IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატრიარქის ეპისტოლეები
G_I_O_R_G_I_
პოსტი Apr 8 2007, 05:58 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე



„ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“
(აღდგომის საგალობელი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო,
ზეციური სიხარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

ჰოი, დიდებულო პასექო ქრისტესო, მომნიჭებელო სიხარულისაო, განმაახლებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩვენისაო, დაადგერ ჩუენთანა, რათა გიცნათ შენ, უფალო, ვითარცა ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

მაშ, განვიწმიდოთ ბოროტებისაგან და მივეახლოთ დაუღამებელ ნათელს, „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ და გვყოფს მეცნიერად კეთილისა და ბოროტისა.

უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, გუშინ ვგლოვობდით ვნებასა და ჯვარცმასა შენსა, დღეს კი - ვზეიმობთ სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველსა აღდგომასა შენსა;

ჰოი, ბოროტებავ, უძლურია ძალა შენი წინაშე ღვთისა!

ადამის მოდგმავ, დაცემულო, მაგრამ უფლის მადლით წარწყმედისაგან ხსნილო, გიხაროდენ,

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

„სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი! აღდგა ქრისტე და დაირღუ შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღდგა ქრისტე და ცხორებაი მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა; აღდგა ქრისტე მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა“ (წმიდა იოანე ოქროპირი).

დაე, აღდგომილი მაცხოვრის მაცხოვნებელი მადლი მოეფინოს სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს!

როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთმა ადამიანი შექმნა „ხატად და მსგავსად თვისსა“ და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება - თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა - იყოს ღმერთთან, ან იცხოვროს მის გარეშე. არჩევნის შესაძლებლობა ანგელოზთა ცხრავე დასსაც ჰქონდა მინიჭებული.

უფლის ერთ-ერთმა უპირველესმა ანგელოზმა, თავის მიმყოლ დასსთან ერთად, ამპარტავნების ცოდვის გამო ღვთის გარეშე არსებობა მოინდომეს, რამაც მათი დიდი დაცემა და ბუნების სრული სახეცვლილება გამოიწვია, - უფლისაგან ბოძებული აბსოლუტურად ყველა სათნოება მათ თავისი ნებით დაკარგეს და იქცნენ ღვთისმბრძოლ არსებებად, რითაც საშინელი მარადიული ხვედრი განუწესეს საკუთარ თავს.

არსობრივად იგივე შეცდომა დაუშვეს პირველქმნილმა ადამმა და ევამაც. მათაც ამპარტავნების ცოდვის გამო განიზრახეს ღვთის მსგავსნი გამხდარიყვნენ და მიუხედავად უფლის გაფრთხილებისა, მაინც შეჭამეს აკრძალული ხის ნაყოფი, რასაც მოყვა მათი გულის, სულისა და გონების შინაგანი ერთობის სრული დარღვევა, სიწმინდის შებღალვა და ღმერთთან კავშირის გაწყვეტა.

მაგრამ ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან განსხვავებით, მიეცა შესაძლებლობა სულის ხორცში ყოფნის გამო (ამქვეყნად ხორციელად მყოფობის ჟამს), გამოესყიდა დანაშაული და მაცხოვრის მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით, გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ცოდვათაგან გათავისუფლებული კვლავ ძველ დიდებას დაუბრუნებოდა.

აი, ამისი საშუალება მისცა ძე ღვთისამ და ძე კაცისამ ადამის მოდგმას თავისი ჯვარცმით და მკვდრეთით აღდგომით.

დღეს ჩვენ სწორედ ამას ვზეიმობთ. და რაკი იესო ქრისტე მთელი კაცობრიობისათვის ეწამა, აღდგომის დღესასწაული ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელი ზეიმია, იგია ღმერთთან შერიგებისა და თითოეული ჩვენგანისათვის სასუფევლის დამკვიდრების შესაძლებლობის დადასტურება.

და რა შეიძლება იყოს კაცთათვის ამაზე მნიშვნელოვანი და სანატრელი?!

მაგრამ როგორც ედემში, აქ, ამ წუთისოფელშიც, ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება და თითოეულმა ჩვენგანმა პირადად უნდა აირჩიოს, - სურს მარადიული ნეტარების მოპოვება, თუ ცოდვის მონობა, რომლის შედეგიც მარადიული სატანჯველია.

ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს დგას არჩევანის წინაშე - გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, თავის დაცემულ ბუნებაზე, თუ კიდევ უფრო დაიმძიმოს მდგომარეობა და წარწყმედისაკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს.

უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ცოდვის სხვა და სხვა სახე: ზოგი შედარებით მსუბუქია, ზოგი კი - იმდენად მძიმე, რომ სულიერ სიკვდილს იწვევს. ყველაზე საშინელი კი - სულიწმინდის გმობაა.

ზოგჯერ ადამიანი გულს იმშვიდებს, მცირე დანაშაული მაქვს და ღმერთი მაპატიებსო, მაგრამ თუნდაც მსუბუქი რომ იყოს ჩვენი ცოდვები, თუკი ისინი მრავლად გვაქვს, საგრძნობლად დააზიანებს ჩვენს შინაგან სამყაროს. ერთი მუჭა სილა წონით უმნიშვნელოა, მაგრამ სილით სავსე ტომარა - სატარებლად მძიმე.

ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იკეთებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, მრისხანება, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება“ და სხვა მისთანათა მოქმედნი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებენ (გალ. 5. 20-21).

არიან ორმაგი სტანდატრებით მცხოვრები პიროვნებებიც, რომლებიც უშუალოდ თვითონ მომაკვდინებელ ცოდვებს ერიდებიან, მაგრამ უზნეო გზით ან სხვათა ტანჯვა-წამების ხარჯზე მოპოვებული შემოსავლით ცხოვრობენ, რითაც უდიდეს სასჯელს უმზადებენ საკუთარ თავს.

სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი - ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი დანაშაულის, ცხოვრების წესად დამკვიდრების მოთავენი ან ხელშემწყობნი არიან.

ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ ანტიქრისტეს სწავლებას ავრცელებენ, რაც მათ ღვთისმგმობ და სულიწმინდის მოწინააღმდეგე ძალად აქცევს: „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ მათ“ (მათე 12,31). „და ვინც აცდუნებს ერთ მცირედთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ კისერზე და ზღვის უფსკრულში დანთქან“ (მათე 18,6).

ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იგი შეიძლება ზეცამდეც ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს. უფლის შეწევნით. ამის გარანტი კი არის ის, რომ ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, იქცევა თუ არა სწორად.

რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ბრძანებს, რომ წარმართებსაც კი „რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ და ხან ამართლებენ ერთიმეორეს“ (რომ. 2,15)

სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი.

რა არის ამქვეყნად ჩვენი მთავარი დანიშნულება?

მორწმუნეთა პასუხი ასეთია: ადამიანის ნებისა და ღვთის ნების თანხვედრა, მათი შერწყმა, ანუ სინერგია, რათა პიროვნება ღვთის ნების აღმსრულებელი გახდეს და მაცხოვართან თანაზიარებით სულიერად გადარჩეს. ამისი შესაძლებლობა ყველას აქვს. ხელისუფალს და მეცნიერს, მიწის მუშაკს და დამლაგებელს, ექიმსა თუ წარმოების ხელმძღვანელს, ჯარისკაცს, მოსწავლეს და სტუდენტს, მდიდარს და ღარიბს, მოხუცსა და ახალგაზრდას, მთავარია მან შეიცნოს ჭეშმარიტება და თავისი სულიერი და ფიზიკური შრომით სათნო ეყოს უფალს.

ასევე ყველასა აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აქვე, ამქვეყნად, მოიპოვოს ისეთი სიწმინდე, რომ განიღმრთოს და მასზეც განცხადდეს მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს“ (ლუკა 17,21).

სხვებისათვის კი სიცოცხლის მთავარი აზრი მიწიერი ცხოვრებიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაშია, რადგან არა სწამთ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისა, არა სწამთ ღვთისა და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი აზროვნების გამო თავისი მოთხოვნილებებისა და ინსტიქტების დაკმაყოფილების ერთგვარი მორალური უფლება ეძლევათ; და ეკარგებათ განცდა მეგობრობის, ერთგულების, თავდადების, მოწყალების, თვით სამშობლოს სიყვარულისაც... ასეთი ადამიანისათვის არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ამაღლებული გრძნობა და ღირსება, რადგან მისთვის ყველაფერი წარმავალია, ყველაფერს „ეგოს“ და „მეს“ პრინციპი საზღვრავს და ცდილობს თავისი მიწიერი მოთხოვნილებების შესაძლებლობისამებრ დაკმაყოფილებას, თვლის რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება.

ჩვენს საზოგადოებაში ასეთი აზროვნების დამკვიდრებას ხელი შეუწყო 70 წლიანმა ათეისტურმა რეჟიმმა, თუმცა ქართველი ადამიანი ბუნებით საოცრად ღვთისმოსავია და ამიტომაც მოხდა მოკლე დროში სარწმუნოებისაკენ ერის შემობრუნება, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს დაემთხვა. ეს პროცესი კი მრავალ განსაცდელთან იყო დაკავშირებული. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს I პრეზიდენტი გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ მიწას. ჩვენ ამჟამადაც გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით. ახლა ყალიბდება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების ღირებულებათა სისტემაა. კომუნისტური რეჟიმის დროს არ არსებობდა დამოუკიდებელი საზოგადოება და იგი პარტიული იდეოლოგიით იმართებოდა, ხოლო დემოკრატიული მმართველობისას თვითონ საზოგადოების და პიროვნების პრინციპებსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული, როგორ გარემოში მოუწევთ მათ ცხოვრება.

ასე რომ, არჩევანი კვლავ ჩვენი გასაკეთებელია.

პიროვნების მსგავსად, ამა თუ იმ ერისა და კულტურების ხვედრსაც მათი არჩევანი განაპირობებს და ამაში ყველა თანასწორი და თანაბარუფლებიანია.

ქართველი ერი, უძველესი ქართული ენა სათავეს პრეისტორიული ხანიდან იღებს.

ის, რომ ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ ჩვენი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით, ჩვენი წინაპრების ღვთისსათნო არჩევანის შედეგია;

მოციქულთა მიერ ნაქადაგები ქრისტიანობის აღიარებამ სხვა და სხვა ქართველური ტომები ერთი რწმენით, ერთი ენით, ერთი კულტურით ერთიან ქართველ ერად შეადუღაბა და უნიკალური, თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ქართული ცივილიზაცია შექმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ზოგადქრისტიანული კულტურის განვითარებაში;

საზღვარგარეთ ქართველებმა ადრეული საუკუნეებიდანვე განამრავლეს კულტურულ-საგანმანათლებლო კერები. უკვე V საუკუნიდან იერუსალიმში არსებობს პეტრე იბერისა და მისი მასწავლებლის, იოანე ლაზის მიერ შექმნილი სამონასტრო სავანე, რომელიც ჯვრის მონასტრის სახელით არის ცნობილი. გარდა ამისა, ქართველები წმიდა მიწაზე 40-ზე მეტ ტაძარს ფლობდნენ; ჩვენ მონასტრები გვქონდა კონსტანტინოპოლში, ეგვიპტეში, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში..... რაც მაშინდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან აქტიური ურთიერთობის საშუალებას გვაძლევდა და ეროვნული კულტურის ჩამოყალიბებაშიც გვეხმარებოდა.

უნდა ითქვას, რომ წელს ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს, - მცხეთის ჯვრის მონასტერს, 1400 წელი უსრულდება და ეს თარიღი იუნესკოს მიერაც აღინიშნება. მისი სრული ანალოგიითაა აშენებული მარტვილის VII საუკუნის ეკლესია, რომელიც დღესაც ჭყონდიდელ ეპისკოპოსთა საკათედრო ტაძარია. იგი უმნიშვნელოვანეს სულიერ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე.

ათასწლეულების მანძილზე ჩვენი ერი მტერთან გამუდმებულ ომებში მხოლოდ ღვთის იმედით იყო, რადგან არც სხვათა მსგავსად გვყავდა სადმე თანამოძმე ან მუდმივი სტრატეგიული მოკავშირე და არც მრავალრიცხოვანი და ეკონომიურად შეძლებული დიასპორა გვიმაგრებდა ოდესმე ზურგს.

მიუხედავად ამისა, XIX ს-მდე სუვერენული სახელმწიფოებრივი მმართველობა და ეკლესიის ავტოკეფალია შევინარჩუნეთ და რუსეთის იმპერიის მიერ 106 წლის მანძილზე უკანონოდ გაუქმებული ეკლესიის დამოუკიდებლობა საერო და სასულიერო პირების ძალისხმევით 90 წლის წინ აღვიდგინეთ, რამაც დიდი სტიმული მისცა ქართველ ერს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

საერთოდ, ქართული სამყარო მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ განაპირობა და დაიცვა. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. იგია ჩვენი ცნობიერებისა და ცხოვრების წესის საფუძველი და სავსებით ლოგიკურია, რომ დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ატრიბუტიკაში ქრისტიანული სიმბოლიკა დომინირებს: ხუთი ჯვარი მაცხოვრის ხუთ სამსჭვალზე მიუთითებს. ქვეყნის უმაღლესი სამართლებრივი დოკუმენტი - კონსტიტუცია კი მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებულ იურიდიულ და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ სტატუსს ანიჭებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს და მისი ხალხის ნების გამოხატულებაა.

„არა გეცრუვნეთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“, - ასეთი იყო დავით აღმაშენებლის საქართველოს სულისკვეთება; სულისკვეთება იმ მეფისა, რომელმაც ღმერთის დახმარებით შეძლო ჩვენი სამშობლო ექცია ყველა დროის ქართველისათვის საოცნებო სახელმწიფოდ. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ დავითის საქართველოში მშვიდობიანად ეცხოვრათ მუსულმანებს, ებრაელებს, სომხებს და სხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს.

შემწყნარებლობა დღესაც ჩვენი უმთავრესი თვისებაა, - ესაა ჩვენი არჩევანი.

სწორედ ჩვენი რაინდული და ტოლერანტული ბუნების გამო იყო, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა და ომებისა, ქართველები ყოველთვის დიდი პატივით სარგებლობდნენ არაბების, სპარსელების, მონღოლების, ოსმალების. . . პოლიტიკურ წრეებში. იგივე იყო მიზეზი იმისაც, რომ წმიდა მიწაზე მუსულმანთა გაბატონების შემდეგ, XIII-XIV საუკუნეებში, იერუსალიმის მაჰმადიანი მმართველები ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს აძლევდნენ უფლებას, გაშლილი დროშებით ცხენზე ამხედრებულნი ბაჟის გადაუხდელად შესულიყვნენ წმიდა ქალაქში და მაცხოვრის საფლავის კლიტეთა მფლობელნიც ქართველები ყოფილიყვნენ. ჩვენ ეს პატივი ომით არ მოგვიპოვებია. იგი იყო ქართული დიპლომატიის შედეგი, რასაც საეკლესიო ურთიერთობებიც განაპირობებდა.

სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესია დღესაც ცდილობს შეასრულოს ე.წ. „სახალხო დიპლომატის“ მისია და იყოს მშვიდობის დესპანი იმ რთულ სიტუაციებში, რომელშიც საქართველოს თანამედროვე პირობებში უწევს ყოფნა.

ამით იყო განპირობებული ჩვენი ჩასვლა მოსკოვში. ეს არის მიზეზი არაბულ ქვეყნებში ჩვენი მომავალი ვიზიტისაც. რელიგიურ ლიდერებთან ღია და გულთბილი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობაშიც ანალოგიურ დამოკიდებულებას იწვევს და მათში საქართველოსადმი კეთილგანაწყობა ჩნდება.

ყველასთვის მიუღებელია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა გადაიზარდოს ხალხებს შორის მტრობაში, განსაკუთრებით კი რელიგიურ დაპირისპირებაში, რადგან იგი პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან შედარებით ძნელად გამოსასწორებელია და ჩვენ ვცდილობთ ეს თავიდან ავიცილოთ.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს რომ არ ჩამოვრჩეთ, საჭიროა ინფორმაციის ფლობა და ანალიტიკური აზროვნება, მითუმეტეს, დიდი სახელმწიფოების დაინტერესების სფეროში მყოფი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.

ამიტომაც ანალიტიკური აზროვნებისთვის საჭიროა ბავშვობიდანვე ისწავლებოდეს. ამ საგნის შემოღება დიდად დაეხმარება ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ადვილად დაეუფლონ თავის მომავალ სპეციალობას.

რაკი ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება. კარგი იქნება, თუ საბავშვო ბაღებში ბატონ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით პატარებს გავუღვივებთ როგორც ერთმანეთის, ისე საერთოდ, ადამიანის თანადგომის სურვილს, პატიების უნარს, უფროსის პატივისცემას, მამულის სიყვარულს. ეს დამოკიდებულება გაჰყვება მათ სკოლაშიც და მთელ ცხოვრებაშიც.

სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელიც პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად დააკვირდება მოსწავლეს და დაეხმარება ღვთისაგან ბოძებული ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში.

აღზრდის საქმეში მასწავლებელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ შეიძლება სკოლაში შემთხვევითი ადამიანები მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ამას ჩვენთან არ ექცევა სათანადო ყურადღება, რის გამოც ყველაზე მეტად მომავალი თაობა ზიანდება. მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს და მშობელივით უნდა მოექცეს მათ. ამასთან, თვითონაც უნდა შეაყვაროს მათ თავისი თავიც და თავისი საგანიც. ამასთან, აუცილებელია, რომ იგი არ შემოიფარგლოს მხოლოდ საგნის სწავლებით და ცხოვრებისთვისაც მოამზადოს ისინი. ამ მიზნით მოსწავლეებთან უნდა ჩაატაროს კლასგარეშე შეხვედრები და საუბრები მათ მომავალზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ახალგაზრდებს ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეთ. ასწავლოს ავისა და კარგის გარჩევა, ასწავლიდეს სწრაფი რეაგირების კულტურას.

მიმაჩნია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი საშუალო და უმაღლესი სკოლების პედაგოგებს უნდა ქონდეთ, რადგან ისინი აყალიბებენ ქვეყნისა და ერის მომავალს და არ არსებობს ამაზე მეტად საპასუხისმგებლო სხვა პროფესია. ეს საქმიანობა უნდა იყოს პრესტიჟული და ეს წოდებაც დიდი შრომის ფასად უნდა მიენიჭოთ ამა თუ იმ ადამიანს.

თუ ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, გავზრდით მოაზროვნე, გონიერ, ანალიტიკური უნარის მქონე თაობას, რაც დაეხმარება მათ ზნეობრივად ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბებაშიც, რადგან ადამიანი, შეგნებულად თუ არ ემსახურება ბოროტებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად გააცნობიერებს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ გამოცდაა და მომზადებაა მარადიულობისათვის და უარს აღარ იტყვის ყველაზე ძვირფასზე - უფლის სიყვარულზე.

როგორი იქნება თქვენი არჩევანი?

ტექნოლოგიური პროცესების განვითარებამ ადამიანის ცნობიერებისა და ცხოვრების წესის განსაზღვრის ყველაზე მძლავრ ბერკეტად მასმედია აქცია; ამიტომაც, აუცილებელია, რომ მანაც იტვირთოს აღმზრდელობითი ფუნქცია.

ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მასმედია ზრუნავს, რომ სახელმწიფო და კერძო არხებით (სპეციალიზებული მაუწყებლობის გარდა) საზოგადოებას მიაწოდოს ზნეობრივი და, საერთოდ, დადებითი ღირებულებების მქონე ტელეპროდუქცია და ფილმები, რასაც ჩვენთან, სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება ექცევა.

ამასთან, ჩვენი ტელესივრცე ძირითადად დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. საზოგადოებას კი ასევე სურს უყუროს ისტორიულ, სამეცნიერი, შემეცნებით, კულტურულ და ახალგაზრდულ გადაცემებს. ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც მხარი დავუჭირეთ დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობა „ივერია“-ს შექმნას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის პატრონაჟით საცდელი გადაცემებით უკვე გადის ეთერში. იგი უნდა იქცეს ოჯახის ტელევიზიად, რომელიც ყველა თაობისთვის მისაღები იქნება და ყველა ფენის ინტერესებს შეძლებისამებრ დააკმაყოფილებს. ამასთან, მან მოსახლეობაში და, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობაში, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. მისი განვითარება და წარმატება ჩვენი საზოგადოების თანადგომაზეა დამოკიდებული.

ყოველი ადამიანის სულიერი წინსვლა და წარმატება დიდად განაპირობებს მთელი ქვეყნის აღორძინებასა და კეთილდღეობას. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით, გულმოდგინე შრომით მრავალი სასიკეთო საქმის კეთება შეიძლება. თითოეულ ჩვენგანს სხვა და სხვა ნიჭი აქვს ბოძებული უფლისაგან და იგი ღვთისა და ქვეყნის სამსახურად უნდა გამოვიყენოთ.

ხარობს დღეს წმიდა ეკლესია და უგალობს მკვდრეთით აღდგომილ ჩვენ მაცხოვარს, რომელმაც სიკვდილით სიკვდილი დასთრგუნა და მოგვანიჭა აღდგომის სიხარული.

„აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და ურთიერთარს შევიტკბობდეთ“ (აღდგომის საგალობელი).

უფალო ძლიერო, სახიერო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ ყოველთაგან მოელი სინანულსა და კაცთათვის განგიმზადებიეს სასუფეველი ცათა, ისმინე ლოცვისა ჩვენისა: გევედრები მეუფეო, შეუნდე უსჯულოებაჲ ერსა ჩვენსა შეცოდებულსა, რათა მადლითა შენითა შევუდგეთ მცნებათა შენთა აღსრულებასა; განამტკიცე სარწმუნოება გულთა შინა ჩვენთა, აღგვავსე სიყვარულითა და იმედითა შენითა;

ჰე, უფალო, განმრავლდა და განძლიერდა განსაცდელი სოფლისა ამის და დაუძლურდა გონება ჩვენი; მოგვხედე და განგვამტკიცე ძალითა შენითა.

ძმანო და დანო ჩვენო, მკვიდრნო ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის მამულისანო, ეძიებდეთ სიმართლეს, შეიყვარეთ უფალი „ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა“ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა აღასრულოთ ნება მისი.

ძმანო და დანო აფხაზნო, ოსნო, ჩვენო ხორცნო და სისხლნო! არ გვძლიოს მტრობამ და სიძულვილმა. ჩვენ მუდამ გვაახლოებდა ურთიერთთანადგომა და სიყვარული. ილოცეთ და განძლიერდით. ჩვენი ძლიერება კი ჩვენს ერთობაშია. მწამს, ურთიერთნდობას და პატივისცემას კვლავ მოვიპოვებთ და სხვა ერის წარმომადგენლებთან ერთად ბედნიერნი ვიქნებით მშვიდობიან და განუყოფელ საქართველოში!

„განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაი და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაი, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა ესერა, მწუხრი განისვენა ტირილმან და ცისკარსა ამას მოიწია სიხარული აღდგომისაი“ (მელენტი ეპისკოპოსი, სააღდგომო ჰომილია).

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი


როგორც ბოლოს პატრიარქმა დაამატა იფიქრეთ ამ საკითხებზეო და სიხარულისას ნუ მიეცემით განცხრომასო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ბექა
პოსტი Jan 7 2010, 12:54 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



2010-01-06

ქრისტეს მიერ საყვარელო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო სულიერო შვილებო!

`ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა~ (ინ. 16,33). `სოფელი ცდილობდა დავეჭირე, მაგრამ ვერ დამიჭირა~ (გრიგოლ სკავაროდა)

გიხაროდეთ, `ღამე იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა~ (რომ 13,12); აღსრულდა უდიდესი საიდუმლო ქრისტეს განკაცებისა; ზეიმობს ცა და ქვეყანა და წმიდა ეკლესიაც სიხარულით ღაღადებს: `დღეს ქრისტე იშვების ბეთლემს ქალწულისაგან უბიწოჲსა, დღეს დაუსაბამოჲ დაიბადების, სიტყვაი ხორცთა შეისხამს და ძალნი ცათანი აქებენ სიხარულით~; ამ გამოუთქმელ სიხარულს ვეზიარებით ჩვენც, ყველა და წმიდა ეკლესიასთან ერთად ვუგალობთ უფალს: `ქრისტეს შობასა ვადიდებთ და აღვამაღლებთ ღმერთსა დიდებულსა~.

რატომ განკაცდა უფალი? და რატომ არის დედამიწაზე მის მოვლინებასთან დაკავშირებით ასეთი დიდი სიხარული? დაუსაბამო იგი ხორციელ იქმნა, რათა ცოდვის მორევში დანთქმული კაცობრიობისათვის ხსნის გზა ეჩვენებინა და ყოფიერების ჭაობში შთაფლულთათვის სიკეთისა და ბოროტების გარჩევა ესწავლებინა; იგი განკაცდა, რომ გვეზეიმა საკუთარ თავზე გამარჯვება და კვლავ მარადიული ნეტარებისა და სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცემოდა.

საერთოდ, ადამიანი ნეტარებისათვის არის ღვთისგან შექმნილი. ამიტომაც ბედნიერებისა და სიამოვნებისაკენ ლტოლვა მისი ბუნებრივი თვისება და სურვილია; ბედნიერება და სიამოვნება კი, სიყვარულს უკავშირდება.

ნებისმიერ პიროვნებას ყველაზე მეტად უყვარს ის, რაც ყველაზე მეტად სურს და ყველაზე მეტად სურს ის, რაც მას ყველაზე მეტ სიამოვნებას, სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს.

ვიდრე ადამი და ევა სამოთხეში მყოფობდნენ მათი ნეტარება ღმერთთან კავშირიდან მომდინარეობდა. ღმერთთან უშუალო კავშირი იყო მათი უმთავრესი მოთხოვნილებაც და ბედნიერების წყაროც.

ცოდვით დაცემის შემდგომ კი შეიცვალა მათი ბუნება, აღქმისა და აზროვნების წესი, რადგან უფლის სიყვარულით სავსე მათი გონება, გული და ნება შეიბილწა ბოროტი ძალის დაჯერებით და მისი ნების აღსრულებით.

ამიტომ დაკარგეს ადამმა და ევამ სამოთხე და ღმერთი, როგორც ნეტარების უშრეტი წყარო და მიწიერი ყოფით მიიღეს ის, რაც მათს დაცემულ სულიერ მდგომარეობას შეეფერებოდა. ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანებში გაჩნდა ბედნიერებისა და სიამოვნების მიღების სხვადასხვაგვარი მოთხოვნილებანი, რაც დროთა განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა უმთავრესი ყოველთვის მაინც იყო სიმდიდრის დაგროვების სურვილი, პატივმოყვარეობა, სიამეთმოყვარეობა, თანამდებობისკენ სწრაფვა, აზარტული თამაშობანი, მრუშობა, სასმელით ან ნარკოტიკით გატაცება და ა.შ.. ამგვარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება არათუ მარადიულ ნეტარებას ანიჭებს ადამიანს, არამედ ამქვეყნადვე, წუთიერი სიამოვნებების ნაცვლად, სხეულისა და სულის უმძიმეს დაავადებებს იწვევს.

ბრძენს უთქვამს - მსგავსი მსგავსს შეჰხარისო. და მართლაც, ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე ყოველი ადამიანი თავისი ნებით ირჩევს გზას და ისწრაფვის ცათა სასუფევლის ან ბოროტების მეუფებისაკენ.

როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი წერს `კაცი შორის ორთა საქმეთასა არს: ცოდვისა და სათნოებისა~. იგი ან კერპთმსახურია ან ღვთისმსახური, ან სიძვისმოქმედია ან სიწმინდის მატარებელი, სიმართლეს ესწრაფვის ან უსამართლობას, არის ამპარტავანი ან თავმდაბალი. ერთ-ერთის საბოლოო გამარჯვება მეორის უცილობელ მოსპობას ნიშნავს, რადგან `ღმრთისმსახურებისა დამტკიცებაჲ სიკუდილი არს კერპთმსახურებისაჲ, ეგრეთვე სიმართლისა მიერ მოიკვლის უსამართლობაჲ~... და ა.შ.

ყოველი ადამიანი უნდა ეცადოს, ამქვეყნადვე იპოვოს ღმერთი და მისდიოს მის გზას. ეს კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ უფლის ნებას (რაც მის მცნებებშია განცხადებული) ჩვენი პიროვნული ნებაც შეუერთდება; ანუ, თუ ვიცხოვრებთ სახარებისეულად. ღვთაებრივი და ადამიანური ნების თანხვედრას სინერგია ეწოდება; სწორედ იგია ზეცად აღმყვანებელი უდიდესი ძალა, რომელიც ყველა დაბრკოლებას დაგვაძლევინებს და ამქვეყნადვე გვაგრძნობინებს, რომ `სასუფეველი ჩვენშია~. `ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკედთ და განგეღოს თქვენ~, - ბრძანებს მაცხოვარი.

მაგრამ ხშირად ადამიანები, რომლებიც თავს მორწმუნეებად მიიჩნევენ, ვერ აღწევენ იმას, რასაც ლოცვაში ითხოვენ. რატომ ხდება ეს?!

იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: `ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი ვნებები დაიკმაყოფილოთ~ (იაკ.4.2). დიახ, ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ სწამთ ღმერთი, და ამავე დროს ერთმანეთს ეჯიბრებიან მიწიერი კეთილდღეობის მოსაპოვებლად, ან შურთ, ცილს სწამებენ და განიკითხავენ სხვას, რაც მათს ლოცვას ძალას უკარგავს.

ზოგჯერ, ესა თუ ის პიროვნება, ერთი შეხედვით, მართლაც კარგ საქმეს აღასრულებს: შემოსავლის ნაწილს გასცემს, გაჭირვებულებს ეხმარება, ტაძარსაც აშენებს... მაგრამ თუ ყოველივე ამას თავის გამოსაჩენად აკეთებს და სიკეთით ამპარტავნობს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება უფლისათვის და არც ასეთი ადამიანის ლოცვა შეისმინება. ზემოთქმული ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი ამქვეყნიური კეთილდღეობის სრული უარყოფისკენ მოგვიწოდებდეს ყველას. რა თქმა უნდა _ არა, რადგან უფალი ჩვენგან მხოლოდ იმას ითხოვს, რომ არ გავხდეთ ხორციელ მოთხოვნილებათა მონები და მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობა არ იქცეს ჩვენს მამოძრავებელ ძალად; მაგრამ თუ თანამდებობას, ძალაუფლებას, სიმდიდრეს და ჩვენს სხვა შესაძლებლობებს არა საკუთარი `მეს~ წარმოსაჩენად, არამედ უფლის სადიდებლად (რადგან ყოველივე მისგან გვეძლევა) და მოყვასის მსახურებისათვის გამოვიყენებთ, ღვთისსათნოდ ვიცხოვრებთ. წმიდა წერილი გვასწავლის:

`სიყვარული სოფლისაჲ ამის, მტერობა არს ღმრთისა (იაკ, 44). `ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად... ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა~ (მთ. 6,24).

მაშ, `დაემორჩილენით ღმერთსა და წინა აღუდექით ეშმაკსა~, მიეახლენით მას და მოგეახლოს თქვენ (იაკ. 4,7).

მეტად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ცოდვითი მიდრეკილებები სულ უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვს ჩვენს ყოფაში. ცოდვა, როგორც ხორცმეტი, ადამისა და ევას დაცემიდან მოყოლებული მუდამ არსებობდა, მაგრამ ადამიანს ჰქონდა სინანულიც. სულშეძრული დავით წინასწარმეტყველი ასე წარმოაჩენს ამ მდგომარეობას: `ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის~.

დღეს კი ცოდვა ცოდვად აღარ მიიჩნევა და იგი ლამის ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად წარმოგვიდგინონ. ამ აზრს, რომლის დამკვიდრებასაც უცხოეთში უკვე კარგა ხანია ცდილობენ, ჩვენთანაც ეძლევა გასაქანი. ცოტა ხნის წინ უცხოური სერიალებით დაიწყეს ხალხის ცნობიერების გადაგვარება, ახლა კი ჩვენი მოქალაქენი გამოჰყავთ უზნეობის დემონსტრირებისათვის. ცოდვის საკუთარ თავში მიღებითა და შეთვისებით ადამიანს სრული გამოფიტვა ემუქრება. ამაზე კი პასუხს აგებს ყველა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ამისკენ უბიძგებენ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს; მაცხოვარი ბრძანებს: `ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური... (მთ. 18,7) ... მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ~. (მთ. 18,6) ასევე საშინელია სხვა მომაკვდინებელი ცოდვებით დამძიმებული ადამიანების ხვედრიც.

შეუძლებელი და შეუთავსებელია იყო ქრისტიანი და ამავე დროს - ნარკომანი, ქრისტიანი და - ლოთი, ქრისტიანი და - მრუში, ქრისტიანი და - ქურდი... ამგვარ საქმეთა მოქმედნი თავს ნუ მოიტყუებენ და ნუ ინუგეშებენ, ისინი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.

ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ცოდვისკენაა მიდრეკილი და შეიძლება ის, ნებით თუ უნებლიედ, სხვადასხვა ცოდვაში ჩავარდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მონანიებისა და გამოსწორების სურვილი, რწმენა უფლისა და ღმერთი აუცილებლად დაეხმარება და მიანიჭებს მაცხოვნებელ მადლს.

ეპისტოლეში ასევე მინდა, შევეხო ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურ და მტკივნეულ ზოგიერთ სხვა საკითხსაც და, პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ თანამედროვე ადამიანის სულიერ და ინტელექტუალურ მხარეზე. განათლების რეფორმისას დაშვებულმა შეცდომებმა შედეგად მოგვიტანა ის, რომ მოზარდები ცოდნის შეძენის სურვილს უკვე ნაკლებად ამჟღავნებენ. სამეცნიერო მოღვაწეობა კი არაპრესტიჟულად მიაჩნიათ, რადგან ხედავენ რომ ინტელიგენციას სათანადო დაფასება არა აქვს (ისინი ხომ საშუალო ფენის დონეზეც კი ვერ ინახავენ ოჯახს).

ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. მეცნიერების განვითარების გარეშე ქვეყანას არა აქვს მომავალი, რადგან ერის სულიერებისა და განათლებისა ერთ_ერთ უმთავრეს ძალას სწორედ ისინი წარმოადგენენ.

ჩვენ თავს ვხრით და დიდად ვაფასებთ იმ თავდადებას, რომელიც კომუნისტური რეჟიმის პერიოდში გამოიჩინეს ჩვენმა მეცნიერებმა და ათეისტური ყოფის მიუხედავად, შეძლეს ხალხისათვის სწორი ორიენტირების შენარჩუნება.

გავიხსენოთ ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, დიმიტრი უზნაძე, თედო სახოკია, გრიგოლ ლორთქიფანიძე, შალვა ნუცუბიძე, ივანე ბერიტაშვილი, მაქსიმე შარაძე, ფილიმონ ქორიძე და სხვა მრავალნი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ შევიწროვებულნი, დამცირებულნი და ყოველდღე ელოდნენ დაპატიმრებას..., მათ არა მარტო დაიცვეს, არამედ გაამდიდრეს ჩვენი ეროვნული ფასეულობანი, დაიცვეს როგორც თავისი, ისე ქვეყნის ღირსება.

ჩვენ უნდა გვქონდეს ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ანალიტიკური აზროვნების უნარი, რომ გავარჩიოთ, რა არის მისაღები და რა უარსაყოფი, გავიაზროთ, როგორ დავძლიოთ ესა თუ ის პრობლემა, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადრე დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ და შევძლოთ მომავლის სწორი პროგნოზირება. ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, სკოლაში იყოს ანალიტიკური აზროვნების კურსი, რათა მოზარდი თაობა ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიოს განსჯისა და სწორი ნაბიჯების გადადგმას.

ვფიქრობ, აუცილებელია ისეთი საგნის შემოღებაც, რომელსაც, ძირითადად, აღმზრდელობითი დანიშნულება ექნება. ეს საგანი ისევე უნდა ისწავლებოდეს როგორც სხვა საგნები, მაგ: ისტორია, ფიზიკა, ლიტერატურა, მათემატიკა. . ., რათა მომავალი თაობა მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.

იგი უნდა მოიცავდეს ურთიერთობის კულტურას ოჯახში და ნათესავებთან, ურთიერთობას მეგობრებთან და თანატოლებთან, უფროს და უმცროს თაობასთან, აქ უნდა ისწავლებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სუფრასთან ქცევის წესებს, რთული სიტუაციების დაძლევის გზები და, რა თქმა უნდა, ცოდნისა და შრომის სიყვარული.

შრომის გარეშე ცოდნას ვერ შევიძენთ და ვერც მოვიხმართ; შრომის გარეშე ვერ შევქმნით ვერც სახელმწიფოს. ადამიანის ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია როგორც ინტელექტუალური, ისე შემოქმედებითი და ფიზიკური შრომა. თუმცა ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფიზიკური შრომა ამცირებს პიროვნებას. ეს არასწორი შეხედულებაა. იგი ღვთისაგან ადამიანის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის დადგენილი ცხოვრების წესია.

გარდამავალმა პერიოდმა, რომელიც თითქმის 20 წელია გრძელდება, მრავალი პრობლემის წინაშე დაგვაყენა. განსაკუთრებით ის, რომ ჩვენს წარსულსა და დღევანდელობაზეც ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ძირძველი ქართული მიწები ჩვენი მეზობელი ერების ისტორიული სამკვიდრებელი იყო; და ამით შუღლი და დაპირისპირება ითესება დიდი ხნის მანძილზე მშვიდობითა და ურთიერთგაგებით მცხოვრებ ჩვენს ხალხებს შორის. მაგალითად, ოსები კომპაქტურად არიან დასახლებულნი საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებშიც, და ეს ტერიტორია ისეთივე საქართველოა, როგორც ცხინვალის რეგიონი. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და სხვა ავტონომიებიც კომუნისტური რეჟიმის დროს შექმნილი ხელოვნური წარმონაქმნია.

მიუხედავად მომხდარისა, მჯერა, ქართველები, აფხაზები, ოსები და სხვანი, მკვიდრნი საქართველოისა, იყვნენ და კვლავაც დარჩებიან ძმებად და დადგება ის კურთხეული დღე, როცა ჩვენ ურთიერთს შევუნდობთ ძმათაკვლის ცოდვებს და ერთად ავაგებთ შერიგების ძეგლს, რომელიც იქნება გაფრთხილება მომავალი თაობებისათვის, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.

ქართველი ადამიანი ბუნებით მოსიყვარულე და შემწყნარებელია. ტოლერანტობა ჩვენ წიგნებიდან არ გვისწავლია, ეს ჩვენი თვისებაა. ამის ნათელი გამოხატულებაა ის, რომ საუკუნეთა მანძილზე ამ მიწაზე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვა და სხვა ეროვნებისა და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც მეგობრობითა და მოყვრობით არიან ქართველ ხალხთან დაკავშირებულნი. ჩვენი ხასიათის ნათელი გამოხატულებაა ვაჟკაცობითა და მებრძოლი სულით განთქმული მხარის, საქართველოს მთიანეთის დიდებული შვილის, ვაჟა-ფშაველას საოცარი სიტყვები:

`ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა~. დიახ, შინაგანად ასეთია ქართველი კაცი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ოდესმე შეეგუება სამშობლოს ერთიანობის ხელყოფას. სამშობლო დედამიწის ის ადგილია, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს, ამა თუ იმ ერს ღვთის განგებულებით ებოძა.

სამშობლო, რა თქმა უნდა, არის გარკვეულ საზღვრებს შორის არსებული ტერიტორია, ის ბუნება, ის წიაღისეული, ის ფლორა და ფაუნა, რასაც ეს ტერიტორია მოიცავს, მაგრამ სამშობლო არის კიდევ უფრო სხვა... სამშობლო შენი წინაპრების ძვლებით გაპოხიერებული მიწაა, შენი ენით გაჯერებული ჰაერია, შენი გენით, შენი ხასიათით დატვირთული გარემოა. აქ, ამ სივრცეში მყოფობს მთელი ისტორია ერისა და ქვეყნისა, და ეს ყოველივე თითოეულ ჩვენგანთან უხილავი, მაგრამ ძალიან ძლიერი ველით არის დაკავშირებული.

ამიტომაც, სამშობლოს არა აქვს ოდენ მიწიერი, მატერიალური სახე. მის განსაკუთრებულობას დიდად განაპირობებს ისიც, თუ რამდენად მრავალრიცხოვანი წმინდანთა დასი ჰყავს ერს სულიერ მეოხად ღვთის წინაშე. ამ მხრივ, საქართველოს თითქმის ვერავინ შეედრება. სამშობლოსათვის გულანთებული გმირები საქართველოს არასოდეს დაელევა.

ჩვენს ერს ქართული ენის სახით უდიდესი საუნჯე აქვს და მას თითოეული ჩვენგანი უნდა გაუფრთხილდეს; ჩვენს ენაში განცხადებულია ჩვენი ისტორია, ჩვენი მსოფლაღქმა და აზროვნების წესი. ენა არ არის მარტო კომუნიკაციის საშუალება. დააკვირდით, მაგალითად, ასეთ სიტყვებს: წუთისოფელი, სამშობლო, დედამიწა, გარდაცვალება, თავისუფლება, განათლება და სხვა ... თითოეული მათგანი როგორი ფილოსოფიური სიღრმითაა დატვირთული! ქართული ენის სისავსეს, მის დიალექტთა და კილო-კავთა მრავალფეროვნება, ქართველი კაცის განცდის სიღრმე და მდიდარი სულიერი სამყარო განაპირობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიძველის და საუკუნეთა მანძილზე განცდილი ცვლილებების მიუხედავად, არ გაწყვეტილა კავშირი ძველ და თანამედროვე ქართულ ენას შორის, რაც მის დიდ სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს.

ჰოი ჩვენო ენავ, ჩვენი მწუხარებისა და სიხარულის მესაიდუმლევ, ცისარტყელასავით მშვიდობისმომფენო, მყინვარივით სპეტაკო და თერგივით მშფოთვარევ. ჩვენო ხელთუქმნელო სვეტო, ცამდე ამაღლებულო, საუკუნეთა ქარტეხილში გამოვლილო ლერწამო, საძირკველო და მტკიცე ფუძევ ჩვენო, ჩვენთა საუნჯეთა შემქმნელო და დამცველო, მთების ძლიერებავ, მეფევ და დარაჯო ჩვენი ერის რწმენისა, ერთობისა და მთლიანობისა.

არაერთხელ მოუნდომებია ავისმდომელს შენი შელახვა, შენი მოსპობა. დღესაც, როდესაც ჩვენს წინაშეა უმნიშვნელოვანესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, თანდათან იზრდება მეორე, არანაკლები საფრთხე ენობრივი დაშლისა; არიან ისეთი ძალები, რომელნიც ნაკლებად მოაზროვნე ადამიანებს უბიძგებენ, რომ ითარგმნოს ბიბლია ან სხვა წიგნები მეგრულად, სვანურად, ლაზურად და მოამზადონ ნიადაგი იმისათვის, რომ ახლო მომავალში ქართული ენის ეს განშტოებანი უკვე ცალკე ენებად გამოაცხადონ. მსოფლიოში ვრცელდება რუქები და კვალიფიკაციები, თითქოს საქართველო აჭარლების, ლაზების, სვანების, მეგრელების, თუშების და სხვათა ხელოვნური გაერთიანებაა, თითქოს ყველას ჩვენ-ჩვენი ენა და კულტურა გვაქვს. ამით უნდათ ჩვენი ერის სხვა და სხვა ეროვნულ გაერთიანებებად წარმოჩენა. აქედან კი სახელმწიფოს დაშლამდე ერთი ნაბიჯია.

კაცობრიობა ახალი ტიპის დაპირისპირებაზე, - ინფორმაციულ ომზე გადავიდა და იგი ძირითადად, მასმედიის საშუალებით ხორციელდება. აშკარაა, რომ ჩვენს წინააღმდეგ სხვა და სხვა მიმართულებით მიმდინარეობს ინფორმაციული ომი და ამ ყოველივეს შესაბამისი საშუალებებითვე უნდა გაეცეს პასუხი. * * * ჩვენი საზოგადოება ეკლესიისგან მრავალწლიანი გაუცხოების შემდეგ კვლავ უბრუნდება რწმენას და ეს ბუნებრივი, თანდათანობითი პროცესია. მართალია, აღდგა გარეგნული სახე ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა: აშენდა მრავალი ტაძარი, ეკლესიები გაივსო ხალხით, გამრავლდა სასულიერო პირთა რიცხვი, ჩვეულებად იქცა საეკლესიო წესებისა და საიდუმლოებების აღსრულება (ნათლობა, წესის აგება, ჯვრისწერა, სახლის კურთხევა...), მაგრამ დღეს უკვე აუცილებელია ჩვენი საზოგადოების უფრო სიღრმისეულ სულიერ განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენ გამოვედით ეგვიპტიდან - ცოდვის მონობიდან, მაგრამ აღთქმულ მიწაზე, სულიერ იერუსალიმში ჯერ არ შევსულვართ. უდაბნოს გზაზე ჩვენი მსვლელობისას ზოგჯერ თავს იჩენს ცოდვითი ცდომილებანი. ამის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა ჯვარდაწერილ წყვილთა ხშირი განქორწინება, ნარკომანია და აბორტი. არ შემიძლია არ შევეხო ახალგაზრდებში გავრცელებულ ერთ მეტად მძიმე სენსაც - ბილწსიტყვაობას; რატომღაც ასეთი მეტყველება მათში კარგ ტონად და ვაჟკაცობად ითვლება. სინამდვილეში კი, ეს არის დაბალი კულტურისა და აზროვნების ადამიანების შინაგანი სამყაროს გამოვლინება. ყმაწვილები ხშირად საკუთარ დედასაც შეურაცხყოფენ და ზოგჯერ ვერც აცნობიერებენ, რას ამბობენ. ეს არის უკიდურესი სიბილწე და უდიდესი ცოდვა, რითაც ადამიანი ეშმაკის თანაზიარი ხდება. საერთოდ, ყოველი სიტყვისათვის ადამიანი პასუხს აგებს ღვთის წინაშე. განსაკუთრებით კი სასტიკად დაისჯებიან მშობლების მაგინებელნი. ეს დანაშაული იმდენად მძიმეა, რომ ძველ აღთქმაში დედ-მამის მხოლოდ ავადმახსენებელნიც კი ქვით იქოლებოდნენ.

მე ვთხოვ ჩვენს ახალგაზრდებს, საერთოდ უარი თქვან ბილწსიტყვაობაზე და განსაკუთრებით კი, დედასთან მიმართებაში. ერთად შევთხოვოთ ღმერთს, მოგვანიჭოს მადლი `უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, რათა, ღვთის შეწევნით, შევძლოთ ცოდვათაგან გათავისუფლება: `მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენნი~. * * * ამ ბრწყინვალე დღეს ყველა ჩვენგანის წინაშე დგას კითხვა: იშვება თუ არა ბეთლემს შობილი მაცხოვარი ჩვენს გულშიც? უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი დაიბადა არა დიდებულ სასახლესა და სამეფო პალატებში, არამედ ყველასგან მიტოვებულ უბრალო ბაგაში და ამით მაგალითი უჩვენა და თავმდაბლობისკენ მოუწოდა მთელ კაცობრიობას. მუდამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ `ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო თავმდაბალთ მოსცემს მადლს~. რატომ არის ასე?!

იმიტომ, რომ ადამიანს მხოლოდ საკუთარი ძალით, სიკეთის გაკეთება არ ძალუძს და ამის ნიჭი მას მხოლოდ უფლისაგან ეძლევა. ვინც ასე არ ფიქრობს და წარმატებებს მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერს, ამპარტავნების მორევში იძირება. ღმერთი მას ტოვებს და ის უფლებები და შესაძლებლობები, რომელიც ღვთისაგან ჰქონდა ბოძებული, ერთმევა; ამის ნათელი მაგალითია მეფე საული, რომელიც თავიდან თვით უფლისაგან იყო გამორჩეული, მაგრამ საკუთარი ნებით ამპარტავნების ცოდვა დაეუფლა, და ბოლოს, მეფობაც დაკარგა და, მასთან ერთად, ყველაფერიც. საულის მსგავსად, დავით წინასწარმეტყველიც ისრაელის მეფედ იყო დადგენილი, მაგრამ თავისი თავმდაბლობით იგი თაობებისათვის სინანულის მაგალითად დარჩა. ხალხისათვის ყოველთვის ის წინამძღოლია პატივსაცემი და საყვარელი, რომელიც ღირსეულია და თავმდაბალი.

საქართველოს ისტორიაში ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. გავიხსენოთ წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი, თავმდაბლობის ნიმუშია მისი `გალობანი სინანულისანი~. წმიდა თამარი - თავისი ხელსაქმით გლახაკთათვის საზრდელის მიმცემი და დაუცხრომელი ლოცვით სამშობლოს დამცველი მეომრებისათვის შემწე. ბერად შემდგარი ჩვენი დიდებული მეფეები - დემეტრე I, დავით X, თეიმურაზ I... თავმდაბლობით და თავისი უბრალო ცხოვრებით გამორჩეული იყო მეფე ერეკლე II. როდესაც ძალაუფლების და დიდების მწვერვალზე მყოფი ხელისუფალნი თავმდაბლობის ასეთ უჩვეულო მაგალითს გვიჩვენებენ, რამდენად უფრო მეტად გვმართებს ეს ჩვენ?! როგორც წმიდა წერილი გვასწავლის, ძველ აღთქმაში ყველაზე მშვიდი და თავმდაბალი მოსე წინასწარმეტყველი იყო, რომელსაც სწორედ ამ თვისების გამო მიეცა შესაძლებლობა, ჰქონოდა ღმერთთან უშუალო ურთიერთობა; ახალ აღთქმაში და, საერთოდ, ყველაზე თავმდაბალი ადამიანთა შორის ღვთისმშობელია. იგი სიწმინდისა და ამ განსაკუთრებული მადლის გამო შეიქმნა ღირსი გამხდარიყო დედა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. სამყაროს შემოქმედი - ღმერთი ეტვირთა და წიაღი თვისი ცათა უვრცელეს ეყო. თითოეული ჩვენგანის და საერთოდ, ჩვენი ერის უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ გვაკლია თავმდაბლობა და გვგონია, რომ ჩვენი ძალებით, ჩვენი ჭკუითა და უნარით შევძლებთ წარმატებების მიღწევას, რაც მადლის მოპოვებაში ხელისშემშლელ გარემოებად იქცევა. ღმერთის გარეშე თვით ანგელოზებსაც არ ძალუძთ არარა, მითუმეტეს ჩვენ. ამ დიდებულ დღეს მუხლმოდრეკით, უმორჩილესად შევთხოვ ყოვლადწმიდა სამებას, მოგვანიჭოს თავმდაბლობა და თითოეული ჩვენგანის გული ჰყოს ბეთლემის ბაგად, რომელშიც იშვება ღმერთ-კაცი იგი _ იესო ქრისტე. დიდება შენდა, უფალო, მაცხოვარო ჩვენო, რომელი განცდასა ჩვენთა ცოდვათასა მოგვანიჭებ და დაცემულთა აღგვადგინებ! დიდება შენდა, უფალო, რომელი აღგვავსებ ჩვენ მადლითა შენითა და გვაზიარებ საუკუნო ნეტარებასა შენსა!

დიდება და მადლობა შენდა, უფალო, რომელი აღგვავსებ სიხარულითა, სიყვარულითა და იმედითა შენითა! გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შვენიერო შროშანო, რომლისაგან გამობრწყინდების მაცხოვარი. გიხაროდენ, რომლისა მიერ წყევაი მოაკლდების, გიხაროდენ, სიწმიდისა ტაძარო, ძისა შენისა მადლისა მომფენელო. ქართველნო და ყოველნო ერთგულნო მკვიდრნო საქართველოისა! - `ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოს თქუენ" (მათე, 7,7).

არ დაეცეთ, არ შედრკეთ, არ შეუშინდეთ დროს, არ დაკარგოთ იმედი ღვთისა, იმედი მომავლისა; არ დაკარგოთ სიყვარული მოყვასისა; იყავით მოყვარენი შრომისა და ცოდნისა!

`ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა~. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

ჩვენთან არს ღმერთი!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
solomony   პატრიარქის ეპისტოლეები   Apr 8 2007, 05:58 PM
makuna7474   solomony ძალიან დიდი მად...   Apr 10 2007, 01:28 AM
ლეონტი   როგორც მამა გაბრიე...   Apr 10 2007, 10:49 AM
salomea07   რა სიბრძნე და რა სი...   Apr 10 2007, 02:39 PM
tamari_irakli   დიდი მადლობა! გმე...   Apr 10 2007, 10:21 PM
solomony   მე განსაკუთრებით ...   Apr 10 2007, 10:28 PM
arti vardi   რა ბედნიერებაა რომ...   Apr 16 2007, 04:45 PM
KoTe   modloba kvelaaaaaaaaaassssssssss   May 1 2007, 05:49 PM
solomony   საშობაო ეპისტოლე უ...   Jan 7 2008, 02:05 PM
marine   საოცარია პატრიარქ...   Jan 22 2008, 03:26 PM
solomony   უწმინდესი და უნეტა...   May 3 2008, 11:21 AM
ალექსანდრე   :)   May 3 2008, 11:52 AM
lingvo   http://www.link.ge/file/191290/sashobao-epistole.p...   Jan 7 2009, 05:45 PM
KAIROS   2009 წლის საშობაო ეპი...   Jan 8 2009, 10:24 AM
KAIROS   ხოლო “ვისაც უყვარს...   Jan 8 2009, 11:20 AM
ილია   სააღდგომო ეპისტოლ...   Apr 19 2009, 06:56 PM
Belief   ნამდვილად ეს იყო ი...   Apr 21 2009, 01:59 PM
ბექა   2010-01-06 ქრისტეს მიერ ს...   Jan 7 2010, 12:54 PM
llaasshhaa   მშვენიერია :wub:   Jan 7 2010, 03:56 PM
sable   მშვენიერი ეპისტოლ...   Jan 7 2010, 09:46 PM
ბადრი   ბექა გაიხარე! მშ...   Jan 7 2010, 11:16 PM
ბექა   sable აბორტზე როგორც ვ...   Jan 7 2010, 11:25 PM
sable   sable აბორტზე როგორც ...   Jan 7 2010, 11:31 PM
ბექა   თუ მასეა კარგია, მა...   Jan 8 2010, 12:35 AM
KAIROS   ძალიან მომეწონა ეპ...   Jan 15 2010, 09:28 AM
lingvo   უწმიდესი და უნეტა...   Apr 4 2010, 04:33 PM
Amuza   [center][size=4] უწმიდესი და ...   Apr 6 2010, 05:03 PM
KAIROS   მე ეს მენიშნა ცუდა...   Apr 7 2010, 04:25 AM
lingvo   ეს ჩემ პროფესიას უ...   Apr 7 2010, 01:21 PM
lingvo   [size=3][b]საშობაო ეპისტ...   Jan 7 2011, 11:41 AM
lingvo   [size=3][b]სააღდგომო ეპი...   Apr 24 2011, 10:05 AM
A.V.M   აქ კი დავდოთ ხოლმე ...   Nov 12 2011, 12:22 PM
A.V.M   2010-01-06 ქრისტეს მიერ ს...   Nov 12 2011, 12:35 PM
A.V.M   სააღდგომო ეპისტოლ...   Nov 12 2011, 01:32 PM
A.V.M   2009 წლის საშობაო ეპი...   Nov 12 2011, 01:59 PM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 02:55 PM
A.V.M   ვაგრძელებ თემათა ,,...   Nov 12 2011, 08:21 PM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 08:42 PM
lingvo   [b][center]საშობაო ეპისტ...   Jan 7 2012, 11:33 AM
A.V.M   [b]სააღდგომო ეპისტო...   Apr 15 2012, 09:32 PM
A.V.M   საშობაო ეპისტოლე უ...   Jan 8 2013, 02:18 PM
A.V.M   ქრისტე აღდგა! პატ...   May 5 2013, 11:33 PM
A.V.M   ახლა ვიდეო ვერსიას...   May 11 2013, 04:36 PM
A.V.M   გილოცავთ ქრისტეშო...   Jan 7 2014, 04:45 PM
marine   როგორ იწერება პატრ...   Feb 13 2014, 12:36 PM
A.V.M   09:49 / 20-04-2014 პატრიარქის ...   Apr 20 2014, 02:03 PM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Jan 7 2015, 11:30 PM
marine   "თუ გვსურს ძლიერი...   Nov 3 2021, 09:48 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th May 2024 - 05:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი