IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ისტორიის მნიშვნელობა ქართულ სინამდვილეში
marine
პოსტი Mar 17 2008, 01:17 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,497
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ისტორიის მნიშვნელობა ქართულ სინამდვილეში

ისტორია იმდენად წარსულისათვის არ იწერება, რამდენადაც აწმყოსთვის.
/ვაჟა-ფშაველა/


ჩვენ ვიცით, რომ ისტორია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს კაცობრიობის წარსულს უძველესი დროიდან დღემდე და მის მიღწევებს სულიერ და მატერიალურ სფეროში. აქედან გამომდინარე საქართველოს ისტორიოგრაფია სწავლობს ქართველი ხალხის წარსულს უძველესი დროიდან დღემდე და მის პორდუქტიულ მონაგარს. და თუ რა მნიშვნელობა აქვს მას ერის ცხოვრებაში, ამის შესახებ წმ. ილია მართალი ბრძანებს: როგორც კაცად არ იხსენიება ის მაწანწალა ბოგანო, ვისაც აღარ ახსოვს ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისე ერად ხსენებული არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. და რა არის ისტორია? იგია მთხრობელი იმისა თუ რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავაც... წარსული მკვიდრი საფუძველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა.

ქართველი ხალხი ისტორიის ასპარეზზე უხსოვარი დროიდან გამოვიდა. დღემდე მან კულტურული ცხოვრების დიდი გზა განვლო და შექმნა მრავალსაუკუნოვანი და საოცრად მდიდარი ისტორია.

საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას და სახელმწიფოებრიობას საფუძვლად დაედო ქრისტიანობა. სწორედ ამიტომ ქართველობა და ქრისტიანობა გაიგივებული იყო. აი, როგორ გვმოძღვრავს ამის შესახებ წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე):

ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ნიშნავდა ქართველობას. დღესაც მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავე მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ იტყვიან, - გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორცთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარი მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას სულ იმაზედ მიაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდანს და უდიდესს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს... აი რამ მოაგებინა ამ პატარა ქვეყანას აურაცხელი მტერი! მამული და ეროვნება მიაშველა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული - მამულსა და ეროვნებასა და ეგრეთ მოძღვრებულმა ერმა ეს სამება წაიძღვარა წინ, ათას ხუთასი წელიწადი ომითა და სისხლის ღვრით გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაცა.

ჩვენი წინაპრების სახელოვანი ისტორიის, მათი რწმენის, მათი გმირული ბრძოლის, შრომისა და მოქმედების შესახებ მოთხრობილია თვით ხალხის მიერ შექმნილ თხზულებებში, ლეგენდებსა და იგავარაკებში.

ქართველი ხალხის გმირულ თავგადასავალზე ღაღადებენ აგრეთვე ჩვენი წინაპრების ნახელავი ნივთიერ-სულიერი ძეგლებიც: ციხე-კოშკები, გალავნები, სასახლეთა ნანგრევები, ეკლესია-მონასტრები, ნასოფლარები, ნაქალაქარები და სხვა კულტურის ძეგლები, რომლებითაც მოფენილია ჩვენი ქვეყნის მთა და ბარი და დგანან, როგორც ცოცხალი მოწმეები საქართველოს წარსულისა და უსიტყვოდ მეტყველებენ მისი სიდიადის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ხალხს ადრიდანვე უზრუნია, რათა მისი წარსული წერილობითაც აღბეჭდილიყო ქვის ფილებზე, ეტრატის თუ ქაღალდის ფოლიანტებზე. ჩვენს წინაპრებს სურდათ რომ არცერთი დიდმნიშვნელოვანი მოვლენა, მათი გმირობა და თავდადება დავიწყებას არ მისცემოდა და შესაბამისად მისი ცოდნა მომავალი თაობებისათვის სამაგალითო და ერთგვარი მასტიმულირებელი ყოფილიყო.

უძველესი დროიდან ქართველებისა და მათი სიდიადის შესახებ წერდნენ არა მარტო ქართველი მწერლები, არამედ უცხოელი მოღვაწეებიც. მაგალითად შარლ ჰუმენი, ჟურნალ ატლანტისის რედაქტორი საქართველოს შესახებ წერდა: ქართველები უძველესი კულტურის ხალხია, ეს ერი, თავისი ძეგლებითა და გმირული ისტორიით უმდიდრესი ერია, მისი წარმოშობის ფესვი უხსოვარ წარსულში იკარგება... კავკასიაში ცხოვრობს უძველესი კულტურისა და ენის მფლობელი ევროპელი ხალხი. ამ ხალხის გაცნობა დიდად გაამდიდრებს მკითხველთა შემეცნებას, განუზომელ სულიერ სიამოვნებას მიანიჭებთ მათ.

ძველი ბერძენი მწერლები უძველესი დროიდან გვაძლევდნენ ცნობებს საქართველოსა და ქართველი ხალხების შესახებ. ბერძნულ მითებსა და ლეგენდებში ასახული იყო ქართველ ხალხთა ყოფა-ცხოვრება. მათი მითების მიხედვით კოლხეთი ის ქვეყანა იყო სადაც ოქროს მომპოვებელი ხალხი ცხოვრობდა, ამიტომ მათ მითებში კოლხეთი გაიდეალებული იყო, როგორც ოქროს მომპოვებელი სახელმწიფო და იგი იმ დროისათვის მოგზაურთა საოცნებო მხარედ მიიჩნეოდა. სწორედ ამ იდეის ხორცშესხმას წარმოადგენს მითი არგონავტების შესახებ. ჩვ.წ.აღ-მდე მესამე საუკუნეში იგი ჩაწერა აპოლონიოს როდოსელმა. თხზულების სახელწოდებაა არგონავტიკა. ასევე ამ მითზე წერს მეხუთე საუკუნის მეცნიერი ევრიპიდე, თავის თხზულებაში - მედეა. ზოგიერთი ცნობით მითში არსებული პერიოდი ტროას ომის წინა დროს უნდა განეკუთვნებოდეს. ჰომეროსი „ილიადა და ოდისეაში“ ასახელებს მითის გმირებს, ამიტომ ზოგს მიაჩნია, რომ მითში არსებული მოვლენები ჩვ.წ.აღ-მდე მერვე საუკუნის 70-60-იან წლებს უნდა განეკუთვნებოდეს.

მითში არსებული სინამდვილის შესამოწმებლად საქართველოში 1984 წელს იმოგზაურა ინგლისელმა სწავლულმა, ტიმ სივერინმა და აღნიშნა, რომ მითში არსებული ფანტაზიის მიუხედავად იგი გარკვეულ რაციონალურ მარცვალს შეიცავსო.

კოლხების შესახებ აგრეთვე ძალზედ საინტერესო ცნობები აქვს ძვ. წ. აღ. მეხუთე საუკუნეში მოღვაწე ბერძენ ისტორიკოსს, ისტორიის მამად წოდებულ ჰეროდოტეს. მან ფეხით იმოგზაურა კოლხეთში. იგი აღნიშნავდა, რომ კოლხები ეგვიპტური წარმომავლობისანი არიანო, რადგან ორივე შავგვრემანები და ხუჭუჭთმიანები არიანო. აგრეთვე წინადაცვეთასაც ეწევიან და ხორბლისა და სელის მოყვანა ერთნაირად იციანო.

კოლხების შესახებ ასევე მდიდარ ცნობებს გვაწვდის პირველი საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი. მან აღწერა გზები და აბანოები. თავის ჩანაწერებში იგი აღნიშნავს თუ როგორი გაოცებული დარჩა როცა იხილა არქიტექტურულად მოწყობილი და კრამიტით გადახურული სახლები, ბაზრები და სხვა საზოგადო დაწესებულებები.

აღსანიშნავია, რომ კოლხეთი იმ ხანად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული სახელმწიფო იყო. ისინი მისდევდნენ თევზჭერას, მიწადმოქმედებას, ამუშავებდნენ ლითონს, განვითარებული იყო ვაჭრობა და ხელოსნობა. მათ ასევე ღვინის დაყენებაც კარგად იცოდნენ.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ქრისტიანობას უკავია. საეკლესიო ტრადიციის მიხედვით საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჯერ კიდევ ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდში საქართველოში ცალკეული პიროვნებები, კერძოდ ელიოზ მცხეთელის და და დედა ამ სარწმუნოების მიმდევრები იყვნენ.

როგორც ცნობილია, ქრისტეს ჯვარცმისას იერუსალიმში იმყოფებოდა ორი ებრაელი საქართველოდან: ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. სწორედ ელიოზმა ჩამოიტანა მცხეთაში კვართი უფლისა, მას პირველი მის და სიდონია შეეგება, კვართი გულში ჩაიკრა და მყისვე მიიცვალა. იგი კვართთან ერთად დაკრძალეს. მისი საფლავის ადგილზე კიპაროსი ამოვიდა და შემდეგ იმ ადგილზე ააშენეს პირველი ხის ტაძარი - სვეტიცხოველი.

საქართველოში ქრისტიანობა პირველად უშუალოდ იესო ქრისტეს მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს. ხოლო მეოთხე საუკუნეში სარწმუნოების განსამტკიცებლად და სრულიად ქართლის განსანათლებლად ღვთის განგებით საქართველოში შემოვიდა კაპადოკიელი წმ. ქალწული ნინო. მან ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევითა და ვაზის ჯვრით, რომელიც დედაღვთისამ გადასცა მას, გაიმეორა ანდრია პირველწოდებულის მისია. ამასთანავე მოაქცია მირიან მეფე და ნანა დედოფალი. სწორედ ამ დროიდან (326 წ.) საქართველოში ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად.

ქართლის ეკლესიის პირველი მამამთავარი გახდა იოანე, რომელიც ორ მღვდელთან და სამ დიაკონთან ერთად ქართლში გამოგზავნა ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ, რომელთაც თან გამოატანა ქრისტეს ჯვარცმის ორი სამსჭვალი და პატიოსანი ჯვრის ნაწილი.

საქართველოს კიდევ ერთი უდიდესი სიმდიდრე მისი ენა და დამწერლობაა. მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობას შორის ერთ-ერთი უძველესი ქართულია. ამის შესახებ კ. გამსახურდია ბრძანებს: ქართული ენა უხუცესთაგანია, როგორც ევროპის, ისე წინა აზიის ენთა შორის, მისი ასოები ამკობენ, როგორც ქრისტიანული კულტურის უხუცეს ძეგლებს, ისე ბიბლიის თარგმანების უძველეს ვერსიებს. აღსანიშნავია, რომ ამის გამო ქართველმა ერმა ძეგლი დაუდგა დედაენას, რაც იყო გამომხატველი იმ უსაზღვრო სიყვარულისა და დაფასებისა, რასაც ისინი გრძნობდნენ თავიანთი მშობლიური ენის მიმართ. საგულისხმოა აგრეთვე ის, რომ არსებობს ბერძნული წარწერები ქართული დამწერლობის შესახებ. ანტიკური ხანის ქართველებს ბერძნები წიგნისა და ანბანის მცოდნე ხალხებად თვლიდნენ.

ცნობილი ენათმეცნიერი გარდტჰაუზერი ამბობს, რომ - ქართული ანბანი სავარაუდოდ ბერძნული ანბანიდან წარმოიშვა, რადგან ქართული პალეოგრაფიული ტერმინოლოგიის თითქმის ყველა ტერმინი ბერძნული პალეოგრაფიის ტერმინოლოგიას იმეორებს. ბერძნული ანბანის ასო-ნიშნების რიგიც ქართულს ემთხვევა. ქართული ანბანი ასომოხაზულობაში ყველაზე უფრო ბერძნულს ჰგავს...

ქართული ანბანი სამი სახისაა: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი დამახასიათებელი გრაფიკული სტილი აქვს. ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული - ნუსხურისა. ეს ცვლილებები თავის მხრივ სწრაფი, გამარტივებული წერისაკენ მისწრაფებამ განსაზღვრა, რასაც წიგნზე მზარდი მოთხოვნილება განაპირობებდა.

ქართული დამწერლობის შემოღებას ისტორიკოსი ლეონტი მროველი ფარნავაზ მეფეს (ძვ.წ.აღ. მესამე საუკ.) მიაწერს. წერილობითი ძეგლები კი დღეისათვის მხოლოდ მეხუთე საუკუნედან მოგვეპოვება. მაგ.: პალესტინის 433 წლის ბაკურისა და გრიორმიზდის წარწერა, ბოლნისის სიონის 493 წლის სამშენებლო წარწერა და სხვა. საგულისხმოა, რომ ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფში შედის და მას 16 დიალექტი აქვს.

ქართულ საუნჯეს განეკუთვნება აგრეთვე: ნაციონალური მუსიკა, მსოფლიოში უნიკალური სამხმიანი საეკლესიო გალობა, ფოლკლორი, მინანქრისა და ხატწერის კულტურა, ცეკვები რომელშიც ქალი და მამაკაცი თითქმის არ ეხებიან ერთმანეთს. იგი დაცლილია ყოველგვარი ქვედამზიდველი ინსტიქტებისაგან და იგი იმით განირჩევა მსოფლიოში არსებული ყველა ცეკვის სტილისაგან, რომ მასში საოცარი სიფაქიზით არის აკუმულირებული ზნეობრივი ელემენტები.

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ბევრი ცრუ და ერეტიკული სწავლება ჩამოყალიბდა თვით ქრისტიანობის წიაღში, ამიტომ ეკლესიას, რომელიც მართლად და სწორად იცავდა მოციქულთა გადმოცემულ მოძღვრებას, მართლმადიდებელი ეკლესია ეწოდა. მართლმადიდებელი ეკლესია იყო, არის და იქნება ხერხემალი ჩვენი ეროვნული სულისა. იგი ისე ჩაეზარდა ქართველი ადამიანის გენეტიკურ კოდს, ისე გაიშალა ერის ხასიათსა და ცხოვრების წესში, რომ ამ ერისა და რელიგიის ერთმანეთისაგან განცალკევება შეუძლებელია. წმ. ილია მართალი ამის შესახებ ასე ხატოვნად ამბობს: რომ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი, და ამ მკერდზედ, ვითარცა კლდეზედ დავუდგით ქრისტიანობას ტაძარი, ქვათ ჩვენი ძვლები ვიხმარეთ, კირად სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი.

დედამიწაზე არ მოიპოვება არც ერთი ერი საქართველოს გარდა, რომელსაც სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის ამდენი თავდადებული მოწამე და წმინდანი ჰყავდეს
. მხოლოდ ის მაგალითიც კმარა, რომ ერთ დღეში (1226 წ.) თბილისში ხვარაზმეთაგან 100 000 ადამიანი ეწამა სარწმუნოებისათვის. ამ დღეს ხვარაზმელთა მთავარსარდალმა ჯალალ-ად-დინმა საშინელ სასაკლაოდ გადააქცია მეტეხის ხიდი და მოწამეთა სხეულები მტკვარში გადააყრევინა, რის გამოც მტკვარი რამდენიმე დღე სისხლისაგან გაწითლებული მიედინებოდა. ეს სწორედ იმის გამომხატველი იყო, რომ ქართველი ერი არამც და არამც არ გაცვლიდა ქრისტეს ნათელს, ბნელეთის მეუფებაზე. ქართული ცნობიერების საფუძველი ხომ სწორედ მართლმადიდებლურ ღირებულებათა პრიორიტეტი, სულიერის მატერიალურზე მაღლა დაყენება, ღვთისა და ერისათვის თავგანწირვა და მარტვილობაა. როგორც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამბობს: ქართული მიწა, რომ მუჭით აიღო და ხელი მოუჭირო, წინაპართა სისხლი და ოფლი გამოწვეთავსო.

ჩვენს ქვეყანას თითქმის ყოველთვის ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები, ვერ ვინარჩუნებდით სახელმწიფოებრიობას, ვერ ვინარჩუნებდით დამოუკიდებლობას, მაგრამ ერი მაინც ფეხზე იდგა და ინარჩუნებდა თვითმყოფადობას, ერი ერთად რჩებოდა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას გააჩნდა საყრდენი, რომელიც მატერიალური კი არა, სულიერი იყო და ამდენად მიუწვდომელი განადგურებისათვის. ქართული რეალობისათვის სხვა საერთო და გამარეთიანებელი ძალა გახდა მართლმადიდებლობისა არ არსებობდა. ეს ახლაც ასეა. ქართველი ერი ხომ მისმა სულიერმა ციხე-კოშკმა, სულიერმა ციტადელმა, სულიერმა გალავანმა და ჯავშანმა, ანუ სარწმუნოებამ იხსნა განადგურებისაგან. პირველ რიგში იგი იყო და არის გზა ცხონებისა და აგრეთვე საცავი ქართული თვითმყოფადი კულტურისა. იგი არის გარანტი მშვიდობისა!

ქართული იდეა და აზროვნება ყოველთვის ეყრდნობოდა ორ უძირითადეს სვეტს: ეკლესიისა და სამშობლოს სიყვარულს. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალზნეობრივი და ინტელექტუალურად განვითარებული საზოგადოებით, რომელსაც სარჩულად ედო ქრისტიანული სწავლება და მორალი. ქართველი ადამიანის მსოფლმხედველობრივი აზროვნება, კულტურა, მენტალობა და ტრადიციები მუდამ იყო კეთილი მაგალითის მიმცემი მსოფლიო საზოგადოებისათვის. დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში შემოდის ე.წ. დასავლური ანუ ფსევდო-კულტურა, რომელიც შედეგია იმ შეუქცევადი მსოფლიო პროცესისა რასაც გლობალიზაცია ჰქვია. იგი ანდგურებს ერის ინდივიდუალურობას და სიკეთის ნიღბით ცდილობს დედამიწაზე ამქვეყნიური და თანაც ანტიადამიანური წესრიგის დამყარებას, წარსული სიმდიდრის დეგრადაციას და მას ახალი, გამოფიტული და უნივერსალური კულტურით ანაცვლებს. ჩვენი წინაპარებისათვის განმრთელების, განმღრთობის გზა იყო მთავარი და არა პიროვნული, ამსოფლიური ფსევდო-ბედნიერება. ისინი იყვნენ ქომაგნი ჭეშმარიტებისა. ვერაფერი დააკნინებს სიდიადეს და შარავანდედს ჯვარცმული ქართველი ერისას, რომელმაც გამოიარა ისტორიის გოლგოთა იმ იმედით, რომ გოლგოთას აღდგომა და ამაღლება მოსდევს.
აგერ უკვე საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ავტოკეფალიის 1500 წელი განვლო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით 468 წელს ანტიოქიის ეკლესიისაგან მოიპოვა. ამასთანავე საქართველომ სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავი იზეიმა.

ამრიგად, დღევანდელი თაობა ვალდებულია გაეცნოს საკუთარი სამშობლოს მდიდარ ისტორიას, მის სულიერ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რათა მათ გულებში გაღვივდეს პატრიოტიზმის ნაკვერჩხალი, ხოლო ის რაც ჩვენმა წინაპრებმა ვერ შეძლეს ან ვერ მოასწრეს, ჩვენ უნდა შევქმნათ და დავასრულოთ. ამის შესახებ წმ. ილია მართალი ბრძანებს: ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდან დაიწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს... შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდან დაიწყოს ცხოვრების უღელის წევაო... შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი... რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა... სხვაგან კი იგივე ილია გვმოძღვრავს: საქართველოს ისტორიის ცოდნის გარეშე შეუძლებელია ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება, მისი შენარჩუნება და გაძლიერება, ხოლო ეროვნული ცნობიერების გარეშე კი წარმოუდგენელია ეროვნული სახელმწიფოებრიობა.

ღვთივკურთხეული მამული ჩვენი საქართველო, ღვთის მადლით მუდამ იყო, არის და იქნება მანათობელი ლამპარი დედამიწისა!

უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერთი თვისი მშვიდობით. (ფსალმ. 28,11)


გიორგი ტიგინაშვილი

„სიონი“ №8, 207
ბოლნისის ეპარქიის გაზეთი




--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th February 2019 - 10:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი