დიდი მარხვა - მეორე კვირა, მოგზაურობა აღდგომისკენ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დიდი მარხვა - მეორე კვირა, მოგზაურობა აღდგომისკენ |
afxazi |
Feb 22 2010, 03:15 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
22 თებერვალი (9 თებერვალი), დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. ორშაბათი
მოწამისა ნიკიფორესი (დაახლ. 257); მღვდელმოწამეთა: მარკელე სიცილიელ ეპისკოპოსისა, ფილაგრე კვიპრელ ეპისკოპოსისა და პანკრატი ტავრომენიელ ეპისკოპოსისა. VI ჟამ. - ეს. IV, 2 - V, 7. მწუხ. - შესქ. III, 21 - IV, 7. იგავ. III, 34 - IV, 22. ორშაბათსა მეორესა შვიდეულისასა, სურვილისათვის საუკუნეთა მათ კეთილთასა, და რათა არა გვიყუარდენ სოფლისა ამის საშუებელნი. გუაკურთხენ, მამაო! ძმანო და მამანო, სარბიელსა წმიდათა მარხუათასა წინამდებარედ აქუს ღუაწლი მარხვისა, რომლისა მიერ განჰკაფთ ხორცთა თქუენთა ზედა დართვითა მღვიძარებისათა, და კნინღა გცონისთ ზედას-ზედა სმენისაგან სწავლათასა, არამედ ვინაითგან ვითარცა დღითი-დღედ მოსიკუდიდ ვართ, თანაგუაძს ყოფაი სჯულისდებისაებრ მოციქულისა. ხოლო ეგულებიან რა ვის სიკუდილი, სიკუდილისათვის ჰზრახავნ იგი და ანდერძსა რასამე იტყვინ, და ლმობიერ-ჰყოფენ მსმენელთა. მოვედით უკუე და ჩუენცა ნუ დებვიქმნებით სმენად, არამედ ვითარცა ანდერძსა აღმოიკითხუასა, ვერჩდეთ სიტყუათა ამათ. ანდერძი უკუე მსოფლიოთა, ვინაითგან ხორციელ არს, ხორციელადცა ზრახავნ. ესე იგი არს: სამკვიდრებელისა დატევებასა, ცოლისა და შვილთა და ნათესავთა და ძმათასა და სხუათა, რაოდენიცა რაიმე აქუს განწესებაი ჩუეულებად. ხოლო ჩუენი ესე ანდერძი არას იტყვის ესე ვითარსა, არამედ ამას, ვითარმედ მსხემვართ და წარმავალ ქუეყანასა ზედა და ვითარმედ არარა შემოვიღეთ სოფლად, სჩანს, რამეთუ არცა განღებად რა ვის ხელ-გუეწიფების! რამეთუ მივიცვალებით ხრწნილებისაგან უხრწნელებად, და შეურაცხებისაგან - დიდებად და მოკუდავებისაგან - უკუდავებად. ვინაიცა არა სცოდოს, რომელმან ამას ანდერძსა და უფროსღა აღთქმასა სახარებად სახელსდუას, ვინაითგან მოციქულიცა განსლვასა და ქრისტესთანა ყოფასა უაღრეს და უმჯობეს უწესს. და კუალად სხუასა ადგილსა იტყვის, რამეთუ: "მე აჰა ესერა შევიწირვი და ჟამი მოქცევისა ჩემისა მოიწია. ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაი აღმისრულებიეს, სარწმუნოება დამიმარხავს. ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან, არა მე ხოლო, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაი მისი". ჰხედავთა, რამეთუ ვითარცა სახარება არს ამიერ მიცუალებაი ჩუენი. და ვინაითგან სახარება არს მიერ მიცუალება ჩუენი, ესე აღთქმაი მხიარულებით და გულსმოდგინებით ვისმინოთ და სურვილით და წადიერებით შებმა ვჰყოთ მოღუაწებასა და ნურაისა ხორციელისა მიმართ მივიქცევით, ნუცა მშობელთა, ნუცა ძმათა, ნუცა ნათესავთა, და რად ვიტყვი ამას ვისმე, და მას ვისმე, რამეთუ არღა სოფლისა ამის აგებულებისა მიმართ ჯერ არს მიქცევა, ვითარცა ჰყოფდა მამათაგანი ვინმე, რამეთუ რაჟამს გამოვალნ სენაკით, საბურველითა დაიფაროს პირი თვისი, რათა არა მიჰხდეს ნათელსა მზისასა და ეკითხა რა მიზეზი, ესრეთ მიუგო, ვითარმედ: "რად მიხმს ხილუად ნათელი ესე საწუთოი". ესრეთვე განეშორების ყოვლისაგანვე ღუთის მოყუარე კაცი და ღუთისა ხოლო სიყუარულსა და ხედუასა შეეყოფის და განიცდის დაბადებულთა ღუთისათა, და განკვირდების და უგალობს ხუროთმოძღუარსა მას ხელოვანსა. და მეყუსეულად გულისხმისყოფად რა მოვიდეს, უხილავთა მიმართ მიიქცევის და ესრეთ მოისთულებს სიხარულსა და მხიარულებასა საღმრთოსა. ესე ვითარი იყო მამამთავარი აბრაამ, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: "სარწმუნოებით მწირობდა აბრაამ ქვეყანასა მას აღთქმისასა, ვითარცა უცხოსა კარავსა შინა, მკვიდრობდა ისააკ და იაკობის თანა, მკვიდრთა მათ თანა მისვე აღთქმისათა, რამეთუ მოელოდა მას, რომელსა იგი საფუძუელ უსხენ ქალაქსა, რომლისა ხუროთმოძღუარ , და შემოქმედ ღმერთი არს. ესე ვითარი იყო დიდიცა მოსე, რამეთუ სარწმუნოებით დაუტევა ეგვიპტე, და არა შეშინდა რისხვისაგან მეფისა, რამეთუ უხილავი, ვითარცა ხილული შეერაცხა. ესევითარნი იყუნეს ყოველნი წმიდანი, რამეთუ არა განიცდიდეს ხილულსა, არამედ უხილავსა. არცა გული უთქმიდათ საწუთოისა, არამედ საუკუნოსა და ესრეთ რაოდენ მისაწთომელ იყო, შურად საღმრთოდ წარემატებოდეს. უკეთუ ესე სურვილი ჩუენცა მოვიგოთ, არა სადა სურვიელ ვიქმნნეთ შუენიერებათა ამის ცხოვრებისათა, არცა გვიკვირდეს მათი, რომელნი იგი ხორციელად სცხოვნდებიან, არამედ უფროსღა დიდად სულთ ვითქუნეთ მათთვის, რამეთუ აღთქმასა შინა კეთილთა მათ აღთქმულთა, დამკვიდრება ოქროისა და ვერცხლისა და განმხრწნელთა გემოთა მიხედვითა, ნებსითითა სირბმითა წარსწყმდეს. ხოლო ჩუენ, ძმანო, სიტყვისაებრ მოციქულისა, განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდიდეთ: ზეცისასა ვეძიებდეთ და ზეცისასა ვზრახვიდეთ, სადაცა ქრისტე არს მარჯუენით მამისა მჯდომარე, რათა ჯეროვან იყოს ჩუენ-თვისცა თქმად, ვითარმედ: "თქუენ არა ხართ სოფლისა ამისგან", და ვითარმედ: "თქუენი მოქალაქეობა ცათა შინა არს". ვინაიცა წარ-მცა-დგომილ ვართ უბრალოდ დღესა მას კუალადგებისა და მართლმსაჯულებისა ღუთისასა, წინაშე საშინელისა და შესაძრწუნებელისა ქრისტეს საყდრისა და სმენად საწადელსა მის ხმისა და შესლვად სასუფეველსა ცათასა, მისვე თავადისა ქრისტეს ღუთისა ჩუენისა მიერ, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
Feb 23 2010, 03:37 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
23 თებერვალი (ძვ. სტ. 10 თებერვალი), დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. სამშაბათი
ღირსისა იოანე ჭიმჭიმელისა, ფილოსოფოსისა (XIII); მღვდელმოწამისა ხარალამპისა და მისთა თანამოწამეთა: პორფირისა, ბაპტოსისა და სამთა დედათა (202); ქალწულმოწამეთა: ენათასი, ვალენტინასი და პავლასი (308). VI ჟამ. - ეს. V, 7-16. მწუხ. - შესქ. IV, 8-15. იგავ. V, 1-15. სამშაბათსა მეორესა შვიდეულისასა, სულირისა დღესასწაულობისათვის, რათა მივემთხვივნეთ სასუფეველსა ცათასა. გუაკურთხენ, მამაო! ძმანო და მამანო, ვითარცა სოფელსა შინა იქმნებიან კრებანი, აქა და იქი, წლითი წლად, რომელთა შინა მირბიედ კაცნი განსყიდუად და მოსყიდუად, და თვითოეული ისწრაფინ განმრავლებად ოქროისა და ვერცხლისა თვისისა, ეგრეთვე წმიდათა მარხუათა ესე ჟამი კრება არს და დღესასწაული სულიერი, რომელსა შინა ძალუძს ყოველსავე, რომელსაცა ენებოს, განჰხსნაი საკრუელთა პირუელ ქმნულთა ცოდუათასა და ტალანტსა სათნოებათასა განმრავლებად. გევედრები უკუე, ძმანო, ნუმცა ვინ ჩუენგანი იპოვებიან შეუძინებელ ესე ვითარისა მის კრებისაგან, ნუმცა ვინ განუალს ამიერ ცარიელითა ხელითა, რამეთუ სავაჭრო ამის კრებისა არა ოქრო არს, არცა ვერცხლი, არცა სამოსელი, არცა სხუა რაიმე საწუთო და განხრწნილი, არამედ ხსნა სულისა და ცხოვრება საუკუნო და სასუფეველი ცათა, რომლისა თანა ედუა კაცთა ქონებად. ხოლო აწ მრავალთაგან მცირედნი ზრუნავთ მისთვის, არამედ ყოველსავე მოსწრაფებასა და სურვილსა, ამაოთა და განხრწნადთა შინა განვლევთ. არამედ ძმანო, ნუმცა თანა წარგუალს სარგებელი ჩუენი და შესაძინელი კეთილისა მის ვაჭრობისა, არამედ ვისმინოთ უფლისა, რომელსა იტყვის, ვითარმედ: "სასუფეველი ცათა თქუენ შორის არს", და ყოველსა დღესა მოსწრაფებით მოვივაჭროთ იგი, არა ოქროისა და ვერცხლისა წარგებითა, არამედ სარწმუნოებითა მართლითა და ცხოვრებითა უბიწოითა, მორჩილებითა, მოთმინებითა, სიმდაბლითა, სულგრძელებითა და სიყვარულითა, რომელ არს საკრუელი სრულებისა. ესევე მოასწავა უფალმა, სახარებასა შინა სთქუა რა, ვითარმედ: "მსგავს არს სასუფეველი ცათა კაცსა ვაჭარსა, რომელმან ჰპოვა ერთი მარგარიტი მრავალ სასყიდლისაი და წარვიდა და განჰყიდა ყოველივე, რაიცა აქუნდა და მოიყიდა იგი". აჰა ესე რა თქუენ ხართ კეთილნი იგი ვაჭარნი, რომელთა ყოველივე დაუტევეთ და ყოვლისა წილ კეთილი იგი და უსასყიდლოი მარგარიტი მოიყიდეთ, რომელ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, აღებითა ჯურისათა და შედგომითა უკანა მისსა სიწმიდით და სიმართლით. ხოლო ვინაითგან კრება, ჟამი არს გულსმოდგინებისა და მოსწრაფებისა და მღვიძარებისა, გულსმოდგინე და მღვიძარე ვიქმნნეთ, ძმანო, კრებისა ამის მარხვისასა, რათა მოვივაჭროთ ცხოვრებაი ჩუენი. კეთილი უკუე ვაჭარი არს, რომელმან ყოველივე შეურაცხყოს ღუთის მოშიშებისათვის, და არა ოდეს განფიცხნეს. კეთილი მოფარდული არს, რომელმან შეურაცხებაი ქებათა წილ მოიყიდოს და რომელმან სისხლი მისცეს და სული მოიღოს მოთმინებითა, რომელსაცა შინა იყოს მსახურებასა. ხოლო ვინაითგან მსახურებისათვის სიტყუა შემოვიდა, მადლიერ ვარ მათდა და რომელნი იგი დღითი-დღე მზარეულობისა მსახურებასა აღასრულებენ, რამეთუ მრავლითა შრომითა ურთიერთარს სიმძიმესა იტვირთუენ და ესრეთ სრულჰყოფენ სჯულსა მას სიყუარულისასა. მადლიერ ვარ მათდაცა, რომელნი იგი საჭიროისა მისთვის სახმარისა ძმათასა ჰზრუნუენ, , ვითარცა კეთილნი და გამოცდილნი გამგენი უფლისა მიერ. უმეტესდღა მადლიერ ვარ მათდა, რომელნი იგი ფსალმუნებასა შინა გულისხმისყოფით და ფრთხილად გალობენ, ვითარცა უზესთაესსა მადლსა ღირსქმუნლნი. აჰა ესე რა იხილეთ, თუ ვითარი არს ცხოვრებაი ჩუენი და რაბამი არს მოქალაქობა ჩუენი და სანატრელი ესე ვაჭრობაი, რომელი მოივაჭრეს წმიდათა მამათა ჩუენთა, მრავლითა გულსმოდგინებითა. რომელი ესე უკეთუ ჩუენცა კეთილად მოვივაჭროთ და სრულვჰყოთ, სიხარულით წარვიდეთ სახიდ თვისად, თქმულისა მისებრ ნეტარისა დავითისა, ვითარმედ: "მოიქეც სულო ჩემო განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყოს შენ", და გუეყავნ ჩუენ ყოველთა საგზალ ამის ხმისა აღმოთქმაი ჟამსა სიკუდილისასა. და მიმთხუევად ცხოვრებისა საუკუნესა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
Feb 24 2010, 02:40 PM
პოსტი
#3
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
24 თებერვალი (11 თებერვალი), დიდი მარხვის მე-2 შვიდეული, ოთხშაბათი
მღვდელმოწამისა ვლასი სებასტიელ ეპისკოპოსისა (დაახლ. 315-316); მართლისა თეოდორასი, საბერძნეთის დედოფლისა, წმიდათა ხატთა თაყვანისცემის აღმდგენელისა (დაახლ. 867). პირველშეწირულის ლიტრუგია. VI ჟამ. - ეს. V, 16-25. მწუხ. - შესქ. IV, 16-26. იგავ. V, 15 - VI, 3. ოთხშაბათსა მეორესა შვიდეულისასა, რათა დავიცუათ სული ჩუენი განმხრწნელთა ვნებათაგან. გუაკურთხენ მამა! ძმანო და მამანო, ვიმარხეთ რა პირველი იგი შვიდეული, სხუებრ რაიმე აღუჩნდეთ ურთიერთარს შემჭნარ და განყვითლებულ. არამედ დაღაცათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, სიტყვისაებრ მოციქულისა, ხოლო შინაგანი განახლდების დღითი-დღე; რამეთუ ვითარ იგი იხილვებიან ხრცნი შუებისა მიერ ფეროვან და მსუქან, ეგრეთვე სული მარხვისა მიერ ფფნებულ და შუენიერ იქმნების; და რაოდენცა დავამდაბლნეთ ხორცნი, სიკეთესა მას სულისასა აღვაღორძინებდეთ, მას სიკეთესა, რომლისათვის სუროდა წმიდასა დავითს და იტყოდა: "უფალო, ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი". ამასვე სიკეთესა მიმთხუევად ჩუენდა დაამტკიცებს ნეტარი პავლე და იტყვის, ვითარმედ: "მიგათხოვე თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა ხოლო მეშინის, ნუ უკუე ვითარცა იგი გუელმან აცთუნა ევაი სივერაგითა თვისითა, ეგრეთვე განხრწნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტესა მიმართ". ჰხედავა ნიჭსა ამას დიდსა, რამეთუ ქრისტესა სიძედ ღირს ვიქმნენით ქონებად? ჰხედავა დამწინდებელსა ამას ჩუენსა, თუ ვითარ ეშინის ჩუენისა კრძალულებისათვის? რამეთუ მსგავს არს სული ჩუენი ქალწულსა, საუნჯესა შინა მყოფსა, და ვითარცა იგი იცავს თავსა თვისსა ხილვისაგან მამათასა და ყოველსავე სწრაფასა აჩუენებს, რათა განუხრწნელად დაჰმარხოს თავი თვისი ვიდრე ჟამამდე სძლობისა მისისა, ეგრეთვე სახედ თანა აძს სულსა ყოვლითა მოსწრაფებითა დაცუად თავი თვისი წმიდად განმხრწნელთა ვნებათაგან ცოდვისათა, ვიდრე განსვადმდე მისა, დეს იგი ვითარცა საუნჯისაგან ხორცთაგან განვიდეს, რამეთუ უკეთუ კეთილთა საქმეთაგან შუენიერ იყოს და ბრწყინუალე, ახაროს წმიდათა ანგელოსთა. ხოლო უკეთუ უშუერ იყოს ცოდვითა, იქმნას სიხარულ ეშმაკთა და საყუედრელ ქრისტესა, რომელ ესე საწყალობელ არს მოგონებადა და თქმად, ამისთვის არს შეიწრება ესე ხორცთა, ამისთვის არს მოღუაწება, ვითარცა აღვირი დაყენებად ხორცთა აღძვრისა, რათა არა ზედა მჯდომარე იგი გონებაი გარდამოაგდონ ქუე, არა ხოლო ამას აწინდელსა ჟამსა, არამედ ყოველსავე შინა ცხოვრებასა. რამეთუ რაი არს მონაზონებისა ცხოვრება? არამედ ძლევა ვნებათა და კრძალვაი გულისსიტყუათა და სამარადისო ბრძოლა უხილავთა მტერთა მიმართ და ესე ყოველი შემაწუხებელ არს ხორცთა, არამედ მეყუსეულად მცირე იგი ჭირი ჩუენი, საუკუნესა დიდსა დიდებასა მოგუატყუებს ჩუენ, ვითარცა წერილ არს: "რამეთუ არა ვჰხედავთ ჩუენ ხილულთა ამათ, არამედ უხილავთა მათ კეთილთა". აწ უკუე კეთილთა მათთვის უხილავთა, რომელთათვის ჰსურის ანგელოსთაცა ჭვირობად და სიძისა მისთვის, რომლისადა მილტოლვილ ვართ ქრისტესა, გლოცავ და გევედრები ძმანო, წმიდად დავიცუნეთ სულნი ჩუენნი საქმეთაგან ბოროტთა და გულისსიტყუათაგან მწიკულევანთა, რომელნი შემაგინებენ ჩუენ, სიტყვისაებრ უფლისა: "ნუმცა ვიგონებთ ბოროტსა ყოვლადვე, რამეთუ გონებისა მიერ, ვითარცა ცეცხლი აღატყდების გულისთქუმაი"; არამედ შორს დავსდგეთ ვნებათაგან, და მათ მიერისა ბრძოლისა უკუნ ქცევითა, ვიოტოთ განმცდელი იგი და კეთილთა საქმეთა მიერ სული ჩუენი განვაბრწყინვოთ და წინამდებარესა ამას მარხუასა შეუდგეთ, რათა განწმენდილნი განვიდეთ ამიერ და გამოუთქმელითა სიხარულითა ზეცად მიმართ ავმაღლდეთ და სიხარულითა მით ზეცისა სასძლოსათა ვიშუებდეთ, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და კუნითი უკუნისამდე, ამინ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
Feb 25 2010, 01:55 PM
პოსტი
#4
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
25 თებერვალი (12 თებერვალი), დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. ხუთშაბათი
ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული; ღირსთა მოწამეთა: პროხორე ქართველისა, იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის განმაახლებელისა (XI), ლუკა იერუსალიმელისა, მოწამეობრივად აღსრულებულისა (მუხაის ძე, აბაშიძე, +1273-1277), ნიკოლოზისა (დვალი, +1314), და იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში მაჰმადიანთაგან წამებულისა და იერუსალიმის ქართველთა მონასტერში ცხოვრებულთა ყოველთა ქართველთა მოწამეთა და ღირსთა მამათა (IV-XVIII); წმ. მელეტისა, ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსისა (381); ღირსთა მარიამისა და მამისა მისისა ევგენისა (VI); წმ. ანტონისა, კონსტანტინოპოლელ პატრიარქისა (895); წმ. ალექსი მოსკოვის მიტროპოლიტისა (1378). VI ჟამ. - ეს. VI, 1-12. მწუხ. - შესქ. V, 1-24. იგავ. VI, 3-20. ცისკ. - ღმრთისმშობ. - ლკ. 4 დას. I, 39-49, 56. ლიტ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28. ხუთშაბათსა მეორესა შვიდეულისასა, რათა არა აღმოვაცენნეთ ეკალნი და კუროსთავნი ვნებათანი, არამედ რათა ტევანნი სათნოებათანი გამოვიხუნეთ. გუაკურთხენ, მამაო! ძმანო და მამანო, რაი ვსთქუათ, ანუ რაისა ვიტყოდეთ, უახლესსა წმიდათა მიმართ თქმულისასა დღითი-დღე. არა რაი მაქუს, არამედ იგივე მოხსენებად, და მათ მიერვე სიტყუად თქუენდა, და სწავლად უმჯობესისა. მოვედით უკუე და დღესაცა მცირედი რაიმე მოგახსენო, და უკეთი გნებავსთ, ხორციელთაგან სულიერთა მიმართ გამოვსახოთ სიტყუაი ჩუენი. რამეთუ ვითარცა სთულებასა ვენახისასა, რომელი ვაზი სავსე არნ ნაყოფითა, სიხარულისა და კურთხევისა მიზეზ ექმნების მუშაკსა, ხოლო უნაყოფოი - მწუხარებისა და ურვისა, ეგრეთვე იქმნების ჩუენსაცა ამას ზედა მოქალაქობასა, ვინაითგან ჩუენცა ვენახად უფლისა წოდებულ ვართ. ანუ არა გახსოვსთა გალობაი იგი, რომელსა ვგალობდით შემოსასა სქემისასა? არა ყოველნი ამას ვიტყოდითა: "უფალო, უფალო გარდამოიხილე ზეცით და იგულე და მოჰხედენ ვენახსა ამას და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან!" და კუალად უფალი სახარებასა შინა იტყვის, ვითარმედ: "მე ვარ ვენახი და თქუენ რტონი, რომელი დაადგრეს ჩემთანა და მე მისთანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თვინიერ ჩემსა არა რაი ძალგიძსთ ყოფად არცა ერთი". ვეგნეთ უკუე ძმანო, სახიერისა მისთანა მეუფისა ჩუენისა, ვითარცა მის მიერ დანერგულნი სახედ ვენახისა და მივართუნეთ მას სათნოებისა მტევანი, უფროსღა ჟამსა ამას მარხვისასა, რათა მოვიღოთ მის მიერ კურთხევაი. და ნუ გამოვიხუამთ ეკალთა, და კუროსთავთა ვნებათასა, რათა არა დაგუესაჯოს სმენაი ხმისა მის, რომელი იტყვის, ვითარმედ: "ყოველმან ხემან, რომელმან არა ჰყოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს, და ცეცხლსა დაედუას". ესე იგი არს საუკუნესა, რომელსა შინა შთაითხივნენ უსჯულოებისა მოქმედნი და აღთქმისა შეურაცხისმყოფელნი, რომელთა სულნი და ხორცნი თვისნი ხრწნილებასა მისცნეს; ღრუბელნი ურწყულნი, ვითარცა წერილ არს, ქარისაგან მიმოტაცებულნი, ხენი ზამთრისანი უნაყოფონი, ორგზის მომწყდარნი და ძირითურთ აღმოფხურილნი; ღელუანი ზღვისანი განძვინებულნი, რომელნი პერად აღაფქურევენ სირცხვილსა თვისსა, ვარსკულავნი ცთომილნი, რომელთათვის წყვდიადი იგი ბნელისა საუკუნოდ დამარხულ არს, რამეთუ ამისთვის ღაღადებს მოციქული, ვითარმედ: "ივლტოდეთ სიძვისაგან", ვითარმედ: "ყოველი ცოდუაი, რომელი ჰქმნეს კაცმან, გარეშე ხორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს, თვისთა მიმართ ხორცთა ჰსცოდავს. ანუ არა უწყით, რამეთუ ხორცნი თქუენნი ტაძარნი სულისა წმიდისანი არიან, რომელი ეგე გაქუსთ ღუთისაგან და არა ხართ თავთა თვისთანი, რამეთუ სასყიდლით სყიდულ-ხართ". არა გურცხუენისა ცისაგან და ქუეყანისა, რათა სყიდულნი პატივოსნითა სისხლითა ქრისტესითა, კუალად მართლუკუნ ვიქცეთ? არა გუეკდიმებისა, თVით მებრ თავთა თვისთაგან, რათა გარეშე ვითარცა წმინდანი ვჩნდეთ, ხოლო შინაგან არა წმიდებითა სავსენი ვიყუნეთ? ვიდრემდის ვჰკელობთ ორითავე გოჯითა, ვიდრემდის არა დავადგრებით ერთსა ზედა გზასა, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: "ვაი მათდა, რომელნი მრჩობლთა ალაგთა ვლენან". ესე იგი არს, სიბოროტისა და სათნოებისათა, რამეთუ არა შეეტყუებიან ესენი ურთიერთარს, ვითარცა იგი არავინ არს მონა გონებისა უფალი, რომელი ოდესმე უფალსა თვისსა, და ოდესმე მტერსამცა თვისსა ჰმონებდა. სრულებით შევსწირნეთ თავნი ჩუენნი უფალსა, ჰოი შვილნო, რათა ესრეთ შეუძლოთ საღმრთოსა ცხოვრებასა მიმთხუევად. ნუ ხილულთა ამათ შინა დავშთებით, ვითარცა პირუტყუნი, არამედ თუალითა სულიერითა კეთილთა მათ ზეცისათა განვიცდიდეთ. მოვაქცივნეთ საცნობელნი ჩუენნი განხრწნადთაგან უხრწნელთა მიმართ. წარწყმედადთაგან წარუწყმედელთა მიმართ კეთილთა, და ნუ თავს ვიდებთ ბრძნისა მისაგან და ბოროტის წამლის-მცემლისა უკეთურისა მოღებად გულისსიტყუათა წარმწყმედელისა წამლისა! არამედ ვითარცა დასთესოს გულისთქმაი, გინა სხუაი რაიმე სიბოროტეი, მეყუსეულად წარვსდევნოთ მზაკუარი იგი ლოცვითა და ვედრებითა, ცრემლითა და სინანულითა, რამეთუ ესე ვითარი არს უხილავი ბრძოლა და ესრეთ მიუთხრობელ არს ღუაწლი ესე. აწ უკუე მსგავსად ხორციელთა მბრძოლთასა, მდუღარებითა სულისათა ვსძლიოთ უხილავთა მათ მტერთა, და ვითარცა იგინი სასოებითა ნიჭთათა დაღაცათუ იწყლნენ, არავე ივლტიან - ეგრეთუე ჩუენ, დაღათუ ბევრ გზის მოვიწყლნეთ, ნუ დავხსნდებით, ნუცა ვივლტით, არამედ კუალადცა მოვითმინოთ, არამედ კუალადცა ვებრძოლნეთ, განძლიერებულნი შეწევნითა ღუთისათა. ჰე, ძმანო ჩემნო, გევედრებით, რამეთუ ამისთვის ვშურები და კნინღა ამათ სიტყუათა ვიტყვი, რათა არა სულმოკლე იქმნეთ, არცა მომედგრდეთ, რამეთუ მხიარულ ვარ წარმართებულთათვის, ხოლო სულთვითქუამ უკეთუ ვისმე შეუბრკმიეს! არამედ ვართმცა ყოველნი კეთილად მორბედ, კეთილის მოქმედ, მოთმინე, ფსალმუნებასა შინა, ლოცუასა, მსახურებასა, მორჩილებასა და სიმდაბლესა, და ღმერთი მშვიდობისა იყავნ ჩუენთანა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
tamuna m |
Feb 28 2010, 12:13 AM
პოსტი
#5
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
დიდმარხვის მეორე კვირა განრღვეულის განკურნება
სახარება მარკოზისაგან (2, 1-12) 1. და (მას ჟამსა შინა) შევიდა (იესუ) შევიდა კუალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა შინა არს. 2. და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაჲ, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტუასა. 3. და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული ზე-კიდებული ოთხთაგან. 4. და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი. 5. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი! 6. ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს, 7. ვითარმედ: ესე გმობასა იტყჳს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა? ხოლო იესუ მეყსეულად გულისჴმა-ყო სულითა, რამეთუ ესრეთ ზრახვენ გულთა შინა მათთა, და ჰრქუა მათ: რასა მაგას ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? 9. რაჲ უადვილეს არს სიტყუად განრღუეულისა ამის: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე? 10. ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განღუეულსა მას: 11. შენ გეტყჳ: აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა! 12. და მეყსეულად აღდგა იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა, ვითარმედ განუკჳრდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრეთ ვიხილეთ.“ I. აწინდელი კვირის სახარებაში მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნვა კაპერნაუმში. ეს მოვლენა ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებასა და განსჯას იმსახურებს. ამიტომ თანმიმდევრულად განვიხილოთ აწ გადმოცემული თხრობა. „და (მას ჟამსა შინა) შევიდა (იესუ) კუალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა შინა არს“ (მუხლი 1). ვის სახლში ხდება ეს? - სახარებაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. უფალი იესო ქრისტე თუმცა კი ხმობდა კაპერნაუმს თავის ქალაქად, მაგრამ არსად - არც აქ და არც სადმე ამქვეყნად არავითარი საკუთრება არ გააჩნდა. „ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“. - ამბობდა უფალი საკუთარი თავის შესახებ (მათე 8,20). მაშ, ვის სახლში შეიძლებოდა იგი გაჩერებულიყო კაპერნაუმში? აქ ბევრი მისი ერთგული მიმდევარი ცხოვრობდა. აქ ჰქონდა სახლი პეტრე მოციქულს, სადაც მისი სიდედრი ცხოვრობდა, ყოველთვის მზადმყოფი უფლის - თავისი კეთილისმყოფელის მისაღებად (მათე 8,14; ლუკა 4,38-39). აქვე ჰქონდა სახლი მოციქულ მათესაც, ყოფილ მეზვერეს - მდიდარ კაცს (ლუკა 5,27). აქ აღადგინა უფალმა მკვდრეთით იაიროსის ასული (მარკ. 5,22). აქვე აღასრულა მან მრავალი სხვა სასწაულიც, და მაშასადამე, მრავალი ადამიანი ცხოვრობდა აქ, უფლისაგან კეთილმოქმედებული და დავალებული. და, ალბათ, სწორედ ერთ-ერთი მათგანის სახლში იყო უფალი გაჩერებული ამჯერად. „და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაჲ, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტუასა“ (მუხლი 2). ხმები იესო ქრისტეს ღვთაებრივი სწავლებისა და მის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ ძალზე სწრაფად ვრცელდებოდა თვით ქალაქებშიც, სადაც უფალი შედიოდა, და მათს სანახებშიც. ხალხი მას ყოველთვის მრავლად დაჰყვებოდა; ზოგჯერ მათი რიცხვი რამდენიმე ათასსაც კი აღწევდა. ის გზა, სადაც სამყაროს მაცხოვარი ვიდოდა, ან ის სახლი, სადაც იგი ჩერდებოდა, მალე ხალხით ივსებოდა, რომელსაც ცხოვრების სიტყვის მოსმენა სურდა მისგან და საკვირველ შეწევნასაც მოელოდა თავის სხვადასხვა სნეულებებში. ყოველი მათგანის გული და მზერა იესო ქრისტესაკენ იყო მიმართული. მას გარს ეხვივნენ მონანული ცოდვილნი, მის ფერხთით ცრემლებს ჰღვრიდნენ მეძავი დედაკაცნი, ცნობილი მთელი ქალაქისათვის; მას გულგახსნილად იღებდნენ; მას შეწევნისათვის წარმართნიც კი მიმართავდნენ. ერთის სიტყვით, ყველა, ვინც კი შეიტყობდა, იესო ქრისტე ამა და ამ ადგილას მივა, ანდა ამა და ამ სახლში გაჩერდაო, უმალვე ტოვებდა თავის საქმეს და მისკენ მოიჩქაროდა მისი ღვთაებრივი სწავლების მოსასმენად. და როგორადაც ყველა სხვა ადგილას ხდებოდა, ისე იყო ახლა კაპერნაუმშიც. ხალხი აქ მრავლად შეიკრიბა, სახლში სივიწროვე იყო; კარებთანაც ტევა არ იყო, რამეთუ უფალი იესო ქრისტე მათ სიტყვით მიმართავდა - თავის საღმრთო სწავლებას გადასცემდა. ხედავთ, ძმანო, ღმრთის სიტყვის მოსმენისადმი რა მგზნებარე გულმოდგინებით გამოირჩეოდნენ იესო ქრისტეს თანამედროვენი! „და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული ზე-კიდებული ოთხთაგან“ (მუხლი 3). იმ დროს კაპერნაუმში ერთი საწყალობელი სნეული კაცი ცხოვრობდა, განრღვეული, - ძარღვებმოშლილი და ლოგინად ჩავარდნილი; სასტიკ დამბლას მთელი მისი სხეული მოეცვა და იგი სულ გაუნძღევლად იწვა; ასეთი სნეულება განუკურნავია, და მისით მოწყლული ადამიანის მდგომარეობა - უმძიმესი, ყოვლადგაუხარელი. მაგრამ, აი, გამოჩნდა ოთხი კაცი, მისი ნათესავები, თუ ნაცნობები, კეთილი, მორწმუნე ადამიანები, რომელთაც იგი საცხედრით - მისი საწოლითვე აიყვანეს და იმ სახლთან მიიყვანეს, სადაც იესო ქრისტე იმყოფებოდა. „და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი“ (მუხლი 4). რა მოულოდნელი დაბრკოლებაა! ქრისტე სახლში იმყოფება, მაგრამ ეზოში და კარებთან იმდენი ხალხია თავმოყრილი, რომ ტევა არ არის და ჯანმრთელ კაცსაც გაუჭირდება შიგნით შეღწევა. რა უნდა ქნან? ელოდონ, სანამ ქრისტე საუბარს დაასრულებს და სახლიდან გამოვა? მაგრამ ძალიან დიდხანს რომ გაგრძელდეს ეს? იქნებ გვიან ღამემდეც, როგორც ეს ხშირად მომხდარა კიდეც? ცოდვაა სნეული. და აი, რწმენამ იესო ქრიტეს - ამ დიდი მოძღვრის სასწაულთმოქმედი ძალისა, სიყვარულმა და თანალმობამ უბედური სნეულისადმი მოანახინეს ამ ღვთისნიერ ადამიანებს საშუალება უფალ იესოსთან მიეყვანათ სნეული მისივ ცხედრიანად. მათ კიბით ააღწიეს სახლის ბანზე და იქიდან ცხედრიანად, ალბათ, თოკებით ჩაუშვეს განრღვეული ქრისტესთან. ამის გაკეთება ძნელი არ იყო, თუკი გავიხსენებთ, როგორი სახლები ჰქონდათ მაშინ ებრაელებს. აი, ასეთი მარჯვე და ხერხიანია სიყვარული; ასე ძლიერია რწმენა; ძნელს იგი ადვილად აქცევს, ფრთხილსა და გაუბედავს განამხნევებს და შეუძლებელსაც კი შეაძლებინებს. „და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (მუხლი 5). ანუ იხილა რწმენა მათი - თვით სნეულისა და მისი მომყვანი ადამიანებისა. განრღვეული, ალბათ, არც ისე მოუძლურებული იყო სულით და გონებით, არ სცოდნოდა და არ მიმხვდარიყო, თუ რას იქმან მის თავს, ანდა არ გაეგო, თუ რა დიდი და რა სასწაულთმოქმედი ძალა ჰქონდა იესო ქრისტეს, და მას ნამდვილად სწამდა ამ საკვირველმოქმედი ძალისა. მაგრამ ოდენ მისი რწმენისათვის კი არა, არამედ, და უფრორე, სწორედ მისი მომყვანი ადამიანების რწმენისთვის მიუტევებს უდალი განრღვეულს ცოდვებს და განკურნავს კიდეც მას. აი, ასე, ღმერთის უსაზღვრო მოწყალებით, ერთთა რწფელი რწმენა სხვას შეერაცხება და შეეწევა ცხოვნების საქმეში. ქრისტე პირდაპირ, მაშინვე კი არ განკურნავს განრღვეულს, არამედ ჯერ ცოდვებს შეუნდობს მას. რას ნიშნავს ეს? - იმას, რომ განრღვეულის სნეულება მისი ცოდვიანი ცხოვრების შედეგი იყო. სწორედ ცოდვებმა აქციეს იგი უბედურ ადამიანად. „ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს, ვითარმედ: ესე გმობასა იტყჳს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?“ (მუხლები 6-7). ყოველნი უზაკველი განზრახვით როდი მოდიოდნენ უფალ იესოსთან მისი სწავლების მოსასმენად. მის საუბრებს მწიგნობარნიც ხშირად ესწრებოდნენ, ის ადამიანები, რომელთაც დიდი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზე, თავიანთ განსწავლულობასა და სჯულისმეცნიერობაზე; ისინი აქ, უფლის გვერდით იმისთვის ისხდნენ, რომ მის საუბარში სჯულისაგან რაიმე გადახვევა აღმოეჩინათ, რაიმე სიტყვაზე დაეჭირათ და შემდეგ სამარცხვინოდ გაესამართლებინათ. ასეთი მწიგნობარნი ყოველთვის მრავლად იყვნენ და არიან. ესევითართ არა სჭირდებათ საზოგადოებისათვის სარგებლობის მოტანა; მათ მხოლოდ შური არ აძლევთ მოსვენებას იმის გამო, რომ იესო ქრისტეს სახელი ესოდენ განთქმულია ხალხში და იგი ასეთი სიყვარულით სარგებლობს; თავიანთი ამპარტავნების გამო მწიგნობარნი ცდილობენ დაამცირონ იესო ხალხის თვალში; ამიტომ მის სიტყვებს და საქმეებს დამახინჯებულად იგებენ, და ასევე გარდაქცეულად გადასცემენ სხვებსაც ამბავს მათს შესახებ. აი, ამგვარნი იყვნენ ებრაელი მწიგნობარნი. „ესე გმობასა იტყვის“, - ამბობენ ისინი, ანუ: უბრალო ადამიანია და საკუთარ თავს იმას აკუთვნებს, რაც მხოლოდ ღმერთის კუთვნილებაა, რამეთუ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ადამიანისათვის ცოდვების მოტევება. ამიტომ იგი ღვთისმგმობიაო. „ვის ხელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?!“ - მწიგნობართა ეს აზრი სავსებით მართებულია. მართალია, ადამიანებიც მიუტევებენ შეცოდებებს იმათ, ვისაც მათ მიმართ ჩაუდენია დანაშაული, მაგრამ კაცობრივი მიტევება ცოდვისა ჯერ არ არის საკმარისი: იგი ვერ დაამშვიდებს ცოდვილს, ვერ შეარიგებს მას საკუთარ სინდისთან, სანამ თვით ღმერთი არ შეუნდობს მას ცოდვას. ნებისმიერი ცოდვა, როგორც მისი მცნების დარღვევა, განარისხებს უფალს. ცხადია, რომ ღმერთის რისხვის აცილება ცოდვილისაგან მხოლოდ და მხოლოდ თავად ღმერთს ძალუძს, და საკუთრივ მხოლოდ მას ეკუთვნის ცოდვათა მოტევების ხელმწიფება. ამიტომ, თუკი ადამიანები შეუნდობენ ერთმანეთს ცოდვებს, საბოლოოდ და უპირობოდ კი არა, არამედ ამ სურვილის ქონით: ღმერთიმც მოგიტევებს შენ ცოდვებსო. ამრიგად, მწიგნობართა აზრი მასზედ, რომ მხოლოდ ერთ ღმერთს აქვს ხელმწიდება ჩვენთვის ცოდვების მოტევებისა, - ეს აზრი სავსებით მართებულია, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მათ არ იცოდნენ, ანდა, უფრო სწორად, არ სურდათ სცოდნოდათ და ერწმუნათ, რომ მათ წინაშე თავად ხორციელქმნილი ღმერთია. „ხოლო იესუ მეყსეულად გულისჴმა-ყო სულითა, რამეთუ ესრეთ ზრახვენ გულთა შინა მათთა, და ჰრქუა მათ: რასა მაგას ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?“ (მუხლი 8). გულთამხილავი უფალი ხედავდა მწიგნობართა მზაკვრულ ზრახვებს, მან იმთავითვე იცოდა ის ბოროტი განზრახვა, რომლითაც ისინი მასთან მოსულიყვნენ ამ სახლში, და ახლა, ყველას წინაშე გამოაშკარავა რა მათი ფიქრები, ამით უფალმა თავისი ღვთაებრივი ყოვლისმცნობელობაც წარმოაჩინა, თითქოს ასე ეუბნება მწიგნობრებსო: მაშ, იცოდეთ, რომ ჩემთვის ყოველივეა ცნობილი, ისიც კი, რაც გულში გაქვთ, მაშასადამე, მე მაქვს ყოვლისმცნობელობა, რაც მხოლოდ ღმერთს ახასიათებს; ხოლო თუკი მე ყოვლისმცნობელობა მაქვს და ღმერთი ვარ, ამდენად ცოდვათა მოტევების ხელმწიფებაც მქონია. ასე განაგებს უფალი - ამხილებს კიდეც და გამოასწორებს კიდეც. „რაჲ უადვილეს არს სიტყუად განრღუეულისა ამის: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?“ (მუხლი 9). ყოვლადძლიერი ღმერთისათვის ერთნაირად ადვილია ორივე ამის თქმა: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“-საც, და: „აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე“-სიც. იმიტომ, რომ ღმერთის ყოველი სიტყვა - უკვე საქმეცაა, უმალვე სინამდვილედ იქცევა, „რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ამცნო, და დაებადნეს“ (ფსალმ. 32,9). მაგრამ რადგანაც ადამიანური განსჯით თქმა უფრო ადვილია, ვიდრე სიტყვათა საქმით განმართლება და დამტკიცება, და მეტადრე განრღვეულისათვის თქმა - ადექი, შენი საკაცე აიღე და წადიო, ამიტომ ქრისტე, მწიგნობართა შესაგონებლად იმ სასწაულს აღასრულებს, რომელიც თვალსაჩინოდ დაადასტურებს მასში საღმრთო ძალის არსებობას, ანუ იმას, რომ მათს წინაშე უბრალო ადამიანი კი არ არის, არამედ - ღმერთი, ანუ ვისაც ძალუძს ცოდვების მიტევებაც და სასწაულთა აღსრულებაც. ამის, ანუ თავისი ღვთაებრივი ხელმწიფების დასტურად, მაცხოვარი ამბობს: „ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განღუეულსა მას: შენ გეტყჳ: აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!“ (მუხლები 10-11). და რა თქმა უნდა, განრღვეულსაც და მის აქ მომყვან მეგობრებსაც სწორედ ეს სურდათ. მაგრამ მაცხოვარი მცირე ხნით აყოვნებდა სასწაულებრივი კურნების აღსრულებას, რათა მწიგნობარნი ემხილებინა და თვით განრღვეულისთვისაც და ყველა იმ მყოფისთვისაც ცხადად ეჩვენებინა, რომ მისი სნეულების განკურნვა შეუძლებელი იქნებოდა მანამდე ცოდვათა მიტევების გარეშე, რომელთა გამოც იგი ევნებოდა კიდეც ამ უძიმესი სენით - განრღვეულობით, უაღრესი დამბლადაცემულობით. „და მეყსეულად აღდგა იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა“ (მუხლი 12). აი, ახალი დადასტურება მაცხოვრის ზებუნებრივი ძალისა: ბუნებრივი კურნებანი ნელ-ნელა აღესრულება, თანდათანობით განმტკიცებით ადამიანის ძალისა; ეს სნეული კაცი კი, განრღვეული მეყვსეულად წამოდგა, და არათუ წამოდგა, ის საკაცეც აიღო, რომელზედაც იწვა უძრავად, და ხალხის მთელი იმ კრებულის თვალწინ თავისი სახლისაკენ წავიდა. რა შეიძლებოდა ამ სასწაულზე საკვირველი ყოფილიყო? რას შეიძლებოდა უფრო ძლიერად დაედასტურებინა უფალ იესო ქრისტეს ღვთაებრივი ძლიერება?! „ვითარმედ განუკჳრდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრეთ ვიხილეთ“ (მუხლი 12). ხალხმა აშკარა სასწაული იხილა და განკვირდა; ღმერთის ძალა დაინახა და განადიდა იგი. მაგრამ ამავე ხალხში ჯერ კიდევ კვლავაც რჩებოდა ურწმუნოება იესო ქრისტეს ღვთაებრიობაში, რადგან სწორედ მას კი არ განადიდებდა საკუთრივ, არამედ - ზოგადად ღმერთს, რომელსაც იესოსთვის ვითარცა ადამიანისათვის, - როგორც მათ ეგონათ, - მოემადლებინა ამგვარი ხელმწიფება სასწაულის აღსრულებისა. ამ, ჯერეთ მეორედ არ შობილი ადამიანებისთვის, ძნელია წარმოდგენა ღმერთისა ადამიანად და ადამიანისა ღმერთად! მაგრამ კეთილმსახურების ეს საიდუმლო ყველაზე დიდი საიდუმლოა, როგორც წმიდა მოციქული პავლე ბრძანებს (I ტიმოთე 3,16), და მას ვერ დაიტევდა ადამიანის გონება მანამდე, სანამ ღმერთის მადლით არ იქნებოდა განმზადებული ადგილი ამ საიდუმლოს დასატევნად მასში. II. აწ იმ ზნეობრივ ჭეშმარიტებებზე შევჩერდეთ, რომლებსაც დღეს წაკითხული სახარება გვაწვდის. ა) მისგან ჩვენ ვიგებთ იმ ჭეშმარიტებას, რომ სნეულებათა მთავარი და საერთო წყარო - ცოდვაა, და რომ რწმენა მაცხოვრისა, შეერთებული გულწრფელ სინანულთან ყველაზე უტყუარი, ნამდვილი საშუალებაა ყველა სნეულების წინააღმდეგ (მუხლი 5). მართლაც, სხეულში, უმეტესწილად, მხოლოდ ანარეკლია ხოლმე სულის არასწორი და სჯულისსაწინააღმდეგო ქმედებებისა თუ მისწრაფებებისა. ამიტომაც დახელოვნებული და გამოცდილი მკურნალი, აკვირდება რა სნეულებისმიერ სახეცვლილებას სხეულში, ცდილობს ავამდყოფის სულში არსებული მისი აღმომაცენებელი მიზეზიც შეიტყოს, და რჩევებსაც და დარიგებებსაც ხშირად ისეთს იძლევა, რომლებიც პირდაპირ სულისათვისაა განკუთვნილი, - მაგალითად, ურჩევს სნეულს მშვიდად ყოფნას, გონებრივი საქმიანობისაგან დასვენებას. მაგრამ რაკი სნეულის სხეულთან აქვს საქმე, მკურნალი მხოლოდ ნაწილობრივ ეხება მის სულიერ სნეულებას, მით უმეტეს, რომ ნივთიერი წამლები მხოლოდ სხეულზე მოქმედებენ. და ჩვენ ხშირად იძულებულნი ვართ სწორედ ღმერთის მართლმსაჯულების ზემოქმედებად ვაღიაროთ ზოგიერთი უმძიმესი და ხანგრძლივი სნეულება, ძნელად მისაწვდომი და ასახსნელი ბუნებრივი თუ შემთხვევითი მიზეზებით, - მართლმსაჯულებისა, რომელიც დასჯის და შეაგონებს კაცთა ცოდვილ მოდგმას. ამიტომ კეთილგონიერება და სამართლიანობა მოითხოვს, რომ სხეულებრივ სნეულებათა დროს ჩვენ არამხოლოდ სხეულის განკურნვაზე ვზრუნავდეთ, არამედ ჩვენი სულისაზეც. ასე რომ, შეისმინე, ქრისტიანო, ის სწავლა, რომელსაც თვით მაცხოვარი გაძლევს განრღვეულის განკურნვის მაგალითით, და ისწრაფე, პირველ ყოვლისა, შენს სულს უმკურნალო სინანულით, ღმერთთან შერიგებით, შენი ცხოვრების გამოსწორებით, შენი უმართლობების გადაშლით, რათა შენი სხეულიც ჯანსაღი იყოს. ბ) განრღვეული სნეული - მთელი ცოდვილი კაცთა მოდგმის მსგავსება და სიმბოლოა. უმწეო მდგომარეობაში რომ აღმოჩენილა თავისი დაცემის შემდეგ (მუხლი 3). დაცემულმა ადამიანმა სულ უფრო მეტად იწყო თავისი ბუნების დამახინჯება, სულ უფრო მეტად ჰკარგავდა იგი თავის სულიერ და სხეულებრივ ძალებს, სულ უფრო ფართოდ განავრცობდა თავის მანკიერ სურვილებსა და ვნებებს, სულ უფრო უახლოვდებოდა პირუტყვთა ბუნებასა, და ანგელოთა მსგავსი მდგომარეობის დაკარგვის შემდეგ, „ჰბაძავდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“ (ფსალმ. 48,21). ვერავინ და ვერაფერი ვერ შეეწეოდა მას; არაფერი არ განაშორებდა ცოდვიან ცხოვრებას და არ მიაქცევდა მას ხელახალი აღმავლობისათვის სათნო და წმიდა ცხოვრებისაკენ, - არაფერი, არც გონების შეგონება, არც სინდისის მხილებანი, არც სინას მთის საღმრთო მცნებები და არც წინასწარმეტყველთა ქადაგება. აი, ახლაო - უნებლიედ გაიფიქრებდი. - უსათუოდ უნდა ეწიოს ასეთ ადამიანს საბოლოო დაღუპვა, წარწყმედა. მაგრამ კაცთმოყვარე უფალმა ის მოიმოქმედა, რომლის უმეტესსაც იგი, მთელი თავისი სიბრძნისა და სახიერების ძალით, ვერ იქმს: მან თავისი მხოლოდშობილი საყვარელი ძის სიკვდილით გამოისყიდა კაცობრიობა და ადამიანს ცოდვათა მოტევება და საუკუნო ცხოვრება მიჰმადლა. საღმრთო მადლის ძალითა და ღმერთის ამგვარი მოწყალებით, ადამიანი ცხოვნებას მოიპოვებს ღმერთის ძის - იესო ქრისტეს რწმენით, და განმტკიცებულ-გაძლიერებული სულიწმიდის ძალით, ცოდვის წყვდიადიდან საღმრთო ნათელში ბრუნდება, შეიქნება ახალ კაცად, კვლავ სამოთხეში ბრუნდება, ოღონდ უკვე არა ქვეყნიურში, არამედ - ზეციურში. გ) განრღვეულის განკურნების ისტორია შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს მოყვასისადმი შეწევნისა იმ ადამიანთა სახით, რომელთაც უფალთან ცხედრით მიიყვანეს უმწეო სნეული (მუხლები 3-4). როგორი გულმოდგინება გამოიჩინეს მათ მოყვასისადმი დახმარებაში! - რაკი კარიდან შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ ხალხის დიდი სიმრავლის გამო, ისინი სახლის ბანზე ავიდნენ, განრღვეულიც იქ აიყვანეს ცხედრით და ზემოდან ჩაუშვეს იგი მაცხოვართან. მოყვასისადმი ასეთი გულწრფელი შეწევნის მაგალითი ტყუილად როდია მოყვანილი სახარებაში. ჩვენს დროში თითქმის ყოველი ჩვენგანი მხოლოდ საკუთარი თავითაა დაკავებული, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. „ფული და ქონება მქონდესს, და მეტი რაღა მინდაო“, - ასე ფიქრობს თანამედროვე ადამიანი. და ამავე დროს რა უხეში, უგრძნობელი და ოდენ საკუთარი თავის სიყვარულის გამომხატველია მსგავსი სიტყვები! როგორ არ შეეფერებიან ისინი ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს, მეგობრობისა და სიყვარულისათვის შექმნილს. ჩვენი დროის ადამიანებს კარგად აქვთ შეგნებული და ნაგრძნობი, რომ ისინი ერთი ზეციური მამის შვილები არიან, რომ ყველანი ერთ დიდ ოჯახს შეადგენენ; და უმაღლესი კმაყოფილებაც და სიხარულიც ადამიანისათვის მკვდარი ლითონის, ფულისა და ქონების ფლობაში კი არ მდგომარეობს, არამედ გულწრფელ თანამეგობრობაში მოყვასებთან, ჩვენს სულთა და გულთა ერთიანობაში მათს სულებთან და გულებთან, - ზიარ მეგობრობასა და სიყვარულში; ხოლო ნივთიერ სიკეთეთა ფლობაზე დამყარებული ბედნიერება არც სრულია და არც მტკიცე. დ) კიდევ ორი რამ ვინიშნოთ დღევანდელი საკითხავიდან ჩვენს დასამოძღვრად: უფალი ცოდვებს მიუტევებს განრღვეულს; თითქოსდა, ყველას გულით უნდა უხაროდეს ეს, მაგრამ, აი, მწიგნობართა მზაკვრული გონება ასკვნის: „ეგე გმობასა იტყვის“. წმიდა თეოფანე დაყუდებული წერს: „მაშინაც კი, როცა განრღვეულის კურნების სასწაული აღსრულდა იმ, ჩვენთვის მანუგეშებელი ჭეშმარიტების დასტურად, რომ „ხელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქვეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა“, - ხალხმა ღმერთი განადიდა, ხოლო ფარისეველთა შესახებ არაფერია ნათქვამი, და ალბათ იმიტომ, რომ მათ აქაც რაღაც მზაკვრული კითხვები შეთხზეს (მათე 9,1-8). გონება სარწმუნოების ცუდად გამომეძიებელია: გამუდმებით მზაკვრულ ეჭვებს ჭედავს და გმობებს თხზავს სარწმუნოების ყველა მხარეზე; სასწაულებისა ან არა სწამს, ანდა ხელშესახებ სასწაულს მოითხოვს, მაგრამ როცა მოეცემა ასეთი სასწაული და დაავალდებულებს მორჩილი იყოს რწმენაში, მას კვლავაც არ რცხვენია თავის ჯიუტ ურწმუნოებას ადგეს და დამახინჯებულად განმარტოს და დააკნინოს სასწაულებრივი საღმრთო ქმედებანი. ამგვარივე დამოკიდებულება აქვს მას საღმრთო ჭეშმარიტების მტკიცებულებისადმი. აი, მას საკმარისი რაოდენობითა და ძალმოსილებით წინა-დაუდებენ გამოცდილებითს და გონებისმიერ დასაბუთებებს, ის კი ყველას მათ ეჭვქვეშ აყენებს. გულდაგულ რომ განიხილო მისი შეხედულებანი, ნახავ, რომ ყოველივე მათში - ოდენ მზაკვრობაა, მიუხედავად იმისა, რომ მის ენაზე ეს გონივრულად ითვლება; ასე, რომ მის - ურწმუნო ადამიანის შემთხვევაში ჭკუიანობა და მზაკვრობა - ერთი და იგივე რამაა. რწმენის შესახებ მოციქული ამბობს - ჩვენ ქრისტეს გონება გვაქვსო. ხოლო რწმენის გარე ვისი გონებაა? - მზაკვრისა. ამიტომაც მის განმასხვავებელ თვისებად მზაკვრობა ქცეულა. ე) დღევანდელი სახარების საკითხავის ბოლოს ნათქვამია, რომ ყველანი, ვინც კი განრღვეულის სასწაულებრივი კურნება იხილა, განკვირვებული იყო და ღმერთს განადიდებდა (მუხლი 12). ჩვენ, ქრისტიანებს, რომელთაც კარგად ვუწყით უფლის ღვთაებრივი ძალა მრავალრიცხოვანი გამოცდილებიდან, მისი სასწაულებიდან, სულაც არ გვიკვირს იგი, რამეთუ ღმერთისათვის იგი სავსებით ბუნებრივია. მაგრამ ჩვენ მარადის განვადიდებთ უფალ ღმერთს, რომელიც თავისი მოწყალების სასწაულებს მოგვივლენს ჩვენ და სნეულებებშიც გვანიჭებს საშუალებებს ჩვენი ცხოვნებისათვის. ჩვენ მთელი საკუთარი ცხოვრებით განვადიდებთ ღმერთს, და ეს ცხოვრება იმის დამადასტურებელი უნდა იყოს, რომ არამხოლოდ სახლწოდებითა ვართ ქრისტიანები, არამედ - საქმითაც, სინამდვილეშიც. მაშინ ღმერთის ვერმცნობელნიც, იხილავენ რა ჩვენს თავშეკავებას, კეთილკრძალულებას, მოწყალებას, მტერთა შენდობას, მიცემული სიტყვისადმი ერთგულებას, უბოროტობას, ურისხველობას, სიმშვიდესა და თავმდაბლობას, - იხილავენ რა ყოველივე ამას და სხვა მრავალ ქრისტიანულ სათნოებებს, ისინიც განადიდებენ შემოქმედ ღმერთს - თავიანთ ზეციურ მამას. მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ. ძალიან საინტერესოა მამა არჩილს აქ რომელი წმინდა მამის განმარტებით ხელმძღვანელობს: და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული, ზე-კიდებული ოთხთაგან“. (მარკოზი 2.3) ქადაგებისას ოთხ მოქალაქეს მოჰყავს განრღვეული. არ ჩანს, სისხლის მიერი ახლობელნი თუ მეგობარნი იყვნენ (ყოველ შემთხვევაში, თანამლმობელნი იყვნენ მისი სნეულებისა). რა სათნოებანი მოიაზრება ამ „ოთხში“, რომელთაც განრღვეული ქრისტესთან მიჰყავთ განკურნება-შენდობისათვის? გრიგოლ პალამა განმარტავს: ეს ოთხი სათნოებაა: საკუთარი თავისადმი სიძულვილი, ცოდვათა აღიარება, მომავალში ბოროტებისაგან თავშეკავება აღთქმით და ღვთისადმი ლოცვა-ვედრება. თუმცა „ამ ოთხმა“ უკვე მიიყვანა, მაგრამ ღმერთთან სრული მიახლება არ მოხდა, ვიდრე არ „აღსძარცუეს სართული სახლისა მის, სადა-იგი იყო“ (მარკ. 2.4). სართული აზროვნებითი მხარე, გონიერებაა სულისა, რომელიც ღვთის მსგავსს გვხდის და ჰფარავს ჩვენში ყოველივეს. როგორც ადამიანის სხეულში თავი ტანზე მაღლაა, ასევე გონება - ხორციელზე როცა ჩვენში სულიერი „სართული“ გაიხსნება, შემდეგ შეიძლება „ჩაშვებული ვიყვნეთ“, ე.ი. ჭეშმარიტად დავმდაბლდეთ, მივეახლოთ უფალს და შეუვრდეთ ანუ მუხლებში ჩავუვარდეთ, შევთხოვოთ და მივიღოთ მისგან კურნება, როგორც სულიერი, ესრეთ ხორციელი. მაშ, უფალმა განკურნა პარალიზებული, მიუტევა რა ცოდვები და „სახიდ თვისად“ ე.ი. საკუთარ სახლში გაუშვა და მანაც მეყსეულად აღიღო ცხედარი თვისი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა. ნახეთ, საინტერესოა, ერდოდან ჩაუშვეს და თავისი ფეხით გამოვიდა კარიდან. კარი ამ შემთხვევაში ცათა სასუფევლის კარს განასახიერებს. წმ. გრიგოლ პალამას მიხედვით ვთქვით რანი არიან ის „ოთხნი“, მიმყვანებელნი, მაგრამ ამ სოფლის კარში გასასვლელად და სასუფეველში შესასვლელად, საჭირო ყოფილა უფლის მიმტევებლობა. არ კმარა მხოლოდ საკუთარი სინანული, მოძულება საკუთარი თავისა, საჭიროა ღმერთის კაცთმოყვარება. ეს გახლავთ წმინდად მართლმადიდებლური სწავლება. ვრცლად http://www.orthodoxy.ge/tserilebi/archil/ganrgveuli.htm მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი http://www.orthodoxy.ge/sakhli/tsesi/4.htm წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) მოძღვრება დიდ-მარხვის მეორესა კვირიაკესა http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/didmarkhva2.htm მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით განრღვეულის განკურნება კაპერნაუმში http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/9_1-5.htm წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი სიტყვა დიდმარხვის მეორე კვირიაკეს http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kronshtadteli/2kvira.htm -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
tamuna m |
Feb 28 2010, 01:35 PM
პოსტი
#6
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
დიდმარხვის მეორე კვირას მოხსენიება გრიგოლ პალამა თესალონიკელი ეპისკოპოსი და კიევის ქვაბთა შინა დავანებულთა ღირსთა მამათა კრება
წმიდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი (+დაახლ. 1360) წმიდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. თავდაპირველად მისი მშობლები მცირე აზიაში ცხოვრობდნენ, მაგრამ თურქების შემოსევის დროს კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ და იმპერატორ ანდრონიკე II პალეოლოგის (1282-1328) კარზე ჰპოვეს თავშესაფარი. გრიგოლის მამა - კონსტანტინე სასახლის კარის მსხვილი მოხელე გახდა, მაგრამ მალე გარდაიცვალა. ამის შემდეგ წმიდანის აღზრდა-განათლებაზე ზრუნვა დედამ და განსვენებული კარისკაცის ხსოვნის ერთგულმა იმპერატორმა იტვირთეს. საოცარი გულისხმიერებისა და გულმოდგინების წყალობით გრიგოლმა ადვილად შეითვისა ყველა საგანი. იმპერატორს სურდა, ჭაბუკი სახელმწიფო სამსახურისთვის მოემზადებინა, მაგრამ ოცი წლის ასაკში გრიგოლმა 1316, სხვა ცნობით, 1318 წელს ორ უმცროს ძმასთან ერთად ათონის მთას მიაშურა და ვათოპედის მონასტერში მორჩილად შედგა. აქ ნეტარი მამა ღირსი ნიკოდიმოს ვათოპედელის (ხს. 11 ივლისს) ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მის მიერვე აღიკვეცა ბერად. ერთი წლის შემდეგ უფლის რჩეულს საღვთო ხილვაში წმიდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი ეჩვენა და შემწეობა აღუთქვა საღვთო მოღვაწეობაში. მალე გრიგოლის დედა და დებიც მონაზვნებად აღიკვეცნენ. წმინდა ნიკოდიმოსის მიცვალების შემდეგ ღირსი მამა რვა წლის მანძილზე ბერი ნიკიფორეს წინამძღვრობით განაგრძობდა ლოცვით ღვაწლს, ამ უკანასკნელის მიცვალების შემდეგ კი ღირსი ათანასეს ლავრაში გადავიდა. აქ წმიდანი ჯერ მეტრაპეზედ მსახურობდა, ხოლო შემდეგ მგალობლად დაადგინეს. ასე განვლო სამმა წელიწადმა. 1321 წელს გრიგოლი, რომელიც სულიერი სრულყოფის უფრო მაღალ საფეხურებს ესწრაფოდა, გლოსიის მცირე სავანეში გადასახლდა. აქ იგი სრულიად განიმსჭვალა ისიხაზმის სულით და იგი ცხოვრების საფუძვლად გაიხადა (ჯერ კიდევ IV-VIII საუკუნეებში ეგვიპტელი და სინელი ასკეტების მიერ რელიგიური და ეთიკურ-ასკეტური სწავლების მთელი სისტემა იქნა შემუშავებული. იგი ითვალისწინებდა გარკვეული მეთოდებისა და ხერხების შეთვისებას, რაც ადამიანს ღმერთთან მიაახლებდა, ეს ძალზე თავისთავადი მისტიკური მედიტაცია მოითხოვდა დადგენილი დგომის წესის დაცვას ლოცვისას, იესოს ლოცვის მრავალჯერად განმეორებას, სუნთქვის მოწესრიგებულობას, დროულ გალობას და სხვა. ადამიანს მხოლოდ სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე შეეძლო ღმერთთან, უფალ იესო ქრისტესთან სულიერი შეერთება, რაც მას უდიდეს ნეტარებასა და სიხარულს განაცდევინებდა. რადგან ეს სიხარული ენით გამოუთქმელი იყო, ბერები დუმილს ამჯობინებდნენ. დუმილთან არის დაკავშირებული ლოცვის ამ წესის სახელწოდებაც - ისიხაზმი, რაც ბერძნული სიტყვაა და მდუმარებას, სიმშვიდეს, განმარტოებას ნიშნავს). 1326 წელს გრიგოლ პალამა განერიდა თურქების თავდასხმის საშიშროებას და საძმოსთან ერთად თესალონიკში გადავიდა, სადაც მას მღვდლად დაასხეს ხელი. წმიდა გრიგოლი ერთმანეთს უთავსებდა ხუცესის მოვალეობის შესრულებას და განდეგილურ ღვაწლს: კვირაში ხუთ დღეს იგი მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა, შაბათ-კვირას კი ხალხთან გამოდიოდა, ღვთისმსახურებას აღასრულებდა და მრევლს მოძღვრავდა. ნეტარი მამის ქადაგებები ღრმა ზეგავლენას ახდენდა ტაძარში მყოფ მორწმუნეებზე. წმიდა გრიგოლისთვის ცხოვრების წესის მიუხედავად უცხო იყო სრული განდგომა საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან. ზოგჯერ იგი ქალაქის განათლებული ახალგაზრდობის საღვთისმეტყველო დისპუტებს ესწრებოდა, რომელთაც მომავალი პატრიარქი ისიდორე უძღვებოდა. ერთხელ კონსტანტინოპოლიდან დაბრუნებულმა წმიდანმა თესალონიკის მახლობლად აღმოაჩინა ბერიად წოდებული ადგილი, რომელიც მეტად მოხერხებული იყო ბერმონაზვნური მოღვაწეობისათვის. მალე მან აქ შემოიკრიბა მცირე საძმო, რომელსაც ხუთი წელი წინამძღვრობდა. 1331 წელს გრიგოლმა ათონს მიაშურა და ათანასეს ლავრის მახლობლად მდებარე წმიდა საბას სკიტში განმარტოვდა. 1333 წელს იგი ესთიგმენის მონასტრის იღუმენად დაადგინეს, 1336 წელს კი კვლავ წმიდა საბას სკიტს დაუბრუნდა და დაიწყო საღვთისმეტყველო მოღვაწეობა, რომელიც სიკვდილის დღემდე არ შეუწყვეტია. 1328-30 წლებში კალაბრიიდან კონსტანტინოპოლში ჩავიდა მეცნიერი ბერი ბარლაამი - ავტორი ტრაქტატებისა ლოგიკასა და ასტრონომიაში. მან დედაქალაქის უნივერსიტეტში კათედრა მიიღო და დაიწყო განმარტება დიონისე არეოპაგელის (ხს. 3 ოქტომბერს) თხზულებებისა, რომლის აპოფატიკური (ბერძ. უხილავობა, შეუცნობლობა, მიუწვდომლობა) ღვთისმეტყველებაც საყოველთაოდ იყო აღიარებული. მალე ბარლაამი ათონის წმიდა მთაზეც გადავიდა, სადაც ისიხასტთა სულიერი ცხოვრების წესს გაეცნო და ღვთის არსების მიუწვდომლობის დოგმატის საფუძველზე მათი გონებისმიერი ქმედება მწვალებლურ ცთომად გამოაცხადა. ბარლაამი ეკამათებოდა ბერებს და ცდილობდა, დაესაბუთებინა მათთვის, რომ თაბორის ნათელი ქმნილი მოვლენა იყო; ამასთან იგი იმასაც კი არ ერიდებოდა, რომ სასაცილოდ აეგდო მონაზონთა მონათხრობები ლოცვის მეთოდებისა და სულიერ გაცისკროვნებათა შესახებ. ათონელ ბერთა თხოვნით გრიგოლ პალამამ წერილობით გამოსცა თავისი საღვთისმეტყველო დასაბუთებანი. ასე შეიქმნა ცნობილი „ტრიადები წმიდა ისიხასტთა დასაცავად“ (1338). 1340 წელს ათონელმა მოღვაწეებმა ნეტარი მამის ხელმძღვანელობით შეადგინეს ერთობლივი პასუხი ბარლაამის თავდასხმებზე, ეგრეთ წოდებული „წმიდა მთის ტომოსი“. კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე 1341 წელს, წმიდა სოფიას ტაძარში, წმიდა გრიგოლსა და ბარლაამს შორის გამართული სიტყვიერი პაექრობა ძირითადად თაბორის ნათლის გარშემო წარმოებდა. ბარლაამის მოძღვრება დაგმეს, როგორც მწვალებლობა, მაგრამ ცილობა კიდევ დიდხანს გაგრძელდა. ბარლაამის მოწაფემ, ბულგარელმა ბერმა აკვინდინემ დაწერა რამდენიმე ტრაქტატი, რომლებშიც წმიდა გრიგოლსა და ათონელ ბერებს საეკლესიო შფოთის წარმოქმნაში სდებდა ბრალს. გრიგოლ პალამამ მწვალებელს საკადრისი პასუხი გასცა და დამაჯერებლად უარყო მისი ბრალდება. მაგრამ პატრიარქმა იოანე XIV-მ ეკლესიიდან განკვეთა უფლის რჩეული (1344) და საპყრობილეში ჩააგდებინა, სადაც იგი სამი წლის განმავლობაში ჰყავდათ გამომწყვდეული. 1347 წელს, როცა საპატრიარქო ტახტზე ავიდა ისიდორე (1347-1348), წმიდა გრიგოლ პალამა გაათავისუფლეს და თესალონიკის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. 1351 წელს ვლაქერნის საეკლესიო კრებამ საზეიმოდ დაადასტურა მისი მოძღვრების მართლმადიდებლური არსი, მაგრამ თესალონიკელებს მაშინვე არ მიუღიათ ახალი მღვდელმთავარი, პირველ ხანებში მას სხვადასხვა ადგილებში უხდებოდა ცხოვრება. ერთხელ ხომალდი, რომლითაც ნეტარი გრიგოლი კონსტანტინოპოლში მიემგზავრებოდა, თურქებს ჩაუვარდათ ხელში. ერთი წლის განმავლობაში წმიდა მღვდელმთავარს მონასავით ჰყიდდნენ სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ მაშინაც იგი დაუღალავად განაგრძობდა ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებას. ნეტარი გრიგოლი გარდაცვალებამდე მხოლოდ სამი წლით ადრე დაბრუნდა თესალონიკში. მიცვალების წინ მან წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი იხილა საღვთო ჩვენებით. გრიგოლ პალამამ 1359 წლის 14 ნოემბერს, სამოცდასამი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს. ნეტარი მღვდელმთავარი წმიდანად 1368 წელს გამართულ კონსტანტინოპოლის კრებაზე შერაცხეს. მისი ცხოვრება და მოსახსენებელი კანონი შეადგინა პატრიარქმა ფილოთეოზმა (1354-1355, 1362-1376). წმიდა გრიგოლს ეკლესია დიდმარხვის მეორე კვირიაკესაც იხსენიებს. „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ. http://www.orthodoxy.ge/tveni/noemberi/14-palama.htm -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი