IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ეროვნული და სარწმუნოებრივი იდენტობა, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე - კულტურა და ეროვნული მისია
Georg
პოსტი Nov 21 2006, 11:34 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

კულტურა და ეროვნული მისია

(სიტყვა წარმოთქმული კონფერენციაზე "ეროვნული და სარწმუნოებრივი იდენტობა", 4. X. 2004)

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,

ბატონებო, ღვთის უდიდესი მადლით, ქართველ ერს დღეს-დღეობით გააჩნია თავისი ეროვნული სახელმწიფო. ეს მოვლენა ჭეშმარიტად უზენაესის უდიდესი მოწყალებაა. როგორც ცნობილია, ჩვენმა ერმა თავისი ერთიანი სახელმწიფოებრიობა დაკარგა XV საუკუნის ბოლოს. 500 წლის მანძილზე ჩვენ
ფაქტიურად არ გაგვაჩნდა ერთიანი ეროვნული სახლი. ჯერ საქართველო დაიყო პატარ-პატარა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ რეგიონალურ სახელმწიფოებრივ ერთეულებად - ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად, კიდევ უფრო მცირე რეგიონალურ სამთავროებად, რომელნიც თითქმის სამასი წლის განმავლობაში ებრძოდნენ არა მარტო მტერს, არამედ ერთმანეთსაც. საბოლოოდ დაშლილ-დანაწევრებული
ქვეყანა მეზობელმა იმპერიებმა ერთმანეთს შორის გაინაწილეს.

უკანასკნელი ორასი წელი საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ამ დროს შეირყა ეროვნული ცნობიერება, ჩამოყალიბდა კუთხურობა. ქართველებმა იცოდნენ რომ ყველა უბედურების სათავე იყო ქვეყნის დანაწილება რეგიონებად, თითქმის 500 წელი იბრძოდნენ საქართველოს გაერთიანებისთვის,
მაგრამ ვერ შეძლეს.

და აი, ჩვენმა თაობამ უფლისაგან მოიპოვა ეს უდიდესი საბოძვარი, ახდა 500-წლოვანი ნატვრა წინა თაობებისა და გვაქვს ეროვნული სახელმწიფო, რომლის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.

საქართველო, ვითარცა დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩაერთო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. დღევანდელ მსოფლიოში გლობალიზაცია წარმოადგენს ფაქტს. თანამედროვე ცივილიზაცია, რომელსაც ევროპული ცივილიზაცია უდევს საფუძვლად, მიისწრაფის ძირითადი ტექნოლოგიური საშუალებებით მსოფლიოს ინტეგრაციისაკენ. გლობალიზაციის პროცესი მოიცავს როგორც დიდ, ასევე მცირე სახელმწიფოებსა და კულტურებს. ის საფრთხეს უქმნის ეროვნულ იდენტობას, ერების კულტურულ და ცნობად კავშირს თავის ისტორიულ ფესვებთან.

მსოფლიოს თვით უძლიერესი ერებიც კი ემზადებოდნენ, რათა ღირსეულად დახვედროდნენ გლობალურ პროცესს. ისე ჩართულიყვნენ მასში, რომ მიეღოთ სარგებელი და ამასთანავე არ დაეკარგათ კავშირი ეროვნულ
კულტურასთან და იდენტობასთან. ეს მართლაც დიდებულად შეძლეს იაპონელებმა, ჩინელებმა, თურქებმა, მსოფლიოს სხვა ერებმა. მცირე კულტურის ხალხებმა კი ვერ გაუძლეს ამ პროცესს. აფრიკისა თუ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო ენა არის არა მშობლიური, არამედ უცხო ენა-ინგლისური თუ ფრანგული. ამიტომაცაა, რომ მათ ვერც კულტურის შენარჩუნება შეძლეს და სხვა ცივილიზაციის ნაწილად იქცნენ.

როგორ უნდა შევხვდეთ ჩვენ ქართველები ამ გარდაუვალ პროცესს, ერთიანი კულტურით, უნიტარული სახელმწიფოებრიობით თუ რეგიონებად დაყოფილი ქვეყნით?

ამჟამინდელ მსოფლიოში მიმდინარეობს თანამედროვე ერების ჩამოყალიბების გამალებული პროცესი. ჩემი თაობის თვალწინ ასობით ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. XX საუკუნის 50-60-იანი წლებიდან აფრიკასა და
აზიაში კოლონიურმა სისტემამ თითქოსდა ელვისებურად ადგილი დაუთმო ახალ სახელმწიფოებს, თანამონაწილენი ვართ რუსეთის საბჭოთა იმპერიის დაშლისა სხვადასხვა სახელმწიფოებად. დედამიწაზე მშვიდობისა დასტაბილურობისათვის თანამედროვე მსოფლიოს სახელმწიფო სამართალი აღიარებს ასეთ პრინციპს: - "ერთი ერი - ერთი სახელმწიფო". რას ნიშნავს ეს?

ქვეყნის დომინანტმა ერმა უნდა შეძლოს თავისი ენა და კულტურა განავრცოს მთელ სახელმწიფოში, მისცეს მის სახღვრებში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსებს თავისი კულტურული იერსახე, საბოლოოდ კი ჩამოაყალიბოს ისინი ქვეყნის ერთგულ მოქალაქეებად. სახელმწიფო იმ ხალხისა, რომელიც ერად ვერ აყალიბებს თავისი ქვეყნის მოსახლეობას, არა აქვს უნარი მოქალაქეთა ერთობად გარდაქმნას ქვეყნის სხვადასხვა წარმოშობისა თუ კონფესიის პირი, ანდა არ შეუძლია იყოს მაკონსოლიდირებელი ძალა თავის ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა, იშლება ნაწილებად, სხვადასხვა ტერიტორიებად და სახელმწიფოებად.

ამიტომაც შესაბამის ლიტერატურაში ზოგჯერ ისმის კითხვები, მაგალითად, რა ელის ირანს, თუ სპარსი ხალხი ერთიან ერად ვერ ჩამოაყალიბებს ირანში მცხოვრებ არასპარს მილიონობით მოქალაქეს? მსგავსადვე ფიქრობენ ერაყისა და სხვა სახელმწიფოთა შესახებაც, სადაც ძირითადმა ხალხმა ვერ შეძლო ერთიან ერად გადაექცია ქვეყნის ყველა მცხოვრები. ასეთივე თვალსაზრისი ზოგჯერ გამოითქმის რუსეთის მიმართაც. ამ საშიში ზონიდან თურქეთი XX საუკუნის 20-იანი წლებიდან გამოიყვანა ქემალ ათათურქის რეფორმამ და სახელმწიფო პოლიტიკამ, რომელმაც შეძლო ყოფილი ოსმალეთის სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და კონფესიის ადამიანი გადაექცია ერთიანი თურქეთის მოქალაქეებად, თურქული ენითა და კულტურით. თურქმა ხალხმა XX საუკუნეში შეძლო თურქი ერის ჩამოყალიბება ანუ სხვადასხვა ეთნოჯგუფებისა და კონფესიის მოსახლეობის ერთიან ერად (ეროვნულ ერთობად), ნაციად გადაქცევა.

როგორც ითქვა, იმ სახელმწიფოთა საზღვრებს შიგნით, რომელიც ცნო მსოფლიო თანამეგობრობამ, მიმდინარეობს თვისობრივად ახალი ერების ჩამოყალიბება. მაგალითად, ინდონეზია ისტორიულად დასახლებულია სხვადასხვაენოვანი, სხვადასხვა წარმოშობის უამრავი ტომით, რომელნიც ამჟამად ახალ ინდონეზიელ ერად ყალიბდება ერთი ენითა და ერთი კულტურით. მსოფლიოში ათობით ასეთი ახალი ერი-სახელმწიფო ყალიბდება.

უფალმა ღმერთმა ინება კაცობრიობა აეშენებინა ერებისა და სახელმწიფოების სახით, ისტორიულად ცივილიზებული დედამიწა მუდამ სახელმწიფოებად იყო დაყოფილი, სახელმწიფოებს ერები ქმნიდნენ და, როგორც ითქვა, კაცობრიობის მთელი ისტორია ერებისა და სახელმწიფოების ისტორიაა, რომელსაც მათი ერთიერთობანი ქმნის. აქედანაც ჩანს, რომ ერები და სახელმწიფოები ღვთის ნებითაა შექმნილი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერისახელმწიფოები კარგი მასალაა კაცობრიობის დიადი მშენებლის ხელში, აქედან ალბათ გამომდინარეობს კიდეც ერებისა და სახელმწიფოების მისია. მაგალითად, ბერძენი ხალხი მიიჩნევს, რომ მან თანამედროვე კაცობრიობის კულტურასა და ცივილიზაციას დაუდო საფუძველი, ევროპელი ერები თავიანთ მისიად მიიჩნევენ - უფრო კულტურული და სამართლიანი იყოს მსოფლიო. სხვა ერებს თავიანთ მისიად მიაჩნიათ იზრუნონ ადამიანის უფლებების დასაცავად მთელ მსოფლიოში.

რა მისია აქვს ამჟამად ქართველ ერს?

რა მისია უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელმაც 200 წლიანი კოლონიური ჩაგვრის უღელი გადაიგდო და ამის გამო ჯერჯერობით ძალზე სუსტი სახელმწიფო აქვს? ამ კითხვის პასუხი ალბათ ასეთი შეიძლება იყოს - ქართველი ერის უპირველესი მისია ამჟამად არის განამტკიცოს თავისი სახელმწიფო, რისთვისაც საჭიროა რომ იგი ჩამოყალიბდეს ვითარცა თანამედროვე ერი-ნაცია.

მან უნდა შეძლოს მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საქართველოს საზღვრებს შიგნით მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და კონფესიის მოსახლეობის საქართველოს მოქალაქეებად ანუ ერად ჩამოყალიბება. თანამედროვე ერად ჩამოყალიბების შემდეგ კი, როცა ის უკვე მიიღებს თავის სახეს, უფალი ღმერთი მას, ისევე როგორც სხვა ერებს, გამოიყენებს მსოფლიოს ცივილიზაციის მშენებლობის დიად საქმეში. იქამდე კი, როგორც ითქვა, თანამედროვე ერად, ნაციად ჩამოყალიბება უნდა იყოს საყოველთაო საზრუნავი. ისმის კითხვა, არსებობს თუ არა საშუალებანი ამისა?

დიახ, თანამედროვე მსოფლიოს სახელმწიფოთა გამოცდილების მსგავსად ორი უმთავრესი მოთხოვნილების შესრულებაა საჭირო. ესენია:

1) ქართველი ხალხის შიდა კონსოლიდაციის დაჩქარება,

2) საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაცია
ერთიან სახელმწიფოში.

ჩვენს მეზობელ თურქეთში XX საუკუნის დასაწყისში თურქთა ეროვნული კონსოლიდაციის დასაჩქარებლად იღვწოდა თურქ ინტელიგენტთა საზოგადოება. მათ დაამკვიდრეს თურქულ საზოგადოებაში თანამედროვე ერის ცნება. მალე ეს საზოგადოება გადაიქცა თურქეთის მმართველ პარტიად, რომლის წესდების თანახმად გარკვეული განსხვავებაა იმ ერებს შორის, რომელნიც წარსულში არსებობდნენ და თანამედროვე ერებს შორის.

თანამედროვე ერების ჩამოყალიბების პროცესი იწყება ფეოდალური დანაწევრების დაძლევის, ერთიანი
ცენტრალიზებული, ნაციონალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებით, ერთიანი საერთო შიდაეკონომიკური ბაზრის შექმნითა და შიდაეთნიკური საზღვრის მოშლით. ყოველივე ეს ეთნოჯგუფებსა და ეროვნებებს ერთიან ერად ჰკრავს (ო. გიგინეიშვილი, "ნაციონალიზმის ქემალისტური დებულება", კრებულში "მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორია", თბ. 1983, გვ. 145-146). ო. გიგინეიშვილი აღნიშნავს: "თურქეთში ნაციონალიზმის დებულება გულისხმობს ეროვნული სახელმწიფოს შექმნას, რომლის საფუძველი იქნება თურქი ერი, სწორედ იმ პრინციპით "ერთი ერი - ერთი სახელმწიფო" იქმნებოდნენ თანამედროვე საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ჰოლანდია, ესპანეთი და სხვა. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ევროპის სახელმწიფოები, რომლებსაც ეროვნულ სახელმწიფოებს უწოდებენ, მართლაც ერთფეროვანნი არიან" (იქვე, გვ.146).

ევროპის სახელმწიფოების მოწყობის სისტემის შესაბამისად თურქეთში რეფორმების გატარებამ საფუძველი შეუქმნა თურქეთის სახელმწიფოს დაარსებას და თურქი ხალხის სახელმწიფოებრივ კონსოლიდაციას. მსგავსადვე მოხდა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია ბულგარელებისა, რუმინელებისა, ბერძნებისა და სხვა ხალხებისა.

ამ კუთხით თუ შევხედავთ, სამწუხაროდ საქართველო (ალბათ ჯერჯერობით) უფრო ემსგავსება კონგლომერატს კონფესიურად, კულტურულად, ლინგვისტურად და, რაც მთავარია, ეთნიკურად ერთმანეთისაგან დაშორებული მოსახლეობისა. აი, სწორედ ამ ხალხების გადაქცევაა საჭირო თანამედროვე ერთიან ერად, ისევე როგორც ეს მოახერხეს ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფოებმა.

საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ხალხების ინტეგრაცია არ გულისხმობს იმას, რომ ვთქვათ, მაგალითად, აზერბაიჯანელები ქართველ ეთნიკურ ჯგუფად გადაიქცევიან, არამედ იმას, რომ ისინი შეინარჩუნებენ შიდა ეთნიკურ თავისთავადობას, მაგრამ საქართველოს თანამედროვე ერის ნაწილად იქცევიან ქართული ენის ცოდნით, საქართველოს საკუთარ სახელმწიფოდ აღიარებით, მისი კულტურის მატარებლობით, მის სრულფასოვან მოქალაქეებად გადაქცევით.

რა უშლის ხელს საქართველოს ხალხების ინტეგრაციას?

- ერთიანი კულტურის არარსებობა. კულტურა ხალხთა გამაერთიანებელი უდიდესი ძალაა, საფუძველია ერთობისა. სახელმწიფოებრიობასთან, საერთო მოქალაქეობასა და სამართალთან ერთად საერთო ქართულმა კულტურამ უნდა შექმნას სამომავლოდ საქართველოს ერის იერსახე და მისი მთლიანობის ნიშნად იქცეს.
საქართველოს ნაციას უნდა ჰქონდეს კულტურული ერთობის განცდა.

ძველად, XIX საუკუნემდე, ქართული კულტურა აერთიანებდა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხებს. გრიგოლ რობაქიძე თავის "გველის პერანგში" ასეთ ამბავს აღწერს. სპარსეთში - ერთ-ერთ ბაღჩაში ქეიფია, ქართველების სუფრასთან ახლოს სომხებს აქვთ სუფრა გაშლილი, სომხები ქართულად საუბრობენ, ადღეგრძელებენ თამარსა და დავით აღმაშენებელს, ამბობენ "ჩვენი თამარი", "ჩვენი მეფე დავითი", საქართველოს ადიდებენ. ეს კი იქვე მოქეიფე ქართველებს უკვირთ. ნ. მარის სიტყვითაც, XIX საუკუნემდე, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე, ქართული ენა იყო კავკასიის ხალხებისათვის ერთაშორისი ურთიერთობის ენა.

ქართული ენით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს დაღესტნელი დიდოელები და ჭარბელაქნელი (აზერბაიჯანელი) ლეკები, ქართული ენა იცოდნენ ჩეჩენი და ადიღეველი ხალხების დიდებულებმა, საქართველოში მცხოვრებმა მუსულმანების შესაბამისმა ფენებმა.

სამწუხაროდ, რუსთა 200-წლიანი ბატონობის შედეგად ამჟამად ქართულმა ენამ და ქართულმა კულტურამ საქართველოშივე დაკარგა ერთაშორისი ურთიერთობის ფუნქცია. ფაქტიურად საქართველოში ამჟამად არსებობს რამდენიმე ტოლხარისხოვანი კულტურა. ესაა ქართული, რუსული, სომხური და სხვა ეთნოსების კულტურები.

ყველა ისინი, რუსულის გარდა, თავის ეთნოჯგუფებში არსებულ ჩაკეტილ სისტემებს წარმოადგენენ. მხოლოდ რუსული კულტურა აერთიანებს საქართველოში არსებულ სხვადასხვა კულტურებს. მაშასადამე, ქართული კულტურა კი არ ფარავს სრულიად საქართველოს, არამედ უცხო, სხვა ერის კულტურა, როგორც ითქვა, ესაა რუსული კულტურა. შესაბამისად რუსული ენა საქართველოში წარმოადგენს ერთაშორისი ურთიერთობების საშუალებას. ესაა ეროვნული ტრაგედია, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი შემაფერხებელი მიზეზია საქართველოს ხალხების ინტეგრაციისა ერთიან ერ- სახელმწიფოდ (სამწუხაროდ ამ ტრაგედიის განცდა თითქმის არა აქვს ჩვენს საზოგადოებას) აი, როგორ გადაჭრეს მსგავსი ვითარება ჩვენმა მეზობლებმა.

ქემალ ათათურქის და რეფორმატორების მიზანი იყო მოეშორებინათ ოსმალეთის იმპერიული მემკვიდრეობა, რომელიც ხელს უშლიდა თურქი ერის კონსოლიდაციას. ამიტომაც მათ თავდაპირველად არა ეკონომიკასა და მრეწველობას მიაპყრეს ყურადღება, არამედ კონსოლიდაციის უპირველეს იარაღს - ენას, კულტურას, ნაციონალიზმს. ო. გიგინეიშვილი წერს - "ოსმალური ენა ყოფილი იმპერიის ანუ მმართველი ზედაფენის ენა განსხვავდებოდა ეროვნული თურქული ენისაგან. ამიტომაც რეფორმატორებმა ყურადღება მიაპყრეს თურქულ ენას, მის განვითარებასა და სახელმწიფოში გავრცელებას, რათა თურქულ ენას მინიჭებოდა პრიორიტეტი ძველი იმპერიის ენასთან შედარებით '. რეფორმატორთა მიერ ოსმალეთის იმპერია განიხილებოდა, ვითარცა კოსმოპოლიტური (არაეროვნული) სახელმწიფო. ახალ თურქეთში თურქული ენა და კულტურა დაუპირისპირდა ძველ იმპერიულს (ოსმალურს).

ერთმანეთს დაუპირისპირდა ოსმალური და თურქული ლიტერატურა, ოსმალური და თურქული მუსიკა, ოსმალური და თურქული მორალი. ფილოსოფია, ეკონომიკური დოქტრინები, ყველაფერი ოსმალური გამოცხადდა კოსმოპოლიტურად, თურქული - ეროვნულად, ნაციონალურად. ასე ყალიბდებოდა თანდათანობით ეროვნულისა და ნაციონალურის გაგება ' (ო. გიგინეიშვილი, დასახ. ნაშრ. გვ.149). რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო? თურქი ნაციის ჩამოსაყალიბებლად, რათა ის გამკლავებოდა მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესს. როგორც ო. გიგინეიშვილი წერს "რათა თურქეთს საშუალება მისცემოდა გამკლავებოდა ევროპის მოძალებას, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის მეშვეობით გაძლიერდა, თურქეთის წინაშე უპირატესობა მოიპოვა და გადმოვიდა მის წინააღმდეგ"(იქვე, გვ.148).

რა შეიძლება ვისწავლოთ ჩვენი მეზობლის მაგალითით? ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენი სახელმწიფოს დასაყრდენის - ქართველი ხალხის კონსოლიდაციის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად წარსულის იმპერიული მემკვიდრეობის დაძლევა ანუ საქართველოში რუსული კულტურის ქართული კულტურით გადაფარვაა საჭირო! თურქეთში, როგორც ითქვა, კოსმოპოლიტურად, ე.ი. არაეროვნულად მიიჩნეოდა ოსმალეთის იმპერიის ენა, კულტურა, წეს-ჩვეულებები, რომელთაც ებრძოდნენ იმით, რომ დაურიდებლად აძევებდნენ საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროდან და მათ ნაცვლად ამკვიდრებდნენ ეროვნულს.

ჩვენში ძველი იმპერიის ენის ე.ი. რუსულის მიმართ შესაბამისი მიდგომები უნდა შემუშავდეს. ზემოთმოყვანილი დევიზის პერიფრაზა ალბათ ასეთი უნდა იყოს -"ქართულ ენასა და კულტურას საქართველოში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს რუსულთან შედარებით", იგულისხმება მთელი საქართველოს მოცვა ქართული კულტურით, ენით, ლიტერატურით, მუსიკით, მორალით, ფილოსოფიით, ეკონომიკური დოქტრინებით. ყველაფერი რუსული უნდა გამოცხადდეს იმპერიულ-კოლონიალურ ნაშთად, რომელიც აფერხებს საქართველოს სხვადასხვა ხალხების ინტეგრაციას. ამით არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, რადგანაც სწორედ ეს გზა აქვთ არჩეული ჩვენს ყველა მეზობელ ერს. მაგალითად, XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთში ფრანგული ენისა და კულტურის მომხმარებელმა ზედაფენებმა ნაპოლეონის ომების შემდეგ უარყვეს ფრანგული ვითარცა დამპყრობლის ენა და კულტურა, რომლის ადგილი ნაციონალურმა (რუსულმა) დაიჭირა. ქართული ენის გავრცელებას ძველ საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საქართველოდ ის ტერიტორია მიიჩნეოდა, სადაც ქართული ენით ადიდებდნენ უფალს და ქართული ენით ლოცულობდნენ.

დღეს მსოფლიოში მსგავსი პრობლემების გადაჭრა დაკისრებული აქვს მასმედიას, მასობრივ კულტურას, ტელევიზიას, განათლების სისტემებს. საყოველთაო განათლება-სკოლები საქართველოში უნდა იყოს ქართულენოვანი, ამის მიღწევა ალბათ ჯერჯერობით ძნელია, მაგრამ ტელეპროგრამები საქართველოში უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქართულეროვანი. არ შეიძლება სახელმწიფო და ქვეყნის მომცველი ტელეარხები გადასცემდნენ რუსულენოვან ფილმებსა და პროგრამებს, ეს სხვა ქვეყნებში წარმოუდგენელია.

საქართველოს სამხრეთ რეგიონებში - ესაა ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და სხვა რეგიონებშიც ტელევიზია ძირითადად რუსულენოვანია, ქართული ენა გაძევებულია რუსული, სომხური და აზერბაიჯანული (თურქული) ენებით. თბილისის თვით I სახელმწიფო არხიც კი(აქ მეუფე საუბრობს დღევანდელ საზოგადოებრივ ტელევიზიაზე, ხაზგასმა ჩემია.) - რუსულენოვან ფილმებს აჩვენებს არცთუ იშვიათად, როგორც ითქვა, ეს სხვა ქვეყნებში - წარმოუდგენელია. სხვა სფეროშიც თითქმის ასეთი ვითარებაა, გაიარეთ რუსთაველის პროსპექტზე და თქვენ იხილავთ გასაყიდი წიგნების უწყვეტ თაროებს - მაგრამ აი, საოცრება, ესაა ძირითადად რუსულენოვანი წიგნები, საქართველოს არც ერთი, არც სახელმწიფოებრივი და არც კულტურული ფენები ამას არც კი განიცდიან, იმდენადაა გამსჭვალული რუსული კულტურით საქართველოს საზოგადოებრივი სფერო - რუსული ენისა თუ წიგნების ეს ბატონობა შეუმჩნეველიც კი რჩება. ამის შედეგია ის, რომ არა თუ არაქართული ეთნიკური წარმომავლობის, არამედ თვით ქართველი ბავშვებიც კი საქართველოს ტელევიზიიდან სწავლობენ რუსულ ენას, ითავისებენ რუსულ კულტურას. ამის შედეგი იქნება საქართველოს ვითარცა არ შემდგარი კულტურის სახელმწიფოს დაშლა-დანაწილება, რადგანაც ვერ გაავრცელა თავისი ეროვნული კულტურა და ახალ ეპოქაში, თანამედროვე
ვითარებაში ვერ დაიცვა სულიერი ეროვნული ღირებულებები.

მართალია, XX საუკუნეში უფალმა აღუდგინა თავისუფლება, მაგრამ თავისი ჯვარი ვერ მიიტანა ბოლომდე, ვერ ჩამოყალიბდა ნაციად და ამით ვერ გახდა მკვიდრი ამქვეყნიური მომავალი დიდებისა. უფალმა მოგვცა ჩვენი სახელმწიფო, ეროვნული ეკლესია, უძველესი კულტურა, ენა, ჩვენ მხოლოდ ერთი მოვალეობა დაგვაკისრა - მათი დაცვა, განმტკიცება და განვრცობა.

საქართველოს წმიდა ეკლესია ისტორიულად, ათასწლეულთა მანძილზე, იყო ქართული კულტურის შემოქმედი და მისი გამავრცელებელი მთელს კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში. როგორც ითქვა, საქართველოდ იწოდებოდა ვრცელი ქვეყანა, სადაც ქართული ენით იდიდებოდა უფალი ღმერთი და ყოველგვარი საზოგადოებრივი საქმე აღესრულებოდა.

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის დროს ეკლესია კვლავ იბრუნებს ამ ფუნქციას. ქართული კულტურის განვრცობა და ცენტრალიზებული სახელმწიფოს აღორძინება ჩვენი ხალხის მოვალეობად და ღირსების საქმედ უნდა იქცეს უფლის შემწეობით, ამინ.

კულტურა და ეროვნული მისია
დასასრული


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 04:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი