IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მეფე ქართლისა არჩილი, არჩილ სტეფანოზის ძის მოღვაწეობის დათარიღების მცდელობასთან დაკავშირები
zakariazakaria
პოსტი Jan 9 2013, 04:10 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 8-January 13
წევრი № 12,869



მეფე ქართლისა არჩილი
(არჩილ სტეფანოზის ძის მოღვაწეობის დათარიღების მცდელობასთან დაკავშირებით)

თანამედროვე საისტორიო მეცნიერებაში, ადრეფეოდალური ხანის შესახებ ბევრი ისეთი საკითხია რომელიც ჯერ კიდევ სადავოდ რჩება. ამის უმთავრესი მიზეზი რა თქმა უნდა ქართული საისტორიო წყაროების სიმწირეა, რომლებიც ჟამთა სიავის გამო ან განადგურდა, ანდაც საკმაოდ შერყვნილი სახით მოაღწია ჩვენს დრომდე. ამგვარ სადავო საკითხს მიეკუთვნება მეფე არჩილის ცხოვრება და მისი მოწამეობრივი აღსასრული, რომლის შესახებ საინტერესო ჰაგიოგრაფიული თხზულება დაგვიტოვა მემატიანე ლეონტი მროველმა. თხზულებამ გადამწერ რედაქტორთა წყალობით ჩვენს დრომდე გარკვეული სახეცვლილებით მოაღწია, რასაც ერთი მნიშვნელოვანი ნაკლიც გააჩნია. თხზულება არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რათა დადგინდეს არჩილის ცხოვრება-მოღვაწეობის ზუსტი თარიღი.
მეოცე საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსებმა სცადეს ამ ხარვეზის შევსება, თუმცა რადგან ყველა სხვადასხვა პერიოდით ათარიღებდა არჩილის მოღვაწეობის წლებს, ამიტომ ეს საკითხი მათ მიერ ვერ იქნა გადაწყვეტილი. შედარებისთვის ყველა, ან თითქმის ყველა იმ მაგალითს მოვიყვან, ვინც თავის დროზე შეეცადა წამების ზუსტი თუ არა, მიახლოებით თარიღი მაინც დაედგინა.
კორნელი კეკელიძე არჩილის წამებას 787 წლის შემდგომ პერიოდში ვარაუდობდა (იხ.კორნელი კეკელიძე „ქართული ლიტერატურის ისტორია“ ტ.I. გვ.242-243 თბილისი 1960წელი)
მის მოსაზრებას იზიარებს ქ-ნი მარიკა ლორთქიფანიძე (მ.ლორთქიფანიძე „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან“ . მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი 31. გვ.15)
ცნობილი სომეხი მეცნიერი კ.თუმანოვი არჩილის მოღვაწეობას 736-786 წლებით ათარიღებს (C.Toumanoff – “Studies in Cristian cavcasian Histori” 1963 წელი გვ.411).
მეორე სომეხი მეცნიერი და მკვლევარი ტერ-გევონდიანი, სომეხი მემატიანის ღევონდის „ხალიფათა ისტორიაზე“ დაყრდნობით, არჩილის წამებას 784 წლით ათარიღებს, თუმცა მას ეს ამბავი, აბოს წამებაში ერევა, რადგან ღევონდის “ხალიფათა ისტორიაში“ მოთხრობილია აბოს წამების ამბავი, რაც თვალნათლივ ჩანს თავად ტექსტიდანაც. (ტექსტი მოყვანილია კ.პატკანოვის მიერ 1862 წელს, ს.პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოცემული წიგნიდან) აი რას ვკითხულობთ მასში: “მოხდა ეს მუსას მთავრობისას, ჰაზმას გამგებლობისას, წმიდა ნათლისღების დღეებში. სომხური წელიწადთა აღრიცხვით 233 წელს (785 წელი, იანვარი) მან მოკლა ასევე ივერთა მთავარი საშინელი სიკვდილით. ასწიეს იგი ხელებითა და ფეხებითა და ორად გადაჭრეს. ასე შეწყვიტეს მისი ახალგაზრდული ასაკის სიცოცხლე და დაიკლა ახალგაზრდა, როგორც ბატკანი სასაკლაოზე.“ მოტანილი ფრაგმენტიდან ჩანს, რომ აქ ივერთა მთავრის სახელი არსადაა ნახსენები და უდავოდ ლაპარაკი არის ნერსე ერისმთავრის ახალგაზრდა მსახურ აბოზე, რომელიც სწორედ ამ პერიოდში აწამეს არაბებმა. როგორც ჩანს შემდგომი ხანის გადამწერ-რედაქტორთა წყალობით, ან სულაც სიჟეტის კიდევ უფრო მეტად დამძიმების მიზნით, სიტყვა ივერთა მთავრის „მსახური“ ტექსტიდან გააქრეს, რამაც შეცდომაში შეიყვანა მომდევნო ხანის მკვლევარები.
არჩილის მოღვაწეობის შესახებ პავლე ინგოროყვაც საუბრობს და მისი მოღვაწეობის წლებად 732-759 წლებს მიიჩნევს.
არჩილის მოღვაწეობის დათარიღების დაზუსტება უცდია ქ-ნ მანანა სანაძეს, რომელმაც ცალკე ნაშრომი „ერისმთავრები მირი და არჩილი და „ქართლის ცხოვრება“ მიუძღვნა ამ საკითხს. ქ-ნ სანაძეს, როგორც ის აცხადებს, ჯუანშერის მატიანეზე დაყრდნობით არჩილის წამების თარიღად 761 – 762 წლები უვარაუდებია. მე, ვერც მის მოსაზრებას გავიზიარებ, რადგან ჯუანშერის მატიანის ის ადგილები რასაც ქ-ნი მ.ს. ეყრდნობა, ბევრ ისეთ რამეს გვაუწყებს, რომელიც არჩილის წამების მისეულ დათარიღებაში ვერ ჯდება და ბევრად უფრო ადრეა მომხდარი. იხილეთ ქ-ნ სანაძის [ „ერისმთავრები მირი და არჩილი და „ქართლის ცხოვრება“] რომელიც დაიბეჭდა საქართველოს საპატრიარქოს ეგიდით გამოცემულ „სამეცნიერო ჟურნალში“ #4 2001 წელი გვ. 73]
არჩილის მოღვაწეობის პერიოდთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გვთავაზობს დავით მუსხელიშვილი, რომელიც თვლის, რომ არჩილი სიკვდილით უნდა დაესაჯა არმენიის ამირა ასიმ იბნ’აბდალაჰს და ეს უნდა მომხდარიყო 745 (დავით მუსხელიშვილი „ციხე-ქალაქი უჯარმა“ თბ. 1966 წ. გვ. 94-95) წელს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერს ასიმ იბნ’აბდალაჰი და ჰასიმ იბნ ნუმან ალ’ბაჰილი ერთმანეთში ერევა. ისინი ორივენი, თავთავის დროს სახალიფოს პროვინცია არმინიის ამირები იყვნენ და ამ არაბული პროვინციის საზღვრებიც დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთის გამოკლებით მთელი სამხრეთ კავკასიას მოიცავდა. ოღონდ ეგ იყო რომ ასიმ იბნ’აბდალაჰი VIIIსაუკუნის 40 წლებში იყო არმინიის ამირა, ხოლო ჰასიმი იბნ’ნუმან ალ-ბაჰილი, ჯერ ნახიჩევანის საამიროს განაგებდა, შემდეგ კი არმენიის ამირად იჯდა 712-720 წლებში. სწორედ მისი მართველობის პერიოდი კი მართლაც საინტერესოდ ემთხვევა ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მოცემულ არჩილის წამების წელს. ვახუშტი ბატონიშვილი, მეფე არჩილის მოღვაწეობის წლებად 668-718 წლებს მიიჩნევს და როგორც ვფიქრობ და როგორც ამას ეს წერილიც აჩვენებს, სწორედაც, რომ მისეული დათარიღება უნდა იყოს სწორი. თუ რატომ ამას ქვემოთ მოგახსენებთ.

დავიწყოთ იმით, რომ 745 -780 წლებში ქართლში არაბთა დამსჯელი ხასიათის ლაშქრობებს თუ ლაშქრობას ადგილი არ ჰქონია, რის საფუძველზე შეიძლებოდა მომხდარიყო დამპყრობლის მიერ ადგილობრივი ხელისუფალის დასჯა. თანაც ისტორიიდან ცნობილია, რომ ამ პერიოდში ქართლის ერისმთავარი იყო ნერსე, რომელიც ურჩობისათვის გადააყენეს არაბებმა და ერისმთავრად ანუ ბატრიკად დასვეს ნერსეს დისწული სტეფანოზ გურგენის ძე. იხილეთ ჰაგიოგრაფიული თხზულება „აბოს წამება“, რომელიც სამოელ ქართლის კათოლიკოსის თხოვნით აღწერა იოანე საბანისძემ 786-790 წლებს შორის პერიოდში. ასე რომ, ყოვლად წარმოუდგენელია არჩილის წამებასაც ამ დროს ჰქონოდა ადგილი და ამის შესახებ არავითარი რეაგირება არ მომხდარიყო კლერიკალურ წრეში.
ვახუშტისეული დათარიღება სწორი რომაა ამაში უპირველეს ყოვლისა ისევ ლეონტი მროველის თხზულება დაგვეხმარება. თხზულებაში ნათქვამია, რომ არჩილი აწამა არაბმა სარდალმა ჭიჭნაუმ ასიმმა. არაბული წყაროს „ტაბარის“ (Табари Т. II. изд. Баку 1927г. გვ.1346 ) თანახმად, რომელიც გამოყენებული აქვს, რუს მეცნიერს, მიხაილ არტამონოვს თავის „ხაზართა ისტორიაში“ (М. Артамонов „ История хазар“ გვ.205) 717 წელს, სამხრეთ კავკასიაში დარუბანდის გზით შემოჭრილან ხაზარები, დაუქცევიათ და გაუძარცვავთ ეს დიდი სავაჭრო ქალაქი. ხაზრებს ასევე მოურბევიათ სამხრეთ აღმოსავლეთ კავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილიც. ხალიფა უმარმა შემოჭრილი ხაზარების განდევნა არმენიის ნუაბს (პროვინციის მმართველს), ჰასიმ იბნ’ნუმან ალ ბაჰილს დაავალა, რომელმაც დარუბანდი დაიბრუნა, შემდეგ ჩრდილოთ კავკასიაში გადარეკა მომხდურები და უკან დარიალის გზით დაბრუნდა. ხაზართა განდევნის შემდეგ, ჰასიმმა პროვინციაში წესრიგის აღდგენა იმით დაიწყო, რომ ადგილობრივ მთავრებს დაერია და ბევრი მათგანი სიკვდილით დასაჯა. ვფიქრობ, ლეონტი მროველის თხზულებაში ნახსენები არაბი სარდალი ჭიჭნაუმ ასიმი და ჰასიმ იბნ ნუმან ალ’ბაჰილი, ერთიდაიგივე პიროვნება უნდა იყოს. ლეონტის თანახმად არაბ სარდალს მოუთხოვია იმ განძის გამოჩენა, რომელიც თითქოსდა ჰერაკლე კეისარმა გადამალა ქართლში, როდესაც ირანის ლაშქრობიდან უკან ბრუნდებოდა. ერისმთავარს კი უარი უთქვამს განძის მიცემაზე იმ მოტივით, რომ როცა ეგ ამბავი მომხდარა, ის მცირეწლოვანი იყო და მას არავინ ეტყოდა გადამალული განძეულის ადგილსამყოფელს „მცირე ვიყავ ასაკითა, ოდეს-იგი განვლო ქუეყანა ესე ერაკლე მეფემან “ (ქ.ცხ. ტ. I. ლეონტი მროველი „მეფე ქართლისა არჩილ“ გვ. 247) ამბობს არჩილი დაკითხვის დროს და მისი სიკვდილით დასჯის ერთერთი საბაბიც სწორედ ეს გამხდარა.
ჯუანშერის მატიანეს თანახმად ჰერაკლე კეისარი ქართლში რამოდენიმე გზის არის შემოსული. პირველად 627 წელს, ხაზართა მიერ თბილისის ალყისას. შემდეგ ირანის შაჰის ქასრეს (ხოსრო II ფარვიზი) დამარცხებიდან მეშვიდე წელს, ისევ შემოსულა ქართლში ჰერაკლე კეისარი. „უკმოიარა გზა ქართლისავე მეშვიდესა წელსა, რაითგან ჩაევლო“. ( „ქართლის ცხოვრება“ ტ. I. - ჯუანშერი გვ227 ) ამ დროს ქართლის ერისმთავარი იყო ადარნასე, რომელიც იმავე წელს გარდაიცვალა და ერისმთავრის ტახტი სტეფანოზმა დაიკავა. „მოკუდა ადარნასე, და დადგა ძე მისი სტეფანოზ“ („ქართლის ცხოვრება“ ტ. I. ჯუანშერი გვ.228) და ბოლოს 640 წელს, როდესაც სომხეთში მდგარი ბერძენთა ლაშქარი და მას მიტმასნებული სპარსელთა ერთი ნაწილი, არაბთა შემოსევის გამო ქართლში ინაცვლებს და რადგან იმის საშიშროება შეექმნათ რომ არაბები აქაც შემოვიდოდნენ ადგნენ და სადღაც ტონთიოში დაფლეს ირანიდან გამოტანილი განძეულობა იმ იმედით, რომ როდესმე თვითონ თუ არა მათი შთამომავლები დაბრუნდებოდნენ და განძეულს დაიბრუნებდნენ. (იხ. ქ.ცხ. ტ. I . გვ.231) ჩვენ ვიცით რომ არჩილი არის სტეფანოზის ძე და ადარნასეს შვილისშვილი, ანუ ესენი არიან ჰერაკლე კეისრის თანამედროვენი. აქედან გამომდინარე სავსებით ლოგიკურია, ჰერაკლეს მიერ განძის გადამალვის პერიოდში, არჩილი მცირეწლოვანი ყოფილიყო. რას სავსებით მისაღებს ხდის ვახუშტი ბატონიშვილისეულ არჩილის წამების დათარიღებას (718 წელი).
* * * * *
არჩილის მოღვაწეობასთან დაკავშირებით თავისი შეხედულება აქვს გამოთქმული ბატონ გ.აბრამიშვილს როდესაც ის ატენის სიონის ფრესკულ წარწერებს იკვლევდა. ერთ-ერთი დაზიანებული წარწერის ამოკითხვისას მისი კონიეკტურა (conjectura) იმ დასკვნამდე მისულა, რომ წარწერის გადაფხეკილ ნაწილში აუცილებლად უნდა წერებულიყო სიტყვა „ა რ ჩ ი ლ ი ს ი კ“ . დაინტერესებული ადამიანი თუ წარწერას ნახავს, მაშინათვე მიხვდება, რომ ნაკლულ ადგილას, 9 (ცხრა) ასონიშანი არაფრისდიდებით არ ჩაეტევა. ხოლო თუ ვისი სახელი შეიძლებოდა მომდევნო ხანაში ეკლესის მოღვაწეებს გადაეფხიკათ, არც ამას დასჭირდება დიდი ახსნა-მტკიცება. აქ, ამ ადგილას თავის დროზე უნდა წერებულიყო ბიზანტიის ხატმებრძოლი იმპერატორ, ლევის (717 -741 წლები ) სახელი. (ბიზანტია, აღორძინების ეპოქაში შერქმეული სახელია, ალბათ უფრო მართებულია, ტერმინად რომის იმპერია იქნას გამოყენებული), და ეს რომ ასეა ამას ქვემოთ დაინახავთ.
ამ საკითხში უკეთ რომ გავერკვეთ, თავდაპირველად მცირეოდენი მიმოხილვა გავაკეთოთ თხზულების გარშემო და შემდეგ ისევ მივუბრუნდეთ გ.აბრამიშვილისეულ გამოკვლევას.
ძალზედ დასანანია და უკვე აღარაფერი ეშველება იმ ფაქტს, რომ საქართველოს წარსულის ამსახველმა ისტორიულმა წყაროებმა, ჟამთა სიავისა თუ გადამწერ-რედაქტორთა (როგორც ჩანს ძველ დროშიც არსებობდნენ კონიუნქტურაზე მორგებული ვაი მოღვაწენი) წყალობით, ჩვენამდე საკმაოდ სახეშეცვლილი ფორმით მოაღწია. მათ შორისაა ლეონტი მროველის ჰაგიოგრაფიული თხზულება „არჩილის წამება“ (ქ.ცხ. ტ.I. გვ. 245-248 თბილისი 1955 წელი გამომცემლობა „სახელგამი“).
თხუზლების გაცნობისას მკითხველი მასში ბევრ შეუსაბამობას აღმოაჩენს. დავიწყოთ იმით, რომ არცერთ ძველ ნუსხაში არჩილის წამების ზუსტი თარიღი მითითებული არ არის. გამონაკლისს წარმოადგენს XVIII საუკუნის შუა წლეებით დათარიღებული „ჯანაშვილისეული“ „ქართლის ცხოვრება“-ში შესული ლეონტი მროველის „არჩილის წამება“, სადაც თხზულების სათაურთან, სხვა მელნითა და სხვა ხელით, წამების თარიღად მითითებულია ღ.ი.ჱ. (718) წელი. არჩილის მოწამეობრივი აღსრულების იგივე თარიღი აქვს ასევე მითითებული ვახუშტი ბატონიშვილს, თავის ნაშრომში, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. „ჭუმჭუმ ასიმ... შემუსრა ქართლი და იწყო შესლვად კახეთად ქ-სა ღ-იჱ (718წელი), ქართულისა უ-ო. ხოლო არჩილ განიზრახა მისვლა მისთანა და დადვა სული დაცჳსათვის ქუეყანისა (ქ.ცხ.ტ. IV. გვ. 126). ეს არის და ეს, არჩილის გარდაცვალების თარიღის მიმთითებელ სხვა წყაროს ჩვენამდე აღარ მოუღწევია.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენამდე მოღწეულ თხზულებაში ბევრ შეუსაბამობას ვაწყდებით. პირველ რიგში საყურადღებოა ის, რომ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე მოღვაწე ორი სხვადასხვა პიროვნება, მურვან ყრუ (მარვან II იბნ მუჰამადდი, უკანასკნელი ომაიანი ხალიფა 744 – 750 წლები) და ჰერაკლე კეისარი (აღ. რომის იმპერატორი 610 – 641 წლები) ერთი ისტორიული ეპოქის მოღვაწეებად არიან გამოყვანილნი. თხზულების ტექსტის თანახმად, მურვან ყრუს ლაშქრობიდან 50 წელი იყო გასული, როდესაც ქართლში კვლავ შემოიჭრა არაბთა დამსჯელი ლაშქარი ჭიჭნაუმ ასიმის მეთაურობით. „და ვითარ გარდახდეს წელიწადნი ორმოცდაათნი კუალად მოვიდა ჭიჭნაუმ, ძე მოჰამედისი. . .“(ქ.ცხ. ტ. I გვ.245) მურვან ყრუს შემოსევა იყო 735 წელს და თუ ამ თარიღს დავუმატებთ 50 წელს გამოდის, რომ ჭიჭნაუმ ასიმის შემოსევას ადგილი უნდა ჰქონოდა 785 წელს. ისტორიიდან ცნობილია, რომ ამ პერიოდში ქართლის ერისმთავარი არის ნერსეს დისწული, სტეფანოზ გურგენის ძე. ამავე პერიოდს ეკუთვნის ჰაგიოგრაფიული თხზულება „აბოს წამება“ რომელიც სამოელ ქართლის კათოლიკოსის დავალებით დაწერა იოანე საბანისძემ. ცოტა არ იყოს ძნელი წარმოსადგენია ამავე პერიოდში მომხდარიყო ჭიჭნაუმ ასიმის ლაშქრობა, არჩილის მოწამეობრივი აღსასრული და ამის შესახებ არაფერი ეთქვა იოანე საბანისძეს. ამასთან ერთად უტყუარად დადასტურებულია, რომ ამ პერიოდში არაბთა ლაშქრობას არათუ ქართლში, არამედ მთელს სამხრეთ კავკასიაში ადგილი არ ჰქონია. არაბებს მტკიცედ ეპყრათ ძალაუფლება და მათ ნერსე ერისმთავრის გადასაყენებლად დამატებითი ლაშქრის შემოყვანა არ დასჭირვებიათ.
მეორე ცნობილი ისტორიული პიროვნება რომელიც თხზულებაშია ნახსენები, არის ჰერაკლე კეისარი, რომელიც რომის იმპერიას მართავდა 610 – 641 წლებში. თხზულების ტექსტის თანახმად, ჭიჭნაუმ ასიმი, არჩილისაგან ითხოვს გაამჟღავნოს იმ განძეულის ადგილსამყოფელი, რომელიც ჰერაკლე კეისრის ლაშქრობის შემდეგ გამოიტანეს ბერძნებმა ირანიდან და რადგან მისი წაღება კონსტანტინეპოლში ვეღარ მოასწრეს, ადგნენ და სადღაც ტონთიოში (ჯავახეთში მდებარე მთა-გორის სახელწოდებაა) გადამალეს.
აი რა პასუხს აძლევს არჩილი, ჭიჭნაუმ ასიმს ამ განძეულთან დაკავშირებით: „მცირე ვიყავ ასაკითა, ოდეს-იგი განვლო ქვეყანა ესე ერაკლე მეფემან. ხოლო მამამან ჩემმან და ძმამან დასხნეს ყოველნი,,,“ (ქ.ცხ. ტ. I. გვ.247) (ამ ადგილსაც სწორად ეგების წაკითხვა და სიტყვა ძმამან - ში არჩილის ძმა კი არ უნდა ვიგულისხმოთ, არამედ მამამისის ძმა, ანუ არჩილის ბიძა).
ორიოდ სიტყვა ბერძნების მიერ ირანიდან გამოტანილ განძეულზეც უნდა ითქვას, თუ რამდენად რეალური შეიძლებოდა ყოფილიყო, გარემოებათა გამო ამ განძეულის კონსტანტინეპოლში ვერ გატანა და სადღაც ჯავახეთში (ტონთიოში) მისი გადამალვა. (ამის შესახებ ასევე იხილეთ ჯუანშერის თხზულება „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ ქ.ცხ. ტ. I. გვ..232-233 )
ისტორიიდან ცნობილია, რომ ირანზე ლაშქრობის დროს და შემდეგაც, ჰერაკლე კეისარი შემოსული იყო ქართლში. მემატიანე ჯუანშერი გვაუწყებს, რომ თბილისიდან ირანელებისა და მონოფიზიტების განდევნიდან მეშვიდე წელს (634 წელი) კვლავ შემოსულა ჰერაკლე კეისარი ქართლში. „უკმოიარა გზა ქართლისავე მეშვიდე წელსა, რაითგან ჩაევლო. და ეკლესია ჯუარისა პატიოსნისა და სიონი ტფილისისა განესრულნეს ადარნასე ქართლისა მთავარსა“ ( ჯუანშერი „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ ქ.ცხ. ტ. I . გვ.227)
ჯუანშერი, ჰერაკლე კეისრის ქართლში შემოსვლაზე და განძის დაფლაზეც გვაუწყებს: „და აღმოვლო ერაკლე კეისარმან გზა რანისა და მეორედ შემოვიდა ქართლად და რქუა ნათესავსა სპარსთასა, რომელნი შემოლტოლვილ იყვნეს სარკინოზთაგან: „უკეთუ უწყით, ვითარმედ დასრულდა მეფობა თქუენი; . . . და დაფლნეს განძნი მათნი“ . . . რათა ოდეს მოვიდნენ ბერძენნი, მით გუჯარითა მოიძივნენ ნათესავნი მათნი და თჳთოეულად განუყონ ქუეყანა და განძი“ ( ქ.ცხ. ტ. I . გვ.231) როგორც ჩანს, არაბთა გამოჩენით დამფრთხალ, ქართლში შემოლტოლვილ ბერძნებს და იმ სპარსელებსაც რომლებიც ჰერაკლეს ქვეშევრდომობას აღიარებდნენ, სასწრაფოდ დაუფლავთ განძეული, ადგილებიც მოუნიშნავთ, რომ სხვა უსაფრთხო დროს, როცა არაბთა საფრთხე აღარ იარსებებდა, მათი შთამომავლები მობრუნებულიყვნენ და განძეული დაებრუნებინათ.
ჰერაკლე კეისრის ქართლში ეს მოსვლა, მისი მეფობის ბოლო წლებზე უნდა ვივარაუდოთ, რადგან სწორედ 640 წელს დაუთმეს ბერძნებმა არაბებს ის მიწები, რომლებიც 628 წლის ზავით წაართვეს სპარსელებს. ცნობილია, რომ არაბებმა 640 წელს დაიკავეს აღმოსავლეთ სომხეთი და იქ მყოფმა ბერძენთა ლაშქარმა ქართლში ამოინაცვლა, საიდანაც ისინი ეგრისის გავლით ფასიდში, (ბერძნულად ფასისი ) იქიდან კი ზღვით კონსტანტინეპოლში აპირებდნენ წასვლას, ხმელეთის გზა უსაფრთხო აღარ იყო, რადგან მონოფიზიტი სომხები არაბებს მიემხრნენ და ტრაპეზუნტის დაკავებას ცდილობდნენ. ამიტომ არაა გამორიცხული ბერძნებს და მათ მომხრე სპარსელებს მართლაც გადაემალათ განძეული ტონთიოში .
ბერძნებისა და სპარსელების მსგავსად ქართველებსაც რომ დაუფლავთ საგანძური და თანაც იმავე ადგილებში სადაც ჰერაკლე კეისარს ჰქონდა გადამალული, ამის შესახებ ჯუანშერის მატიანედან ვგებულობთ: „და საგანძურნი ქართლისა და ჯავახეთისანი დასხნა გორს (მთაზეა ლაპარაკი და არა ქალაქ გორზე, რადგან ქ.გორი იმ დროს არ არსებობდა და ის დავით აღმაშენებლის მიერაა დაარსებული) რომელი მანვე ერაკლე განაჩინა სამალავად განძთა მათთჳს, რომელნი თანა ვერ წარჰქონდეს. სახელი გორისა მის არს ტონთიო, რომელი არს თარგმანებით „მთა ოქროსა“ და დასუა მას ზედა ტილისმა, რათა ვერ/ვინ შეუძლოს გამოღებად“. ( იხ. ჯუანშერი „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ ქ.ცხ. ტ. I . გვ.231)
აი ამ განძეულს ითხოვს არჩილისაგან ჭიჭნაუმ ასიმი, რაზეც არჩილი პასუხობს: „მცირე ვიყავ ასაკითა, ოდეს-იგი განვლო ქუეყანა ესე ერაკლე მეფემან“ (ქ.ცხ. ტ. I. ლეონტი მროველი „არჩილის წამება“ გვ 247 ). და თუ თხზულების ამ ნაწილს სარწმუნოდ მივიღებთ და არა მგონია აქ საეჭვო იყოს რამე, მაშინ გამოდის, რომ არჩილი დაბადებული უნდა იყოს 640 წლამდე და თუ იმასაც ვიტყვით რომ მცირე ასაკი ითვლება, არაუმეტეს 6 (ექვს) წლამდე, მაშინ არჩილის დაბადება 634-639 წლებს შორის პერიოდზე უნდა ვივარაუდოთ. ამ შეხედულებას ასევე ამაგრებს ნაწარმოების პერსონაჟი, გარდაბნელი მთავარი, რომელიც სარკინოზთა სამსახურშია ჩამდგარი. აი რას ეუბნება იგი ჭიჭნაუმ ასიმს: „არა უწყია თუ ვინ არს ესე არჩილ? ესე არს ძე სტეფანოზისი . . . და ესე იყო მამისა თვისსა თანა, რაჟამს იგი დაჰფვლიდეს საგანძურთა სამეფოსა ქართლისათა; და იგიცა იცის, რომელ ერაკლე მეფემან დაფლნა საგანძურნი თჴისნი; რამეთუ ერაკლეცა უჩვენებდა, სადაცა დაფვლიდა“. . . ( ქ.ცხ. ტ. I. ლეონტი მროველი „არჩილის წამება“ გვ 246 ).
ბერძნების მსგავსად ქართველებსაც რომ ექნებოდათ რაღაც გადასამალი არაბებისაგან, ამაზე მსჯელობამ ძირითადი საკითხიდან რომ არ გადაგვახვევინოს, ამიტომ ამ ნაწილს, დროებით თავი დავანებოთ და არჩილის წამების ვახუშტისეულ დათარიღებას მივუბრუნდეთ: „შემუსრა ქართლი და იწყო შესვლად კახეთად ქ-სა ღიჱ (718 წელი) ქართულისა უო ( ქრონიკონით 470 წელი) ხოლო არჩილ განიზრახა მისვლად მასთან და დადვა სული დაცვისათვის ქვეყანისა . . . და იწამა გუემითა და ტანჯვითა“ (ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოისა საქართველოისა“ ქ.ცხ.ტ. IV, გვ.126)
თუ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ არჩილი დაბადებული უნდა იყოს 635 -639 წლებს შორის,( პლუს-მინუს 3-4 წელი გავიხსენოთ როცა ამბობს: „მცირე ვიყავ ასაკითა“)-ო, მაშინ არჩილი არაბებს უწამებიათ (718 – 635/39 = 83) დაახლოებით 79/83 წლის ასაკში.
ახლა კი, როგორც ზემოთ გითხარით მივუბრუნდეთ გ. აბრამიშვილისეულ დათარითღბას და ვცადოთ გავარკვიოთ რა კავშირში შეიძლება იყოს ატენის სიონის ფრესკული წარწერა, რომელიც მიძღვნილია სტეფანოზ მამფალისადმი, არჩილის მოღვაწეობასთან.
XX საუკუნის 70 წლებში გ.აბრამიშვილმა “დიდი” გამოკვლევა მიუძღვნა, ატენის სიონში არსებულ სტეფანოზ მამფალისადმი მიძღვნილ ფრესკულ წარწერას, რომელმაც ჩვენს დრომდე ნაკლული სახით მოაღწია. კონკრეტულად წარწერის პირველი და მეორე სტრიქონების თავი და ბოლო მექანიკურ დაზიანებათა გამო აღარ არსებობს. გ.აბრამიშვილი ცდილობს ნაკლული ადგილი შემდეგნაირად შეავსოს და წარწერა ასე წაიკითხოს: „ქ. ზეობასა „კ“ „ა“ ( რაც 21 ნიშნავს) ღ~თვგვრგვნოსანისა არჩილისი კეთილადმსახოვრებასა ზედა“ (გ.აბრამიშვილი „სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში“ გვ.36 თბ. 1977 წ.)
თუმცა, ტექსტის აბრამიშვილისეულ ამგვარ წაკითხვას ვერ დავეთანხმები. (გ. აბრამიშვილი წარწერის ნაკლულ მონაკვეთში სვამს სიტყვას „ა რ ჩ ი ლ ი ს ი“ და მომდევნო სიტყვის პირველი ასონიშნის ადგილას, „კ“ -ს, ) იმ მიზეზის გამო, რომ წარწერის ამ მონაკვეთში ცხრა ასო ნიშანი უბრალოდ ვერ ეტევა. ამ ადგილას თავის დროზე უნდა წერებულიყო ხატმებრძოლი იმპერატორი ლევი III ისავრიელი (717 – 741 წლები) რამეთუ „კეთილმსახურ“ და „ღვთივგვირგვინოსან“ მმართველებად ამ პერიოდში მხოლოდდამხოლოდ რომაელი (ბიზანტიელი) იმპერატორები მოიხსენებიან და შვიდი ასო ნიშანიც „ლევისი“ „კ“ გამართულად ჯდება და წარწერაც ასე წაიკითხება „ „ქ. ზეობასა კ ა ღ~თვგვრგვნოსანისა ლევისი კეთილადმსახოვრებასა ზედა“
რაც შეეხება ქართლის ხელისუფალს, სტეფანოზსს, იგი წარწერაში „კურთხეულად“ მოიხსენიება, რაც ქვეყნის სხვა ერისთავების მიმართ მის აღმატებულობასა და კანონიერებას ადასტურებს. ხოლო აბრამიშვილისეულ ჰიპოტეზას, რომელიც თავისმიერვე გაშიფრულ წარწერაზე დაყრდნობით მოგვცა თითქოსდა ქართლში იმ დროს სამეფო ხელისუფალის (არჩილის) გვერდით უნდა არსებულიყო მამფალის (სტეფანოზის) ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ აბსურდული შეიძლება ვუწოდოთ, ისტორიის გაყალბების მცდელობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ.
ახლა კი გაჩვენებთ, თუ რატომ უნდა წერებულიყო და შემდგომ ხანაში რატომ უნდა გადაეფხიკათ, იმპერატორი ლევ III-ს (717 – 741 წლები) სახელი. ცოტა შორიდან მოვუაროთ და გავიხსენოთ, რომ დიმაშკის (დამასკოს) 686 წლის ზავის პირობის თანახმად მთელი რიგი ქვეყნები და მათ შორის ქართლიც, ორმაგ (რომისა და სახალიფოს) დაქვემდებარებაში აღმოჩნდა მოქცეული (Ю. Кулаковский „История Византии“ т.III Стр. 254 кiев 1915г) მაინცდამაინც ეს ავტორი იმიტომ მოვიყვანე, რომ ის არის ყველაზე ცნობილი და კომპეტეტური ბიზანტიოლოგი და მისი ბიზანტიის ისტორიაც წყაროებზე დაყრდნობით არის შესრულებული). ეს ორმაგი დაქვემდებარება ხარკის გაღების გარდა, პოლიტიკური თვალსაზრისით იმაში აისახა, რომ ქართლის ხელისუფალნი ისევ ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულებს ატარებდნენ და ცოტა მოგვიანებით, საეკლესიო მიმდინარეობაც ბიზანტიურ (დიოფიზიტურ) ყაიდაზე იქნა გადაწყობილი.
ატენის სიონის წარწერა ეყრდნობა სარკინოზთა წელთაღრიცხვას, რომლის თანახმად სტეფანოზი გარდაიცვალა მეფის ზეობის 21 წელს, ანუ სარკინოზთა წელთაღრიცხვის 121 წელს. ამ ანგარიშით იმპერატორ ლევი III -ს ზეობის 21 წელი მოუწევს 739 წელს, არადა ლევ III იმპერიის ტახტს 717 წლის 25 მარტს ეუფლება და 21 წელი მოუწევს 738 წელს. გამოდის რომ ჩვენ ვცდებით, მაგრამ არა, უკვე კარგა ხანია დადგენილია, რომ ჰიჯრით ანუ სარკინოზთა წელთაღრიცხვა თავდაპირბველ ეტაპზე გარკვეული ცდომილებით გადმოყავდათ იულიუსის კალენდართან მიმართებაში, რომელიც შედარებით მოგვიანო ეტაპზე ჩასწორებული იქნა. (მაგალითად არაბების მიერ კონსტანტინეპოლის 717 წლის ალყა, ჰიჯრით 716 წლით ანუ ცდომილებით თარიღდება)
მოყვანილი ფაქტიდან ჩანს, რომ სარკინოზთა წელთაღრიცხვა ერთი ხანობა მცდარი ანგარიშით ხორციელდებოდა და ატენის სიონის წარწერის შესრულების მომენტშიც ამგვარი მცდარი ანგარიში ყოფილა მიღებული. ხოლო რაც შეეხება წარწერის დაზიანებულ მონაკვეთს, აქ ლევი უნდა წერებულიყო და არა „არჩილისი კ“ როგორც ამას გ.აბრამიშვილი ცდილობს წარმოაჩინოს. წარწერის ამ მონაკვეთის გადაფხეკის მიზეზი კი მოგვიანო ხანაში ლევის ხატმებრძოლობა და მწვალებლობა უნდა გამხდარიყო. მას შემდეგ რაც ხატმებრძოლობა საბოლოოდ დაიგმო (843 წ.) ყველა ხატმებრძოლნი; იმპერატორები იქნებოდნენ თუ მღვდელთმთავრები, შეჩვენებულნი იქნენ და თუ კი სადმე მათი სახელი ეწერა, ყველგან შლიდნენ და ანადგურებდნენ.
ამგვარად დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გ.აბრამიშვილის მიერ გამოკვლეულ წარწერას, რომელიც სტეფანოზ მამფალს ეძღვნება, საერთო არაფერი აქვს ქართლის მეფე არჩილთან, რადგან ეს წარწერა არჩილის მოღვაწეობასთან შედარებით ბევრად უფრო გვიანი ხანისაა.
არჩილის გარდაცვალების სწორ თარიღს ვახუშტი, რომ ასახელებს, ამაში ჯუანშერის მატიანეში მოყვანილი ფაქტებიც ადასტურებენ:
ფაქტი პირველი; ჯუანშერის მატიანეში მოხსენიებულნი არიან ერისთავი კეისრისა ლეონი და არაბი სარდალი მასლამა. ორივე VIII საუკუნის 10-იან წლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იხსენიებიან მატიანეში. ახლა ვნახოთ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეთ მათ არჩილთან.
მემატიანე გვეუბნება : „ ერისთავი კეისრისა ლეონ შესულ იყო ციხესა შინა სობღისასა, რომელ არს გარდასასვლელსა ოვსეთისასა“. ვინ შეიძლება იყოს ეს ერისთავი კეისრისა ლეონ? აბაზგიის (აფხაზეთის) ერისთავი ლეონ I, როგორც ეს მიღებულია ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში, თუ რომის იმპერატორ იუსტინიანე II - სარდალი ლეონი, შემდგომში იმპერატორი ლევ III ისავრიელი? მათი იდენტიფიკაციისათვის საჭიროა მცირეოდენი ექსკურსი ისტორიაში, რომელიც VII საუკუნის მიწურულისა და VIII საუკუნის დამდეგის ამბებს ეხება. კეისარ ლეონტის, (Λεόντιος) (695 – 698 წლები) მმართველობის პერიოდში, (რომელმაც იმპერატორი იუსტინიანე II ჩამოაგდო და სასჯელად ცხვირიც მოაჭრა) როცა იმპერიაში არეულობა სუფევდა და სახელმწიფოს საგარეო საკითხებისათვის ნაკლებად ეცალა, ლაზიკის მმართველმა სერგი ბარნუკის ძემ, 697 წელს თავისი საგამგებლო ტერიტორია, ( ზღვისპირა ქალაქების ფასიდისა და პეტრას გამოკლებით, რაზეც ხელი არ მიუწვდებოდა, რადგან იქ უშუალოდ ბერძნული მართველობა ხორციელდებოდა) არაბებს გადასცა. 705 წელს, იუსტინიანემ იმპერატორობა დაიბრუნა, შინაური საკითხების მოაგვარების შემდეგ კი სახალიფოს წინააღმდეგ შეტევაზეც გადავიდა და ამასთან ერთად გამდგარი პროვინციების; აბაზგიისა და კოლხეთის კვლავ იმპერიის მორჩილებაში მოქცევას შეეცადა, რისთვისაც მან შემდეგ ხერხს მიმართა; თავის ერთერთ დიდებულს ლევს, (შემდგომში ლევ III ისავრიელი) ალანების მოსასყიდად დიდი თანხა გადასცა, რის სანაცვლოდაც ალანები აბაზგებს უნდა შესეოდნენ, რომლებიც იძულებულნი გახდებოდნენ დახმარებისათვის ბერძნებისათვის მიემართად, რაც თავისთავად მათი ისევ იმპერიის მორჩილებაში მოქცევას ნიშნავდა. ალანებმა აასრულეს იუსტინიანეს ჩანაფიქრი და აბაზგებს დაესხნენ თავს. იმავდროულად ლაზიკაში იმპერატორის ჯარიც შევიდა, რომელიც ბერძნებითა და სომხებით იყო დაკომპლექტებული და ალყა შემოარტყა არქეოპოლისს (ციხე გოჯს, ანუ იგივე ქუჯის ციხეს) ( ისე როგორ გავს არა დღევანდელ ამბებს), თუმცა ბერძნებისათვის სულ მალე ცნობილი გახდა, რომ არქეოპოლისის დამცველთა დასახმარებლად სარკინოზთა ლაშქარი მოემართებოდა. შეშინებულმა ბერძნებმა მიატოვეს იქაურობა და თავი ფაზისს შეაფარეს (Ю. Кулаковский „История Византии“ Т.III გვ. 322) ბერძენთა ლაშქრის ერთმა ნაწილმა, რომელიც მეგრულ სოფლებს არბევდა, ვეღარ მოასწრო ფაზისისაკენ გასვლა და თავს აფსილეთში (მდ.კოდორის ხეობაში) გადასვლით უშველა. ამ დროს ალანებთან მყოფი ლევი, უღელტეხილით ხეობაში გადმოვიდა, ბერძენთა რაზმი მიიერთა და ზღვისპირეთისაკენ გასვლას შეეცადა. გზად მათ „რკინის ციხე“ უნდა გაევლოთ, სადაც გამაგრებული იყო ვინმე ფარსმანი, რომელიც არაბებს ემორჩილებოდა და ბერძნებს გზის მიცემაზე უარს ეუბნებოდა. თუმცა ბერძნებს მშველელე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zakariazakaria
პოსტი Jan 9 2013, 04:37 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 8-January 13
წევრი № 12,869



არჩილის გარდაცვალების სწორ თარიღს ვახუშტი, რომ ასახელებს, ამაში ჯუანშერის მატიანეში მოყვანილი ფაქტებიც ადასტურებენ:
ფაქტი პირველი; ჯუანშერის მატიანეში მოხსენიებულნი არიან ერისთავი კეისრისა ლეონი და არაბი სარდალი მასლამა. ორივე VIII საუკუნის 10-იან წლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იხსენიებიან მატიანეში. ახლა ვნახოთ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეთ მათ არჩილთან.
მემატიანე გვეუბნება : „ ერისთავი კეისრისა ლეონ შესულ იყო ციხესა შინა სობღისასა, რომელ არს გარდასასვლელსა ოვსეთისასა“. ვინ შეიძლება იყოს ეს ერისთავი კეისრისა ლეონ? აბაზგიის (აფხაზეთის) ერისთავი ლეონ I, როგორც ეს მიღებულია ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში, თუ რომის იმპერატორ იუსტინიანე II - სარდალი ლეონი, შემდგომში იმპერატორი ლევ III ისავრიელი? მათი იდენტიფიკაციისათვის საჭიროა მცირეოდენი ექსკურსი ისტორიაში, რომელიც VII საუკუნის მიწურულისა და VIII საუკუნის დამდეგის ამბებს ეხება. კეისარ ლეონტის, (Λεόντιος) (695 – 698 წლები) მმართველობის პერიოდში, (რომელმაც იმპერატორი იუსტინიანე II ჩამოაგდო და სასჯელად ცხვირიც მოაჭრა) როცა იმპერიაში არეულობა სუფევდა და სახელმწიფოს საგარეო საკითხებისათვის ნაკლებად ეცალა, ლაზიკის მმართველმა სერგი ბარნუკის ძემ, 697 წელს თავისი საგამგებლო ტერიტორია, ( ზღვისპირა ქალაქების ფასიდისა და პეტრას გამოკლებით, რაზეც ხელი არ მიუწვდებოდა, რადგან იქ უშუალოდ ბერძნული მართველობა ხორციელდებოდა) არაბებს გადასცა. 705 წელს, იუსტინიანემ იმპერატორობა დაიბრუნა, შინაური საკითხების მოაგვარების შემდეგ კი სახალიფოს წინააღმდეგ შეტევაზეც გადავიდა და ამასთან ერთად გამდგარი პროვინციების; აბაზგიისა და კოლხეთის კვლავ იმპერიის მორჩილებაში მოქცევას შეეცადა, რისთვისაც მან შემდეგ ხერხს მიმართა; თავის ერთერთ დიდებულს ლევს, (შემდგომში ლევ III ისავრიელი) ალანების მოსასყიდად დიდი თანხა გადასცა, რის სანაცვლოდაც ალანები აბაზგებს უნდა შესეოდნენ, რომლებიც იძულებულნი გახდებოდნენ დახმარებისათვის ბერძნებისათვის მიემართად, რაც თავისთავად მათი ისევ იმპერიის მორჩილებაში მოქცევას ნიშნავდა. ალანებმა აასრულეს იუსტინიანეს ჩანაფიქრი და აბაზგებს დაესხნენ თავს. იმავდროულად ლაზიკაში იმპერატორის ჯარიც შევიდა, რომელიც ბერძნებითა და სომხებით იყო დაკომპლექტებული და ალყა შემოარტყა არქეოპოლისს (ციხე გოჯს, ანუ იგივე ქუჯის ციხეს) ( ისე როგორ გავს არა დღევანდელ ამბებს), თუმცა ბერძნებისათვის სულ მალე ცნობილი გახდა, რომ არქეოპოლისის დამცველთა დასახმარებლად სარკინოზთა ლაშქარი მოემართებოდა. შეშინებულმა ბერძნებმა მიატოვეს იქაურობა და თავი ფაზისს შეაფარეს (Ю. Кулаковский „История Византии“ Т.III გვ. 322) ბერძენთა ლაშქრის ერთმა ნაწილმა, რომელიც მეგრულ სოფლებს არბევდა, ვეღარ მოასწრო ფაზისისაკენ გასვლა და თავს აფსილეთში (მდ.კოდორის ხეობაში) გადასვლით უშველა. ამ დროს ალანებთან მყოფი ლევი, უღელტეხილით ხეობაში გადმოვიდა, ბერძენთა რაზმი მიიერთა და ზღვისპირეთისაკენ გასვლას შეეცადა. გზად მათ „რკინის ციხე“ უნდა გაევლოთ, სადაც გამაგრებული იყო ვინმე ფარსმანი, რომელიც არაბებს ემორჩილებოდა და ბერძნებს გზის მიცემაზე უარს ეუბნებოდა. თუმცა ბერძნებს მშველელებად აფსილები მოევლინენ ვინმე მარინის მეთაურობით (Ю. Кулаковский „История Византии“ Т. III გვ.323) ( ხომ არ არის ეს მარინი, მირის ელინიზებული სახელი? ან რა კავშირი შეიძლება არსებობდეს მარინსა და ერისმთავარ მირს შორის, ვფიქრობ ეს საკითხი ცალკე კვლევას საჭიროებს). ლევმა მარინის დახმარებით აიღო რკინის ციხე და მივიდა აფსილეთის ქალაქ დიოსკურიაში, სადაც მას დიდი პატივით მიეგებნენ. აი ამ ამბავს კი ასე მოგვითხრობს ჯუანშერი: „ერისთავი კეისრისა, ლეონ (მიაქციეთ ყურადღება, არა ერისთავი აბაზგიისა (აფხაზეთისა), არამედ ერისთავი კეისრისა) შესულ იყო ციხესა შინა სობღისასა რომელ არს გარდასავალსა ოვსეთისასა“ (ქ.ცხ. ტ. I ჯუანშერი გვ. 235).
დიოსკურიიდან ლევი ფაზისის გავლით ზღვით ტრაპეზუნტში გადავიდა, სადაც მას ამბავი დაახვედრეს, რომ იმპერატორის ტახტი ანასტასის ჰქონდა (713 – 716) დაჭერილი, რომელსაც იუსტინიანეს ჩამომგდები ფილიპიკი (711 – 713) გაეძევებინა. ლევი ხედავდა რომ დედაქალაქში მართლაც უპატრონობა იყო და სასწრაფოდ ძალაუფლების ხელში ასაღებად კონსტანტინეპოლისაკენ გაეშურა.
ამ მცირე მონათხრობიდან დავინახეთ, რომ ლევი ჩრდილოეთ კავკასიაში ჯერ კიდევ იუსტინიანეს მმართველობის პერიოდში, დაახლოებით 710 წლისათვის მისულა. ლევს ალანთა გადაბირებისათვის საკმაო დრო დასჭირვებია და ჩრდილო კავკასიიდან მხოლოდ 713 - 176 წლებს შორის პერიოდში გადასულა დიოსკურიაში. (ალანები მხოლოდ მას შემდეგ მიემხრნენ ბერძნებს როცა დარწმუნდნენ, რომ ხაზარებთან ომში ჩაბმულ არაბებს მათთვის არ ეცალათ).
ამგვარად ჯუანშერის მატიანეში ნახსენები ერისთავი კეისრისა ლეონ, ზემოთ ნახსენები მხედართმთავარი ლევი უნდა იყოს და არა აბაზგთა ( აფხაზეთის) ერისთავი ლეონი, რომელიც ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 717 წლისათვის გამოდის ისტორიის ასპატეზზე, რომლის შესახებაც შემდეგ სიტყვებს ამბობს მემატიანე: „ხოლო შენდა მიბრძანებიეს ერისთაობა აბხაზეთისა შენ და შვილთა შენთა და მომავალთა შენთა მიუკუნისამდე“ (ქ.ცხ. ტ. I ჯუანშერი გვ. 240).
სრული სურათის შესაქმნელად კვლავ დაგვჭირდება საგარეო ვითარების მოკლედ მიმოხილვა. კონსტანტინეპოლისაკენ დაძრული ლევ ისავრიელი გაურიგდა არაბ სარდალს, მასლამას, რომელსაც შეპირდა, რომ ტახტის დაკავებისთანავე იკისრებდა მისთვის ხარკის გადახდას. არაბებმაც გზა მისცეს, თუმცა ტახტის ხელში ჩაგდების შემდეგ, ისავრიელმა სიტყვა გატეხა და არაბებს ხარკის მიცემაზე უარი შეუთვალა. არაბებმა ლევის დასასჯელად ზღვიდან და ხმელეთიდან ალყაში მოაქციეს ბერძენთა სატახტო. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინეპოლი სარკინოზთა ალყაში იყო მოქცეული, ბერძნებმა ხაზართა ურდოები მიიმხრეს და სამხრეთ კავკასიის არაბთა მფლობელობაში არსებულ პროვინციებს შეუსიეს, ადგილობრივ ერისთავებს კი ძვირფასი საჩუქრები და მათი ხელისუფლების აღიარების სიგელებიც უბოძეს. „წარმოსცა ორი გჳრგჳნი და გუჯარი მირსა და არჩილს და მოსწერა მათ თანა, ვითარმედ: „თქუენი იყო მეფობა, სიმჴნე და სიბრძნე ქართლისა შინა . . .“ (ქ.ცხ. ტ. I ჯუანშერი გვ. 239). იმპერიამ ასევე მემკვიდრეობითი უფლებით აღიარა აფხაზეთზე ლეონს ერისმთავრობა და დაუდგინა ქართლთან საზღვარი ეგრისსზე - „ხოლო შენდა მიბრძანებიეს ერისთაობა აბხაზეთისა შენ და შვილთა შენთა და მომავალთა შენთა მიუკუნისამდე. არამედ კეთილად პატივისცემდი მეფეთა და ერთა მაგათ ქართლისათა, და ამიერითგან ნუღარამცა ჴელგეწიფების ვნებად მათდა და საზღვართა ეგრისათა, ვიდრემდის იყვნენ მანდა ანუ განვიდენ მანდით“. (ქ.ცხ. ტ. I ჯუანშერი გვ. 240).
იმპერატორისაგან ბოძებულმა გვირგვინმა მირს ვეღარ ჩამოუსწრო და რადგან მირს ვაჟიშვილი არ ყავდა, ამიტომ მეფობა მის ძმაზე არჩილზე გადავიდა. არჩილმა მირისთვის გამოგზავნილი გვირგვინი აფხაზთა ერისთავს ლეონს გადასცა ნიშნად მისი ხელისუფლების აღიარებისა, ლეონმაც ერთგულებითვე უპასუხა არჩილს; „მომცა მე კეისარმან ქუეყანა ესე მკჳდრობით კეთილად სიმჴნითა თქუენითა . . . შემრთე მეცა მონათა შენთა თანა, რომელნი-ესე დღეს ღირს ყვენ შვილად და ძმად შენდა. არა მინდა ნაწილი შენდა, არამედ ჩემიცა ესე შენდავე იყოს“. და იქვე - „მაშინ მისცა ლეონს ცოლად ძმისწული მისი გურანდუხტ და გჳრგჳნი იგი, რომელიც ბერძენთა მეფეს წარმოეცა მირისთჳს...“ (ქ.ცხ. ტ. I ჯუანშერი გვ. 242 - 243).
ახლა ვნახოთ ჯუანშერის მატიანის ის მონაკვეთი სადაც არაბი სარდალი მასლამა და მასთან დაკავშირებული მოვლენებია აღწერილი. ხალიფას ძმა მასლამა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კონსტანტინეპოლის ალყას ხელმძღვანელობდა 717 -718 წლებში. აი რას გვაუწყებს მემატიანე ჯუანშერი ამ ამბებთან დაკავშირებით: „განძლიერებულ იყვნეს სარკინოზნი ქუეყანასა რანისასა, დაეპყრათ გაზირი (თანამედროვე ერაყი) და სომხითი, და ჰბრძოდა მასლამა ბერძენთა“ . (ქ.ცხ. ტ. I ჯუანშერი გვ. 244)
ჩვენთვის უკვე ცნობილია რომ არაბებთან მებრძოლმა ლევ ისავრიელმა კავშირი შეკრა ხაზარებთან. ხაზარებმაც იმ დროს როცა არაბთა მნიშვნელოვანი ძალები, მასლამას მეთაურობით კონსტანტინოპოლის ალყაზე იდგნენ, დრო იხელთეს, დარუბანდი გაძარცვეს და სამხრეთ კავკასიის არაბთა მფლობელობაში არსებული მიწებიც მოაოხრეს. ეს მოხდა 717 წლის ზაფხულის თვეებში და როგორც უკვე აღვნიშნე, მემატიანე ჯუანშერიც როდესაც არჩილის მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს, იქ მასლამას სახელსაც მოიხსენიებს. ხალიფა უმარმა მხოლოდ 4 ათასიანი მხედრობა მისცა არმინიის ნუაბს ხაზართა თარეშის აღსაკვეთად. არაბი მემატიანის ალ’ტაბარის თანახმად ამ ლაშქარს სათავეში ედგა ჰასიმ იბნ ნუმან ალ-ბაჰილი. ტაბარის ეს ცნობა, როგორ ზემოთ უკვე ვახსენე, გამოყენებული აქვს ხაზართა ისტორიის ცნობილ მკვლევარს მ.არტამონოვს და მეც მას დავესესხე, რადგან არაბულ წყაროზე ხელი არ მიმიწვდებოდა. (იხილეთ М. Артамонов „История Хазар“ М. 1965г. გვ. 205) ხაზარებისთვის ეს ომი ყაჩაღურ ხასიათს ატარებდა და საერთო არაფერი ჰქონდა არაბთა წინააღმდეგ მიმართულ განმათავისუფლებელ ბრძოლასთან, რაც ასე მიამიტურად დაიჯერეს ბერძენთაგან წაქეზებულმა ადგილობრივმა მთავრებმა. არაბთა ლაშქრის გამოჩენისთანავე მოთარეშე ხაზარებმა ნაალაფარიდან რისი გაზიდვაც შეძლეს გაზიდეს და ბერძენთაგან წაქეზებული ადგილობრივი ხელისუფალნიც არაბებს შეატოვეს ხელში. ჰასიმმაც ხაზართა განდევნის შემდეგ ჯავრი ადგილობრივ მთავრებზე იყარა. რასაც გვაუწყებს კიდევაც არაბი მემატიანე ალ’ტაბარი (Табари том II. Баку 1927г. გვ. 1346)
ახლა ვნახოთ რამდენად შესაძლებელია ჭიჭნაუმ ასიმი და ჰასიმ იბნ ნუმან ალ ბაჰილი ერთიდაიგივე პიროვნება რომ იყოს.
ცნობილია რომ ალ-ბაჰილთა საგვარეულო საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა სახალიფოში, ჰასიმის ერთ-ერთი ძმა ჰასანი ჩრდილო აფრიკის ლაშქრობებში იღებდა ამ დროისათვის მონაწილეობას. ვინმე აბდალ აზიზ იბნ ჰატიმ ალ-ბაჰილი 705 – 709 წლებში არმინიის მართველად იყო დანიშნული (Тер-гевондян „Армения и Арабский Халифат“ Ереван 1977г. 271გვ.) ასევე ვინმე ჰასიმს ახსენებს საუკუნის მიწურულის სომეხი მემატიანე ღევონდი, რომლის თანახმად ჰასიმი არის პროვინცია არმინიის მმართველის თანაშემწე და ნახიჩევანის ამირა. 705 წელს არმინიის მმართველი იბარებს ამ ჰასიმს ქ.დვინში, (აქ იყო არმინიის ამირას რეზიდენცია) და სომეხი ნახარარების დასჯას ავალებს. ჰასიმმა მოახერხა ნახარარების ერთად შეკრება, შემდეგ შეიპყრო ისინი და სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ მათ მიერ გადამალული განძეულის გამოჩენა მოითხოვა. (არჩილისაგანც ხომ გადამალული განძეულის გამოჩენას მოითხოვს ჭიჭნაუმ ასიმი) ნახარარებს თუ კი რაიმე გადამალული განძეულობა გააჩნდათ ყველაფერი ჰასიმს გადასცეს, თუმცა სიკვდილით დასჯას მაინც ვერ გადაურჩნენ.( იხილეთ „История Халифов Вардапета Гевонда“ перевод Патканова СПБ 1862г გვ. 35)
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ჭიჭნაუმ ასიმი და ჰასიმ იბნ ნუმან ალ-ბაჰილი ერთიდაიგივე პიროვნება უნდა იყოს, რომლის ბრძანებითაც სიკვდილით იქნა დასჯილი მეფე არჩილი.
ამ წერილით შევეცადე იმ სურათის აღდგენას, რომელიც ჟამთა სიავის გამო ჩვენმა მატიანეებმა ვეღარ შემოგვინახა. ასევე იმედია ისტორიაში ჩახედული ადამიანები გაიზიარებენ ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მოცემული არჩილის წამების თარიღის (718 წლის 25 მარტი) სისწორეს და არა იმ დათარიღებებს რომლებიც XX საუკუნის სხვადასხვა ავტორიტეტ, თუ ვითომ ავტორიტეტ მკვლევართა მიერ იქნა შემოთავაზებული.
აქვე ისიც მინდა განვაცხადო, რომ თხზულების ავტორი ლეონტი მროველი, არის არჩილის ეპოქის მოღვაწე და არა XI საუკუნის II ნახევრის მემატიანე, როგორც ეს მიღებულია დღევანდელ ქართულ ისტორიოგრაფიაში. თუმცა ეს თემა შემდგომი კვლევის საგანი უფროა და ამაზე აქ აღარ შევჩერდები, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ასეთი განცხადების უფლებას თავად ნაწარმოები მაძლევს, რადგან ჰაგიოგრაფია სწორედაც, რომ ის ჟანრია, რომელიც თვითმხილველთა მიერ იწერება. „შუშანიკის წამება“ იაკობ ხუცესი პირადი მოძღვარი იყო შუშანიკის, „აბოს მარტვილობა“ იოანე საბანისძე უშუალოდ შემსწრეა მომხდარი ფაქტის.
და ბოლოს; ცნობილია, რომ არჩილის ნეშტი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ ეკლესიაში, „ნოტოკრას“. დღეს ეს ადგილი სოფელ ნოდოკრის სახელითაა ცნობილი თიანეთში, სადაც არის სამონასტრო კომპლექსი და იქაურები მას არჩილის მონასტრის სახელით მოიხსენიებენ. თავად ნაგებობას კი რაც შეეხება, ამ საქმის მცოდნენი სწორედაც, რომ VII – VIII საუკუნეთა მიჯნას მიაკუთვნებენ.
ზაქარია ალისქანდარია ტფილისი 2012 წლის 29 მაისი.





User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 9 2013, 11:32 AM
პოსტი #3


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ისტორიკოსი ხართ პროფესიით?

ამ პერიოდის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ თუ გადავხედავ შესაბამის წყაროებს, სიამოვნებით ჩავერთვები დისკუსიაში


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 9 2013, 11:34 AM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ქევანა
ციტატა
ისტორიკოსი ხართ პროფესიით?

ამ პერიოდის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ თუ გადავხედავ შესაბამის წყაროებს, სიამოვნებით ჩავერთვები დისკუსიაში

ამაზე გამახსენდა...
ერთხელ მე და შენ ხელოვნებაზე არ უნდა ვილაპარაკოთ გემრიელად?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 9 2013, 11:36 AM
პოსტი #5


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



A.V.M
კი, განსაკუთრებით მას მერე, რაც გომბრიხის "ხელოვნების ამბავი" მიყიდეს happy.gif

გადასარევი წიგნია, ქართულად, მარა ძვირი ღირს, პაჩწი 50 ლარი


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 9 2013, 11:44 AM
პოსტი #6


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ქევანა
ციტატა
კი, განსაკუთრებით მას მერე, რაც გომბრიხის "ხელოვნების ამბავი" მიყიდეს

ეეეე...
მე რო ძველი კონსპექტებიდან ვსწავლობ უნდა დამჩაგრო...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 16 2023, 08:09 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არსებობს მოსაზრება, რომ წმინდა მეფე არჩილი პირველი მოწამე მეფე წმინდანია არა მხოლოდ ქართველ, არამედ ზოგადად მართლმადიდებელ მეფე წმინდანთა შორის, შესაძლოა, ამიტომ ამბობს კათოლიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი: სხუაი არს სისხლი მეფისაო"

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.17/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 02:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი