თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2022, 09:16 PM

"მძიმე სნეულება, საღვთისმეტყველო შეხედულებით, ცვლის ცხოვრებისეულ მწუხარებასაც და ასკეტურ მოღვაწეობასაც. ის ეხმარება "მგლოვარეთა გულითა" რომ ნუგეში მოიხვეჭონ. ამიტომ სხეულისა და სულის ტანჯვა სულიერი სრულყოფის და იმ ნეტარ რეალობასთან დაბრუნების ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომლის სახელიც ღმერთია. გავიხსენოთ მართალი იობის წიგნი: "ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაპეწკლებივით მაღლა მიისწრაფვის" (იობ. 5;7). მოციქული პავლე გვასწავლის: "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლაი სასუფეველსა ღმრთისასა (საქმე 4;22)".

/კ.ვ. ზორინი, "გნებავს რაითა განიკურნო?" გვ. 37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2022, 08:48 PM

"წმიდა მამათა საერთო შეხედულება მშვენივრად გამოხატა აბბა ევაგრემ: "ერისკაცი, რომელიც ავადმყოფ ძმას ემსახურება, იმ განდეგილზე უკეთესია, ახლობლების დანახვა რომ არ სურს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2022, 01:00 PM

"ადამიანისა და ავადმყოფობის სირთულეს და მრავალმნიშვნელობას შემდეგი მაგალითით ავხნით. ერთხელ ცნობილ ეგვიპტელ მოღვაწეს აბბა ამონს - ნიტრიის მთაზე რომ ცხოვრობდა, ჯაჭვებით შეკრული მოზარდი მიუყვანეს. საბრალო ცოფიან ძაღლს დაეგლიჯა და ბოლოს მასაც აუტანელი ტკივილით გატანჯულს, სისხლდენამდე დაეკბინა საკუთარი თავი. როდესაც წმიდა ამონმა მასთან შვილის განკურნების სათხოვნელად მისული მშობლები ნახა, მორჩილად უთხრა: "რატომ მაწუხებთ ისეთი თხოვნით, რომლის აღსრულებაც ჩემს ძალას აღემატება? შვილის ხსნა თქვენს ხელშია, დაასაჩუქრეთ ის ქვრივი, ჩუმად რომ დაუკალით ხარი და ყმაწვილი გამოჯანმრთელდება". მხილებულმა მშობლებმა სიხარულით შეასრულეს წმინდა მამის სიტყვები და მისი ლოცვით ყმაწვილი განიკურნა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2022, 01:26 PM

"რაც უფრო ნაკლებად სცოდავს ადამიანი, მით უფრო ჯანსაღდება მისი სული, მაგრამ აქედან სულაც არ გამომდინარეობს იმის გარდაუვალობა, რომ მისი სხეული ასევე ჯანსაღდებოდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 12:05 PM

"ავადმყოფობის საშუალებით გადარჩენა და სულიერი სრულყოფილების მოხვეჭა მხოლოდ ავადმყოფს კი არა, მის მომვლელსაც შეუძლია. ორივე ქრისტიანი - ავადმყოფი და მისი მოვლელი ერთ ჯილდოს მიიღებენ. სნეულთა გონიერი მსახურება თანაგრძნობის გაღვივებასა და ცოდვილ ვნებებზე გამარჯვებას უწყობს ხელს. ამასთან დაკავშირებით აბბა დოროთე ამბობდა, რომ ავადმყოფი უფრო არგებს ექიმს, ვიდრე ექიმი ავადმყოფს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 12:24 PM

"ჯანსაღი ძილი ზომიერ კუჭზეა; დილით ადრე ადგება და მასთანაა მისი სული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 01:23 PM

"რაც უფრო ხშირად ესწრებიან ადამიანები საეკლესიო მსახურებას, სხვადასხვა სომატური (სხეულის) სნეულებით მათი დაავადებისა და სიკვდილიანობის პროცენტი მით უფრო დაბალია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 01:43 PM

"განმანათლებელ თეოფანეს მოხდენილი გამონათქვამით, ავადმყოფს სარეცელი კალოა. რაც მეტია დარტყმები, მით მეტი მარცვალი გადმოიბნევა და ხვავიც მით უფრო დიდია, ამის შემდეგ ხორბალი დოლაბის ქვეშ უნდა გატარდეს, შემდეგ ფქვილისგან ცომი მოიზილება, შემდეგ, როგორც პური, - ღუმელში შეიდება და ბოლოს - ღვთით ტრაპეზზე დაიდება".
ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი მამა იღუმენი ნიკონი (ვორობიევი) ამტკიცებს, რომ სასიკვდილოდ დასნეულებული ქრისტიანი ღვთის წყალობას მოკლებული არ არის. და თუკი ადრე ამაო და ცოდვილი სიამოვნებებით ერთობოდა, სასიკვდილოდ განწირული უარს ამბობს მათზე, მისი გონება შეიცნობს, რომ სიკვდილი უკვე ზღურბლზეა, გარდაუვალია და მხოლოდ იმაზე იწყებს ზრუნვას, მასთან შესახვედრად როგორ მოემზადოს. შეურიგდეს ყველას და ღვთის წინაშე გულწრფელად მოინანიოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 02:12 PM

"მორწმუნე ადამიანები ურწმუნოებზე უფრო იშვიათად ავადდებიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 03:30 PM

სნეულთათვის ლოცვის მაგალითები:

"უფალო, იესო ქრისტე, სარეცელსა ზედა მდებარესა ცოდვილსა მონასა შენსა (სახელი) შეუნდე და აღადგინე, რამეთუ შენ ხარ ცოდვათა და სნეულებათა ჩვენთა აღმხმელი და ყოვლისაშემძლებელი, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ".

"ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ყოვლითა შუამდგომელობითა შენითა ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა აღდგინებისათვის მონისა შენია (სახელი)".

"ყოველნო წმიდანო და ანგელოსნო უფლისანო, ევედრენით ღმერთსა განკურნებისათვის მონისა მისისა (სახელი)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 04:16 PM

"განკურნებისთვის ლოცვა ცოდვა როდია, მაგრამ უნდა დავამატოთ "ვითარცა გნებავს, უფალო" და ის ან განგვკურნავს ან, მიუხედავად სამწუხარო მდგომარეობისა, გვანუგეშებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 04:44 PM

"თავისთავად ავადმყოფობა ცოდვა კი არ არის, არამედ მისი შედეგი. ამიტომ არ არის აუცილებელი, რომ ავადმყოფი თავს ცოდვილად გრძნობდეს. ის ჩვენი განსასჯელი როდია და უფლება არ გვაქვს - გავკიცხოთ, განვიკითხოთ ან დავამციროთ იგი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 05:00 PM

"მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს" (იგავ. 17,22)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 05:15 PM

"ავადმყოფობა მორწმუნის სულს აწრთობს, განწმენდს მას - როგორც ცეცხლი ოქროს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2022, 08:43 PM

"არის სნეულება ფიზიკური, მაგრამ უარესია სნეულება სულიერი!"

/მეუფე შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2022, 09:11 PM

"ზოგადად სნეულებას (ჩვენსას თუ ჩვენი ახლობლებისას) ვუყურებთ ხოლმე, როგორც რაღაც შემთხვევითობას, მაგრამ ეს ასე არ არის. უფალი უშვებს სნეულებას ჩვენზე, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაგვაგებინოს ამ ცხოვრებაში, რომ სულიერად განგვკურნოს; ფიზიკურ სნეულებასაც ხშირად ამისთვის უშვებს უფალი, რომ ადამიანი სულიერად განიკურნოს და გაძლიერდეს. და როდესაც ეს ხდება, მაშინ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ფიზიკური სნეულებაც უკან იხევს ხოლმე.
რატომ ვახსენებთ ახლობლებს? იმიტომ რომ ხშირად ადამიანი ახლობლების სნეულებას უფრო მეტად განიცდის, ვიდრე თავისას. როცა შვილი ავად ხდება, უფრო გტკივა, ვიდრე შენი თავი. ამიტომ აი, ამაზე უნდა დავფიქრდეთ დღეს".

/მეუფე შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2022, 02:07 PM

"წელს, თებერვალში, მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] ჟილეტი კვლავ მობრძანდა ჩვენთან - თავის დღესასწაულზე (ნაწილთა აღმოყვანებაზე). ამჯერად - სამი დღით.

ჩვენ დიდი ხნით ადრე ვიცოდით, რომ ეს სიწმინდე მობრძანდებოდა და მთელი ამ ხნის მანძილზე მოუთმელნად ველოდით 22 თებერვლის დადგომას. იმის აღწერას აღარ შევუდგები, თუ რა სიხარული, რა ნუგეში მოგვიტანა მან, მხოლოდ ერთ ამბავზე შევჩერდები.

დღესასწაულამდე ორი-სამი დღით ადრე ჯერ ჩვენს ერთ-ერთ დას - დედა ისიდორას შეეყარა ვირუსი, შემდეგ კი - მეც. ორივეს ისეთი სისუსტე გვქონდა, რომ როგორც კი ზედმეტი მოძრაობა ან ზედმეტი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევდა, მაშინვე გული გვიჩქარდებოდა და უნდა დავმსხდარიყავით. ავის მომასწავებელი აზრებით მოცული, ჩემთვის ვფიქრობდი: "ნუთუ ღამისთევას ვერ დავესწრები? მამა გაბრიელ, ასე დამსჯი? შენი წმინდა ჟილეტი ჩვენთან მობრძანდება, და მე?.." თუმცა არც იმის იმედი მტოვებდა, რომ მამა გაბრიელი არ "გაგვწირავდა".

და აი, ჩამობრძანდა. ყველანი ემაზდებიან შესახვედრად, მე კი მამა გაბრიელს ვევედრები: "მამა გაბრიელ, მომეცი ძალები, რომ ჭიშკრამდე მივიდე, მერე - ეკლესიამდე, მერე - სენაკამდე..." ასეთ მდგომარეობაში წავლასლასდი შესახვედრად. თურმე დედა ისიდორაც ჩემ დღეშია.

ისევ ისე დავხვდით, როგორც რამდენიმე წლის წინ, პირველად რომ მობრძანდა - ლიტანიობით. გავშალე წმინდა ჟილეტი იმავე სარეცელზე და დებს გადავხედე: ვეძებ დედა ათანასიას, იერარქიულად უფროს მონაზონს, რომ ჟილეტის წაბრძანებაში დამეხმაროს. უცბად მზერით დედა ისიდორას შევეჩეხე და გაუაზრებლად დავუძახე, ასე ვთქვათ, შემთხვევით. ისიც მოვიდა, ჟილეტი ერთად ავწიეთ, თავზე დავიდეთ და დავიძარით. მივდივართ გალობით ტაძრისკენ და ამ დროს უბერავს თებერვლის ცივი ქარი, მე კი სულ მთლად გაოფლილი ვარ. მომდის აზრი: "აჰა, გასაგებია, რომ ფილტვების ანთება ხელში მიჭირავს! მაგრამ ოღონდაც ღამისთევა შევძლო და მერე აღარ დავეძებ, თუ ღვთის ნებაა, იყოს ფილტვების ანთებაც".

მეორე დღეს (ესე იგი, ღამისთევის დღეს) დედა ისიდორა მეუბნება:

- იცი, განვიკურნე!

- მართლა? - ვეკითხები გახარებული, - როდის, როგორ?

თან ჩემთვის ვფიქრობ: "ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მამა გაბრიელი ისე არ დაგტოვებდა". საინტერესო ისაა, რომ ამ დროს ერთი წუთითაც კი არ გამხსენებია საკუთარი ავადმყოფობა.

- აი, ჟილეტი რომ დავიდეთ თავზე და წამოვედით, მაშინ განვიკურნე, - მპასუხობს გაბადრული.

მე სიხარულს ვერ ვფარავ, ეს გამოჯანმრთელებული დედა ისიდორაც აგრძელებს დეტალების მოყოლას და უცბად... თავში დამკრა: "კი მაგრამ მე?" - და იმ წამს აღმოვაჩინე, რომ თურმე მეც სრულიად ჯანმრთელი ვყოფილვარ. სახტად დავრჩი. გაღიმებული, უფრო სწორად, გაოგნებული შევყურებ დედა ისიდორას და უკვე აღარ მესმის, რას მელაპარაკება. "როგორ? - ვფიქრობ, - ასე როგორ განვიკურნე, რომ ვერც გუშინ და ვერც დღეს ვერაფერს მივხვდი? მამა გაბრიელ, ასე როგორ განმკურნე, რომ ჩემი მეხსიერებიდან თვით ავადმყოფობის ხსოვნაც კი ამოშალე?"

ესეც შენი ვირუსი! ესეც შენი სისუსტე! ესეც შენი ფილტევების ანთება!"

/იღუმენია პარასკევა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2022, 03:26 PM

"ჩვენს მონასტერში ბევრი, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] მიერ აღსრულებული სასწაულებრივი კურნებისა, მაგრამ ერთი დის მონათხრობი ძალზე საინტერესოდ მომეჩვენა და გადავწყვიტე გადმომეცა. აი, რა გვიამბო მან:

"ბოლო წლებში გამუმდებით მაწუხებდა ქუსლების ტკივილი. ვერც იმას ვხვდებოდი, რისი ბრალი იყო, და ვერც იმას, თუ რა უნდა მეღონა. განსაკუთრებით ძლიერდებოდა ეს ტკივილი ახალგაღვიძებულზე, ფეხებს თითქმის ვერ ვადგამდი იატაკზე. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ძლივს გადავადგილდებოდი ხოლმე. თითქმის იგივე მემართებოდა, თუ დიდხანს მომიწევდა ფეხზე დგომა. ერთი სიტყვით, გასაჭირში ჩავვარდი. კარგა ხანს ვითმინე და ბოლოს გადავწყვიტე მამა გაბრიელისთვის მიმემართა.

დავიწყე მისი წმინდა ზეთის ცხება და - არაფერი. შედეგი არ ჩანდა. ზეთს საჩვენებელი თითით ვისვამდი მტკვნეულ ადგილებზე და ზოგჯერ მომდიოდა აზრი: "კი მაგრამ, მამა გაბრიელმა ხომ თქვა - ნეკა თითითო?" მაგრამ ამ აზრს ყურადღებას არ ვაქცევდი. ზეთმა რომ "ვერ მიშველა", მაშინ მამა გაბრიელის ხატიდან თუ სურათიდან გადმოდენილი მირონი ავიღე და მისი ცხება დავიწყე. როგორც კი საჩვენებელ თითს შევახებდი მირონს, მაშინვე მომდიოდა ისევ ის აზრი: "კი მაგრამ..." და ამ დროს გულში ვფიქრობდი: "არა უშავს, თითი - თითია". ვერ წარმომედგინა, თუ ნეკა თითს ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა.

და აი, რა მოხდა. გავიდა სამი დღე და ტკივილი ისე გამიძლიერდა, რომ ძლივსღა დავდიოდი, თანაც დღითი დღე მატულობდა. მეოთხე დღეს ვიფიქრე: "აქ რაღაცაშია საქმე, კიდევ რომ გაძლიერდეს, უბრალოდ ვეღარ გავუძლებ". და უცბად მივხვდი მიზეზს: "თითი - თითია"!

ამის შემდეგ კეთილი ვინებე და ნეკა თითით დავიწყე მირონის ცხება. ერთი ფეხი პირველი ცხებისთანავე განმეკურნა. თვალებს არ ვუჯერებდი და სირცხვილისგან ვიწვოდი: "აი, შენი თითი, აი, თუ არა უშავს!" - ვაყვედრიდი საკუთარ თავს. მეორე ფეხზე ნელ-ნელა იკო ტკივილმა და ცოტა ხანს კიდევ გასტანა, - ალბათ იმისთვის, რომ კარგად დამემახსოვრებინა ეს შემთხვევა და კარგად გამეგო: თითი მართლაც რომ თითია, ორივე ჩემია და რომელსაც მინდა, იმას გამოვყიყენებ, მაგრამ აქ ხომ მთავარი მორჩილება იყო? თავმდაბლობისა და მორჩილების მოძღვარმა ვერ აიტანა ჩემი ქედმაღლობა და კარგადაც განმსწავლა. მას შემდეგ ქუსლები, შეიძლება ითქვას, აღარ მაწუხებს"

/იღუმენია პარასკევა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2022, 08:24 PM

„ბერდიდი ნ. ორი წლის მანძილზე იწვა დიდი ლავრის საავადმყოფოში. მთელი ამ ხნის მანძილზე მონასტრის მამებს და ძმებს, არავის გაუგონია მისგან ნათქვამი ერთი „ოჰ“ ან „აჰ“, მხოლოდ მადლიერება და ყოვლადმოწყალე ღვთის დიდება ისმოდა ამ მუდამ სიხარულით აღსავსე და ნეტარი მოსაგრის ბაგეთაგან“.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 05:54 PM

"არც მამის გეშინია, არც - მასწავლებლის, არც უფროსის, არც - კანონის დამცველისა და და არც მსაჯულის? არ გრცხვენია მეგობრის? ვერც სინდისი გამოგასწორებს? სწორედ ამ დროს მოდის ხორციელი ავადმყოფობა და, ასცთუ იშვიათად, ყველაფერს ასწორებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 03:57 PM

"ჩალოგინდა"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 04:13 PM

"ავადმყოფს ყველა მეგობრის მზერის დანახვა როდი სძენს ნუგეშს"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 05:13 PM

"ამბობენ, მზეზე ჯდომა მარგებელიაო: თუკი ავადმყოფი მზეს მიეფიცხება, სასიცოცხლო ძალა დაუბრუნდებაო"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2022, 05:14 PM

"ავადმყოფი წამლის მიღებისას გრძნობს მის მწარე, უსიამოვნო გემოს, მაგრამ ვერ შეიგრძნობს მის მაკურნებელ თვისებებს; საკურნებელი მოწვისა და ჭრილობის დროს მხოლოდ ტკივილს და ფიზიკურ ტანჯვას განიცდის იგი და მხოლოდ მერე, გამოჯანმრთელებისას იგრძნობს უსიამოვნო წამლის ძალას, გადატანილი მტანჯველი წვისა და ჭრილობის აუცილებლობასა და გადამრჩენელ ძალას. იგივე ითქმის სულიერი ავადმყოფის შესახებაც"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 11:48 AM

"როცა ჰაჯი-გიორგი კონსტანტინოპოლში გადაასახლეს, მისმა კურთხეულმა ყოფნამ იქ დიდად ანუგეშა იქაური ქრისტიანები და თვით თურქებიც კი. ღვთის მადლი, რომელიც მოქმედებდა ამ ასკეტიზმით გაწმენდილ ჭურჭელში, მრავალ სასწაულს აღასრულებდა. მისი ქამარიც კი სასწაულებს ახდენდა. სნეულები ირტყამდნენ მას და იკურნებოდნენ. ქალებს, რომელთაც მშობიარობის საფრთხე ელოდათ, იმედი ეძლეოდათ და მშვიდობიანად შობდნენ, ეშმაკეულები ბოროტი სულებისგან თავისუფლდებოდნენ. მრავალმა თურქმა სიკეთე ნახა ამ საერთო შუამავლია და ექიმისაგან. მრავალი მათგანი განიკურნა სხვადასხვანაირი სნეულებისგან. ყველა პატივს სცემდა ჰაჯი-გიორგის და მას "ბიზიმ ბაბასაც" კი ეძახდნენ, რაც "ჩვენს მამას" ნიშნავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2022, 09:37 PM

"ავადმყოფობისას ვგრძნობთ, რომ ადამიანის ცხოვრება ყვავილს ჰგავს, რომელიც თითქმის მაშინვე ჭკნება, როგორც კი გაიფურჩქნება, და - ღრუბელს, რომელიც იქსაქსება და კვალს არ ტოვებს. რომ ჩვენი დღეები ჩრდილივით ქრებიან; რომ ჩვენი სხეული ჭკნება მინდვრის ბალახივით. რომ თუნდაც ყველაზე ძლიერი ადამიანის ცხოვრება მხოლოდ ერთი ამოსუნთქვაა, რომ ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად იგი მოკლდება და რომ მისი პულსაცია, ქანქარას დარტყმების მსგავსად, აახლოებს მას უკანასკნელ საათს, რომელიც თითქმის ყოველთვის ისეთ წამს ჩამოჰკრავს, როცა მას ჰგონია, რომ ამ დრომდე ჯერ კიდევ ადრეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2022, 12:14 PM

"ხშირად არა ექიმთა ხელი, არამედ - მხოლოდ რწმენა აღადგენს ავადმყოფს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 01:29 PM

"ოპერაციის წინა საღამოს გულით უნდა ილოცო სამედიცინო პერსონალისათვის (ქირურგებისთვის, ექთნებისთვის, ანესთეზიოლოგებისთვის), რათა უფალმა მათი ხელებით ჩაგიტაროს მაკურნებელი მანიპულაციები. დილით, როცა საოპერაციოსკენ გაემართები, განუწყვეტლივ უნდა ილოცო სიტყვებით: "უფალო, შემიწყალე! უფალო, მაკურთხე"; როცა საოპერაციოში შეგიყვანენ, ნუ მოგერიდება, ჯვარი გამოისახო და მაგიდასაც გადასახო ჯვარი.

რაც შეეხება იმას, ჯვარი უნდა მოიხსნა თუ არა, - რა თქმა უნდა, უკეთესია, გვეკეთოს; მაგრამ თუ რაიმე მიზეზის გამო საედიცინო პერსონალმა მაინც მოგახსნევინა ჯვარი, მაშინ უნდა ვთხოვოთ, რომ ჯვარი ან თმაში ჩაგაწნან, ან მარცხენა ხელის მაჯაზე გაგიკეთონ, ან კიდევ სადმე ახლოს ჩამოკიდონ. ჯვარი უნდა იყოს ხის და ძაფზე ეკიდოს.

ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ნარკოზში განუწყვეტელი ლოცვით უნდა შევიდეთ და დავიძინოთ ლოცვით - ეს არის "იესოს ლოცვა" ან უფრო მოკლე ლოცვა - "უფალო, შემიწყალე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 01:44 PM

"სნეულების განსაცდელმა ადამიანში ცოდვის გაანალიზების სურვილი უნდა აღძრას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 04:51 PM

"უარის თქმა მკურნალობაზე შესაძლოა თვითმკლელობის ცოდვის ტოლფასიც იყოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 05:04 PM

"ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ დღესაც არიან სნეული ადამიანები, რომელთა მდგომარეობა, წმინდა იობ მრავალტანჯულის მსგავსად, არ არის ცოდვასთან დაკავშირებული და უფლის სადიდებლად ხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 05:19 PM

"ვინც თავისი შემოქმედის წინაშე სცოდავს, დაე, ის ჩავარდეს მკურნალის ხელში" (ზირაქი 38,15).

როგორც ზემოდან ჩანს, ცოდვა და სნეულება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და რელიგიურ ჭრილში სნელულებისაგან განკურნება აღიქმებოდა როგორც ნიშანი იმისა, რომ ადამიანი შენდობილ იქნა ღმრთისაგან (გამოსვლათა 15,26)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2022, 07:24 PM

"თავი უნდა დავიმდაბლოთ, უნდა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები მოძღვრის წინაშე. ეს არის სიმდაბლის გამოჩენა, რომლის სანაცვლოდაც უფალი შეგვეწევა და ნებისმიერი სულიერი სნეულებისგან განგვკურნავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2022, 06:56 PM

"ღმერთმა მიმატოვა. ფეხის წყლულებმა- ეგზემამ კულმინაციას მიაღწია.

და ამ ტკივილებისა და მწუხარებების უფსკრულში, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი, ვხედავ საკუთარ თავს მარტოდ დარჩენილს, რომელიც სასოწარკვეთილი თავგანწირვით ებრძვის უმძაფრეს და გაუსაძლის ტალღებს; სასოწარკვეთილება მომეძალა და შემიპყრო. ამის გახსენებაზეც კი ვკანკალებ და თავზარი მეცემა.

ჩემს საძმოს არაფერს ვუმხელ ამის შესახებ. გარეგნულად წყნარი, მშვიდი ვჩანვარ, შინაგანად კი ჯოჯოხეთს განვიცდი. ჩემმა მოძღვარმა მასწავლა - "გინდ სამოთხეში იყო, გინდ ჯოჯოხეთში, ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს გარეგნულად არ უნდა გამოვამჟღავნოთ, უვნებო უნდა ვჩანდეთ".

ამ სასოწარკვეთილების მდგომარეობამ ექვს-შვიდ წუთს გასტანა, და შემდეგ ჩუმი ხმა მომესმა: "ღმერთს სურს, რომ ასე იყო", - და მაშინვე გონს მოვედი.

ხოლო მე ამ ხმას ვუპასუხე: "ვინაიდან ღმერთს ასე სურს, იყოს ნება მისი; მხოლოდ შესაბამისი მოთმინება მომეცი".

ამის შემდეგ ცოცხალ-მკვდარი კანკელის ღვთისმშობლის ხატთან მივედი, კანდელიდან ცოტა ზეთი ავიღე, ორ-სამჯერ იმ ადგილას წავისვი, სადაც ტკვილები მქონდა, და განვიკურნე".

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2022, 08:26 PM

"როცა ადამიანს ასაკი ემატება, იშვიათია, რომ სნეულებებმა არ გატანჯოს. სულიერი ადამიანებისთვის სნეულებები ბრძოლისა და მადლის მოხვეჭის კიდევ ერთი დამატებითი ასპარეზია, "რამეთუ, რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2022, 05:36 PM

"არასდროს მითხოვია ღვთისთვის, რომ სნეულება აეღო; მხოლოდ მოთმინებას ვთხოვდი"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2022, 05:39 PM

"ავადმყოფისადმი სიყვარული პირად ურთიერთობებზე მაღლა უნდა იდგეს"

/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2022, 08:10 PM

"26. დიდი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს, როცა ხორციელ უძლურებაში ვიმყოფებით: რადგან რაჟამს ეშმაკნი ხედავენ, რომ დავრდომილნი ვწევართ სარეცელზე და უძლურების გამო მათ ვეღარ ვებრძვით, უფრო გამძაფრებით გვიტევს. (იოანე სინელი)

სნეულებაში მყოფი ადამიანი არა მარტო ფიზიკურად, აზრების მხრივაც მოუძლურებულია, ამიტომ ეშმაკი განსაკუთრებულად ებრძვის და ადვილად ამარცხებს მას. ყველაზე მეტად სნეულების დროს გვმართებს სულიერი სიფხიზლე, - მადლობელნი უნდა ვიყოთ უფლისა სნეულების გამოც, რადგან იგი ღვთისაგან სულის საკურნებლად გვეძლევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2022, 08:09 PM

"ხორციელ უძლურებაში მყოფ ადამიანს არ შეუძლია დიდი ფიზიკური ღვაწლი იტვირთოს, მაგრამ შეუძლია სულიერი მუშაკობა - სინანული, ლოცვა, მარხვა, სიმდაბლის მოპოვება. ადამიანს თავისი შესაძლებლობის მიხედვით აღებული ღვაწლი გამოიხსნის ცოდვებისგან და დაამკვიდრებს უფალთან"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2022, 07:21 PM

"ავადმყოფობა გამოსაცდელად გვეძლევა, ხოლო გამოცდა გამოცდილებას გვძენს"

/წმ. ბარსანოფი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2022, 09:49 PM

"ავადმყოფობის დროს ბოროტი ამგვარად ებრძვის ადამიანებს: ერისკაცებს - მრისხანებით, მონასტერში მყოფთ - ნაყროვანებისა და სიძვის ვნებებით, ხოლო დაყუდებულებს მოწყენილობა და უმადურობა ეუფლებათ"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2022, 04:55 PM

"ავადმყოფის სარეცელი კალოა. რაც მეტია დარტყმა, მით მეტი მარცვალი გადმოიბნევა და ხვავიც უფრო დიდია. ამის შემდეგ ხორბალი დოლაბის ქვეშ უნდა გატარდეს, შემდეგ ფქვილისაგან ცომი მოიზილება, შემდეგ, როგორც პური, ღუმელში შეიდება და ბოლოს ღვთის ტრაპეზზე დაიდება"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2022, 07:48 PM

"ვნახე სხვა სნეულებიც, რომლებიც სარეცელზე ღვთის ძალითა და ლმობიერებით იყვნენ ნუგეშცემულნი (ღირსი იოანე სინელი)
- ამ მონაკვეთში საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ავადმყოფობის დროს მადლობენ უფალს. მათ უფლისადმი მადლიერება ტკივილსაც ავიწყებდა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლაც კი არ უნდოდათ, რადგან იცოდნენ, რომ ავადმყოფობა მათზე უფლისგან მოწევნული წყალობა იყო"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2022, 08:00 PM

"ვინც ავადმყოფობის დროს მადლობს უფალს, ცოდვებისგან განიწმინდება"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2022, 06:13 PM

"ხშირად ბავშვის გამოჯანმრთელება მშობელთა სინანულს მოსდევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2022, 06:29 PM

"ჯანმრთელობა ღვთის ჯილდოა", - ამბობდა სერაფიმე საროველი. თუმცა ის ყოველთვის არ არის სასარგებლო. როგორც ყოველგვარ სატანჯველს, ავადმყოფობას სულიერი ბიწისგან განწმენდის ძალა აქვს. ის განაქარვებს ჩვენს ცოდვებს, არბილებს და ამდაბლებს სულს, გვაიძულებს დავფიქრდეთ, ვიგრძნოთ საკუთარი უძლურება და უფალი გავიხსენოთ. ამიტომ ავადმყოფობა ჩვენც გვჭირდება და ჩვენს შვილებსაც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2022, 06:43 PM

"ავადმყოფი ბავშვისათვის ლოცვა ყოველთვის გეთსიმანიის ბაღში უფლის მიერ წარმოთქმული სიტყვებით დაასრულონ: "ხოლო ნუ ნება ჩემი, არამედ ნება შენი იყავნ".

ბავშვის სასიკვდილო ავადმყოფობისას სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით. მაგალითი მეფე დავითისაგან ავიღოთ. მთელი კვირა ლოცულობდა და არაფერს ჭამდა მეფე. "ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და გადარჩეს ბავშვი" - ამბობდა იგი, მაგრამ როცა შვილი გარდაეცვალა, დამშვიდდა და ჭამა დაიწყო. თავისი საქციელი კი გარშემომყოფებს ასე აუხსნა: "ახლა, როცა მკვდარია, რისთვის ვიმარხულო? როგორც შევძლებ მის დაბრუნეგბას? მე წავალ მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2022, 07:50 PM

"ხორციელი თუ სულიერი სნეულებების განსაკურნებლად ლოცვა ყველაზე ძლიერმოქმედი საშუალებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2022, 09:08 PM

"ხორციელი სნეულება ვნებებს ამოძირკვავს... ჭეშმარიტად, სული ავადმყოფობის მეშვეობით უახლოვდება უფალს"

/გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2022, 09:58 PM

"ნუ იდარდებ იმის გამო, რომ უფალმა შენზე ავადმყოფობა დაუშვა. გაიხსენე, რომ გაცილებით უფრო მეტი ავადმყოფობები დაუშვა იმათზე, ვინც შენზე უკეთესია.

წარმოიდგინე მჭედლისგან დავიწყებული რკინის ნაჭერი, რომელიც წლების განმავლობაში სადღაც სამჭედლოს კუთხეში გდია. ბოლოს და ბოლოს რკინა დაუწყებს მჭედელს თხოვნას, აიღოს ის და მუშაობაში გამოიყენოს. მაშინ მჭედელი სწრაფად აიღებს მას, შეაგდებს ცეცხლში და როდესაც გახურდება, გრდემლზე შემოდებს. იდარდებს ამის გამო რკინა?

ასევე, შენი ავადმყოფობა სასიხარულოა და არა სამწუხარო. რამეთუ შენ ლოცულობდი, რომ უფალს უკეთესი გაეხადე. მან, როგორც რკინის მჭედელმა, სამუშაოდ აგიყვანა და დაიწყო შენი გაკაჟება და გამოწრთობა. ძმაო, უფალმა მუშაკად სამუშაოზე აგიყვანა! მაშ, გიხაროდეს მჭედლისგან დავიწყებულო ჟანგიანო რკინავ!"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2022, 07:34 PM

"ჭეშმარიტი სიჯანსაღე მხოლოდ ღმერთშია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 06:12 PM

"მეტად იზრუნე სულიერ სიჯანსაღეზე და ხორციელი სნეულება თავს ნაკლებად შეგახსენებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 06:40 PM

"მკურნალობას კი ნუ გადაჰყვები, ისწავლე ის, თუ როგორ გახდე ჯანმრთელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2022, 05:37 PM

"როდესაც ადამიანები სნეული ახლობლებისთვის ლოცვას გთხოვენ, უთხარით მათ,რომ თავადაც ილოცონ, ანდა, ეცადონ, რომ საკუთარი ნაკლოვანებებისაგან გათავისუფლდნენ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2023, 09:46 PM

"როდესაც ქრისტე სახლდება შენს გულში, მას თავად შეუძლია განკურნოს ყოველგვარი სნეულება, შენი სულისა და ხორცის ყველა სახის უძლურება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2023, 04:11 PM

"დალიეთ ნაკურთხი წყალი რაც შეიძლება ხშირად. ეს არის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური წამალი. ამას ვამბობ არა მარტო როგორც მღვდელი, არამედ როგორც ექიმიც. ჩემი პირადი სამედიცინო გამოცდილებიდან გამომდინარე"

/წმ. ლუკა ყირიმელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2023, 02:03 PM

"უძლურებაში გამოჩნდება ჩემი ძალა, - ამბობს უფალი. ესე იგი, კაცს რომ სნეულება, უძლურება შეეყრება, ნიშნავს რომ ღმერთი ახლოსაა მასთან"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2023, 02:18 PM

"როგორც ბუნებაში დგება ხოლმე ხან ღამე, ხანაც - დღე, ხან ზაფხული და ხანაც ზამთარი, ასევე გვაქვს ჩვენც: ხან მწუხარება, ხან სიხარული, ხან ავადმყოფობა და ხანაც ჯანმრთელობა. ამიტომ ნუ გიკვირს, როცა ავად ხდები, რადგან თუ ეს საკვირველია, მაშინ ისიც უნდა გიკვირდეს, როცა ჯანმრთელი ხარ"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2023, 07:59 PM

"...როცა ბერი წავიდა, გაბრიელ ბერი [აღმსარებელი და სალოსი] მოტრიალდა, მოულოდნელად კიბეზე ფეხი დაუცდა და ბარძაყის ყელის მოტეხილობა მიიღო. საშინელი ტკვივილებით შეწუხებული ავიყვანეთ კელიაში. ამ ფაქტის შესახებ ასე ამბობდა:

- გულმა მითხრა,არ ჩახვიდე, მე მაინც ჩავედი და აი, რა დამემარეთა.

რამდენიმე თვე იწვა. ეს ფეხი მომიღებს ბოლოსო - იწინასწარმეტყველა საშინელი ტკივილებით შეწუხებულმა და მართლაც ყველა გართულება აქედან დაეწყო. წამლის დალევაზე დაგვთანხმდა. აიღებდა წამალს, მაცხოვრის ან ღვთისმშობლის ხატს მიადებდა, შესთხოვდა - შენ შემეწიეო და დალევდა. მოტეხილ ფეხზე ცნობილი მკურნალი ასკურავა მკურნალობდა. ერთხელ, როდესაც მისი ჯანმრთელობის ამბავი ვკითხე, მიპასუხა: - ძალიან მომიხდა წამლები, მაგრამ ასკურავა იცი როდის დამარცხდა? როცა თქვა, ერთ კვირაში ფეხზე დაგაეყენებო. თუ ის მომარჩენდა და ფეხზე დამაყენებდა, მაშინ ღმერთი სადღაა?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2023, 04:20 PM

"რომელნი არა ჰმადლობენ ექიმსა, არა ჰმადლობენ უფალსა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2023, 04:46 PM

"ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობით, მძიმედ ავადმყოფი გაბრიელ ბერი [აღმსარებელი და სალოსი] თავს ძალას ატანდა, ფეხზე წამოდგებოდა და ხატის ჩარჩოებს აკეთებდა. - რა უფლება მაქვს საწოლში ვიწვე, მაშინ როდესაც ადგომა შემიძლია, - იტყოდა. ხანდანან ეზოშიც გამოვიდოდა. ადამიანების დანახვა სიხარულსა და შვებას ანიჭებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2023, 07:12 PM

" - მამა გაბრიელ, ავადმყოფობის დროს როგორ მოვიქცეთ ვილოცოთ, თუ წამალი დავლიოთ?

- როდესაც წვიმს, ზოგი სანდლებს არ ჩაიცმევს და იტყვის, რომ ღმერთი წყალობით არ ვცივდებიო და როცა გაცივდება, ნეტავ უფალი რა შუაშია, თუ თავისი უგუნურობით მოუვიდა? ზოგი ამპარტავნებით იტყვის ავადმყოფობისას, რომ არ მინდა წამალი, ღმერთი მიშველისო. შე დალოცვილო, თუ თავი გტკივა, აიღე და ჯერ ანალგინი დალიე, რა თქმა უნდა უფლის რწმენით. რამეთუ წამალში უფალმა კურნების ძალა ჩადო. რაც აწუხებთ უფალს მაგისთვის? თუ არ გიშველა, მერე მოუხმე წმინდანებს! როგორ გავბედავ მე ცოდვილი, რომ ღმერთს რაიმე ვთხოვო გარდა შეწყალებისა?"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2023, 08:53 PM

"ყოველი სნეულის ლოგინთან დგას, იმყოფება თავად უფალი იესო ქრისტე; უბრალოდ ჩვენ მას ვერ ვხედავთ, მაგრამ ვგრძნობთ"

/მეუფე შიო მუჯირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2023, 08:40 PM

"ურწმუნო ადამიანი ჯანმრთელობას იმისათვის ხარჯავს, რომ დიდი ქონება დააგროვოს და შემდეგ ამ ქონებას ხარჯავს, რომ ჯანმრთელობა გაიუმჯობესოს..."

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2023, 09:23 PM

"ჯანმრთელობა მარტო საკვებზე როდია დამოკიდებული, არამედ ძირითადად სულიერ სიმშვიდეზე"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2023, 07:03 PM

"ლოცვა ერთ-ერთი უმთავრესი და უძლიერესი ძალაა, რომელიც ხელახლა შობს მლოცველს და მას ხორციელ და სულიერ სიჯანსაღეს მიმადლებს"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2023, 04:53 PM

"დღეს ბევრი პრობლემა და განსაცდელია. ადამიანთა უმრავლესობას, ხშირად, წამლისა და ექიმთან მისვლის საშუალებაც არა აქვს, მითუმეტეს სხვადასხვა კურორტზე დასვენების და გამოჯანმრთელების.

ვინც დაიჯერებს, ნამდვილი რეცეპტი, წამალი და "უფასო კურორტი" არის, დღისა და ღამის გარჩევა, ყოველდღიურად დროული დასვენება და ღვთის დიდებით განთიადის შეგებება. ეს მეტი მხენობისა და სულიერობის გარდა, მთელი ერისთვის, მატერიალური და ეკონომიური სიკეთის მომტანიც იქნება"

/ოთარ ნიკოლაიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2023, 09:38 PM

"თუ რაიმე უსიამოვნოს ანდა საწყენს გეტყვიან მოხუცი, სნეული ან გონებაგადასული ადამიანები, ნუ მოუსმენთ, არამედ უბრალოდ დაეხმარეთ. სნეულებს მთელის გულმოდგინებით შეეწიეთ და ყოველივე შეუნდეთ, რაც უნდა გითხრან და რაც უნდა გაგიკეთონ"

/მართალი მატრონა მოსკოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2023, 08:26 PM

"ეკლესიას მკურნალობის სხვა ფორმაც გააჩნია. ე.წ. "ლახვრის ლოცვა", როდესაც მღვდელი ლახვრით ეხება ადამიანის სხეულის მტკივნეულ ადგილებს - თითოეულ წერტილზე შეხებისას წარმოითქმება ლოცვა და შედეგი აქაც საოცარია. ეს "ქრისტიანული აკუპუნქტურა" ბევრად აღემატება იმას, რასაც ამ ხელობის ჩინელი სპეციალისები სჩადიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2023, 07:30 PM

"ვინც საკვებს ზომიერად და მსუბუქად იღებს, ის უფრო დიდი წარმატებით მოიგერიებს ავადმყოფობას, ვიდრე ის, ვინც მრავალფეროვანი სანოვაგით ტვირთავს სხეულს"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2023, 12:45 PM

"როდესაც ავადმყოფობ, გინდა, რომ გეფერონ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2023, 12:45 PM

"როდესაც ავადმყოფობ, გინდა, რომ გეფერონ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2023, 07:05 PM

"ავადმყოფს ყველაზე მეტად სიყვარული სჭირდება"

/იეროდიაკონი ილიოდორი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 07:00 PM

"ქრისტემ გვასწავლა, რომ არსებობს ისეთი სნეულებანი და ავადმყოფობანი, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიკურნება"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2023, 08:06 PM

"არც შენი ჯანმრთელობაა სახარებიელო, მაგრამ ნუ დაღონდები - უფლის ნებას მიენდე, დღეს თუ არა, ხვალ ყველა მოვკვდებით"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2023, 05:27 PM

"უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველგვარი ავადმყოფობის სათავე და წყარო ცოდვა არის. რაც მეტს შესცოდავ, მეტს დაავადდები"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2023, 08:16 PM

"მივიღე შენი წერილი. აი, კვლავაც ავად ხარ, მწუხარე და ნაღვლიანი. ბევრს ნუ ინაღვლებ. შენი ავადმყოფობა და მწუხარება არ არის შემთხვევითი, არამედ უფლისგან არის გამოგზავნილი. ჩვენთვის მიუწვდომელია მისი წმინდა განგებულება ჩვენზე - ცოდვილებზე; თუკი უფალი ზრუნავს ჩიტებზე, განა შენ დაავიწყდი?

შენი დიდი მძიმე ოპერაცია აისახა შენს ორგანიზმზე, "მიწიერი ექიმები ვერ დაგეხმარნენ", როგორც ამას თავად მწერ. გირჩევ, მიმართო სულთა და ხორცთა ზეციურ მკურნალს, ჩვენს უფალს. მანდ ვინ არის შენი სულიერ მოძღვარი? სთხოვე, შვიდგზის ზეთი გცხოს და გაზიაროს უფლის წმინდა ნაწილებს. საერო მღვდელმსახურები როგორღაც უხალისოდ თანხმდებიან შვიდგზის ზეთისცხებას, მაგრამ შენ სთხოვე, იქნებ დაგთანხმდნენ"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2023, 08:48 PM

"ხანდახან, როცა სურდო მქონდა, ცხელ ჩაის ვსვამდი, ხუთას, ექვსას მეტანიას ვაკეთებდი, ვიოფლებოდი და ტანსაცმელს გამოვიცვლიდი. შემდეგ საწოლში ჩავწვებოდი და კარგად ვხდებოდი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2023, 04:03 PM

"მაგრამ როდესაც არ ცხოვრობ ქრისტესთან, მაშინ გეუფლება მელანქოლია, სევდა, შფოთი, მწუხარება; არ ცხოვრობ სწორად. მაშინ ორგანიზმშიც უამრავი ანომალია იჩენს თავს. გავლენის ქვეშ ექცევა სხეული, ენდოკრინული ჯირკვლები, ღვიძლი, ნაღველი, პანკრეასი, კუჭი. გუბნებიან: "იმისათვის, რომ ჯანმრთელი იყო, დილით რძე დალიე, ჭამე კვერცხი, კარაქი ორცხობილასთან ერთად." მაგრამ, თუ შენ სწორად ცხოვრობ, თუ ქრისტეს შეიყვარებ, მაშინ ერთი ფორთოხლით და ერთი ვაშლითაც ძალიან კარგად იქნები. უდიდესი წამალი ის არისს, როდესაც ადამიანი მთელი გულით ემსახურება ქრისტეს. ყველაფერი იკურნება, ყველაფერი ნორმალურად ფუნქციონირებს. ღვთის სიყვარული ყველაფერს გარდაქმნის, ცვლის, გამოასწორებს, განწმენდს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2023, 07:43 PM

"ერთი გოგონა ექიმთან მივიდა და ექიმმა მას ჰორმონები მისცა. მე მას ვეუბნები:

- ჩემო გოგონა, ნუ დალევ ამას! მე არ ვარ ექიმი, არ მინდა ჩემი პასუხისმგებლობით იმოქმედო, თუმცა ვხვდები, რომ არ უნდა დალიო. კარგი იქნება, რომ თუნდაც ენდოკრინოლოგთან მიხვიდე. შენი პრობლემა დარდისგან მოდის და, მეტწილად, ენდოკრინოლოგის საქმეა.

- ნამდვილად ასეა. ბევრი მწუხარება გამოვიარე.

- ასეც არის! დამშვიდდი, დაწყნარდი, აღსარება თქვი, ეზიარე და ყველაფერი მოგვარდება.

ის ერთ-ერთ ენდოკრინოლოგთან მივიდა და თავისი გასაჭირი უამბო.

- აპ-აპ-აპ! არავითარ შემთხვევაში არ მიიღო ეს წამლები! გადააგდე, თორემ დიდ ზიანს მოგაყენებს, - უთხრა ექიმმა.

შემდეგ იმ გოგონამ ტელეფონზე დამირეკა:

- რაც შენ მითხარი, ექიმმაც იგივე მითხრა.

მაშ, ხედავთ, რა ხდება? ხოლო აღსარებითა და ზიარებით ბევრი ადამიანი განიკურნა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2023, 01:56 PM

"იმას კი არ ვევედრები ღმერთს, რომ კარგად გამხადოს, არამედ კარგი გამხადოს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2023, 02:13 PM

"თუ სნეულებებს უდრტვინველად დავითმენთ და უფალს განვადიდებთ, ვითხოვთ რა მისგან შეწყალებას, დიდ სარგებელს მივიღებთ. როდესაც ავად ვხდებით, საქმე ის კი არ არის, რომ წამალი არ დავლიოთ, ან წავიდეთ და წმ. ნექტარის მიმართ ვილოცოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს სხვა საიდუმლოც - ვიღვაწოთ, რათა საღვთო მადლი მოვიხვეჭოთ. ამაშია საიდუმლო. დანარჩენს, ანუ როგორ მივენდოთ ქრისტეს, მადლი გვასწავლის. ამრიგად, ჩვენ უგულებელვყოფთ ავადმყოფობას, არ ვფიქრობთ მასზე, ვფიქრობთ მხოლოდ ქრისტეზე, ფაქიზად, შეუმჩნევლად, უანგაროდ, და ღმერთიც სასწაულს მოახდენს სარგებლად ჩვენი სულებისა. როგორც წირვის დროს ვამბობთ, "და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2023, 02:27 PM

"ყველაზე სრულყოფილი რამ იქნება, არ ვილოცოთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის. იმისთვის კი არ ვილოცოთ, რომ კარგად გავხდეთ, არამედ იმისთვის, რომ კარგები გავხდეთ. მეც ამას ვუსურვებ საკუთარ თავს. გაიგეთ? კარგები არა იმ გაგებით, რომ "გავხდეთ ასეთი და ასეთი, ამას და ამას მივაღწიოთ", არამედ მოვიპოვოთ საღვთო მოშურნეობა; მივენდოთ ღვთის სიყვარულს; უფრო მეტად, ჩვენი სულისთვის ვილოცოთ. ჩვენი სული კი, ყველა ჩვენს თანამოძმესა და ქრისტესმიერ ძმებთან ერთად, უნდა შევიგრძნოთ ეკლესიის წიაღში, რომლის თავი არის ქრისტე.

მეც აღვაპყრობ ხელებს და ყველასთვის ვლოცულობ. როდესაც ვეზიარები, ბარძიმის წინ ვხსნი ჩემს სულს, რათა უფალი მიიღოს, თავს დაბლა ვხრი და ვლოცულობ თითოეული თქვენგანისთვის, მთელი ეკლესიისთვის. თქვენც ასე გააკეთეთ. მიხვდით? ნუ ილოცებთ თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნუ იტყვით: "უფალო, კარგად გამხადე". არა! არამედ "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე", უანგაროდ, სიყვარულით, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე. "უფალო, რასაც შენი სიყვარული ინებებს..." ამიერიდან მხოლოდ ასე იღვაწეთ, გეყვარებათ რა ქრისტე და თქვენი მოყვასი. შეიყვარეთ ქრისტე, გახდით წმინდანები. მხოლოდ ქრისტესთან მეგობრობას დაეშურეთ, მხოლოდ მის სიყვარულთან, საღვთო ტრფიალებასთან"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 06:15 PM

"კარგ ჯანმრთელობას საჭმელი და კარგი საცხოვრებელი პირობები როდი უზრუნველყოფს, არამედ წმინდა, ქრისტესმიერი ცხოვრება. მსმენია მოსაგრეების შესახებ, რომლებიც მკაცრად მარხულობდნენ და არანაირი ავადმყოფობა არ ჰქონიათ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2023, 03:54 PM

"უფალი ზის სნეულთა სარეცელთან"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 05:11 PM

"მესმის სიღრმიდან ამოძახილი ხმა: უცოდველი ივლის სნეულთა შორის და არ დასნეულდება, რამეთუ უცოდველობა ჯანმრთელობა და ძალაა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 07:57 PM

"ჩვენი ავადმყოფობანი გამომდინარეა უქმადმეტყველებიდან"

/არქიმანდრიტი ემილიანე სიმონპეტრელი (ვაფიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2023, 08:18 PM

"ავადმყოფის მოვლა დიდი მადლიაო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2023, 07:34 PM

"შეიძლება სენი ჩვენი უსაქმორობისთვისაც შეგვეყაროს რათა გამოვფხიზლდეთ და ვიზრუნოთ სულისათვის. ზოგჯერ უფალი ავადმყოფობებით გამოსცდის ჩვენ მოთმინებასა და რწმენას რათა მოგვიმზადოს ჯილდო მომავალი ცხოვრებისათვის. თითოეულს საკუთარი სინდისი ეტყვის თუ რით არის განპირობებული მისი ავადმყოფობა"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2023, 01:14 PM

"წმიდა სევასტიან ყარაგანდელი ამბობდა: "რატომ არის რომ ზოგიერთი მთელი ცხოვრება იტანჯება, ავადმყოფობს, განიცდის მწუხარებას, წყენას და ა.შ. მშობელთა, სხვა წინაპართა გამო. ეს წამებულები თითქოსდა ცოცხალი მსხვერპლია წინა თაობების ცოდვათა გამოსასყიდად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2024, 05:50 PM

"როცა ავად იყო [ღირსი პაისი ათონელი], ექიმებთან არ მიდიოდა, რწმენით და მოთმინებით მიენდობოდა ღმერთის მზრუნველობას და ამბობდა: "როცა ავად ვარ არავინ არ მინდა სხვა, მინდა უფალმა დამამშვიდოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 07:29 PM

"ერთხელ, როდესაც იგი [ღირსი პაისი ათონელი] წმინდა მთიდან სუროტში ჩავიდა, მასთან შესახვედრად იქ მისულმა ექიმმა თავისი დახმარება შესთავაზა:

- გერონდა, რა გტკივათ? თუ ჩემს ძალებშია, დაგეხმარებით.

"მე თიაქარი მაქვს, - მიუგო ბერმა, - მაგრამ საოპერაციოდ დაწოლა არ მინდა. დაე, მქონდეს რაღაც ტკივილი. თუ შენ რამე გტიკვა, თუ შენ იტანჯები და არ თხოვ ღმერთს მის შემსუბუქებას, არამედ სულ სხვა რამეს ითხოვ მისგან, - ეს უკვე დიდი საქმეა. ასეთ შემთხვევაში ღმერთი განსაკუთრებით ისმენს იმის ლოცვას, ვინც თავად იტანჯება, მაგრამ ამ დროს სხვის განკურნებას ითხოვს".

მისი ასეთი მდგომარეობა რამდენიმე წელი გრძელდებოდა. ბერი წარმოუდგენელ ტკივილებს ითმენდა, თუმცა გარეგნულად ამას არ იმჩნევდა. მარჯვენა გვერდზე დაწოლა უკვე აღარ შეეძლო. თავის სამონაზვნო კანონს ასრულებდა, მაგრამ ძნელად და დიდი ტკივილებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2024, 09:12 PM

"ავადმყოფობისაგან იმდენი სარგებელი მივიღე, რაც არ მიმიღია მთელი ასკეზისაგან, ავად გახდომამდე რომ აღვასრულებდი"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 04:24 PM

"[ღირსი პაისი ათონელი] დარწმუნებული იყო, რომ თუკი ვინმე სხვა ავადმყოფისათვის ლოცულობს, საკუთარ ტკივილს კი არად აგდებს, ეს მოალმობიერებს ღმერთს და იგი უეჭველად შეისმენს ამგვარ ლოცვას. თუმცა ბერი ურჩევდა ავადმყოფებს, რომ ჯერ ყოველგვარი ადამიანური საშუალება გამოეყენებინათ გამოჯანმრთელებისათვის, ხოლო ის, რაც ადამიანურ ძალებზე აღმატებული აღმოჩნდებოდა, ღვთისათვის მიენდო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 05:48 PM

"ადამიანები მცირეოდენ ტკივილს, სნეულებასა და სხვა ამდაგვარებს არ განიცდიდნენ, ისინი მხეცებად გადაიქცეოდნენ და საერთოდ ვერ მიუახლოვდებოდნენ ღმერთს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 07:15 PM

"ისინი, ვინც მოთმინებითა და სიყვარულით უვლიან ავადმყოფებს, ხეიბრებსა და სხვა ამისთანა ადამიანებს, თავიანთი მსხვერპლით აღხოცენ საკუთარ ცოდვებს. ხოლო, თუ ცოდვები არ ამძიმებთ, გაბრწყინდებიან. ერთხელ ერთმა ქალმა თავისი ცხოვრებიდან სასწაულებრივი მოვლენის შესახებ მიამბო. მე გავოცდი, რადგანაც ისეთ მოვლენებს, რომლის შესახებაც იგი მომითხრობდა, მხოლოდ წმიდათა ცხოვრებაში თუ შეხვდები. ის კი ჩვეულებრივი, უბრალო ქალი იყო. მაგრამ, როდესაც მან ისიც მიამბო, თუ როგორ გაატარა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი, მივხვდი, რომ მთელი მისი ცხოვრება ერთიანი დიდი მსხვერპლშეწირვა იყო. ჯერ კიდევ პატარა გოგო იყო, როდესაც ავადმყოფების მოვლა დაიწყო იმიტო, რომ მასთან ოჯახში ავადმყოფი ბებია და პაპა ცხოვრობდნენ. როდესაც გათხოვდა, მასთან მამამთილი და დედამთილი ცხოვრობდნენ, რომლებიც ასევე ავად იყვნენ. მერე მისი ქმარი გახდა ავად. ის საწოლს იყო მიჯაჭვული და ცოლი უვლიდა. ანუ, ამ ქალმა მთელი ცხოვრება ავადმყოფების მოვლაში გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას გამუდმებით სურდა, რომ სასულიერო წიგნები ეკითხა და ეკლესიაში ღამისთევებზე ევლო, მაგრამ საამისოდ დრო აღარ რჩებოდა. მაგრამ რამდენადაც ამისთვის გასამართლებელი მიზეზი ჰქონდა, ღმერთმა თავისი მადლი უხვად მიანიჭა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 07:35 PM

"საავადმყოფოში რომ ვიწექი, რამოდენიმე დღით სკვნილიც მივატოვე, მეტანიებიც და მარხვაც: იმას ვჭამდი, რასაც მაძლევდნენ. ასე ვამბობდი: "ახლა ცოტა ექიმებს უნდა დავეხმარო, რომ ისინი დამეხმარონ გამოჯანმრთელებაში. მერე კი ისე მოვიქცევი, როგორც მინდა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2024, 07:02 PM

"ჩვენ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტეს თვით იმ ავადმყოფების აღდგინება შეუძლია, რომელთაც ექიმები ვერ კურნავენ. მაგრამ იმისათვის, რომ საქმეში ქრისტე ჩაერიოს, სერიოზული მიზეზი უნდა არსებობდეს. ხოლო ავადმყოფისათვის მლოცველი ძალიან მორწმუნე და ქრისტესთვის თავდადებული ადამიანი უნდა იყოს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2024, 09:18 PM

"თუ ღვთისაგან რაიმეს ვითხოვთ და თავად მსხვერპლად არაფერს ვიღებთ, მაშინ ჩვენს ვედრებას დიდი ფასი არა აქვს. თუ გულხელდაკრეფილი ვზივარ და ვამბობ: "ღმერთო ჩემო, გევედრები, განკურნე ესა და ეს ავადმყოფი!" თავად მე კი ამ დროს არანაირ მსხვერპლზე არ მივდივარ, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ჩემს კეთIლ სურვილებს გამოვთქვამ (ანუ - სიტყვებს ქარს ვატან). ხოლო, თუკი სიყვარული მაქვს, თუკი მე მაქვს მსხვერპლის გაღების უნარი, მაშინ ქრისტე, როდესაც ამას დაინახავს, შეასრულებს ჩემს თხოვნას, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს სხვას წაადგება. ამიტომ, როდესაც ადამიანები სნეული ახლობლებისათვის ლოცვას გთხოვენ, უთხარით მათ, რომ თავადაც ილოცონ, ანდა, ეცადონ, რომ საკუთარი ნაკლოვანებებისაგან გათავისფულდნენ".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2024, 01:55 PM

" - წმიდაო მამაო, ავადმყოფობა ყოველთვის რგებს ადამიანს?

- დიახ, მას ყოველთვის უდიდესი საარგებლობა მოაქვს. ავადმყოფობები დიდად ეხმარება იმ ადამიანებს, ვინც სათნოებებს არ ფლობენ, რათა ამით მოალმობიერონ (მოისყიდონ) ღმერთი. ჯანმრთელობა ეს უდიდესი საქმეა. მაგრამ იმ სიკეთეს, რაც ადამიანისათვის სნეულებას მოაქვს, მას ჯანმრთელობა ვერ მისცემს. სნეულებას ადამიანისათვის სულიერი სიკეთე მოაქვს. ის ადამიანს ცოდვისაგან განსწმენდს, ზოგჯერ კი მისთვის ზეციური ჯილდოს "გარანტიას" წარმოადგენს. ადამიანის სული ოქროს გავს, ხოლო სნეულება ის ცეცხლია, რომელიც ამ ოქროს განწმენდს. აბა ნახე, ქრისტემ პავლე მოციქულსაც ხომ უთხრა: "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ-იქმნების". რაც უფრო იტანჯება ადამიანი ავადმყოფობისაგან, მით უფრო სუფთა და სპეტაკი იქმნება იგი. ოღონდაც იგი უნდა ითმენდეს და სნეულებას სიხარულით იღებდეს.

ერთადერთი, რაც ზოგიერთი ავადმყოფობისას გვმართებს, არის მცირეოდენი მოთმინება. ღმერთი ავადმყოფობას იმისთვის უშვებს, კაცი ნაკლულევანებათაგან განწმინდოს. ხორციელი სნეულება ხომ სულიერი სნეულების განკურნებაში ეხმარება. ხორციელი სნეულება ადამიანში სიმდაბლეს ბადებს და ამგვარად მისი სულიერი სნეულებების ნეიტრალიზებას ახერხებს. ღმერთი ყველაფრიდან ადამიანისთვის სასიკეთო შედეგს იღებს. ყველაფერი, რასაც ის დაუშვებს, ჩვენთვის სულიერად სასარგებლოა. მან იცის, რა არის აუცილებელი თითოეული ჩვენგანისთვის და ამის შესაბამისად მოგვივლენს სნეულებებს იმისთვის, რომ მათი საშუალებით მივიღოთ ზეციური საზღაური, ანდა ამისთვის, რომ ამ სნეულებებით ცოდვები ვზღათ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2024, 07:49 PM

"ჩემი მშობლები მიამბობდნენ, რომ როდესაც ფარასელები ავად გახდებოდნენ, მაშინვე კი არ გაიქცეოდნენ ხოლომე ხაჯ-ეფენისთან, რომ მას განეკურნა ისინი. არამედ, თავდაპირველად ტკივილს ითმენდნენ. ისინი იმდენს ითმენდნენ, რამდენიც შეეძლოთ - საკუთარი მოთმინების უნარის და ღვთისმოსაობის შესაბამისად. იმიტომ, რომ ტანჯვას კურთხევად თვლიდნენ. "მოდი, მცირედ მეც დავიტანჯები ქრისტესთვის, ქრისტემ ხომ ჩემი ხსნისათვის უდიდესი ტანჯვა დაითმინა". ხაჯ-ეფენდისთან განსაკურნებლად მხოლოდ მას შემდეგ მიდიოდნენ, როდესაც დაინახვდნენ, რომ ავადმყოფობა მუშაობაში უშიდა ხელს და ამის გამო უკვე შინაურები იტანჯებოდნენ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2024, 08:20 PM

" - წმიდაო მამაო, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ადამიანი ტკივილს ითმენს, გულისხმობთ იმას, რომ ის გარეგნულად სულ არ იმჩნევს ტკივილს?

- უკიდურეს შემთხვევაში, მან შესაძლოა, გარშემომყოფებს მცირედ აგრძნობინოს, რომ სტკივა. შესაძლოა, მან თქვას კიდეც ამის შესახებ, მაგრამ რამდენად ძლიერი ტკივილი აწუხებს, ამაზე არ ილაარაკოს. თუკი იგი საერთოდ დამალავს ტკივილს, შესაძლოა, მისმა საქციელმა ბევრი აცდუნოს. მაგალითად, თუ ბერს ტკივილი ტანჯავს და მსახურებაზე მისვლა არ შეუძლია და ამის შესახებ სხვებს არაფერს ეტყვის, შესაძლოა, ამ დროს ვინმე, ვისაც კეთილი ზრახვები არ აქვს, დაბრკოლდეს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2024, 04:35 PM

"თუკი შენ გჯერა ღვთის ძალის, მაშინ განიკურნები"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2024, 04:49 PM

"არ "ვიძალადოთ" ლოცვით ღმერთზე. არ ვთხოვოთ ღმერთს, რამისგან გაგვათავისუფლოს - ავადმყოფობისგან და მსგავსისგან, ან ჩვენი პრობლემებისგან, არამედ ვთხოვოთ მას, მოგვცეს ძალა და გაგვაძლიეროს, რათა ყველაფერი გადავიტანოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2024, 07:15 PM

"[წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი] ყოველთვის ასწავლიდა ავადმყოფებს, უფლისათვის ეთხოვათ გამოჯანმრთელება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2024, 07:25 PM

"საავადმყოფო ციხეს ჰგავს. ციხეში ადამიანს ურდულები და გისოსები იჭერენ, აქ კი სნეულებით, როგორც ჯაჭვებით, ის ლოგინსაა მიჯაჭვული. ავადმყოფობა ძვირფასი შესაძლებლობაა სინანულისა. ის გვაფხიზლებს, დაგვანახებს, როგორი არარაობა ყოფილა ვნებები, რომელთა "დიდებულებისგანაც" მხოლოდ ბნელი ლაქებიღა შემორჩენილა. ის ადამიანური ამპარტავნების მთელ სიცრუეს გვიმჟღავნებს და როგორც ტაძრის ზარი, უფალთან გვიხმობს. მაგრამ დემონი ისევ და ისევე იმ ძვირფასი დროის წართმევას ცდილობს, რომელიც შესაძლოა მარადისობაში ადამიანისთვის გადამწყვეტი გახდეს და ამას სიკეთის ნიღბით სჩადის. ახლობლები ყველაფრის გაკეთებას ცდილობენ იმისთვის, რომ სიკვდილი ავადმყოფს უეცრად წაადგეს თავს. ისინი მას უმალავენ, რომ ავადმყოფობა სასიკვდილოა ან სახიფათო, ცრუობენ, რომ იგი სწრაფად გამომჯობინდება, გაუმართლებელი იმედებით ანუგეშებენ, დარწმუნებულნი არიან, რომ სიკვდილზე გადაკრული სიტყვაც კი მომაკვდავს უკანასკნელ დღეებს მოუწამლავს. ეს რომ ურწმუნოებს გაეკეთებინათ, რომლებისთვისაც დაბადება შემთხვევითობაა, ხოლო სიკვდილი - გარდაუვალობა, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ასე მრავალი ქრისტიანი იქცევა, რომელთაც არ ესმით, რომ იმისი ცხოვრების მოღალატეები და სულიერი მკვლელები ხდებიან, ვინც უყვართ.

ისეც ხდება, რომ მომაკვდავის ახლობლებს ეშინიათ, მას აღსარება და ზიარება შეახსენონ, მღვდლის დაძახებას არ ჩქარობენ, რათა ავადმყოფი არ მიხვდეს, რომ სნეულებამ სერიოზული ხასიათი მიიღო. ავადმყოფისათვის მისი მდგომარეობის დამალვა და მისი მოტყუება სამედიცინო ეთიკის, უფრო სწორად ეტიკეტის დაუწერელ კანონად იქცა. ამ დრის კი ადამიანის სულს მოუნანიებელი ცოდვები ტანჯავენ, თუნდაც ის ამას ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ სინანული და წმ. საიდუმლოსთან ზიარება სიმშვიდეს მიანიჭებს, მისცემს კურნებას, ან ძალ-ღონეს, რათა ღირსეულად, ღვთისადმი მორჩილებით შეეგებოს სიკვდილს. ავადმყოფებთან მღვდელს ხშირად მაშინ ეძახიან, როცა ის გონებას კარგავს და ზიარების მიღება აღარ შეუძლია! ამ მხრივ, რამდენად უკეთესად იქცევიან ჩინელები, რომლებიც თავიანთ მშობლებს ნიშნად სიყვარულისა, კუბოს ჩუქნიან, მშობლებიც ამ საჩუქარს, როგორც ზრუნვას მათ სიკვდილისშემდგომ საცხოვრებელზე, მადლიერებითა და სიხარულით იღებენ.

როცა მომაკვდავს არ აფთთხილებენ, რომ იგი მალე ამქვეყანას დატოვებს, მას სულიერად კლავენ და უკვე სიკვდილის კლანჭებში მომწყვდეული, დასწყევლის იმათ, ვინც ჩააძინა და მოატყუა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2024, 05:05 PM

"როცა საავადმყოფოს წინ გაივლით, გაჩერდით და სამჯერ გადაიწერეთ პირჯვარი.

ერთი მათთვის, ვინც იქ წევს, მეორე მომვლელებისთვის და მესამეც შენთვის, რომ მათ ადგილზე არ ხარ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2024, 01:40 PM

" - მამაო, ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით, სადამდე უნდა მივანდო თავი ღმერთს?

- ჯერ ღმერთზე დაამყარე სასოება, მერე კი ექიმს მიენდე.

- მამაო, რომელიმე მძიმე სნეულებას როგორ უნდა გავუმკლავდეთ?

- ექიმებთან მიმართვას წინ უნდა უსწრებდეს ლოცვა, ღამისთევა, რათა ღმერთმა ექიმებს გონება გაუხსნას. წმინდა არსენი კაბადოკიელის კანდელიდან ცოტა ზეთიც იცხეთ, ნაკურთხი წყალი დალიეთ, რამდენიმე ფსალმუნი წაიკითხეთ.

- მამაო, სნეულების გამო ვერ ვასრულებ ჩემს სულიერ მოვალეობებს და ეს მაწუხებს.

- ახლა, როცა ავად ხარ, საერთოდ ვერაფერიც რომ ვერ შეასრულო, ვერც სკვნილი, ვერც მეტანიები და მხოლოდ "დიდება შენდა, ღმერთო" იძახო, ეს საკმარისია*".

/ღირსი პაისი ათონელი/


*მოცემულ შენთხვევაში ბერი პაისი ესაუბრება მძიმე სნეულებაში მყოფ მოშურნე და თავდადებულ მონაზონს

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)