დღე და ღამე ლოცვაში გაეტარებინა. განდგომით ყოფნის შემდეგ პაატა ისევ სხალთაში დაბრუნდა.

1992 წლის 3 აპრილს დაბადების დღეზე პაატა ბერად აღკვეცეს და ანდრია პირველწოდებულის პატივსაცემად ანდრია დაარქვეს. იმავე წლის აგვისტოში მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. ამის შემდეგ მამა ანდრია ასკეტურად ცხოვრობდა, ფსალმუნებს ყოველდღე სრულად კითხულობდა, დღეში 200 მეტანიას ასრულებდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს დაუჯდომელს უკითხავდა და ჯანმრთელობის პარაკლისს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხატთან იხდიდა, თითქმის არაფერს ჭამდა, საწოლის ნაცვლად ფიცრებზე ეძინა. არც ფიზიკურ შრომას ერიდებოდა, მიწას ამუშავებდა, პურსა და სეფისკვერს თვითონ აცხობდა. დიდთოვლობას არ შეუშინდა და სხალთაში ჩარჩენილმა 5 თვე მონასტრეში მარტომ გაატარა. დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, როცა ვინმე ეტყოდა, თანამედროვე მამები ადრეულ საუკუნეთა წმიდა მამებს მეტოქეობას ვერ უწევენო. მათ პასუხს მოციქულ პავლეს სიტყვებით სცემდა: ”იესო ქრისტე გუშინ და დღეს იგივეა უკუნისამდე” როგორც ამბობდა, სულიერად ყველაზე ახლოს წმიდა სილუან ათონელთან იყო.

მალე მეუფე დანიელმა მამა ანდრია სამოღვაწეოდ აფხაზეთში გადაიყვანა და მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სოხუმიდან 15 კილომეტრით დაშორებულ კამანში წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამღვრად დანიშნა. მის დანიშვნამდე ეკლესიაში მღვდელმსახურება არ ტარდებოდა, ამიტომ მონაზონმა მარიამმა და მორჩილმა მარიამმა (დედა-შვილი ზოია და მანანა ანუები) მამა ანდრია უფლის მიერ მოვლენილად მიიღეს.

აფხაზეთის ომის დროს მრევლს ხშირად სასოწარკვეთილება და შიში იპყრობდა, მაგრამ მოძღვრის მოკრძალებული ღიმილი, უწყინარი საუბარი და სიმშვიდე ნუგეშით ავსებდა და ათბობდა ომისგან გატანჯულ ხალხს. თავმდაბალი და მორიდებული, მოკრძალებული და თავაზიანი, მომთმენი და დიდსულოვანი, სულიერად განწმენდილი არასოდეს ბრაზდებოდა. ადამიანურ სისუსტეს საოცარი სულგრძელობითა და სიყვარულით მიუტევებდა. რაც გააჩნდა, უსაზღვროდ გასცემდა და როცა გაჭირვებულს ეხმარებოდა, ბავშვივით ხარობდა.

1993 წლის 5 ივლისს კამანი ჩაიკეტა. აფხაზებმა სოფელი ალყაში მოაქციეს. ფიზიკურად ძლიერი და გონებით სავსე 27 წლის ახალგაზრდა მტერს არ შეუშინდა. სიკვდილი ძალიან ახლოს იყო, ამიტომ მამა ანდრიამ ყველას მოუწოდა, ღირსებით და მორჩილებით მიეღოთ ღვთის მიერ მოვლენილი მძიმე განსაცდელი. სიმშვიდე არც მაშინ დაუკარგავს, როცა მტერი კამანში შევიდა და ბრძოლის ხმა უკვე ეკლესიის ახლოს ისმოდა. ეკლესიაში ყვირილის ხმა შემოესმათ, კამანის ინვალიდთა სახლის მოხუცები დახმარებას ითხოვდნენ. მამა ანდრია არ შეშინდა და ტყვიების წვიმაში მოხუცებისაკენ გაეშურა. სულ მალე ბრძოლა ეკლესიის ეზოში გაჩაღდა.

ღამის 3 საათზე მოძღვარმა ეკლესიაში მყოფნი აზიარა, დილის ხუთის ნახევარზე ისინი ალყაში მოაქციეს. მამა ანდრიას კურთხევით ეკლესიის აღმდგენმა იური (გიორგი) ანუამ მტერს კარი გაუღო. ცოტა ხნის შემდეგ მამა ანდრიაც გაიყვანეს ტაძრიდან. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. კისერში ესროლეს. იმის ნაცვლად, რომ წინ დაცემულიყო, როგორც ჩვეულბრივ ხდება, მამა ანდრია ზურგით დაეცა. ეკლესიაში გამოკეტილებმა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაიგეს, რომ მათი მოძღვარი მოკლეს. მამა ანდრიას სხეული მიწაზე იდო, სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა.

კამანის ეკლესიის მრევლმა თვალნათლივ იხილა სასწაული. ივლისის თაკარა სიცხეში მამა ანდრიას სხეული უხრწნელი დარჩა. გვამს ჭრილობიდან სისხლი ისევ სდიოდა და მკვლელობის ადგილას დაღვრილიც, არ დედდებოდა. ამ სასწაულს აფხაზებიც შეესწრნენ. ბევრი მათგანი შენდობას ითხოვდა, წუხდა და თვალზე მომდგარ ცრემლს ვერ მალავდა. მათგან ზოგმა მამა ანდრიას მკვლელზე შურისძიბაც მოინდომა, მაგრამ სხვებმა ამის უფლება არ მისცეს. მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავად აფხაზებმა აცნობეს მრევლს, რომ მამა ანდრიას მკვლელი ნაღმზე აფეთქებულიყო.

მამა ანდრიას სხეული 7 ივლისს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, კამანში ეკლესიასთან ახლოს დაკრძალეს. საფლავზე ხის ჯვარი აღმართეს.

მამა ანდრიამ ქართულ ეკლესიებს და მონასტრებს უანდერძა დიდებულად თარგმნილი „სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის“.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 2 2011, 11:05 PM

ციტატა
მამა ანდრიამ ქართულ ეკლესიებს და მონასტრებს უანდერძა დიდებულად თარგმნილი „სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის“.

ვაა ეს არ ვიცოდი,საინტერესოა...fiqri.gif

პოსტის ავტორი: Nobody_33 თარიღი: May 6 2011, 10:21 PM

http://www.facebook.com/pages/მღვდელმონაზონი-ანდრია-ყურაშვილი/151945878205044 ეს მამაოს დის გაკეთებული გვერდია მოიწონეთ

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: May 8 2011, 06:24 PM

http://www.orthodoxy.ge/biografiebi/mama_andria1.htm

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 09:27 PM

მოვა დრო და მამა ანდრიას წმინდანად შერაცხავენ wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2016, 07:36 PM

"მამა ანდრიას გვერდით ცხოვრებამ დამანახა ბერული ცხოვრების სიდიადე".


/მამა სვიმონი (აბრამაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2016, 10:55 PM

"მანანა ანუა: - მამაჩემის შემდეგ ცოტა ხანში მამა ანდრიაც გაიყვანეს ტაძრიდან. მამა ანდრიამ სრული მორჩილებითა და შინაგანი ლოცვით შესვა ის ფიალა, რომელიც ხვდა წილად ღვთის შეუცნობი განგებულებით, იგი სრული უწყინარობით დაემორჩილა თავის ხვედრს და გმირულად შეეგება მოწამებრივ სიკვდილს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2016, 09:35 PM

"მონაზონი მარიამი: - მამა ანდრიასა და ჩემი მეუღლის ტაძრიდან გაყვანიდან ცოტა ხანში გავიგეთ, მამა ანდრია მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. კისერში ესროლეს. მან თავი არ მოუდრიკა მკვლელებს.

მთელი ღამე ლოცვაში გავატარეთ, მიცვალებულს სახეზე და ხელ-ფეხზე ნაკურთხი ზეთი წავუსვით. მარცხენა ხელში სკვნილი ჩავუდეთ, რომელზეც მთელი 24 საათი ლოცულობდა. მისი სახე ძალიან ლამაზი იყო".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2016, 09:55 PM

"უფალი და განგება რამდენ შვილსაც გაჩუქებს, იმდენი უნდა გააჩინოო, - იტყოდა ხოლმე მამაჩემი", - იგონებს მამა იოანე [ყურაშვილი, მამა ანდრიას ძმა]. მას კი ცხრა შვილი აჩუქა უფალმა. პირველად მამა ანდრია შეუდგა ღვთისკენ სავალ გზას. მისმა მოწამეობრვიმა აღსასრულმა ელგუჯა ყურაშვილის კიდევ ოთხ შვილს გადააწყვეტინა უფლის მსახურება.

კომუნისტური მმართველობის ხანაში ბატონმა ელგუჯამ ბაღდათში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დააარსა. რაიონში არსებული სიძველეები მოიძია, მიტოვებული ტაძრები დაასუფთავა, სიწმინდეები გამოიტანა და საკუთარი ამაგით დაარსებულ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დააბრძანა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2017, 11:47 AM

"1936 წელს გარდაიცვალა სქემიღუმენია თამარი (მარჯანიშვილი), დიდად მოღვაწე და მრავალჭირნახული დედა. გადასახლებაშიც კი ასკეტურად ცხოვრობდა. ჰყვებიან, თურმე განდეგილის ჯაჭვს ატარებდა ტანზე, საწოლზე ულეიბოდ, შიშველ ფიცარზე იწვა. საერთოდ კი ეძინა? მეზობელ ოთახში მყოფ მონაზონთაგან ღამით თუ ვინმეს გამოეღვიძებოდა, აშკარად ხვდებოდა, რომ სენაკში დედა თამარი ფხიზლობდა და ლოცულობდა.
დილეგში ჩამწყვდეულ წმინდა შუშანიკზე კი იაკობ ხუცესი ბრძანებს, - დიდმარხვის დროს, მთელი ექვსი წლის განმავლობაში, არც დღისით და არც ღამით არ დაჯდებოდა, არც დაიძინებდა და არც სჭმელს მიიღებდა, კვირაობით ეზიარებოდა უფლის ხორცსა და სისხლს, მცირე რამ ბალახის ნახარშს შესვამდა. მღვიძარებით და ლოცვით განიწმინდა სული თვისი და განვიდა ფრიად დამაშვრალ, მატლისაგან შეჭმულ ხორცთაგან და შეუერთდა სასურველ უფალს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2018, 04:32 PM

"იმდენად არაბუნებრივად ნათელი და განწმენდილი სახე ჰქონდა, შეუძლებელი იყო, დედამიწაზე კიდევ გაეგრძელებინა ცხოვრება".

/იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)