IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დიდი მარხვა (მოსამზადებელი ეტაპი), მოგზაურობა აღდგომისაკენ
afxazi
პოსტი Feb 6 2010, 01:35 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ცოტა დაგვიანებით, თუმცა მაინც ვხსნი ამ მნიშვნელოვან თემას. ვფიქრობ უადგილა შეხსენება იმისა, თუ რას წარმოადგენს აღდგომა თავისი მნიშვნელობით ზოგადად ეკლესიის და კონკრეტულად თითოეული ადაიანის ცხოვრებაში. ძალიან მიშვნელოვანია ის პერიოდი, რაც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დავესესხები მამა ალექსანდრე შმემანს, რომ დიდი მარხვა ეს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ სათავეების ყოველდღიური მომლოცველობაა, სადაც ცხადი ხდება თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრება.

ასე რომ ხსენებული მოძღვრის თქმისა არ იყოს ვიმოგზაუროთ აღდგომისკენ და ცხოველად შევიგრძნოთ ამ მოგზაურობის დროს გასავლელი ყოელი დღის მნიშვნელობა.

თითოეულის იმედი მაქვს, რომ იაქტიურებს და მაქსიმალურად შეავსებს, ინფორმაციული თვალსარისით, ჩვენს ცოდნას ამ პერიოდის თითოეული დღის მიშვნელობის შესახებ.

დავიწყოთ მოსამზადებელი ეტაპით, განვლილი კვირეების და მომავალი კვირისაც.


პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

დიდი მარხვა

დიდი მარხვა: მოგზაურობა აღდგომისაკენ


კაცი რომ გზას დაადგება, უნდა იცოდეს თავისი მოგზაურობის მიზანი. ასეა მარხვაც. მარხვა ხომ, ძირითადად, სულიერი მოგზაურობაა, მისი მიზანი კი აღდგომაა, პასექი - „დღესასწაული დღესასწაულთა“. მარხცა პასექის აღსრულების, ჭეშმარიტი გამოცხადების სამზადისია. ამიტომ დასაწყისშივე უნდა შევეცადოთ, ჩავწვდეთ მარხვისა და პასექის კავშირს, რადგანაც ეს კავშირი რაღაცა მეტისმეტად არსებითს გვიცხადებს, რაღაც გადამწყვეტსა და მნიშვნელოვანს ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოებისა და ცხოვრებისათვის.

განა საჭიროა იმის განმარტება, რომ აღდგომა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთ-ერთი დღესასწაული, უფრო მეტია, ვიდრე წარსული მოვლენის ყოველწლიური აღნიშვნა და პატივისცემა?

ყველა, ვისაც ერთხელ მაინც განუცდია აღდგომის ღამის უზენაესი სიხარული, მზიან დღეზე უფრო უნათლესი, დამეთანხმება. მაგრამ რისი სიხარულია ეს? რატომ გვალობთ სააღდგომო ცისკარზე, რომ „აწ ყოვლითურთ აღვისო ნათლითა ზედა, ქვეყანა და ქვესკნელი?“ რა აზრით ვდღესასწაულობთ „სიკუდილითა სიკუდილისა მოკუდინებასა, შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხორებისასა“? - ყველა ამ შეკითხვაზე ერთი პასუხია: ახალი ცხოვრება, რომელიც თითქმის ორი ათასი წლის წინათ გამობრწყინდა საფლავიდან, და მიეცა ყველას, ვინც ქრისტე იწამა. იგი მოგვეცა ჩვენი ნათლისღების დღეს, როცა, პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, ჩვენ „თანა-დავეფლენით ქრისტესა ნათლისღებითა სიკუდილისა მისისაჲთა, რაჲთა, ვითარცა ქრისტე აღდგა მკუდრეთით, ეგრეთვე ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდეთ“. მაშასადამე, პასექის დღესასწაულზე ჩვენ ვდღესასწაულობთ ქრისტეს აღდგომას, როგორც ოდესღაც მომხდარს, რაც დღესაც ხდება ჩვენს პირად ცხოვრებაში. რადგანაც ყოველმა ჩვენგანმა მიიღო ახალი ცხოვრების ეს ნიჭი, შეიძინა მისი მიღებისა და მისით ცხოვრების უნარი. ეს ნიჭი რადიკალურად ცვლის ჩვენს მიმართებას ყოველივესადმი ამქვეყნად, და თვით სიკვდილთანაც კი. ის გვაძლევს საშუალებას, სიხარულით ვამტკიცოთ: „სიკვდილი არ არსებობს!“ რა თქმა უნდა, ამ ცხოვრებაში ჩვენ ჯერ კიდევ პირისპირ ვხვდებით სიკვდილს, ერთ დღეს იგი ჩვენც მოგვაკითხავს. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ თავისი სიკვდილით ქრისტემ სიკვდილის თვით არსი შეცვალა, აქცია ის გადასვლად, პასექის დღესასწაულად, პასექად, ანუ ზეციურ სასუფეველში გადასვლად, და ამგვარად, ყველაზე დიდი ტრაგედია საბოლოო გამარჯვებად გარდაქმნა „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველმა“ - საკუთარი სიკვდილით ჩვენი სიკვდილის გამანადგურებელმა. მან თავისი აღდგომის მონაწილენი გაგვხადა. ამიტომაც ვამბობთ ჩვენ სააღდგომო საცისკრო მსახურების დასასრულს, რომ „აღდგა ქრისტე და ცხორებაჲ მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა“ (იოანე ოქროპირი).

ასეთი აკლესიის რწმენა, რომელიც წმინდანთა ურიცხვი სიმრავლის მიერაა დადასტურებული და დამტკიცებული. და მაინც, განა ყოველდღე საკუთარი გამოცდილება არ გვიდასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ძალიან იშვიათად გვაქვს ამგვარი რწმენა, რომ ჩვენ წამდაუწუმ ვკარგავთ მას და ვღალატობთ იმ „ახალ ცხოვრებას“, რომელიც მოგვენიჭა, და რომ არსებითად ჩვენ ისე ვცხოვრობთ, თითქოს ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგარა და თითქოს ამ ერთადერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ჩვენთვის არავითარი აზრი არ ჰქონდეს? ყოველივე ამის მიზეზი ჩვენი სისუსტეა, რადგანაც შეუძლებელია ჩვენთვის მუდამ „სარწმუნოებით, სასოებითა და სიყვარულით“ ცხოვრება იმ დონეზე, რომელზეც ქრისტემ აღგვიყვანა, როცა გვითხრა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა“ (მთ. 6, 33). ჩვენ უბრალოდ გვავიწყდება ეს, იმდენად ჩაძირულნი ვართ ყოველდღიურ საზრუნავში. და ამ დავიწყების გამო ვსუსტდებით. ამ დავიწყების, ცოდვით განუწყვეტელი დაცემის გამო ჩვენი ცხოვრება კვლავ „ძველია“, - წვრილმანი, ბნელი, ყოველგვარ აზრს მოკლებული:უაზრო აღსასრულისკენ მიმავალი უაზრო მოგზაურობა. ჩვენ სიკვდილიც კი გვავიწყდება, ის კი მოულოდნელად, ჩვენი სასიამოვნო ცხოვრების ლამის შუაგულში გვპოულობს: საშინელი, გარდაუვალი, უაზრო. ზოგჯერ კი შევიგნებთ ხოლმე ჩვენს სხვადასხვა „ცოდვას“ და ვინანიებთ კიდეც, მაგრამ მაინც არ ვეძლევით იმ ახალ ცხოვრებას, რომელიც ქრისტემ განგვიცხადა და გვიწყალობა. ისე ვცხოვრობთ, თითქოს ქრისტე არც არასდროს მოსულა ქვეყნად. ეს ერთადერთი ნამდვილი ცოდვაა, უღრმესი ტრაგედია და სევდა ჩვენი ნომინალური ქრისტიანობისა.

თუ ჩვენ ამას მივხვდებით და ვაღიარებთ, მხოლოდ მაშინ შევძლებთ იმის გაგებას, თუ რა არის აღდგომა და რატომაა აუცილებელი მის წინ დიდი მარხვა. მხოლოდ მაშინ შევძლებთ იმის გაგებას, რომ ეკლესიის ყველა ლიტურგიკული ტრადიცია, მთელი მისი საღვთისმსახურო ციკლი, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის არსებობს, რომ კვლავ დაგვეხმაროს იმ ახალი ცხოვრების დანახვასა და გემოსხილვაში, ცხოვრებისა, რომელსაც ასე ადვილად ვშორდებით და ვღალატობთ, რათა მონანიებით კვლავ დავუბრუნდეთ მას. როგორ შეიძლება გვიყვარდეს და გვსურდეს იმის მიღება, რასაც არ ვიცნობთ? როგორ შეიძლება ამქვეყნად ყველაზე მაღლა დავაყენოთ ის, რასაც არ ვიცნობთ, სიხარული, რომელიც არ გვიგრძვნია? ერთი სიტყვით, როგორ შეგვიძლია ვეძიოთ სასუფეველი, რომლის შესახებ არავითარი წარმოდგენა არ გვქონია? დასაბამიდან და დღემდე საეკლესიო ღვთისმსახურება ერთადერთი შესასვლელია ამ სასუფეველში, ახალ ცხოვრებასთან ზიარებაა. ეკლესია თავისი ლიტურგიკული ცხოვრების საშუალებით გვიცხადებს იმას, „რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა“ (1 კორ. 2,9). პასექი ამ ლიტურგიკული ცხოვრების ცენტრია, მისი გული და მწვერვალია, მზეა, რომლის სხივები ყველგან აღწევს. ყოველ წელიწადს იხსნება კარი ქრისტეს სასუფევლის ბრწყინვალებისკენ, გვეძლევა წინასწარი შეგრძნება ჩვენთვის აღთქმული მარადიული სიხარულის, მთელი ქვეყნიერების აღმვსები დიდებისა და გამარჯვებისა: „სიკვდილი აღარ არსებობს“. მთელი საეკლესიო ღვთისმსახურება აგებულია აღდგომის დღესასწაულის ირგვლივ: ამიტომაც საწელიწადო სალიტურგიო წრე, დღესასწაულთა და მარხვათა მიმდევრობა აღდგომისაკენ მიმართულ მოგზაურობდა წარმოგვიდგება. ეს დასასრულია, რომელიც ამავე დროს, დასაწყისიცაა: ყოველივე ძველის დასასრული და ახალი ცხოვრების დასაწყისი, ქრისტეს მიერ განცხადებულ სასუფეველში ამა სოფლიდან განუწყვეტელი გადასვლა.

მაგრამ ძველი ცოდვიანი და წვრილმანი ცხოვრების დამარცხება და შეცვლა არც ისე ადვილია. სახარება ადამიანისაგან ითხოვს ძალისხმევას, რომლისთვისაც იგი თავსი ჩვეულებრივ მდგომარეობაში სრულიად უძლურია. ჩვენ უხილავთან ბრძოლისკენ მოგვიწოდებენ: ახალი მიზნის, ცხოვრების, ახალი წესისაკენ მოგვიხმობენ, მაგრამ ეს ჩვენს ძალებს აღემატება. თვით მოციქულებმაც კი, როცა მოძღვრის სწავლებას ისმენდნენ, გაოგნებულებმა იკითხეს: „ვითარ შესაძლებელ არს ესე?“ („როგორაა ეს შესაძლებელი?“). მართლაც, არაა ადვილი უარის თქმა ცხოვრების წვრილმან იდეალზე, რომელიც ყოველდღიური საზრუნავისაგან, ცხოვრებისეული სახსრების მუდმივი ძიებისაგან, სიამოვნებებისაგან შედგება - ყველაფრისგან, რაც ასე შორსაა ჩვენი ნამდვილი მიზნის - სრულყოფილებისაგან: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მთ. 5,48). სოფელი ესე მთელი მისი „მასმედიით“ გვეუბნება: იყავით ბედნიერნი, იცხოვრეთ უზრუნველად, იარეთ ფართო გზით. ქრისტე კი სახარების მიერ გვეუბნება: იარეთ ბრძოლისა და ტანჯვის ვიწრო გზით, რადგან ეს ნამდვილი ბედნიერების ერთადერთი გზაა. ეკლესიის დახმარების გარეშე როგორ უნდა გავბედოთ ეს საშინელი არჩევანი, როგორ შევძლოთ მონანიება და იმ ნათელ და სიხარულით აღსავსე აღთქმასთან დაბრუნება, რომელსაც ყოველწელიწადს აღდგომის დღეს გვაძლევს ეკლესია? სწორედ ამისთვისაა საჭირო მარხვა. ეს დახმარების ხელია, რომელსაც ეკლესია გვიწვდის; სინანულის სკოლაა, რომელსაც ერთადერთს ძალუძს ჩვენი მომზადება იმისთვის, რომ შევხვდეთ აღდგომას, არა მხოლოდ როგორც ჭამის, სმისა და დასვენების ნებართვას, არამედ როგორც ჩვენში არსებული „სიძველის“ ნამდვილ აღსასრულსა და ახალ ცხოვრებაში შესასვლელს.

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მარხვის უმთავრესი ამოცანა იყო კათაკმეველთა, ანუ ქრისტიანობაზე ახლად მოქცეულთა მომზადება ნათლისღებისათვის, რომელიც სააღდგომო ლიტურგიისას სრულდებოდა. მაგრამ მაშინაც, როცა ეკლესია იშვიათად ნათლავს მოზრდილებს, და როცა თვით კათაკმვლობის ინსტიტუტი (დაწესებულება) აღარ არსებობს, დიდი მარხვის მთავარი მნიშვნელობა იგივე რჩება. რადგანაც მიუხედავად ამისა, რომ მონათლულები ვართ, ჩვენ წამდაუწუმ ვკარგავთ და ვღალატობთ იმას, რაც ნათლისღებისას მივიღეთ. ამიტომაც აღდგომის დღესასწაული ჩვენი ყოველწლიური დაბრუნებაა ჩვენ საკუთარ ნათლისღებასთან, დიდი მარხვა კი გვამზადებს ამ დაბრუნებისთვის, განუწყვეტელი ძალისხმევისთვის, რომელიც პასექისაკენ, ქრისტეს მიერ ახალ ცხოვრებაში საბოლოო გადასვლისაკენ მიგვიძღვის. ჩვენ ვნახავთ, რომ დიდი მარხვის ღვთისმსახურება დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ ხასიათს, მისთვის დამახასიათებელ სახეს, შეგონებისას, თითქოს კვლავ ნათლისღებისათვის მომზადებას გულისხმობდეს. მაგრამ ეს არაა წარსულის „არქეოლოგიური“ ნაშთები, არამედ ჩვენთვის ნამდვილად არსებითი რამ. ამიტომაც დიდი მარხვა და აღდგომის დღესასწაული ყოველ წელს ახალ აღმოჩენად გვევლინება და გვძენს იმას, რაც მოგვეცა მაშინ, როცა ჩვენი ნათლისღებისას მოვკვდით და მკვდრეთით აღვდექით.

მოგზაურობა, მომლოცველობა! მაგრამ როცა დიდი მარხვის „ნათელ სევდაში“ ვაბიჯებთ, ვხედავთ, რომ გზის დასასრული შორსაა, ძალიან შორს. ჩვენი მიზანი, დასასრული გზისა, - სააღდგომო სიხარულია, ზეციური სასუფევლის დიდების ბრწყინვალებაში შესვლაა. და ამ შორეული ნათელის ანარეკლი გვინათებს „მარხვის ჭმუნვას“, „სულიერ გაზაფხულად“ აქცევს მას. ღამე შეიძლება ხანგრძლივი და ბნელი იყოს, მაგრამ მთელი გზის განმავლობაში გვეჩვენება, რომ ჰორიზონტს რიჟრაჟის იდუმალი და კაშკაშა სხივი ანათებს. ნუ ჴუებულ-მყოფ სასოებისაგან ჩუენისა (ნუ დამაცარიელებ იმედისაგან), კაცთმოყვარეო!


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მარიამი
პოსტი Feb 6 2010, 10:39 PM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მამა ალექსანდრე შმემანი
დიდი მარხვის სამზადისი

მამისეულ სახლში დაბრუნება (უძღები შვილის კვირიაკე)
მესამე კვირას, რომელიც დიდი მარხვისათვის გვამზადებს, ჩვენ ვისმენთ უძღები შვილის იგავის საკითხავს (ლკ. 15,11-32). იგავში და ამ დღის სტიქარონებში საუბარია იმ ადამიანის სინანულზე, რომელიც ნებაყოფლობითი განდევნიდან ბრუნდება. ჩვენ მოგვითხრობენ მორალურად გზააბნეული უძღები შვილის შესახებ, რომელიც „შორეულ ქვეყანაში“ წავიდა და იქ მთელი თავისი ქონება გაფლანგა. შორეული ქვეყანა! ეს ერთადერთი განსაზღვრებაა ადამიანის მდგომარეობისა, რომელიც ჩვენ უნდა შევიგნოთ და დავიმახსოვროთ, როცა ღმერთს ვუახლოვდებით. ადამიანი, რომელსაც არასოდეს, მცირედაც კი არ განუცდია, რომელსაც არასოდეს უგრძვნია, რომ იგი ღმრთისგან და ჭეშმარიტი ცხოვრებისგან განდევნილია, ვერასოდეს მიხვდება, რას ასწავლის ქრისტიანული სარწმუნოება. და ის, ვინც ამა სოფლად თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, ვისაც არასოდეს უგრძვნია სხვა სიმართლის მტანჯველი წყურვილი, ვერასოდეს მიხვდება, რას ნიშნავს სინანული.

