თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ უფლის ჯვარცმა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2018, 07:42 PM

"მამა გაბრიელი უფლის ჯვარცმაზე ისე ჰყვებოდა, თითქოს ახლა, ამ წუთში მის თვალწინ ხდებოდა ყველაფერი და თან ტიროდა. მას სურდა მორწმუნეებიც გაეხადა უფლის ვნების თანაზიარნი, ეუბნებოდა ხოლმე: "მიეხმარეთ, მიეხმარეთ იესოს, გოლგოთაზე ჯვარი მიაქვსო".



“უძილო, მოუსვენარმა ღამეებმა გაამძაფრა მისი მწუხარება, შოლტით დასერილი ზურგი მძიმე ჯვარს ელოდა... იდგა მშვიდი დაუმანკო. უკიდეურესი დამცირება და შეურაცხყოფა ჯვარცმით უნდა აღსრულებულიყო. ჯვარიც მზად იყო, მაგრამ თითქოს რაღაც სხვას ელოდნენ.
გაუთავებლმა დაკითხვამ, ცემამ, ფურთხებამ და აბუჩად აგდებამ სასიცოცხლო ძალები თანდათან დაუშრიტა“.



“სისხლიან კლდემდეც მივაღწიეთ, სადაც უფალი ჯვარზე მიალურსმეს.. 11 საათია... ჩაქუჩის კაკუნი თითქოს ახლაც ცხადად დგას ჰაერში და გულიდან გულს გადაეცემა...“



"ჯვარი, რომლისთვისაც ახალი ხე ვერ გაიმეტეს, იუდეველებმა წყალზე ხიდად გადებული, ადამიანთა ფეხის ჭუჭყით შესვარული ძველისძველი ძელისგან შეკრეს".


"მამა ვიტალი (სიდორენკო) დიდ პარასკევს საერთოდ არ საუბრობდა. ასე მიაგებდა პატივს უფლის ვნების დღეს. სულიერ შვილებს ასწავლიდა, რომ მთელი ვნების შვიდეული ტაძარში ეარათ, ამაოებისთვის არ ეზრუნათ, მხოლოდ სადილის მომზადების ნებას რთავდა. ამბობდა, ვნების შვიდეულის დღეებით იკურთხება მთელი წლის დღეებიო. დიდი ორშაბათით იკურთხება მთელი წლის ორშაბათი დღეები, დიდ სამშაბათით - სამშაბათები და ასე შემდეგო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2018, 07:51 PM

"ენით უთქმელია ის ტანჯვა და დამცირება, რაც ჰეროდესა და პილატეს მხედრობამ მაცხოვარს მიაგო... როდესაც იგი მცირე ხნით გაათავისუფლეს, მიწაზე ფორთხვით ძლივს შეაგროვა თავისი სამოსი, მეომრებმა კი ხარხარით მოასხეს მეწამული მოსასხამი, თან გაჰყვიროდნენ: - გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!" ესეც არ აკმარეს, ეკლის გვირგვინი შეუთხზეს, თავზე დაადგეს და იმგვარად გვემეს, რომ ეკლები ღრმად შეერჭო თავში...

პილატემ იგი ბრბოს ხელმეორედ იმ იმედით წარუდგინა, ეგებ შეებრალოთ და დაიხსნანო, თუმცა ისევ შეცდა...

უფალს მძიმე ჯვარი აჰკიდეს და აიძულეს, გოლგოთამდე მხრებით ეზიდა...

ჯვარი, რომლისთვისაც ახალი ხე ვერ გაიმეტეს, იუდეველებმა წყალზე ხიდად გადებული, ადამიანთა ფეხის ჭუჭყით შებილწული ძველისძველი ძელისგან შეკრეს..."




"11 საათია... ჩაქუჩის კაკუნი თითქოს ახლაც ცხადად დგას ჰაერში და გულიდან გულს გადაეცემა..."



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2018, 09:46 PM

"- საეკლესიო გარდამოცემის თანახმად, მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ჯვრის ისტორიაც აბრაამის ხანიდან იღებს სათავეს...

- ძველი აღთქმიდან ვიცით, რომ ერთხელ წმინდა და მართალი ცხოვრებით მცხოვრები ლოთიც ჩავარდა მძიმე ცოდვაში. სინანულით შეპყრობილმა ღვთის სათნო აბრაამს სთხოვა, მისი სული უფლისთვის შეევედრებინა. აბრაამმა სამი ხმელი ტოტი მისცა და უთხრა: დარგე ეს ტოტები გვერდიგვერდ და ყოველდღე მორწყე, თუ განედლდება და აყვავდება, ესე იგი ღმერთმა შეგინდოო. ლოთი ასეც მოიქცა.

ტოტების მოსარწყავად მიმავალს გზად ყოველდღე ხვდებოდა უცნობი მგზავრი, რომელიც წყალს სთხოვდა. ლოთიც აწვდიდა დოქს, რადგან წინაპართაგან იცოდა, რომ მშიერი უნდა დაეპურებინა და მწყურვალისთვისაც წყალი მიეწოდებინა. უცნობი მგზავრი დოქს ცლიდა და ლოთს ხელში ცარიელი ჭურჭელი რჩებოდა. ბოლოს ლოთმა ცრემლებით მორწყო ხმელი ტოტები, შემდეგ აბრაამთან მივიდა და ყოველივე აუწყა.

აბრაამმა ორი ტოტი აიღო, გადააჯვარედინა, დოქის პირზე დაადო, ლოთს გაუწოდა და უთხრა: როდესაც გზად მიმავალს კვლავ შეგხვდება უცნობი მგზავრი, ასე მიაწოდეო. ჯვრის ნიშის ხილვისას უცნობი ყვირილით განეშორა ლოთს, რომელსაც შემდგომ აბრაამმა აუხსნა, რომ მგზავრის სახით დემონი ხვდებოდა და ის ჯვრის გამოსახულების ხილვამ დააფრთხო.

ლოთი სამი წელი რწყავდა ხმელი ხის ტოტებს. ბოლოს ტოტები განედლდა და აყვავდა. სამივე ტოტი ერთ ხედ შეერთდა და ასე გაიზარდა. ამ ხის შესახებ შემდგომ სოლომონ მეფეს უბრძანებია: კურთხეულია ხე, რომლის მეოხებითაც ადამიანები გადარჩებიანო. იერუსალიმის ტაძრის მშენებლობისას გადაწყვიტეს, ეს ხე სამშენებლო მასალად გამოეყენებინათ, იგი მოჭრეს, მაგრამ მშენებლებმა ვერ გამოიყენეს და ტაძრის კედელთან მიაგდეს.

მოგიანებით ხე ტაძრის წინ ჩამავალ ნაკადულზე გადასასვლელ ხიდად გადეს, რომლითაც ასწლეულების მანძილზე სარგებლობდნენ ადამიანები. მაცხოვრის მტრებმა მის უკიდურესად დასამცირებლად სწორედ ამ ხიდად გადებული ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც მიამსჭვალეს განკაცებული უფალი..."

/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2019, 03:21 PM

"განკაცებული ღმერთის ჯვარცმა იყო ყველაზე სამარცხვინო და სასტიკი ბოროტება, რაც კი ოდესმე კაცობრიობას ჩაუდენია. ეს სამარცხვინო ქმედება ადამიანებმა იუდეის მიწაზე ქმნეს. ამ დრომდე იუდეა ყოველთვის მშვენიერებითა და ნაყოფიერებით გამოირჩეოდა, მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ კი გაუდაბურდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2019, 06:08 PM

"ძალიან რთულია, გაიარო ის გზა, რაც უფალმა გაიარა. ვერანაირად ვერ განიცდი იმ ტანჯვას, რაც უფალმა განიცადა და დაითმინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2019, 04:18 PM

"დედამიწაზე რომ ხარ, ჯვარი უნდა ატარო მაცხოვარივით, გოლგოთაზე უნდა ახვიდე".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2019, 12:35 PM

"წინასწარმეტყველი ისაია ამბობს: "მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისაგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული, მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისათვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისათვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ" (ისაია 53,4-5)."






"დავარდა მიწაზე [გეთსიმანიის ბაღში]... ადამის ცოდვის გამო დედამიწა დაწყევლილი იყო შემოქმედისაგან; ახლა კი ღმერთმა გააუქმა ეს წყევლა, დაემხო რა მაცხოვარი მიწაზე პირით, ხელებგაშლილი თითქოს ეამბორებოდა და ეხვეოდა მას. ამ ჟესტით მაცხოვარმა დედამიწა სიცოცხლის მიწად გადააქცია, ნაკურთხ მიწად!

"მიწავ, მიწავ, - აღფრთოვანებით შესძახებს დიმიტრი როსტოველი, - შეისმინე სიტყვა: ღმერთი სიტყვა დაემხო შენზე პირით, - როგორც მეგობარი, დაიტირა რა უწინდელი შენი დაცემა, და ახლა ხელახლა მოგეხვია შენ, როგორც თავისიანს, მის წიაღში დაბრუნებულს!"...




"როდესაც მაცხოვარი ამბობს: "თანა წარმხედინ ჩემგან", ამით იგი აჩვენებს თავის ადამიანურ ბუნებას; ხოლო როცა ამბობს: "არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ", - ამით აჩვენებს თავის სიმამაცესა და სიმტკიცეს, რითაც ჩვენც გვასწავლის ღმერთის მორჩილებას, მიუხედავად ბუნების წინააღმდეგობისა" (წმინდა იოანე ოქროპირი). მაგრამ რას ნიშნავს ეს ვედრება და ლოცვა მამისადმი, რათა იგი იხსნას სიკვდილისაგან? თანაც ეს ლოცვა კვნესითა და ცრემლით, უდიდესი შინაგანი წუხილითაა წარმოთქმული... "სამართლიანია, რომ წამებანი უდიდესი გამოცდაა ყოველი ადამიანური სხეულისათვის, უდავოა, რომ წამება უფრო მეტად მტანჯველი შეიქნა ადამიანთა გამომხსნელის უწმინდესი სხეულისათვის, რომელიც, იმის გამო, რომ ცოდვასთან არ ჰქონდა წილი, იყო შეუდარებლად მგრძნობიარე სატანჯველებისადმი", - წერს მთავარეპისკოპოსი ინოკენტი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2019, 12:27 PM


"ჯვარი ქრისტესი გვასწავლის სიყვარულსა. ჩვენ ვებრალებოდით მას, ჩვენმა სიყვარულმა აღიყვანა იგი ჯვარზე. თვით ჯვარზე ჩამოკიდებულმა, საშინელსა ტანჯვასა შინა მყოფმა, არ მოიკლო მან სიყვარული. გაიხსენეთ მისი სიტყვები: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არ იციან, რასა იქმონენ! ანუ გაიხსენეთ, რა უთხრა მასთან ჯვარცმულსა ავაზაკსა: ამინ გეტყვი შენ, დღეს ჩემთან იყო სამოთხესა შინა. ხოლო დედასა თვისსა ჩააბარებს საყვარელსა თვისსა მოწაფესა, მეტყველი: აჰა, ძე შენი! და იოანეს ეტყვის: აჰა, დედა შენი! რაც გინდა გაყინული ჰქონდეს კაცს გული, არ შეუძლია არ იგრძნოს ლმობიერება და სიყვარული შემხედველმა გოლგოთის ჯვარისა და გამგონემ ამათ სიტყვათა."

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2019, 12:42 PM

"ჯვარმეწამული (წამების ჯვარი)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2019, 03:08 PM

"გოლგოთაზე ჩვენი გულისათვის დაკლული, განკაცებული ღმრთის ძის მსხვერპლით - გამოსყიდულნი ვართ წყევისაგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2019, 09:40 PM

"სიკეთე, მშვენიერება და ჭეშმარიტება ქრისტეს ჯვარზე ვნებითა და სიკვდილით იქნა აღდგენილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2019, 08:24 PM

"შენ, დედაო წმინდაო და უსასრულობის დამტევნელო, განვადიდებთ შენს დიდებას, რადგანაც ის, რაც ტანჯვა არსებობს ამ წუთისოფელში, ყველაფერი იწვნიე. ყველაზე დიდი ტანჯვა ხომ შვილის სიკვდილია და სიკვდილსაც გააჩნია: სამარცხვინო ჯვარცმა, ჯვარცმა რომის იმპერიაში ყველაზე სამარცხვინო მსჯავრი იყო. აი, ახლა ღვთისმშობელი შეჰყურებს თავის ძესა და ღმერთს, განშიშვლებულს ჯვარზე და შეურაცხყოფილს, ტირის დედა და ტირის სამყარო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2019, 09:29 PM

"საკუთარ თავზე ყველას განუცდია პატარა ჯვარცმები, პატარა აღდგომები"

/მამა ანტონი (ფიჩხაია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2019, 08:58 PM

"აღდგომა უცებ არ მომხდარა, მას ჯვარცმა უსწრებდა. ჩვენც გვიწევს ჯვარცმა, ჩვენი ჯვარის აღება. რაიმე ცოდვას როცა უარყოფ, მაგრამ მისკენ სწრაფვა ჯვარს გაცვამს, ჯოჯოხეთია, მაგრამ როდესაც ამ ცოდვაზე გაიმარჯვებ, დასძლევ, მას აღდგომა მოჰყვება"

/მამა ანტონი (ფიჩხაია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2019, 08:46 PM

"ჯვარცმა სიმშვიდისა და სიმდაბლის უმაღლესი გამოვლინებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2019, 08:56 PM

"თითოეული ჩვენი ცოდვა ეს არის უფლის ჯვარცმა, ხელახლა მიკვრა ჯვარზე ჩვენი საკუთარი ხელით"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2019, 04:29 PM

"უფალმა ჯვარცმით ყველა გამოგვისყიდა, ანუ თავისი საკუთარი სიცოცხლე დადო, იტანჯა, ეწამა ჩვენთვის და მცირედი გაჭირვება ჩვენც დავითმინოთ"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2020, 07:32 PM

"ჯვარცმა ყველაზე მეტყველი, ყველაზე ნათელმყოფელი ისტორიაა თავისი ქმნილების მიმართ ღვთის სრულყოფილი, თავგანწირული სიყვარულისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2020, 08:59 PM

-----------

"ოქრო და ვერცხლით კი არა, ჩემი სისხლით გამოგისყიდე, მომყევი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 08:17 PM

"ვისაც სურს იესოსთან ერთად მარადიული სასუფევლის მონაწილე იყოს, მან მონაწილეობა უნდა მიიღოს მის ვნებასა და მოთმინებაშიც"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 08:44 PM

"არც ზეცაში, არც მიწაზე არაფერია უფლის ძის ღვთაებრივ სისხლზე უფრო ძვირფასი"

/წმ. ნიკოდიმოს ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2020, 11:53 AM

"უფალს შეეძლო, ერთადერთი სიტყვით, ყოველგვარი ჯვარცმისა და სისხლის დათხევის, სიკვდილის გარეშე გამოეხსნა ადამიანთა მოდგმა სასჯელისაგან. განა მისი ერთი სიტყვით არ შეიქმნა სამყარო? არარსებობიდან არსებობაში, ყოფიერებაში შემოვიდა ყოველი ხილული და არახილული. და თუკი გაჩენა ასე იოლია მისთვის, შექმნილის აღდგენა, განახლება გაუჭირდებოდა (იგულისხმება ცოდვით დაცემული ადამიანი და მასთან ერთად - ყოველი ქმნილი)? მაგრამ მაცხოვარმა მოისურვა, თითოეულისთვის დაენახვებინა თავისი უსაზღვრო სიყვარული, საკუთარ თავსაც არ დაერიდა და ნებით, თავისივე სურვილით ჯვარს აცვა. მოკვდა ის, რომელშიც არ იყო სიკვდილი, დაგლახაკდა ჩვენთვის, რომელიც თავად არის სიმდიდრე. მიიღო, იკუთვნა ყოველივე ჩვენეული, გარდა ცოდვისა და მოგვცა თავისი - წმინდა, ღვთაებრივი, სუფთა. მან ჯვარს აცვა ჩვენი ცოდვილი ხორცი და შეგვმოსა ახალი, ზეციური სამოსით.

"იესომ აღიღო სხეული და წინაშე ღმრთისა მამისა წარსდგა; აღიღო მიწა და შერთო ზეცა, აღიღო იგი, რაიცა ეხილვა და რაიცა არა ეხილვა, ის განიცადა" (წმინდა იოანე ოქროპირი).

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2020, 02:55 PM

"ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება ტანჯვა და გასაჭირია. ქრისტემ თავისი ჯვარცმით, სისხლით ჯვარს აცვა ყოველივე მიწიერი, ხორციელი და წარმავალი. ჯვარცმა ჯერ კიდევ არ ნიშნავს აღდგომას, ცხონებას, რისი ნათელი მაგალითიცაა მაცხოვრის გვერდით ჯვარცმული ავაზაკნი.

მან, რომელმაც უფალთან ერთად მოიძულა სიცრუე ამა სოფლისა და უდიდესი რწმენის გამომხატველი სიტყვებით ადიდა შემოქმედი თვისი: "მომიხსენე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა", ცათა სასუფეველი დაიმკვიდრა, ხოლო რომელმაც უარყო მისთვის სისხლდაღვრილი მაცხოვარი და შეიყვარა ამქვეყნიური სიამენი და თავისუფლება, ორივე დაკარგა, როგორც მიწა - სიცოცხლე, ასევე უფალი.

სოფელი თითოეულ ადამიანს ტანჯავს, ვნებს, ჯვარს აცვამს, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ყველა ადამიანი არ აცვამს სოფელს ჯვარს, პირიქით, დიდი ერთგულებით ემსახურება თავის დაუძინებელ მტერს. ადამიანს რომ ისე სძულდეს ეს მიწა, როგორც მიწას სძულს იგი, მაშინ მისთვის ცხონება და ცათა სასუფეველი შორს აღარ იქნებოდა. ამიტომაც მოვიძულოთ მიწა, რომელმაც ქრისტე მოიძულა, ჯვარს ვაცვათ იგი, რამეთუ მან ჯვარს აცვა შემოქმედი ჩვენი, რათა ღირსნი გავხდეთ, რომ აღსრულდეს ჩვენზე მაცხოვრის სიტყვები: "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა". ამინ!"

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2020, 07:37 PM

"ნათელი სოფლისა, რომელიც ცოდვით დაცემული, დაღუპული კაცობრიობის გადასარჩენად ხორციელად, ჩვენივე ბუნებით მოვიდა მიწაზე, განკაცდა, რათა ადამიანი განღმრთობილიყო. მარადიულობა მოვიდა დროში, რათა ჩვენ შეგვემოსა უკვდავება, სიცოცხლემ იგემა გემო სიკვდილისა, რათა ჩვენ გვეცოცხლა მასში, ჯვარზე გაეკრა ჩვენთვის, რათა ჩვენ გამოვეხსენით, ცოდვის სარეცელზე მიკრულნი ეშმაკის ხაფანგისაგან. რომ არა იესო, ვინ მოგვცემდა მაგალითს ღმერთთან მიახლებისა, როგორ შევძლებდით უფლის მიბაძვას? რომ არა ქრისტე, ვინ გამოუცხადებდა ადამიანებს სამების, ჭეშმარიტების შესახებ?"

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2020, 07:45 PM

"მოკვდა ჯვარზე და საფლავად დაიდო, წყარომ სიცოცხლისამ სიკვდილი განიცადა, მაგრამ ამ სიკვდილით გავცოცხლდით ყველა, მისით აღვდექით და გამოხსნილნი ვართ ჯოჯოხეთისგან."

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2020, 12:42 PM

"უფალმა გამოხატა თავისი თავმდაბლობა, და ამით მოგვიწოდა, ჩვენც დავმდაბლებულიყავით. იმ დროს ყველაზე დამამცირებელი ფორმა სიკვდილით დასჯისა იყო ჯვარცმა, ამ ფორმით მხოლოდ მონებს აწამებდნენ. უფალმა კი სწორედ ეს სასჯელი მიიღო და საკუთარი მხრებით იტვირთა დამცირება, შეურაცხყოფა, ცილისწამება."

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 12:53 PM

"განუზომელია ფასი გოლგოთაზე დაღვრილი მაცხოვრის სისხლისა; მის ერთ წვეთთან ქრისტეს მოწამეთა სისხლისა და ღირს მამა-დედათა ცრემლ-ოფლის მდინარეებიც კი ვერ მივა, ვერც საუკუნეების მანძილზე უფლისთვის შეწირული საკმევლისა თუ სანთლის მთები და ზეთის ტბები გადასწონის და ვერც ზვარაკთა ფარები - დაკლულისა თუ ცოცხლად შეწირულისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 07:48 PM

"ჯვარცმული ქრისტე დაატკბობს ადამიანურ სიმწარეს, ხოლო ჯვარცმული კაცი ღმერთკაც იესოს მობაძავია"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2020, 08:41 PM

"თუ ადამიანს სურს, რაღაც იგრძნოს და განიცადოს დიდ პარასკევს, ამ დღეს იგი ლოცვის გარდა სხვა არაფრით უნდა იყოს დაკავებული".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2020, 03:40 PM

"დიდ პარასკევს არ შეიძლება ლაპარაკი, არმენაკით შემოსილი ქრისტესათვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 05:42 PM

"ტელევიზორის ნაცვლად გონების თვალი ჯვარცმულ უფალს მიაპყარით"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2020, 07:08 PM

"ქამარი ისე შემოირტყი, რომ ნასკვი მარჯვენა გვერდზე გქონდეს: უფალს შუბი მარჯვენა ნეკნში უგმირეს, და ქამრის ორი ბოლო უფლის ყოვლადწმინდა ნეკნიდან გადმოსული სისხლის ნაკადის სიმბოლოა. ამით (ანუ ქამრის შემორტყმით) გახსოვდეს უფლის ტანჯვა და ვნება".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2020, 09:08 PM

"არ არის და ვერც იქნება იესო ჯვრის გარეშე, ვერც ჯვარი იქნება იესოს გარეშე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2020, 08:39 PM

"ქრისტეს სიკვდილი ღმერთის სიკვდილია! მერწმუნეთ მე - იესო ქრისტე - ღმერთია!"

/ნაპოლეონ ბონაპარტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2021, 08:37 PM

"ერთ-ერთი გადმოცემით, როცა ქრისტე ჯვარს აცვეს, ფარისევლებმა გოლგოთას ძირას ნადიმი გამართეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2021, 07:41 PM

"საღვთო წერილში ვკითხულობთ, რომ ქრისტიანი, რომელიც ცოდვას არ ერიდება, მაცხოვარს ჯვარზე მეორედ აცვამს".

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2021, 10:04 PM

"გზაზე იესო ბარბაცებდა და ეცემოდა. დავარდებოდა თუ არა, ბრბო მხეცების ჯოგივით დაეტაკებოდა, ურტყამდნენ, აიძულებდნენ, ამდგარიყო და გზა გაეგრეძელებინა. ბოლოს დაეცა და ვეღარ დგებოდა.

ამ დროს გზაზე მიდიოდა ერთი კაცი, სახელად სვიმონ კვრინელი. იგი შეჩერდა და თანაგრძნობით შეხედა უფალს. ეს არ გამოჰპარვიათ მცველებს და იგი აიძულეს, მაცხოვრის ჯვარი ეტარებინა. სვიმონი თავისუფალი მიწათმოქმედი იყო. რომაული კანონით, კაცთა დასასჯელი იარაღის ტარება შეიძლებოდა დაეძალებინათ მხოლოდ მონის ან დამნაშავისთვის. მას შეეძლო, უარი ეთქვა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულისა და მისდამი სიბრალულის გამო სვიმონმა საკუთარი მხრებით ზიდა მაცხოვრის ჯვარი.

მწუხარეებს, განსაცდელში მყოფთ ხელს რომ ვუწვდით, ჩვენც მისტიკურად სვიმონ კვირინელს ვემსგავსებით, რომელმაც მაცხოვრის ჯვარი იტვირთა"

.არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2021, 10:06 PM

"უფლის წამება უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. ჯვარზე მილურსმული ადამიანები საშინელ ტკივილს განიცდიან - ისეთი გრძნობა ეუფლებათ, თითქოს მთელ სხეულზე ალი აქვთ მოდებული. სისხლი უდედდებათ, გული სტკივათ, თითქოს ერთდროულად ათასი ნემსით გაუგმირეს, სხეული კი - ნაწილ-ნაწილ ეფლითებათო. მაგრამ მაცხოვარი კიდევ უფრო საშინლად იტანჯებოდა. ღვთისგან დატევების გრძნობა, ჩვენთვის სრულიად უცხო და გაურკვეველი, ეუფლება მას, ვინც ჯოჯოხეთისკენ მიდის. წმინდა მამები წერენ, ღვთის სრული დაკარგვა, მისგან დაცილება ყოველგვარ ტანჯვაზე მძიმეა. ეს გამოცადა ქრისტემ, ამიტომ დიდი ხმით აღმოთქვა: "ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2021, 02:41 PM

"ქრისტე არა მხოლოდ მოკვდა ჯვარზე, არამედ მთელი ამქვეყნიური ცხოვრება მასზე გაატარა".

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2021, 08:12 PM

"- და ვითარცა იყო ჟამი მეექუსე, ბნელი იყო ყოველსა ქუეყანას ვიდრე მეცხრე ჟამადმდე.

წმინდა იუსტინე პოპოვიჩი:

"იმ დროს, როცა ადამიანები ღმერთს აფურთხებდნენ, იმ დროს, როცა ადამიანები ღმერთს ჯვარზე აკრავენ, მთელი ბუნება წინ აღუდგება ყოველივე ამას: იყო ჟამი მეექვსე; "წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა". როცა ადამიანებმა დაამთავრეს ღმერთის დაცინვა და მიწყნარდნენ, მაშინ სამყარო ალაპარაკდა, ქვები ალაპარაკდნენ და უფრო მეტი თანაგრძნობა გამოხატეს ქრისტეს ტკივილის მიმართ, ვიდრე ადამიანებმა. მზეც კი ალაპარაკდა: დააბნელა ნათება მრისხანე მნათობმა ჩვენმა. სინათლეს შერცხვა იმისა, რაც ახარებდათ ადამიანებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2021, 08:28 PM

" - ხოლო იყო ჟამი მესამე, და ჯუარს-აცუეს იგი.

წმინდა ათანასე დიდი:

"რამდენადაც ადამიანი იყო შექმნილი მეექვსე დღეს, ხოლო აკრძალული ხის ნაყოფი იგემა მეექვსე ჟამს, ანუ საზრდელის მიღების დროს, ამიტომ უფალი, ააღორძინებს რა ადამიანს, მკურნალობს მის დაცემას, ჯვარს მიელურსმება მეექვსე დღეს და მეექვსე ჟამზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2021, 08:42 PM

"ვინც სიმონს [კვირინელი] დაინახავდა, ჯვრის მზიდველს, არ ეფიქრა, რომ იგია ჯვარზე სიკვდილმისჯილი, მხედრებმა უბრძანეს იესოს ევლო სიმონის წინ: ასე რომ, მთელი სირცხვილი ჯვარისა ისევ იესოზე რჩებოდა. და უფალიც უსიტყვოდ დაემორჩილა ბრძანებას. იგი ჭეშმარიტად, "როგორც ცხვარი, მოსაკლავად მიიგვარა".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგრელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2021, 09:09 PM

"ეკლის გვირგვინით შეამკეს ის, ვინც ადამიანი შეამკო უკვდავებით. კაცობრიობამ ეკლის გვირგვინი დაადგა თავზე მას, ვინც დედამიწას ვარსკვლავებით გვირგვინი დაადგა!"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2021, 10:34 PM

"ქრისტეს ვნებაც, ისევე როგორც მისი სიყვარული, ისეთი დიდი იყო, რომ ვერც ჩავწვდებით, რადგან ნაკლულია მისდამი ჩვენი სიყვარული. მაგრამ ვისაც მეტად უყვარს, იმას უფრო მეტად შეუძლია გაიგოს უფლის ვნება. არსებობს მცირე სიყვარული, არსებობს საშუალო და სრული სიყვარული, და რაც უფრო სრულია სიყვარული, მით უფრო სრულია ღვთის შემეცნებაც".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2021, 08:36 PM

"დაითმენს ჯვარცმას არა იმიტომ, რომ უძლურია, არამედ იმიტომ, რომ მრავლისმომთმენია"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2021, 08:12 PM

"ებრაელებსა და რომაელებს კანონად ჰქონდათ, რომ სიკვდილმისჯილ დამნაშავეს სასიკვდილო განაჩენის გამოტანისთანავე კი არ კლავდნენ, არამედ რამდენიმე დღის შემდეგ; ამ დღეს საჯაროდ ხმამაღლა აცხადებდნენ ვინაობასა და დანაშაულს სიკვდილმისჯილისას და იწვევდნენ ყველას, ვისაც კი სურვილი ჰქონდა მისი დაცვისა. მაგრამ ჩვენი უფლისათვის არც ეს გაიმეტეს: იგი მაშინვე გადასცეს მხედრებს, ჯვარზე გასაკრავად".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2021, 08:46 PM

"და შეუდგა მას სიმრავლე ერისაი და დედებისაი, რომელნი ეტყებდეს და სტიროდეს მას.

ყოვლადწმინდა სამების მონასტრის "ფურცლები":
"ტიროდნენ იერუსალიმელი დედები, იესოს ტანჯვითა და შეურაცხყოფით შეძრწუნებულნი. შეიძლება ესენი იყვნენ მშობლები იმ ბავშვებისა, რომლებიც ცოტა ხნის წინათ უგალობდნენ "ოსანნას". ან კიდევ დედები იმ ბავშვებისა, რომლებიც უდიდესი სიყვარულით დალოცა უფალმა უწინ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2021, 08:33 PM

"ჰეროდემ მასხრად აიგდო უფალი, თეთრი სამოსით შემოსა იგი და პილატეს უკანვე გაუგზავნა. თეთრი (ბრწყინვალე) სამოსით რომაელებთან იმოსებოდნენ კანდიდატები რაიმე სახის სახელმძღვანელო ან საპატიო თანამდებობისთვის (სიტყვა "კანდიდატი" ლათინურიდან წარმოდგება "კანდიდუს",რაც თეთრს, ღიას ნიშნავს). უფლის ამგვარი სამოსით შემოსვით, ჰეროდეს სურდა გამოეხატა, რომ იგი იესოს მხოლოდ სასაცილო პრეტენდენტად თვლიდა იუდეველთა ტახტზე და არ მიიჩნევდა მას სერიოზულ და საშიშ დამნაშავედ. ამას მიხვდა პილატეც".

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2021, 08:10 PM

"და რადგანაც არ მოიპოვება იმაზე უფრო დიდი მსხვერპლი, ვიდრე მსხვერპლი იესო ქრისტესი, ამიტომ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მთელი დედამიწა გახდა წმინდა - უფრო წმინდა, ვიდრე ძველაღთქმისეული წმინდათაწმინდა იყო".

/წმინდა იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2021, 08:47 PM

"იესო ქრისტეს თავისი ჯვარი, რომელზეც ის გააკრეს, მხრებით მიჰქონდა გოლგოთაზე, როგორც უშიშარ მებრძოლს ხმალი, რომლითაც მტერი უნდა დაამარცხოს"

/ბერი ექვთიმე ზიგაბენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2021, 09:10 PM

"გაშოლტვის დასრულების შემდეგ გულგამძვინვარებულმა მეომრებმა მისი აბუჩად აგდება დაიწყეს: ჩააცვეს ქლამინდი - იგივე სამხედრო ლაბადა, რომელიც წითელი ფერისაა იმ ლაბადის მსგავსად, რომელსაც მეფეები და უმაღლესი მთავარსარდლები იცვამდნენ. ეს იყო უმკლავო ჩასაცმელი, რომელსაც მხრებზე მოისხამდნენ ისე, რომ მარჯვენა ხელი თავისუფალი ჰქონდათ. ეს მოსასხამი იუდეველთა მეფის პორფირს გამოხატავდა. მაცხოვარს თავზე ეკლიანი გვირგვინი დაადგეს. იოანე მახარებელი მიუთითებს, რომ მაცხოვარი გაიშოლტა და მრავალგვარად დამცირდა გაცილებით ადრე და პილატემ იმიტომ მოიმოქმედა ეს, რომ იესო ჯვარზე სიკვდილისგან გამოეხსნა".

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2021, 07:37 PM

" - ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუისსა დედაი მისი დაი დედისა მისისაი, მარიამ კლეოპაისი, და მარიამ მაგდალენელი.

ბერი ექვთიმე ზიგაბენი:
"ღვთისმშობელი ერთადერთი ქალიშვილი იყო მისი მშობლებისა; მაგრამ, ვინაიდან იოსებ დამწინდველი და კლეოპა იყვნენ ძმები, ხოლო ებრაელებს წესად ჰქონდათ ძმების ცოლებისთვის დები ეწოდებინათ, მახარებელი [იოანე] სწორედ ამიტომ უწოდებს აქ ღვთისმშობლის ნათესავს - მარიამ კლეოპას - მის დას. იოსები და კლეოპა იყვნენ ხორციელი ძმები, შესაბამისად, ღვთისმშობელი და მარიამ კლეოპასი - მათი მეუღლეები, ანუ ძმების ცოლები. ახლა კი ისინი იდგნენ ჯვართან, როდესაც მათ ამის შესაძლებლობა მიეცათ. თავიდან კი, მაცხოვრის ყველა მოწაფე შორიდან უყურებდა მას, როგორც ამას სხვა მახარებლები გვაუწყებენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2021, 07:57 PM

"როდესაც იესო გოლგოთაზე მიიყვანეს, წმინდა მარკოზის მიხედვით, სასმელად მურნარევი ღვინო მისცეს, მათე მახარებლის მიხედვით კი - ნაღველში არეული ძმარი. ეს სასმელი გრძნობებს ადუნებდა და მას მხოლოდ იმ მსჯავრდებულებს აძლევდნენ ტანჯვის შემსუბუქების მიზნით, რომელთა ჯვარზე გაკვრით სიკვდილის განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი. რომაელები ამ სასმელს "დამაძინებელს" უწოდებდნენ. ებრაელი რაბინების მტკიცებით, ეს იყო ღვინო, რომელშიც ურევდნენ გუდრონს, რის გამოც ღვინო გონებას უბინდავდა ჯვარცმულ ადამიანს და ტანჯვას უმსუბუქებდა. მური - ეს არის გუდრონის ერთ-ერთი სახეობა და მარკოზ მახარებელიც სწორედ ამიტომ ახსენებს მას სახარებაში. მური ძალიან მწარე გემოს აძლევდა ღვინოს და მათე მახარებელი სწორედ ამიტომ უწოდებს მას ნაღველს. ღვინო კი ამ ნივთიერების გაზავების შედეგად ძმარდებოდა და ამიტომ უწოდებს მას ძმარს".

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2021, 08:14 PM

" - არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:
"მართალია, იესოს წვივის ძვლები არ დაუმტრიეს, მაგრამ ებრაელთა გულის მოსაგებად მას ფერდში შუბს სცემენ, საიდანაც გადმოდის სისხლი და წყალი. ეს კი ძალიან გასაკვირია! იესოს მტრებს უნდოდათ გარდაცვლილი უფლისათვის დაეცინათ, მაგრამ მათ თვალწინ ხდება დიდი სასწაული!
ისიც საკვირველია, რომ გარდაცვლილის სხეულიდან სისხლი გადმოდის. ამას ისიც ემატება, რომ სისხლთან ერთად წყალიც გადმოდის, რაც ღვთის უდიდესი სასწაულია. ეს სასწაული უმიზნოდ, უბრალოდ არ მომხდარა, რადგანაც ქრისტეს ეკლესიაში სიცოცხლე იწყება და გრძელდება მათით: წყლით ვიბადებით, ხოლო ქრისტეს წმინდა ზიარებით - მისი სისხლითა და ხორცით ვსაზრდოობთ, ვცოცხლობთ.
ამდენად, როდესაც წმინდა ბარძიმს მიუახლოვდები, ისე ჩათვალე, რომ ქრისტეს ნეკნიდან სვამ ამ წმინდა სისხლს.
ჯარისკაცის შუბი უნდა მოვიაზროთ იმ მახვილად, რომლითაც ჩვენ გამოგვყარეს სამოთხიდან (დაბ. 3,24)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2021, 08:26 PM

"თუ მოძღვარი აკურთხებს, დიდ პარასკევს, მორწმუნეთა გარკვეული ნაწილი მხოლოდ პურსა და წყალს იხმევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 05:52 PM

"არ მინდა მამლის ყივილის მერე,
მერეც უარგყო იესო ჩემო!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

"უფლის გაცემა სამწუხაროდ მარტო იუდას არ შეუძლია...
ყველაზე მტკივნელი ქრისტიანებისგან გაყიდული ქრისტეს ყურებაა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

---------------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2021, 08:08 PM

"სულ მეტირება, როცა წარმოვიდგენ, რა განიცადა მარიამ ღვთისმშობელმა, როცა უყურებდა, როგორ აცვამდნენ ჯვარს თავის შვილს. მაგრამ, ალბათ, ის აძლიერებდა, რომ იცოდა, სასუფეველში რომ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. კი, ეს მან ნამდვილად იცოდა! ხომ იცოდა?"

/გურამ დოჩანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2021, 08:11 PM

"იგი [ჯვარზე გაკვრა] პირველად ალექსანდრე დიდმა (მაკედონელმა) შემოიღო, დაიწყო რა ფინიკიელებით: ქალაქ ტვიროსის აღების შემდეგ მან ამ ქალაქის ორიათასი დამცველი (მცხოვრები) ჯვარს აცვა"

/მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2021, 08:30 PM

"ვნება და ჯვარი ყოველთვის დიდებად იწოდება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2021, 08:47 PM

"ჯვრის ძირითად ნაწილს - მთავარ ბოძს staticulum ეწოდებოდა, რომელიც დაახლოებით 30-50 კილოგრამს იწონიდა"

/მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2021, 08:39 PM

"ძველ რომში არ აღასრულებდნენ სიკვდილმისჯილთა დასჯას ქალაქის ტერიტორიაზე. ჯვარცმის ადგილი, ლათინურად სესტერტიუმ, ქალაქიდან მოშორებით მდებარეობდა, რაც ქალაქის ჰიგიენასთან იყო დაკავშირებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2021, 09:49 PM

"იერუსალიმში დიდების შესვლის შემდეგ, დანარჩენი დღეები მის სიკვდილამდე, იესო ქრისტე ტრიალებდა ხალხში, როგორც მსხვერპლი, დასაკლავად განწირული: ეს დღეები, როგორც თავად მან, ისე მისმა მტრებმა, გაატარეს მისი სიკვიდლისათვის მზადებაში"

/მთავარეპისკოპოსი ინოკენტი ხერსონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2021, 03:45 PM

"რადგანაც სიკვდილმისჯილებს შიშველთ აცვამდნენ ჯვარს, ამიტომ მსხვერპლთა შესამოსელი ყოველთვის მათ რჩებოდათ, ვინც ამ სასჯელს აღასრულებდა. ამიტომაც არის, რომ ოთხი რომაელი ჯარისკაცი ერთმანეთში ინაწილებდა უფალ იესოს შესამოსელს. როცა გაიყვეს, იქვე დარჩნენ ჯვარცმულთა სადარაჯოდ, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა ჯვარცმულნი ჩამოუხსნიათ და მათთვის სიცოცხლე დაუბრუნებიათ. ჯარისკაცები ამ დროს ჭამა-სმასა და ქილიკში, მხიარულ საუბრებში ატარებდნენ".

/მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 04:14 PM

"ნუთუ კვლავაც მოსწყლავ უფლის თხემს შენი ცოდვების ეკლებით? კვლავ მიამსჭვალავ მას ჯვარზე, განუგმირავ ფერდს და დასცინებ მის სულგრძელებას? ან თუ არ უწყი, რომ ცოდვის ჩადენით მაცხოვრის ჯვარცმის თანამონაწილე ხარ და მტანჯველთა ხვედრს გაიზიარებ, ხოლო თუ დაუტევებ ცოდვას და შეინანებ, მისი სიკვდილის ძალას ეზიარები? აიერჩიე ორიდან ერთი: ან ჯვარს აცვი და წარწყმდი, ან თანაეცვი და მარადიული ცხოვრება დაიმკვიდრე მასთან ერთად"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 05:46 PM

"როგორც კი გაიღვიძებ, მაშინვე უფლისკენ მიმართე გონება და მადლიერებით პირჯვარი გამოისახე. გაიხსენე ჯვარცმული უფალი იესო ქრისტე, რომელიც ჩვენი ცხონებისთვის აღესრულა ჯვარზე"

/წმ. მართალი ალექსი მეჩევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 05:00 PM

"როდესაც პილატეს ბრძანებით მას ამათრახებდნენ, სხეულზე გაუჩნდა წყლულები"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 05:40 PM

"[ქრისტე] ჯვარს ეცვა არა რაიმე ცოდვების გამო სასჯელისათვის (რადგან მას არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს), არამედ ჩვენი ბუნების გამო ზღო ვალი. რადგან ჩვენი ბუნება დავალებულია მისი შემოქმედის კანონების დარღვევის წყალობით. რადგან, როდესაც ვალად აიღო და არ შეეძლო გადახდა, თავად უფალმა ბრნულად მოიფიქრა, თუ როგორ უნდა დაეფარა ვალი, ერთგვარი კაპიტალის სახით აიღო ჩვენი ხორცი და განკარგა იგი ბრძნულად და მართლად, ზღო ვალი და [ადამიანური] ბუნებაც გაათავისუფლა"

/ნეტარი თეოდორე კვირელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 08:31 PM

"ტანჯვა ქრისტეს ადამიანურმა ბუნებამ განიცადა, თუმცა ეს შემოარსებული ბუნება ქრისტეს კუთვნილებაა და იგი სიტყვის ხორცშესხმულ ჰიპოსტასში მყოფობს"

/დეკ. ოლეგ დავიდენკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 08:57 PM

"მაცადეთ, ვბაძო ვნებას ღვთისას"

/წმ. ეგნატე ანტიოქიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 09:13 PM

"თავად ხორცშესხმული ღვთის სიტყვა იქნა ხეზე დაკიდებული"

/წმ. ირინეოს ლიონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2021, 05:05 PM

"როგორც ადამის სიკვდილის მეშვეობით ყველა დაიხოცა, ისე პირიქითაც: ქრისტეს სიკვდილის მეშვეობით ყველა გადარჩა"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2021, 05:55 PM

"გსურს, ყოველდღე სასწაულს ხედავდე? - ყოველდღე იფიქრე ქრისტეს განხორციელებასა და ვნებებზე"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2021, 09:22 PM

"და აჰა, ვხედავთ, რომ ამგვარი სიკვდილი - შენაძენია, სიცოცხლე კი - სასჯელი. ამიტომაც ამბობს პავლე [მოციქული]: "რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები".
ან ქრისტე ვინ არის, თუ არა - ხორციელი სიკვდილი და სული სიცოცხლისა? ამიტომაც ვკვდებით ქრისტესთან, რომ მასთანვე აღვდგეთ".

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 06:46 PM

"ქრისტეს ვნება მისი დიდებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 07:31 PM

"ქრისტეს სიკვდილმა ადამიანური ბუნება ზეცაში აღიყვანა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 12:14 PM

"მან დაითმინა ჯვარი, ანუ არა მხოლოდ სიკვდილი, არამედ სამარცხვინო სიკვდილი და უგულებელყო ასეთი სიკვდილის სირცხვილი".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 11:10 AM

"ჩვენ ქრისტეს ჯვარს ვუცქერთ და ვკითხულობთ მის ვნებებს, თავად კი ერთი წყენაც ვერ აგვიტანია"

/ძველი პატერიკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 08:10 PM

"ქრისტე ჯვრიდან გვეუბნება თითქოს ყველას და ყოველ ჩვენთაგანს: "აი, რა გავაკეთე შენი გულისთვის! შენ რა გააკეთე ჩემთვის?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2021, 08:49 PM

"ეკლის გვირგვინი (მთ. 27.29) - კომენტატორთა უმეტესობის აზრით, ეს გაკეთდა თეთრი ეკლებისაგან, რომლებიც უხვად იზრდებოდა იერუსალიმის მიდამოებში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2021, 06:50 PM

"ქრისტეს ტანჯვა და სიკვდილი პირველ რიგში იმისათვის არის საჭირო, რომ მორწმუნეებმა მისი სულიერი ტანჯვის ძალა შეიგრძნონ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2021, 04:38 PM

"შენ, ჩვენო მამაო, ჯვარს ეცვი ჩვენთვის და ჩვენც შენი სიყვარულის გამო ჯვარს ვეცვით"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2022, 04:43 PM

"ტანჯვა-წამება უცოდველი ქრისტესთვის უფრო მძიმედ გადასატანი და მტკივნეული იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისთვის".

/დეკ. ოლეგ დავიდენკოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 03:02 PM

"ყოვლადსახიერო, დაიფარე ჩემი ძმა. გაიხსენე, რისთვის მოხვედი. შენი სისხლი აქ არის"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 10:19 PM

"ქრისტემ ჯვარცმა დაითმინა იმისთვის, რომ ჩვენ აღვედგინეთ, ჩვენ კი გულგრილნი ვართ!"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2022, 06:47 PM

"ყოვლადსახიერო, ვაღიარებ ჩემს უბედურებას. ბოდიში, ჩემო უფალო. ნუთუ შენს ჯვარმცმელებს არ აპატიე? ერთ-ერთი მათგანი ვარ მე. მეც მაპატიე, ყოვლადსახიერო".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2022, 01:04 PM

"ერთად ავიდეთ ტკბილ გოლგოთაზე დაგრეხილი ბილიკებით"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2022, 05:22 PM

"საითაც არ უნდა გავიხედოთ, შენი ჯვარცმის სურათს ვხედავთ, და იმ ყველაფერს, რაც ჩვენი ცხონებისთვის აღასრულე".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2022, 05:40 PM

"შეგცოდე, ჩემო უფალო, არ მაპატიებ? შენ ჩემი ცხოვრებისთვის ქვეყნად მოხვედი და სისხლი დაღვარე ჩემთვის, უბედურისთვის! ვაღიარებ ჩემს დანაშაულს, ვაღიარებ ჩემს ბრალს. თავი ვერ გავართვი მე, გლახაკმა. დრო დავკარგე, უამრავი შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან. ყველა ჩემი საგრძნობელი ბუნების საწინააღმდეგო ბოროტებამ დაატყვევა. გემუდარები: წყალობა გაიღე. მაპატიე, ჩემო უფალო".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2022, 07:54 PM

"ჯვარცმის დროს სიკვდილმისჯილი უფლის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება იყო, როგორც ამქვეყნად ბოროტმოქმედის განაჩენის გამოქვეყნებას მოჰყვება, რადგან ფარისევლები მას არაფრად მიიჩნევდნენ. ეს გამოვლინდა მაშინაც, როდესაც პირში აფურთხებდნენ, ეკლის გვირგვინს ადგამდნენ და სახეში სცემდნენ; განა ამან ყოველგვარ დამცირებას არ გადააჭარბა? დაწერილია: ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები - წვერების მგლეჯელისთვის; არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან (ეს. 50:6). თუ ღმერთმა ამდენი შეურაცხყოფა, ტანჯვა და დამცირება მიიღო და აიტანა; თავი რაც უნდა დაიმდაბლო - ბუნებით ტალახო და მოკვდავო, შენი მოძღვრის მსგავსს ვერაფერს გააკეთებ. ღმერთმა შენი გულისთვის თავი დაიმდაბლა; და შენ კი შენთვის არ გსურს დამდაბლდე, არამედ ამაღლებული და ამაყი ხარ. ის მოვიდა, რათა საკუთარ თავზე მწუხარება და გაჭირვება აეღო, შენთვის კი მისი სიმშვიდე და მოსვენება მოეცა; მაგრამ შენ შესაბამისი ჯაფა არ გინდა გაწიო, ტანჯვა აიტანო და ამით წყლულები განიკურნო. დიდება უფლის მოთმინებას და მისი სულგრძელობის მარადიულობას!"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 02:18 PM

"ღმერთი გახდა კაცი, რათა მსხვერპლი გამხდარიყო, და გახდა მსხვერპლი, რათა მაცხოვარი გამხდარიყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 09:52 PM

"ქრისტე იშვა ბაგაში, ცხოვრობდა იქ, სადაც მოუხდებოდა და მოკვდა ჯვარზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 01:07 PM

"ქრისტეს ვნებების გახსენებას, რომლებიც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ ჩვენი ხსნითვის იტვირთა, შეუძლია, სრულიად შეარბილოს ნებისმიერი ბოროტი ხსოვნა და გამოიწვიოს სინანულის ცრემლები ყველაზე გასასტიკებულ და გახევებულ სულშიც კი"

/ღირსი იოანე კიბისაღმწერელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 01:59 PM

"როგორც ქრისტემ მიიღო ტანჯვა და ჯვარი, შემდეგ განდიდდა და მამის მარჯვნივ დაჯდა, შენც ასეთივე მისი თანატანჯული და ჯვარცმული უნდა გახდე, შემდეგ ამაღლდები და მარადის ქრისტეს სხეულის თანაზიარი გახდები: მასთან ერთად ვევნებით, რათა მასთან ერთად ვადიდოთ"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2022, 05:53 PM

"თუ ძე ღვთისა ხარ, - ეუბნებოდნენ იესო ქრისტეს იუდეველები, - მაშინ ჩამოდი ჯვრიდან და გიწამებთ". სწორედ იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ ძე ღვთისაა! მან იწინასწარმეტყველა, რომ უნდა მოკვდეს ჯვარზე და ის კვდება, მართლაც, ადამიანისთვის რაღაც განსაკუთრებული რამ იქნებოდა - ჩამოსულიყო ჯვრიდან და თავი გადაერჩინა: მაგრამ მხოლოდ ღვთისთვის არის ღირსეული, და მხოლოდ მისთვის არის შესაძლებელი, იზეიმოს ჯვარზე, ჯვრიდან მოიზიდოს მთელი სამყარო, დარჩეს ცოცხალი სიკვდილის შემდეგაც, და სწორედ სიკვდილის მეშვეობით აჩუქოს ქვეყანას სიცოცხლე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2022, 06:13 PM

"რაოდენ მოკლედმჭვრეტელია ადამიანური გონება! მიუხედავად ვნებების მზაკვრობისა და ცბიერებისა, ადამიანებს რომ ეგონათ, ქრისტე ღმერთს სასიკვდილოდ სწირავდნენ, ამით მხოლოდ იმას აკეთებდნენ, რაც მათ ვნებებს სურდა. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ თავად ვნებები აღასრულებდნენ იმას, რაც სურდა ზეციურ სიყვარულს, - ძე ღვთისას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2022, 06:45 PM

"ქრისტე მოკვდა იმისათვის, რომ ჩვენში ცოდვა მომკვდარიყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2022, 10:16 PM

"თუ ჩვენ ყველაფრით დავალებულნი ვართ უფლისაგან ჩვენი შექმნის გამო, მაშ, რა ძალგვიძს მივაგოთ ღმერთს მის მიერ ჩვენი გამოსყიდვის საქმის აღსრულებისათვის? და თანაც, ასე აღსრულებისათვის?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 09:26 PM

"არაფერია იმაზე მეტი დიდება, ვიდრე იესოსთან უპატიო მდგომარეობის გაზიარება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2022, 04:00 PM

"ვისაც სურს, იესოსთან ერთად მარადიული სასუფევლის მონაწილე იყოს, მან მონაწილეობა უნდა მიიღოს მის ვნებასა და მოთმინებაშიც"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2022, 08:39 PM

"გაიხსენე ძმარი და ნაღველი, რომლებიც იგემა ქრისტემ და შენ არ მოისურვებ უხვ ლხინსა და დროსტარებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2022, 07:26 PM


"და რადგანაც არ მოიპოვება იმაზე უფრო დიდი მსხვერპლი, ვიდრე მსხვერპლი იესო ქრისტესი, ამიტომ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, მთელი დედამიწა გახდა წმინდა - უფრო წმინდა, ვიდრე ძველაღთქმისეული წმინდათაწმინდა იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2022, 06:50 PM

"ენით აღუწერელი ტანჯვის წუთებშიც, უფალი სრულიად არ დუმდა: მან ჯვრიდან შვიდჯერ ისაუბრა. მისი პირველი სიტყვები იყო ლოცვა ჯვარმცმელთათვის, მეორედ მისმა სიტყვებმა ზეციური ნეტარება მიანიჭა კეთილგონიერ ავაზაკს, მესამე სიტყვით მან თავის ყოვლადწმიდა დედას მიანდო წმინდა მოციქული იოანე, მისი მეოთხე სიტყვები იყო ღაღადისი: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?" მეხუთე სიტყვა იყო "მწყურია", მეექვსე - "აღსრულდა", მეშვიდე კი "მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2022, 10:15 PM

"ხატოვანი განმარტებით, მზემ, დაინახა რა ქვეყნიერების შემოქმედი ასეთი დამდაბლებული, დიდი წუხილითა და შიშით, თითქოს დაიფარა სახე, რათა არ ეცქირა უსაზღვრო ადამიანური უსამართლობისათვის; იგი დაიბურა მსგავსად იმისა, როგორც ბრწყინვალე ქერუბიმებს არ შეუძლიათ შეხედონ ღვთის უსაზღვრო და უკიდეგანო დიდებულებას, ამიტომ ფრთებით იფარავენ სახეს; მთელი ქმნილება, რომელიც ერთგულებდა თავის შემოქმედს, უყურებდა რა მას განძარცვულსა და შეურაცხყოფილს, დაიფარა სიბნელით, მსგავსად იმისა, როგორც ერთგული სამწყსო და ოჯახის წევრები იმოსებიან შავი სამოსით დიდი მწუხარების ნიშნად.
როცა ადამიანებმა დაამთავრეს ღმერთის დაცინვა და მიწყნარდნენ, მაშინ სამყარო ალაპარაკდა, ქვები ალაპარაკდნენ და უფრო მეტი თანაგრძნობა გამოხატეს ქრისტეს ტკივილის მიმართ, ვიდრე ადამიანებმა. მზეც კი ალაპარაკდა: დააბნელა ნათება მრისხანე მნათობმა ჩვენმა. სინათლეს შერცხვა იმისა, რაც ახარებდათ ადამიანებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2022, 08:53 PM

"ჯვარზე სიკვდილს, როგორც ღვთაებრივი სიყვარულის გამოვლინებას, შემდეგნაირად განმარტავს წმინდა ფილარეტ მოსკოველი: "ჩაწვდი იესოსს ტანჯვის შინაგან სავანეებს... და დაინახე, რა არის იქ? გარდა მამისადა ძის და სულიწმიდის საწყალობელი, ცოდვილი კაცობრიობის მიმართ წმინდა და კურთხეული სიყვარულისა, იქ არაფერი არ იპოვება. მამის სიყვარული ჯვარცმისკენაა მიმართული. ძის სიყვარული ჯვარცმისათვისაა მოწოდებული. სულის სიყვარული ჯვრის ტრიუმფალური ძალის გამოვლინებაა. ასე შეიყვარა ღმერთმა სამყარო!"

/დეკ. ოლეგ დავიდენკოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 04:58 PM

"ჯვარზე სიკვდილი კენოზისის, ანუ ღმერთის თვითგალევისა და თვითდამცრობის პროცესის დასრულება, რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. მოციქული პავლეს მიხედვით, ჯვარზე სიკვდილი მორჩილების ზღვარია, ძე ნებაყოფლობით იმცირებს საკუთარ თავს და უარს ამბობს ყოველგვარ ღვთაებრივ უფლებამოსილებასა და ღვთაებრივ ღირსებებზე".

/დეკ. ოლეგ დავიდენკოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 05:45 PM

"ჯვარზე ღმერთის ძის ნებაყოფლობითი სიკვდილი იმავდროულად სიკვდილზე გამარჯვებაა. მართლაც, რომ აღდგომის სახით ამ გამარჯვების მტკიცებულება ადამიანებს ცოტა მოგვიანებით გამოეცხადა, გოლგოთაზე სიკვდილი მაინც დაძლეული აღმოჩნდა. "სიკვდილითა სიკვდილი დაითრგუნა" (აღდგომის ტროპარი) და ეს მოვლენა სწორედ ჯვარზე განხორციელდა, დაცემის ყველაზე საშინელი შედეგების მიუხედავად, უფალმა გაიმარჯვა. ვლ. ლოსკის აზრით, "სიკვდილის დამარცხების ერთადერთი გზა თვით ღმერთში სიკვდილის შეღწევის უფლება იყო, რადგან ღმერთში შეჭრილი, ყველასთვის სიკვდილის მოსურნე ძალა, თავის ადგილს იქ ვერ პოულობს".

/დეკ. ოლეგ დავიდენკოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 07:34 PM

"ჯვარცმას, ჯერ კიდევ ციცერონი უწოდებდა ადამიანის წამების ყველაზე სასტიკ იარაღს. მინდა კონსტანტინე დიდმა - მოციქულთა სწორმა იმპერატორმა, აკრძალა ჯვარზე ადამიანის წამებას, მაგრამ შემდგომში ეს იარაღი აღადგინეს გერმანელმა ნაცისტებმა, საკონცენტრაციო ბანაკებში, ისინი იყენებდნენ ჯვარცმას ტყვეების მოსაკვიდნებლად და მერე დეტალურად აღწერდნენ, როგორც ხდებოდა ჯვარზე ადამიანის გარდაცვალება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 08:02 PM

"ტურინის სუდარა ადასტურებს რომ, ის ვინც გახვეული იყო სუდარაში, გარდაიცვალა გაგუდვით და სავარაუდოდ - გულის გასკდომითაც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2022, 07:18 PM

"ჩვენ უარვყავით უფალი, მაგრამ უფალმა არ ინება ჩვენი უარყოფა, არამედ ისურვა ჩვენი გადარჩენა და ამისთვის დაითმინა სიკვდილი და დაფვლა!"

/მეუფე შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2022, 09:26 PM

"უფლის ჯვარზე სიკვდილი ცხოველსმყოფელი და გამომხსნელია, გვანიჭებს სიცოცხლესა და ხსნას"

/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2022, 02:14 PM

"ერთ-ერთ წელიწადს, დიდ პარასკევს, ტაძარში შევედი, ლოცვა უნდა დაგვეწყო, და ვხედავ, მამა გაბრიელს [აღმსარებელი და სალოსი] ჯვარცმასთან სუფრა გაუშლია - ლობიო, ღვინო, პური, შეიძლება კდიევ რამე იდო. თვითონ იქვეა დაჩოქილი და მოთქვამს:

- დღეს ქრისტეს ქელეხია!

ისე ტიროდა, ისეთ დღეში იყო...

მე კი გულში ვფიქრობდი: "ნუთუ წითელ პარასკევს მაინც არ გვექნება მოსვენება, ნუთუ დღესაც სპექტკლებს უნდა ვუყუროთ?" ნამეტანი გადაჭარბებულად მომეჩვენა ამ წმიდათაწმიდა დღეს სუფრა და "ქელეხი" ტაძარში.

მაგრამ იყო კი ეს სპექტაკლი? რა თქმა უნდა - არა! ის მაშინ ისეთივე წრფელი გულით დასტიროდა იესო ქრისტეს, როგორც ოდესღაც საშობაო ბაგას უმზადებდა ახალშობილ მაცხოვარს. ეს ერთი და იგივე მამა გაბრიელი გახლდათ, ბავშვივით სუფთა, უმანკო, რომლის ცხოვრებაც ქრისტე იყო. მას ხომ ყველაფერი ქრისტესთვის უნდოდა, მას ხომ საკუთარი არაფერი გააჩნდა".

/იღუმენია პარასკევა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2022, 04:18 PM

"ქრისტეს ტანჯვა ჩვენთვის ტანჯვისგან დახსნაა, ხოლო მისი ცრემლი, სიხარულია ჩვენთვის. ჩვენთვის განკაცდა, რომ ჩვენ განვღმრთობილიყავით"

/წმ. ათანასე დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2022, 07:42 PM

"ჯვარი ქრისტესი გვასწავლის სიყვარულსა. ჩვენ ვებრალებოდით მას, ჩვენმა სიყვარულმა აღიყვანა იგი ჯვარზე. თვით ჯვარზე ჩამოკიდებულმა, საშინელსა ტანჯვასა შინა მყოფმა, არ მოიკლო მან სიყვარული. გაიხსენეთ მისი სიტყვები: "მამაო, მიუტევე ამათ, არ იციან, რასა იქმოდენ"! ... ანუ გაიხსენეთ, რა უთხრა მასთან ჯვარცმულსა ავაზაკსა: "ამინ გეტყვი შენ, დღეს ჩემთან იყო სამოთხესა შინა, ხოლო დედასა თვისა ჩააბარებს საყვარელსა თვისსა მოწაფესა, მეტყველი: აჰა ძე შენი - და იოანეს ეტყვის: აჰა, დედა შენი!" - რაც გინდა გაყინული ჰქონდეს კაცს გული, არ შეუძლია არ იგრძნოს ლმობიერება და სიყვარული შემხედველმა გოლგოთის ჯვარისა და გამგონემ ამათ სიტყვათა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2022, 04:10 PM

"ჯვრიანი გმირობა (ჯვარცმა)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2022, 06:19 PM

"ვაი, უფალო ჩემო! შენ ჯვარსა ზედა - მე კი სკორეთა ამსოფლიურთა სიტკბოებათა...

უფალო ჩემო! უფალო ჩემო! მომეც მე გულის-ხმა ძალისა და აზრისა ჯვარისა შენისა, მიმზიდე მისთან განგებულებითა შენითა, ამინ!"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2022, 06:16 PM

"რატომ გაეკრა ქრისტე მაინც და მიანც ხის ჯვარზე?

- ხის ნაყოფის ჭამით დავკარგეთ სამოთხე და ხეზევე უნდა მომხდარიყო ჩვენი ცოდვებისაგან გამოხსნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2022, 10:18 PM

"როდესაც ქრისტე ჯვარზე იყო გაკრული, მაშინ მხოლოდ ადამინური ბუნებით ევნებოდა, ღვთაებრივით კი უვნები რჩებოდა. წმიდა მამათა განმარტებით, როდესაც მზე ანათებს ხეს, ამ დროს კი ხის მჭრელი ნაჯახს ურტყამს მას, მცენარე გრძნობს ტკივილს. მზის სხივები კი უგრნობი რჩებიან მისდამი, მსგავსად ამისა ქრისტეს ღვთაებრივი ბუნებაც უვნები რჩებოდა მისი ტანჯვისადმი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2022, 01:21 PM

"კვიპროსში ყოვლადწმიდა და ცხოველსმყოფელი სამების ტაძარში ინახება თოკის ნაწილი, რომლითაც მაცხოვარი იყო მიბმული ჯვარზე. ეს თოკი ხანდახან სისხლით იფარება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2023, 04:10 PM

"აი, ჩემი ერთ-ერთი შემთხვევა: ეს იყო საფრანგეთში, ოციან წლებში, სანამ ათონზე წავიდოდი (1925). დიდხანს ტირილით ვევედრებოდი ღმერთს: "მოძებნე საშუალება, უშველო მსოფლიოს: ჩვენ ყველას - გარყვნილებსა და სასტიკებს"... განსაკუთრებულად მგზნებარე იყო ლოცვა "მცირეთათვის", ღარიბთა და ჩაგრულთათვის. ღამე რომ მიიწურა, როდესაც ძალები უკვე მელეოდა, გარკვეული ხნით ლოცვა დავკარგე გონებაში მოსული აზრის გამო: "თუკი მე ჩემი გულის მთელი ძალებით ასე თანავუგრძნობ კაცობრიობას, მაშ, როგორ გავუგოთ ღმერთს, რომელიც გულგრილად უყურებს მის მიერ შექმნილი მრავალი მილიონი ადამიანის უბედურებას? რატომ დაუშვებს ერთმანეთის მიმართ ურიცხვ ძალადობას?" და გიჟური შეკითხვით ასე მივმართე: "სად ხარ?.." და გულში საპასუხო სიტყვები გავიგონე: "მათთვის განა შენ ეცვი ჯვარს?" ამ მოკლე სიტყვებმა შემძრა, რომლებიც სულიწმიდის მიერ ჩემს გულში წარმოითქვა: ვინც ჯვარს ეცვა, მან - როგორც ღმერთმა - მიპასუხა"

/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2023, 07:08 PM

" - წმიდაო მამაო, ზოგიერთი ახალგაზრდა კითხულობს, რა საჭირო იყო ქრისტეს ჯვარცმა, ის რა, ჯვარცმის გარეშე ვერ იხსნიდა კაცობრიობასო?

- დიახ, მან ისინი ჯვარცმით იხსნა და ადამიანებს არ აწუხებთ ეს. მას რომ სამყარო სხვაგვარად ეხსნა? ზოგიერთი იმასაც ამბობს: "მამა ღმერთს ა უტანჯია, ეს ძემ შესწირა თავი მსხვერპლად". მაგრამ, ჩემი აზრით, ნებისმიერი მამა ამჯობინებს საკუთარი თავი გაიღოს მსხვერპლად, ოღონდ შვილის მსხვერპლად შეწირვა არ გახდეს საჭირო. მამისთვის უემტესი ტანჯვის მიმნიჭებელია იმის ნახვა, თუ როგორ ეწირება მსხვერპლად მისი შვილი, ვიდრე საკუთარი თავის გაწირვა. მაგრამ რას ეტყვი მას, ვისაც სიტყვა "სიყვარული" არ ესმის?!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2023, 05:14 PM

"რას წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძე ღმრთისას დანთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2023, 08:53 PM

"ქრისტეს ჯვართან ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე, ჯვარცმისას, ჯვართან მოხდა ამ ბოროტების დამარცხება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2023, 09:21 PM

"ჯვარცმა - ეს იყო სიკვდილით ყველაზე საშინელი დასჯა. ის მოიცავდა ყველაფერს, რაც მტკივნეულია წამებასა და სიკვდილში: თავბრუხვევა, კრუნჩხვები, ძალების დაკარგვა, ცხელება - ეს ყველაფერი ერთად და უმაღლეს ხარისხში. დაკიდებულ მდგომარეობაში ჯვარზე მყოფის ოდნავი მოძრაობაც მტკივნეულია. სისხლძარღვები, განსაკუთრებით თავისა და მუცლის არეში, დაძაბული იყო სისხლის სისხლის ნაკადისაგან და გადიდებული. ყველა ამ ტანჯვას შეუერთდა აუტანელი სიცხე და დაუოკებელი წყურვილი. ყველაფერი ეს ისეთ გაუსაძლის ტანჯვას იწვევდა, რომ ჯვარცმული ითხოვდა, როგორც უდიდესი წყალობა, დაესრულებინათ მისი სიცოცხლე".

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2023, 07:52 PM

"წმინდა სახარებას ვკითხულობთ და მაცხოვრის ტანჯვას ვივიწყებთ. ის სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი ადამიანი იყო (ცოდვის გარეშე), ჩვენს საცხონებლად იტანდა დამცირებას, ყვედრებას, თავში დარტყმასა და ჯვარზე სამარცხვინო სიკვდილს; მოგვიტევე, უფალო, ჩვენი გულგრილობა და უყურადღებობა შენი ტანჯვისადმი!"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2023, 06:36 PM

"ერთხელ, დიდ პარასკევს, მსახურებას აღვასრულებდით. ტაძარი ხალხით იყო სავსე. რა დამემართა მაშინ! ვკითხულობდი სახარებას და, როდესაც ამ სიტყვებამდე მივედი: "ილი, ილი! ლიმა საბაქთანი, ესე არს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაისათვის დამიტევე მე?", ვეღარ შევძელი დასრულება. არ მითქვამს "რაისათვის დამიტევე მე?" განცდებმა შემძრეს. ხმა ჩამიწყდა. თვალწინ მთელი ის ტრაგიკული ამბავი წარმომიდგა. დავინახე მისი სახე, გავიგონე მისი ხმა. ცოცხლად ვხედავდი ქრისტეს. ხალხი მელოდებოდა. მე უძრავად ვიდექი, არ შემეძლო მსახურების გაგრძელება. სახარება ანალოღიაზე დავტოვე და საკურთხეველში შევედი. პირჯვარი გადავიწერე და ტრაპეზს ვემთხვიე. ახლა სხვა, უკეთესი გამოსახულება წარმოვისახე. არა, იმაზე უკეთესი კი არ იყო, უბრალო აღდგომა მომივიდა გონებაში. მაშინვე დავმშვიდდი. მერე აღსავლის კარში გამოვედი და შენდობა ვითხოვე. შემდეგ ავიღე სახარება და თავიდან წავიკითხე. მაგრამ ამ დროს ხალხს ცრემლები წასკდა.

ეს ცუდი იყო. თითოეულს შეუძლია ის იფიქროს, რაც უნდა. არ არის კარგი მოდუნება, თავდაჭერილები უნდა ვიყოთ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2023, 04:48 PM

"აღდექით, რკინავ და ხეო, და შეინანეთ, რამეთუ, მართალია, უნებურად, მაგრამ ჯვარზე ტკვილი მიაყენეთ მას"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2023, 05:57 PM

"თუმცა სხვებს არ ვუყვირით: "ჯვარს აცვიო", მაგრამ საკუთარ თავში ვაკრავთ ჯვარზე უფალს. და ყოველივე ამას ხედავს და ითმენს უფალი! დიდება მრავალმოთმინებასა შენსა, უფალო!"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)