თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ რისთვის იქნა შეწყალებული კეთილგონიერი ავაზაკი

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Oct 17 2009, 01:18 PM

წმიდა იოანე მაქსიმოვიჩი

რისთვის იქნა შეწყალებული კეთილგონიერი ავაზაკი


ხოლო იესო ჰრქუა მას: ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,39-43).

„ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძვირის მოქმედი გმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩუენცა. მიუგო ერთმან მან მოყვასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ? და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაი უჯეროი ქმნა. ეტყოდა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. ხოლო იესო ჰრქუა მას: ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,39-43).

ასე გვამცნობს წმიდა ლუკა მახარებელი მეტად დამაფიქრებელი და გულის შემძვრელი მოვლენის – გოლგოთაზე მაცხოვრის გვერდით ჯვარცმული ავაზაკის მოქცევისა და ქრისტეს მიერ მის შეწყალების შესახებ. რით დაიმსახურა ავაზაკმა ასეთი წყალობა? რით იყო გამოწვეული უფლის ასეთი სწრაფი და გადამწყვეტი პასუხი? ჯოჯოხეთში ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ ძველი აღთქმის მართალნი, მათ შორის წმინდა იოანე ნათლისმცემელი. თვით უფალი უნდა ჩასულიყო ჯოჯოხეთში, თუმცა არა იმისათვის, რომ იქ ტანჯულიყო, არამედ რათა იქ მყოფნი დაეხსნა. უფალს ჯერ კიდევ არავისთვის აღეთქვა სასუფეველში აღყვანება; მოციქულებსაც კი მას შემდეგ დაჰპირდა იქ დამკვიდრებას, რაც მათ სავანეებს განუმზადებდა.

რისთვის ხდება ავაზაკი ყველაზე პირველი წყალობის ღირსი? რატომ განეხვნენ მისთვის ასე სწრაფად სამოთხის ბჭენი? ჩავუღრმავდეთ ავაზაკის სულს და იმ პირობებს, სადაც იგი ცხოვრობდა. მთელი ცხოვრება მან ავაზაკობასა და დანაშაულის ქმნაში გაატარა. მაგრამ, როგორც ჩანს, სინდისი მასში არ მომკვდარიყო და სულის სიღრმეში რაღაც კეთილი ჰქონდა დარჩენილი. გარდამოცემა იმასაც გვამცნობს, რომ ეს სწორედ ის ავაზაკი იყო, რომელმაც ეგვიპტეში დევნულობის ჟამს ყრმა ქრისტე დაინდო და თანმხლებთ, რომლებიც მასთან ერთად თავს დაეხსნენ ეგვიპტეში ლტოლვილ წმიდა ოჯახს, უფლება არ მისცა მისი მოკვლისა.

იმ ჩვილის სახე ხომ არ წარმოუდგა თვაწინ ახლა ავაზაკს, როდესაც მის გვერდზე ჯვარცმულის სახეს ჭვრეტდა?

ასე იყო თუ არა, ყოველ შემთხვევაში ქრისტეს შეხედვისას ავაზაკში სინდისმა გაიღვიძა. ახლა ის მართლის გვერდითაა ჯვარცმული, რომელიც იყო „შუენიერ სიკეთითა უფროის ძეთა კაცთასა“ (ფს. 44,3), ამჟამად კი „სახე მისი უპატივო და მოკლებულ უფროს ყოველთა ძეთა კაცთასა… უპატივო იქმნა და არა შეირაცხა“ (ის. 53,3).

მისი შეხედვისას ავაზაკი თითქოს ღრმა ძილისგან გამოფხიზლდა. ცხადად წარმოუდგა განსხვავება ქრისტესა და საკუთარ თავს შორის: იესო – ჭეშმარიტად მართალი, თავის მტანჯველებს შეუნდობდა და მათთვის ლოცულობდა ღმრთის წინაშე, რომელსაც მამად უხმობდა; თავად კი – მრავალი მსხვერპლი მოეკლა, უამრავი ადამიანის სისხლი დაიღვარა, რომელთაც არასოდეს მიეყენებინათ მისთვის ზიანი.

ჯვარცმულის შეხედვისას ავაზაკმა თავისი ზნეობრივი დაცემა თითქოს სარკეში დაინახა. ყველაფერმა კარგმა, რაც მასში იყო დაფარული, გაიღვიძა და გარეთ გამოღწევას ლამობდა. მან გააცნობიერა თავისი ცოდვები. მიხვდა, რომ სამწუხარო დასასრულამდე მხოლოდ საკუთარმა დანაშაულმა მიიყვანა და ამაში ვერავის დაადანაშაულებდა. ამიტომ სასჯელის აღმსრულებლების წინააღმდეგ მტრული განწყობილება, რომლითაც იგი და მაცხოვრის მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკი იყვნენ ერთგვარად მოცულნი, მასში სიმდაბლისა და გულშემუსვრილების გრძნობით შეიცვალა (მთ. 27,44). ავაზაკმა მასზე მოწევნული ღმრთის მსჯავრის შიში შეიგრძნო. ცოდვა მისთვის საძულველი და საშინელი გახდა. სულის სიღრმეში ის უკვე ავაზაკი აღარ იყო. მასში გაიღვიძა კაცთმოყვარეობამ და გულმოწყალებამ; საკუთარი ხვედრის გამო გამოწვეულ შიშს უდანაშაულო ტანჯულის მიმართ გამოვლენილი ძალადობისადმი ზიზღი შეერწყა.

უეჭველია, მას ყური ექნებოდა მოკრული ნაზარეთელი დიდი მოძღვრისა და სასწაულთმოქმედის ამბისთვის. იუდეასა და გალილეაში მომხდარი, მთელ ქვეყანაში დიდი სჯა-ბაასის საგანი გამხდარიყო. რაც ადრე ავაზაკს ქრისტეს შესახებ ესმოდა, მისი ყურადღების მიღმა რჩებოდა, ახლა კი მაცხოვრის ხვედრის მოზიარემ ქრისტეს პიროვნების ზნეობრივი სიდიადის შეცნობა დაიწყო.

ქრისტეს ურისხველობამ, ყოვლისმიმტევებლობამ და ლოცვამ ავაზაკი გააოგნა – გულით შეიგრძნო, რომ მის გვერდით ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. სიკვდილის წამს ღმერთის მამად ხმობა მხოლოდ მას შეეძლო, ვინც თავს ჭეშმარიტად ღმრთის ძედ მიიჩნევდა.

თავის სწავლებაში სიყვარულისა და ყოვლისმიმტევებლობის შესახებ ურყევი იქნებოდა ის, ვინც ადამიანთათვის და ბოროტების სისაძაგლეს დაითმენდა და ის, ვინც მჭიდრო კავშირში იყო სიყვარულის წყაროსთან, ან თვითონ წარმოადგენდა მას.

ავაზაკს ყველაფერი მოაგონდა, რაც კი ჯვარცმულის შესახებ უჩვეულო სმენოდა და მის გულში სარწმუნოების თბილი გრძნობა ჩაისახა. დიახ, ის უეჭველად ძე ღმრთისა იყო, დედამიწაზე განხორციელებული, მაგრამ მამასთან უწყვეტ კავშირში მყოფი. ძე ღმრთისა, წუთისოფლისგან უარყოფილი და ზეცად აღმავალი. ძე ღმრთისა, ადამიანთათვის ცხოვრების მიმნიჭებელი! ავაზაკს იმედი გაუჩნდა, რომ სიკვდილის შემდგომ განსჯას თავს დააღწევდა. თუკი იესო მამისადმი თავისი მტანჯველებისათვის ლოცულობდა, ის არც მასთან ერთად ჯვარცმულს უარყოფდა. ავაზაკს იესოსთვის უნდა მიემართა, რათა ქრისტეს თავისი სატანჯველების მოზიარე ავაზაკი თავის სასუფეველში დაემკვიდრებინა.

ავაზაკის მიმართვას იესოსადმი სიყვარულისა და თანაგრძნობის სიტყვებით, ირგვლივმყოფი ბრბო, რომელიც მძვინვარებდა და შეურაცხყოფდა ჯვარცმულს, დაცინვით შეხვდებოდა. ქრისტეს „მართლად და ძე ღმრთისად“ აღიარება – იუდეველი უხუცესების ყურადღების და რისხვის დამსახურებას ნიშნავდა.

მართალია, ისინი ავაზაკს უფრო მეტ ფიზიკურ ტკივილს ვეღარ მიაყენებდნენ, რასაც უკვე ითმენდა, მაგრამ რა მძიმე იქნებოდა ირგვლივმყოფებისგან მხოლოდ ბოროტება განეცადა, როგორ გაუმძაფრდებოდა ტკივილები, როდესაც იქ მყოფი მოცლილი ბრბო მის დაცინვასაც დაიწყებდა. თუმცა რაღას ნიშნავდა ამა ქვეყნის ძლიერთა რისხვა, რაში ენაღვლებოდა ადამიანური დაცინვა? რა მძიმეც არ უნდა იყოს სიკვდილის ზღრუბლთან მდგომისთვის ადამიანთაგან უარყოფა, მით მეტად მძიმე იქნება უარყოფა ღმრთისაგან. ახლა ის ღმრთის სამსჯავროზე მიდის და მხოლოდ ღმრთისა უნდა ეშინოდეს! ღმრთის მოწყალება რომ მოიპოვოს, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში უნდა მოიმოქმედოს ის, რისი ძალაც ჯერ კიდევ შესწევს.

დაე, თავისი სიტყვებით მან ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს ქრისტეს სატანჯველი, დაე, ერთმა მგმობელმა მაინც ისინდისოს და მაცხოვრის ლანძღვა შეწყვიტოს. ქრისტე კი, რომელიც მისი სახელით გაცემული ერთი ჭიქა წყლისთვის ადამიანს ჯილდოს აღუთქვამდა, მასაც არ დატოვებს მისაგებელის გარეშე. დაე, ქრისტეს შეურაცხმყოფელებმა ისიც შეურაცხყონ! ეს მას კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირებს ქრისტესთან. მწარე ხვედრს ქრისტესთან ერთად ის აქ გაიზიარებს, ქრისტე კი მას თავის დიდებაში არ დაივიწყებს!

და აი, ხმამაღლა დაცინვის და ლანძღვა-გინების დროს მან მოუწოდა ქრისტეს მარცხნივ ჯვარცმულ ავაზაკს მაცხოვრის ლანძღვა შეეწყვიტა: „არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ? და ჩვენ სამართლად ღირსი, რომელიც ვქმენით, მოგვეგების, ხოლო ამან არარაი უჯერო ქმნა“. ამის შემდეგ მისი ბაგეებიდან სიმდაბლის სიტყვები გაისმა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“. ეს იყო ყოფილი ავაზაკის, ახლა კი ქრისტეს ახალი მოწაფის ღაღადი, რომელმაც ქრისტე მაშინ ირწმუნა, როცა ის მოწაფეებმა მიატოვეს.

„ავაზაკმა ღმრთისგმეტყველა, ხოლო მე უარგყავ“ (კვირის სტიქოლოგიის წარდგომა, ხმა მე-5), მწუხარებით იღაღადებს შემდეგ პეტრე მოციქული. უფალში ამ დროს ეჭვი შეეპარა ყველა დანარჩენ მოციქულს. თვით იონე ღმრთისმეტყველსაც, განუშორებლად თავის მოძღვართან მყოფს და გოლგოთაზე ჯვართან მდგომს, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შეყვარებული იესოს ერთგული რჩებოდა, იმ დროს არ ჰქონდა თავისი მოძღვრის ღვთაებრიობის სრულყოფილი რწმენა. მხოლოდ აღდგომის შემდეგ, ცარიელ საფლავში შესულმა, სადაც მაცხოვრის მკვდარი სხეულის სუდარა და თავსახვევი იდო, „იხილა და რწმენა“, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა და ძე ღმრთისა იყო. მოციქულების რწმენა, იესოს, როგორც მესიისადმი, შეირყა, ვინაიდან ისინი მოელოდნენ და სურდათ ქრისტეში მიწიერი მეუფე დაენახათ, რომლის სამეფოში ისინი უფლის მარჯვნივ და მარცხნივ დასხდომას შეძლებდნენ.

ავაზაკი მიხვდა, რომ დამცირებული და სამარცხვინო სიკვდილისათვის განწირული ნაზარეველი იესოს მეუფება „არა ამის სოფლისაგანი“ იყო. ავაზაკი ახლა სწორედ იმ მეუფებას ეძიებდა: მისთვის ამქვეყნიური ცხოვრების კარი იხშობოდა და მარადისობა იღებოდა. ამქვეყნიურ ცხოვრებასთან მას ანგარიში გასწორებული ჰქონდა, ის უკვე მარადიულ ცხოვრებაზე ფიქრობდა. მარადისობის ზღურბლთან მისთვის გასაგები გახდა მიწიერი დიდებისა და მეუფების ამაოება. მან გააცნობიერა, რომ სიდიადე მდგომარეობს სიმართლეში და მართალ და უდანაშაულო წამებულ იესოში სიმართლის მეუფე შეიცნო. ავაზაკი ქრისტეს არ სთხოვდა მიწიერ დიდებას, არამედ სულის ცხონებას.

ავაზაკის რწმენა, ქრისტეს ზნეობრივი სიდიადის წინაშე ქედის მოდრეკით შობილი, უფრო მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე მოციქულებისა. მართალია, ისინი ქრისტეს სწავლების სიმაღლით იყვნენ დატყვევებულები, მაგრამ უფრო მეტად უფალი მის მიერ აღსრულებული ნიშებისა და სასწაულების გამო ირწმუნეს. ჯვარცმისას კი არ აღესრულა ქრისტეს სასწაულებრივი გამოხსნა მის მტერთაგან და მოციქულების რწმენაც შეირყა.

ქრისტეს მიერ გამოვლენილი მოთმინება, ყოვლისმიმტევებლობა და რწმენა იმისა, რომ მამაზეციერს მისი ესმოდა, ცხადად გამოხატავდა ქრისტეს სიმართლეს, მის ზნეობრივ სიმაღლეს. ის კი, ვინც სულიერ და ზნეობრივ განახლებას ეძებდა, თუკი ქრისტეს ამის გამო ირწმუნებდა, რწმენა აღარ შეერყეოდა.

სწორედ ეს სწყუროდა ავაზაკს, მას შემდეგ, რაც თავისი დიდი დაცემა გააცნობიერა. ის არ სთხოვდა ქრისტეს მის მეუფებაში მარჯვნივ ან მარცხნივ ყოფნას, არამედ თავისი უღირსების განცდით თავმდაბლად სთხოვდა უფალს, თავის სასუფეველში მოეხსენებინა და მიეცა მისთვის იქ თუნდაც უკანასკნელი ადგილი.

მან ყველას წინაშე დაუფარავად აღიარა ჯვარცმული ქრისტე ღმერთად და მისგან შეწყალება ითხოვა. ქრისტეს მიმართ თავმდაბალმა რწმენამ იგი აღმსარებელი გახადა. თავისივე ნებით ის მოწამეც კი იყო, რადგან არ შეეშინდა ღმერთად ეღიარებინა ყველასგან შეურაცხყოფილი „მეუფე ჰურიათა“, ვისკენაც მიმართული იყო უამრავი ადამიანის ზიზღი. ისინი მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეკრებილიყვნენ პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად და თავიანთ უხუცესებთან და მღვდლებთან ერთად გმობდნენ ქრისტეს. ავაზაკი ქრისტეს ნაცვლად ტანჯვასაც კი არ შეუშინდებოდა.

ავაზაკის ღრმა სინანულმა სიმდაბლე შვა და ორივე ერთად მტკიცე საფუძველი აღმოჩნდა ისეთი ურყევი რწმენისათვის, როგორიც იმ დროს ქრისტეს თვით უახლოეს მოწაფეებსაც კი არ გააჩნდათ. მორწმუნე ავაზაკმა ისეთი სულიერი გმირობა გამოავლინა, როგორიც მაშინ არც ერთ მათგანს არ შეეძლო.

„ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა“ (მთ. 10,32). ავაზაკმა აღიარა ქრისტე, აღიარა ის მაცხოვრის შეურაცხმყოფელი უამრავი ადამიანის წინაშე, მაშინ როდესაც ეს ვერავინ მოიმოქმედა. ქრისტესთან დარჩენილი თვით რამდენიმე ერთგული მოწაფე და დედები, მხოლოდ ცხარე ცრემლებით ადასტურებდნენ მისდამი სიყვარულს.

ავაზაკმა აღასრულა ის, რაც ოდესღაც სამმა ყრმამ ბაბილონში მოიმოქმედა, როდესაც უარი თქვეს ნაბუქოდონოსორის მიერ დეირის ველზე აღმართული ოქროს კერპის თაყვანისცემაზე, რომელსაც თაყვანს სცემდნენ „ყოველნი ერნი, ტომნი და ენანი“ (დან. 3,7). ავაზაკმა იწმუნა ვნებული მაცხოვარი, ყველაზე პირველმა შეიცნო უფალი და მისი აღდგომის ძალა, თანამონაწილე გახდა მის ვნებებში და თანაზიარი მის სიკვდილში (ფილიპ. 3,10). ყველაზე პირველი ჩასწვდა, რა იყო „მეუფება არა ამის სოფლისაგანი“, გააცნობიერა „რაი არს ჭეშმარიტება“ (ინ. 18,36-38). მან პირველმა გულისხმაყო რა არის ქრისტეს მეუფება და ამიტომ პირველი შედის მასში. მან პირველმა იხილა „ქრისტე იესო და ესეცა ჯვარცმული“ (1 კორ. 2,2), პირველმა იქადაგა ჯვარცმული ქრისტე – „ჰურიათა სამე საცთურ და წარმართთა სისულელე, ხოლო მათვე ჩინებულთა, ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალა და ღმრთისა სიბრძნე“ (1 კორ. 1,23-24). ამის გამო მან პირველმა გამოსცადა თავის თავზე ღმრთის ძლევამოსილება და სიბრძნე, ქრისტეს თანამგრძნობი და განმაახლებელი სიყვარულის ძალა, პირველს ესმა „სმენა… ძლიერისა ჯვრისა შენისა ქრისტე, რომლისა მიერ სამოთხე განეღო“ (ამაღლება და გალობის სძლისპირი).

საკუთარი ცოდვების და დანაშაულების სრული მონანიება, უდიდესი სიმდაბლე, ჯვარცმისათვის თავგანწირული იესო ქრისტესადმი ურყევი რწმენა და მისი აღიარება მაშინ, როდესაც მთელი ქვეყნიერება მაცხოვრის წინააღმდეგ აღძრულიყო, – აი, რისგან დაიწნა გვირგვინი, რომელიც ამკობდა ავაზაკყოფილს, როგორც გამარჯვებულს და მოღვაწეს. აი, რისგან გამოიჭედა გასაღები, რომელმაც ავაზაკს სამოთხის კარები განუხვნა!

მრავალნი სცოდავენ და სიკვდილის წინ მონანიებას იმედოვნებენ, მაგალითისათვის კი კეთილგონიერი ავაზაკი მოჰყავთ. მაგრამ გასწევს კი ვინმე მის მსგავს ღვაწლს? „შეიწყალა უფალმა ავაზაკი უკანასკნელ წამს, რათა სასო არავინ წარიკვეთოს, მაგრამ შეიწყალა მხოლოდ ერთადერთი, უფლის გულმოწყალებას ზომაზე მეტად რომ არავინ მიენდოს“ (ნეტ. ავგუსტინე).

„ამგვარი იყო მისი აღსასრული! ჩვენი როგორი იქნება? – არ ვიცით, როგორი სიკვდილით მოვკვდებით, ისიც კი არ ვუწყით: უეცრად მოვა თუ წინასწარ გვეუწყება“ (ღირსი თეოდორე სტუდიელი. სიტყვა ძმის უეცარი გარდაცვალებისათვის). შევძლებთ კი ჩვენ მაშინ წამიერად განვიცადოთ ზნეობრივი ფერისცვალება და სულიერად ავმაღლდეთ „ქრისტეს თანამგზავრის“ მსგავსად, რომელმაც „სიტყვა მცირე აღმოსთქუა… ჯუარსა ზედა და სარწმუნოება ჰპოვა“? ხომ არ წარგვიტაცებს უეცარი სიკვდილი და ხომ არ დაგვტოვებს სიკვდილის წინ მონანიების იმედით? (წმ. კირილე ალექსანდრიელი, „საშინელი სამსჯავროს“ შესახებ). ამიტომ: „ცოდვილნო! ნუ გადადებ ცოდვების მონანიებას, რათა ისინი იმ ქვეყნად არ წაგყვნენ და არ დაგამძიმონ მეტისმეტი სიმძიმით“ (ნეტ. ავგუსტინე). კეთილგონიერი ავაზაკის მაგალითმა დაე, გვიბიძგოს, არ გადავდოთ მონანიება, არამედ ქრისტეს თანა ჯვარს ვეცვათ (გალ. 2,19), მხურვალედ მოვინანიოთ, რათა ჩვენც განვიცადოთ თანაჯვარცმის წყალობა (სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის ლოცვა). „ხორცნი თვისნი ჯვარს ვაცვათ ვნებითურთ და გულისთქმით“ (გალ. 5,24), დავეშუროთ სწრაფ და სრულ შინაგან ცვლილებას, მთლიანად ღმრთის ნებას მივენდოთ და ქრისტეს წყალობა და მადლი გამოვთხოვოთ. „ავაზაკისა იგი სინანული მოგვეც ჩუენცა, მხოლოო კაცთმოყვარე, სარწმუნოებით მსახურთა ქრისტე ღმერთო ჩუენო და მხმობელთა შენდამი, მოგვიხსენენ ჩუენცა სასუფეველსა შენსა“ (მომიხსენენი, კვირა, ხმად).

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 17 2009, 03:17 PM

mekaje


სწორედ დღეს ვეკითხებოდი აფხაზს, ამ თემის ირგვლივ.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 17 2009, 03:19 PM

ციტატა
მრავალნი სცოდავენ და სიკვდილის წინ მონანიებას იმედოვნებენ, მაგალითისათვის კი კეთილგონიერი ავაზაკი მოჰყავთ. მაგრამ გასწევს კი ვინმე მის მსგავს ღვაწლს? „შეიწყალა უფალმა ავაზაკი უკანასკნელ წამს, რათა სასო არავინ წარიკვეთოს, მაგრამ შეიწყალა მხოლოდ ერთადერთი, უფლის გულმოწყალებას ზომაზე მეტად რომ არავინ მიენდოს“ (ნეტ. ავგუსტინე).


თუ მხოლოდ ერთადერთი შეიწყალა, მაშინ ამ მაგალითის აზრი რაღაა? აი თქვენ მაგალითი და მეორედ ამას არ გავიმეორებო?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 17 2009, 03:29 PM

Atman

ციტატა
აი თქვენ მაგალითი და მეორედ ამას არ გავიმეორებო?



მეზობელ თემაში ნონა სწორედ ამას მეუბნებოდა, ნუ ამბობ ლენინი არ ცხონადო (ვაიმე, ოღონდ ლენინი არა რააა...), რადგან არ იცი მისი სინანულის შესახებო.


პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 17 2009, 03:29 PM

Atman

ციტატა
თუ მხოლოდ ერთადერთი შეიწყალა, მაშინ ამ მაგალითის აზრი რაღაა? აი თქვენ მაგალითი და მეორედ ამას არ გავიმეორებო?

ჩავწვდეთ ამ ციტატის აზრს. ავაზაკი აღსასრულს არ ელოდებოდა, ანუ იმ დროს როცა ქრისტეს შეხვდებოდა ჯვარზე გაკრული. მას სრულიადაც არ წარმოედგინა თუ ეს ოდესმე მოხდებოდა. ის ცხოვრობდა ისე როგორც ცხოვრობდა. მისი სინანული მყისიერი იყო და არა დროში გათვლილი, რომ მაინცდამაინც იმ დროს გამოავლენდა სინანულს, როცა ქრისტეს შეხვდებოდა. ეს ხომ სინანული არც იქნებოდა, ეს იქნებოდა თავის მოტყუება და მეტი არაფერი. ქრისტეს კი ამით ვერ მოატყუებდა ავაზაკი. შესაბამისად სწორედ იმ სინანულის გამო მიანიჭა ქრისტემ მას ის ჯილდო, რაც მან (ავაზაკმა) ჯვარზე გაკვრისას გამოავლინა.

ამის საპირისპიროდ, ადამიანი რომელიც განლაღებული ცხოვრობს და ფიქრობს რომ როცა სიკვდილის დრო დაუდგება მაშინ მოინანიებს, ასეთი ადამიანი ცრუა და ღვთის განგების გამომცდელი. გახსოვს ის იგავი სახარებიდან, ერთი მდიდარი სიმდიდრეს რომ აგროვებდა, ამ დროს კი უფალი ეჩვენა მას და უთხრა, უგუნურო რისთვის ან ვისთვის აგროვებს, როცა ამ ღამით წაიყვანენ შენს სულს ანგელოპზები. ეს სინანული არაა, ეს ფარისევლობაა. შესაძლოა ამით ადამიანი მოატყუო, მაგრამ გულთამხილავ ღმერთს ხომ ვერ მოატყუებ. სწორედ ამაზეა ხაზგასმა აქაც. კიდევ იმაზე, რომ სინანული დაგვიანებული არასოდეს არ არის. თVით სიცოცხლის უკანასკნელ წამსაც რომ გამოავლინოს ადამიანმა სინანული, ისიც კი უფლისგან შეწირული იქნება.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 17 2009, 03:36 PM

afxazi

ეგ ცხადია.. მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც გულით ნანობს მიეტევებათ სიკვდილის ბოლოს... ხაზი იმას გავუსვი რომ ეგ შემთხვევა არაა ერთადერთი...

პ.ს. ეგ ყველაფერი იმ რეალობაში რომლისაც თქვენ გჯერათ, თორე ჩემს რეალობაში ეგ ყველაფერი ღმერთის თამაშებია smile.gif

და საერთოდ სტანდარტულ რეალობასა და გაცილებით უფრო ჭეშმარიტ რეალობას შორის იგივე განსხვავებაა დაახლოებით, რაც ომსა და ომობანას თამაშს შორის tongue.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 17 2009, 03:38 PM

Atman

ციტატა
ეგ ცხადია.. მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც გულით ნანობს მიეტევებათ სიკვდილის ბოლოს... ხაზი იმას გავუსვი რომ ეგ შემთხვევა არაა ერთადერთი...

ამ ციტატაშიც მეტი არაფერია ნათქვამი.

ციტატა
პ.ს. ეგ ყველაფერი იმ რეალობაში რომლისაც თქვენ გჯერათ, თორე ჩემს რეალობაში ეგ ყველაფერი ღმერთის თამაშებია და საერთოდ სტანდარტულ რეალობასა და გაცილებით უფრო ჭეშმარიტ რეალობას შორის იგივე განსხვავებაა დაახლოებით, რაც ომსა და ომობანას თამაშს შორის

და მაინც როგორია ეს რეალობა? (შენსას ვგულისხმობ)

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 17 2009, 03:43 PM

afxazi

არამკაცრი, არასასტიკი, არასერიოზული და დაახლოებით ისეთი როგორსაც ბავშვობაში ვხედავთ...

და იმ ავაზაკის შეწყალების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა ის იყო რომ მან დაიჯერა რომ ღმერთი შეიწყალებდა... მოინანიე და თან დაიჯერე.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 17 2009, 03:43 PM

Atman

ციტატა
არამკაცრი, არასასტიკი, არასერიოზული და დაახლოებით ისეთი როგორსაც ბავშვობაში ვხედავთ...

ანუ ქრისტიანული? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რა დაინახე ქრისტიანობაში მკაცრი, სასტიკი, არასერიოზული, ან არაბავშვური (პირიქით, უფალი იმას ამბობს ბავშვებივით თუ არ იქნებით სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებთო)

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 17 2009, 03:45 PM

afxazi

ციტატა
რა დაინახე ქრისტიანობაში მკაცრი, სასტიკი, არასერიოზული, ან არაბავშვური


მე არაფერი... თქვენ უფრო ხედავთ მგონი smile.gif

ციტატა
ანუ ქრისტიანული?


ქრისტიანულიც და არამარტო...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 17 2009, 03:45 PM

Atman

ციტატა
მე არაფერი... თქვენ უფრო ხედავთ მგონი

სხვა არ ვიცი, მაგრამ მე პირადად აქ სასტიკს, არასერიოზულს და ასე შემდეგ ვერ ვხედავ.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 17 2009, 03:51 PM

ციტატა
სხვა არ ვიცი, მაგრამ მე პირადად აქ სასტიკს, არასერიოზულს და ასე შემდეგ ვერ ვხედავ.


ჰოდა ძალიან კარგი smile.gif მაგრამ მე ქრისტიანობაზე არ ვლაპარაკობ, საერთოდ ცხოვრებაზე ვამბობ... არც ისეთი სასტიკია როგორც ბევრს გონია... თამაშია უბრალოდ.

როგორ ფიქრობ, ვისი ფოტოც მიყენია, პერსონაჟი: ჯეკ ბეღურა სად მოხვდებოდა, სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში? smile.gif არადა თითქმის ყველა მცნებას არღვევს, მაგრამ სხვაგვარად უყურებს სამყაროს... ახლა არ მითხრა ეგ კინოა და რეალობასთან არაფერი აქვს საერთოო smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 17 2009, 03:56 PM

Atman

ციტატა
როგორ ფიქრობ, ვისი ფოტოც მიყენია, პერსონაჟი: ჯეკ ბეღურა სად მოხვდებოდა, სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში? არადა თითქმის ყველა მცნებას არღვევს, მაგრამ სხვაგვარად უყურებს სამყაროს... ახლა არ მითხრა ეგ კინოა და რეალობასთან არაფერი აქვს საერთოო

შენ გინდა ირეალური რეალურ ჭრილში განვიხილო? კი მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია. როგორ ვიმსჯელო არარეალურზე რეალური სამყაროს მსოფლმხედველობრივი გაგებით? განა ეს შესაძლებელია?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 17 2009, 03:58 PM

ციტატა
შენ გინდა ირეალური რეალურ ჭრილში განვიხილო? კი მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია. როგორ ვიმსჯელო არარეალურზე რეალური სამყაროს მსოფლმხედველობრივი გაგებით? განა ეს შესაძლებელია?


ერთ-ერთი ფანჯარა ჭეშმარიტ რეალობაში ხელოვნება და მათ შორის კინოა.
შენ მართლა გგონია რომ სამყაროს შენეული აღქმა რეალობაა? და რეალური სამყაროს მსოფლმხედველობრივი გაგება რაღა დოზანაა? ვინ დააწესა ან ვინ მოიგონა?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 17 2009, 04:04 PM

Atman

ციტატა
ერთ-ერთი ფანჯარა ჭეშმარიტ რეალობაში ხელოვნება და მათ შორის კინოა. შენ მართლა გგონია რომ სამყაროს შენეული აღქმა რეალობაა? და რეალური სამყაროს მსოფლმხედველობრივი გაგება რაღა დოზანაა? ვინ დააწესა ან ვინ მოიგონა?

მე ვერ გავიგე რაზე ვკამათობთ, თან მე მგონი არც თემას შეესაბამება ეს კამათი.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 17 2009, 04:13 PM

afxazi

რა ვიცი, სიტყვებზე მოგყვები და გეკამათები თორე მიზანს ვერც მე ვხვდები smile.gif

afxazi

კითხვა პირადად შენთან:

როდის უფრო რეალურად და ბუნებრივად აღიქვამ სამყაროს, როცა ბახუსის გავლენის ქვეშ ხარ და ყველა გიყვარს, ადამიანების სისულელეებს როგორც ბავშვის ცუღლუტობებს ისე უყურებ და გონებითაც კი არავის განიკითხავ, თუ მაშინ როცა ფხიზელი ხარ და ყოველ კონკრეტულ ადამიანურ შეცდომას რამე იარლიკს ადებ, ახსნას ცდილობ და ცოდვილებად მიიჩნევ სხვებს და რა თქმა უნდა შენ თავსაც? იმედია მიმიხვდი რას გეკითხები smile.gif



მარტო აფხაზს არა, ყველას ვუსვამ ამ კითხვას...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 17 2009, 04:51 PM

Atman

ციტატა
როდის უფრო რეალურად და ბუნებრივად აღიქვამ სამყაროს,

მაშინ როცა ამ სამყაროს ვუყურებ იმ თვალით, როგორადაც ის წარმოდგება ჩემს წინაშე, ყველა თავისი ნიშან-თვისებით. სხვა საკითხია როგორ ვუყურებ ადამიანს.

თემას ავცდებით. აჯობებს სხვაგან თუ გაიხსნება თემა და იქ ვისაუბრებთ.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 17 2009, 04:56 PM

ციტატა
აჯობებს სხვაგან თუ გაიხსნება თემა და იქ ვისაუბრებთ.


შენ უფრო გეცოდინება რა უნდა დაერქვას და სად გაიხსნას რომ ფორუმის წესები არ დაარღვიოს, ასე რომ თავად გახსენი a075.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 17 2009, 05:01 PM

Atman

ციტატა
შენ უფრო გეცოდინება რა უნდა დაერქვას და სად გაიხსნას რომ ფორუმის წესები არ დაარღვიოს, ასე რომ თავად გახსენი

რადგან საუბარი შენი დაწყებულია შენ გიტოვებ ამის უფლებას.

თუგინდა აქ ვისაუბროთ, მაგრამ მოგვიანებით პოსტების არქივში გადატანა მომიწევს ამ თემიდან.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 17 2009, 05:04 PM

afxazi

კარგი აქ ვისაუბროთ, ახალი თემის გახსნას არ აქვს აზრი...

ციტატა
მაშინ როცა ამ სამყაროს ვუყურებ იმ თვალით, როგორადაც ის წარმოდგება ჩემს წინაშე, ყველა თავისი ნიშან-თვისებით. სხვა საკითხია როგორ ვუყურებ ადამიანს.


ეს თვალით ხედვაა, მე უფრო გონების ხედვაზე მაქვს საუბარი (გულით ხედვა სულ სხვა დონეა და არ შევეხები ამ ეტაპს).

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 17 2009, 05:16 PM

Atman

ციტატა
ეს თვალით ხედვაა, მე უფრო გონების ხედვაზე მაქვს საუბარი (გულით ხედვა სულ სხვა დონეა და არ შევეხები ამ ეტაპზე).

ეს უკვე მეორე, განუყოფელი პირველთან, მომენტია, როგორ ვუყურებ ადამიანს, სამყაროს ცენტრს. ცხადია როგორც თანასწორს, იმავე ღირსების მატარებელს, როგორადაც მე გამაჩინა შემოქმედმა. მე არ მჯერა იმ ადამიანის, ვინც სხვის ნაკლოვანებებზე უფრო ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე თავისაზე, მაშინ როცა პირიქით, შესაძლოა ეს ადამიანი უფრო მეტად შეიძლება იყოს ზნეობრივად მდაბალ მდგომარეობაში, ვიდრე ის ვისი ნაკლის გამოყოფაც სურს მას. ნაკლოვანებების გამოყოფა სხვა ადმაიანში სიფხიზლეს არ ნიშნავს, ეს დამახინჯებული წარმოდგენის შედეგია ზოგადად ადამიანის, როგორც ღვთის ქმნილების მიმართ.

ამასთან ისიც ცხადია, რომ ნებისმიერ ადამიანურ გაუკუღმართებას ვერ დავარქმევთ ბავშვურ ცუღლუტობას. თუმცა როგორ დონეზეც არ უნდა იყოს ადამიანი, ნუ ქრისტიანობა ამას ასწავლის, მას როგორც დაზიანებულ, ერთ დროს დიდებულ, ხელოვნების ნიმუშს ისე უნდა შეხედო (ეს ანტონ სუროჟელის სახეობრივი ნიმუშია), რომლის ყურებაც, თუკი მას სიყვარულის თვალებით უყურებ, იმ მშვენიერ ხელოვნების ნიმუშს წარმოგისახავს გონებაში, რომელი ხელოვნების ნიმუშიც დაზიანებამდე არსებობდა. ხოდა თუკი ასე შეხედავ ადამიანს, რომელიც შეიძლება ცხოველის დონეზე იყოს მისული თავისი გაუკუღმართებული ცხოვრებით, შესაძლოა კვლავ ადამიანი გახადო.

სხვა საქმეა როგორ გამოგვდის ეს ჩვენ პრაქტიკაში.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 17 2009, 05:24 PM

afxazi

მოდი ახლა სხვა კუთხით შევხედოთ მოვლენებს... სცადე და დააკვირდი არა თავად ადამიანებს, არამედ შენ მათდამი განწყობას და ფიქრებს... შეძლებ შენი ფიქრები დაინახო? ანუ დაახლოებით ასეთი მაგალითი:

ვხედავ ბოშას რომელიც ჩემთან მოდის და ფულს მთხოვს... მომდის ასეთი აზრი: არ მივცემ, იმიტომ რომ თავხედია და უკულტუროდ მთხოვს... შემდეგ მოვიდა აზრი: კი მაგრამ იესომ ხომ თქვა რომ ყველას უნდა დავეხმაროთ... შემდეგ მოდის ამის საწინააღმდეგო აზრი, რომელიც შენს წინა ფიქრს გაამართლებს... მერე მოდის აზრი, ატმანმა როგორც მითხრა, მოდი დავაკვირდები ამ ფიქრებს... ცდილობ დააკვირდე... კი მაგრამ ესეც ხომ აზრობრივი ქმედებაა, როცა დაკვირვებას ვცდილობ (ანუ ამასაც ვაკვირდები)... აი კიდევ ერთი ფიქრიც გამოცხვა... და ასე შემდეგ უკან უკან დაიხიე ფიქრებში... მაინტერესებს რას იგრძნობ (ოღონდ ხშირად გააკეთე ეს) biggrin.gif

ამის მიზანი რაა გეტყვი: იპოვო ის დამკვირვებელი შენში, რომელიც ყველა ამ ფიქრს ხედავს, ისე რომ თვითონ არაა ფიქრი...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 21 2009, 05:20 PM

იოანე ოქროპირი

"ვნახოთ, თუ წარმოაჩინა ავაზაკმა შრომანი, წარმატებულობანი და ნაყოფნი. შეუძლებელია, რომ ეს ვთქვათ. მან ხომ უბრალო სიტყვისგან და მხოლოდღა რწმენისგან შეაბიჯა სამოთხეში მოციქულებზე ადრე, რათა ისწავლო, რომ იმდენად ავაზაკის კეთილგანმზრახველობამ კი არ შეძლო ეს, რამდენადაც უფლის კაცთმოყვარეობამ აღასრულა ყოველივე. მართლაც, რა თქვა ავაზაკმა? რა იმოქმედა მან? იმარხა? იტირა? ტანთშემოირღვია? ხანგრძლივი სინანული აჩვენა? არანაირად! არამედ, განჩინების შემდეგ (უფლის მიერ მისდამი თქმული სიტყვების შემდეგ) თვით ჯვარზე მიეახლა იგი ცხონებას. ნახე სისწრაფე! ჯვრიდან - ცისკენ, დასჯილობიდან - ცხონებისაკენ... რაჟამს ნახა მან (ავაზაკმა) ჯვარზე მილურსმული (უფალი), არ მიაქცია ყურადღება უპატიობას, არ შეხედა უღირსებობას, არამედ ღმრთეებისაკენ მჭვრეტმა ეს თქვა: "მომიხსენე მე შენს სასუფეველში". ახალი რამეა ეს და უჩვეულო! ჯვარს ხედავ და სასუფეველს ახსენებ? რა ნახე შენ (ავაზაკო) სასუფევლის ღირსი? - ჯვარცმული ადამიანი, ნაცემი, აბუჩად აგდებული, დადანაშაულებული, შეფურთხებული, გამათრახებული. მითხარი მე, განა ეს ყველაფერი სასუფევლის ღირსია? ხედავთ, რომ სარწმუნოების თვალებით იხედებოდა იგი და არ ეძიებდა თვალით დანახულს. ამის გამო არც ღმერთმა გამოიძია მისი უბრალო სიტყვები, არამედ როგორც იმან განჭვრიტა იესო ღმრთეებაში, ასევე ამანაც, ღმერთმა, განჭვრიტა ის, ავაზაკი, მის გულში და თქვა: "დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში" .


ნეტარი ავგუსტინე

"ავაზაკი მიუბრუნდა უფალს და უთხრა: "მომიხსენე მე, უფალო, როდესაც შენ მოხვალ შენი სასუფევლით". დიადი რწმენაა! რა შეიძლება დაემატოს ამ რწმენას, არ ვიცი! ისინი, რომლებიც ხედავდნენ მკვდრეთით აღდგომილ ქრისტეს, მერყეობდნენ, მან კი ირწმუნა იგი, რომელსაც ხედავდა მასთან ერთად ჯვარცმულს. როდესაც ისინი მერყეობდნენ, მაშინ მან ირწმუნა, როგორი ნაყოფი მოიწია ქრისტემ ამ ხმელი ძელისგან! მართლაც, რა თქვა უფალმა? მოვისმინოთ: "ამინ გეტყვი შენ, დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში", - შენ (ავაზაკი) აყოვნებ შენს თავს, მე (უფალი) გცნობ შენ. როდის მოელოდა ავაზაკი ავაზაკობიდან - მსაჯულისკენ, მსაჯულიდან - ჯვრისკენ, ჯვრიდან - სამოთხისკენ? მას ხომ შეგნებული ჰქონდა, რასაც იმსახურებდა. ამიტომაც არ თქვა მან: "მომიხსენე მე, რომ გამათავისუფლო მე დღეს", არამედ: "როდესაც მოხვალ შენი სასუფევლით, მაშინ იყოს ჩემი გახსენება, თუნდაც რომ ტანჯვათა თანამდები ვიყო იმ დრომდე, ოდეს მოხვალ შენი სასუფევლით". მან კი: "ასე არა! ცათა სასუფეველში შენ შეიჭერი, იძალე, ირწმუნე, მოიხელთე. დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში"

"და თუ ავაზაკი ჯვარზე ცხონებულ იქნა, რომელიც ცოტა ხნით ადრე კაცისმკვლელი იყო, ცოტა ხნის შემდეგ კი ბრალი დაედო მას, იმხილა, დაიგმო, ჩამოიკიდა და განთავისუფლდა, არაფერია საკვირველი".

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 23 2009, 01:15 PM

afxazi


აქ ჩემი პოსტი იყო და გაქმრალა biggrin.gif

მოკლედ, მე როგორც ვიცოდი, სინანულმა აცხოვნა ჯვარცმული. აქ თიტქოს სხვა რაღაც ჩანს. სინანული არ არის უფლის შეცნობა.

ციტატა
"მომიხსენე მე, რომ გამათავისუფლო მე დღეს", არამედ: "როდესაც მოხვალ შენი სასუფევლით, მაშინ იყოს ჩემი გახსენება, თუნდაც რომ ტანჯვათა თანამდები ვიყო იმ დრომდე, ოდეს მოხვალ შენი სასუფევლით". მან კი: "ასე არა! ცათა სასუფეველში შენ შეიჭერი, იძალე, ირწმუნე, მოიხელთე. დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში"



მაინტერესებს რას გულისმობდა ავაზაკი სიტყვებით,,მოხვალ სასუფევლით,, ასე ვტქვატ მეორედ მოსვალს ელოდა თუ სხვა რამეა აქ ნაგულისმხევი>? ან კი მოერე საუფევლით მოსვლის შესახებ, ავაზაკს საიდან უნდა სცოდნოდა? g.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)