სინანული ხშირად ცოდვათა და ცდომილებათა გულგრილ და ობიექტურ ჩამოთვლად იქცევა, მსგავსად კანონიერი საბრალმდებლო დასკვნის წინაშე თავის დამნაშავედ ცნობისა. აღსარებასა და ცოდვათა მიტევებას ისე უყურებენ, როგორც იურიდიულად კანონიერ აქტს. მაგრამ ამ დროს რაღაც ძალზე არსებითი ავიწყდებათ, რის გარეშეც არც აღსარებას, არც ცოდვატა მონანიებას არა აქვს არც ნამდვილი მნიშვნელობა, არც ძალა. ეს „რაღაც“ სწორედ ღვთისგან, მასთან ურთიერთობის სიხარულისგან, მის მიერ შექმნილი და ჩვენთვის ბოძებული ჭეშმარიტი ცხოვრებისაგან შორს ყოფნის შეგრძნებაა. მართლაც, ადვილია აღიარო აღსარებისას, რომ არ დაგიცავს მარხვა, არ გილოცია დილას ან საღამოს, განრისხებულხარ. მაგრამ სრულიად სხვაა, - ერთბაშად მიხვდე, რომ შენი სულიერი მშვენიერება შეგიბღალავს და დაგიკარგავს, რომ ჭეშმარიტ „სამშობლოს“, ნამდვის ცხოვრებას დაცილებულხარ, რომ საბოლოოდ დაგიმსხვრევია შენივე ცხოვრებისეული არსების რაღაც ძვირფასი და წმიდა ნაწილი. ეს და მხოლოდ ეს შეგნებაა ნამდვილი სინანული და უკან დაბრუნების, საკუთარი დაკარგული სახლის პოვნის მხურვალე სურვილიც. მე ღვთისგან მდიდარი ძღვენი მივიღე: უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლე და მისით ტკბობის, მისი მნიშვნელობით, სიყვარულით, ცოდნით აღვსების შესაძლებლობა; ამის შემდეგ კი, ნათლისღებისას, - თვით ქრისტეს ახალი ცხოვრება, ნიჭი სულისა წმიდისა და სიხარული ცათა სასუფევლისა. მე მივიღე ღმრთის ცოდნა და მის მიერ კი - ცოდნა ყოველივე დანარჩენისა. მივიღე საშუალება, რათა გავხდეწ ღვთის შვილთაგანი. და ყოველივე ეს მე დავკარგე და განვაგრძობ კარგვას არა მარტო განსაკუთრებული „ცოდვებისა“ და „შეცოდებებისას“, არამედ ჩემს უდიდეს ცოდვაში ღმრთისადმი სიყვარული დამიკარგავს და მშვენიერ მამისეულ სახლს „შორეული ქვეყანა“ ვამჯობინე.

მაგრამ ეკლესია მახსენებს ყოველივეს, რაც დამიკარგავს. ვისმენ მის ხმას და მახსენდება: „მამულსა დიდებასა შენსა განუდეგ უგუნურებით, - გალობს ამ დღის კონდაკი, - და, რომელი-იგი მომეც სიმდიდრე, ბოროტთა შინა განვაბნიე, ვინაჲცა ჴმასა მას უძღებისასა შევწირავ შენდა; ვითარცა იგი, მეცა შემიწყალე, მამაო მოწყალეო, რომელი-ესე სინანულით გიღაღადებ, და მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთა შენთაგანი“.

და როცა ამგვარად ვიხსენებ ყოველივეს, დაბრუნების სურვილსა და ძალას ვგრძნობ საკუთარ თავში: „მე დავუბრუნდები ჩემს გულუხვ მამას და ცრემლით შევღაღადებ: მიმიღე, როგორც შენი ერთ-ერთი მოჯამაგირე“...

აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ და მოვიხსენიოთ „უძღები შვილის კვირის“ ერთი განსაკუთრებული ლიტურგიკული თავისებურება. ცისკარზე, „აუარებდითის“ მხიარული და საზეიმო ფსალმუნების შემდეგ ჩვენ სევდით აღსავსე 136-ე ფსალმუნს ვგალობთ:

მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდეთ, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი... ( ბაბილონის მდინარეებთან დავსხედით და ვტიროდით, როდესაც გავიხსენეთ სიონი...)

ვითარ-მე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა? (როგორ ვიგალობოთ უფლის გალობა უცხო ქვეყანაში?)

უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯუენეცა ჩემი. (თუ დაგივიწყებ შენ, იერუსალიმო, დაე, ჩემი მარჯვენაც დავიწყებულ იქნას.)

აექუნ ენაი ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიხსენო შენ და არა თუ პირველ განგებულ ვჰყო იერუსალემი, ვითარცა იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა. (ენა სასაზე ამეკრას, თუ არ გაგიხსენო შენ; თუ არ დავაყენო იერულისამი ჩემი სიხარულის სათავეში.)

ეს განდევნის ფსალმუნია. მას ბაბილონის ტყვეობაში ჩავარდნილი ებრაელები გალობდნენ, როცა თავიანთ წმინდა ქალაქს, იერუსალიმს იხსენებდნენ. იგი სამუდამოდ იქცა იმ ადამიანის გალობად, რომელიც ღმრთისგან თავის განშორებას გრძნობს და ამ შეგნებით კვლავ ადამიანად იქცევა, იმ ადამიანად, ვინც ვერასოდეს იპოვის სრულ კმაყოფილებას ამ დაცემულ წუთისოფელში, რადგანაც თავისი ბუნებითა და მოწოდებით იგი განუწყვეტლივ ეძიებს, ვითარცა მოგზაურ-მლოცველი.

ეს ფსალმუნი კიდევ ორგზის იგალობება კვირა დღეებში დიდი მარხვის წინ. იგი მარხვას გვიხსნის როგორც ლოცვით მოგზაურობას, სინანულს კი - როგორც დაბრუნებას მამისეულ სახლში.



საშინელი სამსჯავრო (ხორციელის კვირიაკე)

მომდევნო კვირადღის ხორციელის (ხორცის აღებისა) ეწოდება, რადგანაც მის შემდგომ შვიდეულში ეკლესია მოითხოვს ნაწილობრივ მარხვას, ანუ ხორცის ჭამისაგან თავის შეკავებას. ეს მოთხოვნა უნდა განვიხილოთ იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ითქვა მარხვისათვის მომზადების შესახებ. ეკლესია უკვე ამთავრებს მორწმუნეთა მომზადებას იმ მოსაგრეობისათვის, რომელიც გველის შვიდი დღის შემდეგ. ეკლესიას თანდათანობით შევყავართ ამ მოსაგრეობის დასაწყისში, რადგანაც იცის ჩვენი არამდგრადობის შესახებ და წინასწარ ჭვრეტს ჩვენს სულიერ უძლურებას.

წინა დღეს, ხორციელის შაბათს, ეკლესია აღასრულებს „სასოებითა მკუდრეთით აღდგომისა და საუკუნოჲსა ცხორებისაჲთა გარდაცვალებულთა“ („მკვდრეთით აღდგომისა და მარადიული ცხოვრების იმედით გარდაცვლილთა“) საყოველთაო მოხსენიებას. ეს ეკლესიის გარდაცვლილ წევრთათვის საყოველთაო ლოცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. იმისათვის, რომ ჩავწვდეთ გარდაცვლილთა მოსახსენებელი ლოცვისა და დიდი მარხვის ურთიერთკავშირს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, რომ ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. ქრისტემ მოციქულებს უქადაგა მოძღვრება არა პირად, ცალკეულ ცხონებაზე, არამედ მისცა მათ ახალი მცნება: „იყუარებოდით ურთიერთას“. და დასძინა, რომ სწორედ ამ ურთიერთსიყვარულით სცნობენ ადამიანები მათში ქრისტეს მიმდევრებს. ამგვარად, სიყვარული საფუძველია და თვით საეკლესიო ცხოვრებაა, რომელიც წმინდა ეგნატე ანტიოქიელის სიტყვისაებრ არის „სარწმუნოებისა და სიყვარულის კავშირი“. ცოდვა კი, ამის საპირისპიროდ, ყოველთვის სიყვარულის ნაკლებობაა, ყველასგან განყოფა, გამოცალკევება, ყველას ომია ყველას წინააღმდეგ. ქრისტეს მიერ ბოძებული და ეკლესიის მიერ გადმოცემული ახალი ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, არის შერიგების ცხოვრება, „ქვეყნად განბნეულთა ერთად შემოკრებაა“, ცოდვით დანგრეული სიყვარულის აღდგინებაა. მაგრამ განა შეგვიძლია ჩვენ, საფუძველი დავუდოთ ღმერთთან დაბრუნებას, მასთან შერიგებას, თუ თვითონ არ დავუბრუნდებით სიყვარულის ამ ერთადერთ ახალ მცნებას? გარდაცვლილთათვის ლოცვაში ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, თავის სიყვარულს გამოთქვამს. ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, ახსოვდეს ისინი, ვისაც ჩვენ მოვიხსენიებთ, ხოლო მათ იმიტომ მოვიხსენიებთ, რომ გვიყვარს. როცა მათთვის ვლოცულობთ, ჩვენ ქრისტეს მიერ ვხვდებით მათ, ხოლო ქრისტე თვით სიყვარულია, რომელმაც დათრგუნა სიკვდილი, განყოფისა და განშორების ეს უმაღლესი საფეხური. ქრისტესთვის არ არსებობს განსხვავება ცოცხალთა და მკვდართა შორის, რადგანაც მისთვის ყველა ცოცხალია. იგი თვითაა ცხოვრება და ეს ცხოვრება არის „ნათელ კაცთა“ (ინ. 1,4). ქრისტეს სიყვარულით ჩვენ გვიყვარს ყველა, ვინც კი მის მიერ განისვენებს, ხოლო მასში განსვენებულთა სიყვარულით ჩვენ თვით ქრისტე გვიყვარს. ეს საეკლესიო კანონია და გარდაცვლილთათვის ლოცვის აშკარა განმარტება. ქრისტეს მიმართ ჩვენი სიყვარულის წყალობით ისინიც ქრისტეს მიერ ცხოველნი (ცოცხალნი) არიან და როგორ ცდებიან, როგორ უიმედოდ ცდებიან ის დასავლელი ქრისტიანები, რომლებსაც გარდაცვლილთათვის ლოცვა ან კანონიერი „ღვაწლისა“ და „ანაზღაურების“ შესახებ დაჰყავთ, ან უბრალოდ უარყოფენ მას უსარგებლობის საბაბით. ხორციელის შაბათს გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი ღვთისმსახურება (პარასტასი) ნიმუშია ყველა სხვა მსგავსი ხასიათის ლოცვისათვის და აღესრულება დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათსაც.

ხორციელის კვირიაკის თემა, როგორც ვთქვით, სიყვარულია. ამ დღის სახარების საკითხავად დადებულია მაცხოვრის იგავი საშინელი სამსჯავროს შესახებ (მთ. 23,31-46). რა კანონის მიხედვით განგვსჯის ქრისტე, როცა ეს დღე მოვა? იგავი გვპასუხობს: სიყვარულის კანონით; არა ანონიმური ღარიბების მიმართ განყენებული სამართლიანობისათვის, ჰუმანიტარული ზრუნვის, არამედ ადამიანის, ღვთის ნებით ჩვენი ცხოვრებისეული გზის განმავლობაში შემხვედრი ყოველი ადამიანის მიმართ პირადი კონკრეტული სიყვარულის კანონით. ეს განსხვავება მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც დღეს ქრისტიანები სულ უფრო და უფრო მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ გააიგივონ ქრისტიანული სიყვარული ადამიანებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ზრუნვასთან. სხვა სიტყვებით, ისინი ერთ ადამიანზე, მის პირად ბედზე ზრუნვას ცვლიან ზრუნვით ანონიმურ არსებებზე, რომლებიც რომელიმე „კლასს“, „ეროვნებას“ ან სხვა რამ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამგვარი ზრუნვა საჭირო არ არაა. ცხადია, რომ სამოქალაქო ან პროფესიული პასუხისმგებლობით აღჭურვილი ქრისტიანები თავიანთი შესაძლებლობებისა და გაგების ფარგლებში უნდა ზრუნავდნენ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება უფრო სამართლიანი, თანასწორი და, საერთოდ, უფრო ჰუმანური გახდეს. უეჭველია, ყველა ეს ცნება ქრისტიანული ფესვებიდან მომდინარეობს და, როგორც ეტყობა, ქრისტიანობითაა შთაგონებული. მაგრამ ქრისტიანული სიყვარული, როგორც ასეთი, სულ სხვა რამაა და ეს განსხვავება უნდა შევიგნოთ და შევინარჩუნოთ, თუკი ეკლესიას სურს თავისი ერთადერთი განსაკუთრებული მისიის განგრძობა და არ სურს, დაემსგავსოს უბრალო „სოციალურ სააგენტოს“, როგორადაც იგი არასოდეს გადაიქცევა.

ქრისტიანული სიყვარული სხვა ნებისმიერ ადამიანში ქრისტეს ხილვის „შეუძლებელი შესაძლებლობაა“. თუნდაც ამ ადამიანის შემოყვანა ჩემს ცხოვრებაში ღმერთმა თავისი იდუმალი განგების თანახმად სულ რამდენიმე წამით ინება არა მარტო როგორც „კეთილი საქმის“ ან ფილანტროპიაში ვარჯიშის საბაბი, არამედ როგორც თვით ღმერთთან სამარადისო ურთიერთობის დასაწყისი. სინამდვილეში, სწორედ სიყვარულია ის იდუმალი ძალა, რომელიც სხვა ადამიანში ყოველივე გარეგნულისა და შემთხვევითის - მისი გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის, ეთნიკური წარმოშობის, ინტელექტური უნარის - გავლით აღწევს სულს, ადამიანური არსების ერთადერთ პირად „ფესვს“, მასში ღვთის ნაწილაკს. ღმერთს ყოველი ადამიანი უყვარს, რადგანაც მხოლოდ იგი იცნობს სულს - ფასდაუდებელ და აბსოლუტურ საუნჯეს, ადამიანის „პიროვნებას“, რომელიც მან ყველა ადამიანს მოჰმადლა. ამგვარად, ქრისტიანული სიყვარული იქცევა ამ საღვთო ცოდნაში მონაწილეობად და საღვთო სიყვარულის ნიჭად. სიყვარულს არ შეუძლია იყოს „უპიროვნო“, რადგანაც სიყვარული სწორედ პიროვნების სასწაულებრივი გამოცხადებაა ერთ ადამიანში, პირადისა და ერთადერთისა, ყოველივე საზოგადოსა და ჩვეულებრივს შორის. ეს გამოცხადებაა იმისა, რაც კი ადამიანში სიყვარულის ღირსია, რაც ღვთის მიერაა მონიჭებული.

ამ თვალსაზრისით, ქრისტიანული სიყვარული ზოგჯერ დაპირისპირებულია „სოციალურ მოღვაწეობასთან“, რომელთანაც მას დღეს ხშირად აიგივებენ თვით ქრისტიანები. „სოციალური მოღვაწეობისათვის“ სიყვარულის საგანი „პირონება“ კი არაა, არამედ ადამიანი, განყენებული ერთეული, რომელიც არანაკლებ განყენებული კაცობრიობიდანაა აღებული. ამის საწინააღმდეგოდ, ქრისტიანს უყვარს ადამიანი, რადგან იგი პიროვნებაა. ერთგან პიროვნება ადამიანადაა მიღებული, მეორეგან ადამიანია განიხილება პიროვნებად. სოციალურ მოღვაწეს პიროვნება სრულიად არ აინტერესებს, იგი პიროვნებას ხშირად „საზოგადო ინტერესებს“ სწირავს. არცთუ უსაფუძვლოდ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ქრისტიანი საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი განყენებული „კაცობრიობის“ მიმართ, მაგრამ იგი საკუთარ თავს ღალატობს და მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის ყოველთვის, როცა ცალკეული პიროვნებისათვის ზრუნვასა და მისდამი სიყვარულს უგულებელყოფს. სოციალური აქტივისტის მიდგომა ყოველთვის „ფუტურისტულია“, იგი ყოველთვის სამართლიანობის, წესრიგის, მომავალში მისაღწევი საყოველთაო ბედნიერების სახელით მოქმედებს. ქრისტიანობა ნაკლებად ზრუნავს გამოუცნობი მომავლისათვის, არამედ მთელს თავის ძალას აწმყოში გადამწყვეტ მომენტზე მიმართავს, როცა საჭიროა სიყვარულის გამოვლინება. ეს ორი მიდგომა ერთმანეთს არ გამორიცხავს, მაგრამ მათი ერთმანეთში არევა მართებული არაა. უეჭველია, რომ ქრისტიანები პასუხს აგებენ „მიწიერი ცხოვრებისათვის“ და ეს პასუხისმგებლობა უნდა აღარსულონ. მაგრამ სოციალური აქტივისტის მოღვაწეობა მთლიანად „მიწიერ ცხოვრებაში“ მოთავსებული, ქრისტიანული სიყვარულის მიზანი კი „მიწიერი ცხოვრების“ მიღმაა. ქრისტიანული სიყვარული თვითონაა ღვთის სასუფევლიდან მომავალი სხივი. ის მიწიერი სამყაროს ყველა შეზღუდვასა და პირობითობას სძლევს, რადგანაც ღმერთშია მისი მამოძრავებელი ძალა. მიზანი და აღსრულება. ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი მუდმივი და განმაახლებელი გამარჯვება ამ ქვეყანაში, რომელიც „ბოროტსა ზედა დგას“, ეს სიყვარულის გამარჯვებაა. ეკლესიის ნამდვილი და ჭეშმარიტი მისიაა - გაახსენოს ადამიანს ეს პირადი სიყვარული და მისი მოწოდება, რათა სიყვარულით აღავსოს ცოდვილი ქვეყანა.

საშინელი სამსჯავროს იგავი ქრისტიანულ სიყვარულზე მოგვითხრობს. ყოველი ჩვენგანი არაა მოწოდებული იმისათვის, რომ „კაცობრიობისათვის“ იღვაწოს, მაგრამ ყოველ ჩვენგანს აქვს მიღებული ქრისტესმიერი სიყვარულის ნიჭი. ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ეს პირადი სიყვარული, აღიარება მისი პირადი განსაკუთრებული სულისა, რომელშიც განსაკუთრებულად აირეკლება ღვთის მთელი ქმნილება. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ქვეყნად არსებობენ სნეულნი და მშიერნი, რომელთაც სწორედ ეს პირადი სიყვარული დააკლდათ. და, საბოლოოდ, ისიც ვიცით, რომ, რაც უნდა ვიწრო და შეზღუდული იყოს ჩვენი საკუთარი არსებობა და მისი შესაძლებლობები, ყოველ ჩვენგანს აკისრია პასუხისმგებლობა ღვთის სასუფევლის უმცირეს ნაწილაკზე სწორედ იმის წყალობით, რომ ჩვენ ქრისტესმიერი სიყვარული გვაქვს მონიჭებული. ამგვარად, ჩვენ განგვსჯიან იმის მიხედვით, მივიღეთ ჩვენს თავზე ეს სიყვარული, თუ უარვყავით იგი. რადგანაც „რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მთ. 25,40).



--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
afxazi   დიდი მარხვა (მოსამზადებელი ეტაპი)   Feb 6 2010, 01:35 PM
ნონა   აფხაზი აქ მარტო შმ...   Feb 6 2010, 01:43 PM
მხევალი ნინო   ნონა ნონა, დიდმარხ...   Feb 6 2010, 01:58 PM
afxazi   ნონა შმემანის სიტყ...   Feb 6 2010, 02:06 PM
ნონა   მხევალო, დათო, მადლ...   Feb 6 2010, 02:37 PM
lingvo   რა კარგადაა ნათქ...   Feb 6 2010, 06:40 PM
მარიამი   მამა ალექსანდრე შმ...   Feb 6 2010, 10:39 PM
newbie   რა ლამაზია, როგორ ...   Feb 7 2010, 12:16 AM
lingvo   ეს მონაკვეთი განს...   Feb 7 2010, 10:14 PM
newbie   საშინელი სამსჯავრ...   Feb 9 2010, 11:33 PM
tamuna m   რახანც დაგვიანები...   Feb 10 2010, 12:04 AM
tamuna m   http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/mezvere...   Feb 10 2010, 02:25 PM
tamuna m   http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/samsjav...   Feb 11 2010, 01:42 AM
სოფიო1977   მე საზღვარგარეთ ვც...   Feb 13 2010, 11:50 AM
tamuna m   მართლმადიდებელ ად...   Feb 13 2010, 01:44 PM
mr.satadarigo   afxazi მადლობა   Feb 13 2010, 01:59 PM
newbie   მარხვა არის მკურნა...   Feb 14 2010, 01:38 AM
afxazi   როგორც მოგეხსენებ...   Feb 15 2011, 11:25 AM
marine   "ქართლში გავრცელ...   Feb 22 2015, 11:18 PM
marine   "მარხვა დიდ სიმტკ...   Mar 1 2015, 09:43 PM
marine   "როგორც უსაზრდელ...   Mar 1 2015, 10:42 PM
marine   "მღვიძარება, მარხ...   Mar 10 2015, 11:18 PM
marine   "მოსე ღმრთის მხილ...   Mar 11 2015, 07:19 PM
marine   "დიდი მარხვის სულ...   Mar 24 2015, 09:35 PM
marine   "თუკი ვინმეს ცოდვ...   Mar 27 2015, 10:28 PM
marine   "ყველაზე დიდ მტრა...   Apr 10 2015, 07:56 PM
marine   “სვინკლიტიკიას [ალ...   Apr 10 2015, 08:37 PM
marine   "თუ რომელიმე ვნებ...   Apr 10 2015, 10:18 PM
marine   "ხორციელ ბრძოლაშ...   Apr 12 2015, 01:09 PM
marine   "მოღვაწის მარხვი...   Jun 13 2015, 03:11 PM
marine   "ოთხშაბათსა და პა...   Jun 17 2015, 11:12 AM
marine   "როდის არის უნაყო...   Jun 19 2015, 10:25 PM
marine   "მარხვა არის მთავ...   Jul 22 2015, 11:52 AM
marine   "წინასწარმეტყვე...   Jul 22 2015, 06:46 PM
marine   "მარხვა კურნავს ს...   Jul 22 2015, 09:54 PM
marine   "წმინდა მართლმად...   Jul 22 2015, 10:52 PM
marine   "მარხვა და საერთო...   Aug 6 2015, 11:17 PM
marine   "ძალიან ავად იყო [...   Aug 6 2015, 11:29 PM
marine   "ხორციელ კაცს ღმე...   Aug 7 2015, 01:12 PM
marine   "ვინც მარხულობს მ...   Aug 9 2015, 03:58 PM
marine   "მას [ღირსი პაისი ...   Sep 8 2015, 11:06 PM
marine   „ერთხელ ჰკითხეს [ღ...   Sep 8 2015, 11:25 PM
marine   „განგრძობილი მარხ...   Sep 9 2015, 11:30 AM
marine   "როცა კაცი შინაგა...   Sep 9 2015, 08:19 PM
marine   "ერთხელ მამა გაბრ...   Oct 9 2015, 12:40 PM
marine   "პურის საწყაო კი ...   Oct 9 2015, 09:00 PM
marine   “სიყვარულის საქმე ...   Oct 9 2015, 09:13 PM
marine   "აღვსებული იყო მა...   Oct 19 2015, 11:16 PM
marine   "ქანცგამცლელი მა...   Nov 3 2015, 08:54 PM
marine   "როდესაც ვმარხულ...   Nov 7 2015, 10:41 PM
marine   "ჯობია, ენას აღვი...   Nov 9 2015, 07:30 PM
marine   "უმაგალითო იყო მი...   Nov 18 2015, 06:49 PM
marine   "ყოველგვარი სახი...   Nov 18 2015, 07:04 PM
marine   „თუ კაცი მას სულის ...   Nov 18 2015, 08:48 PM
marine   "სხვა მრავალრიცხ...   Nov 24 2015, 10:29 PM
marine   მარხვა დაიწყო... მა...   Nov 26 2015, 11:12 PM
marine   ,,მარხვით, რამდენსა...   Nov 28 2015, 09:54 PM
marine   "ჭამაც ჩვეულებაზ...   Dec 10 2015, 09:00 PM
marine   "საჭმელზე უნდა თქ...   Dec 12 2015, 10:10 PM
marine   "შიმშილი საუკეთე...   Dec 13 2015, 11:01 PM
marine   "ხოლო ვინც გონივრ...   Dec 16 2015, 10:54 PM
marine   "ყოველგვარ საცდუ...   Dec 22 2015, 09:35 PM
marine   "ეშმაკი ახლო მეგო...   Dec 29 2015, 12:51 PM
marine   "მარხვა მაღალი"   Jan 11 2016, 08:08 PM
marine   "ეს დიდი მარხვა უ...   Mar 5 2016, 09:32 PM
marine   "უფალს ვთხოვ, მარ...   Mar 9 2016, 10:53 PM
marine   "დიდი მარხვა - ზეი...   Mar 11 2016, 12:10 PM
marine   "მარხვის უვნებელ...   Mar 26 2016, 11:01 PM
marine   "გისურვებ, დიდი მ...   Aug 12 2016, 10:46 PM
marine   "ჩუმი სიხარულით ვ...   Jan 29 2017, 01:26 PM
marine   "დიდმარხვის პირვ...   Feb 1 2017, 05:01 PM
marine   "დიდ მარხვაში ისი...   Feb 2 2017, 11:09 AM
marine   "როცა დიდმარხვის ...   Feb 2 2017, 09:39 PM
marine   + + "ვიდრე შევუდგე...   Mar 8 2017, 10:33 AM
marine   "დღესასწაულის მო...   Apr 5 2017, 10:28 AM
marine   "ესთიგმენუს მონა...   Apr 17 2017, 11:24 AM
marine   "კლარჯეთის ყველა ...   Jul 22 2017, 10:59 AM
marine   "ნეტარი ავგუსტინ...   Aug 11 2017, 12:16 PM
marine   "ტოლედოს მე-8 კრებ...   Aug 12 2017, 11:23 PM
marine   "ძველ აღთქმაში, ა...   Aug 13 2017, 04:20 PM
marine   "მარხვებში (განსა...   Aug 14 2017, 12:42 PM
marine   "უკვე იწყება მარხ...   Aug 21 2017, 06:42 PM
marine   "თითოეული მონაზო...   Sep 1 2017, 09:05 AM
marine   "მარხვის ბოლო კვი...   Dec 30 2017, 10:22 AM
marine   + + "დიდი მარხვის დ...   Feb 5 2018, 07:19 PM
marine   "წლითიწლობით ერთ...   Feb 13 2018, 07:31 PM
marine   მიტევების კვირა ...   Feb 16 2018, 08:45 PM
marine   "და რამდენადაც გუ...   Feb 17 2018, 10:54 AM
marine   "შეეცადეთ, ამ მარ...   Feb 18 2018, 08:53 PM
marine   "შენდობა იმას უნდ...   Feb 18 2018, 09:08 PM
marine   "ძალიან ძნელია მი...   Feb 20 2018, 09:29 AM
marine   "ყველას გვყავს ად...   Feb 24 2018, 09:37 AM
marine   "დიდმარხვის წინ, ...   Mar 17 2018, 10:50 AM
marine   "სამწუხაროდ, გაის...   Jul 18 2018, 09:36 PM
marine   "ღვთის წყალობით, ...   Aug 3 2018, 06:50 PM
marine   "დიდი მარხვაც მალ...   Feb 16 2019, 03:22 PM
marine   "მარხვისათვის მო...   Feb 25 2019, 07:54 PM
marine   "ბედნიერი მარხვა ...   Mar 17 2019, 02:03 PM
marine   "ხვალ იწყება დიდი...   Mar 19 2019, 03:36 PM
marine   "დაკვირვებული ვა...   Apr 23 2019, 03:32 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 11:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი