თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ბუნების კარი _ წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 02:51 PM

მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.


"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2017, 04:10 PM

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:22 PM

"ბეთანიაში მრავალი სასწაული მომხდარა. მონასტერში ერთი სასწაულმოქმედი წყარო იყო. იქვე, სოფელში, 80 წლის ვანო წიკლაური ცხოვრობდა, რომელსაც ერთი ბებერი ნაგაზი ჰყავდა. ძლივს დალასლასებდა საბრალო ძაღლი. ერთხელ წყაროსთან ქვებით შემოზღუდულ აუზში ჩავარდა. იქიდან რომ ამოიყვანეს, ისე ყოჩაღად დარბოდა, თვალებს არ ვუჯერებდი - ფაქტობრივად, გაახალგაზრდავებული ამოვიდა წყლიდან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2017, 08:31 PM

"მამა გერასიმე ათონელი (+1957) ჰყვებოდა ღვთის მოწყალებაზე: "დიდხანს თოვდა, მღვიმეში ვიჯექი. ამ დროს გარედან ჩიტის წივილი მომესმა. უცნაურად და დაჟინებით წიოდა. ამან მაიძულა, მღვიმიდან გამოვსულიყავი, რათა გამეგო, რა აწუხებდა ზეციურ ფრინველს. უეცრად მღვიმის ჭერიდან ლოდი ჩამოვარდა. იქ რომ ვყოფილიყავი, მომკლავდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 01:43 PM

"ერთ დიდთოვლიან ზამთარს მამა იოაკიმემ [შენგელაია] გადაწყვიტა, ბერებს მივაკითხავო. სანოვაგით დატვირთული გაუკვალავ თოვლში გზას დაადგა. მიარღვევს თურმე თოვლს. გაიხედა და ტყიდან დათვი არ გამოვიდა?!

- გავშეშდიო, - იგონებდა მერე, - თვალები დავხუჭე და გავიფიქრე, - ახლა კი დადგა ჩემი აღსასრული-მეთქი... ამასობაში დათვი მომიახლოვდა, შემომსუნთქა და... წავიდა! თვალი რომ გავახილე, ოთხზე იდგა და გზას ტკეპნიდა! ველოდე, ველოდე და რომ აღარ დავიძარი, ისე მომხედა თითქოს მეუბნებოდა, - რაღას უცდი, არ მოდიხარო?

მივხდი, ღვთისგან იყო. გავყევი... გამოქვაბული გამოჩნდა თუ არა, დათვი ქვემოთ დაეშვა... ბერებთნ რომ შევედი, ფერი აღარ მედო. რაო, მამაო იოაკიმე, შეგაშინა დათვმაო? - ღიმილით მკითხეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2018, 09:17 PM

"[წმ. კოზმა და დამიანე] პირუტყვთაც კურნავდნენ და ყოველივეს სრულიად უსასყიდლოდ აღასრულებდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2018, 08:56 PM

"[ღირსი იოანიკე დიდი] ყრმობიდანვე მშვიდი, მდაბალი და ლოცვისმოყვარე გახლდათ, ცხვრის ფარას, რომელსაც მწყემსავდა, მუდამ ჯვარს გადასახავდა ხოლმე, რის გამოც ვერც მხეცი ეკარებოდა და ვერც ავაზაკი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 03:16 PM

"კათოლიკოს-პატრიარქს ყველა ცხოველი და მცენარე უყვარს. კარგად მახსოვს მისი ლოცვა-კურთხევა: "თუ ვინმე მოვიდა და ყვავილი გთხოვა, მიეცი. ის სახლში წაიღებს და გაახარებს მას. მცენარესაც გაუხარდება და ადამიანსაც გაულამაზდება ცხოვრებაო".

/საპატრიარქოს მებაღე სოლომონ ცხოვრებაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:32 PM

"- თქვენს ცხოვრებაში რომელი წმინდანის შეწევნას გრძნობთ?

- ჩემი წმინდანი - დანიელ წინასწარმეტყველია. მე მისი სახელი იმიტომ ავირჩიე, რომ მამაცურად იდგა მეფეთა და ლომთა წინაშე, მე ლომებს შორის ვცხოვრობ და ამიტომაც მჭირდება მისი სიმამაცე."

/არქიმანდრიტი დანიელი, მართლმადიდებელი მისიის დამაარსებელი მუსლიმანურ ინდონეზიაში/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2018, 09:05 AM

"გაბრიელ ბერს არა მხოლოდ ადამიანები, ცხოველებიც ებრალებოდა. როდესაც ზამთარში ყინვები იწყებოდა, ცხოველებსა და ჩიტებზეც ზრუნავდა და აპურებდა. ერთხელ, წირვიდან გამოსულებმა, ძაღლს ქვა ესროლეს. გაბრიელ ბერი შეწუხდა და დანანებით თქვა:

- უმჯობესი იყო, წირვაზე არ ყოფილიყვნენ!

მის კელიასთან ხშირად მოდიოდა პატარა, ჭრელი უპატრონო ძაღლი. ბერი ისეთი სიყვარულით ეფერებოდა ცხოველს, რომ სხვაშიც დიდ სიყვარულს აღძრავდა. საჭმელს უყრიდა და თან ამბობდა:

- ნახე, ნახე, საწყალი, ცოდოა, მშიერია. ძაღლიც მის დანახვაზე ათამაშდებოდა. შემდეგ ჩერდებოდა და საათობით მშვიდად შეჰყურებდა.

ერთმა მორწმუნემ შიშით უთხრა:

- მამა გაბრიელ, ჭამის დროს რომ ეფერებით, არ გიკბინოთ.

გაბრიელ ბერს გაეღიმა:

- ცხოველი გრძნობს ადამიანში ბოროტებას, ეს აღიზიანებს და ამიტომაც ესხმის თავს.

იმ მორწმუნემ, მეორედ რომ ჩავიდა ბერთან სტუმრად, ძაღლიც მოიკითხა.

- მოკლეს, - ნაღვლიანად უპასუხა მან და ამ სიტყვებში იყო უკიდურესი სევდა და დარდი, - არა უწყიან, დაო, რას სჩადიან. ძაღლმა გამიგო და ადამიანმა - ვერა.

ამ ამბავმა მორწმუნეზე ისე იმოქმედა, ერთი კვირა განუწყვეტლივ ტიროდა. აქედან მოყოლებული, არ შეეძლო გულგრილად ჩაევლო მაწანწალა, უსუსური ძაღლებისთვის.

მამა გაბრიელი ყველაფერს - ღვთისგან შექმნილს სასოებით უფრთხილდებოდა. ბალახსაც კი დიდი სიყვარულით ეფერებოდა. თუ ვინმე უმიზნოდ, გასართობად გასრესდა თუნდაც ერთ ღერს, მკაცრად გააფრთხილებდა:

- მაგ ბალახს შენ მიეცი სიცოცხლე? შეგიძლია შექმნა იგი? თუ არ გჭირდება, ღვთის ბოძებულს რად აფუჭებ?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2018, 08:13 PM

"გაბრიელ ბერის სიყვარული არა მხოლოდ ღვთის ხატად შექმნილ ადამიანთ ეკუთვნოდათ, არამედ ყოველ სულიერსა თუ უსულოს, ღვთის დანაბადსა და შექმნილს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2018, 10:48 AM

"მამა გაბრიელთან საუბრისას ერთ მონაზონს თაგვი ფეხზე ააცოცდა და ტანსაცმელში სირბილი დაიწყო. სასოწარკვეთილმა, მამა გაბრიელს შეხედა. მან მაშინვე გაიგო მისი შეწუხების მიზეზი, წამით გახედა და გაშეშებული თაგვი უმალ ძირს დავარდა.

- თაგვებს ხვალ წამალს დავუყრი და ყველას დავხოცავ, - უთხრა მონაზონმა.

- არ დახოცო, ცოდონი არიან, ჩემს სენაკშიც დარბიან, მაგრამ არ მაწუხებენ, არა უშავს, იყვნენ, - სთხოვა ბერმა.

მეორე დილით არც ერთი თაგვი არ ჩანდა.

- მამა გაბრიელ, თაგვები სად არიან? - შეეკითხა მოძღვარს მონაზონი.

- წმინდა ნიკოლოზს ვთხოვე და ყველანი წავიდნენ, - უპასუხა ღიმილით."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2018, 01:53 PM

"მამა პაისის [ათონელი] სიყვარული გარეულ ცხოველებსაც სწვდებოდა. ამბობდა: "შევთხოვ ქრისტეს: "ქრისტე ჩემო, შემიბრალე მე, პირუტყვი". თუ მკითხავს: "შენ კი შეიწყალე პირუტყვი?" - რას ვუპასუხებ?"

მართლაც უყვარდა და იწყალებდა ცხოველებს - ეს საცოდავები სხვა სამოთხეს არ ელიანო. კატუნაკიდან წამოსვლისას კელიაში კნუტი დატოვა. მაგრამ ისე ასტკივდა სული, რომ უკან დაბრუნდა და ეს კნუტი წამოიყვანა. ამის გამო კი ორი დღე დაკარგა. "პანაღუდაში" ცხოვრებისას მის კართან უცხო კატასაც რომ დაეკნავლა, თუნდაც ავად ყოფილიყო, წამოდგებოდა, კარს გაუღებდა და თავშესაფარს მისცემდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2018, 04:00 PM

"ღირსი ათანასეს დიდ ლავრაში ოდესღაც, როცა ის ჯერ კიდევ იდიორითმული იყო, ერთი მონაზონი ცხოვრობდა, ქრიზოსთომოსი, რომელსაც ჩანთიანს ეძახდნენ. იგი თითქმის ოცი წელი ჯორების მეხრის მორჩილებას ეწეოდა.

პირუტყვს საძოვარზე გარეკავდა, ტვირთს აჰკიდებდა და მოხსნიდა, მიჰქონდა მათთვის საკვები ბაგაში და როცა მონასტერში რომელიმე ძმას ჯორი სჭირდებოდა სადმე წასასვლელად, უკაზმავდა. იგი სამეურნეო ეზოში ცხოვრობდა.

როცა ნამგზავრი მამები ჯორებს უბრუნებდნენ, ის მათ საპალნეს ხსნიდა, ჩვრით ცხოველებს ოფლს სწმენდდა. იგი ჯორებზე ზრუნავდა, უყვარდა ისინი. როგორც ბრძანებს წმინდა წერილი, მართალი კაცი ცხოველებსაც იწყალებს.

როცა გარდაიცვალა, ტაძრის კარიბჭეში დაასვენეს, წესი აუგეს და მონასტრის სასაფლაოზე გადაასვენეს. სავანის კარებიდან გამოვიდნენ, ჩვეულებისაებრ საკაცე მიწაზე დაუშვეს, რათა მღვდლებს უფლის წინაშე ლოცვები აღევლინათ გარდაცვლილი ძმისათვის, როგორც ამას ტიპიკონი მოითხოვს.

მაშინ, როგორც ამას ჰყვებოდა უბრალო ბერი ეფრემი, გამოჩნდა ჯორების რემა. როცა ლიტია დასრულდა და გარდაცვლილი სასაფლაოზე წაასვენეს, ჯორებიც მდუმარენი, დამწუხრებულნი სასაფლაომდე გაჰყვნენ სამგლოვიარო პროცესიას. მათაც სურდათ, ბოლო პატივი მიეგოთ გარდაცვლილი კეთილისმყოფელისთვის. მამები შევიდნენ სასაფლაოზე და ჯორებიც შეჰყვნენ.

და რაც ყველაზე საოცარია, როცა განსვენებული საფლავში ჩაუშვეს, ამ უტყვმა არსებებმა იწყეს ღრიალი, ჩაიმუხლნენ უკანა ფეხებზე და წინა ფეხებს მკერდში იცემდნენ, თითქოს დაიტირებდნენ გარდაცვლილს. მაშინ იქ მყოფმა მამებმა, გაოცებულებმა, ადიდეს ღმერთი ამ დიდებული და უჩვეულო სანახაობისთვის.

ჩანს, ამ ნიშ-სასწაულით უფალმა განადიდა გარდაცვლილი მამა ქრიზოსთომოსი მისი სათნოებისთვის და, განსაკუთრებით, სიყვარულის სათნოებისთვის. რამეთუ ამ მამას არა მარტო ადამიანები, თვით ცხოველებიც უყვარდა (სიყვარული, რომელსაც მამა ქრიზოსთომოსი იჩენდა ამ ცხოველების მიმართ, გონიერების საზღვრებს არ სცილდებოდა. ეს სიყვარული არ უნდა გავაიგივოთ იმ უზომო სიყვარულთან, რომელსაც მრავალი ევროპელი იჩენს, რომელთაც გაგიჟებით უყვართ ცხოველები და სძულთ ადამიანები. ისინი მხეცთმოყვარენი და კაცთმოძულენი არიან. კაცი, რა ცუდიც არ უნდა იყოს, ღვთის "ხატად" და "მსგავსად" არის შექმნილი, ხოლო პირუტყვნი - მისდა სამსახურად), რათა ყველა მიმხვდარიყო, რომ ის მათ არასოდეს სცემდა, არ უბრაზდებოდა და მშიერს არ ტოვებდა, და რათა გამოჩენილიყო მისი სიმშვიდე, სიყვარული, მისი უბოროტობა და ყველანაირი სათნოება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2018, 01:20 PM

"ბერი [წმ. სილოვანე ათონელი] მცენარეებსაც კი უფრთხილდებოდა და ყოველგვარ უხეშობას, რაც მათ ზიანს აყენებდა, მადლის მოქმედების საწინააღმდეგოდ მიიჩნევდა".

"ბერი [წმ. სილოვანე ათონელი] ამბობდა, რომ სულიწმინდა ყელა ქმნილების სიბრალულს გვასწავლის და ამიტომ "საჭიროების გარეშე" ხის ფოთოლიც კი არ უნდა დავაზიანოთ.

"ხის ფოთოლი მწვანეა, შენ კი იგი საჭიროების გარეშე მოგლიჯე. მართალია, ეს ცოდვა არ არის, მაგრამ გულს, რომელმაც სიყვარული ისწავლა, რატომღაც ებრალება ეს ფოთოლი, ებრალება ყველა ქნილება", - ამბობდა იგი".

"ბერი [წმ. სილოვანე ათონელი] ამბობდა, რომ ყველაფერი ადამიანის მსახურებისთვის შეიქმნა და ამიტომ აუცილებლობის შემთხვევაში ყველა ქმნილებით შეიძლება ვისარგებლოთ. მაგრამ ამავე დროს, ადამიანს ქმნილებებზე ზრუნვის ვალდებულებაც აქვს დაკისრებული. ამიტომ ცხოველებისთვის ან მცენარისათვის საჭირეობის გარეშე რაიმე ზიანის მიყენება მადლის კანონს ეწინააღმდეგება.

მეორე მხრივ, ცხოველებისადმი მიჯაჭვულობაც ასევე ეწინააღმდეგება ღმრთის მცნებებს, რადგან იგი ღმრთისა და მოყვასისადმი სიყვარულს აკნინებს. ვისაც ნამდვილად ადამიანი და მთელი სამყაროსთვის ცრემლებიც ლოცულობს, იგი ცხოველებს არასოდეს მიეჯაჭვება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2018, 10:28 PM

"ღმერთის სიყვარული რომ მოიხვეჭო, უფლის მიერ სახარებაში მოცემული ყველა მცნება უნდა დაიცვა, მოწყალე გული უნდა გქონდეს და მხოლოდ ადამიანი კი არ უნდა გიყვარდეს, არამედ ღმრთის ყველა ქმნილება უნდა გებრალებოდეს.

ხეზე ფოთოლი მწვანეა და შენ ის საჭიროების გამო მოწყვიტე. მართალია ეს ცოდვა არ არის, მაგრამ გულს, რომელმაც სიყვარული ისწავლა, რატომღაც ეს ფოთოლიც ებრალება, მას ყველა ქმნილება ებრალება.

ადამიანი კი დიდებული ქმნილებაა და თუ ხედავ, რომ იგი შეცდომას უშვებს და იღუპება, ილოცე და იტირე მისთვის, ხოლო თუ ეს არ შეგიძლია, ამოიოხრე მაინც მისთვის ღმრთის წინაშე. უფალს უყვარს სული, რომელიც ასე იქცევა, რადგან ის მისი მსგავსია".

/წმ. სილოვანე ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)