IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> სახელმწიფო რელიგია, იდეოლოგია, მომავალი თაობის აღზრდა, მართლმადიდებლობის სწავლება საჯარო სკოლებში
ვერმიცანა
პოსტი Apr 1 2022, 11:28 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 1-April 22
წევრი № 15,283



გამარჯობათ.
გადავწყვიტე გამოვხატო ჩემი პირადი შეხედულება იმ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიცაა მართლმადიდებლური ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და მართლმადიდებლობის სწავლება საჯარო სკოლებში. გთხოვთ, მაპატიოთ, თუ ჩემი მოკლე ჭკუით რაიმეს არასწორად ვფიქრობ და ვცდები.
დავიწყებ მეორე საკითხიდან და შემდეგ გადავალ პირველზე.
დავსვათ კითხვა: გვინდა, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა იყოს ზნეობრივი და სულიერად ჯანსაღი? იმედია გვეყოფა კეთილგონიერება, რომ უარყოფითად არ ვუპასუხოთ ამ კითხვას, კი გვინდა, მაგრამ იმაშიც დამეთანხმებით ალბათ, რომ მხოლოდ სურვილი არაა ამისათვის საკმარისი. რა განაპირობებს მომავალი თაობის სულიერ-ზნეობრივ მდგომარეობის ფორმირებას? ამაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ არსებობს ძირითადი და ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორები. ბავშვის და შემდგომ მოზარდის პიროვნების ჩამოყალიბებაში ერთერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ოჯახი, მაგრამ თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვის აღზრდაში ოჯახის როლი განუზომლად დიდია, სკოლაში მისვლის შემდგომ წლიდან-წლამდე იზრდება იმ გარემოს ზემოქმედების წილი, რომელშიც ბავშვი თავისი ცხოვრების უდიდეს და ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს ატარებს: ეს არის სკოლა. თუ ვთანხმდებით, რომ სკოლა და ზოგადად სკოლის გარემო, ამ გარემოში გატარებული წლები დიდ ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკისა და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, დავსვათ შემდეგი კითხვა: გვინდა თუ არა, რომ ეს გარემო იყოს ჯანსაღი, გარკვეულ ზნეობრივ ნორმებთან შესაბამისობაში მყოფი, თუ გვირჩევნია ეს იყოს ქაოტური გარემო, სადაც ყველას თავის სიმართლე აქვს? იმედია აქაც დამეთანხმებით, რომ ჯანსაღი, ზნეობრივი გარემო სჯობს უზნეოს. და რას ნიშნავს ჯანსაღი გარემო? როგორი უნდა იყოს იგი? რა კრიტერიუმებს უნდა შეესაბამებოდეს? როგორი უნდა იყოს საზოგდოებაში დამკვიდრებული სულიერ-ზნეობრივი ნორმები, რომ ეს საზოგადოება ჯანსაღად და ზნეობრივად ჩაითვალოს? ამ ვითომდა ერთი შეხედვით მარტივ (მაგრამ ჩემი აზრით ძალზედ რთულ) კითხვაზე მარტივი პასუხია – ქრისტიანული, მაგრამ ეს პასუხი მარტივი და უცვლელი დროისა და გარემოების მიუხედავად მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანისათვისაა, რადგან ქრისტიანული ღირებულებები არ იცვლება. არაქრისტიანი ადამიანისა და ქრისტიანის მორალურ-ზნეობრივი ნორმები მეტ-ნაკლებად შეიძლება ემთხვევა კიდეც, მაგრამ ასევე ხშირად რადიკალურად განსხვავდება და შესაძლებელია იცვლებოდეს დროისა და ვითარების მიხედვით. ასე მაგალითად ზოგიერთ ველურ ტომებში ნორმად ითვლებოდა კანიბალიზმი, ფაშისტურ გერმანიაში ნორმალურად ითვლებოდა მათგან განსხვავებული რასის ადამიანების მოსპობა და განადგურება და ამას მილიონობით ადამიანი უკრავდა ტაშს, ჰაი გიტლერს გაიძახოდა, რაც დღევანდელი დასავლეთის «ცივილიზებული» სამყაროსათვის წარმოუდგენელი კოშმარი და სისასტიკეა, სამაგიეროდ, რაც არც თუ ისე დიდი ხნის წარსულში იგივე «ცივილიზებურებისათვის» უდიდეს სიბინძურედ და სიმდაბლედ ითვლებოდა და ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა თუ ეს მისაღები გახდებოდა, დღეს ნორმაა, ვგულისხმობ ლგბტ აღლუმებს, სოდომიტების «ქორწინებას», «ოჯახის» შექმნას და მათ მიერ შვილების აყვანას, შორს რომ არ წავიდეთ, აგერ, ჩვენს ქვეყანაში, ადრე ვნებიანი, ვულგარული ფოტოების გამოფენა სირცხვილი იყო და ასეთი ქალი კახპად ითვლებოდა, ახლა ყოველი მეორე გოგო, ფეისბუქზე საქვეყნოდ ტუჩებს პრუწავს და საკოცნელად იწვევს ყველას, მკერდსა და უკანალს ბზიკავს, თვალებს ნაბავს და აღარ იციან რა პოზებში გადაიღონ სურათები და ვითომც არაფერი, «ეხლა ყველა ეგრეა» ხშირად არის ხოლმე პასუხი...
დღიდან საქართველოს გაქრისტიანებისა, საქართველო და ქრისტიანობა განუყოფელი იყო მუდამ და მადლობა ღმერთს, დღევანდელ დღეს ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს თავს და გავბედავ და ვიტყვი, რომ ამ ხალხის სურვილია, რომ საქართველოს მოსახლეობაში გაბატონებული იყოს არა ათეისტური, ისლამური, ბუდისტური, კათოლიკური, გრიგორიანული, ბაპტისტური თუ სხვა სარწმუნოების შესაბამისი სულიერ-ზნეობრივი ნორმები, არამედ ის იყოს საზოგადოებისათვის მისაღები, რაც მართლმადიდებელ ქრისტიანობას არ ეწინააღმდეგება (მაგალითად არ ითვლებოდეს ნორმად აბორტი, როგორც ქრისტიანობისათვის მკვლელობის ცოდვა და რაც ათეისტისთვის სრულიად გაუგებარი და ნორმალურია და სამწუხაროდ საზოგადოების დიდ ნაწილში, მათ შორის ბევრი «ქრისტიანისათვისაც» კი, ცოდვად კი არა, უბრალოდ პრობლემადაც კი არ აღიქმება ამის ჩადენა). რა არის საჭირო იმისათვის, რომ სკოლებში ქრისტიანული ზნეობრივი ნორმები იყოს დამკვიდრებული? ჩემი აზრით ამისათვის საჭიროა რომ საზოგადოებაში იყოს დანერგილი ეს ნორმები და რომ სკოლას ჰქონდეს არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ აღმზრდელობითი ფუნქციაც, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია ბავშვისათვის, ვიდრე უბრალოდ ამა თუ იმ საგნის შესწავლა და უბრალოდ ცოდნის მიღება. მიმაჩნია, რომ მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს მოსწავლის არა მხოლოდ აკადემიურ მოსწრებას, არამედ მის ყოფაქცევას, ისევე, როგორც მაგალითად ადრე, როდესაც ამაში ცალკე ნიშანი იწერებოდა, რომელსაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საჯარო სკოლებში უნდა არსებოდეს ცალკე საგანი, რომლის მეშვეობითაც იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც გამოთქვამენ ამის სურვილს, სრულიად ნებაყოფლობით, შეასწავლიან მართლმადიდებელ ქრისტიანობას. ხაზს ვუსვამ არა «რელიგიის ისტორიას», ან «ძირითად მსოფლიო რელიგიებს», ან არჩევითად რომელიმე სხვა რელიგიას, ან ბუნდოვან საგანს რაიმე ბუნდოვანი ზნეობრივ მორალურ ფილოსოფიური ლამაზი დასახელებით, რომელშიც აჯაფსანდალივით არეულდარეული იქნება მართლმადიდებელი ქრისტიანობა, სხვა რელიგიები, ფილოსოფიური მიმდინარეობები და ა.შ., არამედ მხოლოდ მართლმადიდებლობას და თუ რატომ, ამას მოგვიანებით განვმარტავ. არის თუ არა ამ საგნის სკოლებში სწავლება საკმარისი ჩვენი შვილების ზნეობრივ პიროვნებებად ჩამოყალიბებისათვის? ვფიქრობ რომ არა, რადგან ამისათვის საჭირო და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თვითონ საზოგადოებაში, იმ გარემოში, სადაც იზრდებიან ჩვენი შვილები, იმ სკოლაში, პედაგოგებში, რომლებსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ ბავშვებთან და რომელთა მორალური ვალდებულებაა, რომ იღებდნენ მონაწილეობას ბავშვების სწორად აღზრდაში, დამკვიდრებული იყოს ისეთი სულიერ ზნეობრივი ნორმები, რომელიც შეესაბამება მართლმადიდებელ ქრისტიანულ საზოგადოებას. როგორ უნდა გაერკვეს ბავშვი, თუ რა არის კარგი და რა ცუდი, როდესაც ყველა მასწავლებელს თავისი სიმართლე აქვს და სამწუხაროდ ვინც საღად აზროვნებს - ძველმოდურად, ჩამორჩენილად ითვლება და პირიქით რაც უფრო ნაღრძობი და გადაბრუნებული აქვს ტვინი ადამიანს, უფრო თანამედროვედ და პოპულარურად, ანუ ასეთი ადამიანები ახალგაზრდებისათვის უფრო მისაღები არიან. როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ ჩვენი შვილები ამა თუ იმ პედაგოგის მავნე ზეგავლენისაგან და რის საფუძველზე უნდა შეზღუდოს ისინი, თუ დღეს გამეფებულია გაურკვეველი, დამახინჯებული «თავისუფლების», «თავისუფალი აზროვნების», «გამოხატვის თავისუფლების» და ა.შ. იდეოლოგია, რაც სინამდვილეში სინდის-ნამუსისაგან თავისუფლებას წარმოადგენს და რომლის საბოლოო მიზანია ადამიანის «გათავისუფლება» ყოველგვარი მორალური ვალდებულებისაგან და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისაგან და მისი სრული დეგრადირება. ბავშვმა შეიძლება ვერ გაარჩიოს, რომ სინამდვილეში ისაა მართალი, ვინც უკრძალავს ბევრი ტკბილეულის ჭამას და არა ის, ვინც არაფერს უშლის, ნებას რთავს და ზოგჯერ მოუწოდებს კიდევაც ამ და სხვა მრავალი «სიამოვნების» მიღებისაკენ, მაგრამ უბედურება ისაა, რომ მთლიანად საზოგადოებაა დაავადებული და ერთეულ, უკვე უმცირესობაში მყოფ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებს, თუნდაც იმ მასწავლებლებს, რომლებიც ბავშვს მიუთითებენ ამა თუ იმ უმსგავსოებაზე, ზურგს ვერ უმაგრებს «საზოგადოებრივი აზრი», სადაც არანაირი საერთო აზრი არ არსებობს, რადგან სრული ქაოსია.
ალბათ ერის სულიერ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ეკლესიაა, მაგრამ უნდა ზრუნავდეს თუ არა სახელმწიფო საზოგადოების ზნეობრივ მდგომარეობაზე, თუ ეს მეასე ხარისხოვანია და მთავარია უზრუნველყონ ჩვენი ხორციელი კეთილდღეობა(ან ეს ვის ადარდებს, მაგრამ ისე, მსჯელობისათვის დავსვი ეს კითხვა)? თუ რაიმეზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო, ეს პირველ რიგში ერის სულიერი მდგომარეობაა. ჩემი აზრით სრულებით არაა საკმარისი «კონსტიტუციური შეთანხმება», რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, შეფასების კრიტერიუმად გამოვიყენებ დღევანდელი საქართველოს საზოგადოების სავალალო სულიერ მდგომარეობას, რომლის ერთერთ დაავადებულ ნაწილადაც მეც მივიჩნევ თავს. ჩემი აზრით სახელმწიფო არ უნდა იხსნიდეს პასუხისმგებლობას იმ მოტივით, რომ ეს მხოლოდ ეკლესიის საზრუნავია და თუ რაიმე ისე არაა როგორც უნდა იყოს, მე არაფერ შუაში არ ვარ, ეს მხოლოდ მათი ბრალია, არამედ სახელმწიფო გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს ამ უმნიშვნელოვენეს საკითხს და მეტად უნდა ზრუნავდეს ხალხის სულიერი მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის. შესაძლოა მთლად მართებული შედარება არ იყოს, მაგრამ დაახლოებით ასეა, მაგალითად, მამამ რომ თქვას, რომ შვილის აღზრდაზე პასუხისმგებელი დედააო და თან შვილს უთხრას, შენი ნებაა ჩემო სიხარულო, როცა გინდა დაუჯერე დედას, როცა გინდა ნუ დაუჯერებ, ხანდახან აფრენს დედაშენი, ყველაფერს მართალს კი არ გეუბნებაო და თუ შვილი უვარგისი გამოვა, მე რა შუაში ვარ, სად მეცალა მაგის აღზრდისათვის, დღედაღამე ვმუშაობდი, დედამისს მოკითხეთო. რა შეუძლია სახელმწიფოს რომ გააკეთოს ამ მიმართულებით? ალბათ ბევრი რამ, რაც მეტ-ნაკლებად სასიკეთო შედეგის მომტანი იქნება, მაგრამ ამ ღონისძიებათა შორის უმნიშვნელოვანესია და მე ვფიქრობ აუცილებელიც, რის გარეშეც ყოველი ქმედება მსგავსი იქნება საძირკველის გარეშე სახლის შენებისა: ესაა სახელმწიფო იდეოლოგიის ჩამოყალიბება. რა იდეოლოგია გააჩნია დღეს ჩვენს ქვეყანას, რთული სათქმელია. კურსი «ცივილიზებური» დასავლეთისაკენ, დასავლური «ღირებულებებისაკენ» სწრაფა, ყოველივე «ღირებული» სიმახინჯის, უპირობოდ მიღება (მთავარია იქაური იარლიყი ერტყას და მოდაში იყოს, მნიშვნელობა არ აქვს კარგია თუ ცუდია), საქართველოში იმპორტირება, რეკლამირება და დანერგვა. აი ასეთი სახელმწიფო იდეოლოგია გვაქვს. სიმართლე გითხრათ არ ვიცი ზუსტად როგორი უნდა იყოს და რა ფორმა უნდა ჰქონდეს სახელმწიფო იდეოლოგიას, როგორი სახით უნდა მოხდეს მისი ჩამოყალიბება და დანერგვა, მაგრამ მწამს, რომ ეს იდეოლოგია უნდა იყოს დაფუძვნებული მართლმადიდებელ ქრისტიანობაზე და სწორედ ამისათვის, აუცილებელ პირობად მიმაჩნია სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება და ამის საფუძველზე კონსტიტუციისა და სახელმწიფოში არსებული კანონების ჭეშმარიტებასთან შესაბამისობაში მოყვანა. ამის გარეშე ძალზედ რთული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია ახსნა, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული ესა თუ ის მავნებლური კანონი, მაგალითად აბორტის დაშვება ან პირიქით, რატომ გვაქვს დაკანონებული, ზნეობის დამცველი კანონი, მაგალითად ის, რომ ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის არის შესაძლებელი ან რატომაა დაშვებული მხოლოდ ერთ ადამიანზე ქორწინება და იკრძალება ორი ან მეტი კანონიერი მეუღლის (ცოლის და ქმრისაც, გენდერული თანასწორობის დაცვით) ყოლა და ა.შ. მადლობა ღმერთს, ჩვენი ეროვნული შეგნება ჯერ კიდევ იმ დონეზეა, რომ ძალუძს მოიგერიოს მსგავსი უზნეო კითხვები და მართლმადიდებელ ქრისტიანობაზე დაფუძვნებული და საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული, ჩვენი ქრისტიანი წინაპრებისაგან მემკვიდრეობით გადმოცემული ეროვნული მსოფლმხედველობა, თუნდაც ათეისტები ვიყოთ, ქვეცნობიერის დონეზე გვკარნახობს, რომ სხვაგვარად არ შეიძლება, რომ ეს არასწორია, უზნეობაა. ჯერ კიდევ გვკარნახობს... მატარებლის ვაგონივით ვართ, რომელსაც მოძრავ შემადგენლობას ჩახსნიან და ჯერ კიდევ მოძრაობს, ინერციით, მაგრამ თავისთავად განა დიდხანს იმოძრავებს ვაგონი? შესაძლოა, რომ იმოძრაოს კიდეც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაღმართი იქნება. კი, იმოძრავებს... უფსკრულისაკენ. ღვთის წყალობით ჯერ კიდევ მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული გვაქვს ადამიანის სახე და გრძნობის ორგანოები ისე არ გვაქვს დაჩლუნგებული, რომ თაფლი და ძმარი ერთმანეთისაგან ვერ გავარჩიოთ, მაგრამ ყოველივე, რასაც დღეს ჯანსაღად და სწორად აღვიქვამთ და აქსიომად მიგვაჩნია, თუ საზოგადოებამ განაგრძო ზნეობრივი დეგრადაცია და თუ ამ «აქსიომებს» ჭეშმარიტი სარწმუნოების საფუძველი გამოვაცალეთ, ისე აგვერევა და დაგვებინდება გონება, რომ დღესა და ღამეს ვეღარ გავარჩევთ და დღევანდელი, ერთი შეხედვით საზოგადოებაში მტკიცედ გაბატონებული ზნეობრივი ნორმები, ანუ ის ისედაც საკმაოდ დეფორმირებული ზნეობრივი საზომი, რითაც დღეს ვაფასებთ ადამიანისა და ამა თუ იმ საქციელის სულიერ-ზნეობრივ დონეს, სულ მთლად დაიბრიცება, დაიგრიხება და ქრისტიანული საფუძვლის გარეშე დარჩენილი «აქსიომები» ხუხულასავით ჩამოიშლებიან.
მართლმადიდებელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ნიშნავს ერისა და ბერის გაერთიანებას, ქვეყნის მორალურ-ზნეობრივი კოდექსის შექმნას და ამ კოდექსის საფუძველზე ეროვნული იდეოლოგიის ჩამოყალიბებითა და დანერგვით ეროვნული სულიერი ქაოსის დალაგების დაწყებას, ათასი ცრუ აგიტაცია-პროპაგანდით მოწამლული, გონებადაბნეული, გაოგნებული და ჭეშმარიტების გზას აცდენილი საზოგადოებისათვის სწორი მიმართულების ჩვენებას, ყოველივესათვის თავისი შესაბამისი სახელის დარქმევას, თეთრისა და შავის გამიჯვნას, ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრას, თუ რა რა არის კარგი და რა არის ცუდი და თუ ვინმე დასვამს კითხვას თუ რატომ ვფიქრობთ ასე, პასუხი იქნება მარტივი, ესაა ჭეშმარიტება, რასაც საბედნიეროდ, ღვთის წყალობით, ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ეზიარა ჩვენი ერი და როგორც იმავე «კონსტიტუციურ შეთანხმებაშია» აღნიშნული, მართლმადიდებელმა ქრისტიანობამ «ჩამოაყალიბა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა, ეროვნული თვითშეგნება და ფასეულობები», რომელთა შენარჩუნებასა და დაცვას ქართველი ერისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო, ანუ როგორც ახლა იტყვიან ხოლმე, ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს და სწორედ ერის მიერ გამოვლენილი ნებაა, სახელმწიფო დონეზე მიღებული, რომ ეს ასე მიგვაჩნია.
მართლმადიდობლობაზე დაფუძვნებული სახელმწიფო იდეოლოგიის შემუშავება და გატარება ნიშნავს, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივი ძალისხმევით იზრუნებენ ხალხის სულიერ-ზნეობრივ მდგომარეობაზე, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონები არ იქნება წინააღმდეგობაში ღვთის მიერ დადგენილ კანონებთან, რომ სახელმწიფო გაატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს ზნეობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებას, ჯანსაღი გარემოს შექმნას, სადაც სამაგალითო და მისაბაძი იქნება სწორედ ქრისტიანული ღირებულებების მქონე ადამიანი, თუნდაც იგი არაქრისტიანი იყოს თავისი რწმენით, განა იმიტომ, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ქრისტიანები ვიქნებით თუ არა, არამედ იმაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ მართლმადიდებლობის მხოლოდ გარეგნულად აღიარება სრულიად არაა საკმარისი, მთავარია რომ უპირველესად შინაგანად ვიყოთ ქრისტიანები და ქრისტიანული ღირებულებების მატარებლები და ამასთან ერთად, ცხადია, უნდა ვაღიარებდეთ რომ მართლმადიდებლები ვართ და ვცხოვრობდეთ ისე, როგორც უფალი და ჩვენი დედაეკლესია გვასწავლის, ხოლო ჩვენგან განსხვავებული რწმენის მქონე ადამიანებისადმი, თუ რა თქმა უნდა ეს ადამიანები რაიმე ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არ არიან და საფრთხეს არ წარმოადგენენ სხვა ადამიანებისათვის და ზოგადად სახელმწიფოსათვის, ასეთი ადამიანების მიმართ საქართველოში ოდითგანვე შემწყნარებლური დამოკიდებულება იყო და სხვანაირად წარმოუდგენელიც კია რომ იყოს ჭეშმარიტ ქრისტიანულ საზოგადოებაში და უფრო მეტიც, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა არავისზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ ჩვენი თავი და არავის ზემოდან არ უნდა ვუყუროთ. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვითომ მართლმადიდებელი რომ მეგონა ხოლმე ჩემი თავი, შემხვედრია ისეთი ხალხი, რომ სირცხვილის გრძნობა მეუფლებოდა, როდესაც ვფიქრობდი, რომ მე, როგორც ქრისტიანს, რამდენი მიკლია იმ თვისებების შეძენამდე, რაც ამა თუ იმ არაქრისტიან ადამიანში აღმომიჩენია. ასე რომ, ბევრი არაქრისტიანი შესაძლოა ზოგიერთ მართლმადიდებელ ქრისტიანზე, გაცილებით უფრო კეთილშობილი, ღვთისნიერი და მეტი ქრისტიანული ღირებულებების მატარებელი იყოს, ეს ჩემი პირადი შეხედულებაა, მაგრამ ისევ და ისევ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ ნიშნავს რომ სხვა რელიგიებსაც ჭეშმარიტებისაკენ მიჰყავთ ადამიანი, არამედ ქრისტიანული თვალთახედვით არაქრისტიან ადამიანში, რომელსაც არასწორი სულიერი გეზი აქვს აღებული, ღვთის წყალობით მაინც შესაძლოა შენარჩუნებული იყოს დიდი სიკეთე და ქრისტიანული ღირებულებები და ჩვენთვის ასეთ ადამიანში უფლის სახის აღმოჩენა დიდად სასიხარულოა.
რაც შეეხება მართლმადიდებლობის სწავლების საკითხს სკოლებში, თუ რატომაა მნიშვნელოვანი მხოლოდ ამ საგნის, როგორც არჩევით, ანუ ნებაყოფლობით სწავლებას, ამაზე ნაწილობრივ უკვე გავეცი პასუხი. საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ მიზნად ვისახავთ საქართველოში მართლმადიდებლური სახელმწიფო იდეოლოგიისა და ღირებულებების დამკვიდრებას, უნდა გატარდეს შესაბამისი პოლიტიკაც ამ მიმართულებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის სკოლებშიც. აქედან გამომდინარე სრულიად გაუგებარი და წინააღმდეგობრივი იქნება სხვა რაიმე იდეოლოგიის წახალისება და შესაბამისი საგნის შემოღება. არ უნდა ავყვეთ ყოველგვარ ფსევდოჰუმანურ და «ლიბერალურ» მოსაზრებებს, არავის უფლებები ამით არ დაირღვევა. ყოველივე სახის ექსტრემიზმის წინააღმდეგი ვარ და პირველ რიგში «ქრისტიანობის» სახელით განხორციელებული ძალადობისა, ვგულისხმობ სხვა სარწმუნოების ხალხის დევნას, დამცირებასა თუ სხვაგვარად შევიწროებას და ამას ცხადია განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რათა მსგავსი ქმედების განზრახვაც კი საფუძველშივე აღიკვეთოს და იმის დასტური, რომ ეს რეალურად შესაძლებელია და რომ მართლმადიდებელი იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოში არ იქნება რელიგიურ ნიადაგზე ადამიანების ჩაგვრა არის საქართველოს, როგორც ქრისტიანულ სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, განსხვავებული რწმენის ხალხთან მეგობრული თანაცხოვრებისა.
როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყოველივე? ეს ალბათ ფართო საზოგადოების მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. მე შევეცადე შეძლებისდაგვარად მეჩვენებინა, თუ როგორი ზნეობრივი კრიზისი სუფევს დღევანდელ საზოგადოებაში, თუ როგორი სერიოზული «ეგზისტენციალური» საფრთხის წინაშე ვდგავართ და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერის და განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობის სულიერ-ზნეობრივ მდგომარეობაზე ზრუნვა, რადგან სწორედ მათზე იქნება უახლოეს მომავალში დამოკიდებული საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი.
მომიტევეთ, თუ ვრცელი წერილი გამომივიდა. გთხოვთ შეაფასოთ ჩემი ნაცოდვილარი და რასაც არასწორად ჩათვლით, შემისწოროთ და გამაკრიტიკოთ, ხოლო თუ მიგაჩნიათ, რომ ღვთის წყალობით შევძელი რაიმე ჭკვიანურის და სასარგებლოს საზოგადოებისათვის მიწოდება, გთხოვთ მოიწონოთ და გააზიაროთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
მადლობთ.
ბმული ფეისბუქზე: https://www.facebook.com/vinme.vinme.3760
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 05:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი