IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ქართველი სასულიერო მოღვაწეები
ნათია
პოსტი Oct 12 2007, 01:36 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ამბროსი ნეკრესელი (ერისკაცობაში ზაქარია მიქაძე) (1728 ― † უცნობია), ქართველი სასულიერო მოღვაწე, მქადაგებელი, პოეტი. ბერად აღიკვეცა 1777 წლის შემდეგ. 1794-1812 წლებში იყო ნეკრესის ეპისკოპოსი. ამბროსი ნეკრესელის დოგმატიკური ქადაგებებს ანტონ კათოლიკოსის სკოლის გავლენა ეტყობა. მისი ქადაგებების მეორე ნაწილი ერის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ ამბებს ეხმაურება, ასახავს საქართველოში შექმნილ მძიმე მდგომარეობას და მრევლს სამშობლოს სამსახურისაკენ მოუწოდებს. ამბროსი ნეკრესელი წერდა აგრეთვე როგორც საერო, ისე სასულიერო შინაარსის ლექსებს.





გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე) (* 15 ნოემბერი, 1825, სოფ. ბახვი, ოზურგეთის რაიონი ― † 26 დეკემბერი, 1896, ქუთაისი), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და პედაგოგი, იმერეთის ეპისკოპოსი 1860 - 1896 წლებში.

განათლება: - 1839 წელს დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. 1842 წელს შევიდა ქ. ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1845 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1849 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია.

სასულიერო, სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა : - 1849 - 1858 წლებში გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1851 წელს მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1856 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაიცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. 1858 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წლის დამლევს გაბრიელი დაინიშნა გორის ეპისკოპოსად. 1860 წელს იგი ხელდასხმულ იქნა იმერეთის ეპისკოპოსად და ამ უაღრესად საპატიო მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე.

მეუფე გაბრიელი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია.

გაბრიელმა შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. 1858 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოიცა მისი კაპიტალური ნაშრომი "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები", რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. ნ. დობროლიუბოვმა სპეციალური რეცენზიაც გამოაქვეყნა ამ წიგნზე ჟურნალ "სოვრემენნიკ"-ში (1859). ფართოდაა ცნობილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებანი, რომელთა ორტომეული გამოცემულ იქნა ქართულ (1865, 1884-1885, 1913, 1989), რუსულ (1893) და ინგლისურ (1867) ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე.

მეუფე გაბრიელი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. იგი ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრულად განდევნა სკოლებიდან. 1872 წელს მან გაილაშქრა გ. მუხრანბატონ-მუხრანელის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა დიდი ერის მიერ პატარა ერების ასიმილაციისა და მცირე ერის ენის გაქრობის გარდუვალობას.

აღსანიშნავია, აგრეთვე, გაბრიელ ეპისკოპოსის თავდადებული მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღსადგენად.

მეუფე გაბრიელი აღესრულა 71 წლის ასაკში. იგი განისვენებს გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა.







გიორგი მთაწმინდელი (1009 ― † 1065), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი. ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველთა სამეცნიერო-ლიტერატურული საქმიანობის სულისჩამდგმელი.

მისი ბიოგრაფის გიორგი მცირის გადმოცემით, გიორგი მთაწმინდელი დაიბადა თრიალეთში, გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწის იაკობის ოჯახში. სწავლობდა ტაძრისის, შემდეგ კი ხახულის მონასტერში. ცოდნის გასაღრმავებლად 1022 ბიძამ კონსტანტინოპოლს წაიყვანა. იქ მან საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა და აზიარა ბიზანტიურ კულტურას. 1034 გიორგი მთაწმინდელი სამშობლოში დაბრუნდა და ბერად აღიკვეცა ხახულის მონასტერში. 1036 სირიაში, შავ მთაზე გიორგი შეყენებულს დაემოწაფა. 1039 იერუსალიმს გაემგზავრა. წინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ დაბრუნდა შავ მთაზე თავის მოძღვართან და 1040 მისივე რჩევით ათონს გაემგზავრა. 1044 გიორგი მთაწმინდელი ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. მის იშვიათ შემოქმედებით და ორგანიზატორულ ნიჭს სათანადო ასპარეზი მიეცა. მან კიდევ უფრო გააძლიერა მონასტერი და იგი ქართული სულიერი კულტურის მძლავრ კერად აქცია. გიორგი მთაწმინდელის პრატიკულ-ორგანიზატორულმა მოღვაწეობამ თანდათან ფართო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შეიძინა.

ბაგრატ IV-მ არაერთგზის შესთავაზა მას საქართველოს მღვდელმთავრობა. მისივე თხოვნით გიორგი მთაწმინდელმა ხუთი წელი დაყო საქართველოში და საეკლესიო საქმეები მოაგვარა. მან უარყო წოდებრივი უპირატესობა საეკლესიო საქმეებში და ადამიანის პირადი ღირსება წამოსწია წინ. გიორგი მთაწმინდელი იცავდა ქართულ ეკლესიას და კულტურას უცხოელთა შემოტევისაგან. ანტიოქიის პატრიარქთან გამართულ ცხარე კამათში 1057 მან ბრწყინვალედ დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალობა, რაც ერის ღირსებისა და კულტურის თვითმყოფის დამადასტურებლად ესახებოდა. გიორგი მთაწმინდელი ნაყოფიერად იღვწოდა მშობლიური ლიტერატურის გამდიდრებისათვის. ცნობილია ბიბლიის ახალი, ე. წ. "გიორგისეული რედაქცია". მან ხელახლა თარგმნა ბიბლიის ზოგიერთი წიგნი (სახარება-ოთხთავი, სამოციქულო, დავითნი), სხვა წიგნები კი გაჩალხა და ბერძნულ დედანს შეაჯერა.

გიორგი მთაწმინდელმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ქართულ ჰაგიოგრაფიასა და აპოკრიფულ მწერლობას, ეგზეგეტიკას, ჰიმნოგრაფიასა და საეკლესიო სამართალს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გიორგი მთაწმინდელის ჰაგიოგრაფიულ თხზულებას "ცხოვრება ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ", რომელიც ათონის ივერთა მონასტრის მხატვრული მატიანეა. ნაყოფიერად იღვაწა გიორგი მთაწმინდელმა ლიტურგუკის სფეროშიც და ქართული მწერლობას შესძინა როგორც თარგმნილი, ისე ორიგინალური თხზულებანი ("დიდი სჳნაქსარი", "სახარებაჲ გამოკრებული საწელიქდო", "პავლე გამოკრებული საწელიწდო", "თთუენი ათორმეტნივე" და სხვა). გიორგი მთაწმინდელის ორიგინალური იამბიკოები და ნათარგმნი მდიდარი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა მისი პოეტური კულტურის დადასტურებაა. გიორგი მთაწმინდელმა ბერძნულიდან თარგმნა, ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის, ათანასე ალექსანდრიელის, იოანე დამასკელის, ნექტარი კონსტანტინოპოლელის, დოროთეოს ტვირელისა და სხვათა თხზულებანი. მისი ბიოგრაფის სამართლიანი თქმით, "ესევითარი თარგმანი, თჳინიერ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა, სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა". გიორგი მთაწმინდელის მრავალფეროვანმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართული კულტურის აღმავლობას მომდევნო საუკუნეებში.






გრიგოლ ხანძთელი (759 ― † 861), ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი.

მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი გიორგი მერჩულემ. გრიგოლ ხანძთელი დაიბადა ქართლში წარჩინებულ ოჯახში. აღიზარდა ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე (ნერსეს მეუღლის ძმისწული და შვილობილი იყო). თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო. აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როცა მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-იანი წლებიდან კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი.

გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში - დედათა სავანეები. დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონასტერი. გრიგოლ ხანძთელის წაბაძვით მისმა მოწაფეებმა იწყეს მონასტრების მშენებლობა იშხანში, ბარეთელთაში, წყაროსთავში, ნეძვში და სხვა. გრიგოლ ხანძთელი ცხოველ მონაწილეობას იღებდა კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. IX საუკუნის 30-იან წლებში იგი კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს. მისი ენერგიული ჩარევით გადააყენეს თბილისის ამირა საჰაკის აგენტი - ანჩის ეპისკოპოსი ცქირი.

გრიგოლ ხანძთელმა დიდი როლი შეასრულა IX საუკუნის 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაარჩია. მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათოლიკოსად.

გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხანძთა (აქედანაა მისი ზედწოდება) ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა. გრიგოლ ხანძთელი იყო მის მიერ დაარსებულ მონასტრებში გაჩაღებული მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სულისჩამდგმელი. გიორგი მერჩულის ცნობით, მას საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეუდგენია ქტიტორული ტიბიკონი და შეუთხზავს ჰიმნოგრაფიული კრებული "საწელიწდოჲ იადგარი" - ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა.





დავით ტბელი , X საუკუნის II ნახევრის ქართველი მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე, ტბეთის ეპისკოპოსი. ბერძნულიდან თარგმნა კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. ეფრემ მცირის ცნობით, მას უთარგმნია სიმეონ ლოგოთეტის მეტაფრასები. მასვე ეკუთვნის გრიგოლ ღვთისმეტყველის რამდენიმე თხზულების თარგმანი. ძველ წყაროებში დავით ტბელი იხსენიება ეპისკოპოს სტეფანე სანანოისძესთან ერთად.





თორნიკე ერისთავი - ( † 985), ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე.

ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. ერთხანს ათონის მთაზე, ათანასე დიდი ლავრაში მოღვაწეობდა. 979 თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში. თორნიკე ერისთავი თავდაპირველად ბერობას იმიზეზებდა, და უარობდა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად დათანხმდა.

დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი, რომლებმაც სძლიეს სკლიაროსს და ხელთ იგდეს დიდი ნადავლი. ბიზანტიის ხელისუფლების დაპირების თანახმად, ნადავლი თორნიკე ერისთავის ეკუთვნოდა. ნაწილი ამ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრას და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა. 980 წლის ახლო ხანებში თორნიკე ერისთავს ბიზანტიის კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია (978) და კირილე ალექსანდრიელის თხზულების "განძის" 981 წლის ნუსხა.







ილარიონ ქართველი - (822 ― † 875), ქართველი სასულიერო მოღვაწე. დაიბადა კახეთში, დიდგვაროვან ოჯახში.

დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის განვითარებაში. ილარიონ ქართველის ქტიტორული მოღვაწეობა დაკავშირებულია კახეთის 3 ძეგლთან, ესენია ფერისცვალების ეკლესია დავითგარეჯის ლავრაში, ე.წ. ილარიონ ქართველის ფილიალი იმავე ლავრაში და აკურის მამადავითის დედათა მონასტერი.

ილარიონ ქართველმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. მოიარა პალესტინა (იერუსალიმი, თაბორი, გოლგოთა, ბეთლემი, იორდანიის უდაბნო, საბაწმინდის ლავრა), ბითინია (ოლიმპი), რომი ბიზანტია (კონსტანტინოპოლი, თესალონიკე), სადაც ეცნობოდა ქრისტიანულ სამყაროს კულტურის უდიდეს კერებს, ლიტერატურულ მიღწევებს, სამონასტრო ცხოვრების წესსა და რიგს. ილარიონ ქართველის სახელზე თხზულებების მთელი ციკლია შექმნილი - ცხოვრებები და საგალობლები, სადაც ილარიონ ქართველი წარმოგვიდგება როგორც მონასტერთა მაშენებელი, წინამძღვარი, კახეთში დედათა და მამათა მონასტრების წესის და კანონის დამდები. დაკრძალულია კონსტანტინოპოლის მახლობლად ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერში.





იოანე - (გვარად ჯორჯაძე) ( † 1763), ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი 1736-1763, ნეკრესელი (ნეკრესის მიტროპოლიტი) 1740-1751, ბოდბელი (ბოდბის ეპისკოპოსი) 1751-1763. მღვდელმთავრობის დროს დავითგარეჯის მონასტერში ცხოვრობდა. 1751 ბოდბეში გადავიდა. მონაწილეობდა ერეკლე II-ის მიერ თბილისში გამართული საეკლესიო კრების (1748) მუშაობაში, რომელმაც მიიღო კანონები მღვდელმსახურებისა და სარწმუნოების ნორმების დაცვის შესახებ.

იოანე მთაწმინდელი (ათონელი) - (დაახლოებით 920 ― † 1005), ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი. ერისკაცობაში - სამცხის ერთ-ერთი დიდებულთაგანი - ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი. ბერად შედგა ოთხთა ეკლესიის ლავრაში. შემდეგ ბიზანტიაში, ოლიმპის მთაზე მოღვაწეობდა, სადაც მიიყვანა თავისი მცირეწლოვანი შვილიც, შემდეგში, ექვთიმე მთაწმინდელი. 965 ექვთიმესა და რამდენიმე მოწაფესთან ერთად გადასახლდა ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაში. ქართველ ბერებმა ჯერ იოანე მახარებლის ეკლესია ააშენეს, შემდეგ დამკვიდრდნენ ათონის ივერთა მონასტერში, რომლის აღმშენებელი და პირველი წინამძღვარი იოანე მთაწმინდელი იყო. მისი ბიოგრაფის გიორგი მთაწმინდელის გადმოცემით, იოანე მთაწმინდელმა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ექვთიმეს განსწავლაში, ლიტერატურული მოთვაწეობისაკენ მოუწოდა მას: "ქართლის ქვეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან, და ვხედავ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა, აწ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან".





იოანე შავთელი - XII-XIII საუკუნეების ქართველი პოეტი, სასულიერო მოღვაწე, როგორც ზედწოდებიდან ჩანს, წარმოშობით სოფ. შავთიდან ყოფილა. მას მიეწერება ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი "აბდულმესიანი". "ქართლის ცხოვრების", ცნობით, იოანე შავთელი იყო "ფილოსოფოსი დარიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული". იგი თამარ მეფის თანამედროვე და სანდო პირი ყოფილა. მემატიანეთა ცნობით, თამარს ახლდა ვარძიასა და ოძრეხში, ბასიანის ბრძოლის (1203) დროს, აქვე შეუთხზავს "გალობვანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი". მასვე მიეწერება სასულიერო ხასიათის სხვა თხზულებებიც. იოანე შავთელი სასულიერო პირი ჩანს, რაზეც მიუთითებს მის თხზულებებში გამოვლენილი ღრმა საღვთისმეტყველო განათლება. ზოგ წყაროში მოხსენებულია "ნეტარად", "წმინდანად". "აბდულმესიანში" იგი თავის თავს "მწირსა" და "მსხმებს" უწოდებს.



იოანე ჭყონდიდელი - ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი დაახლოებით 1060 - XII საუკუნის 10-იან წლებში. იხსენიება სვინგელოზის ტიტულით. XI საუკუნის 50-იან წლებში, ჯერ კიდევ ერისკაცობაში, თავის ძმასთან პეტრიკთან ერთად თან ახლდა ბაგრატ IV-ს და დედოფალ მარიამს კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე IX მონომაქოსის (1042-1054) კარზე. აქ ისინი შეხვდნენ ათონიდან ჩამოსულ გიორგი მთაწმინდელს და ათონში დიდი შესაწირავი გაატანეს, რისთვისაც იოანეს და მის ძმას ათონში აღაპი დაუწესეს. 1059 წელს მან ბაგრატ IV-ის დავალებით ქ. ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოიყვანა გიორგი მთაწმინდელი, რომლის ინიციატივით იოანე ჭყონდიდლად აკურთხეს. იოანე ჭყონდიდელი დაეხმარა გიორგი მთაწმინდელს საქართველოში დარღვეული საეკლესიო საქმეების გამართვა-მოწესრიგებაში. 1065 და 1066-1067 ბაგრატ IV-ის ელჩი იყო ბიზანტიის იმპერატორის კარზე. ამ ელჩობის დროს იოანე ჭყონდიდელს გიორგი ხუცესმონაზონისთვის უთხოვია დაეწერა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება.





იოსებ სამებელი - (1676 ― † სექტემბერი, 1750), ქართველი სასულიერო მოღვაწე, მესტამბე. წარმოშობით ქვაბულიძეების საგვარეულოდან.

თავდაპირველად შიომღვიმის მონასტერში იყო წინამძღვრად, 1696-იდან ჯერ სამების, ხოლო შემდეგ წილკნის ეპისკოპოსად. ვახტანგ VI-ის რუსეთში წასვლის შემდეგ ისიც რუსეთს გაემგზავრა. ქართველმა ემიგრანტებმა იოსებ სამებელი ვორონეჟის მონასტერში მოაწყვეს. 1733 პეტერბურგში გადავიდა. 1734-იდან ნოვგოროდის მიტროპოლიტის თანაშემწე და იურის მონასტრის წინამძღოლი იყო. რუსეთში ცხოვრების პერიოდში იოსებ სამებელმა ხელი მოჰკიდა საგამომცემლო საქმეს. მონაწილეობდა წიგნების გადაწერაში. ქ. გურამიშვილთან ერთად პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის სტამბაში ჩამოასხა ქართული შრიფტი და იქვე დაბეჭდა "რუსულ-ქართული ანბანი". 1737 ბაქართან ერთად დააარსა სტამბა და დაიწყო ქართული წიგნების ბეჭდვა-გამოცემა, მაგრამ 1743 წელს ბიბლიის უნებართვოდ დაბეჭდვის გამო სტამბა დახურეს. 1750 ყიზლარში მიმავალი იოსებ სამებელი გზაში გარდაიცვალა.





ისააკ მცირე - ( † 1799, თბილისი), XVIII საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, კალიგრაფი, მესტამბე.

მოღვაწეობდა ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც 1751 მისი უშუალო მონაწილეობით დაიბეჭდა "კონდაკი". ისააკ მცირის სასტამბო მოღვაწეობა მალე შეწყდა. კათოლიკოს ანტონ I-სა და ზ. გაბაშვილს შორის უთანხმოების დროს ისააკ მცირე უკანასკნელს მიემხრო, რისთვისაც სასტიკად დასაჯეს. ისააკ მცირეს გადაწერილი აქვს ბევრი წიგნი. მასვე ეკუთვნის რამდენიმე ორიგინალი და თარგმნილი სატირული ნაწარმოები, სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილი "თაგვებისა და კატის ომის" სახელწოდებით.







პეტრე დავითის ძე კონჭოშვილი - (1836 ― † 5 თებერვალი, 1909), ქართველი საეკლესიო მოღვაწე. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მღვდლად იყო საინგილოში, იქიდან ოსეთში გადაიყვანეს, შემდეგ ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1899 ალავერდის კათედრაზე ეპისკოპოსად გააწესეს. მონაწილეობდა საღვთო წიგნების, მ.შ. ბიბლიის ქართული ტექსტის შესწორებასა და ბეჭდვაში. 1899 იმოგზაურა იერუსალიმში. თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში: "მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ" (თბილისი, 1901). დასაფლავებულია ალავერდის ტაძარში.





მიქელ პარეხელი - პარეხის მონასტრის ამშენებელი და მისი პირველი წინამძღვარი. გავრცელებული შეხედულებით, მიქელ პარეხელი ცხოვრობდა IX საუკუნეში. ზოგიერთი მკვლევარის აზრით - VI-VII საუკუნეებში. ბასილი ზარზმელის ცნობით მიქელ პარეხელი ყოფილა შიო მღვიმელის მოწაფე. შემდეგ მისულა კლარჯეთში და ერთხანს ოპიზის მონასტერში მოღვაწეობდა. თავის მოწაფესთან ერთად აუშენებია მცირე ეგვტერი, რისთვისაც პარეხი უწოდებია. მიქელ პარეხელის მოწაფეთა შორის ცნობილი ყოფილან ბასილი და მარკელაოზი, აგრეთვე ზარზმის მონასტრის დამაარსებელი სერაპიონ ზარზმელი




ნიკოლოზ თბილელი - (1672, სოფ. ტანძია ― † 1732, მოსკოვი), ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, მწერალი.

დაიბადა ქართლის მდივანბეგის ვახტანგ ორბელიანის ოჯახში. მალე ჩაება პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ქართლის სამეფო ტახტისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში მხარს უჭერდა გიორგი XI-ს. XVII საუკუნის დამლევიდან მოღვაწეობდა სასულიერო ასპარეზზე. 1715 მიიღო რუისის ეპარქია. 1724-იდან რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს. 1726 მოსკოვში მიიღო თბილისის მიტროპოლიტობა.

ნიკოლოზ თბილელი ეწეოდა მრავალმხრივ (დოგმატიკა, ლიტურგიკა, პოეზია, ასტრონომია და სხვა) კულტურულ-ლიტერატურულ და სამეცნიერო საქმიანობას. მისი რედაქტირებულია არჩილ II-ის მიერ რუსულიდან თარგმნილი პეტრე მოგილას თხზულება "აღსარება მართლისა სარწმუნოებისა".

ნიკოლოზ თბილელს ეკუთვნის საგალობლები, იამბიკოები და სხვა. იგი იღვწოდა ძველი ხელნაწერების აღდგენა-გამრავლებისათვის. აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის სტამბაში. მისი უშუალო მონაწილეობით გამოქვეყნდა სახარება (1709), სამოციქულო (1709), ლოცვანი (1710) და სხვა.






P.S. გთხოვთ, თუ რამე ინფორმაცია მოგეპოვებათ დაამატეთ




--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2007, 02:13 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნათია

არჩვეულებრივი თემაა.. ძალიან საინტერესო.. დიდი მადლობა, ნათი wub.gif 2kiss.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviTi 22
პოსტი Oct 21 2007, 04:21 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 21-September 07
მდებარ.: baTUMI / ozurgeTi
წევრი № 2,800



გაბრიელ ეპისკოპოსის "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები" _ სახელმძღვანელო ლიტერატურა იყო არამარტო სემინარიებში არამედ XIX ს. ინგლისისა და საფრანგეთის უნივერსიტეტებში - ფსიქოლოგია - ფილოსოფიის კათედრებზე. დავითი 22
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 22 2007, 03:45 AM
პოსტი #4


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ნათია
ნათ მართლა ძალიან საინტერესო თემაა,mpua.gif
მინდა პეტრე იბერის შესახებ დავწერო, საკმაოდ ვრცელი ინფორმაციაა, მოკლე ტექსტში ჩატევა გამიჭირდება, რამდენადაც შევძლებ ვეცდები შევამოკლო.

პეტრე იბერი



დაიბადა 409_410 წელს (ზუსტი თარიღი ვერ ვიპოვე) მისი საერო სახელია მურვანოს. მეხუთე საუკუნის დამდეგს, მამამისს ბუზმარს ქართლის სამეფო ტახტი ეჭირა. იმპერიოდში საქართველო მეგობრობდა ბიზანტიასთან, რაც ხელს არ აძლევდა სპარსეთის მეფე იეზდიგერდ პირველს, იგი მოითხოვდა საქართველოსაგან ბიზანტიასთან კავშირის გაწყვეტას და მათთან ანუ სპარსეთთან მეგობრობას, უარის შემთხვევაში ომით იმუქრებოდა. ბოლოს კი ბუზმარს გადაჭრით მოსთხოვა მძევლად შენი შვილი გამომიგზავნეო.

მურვანოს ყრმობიდანვე გასაოცარი ნიჭის მქონე, ცოდნისა და სწავლულობის დიდად მოყვარე იყო, ბავშვობიდანვე ,, ვითარ მიეცა სასწავლოდ, მცირედთა ჟამთა დაისწავლა ყოველივე წერილი და გულისხმის-ყოფით აღმოიკითხავნ და იწურთინ დღე და ღამე: რამეთუ ფრთხილ იყო და მახვილ გონებითა და მადლი ღვთისა იყო მას ზედა''.

მეფე ბუზმარმა სპარსეთი რომ თავიდან აერიდებინა შვილისთვის იგი ბიზანტიაში გაგზავნა, 11 წლის მურვანოსი კონსტანტინეპოლის სასახლეში მიიყვანეს, გონიერი ყმაწვილი ყველამ მალე შეიყვარა.

,, მარხვა ფრიადი, მღვიძარება უზომო, ლიცვა დაუცხრომელი, გლახაკთ- მოწყალება, სიმშვდე, სიყვარული, სახიერება, მოთმინება და ყოველნივე ნაყოფნი სულისანი'', სწრაფად და სრულყოფილად დაეუფლა ბერძნულ და ასირიულ ენებს, განსწავლული იყო ფილოსოფიასა და თეოლოგიაში, სააქიმო ცოდნასა და ხელოვნებაში.

კეისრის კარისკაცთა შორის კიდევ იყო ერთი ქართველი-მირდატ ლაზი, რომელიც იყო მურვანოსის ნათლია, ერთ დღეს ორივენი გაიპარნენ და მრავალი ჭირთადაძლევის შემდგომ ჩააღწიეს იერუსალიმს და წარუდგნენ ზეთისხილის მონასტრის სინამძღვარ გერონტიოსს, აქვე აღიკვეცნენ ბერად.
მირდატს დაერქვა იოანე.
მურვანოსს---პეტრე.
პეტრე იბერი ანუ პეტრე ქართველი და იოანე ლაზი ანუ იოანე ქართველი.

მათ აღაშენეს ქართული მონასტერი იერუსალიმში და იქვე ააშენეს ქსენონიც (სასტუმრო) თანამემამულე და უცხოელი თანამორწმუნეთათვის. ამის შემდეგ კი გრძელდება პეტრე ქართველის გრანდიოზული სატაძრო მშენებლობანი მთელს პალესტინაში, სირიასა და ეგვიპტეში. იმდროინდელ მსოფლიოში ქრისტიანს თუ წარმართს მისი სახელი ეკერა პირზე. პეტრე ცდილობდა თავისი სახელი სააშკარაო სარბიელზე არ გამოეყვანა, აღაშენებდა და თავის სახელს არ არქმევდა, კურნავდა და საკუთარ ნამკურნალევად არ მიიჩნევდა, წიგნებს წერდა და თავის სახელს წერილობითი ხელრთვით არ ამხელდა. მხოლოდ ერთგან, ისერუსალიმის ახლოს, მისგანვე აგებულ ტაძარში არის წარწერა ,, სახელი ესე არს მისი ყმაწვილბიჭობისა --,,მურვანოს''.
პეტრეს ბერობაში არავითარი თანამდებობა არ სურვებია, მაგრამ იერუსალიმის პატრიარქმა ანასტასიმ თითქმის ძალით აკურთხა მღვდლად. რამდენიმე ხანში საჭირო შეიქნა იერუსალიმის დატოვება და გადავიდა მაიუმ-ღაზასთან დაარსებულ ქრისტიანულ ახალშენში. პეტრე იბერი აკურთხეს მაიუმის ეპისკოპოსად. იგი აქაც ყველამ შეიყვარა, მის სასწაულმოქმედებას საზღვარი არ ჰქონდა ,,უწვიმრობასა წვიმიან ჰყოფდა, უშვილოთა შვილიერ, სნეულთა განკურნებდა, უნაყოფოთა ნაყოფიერ ჰყოფდა, მეთევზეთა განუმარჯვებდა, ხოლო მისცა ღმერთმა მადლი წინასწარმეტყველებისა და სულისა წმიდისა ხილვისა''.

491 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა პეტრე იბერი, გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას და 10 დღის განმავლობაში განუწყვეტელ ლოცვასა და მარხვაში გაატარა, ხოლო მეათე დღეს, 2 დეკემბერს, ,,მიწვა და დაიძინა ძილი თვისი''.

პეტრე იბერის ნაშრომებს მიეკუთვნება:
,,საღმრთოთა სახელთათვის'',
,,ძეციური იერარქია'',
,,საეკლესიო იერარქია'',
,,მისტიკური თეოლოგია'',
,,ეპისტოლენი'' (ათი წერილი)

არცერთ მათგანს მიწიერი დავიწყების წიაღში ჩანთქმის მოსურნე ავტორმა საავტორო ხელწერა არ დაურთო,
15 საუკუნე არავინ იცოდა მათი ავტორი, ერთ ხანს დიონისე არეოპაგელს მიაწერდნენ, პირველი საუკუნის ფილოსოფოსს, მერე გაირკვა რომ წიგნები მეხუთე საუკუნეში ყოფილა დაწერილი, შეცდომა იმით ,,გაასწორეს'', რომ დიონისეს წინ ,,ფსევდო'' დაურთეს და ამგვარად, პირობითი ავტორობით, ,,ფსევდოდიონისე არეოპაგელის'' სახელით, ასეული წლები ატარეს ნამდვილი ავტორის მიუგნებლად და მოუხსენიებლად.
ეხლა ეს საიდუმლო სავსებით გახსნილია და მსოფლიოს წინაშე წარსდგა ჭეშმარიტი ავტორი --პეტრე იბერი.

პეტრე იბერის სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდგომ, ბერძენმა საეკლესიო მესვეურებმა, იმდროინდელი ქრისტიანობის ,,მონოპოლისტებმა'', ქართველების მიმართ მანამდე გაუგონარი დათმობა გამოიჩინეს: ამიერიდან ქართველებს ნება ეძლეოდათ პალესტინის მთავარ ტაძარში , დიდ სამეუფეო პასტოფორიონში, ,,წარსთქვან ჟამნი სამხრისაი, წარიკითხონ სამოციქულო და სახარება თავიანთ დედაენაზე''.

ასეთი იყო ბედი დიდი ქართველი წმინდანისა და მოაზროვნისა.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Oct 25 2007, 04:48 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



ნიკოლოზი, გვარით ორბელიანი, იყო ნათესავი ვახტანგ მეექვსისა და ძმა სულან-საბა ორბელიანისა. დაიბადა ის 1672 წელს. ვინაიდან 1703 წლის დოკუმენტებში ის მღვდელმონაზვნად ჩანს, ბერად შეიძლება ცოტა უფრო ადრე იყოს შემდგარი. 1715 წელს მიიღო მროველობა, რომელსაც 1717 წელს ურბნელობაც შეუერთდა. 1726 წელს, როდესაც გარდაიცვალა პავლე თბილელი, ვახტანგ VI, რუსეთში ყოფნისას, მის ადგილას ნიკოლოზი დაინიშნა. 1724 წელს ის გადაჰყვა ვახტანგს რუსეთში, სადაც გარდაიცვალა 1732 წელს. ნიკოლოზი იყო ერთგული თანამოღვაწე ვახტანგ მეფისა, ჯერ კიდევ ბერმონაზვნობაში მან ბევრი შრომა გასწია თბილისში სტამბის მოწყობისა და წიგნების ბეჭდვის საქმეში. ის ამასთან ნაყოფიერი მწერალიც იყო; უმთავრესად მას ლიტერგიკულ დარგში უმუშავნია. აქ მას, თანახმად ანტონ კათოლიკოსის ცნობისა[1], აღუწერია, მღვდელმონაზვნობისას, ტროპარნი და კონდაკნი ქართველი წმიდანებისა[2] და, როდესაც პირველად ჟამნს ბეჭდავდნენ, შიგ შეუტანია თავისი შეხედულებით ქართველ წმიდათა ხსენების დღე. გარდა ამისა, მას დაუწერია “აქებდითსა ზედა დასდებელნი” აბო თბილელისა, ესტატე მცხეთელისა და არჩილ და ლუარსაბისა და მოკლე, ხუთსტრიქონიან იამბიკოებად ცისკრის “აქებდითსა ზედა დასდებელთა” უკანასკნელი მუხლი, რომელსაც “დიდებაჲ” ეწოდება, შემდეგი წმიდანებისა: ნინოსი, რაჟდენ პერველმოწამისა, ესტატე მცხეთელისა, შუშანიკ დედოფლისა, იოანე ზედაზნელისა, შიო მღვიმელისა, დავით გარეჯელისა. ისე წილკნელისა, აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტმყოფელისა, არჩილ მეფისა, აბო თბილელისა, დავით და კონსტანტინე მთაწმიდელებისა, დავით აღმაშენებლისა, ერისთავთა – შალვა, ბიძინა და ელიზბარისა, მეფე ლუარსაბისა და ქეთევან დედოფლისა[3]. ამ იამბიკოთაგან ჩანს, რომ ნიკოლოზი პოეტი ყოფილა, მას, ალბათ, სხვა ლექსებიც ექნებოდა დაწერილი. ყოველ შემთხვევაში, ხელნაწერთა ინსტიტუტ. A 342 (ფურც. 46 – 54) შენახულა შვიდსტროფიანი იამბიკო “თქმული ნიკოლოზ ტფილელისა”, რომელიც, დარიგების სახით, მიმართული უნდა იყოს რომელიღაც მეფისადმი:



1. ბრძნად ბრძენი უბრძნეს, ერთობ ძმანი დანებით,

ბრძენი სიგრძეს ზომდ, უძრავად განიბანებით,

განჭურიტენ გულით, სჭიდენ თითნი დანებით,

ჩჩჳლნი კლდესა ჰკარ, მტერთა მახვილ და ნებით.

სუფევ მტუერგანყრით, მარად შუებით და ნებით.



2. იკანკელს სწორჰყოფს, საჭიროსა აფართო-ვრცელებს.

უძლოსა ძალ-უძს კაპანსა გზად სავალად,

მეძებმან ჰპოვის, კაკუნითა განიღოს,

მთხოვი შოობდეს, უწყალოს იმწყალობლებს

წესიერ მეყმი, თჳთ ბრძანებს უსწორო მზე.



3. გიხილავნ დიდნი, ლართა დიდთა მქონებნი,

არა თჳთ იხვნის, არ სხჳს ნიჭთა მშოებნი,

სამღილპარავთად დაუნჯუასა იწონებნი,

ამასღამ უსულ ვის, რომელ ხარ მგონებნი,

მიწა ილებო, ლოდი გესაბანებნი.



4. ღმერთსა სთნავს ქმნადი ესე შენგან მეფისა:

სიმდაბლე კეციანთა, ფრენა მაღლადმი.

სიმშჳდე კეთილ, საგარი უჴორცოთა თან,

სულგრძელება აღვთისებს ფარილის მწდელსა,

ამას ჰყოფდ, სუფევად მტვერისა მტვრად დამტევი.



5. არ ქრთამით სჯიდე, მოწყალე იყავ დიდი,

ჰყუარობდ ყველა ღვთისა სამკჳდრებელად,

მსაჯულს ტკბილგიყოფს, სამჯავროდ ჭირვეულსა,

მგზავრს მელამპრების მეორე სუფევამდი

აბრაამისა წიაღსა აღიწიე.



6. ესრეთ მოქმედებდ სამსა ჩინებულთადმი:

სიტკბო წესიერ, სერ უქმენ უშფოთველი,

მკუდართა სტიროდე, ვით თანამოგზაური,

თანმოხარულთა იხარებდ, გიხმობს პავლე,

ას წელ დაფლული ხუან ყოველთა წინაშე.



7. კარსა ნუ დაუხშავ ქრისტეს, მთხოველად შეცვლილსა,

დესპანით უძღვნი მას მფლობელის შეთვლილსა,

ახარ-გახაროს, ვითა ვაზმან მესთვლისა,

შენც რეკდ მსასოე, სუფევდ მომავლისა,

ნეტარ გარდახდად აქა-იქის ვალისა.



ხელთ. S 3723 ამ შვიდს სტროფს ერთვის კიდევ ორი ზედმეტი სტროფი. ცნობილია კიდევ ერთი ლექსი, რომელიც ნიკოლოზს გაუგზავნია ასტრახანიდან პეტერბურგში მყოფი ვახტანგ მეფისათვის. ის ექვსი სტროფიდან შედგება და ასტრახანში მყოფი ქართველების გაჭირვებას აგვიწერს[4].

დოგმატიკურ დარგში ნიკოლოზს რედაქცია გაუკეთებია საბას შრომისათვის “სამოთხის კარი”, რომელშიაც კათოლიკური ტენდენცია და აზრები ამოუგდია მართლმადიდებლობის შესაბამისად, და დაუმზადებია კატეხიზმო, რომელსაც ეწოდება “სარწმუნოება შემოკლებით”[5]. ამ თხზულებაში უბრალოდ და მარტივადაა წარმოდგენილი საფუძველნი საქრისტიანო დოგმატიკისა და მორალისა. ნიკოლოზს რედაქცია გაუკეთებია აგრეთვე არჩილ მეფის მიერ რუსულიდან გადმოთარგმნილი პეტრე მოგილას კატეხიზმოსათვის და მოუმზადებია ის დასაბეჭდად. აქ ჩვენ ვკითხულობთ: “ღმერთო, აცხოვნე ამ წიგნის ქართულ ენაზე გამწყობი ტფილელი მიტროპოლიტი ნიკოლოზ ორბელიშვილი”[6]. ჩამოთვლილთ გარდა, ჩვენამდე შენახულა ერთი შრომა ნიკოლოზისა, რომელსაც ეწოდება “შჳდთა მათ მომაკუდინებელთა ცოდვათა და შჳდთა მადლთათჳს”[7]. სქემა თხზულებისა ასეთია: ჯერ დასახელებულია და განმარტებული მომაკვდინებელი ცოდვა და ჩამოთვლილია ის 10 ცოდვა, რომელიც ამისგან წარმოდგება, თითოეული მათგანის ახსნა-განმარტებით. ამის შემდეგ აღნიშნულია და გარკვეული ამ მომაკვდინებელი ცოდვის “აღმომფხვრელი და დამარღვეველი” მადლი, ჩამოთვლილია 10 მადლი, რომელიც ამისგან აღმოეცენების, და განმარტებულია თითოეული მათგანი. შჳდი მომაკვდინებელი ცოდვა და შჳდი მადლი, ნიკოლოზის აღრიცხვით, ასეთია: 1) ამპარტავნება – სიმდაბლე, 2) არაწმიდება – სიწმიდე, 3) ნაყროვნება – მარხვა, 4) მცონარება – სიმხნე, 5) მრისხანება – სიმშვიდე, 6) შური – სიყვარული, 7) ანგარება – მოწყალება. როგორც ვხედავთ, ეს იმგვარი თხზულებაა, როგორც წინათ კვიპრიანე სამთავნელს დაუწერია. კვიპრიანეც და ნიკოლოზიც ერთსა და იმავე მომაკვდინებელ ცოდვასა და მადლს ასახელებენ, მხოლოდ სხვადასვა რიგით ჩამოთვლიან მათ და, ზოგიერთ შემთხვევაში, სხვადასხვა ტერმინით აღნიშნავენ. განსხვავდებიან ისინი ერთიმეორისაგან იმით, რომ კვიპრიანე არ ასახელებს ათ მადლს, რომელიც გამომდინარეობს უმთავრესი მადლისაგან, ხოლო ათი ცოდვა, რომელიც მომაკვდინებელი ცოდვისაგან წარმოდგება, მათი ნუსხით სხვადასხვაობს. თხზულების მიზანია იმდროინდელი საზოგადოების მორალურად წვრთნა და წარმატება.





IPB-ს სურათი


ღირსი მიქელ პარეხელი წარმოშობით შავშელი იყო, სოფელ ნორგიალიდან. იგი მიძნაძორს აღიკვეცა მონაზვნად და იქ მოღვაწეობდა. ცნობილია რომ ის იყო ერთ-ერთი უდიდესი ასკეტი და ამასთანავე მისი ქვეყნის აღორძინებისთვის მებრძოლი მამა. როცა ხანძთაში მოღვაწე ბერთა შესახებ გაიგო, იქ ჩავიდა, პარეხს დაემკვიდრა და, ღვთის მოწოდებით, კაცთაგან მიუვალ, კლდოვან ადგილას მცირე ეკვდერი და ძმათა საცხოვრისი მოაწყო. თვითონ მარტომყოფობას ეძიებდა და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მას მრავალი მოწაფე ჰყავდა, „სრულნი და ბრწყინვალენი სათნოებითა“. უფალს სათნოეყო ნეტარი მამის მოღვაწეობა და მიჰმადლა მას ნიჭი „სასწაულთა და ნიშთა ქმედებისა“. წმიდა მიქელმა ღვთაებრივი გამოცხადებით მიიღო ბრძანება, რომ თავისი მოწაფეები, წმიდა სერაპიონი (ხს. 5(18) ოქტომბერი) და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. ისინიც ძმებთან ერთად გაემგზავრნენ სამცხეს და ზარზმაში შესანიშნავი სავანე ააგეს.

კაცთა მოდგმის უბოროტესი მტერი - ეშმაკი ხედავდა ღირსი მექელ პარეხელისა და მის მოწაფეთა განმრავლებით მოწევნულ სიკეთეს და წმიდა მამის უდაბნოდან გაძევებას ათასნაირი საცდურით ცდილობდა.

ერთხელ მამა მიქელი სენაკისაგან მოშორებით კლდის თავზე ლოცულობდა. ეშმაკმა ბერი სიმაღლიდან გადმოაგდო, მაგრამ უფალმა უვნებლად დაიცვა. შეშინებულმა მიქელმა მოწაფე გაგზავნა ღირს გრიგოლ ხანძთელთან, თავისთან იხმო და აუწყა ყოველი განსაცდელი. ღირსმა გრიგოლმა ნუგეში სცა ძმას, ორი ჯვარი აღმართა მარჯვნივ და მარცხნივ და უთხრა: „ორთა ამათ ჯუართა ქრისტესთა შუა უშიშრად იყავ შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა და ძალითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა. ხოლო უკუეთუ წარჰვლო, კუალად განიცადო უძჳრესად პირველისა“.

ქრისტესმიერმა ძმებმა ილოცეს და ღმერთი ადიდეს. ამის შემდეგ ნეტარმა მიქელმა სრული განსვენება მიიღო, რადგან სიმდაბლით დასცა ამპარტავანი მტერი.

ღირსი მიქელი დიდხანს მოღვაწეობდა პარეხში, აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში, დამარხეს მის მიერ დაარსებულ სავანეში.

წმიდა ბასილი ზარზმელის (ხს. 6(9) ოქტომბერი) გადმოცემით, ღირსი მიქელ პარეხელის ცხოვრება, მოღვაწეობა, სწავლებანი და სასწაულები მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მოწაფეებმა აღწერეს. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობები ღირსი მამის, მიქელ პარეხელის შესახებ შემონახულია გრიგოლ ხანძთელისა და სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Nov 10 2007, 06:01 PM
პოსტი #6


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ენციკლოპედიაში "ყველაფერი ყველაფერზე" მოვიძიე: (რაც ზემოთ გვიწერია იმათ სახელებს არ დავწერ)


დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწეები: ლუკიანე (VI ს), ბასილი ხანძთელი(IX ს), სერაპიონ ზარზმელი (IX ს), საბა იშხნელი (IX ს), ბასილი ზარზმელი (IX - X სს), იოანე კუმურდოელი (X ს), იოანე მტბევარი (X ს), ექვთიმე მთაწმინდელი (X - XI სს), იოანე ბოლნელი (X - XI სს), ბასილი ბაგრატის ძე (XI ს), თეოფილე ხუცესმონაზონი (XI ს), ილარიონ სამთავნელი (XI ს), საბა მტბევარი (XI ს), არსენ ბერი (XI - XII სს), ანტონ ქუთათელი (XII - XIII სს), იოსებ თბილელი (XVII ს), გედეონ I გაენათელი (XVII ს), გერმანე მღვდელმონაზონი (XVII - XVIII სს), გრიგოლ დოდორქელი (XVII - XVIII სს), იაქობ შემოქმედელი (XVII - XVIII სს), იოსებ სამებელი (XVII - XVIII სს), ათანასე თბილელი (XVIII ს), იოანე ჯორჯაძე (XVIII ს), ნიკოლოზ რუსთველი (XVIII ს), ონოფრე გარეჯელი (XVIII ს), საბა ტუსიშვილი (XVIII ს), გაბრიელ მცირე (XIX ს), მიხეილ საბინინი (XIX ს), ალექსანდრე ოქროპირიძე (XIX - XX სს), ბენედიქტი (XIX - XX სს).


P.S. იქნებ მოვიძიოთ ინფორმაცია ზემოთჩამოთვლილი მოღვაწეების შესახებ


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 23 2008, 08:17 PM
პოსტი #7


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



IPB-ს სურათიღირსი სერაპიონ ზარზმელი (+900)

წმიდა სერაპიონ ზარზმელი კლარჯელი აზნაურის შვილი იყო. ღირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა, რომლის სახელი „მოუჴსენებლად დაიფარა სოფლით“, ღვთისმოშიშებით და პატიოსნად ცხოვრობდნენ, „ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ზრდიდეს გლახაკთა და ძალისაებრსა მისცემდეს უღონოთა ჴელის აპყრობასა“.

სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა. შვილები კეთილად აღზარდა მამამ და მცირე ხნის შემდეგ იგიც აღესრულა.

სერაპიონს სიყრმიდანვე მეუდაბნოების სურვილი ჰქონდა. სერაპიონი თავის უმცროს ძმასთან, იოანესთან ერთად წავიდა და თავი თვისი შეჰვედრა „მამასა სულთასა და მზრდელსა ობოლთასა“, „სასწაულთა და ნიშთა მოქმედსა“ დიდ მიქელ პარეხელს (ხს. 27 მაისს). ღირსმა მამამ მიიღო სერაპიონი და იოანე და „თანააღრაცხილ ყვნა დასსა მოწაფეთასა“. უფროსი ძმა სახლში დარჩა და ოჯახის ტრადიცია გააგრძელა - „უცხოთა და გლახაკთა“ მსახურებით ცხოვრობდა.

ღირსი მიქელი ხედავდა სერაპიონის საღმრთო მოქალაქეობას, მოშურნეობას და მღვდლად აკურთხა იგი. ერთხელ, ლოცვისას, ღირსმა მიქელმა იხილა მღვდელშვენიერად შემოსილი კაცი, რომელმაც უბრძანა, რომ მის მიერ განსწავლული მოწაფეები, სერაპიონი და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. სერაპიონი შეაკრთო დიდმა პატივმა და მოვალეობამ, მაგრამ, ცხოველმყოფელი ჯვრის მსასოებელი და მოძღვრის მიერ გამხნევებული, თანამოსაგრეებთან ერთად სამცხეში წავიდა. ძმებს თანაშემწედ „თანაეტჳრთათ ცხოველი ხატი ფერისცვალებისაჲ“.

ბერები მშვიდობით მივიდნენ ადგილზე, ძალიან მოეწონათ ერთი მთა, დაათვალიერეს იქაურობა, და, მიუხედავად იმისა, რომ „სასწაულნი იგი ადგილსა ამას“ ვერ იხილეს, გადაწყვიტეს, აქ აეშენებინათ მონასტერი. მალე იქაურმა მცხოვრებლებმა ძმები განდევნეს. დაღონებულმა ბერებმა მდინარის გაღმა, დასავლეთით, სწორედ ის ადგილი იპოვეს, რომელიც მიქელმა იხილა გამოცხადებით. ამ მხარის მთავარი იყო კეთილმსახური ფეოდალი გიორგი ჩორჩანელი. ერთხელ, ნადირობისას, გიორგი ჩორჩანელმა ნახა უსიერი ტყის თავზე აღმართული კვამლი, გაუკვირდა და მაცნე გაგზავნა ამბის გასაგებად. მას აუწყეს ორი საკვირველი ბერის შესახებ. გიორგი დიდი პატივით გაეშურა მამებისკენ, მდაბლად მოიკითხა, თაყვანი სცა ფერისცვალების წმიდა ხატს და კურთხევა ითხოვა ბერებისგან. შემდეგ იქაურობა უბოძა მონასტრის ასაშენებლად და მთელი იმ ადგილების დამტკიცებასაც დაჰპირდა, რომელსაც ბერები დილიდან საღამომდე შემოივლიდნენ. მაგრამ ყველა ადგილობრივი მკვიდრი როდი შეხვდა ბერებს ასე გულთბილად: დაბა-წისქვილის მცხოვრებლები აუჯანყდნენ და ყოველნაირად ცდილობენენ მათ დაბრკოლებას. წმიდა სერაპიონმა გონებადაბინდულ ხალხს წინასწარმეტყველურად მიმართა: „ვიხილე უღმრთო ამაღლებული ნაძვთამდე ლიბანისათა და თანაწარვხედ და არა იპოვა ადგილი მისი“.

იმ ღამით დიდი სასწაული აღესრულა: მიწა იძრა, კლდე გაიპო, სათახვის მღვრიე ტბა გადმოდინდა და დაბა-წისქვილი წალეკა, მხოლოდ ორი ძმა გადარჩა სასწაულებრივად: ახდა წმიდა სერაპიონის წინასწართქმა. შიშით თავზარდაცემულმა ხალხმა ამ ადგილს ზარზმა უწოდა.

ძმებმა ეკლესიისთვის შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყეს. წმიდა სერაპიონს მაღალ ბორცვზე სურდა მშენებლობის დაწყება, იოანე და სხვა ბერები კი ეუბნებოდნენ: „ნუ, წმიდაო მამაო, ადგილსა ამას, რამეთუ მაღალ და ცივ არს და ძმანი ესე შიშველ და გლახაკ“. მაშინ ნეტარი მამები ასე მოიქცნენ: ორ კანდელში თანასწორი რაოდენობის ზეთი ჩაასხეს. ერთი თავად სერაპიონმა დადგა მაღალ ბორცვზე, მეორე კი ბორცვის სამხრეთით, მცირე ღელეში - იოანემ. ორივენი დადგნენ ლოცვად. როცა გათენდა, ნახეს, რომ სერაპიონის კანდელი დაშრეტილიყო, იოანესი კი შუა-სამხრამდე ბრწყინავდა.

ეკლესიის საძირკველი იოანეს არჩეულ ადგილზე ჩაყარეს, მაგრამ მშენებლობა გაძნელდა: ირგვლივ დაბურული ტყეები იყო, მშენებლობისთვის საჭირო ქვები მხოლოდ მდინარეში იპოვებოდა. გიორგი ჩორჩანელის რჩევით, უმწის მიწისძვრისგან დანგრეული ეკლესიის ქვებიც გამოიყენეს და სამ წელიწადში ტაძრის მშენებლობდა დასრულდა, წესისამებრ შეიმკო იგი და შიგ დაასვენეს ფერისცვალების სასწაულთმოქმედი ხატი. ამის შემდეგ ძმათა სენაკებიც ააგეს. მამა სერაპიონმა „განაჩინა წესნი და კანონნი საეკლესიონი“.

ნეტარმა სერაპიონმა წინასწარ იგრძნო, რომ მისი ამსოფლიდან გასვლის ჟამი ახლოვდებოდა, მოუწოდა ძმათა კრებულს, დამოძღვრა ისინი და წინამძღვრად განუწესა მღვდელ-მონაზონი გიორგი, „კაცი კეთილი, სათნოებითა ბრწყინვალე და ტკბილი სიტყვითა და საქმითა“.

რამდენიმე დღის შემდეგ დასნეულებული სერაპიონი წამოდგა, საკურთხეველში შევიდა, ემთხვია წმიდა ტრაპეზსა და მაცხოვრის ხატს, ეზიარა, ძმებს სთხოვა, ელოცათ მისთვის, „მიიწია ცხედრად ჟამსა მეექვსესა და მეცხრესა ჟამსა შეჰვედრა სული თვისი ხელთა ღმრთისათა“.

წმიდა სერაპიონი პატივით დაკრძალეს საკურთხევლის აღმოსავლეთით. წმიდა მამას თავისი საფლავი ადრევე გაეთხარა საკუთარი ხელით, რომ მისი ხილვისას მოჰგონებოდა სიკვდილი, „რომელი იგი სამარადისოდ წინაშე თვალთა აქვნდა“.

წმიდანის ძმისწულმა ბასილ ზარზმელმა (ხს. 5 ოქტომბერს) სერაპიონის წმიდა ნაწილები ღვთის ბრძანებით ახალშემზადებულ ქვის ლარნაკში ჩაასვენა და „გადაასვენა საჩინოსა შტოსა ახლისა ეკლესიისასა“.

ღირსი ექვთიმე მთაწმინდელი (+1028)
http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/eqvtime_atoneli.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 23 2008, 08:32 PM
პოსტი #8


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ღირსი ბასილი ძე მეფე ბაგრატ III-ისა (XI)
http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/basili_qartveli.htm
ღირსი ილარიონ ქართველი, საკვირველთმოქმედი (+875)
http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/ilarion_qartveli.htm
წმიდა ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) - ახალიhttp://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/ilarion_kanchaveli.htm
ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი (IX)
http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/miqaeli_arseni.htm
ღირსი არსენ იყალთოელი (+1127)
http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/arsen_ikaltoeli.htm
ღირსი ანტონი - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი (+1815)
და მოწაფე მისი იაკობ ხუცესმონაზონი

http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/antoni_iakobi.htm
ღირსი გაბრიელ მცირე
http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/gabriel_mtsire.htm
წმიდანი: პროხორე ქართველი (XI);
ლუკა იერუსალიმელი (მუხაის ძე) (+1273); ნიკოლოზ დვალი (+1314)
და ყოველნი მოწამენი და ღირსნი მამანი ქართველნი - იერუსალიმის ქართველთა მონასტერში ცხოვრებულნი

http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/prokho...uka_nikoloz.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარ
პოსტი Jan 27 2010, 01:30 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 17-November 08
მდებარ.: საქართველო, ბორჯომი
წევრი № 5,960



ნაინა
ორი წლის წინ დაგიწერია პეტრე იბერის შესახებ, მე კი ახლა ვნახე. ძალიან მომეწონა შენი ნამუშევარი. სამწუხაროდ, პეტრე იბერის სახელი ანტონ კათალიკოსის დროს ამოიღეს საეკლესიო მოსახსენებლებიდან და დააბრალეს მონოფიზიტობა, რადგანაც მისი სახელი გამოიყენეს მონოფიზიტებმა. ამ თემაზე მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე) 2002 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "პეტრე იბერი, მართლმადიდებელი ეპისკოპოსი". მეუფე ანანია დამაჯერებლად ხსნის მიზეზებს, თუ რატომ მოხდა პეტრე იბერის ხსენების გაუქმება და ავითარებს იმ აზრს, რომ პეტრე ნამდვილად იყო დიოფიზიტი, მართლმადიდებელი. მიუხედევად ამისა, არიან საკმაოდ სახელიანი მკვლევარები (სახელს აქ ვერ დაგიწერ), რომლებიც დღეს სემინარიაში ასწავლიან, რომ პეტრე მონოფიზიტი ყოფილა. ეს საკმაოდ ვრცელი და რთული თემაა, აქ ყველაფერს ვერ ჩატევ ადამიანი; ეს მკვლევარები ასევე ეწინააღმდეგებიან იმ აზრს, რომ არეოპაგიტული წიგნები პეტრე იბერს ეკუთვნის.
საჭიროა საფუძვლიანი დამტკიცება, რომ ეს მკვლევარები ცდებიან.
იქნება, გვეღირსოს და ფარდა აეხადოს საბოლოოდ ამ პრობლემებს. სადა გვყავს ქართველებს დასაკარგი წმიდანები?
მოკლედ, დიდი მადლობა, ნაინა, შენც და ნათიასაც ამ თემის გახსნისთვის! თუ რაიმე მასალა კიდევ მოგეპოვება პეტრე იბერის შესახებ, მადლობელი დაგრჩები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 04:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი