მთვარისა კერესელიძე, პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მთვარისა კერესელიძე, პოეზია |
მოაზროვნე |
Dec 2 2010, 11:27 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,725 |
მთვარისა კერესელიძე
მიძღვნა უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია II-ს. დაბადების 61-ე წლისთავზე თქმული ლექსი სამოცდაერთი რა არის წელი მსახურო ერის, მსახურო მრევლის, ჯერ ღვთაებრივი საქმენი გელის, სამოცდაერთი რა არის წელი! შენი მირონით უნდა შემოსო, ჯერ მრევლისათვის აქ უნდა ენთო... მამულისათვის უნდა ილოცო იმ ტაოელთა სულის ნაღვენთო! რამეთუ ღმერთმა ასე ინება, ზეცით ღვთის მადლი მოგეფინება... მამულისათვის ანთია კვარი, მამულისათვის - გეწეროს ჯვარი! რამეთუ ქვეყნად ვიშვით, მოვედით ზოგი ლოცვად და, ზოგიც ღვთაებად, ნათლით მოსილა ძელი - ცხოველი და უკვდავება - დგას სვეტიცხოვლის მაღალ კარებთან და ზენაარის ეფინება მცხეთას ნათელი, იწვის დიადი კელაპტარიც, მცირე სანთელიც... რამეთუ ღმერთმა ასე ინება, შენში ღვთის მადლი მოედინება, დაამწყალობო კვლავ უნდა ერი, დაამწყალობო კვლავ უნდა მრევლი... კვლავ შენი მადლი მოეფინოს უნდა სიონსაც; შენი ნათელი აფენია ზედაზენს, ხერთვისს და როცა ღამე ეძინება კავკასიონსაც, შენი ლოცვაი ღვთაებრივი ზენაარს ერთვის... შუბლი ნათელი გამოჩნდება აღსავლის კართან, მიიმალება მაშინ, მჯერა, სადღაც არესიც. და დგას ტაძარში გადარჩენილ იმედის კალთად უწმინდესი და... უნეტარესი! ჯერ კიდევ ბევრი... ჯერ კიდევ ბევრი... ჯერ კიდევ ბევრი... ერი და მრევლი, ერი და ბერი შემოგყურებს ვითარცა იმედს, ჯერ კიდევ... ჯერაც გოლგოთამდე ჯვარია მძიმე, ჯერ კიდევ... ჯერაც, მეც იმედი ლამპრად მინთია. მწყემსი კეთილი - საით მღერის, ბერო მინდიავ? მწყემსი კეთილი - გააღვიძებს იმერ-ამიერს... მრევლს მოუხმობდე ჯადოსნური შენი კვერთხით და... ერს მიუძღოდე მრავალჟამიერ! მთვარისა კერესელიძე სად მიდიოდით, წმინდა მამანო? სად მიდიოდით, წმინდა მამანო? თქვით, რა გინდოდათ პალესტინას, იერუსალიმს, ათონს, პეტრიწონს, ანტიოქიას, ანდა კვიპროსზე რომ აგებდით წმინდა ღალიას, რად არ ააგეთ ეს ტაძრები ქართულ მიწაზე? თუ უცხოეთის უცხო მიწა თქვენად იწამეთ, მაშინ რა არის მადლი ჩვენი ქართული მიწის, მაშინ რა არის მადლი ჩვენი ქართული პურის, ანდა რა არის მაშინ მადლი ჩვენი ღვინისა?.. იქნებ გეგონათ, რომ ეს მიწა ვერ დაგიტევდათ, უცხოეთისკენ გაჰყევით გზასა? - რას ვამბობ, რასა??? თქვენ საქართველო გაიტანეთ ჩვენი მთებიდან, აჩვენეთ სხვასა, წმინდა მამანო, ზეცის მადლი თქვენს კეთილ გზასა! 1968 წლის იანვარი მთვარისა კერესელიძე სვეტიცხოველთან ისევ და ისევ, ისევ და ისევ, კვლავ სალოცავად ვდგავარ შენს კართან. ისევ და ისევ, ისევ და ისევ მფარავდეს შენი მოწყალე კალთა, რას გთხოვ? - არაფერს, უფალო ჩემო, ჩემი შვილების სიკეთის გარდა. ისე, ვითარცა მაღალი ღმერთი მინათებს ეზოს და გზებს საესავს, ნათელი ედგას სიონს და ხერთვისს და ყველას, ვინაც შენთვის დაეცა... გარს მახვევია ყველა ლტოლვილი, ყველა შორეულ გზებით მოვლილი, ყველა მშიერი, ყველა ეული, ყველა ჩემსავით ჩამოხეული... ვიცი, იოლი არ არის შენთვის, ყველას სწყალობდეს სიკეთის ღმერთი, მაგრამ ეს ერთიც, მაგრამ ეს ერთიც გამონაკლისი დაუშვი ჩვენთვის... ნუთუ ვერ ხედავ, შენთვის უმწეო სისხლს ღვრიან შენი საბრალო ძენი თუ ძალა შეგწევს, სიკეთე ქენი, თუ ძალა შეგწევს, სიკეთე ქენი, შეგვინარჩუნე მამულის ბჭენი! თუკი ჩემი ხმა საითმე გესმის, გვეყოს ამდენი შხამი და გესლი, დაუფიქრებლად წარსულს რომ ესვრის, დაუფიქრებლად მამულს რომ ესვრის, ჩამოგვაშორე ეს უცხო თესლი! ისევ და ისევ, ისევ და ისევ, კვლავ სალოცავად ვდგავარ შენს კართან, ისევ და ისევ, ისევ და ისევ მფარავდეს შენი მოწყალე კალთა, რას გთხოვ? - არაფერს, უფალო ჩემო, ჩემი მამულის სიკეთის გარდა! 1994 მთვარისა კერესელიძე ალავერდს, ილორს, ლომისას ალავერდს, ილორს, ლომისას, წმინდა გიორგის საყდარს, იმ შენი პატარობისა ნაფეხურები აჩნდა. იმ შენი პატარობისა კვლავ სურვილები მწველი, ალავერდს, ილორს, ლომისას გეძახის, გიხმობს, გელის. ალავერდს, ილორს, ლომისას შენი ბავშვობის ხმა ესმის, ალავერდს, ილორს, ლომისას გეძახის უზენაესი. ალავერდს, ილორს, ლომისას წმინდა გიორგის საყდარს, ალავერდს, ილორს, ლომისას ნეტავ რა ხდება ახლა? ალბათ ტაძარზე ჰკიდია სული, რაითაც გწამდი, იქ, სადაც ბონდის ხიდია გაკიდებული ცამდის... ალავერდს, ილორს, ლომისას ნეტავი ახლა რა ესმის, ალავერდს, ილორს, ლომისას გეძახის უზენაესი. 1994 წელი მთვარისა კერესელიძე ზმანება ჩემს შესახვედრად გამოდიან ბრძენნი მამანი, როს ფანჯარაში აინთება იასამანი და სევდიანი გაქროლებით, ნელი ქარებით თეთრ საუფლოში მივექანები. მდუმარებაა თეთრ საუფლოში, სად მთელი ქვეყნის მწუხარება არა ღირს გროში. მაღალი ქოშით მიმოდის მნათი და სახეებიც მოსჩანან მათი. რა სახეები, ან რა ცვალება, თან მომდევს ჩემი ფერისცვალება ჰაეროვანი, გამჭვირვალე როგორც ზამბახი. ო სახეები, სახეები სადღაც ნანახი და ყველაფერი, ყველაფერი, როგორც ზმანება, მაინც აქეთკენ მოექანება. . . . ჩემს შესახვედრად გამოდიან ბრძენნი მამანი, როს ფანჯარაში იწვის ლურჯი იასამანი. 1977 |
მოაზროვნე |
Dec 5 2010, 12:09 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,725 |
მთვარისა კერესელიძე
დადგება ჟამი ვინ ფსალმუნს მარცვლავს, ვინ რას მოელის, ვინ სასოებით დაფრინავს ურთას, უსასრულოა მწუხრი ყოველი თურმე რჩეულთა. ვინ უფლის სახეს ლოცავს თუბალთა, ესათნოება ღამეგანათევს. ვინღა დაჯდება ჩემს სასთუმალთან, მხოლოდ ლექსები იანდამატებს. თუ საოცარი იელვებს რითმი, ესეც ხომ ხშირად დიდი რამეა, „გამოუცნობი იეროგლიფი თვალდაწინწკლული ბრწყინავს კამეა“. თუ მოდის ჟამი მიწყივ მარები და ზეთისხილის მწიფე რტოებად, სხვა გრიგალების, სხვა გაქანების, შეიმოსება უცხო დროება. ვინ ფსალმუნს მარცვლავს, ვინ რას მოელის, ვინ სასოებით დაფრინავს ურთას, უსასრულოა მწუხრი ყოველი თურმე რჩეულთა. 1969 მთვარისა კერესელიძე ოი ნანა, დიდა ოი, ნანა როცა გზებით და ბრძოლებით დაიღლები, მთიდან მთაზე ნაკადულად მიხმე. ვის უნახავს ქვეყნად ძალით დაკრეფილი ყვავილები, ანდა მტრობით აგებული ციხე. კანდამსკდარი იღიმება ბროწეული, ალუბლები თეთრ ქალწულებს ჰგვანან. ვის უნახავს ვაზი, ძალად მოწეული, ანდა მტრობით აღებული ყანა. ოი ნანა, დიდა ოი ნანა, რას შრიალებ, რას ჩურჩულებ ქარო? მტრობით? ვერა, ვერ მოიმკი ყანას, ვერასოდეს ვერ გალეწავ კალოს. 1970 მთვარისა კერესელიძე წამო წამო, დავესახლოთ ბეთანიას, ცისფერ ენძელათა საუფლოს, წამო, დავესახლოთ ბეთანიას, სადაც მზე უფალთან საუბრობს. აქ მიწის სურნელით გავბრუვდეთ, აქ უფრო ლამაზია საწუთრო. წამო, დავესახლოთ ბეთანიას, ცისფერ ოცნებათა საუფლოს. 1988 |
მოაზროვნე |
Dec 5 2010, 01:04 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,725 |
მთვარისა კერესელიძე დილა ბეთანიისა მთები, მთები, ო, რა მთები და ფერები იისა, რა ლამაზად მობრძანდება დილა ბეთანიისა. მოქნეული ბილიკები,- მთების ნაიარევი; გზას აქ ერთად მივიკვლევდით, დღეს სად დაიარები? მთებზე ნისლი მიბალახობს, სუსტი, გაუბედავი. ორბელიანთ სამოსახლოს შევეფეთო ნეტავი. მთები, მთები, ო, რა მთები და ფერები იისა. რა ლამაზად მოგრძანდება დილა ბეთანიისა! 1968 მთვარისა კერესელიძე გელათის იები თამარის თვალებს შეუპყრიათ ფიქრი ყოველთა, აქ ნაზი ია სავანებელს ვითა ჰპოებდა, გალავნის ჩრდილებს შეფარვია და ჩუმად უმზერს, ვით აბიჯებენ სამარეს გულზე. . . . მერე უმანკო აღავლენს ლოცვას, მიეძინება გალავანში სულიერს როცა. 1964 მთვარისა კერესელიძე თუ იპოვი… მითხარ, საით წამოსულხარ, ენძელავ, რას დადიხარ უკაცრიელ გზაზე?! თუ თამარის სამოსახლოს დაეძებ უკაცრიელ გზაზე, … მწვანე ეტლით მოიარე ბორცვები და იქ, სადმე, ბეთანიის გზაზე, თუ იპოვი საფლავს შოთას ოცნებით და ცრემლებით სავსეს,… … ის იქნება სამოსახლო თამარის. 1963 წელი მთვარისა კერესელიძე კურთხეულ იყავ! ვით მეროჭიკე ბერი ვივლი კარით-კარამდის, კურთხეულ იყავ, საქართველოვ, აწ და მარადის! ზეგარდმო ზეცის უნაზესი მადლი გფარავდეს, კურთხეულ იყავ, საქართველოვ, კარით-კარამდე! შემეგებება ალიონი შენი ქარებით, კურთხეულ იყოს, საქართველოვ, შენი კარები. ტანზე სამოსად სიყვარული მეც შენი მეცვას, კურთხეულ იყოს შენი მიწა და შენი ზეცა. ვით მეროჭიკე ბერი ვივლი კარით-კარამდის, კურთხეულ იყავ, საქართველოვ, აწ და მარადის! 1973 წელი |
მოაზროვნე |
Dec 9 2010, 01:28 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,725 |
მთვარისა კერესელიძე
მედეა ეს ვინ დაიდო ცოდვა ამხელა, ამხელა ცილი რისთვის დაგწამეს, დღეს მოღალატე დედის სახელი ამძიმებს ცრემლით დამწვარ წამწამებს. ფიქრი მაწამებს, დარდი მაწამებს, ამხელა ცილი რისთვის დაგწამეს. წრიალებს შენი დედური სული და სადღაც ცოცხლობს ყრუ სინამდვილე. მისი გამხელით იქნება სულაც, დიდი ტკივილი გაგიადვილო. საუკუნეებს რად ააფარე, კოლხის ასულო, გაშლილი თმები? სადღაც ფათურობს ძველი ზღაპარი, სადღაც ცოცხლობენ ის ლეგენდებიც: – კორინთელები ცოდვიან ხელებს ღმერთს ავედრებდენ, არ შეიწყნარა უფალმა თურმე, მერე ლეგენდა შეგითხზეს მრუმე, შემოგახოცეს ცოდვები თვისი, რომ შვება ეგრძნოთ ცოდვიან სულებს. შემოგახოცეს ცოდვები დიდი, რომელსაც დღემდე ამაოდ ზიდავ, მე მხრები მტკივა შენთან ერთად ამ ცოდვის ზიდვით და რა ხანია, ჩამოხსნა მინდა. ყოველთვის, როცა ნათდება სცენა, არ მასვენებენ მწარე ფიქრები, ქართვლის დედისგან შვილის ღალატი? – როგორ იქნება! ქვას ამოხეთქავს სიმართლე სრული, თუ ბალახების ძალას ახსენებ, – რა უფრო გტკივა, დედური გული თუ გამყიდველი ქალის სახელი? კოლხთ სამრეკლოებს ზარები რეკენ, ეს შენ გიხმობენ, მეფის ასულო, საუკუნეთა ტკივილის შემდეგ ცრუ ტრაგედია რომ დაასრულო. 1970 წელი მთვარისა კერესელიძე ვინ გაპატიებს, იყო კეთილი ჩემი აწმყოთი, ჩემი წარსულით შენს მაღალ კლდეზე ვარ მიჯაჭვული. და შენზე ფიქრი გულ-ღვიძლს მიკორტნის, როგორც მშიერი არწივი ნარბევს, ეს მე ვარ, შენი დარდი იკორთის, ამიყვანეს და... კლდეზე დამაბეს. თუმცა ახლოა ზეცა ძალიან, მიჭირს, დავტოვო ჩემი წარსული. ასე მგონია, ამირანი ვარ, სიკეთისათვის აქ მიჯაჭვული. ძნელი ყოფილა ტანჯვის ატანა, თუ გიფათურებს სულში სატანა; მაგრამ სურვილი თუ დააურვე, რაც უნდა გქონდეს გულს დარჩენილი, ვერა წამება ვერ მოგკლავს, თურმე, თუკი პოეტად ხარ გაჩენილი. ზიზილებისთვის დაობენ კაცნი და ვერ ამჩნევენ, ვხედავ, დანარჩენს. დრო კი, ყოველთა ძლიერი, მკაცრი, დრო საბოლოოს იტყვის განაჩენს. თუმც მაღალ კლდეზე ვარ მიჯაჭვული, მიჭირს შევიგრძნო სიმაღლის განცდა. ვინ გაპატიებს, ზღვარს გადასცილდე და სივრცეებში იფრინო კაცმა. მე დავდიოდი თავაწეული, მხრებს მიწიერი ტკივილი მაწვა. მერე მოვიდა ვიღაც წყეული და სიყვარულის კლდეს მიმაჯაჭვა. მას აქეთ დამდის ცრემლი ღვარებად, მაგრამ ეს ლოდი მაინც ვერ დალბა. სათნოებისთვის, სათნოებისთვის, სათნოებისთვის გამწირეს ალბათ. ვინ გაპატიებს, იყო კედელი, ვინ გაპატიებს, იყო კეთილი. სიკეთისათვის, სიკეთისათვის, სიკეთისათვის ვარ მოკვეთილი. და შენზე ფიქრი გულ-ღვიძლს მიკორტნის, როგორც მშიერი არწივი ნარბევს. ეს მე ვარ, შენი დარდი იკორთის, შენს მაღალ კლდეზე რომ მიმაჯაჭვეს. მთვარისა კერესელიძე თოლიგე წაქცეულ მუხას ფეხი არ დაადგა, თოლიგე! ჩაფერფლილ ბუხარს წყალი არ დაასხა, თოლიგე! წამოჩოქილ ხარს სახრე არ დაარტყა, თოლიგე! დამარცხებულ მტერს მკლავი არ წააჭრა, თოლიგე! ცხოვრება კიბეა და ზიგ-ზაგია, თოლიგე, ზოგნი ადიან და ზოგნი ჩადიან, თოლიგე. მწვერვალზე ახვიდე, - არ გაიკვირვო, თოლიგე, დამარცხდე, - თავი არ დაიტირო, თოლიგე. მაინც ყველაფერი წარმავალია, თოლიგე, დაიმახსოვრე, რაც მთავარია, თოლიგე, - მარადიული მხოლოდ რწმენაა, თოლიგე და რაღაც სულ სხვა აღმაფრენაა, თოლიგე. ... წაქცეულ მუხას ფეხი არ დაადგა, თოლიგე! |
თამარი_ცქნაფო |
Dec 9 2010, 03:57 PM
პოსტი
#5
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ერთი იმის ტურა გამხადა, გავიგო, ვინაა მთვარისა
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მოაზროვნე |
Dec 9 2010, 10:42 PM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,725 |
|
თამარი_ცქნაფო |
Dec 9 2010, 11:08 PM
პოსტი
#7
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
თქვენ მხედველობაში გაქვთ, რომ ბიოგრაფია არ დამიდვია? თუ რამე სახვა? ყოველივე... არაფერი ვიცით მასზე -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მოაზროვნე |
Dec 10 2010, 12:08 AM
პოსტი
#8
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,725 |
|
მოაზროვნე777 |
Jan 15 2011, 12:38 PM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 15-January 11 წევრი № 10,282 |
მთვარისა კერესლიძე
მუნასიბი რა ფერები, ნაფერები ვარდისანი, იისანი, დარიალთან დარახტულან მთანი კავკასიისანი. გადმოჰყურებს თბილის-ქალაქს ნარიყალა და ისანი, მაგრამ თუკი შეიცვალა ცამან ფერი დარისანი, აიშლიან ლომის ფაფარს ალგეთის მგლის გვარისანი და ვერ მოსთვლის იმათ ზღაპარს ვერა ბრძენი და მისანი. ასე მოგვდგამს, და უკუნით ფერი გვადევს დილისანი, კვლავ ცოცხლობენ საუკუნით გამალული თილისმანი. გაგაბრწყინებს, საქართველოვ, საქმეები შვილისანი. რა ფერები, ნაფერები ვარდისანი, იისანი, დარიალთან დარახტულან მთანი კავკასიისანი. 1967 წ. მთვარისა კერესელიძე ერთხელ მეც გავიაპრილებ ახლა წვიმებს თუ აპირებს, მთებს ბიბინა მოლი ფარავს, ერთხელ მეც გავიაპრილებ და სიყვარულს მოვიპარავ. ცის მახლობლად გავშლი კარავს, კარავს ფერად ირაოთა. შემომხედონ შუქშემპარავს და ფიქრები ყირაობდნენ. იდგეს დილა საოცარი აპრილის და ჩემი ნების, უნაზესი ქროდეს ქარი, ქარი იასამანების. ქვაბში ასი დევი მყავდეს, გულში ოქროს ზოდი მქონდეს, მთებზე ნისლი მიცურავდეს და ირმების ჯოგი ქროდეს. უსაზღვროს და უნაპიროს, ცის მახლობლად გავშლი კარავს, ერთხელ მეც გავიაპრილებ და სიყვარულს მოვიპარავ. 1977 წ. მთვარისა კერესელიძე ლერწმის ყელში ჩამასახლეთ გაზაფხულის წვიმა მასვით, ატმის ტოტი დამხურეთო, იის წყალში მაბანავეთ, ვარდის წყალი მასხურეთო. კლდეზე ალმად გადმომფინეთ, ქარში ამაფრიალეთო, ყაყაჩოსთვის მალოცვინეთ, ლექსად ამაბრიალეთო. ვაზის ფესვი მაკოცნინეთ, ვარდის ძირში დამმარხეთო, სამშობლოსთვის მალოცვინეთ, კელაპტრებად ამანთეთო. მამულისთვის მაგალობეთ, ამ მინდვრების ცეცხლით ვიწვი, თორემ მომკლავს სიყვარული ჩემი ცის და ჩემი მიწის. 1987 |
მოაზროვნე777 |
Feb 10 2011, 12:08 PM
პოსტი
#10
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 15-January 11 წევრი № 10,282 |
მთვარისა კერესელიძე
ფარდა დახურულია ძვირფასი ფარდა, ამოქარგული ვერცხლის სირმებით და სურვილები, როგორც ირმები, იმ ფარდას რქებით ეჯახებიან. შეუცნობელის და სინამდვილის ხილვა სწყურიათ უამრავ თვალებს, მერე თანდათან ქრება მანძილი და სცენა არვის აფორიაქებს. იხსნება ფარდა, სხვადასხვა როლებს, ვით ცხოვრებაში, თამაშობს ყველა. ზოგი გვარწმუნებს თავისი ნიღბის სინამდვილეში, ზოგი კი - ვერა. ასე, ჩვენს შორის ჰკიდია ფარდა შეუცნობელის შეცნობის კართან, და იბადება ნიღბების ჩრდილში შეუცნობელის შეცნობის შიში. არავის ვუმხელთ საკუთარ დარდებს, და ვიზეპირებთ როლებს ნიადაგ და ჩვენს სცენაზეც ჰკიდია ფარდა, და თვით ცხოვრებაც სცენას მიაგავს. დედოფლის როლით ამაყობს ზოგი და ზოგს კი ჩრდილავს პატარა როლი. ზოგი თავის როლს გვიან მიაგნებს, ზოგის ვარსკვლავი გვიან ამოდის და ასეც ხდება, როცა იაგო აბესალომის როლში გამოდის. ზოგის არა გვწამს ნათალი ბროლის, ზოგის კი - ბამბის ჩხრიალიც გვჯერა, და ყველას უნდა ოტელოს როლი, თუმცა ოტელო არ არის ყველა. დახურულია ძვირფასი ფარდა, ამოქარგული ვერცხლის სირმებით და სურვილები, როგორც ირმები, იმ ფარდას რქებით ეჯახებიან. მთვარისა კერესელიძე ფიქრები თემურ-ლენგის საფლავთან ჰგავს სიცხისაგან გათანგულ მწევარს შუა აზია, გამაკვირვებს წარსული მე რით? დგას სამარყანდი, მოხატული ათასი ფერით და თემურ-ლენგის საფლავთან ვდგევარ. სარკოფაგიდან დგება ველური და მიზგითები იწყებენ ზრიალს, საქართველოზე მოდის თემური და კვალში მოსდევს მთელი აზია. ჰა, სადაცაა, გადმოდგება ქართლის მთებიდან, დარუბანდის ბჭეს მოადგება ნისლებშებურვილს, აბა, ბიჭებო, წამოდექით საფლავებიდან, საქართველოზე მოდის თემური! რას გვეტყვის ახალს, სასიკეთოს, მხნეს და აზრიანს, ცხენის ფაფარზე ჩაფრენილი კოჭლი აზია? მოერეკება გამალებითა მონღოლურ ცხენებს და დარჩენილ ჭრილობებს იხსნის, და კივის დაჭრილ ყივჩაღივით ტრამალებიდან ტყე-ტყე დაღვრილი, აზიური, ველური სისხლი. ისე ცბიერად მოაკვესებს თვალებს ბრაზიანს, გაჭენებული მოდის აზია! აღარც ლაგამი, ცხენს მიუშვა ძუის აღვირი, სანამ გაჭენდა, სანამ მისწვდა მისი მახვილი, ლეწა, შემუსრა, ამოჟუჟა ვისაც ეკვეთა - თავის ქალათა პირამიდა ტახტქვეშ ეკეთა. ან რად უნდოდათ ველურ ცხენებს მოსართავები? ვრცელი ტრამალი მოაფინა მოჭრილ თავებით. ასე ამაღლდა და დიდებით მაინც ვერ გაძღა, მაინც ვერ დაცხრა, საკუთარ თავს მაინც ვერ სძლია. მთელი აზია მუჭაში ჰყავდა, მაინც სულ სისხლის წყურვილი ჰკლავდა, მაინც უნდოდა, სისხლი ექცია. და რა წაიღო ამა სოფლიდან? რად არ იცოდა, ერთი მუჭა მიწა ჰყოფნიდა?! ჰგავს სიცხისაგან გათანგულ მწევარს შუა აზია. გამაკვირვებს წარსული მე რით? დგას სამარყანდი, მოხატული ათასი ფერით და თემურ-ლენგის საფლავთან ვდგევარ. მთვარისა კერესელიძე მშობლიური სოფლის მონატრება სამარყანდში მეძახდა შენი ბანი და ერდო, სად ჭრაქის შუქი მენთო გლეხურად, სასთუმლად შენი სიზმრები მეგო და ყივჩაღური ღამე მეხურა. . . . ცა აზიური სარკმელში ენთო, მეძახდა შენი ბანი და ერდო. |
მხევალი ნინო |
Feb 10 2011, 12:09 PM
პოსტი
#11
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ვინ არის მთვარისა კერესელიძე? :ძალიან ჩამოვრჩი:
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
თამარი_ცქნაფო |
Feb 10 2011, 03:37 PM
პოსტი
#12
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ვინ არის მთვარისა კერესელიძე? :ძალიან ჩამოვრჩი: რა ვიცი, კი შეგვპირდნენ, მაგრამ მას შემდეგ მრავალმა შაბათ-კვირამ განვლო... -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ნაინა |
Feb 10 2011, 05:26 PM
პოსტი
#13
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
თამარი_ცქნაფო
ციტატა რა ვიცი, კი შეგვპირდნენ, მაგრამ მას შემდეგ მრავალმა შაბათ-კვირამ განვლო... რომელი თვის, ან რომელი წლის შაბათ-კვირასო ეგ არ დაუკონკრეტებია და -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
თამარი_ცქნაფო |
Feb 10 2011, 05:33 PM
პოსტი
#14
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
სამაგიეროდ, მე დავგუგლე და ისეთი შინაარსის პოსტებსაც კი წავაწყდი მეზობელ ფორუმებზე, რომ ეს პოეტი ანას დონისაა, ანა მას თავის მეგობარს თუ საყვარელ პოეტს უწოდებდა, უბრალოდ თავმდაბალია და ისე არ ჩანს, არ უყვარს მხაური და ა.შ. მის ლექსებზე სიმღერებია შექმნილი, მაგალითად, თათარაშვილიც მღერისო. მოკლედ, ვინც მხოლოდ კომპიუტერს არაა მიჯაჭვული, მან იცის ეს ავტორიო...
ჯერჯერობით, სხვა ვერაფერი გავიგე -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ნაინა |
Feb 10 2011, 05:36 PM
პოსტი
#15
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
თამარი_ცქნაფო
ციტატა სამაგიეროდ, მე დავგუგლე და ისეთი შინაარსის პოსტებსაც კი წავაწყდი მეზობელ ფორუმებზე, რომ ეს პოეტი ანას დონისაა, ანა მას თავის მეგობარს თუ საყვარელ პოეტს უწოდებდა, უბრალოდ თავმდაბალია და ისე არ ჩანს, არ უყვარს მხაური და ა.შ. მის ლექსებზე სიმღერებია შექმნილი, მაგალითად, თათარაშვილიც მღერისო. მოკლედ, ვინც მხოლოდ კომპიუტერს არაა მიჯაჭვული, მან იცის ეს ავტორიო... ჯერჯერობით, სხვა ვერაფერი გავიგე მაინც საინტერესო ინფორმაციაა. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
სოფი |
Feb 10 2011, 07:19 PM
პოსტი
#16
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
თამარი_ცქნაფო
ხოო,მეც დავგუგლე და მაგის მეტი ვერაფერი გავიგე. გადავწყვიტე, ისევ თემის ავტორის ბიოგრაფიას დავლოდებოდი :D |
kato_Bato |
Feb 10 2011, 08:21 PM
პოსტი
#17
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
თამარი_ცქნაფო
ვა.. ვნახოთ აბა, კიდომ დასწერემდეთ -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მოაზროვნე777 |
Apr 5 2011, 01:13 PM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 15-January 11 წევრი № 10,282 |
უდიდესი ბოდიშის მოხდით, რომ ვერ მოვახერხე მთვარისა კერესელიძის ბიოგრაფიის დადება. ვერც ახლა ვასრულებ ჩემს დანაპირებს. სამაგიეროდ ვდებ მის ლექსს "იმალებოდა მთვარე ღრუბლებში", რომელიც სწორედ რომ მის ბიოგრაფიულ ცნობებს შეიცავს:
მთვარისა კერესელიძე იმალებოდა მთვარე ღრუბლებში ივლისს უქსოვდა მზე ჭრელ-ჭრელ ფარჩებს, იდგა სურნელი ნაძვის და ფიჭვის. შორს, ბრძოლის ველზე წასულ მამაჩემს ესიზმრებოდა გაჩენა ბიჭის. - მოგილოცავო მეორე ასულს! – სწერდა მას დედა აღელვებული, ბიძას კი, ომში წინა დღით წასულს, იქნება, ახლაც ბიჭად ვეგულვი. აღარ გაშლილა სუფრა ქართული, აღარც ზედი-ზედ თოფმა იქუხა, იდგა სიჩუმე ხმალშემართული, დაჭრილი მკერდი სტკიოდა მუხას. რა სიავკაცის არის ჩამდენი - ორმოცდაორი - ცხელი და ქუში; მე დავიბადე, მაგრამ რამდენი ველზე დაეცა, ალბათ, იმ წუთში და ის დღე დარჩა ორმოცდაორში სამარადისო მოსაგონარად. მე სამი ბიძა დავკარგე ომში და მათ ნაცვლადაც ვეტრფი მომავალს. მე დავიბადე ივლისის თვეში ოჯახის ფიქრად, დარდად, ხალისად; იმალებოდა მთვარე ღრუბლებში, მაინც შემარქვა დედამ მთვარისა. 1962 |
მოაზროვნე777 |
Apr 21 2011, 04:29 PM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 15-January 11 წევრი № 10,282 |
მთვარისა კერესელიძე
დედამან წმინდამ... დედამან წმინდამ შემინახა წმინდად კერია, ქართველს აროდეს სხვა სიმღერა არ უმღერია. ზრდიდნენ დედანი ვაჟკაცებს ლომებრს და არ უკრთოდა სამშობლოი უმძიმეს ომებს. რწმენაი იყო გოდოლ-ბურჯი ქართველის ოდით, ურწმუნო კაცი რაღაია, განვსაჯოთ, მოდით. - რწმენაი არის უზენაეს! - ბრძანა ქეთევან და ვერ შეაკრთო ვერც წამებამ, ვერცა შეტევამ. ვერ შეუცვალეს აზრი დედას ვერარა შანთით, ასე ვიყავით, ვინც ვიყავით, მზესავით ვჩანდით. ზრდიდნენ დედანი ვაჟკაცებს ლომებრს და არ უკრთოდა სამშობლოი უმძიმეს ომებს! დღეს რაღაი ვართ, წმინდა მანდილს ხელები ვუშვით, მოგვმრავლებიან დედანი მრუში. რომ გაძალებენ მეძავის მანდილს, გაკარგვინებენ, სამშობლოო, შენს სახეს ნამდვილს. ვეღარ წაგართვას დროთა ბრუნვამ შენი მანდილი, როგორ წაგართმევს რწმენას ვიღაც, მრუშის გაზრდილი. არა მეფენი, - ნათქვამია, - მეფობენ დრონი, მუდამ სხვადასხვა დროი მოაქვს მეფეთა რონინს. ეს ისტორია საოცარი კათედრონია, ფოლიანტებში ხან მზეა, ხან მძიმე დრონია. დედა ქართვლისა მრუში? - მითხარ, ყოფილა როდის?! დედაო, მუდამ ემსგავსოდი მიუვალ კბოდეს! არა! - დაცემავ ქართველისა, ნუ მენახვები! თუკი დედაი გაგიმრუშდა, წაგლეკენ მტრები! ცოტაც გაუძელ, შეინახე წმინდად მანდილი, ცოტაც გაუძელ, შეიცვლება დროი, ნამდვილად! . . . დედამან წმინდამ შემინახა წმინდად კერია. 1978 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 08:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი