IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> დიდი მარხვა - პირველი კვირა, მოგზაურობა აღდგომისკენ
afxazi
პოსტი Feb 15 2010, 10:57 AM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ყველას გილოცავ დიდი მარხვის დაწყებას. უფალმა მოგვცეს ძალა რომ ღირსეულად მივეახლოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მინდა, რომ თითოეულ კვირას ცალკე თემა მივუძღვნათ და ყველავ ვეცადოთ რაც შეიძლება ბევრი მასალა მოვაგროვოთ დიდი მარხვის შესახებ.


15 თებერვალი (ძვ. სტ. 2 თებერვალი) დიდი მარხვის I შვიდეული. ორშაბათი


მიგებება (მირქმა) უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი (მსახურება გადაიტანება წინა დღეს, 1 თებერვალს).


VI ჟამ. - ეს. I, 1-20. მწუხ. - შესქ. I, 1-13. იგავ. I, 1-20.

მირქმის შემდეგომი დღესასწაულისა და წარგზავნის მსახურებები არ აღესრულება. მართალი სვიმეონისა და ანა წინასწარმეტყველის ხსენება გადმოიტანება ორშაბათს.

დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დიდ სერობაზე იკითხება ღირსი ანდრია კრიტელის დიდი კანონი.






შემოგთავაზებთ წმიდა თეოდორე სტუდიელის ქადაგებებს, მიძღვნილს დიდი მარხვის ყოველი დღისადმი (გამოკრებილია მარხვანიდან)


ორშაბათსა პირველსა შვიდეულისასა, მარხვისათვის და უვნებელობისა, რომელი სთქუა დაწყებასა მარხუათასა. გუაკურთხენ, მამაო!




ძმანო და მამანო! მარხვისა ესე ჟამი ყოველსავე წელიწადსა შინა შეერთებული, მსგავს არს ნავთსაყუდელსა რასამე უღელვოსა, რომელსა შინა შევლენან ყოველნი კაცნი, და იშუებენ მყუდროებითა სულიერითა, რამეთუ არა ხოლო თუ მონაზონთაი, არამედ ერისკაცთაცა მცირედთა და დიდთა, პყრობილთაი და მპყრობელთაი, მეფეთა და მთავართა, მღუდელთმთავართა, და მღუდელთა, და ყოველსავე ჰასაკისა, და ყოველსავე ნათესავისა მაცხოვარი არს წინამდებარე ესე ჟამი. რამეთუ ქალაქნი და სოფელნი დასცხრებიან ამიერითგან შფოთითა და ამბოხებათაგან, და მათ წილ იწყებენ ფსალმუნებად, და დიდების მეტყუელებად, და ლოცუად, და ვედრებად, რომელთა მიერ მოწყალექმნილი სახიერი ღმერთი ჩუენი მშვიდობასა ჰყოფს სულთა ჩუენთათვის, უკეთუ წადიერითა გულითა შიშით და ძრწოლით შეუვრდეთ და ვსტიროდეთ მის წინაშე, და შემდგომითი შემდგომად წარმართებასა აღუთქმიდეთ უმჯობესისა მიმართ, არამედ ერთა მორწმუნეთა განმგენი ეკკლესიათანი ასწავებენ ჯეროვანსა, რამეთუ უხმს ვითარცა სარბიელსა შინა მორბედთა, თანა მოღუაწეთა მიერ განმხნობაი. ეგრეთვე მმარხუელთა მოძღუართა მიერ ნუგეშინის ცემაი. ხოლო მე ვინაითგან პატიოსნებისა თქუენისა თავად დავიდგინე, თქუენდა მომართცა ვიტყოდე შემოკლებულად. მარხუა უკუე განმაახლებელი არს სულისა, რამეთუ იტყვის მოციქული: "რაოდენ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, ეგეოდენ შინაგანი განახლდების და უკეთუ განახლდების, საცნაურ არს, ვითარმედ განშუენდებისცა პირუელისა მისებრ სიკეთისა, და რაჟამს განშუენდეს, სიყუარულად თავისა თვისისა მოიზიდავს". რომელმან იგი თქუა: "მე და მამა მოვიდეთ, და სავანე მისთანა ვჰყოთ". აწ უკუე ვინაითგან ესე ვითარი არს მადლი მარხვისა, ვიდრეღა სამკვიდრებელ ღუთისა გუყოფს ჩუენ სახიერი ღმერთი, თანაგუაძს შეწყნარებაი მისი, ძმანო. ნუ შევსწუხდებით საუზმისათვის და ლიტონებისა ჭამადთასა, უწყით, რამეთუ უფალსა დაღათუ ძალ-ედვა მრავალთა სანოაგეთა მიერ გამოზრდაი ათასეულთა მათ უდაბნოსა ზედა, არამედ პურითა ხოლო და წყლითა ისტუმრნა, და ვინაიდგან უჩუეულობაი გულის მოდგინებისა მიერ მოლბეს, მიერითგან შეწუხებულ იქმნების. ხოლო მარხუა არა ჭამადთა შინა შემოისაზღვრების, არამედ ყოვლისა ბოროტისა განსაზღურებასა, ვითარცა საღმრთოთა მამათა ჩუენთა თქუეს: "განვეყენნეთ უკუე, გევედრები, მოწყინებასა, დახსნილებასა, მცონარებასა, შურსა, ხდომასა, ბოროტის ჩუეულებასა, თვითსჯულობასა, თავხედობასა, და უფროსღა განვეშორნეთ წარმწყმედელსა გულის თქმასა, რამეთუ დაღაცათუ ვიმარხვიდეთ, ზედა დაგუესხმის ჩუენ მრავალთავი ესე გუელი". ვისმინოთ მეტყუელისა მის, ვითარმედ შუენიერ იყო ხილუად და კეთილ საჭმლად, რომელმან იგი მომაკუდინა მე ნაყოფმან, და იხილეთ, რამეთუ მშუენიერ სთქუა ხილუად, და არა ბუნებით. რამეთუ ვითარცა ვინ მიიღოს მარცუალი ბროწეულისა შუენიერი და ფეროვანი, და ჰპოვის დამპალ, ეგრეთვე სახედ გულისთქმაი იჩემებს სიტკბოებასა მიუთხრობელსა. და ვინაითგან მიღებულ იქმნას, უმწარეს ნაღვლისა იპოვების, და აღლესილ უფროს მახვილისა ორპირისა, შემჭამელ ტკივნეულისა მის სულისა, ვითარცა შეემთხვია პირუელსა მამასა ადამს, შეიტყუა რა გუელისა მიერ, რამეთუ ვინაითგან შეეხო დაყენებულსა მას ჭამადსა, ჰპოვა ცხოვრებისა წილ სიკუდილი. ესევე შეემთხვია მიერითგან და ვიდრემდე აქამომდე ყოველთავე მსგავსად მისსა ვეშაპისა მიერ ცთუნებულთა, რამეთუ ვითარცა იგი ბნელ არს და შეიცუალების ანგელოსად ნათლისად, ეგრეთვე იცის შეცუალება ბოროტისა კეთილად, და მწარისა ტკბილად, და ბნელისა ნათლად, უშუერისა მშუენიერებად, და სასიკუდინოისა საცხოვრებელად, და ამის მიერ ცდუნებად სოფლისა მარადღე არა დასცხრების ყოვლად ბოროტი იგი. არამედ ჩუენ, ძმანო, ნუ შევსცდებით მრავალფერთა მათ საცთურთა მისთაგან, და ნუმცა შეგუემთხუევის სახედ მფრინუელთა, რომელნი იგი ხილულსა მას ჭამადსა უძღებებით მივლენ, და შთავარდებიან მახესა მონადირეთასა, არამედ განვარჩევდეთ საბურუელსა მას სიბოროტისასა გონებითა, რათა შუშულად ვიხილოთ ბოროტი და მოსწრაფებით ვივლტოდეთ მისგან. ამათ თანა კეთილად მოსწრაფე ვიყუნეთ, ჟამითი ჟამათ ფსალმუნებასა, გულსმოდგინეთ დიდებისმეტყველებასა, განკრძალულ წიგნის კითხუასა, წადიერად მუხლთ-დრეკასა, რიცხვისაებრ მოცემულისა თვითოეულსა ჟამისა. მოქმედ თვისითა ხელითა, რამეთუ კეთილ არს საქმე, რამეთუ უქმისა არა ჭამაი განწესებულ არს. ურთიერთ არს სიმძიმეი ვიტვირთოთ, რამეთუ რომელიმე უძლურ-არს, ხოლო რომელიმე ძლიერ ჭამისათვისცა და სუმისა და სხუათაცა საქმეთა, და არა ვეშურებოდეთ უკეთურებასა, არამედ ვეშურებოდეთ კეთილსა და ვიყუნეთ ყოველთა შინა ტკბილ ურთიერთ არს, მოწყალე, მყუდრო, მორჩილ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთათა. და მშვიდობამან ღუთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუეწნნი, რათა აწინდელსა ამის ჟამსა ღირს ვიქმნნეთ უბრალოდ მიწევნად საუფლოსა მას დღესა აღდგომისასა, ხოლო მეორესა მას საუკუნესა აღდგომასა მკუდართასა მიმთხუევად ზეცათა სასუფეველსა, ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება, და სიმტკიცე, თანა მამით და წმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 15 2010, 02:11 PM
პოსტი #2


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



პირველი შვიდეული
მარხვის სწორად წარმართვა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაატარებს ქრისტიანი დიდმარხვის პირველ კვირას. ძველი ქრისტიანები დიდმარხვაში, და განსაკუთრებით პირველ შვიდეულში, მეტად მკაცრად მარხულობდნენ: მთელ დღეს ტაძარში ატარებდნენ და ჭამდნენ უზეთო საჭმელს დღეში ერთხელ მზის ჩასვლის შემდეგ. ამ მხრივ საგულისხმოა ერთი ნაწყვეტი აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლიდან“, სადაც აღწერილია როგორ ამარხულებდნენ ბავშვებს:

„უმთავრესი ყურადღება ჩვენი წირვა-ლოცვაზე და მარხვაზე იყო მიქცეული, სამწუხარო დრო ჩვენთვის დიდმარხვა იყო: მთელი დღე საღამომდის, სანამ ლოცვა არ გამოვიდოდა, წყლის მეტს არაფერს მიგვაკარებდნენ; საღამოსაც მარტო ხმელ პურს გვაძლევდნენ. არათუ შეჭამადი რამე, ღვინო, მარილი და ზეთიც კი აკრძალული გვქონდა...“

ჩვენი წინაპრების მიბაძვის სურვილი ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ მეორე მხრივ, არც ზომიერების გრძნობამ უნდა გვიღალატოს. დღეს ბევრი ჩვენგანი ცდილობს გაიმეოროს მათი ღვაწლი. ღმერთმა შეგვაძლებინოს! უთუოდ, ჩვენს შორისაც არიან ამის შემძლებელნი, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ეს სურვილი ზედაპირული და ცალმხრივია. ძველი ქრისტიანების მარხვის ასეთი სიმკაცრე მათ შინაგან სულიერ მდგომარეობას შეესაბამებოდა. ჩვენ კი არათუ პირველ ქრისტიანებზე, არამედ ასი წლის წინ მცხოვრებ ჩვენს პაპებზეც კი ბევრად უძლურნი ვართ; მათი ოდენ ზედაპირული მიბაძვა ჩვენს შინაგან და გარეგან მდგომარეობებს შორის დარღვევას იწვევს, რასაც ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ. საგულისხმოა, რომ თვით აკაკიც ზემოთმოყვანილ ნაწყვეტში ასეთ მომეტებულ სიმკაცრეს შეცდომად მიიჩნევს.

ასე რომ, თუ, ერთი მხრივ, მარხვისადმი გულგრილობაა დაუშვებელი, მეორე მხრივ, ზედმეტმა სიმკაცრემ სხვა, ვინ იცის, იქნებ უფრო მძიმე განსაცდელი მოგვიმზადოს. ამიტომ ქრისტიანმა ზომიერად უნდა ილოცოს, ზომიერად უნდა იმარხულოს და თუ ცხოვრების წესის გამკაცრება სურს, მოძღვარს უნდა დაეკითხოს.

რაც შეეხება ლოცვას, დილითა და საღამოს დამატებით ვკითხულობთ წმ. ეფრემ ასურის სინანულის მოკლე სავედრებელს „უფალო და მეუფეო...“ ოთხი სრული მეტანიით (ტაძარში ეს ლოცვა სრულდება 16 მეტანიით. ამასთან 16-დან 12 არის მცირე მეტანია).

ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II რჩევითა და ლოცვა-კურთხევით ვინც მარხვას ინახავს, სასურველია, მარხვის პერიოდში ყოველ კვირას ეზიაროს. ამისთვის საჭიროა დავესწროთ ლოცვას შაბათ საღამოს, ვთქვათ აღსარება, წავიკითხოთ ზიარების ლოცვები და კვირის წირვაზე უზმოდ მივიდეთ; ე.ი. თუ სხვა დროს ზიარების წინ საჭიროა რამოდენიმე დღე მარხვის შენახვა, ახლა ეს პირობა თავისთავად სრულდება, რაც გარკვეულწილად აიოლებს ზიარებისათვის მომზადებას. მეორე მხრივ, თუ ხსნილში წირვა შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს, მარხვაში ეს შესაძლებელია მხოლოდ შაბათსა და კვირას. გარდა ამისა, მათთვის, ვინც შაბათს ან კვირას ვერ ეზიარა, ოთხშაბათს და პარასკევს ტარდება ეგრეთწოდებული წირვა პირველშეწირულთა ძღვენთა, როდესაც მორწმუნეთა ზიარება ხდება შაბათის ან კვირის წირვიდან გადანახული წმიდა ნაწილებით.
ეკლესიური წესით მცხოვრები დღევანდელი ჩვენი ქრისტიანებიდან ვისაც შეუძლია, დიდმარხვის პირველ კვირაში ჭამს დღეში ორჯერ უზეთო საჭმელს. უკანასკნელი დღე მკაცრი მარხვისა პირველ კვირაში არის პარასკევი. შაბათს და კვირას მკაცრი მარხვა აღარ შეიძლება. ამ ორ დღეს დასაშვებია ზეთისა და ცოტაოდენი ღვინის მიღებაც.

მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი დიდმარხვისა, აგრეთვე „ხორციელის“ შაბათი ანუ „კორკოტობა“ არის მიცვალებულთა მოხსენიების დღეები; ეკლესიებში გაშლილია მაგიდები საკურთხისათვის და წირვის შემდეგ სრულდება საზოგადო პანაშვიდი.

ეფრემ ასურის ლოცვა თავის განმარტებით
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/efrem.htm
პირველშეწირულის ლიტურგია
http://www.orthodoxy.ge/sakhli/pirvelshetsiruli.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/didmarkhva4.htm


დიდი მარხვის დასაწყისში, მსგავსად საწყისი „ტონისა“, რომელიც დიდი მარხვის მთელს „მელოდიას“ განსაზღვრავს, ჩვენ გვხვდება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ის ოთხ ნაწილადაა გაყოფილი და დიდი სერობის ლოცვაზე იკითხება დიდი მარხვის პირველი ოთხი დღის განმავლობაში. ეს გალობანი ანუ კანონი შეიძლება განვსაზღვროთ როგორც სინანულის ტირილი, რომელიც ჩვენს წინაშე გადაშლის ცოდვის უფსკრულის მთელს სიღრმეს, ჩვენს სულს შესძრავს სინანულითა და სასოებით. წმ. ანდრია საოცარი ხელოვნებით აქსოვს თავის სინანულმი დიდ ბიბლიურ სახეებს: ადამსა და ევას, მიწიერ სამოთხესა და შეცოდებას, ნოე მამათმთავარსა და მსოფლიო წარღვნას, დავით წინასწარმეტყველს, აღთქმულ მიწას და ყველაზე მაღლა კი - ქრისტესა და ეკლესიას. ყოველივე ამას კანონის ავტორი ცოდვათა აღსარებასა და სინანულს უკავშირებს.
საღმრთო ისტორიის მოვლენები ისეა მოცემული, როგორც ჩემი პირადი ცხოვრება, ღვთის წარსული საქმენი - როგორც ჩემი პირადი ცხოვნებისათვის ქმნილნი, ცოდვისა და ღალატის ტრაგედია - როგორც ჩემი პირადი უბედურება. ჩემი ცხოვრება ნაჩვენებია როგორც ღმერთსა და მის წინააღმდეგ ამბოხებული ბნელეთის ძალების დიდი და ყოვლისმომცველი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი.

ანდრია კრიტელის დიდი კანონის შესახებ:
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/andria_kriteli.htm

IPB-ს სურათი
დიდი მარხვის პირველი კვირა "მართლმადიდებლობის ზეიმი"
წმინდა წერილის საკითხავი
იოანე 1, 45-51
45. პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით. 46. და ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე. 47. იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს. 48. ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაჲ მიცი მე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ. 49. მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ. 50. მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, და გრწამს; უფროჲსი ამათსა იხილო. 51. და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა

მაგრამ ამ კვირიაკეს, რომელიც მართლმადიდებლობის კვირიაკედ იწოდება, რატომ დაადგინა ეკლესიამ, რომ სახარების სწორედ ეს საკითხავი იკითხებოდეს? - იმიტომ, რომ უფლის სიტყვებში ნათანაილისადმი ნაჩვენებია ჭეშმარიტი ანუ მართლმადიდებელი ქრისტიანის სახე და, საერთოდ, სახე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიისა.

http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkhva/1kvira/sul.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/didmarkhva5-1.htm
http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...kvira/kvira.htm
http://www.orthodoxy.ge/dgesastsaulebi/zeimi.htm

დიდი მარხვის პირველ შაბათს არის ხსენება დიდმოწამე თეოდორე ტირნონისა
მისი ცხოვრების ეპიზოდს დავწერ და ვისაც სურვი აქვს ლინკით იხილოს ვრცლად

წმიდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ უსჯულო მეფემ, იულიანე განდგომილმა (361-363), გადაწყვიტა, ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან იხმო კონსტანტინეპოლის გამგებელი და უბრძანა, დიდმარხვის პირველი კვირიაკის ყოველ დღეს ბაზარში გასაყიდი სანოვაგისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა. წმიდა თეოდორი ტირონი გამოეცხადა მთავარეპისკოპოს ევდოქსის და უბრძანა, ეცნობებინა მართლმადიდებლებისთვის, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და ეჭამათ მხოლოდ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი.

ამ მოვლენის აღსანიშნავდ ეკლესია ყოველწლიურად დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმიდა თეოდორეს ხსენებას დღესასწაულობს და მის პატივსაცემად აკურთხებს კოლიოს მორწმუნეთათვის.
http://www.orthodoxy.ge/tveni/tebervali/17...dore-tironi.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 16 2010, 11:01 AM
პოსტი #3


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



16 თებერვალი (ძვ. სტ. 3 თებერვალი) დიდი მარხვის I შვიდეული, სამშაბათი.


მართალთა: სვიმეონ ღმრთისმიმქუმელისა და ანნა წინასწარმეტყველისა; წინასწარმეტყველისა აზარიასი (X ს. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: პაპიასი, დიოდორესი და კლავდისი (250); მოწამეთა ადრიანესი და ევბულისა (დაახლ. 308-309); მოწამისა ვლასი კესარიელისა (III); მოციქულთა სწორისა ნიკოლოზისა, იაპონიის მთავარეპისკოპოსისა (1912).

VI ჟამ. - ეს. I, 19 - II, 3. მწუხ. - შესქ. I, 14-23. იგავ. I, 20-33.





სამშაბათსა პირველისა შვიდეულისასა, ხსენებისათვის სიკუდილისა და სიტყვის გებისათვის საქმეთა ჩუენთასა წინაშე საშინელისა მის სამსჯავროისა. გუაკურთხენ, მამაო!


ძმანო და მამანო! ყოველსა ჟამსა და ყოველსა დღესა სარგებელ არს ხსენებაი სიკუდილისა, და ჯერ არს, რათა ყოველსა ჟამსა ამიერ განსვლისა ჩუენისათვის, და მერმისა მის საქმეთა ჩუენთა სიტყვის მიცემისათვის ვზრახვიდეთ. ხოლო ფრიად უმეტეს აწინდელსა ამას ჟამსა მარხვისასა სათქმელ არს მისთვის, რამეთუ აწ უმეტეს სხუათა მათ დღეთასა აქუს მყუდროებაი გონებასა ჩუენსა და მარჯუე არს შეწყნარებად ესე ვითართა სიტყუათა, რამეთუ მარხვისა მიერ და ფსალმუნებისა და ლოცვისა და საღმრთოთა სიტყუათა ზედას-ზედა სმენისა, განუდგების გულისსიტყუათა ალმური, და განმზადებულ არს შეწყნარებად სულიერისა მოძღურებისა. ხედავთა უკუე, ვითარ ზედას-ზედა და შემდგომითი შემდგომად განვლენ ცხოვრებისა ამისგან ძმანი ჩუენნი და მამანი, და ესე სხუაი არა რაი არს, არამედ უწყება, ვითარმდ კნინღა და ჩუენცა მივიცუალებით ამიერ, ხოლო მივიცუალებით არა საწუთოთა და ქუეყანისა ადგილთა და საყოფელთა, არამედ უნივთოთა და სამარადისოთა სავანეთა, რომელთაგან არღარა არს მოქცევა ერთგზის წარსრულთა, და საშინელ არს სიკუდილისათვის სმენა, ხოლო უსაშინელეს არს თუალთა რა იხილოს, ვითარ იგი ჩუენ პირუელ მცირედთა დღეთასა ვიხილეთ ქალკიდიისა წინამძღურისა. რამეთუ ვინაითგან ვჰპოვეთ იგი უკანასკნელსა აღმოფშვინვასა, ფრიად განვკვირდით საქმესა მას ზედა, თუ ვითარ ერთსა წამსა შინა ჩუენ თანა იყო და ჩუენ განგუეშორა და მიეცა სიკუდილსა და ჭეშმარიტად საშინელ არს სმენა და განსაკვირვებელ ხილუა. თქუა უკუე ვიდრე სულიერღა იყო ნეტარი იგი, ესე ვითარი რაიმე სიტყუა, მცირედღა დავეწიფე. და სიტყუასა თანა შეძრა თავი ხელითურთ, ხოლო სახე სიტყვისა მის არა გამოაცხადა, ხოლო ჩუენ გულისხმავჰყოფთ, თუ რაისათვის არა იქმნა გამოცხადებაი, რამეთუ ვერცაღა ეძლო, და ესე ვთქუ, არა მისდა შესმენად, ნუ იყოფინ, არამედ თავისა თვისისა შეშინებად, და თქუენდა განსაკრძალველად, რათა არა მივიწივნეთ ესე ვითარისა ხმისა აღმოთქმად ჟამსა სიკუდილისასა, არამედ განმზადებულნი შეუშფოთებელად განვიდეთ ამიერ, ვითარცა წერილ არს: "განვემზადე და არა შევძრწუნდი". ხოლო ვერ სადა ვჰპოვოთ ესე, არა თუ დღითი დღე თავთა თვისთა განვეკრძალებოდეთ და წარმართებულნი სათნოებანი დავიმარხნეთ კრძალულებით და უდებქმნილნი განვმართნეთ მოღუაწებით, და ესრეთ განვემზადებოდეთ მარადის, ვითარცა ზეცად აღმავალნი. რამეთუ მითხარღა თუ ვის წინაშე წარვსდგებით, არა ყოველთა მსაჯულისაა, და უფლისავე. რომლისა მოსდრკეს ყოველი მუხლი ზეცისათა, და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველმან ენამან აღუაროს მას, რომლისად სიტყუის მიცემაი გუეგულების, არა ყოვლისავე ცხოვრებისა ჩუენისათვის, და საქმეთა, და სიტყუათა, და მოგონებათა! მე უკუე რავდენგზისცა მოვიხსენო ესე, ძრწოლაი შემიპყრობს, და ვჰგონებ, ვითარმედ კნინღა და მოიწევის მეყსა შინა, არამედ თქუენდა ჯერ არს, რათა უშიშ იყუნეთ. ხოლო თქუენ გეტყვი კეთილად მორჩილად, რომელნი ყოველსავე ზრუნვასა მორჩილებისა მცნებისა მიმართ მიაგებთ. რამეთუ ესევითარი არს ჭეშმარიტისა მორჩილისა ცხოვრებაი. ხოლო ვითარიმე სიტყვის გებაი განმზადონ თავთა თვისთათვის, წინაშე საშინელისა მის ქრისტეს საყდრისა, რომელნი მორჩილებისა წესთა განჰრყუნიან, და თვისთა ნებათა მონებენ, რომელნი აქა და იქი უწესოდ ვლენან, და სლუაი ფერხითა არა ჰნებავთ, რომელნი ვერცხლით ფრდილთა მონათა თანა იყუანებენ. ჰოი ჩუენი ესე უბადრუკება, ვითარ საბაძუელ არს სიბოროტე, ვითარ უკუე იქცენ მართლუკუნ წრფელად მავალნი მონაზონებისა მოქალაქობასა! უმჯობეს იყო მათდა, იტყვის წერილი, არა ცნობა გზისა მის სიმართლისა, ვიდრე ცნობისა, და მართლუკუნ ქცევასა, მოცემულისა მისგან მათდა წმიდისა მცნებისა. ხოლო შეემთხვია მათ ჭეშმარიტისა მისებრ იგავისა: "ძაღლი მიექცა ნათხევარსა თვისსა, და ღორი ინწუბა სანგორელსა მწვირისასა", არამედ თქმული ესე არს სამხილებელად და საწამებელად ესე ვითართა მათ, რამეთუ არცა თუ შეგვინდობს ჟამი ესე უმეტესისა თქმად. ხოლო თქუენ, კურთხეულნო უფლისა მიერ, რომელნი ერთმანეთისა თანა, და ურთიერთარს ზოგებით სცხოვრებთ, რომელნი შინა დაადგრებით და არა იქმთ უჟამოდ განსლუასა გარეშე საჭიროთა სახმართა, და უფროისღა უბანთა, და კრებათა, რომელნი ურთიერთარს ჰმონებთ. და ესრეთ ჰმეუფებთ სოფელსა ამას შIნა, ისწრაფეთ და განმზადებდით თავთა თქუენდა, მერმისა მისთვის სიტყვისგებისა. იგონებდით დიდსა მას და განჩინებულსა დღესა, მოსლუასა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, რომელსა შIნა მსაჯულმან მან სიმართლისამან დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისსა და თიკანნი მარცხენით, და მარჯუენეთა მათ უწოდოს სანატრელი იგი და საწადელი სახელი: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი პირუელ სოფლისა დაბადებისა. ხოლო მარცხენითთა მათ ჰრქუეს, მწარეი იგი და საწყალობელი განჩინებაი: "წარვედით ჩემგან წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, განმზადებულსა ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის". ესე ხმა ძრწოლითა და შიშითა, და ზარ-ტეხითა აღსავსე არს! ამისი ჯერ არს ჩუენდა გონებაი, და შევრდომაი, და ტირილი და ღუთისა მოწყალე-ყოფა თავთა ჩუენთათვის, ვიდრე გამოცდილებადმდე სმენილთა ამათ! რამეთუ ცეცხლი იგი არა დაშრტების და მატლი არა მოკუდების, და ბნელი არა განქარდების, და საკრეულნი არა დაიხსნებიან, და ტარტაროსი არა დაილევის, და ღრჭენაი კბილთა არა დადუმნების, და სხუანი ყოველნივე სატანჯუელნი საუკუნო არიან. ამათ უკუე ვიგონებდეთ, ძმანო! და ნუმცა ვართ მოყუარე ვნებათა, ნუცა მოშურნე, ნუცა მრისხანე, ნუცა ძვირისმეტყუელ, ნუცა ტყუილისმზრახუელ, ნუცა სხვისა რაისამე წინააღდგომისა საქმედ. არამედ უფროსად მშვიდობასა ვჰყოფდეთ, და მტკიცედ ვდგეთ, და ვინანდეთ, და კეთილსა ვიქმოდეთ და ღუთის მოყუარებით ვიყუარებოდეთ ურთიერთარს, და ყოველსავე ბრძანებულსა ჩუენდა ვიქმოდეთ, და ყოველთავე დაფარულთა გულისსიტყათა, და უჩინოთა საქმეთა ჩუენთა კეთილისა აღსარებისა მიერ გამოვაცხადებდეთ, რათა მოვიღოთ შენდობაი და სატანჯუელთაგან განვერნეთ და ცხოვრებასა საუკუნესა მივემთხვივნეთ, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩUენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 16 2010, 01:11 PM
პოსტი #4


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



დიდმარხვის ლოცვა წმინდა ეფრემ ასურისა
ლოცვას, რომელსაც გადმოცემა სულიერი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს მოძღვარს, წმინდა ეფრემ ასურს მიაწერს, მართლაც შეიძლება ვუწოდოთ დიდმარხვის ლოცვა, რადგანაც იგი განსაკუთრებით გამოიყოფა დიდი მარხვის ყველა საგალობელსა და ლოცვას შორის.

აი, ამ ლოცვის ტექსტი:

უფალო და მეუფეო ცხორებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყუარებისა და ცუდადმტყუელებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყუარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაჲ თვსთა ცოდვათაჲ და არა-განკითხვაჲ ძმისა ჩემისაჲ, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ეს ლოცვა ორგზის იკითხება დიდი მარხვის ყოველი ღვთისმსახურების ბოლოს ორმაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათობით და კვირაობით ის არ იკითხება, რადგან ამ ორი დღის ღვთისმსახურება, განსხვავდება ზოგადსამარხვო წესისაგან). ამ ლოცვის პირველი კითხვისას ყოველი თხოვნის შემდეგ სრულდება დიდი მეტანია. შემდეგ 12-ჯერ ვამბობთ: „ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას“ („ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი“), მცირე მეტანიებით. ამის შემდეგ კვლავ იკითხება წმინდა ეფრემ ასურის ლოცვა და სრულდება დიდი მეტანია.

რატომ უჭირავს ამ მოკლე და მარტივ ლოცვას ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი მთელს სამარხვო ღვთისმსახურებაში? იმიტომ რომ მასში განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხერხითაა ჩამოთვლილი სინანულის ყველა დადებითი და უარყოფით ელემენტი და ირკვევა ჩვენი, ასე ვთქვათ, პირადი მოსაგრეობის შინაარსი. ამ მოსაგრეობის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, განკურნებაა, ერთი რომელიმე ძირითადი სნეულებისაგან, რომელიც მთელს ჩვენს ცხოვრებას წარმართავს და გვაბრკოლებს ღვთისაკენ მოქცევის გზაზე.

ძირითადი სნეულებაა უქმობა , ანუ სიზარმაცე, დაუდევრობა, უდარდელობა. ეს მთელი ჩვენი არსების ის უცნაური სიზარმაცე და პასიურობაა რომელიც მუდამ „ქვევით“ მიგვათრევს, ხელს გვიშლის „ზევით“ მოძრაობაში, გვარწმუნებს, რომ რაიმეს შეცვლა შეუძლებელია და ამიტომ სასურველიც არაა. ეს ჩვენში მართლაც რომ ღრმად ფესვგამდგარი ცინიზმია, რომელიც ყველა სულიერ მოწოდებაზე პასუხობს კითხვით „რატომ?“, და რომლის წყალობითაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ამაოდ ვხარჯავთ სულიერ ძალებს. „უქმობა“ ყოველი ცოდვის საფუძველია, რადგანაც იგი ძირშივე წამლავს ყოველგვარ სულიერ ენერგიას.

უქმობის ნაყოფი მიმოწვლილველობაა (უსასოობა, უიმედობა), რომელშიც სულიერი ცხოვრების ყველა მოძღვარი ჩვენი სულისათვის უდიდეს საფრთხეს ხედავს. მიმოწვლილველობის ტყვეობაში ჩავარდნილ ადამიანს არ შეუძლია რაიმე კარგისა და დადებითის დანახვა. მისთვის ყველაფერი უარყოფასა და პესიმიზმზე დაიყვანება. ეს ნამდვილად ეშმაკეული ძალაუფლებაა ჩვენს თავზე, რადგანაც სატანა, უპირველეს ყოვლისა, ცრუა. იგი ცრუობს ადამიანის წინაშე ღვთისა და ამა სოფლის შესახებ, იგი ავსებს ცხოვრებას სიბნელითა და უარყოფით. მიმოწვლილველობა სულის თვითმკვლელობაა, რადგანაც, თუ ადამიანი მიმოწვლილველობითაა შეპყრობილი, მას სრულიად დაკარგული აქვს სინათლის ხილვისა და მისკენ სწრაფვის უნარი.
მთავრობისმოყვარება ! ეს ძალაუფლების სიყვარულია. რა უცნაურადაც არ შეიძლება მოგვეჩვენოს, სიზარმაცე და მიმომწვლილველობა ჩვენს სულს მთავრობისმოყვარებით ავსებს. სიზარმაცე და მიმომწვლილველობა ამახინჯებს ცხოვრებისადმი ჩვენს დამოკიდებულებას, საზრისისასგან ცლის ჩვენს სიცოცხლეს. მოგვიწოდებს, რათა სრულიად უსამართლო საზღაური მოვითხოვოთ სხვა ადამიანებისაგან. თუ ჩემი სული ღვთისკენ არ ისწრაფვის, თუ მისი მიზანი მარადიული ღირებულებები არაა, სული აუცილებლად გახდება ეგოისტური, ეგოცენტრულიც კი, ეს კი ნიშნავს, რომ ყველა სხვა არსება მისი სურვილებისა და სიამოვნების დასაკმაყოფილებელ საშუალებად იქცევა. თუ ღმერთი ჩემი ცხოვრების უფალი და მეუფე არაა, მე თვითონ ვიქცევი საკუთარი თავის უფლად და მეუფედ, ვიქცევი ჩემი საკუთარი სამყაროს აბსოლუტურ ცენტრად და ყოველივეს განვიხილავ ჩემი საჭიროების, ჩემი სურვილებისა და ჩემი შეგნების თვალსაზრისით. ამგვარად, მთავრობისმოყვარება ძირფესვიანად ამახინჯებს სხვა ადამიანების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას და ცდილობს მათს დამორჩილებას. ეს გრძნობა ყოველთვის არ მოგვიწოდებს, მართლაც ვიმბრძანებლოთ და ვიმეუფოთ სხვებზე: ის შეიძლება გამოიხატოს სხვათა მიმართ გულგრილობით, ზიზღით, ინტერესის, ყურადღებისა და პატივისცემის ნაკლებობით. უქმობისა და უიმედობის სული ამ მემთხვევაში სხვებისკენაა მიმართული და სულიერი თვითმკვლელობა აქ სულიერ მკვლელობას უერთდება.

ყოველივე ამას მოსდევს ცუდად (ამაოდ) მეტყველება . ადამიანმა, ერთადერთმა ღვთის ქმნილებათაგან, მიიღო მეტყველების ნიჭი. ყველა წმინდა მამა ამაში ღვთის ხატის გამოვლენას ხედავს, რადგანაც თვით ღმერთიც სიტყვით გამოგვეცხადა (ი. 1,1). მაგრამ მეტყველების უნარი უზენაეს ნიჭთან ერთად უდიდესი საფრთხეცაა. იგი მართლაც გამოხატავს ადამიანის არსებას, მის თვითაღსრულებას, მაგრამ სწორედ ამის გამო შეუძლია მეტყველების უნარს დაცემის, სიცრუისა და თვითგანადგურების საშუალებად ქცევა. სიტყვა აცხოვნებს და კლავს. სიტყვა შთააგონებს და წამლავს. სიმართლე სიტყვით გამოიხატება, მაგრამ სატანური სიცრუეც სიტყვას იყენებს. უმაღლეს დადებით ძალასთან ერთად სიტყვა სუდიდესი უარყოფითი ძალაც აქვს. ის ქმნის ყოველივე დადებითსა და უარყოფითს. როცა სიტყვა გადაიხრება თავისი საღვთო ბუნებისა და დანიშნულებისაგან, იგი ცუდი, უქმი ხდება. ასე ამაგრებს უქმობის, მიმოწვლილველობისა და მთავრობისმოყვარების სულს, სიცოცხლეც ჭეშმარიტ ჯოჯოხეთად იქცევა. მაშინ სიტყვა უკვე მართლაც რომ ცოდვის მეუფებაა.

ამრიგად, სინანული მიმართულია ცოდვის ამ ოთხი გამოხატულების წინააღმდეგ. ეს დასაძლევი დაბრკოლებებია. მაგრამ ამის ქმნა მხოლოდ ღმერთს ძალუძს. ამიტომაც სამარხვო ლოცვის პირველი ნაწილი ადამიანური უსუსურობის სიღრმიდან გამომავალი ძახილია. ამის შემდეგ ლოცვა გადადის სინანულის დადებით მიზნებზე . ეს მიზნებიც რიცხვით ოთხია.

სიწმიდე (ან, უფრო ზედმიწევნით - უბიწოება, ზნეობრივი სიმრთელე)!რომ არ მივანიჭოთ ამ ცნებას მხოლოდ დამატებითი სექსუალური მნიშვნელობა, როგორც ამას ხშირად სჩადიან, ის უნდა გავიგოთ, როგორც უქმობის სულთან დადებითი დაპირისპირება. უქმობა, უპირველეს ყოვლისა ჩვენი თვალსაზრისებისა და გაგების, ჩვენი ენერგიის გაბნევას, დანაწევრებასა და მსხვრევას ნიშნავს, ეს საგანთა მთლიანობის შემჩნევის უუნარობაა. უქმობის საწინააღმდეგო სწორედ რომ სიმრთელეა, მთლიანობაა. თუ სიწმიდეს (უბიწოებას), ჩვეულებრივ, სექსუალური გარყვნილების საწინააღმდეგო სიქველედ მიიჩნევენ, ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ჩვენი არსებობის დამსხვრეულობა არსად ისე არ ცხადდება, როგორც სექსუალურ გარყვნილებაში, ხორციელი და სულიერი ცხოვრების ერთმანეთისგან გაუცხოებაში, სულიერი კონტროლის დაქვეითებაში. ქრისტემ ჩვენი მთლიანობა აღადგინა, აღადგინა ღირებულებათა ჭეშმარიტი იერარქია, დაგვაბრუნა ღმერთთან.

ამ სიმრთელისა თუ სიწმიდის პირველი სასწაულებრივი ნაყოფი არის სიმდაბლე . ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მის შესახებ. ის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს შიგნით სიმართლის გამარჯვებაა. მთელი იმ სიცრუის განადგურებაა, რომლის წიაღშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მხოლოდ მდაბალთ შეუძლიათ სიმართლით ცხოვრება, საგნების მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობით დანახვა და მიღება და ამის წყალობით ღვთის სიდიადის, მისი ყველას მიმართ სიყვარულისა და სიკეთის ჭვრეტა. ამიტომაცაა ნათქვამი, რომ „ღმერთი ამპარტავანთა მემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“.

სიწმიდესა და სიმდაბლეს ბუნებრივად მოსდევს მოთმინება . თავისი ბუნებით დაცემული ადამიანი მოუთმენელია, რადგანაც საკუთარ თავს ვერ ხედავს, სამაგიეროდ ადვილად გამოაქვს განაჩენი სხვებისთვის. მისი შეგნება არასრული, დამსხვრეული, დამახინჯებულია, რის გამოც იგი ყველაფერს სკუთარი გემოვნებისა და თვალსაზრისის მიხედვით განსჯის. იგი გულგრილია ყველას მიმართ, საკუთარი თავის გარდა, ამიტომაც სწადია, რომ მისი პირადი ცხოვრება დაუყოვნებლივ გახდეს ბედნიერი.

მოთმინება ჭეშმარიტად საღვთო სიქველეა. ღმერთი მომთმენია არა იმიტომ, რომ იგი შემწყნარებლურად („ზემოდან ქვემოთ“) გვიცქერს, არამედ იმიტომ, რომ საგანთა არსს რეალურად განჭვრეტს საბოლოო სიღრმემდე, რასაც ჩვენ სიბრმავის გამო ვერ ვხედავთ, მისთვის კი ყოველივე გახსნილია. რაც უფრო ვუახლოვდებით ღმერთს, მით უფრო იზრდება ჩვენში მოთმინების უნარი, მით უფრო ირეკლება ჩვენში ყოველი ცალკეული არსების მიმართ ის პატივისცემა და მზრუნველი დამოკიდებულება, რომელიც მხოლოდ ღმერთისთვისაა დამახასიათებელი.

და ბოლოს, ყველა სიქველის, ყველა ძალისხმევისა და მოსაგრეობის გვირგვინი და ნაყოფი არის სიყვარული , ის სიყვარული, რომლის მონიჭებაც, როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ეს სწორედ ის ნიჭია, რომელიც მთელი სულიერი მომზადებისა და გამოცდილების მიზანს წარმოადგენს.

ეს ყოველივე გაერთიანებულია სამარხვო ლოცვის ბოლო თხოვნაში, სადაც ჩვენ ვევედრებით უფალს რომ შეგვაძლებინოს, დავინახოთ საკუთარი შეცოდებანი და არ განვიკითხოთ ჩვენი ძმა. ბოლოს და ბოლოს ჩვენს წინაშე ერთადერთი საფრთხე დგას: ამპარტავნება. ამპარტავნება ბოროტების საწყისი და წყაროა. მაგრამ საკუთარ ცოდვათა დანახვა არაა საკმარისი. რადგანაც ეს მოჩვენებითი სიქველეც შეიძლება იქცეს ამპარტავნებად. წმინდა მამათა ნაწერები აღსავსეა გაფრთხილებებით ამგვარი ყალბი ღვთისმოსაობის წინააღმდეგ, რომელმაც სინამდვილეში, სიმდაბლისა და თვითგანკიცხვის სახეს ამოფარებულმა, შეიძლება სატანურ ამპარტავნებამდე მიგვიყვანოს. მაგრამ როცა „ჩვენს ცოდვებს ვხედავთ“ და „არ განვიკითხავთ მოყვასს“, როცა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიწმიდე (უბიწოება), სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული ჩვენში ერთ მთლიანობად იკრიბება, მაშინ და მხოლოდ მაშინ ისპობა ჩვენში უმთავრესი მტერი - ამპარტავნება.

ლოცვაში შემავალი ყოველი თხოვნის შემდეგ ჩვენ დიდ მეტანიას ვასრულებთ. ამას მხოლოდ წმინდა ეფრემ ასურის ლოცვისას როდი ასრულებენ. დიდი მეტანია მთელი სამარხვო ღვთისმსახურების ერთერთი დამახასიათებელ ნიშანია . მაგრამ წმინდა ეფრემ ასურის ლოცვისას ყველაზე ნათლად იხსნება მისი საზრისი. სულიერი აღორძინების ხანგრძლივსა და ძნელ მოსაგრეობაში ეკლესია არ განყოფს ერთმანეთისაგან სულსა და სხეულს. ადამიანი მთლიანად ჩამოშორდა ღმერთს - სულითა და ხორცით. და ღვთის წიაღში დაბრუნებისთვის ასევე მთლიანად უნდა იქნეს აღდგენილი - სულიერად და ხორციელად. ცოდვით დაცემა სწორედ ირაციონალური და ცხოველური ხორცის გამარჯვებაა სულიერ ღვთაებრივ ბუნებაზე. მაგრამ სხეული მშვენიერია და წმინდაა, იმდენად წმინდა, რომ თვით ღმერთი განხორციელდა. ცხოვნება და სინანული არაა სხეულისადმი ზიზღი ან მის მიმართ დაუდევარი დამოკიდებულება, არამედ სხეულის აღდგინებაა მისი ჭეშმარიტი დანიშნულებისათვის, რადგანაც იგი სიცოცხლის გამოხატულება და ადამიანის ფასდაუდებელი სულის ტაძარია. ქრისტიანული ასკეტიზმი სულაც არაა სხეულის წინააღმდეგ ბრძოლა: ეს არის ბრძოლა სხეულისათვის. ამიტომაც ინანიებს მთელი ადამიანი - მისი სული და ხორცი. სხეული სულის ლოცვაში მონაწილეობს, მსგავსად იმისა, როგორც სულიც თავის სხეულში ლოცულობს და არა მის გარეთ. ამგვარად, დიდი მეტანია და მიწაზე განრთხმა სინანულისა და სიმდაბლის, თაყვანისცემისა და მორჩილების „ფსიქო-სხეულებრივი“ ნიშანი და სამარხვო ღვთისმსახურების განმასხვავებელი თვისებაა.

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/didmarkhva3.htm#2



--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 16 2010, 01:24 PM
პოსტი #5


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ზეთის კურთხევა

დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში სრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ „შვიდჯერ ზეთისცხება“ , როგორც მას დღეს უწოდებენ.

ეს საიდუმლო, ისევე როგორც ახალი აღთქმის დანარჩენი საიდუმლო, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიწესა, როდესაც მისი ლოცვა-კურთხევით საქადაგებლად წარგზავნილი მოციქულები „სცხებდნენ ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს“ (მარკოზი 6, 13). ზეთის კურთხევის მიზანი წმიდა მოციქულ იაკობის სიტყვებშიც ჩანს: „ უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ ზეთი სახელითა უფლისაჲთა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე ექმნეს, მოვეეტეოს მას“ (იაკობი 5, 14-15).

აქედან ჩანს, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება.

ამ საიდუმლოს პირველსახედ შეიძლება მივიჩნიოთ, აგრეთვე, თვით უფლის მიერ განრღვეულის განკურნება ქალაქ კაპერნაუმში, როდესაც იესო ქრისტემ სნეული არა მარტო სარეცელიდან ააყენა, არამედ ცოდვებიც მიუტევა (მარკ. 2, 1-12).

დღეს ეს საიდუმლო სრულდება ეკლესიებში დიდი მარხვის პერიოდში ან მძიმე ავადმყოფის სახლში, როდესაც ამისი აუცილებლობაა, წლის ნებისმიერ დროს. ამასთან, თუ ავადმყოფთან საიდუმლოს ჩატარებისას ჩვენი მთავარი მიზანი სნეულების დათრგუნვაა, ეკლესიაში მას მორწმუნეები ძირითადად ცოდვათა მიტევების გამო ესწრებიან; თუმცაღა, ცხადია, ორივე შემთხვევაში საიდუმლოს ორივე ზემოქმედება ძალაშია, რამეთუ სნეულებისაგან სრული განკურნება ცოდვათა მიტევების გარეშე ადამიანის სულისათვის, შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს.

სასურველია, რომ მორწმუნემ ზეთის კურთხევაში მონაწილეობა ყოველწლიურად მიიღოს, რადგან, თუ აღსარებისას ადამიანს ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც აღიარა და მოინანია, ზეთის კურთხევისას, გადმოცემით, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება. ამის გამო საიდუმლოში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც აღსარება ერთხელ მაინც უთქვამთ.

სხვადასხვა ეკლესიებში ზეთის კურთხევა დიდი მარხვის სხვადსხვა კვირაში სრულდება, რაც საშუალებას აძლევს მორწმუნეს გამორიცხოს შემთხვევითი, დამაბრკოლებელი მიზეზი და არ დააკლდეს ამ დიდი მადლის მომნიჭებელ საიდუმლოს.

ღმერთმა განგვკურნოს ჩვენ და სრულიად საქართველო სულიერ და ხორციელ სენთაგან. ამინ.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 17 2010, 11:52 AM
პოსტი #6


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



17 თებერვალი (ძვ. სტ. 4 თებერვალი). დიდი მარხვის I შვიდეული ოთხშაბათი

ღირსისა ევაგრესი, ღირსი შიო მღვიმელის თანამოღვაწისა (VI); ღირსისა ისიდორე პელუსიელისა (დაახლ. 436-440); მოწამისა იადორისა (III); მღვდელმოწამისა აბრაამისა, არვილელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 344-347); ღირსისა ნიკოლოზ აღმსარებელისა, სტუდიელი იღუმენისა (868).

პირველშეწირულის ლიტურგია.

VI ჟამ. - ეს. II, 3-11. მწუხ. - შესქ. I, 24 - II, . იგავ. II, 1-22.




ოთხშაბათსა პირველისა შვიდეულისასა, მოკუდინებისათვის ვნებათასა, და სამკალისათვის სულიერსა. გუაკურთხენ, მამაო!


ძმანო და მამანო, მოწევნული ესე ჟამი მარხვისა, ჟამი არს შრომათა და ოფლთა ხორციელთა, ხოლო მოსაგებელთა და გვირგვინთა და მადლთა სულიერთა, ვითარცა უკუე ხილულსა ამას და საწუთოსა შრომასა, განვალს კაცი საქმესა თვისსა, და შრომასა თვისსა ცისკრითგან ვიდრემდე მწუხრამდე, პირუელად ხუნად, და განწმენდად ყანისა თვისისა ეკალთაგან და კუროს თავთა, და ყოველთაგან ნივთთა მავნებელთა, და მერმე თესუად თესლისა და ვითარცა მოიწიოს მკა, არა სცის ლხინებაი თავსა თვისსა, ვიდრემდის სრულიად მომკის, და განლეწის, და წინა მდებარეი იგი საუნჯეთა თვისთა შეიკრიბოს, რაი უკუე ჯერ არს თქმად, რამეთუ უკეთუ ხორციელთა ზედა ესრეთ არს, არა უფროსად საჭირო იყოსა, სულიერსა ზედა ესრეთ ყოფად. რამეთუ ჩუენდაცა წინა მდებარე არს თესვაი და მკაი, ვითარცა თქუმულ არს მოციქულისა მიერ, ვითარმედ: “რომელმან თესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან თესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს”. და უფალი ეტყოდა მოწაფეთა თვისა: “არა თქუენ იტყვითა, ვითარმედ ოთხღა თთუე არიან, და მოვალს მკაი, აჰა ესერა მე გეტყუი თქუენ, აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან აწვე სამკალად და მომკალმან სასყიდელი მიიღოს, და შეჰკრიბოს ნაყოფი ცხოვრებად საუკუნოდ, რათა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდეს”. აჰა ესერა გიჩუენე თქუენ, რაი არს თესუაი, და მკაი სულიერი. განვიდეთ უკუე ჩუენდა საქმესა ჩუენსა სულიერსა, რომლისათვის ვიჩინენით: ვთესოთ მარხუაი, ლოცუაი, ცრემლი, ფსალმუნებაი, მუხლთდრეკაი, ხმელისა ჭამაი, ხმელსა ზედა წოლაი და სხუა ყოველივე მოღუაწებაი, რათა შევჰკრიბნეთ ნაყოფნი, არა ხორციელნი და წარმავალნი, არამედ სულიერნი და დადგრომადნი ცხოვრებად საუკუნოდ, სიწმიდე, სიყუარული, სიხარული, სულგრძელებაი, მოთმინებაი, სიმშვიდეი, და სხუაი ყოველივე სათნოებაი, რამეთუ ესენი არიან ნაყოფნი სულისანი, რომელთაი ჯერ არს გულისხმისმყოფელისა გონებისა მიერ განლეწვა და შეკრება, ესე იგი არს, რათა შეურევნელ იყოს კეთილი ბოროტისაგან, ვითარ იგი სიყუარული, არამედ არა ვნებულად. და შური კეთილისა, არამედ არა მოშურნეობით და ზრახუაი ძმისათვის, არამედ არა მტერობით, არამედ უფროსღა წადიერებით აღსრულებად ნებაი ღუთისა კეთილი და სათნოი და სრული, ვითარცა წერილ არს: “ხოლო უკეთუ საუნჯეთაცა ჯერ არს შეკრება, ესე ვითართა ამათ ნაყოფთა, რაიმცა იყო სხუა, არამედ სიმდაბლისა მიერ დაკრძალუა”, ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ “რაჟამს ყოველივე ჰყოთ, სთქვით, ვითარმედ მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანა გუედუა ყოფად, ვჰყავთ”. და კუალად მოციქული იტყვის, ვითარმედ: “რაი გვაქვს, რომელი არა მიგიღებიეს. რაისა იქადი, ვითარცა არა მიღებულსა”, და ესე შრომაი და ესე მკაი, არა ორთა, და სამთა დღეთა შინა თთუეთა იხილუების ძმანო, არამედ განგრძობილად დასასრულსა თანა ცხოვრებისა ჩუენისასა, ხოლო მერმესა მას რა ცხოვრებასა ჩუენსა თანა შეტყუებულ იქმნას, ვითარცა ერთი დღე შეირაცხოს, რამეთუ მუნ დასასრული არა არს, მუნ ნაყოფსა შრომათა თვისთასა თვითოეული სჭამდეს. მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ, რომელი იგი უფლებს ძალითა თვისითა საუკუნეთა. ოდენ ნუ უდებვიქმნებით, ნუცა ოდენ მოვიწყინებთ, ნუმცაცა დამძიმდებიან გულნი ჩუენნი შუებითა და მთურალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისათა, ოდეს მოვაკუდინნეთ ასონი ქუეყანისანი, სიძუაი, არა წმიდებაი, ვნებაი, გულისთქმაი ბოროტი, ანგარებაი, და სხუანი იგი უპატიოებისა ვნებანი, ოდეს გულმოდგინედ ვიტვირთოთ უღელი მორჩილებისა, ბრძანებულსა ყოველსა ვიქმოდეთ, სიმძიმესა ყოველსა ვიტვირთვიდეთ ურთიერთარს, რათა ესრეთ აღუასრულეთ სჯული იგი ქრისტესი, მსგავსად წერილისა. და ნეტარ არს, რომელმან ყოველივე შეურაცხჰყოს ღუთისმოშიშებისათვის, და ნეტარ არს, რომელი უმრავლეს დაშურეს. რამეთუ სადა უმეტეს შრომა იყოს, მუნ უფროს არს სასყიდელიცა, და რომელმან შეურაცხი და უმრწმესი მსახურება აღირჩიოს, მან მიიღოს უფროსობაი, სიტყვისაებრ უფლისა, ვითარმედ: “რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყავნ იგი ყოველთა მსახურ და უკანასკნელ”, და რამეთუ ძე კაცისა არა მოვიდა, რათამცა იმსახურა ვისგანმე, არამედ მსახურებად, და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის. ჩუენებულ არს უკუე პირუელ თქუმულთა ამათგან, რამეთუ არს წინაშე ჩუენსა თესუა და მკაი ყოვლადვე და მარადის, ხოლო უმეტეს აწინდელსა ამას ჟამსა მარხვისასა ვთესოთ უკუე, ძმანო, თესლი მოღუაწებისა ცრემლით, და მოვიმკოთ გულსმოდგინებით ნაყოფი სათნოებისა: რომელი ასწავებდეს – სწავლა, რომელი ზედა ადგებოდეს – მოსწრაფება, რომელი განაგებდეს – განმგებობა, რომელი ჰმსახურებდეს – მსახურება, რომელი ჰმორჩილებდეს – მორჩილება, რომელი დაყუდებულ იყოს – დაყუდება, რომელი ილოცვიდეს – ლოცუა წარუტყუენველი; ყოველივე ყოველსა შინა მსგავსად ძალისა საცნაურ არს, რაჟამს ხორციელად მშრომელნი გულსმოდგინედ ხელჰყოფდეს საქმესა, ხოლო ჩუენ უდებებით და დახსნილებით მოუხდებოდეთ სულიერთა მოსწრაფებათა, ბოროტ არს, რაჟამს იგინი ოფლითა შესუარულნი არა განეშორებოდენ საქმესა; ხოლო ჩუენ მცონარე და მოწყინე ვიყუნეთ სიმტკიცისა მიმართ სათნოებათასა, და მოღუაწებისა საღმრთოისა, რომლისათვის სასუფეველი ცათაი წინა სძეს მაშვრალთა მათთვის უფლისათა; რომლისა თვისმე ცხოვრება საუკუნო, რომლისა თვისმე სიხარული გამოუთქმელი არს რამეა დახსნილობით მუშაკთა მიერ მოგებაი დიდთა და გულისსათქმელთა? ნუ იყოფინ. ამისათვის ჯერ არს განფრთხობაი და აღდგომაი, რამეთუ არა განხრწნადი და საწუთო სამკალი სძეს წინაშე ჩუენსა, არამედ უხრწნელი და საუკუნო, რათა ღირს იყოს ჩუენთვისცა თქმად, ვითარმედ ნაშრომი ხელთა შენთა ჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ. ნუ ვინმე თქუას, ვითარმედ უძლურ ვარ, და ვერ ძალმიძს სულიერისა ამის სამკალისა მკად, ნუ უკუე და უძლურ ხარ ხორცითა, ხოლო არა სულითა! უკეთუ გნებავს, ძალგიძს საქმედ კეთილისა; ცრემლნი გქონან, სინანული გაქუს, ლმობიერება გაქუს, დაცუაი გონებისა გაქუს, მშვიდობაი გაქუს და სიწმიდეი გაქუს. რომელნი ესე ფრიად საყუარელ არიან ღუთისა. ხოლო უკეთუ უძლურებისათვის მარხუად, ზედგომად და მუხლთდრეკად მრავალ ჟამ ვერ ძალგიძს, ზემო თქმულნი ესე დაიმარხენ და ცხოვნდე. ნუ ვინ იტყუის თუ შემიბრკმა და ვერ ძალმიძს აღდგომად! ინებე ხოლო და აღგადგინოს შენ, რომელმან იგი აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, ნუ უკუე რომელი დაეცის, არა აღსდგისა? ანუ რომელი მიიქცის, ნუ არა მოიქცისა? ცხოველ ვარ მე, იტყვის უფალი, არა მნებავს მე სიკუდილი ცოდვილისა, ვითარ მოქცევაი, და ცხოვრებაი მისი. აწ უკუე რაიმცა გუაქუნდა მიზეზი ჯეროვანი, ანუ ადგილი სიტყვისგებისაი? არა ყოველთა გულსმოდგინებითა აღსრულებად მცნებათა და მიმთხუევად აღთქმულთა მათ კეთილთა გვიბრძანებს? აჰა ესერა წმიდანი მამანი ჩუენნი დაჰშურეს, სთესდეს და მოიმკეს, და შეიკრიბეს თვისა საუნჯეთა ცხოვრებაი საუკუნოი, და აწ არიან სიხარულსა შინა, და მოელიან გამოჩინებასა დიდისა მის დღისასა, რომელსა შინა განბრწყინდენ, ვითარცა მზე! გევედრები, ძმანო, ნუ უცხო ვიქმნებით ნეტარებათა ამათგან და ნუცა კნინისა და უნდოისა და საწუთოისა განსუენებისა და გემოისათვის განვსცემთ ცხოვრებასა ჩუენსა, რათა არა საუკუნოდ დავისაჯნეთ; არამედ რავდენცა შესაძლებელ იყოს, ვიღუაწოთ შემდგომად კუალსა წმიდათა მათ და ყოვლად ქებულთა მამათასა, ყოველსავე თავსვიდებდეთ, ყოველსავე მოვითმენდეთ, რათა სასუფეველი ცათა დავიმკვიდროთ, ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 18 2010, 11:25 AM
პოსტი #7


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



18 თებერვალი (ძვ. სტ. 5 თებერვალი). დიდი მარხვის I შვიდეული. ხუთშაბათი

მოწამისა აღათიასი (251); მოწამეთა: თეოდულიასი, ელადისა, მაკარისა და ევაგრესი (დაახლ. 304); წმ. თეოდოსისა, ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსისა (1696).

VI ჟამ. - ეს. II, 11-21. მწუხ. - შესქ. II, 4-19. იგავ. III, 1-18.





ხუთშაბათსა პირველისა შვიდეულისასა, განშუენებისათვის უხრწნელისა მის სამკვიდრებელისა ჩუენისა, სათნოებათა სამკაულითა. გუაკურთხენ, მამაო!



ძმანო და მამანო, სოფლისა ამის კაცნი, რაჟამს სახლთა მრავალსასყიდლისათა აღმართებდნენ, არა სცემენ განსუენებასა თავთა თვისთა ჭირითა, და შრომითა, და რუდუნებით ღამე და დღე, ვიდრემდის სრულყონ სასწრაფოი იგი თვისი და ესოდენ სურვილი აქუსთ მათთვის, ვიდრეღა ყოველი გონება მათი მათ შინა იქცევიან, და განიცდიან, თუ ვითარ სართული კეთილად დაირთოს, ანუ ვითარ ქუეყანა მარმარილოითა თვითო სახითა შეიმკოს, სხვისა მის-თანა შუენიერებისა, რათა ხილვისმოყუარეთა სახესა და ფერსა შუენიერსა და საწადელსა მისცემდეს. და კუალად უკეთუ ვინმე ინებოს დაბრკოლებაი მათი ზრუნვისა მისგან, ესრეთ შეუძნდეთ, ვითარცა დიდად ვნებულთა. ხოლო ჩუენ ვინაითგან არა განხრწნადთა სახლთა აღუაშენებთ, არამედ უხრწნელთა, არა ქუათაგან და ძელთა შენაწევრებულთა, არამედ მადლითა სულიერითა გამოქანდაკებულთა, უდებმევიქმნეთა? და მათისა მის მოსწრაფებისა უდარეს ვიპოვნეთა? და ვითარ არა იყოს ესე დიდი უსამართლობა. უფროისღა, რამეთუ იგინი კაცთა ხორცთ მოყუარეთა შეიწყნარებენ, და მრავალნი რა უფალნი იცუალნიან, უკანასკნელ დაიხსნიან და მოოხრდიან. ხოლო ამათ სულისა წმიდისა შეწყნარებაი იციან. რამეთუ ტაძარნი ღუთისანი ვართ, და სული ღუთისა მკვიდრ არს ჩუენ შორის, ვითარცა იტყვის საღმრთო მოციქული: ”და ავმაღლდეთ რა ამიერ სოფლით, ჩუენთანავე ამაღლდებიან, და ჰგიან ცათა შინა დაურღვეველად უკუნისამდე”. ხოლო რაი არს ნივთი ამის შენებისა? მწყობრი სათნოებათა. აწ უკუე დავსდვათ პირუელად შიში უფლისა, ვითარცა საფუძველი შეუძრუელი, ვინაითგან ”დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა”. და მერმე გონიერებაი და სიმხნე და სიწმიდე, და სიმართლე, ძალითა ერთი ერთისა შეახლებული და საკრუელითა სიყუარულისათა შენაწევრებული და შემტკიცებული, ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ, ვითარცა წერილ არს: ”ამას ტაძარსა, ძმანო, დღითი დღე ვაშენებდეთ, და ამისა შემკობად სიკეთითა სათნოებათათა ნუ დავსცხრებით, რათა სული წმიდა თანამკვიდრად გუაქუნდეს, რათა ანგელოსნი და კაცნი თავთა მიმართ თვისთა მოვიზიდნეთ ცხოვრებისა ჩუენისა შუენიერებითა და კეთილად ცხოვრებითა”. ხოლო ვინაითგან მარხუაცა ერთი არს სათნოებათაგანი, უფროსღა მისსა მიმართ განვმხნდეთ აწ და მივსცეთ დიდებაი ღმერთსა, რამეთუ ერთი სტადიონი მისი აღუასრულეთ. პირნი ჩუენნი შეიცუალნეს უფროს პირუელისა, არამედ კეთილითა შეცუალებითა, რომელ არს მარხვისა მიერისა სიყვითლითა ბრწყინუალება! სასანი ჩუენნი დამწარდეს ნაღვლისა მიერ, მიმყოვრებულად ჭამისაგან შესრულებულნი. არამედ სულნი ჩუენნი დასტკბენ სასოებითა ფრთოან ქმნულნი, დაღაცათუ ესენი ურთიერთარს მხდომ არიან, და ერთისა განმტკიცებად მეორისა დამხსნელ იქმნების, ხოლო ჩუენ ვიხარებდეთ, რაჟამს უმჯობესი განმტკიცნებოდეს და შეემატებოდეს. გარნა ნუ უკუე სთქუას ვინმე, ვითარმედ დღითი დღე მიღება საზრდელისა ნაკლულევანება არს სრულებისა, ნუ იყოფინ! რამეთუ, უკეთუმცა ესრეთ იყო, არამცა განეწესა უფალსა პური ესე ჩუენი არსობისა, თხოვად ჩუენდა; არამცა წინასწარმეტყუელი ილია უდაბნოსა ზედა დღითი-დღე გაზრდილ იყო ყორნისა მიერ; არცამცა პავლეს, რომელი პირუელ დიდისა ანტონისსა უდაბნოს მკვიდრ იქმნა, მდღევარი პური მიეღო ღუთისა მიერ; არცამცა თავადსა დიდსა ანტონის უფროს დღე გამოღებით შვიდეულით მარხვისა, თვინიერ განძღომისა, დღითი-დღე ჭამაი უმჯობესად განეწესა! და ვითარ ვჰგონებ ამის სახისათვის, რამეთუ ვინაითგან ხორცნი ჩუენნი, დღე ყოველ შურებოდენ რა, მოუძლურდებიან საცნობელთაგან, ვითარცა კიცვი რაიმე მორბედი და უხმს განსუენებაი – ამის თვისცა შემოქმედმან ბუნებათამან დღითი-დღედი საზრდელი შესაწევნელად მისსა საჭიროდ განაგო, რათა შემდგომითი შემდგომად უმაღლესად ჰრბიოდეს, და არღა იყოს დახსნილ, და დავრდომილ, ვითარ იგი შეემთხუევის მათ, რომელნი ორ-ორით, და სამ-სამით, და ოთხ-ოთხით რა იმარხუენ, რამეთუ ვერცა ზედას-ზედა მუხლთა დრეკად ძალუძთ, ვერცა ფსალმუნებასა შინა მხნედ მეტყუელებად, ვერცა სხუათა მსახურებათა სუბუქად აღსრულებად, გარნა თუ უაღრეს ბუნებათა რაიმე იქმნებოდეს! აწ უკუე არა უსრულთა არს დღითი-დღეი საზრდელი, თვინიერ განძღომისა, განწესებულსა ჟამსა მიღებული, არამედ ფრიად სრულთაცა, და ვაშა, ვაშა, რამეთუ მამათა მიერ განკანონებულ არს ჩუენი ესე მარხუაი, და უმეტეს მოგმადლენ თქუენ სიმართლეი ხორცთა, სიცოცხლეი სულთა მონებად ღუთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა, და მოლოდებად უკანასკნელსა მას დღესა, რომელსა შინა წმიდათა თანა გაბრწყინდეთ, ვითარცა მზე, და სასუფეველი ცათა დაიმკვიდროთ ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა დაუსაბამოთ მამით და ყოვლად წმიდით, სახიერით, და ცხოველ-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 19 2010, 11:20 AM
პოსტი #8


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



19 თებერვალი (ძვ. სტ. 6 თებერვალი). დიდი მარხვის I შვიდეული, პარასკევი .

ღირსისა არსენ იყალთოელისა (1127); ღირსისა ვუკოლე სმირნელ ეპისკოპოსისა (დაახლ. 100); ღირსთა: ბარსანოფი დიდისა და იოანე წინასწარმეტყველისა (VI); წმ. ფოტისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (891); მოწამეთა: დოროთეასი, ქრისტინესი, კალისტასი და თეოფილესი (288-300); მოწამისა ივლიანესი (312); მოწამეთა: ფავსტასი, ევილასესი და მაქსიმესი (305-311); მოწამეთა: მართასი, მარიამისა და ძმისა მათისა ღირსმოწამისა ლიკარიონ ყრმისა.

პირველშეწირულის ლიტურგია.

VI ჟამ. - ეს. III, 1-14. მწუხ. - შესქ. II, 20 - III, 20. იგავ. III, 19-34.

ამბიონის ლოცვის შემდეგ აღესრულება დიდმოწ. თეოდორე ტირონის სავედრებელი კანონი და კოლიოს კურთხევა.





პარასკევსა პირველისა შვიდეულისასა, საღმრთოისა მოქალაქობისათვის. გუაკურთხენ, მამაო!



ძმანო და მამანო, ყოვლადვე ჯერ არს ჩუენდა ზრახუად სულიერისათვის და მოხსენებად თქუენდა სულთა სარგებელისა, უფროსღა დღეთა ამათ მარხვისათა; რამეთუ ვითარცა სხუათა მოღუაწებათა განვაგრძობთ, ეგრეთვე სწავლისაცა განმრავლებაი თანაგუაძს და არა დუმილი, ვინაითგან დუმილი ძილსა შეიქმს სულისასა, ხოლო ძილი მიზეზი არს სიკუდილისა, ვითარცა ილოცვიდა დავით იტყოდა: ”განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუ უკუე დავიძინო მე სიკუდიდ”. ხოლო სიტყუა, აღძრული გულსა შინა, წყარო არს წყლისა ცხოველისა, მდინარისა ცხოვრებად საუკუნოდ, რომლისა რაიმცა იყო უფროის სარგებელ. და ესე უწყოდა ნეტარმან მოციქულმან, და იტყოდა: ”სიტყუა ქრისტესი დამკვიდრებულ იყავნ თქუენ შორის მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა, ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თვისთა”. ჰხედავა, რამეთუ სწავლად და მოძღურებად თავთა თვისთა გვიბრძანებს ჩუენ და არა თვისისა მოხსენებისა ხოლო კმაყოფად! მე უკუე, გლახაკი ესე, რაოდენ გზისცა გეტყოდი თქუენ, აღვიარებ, ვითარმედ ფრიად სარგებელ მეყოფვის, რამეთUაღმოუწოდ თავსა ჩემსა სიბნელისაგან ამის ცხოვრებისა და უფრთხილეს ვიქმნები, და გულისხმისყოფად მოვალ თვისთა ცოდუათა. რამეთუ სიბნელე და შერეულობა არს ესე ცხოვრება, და სიტყუანი ბოროტნი აღიძვრიან მას შინა მარადღე, და სმენანი ამაონი, ზედა დასხმითა ეშმაკისათა, წინააღმდგომთა გულისსიტყუათა მიერ, და ჯერ არს წარდევნა ამათი მარადის სიტყვისა მიერ, და წმიდად წარდგინებაი გონებისა და კრძალუა, რომლისათვის ვიჩინენით. ხოლო რაისათვის ვიჩინენით? მონებად ღუთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა, და მოლოდებად ძისა მისისა ზეცით, იესო ქრისტეს, მაცხოვრისა და მხსნელისა ჩუენისა, რისხვისა მისგან მომავალისა, ვითარცა წერილ არს: ”ხოლო არავინ მონაი მოელინ უფალსა თვისსა, არცა ბრალეული მსაჯულსა და დაიძინის და განისუენებს და განსცხრების, არამედ განიფრთხვის, და განიღვიძის და იღუწვის და იგონებნ, რაი შეემთხუევის, რომელსა იგი იგონებნ. კუალად მოციქული იტყვის, ვითარმედ: თავადი უფალი ბრძანებითა, და ხმითა ანგელოზთმთავრისათა, და საყვირითა ღუთისათა გარდამოხდეს ზეცით და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერ აღსდგენ პირუელად, მაშინღა ჩუენ ცხოველნი ესე რომელნი დაშთომილ ვიყუნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა, შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა, და ესრეთ მარადის უფლის თანა ვიყოფოდეთ”. არამედ ვითნიმე, ესე იგი არს: გლახაკნი სულითა, და მგლოვარენი, და წმიდანი გულითა, მშვიდნი და მშვიდობის მყოფელნი, და მოწყალენი, და რომელთა უღელი მორჩილებისა იტვირთეს, და რომელთა აღთქმა უტყუელად დაიმარხეს, - ესენი იყოფოდნენ ქრისტეს თანა. ხოლო ბოროტის მოქმედნი და ურჩნი, და წინააღმდგომნი, და მაცილობელნი, და შეურაცხისმყოფელნი აღთქმისანი, და უარისმყოფელნი მორჩილებისანი, რომელთა აღუარებელნი ცოდვანი ჰქონან და სხუანი ესე ვითართა ბოროტთა მოქმედნი, არცა აღიტაცნენ ღრუბელთა და არცა იყოფებოდენ უფლისა თანა, არამედ საწყალობელი სასჯელი მიიღონ, მოსასრუელი საუკუნოდ პირისაგან უფლისა, და პირისაგან დიდებისა ძლიერებისა მისისა, რომელი ესე ნუ იყოფინ თქუენთვის მოგონებადცა, გინა სიტყუად. ამისთვის გევედრები, განვიფრთხოთ და ვზრუნვიდეთ ცხოვრებისათვის ჩუენისა. აჰა ესერა ჰხედავთ, რამეთუ დევნულება წინაშე პირსა ჩუენსა არს, და განსაცდელნი – მახლობლად ჩუენდა, არამედ ნუ გეშინინ, და ნუცა შევსძრწუნდებით ჩუენ ზედა აღდგომილთა განსაცდელთათვის, რამეთუ უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს მტერ ჩუენდა? და უკეთუ პირუელ-მოწევნულთა მათ ჩუენ ზედა დევნულებათა ჩუენ თანა იყო, ვითარ აწ არა ჩუენ თანა იყოს, გლახაკთა ამათ, მოწევნადთაცა განმამხნობელად და განმაძლიერებლად ჩუენდა ყოვლისავე მიმართ აღთქმისამებრ თვისისა? ანუ თუ რაიმე ჰყონ წინააღმდგომთა ჩუენთა, კუალად გუდევნენა? ”არამედ უფლისა არს ქუეყანა და სავსება მისი”. კუალად პყრობილ-გუყუნენა? არამედ რაი არს უმჯობეს ქრისტესთვის პყრობილებისა! კუალად გუგუემნენა? არამედ უმრავლესთა გვირგვინთა გუექმნენ მომატყუებელ! და უკუეთუ მოგუაკუდინენ, მოვიხსენოთ, რამეთუ უფალიცა ჩუენი მოკუდა, რომლისა თანა თუ მოვკუდეთ, მისთანაცა ვსცხოვნდეთ, ვითარცა იტყვის მოციქული: ”და უკეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ”. ესევითარი იყო ნეტარი და დიდი მოწამე ქრისტესი თეოდორე, რომლისაცა ხსენებასა აღუასრულებთ, რამეთუ ყოველივე ქრისტესთვის სიხარულით დაითმინა – ტანჯუანი, ხუეტანი, პყრობილებანი, შიმშილითა და წყურვილითა განკაფაი, და ცეცხლსა მიცემაი და სიკუდილი, და ყოველივე სახეი სატანჯუელთა შეურაცხჰყო და ყოველთა ამხილა, არა თუ ახოვნად თავსდებითა ხოლო, არამედ წადიერებითაცა, და გულსმოდგინებითა მრავლითა, და რამეთუ ცეცხლი, ვითარცა თიხა დასთრგუნა, და მახვილისა მიმართ, ვითარცა შარავანდედისა და გვირგვინისა, მირბიოდა და ყუედრებანი და კიცხევანი უსჯულოთანი არა რად შერაცხნა; რამეთუ ყოველივე აღსძრა მისსა მიმართ მბრძოლმან მან ჭეშმარიტებისამან, და დაბრკოლებაი მისი ვერ უძლო, ვერცა მძლე ექმნა სიბრძნესა მისსა ტანჯუაი, ვერცა ახოვნებასა მისსა ერეოდა გუემაი, არამედ ეგო ყოვლისავე ანდამატისა უმტკიცეს, და კეთილთა მათ წარუვალთა სასოებითა უშუებდა, და ღუაწლითა სამკაულითა განშუენდებოდა. ამით სასოებითა ვჰმონებდეთ უფალსა ჩუენცა, გლახაკნი ესე, ამით სასოებითა მოვითმინოთ ყოველნი ჭირნი და იწროებაი მომავალი. შეურაცხჰყო მან საწუთოი ესე ცხოვრებაი? შეურაცხვჰყოთ ჩუენცა შუებაი ხორცთა! მისცნა მან ხორცნი თვისნი თვითო სახეთა სატანჯუელთა? მივსცნეთ ჩუენცა თავნი ჩუენნი მონაზონებისა შრომათა; დაუტევა მან სოფელი და სოფლისა ყოველივე ქრისტესთვის? დაუტევნეთ ჩუენცა ნებანი ჩუენნი ბოროტნი, რათა გარდავხდეთ ზღუდესა მას ცოდვისასა, მდგომარესა შორის ღუთისა და ჩუენისა! შეურაცხჰყო მან სიყმილი? შეურაცხვყოთ ჩუენცა მძლავრებაი იგი მუცლისა? შესთხივნა მან ხორცნი თვისნი ცეცხლსა და დასთრგუნნა მან ნაკუერცხალნი? დავშრიტნეთ ჩუენცა გულისთქმათა ბოროტთა სახმილი! ნუ საწუთოთა ამათ ვხედავთ ჭირთა, არამედ საუკუნეთა მათ კეთილთა; ნუ აწინდელთა მათ ძვირთა, არამედ სასოებათა მათ ტკბილთა; ნუ ვნებათა, არამედ ნიჭთა; ნუ შრომათა, არამედ გვირგვინთა; ნუ ოფლთა, არამედ მოსაგებელთა, რათა მორჩილებისა მიერ და აღსარებისა ღირს ვიქმნეთ ჩუენცა მკვიდრ ყოფად სასუფევლისა ცათასა, ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 20 2010, 10:34 AM
პოსტი #9


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



20 თებერვალი (ძვ. სტ. 7 თებერვალი), დიდი მარხვის I შვიდეული, შაბათ

დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა (306)*. კეთილმსახურისა მეფისა სოლომონ II-ისა, სამშობლოსათვის თავდადებულისა (1815); ღირსისა პართენი ლამფსაკიელი ეპისკოპოსისა (IV); ღირსისა ლუკა ელადელისა (დაახლ. 946); 1003 ნიკომიდიელ მოწამეთა (303).

წმ. იოანე ოქროპირის წირვა.

ლიტ. - ებრ. 303 დას. I, 1-12. მკ. 10 დას. II, 23 - III, 5. დიდმოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2. წმ. მეფ. - რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. X, 1-9.

* გარდამავალია, მოიხსენიება დიდი მარხვის I შაბათს.





შაბათსა პირველისა შვიდეულისასა, რათა მხნედ, და მტკიცე ვიყუნეთ მართალსა შინა სარწმუნოებასა. გუაკურთხენ, მამაო!


ძმანო და მამანო, წინამდებარე არს ჩუენდა დღეთა ამათ შინა დღითი-დღე მარხვისათვის ზრახუად, და სხუათა მათ მოღუაწებათა, რომელნი აღესრულებიან წმიდათა ამათ შინა ორმეოცთა, არამედ დღისა ამის სახემან მომიყუანნა ჩუენ ხსენებად, რომელი იგი გუესმა, რამეთუ აჰა ესერა მაუწყენ ჩუენ, ვითარმედ თვითმპყრობელი განრისხებულ არს ჩუენთვის და აწ ვითარცა სთქუეს, სიქადულით გუაშინებს, და გუექადის, რომელთა მიმართ უკეთუ ღუთივ შუენიერად განვეწყუნეთ, ვერარაი ირგოს ჩუენგან, არამედ მართლუკუნ იქცეს სირცხვილეული, რამეთუ რაი ვსთქუათ სხუა, არამედ ესე, ვითარმედ კუალად თუ ვიდევნნეთ, კუალადცა გვირგვინოსან ვიქმნნეთ. და რავდენცა განმრავლდენ ვნებანი, უფროსად გარდაემატნენ ნუგეშინისცემანი სულისა წმიდისანი, სიტყვისაებრ მოციქულისა, ვითარმედ: "რაოდენ გარდაემატნენ ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგოდენ ქრისტეს მიერ გარდაემატნენ ნუგეშინისცემანიცა ჩუენნი". რამეთუ გინათუ ვიჭირვით თქუენისათვის ნუგეშინისცემისა და ცხოვრებისა, რომელი შეიქმნების მოთმინებითა ვნებათათა, რომლითა ჩუენცა გუევნების და სასოება ჩუენი მტკიცე არს თქუენთვის, გინა თუ ნუგეშინისცემულ ვართ თქუენთვის ნუგეშინისცემისა და ცხოვრებისა, უწყით, რამეთუ ვითარცა იგი ზიარ ხართ ვნებათა, ეგრეთვე ნუგეშინისცემასა. აჰა ესერა გვიჩვენა ჩუენ ზიარებად ურთიერთარს ვნებათაცა შინა და ნუგეშინისცემეთაცა, ვითარცა იგი ერთხორც ვართ და ერთ სულ, ვითარცა იგი ვიჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებითა ჩუენისათა. ნუმცა უკუე დავეცემით ამიერითგან, ძმანო, ნუმცა ვიურვით ტანჯუათათვის და ჭირთა ხორციელთა. არამედ აღვსდგეთ ყოველნი, ვითარცა კეთილნი სტრატიოტნი ქრისტესნი, და შევიმოსოთ საჭურუელი ჩუენი - არა ხორციელნი, არამედ სულიერი და ძლიერი ღუთისა მიერ, დარღუევად ძნელოვანთა მათ საფრთხეთა მტერისათა, რომელ არს გონებაი, სიმხნე, სიწმიდე და სიმართლე. და ესრეთ აღუასრულოთ ბრძანებული ღუთისა მიერ, ვითარმედ: "რაჟამს გდევნიდეს თქუენ ამიერ ქალაქით, ივლტოდეთ სხუად და წარრაუვიდოდეთ, ნუ ჰზრუნავთ რაი სჭამოთ, ანუ რაი შეიმოსოთ", რამეთუ თავადმან ბრძანა: "არა დაგიტეო თქუენ, არცა დაგაგდო თქუენ", რამეთუ მუნცა ძალუძს განღებად ჩუენდა კარი, და შეწევნად ყოველსავე შინა. არა გვიხარისა, რამეთუ ესე ვითარნი აღთქმანი გუქონან, არა განვსცხრებითა, რამეთუ მოწაფენი ვართ უფლისანი! ესრეთ სდევნნეს წმიდანი მოციქულნი, რომელთა იგი უბრძანა მაცხოვარმან: "ნეტარ იყუნეთ თქუენ, რაჟამს გდევნიდენ, და გყვედრიდენ, და სთქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის, გიხაროდენ და მხიარულ იტყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ არს ცათა შინა". აწ უკუე სიხარულისა, და მხიარულებისა არს მოწევნული ესე ჟამი, რამეთუ მოგუატყუებს ჩუენ სიხარულსა გამოუთქმელსა, და ცხოვრებასა საუკუნესა, და სუფევასა დაუსრულებელსა. იტყვის უფალი, ვითარმედ: "გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ, და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ!", ესე მცნებაი დავიმარხოთ მწუალებელთა მიმართ, და ნუ შევალთ ეკკლესიათა მათთა, და ნურცა სახლთა მათთა, არამედ სადაცა იყოს ძე მშვიდობისა, და თესლი ღუთის მსახურებისა, მუნ სავანე ვჰყოთ, და მიერ გამოვიზარდენთ, ვითარცა წინანდელთა მათ ჟამთა. ვეკრძალნეთ მჩემებელთაგან ჭეშმარიტებისათა, რომელნი უწოდდენ თავთა თვისთა წინამძღურად, და არა არიან წინამძღუარბი, არამედ მაცთურნი, და გონება ცთომილნი, რომელთა სასჯელი ცხად არს. დავიცუათ სარწმუნოებაი მიუდრეკელი, და ცხოვრებაი შეუგინებელად, და ნუ გავრყუნით ერთსა ერთითა, არამედ ორ-კერძოვე ვიქმნნეთ სრულ და უვნებელ, და წინამდებარე ესე აღსარებაი, იყავ განკაცებისათვის უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა. აწ უკუე რომელი არა აღიარებს უფალსა ჩუენსა იესო ქრისტესა გამოხატულად წერილითა, იგი არ აღიარებს მას გამოჩინებულად ხორცითა, და არცა გამოხატულად წერილითა. რომელი არა თაყუანისსცემს ხატსა მისსა წმიდასა, იგი არა თაყუანისსცემს უფალსა, რამეთუ ხატსა შინა პირმშოი იგი სახე და ხატი პირმშოსა მას სახესა შინა, თვითოეულისა გამოხატულისა სჩანს და თაყუანისიცემების, დაღაცათუ თქუენ ღუთისმბრძოლთა მათ, ვითარმედ: "თაყუანისვსცემთ", ტყუიან, ვითარცა თქუმულ არს: "ღმერთსა აღიარებენ ცნობად, ხოლო საქმითა უარჰყოფენ". ხოლო ჩუენ თაყუანისვსცემთ ქრისტესა და ხატსა მისსა, ღუთის-მშობელსა, და ხატსა მისსა. ყოველთა წმიდათა და ხატთა მათთა; ესე არს სამოციქულოი მოძღურებაი, რომელი მივიღეთ წმიდათა მამათა ჩუენთა მიერ. და ამას ნამარხევსა შეგვედრებ, შვილნო და ძმანო, სულისა მიერ წმიდისა, რომელ მკვიდრ არს თქუენ შორის, დაიცევით ესე წმიდად უბიწოდ, და შეუხებელად, და ილოცევდით ჩუენ გლახაკთათვის, რათა მომცეს ჩუენ უფალმან სიტყუაი აღებასა პირისა ჩუენისასა, ჯეროვნად აღმოთქმად, რათა არა გურცხუენეს სასოებისაგან ჩუენისა და რათა წინამდებარეი ესე ღუაწლი უბრალოდ სრულვყოთ თქუენთა, და ყოველნივე სასუფეველსა ცათასა მივემთხვივნეთ ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება, და სიმტკიცე თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 20 2010, 01:43 PM
პოსტი #10


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



დიდი მარხვის შაბათები

ეკლესიის მამები ხშირად ადარებდნენ დიდ მარხვას რჩეული ერის ორმოცწლიან ხეტიალს უდაბნოში. ბიბლიიდან ვიცით, რომ საღმრთო ერის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნისგან დასახსნელად და იმისთვისაც, რომ ამ ორმოცწლიანი ხეტიალის განმავლობაში საღმრთო განგების უზენაესი მიზნები გამოეცხადებინა, ღმერთმა მრავალი სასწაული ჰქმნა. ამ ხეტიალის მსგავსად ადგენენ წმინდა მამები ორმოცდღიანი მარხვის განმარტებასაც.

მარხვის საბოლოო მიზანი პასექია, ანუ ღმრთის სასუფევლის აღთქმული მიწა. მაგრამ დიდი მარხვის ყოველი კვირის დასასრულსაც თითქოსდა რაღაც „შესვენება“ ხდება, ამ საბოლოო მიზნის წინასწარი შეგრძნება. ეს ორი დღეა - შაბათი და კვირა, როცა ევქარისტია აღესრულება. ამ დღეებს მარხვის სულიერ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

დავიწყოთ შაბათით. მისი განსაკუთრებული მდგომარეობა საეკლესიო ტიპიკონში და ამ დღის გამორიცხვა სამარხვო ღვთისმსახურების ტიპისაგან ახსნას საჭიროებს. იმ „რუბრიკების“ თვალსაზრისით, რომლებზედაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, შაბათი სამარხვო დღე არაა, ის თვით ღმრთის მიერ დაწესებული დღესასწაულის დღეა. და აკურთხა ღმერთმან დღე მეშჳდე და წმიდა-ყო იგი“ (დაბ. 2,3). არავის შეუძლია საღმრთო განჩინების შეცვლა ან გაუქმება. მართალია, ბევრი ქრისტიანი ფიქრობს, რომ შაბათის დღესასწაულად დადგინება ღმრთის მიერ უბრალოდ კვირას იქნა გადატანილი და ეს დღე, ამგვარად, დასვენებისა და სიმშვიდის დღედ იქცა. მაგრამ ამ თვალსაზრისს არაფერი ადასტურებს არც საღმრთო წერილმი, არც საღმრთო გადმოცემაში. პირიქით, წმინდა მამათა წერილებში და ადრეულ საეკლესიო გადმოცემაში კვირას პირველი ან მერვე დღე ეწოდება, რითაც ხაზგასმულია მისი გარკვეული დაპირისპირება შაბათთან, რომელიც სამუდამოდ რჩება მეშვიდე დღედ, ღმრთისაგან განწმენდილად და კურთხეულად. ეს ის დღეა, როცა დამოწმებულ იქნა, რომ შექმნილი ქვეყნიერება ფრიად კეთილია და ასეთია ამ დღის მნიშვნელობა მთელს ძველ აღთქმაში, მნიშვნელობა, რომელიც თვით ქრისტეს მიერ იყო დაცული და ეკლესიაშიც ნარჩუნდება. ეს ნიშნავს, რომ დაცემისა და ცოდვის მიუხედავად ქვეყნიერება ღმრთის კეთილ ქმნილებად დარჩა, მან შეინარჩუნა ის არსებითი სიკეთე, რომლისთვისაც ასე გაიხარა უფალმა: „და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნა, და აჰა კეთილ ფრიად“.

ამიტომაც შაბათის დაცვა თავიდანვე ნიშნავდა, რომ ცხოვრება შეიძლება იყოს საზრისით აღვსილი, ბედნიერი, შემოქმედებითი. ცხოვრებას შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც ღმერთმა ისურვა. და შაბათი, დასვენების დღე, როცა ჩვენ საკუთარი შრომის ნაყოფით ვიხარებთ, სამუდამოდ ინახავს საღმრთო კურთხევის მადლს, მის საქმეებსა და მშვიდობაზე დამყარებულს. მაგრამ შაბათის ქრისტიანული გაგების დაფუძნება ძველაღთქმისეულ გაგებაზე არათუ არ გამორიცხავს, არამედ გულისხმობს მათ შორის განსხვავებას. ქრისტეს მიერ არაფერი რჩება უცვლელი, რადგანაც მის მიერ ყველაფერი აღსრუღდა, დაძლეულ იქნა ყველა შეზღუდვა, ყველაფერი აღივსო ახალი აზრით. თუ შაბათი თავის უმაღლეს სულიერ საზრისში ატარებს იმ მნიშვნელობას, რომ თვით ქვეყნიერების არსში სამუდამოდ ინახება ღმრთის დასკვნა, რომ ეს ქმნილება „ფრიად კეთილია“, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტემ ამა ქვეყნის საზრისი ახალი ნათლით განაცხადა და რაღაც ახლად აქცია ის. ქრისტემ მიანიჭა ადამიანს ღმრთის სასუფეველი, რომელიც „არა ამა სოფლისაა“. სწორედ აქ იპოვება იმ უზენაესი ნათლის წყარო, რომლის წყალობით ქრისტიანისთვის ყოველივე ახლდება. ამა სოფლის, შექმნილი ქვეყნიერებისა და მისი შინაარსის მთელი სიკეთე უკვე შეესაბამება მის აღსრულებას ღმრთის სასუფეველში, მომავალი დროის სასუფეველში, რომელიც მთელი სისრულით მხოლოდ წუთისოფლის აღსასრულის შემდეგ განცხადდება. უფრო მეტიც, წუთისოფელმა, რომელმაც უარყო ქრისტე, გვიჩვენა, რომ იგი წუთისოფლის თავადის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, „ბოროტსა ზედა დგას“ (1 იოან. 5,19), მისი ცხოვნების გზა კი ევოლუციაზე, სრულყოფასა და პროგრესზე კი არ გადის, არამედ ჯვარზე, სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომაზე. „რომელი დასთესი, არა ცხონდის, ვიდრემდე არა მოკუდის“ (1 კორ. 15,36). ამგვარად, ქრისტიანი „ორმაგი ცხოვრებით“ ცხოვრობს არა იმ აზრით, რომ იგი თავის „რელიგიურ“ და საერო საქმიანობას ერთმანეთს უთავსებს. არამედ იმიტომ, რომ მთელი მისი ცხოვრება ქცეულა ღმრთის სასუფევლის წინასწარ შეგრძნებად და მისთვის მომზადებად, ყოველი მისი საქციელი კი მოწოდებულია, იქცეს მომავალ მოვლენათა ნიშნად, დამტკიცებად და მოლოდინად. ამგვარია სახარების მოჩვენებითი წინააღმდეგობის აზრი: ღმრთის სასუფეველი ჩვენს შორისაა და თანაც იგი ჯერ კიდევ მოსასვლელია. თუ ვინმემ საკუთარ ცხოვრებაშივე ვერ შეიცნო სასუფეველი, მას არ განეცხადება ის, როგორც სახარებისეული სიყვარულის მოლოდინისა და წადილის ობიექტი. შეიძლება გვწამდეს სიკვდილისშემდგომი საზღაური ან სასჯელი, მაგრამ ამავე დროს ვერ მივხვდეთ ქრისტიანული ლოცვის მთელს სიხარულსა და ძლიერებას: „მოვედინ სუფევაჲ შენი!“ ქრისტე მოვიდა იმისათვის, რომ ჩვენ მისი ლოდინი შეგვძლებოდა. იგი შევიდა ჩვენს დროით ცხოვრებაში, რათა ცხოვრებაც და დროც ღმრთის სასუფევლის გზად ქცეულიყო.

შაბათი, ქვეყნიერების შექმნის, ამა სოფლის დღე, ქრისტეს მიერ იქცა უფლის დღის წინამორბედი მოლოდინის ჟამად. ეს გარდაქმნა მოხდა იმ დიდსა და წმინდა შაბათს, როცა უფალმა აღასრულა თავისი ამქვეყნიური საქმენი და საფლავში მიიძინა. მეორე დღეს, შაბათის შემდგომ პირველ დღეს, ამ საფლავიდან სიცოცხლე აღმობრწყინდა და მენელსაცხებლე დედებს ეთქვა: „გიხაროდენ!“. მოწაფეებს კი „არღა ჰრწმენად სიხარულისა მისგან“ (ლ. 24,41). ასე დაიწყო ახალი ქმნილების პირველი დღე. ამ ახალ დღეს ეკლესია მონაწილეობს და მკვდრეთით აღდგომას უერთდება. მაგრამ ეკლესია ჯერაც ამა სოფლად ცხოვრობს და მოგზაურობს. ეს სოფელი თავის მისტიურ სიღრმეში იქცა შაბათად, რადგანაც, პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად: „რამეთუ მოჰკუედით, და ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა. რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოცხადნეთ დიდებითა“ (კოლასელთა 3,3-4).

ეს ყველაფერი განმარტავს შაბათის, მეშვიდე დღის ერთადერთ და განსაკუთრებულ ადგილს საღმრთისმსახურო გადმოცემაში: ეს ორმაგი საზრისია დღესასწაულისა და სიკვდილის დღისა. ეს დღესასწაულია, რადგანაც ამა სოფლად, დროის საუფლოში ქრისტემ დათრგუნა სიკვდილი და თავისი სასუფევლის კარი გახსნა, რადგანაც მისი განხორციელება, სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა იმ საღმრთო შემოქმედების დასასრულია, რომლისთვისაც იხარებდა ღმერთი ჟამთა დასაბამს. მაგრამ შაბათი სიკვდილის დღეცაა, რადგანაც ქრისტეს სიკვდილში ეს სოფელიც მოკვდა, მისი ცხოვნება, აღსრულება და სახეცვლილება კი უკვე სიკვდილის საზღვრებს მიღმა, მომავალ სასუფეველშია. ღვთისმსახურების წლიური ციკლის ყველა შაბათის მნიშვნელობა დაკავშირებულია ორ გადამნყვეტ შაბათთან: ლაზარეს აღდგინებასთან, რომელიც ამა სოფლად აღსრულდა და საყოველთაო აღდგინების მომასწავებელი და აღთქმა იყო, და პასექის დიდი, წმინდა შაბათი, როცა თვით სიკვდილი დაითრგუნა და ახალი ქმნილების ახალ ცხოვრებაში შესასვლელად იქცა.

დიდი მარხვის განმავლობაში შაბათის ეს მნიშვნელობა განსაკუთრებით ნათლად ვლინდება, რადგანაც მარხვის მიზანი სწორედ დროის ქრისტიანული საზრისის აღდგენაა, სადაც ჟამთასვლა მომზადებად და მოგზაურობად განიხილება: „გლოცავ თქუენ, ვითარცა მწირთა და წარმავალთა, განეშორენით გულის თქუმათაგან ჴორციელთა, რომელნი ეწყვებიან სულსა“ (1 პეტრ. 2,11). დიდი მარხვის შაბათები სამარხვო მოსაგრეობას მომავალ აღსრულებასთან აკავშირებენ და, ამგვარად, მარხვას განსაკუთრებულ სულიერ რიტმს ანიჭებენ. ერთი მხრივ, დიდი მარხვის შაბათი იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგიის აღსრულებით აღნიშნული ევქარისტიული დღეა, ევქარისტია კი ყოველთვის დღესასწაულს ნიშნავს. მაგრამ ამ დღესასწაულის განსაკუთრებული ხასიათი დიდ მარხვასთან, მის მოსამზადებელ, მოთმინებითა და მოსაგრეობით აღსავსე ხასიათთან შესაბამისობაში მდგომარეობს. ეს უბრალოდ „სულის მოთქმაა“, რომელიც მიზნად ისახავს, რომ მოგზაურობის საბოლოო მიზანზე დავფიქრდეთ. ამაზე განსაკუთრებით ცხადად მიგვითითებს სამოციქულო ეპისტოლეთა საკითხავების წესი, რომელიც დიდი მარხვის შაბათ დღეებში ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან შეირჩევა, რომლის მთავარი თემაა ცხოვნების, აღთქმისა და მომავლის რწმენის გზაა.

პირველ შაბათს ჩვენ ეპისტოლეს საზეიმო შესავალს ვისმენთ (ებრ. 1,1-12), სადაც დამტკიცებულია ქვეყნიერების შექმნა, ცოდვისაგან მისი გამოხსნა და მარადიული სასუფევლის დადგომა:
მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინაჲსწარმეტყელთა მიერ, ხოლო უკუანაჲსკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა, რომელი-იგი დაადგინა მკჳდრად ყოვლისა, რომლისაგანცა შექმნნა ღმერთმან საუკუნენი... ხოლო შენ თავადი იგივე ხარ და წელიწადთა შენთა არა მოაკლდეს.


ჩვენ ამ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ - უმაღლესი მოსაგრეობის დღეებში. დროის მიხედვით ჩვენ კიდევ „დღეს“ ვართ, მაგრამ ბოლო ჟამი ახლოვდება. დიდი მარხვის მეორე კვირის შაბათს კითხულობენ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს 3,12-14:
ეკრძალენით, ძმანო, ნუუკუე სადამე იყოს ვისმე თქუენგანსა თანა გული უკეთური ურწმუნოებისაჲ განდგომად ღმრთისაგან ცხოველისა. არამედ ნუგეშინის-სცემდით თავთა თჳსთა დღითი-დღედ, ვიდრე-ესე დღესღა ჰრქჳან, რაჲთა არა გან-ვინმე-ფიცხნეს თქუენგანი საცთურითა მით ცოდვისაჲთა, რამეთუ თანა-ზიარ ქრისტესა ვიქმნენით, უკუეთუ დასაბამი იგი ძლიერებისაჲ აღსასრულადმდე მტკიცედ შევიკრძალოთ.

ბრძოლა მძიმეა. ტანჯვისა და განსაცდელის ფასად ვაღწევთ საუკეთესოსა და მარადიულის ფლობას. ამიტომაც მესამე მაბათის შეგონება ასე მოგვიწოდებს (ებრ. 10,35-38):
ნუ განიშორებთ განცხადებულებასა მაგას თქუენსა, რომელსაც აქუს დიდი სასყიდლის მოგებაჲ. რამეთუ მოთმინებაჲ გიჴმს თქუენ, რაჲთა ნებაჲ ღმრთისაჲ ჰყოთ და მოიღოთ აღნათქუემი იგი. რამეთუ მცირედ, წუთ ერთღა, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს. ხოლო მართალი სარწმუნოებით ცხონდეს; და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა.

ამ ბრძოლისათვის ჩვენ სარწმუნოებით, სასოებითა და სყვარულით უნდა შევიარაღდეთ, როგორც ეპისტოლეს სკითხავი (ებრ. 6,10-12) გვიმტკიცებს მეოთხე შაბათს:
რამეთუ არა არს სიცრუვე ღმრთისა თანა, ვითარმცა დაივიწყნა საქმენი თქუენნი და შრომაჲ სიყუარულისა თქუენისაჲ, რომელიც აჩუენეთ სახელისა მისისათჳს, რამეთუ ჰმსახურებდით წმიდათა მათ და ჰმსახურებდცა.
გუსურის კაცად-კაცადსა თქუენისა, რაჲთა მასვე აჩუენებდეთ მოსწრაფებასა გულ-სავსებისა მის მიმართ სასოებისა ვიდრე აღსასრულადმდე, რაჲთა არა მოჰმედგრდეთ, არამედ მობაძავ იყვნეთ მათდა, რომელთა-იგი სარწმუნოებითა და სულგრძელობითა დაიმკჳდრნეს აღთქუმანი.

დრო მოკლდება, მოლოდინი უფრო იძაბება, რწმენა უფრო მხიარული ხდება. ეს მეხუთე შაბათის საკითხავში ჩანს (ებრ 9,28):
ეგრეცა ქრისტე ერთგზის შეიწირა მრავალთათჳს აჴოცად ცოდვათა, ხოლო მეორედ თჳნიერ ცოდვათა გამოეცხადოს, რომელნი-იგი მოელიან მას მაცხოვრად.

ეს ბოლო საკითხავია ლაზარეს შაბათის წინ, როცა მოლოდინის დრო-ჟამიდან მოლოდინის აღსრუღუბის დროში გადავდივართ.

სახარების საკითხავები დიდი მარხვის შაბათებისთვის არჩეულია მარკოზის სახარებიდან და მათაც გარკვეული მიმდევრობა ახასიათებს.

პირველი შაბათის სახარება ამ მიმდევრობის მნიშვნელობასა და საზრისს გვიხსნის. ქრისტე უარყოფს ებრაული შაბათის ფარისევლურ აკრძალვებს და ამბობს (მკ. 2,27-28):
შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს. ვინაჲცა უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

ახალი ცხოვრება დადგა, ადამიანის აღდგინება დაიწყო. დიდი მარხვის მეორე კვირის შაბათს ჩვენ ვისმენთ კეთროვანის სიტყვებს ქრისტეს მიმართ: „უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმენდად ჩემდა. ხოლო იესოს შეეწყალა იგი, განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენ!“ (მკ. 1,40-41).

მესამე შაბათს ვხედავთ, რომ ქრისტე ყოველგვარი აკრძალვის საწინააღმდეგოდ „მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს...“ (მკ. 2,14-17).

მეოთხე შაბათს შესაქმის წიგნში მოცემული მტკიცების პასუხად, რომ შექმნილი ქვეყნიერება ფრიად კეთილია (დაბადება, თავი I), სახარება სიხარულით გვამცნობს: „ყოველსავე კეთილსა იქმს: ყრუთა ასმენს და უტყუთა ატყუებს“ (მარკ. 7,37).

და ბოლოს, მეხუთე შაბათს ყოველივე პეტრე მოციქულის გადამწყვეტი აღიარებით სრულდება: „შენ ხარ ქრისტე...“ (მკ. 8,29).

ეს ადამიანის მიერ ქრისტეს საიდუმლოების, ახალი ქმნილების საიდუმლოების მიღებაა.

დიდი მარხვის შაბათები, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, თავიანთ თავში კიდევ ერთ თემასა თუ განზომილებას შეიცავს. ესაა სიკვდილის თემა. პირველი შაბათის გამოკლებით, რომელიც საეკლესიო ტრადიციით წმინდა თევდორე ტირონის ხსენებას ეძღვნება, და მეხუთე შაბათისა, რომელიც დაუჯდომელის გალობას უჭირავს, დარჩენილი სამი შაბათი მკვდრეთით აღდგომისა და საუკუნო ცხოვრების სასოებით უფლის მიერ ყოველთა შესვენებულთა მოსახსენიებელი დღეებია. ეს მოხსენიება, როგორც უკვე ვთქვით, ამზადებს და წინასწარ ამცნობს ლაზარეს აღდგინებისა და ვნების შვიდეულის დიდ წმინდა შაბათს. ეს მოხსენიება უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც სიყვარულის აქტი, ან „კეთილი საქმე“ არამედ როგორც ამა სოფლის გამოცხადება მის მოკვდავობასა და კვდომაში. ამა სოფლად ჩვენ სასიკვდილოთ ვართ განწირულნი ისევე, როგორც თვით ქვეყნიერება. მაგრამ ქრისტეს მიერ სიკვდილი შიგნიდანაა დამარცხებული და სიკვდილმა, როგორც წმინდა მოციქულმა პავლემ თქვა, დაკარგა თავისი ნესტარი, ახალ, უხვად გადმომდინარე ცხოვრების სისავსეში შემავალ კარად იქცა. ყოველი ჩვენგანისთვის ეს შესვლა ნათლისღებისას სიკვდილით დაიწყო, რომელიც მკვდრად აქცევს ცოცხლებს („მოჰკუედით და ცხოვრებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა“ - კოლასელთა 3,3) და აცოცხლებს მკვდრებს, რადგანაც სიკვდილი უკვე აღარ არსებობს. ხალხურ ღვთისმოსაობაში ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტი საზრისისაგან ღრმა გადახვევამ სიკვდილი კვლავ შავ ძალად წარმოაჩინა. ეს გამოიხატება დაკრძალვებსა და პანაშვიდებზე სამგლოვიარო შავი სამოსით. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტიანისათვის სიკვდილის ფერი თეთრია. განსვენებულთათვის ლოცვა არ ნიშნავს სევდასა და გლოვას. ყველაზე კარგად ეს მიცვალებულთა მოხსენიებისათვის განკუთვნილ დღეებში, განსაკუთრებით კი დიდი მარხვის შაბათ დღეებში ვლინდება. ქვეყნიერების შექმნის სასიხარულო დღე ცოდვით დაცემის შემდეგ სიკვდილის დღედ იქცა, რადგანაც „ამაოებასა დამორჩილდა დაბადებული“ (რომ. 8,20) და თვით იქცა სიკვდილად. მაგრამ ქრისტეს სიკვდილი მკვდრეთით აღადგენს მეშვიდე დღეს და ახალი ქმნილების დღედ აქცევს მას, ამარცხებს და ანადგურებს ყოველივეს, რამაც ეს დღე სიკვდილის ზეიმად გარდაქმნა. დიდი მარხვის მთავარი მიზანი კი „ღმრთის შვილთა გამოჩინების“ (რომ. 8,19) იმედისა და სურვილის აღდგენაა, რომელიც თავისთავად ქრისტიანული რწმენის, სასოებისა და სიყვარულის აღსრულებაა. ამ სასოებით ვცხონდებით. ხოლო სასოებაჲ ხილული არა არს სასოება, რამეთუ რომელსაც-იგი ვინმე ხედავნ, რაჲსაღა-მე ესავნ? ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით“ (რომ. 8,24-25). ქრისტიანული სიკვდილისა და შესვენებულთათვის ლოცვის საზრისი ლაზარეს შაბათის ნათელი და წმინდა შაბათის სიხარულით აღსავსე სიმშვიდეა.

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani...arkhva5-1.htm#2


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Feb 20 2010, 04:20 PM
პოსტი #11


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ახლა შმემანის ”დიდ მარხვას” კიდევ ერთხელლ ვკითხულობდი და რამდენიმე ადგილი გამორჩეულად მტკივნეულად მომხვდა თვალში...

თანდათანობით წარმოიქმნა ღრმა შეუსაბამობა, ერთი მხრივ, დიდი მარხვის სულისკვეთებასა და „თეორიას“ - რომელთა ახსნას შევეცადეთ ჩვენ სამარხვო ღმრთისმსახურებათა მაგალითზე - და, მეორე მხრივ, მარხვის საყოველთაო მცდარ გაგებას შორის, რომელსაც ზოგჯერ თვით სამღვდელოება უჭერს მხარს და იზიარებს. ყოველთვის უფრო ადვილია ფორმალურამდე დავიყვანოთ ყოველგვარი სულიერი საწყისი, ვიდრე ფორმალურს მიღმა ვეძიოთ სულიერი

ჩვენს ცხოვრებაზე დიდი მარხვის რეალური ზეგავლენის დაკარგვის საფუძველი გაცილებით უფრო ღრმაა. ეს საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ, ნებაყოფლობით თუ უნებლიეთ, დაგვყავს რელიგია ზედაპირულ ნომინალიზმამდე ან სიმბოლიზმამდე, რაც საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ გვერდი ავუქციოთ და გაგება შევუცვალოთ რელიგიის მიერ ჩვენი ცხოვრებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, მოსაგრეობისა და ძალისხმევის სერიოზულობას. უნდა დავსძინოთ, რომ ამგვარი რედუქცია განსაკუთრებით მართლმადიდებლებს ახასიათებს. დასავლელი ქრისტიანები, კათოლიკეები და პროტესტანტგრი, როცა აწყდებიან რაიმეს, რაც „შეუძლებლად“ მიაჩნიათ, უფრო ადვილად შეჰყავთ ცვლილება თვით რელიგიაში, რათა იგი ცხოვრებისათვის „მოსახერხებელი“ გახდეს. სულ მცირე ხნის წინათ მოწმენი გავხდით, თუ როგორ დაიყვანა მინიმუმამდე მარხვა რომის კათოლიკურმა ეკლესიამ და შემდეგ როგორ გააუქმა იგი. ჩვეულებრივ, მარხვის ამგვარ „მისადაგებას“ ცხოვრებისეული პირობებისადმი ჩვენ გულწრფელი და სამართლიანი რისხვით ვხვდებით, როგორც ქრისტიანული გადმოცემის ღალატს, როგორც ქრისტიანული სარწმუნოების მინიმალიზაციას. მართლაც, დიდება და პატივი მართლმადიდებლობას, მაგრამ არა ჩვენ, მართლმადიდებლებს. გუშინ და დღეს კი არა, დიდი ხნის წინათ ვიპოვეთ ჩვენ საშუალება, ჩვენს ადამიანურ სისუსტეს შევურიგოთ საეკლესიო წესები, თანაც ამ დროს არა თუ არ ვკარგავთ საკუთარი ღირსების გრძნობას, არამედ თავს ვიმართლებთ კიდეც და მიგვაჩნია, რომ სინდისი წმინდა გვაქვს. ეს ხერხი მდგომარეობს საეკლესიო მოთხოვნათა სიმბოლურ შესრულებაში. სიმბოლური ნომინალიზმი ახლა უკვე მთელს ჩვენს რელიგიურ ცხოვრებას მსჭვალავს. მაგალითად, ჩვენ აზრადაც არ მოგვდის ჩვენი ლიტურგიისა და სამონასტრო წესდების შეცვლა, - ღმერთმა დაგვიფაროს! - უბრალოდ, ერთი საათის ხანგრძლივობის ღმრთისმსახურებას ჩვენ კვლავ „ღამისთევას“ ვუწოდებთ და ამაყად განვმარტავთ, რომ ეს ისეთივე წესია, რომელსაც საბა განწმენდილის ლავრაში აღასრულებდნენ ბერები IX საუკუნეში.


საეკლესიო ჟურნალებსა და ცნობის ფურცლებში ჩნდება რეცეპტები; „გემრიელი სამარხვო კერძები“.
ჩვენს ეკლესიებში იმდენი რამ განიმარტება სიმბოლურად როგორც საინტერესო, თავშესაქცევი ან სანახაობრივი წეს-ჩვეულება და ტრადიცია, რომელიც არა მარტო წინაპრებთან, არამედ ღმერთთან და მის მიერ ახალ ცხოვრებასთანაც გვაკავშირებს, რომ ამ რელიგიური ფოლკლორის მიღმა სულ უფრო ძნელია რელიგიის ღრმა და სერიოზული საზრისის განჭვრეტა

გაცილებით უფრო მეტი ძალები იხარჯება სამარხვო კერძების მომზადებასა და სააღდგომო გახსნილებაზე, ვიდრე თვით მარხვასა და ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოში მონაწილეობაზე. ეს ნიშნავს, რომ სანამ საერო ტრადიციები და წეს-ჩვეულებები კვლავ არ შეუერთდება მათ წარმომშობ ცხოვრებისადმი რელიგიურ დამოკიდებულებას, სანამ სიმბოლოებისადმი დამოკიდებულება არასერიოზულია, თვით ეკლესიაც დარჩება ცხოვრებისაგან მოწყვეტილი, ცხოვრებაზე გავლენის არმქონე. ამრიგად, წარსული მემკვიდრეობის სიმბოლიზაციის მაგიერ ჩვენ კვლავ უნდა დავიწყოთ ჩვენს ცხოვრებაში მისი ჩართვა.





--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Feb 20 2010, 05:04 PM
პოსტი #12


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ადამიანმა უარყო სიცოცხლე, რომელიც შესთავაზა და აჩუქა მას ღმერთმა, ადამიანმა არჩია სიცოცხლე, რომელიც ღმერთზე კი არა, „მხოლოდ პურზე“ არის დამოკიდებული. ადამიანი არა მარტო არ დამორჩილდა ღმერთს, რისთვისაც დაისაჯა, არამედ შეცვალა თავისი დამოკიდებულება გარე სამყაროსთან. უეჭველია, რომ ქვეყნიერება ადამიანს მიეცა როგორც საკვები, ანუ სიცოცხლის საშუალება. მაგრამ სიცოცხლე უნდა ყოფილიყო ღმერთთან ურთიერთობა. სიცოცხლეს ღმერთში არა მარტო თავისი დაგვირგვინება უნდა ჰქონოდა, არამედ თავისი სრულყოფილი სისავსეც. „მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა“ (ი. 1,4). ქვეყნიერება და საკვები იმისათვის შეიქმნა, რომ ადამიანს მათი მეშვეობით ღმერთთან ურთიერთობა შესძლებოდა და მხოლოდ ღმრთის რწმენით მიღებული საკვები ყოფილიყო სიცოცხლის მომცემი. თავისთავად საკვები სიცოცხლეს არ შეიცავს და არ შეუძლია მისი კვლავწარმოება.

თვით საკვებშიც კი სიცოცხლის საწყისი ღმერთია და არა კალორიები.

ქრისტე ახალი ადამია. იგი მოვიდა იმისათვის, რომ მოსპოს სნეულება, რომელიც ძველმა ადამმა სიცოცხლეში ჩაასახლა, რომ ჭეშმარიტი სიცოცხლისათვის აღადგინოს ადამიანი. ამიტომ ქრისტეც თავის მიწიერ მსახურებას მარხვით იწყებს: „და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია“ (მ. 4,3).

(აქ მჭირდება თქვენი დახმარება, ქრისტე ცალკე ადამად რომაა მოხსენიებული... იმედია არ დაიზარებთ yes.gif )


სიცოცხლის შესანარჩუნებლად გვჭირდება საკვები. სწორედ ეს ამტკიცებს, რომ ჩვენში არ არსებობს თვითკმარი სიცოცხლე. ეს ის ზღვარია, რომლის მიღმა მე შიმშილით ვკვდები, ან სხეულის საკვებით გამხნევების შედეგად კვლავ ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. სხვა სიტყვებით, ეს ის საბოლოო მომენტია, როცა ჩვენს წინაშე დგება შეკითხვა: რაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლე? და რადგანაც ეს განყენებული კითხვა არაა, რადგანაც მის გადაწყვეტაზე ჩემი ხორციელი სიცოცხლეა დამოკიდებული, ეს მომენტი იქცევა ცდუნებად. სატანამ ადამს სამოთხეში მიაკითხა, ქრისტეს კი - უდაბნოში. ორმა მშიერმა კაცმა გაიგონა სატანის სიტყვები: ჭამე, რადგანაც შენი შიმშილი გიჩვენებს, რომ თავიდან ბოლომდე საკვებზე ხარ დამოკიდებული, რომ შენი სიცოცხლე საკვებშია. ადამმა დაიჯერა და ჭამა. ქრისტემ უარყო ეს ცდუნება და თქვა, რომ არა პურითა მხოლოდ ცოცხლობს კაცი, არამედ ღმრთითაც. მან უარყო ეს მსოფლიო ტყუილი, რომელიც სატანამ მთელს ქვეყნიერებას შთააგონა და ყოველნაირ განხილვაზე მაღლა მყოფ ცხად ჭეშმარიტებად, მთელი საკაცობრიო მსოფლმხედველობის, მეცნიერების, მედიცინისა და, შესაძლოა, თვით რელიგიის საფუძვლად აქცია. ამ სიცრუის უარყოფით ქრისტემ აღადგინა საკვებს, სიცოცხლესა და ღმერთს შორის ჭეშმარიტი დამოკიდებულება, ის დამოკიდებულება, რომელიც დაარღვია ადამმა და რომელსაც ჩვენც ვარღვევთ ყოველდღე.

მთელი თავისი ჭეშმარიტი მნიშვნელობით გაგებული მარხვა არის ერთადერთი საშუალება ადამიანის პირველადი ბუნების აღსადგენად. ეს თეორიული კი არა, პრაქტიკული გამოწვევაა იმ უდიდესი სიცრუისა, რომელმაც დაგვაჯერა, თითქოს მხოლოდ პურზე ვიყოთ დამოკიდებული და ამ სიცრუეზე ააგო მთელი საკაცობრიო ცოდნა, მეცნიერება და არსებობა. მარხვა ამხელს ამ სიცრუეს. უაღრესად ნიშანდობლივია, რომ ქრისტე სატანას სწორედ მარხვის დროს შეხვდა, მოგვიანებით კი თქვა, რომ სატანის დამარცხება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით შეიძლება. მარხვა ნამდვილი ბრძოლაა ბოროტის წინააღმდეგ, ეს იმ ყოვლისმომცველი კანონის წინააღმდეგ ნასროლი გამოწვევაა, რომელიც სატანას „ამა სოფლის თავადად“ აქცევს.



აქვე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ რამდენადმე კომპეტენტურ ადამიანებს smile.gif

კვლავ ციტატა მამა შმემანის წიგნიდან:

საბოლოო ჯამში ხომ მარხვა ერთი რამეა: უნდა განვიცადოთ შიმშილი, უნდა მოგვშივდეს, ანუ უნდა მივაღწიოთ იმ სიცოცხლის ზღვარს, რომელიც ჩვენში მთლიანად საკვებზეა დამოკიდებული და შიმშილის საშუალებით აღმოვაჩინოთ, რომ ეს დამოკიდებულება არაა ადამიანის უკანასკნელი ჭეშმარიტება, რომ თვით შიმშილი, უპირველეს ყოვლისა, არის სულიერი მდგომარეობა და თავის უკანასკნელ სიღრმეში ის ღმრთის მიმშილია.

როცა ვიწყებ მარხვას პრაქტიკულად მიქრება შიმშილის გრძნობა და წინასწარ დაგეგმილი რაოდენობით ვღებულობ საჭმელს
თანაც არც ამის მიუღებლობა არაა პრობლემა, შეიძლება დამავიწყდეს...
მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ამ ერთგვარ გეგმას ვემორჩილები, ანუ ვჭამ შიმშილის გრძნობის იმდენს რამდენიც დაგეგმილი მაქვს...

საკვებთან უჩეულოდ გულგრილი დამოკიდებულება მაქვს ჩამოყალიბებული და ეს ე.წ. ნორმირებაც იმიტომ მაქვს შემოღებული, თორემ შეიძლება.............
რომ არ მშია და მაინც ვჭამ ცოდვაა? biggrin.gif

პ.ს. ისე არ გამიგოთ თითქოს გემრიელად გეახლებოდეთ, მართლა საკმაოდ ცოტას ვჭამ მაგრამ აშკარად მაგის გარეშეც შემიძლია...


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 20 2010, 10:33 PM
პოსტი #13


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



არა კომპეტენტურები არ წავა?
ალბათ
ციტატა
ქრისტე ახალი ადამია

უცოდველი ბუნების ადმიანი. ადამიც ხომ სუფთა და უცოდველი იყო როდესაც ის შეიქმნა.
ციტატა
რომ არ მშია და მაინც ვჭამ ცოდვაა?

კაცო, ძალები ხომ უნდა აიღო?
ამისთვის საჭიროა ჭამაც.
ეს ისე გამახსენდა "პური გულსა კაცისასა განამტკიცებს" (ფს, 103) tongue.gif
უფრო ვრცლად "მართლა კომპეტენტურ" ხალხს ველით


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 21 2010, 01:03 PM
პოსტი #14


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



21 თებერვალი (ძვ. სტ. 8 თებერვალი) დიდი მარხვის I კვირა. მართლმადიდებლობის ზეიმი, კვირა.

დიდმოწამისა თეოდორე სტრატილატისა (319); წინასწარმეტყველისა ზაქარია ნამგლისმხილველისა (დაახლ. 520 წ. ქრისტეს შობამდე); მღვდელთმთავრისა საბა II-სი, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1269).

წმ. ბასილი დიდის წირვა.

ცისკ. - სახ. მე-4 ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - ებრ. 329 დას. (შუათგან) XI, 24-25, 32 - XII, 2. ინ. 5 დას. I, 43 - 51.




პირველსა კვირიაკესა წმიდათა მარხუათასა, რათა გამოვზარდოთ სული ხედვისა მიერ სულიერთა მცნებათასა. გუაკურთხენ, მამაო!



ძმანო და მამანო, ვინაითგან ყოველი დასაბამი ძნელ არს, დაწყებაიცა მარხვისა შეცუალებისათვის ჭამადთასა, სიფიცხესა და სიმყვირტესა შეიქმს, ხოლო მოთმინებაი და გამოცდილება დააყუდებს და დააწყნარებს. ამისათვის წერილ არს, ვითარმედ: "ყოველი სწავლაი დასაბამსა არა არს სიხარული, არამედ მწუხარება, ხოლო უკანასკნელ ნაყოფი მყუდროებისა მის მიერ წურთილთა მათ მოაგის, სიმართლე". ამისთვის ჩუენცა ღირს ქმნულნი გარდახდად პირუელსა შვიდეულსა მარხუათასა, შემდგომითი შემდგომად უგულს-მოდგინეს-ვიქმნნეთ გამოცდილებისა მიერ, გულისხმავჰყოთ, რამეთუ გულსმოდგინება განამხნობს სულსა და ხორცთა, მძიმესა მსუბუქ ჰყოფს, და ძნელსა - ადვილ, ვიტარცა დახსნილება მსუბუქსა მძიმე ჰყოფს და ადვილსა - ძნელ. არა ვიტყვით, თუ უაღრეს ძალისა ჩუენისა განვაგრძობდეთ მოღუაწებათა, არამედ სულიერისა მის სიმრთელისა თანა დავიცუათ სიმრთელეცა ხორცთა. რამეთუ რაი სარგებელ არს დასაბამსა ფრიად სლუა და ადრე დაცემა? უფროსღა იყავნ დამარხულ პირუელი იგი წესიერება მოღუაწებისა, და მხედუელი სიგრძისა მიმართ სავანისა. ხოლო ვინაითგან სიგრძე დღისა მოწყინებასა შეიქმს, კეთილითა მყუდროებითა, და სულიერითა ხედვითა გამოვზარდოთ სული ჩუენი და ნუ მსოფლიოთა, რომელთა შინა არს ამაოება, და სიბნელე, და უბადრუკება, და სიწმიდე; არამედ რომელთა შინა არს სიტკბოება, და სიხარული, ვითარცა იტყვის: "მოვიხსენე ღუთისა და ვიხარე". ღუთისა მიმართ მხედუელი იყავნ გონება ჩუენი, და ზეცისა საკვირუელთა მათ სახილუელთა, მშუენიერებისა მიმართ სამოთხისა, სავანეთა მიმართ საუკუნეთა, განწყობილისა მიმართ ანგელოზთასა, და მერმისა მისთვის მოქალაქეობისა. და თუ სადა არიან სულნი მართალთა და ცოდვილთანი, თუ ვითარ იქმნას გამოჩინება დიდისა ღუთისა, და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელსა შინა ვითარცა წერილ არს: "ცანი მძაფრიად წარხდეს და წესნი იგი დაიწუნნენ, და დაზულენ, და ქუეყანა, და მას შინა საქმენი დაიწუნეს". და თუ ეგების თვითოეულსა სულსა მეუღლეთა მათ თვისთა ხორცთა შემოსაი, ანუ ვითარი მე იყოს შესაკრებელი იგი ადამისითგან ვიდრემდე აღსასრულამდე შეკრებილი ერი მრავალი? რაბამ საშინელ იყოს, და უფროს მზისა ბრწყინუალე, დიდებული იგი პირი ქრისტესი! ვითარ მე გუესმას ხმა მისი, ანუ რაიმე იყოს უკანასკნელი განჩინებაი, რაჟამს მართალნი წარიყუანნენ სასუფეველსა ცათასა, ხოლო ცოდვილნი წარისხნენ სატანჯუელად საუკუნოდ! ვითარი მე გლოვა იყოს და ტირილი, რაჟამს იგი განიყუნენ ურთიერთარს: მამა-შვილისაგან და ძმა-ძმისაგან, მეგობარი-მეგობრისაგან და მეცნიერნი-მეცნიერთაგან და წარისხმოდენ ანგელოზთა მრისხანეთა მიერ: რომელნიმე-ბნელად გარესკნელად, რომელნიმე-ცეცხლად უშრეტად, რომელნიმე-ტარტაროსად განუნათლებლად და მიეცემოდნენ სატანჯუელთა დაუსრულებელთა, მატლსა დაუძინებელსა, და ღრჭენასა კბილთასა, სადა იგი არს ტირილი, და გოდება, და ვაება მიუთხრობელი, და თვითოეულმან დაიმკვიდროს სატანჯუელი მსგავსად საქმეთა თვისთა, ვითარცა ექმნათ სოფელსა ამას შინა! შევიშინოთ ჟამისა მისგან და დღისა, და ვიღუაწოთ ყოველთავე მსგავსად ძალისა, რათა არა მივეცნეთ სატანჯუელთა მათ დაუსრულებელთა, არამედ ღირს ვიქმნნეთ, რათა დავიმკვიდრნეთ კეთილი იგი საუკუნენი! ესე ვითართათვის ჯერ არს ჩუენდა, ძმანო, ზრუნვა და გოდება და ამათ შინა ქცევა და წურთა, ვითარცა გარეშე სოფლისა მყოფთა, რომელთა მოქალაქეობა ცათა შინა არს, და არა რა გუაქუს ზიარება მათ თანა, რომელნი იგი ხორციელად ცხონდებიან, რამეთუ ამათ საღმრთოთა გულის ზრახუათა შინა, არს სინანული და ცრემლნი, და განათლება გონებისა და საწუთოსა ამის ცხოვრებისა მშვიდობით აღსრულება, და საუკუნეთა მათ კეთილთა მიმთხუევა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 21 2010, 03:49 PM
პოსტი #15


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ციტატა
ქრისტე ახალი ადამია

ეს პარალელი პირველად პავლე მოციქულმა გამოთქვა და საეკლესიო ლიტერატურაშიც არაიშვიათია. ამჯერად ირინეოს ლიონელს დავეყრდნობი, რომელიც ე.წ. შემოკრების შესახებ სწავლებას გვთავაზობს. მისი თქმით როგორც ადამი იყო ის ვინც თავის თავში შემოკრიბა მთელი შემდგომი კაცობრიობა და მას ცოდვა და დაცემა უმემკვიდრა, ასევე ქრისტეა ის, ვინც განკაცებისას მთელი კაცობრიობა შემოიკრიბა თავის თავში და მას ხსნა და ცხონება მიანიჭა.

პრინციპში ეს პარალელიზმი სულაც არაა, ეს უფრო ანტიპარალელიზმია, რადგან ადამმა ცოდვა უმემკვიდრა კაცობრიობას, ქრისტემ კი ცხონება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 21 2010, 03:55 PM
პოსტი #16


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



მართლმადიდებლობის ზეიმი

VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.
მთავარი, რასაც ხატმებრძოლნი ბრალად სდებდნენ ქრისტიანებს, კერპთაყვანისცემლობა იყო. ისინი ასეთ კითხვას სვამდნენ: რას გამოხატავს ხატები? თუ თავად ღმერთს, ეს წმინდა წერილს ეწინააღმდეგება, რადგან ღმერთი სულია, რომლის გამოსახვა და შეცნობა შეუძლებელია; მაშასადამე, ხატი უფლის გამოსახულება კი არ არის, არამედ კერპი. თუ ხატები ქრისტეს, როგორც ღმერთსა და კაცს, ერთ ხატად გამოსახავს, ეს მონოფიზიტობაა, რომელიც მაცხოვრის ორ ბუნებას ერთში აერთიანებს, ხოლო თუ ისინი განხორციელებულ მაცხოვარს მისი ერთი, ოდენ კაცობრივი ბუნებით აღბეჭდავს ეს ნესტორის ერესია, რომელიც ქრისტეს, როგორც კაცს, ღმერთეებრივი ლოგისისგან სრულიად აცალკევებს. ზემოთქმულის კვალობაზე, უფლის ყველა გამოსახულება ერესი და ღვთისგმობაა.

ერეტიკული სწავლების საპირისპიროდ, იოანე დამასკელმა ხატსა და მის თაყვანისცემაზე მართლმადიდებლური სწავლება ჩამოაყალიბა, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს: სამყაროში ყოველივე ხატია, გამოსახულებაა; თავად კაცი ხატი და მსგავსია ღმრთისა. ყოველი საგანი ხატია იდეისა. ხატსა და პროტოტიპს შორის, მატერიასა და სულს შორის, არსებობს კავშირი. თუკი ხატმებრძოლნი სულთან მატერიის ამ კავშირს სრულიად უარყოფენ, მაშინ ისინი მანიქეველები ყოფილან, რომელნიც ღმერთთან მატერიალური სამყაროს ყოველგვარ ზიარებას გამორიცხავდნენ.
ხატმებრძოლების აზრით, ხატთაყვანისმცემელთა სწავლებიდან გამოდიოდა, რომ ხატებსა და პროტოტიპს ერთი არსი ჰქონდათ, რაზეც მართლმადიდებლები პასუხობდნენ, ხატსა და პროტოტიპს შორის შინაგანი ერთობააო. მაგალითად, მეფის გამოსახულება ამავე დროს ხატია სამეფო ხელისუფლების იდეისა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მეფის გამოსახულებასა და მეფეს შინაგანი ერთობა აქვთ. ამგვარად, ხატი არის მატერიალიზაცია რეალობისა - ღმრთისა, მატერიალური ასახვა ზეგრძნობადი სამყაროსი. ეს აზრია გამოხატული თეოდორე სტუდიელის დისტიქში: „ოდეს უმზერ ხატებს, სწვდები გამოუთქმელ სანახაობას ზეცისა“.
კოპრონიმის ოცდათხუთმეტწლიანი მეფობა ქრისტეს აღმსარებელთათვის საშინელი გამოცდა იყო. განადგურდა ქრისტიანული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები, მრავალ ტაძარში კედლებიდან ჩამოფხიკეს ფრესკები, რომლებიც სახარებისულ მოვლენებს გადმოსცემდა, და ბუნების სურათებითა და ნადირობის სცენებით შეცვალეს.
კრებამ, რომელიც 787 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა, ხატმებრძოლთა ცრუ სწავლება დაგმო და დაასკვნა, რომ ეს ერესი მანამდე არსებულ ყველა ცდომილებასა და მწვალობლობას იმეორებდა და ერთად აღებულს მოიცავდა.
ეონ V-ის მმართველობის წლებს (813-820) ბიზანტიის ისტორიაში ხატმებრძოლობის მეორე პერიოდად იხსენიებენ. მართლმადიდებლებს არ უსარგებლიათ 787 წელს მეშვიდე მსოფლიო კრებაზე მოპოვებული გამარჯვებით და ხატმებრძოლთათვის სამაგიერო არც დევნითა და არც შევიწროებით არ გადაუხდიათ, ამიტომ პროვინციებში ეს ერესი ისევ ძლიერი იყო, რის გამოც მისი აღორძინება იოლი ჩანდა.

ლეონ სომეხის, მიხეილისა და თეოფილეს იმპერატოროების ოცდახუთი წლის მანძილზე განუწყვეტლივ ანგრევდნენ მონასტრებსა და უდაბნოს სენაკებს, შეურაცხყოფდნენ ხატებს.
იმპერატორი თეოფილე რომ გარდაიცვალა, დედოფალმა თეოდორამ, რომელიც ხატებს ფარულად ქმრის სიცოცხლეშივე სცემდა თაყვანს, სამეფო კარის წარჩინებულ პირთა შეგონებით ხატთაყვანისცემის აღდგენა გადაწყვიტა. დედოფალმა განდევნილი მართლმადიდებდლები გადასახლებიდან დააბრუნა. რაკი ხატების თაყვანისცემის თაობაზე მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებანი უკვე არსებობდა, თანაც მსოფლიო კრების მოსაწვევად ხანგრძლივი სამზადისი იყო საჭირო, გადაწყდა, რომ ადგილობრივი კრება ჩაეტარებინათ. კრება 842 წელს იქნა მოწვეული. მისი აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა. ადგილობრივმა კრებამ ხატმებრძოლთა ერესი დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა, რომელსაც, იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს.

ვრცლად:
http://www.orthodoxy.ge/dgesastsaulebi/zeimi.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 11:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი