თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ისტორიის ფურცლებიდან

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Jan 18 2007, 07:06 PM

ამ თემაში დავდოთ ის საინტერესო დოკუმენტები თუ ჩანაწერები რომელიც ჩვენი ქვეყნის წარსულს, ისტორიას ეხება და არა მარტო ჩვენ ისტორიას, საერთოდ მსოფლიო ისტორიას.

”ქართლის ცხოვრებაში” დაცული გადმოცემით ქართლი თავდაპირველად ეწოდებოდა ქართველთა ლეგენდარული წინაპრის, ქართლოსის მიერ მცხეთის პირდაპირ მთაზე აშენებულ სიმაგრეს და რეზიდენციას. აქედან მისი სახელი ეწოდა ჯერ მთას და შემდეგ-მთელ ქვეყანას, რომლის ცენტრიც ეს ადგილი იყო: ”ერქვა მთასა მას ქართლი. და ამის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი”. მართლაც, ძველად ქართ-ი(ქართა) ეწოდებოდა შემოზღუდულ, გამაგრებულ ადგილს. მეგრულში და ზოგიერთ დასავლურ ქართულ დიალექტში(მაგ.: იმერულში, გურულში) დღესაც ქართა აღნიშნავს შემოფარგლულ ადგილს, რომელშიც ათავსებენ შინაურ ცხოველებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ადრე სიმაგრის, გამაგრებული ადგილის აღმნიშვნელმა ამ სიტყვამ მოგვიანებით მხოლოდ ცხოველთათვის შემოზღუდული ნაგებობის მნიშვნელობა შეინარჩუნა, ე.ი. ქვეყნის ცენტრს ერქვა ქართლი ანუ გამაგრებული ადგილი და შემდეგ ეს სახელწოდება მთელ ქვეყანაზე გავრცელდა.

ო.ჯაფარიძე, რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე და სხვ.-საქართველოს ისტორია X კლასისათვის. გამომც. ”ცისარტყელა”.


პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Jan 18 2007, 07:47 PM

კარგია ეს თემა რომ გახსენი, მეც ვაპირებდიsmile.gif
ეს კარგი ინფორმაცია არის, არ ვიცოდი ნამდვილად. რომელ მეატე კლასის წიგნშია ეს ინფორმაცია, მეც მეათე კლასით ვსცავლობ მაგრამ არ არის ამის შესახებ არაფერი. და რომელ საუკუნეში იყო ეს ციხე-სიმაგრე?

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Jan 19 2007, 12:12 AM

ციტატა(mr_morrison @ Jan 18 2007, 07:47 PM) *

კარგია ეს თემა რომ გახსენი, მეც ვაპირებდიsmile.gif
ეს კარგი ინფორმაცია არის, არ ვიცოდი ნამდვილად. რომელ მეატე კლასის წიგნშია ეს ინფორმაცია, მეც მეათე კლასით ვსცავლობ მაგრამ არ არის ამის შესახებ არაფერი. და რომელ საუკუნეში იყო ეს ციხე-სიმაგრე?


ეს ინფორმაცია არის ლურჯ ყდიან ისტორიის წიგნში. პირველ გვერდზე წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლია გამოსახული, უკანაზე სამთავისის ეკლესიაა.ეს ციხე-სიმაგრე რომელ საუკუნეში იყო არ ვიცი.მე როგორც ვიცი ამ ფორუმზე არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც კარგად არიან გარკვეული ისტორიაში. მე მხოლოდ სკოლის ისტორიის დონეზე ვარ და იქნებ მათ ვთხოვოთ დახმარება.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 24 2007, 11:25 PM

რა ვიპოვე!!!

წმ. ირინეოს ლიონელი (II ს.) შემდეგნაირად აღწერს ეკლესიის მთლიანობას: „ეკლესიამ, თუმცა იგი განფენილია ქვეყნის კიდიდან კიდემდე, მიიღო მოციქულთაგან და მათი მოწაფეებისაგან რწმენა... ამ ქადაგებასა და რწმენას ეკლესია მტკიცედ ინახავს, როგორც ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ოჯახი, და სწამს, როგორც მქონეს ერთისა სულისა და ერთისა გულისა; თანახმად ამისა, ქადაგებს და ასწავლის... თუმცა ერები მსოფლიოში სხვადასხვაა, მათი გადმოცემის ძალა ერთი და იგივეა. არც ეკლესიებს, დაფუძნებულთ გერმანულ ქვეყნებში, არც ივერიის ეკლესიებს, არც კელტებს, არც აღმოსავლეთში, არც ეგვიპტეში, არც ლიბიაში... განსხვავვბულად არა სწამთ; როგორც მზე, ქმნილება ღვთისა, ქვეყანაზე ერთი და იგივეა, ასევე ქადაგება ჭეშმარიტებისა ყველგან ანათებს და განანათლებს ყოველთა კაცთა, რომელთაც სურთ შეცნობა ჭეშმარიტებისა“ (წმ. ირინეოს ლიონელი. ერეტიკოსთა წინააღმდეგ, 1,10,1-2).
ჩვენთვის მით უფრო ძვირფასია ეკლესიის ამ დიდი მასწავლებლის სიტყვები, რამდენადაც იგი მაგალითისათვის ასახელებს ივერიის ეკლესიებს, როგორც შემნარჩუნებელთ მოციქულთა რწმენისა და ჭეშმარიტებისა ჯერ კიდევ II საუკუნეში. აქედან ჩანს, რომ კაპადუკიიდან წმ. ნინოს მოსვლამდე ივერიის ეკლესია უკვე ჰყვაოდა და მოციქულთა რწმენის დამცველი იყო.

(უწმინდესის ეპისტოლედან)

smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 26 2008, 06:26 AM

ციტატა
, დაფუძნებულთ გერმანულ ქვეყნებში, არც ივერიის ეკლესიებს, არც კელტებს,


მეც მაგრად გამიხარდა ეგ პირველად რომ წავიკითხე...მაგრამ შემდეგ კი ცოტა წყალი გადამასხეს, როცა ზოგიერთი მკვლევარის კომენტარი წავიკითხე "გერმანიის და კელტებს" შორის ირინეოსი ( საფრანგეთში მყოფი) არ მოიხსენიებდა შორეულ კავკასიაში მყოფ იბერიას, არამედ იმ იბერიას ( ბერძნულ ორიგინალში ორივე ერთანაირად იწერება) რომელსაც დღეს ჩვენ ესპანეთის ნახევარკუნძულს ვუწოდებთო...

ნახეთ შესაბამისი წყარო

"For the Churches which have been planted in Germany do not believe or hand down anything different, nor do those in Spain, nor those in Gaul, nor those in the East, nor those in Egypt, nor those in Libya"

Taken from "The Early Church Fathers and Other Works" originally published by Wm. B. Eerdmans Pub. Co. in English in Edinburgh, Scotland beginning in 1867. (ANF 1, Roberts and Donaldson.)

http://www.documentacatholicaomnia.eu/03d/0130-0202,_Iraeneus,_Against_Heresies,_EN.doc

არ ჩამქოლოთ ახლაbiggrin.gif

მაგრამ ვფიქრობ იქ უფრო ესპანეთზე იყო საუბარი...

ბოდიში-თი;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 26 2008, 05:02 PM

ციტატა(KAIROS @ Jan 26 2008, 07:26 AM) *


ნახეთ შესაბამისი წყარო

"For the Churches which have been planted in Germany do not believe or hand down anything different, nor do those in Spain, nor those in Gaul, nor those in the East, nor those in Egypt, nor those in Libya"

Taken from "The Early Church Fathers and Other Works" originally published by Wm. B. Eerdmans Pub. Co. in English in Edinburgh, Scotland beginning in 1867. (ANF 1, Roberts and Donaldson.)

http://www.documentacatholicaomnia.eu/03d/0130-0202,_Iraeneus,_Against_Heresies,_EN.doc

არ ჩამქოლოთ ახლაbiggrin.gif

მაგრამ ვფიქრობ იქ უფრო ესპანეთზე იყო საუბარი...

ბოდიში-თი;

კაიროსი!


არაფერი საქილიკო არ დაგიწერია, სწორად მიხვდი რომ იქ პირინეის იბერიაზე იყო საუბარი და არა საქართველოზე.

თუმცა საქართველოში რომ იყო მაგ დროს ქრისტიანული თემები ესეც ფაქტია.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 26 2008, 06:47 PM

ციტატა
თუმცა საქართველოში რომ იყო მაგ დროს ქრისტიანული თემები ესეც ფაქტია.



რათქმაუნდა ძმაო, ეგ სხვა წყაროებით დასტურდება...

ციტატა
ლეონტი როველს უწერია, რომ პირველად ყველა ერთად არარატისა და მასისსა მთებს შორის დასახლდნენო.


ლენუს,

სხვაგან კი ვაყრით ერთმანეთს, მაგრამ აქ ვფიქრობ ეს არ უნდა მოხდეს, მროველის ეს აზრი მისაღებია? აკი ბევრი წერს მის სომხოფილობის შესახებ...

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 26 2008, 07:49 PM

ციტატა(KAIROS @ Jan 26 2008, 07:47 PM) *


ლენუს,

სხვაგან კი ვაყრით ერთმანეთს, მაგრამ აქ ვფიქრობ ეს არ უნდა მოხდეს, მროველის ეს აზრი მისაღებია? აკი ბევრი წერს მის სომხოფილობის შესახებ...


ავტორის სომხოფილად ძირითადად იმის გამო მიიჩნევა რომ ჰაოსს ასახელებს უფროსს ძედ და არა ქართლოსს,

რაც არა ავტორის არამედ თარგამოსიანობის თეორიის სომხურ სივრცეში ჩასახვას უსვამს ხაზს, საიდანაც

,,ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა''

ავტორი სავარაუდოდ სარგებლობდა ამ ამბის გადმოცემისას, ის სხვა შემთხვევაშიც ხშირად იყენებს

სომხურ წყაროებსა თუ გადმოცემებს რაც მის სომხოფილობაზე ნამდვილად არ მიანიშნებს, არამედ უფრო

ობიექტურობაზე. რაც შეეხება ლეონტი მროველს ის არ არის ავტორი, არამედ რედაქტორი და ერქვა თუ არა მას

ლეონტი ისიც კი არ ვიცით ზუსტად, თუმცა ის კი ზუსტია რომ პირი რომელმაც ქართლის ცხოვრების ტექსტები ერთ

ნაწარმოებად შეკრა რუისის ეპისკოპოსი იყო ანუ მროველი (ასე იწოდებიან რუისის ეპისკოპოსები), რასაც ერთ-

ერთი მინაწერი ადასტურებს სამწუხაროდ იქ არ არის სახელი დატანებული და ლეონტი ივ. ჯავახიშვილმა შემოიტანა

რომელიც 1066 წლის ერთ-ერთი ლაპიდარული (კედლის) წარწერის მიხედვით რუისის ეპისკოპოსი იყო ,ხოლო

ქართლის ცხოვრების უცნობი მროველი კი როგორც ვიცით XI ს. 70 იან წლებში (ან 40-იანებში, ზოგის მიხედვით

XIIს. ან X ს. ან კიდევ უფრო ადრე) მოღვაწეობდა და კრებდა იმ თხზულებებს რომელიც მასში შევიდა.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 26 2008, 08:02 PM

ციტატა(Lenus @ Jan 26 2008, 08:54 PM) *

KAIROS



ასეთი კაზუსები და კამათები სულ იქნება ისტორიაში ჩემო კარგო, მაგრამ მგონი სწორედ ამითია ეს სფერო საინტერესო, აღმოაჩენ ერთ ნაშრომს და თავდაყირა დგება მანამდე მიღებული ჭეშმარიტებები...



მართალია, ერთი ნაშრომის არმოჩენა ან ახალი გამოკვლევის დაწერა ხშირად ბევრ რამეს სულ ცვლის, მაგალითად

ჯავახიშვილი თვლიდა რომ ,,ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა'' და

ჯუანშერის ,,ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა'' ფიქცია და ფაქტობრივად ზღაპარი იყო, მაგრამ

როგორც სხვა მკვლევარებმა გაარკვიეს არ ყოფილა მთლად ისე როგორც დიდ ივანეს ეგონა, არაერტმა სხვა

მასალებთან შედარებამ გამოაჩინა რომ ეს წყაროები სანდო მატერიალები და რომ მათი შესწავლა ამ კუთხით

აუცილებელია.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 26 2008, 10:08 PM

ლეონტი მროველის შესახებ

ციტატა
სომხურ წყაროებსა თუ გადმოცემებს რაც მის სომხოფილობაზე ნამდვილად არ მიანიშნებს, არამედ უფრო ობიექტურობაზე.

საინტერესოა, არადა არამარტო მე, არამედ ბევრი ისტორიკოსი თვლიდა მას სომხოფილად თუ არა რაღაც გავლენის ქვეშ მყოფს მაინც, ნახეთ

"..ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდის კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმჴნითა", ნუ ახლა ეს ჰაოსომანია, აშკარად სომხური გავლენაა, რომაა ვფიქრობ ნათელია..
ეს საინტერესო სტატიაა მასზე და მის შრომებზე

34. ლეონტი მროველი



მეთერთმეტე საუკუნიდან ჩვენ გვაქვს რამდენიმე ნაწარმოები, რომელთა ავტორად ერთ-ერთი მინაწერი ლეონტი მროველს თვლის. სახელდობრ, მარიამ დედოფლის (აგრეთვე ანა დედოფლისაც) “ქართლის ცხოვრებაში” ერთ ადგილას აღნიშნული: “არჩილის წამება და მეფეთა ცხოვრება და ნინოსაგან ქართლის მოქცევა ლეონტი მროველმან აღწერა” (გვ. 211), და თან დამატებულია: “დედასა ესთენ ეწერაო”. არავითარი სხვა, ან სხვა წყაროდან მომდინარე. ცნობა ლეონტი მროველისა და მისი ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ჩვენ არ მოგვეპოვება[1]. მაგრამ ასაკი იმ ნაწარმოებისა, რომელშიაც ამ მინაწერს ადგილი აქვს, თავდებია იმისა, რომ ის, თუ თანამედროვე არაა ლეონტისა, ძალიან მალე კია გაკეთებული მის შემდეგ. სიტყვები: “დედასა ესთენ ეწერაო”, გვაფიქრებინებს, რომ, თავდაპირველად, სანამ “ქართლის ცხოვრების” პირველი კრებული შედგებოდა, არსებობდა ცალკე კრებული ლეონტის შრომებისა აღნიშნული მინაწერით, რომელიც აქედან რედაქტორს, მართალია უადგილო ადგილას, “ქართლის ცხოვრებაშიც” ჩაურთავს.

ტიტული მროველი გვაფიქრებინებს, რომ ლეონტი ყოფილა რუისის მღვდელმთავარი: ეპისკოპოსი ან მთავარეპისკოპოსი. ის რომ მართლაც სასულიერო პირია, ამის თავდებია ნინოსა და არჩილ მეფის ცხოვრება, აგრეთვე მეფეთა ცხოვრების ზოგიერთი აზრი და წარმართობის განმაქიქებელი პოლემიკური და ქრისტიანობის განმადიდებელი აპოლოგეტური ტონი, რომელიც უფრო სასულიერო პირს შეშვენის.

როდის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ლეონტი? ამის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. აკად. ნ. მარის შემთხვევით გამოთქმული აზრის თანახმად, ლეონტი მერვე საუკუნის მწერალია[2]. ამ აზრს, რომელსაც მხარს უჭერს მ. ჯანაშვილიც[3], საფუძვლად უძევს, ალბათ, არჩილ მეფის მეტაფრასული ცხოვრების შემდეგი სიტყვები: არჩილის “ღირსებისთა ქებათა ვერვინ მკადრე ქმნილ არს, თჳნიერ მის ჟამისა წმიდისა ეპისკოპოსისა ლეონტი მროველისა, რომელსაცა მისი სანატრელი ცხორებაჲ და ღუაწლი ვრცლად აღუწერია, ვითარცა მოგჳთხრობს მატიანე ქართველთა ცხოვრებისაო”[4]. მაგრამ, როგორც ის არაა მართალი, რომ ლეონტის არჩილის ცხოვრება “ვრცლად აღუწერია”, ისე არც ისაა მართალი, ვითომც ის, ლეონტი, “მის ჟამისა”, ესე იგი არჩილის დროის, მაშასადამე, მერვე საუკუნის მწერალია. აკად. ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევით, შეუძლებელია ლეონტი მროველს მეთერთმეტე საუკ. ადრე ეცხოვრა. ის მას თვლის ამ საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწედ[5]. ს. კაკაბაძე თავდაპირველად არსებითად ეთანხმებოდა აკად. ი. ჯავახიშვილს, თუმცა ლეონტის მოღვაწეობის ხანად მას მიაჩნდა მეთერთმეტე საუკუნის არა პირველი ნახევარი, არამედ დასასრული მისი, დავით აღმაშენებლის მეფობა[6]. შემდეგ კი ლეონტის მოღვაწეობის დრო მან გადმოიტანა 900 - 920 წლებში ერთი გლოსის მიხედვით, რომელიც ლეონტის არჩილის “ცხოვრებაში” შეუტანია, სახელდობრ: ბერძენთა მეფე უთვლის არჩილსა და მიჰრს: “დაადგერით სიმაგრეთა შინა თქუენთა, ვიდრემდის წარხდეს წელიწადნი მათნი სამასნი, რამეთუ ორას და მეერგასესა წელსა განევლთოს მეფობა მათი და განსრულებასა მესამასისა წელიწადისასა მოეცეს ძალი მეფობასა ჩუენსა და შევმუსრნეთ აგარიანნი”. ს. კაკაბაძის აზრით, რადგანაც აგარიანთა “განვლთოლვა” და მათგან შუამდინარის დაბრუნება 250 წლის შემდეგ ჰიჯრიდან, ესე იგი 880 წლის ახლოს, არ მომხდარა, ლეონტის ამ სიტყვების აღსასრული მესამასე წელიწადისათვის დაგაუდვია, მაშასადამე, თავის სალიტერატურო მუშაობა მას უნდა ეწარმოებინა 930 წელზე უფრო ადრე, დაახლოებით 900 - 920 წლებშიო[7]. ჯერ ერთი აღნიშნული გლოსა იკითხება არა ლეონტის მიერ დაწერილს არჩილის “ცხოვრებაში”, არამედ ჯუანშერის ისტორიაში[8], მაშასადამე, ის ეკუთვნის არა ლეონტის, არამედ ჯუანშერს. მეორე - თუ ამ გლოსაში ჩვენ ჯერ კიდევ აუსრელებელ წინასწარმეტყველებას დავინახავთ აგარიანთა დასუსტებისა და შემუსვრის შესახებ, ლეონტის მოღვაწეობა ისეთივე უფლებით შეგვიძლია 250 წელზე ადრე ჰიჯრიდან დავდოთ, როგორითაც მესამასე წელზე. მარლაცდა, თუ მისი მოღვაწეობა ჰიჯრიდან სამასი წლის შესრულებამდე უნდა დაიდოს, რატომ მაინცდამაინც 900 - 920 წლებს უნდა მივაკუთვნოთ ის და არა მეცხრე, მერვე ან მეშვიდე საუკუნეებს? მესამე - დღეს უკვე გამორკვეულია, რომ ამ გლოსაში ჩვენ გვაქვს არა ჯუანშერისა და, მით უმეტეს, ლეონტის წინასწარმეტყველება ან მოლოდინი, არა რაიმე რეალური ისტორიული ფაქტის აღმნიშვნელი თარიღი, არამედ ასტროლოგიურ-კაბალისტიკური “ჰერმეს ტრისმეჯისტონის წიგნიდან” ამოღებული გამოანგარიშებისა და რიცხვთა კომბინაციების გამოძახილი[9], ამიტომ მათზე დაყრდნობით ყოვლად შეუძლებელია ლეონტი მროველის მოღვაწეობის დათარიღება.

მ. თარხნიშვილის აზრით, ლეონტი მროველის ლიტერატურული საქმიანობა მერვე საუკუნის მეორე ნახევარს ვერ გადასცილდება[10]. უფრო ზუსტად, ის უნდა დაიდოს 6 - 7 საუკუნ., სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილებამდე[11]. რატომ? რადგანაც მისი სახელით ცნობილი შრომები ამ ეპოქას ეკუთვნიანო (S 92). მაგრამ ეს უკანასკნელი ხომ დასამტკიცებელია, განა შეიძლება ერთი უცნობით მეორე უცნობის გარკვევა? მ. თარხნიშვილს არც ის უშლის ხელს, რომ ლეონტის შრომაში იხსენიება ქ. ბაღდადი, - ეს, მისი სიტყვით, შემდეგი დროის დამატებაა, - არც ის გარემოება, რომ ამ შრომაში არაბთა ეპოქის კვალი ჩანს, ესეც, მისივე განცხადებით, ან მოგვიანო დროის ინტერპოლაციაა, ანდა არამეულ-სირიულის (??) გამოვლინება (S 407, შენიშვ. ). ყველაფერი ეს ნაკარნახევია უფრო არქაიზაციის მიზნით, ვიდრე მკაცრი მეცნიერული მეთოდით. არც ლიტერატურული წყაროები ლეონტისა, რომელთაგან ზოგიერთი X - XI ს. ეკუთვნის, არცთუ მისი გეოგრაფია ასეთი განცხადების უფლებას არ იძლევა. არ იძლევა ამის უფლებას მისი საისტორიო შრომის მიზანდასახულება, განსაკუთრებით კი ენა თხზულებისა[12].

როგორც ქვემოთ, თავის ადგილას, დავინახავთ, ყველაზე ადრინდელი შრომა ლეონტისა არის “ნინოს ცხოვრება”; ამას ის იყენებს თავის მეორე შრომაში “მეფეთა ცხოვრებაში”, რომელიც დაწერილია 1072 წლამდე. ხოლო მესამე მისი შრომა “მარტვილობა არჩილ მეფისაძ, შედგენილია 1072 წლის შემდეგ, ვინაიდან იმას იყენებს ჯუანშერი. ასე რომ, ამისდა მიხედვით, ლეონტი ჩვენ გვესახება მეთერთმეტე საუკუნის სამოციანი-სამოცდაათიანი წლების მოღვაწედ[13]. დღეს უკვე “ქვანიც ღაღადებენ” ამ ჭეშმარიტებას. 1957 წლის ივნისში აღმოჩენილი იქნა თრეხვის გამოქვაბულში ქვაჯვარის ძეგლი, რომელსაც შემდეგი წარწერა აქვს:

წმიდაჲ მიქელ მთავარანგელოზი.

მე ლეონტი მროველმა დიდითა მოჭირვებითა აღვაშენე ესე ქუაბი ხატისათჳს ღმერთეებისა და დღესა ჭირისასა ნავთსაყუდელად რუისისა საყდრისა შვილთათჳს ჟამთა შინა ალფარსალან სულტანისაგან ოხრობისათა.

ქორონიკონსა სპვ[14].

აქიდან ირკვევა, რომ ლეონტი მროველი თანამედროვეა ალფარსლან სულტანისა (1063 - 1072), და უკანასკნელის მიერ საქარველოს აოხრებასთან დაკავშირებით (1065 - 1068 წ.,) 1066 წელს (ქორონიკონი სპვ) მას აუშენებია ქუაბი, რომელშიაც დასახელებული ძეგლი შენახულა.

როგორც მისი შრომებიდან ჩანს, ლეონტი საკმაოდ ნაკითხი და განათლებული კაცი ყოფილა: მას კარგად სცოდნია როგორც საეკლესიო (ბიბლია, აგიოგრაფია), ისე საერო (შაჰნამე), საისტორიო (ბიზანტიელი ისტორიკოსები, მოსე ხორენელი, აგათანგელოსი) და აპოკრიფული (ფსევდოეფრემი, ფსევდომეთოდი) მწერლობა. უცხო ენათაგან მან იცის ბერძნული ენა, რომლიდანაც თარგმნის ერთ აპოკრიფს და რომლის ნორმების მიხედვით აწარმოებს ქართველი ეთნარხოსების სახელებს, აგრეთვე სპარსული (ამ ენაზე მას მთელი წინადადება მოუყვანია თავის მატიანეში, გვ. 160) და, შეიძლება, სომხურიც.

ახლა განვიხილოთ მისი შრომები, რომლებიც ზემომოყვანილ მინაწერში არის ჩამოთვლილი. ესენია: ნინოს ცხოვრება, მეფეთა ცხოვრება და არჩილ მეფის წამება.

I. ცხოვრება ნინოსი. ლეონტი მროველის დრომდე ჩვენს მწერლობაში არსებობდა ნინოს ცხოვრების ის რედაქცია, რომელიც შემოუნახავს ჩვენთვის შატბერდისა და ჭელიშის ხელნაწერებს და რომლის შესახებ ქვემოთ გვექნება ლაპარაკი. აი ეს რედაქცია აუღია ლეონტის და თავისებურად გადაუკეთებია. რაც ძველი რედაქციის თავში იყო მოქცეული, მას ბოლოში მოუთავსებია; პირველი პირის მოთხრობა მესამე პირისად გადაუკეთებია, ზოგიერთი პარაგრაფი ძველი მოთხრობისა გამოუშვია, ზოგი მიუმატებია, ფრაზები განუვრცია და სიტყვები განუახლებია. უმთავრესი განსხვავებანი ლეონტის რედაქციისა ძველი რედაქციისაგან უკვე აღნიშნულია სამეცნიერო ლიტერატურაში[15], ამიტომ მათ აქ აღარ გავიმეორებთ; შევნიშნავთ მხოლოდ, რომ იმ ადგილთა შორის, რომელნიც ლეონტის თვითონ შეუტანია, უფრო მნიშვნელოვანი ცნობა ნებროთის წიგნის შესახებ (გვ. 86 - 87) და ამბავი კეისრისათვის საცოლოს ძებნისა და თრდატ, სომეხთა მეფისაგან, ნინოს თანამოგზაურ რიფსიმიანთა წამებისა (გვ. 63 - 66). პირველი ამოღებული აპოკრიფიდან “თარგმანი დაბადებისათჳს ცისა და ქუეყანისა”, რომლის შესახებ ქვემოთ გვექნება ლაპარაკი, რაც შეეხება მეორეს, უკანასკნელი წლების სპეციალური გამოკვლევით (პროფ. ილ. აბულაძე), რიფსიმიანთა წამებისა და სომეხთა მოქცევის გამოცემისას ლეონტის გამუყენებია ერთი და იგივე წყარო, შემცველი როგორც წამებისა, ისე მოქცევისაც. ეს წყაროა ბერძნული, და ისიც ამ ენაზე დაცული ვრცელი ვარინტი აგათანგელოსისა თუ არა, მისგან არც ისე დიდად დაშორებული[16].

საერთოდ უნდა შევნიშნოთ, რომ ვერც ერთი იმ ნაკლთაგანი, რომელიც ახასიათებს ძველს, შატბერდულ რედაქციას ნინოს ცხოვრებისას, ლეონტის თავიდან ვერ აუცილებია და თავის შრომაში ნაბიჯი წინ ვერ წაუდგამს. ამით აიხსნება, ალბათ, ის სიტყვები, რომლითაც არსენ ბერი ახასიათებს ამ შრომას: “ესე ნეტარისა ნინოჲს ცხორებაჲ შეუწყობელად, განბნეულად და აღრეულად ეწერა... ამისათჳს საეკლესიოთ მკითხველთათჳს ფრიად საწყინო იყო და მსმენელთათჳს უჴმარ და ვერ საცნაურო[17]. თუმცა, მიუხედავად ამისა, ლეონტის შრომამ გამოდევნა სხვა ვერსიები ჩვენი მწერლობიდან და უცილობელი ბატონობა მოიპოვა, ალბათ, იმიტომ, რომ ის “ქართლის ცხოვრების” შემადგენელ ნაწილად იქცა.

ლეონტის ეს შრომა თავდაპირველად მეფეთა ცხოვრებაში შეტანილი არ ყოფილა, ის შეადგენდა დამოუკიდებელ შრომას, ისე როგორც არჩილის წამება. ეს რომ ასეა, შემდეგიდან ჩანს: 1) ის იწყება, როგორც მთლიანი და დამოუკიდებელი შრომა, სიტყვებით: “პირველად უკვე ვაჴსენოთ ცხორება წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა” (გვ. 55); 2) არსენ ბერი, ავტორი ნინოს მეტაფრასული ცხოვრებისა, ამბობს: ესე ნეტარისა ნინოჲს ცხორებაჲ შეუწყობელად და განბნეულად ჰამბავსა მეფეთასა თანა სწერიაო. მაშასადამე, მის დროს ყოფილა ისეთი ნუსხებიც ნინოს ცხოვრებისა, რომელნიც მეფეთა ცხოვრებაში კი არ ყოფილა შეტანილი, როგორც ახლა, არამედ მასთან ერთად ან მის გვერდით არსებობდა; 3) ავტორი გადმოგვცემს მირიანის ცხოვრებას მთელ პარაგრაფში (გვ. 48 - 55), რომელსაც ათავებს მირიანის მიერ მოხდენილი სარწმუნოებრივი რეფორმის მოკლე აღწერილობით: “მას ჟამსა მოსრულ იყო წმიდა და ნეტარი დედა და ემბაზი ჩუენი ნინო და დაეყო მცხეთასა შინა სამი წელი და განაცხადა ქრისტეს სჯულისა და იქმოდა კურნებასა თჳნიერ წამალთა ჴმარებისა და ჴმამაღლად იწყო ქადაგებად ქრისტეს სჯულისა, ჭეშმარიტისა მის ღმრთისა ჩუენისა” (გვ. 55). ლეონტის მიზნებისათვის, ისტორიის საზოგადო კურსში, ეს მოკლე ცნობაც საკმაო იქნებოდა, ამიტომ სრულიად ბუნებრივად მას თავისი მოთხრობა ამ სიტყვების შემდეგ ასე გაუგრძელებია: “მაშინ კეისარსა კონსტანტინეს რომელ ჰყვა მძლევალი, ძე მირიანისი, რომელსა ერქუა ბაჰქარ, გამოუგზავნა მეფემან კონსტანტინე ნიჭითა დიდითა და მოუწერა ესე” (გვ. 109). მაგრამ შემდეგი დროის რედაქტორს სწორედ ამ აბზაცებს შუა ჩაუკერებია ცხოვრება ნინოსი, რომელშიაც უფრო ვრცლადაა გადმოცემული ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი მირიანის მეფობისა; 4) ლეონტის რამდენიმე შემთხვევა ჰქონდა შეეტანა თავის შრომაში ესა თუ ის აგიოგრაფიული ნაწარმოები, მაგალითად, წამება რაჟდენ პირველმოწამისა (გვ. 170 - 180), ცხოვრება იოანე ზედაზნელისა (გვ. 187 - 188) და მარტვილობა შუშანიკისა (გვ. 188), მაგრამ ამას ის მორიდებია, როგორც დამარღვეველს მისი საისტორიო მოთხრობის მთლიანობისას. შუშანიკის შესახებ, მაგალითად, ის პირდაპირ შენიშნავს, რომ “სიგრძისაგან არა დავწერენ ღუაწლნი” მისნი ჩემს შრომაშიო (გვ. 188). რაღა ნინოს ცხოვრებისათვის უღალატებდა ის თავის მეთოდს? როდის შეიტანეს ეს ცხოვრება მატიანეში, დანამდვილებით არ ვიცით. ერთი ცხადია, რომ, როდესაც ლეონტის მატიანე სომხურად უთარგნიათ, მაშინ ის უკვე შეტანილი ყოფილა იმაში[18]. ასე რომ, ის დაახლოებით მეთორმეტე საუკუნის მეორე ნახევარში უნდა იყოს შეტანილი მატინეში, ესე იგი მაშინ, როდესაც ლეონტისა და ჯუანშერის შრომებიდან შეუდგენიათ ერთი კრებული, პირველი რედაქცია ქართლის ცხოვრებისა.

ნინოს ცხოვრება უფრო ადრე უნდა იყოს დაწერილი ლეონტის მიერ, ვიდრე მეფეთა ცხოვრება. ამას, სხვათა შორის, გვაფიქრებინებს ერთი წინადადება, რომელსაც მეფეთა ცხოვრებაში ვკითხულობთ: “ნინო იქმოდა კურნებასა თჳნიერ წამალთა ჴმარებისა” (გვ. 55). ეს წინადადება ამოღებულია ნინოს ცხოვრებიდან, სადაც ნათქვამია: “რეცათუ მიზეზითა წამალთა ჴმარებისაჲთა მრავალნი განუკურნებელთა სენთაგან შეპყრობილნი განათავისუფლნა უძლურებათაგან მათთან (გვ. 76) და “განკურნის განუკურნებელნი თჳნიერ წამალთასა” (გვ. 83). წინ უსწრებს ეს ცხოვრება ჯუანშერის შრომასაც, რომლის ერთი წინადადება - ქართველებმა “ნათელი მიიღეს ჴელთა ქუეშე” ბერძენთასა (გვ. 205), ამოღებული ნინოს ცხოვრებიდან, სადაც ნათქვამია: “სიხარულითა აღივსებოდა მეფე და დედოფალი (ბერძენთა), რამეთუ ჴელსა მათსა ქუეშე ნათელს იღებდა ყოველი ქართველიო” (გვ. 97).

II. მეფეთა ცხოვრება. ეს არის საისტორიო ხასიათის შრომა ლეონტი მროველისა, რომელიც განხილული გვაქვს სხვაგან[19].

III. წამება არჩილ მეფისა არის პატარა, მოკლე ნაწარმოები, რომელიც “ქართლის ცხოვრების” პირველ რედაქტორს შეუტანია ჯუანშერის თხზულებაში (გვ. 211 - 215) იქ, სადაც ლაპარაკია არჩილის შესახებ, და თან დაუმატებია: “წიგნი ესე იპოვა ესრეთ სულ მცირედ აღწერილი, რომელ ჟამთა შლილობითა ჯერისაებრ ვერვის აღუწერიაო” (გვ. 215). ლეონტი მროველის დრომდე, თუ არჩილის წამება არა, კულტი მაინც არსებობდა მისი. ეს იქიდან ჩანს, რომ იოანე-ზოსიმეს კალენდარში, 15 იანვარს დადებულია ხსენება მარჩილისა, ქართველისა მოწამესაჲ”.

ლეონტი მროველს ამ თხზულების დაწერისას ხელთა ჰქონია უმთავრესად ჯუანშერის შრომა. მართლაც: 1) დასაწყისი მისი: “ვითარ გარდაჴდეს წელიწადნი ორმეოცდაათნი კუალად მოვიდა...” განმეორებაა ჯუანშერის სიტყვებისა: სარკინოზნი “წელიწადსა ორმეოცდა ათსა არღარა შემოვიდოდეს” ქართლს (გვ. 211); 2) თანახმად ჯუანშერისა, ლეონტიმ იცის, რომ არჩილის პაპა არის ადარნასე ხოსროიდი და არა ბაგრატიონი (გვ. 213); 3) იცის მან ისიც, რომ ერეკლე კეისარმა და სტეფანოზ მთავარმა ქართლში მიწასა შინა დაფლეს მრავალი საგანძური (გვ. 213 - 214), რაც მხოლოდ ჯუანშერს აქვს გადმოცემული (გვ. 199 - 200); 4) არაბთა მხედართმთავრად მათი პირველი შემოსევისას ჩვენში ლეონტი თვლის ამირა ყრუს (გვ. 212, 214) და ამ შემთხვევაში იმეორებს ჯუანშერის შეცდომას (გვ. 200)[20]. საერთოდ, თხზულება ღარიბია შინაარსით. ჩანს, მეტი ცნობები ამ ეპოქიდან არც ლეონტის დროს არსებობდა, თორემ, თუ ის არა, ჯუანშერი მაინც შეიტანდა თავის ისტორიაში.

როდის ეწამა არჩილ მეფე? ეს საკითხი მეტად ბუნდოვანი და ძნელად გასარკვევია ჩვენს ისტორიაში. საქმე ისაა, რომ, გარდა ჯუანშერისა, სხვა ძველი ისტორიკოსები არჩილს არ იხსენიებენ. ამით აიხსნება, რომ მის გარდაცვალებას ჩვენი მკვლევარნი სხვადასხვა დროს უჩვენებენ: ვახუშტი ბატონიშვილით (მასთან ერთად ბროსეთი, ბაქრაძით, ჯანაშვილით) არჩილი (გამეფებული 668 წ.) გარდაცვლილა 718 წელს[21], მ. საბინინით - 744 წ.[22], აკად. ივ. ჯავახიშვილი, მართალია, არჩილ მეფეს სულ არ იხსენიებს, მაგრამ, ვინაიდან მისი შვილის ჯუანშერის ამბავს 761 - 771 წლებში სდებს[23], არჩილის წამებას, მისი კონცეფციით, არაბთა მეორე შემოსევისას (გვ. 737 - 741) უნდა ჰქონოდა ადგილი. არჩილი მეფობს 50 წლის შემდგომ არაბების არა პირველ, არამედ მეორე, მურვან იბნ-მუჰამედ ყრუს დროს, შემოსევისას (737 წ.). არაბთა მხედართმთავარი ჭიჭუმი, რომელსაც ასიმ ეწოდება, არის, როგორც Marquart-მაც აღნიშნა[24], ჰაზიმ ხუზაიმა, რომელიც ალ-რაშიდმა დანიშნა მერვე-მეცხრე საუკუნეთა მიჯნაზე. არჩილი შვილია სტეფანოზისა, ეს შეიძლება იყოს სტეფანოზი აბო თბილელის მარტვილობისა. ასე რომ, არჩილის წამებას ადგილი ჰქონდა მერვე საუკუნის გასულს (737+50), 787 წლის შემგომ[25].

IV. ჩამოთვლილი თხზულებანი ორიგინალური ნაწარმოებია ლეონტი მროველისა. უეჭველია, მას ნათარგმნი შრომებიც ექნებოდა, მაგრამ ამათგან ჩვენ მხოლოდ ერთი ვიცით, სახელდობრ: “თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა ეფრემისი, თარგმანი დაბადებისათჳს ცისა და ქუეყანისა და ადამისათჳს, ვითარ მისცუალეს გუამი მისი და დამარხეს გოლგოთას და ცუალება ნათესავთა”. ეს არის აპოკრიფი, რომელიც წინ უძღვის ლეონტის საისტორიო შრომას, როგორც მისი, ასე ვთქვათ, შესავალი და პროპედევტიკური ნაწილი[26]. ეს აპოკრიფი, რომელიც წარმოადგენს ასურული თხზულების განძთა ქუაბის ერთ-ერთ რედაქციას, გადმოთარგმნილია ბერძნულიდან, როგორც სტილიდან ჩანს, ლეონტის მიერ. ლეონტი, რომელსაც ეს აპოკრიფი სჭირდებოდა ქართული ისტორიის მსოფლიო ისტორიასთან დასაკავშირებლად, უხვად იყენებს მას თავის ისტორიაში. იმის მიხედვით შეუთხზავს მას თქმულება ნებროთის წიგნის შესახებ, ვინაიდან მასში ლაპარაკია ნებროთ გმირზე და მოხსენებულია ასტროლოგიური “წიგნი ხილვათა ნებროთისათა”[27].

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 26 2008, 11:15 PM

ციტატა(KAIROS @ Jan 26 2008, 11:08 PM) *

ლეონტი მროველის შესახებ
საინტერესოა, არადა არამარტო მე, არამედ ბევრი ისტორიკოსი თვლიდა მას სომხოფილად თუ არა რაღაც გავლენის ქვეშ მყოფს მაინც, ნახეთ

"..ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდის კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმჴნითა", ნუ ახლა ეს ჰაოსომანია, აშკარად სომხური გავლენაა, რომაა ვფიქრობ ნათელია..
ეს საინტერესო სტატიაა მასზე და მის შრომებზე



მაგაზე უკვე ზემოთ დავწერე რომ ავტორი (საეჭვია რომ ის იყოს ლეონტი) თხზულებისა ჰაოსს იმიტომ აყენებს

ქართლოსსზე ზემოთ რომ სომხეთი ქართლზე დიდი პოლიტიკური ერტეული იყო საუკუნეების მანძილზე და

შესაბამისად აისახა კიდეც ეს ამ ლეგენდასა და ქართულ წყაროში.

რაც შეეხება იმ სტატიის მონაკვეთს შენ რომ მოიყვანე კარგი იქნება თუ ავტორს და სათაურს დაურთავ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 12 2014, 05:51 PM

კიდევე რთი იდიოტური ფურცელი და ტრადიცია , საქართველოს ისტორიაში ...
(კრეტინიზმი , სიბნელე და.ა.შ. კიდევ რა შეიძლება ეწოდოს ამ მარაზმს...)
-----------

მშობიარობა ყველასგან შორს, სრულიად მარტო - როგორ მშობიარობდნენ ხევსური ქალები
მშობიარობა ყველასგან შორს, სრულიად მარტო - როგორ მშობიარობდნენ ხევსური ქალები
10.09.2014
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მშობიარობის სხვადასხვაგვარი ტრადიცია არსებობს. საქართველოშიც ტრადიციებით ბევრი ცხოვრებისეული მოვლენაა დახუნძლული. თითოეულ კუთხეში განსაკუთრებულია ქორწინების, დღესასწაულების, შვილების აღზრდის თუ სხვა წეს-ჩვეულებები. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი ხევსურეთში არსებული ზოგიერთი ტრადიციაა. განსაკუთრებულად ქალის მშობიარობის. ცნობილია, რომ ხევსური ქალები სრულიად მარტო მშობიარობდნენ.

ხევსურული ადათის მიხედვით, მშობიარე ქალს შვილის გაჩენა შეეძლო სოფლის გარეთ აშენებულ ფარღალალა ქოხში – რომელსაც საჩეხს ეძახდნენ. მშობიარეს წინასწარ შეჰქონდა ქოხში საჭირო ჭურჭელი, ტანსაცმელი, საჭმელი. როცა მუცელი ასტკივდებოდა, უფროსი დედაკაცი ქოხამდე გააცილებდა, შემდეგ კი მას აღარავინ ეკარებოდა და თავად უძღვებოდა ყველაფერს.
მშობიარე საწოლს გამართავდა, თავქვეშ ხანჯალს დაიდებდა, რომ მავნე არ გაკარებოდა. ბავშვს ჭიპლარსაც თვითონ მოსჭრიდა დუქარდით.
"რაც უნდა მძიმე მშობიარე იყოს, ხევსური ქალი არ დაიკვნესებს, ეს ქალისათვის სირცხვილია", - ჰყვებიან ძველი ხევსურები.

mshoblebi
თუ მშობიარეს ძალიან გაუჭირდებოდა, გამოცდილ დიაცს მიუყვანდნენ და ის მიეშველებოდა მას, საჩუქრად აძლევდნენ ერთ ძროხას. თუ ძალიან მძიმე მშობიარობა ექნებოდა ქალს, ხახმატის ჯვარს შეევედრებოდნენ.
თუ მელოგინე გადარჩებოდა, ხახმატში მიდიოდნენ და საკლავს კლავდნენ. თუ მშობიარე მოკვდებოდა, მას თავისი სახლის მახლობლად დაასვენებდნენ 3 დღე, დაიტირებდნენ და განცალკევებით დაასაფლავებდნენ. ვინც მშობიარობას ქოხში გადაიტანდა, ოთხი დღის შემდეგ სამრელოში გადავიდოდნენ. სამრელო იყო განცალკევებული შენობა, რომელიც სიპი ქვით იყო ნაგები.სამრელოში ქალი 4 კვირა რჩებოდა. ოჯახიდან მას ისევ არავინ ეკარებოდა, საჭმელ-სასმელს შორიდან, გრძელ ჯოხზე ჩამოკიდებულს, კარებიდან აწვდიდნენ. მელოგინეს რომ არ შეშინებოდა, სამრელოს მახლობლად თვითონ ქმარი ან ახლობელი მამაკაცი წვებოდა და დარაჯობდა.
თუ ვაჟი დაიბადებოდა, მშობიარეს დიდი პატივით ეპყრობოდნენ და ქალებს უგზავნიდნენ. თუ ქალი გაჩნდებოდა, დაღონდებოდნენ და მშობიარეს გამხმარი ქერის პურით კვებავდნენ...
საბედნიეროდ, ეს მავნე წესი ხევსურეთში დღეს სრულად დავიწყებულია.

(მომზადებულია სერგი მაკალათიას წიგნ "ხევსურეთის" მიხედვით)

http://mshoblebi.ge/sa-mkithkhvel-o/mtserlis-blogi/1306-mshobiaroba-yvelasgan-shors-sruliad-marto-rogor-mshobiarobdnen-khevsuri-qalebi.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2014, 09:43 PM

"ასეთ ამბავს ინახავენ ფერეიდნელები: ერთ თურქ ხანს ცხენით ჩამოუვლია მარტყოფის ტერიტორიაზე და მომრწყავს შეხვედრია.

მომრწყავი მას ზრდილობიანად მისალმებია, ხოლო როცა თურქი ოდნავ გაცდენია, შეუგინებია.

ხანი მოტრიალებულა და უთქვამს მომრწყავისათვის, ან ეგ ზრდილობიანი სალამი რა იყო, ან გინება რატომ მოაყოლეო.

ქართველს უპასუხნია, მოგესალმე იმიტომ, რომ არ გეგონოს უზრდელი ვარ და შეგაგინე იმიტომ, რომ, არ გამითამამდე და არ იფიქრო, ქართველების ტერიტორიაზე ქართველებს ეშინიათ და იმიტომ მესალმებიანო.

იცოდე, რომ ქართველებს არავისი გვეშინიაო".

/"კარიბჭე" N23, 2014/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2015, 09:42 PM

"...უძველეს შუმერულ თხზულებაში სწორედ დემონი ლილუ იყო ლეგენდარული გილგამეშის მამა. ბელიარის ძედ მოიხსენება "ქართლის ცხოვრებაში" თემურ-ლენგი, რომლის დედაც ამტკიცებდა, "ჩემ თანა მამაკაცი არა ყოფილა და არცა მივდგომილვარ ხორციელთა კაცთაგან"-ო.

თავდაპირველად ფეხმძიმე ქალს არავინ დაუჯერა, მეტიც, მისი სიკვდილით დასჯაც კი უნდოდათ, მაგრამ თემურ-ლენგის მომავალმა დედამ დაიჩემა,თუ არ გჯერათ, მსტოვრები მომიჩინეთ, რათა საკუთარი თვალით იხილოთ, ღამე ვინ მსტუმრობსო.

და აი, დადარაჯებულმა მცველებმა მალე იხილეს ცეცხლოვანი არსება, რომელიც ქალის საძინებელში შედიოდა და თქვეს, ეს საქმე ჭეშმარიტი ყოფილაო"...

/"ალავერდი" N5/8, 2015, გვ. 144/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2016, 12:34 PM

"1750-იანი წლების იმერთა მეფის სოლომონ I-ის ერთ ბრძანებაში ვკითხულობთ: "მეფე სოლომონ გიბრძანებ... ეს ბურჯანაძე შემომეხვეწა: თეთრი გისესხებია ამისგან და უთხოვნია და არ მიგიცია. ახლავე მიეცი ამის თეთრი, მთავნი და სარგებელი, თვარემ ბოქაულს გამოგიგზავნი..."

როგორც ჩანს, ვინმე ბურჯანაძეს ფული სარგებლით გაუსესხებია, თუმცა ასეთ რამეს ქართველები უკადრებელ საქმედ მიიჩნევდნენ და ერიდებოდნენ. ასეთი რამ ჩვენს ებრაელებში იყო დაშვებული და ამიტომაც არსებობდა გამოთქმა "ურიის ვალი". ქართველი გლეხის ეს მევახშენობა უცნაური გამონაკლისია".

/"კარიბჭე" N13, 2008, გვ.58/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2016, 10:31 AM

"საფრანგეთში ჩასულმა შალვა ამირანაშვილმა ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად შეაჯერა საგანძურის სიები ნივთებთან და ომის დამთავრებას დაელოდა. ფრთხილობდა, ვაითუ განძის ხელში ჩასაგდებად მომკლან და ეს ომს დააბრალონო. ღრმად მოხუცი, დაუძლურებული ექვთიმე თაყაიშვილი სთხოვდა შალვა ამირანაშვილს, თუ მგზავრობის დროს რაიმე დამემართა, ჩემი ნეშტი სამშობლოში ჩაასვენეთო ( გამოფენის ბოლო წუთს ექვთიმემ საქართველოში წამოსვლაზე უარი განაცხადა. თურმე ამხელა საგანძურის მცველს ერიდებოდა დახეული სამოსით მეგობრებთან გამოჩენისა. ბატონმა შალვამ მას შეუძინა სამოსი და ისე ჩამოაბრძანა საქართველოში)".

/"კარიბჭე" N14, 2008, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2016, 11:57 AM

"არც შალვა ამირანაშვილისთვის ყოფილა იოლი საბჭოთა კავშირის პერიოდში მოღვაწეობა; საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ნებართვით, 60-იან წლებში ერთი იაპონელი ჩამოვიდა თბილისში და ხელოვნების მუზეუმის მაშინდელ დირექტორს, ბატონ შალვა ამირანაშვილს მოსთხოვა, საღამოს 9 საათზე გაეხსნა დალუქული საგანძური და ეჩვენებინა ქართული ლითონმქანდაკებლობის საუკეთესო ნიმუშები, რომელთა ყიდვაც სურდა.

ბატონმა შალვამ მაშინვე მიმართა მაშინდელ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანს ვასილ მჟავანაძეს. მჟავანაძემ მოახერხა ვაჭრობის მხოლოდ ერთი კვირით დაყოვნება, სასწრაფოდ ჩაფრინდა მოსკოვში, ხრუშოვის მეუღლეს დახმარებით სკკპ ცკ მდივანს საქართველოს კულტურული და სულიერი საგანძურის გაყიდვის გადაწყვეტილება გააუქმებინა.

ბატონი შალვა იგონებდა, - როდესაც ყველაფერი ჩათავდა, სწორედ მაშინ მივიღე პირველი ინფარქტიო".

/"კარიბჭე" N14, 2008, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2016, 05:39 PM

"ესეც ირკვევა, რომ აქაურ ჭონიშვილებს მეფე ერეკლესაგან თარხნობა ჰბოძებიათ და მორიგე ჯარის საჭიროებისთვის გლეხობისთვის შეწერილი სურსათის გადასახადს არ იხდიდნენ. მიგვაჩნია, რომ ეს ფრიად მნიშვნელოვანი ცნობაა.

თარხნობა დამსახურებით იყო. დამსახურებლად კიდევ მეფისა და ქვეყნის თავდადებით სამსახური ითვლებოდა. მკლავისა და ხმლის დრო იდგა. ომი არ გვაკლდა და არც მშვიდობაში გვლიხინდა. გლეხკაცის გუთნის მიდევნა და ქვეყნის დაპურება ევალებოდა, მაგრამ თუ ხმალსაც მარჯვედ სადმე მოიქნევდა და თავს არ დაზოგავდა - მეფესთან არ დაეკარგებოდა. იმ საქართველოში სული ხორცზე მაღლა იდგა, სინდისი ქონებაზე მეტად მიაჩნდათ, ფიცის სწამდათ, ვაჟობას და ერთგულებას აფასებდნენ..."

/"კარიბჭე" N14, 2008, გვ.51/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2016, 12:36 PM

"ქსნის ერისთავებმა მახვილს "სიხარულით წაუპყრნეს ქედნი". წმინდანები თათრებს აღემატებოდნენ სიმაღლით, ამიტომ ჯალათებმა "ხერხი იხმარეს", - ჰკრეს წვივებზე მახვილი, მუხლზე დასცეს მოწამენი და მერეღა მოახერხეს მათთვის თავის მოკვეთა.

თანამებრძოლთა სიკვდილს ოდნავადაც არ შეუშინებია წმინდა ბიძინა. ყიზილბაშებმა გადაწყვიტეს, შეურაცხყოფით მოეტეხათ მისი სიმხნევე. ახოვან გმირს ჩადრი ჩამოაფარეს, ვირზე უკუღმა შესვეს და ქუჩა-ქუჩა ატარეს. დასცინოდნენ მას, წმინდა ბიძინა კი ჰმადლობდა ღმერთს იმის გამო, რომ მსგავსად უფლისა, ისიც ვირზე მჯდომი შედიოდა ზეციურ იერუსალიმში".

/"კარიბჭე" N19, 2016, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 01:19 PM

"1776 წელს, როცა ეს საბუთი დაწერილა, ლეკიანობა იყო. ქართლში მოტაცებული ტყვეები ახალციხეში გადაჰყავდათ. ახალციხე ოსმალეთში შედიოდა. ტყვეს თუ პატრონი არ გამოუჩნდებოდა, სტამბოლის ბაზარზე ყიდდნენ. როგორც ჩანს, ვინმე თეძმისხეველი გლეხი ბახტაძეც თურქთა ტყვეობაში აღმოჩნდა და სანამ საბოლოოდ დაიკარგებოდა, მისმა ბატონმა ჯავახიშვილმა თურქ შუამავალს, ვინმე მაჰმად სულთანს, გამოსასყიდი მისცა, რომ თავისი გლეხი გაეხსნა. გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართველ გლეხს ისევ თავისმა ბატონმა უპატრონა. არაერთი ასეთი შემთხვევა ჩანს ძველ საბუთებში. ქართულ ენაში სიტყვა "ბატონი" ხომ "პატრონიდან" არის ნაწარმოები".

/"კარიბჭე" N9, 2008, გვ.54/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2016, 06:29 PM

"ლეკთა შემოსევების დროინდელია ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ლეკები ვერაფრით ვერ ახერხებდნენ ვანათის ციხის აღებას. ციხეში მყოფ ერთ ქალს მოსწონებია ლეკთა ბელადი. ქალს ძაფის გორგლის წვერისთვის მიუბამს ბარათი, რომელშიც წერა: ძაფის სიგრძე კიბე გააკეთე და ციხეში ამოხვალო. ლეკიც ასე მოქცეულა. მტერი ღამით ციხეში შესულა და მძინარე ხალხი ამოუხოცავს. მოღალატე ქალი ბელადს თან წაუყვანია".

/"კარიბჭე" N12, 2009, გვ. 28/

პოსტის ავტორი: mazaka თარიღი: Oct 13 2016, 04:43 PM

[quote name='KAIROS' date='Jan 26 2008, 11:08 PM' post='248471']
ლეონტი მროველის შესახებ
საინტერესოა, არადა არამარტო მე, არამედ ბევრი ისტორიკოსი თვლიდა მას სომხოფილად თუ არა რაღაც გავლენის ქვეშ მყოფს მაინც, ნახეთ

"..ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდის კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმჴნითა", ნუ ახლა ეს ჰაოსომანია, აშკარად სომხური გავლენაა, რომაა ვფიქრობ ნათელია..
ეს საინტერესო სტატიაა მასზე და მის შრომებზე

34. ლეონტი მროველი



მოგესალმებით ფორუმის მონაწილეებს, ნება მომეცით შემოგიერთდეთ და გამოვთქვა ჩემი მოსაზრება თემაზე საქართველოს ისტორია . კერძოდ ლეონტი მროველისა და ქართლის ცხოვრების იმ ნაწილის შესახებ რომელიც მის სახელს უკავშირდება .


საქართველოს მატიანის ნუსხაში, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე ვრცელ და უმთავრეს წყაროს წარმოადგენს ისტორიულ თხზულებათა კრებული, „ქართლის ცხოვრება" . მასში შესული თხზულებებიდან ლეონტი მროველს ეკუთვნის : „ცხოვრება მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა", „მოქცევა მირიან მეფისა და ქართლისა ნინოს მიერ" და „არჩილ მეფის წამება".
ასევე უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს „მოქცევაი ქართლისაი" ჩვენამდე მოღწეულია და ცნობილია შატბერდული,ჭელიშური და სინური რედაქციები. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ერთი სათაურის ქვეშ გაერთიანებული 2 თხზულებისაგან შედგება. I ნაწილში, რომელსაც „ქრონიკას“ უწოდებენ. აქ ძალზედ მოკლედ არის გადმოცემული ქართლის ისტორია ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობიდან IX საუკუნემდე; II ნაწილი, რომლის სახელი "ნინოს ცხოვრებაა“, მხოლოდ ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების ისტორიას გადმოგვცემს.
ცნობილია:
XVIII საუკუნის I ნახევარში რუსეთში მოღვაწე ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა",
XVII საუკუნის ბოლოს ირანში მოღვაწე ქართველი ისტორიკოსის, ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს და ცხოვრება",
ისტორიკოსისა და ქართლის მეფის მოლარეთუხუცესის სეხნია ჩხეიძის (1670-1745) „ცხოვრება მეფეთა",
ყოველი მათგანი „მოქცევაი ქართლისაი" - ს გარდა , ქართლის ცხოვრების შევსების ან გაგრძელების ერთგვარ მცდელობას წარმოადგენს .
გარდა ამისა მოგვეპოვება სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვა ავტორების მიერ დაწერილი მცირე მოცულობის ჰაგიოგრაფიული თუ ისტორიული ხასიათის თხზულებები . რომლებიც „ქართლის ცხოვრება" - სთან შედარებით შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც = უმნიშვნელო
ცნობილია, რომ მრავალი ღვაწლმოსილი ქართველის მიერ ლეონტი მროველი შერაცხულია არმენოფილად, არსებობს მოსაზრება, რომ ქართლის ცხოვრების რამოდენიმე მონაკვეთი ტყუილია და ყოველგვარ ისტორიულ ღირსებას არის მოკლებული, მიაჩნიათ რომ ქართლის ცხოვრება საუკუნეების მანძილზე ყალბდებოდა სხვადასხვა ადამიანების მიერ.
როგორც სჩანს ამ მოსაზრებას მინიმუმ რვა საუკუნოვანი წარსული აქვს , ლეონტი მროველის თხზულების მიმართ კრიტიკულად განწყობილიყო ჯერ კიდევ XI საუკუნის II ნახევრის და XII საუკუნის I ნახევრის საქართველოს საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარი - არსენი ბერი .
ის რომ სომხებს დაუოკებელი სურვილი აქვთ გამოთქვან პრეტენზია, გააყალბონ და მიითვისონ ბევრი რამ რაც ჩვენ ისტორიას და ზოგადად საქართველოს ეხება, არ დაწყებულა თუნდაც არსენი ბერის ეპოქიდან. ეს გაცილებით უფრო ძველი მოვლენაა , ხოლო არსენი ბერის მაგალითი გვაფიქრებინებს,რომ პროტესტი მროველის თხზულების მიმართ ჯერ კიდევ იმ დრომდე არსებობდა, როდესაც საქართველოს შავბნელი პერიოდი დაუდგა და შედარებით ადვილი იყო ამგვარი ქმედებების განხორციელება .
ლეონტის ისტორია მიუღებელია ისეთი სახელებისთვის როგორებიც არიან : ი. ჭავჭავაძე, ი.ჯავახიშვილი დ.მუსხელიშვილი და კიდევ მრავალი სხვა.... თქვენ პოსტში მოყვანილი იყო კორნელი კეკელიძის მსჯელობა ნაშრომიდან „ ქართული ლიტერატურის ისტორია“
ამათ შემდეგ უბრალო მოკვდავს შეგეშინდება რამე თქვა ლეონტი მროველის დასაცავად . მიუხედავად ამისა ისტორიკოსთა ნაწილი მას ეროვნულ ისტორიას უწოდებს. ერთ- ერთი მათგანია მაგ. სიმონ ყაუხჩიშვილი აი რას წერდა იგი ლევან სანიკიძეს :
“ძალიან დაამცირეთ ჩვენი შესანიშნავი(სწორუპოვარი) ისტორიკოსი ლეონტი მროველი…ის პირველი ქართველი ისტორიკოსია, რომლითაც იწყება ჩვენი “წმიდათა-წმიდა” წიგნი “ქართლის ცხოვრება”… ლეონტი მროველის ამ შესანიშნავ ნაშრომზე საუკუნეების მანძილზე იზრდებოდა ქართველი ახალგაზრდობა; მთელი ქართველი საზოგადოება იმით ეცნობოდა საქართველოს ისტორიას… როგორ ფიქრობთ თქვენ… ”არაქართული ორიენტაციის მქონე ისტორიკოსს”, “ქართულისადმი მისი საზიანო განწყობილების” მატარებელ ადამიანს ქართველი საზოგადოება თავის მასწავლებლად გაიხდიდა?.… დღეს , მოგვწონს თუ არა მიუხედავად ამისა “ქართლის ცხოვრებიდან” რაიმეს ამოშლის უფლება, თუნდაც “ყალბი ადგილებისა”, არავის არა აქვს, სანამ არ დამტკიცდება, რომ ყალბად მიჩნეული ესა თუ ის ცნობა გვიანდელი ჩანართია.” .…
უძველესი ისტორიული ხანის მატიანის ძირითადი ქართულენოვანი წყაროს უარყოფა ნიშნავს იმის აღიარებას , რომ ჩვენ ქრისტიანობამდელი პერიოდის მატიანე საერთოდ არ გვაქვს. ანუ ირიბად იმის აღიარებას, რომ ჩვენ მანამდე ვიყავით ველური ბარბაროსები , ხალხი რომელსაც ისტორია არააქვს.
პატრიოტული და მეცნიერული საკითხის გარდა ჩნდება წმინდა პოლიტიკური კითხვა: X – XI - XII საუკუნ. თუნდაც VIII-საუკუნ. სავარაუდოდ მაშინ როცა ნიკო მარის, მ. ჯანაშვილის და სხვ. .. აზრით დაიწერა “ცხოვრება ქართველთა მეფეთა” , ქართველ მეფეთათვის მისაღები იყო ლეონტი მროველის თხზულება, რომელიც მათივე სახელმწიფოში სომეხთა ენისა და ზოგადად ქართველებზე სომეხთა უპირატესობას ქადაგებს ???? მაშინ როცა მეზობელ სახელმწიფოს გარკვეული პრეტენზიები უკვე ისედაც ჰქონდა ??? მაგრამ რატომღაც XII - XIII საუკუნის საქართველოს ძლიერ სამეფო კარსაც, გარკვეული მიზეზების გამო, მიზანშეწონილად არ მიუჩნევია “ცხოვრება ქართველთა მეფეთას” ნაცვლად ახალი თხზულების შექმნა ან ცვლილების შეტანა “ქართლის ცხოვრებაში.” ფაქტია მან ასეთი სახით მინიმუმ 1000 წელი გამოიარა და მოაღწია ჩვენამდე .
ამ ფაქტზე არსებობს მხოლოდ ერთი პასუხი :
ქართველებს გააჩნდათ უძველესი საბუთი, ჰქონდათ უტყუარი ცნობები და ცოდნა იმის შესახებ რომ მეფეთა ცხოვრება ეყრდნობოდა ისეთ პირველწყაროს რომლის ობიექტურობაშიც ეჭვი არ შეჰქონდათ.
ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ მეფეთა ცხოვრების პირველწყაროს შექმნის ეპოქაში ტერმინი “სომეხი”, რომელსაც ლეონტი ხმარობს ქართლოსიანთა დიდი ძმის მიმართ, ან იმისი უპირატესობა ვინც ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრებოდა სულაც არ აკნინებდა საერთო ქართველურ ოჯახს , ისე როგორც დღეს არ გვიჩნდება პროტესტის გრძნობა როცა ვამბობთ, რომ ქართლოსი ჰეროსზე, ან კახოსზე დიდია , ანუ მეფეთა ცხოვრების პირველწყაროს შექმნის ეპოქაში ტერმინში “სომეხი” არ მოიაზრებოდნენ ჩვენთვის არა მონათესავე და საერთოქართველური ოჯახისთვის უცხო თესლი, დღევანდელი ჩვენი მეზობელი არმენები და ეს დოკუმენტიც თავდაპირველად არ ქადაგებდა არმენთა უფლებრივ უპირატესობას ჩვენს მიწაზე . სავარაუდოდ ლეონტიმ , თუ კი ის X – XI საუკუნის მოღვაწეა,განახორციელა პირველწყაროს რედაქტირება მხოლოდ. მარტივად რომ ვთქვათ გადაწერა განახლების მიზნით, (შესაძლოა თავადაც გასჩენოდა პროტესტის გრძნობა მაგრამ იმ პრინციპით რაზეც ყაუხჩიშვილი საუბრობს შესწორებებისაგან თავი შეიკავა )
წინააღმდეგ შემთხვევაში ამ თხზულების შემქმნელს, გამავრცელებლებს ან თუნდაც შემნახველებს ყველაზე გრძელ ძელზე გასმა არ ასცდებოდათ, ხოლო ქართლის ცხოვრების ასეთ გადმოცემას რა ბედი ეწეოდა ძნელი მისახვედრი არაა .
თანამედროვე ადამიანი, მიუხედავად დიდი წარმატებებისა(გამოხატული ტექნოლოგიური პროგრესით), ხშირად არაობიექტურად აფასებს საზოგადოებათა განვითარების უძველეს პერიოდებს და ამ საზოგადოებათა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.
დღეს არანაირი უფლება და არც საფუძველი არა გვაქვს ვიფიქროთ, რომ X – XI - XII -XIII საუკუნ. მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისა, ჩვენზე ნაკლებად მწიგნობარნი ან ნაკლებად პატრიოტები იყვნენ და მიიღეს ეს “ სიყალბე ” . რადგან სომხური პრობლემის გარდა ამ თხზულებაში აღწერილია მოვლენები რომლებიც ერთი შეხედვით, თითქოს აცდენილია ისტორიულ რეალობას და რაღაც გამოგონილი აბსურდის სახეს იღებს. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს ქართულ ისტორიოგრაფიას ეს დოკუმენტი და მასში მოტანილი ცნობები სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ ააქვს .
აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ ტერმინი “ სომეხი ” არის წმინდად ქართული და ამ ტერმინს ჩვენს გარდა არცერთი სხვა ენა არ იყენებს.
ხოლო თუ ვინ იყო “ სომეხი ჰაოსი ” რა ტომობრივ გაერთიანებას წარმოადგენდა და რომელ ტერიტორიაზე ცხოვრობდა ის ხალხი ვის ენასაც ქართლის ცხოვრებაში ეწოდება “სომ-ხური” ეს საკითხი ასევე მოითხოვს მეცნიერულ შესწავლას და დასაბუთებას .


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2016, 10:14 PM

mazaka


მოგესალმებით და მოხარული ვარ, რომ ისტორიის განყოფილებაში შემოგვიერთდით smile.gif

პირველ რიგში გაგვეცანით ამ თემაში: http://church.ge/index.php?showtopic=629&st=0

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2016, 05:51 PM

"სოლომონ ლიონიძე გვერდით დაუდგა სოლომონ მეფეს და აქტიურად ჩაერთო სამეფოს მართვაში, ამ პერიოდისათვის იმერეთის სამეფო დაუძულურებული იყო, მოსახლეობის დიდი ნაწილი თბილისში გადადიოდა. 1800 წლის შემდეგ, ძალიან ბევრი იმერელი ჩასახლდა ქართლში, რაც უარყოფითად მოქმედებდა იმერეთის სამეფოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საჭირო იყო ემიგრაციის შეჩერება, ამიტომ სოლომონ ლიონიძემ მეფესთან შეთანხმებით აკრძალა გადასახლება. ვინც გაიპარებოდა, სასტიკად სჯიდნენ. სოლომონ ლიონიძემ პირველმა ჩამოაყალიბა საქართველოში ეგრეთ წოდებული "სავიზო რეჟიმი" - იმერეთში მცხოვრეთ, რომლებსაც აღმოსავლეთ საქართველოში სტუმრად ან სხვა საქმიანობისათვის გადასვლა სჭირდებოდათ, უნდა ჰქონოდათ სათანადო ნებართვა ქართულ, თათრულ და ლათინურ ენებზე. ვისაც ნებართვა არ ჰქონდა, ისჯებოდა".

/"კარიბჭე" N25, 2016, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 12:11 PM

"საქართველოს ამირსპასალარი, ავაგი, ბათო ყაენთან გაგზავნეს მოსალაპარაკებლად. წინასწარ არავინ იცოდა, თუ რა საქმეზე იბარებდნენ და ამიტომ, ხიფათი რომ არაფერი შემთხვეოდა, ავაგის ეჯიბმა, დავითმა, სიფრთხილისათვის სთხოვა მას, დროებით როლები გაეცვალათ და თუ მტერს მისი მოკლვა ჰქონდა განზრახული, ის შესწიროდა მსხვერპლად. ასეც მოიქცნენ: დავითი წარდგა წინ, როგორც უფროსი და ავაგი - უკან, როგორც ხელქვეითი. მხოლოდ მას შემდეგ, როცა გაიკრვა, რომ საფრთხე არ ელოდათ, აღადგინეს ბათო ყაენის წინაშე თავიანთი უფროს-უმცროსობა.

ბათო ყაენი აღაფრთოვანა ასეთი თავდადების მაგალითმა და თავის მეომრებს უბრძანა, მთელ თავის საბრძანებელში ქართველებს განსაკუთრებული პატივით მოპყრობოდნენ".

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ.37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2017, 10:00 PM

"ქართველ მთიელებს ჩვეულება ჰქონდათ: როცა საცხოვრებელ ადგილს იცვლიდნენ, საგვარეულო სალოცავიდან ქვა მიჰქონდათ, ახალ ადგილზე იმ ქვაზე თავიანთი სალოცავის ნიშს აგებდნენ და იმავე სახელს არქმევდნენ".

/"კარიბჭე" N1, 2009, გვ.51/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 9 2017, 11:31 AM

"ოსმალობის", "ყიზილბაშობის", "ოსიანობის", "ლეკიანობის", "შიშიანობის", "ჟამიანობის" და მიზეზთა და მიზეზთა გამო ქართლიდან კახეთში და კახეთიდან ქართლში მოსახლეობის მიგრაცია ჩვეულებრივი და მუდმივი პროცესი იყო."

/"კარიბჭე" N5, 2008, გვ.36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 06:54 PM

"1737 წელს ყიზილბაშებმა ქართველთა ჯარის მონაწილეობით ავღანეთში ყანდაჰარის ციხე აიღეს. ნადირ-შაჰმა მეფე თეიმურაზი კახეთში გამოისტუმრა, სანაცვლოდ კი ბატონიშვილი ერეკლე დაიბარა ახალი ჯარით და ინდოეთის ლაშქრობაში გაიყოლა. ერეკლე ბატონიშვილის თანმხლებთა შორის ყოფილა კარდანახელი გლეხი მახარობელ ჩალათაშვილი, რომელსაც კახეთიდან მთელი სპარსეთის გავლით ინდოეთამდე უვლია. ინდოეთში ქართველებმა შაჰ-ჯანაბათის ბრძოლაში "ხმალი მოიქნიეს" და ბატონიშვილ ერეკლესთან ერთად დამაშვრალნი და შეცოტავებულნი საქართველოში დაბრუნდნენ. მათ ჩამოიტანეს ამბავი ინდოეთისა და ჯანაბათისა ("ჯანდაბისა", როგორც ქვეყნის დასავლისა და დასაკარგავი ადგილისა). ჩალათაშვილი ერეკლე ბატონიშვილს ჯანაბათამდე, "ჯანდაბამდე" ერთგულად მიჰყოლია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით."

/"კარიბჭე" N4, 2008, გვ. 52/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2017, 01:42 PM

"წმიდა ელიას ქართული აპოკრიფული წყაროები ჭექა-ქუხილის, სეტყვის, წვიმის, გვალვის გამგებლად მიიჩნევენ, რომელიც ღმერთმა ცეცხლოვანი ეტლით აიტაცა ზეცაში, თავის მრავალრიცხოვან წმიდანთა ამალაში ჩარიცხა და ცა და ღრუბელი ჩააბარა.

ძველი თბილისისპირა სოფლების ჩუღურეთის, ავლაბრის, დიდუბისა და კუკიის მცხოვრებთა წარმოდგენით, როცა ელია წინასწარმეტყველის ეტლი ცაზე გაივლიდა, ჭექა-ქუხილიც მაშინ იწყებოდა. ღრუბელთმპყრობელი ელიას პატივსაცემად ხალხი კარდაკარ ჩამოივლიდა სიმღერით:

"დიდება და დიდება, ღმერთსა დიდება!
ღმერთო, მოგვე წყალობა, ღმერთსა დიდება!
ნუ აიღებ ჩვენზე ხელსა, ღმერთსა დიდება!
ჩვენო წმიდა ელია, რისთვის მოგიწყენია?
ჩვენი თეთრი ბერწი ფური შენთვის მოგვირთმევია -
აღარ გვინდა გორახი, ახლა გვინდა ტალახი.
დიდება და დიდება, ღმერთსა დიდება!"

ავდრიან ზაფხულში ლექსის ბოლო სიტყვები ასე იცვლებოდა: "აღარ გვინდა ტალახი, ახლა გვინდა გორახი..."

/"კარიბჭე" N15, 2008, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2017, 11:18 AM

"წინაპარი ხომ წინა ფარია - ბაბუაჩემი, ქიშვარდი, სწავლული კაცი გახლდათ. აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული. გურიაში, სოფელ ხიდისთავის სკოლის დირექტორი იყო. ბათუმშიც დაარსა სკოლა. კომუნისტები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში - დევნა დაუწყეს. მათ იცოდნენ, რომ ცოდნით შეიარაღებული კაცი თოფით შეიარაღებულზე საშიში იყო, ამიტომაც ბაბუა 1937 წელს დახვრიტეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ის გაქრა... მისი გენი ხომ არის ჩემში? ჩემი "წინა ფარია". რომ არა ეს ფარი, ცხოვრება ყველას გადაგვთელავდა".

/ილუსტრატორი ოთარ მეგრელიძე
"კარიბჭე" N14, 2017, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2017, 03:07 PM

"ისტორიკოსი ასე ახასიათებს ამ ეპოქას [როსტომ-ხანის]: "იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება".

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2017, 11:06 AM

"კარგად განსაზღვრა მამამ შვილის მოწადინება და 7 წლის გრიგოლი [პატრიარქი ეფრემ მეორე] გორის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა, სადაც მას სულიერი მისწრაფებისა და გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენის მეტი შესაძლებლობა მიეცა. ღვთის მადლით, გრიგოლს რწმენასა და გონიერებასთან ერთად თავისი ქვეყნისა და მშობელი ხალხის განუზომელი სიყვარულიც დაჰყვა. ამიტომ იგი ძნელად ეგუებოდა სასულიერო სასწავლებელში გამეფებულ ატმოსფეროს, იქ ხომ მასწავლებელთა უმრავლესობას რუსი პედაგოგები შეადგენდნენ. ბევრი მათგანი ცდილობდა, ჩაექრო მოსწავლეებში ეროვნული გრძნობა, რაც რუსული პოლიტიკის უშუალო გამოძახილი იყო. ისინი კრძალავდნენ სასწავლებელში ქართულ მეტყველებას, ცდილობდნენ საქართველოს ისტორიის გაყალბებას, გამიზნულად ცვლიდნენ ქართული გვარების დაბოლოებებს. ყოველი ასეთი შოვინისტური გამოვლინება ისე აშკარა და მიზანმიმართული იყო, რომ მოსწავლეებს შინაგანი პროტესტი უჩნდებოდათ, რადგან ვერ ურიგდებოდნენ ძალადობასა და უსამართლობას.
უწმინდეს ეფრემს ბევრისთვის მოუყოლია ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთი შემთხვევა: "შემოვიდა საეკლესიო ოთახში ეროვნებით რუსი პედაგოგი და გაკვეთილის დაწყების წინ, ჩვეულებრივ, სიის ამოკითხვას შეუდგა. ჩემი გვარის ამოკითხვის ჯერიც დადგა. სიდამონოვ! - დაიძახა მასწავლებელმა. მე, თითქოს არც გამიგონია, არაფერი ვუპასუხე. ცოტა ხანში განმეორებით ისევ დამახინჯებულად წარმოთქვა ჩემი გვარი. კვლავაც დუმილი ვარჩიე. სიდამონოვ! - ხმას აუწია მან და თან მკაცრი მზერა ჩემკენ მოაპყრო. პასუხი ამჯერადაც რომ ვერ მიიღო, სწრაფად წამოდგა, ხელში სახაზავი მოიმარჯვა და ჩქარი ნაბიჯებით გამოემართა ჩემკენ. ჯერ ყურები ამიწითლა, მერე ხელები მერხზე დამაწყობინა და უმოწყალოდ სახაზავის ცემა დამიწყო თითებზე. წამოვდექი უცებ ბრაზმორეული და ამჯერად პასუხიც აღარ დავაყოვნე: "ია ნე სიდამონოვ, ია სიდამონიდზე". უწმინდესი ეფრემის მიერ მოყოლილი ეს შემთხვევა ამას წინათ გაიხსენა ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ."

/"კარიბჭე" N22, 2009, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:24 PM

"სოფელ დოესში, სადაც მომავალმა პატრიარქმა [ეფრემ მეორე] ყრმობისა და სიჭაბუკის უმნიშვნელოვანესი წლები გაატარა, მაშინ მრავლად სახლობდნენ ჯავახიშვილები, რომელთაც აღარ სწყალობდნენ თურმე მაზრის იმდროინდელი გამგებლები. თავადური წარმომავლობის გამო აიძულებდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სამოსახლო და კარ-მიდამო, რათა მათ ადგილ-მამულებს თავად დაპატრონებოდნენ. სოფლის მოსახლეობა თანაუგრძნობდა დევნილობაში მყოფ თავადებს, მაგრამ მაინც ვერ დგამდა ნაბიჯს მათ დასახმარებლად.
მაშინ მედავითნე შიოს პატრიარქის მამას] გამოუჩენია გამბედაობა. გაუსუფთავებია საქონლის ბოსლის ერთი ნაწილი, ხის კედლით გაუტიხრავს და ჯავახიშვილებისთვის დაუთმია საცხოვრებლად. ამ საქციელით მან არა მხოლოდ ქრისტიანული შემწყნარებლობა გამოავლინა უსამართლოდ დაჩაგრულ თანასოფლელთა მიმართ, არამედ დაანახა სოფლის მკვიდრთ, თუ ისინიც მხარში ამოუდგებოდნენ განსაცდელში ჩავარდნილ ჯავახიშვილებს, ამით გადაარჩენდნენ სოფლიდან გასახლებისა და დამცირებისგან.
ის, რომ ეფრემ მეორის პატრიარქობის პერიოდში მინისტრთა საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარე ბ-ნი გივი ჯავახიშვილი ცდილობდა, შეძლებისდაგვარად დახმარებოდა საქართველოს ეკლესიას, გარკვეულწილად ამითაც ყოფილა განპირობებული."

/"კარიბჭე" N22, 2009, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 10:42 PM

თქმულება სტეფანწმინდაზე
"სტეფანწმინდელებს წინათ ყურის მთის ძირას, დავაკებაზე უცხოვრიათ. იქვე, მახლობლად, წითელ ეკლესიაში მდგარა სტეფანე ბერი. ეს ბერი გვარად ფიცხელაური ყოფილა და ერისკაცობაში ღრუბელა რქმევია. დაქვრივების შემდეგ ბერად შემდგარა სტეფანეს სახელით. ჯერ ბეთლემის უდაბნოში უმოღვაწია, შემდეგ კი გადასულა ყურის გამოქვაბულში, სადაც ხალხს მისთვის ეგრეთ წოდებული წითელი ეკლესია აუშენებია.
ერთხელ დიდი ნიაღვარი მოვარდნილა და ყურიდან ტალახს დაუწყია დენა. სტეფანეს დროზე შეუტყვია მოსალოდნელი უბედურება, სეტყვისგან თავდასაცავად თავზე კოდი გადაუხურავს, კოშკში შევარდნილა და ზარების რეკა აუტეხია. ხალხი მიმხვდარა, რაც მოელოდა და გახიზნულა, სოფელს კი სტეფანეს ღვაწლის აღსანიშნავად სტეფანწმინდა დაარქვეს."

/"კარიბჭე" N18, 2006, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 10:49 AM

"ბათო ყაენმა ურდოში დაიბარა დავით ულუ და კარგა ხანს არ გაუშვა შინ. მეფეს სამეფო ერთგული ხალხისთვის ჩაებარებინა. კახეთის პატრონად კი თორღვა პანკელი დაეტოვებინა. რომ დააგვიანდა, თორღვამ იფიქრა, აღარ გამოუშვებენო და კახეთი თავისად დაიჭირა, აღარც დედოფალს მორჩილებდა და აღარც მესტუმრე ჯიქურს, რომელიც იმხანად პირველ კაცად ითვლებოდა მეფის კარზე.

შეიწყალა ყაენმა ბაგრატოვანი და სამშობლოში გამოუშვა. დაბრუნებულ გვირგვინოსანს დიდებულები ჰერეთში მიეგებნენ. იქ არ იყო მხოლოდ თორღვა - შეშინებულს თავი პანკისისთვის შეეფარებინა. მრავალჯერ მოიხმო მეფემ, მაგრამ მან ხლება ვერ გაბედა. როცა ვერაფერს გახდნენ, მესტუმრე ჯიქურმა დედოფლის სურვილით ხორნაბუჯელი წარავლინა პანკისს, რათა ასე მაინც მიეტყუებინა განდგომილი. ალავერდის წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცე, რომ არას მავნებო, სთხოვა თორღვამ მოციქულს. ხორნაბუჯელმა შეჰფიცა. რასაც ჩემთვის გაიმეტებ, - უთხრა პანკელმა, - ის გიყოს წმინდა გიორგიმ; თუ მიღალატებ, ჩემსავით უმემკვიდრეოდ გადაეგოს შენი გვარიო. ტაბახმელასთან დაარღვია ფიცი ხორნაბუჯელმა... შეიპყრო თორღვა ჯიქურმა და დედოფლის ნებართვით, მეფის უკითხავად, კლდეკარის ციხიდან გადააგდო.
ფიცის გატეხვისთვის წმინდა გიორგის რისხვამ უწია ხორნაბუჯელს - ოჯახი ერთიანად ამოუწყდა, ერთადერთი ვაჟი თათრებმა მოუკლეს, თვითონ კი მწუხარებამ გადაიყოლა.

ჯიქურს რამდენიმე წლის შემდეგ ცილი შესწამეს და მეფემ მტკვარში დაახრჩობინა... უშვილძიროს ჭირისუფალიც კი არ გამოუჩნდა. ბოლოს შეიკრიბნენ გლახაკნი და ქვრივ-ობოლნი, რომელთაც ახსოვდათ მისი სიკეთე, გამოითხოვეს მეფისგან ჯიქურის ნეშტი, წაიღეს და დიდი პატივით დაფლეს წმინდა ეკლესიაში."

/"კარიბჭე" N2, 2006, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2017, 11:15 AM

"ივანე ზურაბიშვილი თავის "მოგონებებში" მოგვითხრობს: "1888 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე III ჩამოვიდა საქართველოში. ჯერ თბილისს ეწვია, მოიარა კახეთი და ბოლოს ქუთაისს მოვიდა. აქ სადგურიდან პირდაპირ სობოროში (საკათედრო ტაძარში) გაემართა, სადაც გაბრიელს [ქიქოძე] პარაკლისი უნდა გადაეხადა. ეტლი ტაძრის კიბესთან გაჩერდა. ხელმწიფემ ამალის თანხლებით აიარა კიბე, შევიდა სობოროში და ამბიონისკენ გაემართა, როდესაც ეპისკოპოსის ხმა მოესმა: "შესდექ, რუსეთის ხელმწიფევ..." ხელმწიფე შეყოყმანდა, უნებლიეთ შედგა კარიბჭეში, იქ, სადაც ეპისკოპოსის შემოძახებამ მოუსწრო და ცხადის უკმაყოფილებით მოისმინა ეპისკოპოსის სიტყვა: - ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში და სხვა ყურადღებისა და სხვა ზრუნვის ღირსია, სხვა მოპყრობას მოითხოვს, ვიდრე ის, რომელსაც ადგილი აქვსო...

ეროვნული უკმაყოფილება და ჩივილი იმდენად ნათლად იყო გამოთქმული ეპისკოპოსის სიტყვაში, რომ გუნებაგაფუჭებული იმპერატორი ისე მოიღრუბლა, ვერც იმ საღამოს თავადაზნაურობის მიერ გამართულმა ნადიმმა გადაუყარა სახიდგან ის ღრუბელი".

/"კარიბჭე" N2, 2007, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2017, 01:08 PM

"ქართლის ცხოვრებაში საოცარი ამბავი არის აღწერილი: დავითის მეფობამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანა ძალიან ცუდი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, აღზევებული იყო სიძვა-მრუშობა და ა.შ. ამ დროს აღდგომა დღეს მოხდა ძლიერი მიწისძვრა, ეკლესია-მონასტრები დაინგრა და ქვეშ ხალხი მოიყოლა.

ჟამთააღმწერელი საოცარ რამეს ამბობს: ვინმეს რომ არ ჰგონებოდა, რომ ეს არ იყო ღვთის რისხვა, ამიტომ მიწისძვრა სწორედ აღდგომა დღეს მოხდაო. ვნების შვიდეულში, სინანულის ჟამს მაინც უნდა მოენანიებინათ ადამიანებს ცოდვები, მაგრამ მათი გული შორს იყო ღვთისგან. სწორედ ამიტომ აღდგომა დღეს მოხდა მიწისძვრა. ნუთუ ეს დასაფიქრებელი არ უნდა იყოს ჩვენთვის?!"

/დეკ. ვახტანგი (დავითაშვილი)
"ქვაკუთხედი" N9, 2017, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2017, 01:38 PM

"1805 წელს ანტონ II კათალიკოსმა საეკლესიო აზნაურს ნიკოლოზ ელიოზიშვილს და მის ბიძაშვილს, გომის მოურავს იოსებს, გომში მარან-საწნახელი და ყმა-მამული უბოძა. გავიდა თითქმის 100 წელი და უმემკვიდროდ დარჩენილმა უკანასკნელმა გომელმა ელიოზიშვილმა გომელი გლეხი ქოსაშვილი იშვილა და მთელი თავისი ქონება დაუტოვა. კათალიკოსისეული მარანი ახლაც დგას კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში და დღესაც ქოსაშვილებს ეკუთვნით. ასეთი რამეებიც ხდებოდა საქართველოში ბატონისა და ყმის ურთიერთობაში."

/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2017, 12:20 PM

"ჩვენთან სამარცხვინო იყო, თუ კაცს მოკლავდი. ეს ნიშნავდა, რომ მტრის შეგეშინდა. მტერი უნდა დაგემარცხებინა, მაგრამ არ მოგეკლა. არ შეიძლებოდა ღრმა ჭრილობის დადება მოწინააღმდეგისთვის, ვინმე თუ ღრმა ნაჭდევს გააკეთებდა, ხევსურეთში იტყოდნენ: "შაშინდა ბეჩავი, ხელი გაექცაო".

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2017, 08:43 PM

"[ბახტრიონის აჯანყებისას] ერთ ადგილას თათრის გვამი ყირამალა რომ დამდგარა თათრების მკვდრების გროვაში,ზეზვას [გაფრინდაული] შეუჩერებია მტრის ხოცვა, რადგან გვამის ყირამალა დადგომა ცოდვად მიაჩნდათ".

/"კარიბჭე" N20, 2012, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2018, 10:22 AM

"მეგოდრეთუხუცესი"

"ამავე დავთარში იხსენიება გარე კათის სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრები სახასო გლეხი კახაბრიშვილ დათუნას ობოლი (სახელი უცნობია). მასაც თოფით ლაშქრობა ევალებოდა. უნდა შევნიშნოთ, რომ იმხანად თოფით ლაშქრობა გლეხთა შედარებით შეძლებულ ნაწილს ევალებოდა".

"ანაზდად სიკუდილით მომკვდარიყო, შვილი არ დარჩენოდა ამოვარდნილიყო". "ამოვარდნილა" ესე იგი მემკვიდრე არ დარჩენია"

/"კარიბჭე" N26, 2008, გვ.43, 44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 03:01 PM

"ბახტრიონის აღების შემდეგ თუშებს და ფშავლებს მეფემ მიწებით დასაჩუქრება დაუპირა. ფშაველებს შირაქი ერგოთ, თუშებს კი ზეზვას პირით განუცხადებიათ, რასაც ზეზვას ცხენი ერთი შემორბენით შემოირბენს, ჩვენი ადგილი ის იყოსო. ცხენს დიდი განი აუღია, უბრენია 15 კმ და სოფ. ქვემო ალვანის და სოფ. ლალისყურის მიჯნაზე, ე.წ. ტახტის გორთან, დაცემულა.

მას აქეთ თუშებში ვისაც უნდოდა ცხენი შერჩენოდა ან ცხენებში ბედი ჰქონოდა, ამ ცხენის საფლავზე საღვთოს იხდიდა. თუშ-ფშავ-ხევსურნი აქ ისე არ გაივლიდნენ, რომ შესანდობარი არ დალიონ ცხენის პატრონის ზეზვასი".

/"კარიბჭე" N20, 2012, გვ.27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2018, 11:54 PM

"ცხავატის ნაცვალმა სამუკა ამირიძემ ხადას ციხისთავ ლევან ნაზღაიძესთან ერთად წამოიწყო 1804 წლის მთიულეთის აჯანყება - პირველი და ყველაზე მრისხანე აჯანყება საქართველოში რუსთა ბატონობის წინააღმდეგ."

"ხმალზე ნაფიცობა აქვნდათ მთიულეთში: ამირთკარელ ამირიძეთ, შონჩოელ ნარიმანიძეთ და მლეთელ ნაზღაიძეთ. ესენი ბიძაშვილობენ და ერთურთში ქალს არ ათხოვებენ მოაქჟამამდე."

"ამირიძეთა დასახლებას ამირთკარი ეწოდა. ამირთკარს ამირიძეთ ციხე ედგათ - ერთი რგოლი საქართველოს ჯაჭვის პერანგისა."

/"კარიბჭე" N26, 2009, გვ.54/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 04:58 PM

"აშოტ კურაპალატის ძემ, ადარნასემ, სჯულიერი მეუღლე, ასული ბაგრატ შაროელისა ხელმწიფისა, მეძავი დედაკაცის შესმენით განიშორა და გაგზავნა უკან, აფხაზეთში. წმინდა გრიგოლ ხანძთელმა ამხილა ადარნასე, მაგრამ მან ყურად არ იღო ეს მხილება და სხვა ცოლი მოიყვანა.

მაშინ წმინდა გრიგოლმა უწინასწარმეტყველა: ამ ცოდვის გამო დასნეულდები, ხოლო შენი შვილნი ეშმაკეულნი შეიქმნებიან. ვერ განიკურნოთ, სანამ იქ უსამართლოდ დასჯილი ღვთის მხევალი არ შეგინდობთ. თუმცა დედოფალი ამ დროს გარდაცვლილი იქნება, მაგრამ შენმა შვილებმა მის საფლავთან მიიღონ შენდობაო.

მართლაც, ადარნასეს მალე ნიკრისის ქარი შეეყარა და იგვემებოდა ფრიად. მაშინ კი ინება და ცოლყოფილს მოციქული გაუგზავნა - "შენდობა გამომითხოვეო მისგან". მივიდა კუპრა (ასე ერქვა მოციქულს) ფერსათის მონასტერში და იხილა თავისი დედოფალი ბევრელი, რომლისთვისაც მონაზვნობაში ანასტასია უწოდებიათ.

დედა ანასტასიას შეურაცხი ჩოხა ეცვა, ემოსა სქემა და ზურგზე შეშა ჰქონდა მოკიდებული. კუპრა შეევედრა მას: ქრისტეს ნების მყოფელო, შეუნდე ჩემს ბატონს და ნუ დაწყევლიო. დედა ანასტასიამ უპასუხა: - ქრისტეს გეფიცები, არასოდეს დამცდენია წყევლა ბაგეთაგან და არც ის დამიწყევლია. ღმერთმა შეუნდოს ცოდვანი ადარნასეს და განიკურნოს სულით და ხორცითო. იმწამსვე გამოჯანმრთელებულა ადარნასე.

დედა ანასტასიამ დიდი მოთმინებით, თავმდაბლობით, მოღვაწეობით განვლო ცხოვრება, ხოლო მისი საფლავის მიწას, როგორც სიწმინდეს, მიიღებდნენ მორწმუნენი და იკურნებოდნენ. ადარნასეს სამი ვაჟი ეშმაკისგან იტანჯებოდა. გაგზავნა ისინი დედის საფლავთან, შეურაცხი სამოსლით მოსილნი და ურიცხვი შესაწირით. რაჟამს ილოცეს საფლავთან მეფის ვაჟებმა, მყის განიკურნენ."

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2018, 04:14 PM

"ჩაებმებოდნენ ქართველნი ფერხულში და "შავლეგოს" სიმღერას დასძახებდნენ: "შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო, შავად გაგიხამებია, შავლეგო"... მარტო ფერხულში კი არა, საფიხვნოში, სუფრაზე, ლხინსა თუ ჭირში ისმოდა შალვა ახალციხელის ამბავი.

დედაც აკვანზე დამღეროდა თავის პატარას და შავლეგოს გმირობის ამბავს უყვებოდა: როგორც ბრძანებს ანტონ კათოლიკოსი წმინდა შალვას მარტვილობის აღწერისას: "წიაღსავე შინა დედისასა ყოფისა დროსა" მესმოდა მისი ქება, სიყრმეშიც, მერეც, სანამ მონაზვნად აღვიკვეცებოდი და მას შემდეგაც, რაც მწიგნობარი ვიქმენ, აღტაცებული ვარ მისი თავმდაბლობითო.

უკვე ამდენი საუკუნე გავიდა. იფიქრებ, ნუთუ შალვაზე მამაცი მებრძოლი სხვა ქართველი არა ყოფილა? განა ნაკლები ვაჟკაცი იყო დავით სოსლანი, მაგრამ ერმა მაინც შავლეგოზე იმღერა..."

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2018, 09:44 PM

"ვახუშტი ბაგრატიონი არა მხოლოდ ზოგადად ქართველთა სტუმართმოყვარეობის შესახებ საუბრობს, არამედ საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის მკვიდრთა შესახებაც. საქართველოს სამეფო კარზე მესტუმრეთუხუცესის თანამდებობაც კი არსებობდა, მას არაერთი მესტუმრე ემორჩილებოდა."

/"კარიბჭე" N5, 2011, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2018, 03:03 PM

"[ზემო იმერეთში, ჭიათურის მახლობლად] მღვიმევის მხედრული და ასომთავრული ფრესკული წარწერები უკავშირდება ამშენებელთა პორტრეტებს. წარწერაში დასახელებულ კახაბერიძეთა გვარი კარგადაა ცნობილი ძველ ქართულ წყაროებში.

რაჭის ერისთავების მაღალი წოდება კახაბერიძეებს, მატიანეების მიხედვით, თამარის მეფობაში ჰქონდათ. ამ დროიდან მოყოლებული XIII საუკუნის 80-იანი წლების დასასრულამდე, თითქმის ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ისინი რაჭის მმართველები არიან. კახაბერიძეთა ასული გვანცა, როგორც ცნობილია, დავით გიორგი-ლაშას ძის მეუღლე და მეფე დემეტრე თავდადებულის დედა იყო."

/"კარიბჭე" N24, 2010, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2018, 10:32 PM

"გენერალ-მაიორი გიორგი მაზნიაშვილი მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, მძიმედ დაიჭრა. მკურნალობის პერიოდში მისი მამაცობით აღფრთოვანებულმა იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ მოწყალების დებად თავის ორი ასული დაუნიშნა".

/"კრიალოსანი" N1, 2009, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2018, 07:28 PM

"როგორც ცნობილია, ძველად არა მარტო კათოლიკოსები, ეპისკოპოსებიც კი დიდგვაროვნები უნდა ყოფილიყვნენ. ბაგრატიონი კათოლიკოსებიც არაერთი ჰყავს საქართველოს."

/"კარიბჭე" N10, 2010, გვ. 57/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2019, 07:39 PM

"ქართველთა ძველი ზნე-ჩვეულებებიდან ნაშრომში აღნიშნულია "პირ-მტკიცობა". ძველ ქართველს სიტყვა დაეჯერებოდა. მისი სიტყვა და მისი პირობა მტკიცე ყოფილა. ძველი ქართველები თურმე "ფუცვიდიან ქართლოსის საფლავს". მათ სწამდათ, რომ ქართლოსი იყო ქართველთა ლეგენდარული წინაპარი, ძე თარგამოსისა, ძისა თარშისა, ძისა ავანისისა, ძისა იაფეტისა, ძისა ნოესი. ძველი ქართველი წინაპრის საფლავს ფიცულობდა და მისი სიტყვა მტკიცე იყო".

/"კრიალოსანი" N10, 2009, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2019, 08:43 PM

"საქართველოს აროდეს კლებია ვაჟკაცნი, უსახელოდ რომ შესწირვიან მამულს, თავისუფლებას და გმირები, რომელსა სახელებსაც სანთელს უნთებს მადლიერი ერი"

/"კრიალოსანი" N3, 2008, გვ. 24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2020, 07:53 PM

შაჰ-აბასის ხმალი

"შაჰ-აბასის ხმლის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა":

"ამავ ბარის წყალს ზევით არის მთაში მრავალძალის ეკლესია წმინდა გიორგისა და ჯვარი დიდი ოქროსი, სასწაულთმოქმედი. ამას შესწირა შააბაზ I ხრმალი ოქროთ მოოჭვილი, აწცა ძეს მუნ, არა თუ სარწმუნოებით, არამედ სცნან, რამეთუ ხმალი მისი ჰკიდავს მუნ".

ვახუშტის ამ ცნობაში განსაცვიფრებელია ის ფაქტი, რომ მრავალძლის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის საკუთარი ხმალი შეუწირავს ქართველთა მტერს, შაჰაბას I-ს. თუმცა ამაზე მეტყველებს სხვა წყაროებიც. ამის თაობაზე პლატონ იოსელიანი წერს:

"შაჰ აბასმა შენიშნა, რომ ლუარსაბ მეფის ბედის შესახებ მოლაპარაკების დროს (რაც ქ. გორში მიმდინარეობდა) იმერეთის ელჩები აფიცებდნენ გიორგი სააკაძეს წმინდა გიორგის სახელით და მისი სასწაულმოქმედი ხატით იმერეთის დაბა მრავალძალში, რომელიც იმერელების უდიდესი სათაყვანებელი სალოცავი იყო.

შეიტყო რა ეს, შაჰმა გადასცა იმერეთის დიდებულებს მათ მიერ თაყვანისცემულ ტაძარს, და სთხოვა ეს საჩუქარი ტაძრის კედელზე დაეკიდათ".

ხმალი მეოცე საუკუნის 20-იან წლებში ნახა და აღწერა გიორგი ბოჭორიძემ: "სპარსული ხმალი ტარმოტეხილი; ტარი შეჭედილია ოქროთი და შემკული 1 დიდი, 31 საშუალო და 14 წვრილი თვლით".

/"თვენი" N31, გვ.282/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2020, 06:13 PM

"ლეგენდის თანახმად, ხრეითის ქვეციხეში მეფეთა განძი ყოფილა დაცული; სოლომონ მეფის დროს, თურქ-ოსმალების შემოსევისას, განძი, მტრისაგან დაცვის მიზნით, მეციხოვნეებს შემორევას ტბაში ჩაუშვიათ, თუმცა ტბის ფსკერი არავის შეუსწავლია და არავინ იცის, რამდენად სარწმუნოა ეს ამბავი. მოსახლეობა ტბას უძიროს უწოდებს, სიღრმე კი დაახლოებით 12 მეტრია"

/"კარიბჭე" N4, 2020, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2020, 09:14 PM

"ყურადსაღები ფაქტია, რომ საფრანგეთის მთავრობის სრულუფლებიანმა მინისტრმა და უზენაესმა კომისარმა ამიერკავკასიაში აბელ შევალიემ საქართველოს განძეულობა ფრანგულ კრეისერზე მოათავსებინა და იმდენი მოახერხა, რომ კრეისერი ბათუმიდან დანიშნულ დროზე ადრე გასულიყო, რის გამოც ექვთიმე და მისი მეუღლე გემს ჩამორჩნენ, მაგრამ ექვთიმე ფრანგულ კრეისერს დაქირავებული კატერღით დაედევნა"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 212/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2020, 07:21 PM

"ზურაბ ავალიშვილმა [იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პატიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1917წ.)] მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადარჩენაში. იგი ექვთიმე თაყაიშვილსა და იოსებ ელიგულაშვილს მარსელში დახვდა მთავრობის საქმეთა რწმუნებულ ანდრია დეკანოზიშივლთან ერთად და განძის მარსელის ბანკში დაბინავებაში დაეხმარა"

/"კარიბჭე" N5, 2020, გვ.49/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 12:49 PM

"ლომისის წმინდა გიორგის სალოცავისთვის მრავალი სანთელ-საკმეველი, ალამი, აკვანი თუ ძვირფასეულობა შეუწირავთ. ერეკლე II-ის რძალს, კონსტანტინე მუხრანბატონის ასულ ქეთევანს, 1789 წელს ვერცხლის თასი მიურთმევია. დიდ ლომისას შვილიერებას სთხოვდა...

ლომისის სალოცავისთვის, მისი ძალმოსილება რომ უგრძნია, შაჰ-აბასსაც შეუწირავს თვალ-მარგალიტნი. როცა მის ხალხს არაგვის პირი დაურბევია, გაუძარცვავთ ლომისის სალოცავიც და იქიდან ხატები წამოუღიათ (მათ შორის - ხატი ფერისცვალებისა). ამის მოქმედნი დაბრმავებულან, შაჰს კი, ეს ამბავი რომ შეუტყვია, ხატები უკან დაუბრუნებია და თან შესაწირი ოქრო-ვერცხლიც გაუგზავნია. ამ ამბავს პლატონ იოსელიანი მოგვითხრობს, რომელიც შაჰის სხვა შესაწირზეც გვიამბობს: აბასმა წმინდა შიოს წმინდა ნაწილები სპარსეთში წააღებინა. ქვეყანას უმალ ღვთის რისხვა მოევლინა. როცა შაჰი თავს დამტყდარი უბედურების მიზეზს მიმხვდარა, ღირსი მამის წმინდა ნაწილები მონასტრისთვის დაუბრუნებია, ფულიც უბოძებია, წმინდა შიოს მღვიმისთვის კი მშვენიერი თლილი ქვის კარი შეუბამს.

შაჰმა გორთან ახლოს ერთაწმინდის ტაძარს მოჰკრა თვალი. რომ შეიტყო, რა ძვირფასი იყო იგი ქართველთათვის, ჯარს მისი დანგრევა უბრძანა. ისინიც ავიდნენ გუმბათზე და მისი ბრძანების აღსრულებას შეუდგნენ. ამ დროს ქრისტიანული სიწმინდეების სიძულვილით ავსებულმა შაჰმა იგრძნო, რომ მხედველობას კარგავდა. დამწუხრდა ირანის მბრძანებელი, მიეძინა. სიზმრად ნახა: იარაღშემართული გოლიათი სიკვდილით ემუქრებოდა და მზად იყო, მისთვის გულში მახვილი ჩაეცა. ირანელმა ასტროლოგებმა სიზმარი ვერ აუხსნეს. მაშინ მის წინაშე ვინმე ერთაწმინდელი წარდგა, მუხლებზე დაემხო და მოახსენა: თვალთა სინათლე მხოლოდ მაშინ დაგიბრუნდება, თუ ტაძრის ნგრევას შეწყვეტ. ძილში ნანახი გოლიათი კი წმინდა ევსტატეა, რომლის სახელზეცაა აგებული ტაძარიო. მერე კი შაჰს ეკლესიაში შეუძღვა და წმინდა ევსტატეს ხატი აჩვენა.

შეძრწუნდა შაჰი - სწორედ ის "წინასწარმეტყველი" ამოიცნო, სიზმრად რომ ნახა. მყის ტაძრის ნგრევის შეწყვეტა ბრძანა, მერე კი თავისი ხმალი ერთ დიდებულს გადასცა და უბრძანა, მისთვის ძვირფასი ქვებით გაწყობილი ბუნიკი და ვადა მოეხსნა, რათა ტაძრისთვის შეეწირა. ამის გარდა სხვა სიმდიდრეც ბევრი გაიღო. ძვირფასეულობა დიდხანს ეწყო ტაძარში დაცულ წმინდა ევსტატეს წმინდა ნაწილებზე, 1794 წელს კი ისინი წმინდა ნაწილებთან ერთად, როგორც კურნების მადლმოსილი სიწმინდე, მეფე ერეკლემ თავისი სნეული ქალიშვილის თეკლას განსაკურნებლად მოითხოვა. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას სიწმინდეები დაიკარგა. ერთი წლის შემდეგ მხოლოდ წმინდა ევსტატეს მარჯვენა გამოუსყიდიათ.

როცა შაჰს მრავალძალის წმინდა გიორგისადმი იმერელთა განსაკუთრებული სიყვარული შეუტყვია, ტაძრისთვის თავისი ხმალი შეუწირავს. "არა თუ სარწმუნოებით, არამედ ჰცნან, რამეთუ ხმალი მისი ჰკიდავს მუნ" (ვახუშტი ბატონიშვილი).

1735 წელს, აბასის მიბაძვით, ნადირ-შაჰსაც შეუწირავს 300 მარგალიტი წმინდა ევსტატეს ტაძრისთვის. ისინი მატყლის თოკზე ყოფილა ასხმული, რომელიც შაჰის ბრძანებით მის ჰარამხანაში მყოფ ქართველ ქალს მოუქსოვია. ეს თოკი, კათოლიკოს ნიკოლოზის კურთხევით, წმინდა ევსტატეს ხატს ამშვენებდა და 40 წლის შემდეგ, ლეკების შემოსევისას, დაკარგულა.

ამ შესაწირმა ვერც ერთ შაჰს არგო რამე და ვერც მეორეს, მათ ხომ მთავარი - გული არ შესწირეს უფალს, ამიტომაც მათი მსხვერპლი დარჩა ვითარცა კაენის მსხვერპლი."

/"კარიბჭე" N8, 2007, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2020, 09:20 PM

"მოგეხსენებათ, ქემალ ათათურქი როგორ უყვართ თურქეთში, რომელიც არა მხოლოდ თურქეთისთვის, ყველა ქვეყნისთვის მისაბაძი უნდა იყოს.

ოსმალეთის იმპერია უძველესი იყო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს დამარცხდა, წინა ომებშიც მარცხი განიცადეს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ათათურქი სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა პოლიტიკოსთა თაობას, მათ იმსჯელეს და გააანალიზეს ის შეცდომები, რამაც სახელმწიფო დაასუსტა.

დაადგინეს, რომ ჩვენი სისუსტის მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფო კოსმოპოლიტურიაო და აი, რას გულისხმობდნენ: მათი შეფასებით, თურქული კულტურა კი არ იყო წარმმართველი ოსმალური იმპერიისა, არამედ ყველა ეთნიკური ჯგუფს ჰქონდა მიცემული თავისუფლება, განევითარებინათ თავიანთი ავტონომიურობა, აქედან გამომდინარე, ახალი პოლიტიკური ძალა ათათურქის ხელმძღვანელობით მოითხოვდა, შეექმნათ ერთიანი ნაციონალური თურქული სახელმწიფო, მათ მიზნებში შედიოდა ზრუნვა თურქულ ენაზე.

როდესაც თურქული სიტყვების მოძიება დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ თურქულ ენაში 50 პროცენტზე მეტი სხვა ენებიდან ნასესხები არათურქული სიტყვები აღმოჩნდა. სოფელ-სოფელ დადიოდნენ, რომ მიეკვლიათ ძველი თურქული სიტყვებისთვის, დაამკვიდრეს ეს სიტყვები თავიანთ ენაში, გააღვივეს ხალხში ის გრძნობა, რომ ყველა, ვინც თურქეთში ცხოვრობს, თურქია. ეს ყველას ჩაუნერგეს. და დღესაც, იქაურ ქართველს თუ შეეკითხები, ქართველი ხარ თუ თურქიო, გეტყვის, - ადრე გურჯი ვიყავი, ახლა თურქი ვარო. რადგან ის უკვე გათურქებულია თავისი შემეცნებით და სარწმუნოებით.

არა მარტო ქართველთა ტომები, სხვა ეთნოსებიც ამ გაგების არიან, არადა, რიცხობრივად ნაღდი თურქული წარმოშობისანი ცოტანი არიან. მათმა კონსულმა მითხრა, - ათი კაცი რომ შეიკრიბება, აქედან ნაღდი თურქი შეიძლება მხოლოდ სამი კაცი აღმოჩნდეს, დანარჩენები სულ სხვადასხვა ეროვნული წარმოშობისანი არიანო. მათ სკოლებში თურქული ჰიმნი თუ არ აჟღერდა, გაკვეთილი ისე არ დაიწყება, ყველა ბავშვს პატარაობიდანვე ეუბნებიან და აჩვევენ, შენ თურქი ხარ, რადგან ამ სახელმწიფოს მოქალაქე ხარო, ამიტომ იქ ქართველიც, სომეხიც, ბერძენიც, თარაქამაც, ირანელიც და სხვა ეთნოსები, ბავშვობიდან თურქული სულისკვეთებით იზრდებიან და როცა 17-18 წლი ასაკში სკოლას ამთავრებენ, ყველას თურქი ჰგონია თავი, რადგან თურქული ნაციონალიზმია თურქეთის სახელმწიფოს საძირკველი. ამ სახელმწიფომ ასე მოიგერია ევროპის შემოტევა"

/მეუფე ანანია ჯაფარიძე
"კარიბჭე" N16, 2014, გვ.64/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2020, 05:34 PM

"თავისი წარსულით ბიზანტიის ისტორია გასაოცარია. მის მეხსიერებაში შემორჩენილია არარსებული ბრწყინვალება და ყოფითი ზეიმურობა. ყველა მონაცემით ბიზანტია იყო მსოფლიო იმპერია, რომელიც გარეგნული ძლევამოსილებით, ტერიტორიული ზესახელმწიფოებრიობით და უზარმაზარი შინაგანი ენერგიით ხასიათდებოდა; ბიზანტიას გააჩნდა საკუთარი ეკლესიური ქრისტიანული კულტურა, უნივერსალური მნიშვნელობის კანონიკური ძეგლები, წმინდა მამებისა და ეკლესიის მასწავლებლების ნაშრომები, საუკუნეობრივი ლიტერატურა, და ბოლოს, უძველესი მსოფლიოდან შემორჩენილი, ყველა დროის უდიდესი და უკვდავი სიმდიდრე - ბერძნული ენა".

/"კარიბჭე" N17, 2013, გვ. 46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2020, 08:55 PM

"ქართლის ცხოვრებას" ლაიტმოტივად გასდევს ჟამთააღმერლის ღაღადისი: "დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმაც სამართლად დაგვივიწყა". დასაბამიდან ასე იყო, როდესაც ვშორდებოდით ჭეშმარიტების გზას, მაშინ მოგვივლენდა უფალი განსაცდელს, რათა გონს მოვგებულიყავით და ამის შემდეგ კვლავ იწყებოდა საქართველოს გაბრწყინება".

/"კარიბჭე" N12, 2020, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2020, 08:34 PM

"ხეობიდან წასულების შთამომავლებმა თვითონ უნდა მაინდომონ წინაპართა სახლების გაცოცხლება", - ელო ბებო [მახაური] სიამაყით იხსენებს იმ მეომარ ხალხს, ვისაც მათურაში უცხოვრია, მათ შორის მიხა ხელაშვილის დედის მხრით პაპას, გვარად თადიაურს, ვისგანაც მიხას სიმამაცე გამოჰყოლია".

/"კარიბჭე" N12, 2020, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2020, 08:43 PM

"შემთხვევით არ დაურქმევია წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველს კონსტანტინოპოლისათვის "სამყაროს თვალი", "აღმოსავალეთისა და დასავლეთის ერთგვარი ურთიერთშეთანხმების კვანძი", ფოტიოსის სიტყვებით რომ ვთქვათ: "მეფე ქალაქებს შორის დედოფალი". ხოლო ჩვენმა თანამედროვე ბიზანტიის ისტორიკოსმა ასეთი პერიფრაზი გააკეთა: "კონსტანტინოპოლი შუა საუკუნეების პარიზია".

/"კარიბჭე" N17, 2013, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2021, 08:08 PM

"მონღოლები აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ 100 წელი ბატონობდნენ, თანაც დასავლეთი საქართველო დაუპყრობელი დარჩათ. რაც მთავარია, არ მოხდა მონღოლ-ქართველთა ურთიერთშერევა და ქართველობა უცხო ხალხში არ ასიმილირდა, მაშინ, როცა სხვა ერებს მონღოლებმა თავიანთი ეთნიკური სახე (მონღოლოიდური) მისცეს. მართალია, ერთნიკურად ისინი დაპყრობილ ხალხებში აითქვიფნენ, მაგრამ რასობრივად ამ ხალხებს თავიანთი ნიშანი დაადეს. რუსეთში 300 წელი ბატონობდნენ მონღოლები და მოხდა არევა რუსებისა მონღოებლთან".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.97/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2021, 07:12 PM

"[ვახტანგ] გორგასლის პირველმა მეუღლემ, ბალანდუხტმა, ტყუპი ქალ-ვაჟი შვა და მშობიარობას გადაჰყვა"

/ლევან მუმლაძე, "საქართველოს უდიდესი მეფეები" გვ.7/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2022, 08:15 PM

"უწმიდესი ლეონიდე 1921 წ-ის 11 ივნისს გარდაიცვალა შავი ჭირის ეპიდემიით. (ხალხის აზრით იგი თევზით მოწამლეს)".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართელოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 03:12 PM

"ვარაუდობენ, რომ დიდი ყორღანები ტომის ბელადთა განსასვენებელს წარმოადგენენ, საშუალო ზომის - ცალკეული გვარის მეთაურთა საოჯახო სამარხებს, ხოლო მცირე ზომის ყორღანებში რიგით მეთემეებს მარხავდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.183/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2022, 04:25 PM

"სამეცნიერო ლიტერატურაში არაერთხელაა აღნიშნული ქართველთა ეროვნული ხასიათის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისების - ტოლერანტობის შესახებ. ეს ტოლერანტობა ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში შეიმუშავა და იგი ერთგვარ დამცავ საშუალებადაც კი იქცა. ქართველთა გადარჩენის ერთ-ერთი გზა ამ ტოლერანტობაზე გადიოდა. ზემოთ აღვნიშნეთ ქართველების სომხებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ. მაჰმადიანები (თათრები) მუდმივად არბევდნენ საქართველოს, გვტაცებდნენ მიწა-წყალს. მიუხედავად ამისა, ქართველმა ხალხმა შექმნა ლექსი, რომლის მსგავსი არც ერთი სხვა ეთნოსის ხალხურ პოეზიაში არ მოიძებნება: "ყველა ადამის შვილი ვართ, /თათარიც ჩვენი ძმა არი, / ჩვენსა და სომეხებ-შუა / განყოფილება რა არის?" ასეთი მიმტევებლური, მოწყალე ხასიათის შედეგი იყო, რომ ქართველობა მტერსაც კი დადებითი ეპითეტებით ამკობდა, თუ ის მასში დადებით, პოზიტიურ თვისებებს აღმოაჩენდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 333/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2022, 12:32 PM

"ძველად, საუკუნეების მანძილზე, საქართველოში არსებობდა ჩვეულება: ყოველ 3 წელიწადში ერთხელ 12 ჭაბუკს აგზავნიდნენ ათენში უმაღლესი განათლების მისაღებად. ამასთან, უმეტესწილად, სახელოვანი თავადების შვილები შეირჩეოდნენ"

/"კარიბჭე" N6, 2022, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2022, 08:42 PM

"XIX საუკუნის შუა პერიოდამდე, საქართველოში საფლავის ქვები, მიწაზე თარაზულად დადებული გახლდათ, ზედწერილი ეპიტაფიით. ობელისკებისა და ქანდაკებების დადგმის წესი შემდეგი პერიოდიდან შემოვიდა. მაშინ თბილისის სავაჭრო სახლებში იტალიელებს შემოჰქონდათ მარმარილო, რომლის დამკვეთები ჭავჭავაძეების ოჯახები იყვნენ".

/ჟურნალი "გზა" N4, 2022, გვ.72/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2022, 12:31 PM

"ქრისტეფორე დე კასტელის აქვს ცნობა ერთ მის თანამედროვე ადგილობრივ ყაჩაღზე, რომელიც, ბუნებრივია, პირველ რიგში, ტყვის მსყიდველი იქნებოდა. ესაა ვინმე ალი ბეგი, "გამაჰმადიანებული მეგრელი" ერთ დროს მას სულთნის კარზე დიდი თანამდებობაც ჰქონია, მაგრამ შემდეგ შეურისხავთ და ზღვაზე ავაზაკობისა და მეკობრეობისთვის მიუყვია ხელი. კასტელის დაუხატავს მისი პორტრეტი ზედწარწერით - "ზღვის ფირალი ალი ბეგი, გამაჰმადიანებული მეგრელი". მეორე პორტრეტზე კი წარწერა გაუკეთებია, რომ იგი "სარწმუნეობასა და რელიგიას განუდგა და შემდეგ განთქმული ყაჩაღი გახდა ზღვაზე".
კასტელიმ მისი დროის ავაზაკთა და ტყვის მსყიდველთაგან მხოლოდ ერთის სახე ფააფიქსირა, მაგრამ უეჭველია, ასეთები ბლომად იქნებოდნენ მაშინდელ საქართველოში, რაც გვიანდელი ცნობებითაც დასტურდება".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.119/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2023, 08:11 PM

"თუ ერეკლეს ეპოქას კარგად მივადევნებთ თვალს, აშკარად დავინახავთ, რომ მაშინ საქართველოს ირან-ოსმალეთზე მეტად ლეკიანობა ქცეოდა მთავარ პრობლემად - ეს იყო პირველი და უძმიმესი შედეგი თემურ-ლენგის დათხეული შხამისა. თავად წერა-კითხვის უცოდინარმა აქლემებით გააზიდინა მთელი წიგნადი ფონდი თბილისის აღებისას - იგრძნო, რომ ერის ძლიერება მის წიგნიერებაზე იყო"

/"ქაროზი" N80, გვ.2020, გვ.5/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)