IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საეკლესიო სამართლის წყაროები ნიკეის, I კრებამდელ პერიოდში
კანონისტი
პოსტი Apr 25 2007, 05:54 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ეს არის ჩემი I სასემინარო თემა თსუ კანონიკური სამართლის დოქტორანტურაში

მგონი დაგაინტერესებთ....

(აქ არ არის მოცემული სქოლიოები, ანუ მითითება ავტორების შესახებ)


შ ე ს ა ვ ა ლ ი


წარმოდგენილი ნაშრომი ეხება საეკლესიო სამართლის წყაროებს ნიკეის I მსოფლიო კრებამდელ პერიოდში, ანუ ქრისტეს შობიდან 33-325 წწ.

ცნობილია, რომ ეს პერიოდი თითქმის მოიცავს (33-315 წ.) ეკლესიის დევნილობის პერიოდს, როდესაც რომის ეკლესიასა და მის შემოგარენში სხვადასხვა მასშტაბითა და ინტენსივობით იდევნებოდა ქრისტიანული ეკლესია და ქრისტიანები. ამავე დროს, ეს პერიოდი განსაკუთრებულია იმითაც, რომ სწორედ ამ დროს დაიწერა ქრისტიანთა სასჯულმდებლო წიგნი – ახალი აღთქმა. ზემოხსენებული სიტუაციიდან გამომდინარე და განსხვავებით შემდგომი პერიოდისაგან ეკლესია მოკლებული იყო იმის შესაძლებლობას, რომ დაედგინა სამართლის ნორმები და ეზრუნა საკანონმდებლო საქმიანობისათვის, თუმცაღა, ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნილებანი დღის წესრგიში მაინც აყენებდნენ გარკვეული სამართლებრივი რეგულირების საკითხებს. აქედან გამომდინარე, ეკლესიის დიდი მოღვაწეები ცდილობდნენ, რომ ეს ნაკლოვანებანი შეევსოთ და ქრისტიანები უზრუნველყოფილი ჰყოლოდათ გარკვეული მომწესრიგებელი ნორმებით.

საეკლესიო სამართლის შესწავლის თვალსაზრისით ამ პერიოდის წყაროების შესწავლა რამდენიმე მიმართულებით არის აქტუალური. უპირველესად იმით, რომ, როგორც ვახსენეთ, ხსენებული პერიოდი არ გამოირჩევა სასულიერო მოღვაწეთა აქტიური საკანონმდებლო საქმიანობით. ხშირ შემთხვევაში საეკლესიო სამართლის წყაროდ არასამართლებრივი – დოგმატური ან დიდაქტიკური ხასიათის ძეგლები გვევლინება, რაც იწვევს კანონისტთა ინტერესს საეკლესიო ცხოვრების თითოეული მომწესრიგებელი ნორმის გამოკვეთისა თუ დადგენის თვალსაზრისით. ამავე დროს, საინტერესოა ისიც, რომ საეკლესიო სამართლის მკვლევარისათვის მნიშვნელოვანია იმ საფუძვლების ცოდნა, რასაც შემდგომში დაეფუძნა მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონები. როგორც აღვნიშნეთ, ნიკეის კრებამდელ პერიოდშია შექმნილი ახალი აღთქმა, რომელიც უმთავრესი წყაროა საეკლესიო სამართლისათვის.

საგულისხმოა ისიც, რომ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა წმინდა გადმოცემა _ ეკლესიის ტრადიცია, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა წერილის თანასწორია და იგი გადმოსცემს დოგმატური სწავლებებისა თუ კანონიკური საკითხების ყოველდღიურ ყოფაში გამოყენების წესს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წმინდა გადმოცემა ამ პერიოდისათვის ძირითადად ზეპირად არსებობდა და ზეპირადვე გადაეცემოდა საეკლესიო იერარქიის შემდგომ თაობებს. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ გადმოცემის ჩაწერაც ამ პერიოდიდან იწყება.

ნიკეის I მსოფლიო კრების მოწვევამდე სულ ცოტა ხნით ადრე, მას შემდეგ რაც რომის იმპერიაში ოფიციალურად შეწყდა ეკლესიის დევნა, მოწვეულ იქნა ორი მართალია ადგილობრივი, მაგრამ შემდგომში მნიშვნელობით მსოფლიო კრებებთან გათანაბრებული ანკვირიისა და ნეოკესარიის კრებები, რომლებსაც ხსენებული პერიოდის განხილვისას გვერდს უვლიან საეკლესიო სამართლის მკვლევარები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნიკეის I კრებამდელი საეკლესიო სამართლის წყაროების კვლევის ამ აქტუალობამ გამოიწვია ჩვენი ინტერესი, რომ შეგვესწავლა საეკლესიო სამართლის წყაროები სწორედ რომ ამ პერიოდისათვის.

შესაბამისად, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ გამოკვლევა გვეწარმოებინა იმ მიმართულებით, რომ გვეჩვენებინა ამ პერიოდში შექმნილი საეკლესიო სამართლის თითოეული ძეგლის შექმნის წინაპირობა, ავტორი, სტრუქტურული შემადგენლობა, მნიშვნელობა ეკლესიისათვის როგორც იმ, ისევე თანამედროვე ეპოქაში, აგრეთვე მოგვეხმო მნიშვნელოვანი ნორმები თითოეული მათგანიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე კვლევისას ვისარგებლეთ ძირითადად ისტორიულ-დოგმატური მეთოდით.

ნაშრომი შედგება შესავლის, შემოკლებების, ძირითადი ნაწილის, დასკვნისა და გამოყენებული ლიტერატურისაგან. ძირითადი ნაწილი იყოფა ხუთ თავად. პირველში განხილულია საეკლესიო სამართლის წყაროები ზოგადად და, აგრეთვე, ნიკეის I მსოფლიო კრებამდელი პერიოდის მოკლე ისტორიული დახასიათება. დანარჩენ ოთხ თავში გაერთიანებულია საეკლესიო სამართლის წყაროები თემატური ნიშნით: II თავში _ წმინდა წერილი და გადმოცემა, III თავი _ მოციქულთა სწავლებანი და კანონები, IV თავი _ ადგილობრივი კრებების კანონები და V თავი _ ეპისტოლარული კანონები.


I. საეკლესიო სამართლის წყარობი


1. საეკლესიო სამართლის წყაროები და მათი არსი


უშუალოდ საეკლესიო სამართლის წყაროებზე საუბრის წინ მცირედით შევეხოთ თავად საეკლესიო სამართლის არსს.

საეკლესიო სამართალი შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც იმ ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობას ეკლესიის წევრებს შორის და მათ ურთიერთობას თავად ეკლესიასთან, აგრეთვე განსაზღვრავს საეკლესიო იერარქიის ფორმირების წესს. `საეკლესიო კანონი არის საეკლესიო მოწყობის, მისი მართვის, სახარებისა და სამოციქულო სწავლების ზნეობრივი საფუძვლებიდან გამომდინარე საეკლესიო იერარქიის, მღვდელმსახურთა და თითოეული ქრისტიანის მოვალეობათა განწესი~. მისი ამოცანაა, რომ ერთი მხრივ, დაადგინოს მოქმედი საეკლესიო სამართლის ფორმირების ისტორიული პროცესი, მეორე მხრივ, იმ კანონთა დოგმების გადმოცემა, რომლებიც ეფუძნება ეკლესიის უძველეს _ მოციქულთა, მსოფლიო კრებათა და წმინდა მამათა კანონებს, მესამე მხრივ, ადგილობრივ ეკლესიათა თანამედროვე სამართლის გადმოცემა, ხოლო მეოთხე მხრივ, მოქმედი საეკლესიო მოწყობის კრიტიკულ ანალიზი, რომლის კრიტერიუმად აღებულ უნდა იქნეს როგორც უძველესი კანონები, ასევე თანამედროვე ცხოვრების რეალიები და მოთხოვნები.

ამრიგად, საეკლესიო სამართალი არის ეკლესიის მოქმედი სამართალი, რომლის მეშვეობითაც ეკლესია წარმართავს თავის ცხოვრებას. საგულისხმოა, რომ არაერთი ქრისტიანული დოგმატი სწორედ რომ საეკლესიო კანონებით არის დამტკიცებული მსოფლიო კრებებისა თუ ადგილობრივი კრებების მიერ, რომლებიც შემდგომში გაიზიარა ქრისტეს ეკლესიამ, როგორც დოგმატური სწავლება.

შევეხეთ რა საეკლესიო სამართალს მეცნიერების კუთხით, შეგვიძლია უკეთ გავიაზროთ საეკლესიო სამართლის წყაროების არსი.

ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ეკლესია არა მხოლოდ დაფუძნებულია თავად ქრისტეს მიერ, არამედ იგია ქრისტეს სხეული და მაცხოვარია მისი თავი, რომელიც უხილავად მართავს მას საღვთო ნების შესაბამისად. მართლმადიდებლური სწავლებით მიღებულია, რომ ყოველი კანონი, რომელიც მიიღება საეკლესიო კრების მიერ, არ წარმოადგენს კონკრეტული პირის ან პირთა წრის მოსაზრებას ან კერძო აზრს, არამედ საეკლესიო კრების მიერ კანონის შემუშავების პროცესში უხილავად მოქმედებს სულიწმიდის მადლი და ამდენად, კრება გადმოსცემს საღვთო ნებას, განუცხადებს საღვთო ნებას ადამიანებს. აქედან გამომდინარე, შეგვძლია დავასკვნათ, რომ `საეკლესიო სამართლის წყარო არის საღვთო ნება~.

დეკანოზ ვლ. ციპინის მოსაზრებით, საეკლესიო სამართლის წყარო არის არამხოლოდ წმინდა წერილი, წმინდა გარდამოცემა და კანონიკური ნორმები, არამედ ჩვეულებები და ავტორიტეტულ კანონისტთა მოსაზრებები. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ საეკლესიო სამართლის ზემოაღნიშნული წყაროები ერთგვაროვანი არ არის.

წმინდა წერილში მოიაზრება როგორც ახალი, ისე ძველი აღთქმა. ძველი აღთქმის მოქმედების ფარგლებს ახალი აღთქმის ეკლესიაში ამ ნაშრომის ცალკე ქვეთავი ეძღვნება, თუმცა აქ მოკლედ აღვნიშნავთ, რომ ძველი აღთქმა სრულად აღარ მოქმედებს ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ, მასში მოქმედია მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ახალი აღთქმის სულს და არ გულისხმობს ერის მომზადებას მესიის შესახვედრად.

წმინდა გარდამოცემა (გადმოცემა) უაღრესად მნიშვნელოვანია ეკლესიური ცხოვრებისათვის, ვინაიდან მრავალი ქრისტიანული დოგმატი ქრისტიანებს გვემცნო გადმოცემის მიხედვით. გადმოცემა განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში: იმისათვის, რომ ეკლესიის განწესება და საიდუმლოებანი დაფარული ყოფილიყო გარეშეთათვის, განსაკუთრებით კი დევნილობის პერიოდში, იგი არ იწერებოდა, არამედ ზეპირად გადაეცემოდა ქრისტიანულ თემებში. ხოლო მას შემდეგ, რაც ეკლესიის დევნა შეწყდა, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გადმოცემა ჩაწერილ იქნა და დღეს ისინი წერილობითი სახით არსებობს. უმრავლესი მათგანი კი მიღებულ იქნა მსოფლიო კრებების მიერ ან გადმოცემულ იქნა ეკლესიის ავტორიტეტულ მოძღვართა ნაწერებში. სწორედ ამიტომ, საეკლესიო წყაროების შესწავლისათვის უმნიშვნელოვანესია წმინდა გარდამოცემის ცოდნა და შესწავლა.

საეკლესიო კანონები ეწოდება მსოფლიო ან ადგილობრივი კრებების მიერ მიღებულ კანონებს. ამ ნაწილში შეგვიძლია მოვიაზროთ ეკლესიის დიდ მოღვაწეთა ის ეპისტოლეებიც, რომლებიც შემდგომში შეტანილ იქნა დიდ სჯულისკანონში და საყოველთაოდ იქნა აღიარებული, როგორც ეკლესიის მოქმედი სამართლის განუყოფელი ნაწილი.

ამდენად, დასკვნის სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საეკლესიო სამართლის წყარო არის საღვთო ნება და ეკლესია სამართალშემოქმედებით საქმიანობას წარმართავს უფლის განგებულების შესაბამისად.


2. ნიკეის I კრებამდელი პერიოდის მოკლე დახასიათება

ნიკეის I კრებამდელი პერიოდი ისტორიული თვალსაზრისით შეგვიძლია დავყოთ სამ ნაწილად:
ა) მოციქულთა მოღვაწეობის პერიოდი (33-110);
ბ) ეკლესიის დევნილობის პერიოდი (110-313);
გ) ქრისტიანთა შეწყნარების პერიოდი (313-325).

მოციქულთა მოღვაწეობის პერიოდის დასაწყისად შეგვიძლია ავიღოთ სულიწმიდის გარდამოსვლა მოციქულებზე, როდესაც დაარსდა ქრისტეს ეკლესია. ეს თარიღი საეკლესიო წრეებში მიღებულია, რომ უნდა ყოფილიყო დაახლოებით 33 წელი, მაცხოვრის ამაღლებიდან 50-ე დღე, დასასრულად კი შეგვიძლია მივიჩნიოთ უფლის ბოლო მოციქულის _ წმ. იოანე ღვთისმეტყველის ხორციელი აღსასრულის თარიღი _ 110 წელი ქრისტეს შობიდან .

ქრისტეს შობიდან პირველი საუკუნე უმნიშვნელოვანესი იყო ქრისტიანული სარწმუნოების ჩამოყალიბების პროცესში. ამ პერიოდში დაიწერა მთელი ახალი აღთქმა წმ. სახარებებიდან მოყოლებული იოანეს გამოცხადებით (ე.წ. `აპოკალიფსი~) დასრულებული, მათ შორის მოციქულთა ის ეპისტოლეები, რომლებიც არ იქნენ შეტანილი ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნთა რიცხვში.

ამ პერიოდში შედგა მოციქულთა კრება (51 წ.), რომელიც ეკლესიის ისტორიაში ცნობილია იერუსალიმის კრების სახელით. ამ კრებამ დასაბამი დაუდო ეკლესიისათვის სასიცოცხლო საკითხებზე საეკლესიო კრებების მოწვევას. ამ კრების შესახებ ჩანაწერი არის თავად წმინდა წერილში, კერძოდ _ მოციქულთა საქმეებში.

მოციქულებმა ძირითადად განიხილეს წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანთა შორის მოსეს რჯულის გავრცელებისა და მოქმედების საკითხი. ამ კრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმით, რომ ეკლესიის უმაღლეს საკანონმდებლო და სჯულმდებელ ორგანოდ დადგინდა კრება. მოციქულთა შეკრება იერუსალიმში `იქცა მაგალითად იმისა, რომ ეკლესიის უმნიშვნელოვანესი საკითხები ყოველთვის კრებას უნდა გადაეწყვიტა~.

ამ პერიოდს განეკუთვნება აგრეთვე სწავლება ერისა ათორმეტთა მოციქულთა მიერ, რომელიც ცნობილია `დიდაქე~-ს სახელწოდებით.

მოციქულებს მიეწერება აგრეთვე დიდი სჯულისკანონის პირველი ნაწილი _ მოციქულთა 85 კანონი. იგი უშუალოდ მოციქულთა მიერ არ არის ჩაწერილი, თუმცა ეკლესიის მიერ აღიარებულია, როგორც მოციქულთა კანონები, რამდენადაც შედგენილია 12 მოციქულის სწავლებების შესაბამისად.

საეკლესიო სამართალი იცნობს აგრეთვე მოციქულთა განწესებებს, რომელიც არ არის შეტანილი ნომოკანონის კორპუსში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია იგი განვიხილოთ, როგორც ეკლესიის პირველი საუკუნეების სამართლის წყარო.

ეკლესიის დევნილობის პერიოდის დასაწყისია უფლის უკანასკნელი მოციქულის ხორციელი აღსასრული _ 110 წელი ქრისტეს შობიდან, ხოლო დასასრულად შეგვიძლია მივიჩნიოთ 313 წელი _ იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ მილანის ედიქტის გამოცემა, რომლის შესაბამისადაც იმპერიაში შეწყდა ქრისტიანთა დევნა და მათ მიეცათ საშუალება დაუბრკოლებლად შეესრულებინათ ღვთისმსახურება და ეღიარებინათ საკუთარი მრწამსი.

ეკლესიის დევნა უწყვეტი არ ყოფილა. იგი დამოკიდებული იყო იმპერატორებზე, რომლებიც, საკუთარი შეხედულებებისდა შესაბამისად, შეასუსტებდნენ ან გააძლიერებდნენ ხოლმე ქრისტიანთა დევნას. ამ პერიოდამდე მოწამეობრივად დაასრულეს სიცოცხლე ეკლესიის 12-დან 11-მა მოციქულმა (გარდა იოანე ღვთისმეტყველისა), ხოლო ამ პერიოდში _ ეკლესიის ბევრმა დიდმა მნათობმა.

სჯულისკანონში შესული სამი ეპისტოლარული კანონი, რომლებიც შეიქმნა ამ პერიოდში ეკუთვნით დიონისე ალექსანდრიელს, გრიგოლი ნეოკესარიელ საკვირველმოქმედსა და პეტრე ალექსანდრიელს. საგულისხმოა, რომ სამივე დევნილობას განიცდიდნენ რომის იმპერიისაგან, და ორმა მათგანმა მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე.
ქრისტიანთა შეწყნარების პერიოდი იწყება მილანის ედიქტიდან (313 წ.) და სრულდება ნიკეის I მსოფლიო კრების მოწვევამდე (325 წ.), როდესაც საერთოდ სრულდება ქრისტეს ეკლესიის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი _ ნიკეამდელი პერიოდი.

ამ პერიოდში მოწვეულ იქნა ორი ადგილობრივი კრება _ ანკვირიისა (314 წ.) და ნეოკესარიისა (315 წ.). მათ მიერ მიღებული კანონები შეტანილ იქნა სჯულისკანონის კორპუსში.

წინამდებარე ნაშრომის ძირითად ნაწილში ცალ-ცალკეა განხილული წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა, მოციქულთა მიერ შექმნილი სწავლებანი და კანონები, ადგილობრივ კრებათა კანონები და ეპისტოლარული კანონები. აღნიშნულის უმეტესი ნაწილი შეტანილია სჯულისკანონში და ეკლესიის მიერ დღესაც ოფიციალურად ითვლება მოქმედ საკანონმდებლო ძეგლებად და შესაბამისად, საეკლესიო სამართლის წყაროებად. სამწუხაროდ, ნაშრომში არ არის განხილული ის სავარაუდო სამართლის წყაროები, რომლითაც შესაძლოა ხელმძღვანელობდა ეკლესია პირველ საუკუნეებში, მაგრამ იგი შემდგომში გარკვეული მიზეზების გამო ამოღებულ იქნა გამოყენებიდან. ეს საკმაოდ დიდ სამეცნიერო მოღვაწეობას მოითხოვს და ცალკე განხილვის საგანი უნდა იყოს.



II. წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა


1. მოსეს სჯულის მოქმედება


ქრისტიანული ეკლესიის ჩამოყალიბებისთანავე დღის წესრიგში დადგა ორი საკითხი. ერთი იმის შესახებ, თუ რა მოქმედების ძალა რჩებოდა მოსეს სჯულს, ხოლო მეორე, თუ როგორ უნდა გადაწყვეტილიყო ახალი აღთქმის ეკლესიაში ზნეობრივი, სამართლებრივი და ორგანიზაციული საკითხები. ეს საკითხები განსაკუთრებით მწვავედ დადგა მას შემდეგ, რაც ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი შეადგინეს წარმართობიდან მოქცეულმა ადამიანებმა, რომელთათვის უცხო იყო მოსეს სჯული და აღთქმული მესიის მოლოდინი.

ქრისტიანად მონათლულ ებრაელთა შორის მოსეს სჯული, განსაკუთრებით სჯულდების, ზნეობისა და აკრძალვების ნაწილში შეუზღუდავად მოქმედებდა. შეიცვალა მხოლოდ ის ნორმები, რომელთა შესახებ მითითება პირდაპირ იყო ახალ აღთქმაში . ამასთან, გაუქმდა ის ნორმები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ერის მომზადებას აღთქმული მესიის შესახვედრად.

თეოლოგთა და კანონისტთა მიერ ცალსახად არის აღიარებული, რომ ძველი აღთქმის აკრძალვათა და ვალდებულებათა უმთავრესი კანონი _ ათი მცნება შეუზღუდავად მოქმედებს ახალი აღთქმის ეკლესიაშიც.

წარმართობიდან მოქცეული ქრისტიანებისათვის მოციქულთა მიერ დადგინდა, რომ წინასწარმეტყველ მოსეს დროინდელი აკრძალვებიდან მოქმედებდა იმ პერიოდში ერთობ გავრცელებული ნაკერპალის ჭამისა და მრუშების აკრძალვა. საინტერესოა, რომ როგორც ძველი ქრისტიანული ნაწერებიდან ირკვევა, ზემოხსენებულთან ერთად იკრძალებოდა კერპთმსახურება და მკვლელობა.

ეკლესიის არსებობის პირველ საუკუნეებში მოქმედი ძალა შეინარჩუნა, აგრეთვე, მოსეს დროინდელმა ნორმებმა მეათედის შეწირვის, მევახშეობის აკრძალვის, ერთი დანაშაულისათვის ორჯერ დასჯის აკრძალვის, მტკიცებულებისათვის ორი ან სამი მოწმის ჩვენების მოთხოვნისა და სხვათა შესახებ. ახალი აღთქმის თანახმად, მართალია, გაუქმდა ძველი აღთქმისეული მრავალი ინსტიტუტი, მაგრამ მათ დაეფუძნა ქრისტეს ეკლესიის ანალოგიური ინსტიტუტები, როგორიცაა მაგალითად მღვდლობა.

საგულისხმოა, რომ პირველ საუკუნეებში მოქმედი მოსეს სჯულის არაერთი ნორმა ახალი აღთქმის ეკლესიაში სანაცვლოს შექმნის შემდეგ ნელ-ნელა კარგავს ძალას, განსაკუთრებით ეს ეხება სამართლებრივ საკითხებს, თუმცა ძველი აღთქმის დოგმატური და საღვთისმსახურო არაერთი დებულება დღესაც შეუზღუდავად მოქმედებს.


2. წმ. სახარება
წმინდა სახარება, როგორც ცნობილია, წარმოადგენს ოთხთავს და დაწერილია მათე, მარკოზ, ლუკა და იოანე მოციქულების მიერ. პირველ საუკუნეებში არსებული სხვადასხვა სახარებისეული ტექსტებიდან მოციქულთა 85-ე კანონით დადგინდა კანონიკური წიგნების ნუსხა და დამტკიცებულ იქნა ზემოაღნიშნული წიგნების კანონიკურობა.

წმინდა სახარება სარწმუნოებრივი წიგნია, იგი გადმოსცემს ქრისტიანული რელიგიის ძირითად მიმართულებებს, მოძღვრების საფუძვლებს. შესაბამისად, მასში იშვიათია ცალსახად გამოკვეთილი სამართლებრივი ნორმები, თუმცა, ასეთებსაც არაერთ ადგილზე ვხვდებით. კანონიკური სამართლის ნორმები ეფუძნება სახარებისეულ დებულებებს, უფლის სიტყვებს, იზიარებს ქრისტიანული სარწმუნოების სულს. ამდენად, საეკლესიო სამართლის უმთავრესი წყარო _ წმინდა სახარება არაერთ შემთხვევაში თავად წარმოადგენს კანონიკური ნორმების წყაროს.

მოსეს სჯულზე საუბრისას ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ სახარების ტექსტში არაერთგან ვხვდებით ძველი აღთქმის ნორმების გაუქმების შესახებ ჩანაწერებს. შესაბამისად, წმ. სახარება ამ გზით ქრისტეს ეკლესიისათვის ადგენს ახალ სამართლებრივ ნორმებს. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

ძველ აღთქმაში დასაშვები იყო ცოლის გაშვება. ამისათვის მეუღლეს უნდა მიეცა გაყრის წერილი . ქრისტე მაცხოვარი კი ბრძანებს: `ხოლო მე გეტყÂ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თÂსი თÂნიერ სიტყÂსა სიძვისა, მან ამრუშა იგი~ , ანუ ამ სიტყვებით ახალი აღთქმის ეკლესიაში მეუღლეთა გაყრა ერთადერთი მრუშების გამო იქნა დაშვებული.

ცნობილია, რომ ძველი აღთქმა ერთ-ერთ სასჯელად ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას ჩაქოლვით. ახალ აღთქმაში ასეთი სასჯელი გაუქმდა.

სახარების არაერთ ადგილას ვხვდებით ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ შაბათ დღეს ყოვლითურთ უქმობა, ანუ როცა არცერთი საქმის კეთება არ შეიძლება, გაუქმდა და დასაშვებად გამოცხადდა კეთილი, მოყვასისათვის სასარგებლო და სულის საცხონებელი საქმის კეთება.

წმინდა სახარება განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს რაიმე დანაშაულში მხილებული ადამიანის შეწყნარება. პირველად შემცოდეს (დამნაშავეს) პირადად უნდა მოუწოდონ გამოსწორებისაკენ. კვლავ განმეორების შემთხვევაში _ ორი ან სამი ადამიანის თანდასწრებით, ხოლო კვლავაც განმეორების შემთხვევაში კრებულის (ანუ ეკლესიის) წინაშე უნდა ამხილონ. თუკი მაინც არ დაანებებს თავს დანაშაულს (ცოდვას), იგი ქრისტიანისათვის უნდა იყოს როგორც წარმართი და მებაჟე, ანუ გაძევებულ იქნეს ეკლესიიდან. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რადგან ამით არამარტო შემცოდის შეწყნარების წესი იქნა დადგენილი, არამედ ისიც, რომ კრებული, ანუ ეკლესიის კრება არის საბოლოო ინსტანცია და მისი გადაწყვეტილება აღარ ექვემდებარება ხელახალ განხილვას. ამ სიტყვებით უფალი გვასწავლის შემცოდის სიყვარულსაც, მაგრამ ამავე დროს განსაზღვრავს დანაშაულის განხილვის წესებს, საფუძველს უყრის საეკლესიო სასამართლოს.

ქრისტე მაცხოვარი მასთან მისულ ერთ-ერთ ებრაელ ახალგაზრდას უარს ეუბნება ქონების გაყოფის საკითხთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტაზე, ხოლო პროკურატორ პილატე პონტოელთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი მეუფება არა ამსოფლისაგანია . ამ ორ ადგილას უფალი ფაქტიურად ერთიდაიმავე პრინციპს გადმოსცემს, პრინციპს იმისა, რომ ეკლესიისა და საეკლესიო სამართლის იურისდიქცია არ ვრცელდება საერო საკითხებზე. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრინციპია, ვინაიდან სახარების ამ სიტყვებით ქრისტიანული სარწმუნოება თავის სამართალს _ საეკლესიო სამართალს არ აცხადებს ერთადერთ მოქმედ სამართლად და იგი უშვებს მის პარალელურად საერო სამართლის არსებობასაც. ამასვე უკავშირდება მაცხოვრის სხვა მცნება _ `მიეცით კეისრისა კეისარსა, ხოლო ღმრთისა _ ღმერთსა~ . ეს სიტყვები, გარდა იმისა, რომ გადმოსცემს ზემოთმოყვანილ პრინციპს, ასევე ახდენს საერო და საეკლესიო ხელისუფლების გამიჯვნის პრინციპს, ადგენს იმას, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს საერო საქმეების გადაწყვეტაში.

საინტერესოა ცოდვების მიტევების ხელმწიფების გადაცემა სასულიერო პირთათვის. აღდგომის შემდეგ მაცხოვარი გამოეცხადა რა მოციქულებს, მათ სულიწმინდა შეჰბერა და უთხრა, რომ ამიერიდან მათ ეძლეოდათ გახსნისა და შეკვრის უფლება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ მათ მიერ ცოდვისაგან ამქვეყნად გახსნილი ცათა შინა, ანუ საღვთო სამსჯავროს წინაშეც გახსნილად ჩაითვლება, ხოლო მათ მიერ ამქვეყნად შეკრული _ ცათა შინა შეკრულად, ხოლო მის მიერ ჩადენილი ცოდვა _ მიუტევებლად. ამ სიტყვებით ძე ღვთისამ მოციქულებს მისცა სრული უფლებამოსილება ადამიანებისათვის ჩადენილი ცოდვების მისატევებლად. იქიდან გამომდინარე, რომ მოციქულების `უშუალო მემკვიდრენი და საქმის გამგრძელებელნი~ არიან ეპისკოპოსები , ეს ხელმწიფება გააჩნიათ მათ და მათი სახით _ ქრისტეს ეკლესიას.

ამდენად, წმინდა სახარება გარდა იმისა, რომ ზოგადად წარმოადგენს საეკლესიო სამართლის უმთავრეს წყაროს, ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ადგენს საეკლესიო სამართლის ამა თუ იმ მნიშვნელოვან ინსტიტუტს.


3. სამოციქულო

სამოციქულოს სახელით ცნობილია ახალი აღთქმის შემდეგი წიგნები (ერთობლიობაში): მოციქულთა საქმეები და მოციქულთა ეპისტოლეები. მოციქულთა საქმეები ისტორიული შინაარსის წიგნს წარმოადგენს და მოკლედ აღწერს უფლის მოციქულების მიერ წარმართებსა და იუდეველებს შორის ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების საქმეებს. მასში, გარდა ისტორიული თხრობისა, არაერთგან ვხვდებით მოციქულთა მიერ ერის დამოძღვრის სიუჟეტებს, სადაც გადმოცემულია ქრისტიანული სარწმუნოების მნიშვნელოვანი დოგმატები, აგრეთვე ყოველდღიურ ცხოვრებაში ქრისტიანი ადამიანის მიერ შესასრულებელი წესები. ჩვენ უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, რომ მოციქულთა საქმეებში ვხვდებით ჩანაწერს მოციქულთა პირველი კრების გამართვის შესახებ, რომელიც იერუსალიმში შედგა.

რაც შეეხება ეპისტოლეებს, ახალ აღთქმაში შეტანილია იაკობ, პეტრე, იოანე და იუდა მოციქულების კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეპისტოლეები, აგრეთვე პავლე მოციქულის ეპისტოლეები სხვადასხვა ქალაქების მცხოვრებთა მიმართ. სამოციქულო, როგორც წმინდა წერილის სამოძღვრო წიგნთა კრებული, სახარების მსგავსად საეკლესიო სამართლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

მოციქულთა საქმეებში ვხვდებით სასულიერო ხარისხში დადგინების წესს: `და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა~ . აქ ჩანს, რომ სასულიერო პირად გამორჩევა კრებულის მიერ უნდა მოხდეს, აგრეთვე ისიც, რომ ხუცესად, ანუ პრესვიტერად პირის გამორჩევის შემდეგ მასზე კურთხევა უნდა შესრულდეს. ამასვე წერს პავლე მოციქული თავის მოწაფე ტიტეს (ტიტ. 1:5).

საინტერესოა, რომ პავლე მოციქული დეტალურად აღწერს, თუ რა თვისებების უნდა იყოს ეპისკოპოსი: `ჯერ-არს ეპისკოპოსისაÁ, რაÁთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ, არა მეღÂნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვეცხლის უყუარულ, თÂსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა. ხოლო უკუეთუ ვინმე თÂსისა სახლისა განგებაÁ არა იცის, ვითარ-მე ეკლესიათა ღმრთისათა მოღუაწებაÁ აგოს? ნუ ახალნერგ, რაÁთა არა განლაღნეს და სასჯელსა შევარდეს ეშმაკისასა, არამედ ჯერ-არს მისი, რაÁთა წამებაÁცა კეთილი აქუნდეს გარეშეთაგან~. როგორც ვხედავთ, დადებითი პირადი თვისებების გარდა აუცილებელია, რომ ეპისკოპოსობის კანდიდატს ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, უნდა ემორჩილებოდნენ შვილები და არ უნდა იყოს ახალმოქცეული.

წმ. მოციქული იქვე აგრძელებს და ჩამოთვლის უკვე დიაკონის თვისებებს: `დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღÂნისა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ. აქუსმცა საიდუმლოÁ იგი სარწმუნოებისაÁ წმიდითა გონებითა. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად და მაშინღა დიაკონობდედ~.

ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული პირდაპირ მოუწოდებს მრევლს _ ქრისტიანთა კრებულს, რომ დაემორჩილონ მათთვის დადგენილ წინამძღვრებს და აღნიშნავს მათ დამსახურებას ქრისტიანთა სულებისათვის.

კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში პავლე მოციქული განაწესებს მღვდელმსახურთა რჩენის მოვალეობას საეროთა მიერ. ამით ეკლესიაში დადგენილია მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხი _ მღვდელმსახურთა ანაზღაურებისა.

ქორწინება, როგორც ცნობილია, ერთ-ერთ საეკლესიო საიდუმლოს წარმოადგენს და შესაბამისად, მას გვერდს არ უვლიან მოციქულებიც. კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული განსაზღვრავს არამხოლოდ მეუღლეთა ურთიერთმოვალეობებს, არამედ შვილების მოვალეობებსაც მშობლების მიმართ.

`მოციქულთა ეპისტოლეებში დაწვრილებით არის ახსნილი სახარებისეული მოძღვრება ქრისტიანის სახელმწიფო ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების თაობაზე~ , რასაც ეხება პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ (13:1-2). წმ. მოციქული აღნიშნავს, რომ ყოველი ხელისუფლება არის ღვთისგან და მის წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს უფლის წინააღმდეგ გალაშქრებას. ეპისტოლეში ახსნილია აგრეთვე ისიც, თუ რატომ არის საჭირო მორჩილება მთავრობისადმი.

შემცოდესთან, ანუ ცოდვის ჩამდენთან დამოკიდებულების თაობაზე საინტერესოა პავლე მოციქულის სიტყვები: `ხუცისათÂს ნუ თავს იდებ, გარნა ორითა და სამითა მოწმითა, და რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთასა ამხილე, რაÁთა სხუათა მათ ეშინოდის~ , `გამცნებ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის~. ამ ორი ციტატის შეჯერებით, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ პავლე მოციქული ადასტურებს სახარებისეულ მოძღვრებას შემცოდის შეწყნარების შესახებ და მის მიერ ჩადენილი ცოდვის მოუნანიებლობის შემთხვევაში შედეგების თაობაზე.

ცოდვათა მიტევებასთან დაკავშირებით საინტერესოა იაკობ მოციქულის კათოლიკე ეპისტოლე, რომლის თანახმადაც ეკლესიაში დაწესდა ზეთის კურთხევის საიდუმლო. წმ. მოციქული ბრძანებს, რომ სნეულს უნდა სცხონ მღვდლებმა ზეთი უფლის სახელით და რაც ცოდვა აქვს, მიეტევება . ამ გაგებით, ზეთის კურთხევის საიდუმლოს იურიდიული ხასიათი აქვს და იგი ერთგვარად ცვლის კიდევაც აღსარების საიდუმლოს .

როგორც ვხედავთ, სამოციქულო მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს საეკლესიო სამართლისათვის არა მხოლოდ ნაშრომში განსახილველი პერიოდისათვის, არამედ ქრისტეს ეკლესიისათვის ყველა დროში. `მოციქულთა ნაწერებიდან ქრისტიანებმა მივიღეთ სახელმძღვანელო დებულებები სათემო-თანამდებობრივი ორგანიზაციის, საეკლესიო თანამდებობათა დასაკავებლად აუცილებელი თვისებების, ცოდვათა მიტევების, უძლურთა ზეთისცხების, ქორწინების, საოჯახო სამართლის საკითხებისა და მეუღლეთა თანაცხოვრების შესახებ~.

გავაგრძელებ.....

ჯერ ეს წაიკითხეთ tongue.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   საეკლესიო სამართლის წყაროები ნიკეის   Apr 25 2007, 05:54 PM
კანონისტი   წაიკითხეთ?? :P   May 14 2007, 11:28 PM
ნათია   წაიკითხეთ?? :P ჯერ ე...   May 14 2007, 11:48 PM
მხევალი ნინო   ძალიან საინტერესო...   May 15 2007, 09:25 AM
makuna7474   ეს არის ჩემი I სასე...   May 15 2007, 06:11 PM
კანონისტი   makuna7474 რა ვიცი, ძირით...   May 15 2007, 06:12 PM
makuna7474   makuna7474 რა ვიცი, ძირით...   May 15 2007, 06:16 PM
კანონისტი   4. საეკლესიო ტრადიც...   May 15 2007, 06:22 PM
makuna7474   ამ თემაზე მამა გიო...   May 15 2007, 06:23 PM
კანონისტი   makuna7474 არა :)   May 15 2007, 06:24 PM
makuna7474   makuna7474 არა :) მადლობა...   May 15 2007, 06:27 PM
makuna7474   კიდევ ერთხელ დიდი ...   May 15 2007, 06:53 PM
მხევალი ნინო   კანონისტი მე, როგ...   May 18 2007, 09:53 AM
კანონისტი   მხევალი ნინო VI მსო...   May 18 2007, 10:18 AM
BOO   კანონისტი იმდენი ...   May 18 2007, 10:25 AM
მხევალი ნინო   კანონისტი დიდაქე...   May 18 2007, 07:19 PM
კანონისტი   მხევალი ნინო არა, XI...   May 22 2007, 10:32 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 01:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი