თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ მოციქულები და მათი ღვაწლი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2016, 09:59 AM

მოციქულებზე თემა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ ვხსნი ახალ თემას დიდი მოწიწებით smile.gif



"[წმ. პავლე მოციქული] ყველაზე ენერგიული მდევარი ქრისტიანებისა იქცა ყველაზე ენერგიულ მოციქულად, ოცდაათ წელიწადს ქრისტეს ნათელს ჰფენდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს... ოცდაათი წელი სიბნელეში, ოცდაათი - სინათლეში (მთლიანად სამოცი წელი იცოცხლა). ესაა კლასიკური მაგალითი ქრისტეს მოძღვრების თვალშეუდგამი სიმაღლისა - როგორ შეიძლება უწმინდური იქცეს უწმინდესად".


"როდესაც მოციქულ პავლეს როზგავდნენ, რამდენადაც სტკიოდა სხეულს, აამებდა სულს, რადგან მასში ძველი ცოდვების საზღაურს გრძნობდა, სული თავისუფლდებოდა ცოდვისაგან".

/დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2016, 09:33 PM

"დასავლეთ საქართველოში მოციქულ ანდრიასთან ერთად ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა მოციქული სიმონ კანანელი, რომელიც ასევე, სოფელ კომანშია დაკრძალული. ქართულმა მიწამ მიიბარა კიდევ ერთი მოციქული - წმინდა მატათა. იგი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას. დაკრძალულია გონიოში, ბათუმთან ახლოს. უძველესი ქრისტიანული წყაროები მიუთითებენ ასევე მოციქულების - ბართლომესა და თადეოზის ყოფნას აღმოსავლეთ საქართველოში.

წმინდა მოციქულების მიმოსვლას და ქადაგებას საქართველოში ადასტურებენ როგორც ძველ ქართული ქრონიკები, ასევე ბერძენი და ლათინი საეკლესიო ავტორები: ორიგენე (II-III ს.ს.), დოროთე ტირელი ეპისკოპოსი (IV ს.), ეპიფანე კვიპროსელი ეპისკოპოსი (IV ს.), ნიკიტა პაფლაგონელი (IV ს.), ეკუმენი (X ს.) და სხვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2016, 03:06 PM

"აღდგომის მარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე, დედაეკლესიაში სახარებიდან იკითხება ის მონაკვეთი, რომელშიც მოთხრობილია გალილეის ქალაქ კანის მცხოვრები ნათანაელის შესახებ, რომელზეც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ბრძანა: "აი, ჭეშმარიტი ისრაიტელი, რომელთანაც არ არის მზაკვრობა". ნათანაელის კითხვაზე, საიდან იცნობდა მას იესო, რომელსაც თვითონ პირველად ხედავდა, მაცხოვარი პასუხობს: "ვიდრე ფილიპე (იესოს ერთ-ერთი მოწაფე) მოგიხმობდა, ლეღვის ქვეშ მდგომი გიხილე".

წმინდა წერილის განმარტების მიხედვით, უფალმა ამ სიტყვებით ამცნო ნათანაელს, რომ იცოდა ყველა მისი ზრახვა, ხედავდა მის სარწმუნოებას და მესიის მოლოდინს. აქ ნათლად ჩანს, რომ ძე ღვთისა მის ყველაზე მგრძნობიარე სიმს შეეხო - ეს იყო სასოება, იმედი, და აგრძნობინა, რომ მის წინ იდგა მესია, რომელსაც ასე ელოდა. ნათანაელმა გაუღო გულის კარი უფალს და ქრისტეს სარწმუნოებით მონადირებულმა წარმოთქვა: "რაბი (რაც თარგმანებით მოძღვარს ნიშნავს), შენ ხარ ძე ღმრთისაი, შენ ხარ მეუფე ისრაელისაი!"შემდგომ ამისა იგი ბართლომეს სახელით ხდება იესო ქრისტეს მოწაფე, ერთი ათორმეტთაგანი .

ნათანაელის სახით უფალმა დაგვანახა, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქრისტიანი - უზაკველი, მართალი ღვთის წინაშე, გულწრფელად უნდა აიღარებდეს უფალს და ასეთივე სიწრფელითა და გულმოდგინებით ემსახურებოდეს შემოქმედს მისი მცნებების აღსრულებით. რადგან ხატი მართლმადიდებელი ქრისტიანისა სახარებაში ნათანაელის სახით არის გადმოცემული, ამიტომაც დედაეკლესიამ მართლმადიდებლობის ზეიმზე სწორედ ამ მონაკვეთის კითხვა დააწესა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2016, 01:22 PM

"პეტრე მოციქულის მსგავსად აღესრულა წმინდა ფილიპე მოციქულიც. გალილეაში, საბერძნეთსა და სირიაში ქადაგების შემდეგ მოციქულ ბართლომესთან ერთად ფრიგიაში, ქალქქ იერაპოლში ჩავიდა, სადაც გველების სახელზე აგებულ ტაძარში ლოცვის ძალით უზარმაზარი გველი მოკლა და მრავალი ადამიანი განკურნა მისი ნაკბენისგან.

წმინდა მოციქულს განუყრელად თან ახლდა თავისი და მარიამი. ქალაქის მმართველის ბრძანებით, მოციქულები იქედნეს ტაძართან ჯვარზე თავდაღმა გააკრეს. ამ დროს საშინლად შეირყა მიწა და მოციქულთა სამსაჯვროზე მყოფი ხალხი მიწამ შთანთქა. ჯვარზე გაკრული მოციქულის ლოცვით, უფალმა სასწაული მოახდინა და თავს დამტყდარი უბედურებისგან დაიხსნა ხალხი. მათ ირწმუნეს ქრისტე და მოითხოვეს, ჩამოეხსნათ მოციქულები.

ჯვრიდან გარდამოხსნილი ბართლომე ისევ ცოცხალი იყო, წმინდა ფილიპე კი ჯვარზე აღესრულა. წმინდანის დამ, მარიამმა, მიწას მიაბარა ძმის ცხედარი, შემდეგ კი ბართლომე მოციქულთან ერთად სახარების საქადაგებლად სომხეთში გაემგზავრა, სადაც წმინდა ბართლომე ჯვარს აცვეს. მარიამი კი სიცოცხლის ბოლომდე დაუცხრომლად ქადაგებდა უფლის სიტყვას. ამით თავის ძმას, წმინდა მოციქულ ფილიპესაც დაუმტკიცა ერთგულება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2016, 09:23 PM

"იმდენად თავმდაბალი იყო წმინდა იუდა მოციქული, რომ თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა - თავისივე კათოლიკე ეპისტოლეში იგი მხოლოდ იაკობის ძმად იხსენიება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2016, 11:03 PM

"თავდაპირველად წმინდა მატათა უფლის სამოცდაათი წმინდა მოციქულის რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელთაც, თორმეტთაგან განსხვავებით, მცირე მოციქულები ეწოდებათ.

ერთ-ერთი გადმოცემით, წმინდა მატათა მოციქული ანდრია პირველწოდებულსა და სიმონ კანანელთან ერთად ჩამოვიდა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ქრისტიანობის განსამტკიცებლად და აქვე, ბათუმთან ახლოს, გონიოშია დასაფლავებული, თუმცა, სხვა გადმოცემის მიხედვით, ის იუდეაში ქადაგებდა, სადაც ურჯულო იუდეველებმა ძელზე გაკრული ჩაქოლეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2016, 08:18 PM

"მოციქულთა უმრავლესობამ სიცოცხლე მოწამებრივად დაასრულა და თავისი ცხოვრებით დაამოწმა ჭეშმარიტება ქრისტიანობისა. თუ მაცხოვარი განკაცებული ღმერთია, მოციქულები განღმრთობილი ადამიანები არიან, რომლებიც მოქმედებდნენ რწმენითა და მადლმოსილებით და შეძლეს, საკუთარ თავში განეხორციელებინათ ის მცნებები, რომელთაც მაცხოვარი ქადაგებდა. მათი მიბაძვა ჩვენი ვალდებულება კი არა, სულიერი მოთხოვნილება უნდა იყოს, ერთგვარი გამხნევება, მოწოდება, რომ ჩვენთვისაც შესაძლებელია უფლის მადლმოსილებითა და რწმენით ასეთ სულიერი საფეხურის მიღწევა".

/დეკ. გიორგი ყიფშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2016, 08:39 PM

"1. ღრმა რწმენა, რომ მოძღვრება, რომელსაც ქადაგებდნენ, ჭეშმარიტებაა.

2. სრული თანხვედრა სიტყვასა და საქმეს შორის.

3. ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული მსმენელისადმი.

ამ სამეულმა განაპირობა მოციქულთა ქადაგების წარმატება. ეს სამი პირობა უნდა იყოს ყველა დროის მქადაგებლის სახელმძღვანელო პრინციპიც".

/დეკ. მიქაელ გალდავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2016, 09:07 PM

"როდესაც მოციქულთაგან განდევნილი იუდას მაგივრად მატათას ირჩევდნენ, აუცილებელ პირობად წაუყენეს, რომ მოციქულად არჩეული "ქრისტეს აღდგომის მოწამე" ყოფილიყო (საქმე 1,22). პავლე მოციქული ორგან აღნიშნავს, რომ მას არა აქვს ეს მოციქულთათვის აუცილებელი პირობა - ის არ ყოფილა მოწმე ქრისტეს არც ცხოვრების და არც აღდგომისა. მაგრამ უფალი აქცევს მას ასეთად "რაითა დაგადგინი შენ მსახურად და მოწამედო" (საქმე 26, 18)".

/დეკ. მიქაელ გალდავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2016, 11:19 PM

"პავლე მოციქული მიჩნეულია ჰომილეტიკის თეორიის მთავარ ფუძემდებლად, ქრისტიანული ჰომილეტიკის არსისა და ხასიათის დამდგენად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 10:43 AM

"მოციქულები და წმინდა მამები ისე უქადაგებდნენ ხალხს ღვთის სიტყვას, გეგონებოდათ, უნდათ ყველა ღვთის სასუფეველში გადაასახლონო".

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 02:01 PM

"წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ყველაფერი წერილობით არ გადმოგვცეს მოციქულებმა, ბევრი არის დაუწერელი სწავლება, მაგრამ ერთიც და მეორეც სარწმუნოა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 08:43 PM

"უშიშრად მიმოივლიდა ამ არასტუმართმოყვარე მიწას [წმ. პატრიკი, ირლანდიის განმანათლებელი] და უფალს საშუალებას აძლევდა მისი დახმარებით ამ ხალხს დალაპარაკებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2017, 06:26 PM

"პავლეს მოციქულებრივი მოღვაწეობის მიზანია, ადამიანთა გულებში ქრისტე გამოსახოს".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2017, 11:18 AM

"ანდრია მოციქულს საქართველოში მესამე მოგზაურობის დროს თან სვიმონ კანანელი და მატათა მოციქული ჩამოუყვანია. ამის შესახებ ცნობას ეპიფანე კონსტანტინოპოლელი გვაწვდის. ეფრემ მცირე ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოციქულმა ბართლომემ იქადაგა. ამ აზრს არქანჯელო ლამბერტიც იცავს, ხოლო XVI საუკუნის ერთი სლავური წყარო ქართულ ეკლესიას თომა მოციქულის მიერ დაარსებულად მიიჩნევს. სხვა ისტორიული ცნობის მიხედვით, მოციქულ თადეოზსაც უქადაგია საქართველოში".

/მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2017, 06:38 PM

"მათე მოციქულმა ბევრ ქვეყანაში იქადაგა ღვთის სიტყვა - მოვლო მაკედონია, სირია, სპარსეთი, პართია, მიდია და მთელი ეთიოპია, რომელიც მას ერგო, როცა მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვის სად ექადაგა. მან მრავალი განანათლა სახარების ნათლით და ბოლოს ერთ კაციჭამიობით ცნობილ შავკანიანთა ქვეყანაში ჩავიდა. იქაურები ზნითა და ქცევით მხეცებს ჰგავდნენ. წმინდა მათე მახარებელი მირმენად წოდებულ ქალაქში შევიდა, რამდენიმე ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, მცირე ეკლესიაც დააფუძნა და ეპისკოპოსად თავისი თანამგზავრი და თანამოღვაწე პლატონი დაუტოვა. თვითონ მახლობელ მთაზე ავიდა. მკაცრად მარხულობდა და გულმოდგინედ ევედრებოდა ღმერთს ამ სასტიკი, ურწმუნო ხალხის მოქცევას. და აი, უკაცრიელ მთაზე განმარტოებულ წმინდა მოციქულს ღამით თვით უფალი გამოეცხადა, გაამხნევა და გააფრთხილა, მომავალი განსაცდელისთვის მომზადებულიყო.

მართლაც, მეორე დღეს, როდესაც წმინდა მოციქული ეკლესიაში ლოცვას აღავლენდა, ქალაქის მთავარმა ოთხი მხედარი გაგზავნა მის შესაპყრობად. შეიარაღებული მეომრები უფლის ტაძარს რომ მიადგნენ, ისინი უმალ წყვდიადმა მოიცვა და შეძრწუნებულებმა ძლივს მოახერხეს უკან დაბრუნება. განრისხებულმა მთავარმა ფულბიანემ მრავალი მეომარი გაგზავნა მოციქულის შესაპყრობად. ბრძანა, შეეპყროთ წმინდანი, მიწაზე გულაღმა დაეგდოთ და ხელ-ფეხით ძელზე მიემსჭვალათ, ხოლო თუკი ვინმე დაიცავდა და წინააღმდეგობას გაუწევდათ, დაეხოცათ. ყოველივე აღასრულეს. მთავრის ბრძანებისამებრ, დიდძალი ფიჩხი და ტოტები მოაგროვეს, მიიტანეს ფისი და გოგირდიც, ეს ყველაფერი მოციქულს ზემოდან დააყარეს და ცეცხლი წაუკიდეს.

კოცონი აღეგზნო და ყველას ეგონა, მათე სრულიად დაიწვაო. ანაზდად ცეცხლი გარშემო მდგარ კერპებს ეკვეთა და ცვილივით დაადნო, წმინდა მოციქული კი უვნებელი იყო და შემოქმედ ღმერთს ადიდებდა. ცეცხლმა გველის სახე მიიღო და ქალაქის მთავრისკენ გაიჭრა. გაოგნებულმა ფულბიანემ გაქცევაც ვეღარ მოახერხა. უღონოდ დაემხო და მორჩილი ვედრებით მიმართა წმინდა მოციქულს, ეხსნა დაღუპვისგან. მართლაც, როგორც კი წმინდა მათემ შერისხა ცეცხლი, ალი უმალვე დაცხრა. მაშინ ფულბიანემ ისურვა. ცეცხლიდან პატივით გამოეყვანა მათე, მაგრამ წმინდა მოციქულმა ლოცვა აღასრულა და უფალს მიაბარა სული. მათე მოციქული ქრისტეს შობიდან დაახლოებით 60 წელს აღესრულა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2017, 12:14 PM

"კაცობრიობა საკუთარი სიდიადით, გონებრივი შესაძლებლობებითაა შეპყრობილი და თავის დაცემულობას ვეღარ ხედავს. მოვიდა ღმერთი, ხელი გამოგვიწოდა, ჩვენ კი მოვკალით. არაფერს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკურად, რეგიონულად და ქრონოლოგიურად ძალიან ვიწრო არეალში მოხდა. თითოეული ადამიანი, ვინც ამ ამბავს იგებს, მას თითქოსდა ითავისებს, მაგრამ მერე ან იღებს, ან უარყოფს. თავად სასწაულია, კაცობრიობამ რომ მიიღო და გაითავისა ეს ფაქტი. წარმოიდგინეთ, რა მოხდა: მაცხოვრის თორმეტმა, უფრო სწორად - თერთმეტმა (იუდა ხომ გამოაკლდა), გაუნათლებელმა მოწაფემ, რომლებმაც ბერძნულენოვან სამყაროში წერა-კითხვა მხოლოდ ებრაულ ენაზე იცოდნენ, მთელი სამყარო მოაქცია! წარმართულ სამყაროში, სადაც ყველას საკუთარი ადათები, წესები, ჩვეულებები, მამა-პაპის სჯული, მსოფლმხედველობა ჰქონდა, უბრალო მეთევზეებმა ადამიანების მთელი ცნობიერება შეცვალეს.

ხომ გისაუბრიათ არასწორი ქრისტიანული დამოკიდებულების მქონე ახლობლებთან, გაუგიათ თქვენი სიტყვა? თითოეული ჩვენგანი წასწყდომია, რა რთულია ღვთის სჯულის ქადაგება, ადამიანის ეკლესიამდე მოყვანა, ხანდახან - შეუძლებელიც. მაგრამ საოცარ რეალობას ვხედავთ: მთელი სამყარო შეიცვალა. ადამიანები ისეთ სიბნელეში ცხოვრობდნენ, საკუთარ შვილებს კერპებს სწირავდნენ. ასე იყო საქართველოშიც. გვაქვს კანიბალიზმის მაგალითებიც. და ეს ბნელით მოცული არსებები გაუნათლებელმა ადამიანებმა საღვთო სჯულზე მოაქციეს. სულ სამი საუკუნე დასჭირდა, რომ სამყაროს მთავარ რეგიონში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო. თაობაზე 50 წელს თუ ვივარაუდებთ, მხოლოდ ექვსი თაობა გამოვა. ძალიან ცოტაა სამი საუკუნე."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2017, 01:35 PM

"მოციქულმა ბარნაბამ დააფუძნა საეპისკოპოსო კათედრა მედიოლანში (მილანში), შემდეგ კვლავ კვიპროსს დაუბრუნდა. გამხეცებულმა იუდეველებმა წარმართები აღძრეს მის წინააღმდეგ. მოციქული ქალაქგარეთ გაიყვანეს, ქვებით ჩაქოლეს და მისი ცხედარი აგიზგიზებულ ცეცხლში ჩააგდეს. როცა ბრბო დაიფანტა და კოცონიც ჩაიფერფლა, მარკოზი მივიდა ამ ადგილას, ბარნაბას უხრწნელი ცხედარი გამოქვაბულში დაკრძალა და, მოციქულის ანდერძისამებრ, მისივე ხელით გადაწერილი მათეს სახარება დაადგო გულზე.

ბარნაბა ქრისტეს აქეთ დაახლოებით 62 წელს გარდაიცვალა, 76 წლის ასაკში. მისი დაკრძალვის ადგილი თანდათანობით დავიწყებას მიეცა, თუმცა აქ მრავალი ნიში და სასწაული აღესრულებოდა. ბოლოს, 448 წელს, იმპერატორ ზენონის დროს კვიპროსის მთავარეპისკოპოსს ანთიმოზს სამჯერ გამოეცხადა ძილში და თავისი საფლავის ადგილსამყოფელზე მიანიშნა. კვიპოროსელმა ქრისტიანებმა ბარნაბას უხრწნელი ცხედარი და მის გულზე დასვენებული სახარება იპოვეს. კვიპროსის ეკლესიას სწორედ ამის შემდეგ ეწოდა სამოციქულო. ამ დროიდან მიიღო მან პატრიარქის დამოუკიდებლად არჩევის პატივიც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2017, 12:12 PM

"პავლე მოციქული გვეუბნება, ბევრჯერ ვევედრე, განეშორებინა ხორციელი სნეულება, მაგრამ უფალმა მითხრა, ის მადლი კმა არის შენთვის, რაც გაქვსო - მთელი ქადაგების განმავლობაში, პავლე მოციქულს ფიზიკური უძულურება აწუხებდა, მაგრამ მას ჰქონდა სულიერი მშვიდობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2017, 09:52 AM

"პეტრე სარწმუნოებით უპირატესი გახლდათ მოციქულთა შორის (გავიხსენოთ იესო ქრისტეს პეტრე მოციქულის მიმართ ნათქვამი სიტყვები: "სვიმონ-პეტრე, შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი..." "კლდეში" სწორედ პეტრე მოციქულის რწმენა იგულისხმება ძე ღვთისას მიმართ), იოანე სიყვარულითაა უპირატესი, იაკობი კი მოწამებრიობით გამორჩეული. სახარებიდან ვიცით, როდესაც სამარიტელების სოფელმა არ შეიწყნარა მაცხოვარი, იაკობმა და იოანემ სთხოვეს უფალს - მოგვეცი ნება, ვთქვათ და ზეციდან ცეცხლი გარდამოვა და დაწვავს მათო. ამის გამო ეწოდათ მათ ძენი ქუხილისანი. აი ასეთი მოშურნენი იყვნენ ისინი უფლის სარწმუნოებაში."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2017, 10:06 AM

"პავლემ, უფლის ბრძანებით, იუდეველთა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება იწყო, რის გამოც გამუდმებით უწევდა ხანგრძლივი მოგზაურობა. იგი ასევე წერდა და თავის სამწყსოს უგზავნიდა ეპისტოლეებს, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია შესული. პალესტინასა და მცირე აზიაში, საბერძნეთსა და იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე გაისმოდა მოციქულის მგზნებარე სიტყვა. ერთ-ერთი გადმოცემით, მან რომის იმპერატორის მეღვინეთუხუცესი მოაქცია, რისთვისაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 09:25 PM

"თადეოზმა იწყო ქადაგება და მთელი ედესიის სამთავრო მოაქრისტიანა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 10:19 PM

"სიტყვა მათი [პეტრესი და პავლესი] ცეცხლად ეკიდებოდა ადამიანთა გულებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 06:28 PM

"წმ. იოანე [ღვთისმეტყველი] გამოირჩევა გულისხმიერების სიღრმით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:53 AM

"ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც უფლის ამ რჩეულმა [წმ. პავლემ] დაითმინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 03:23 PM

"ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს [წმ. პეტრეს] სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება.

წმინდანის ცხედარი მისმა მოწაფემ, მარკოზმა გარდამოხსნა, რძითა და ღვინით განბანა, სურნელოვანი ნელსაცხებელით შემურა, რჩეული თაფლით სავსე მარმარილოს ლუსკუმაში ჩაასვენა და საკუთარ საფლავში (მაშინ ძალზე გავრცელებული იყო საკუთარი საფლავების წინასწარ მოწყობის ტრადიცია) დაფლა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2017, 10:35 PM

"თავად მოწაფეებს ყოველთვის როდი ესმოდათ უფლისა. თავიანთი ურწმუნოებით, სულმოკლეობით, მერყეობით, ისინი ხშირად აწყენინებდნენ და, მიუხედავად ამისა, მაცხოვარი არ ღიზიანდებოდა - არ დუმდებოდა მისი სწავლება, არ იკლებდა სიყვარული მათდამი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:01 AM

"პეტრე მოციქულის ჩრდილიც კი კურნავდა ათასობით სნეულ ადამიანს. პავლე მოციქული სულიწმინდის ნიჭმა "რჩეულ ჭურჭლად" ცნო. სულიწმინდის სასწაულებრივი ქმედებანი უხვად გამოვლინდა მის ცხოვრებაში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2017, 10:24 AM

"უფალმა მის [ნათანაელის] გონებაში არსებული, ჯერ კიდევ გამოუთქმელი აზრები ამოიკითხა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2017, 11:34 AM

"პავლე მოციქული შინაგანად იმპულსური ადამიანი იყო, მგზნებარე ცეცხლი იყო. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ პავლე მოციქული იყო ცეცხლი, რომელიც მიწაზე ენთო და ღმრთის საყდრამდე ადიოდა. ასეთი არ დაბადებულა და აღარც დაიბადებაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2017, 02:15 PM

"მოციქული პავლე და სხვა მამებიც ძალზე ხშირად იმეორებენ, რომ უფალი, რომელიც ჩვენდა სახსნელად იშვა, ჯვარს ეცვა, მოკვდა და მკვდრეთით აღდგა, ჩვენთვის არასდროს არაფერს დაიშურებს, მაგრამ ყველაფერს ჩვენი საქმე უნდა უძღოდეს. ძველ მამამთავრებს ღვთის უდიდესი მფარველობა ჰქონდათ, მაგრამ, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, ისინი ცოცხალ სარწმუნოებას, კეთილ საქმეებს, სიყვარულს, სიმდაბლესა და მოთმინებას უჩვენებდნენ უფალს და მხოლოდ ამის შემდგომ იღებდნენ ამ სიკეთეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2017, 11:18 AM

"მოციქულები სხვადასხვა ქვეყანაში პირველად რომ უნდა წასულიყვნენ საქადაგებლად, ძალიან მოშიშნი იყვნენ, ადამიანური შიში ჰქონდათ. შიში ჰქონდა თვით პეტრე მოციქულსაც. როდესაც მათზე სულიწმინდის მადლი გადმოვიდა, ისინი ლომგულები შეიქმნენ და სურვილი გაუჩნდათ, ქრისტესთვის წამებულიყვნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2017, 09:38 AM

"ვინც მე მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარო ჩემი ზეციური მამის წინაშეო. ამით უფალი მოციქულებს და ყველა ქრისტეს მიმდევარს მოგვიწოდებს და გვასწავლის, რომ უპირველესი მოვალეობა და საქმე ქრისტიანისა არის ღვთის სიტყვის გავრცელება. ამაზე ზეაღმატებული საქმე არ არსებობს".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2018, 05:25 PM

"იგი [მოციქული იაკობი იესო ქრისტეს ხორციელი ძმა] ერთადერთი იყო იერუსალიმში, რომელსაც სურვილისამებრ შეეძლო წმიდათა წმინდაში ელოცა, მაშინ როცა თვით მღვდელმთავრებს, წელიწადში მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ უფლება სალოცავად შესვლისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 06:07 PM

"ცნობილია ისიც, რომ იაკობ მოციქული ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ იოსაფატის ღელის ერთ-ერთ მღვიმეში განმარტოებულა და აღთქმა დაუდევს, მანამ საზრდოს პირს არ დააკარებდა, სანამ მკვდრეთით აღმდგარი იესო არ გამოეცხადებოდა.

მართლაც, ქრისტე ვიდრე სხვა მოციქულებს, პირველი თავის ხორციელ ძმას - იაკობს საგანგებოდ გამოეცხადა. ამ სასწაულის შემდეგ, ქრისტეს მიმდევრებს, იაკობის მღვიმე ტაძრად გადაუკეთებიათ, რომელიც დღემდეა შემონახული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 09:36 AM

"პეტრე მოციქულმა სამგზის უარყო მაცხოვარი, თუმცა ამ ფაქტით მოციქული არ დაკნინებულა. შეეძლოთ მოციქულებს, ეს ფაქტი არ აღენიშნათ სახარებაში, მაგრამ დაწერეს და თაობებს დაუტოვეს ნიშნად იმისა, რომ რა ახლოც არ უნდა იყოს ადამიანი უფალთან, როგორც არ უნდა უყვარდეს და ერთგული იყოს მისი, შესაძლოა, ადამიანური სისუსტე მაინც გამოავლინოს."

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2018, 02:23 PM

წმინდა პავლე

"თუ სასწაულის გარეგნულ მხარეს შევხედავთ, უეჭველია, ასეა. ხოლო თუ ყურადღებას მივაქცევთ მის შინაგან მხარეს, დამრიგებლური სიტყვით ცოდვილის მოქცევის სასწაული და მისი ნუგეშინისცემა უფრო აღმატებულია, რადგან მკვდრეთით აღდგომისას აღდგება ხორცი, რომელიც ოდესმე კვლავ მოკვდება. პირველ შემთხვევაში კი სული საუკუნო სიცოცხლისთვის არის განკუთვნილი.

შენი აზრით, რომელი უფრო დიდი სასწაულია? ლაზარე, რომელიც, რა თქმა უნდა, მორწმუნეთა რიცხვს ეკუთვნოდა, უფალმა ხორცით აღადგინა, სავლე კი სულიერად. ლაზარეს სათნოებებზე, ხორცით მკვდრეთით აღდგომის მერე, არაფერი თქმულა, მაგრამ რასაც ამბობს წმინდა წერილი პავლეს სათნოებებზე მისი სულიერად აღდგომის მერე, ამას ჩვენი სუსტი გონება ვერ დაიტევს: მისი ქადაგებებით ყველაზე გასასტიკებული სულები ღვთისმოშიშების გზას ადგებოდნენ, მას სურდა, მომკვდარიყო ძმათათვის, რომელთა სიკვდილი ადრე უხაროდა, ზედმიწევნით იცოდა წმინდა წერილი, თავს უვიცად აღიარებდა, იცოდა ქრისტე, ისიც მხოლოდ ჯვარცმული;

თუ ადრე, მოქცევამდე, მახვილით დასდევდა ქრისტეს, მოქცევის მერე სიხარულით დაითმენდა მისი სახელისთვის კომბლის ცემას; თვითონ მოციქული იყო დიდებული, მაგრამ თავის თავს ის მოწაფეთა შორის უმცირესად თვლიდა, აღიტაცებოდა და ჭვრეტდა მესამე ცის საიდუმლოებებს, მაგრამ, ამავე დროს, სიყვარულით აღძრული, გონების თვალთ საქორწინო ურთიერთობის მოწყობასაც მიაპყრობს, როცა ამბობს, ცოლი ქმარს, დაე, საკადრის სიყვარულს მიაგებდეს, ასევე ექცეოდეს ცოლსაც ქმარიო;

ანგელოზების დასთან ერთად სულიერ ჭვრეტას მიცემული, არ უგულებელყოფს საბერო საქმეთა განგებულებაზე ფიქრსაც. უხარია უძლურების ჟამს, მისთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი - შესაძინელი. ცხოვრობდა ხორცში, მაგრამ ამ დროს უხორცო იყო.

აი, როგორ ცხოვრობდა ის, ვინც გრძნობადი ცხოვრებიდან ღვთისმოშიშების ცხოვრებისკენ მიექცა! ასე რომ, ხორციელად მკვდრეთით აღდგომა ნაკლები სასწაულია, თუკი ხორცის აღდგომასთან ერთად სულიც არ გაცოცხლდება. ასე რომ, ხილული სასწაულის საშუალებით კაცი შინაგანადაც უნდა გაცოცხლდეს, ისევე როგორც ქრისტესკენ მოქცევისას."

/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2018, 06:32 PM

"ქრისტეს თერთმეტი უსწავლელი და უპოვარი მოწაფე კაცობრიობაში გაბატონებული სიცრუისა და უზნეობის წინააღმეგ იწყებს ბრძოლას და წარმატებასაც აღწევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2018, 03:16 PM

პეტრე მოციქულივით სინანულის ცრემლებით ამომწვარი თვალებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2018, 08:51 PM

"წმინდა სტეფანეს წმინდა ნაწილებიდან ისეთი კეთილსურნელება დატრიალდა, რომ ხალხს ასეთი რამ არასოდეს შეუყნოსავს. ეს გამოუთქმელი კეთილსურნელება ჰაერში ათი სტადიონის მანძილზე გავრცელდა. ეგონათ, სამოთხეში ვართო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2018, 04:55 PM

"პეტრე და პავლე ყველაზე მეტად დაშვრნენ ქრისტეს სახარების გავრცელებისთვის, ამიტომაც მათ მოციქულთა თავები ეწოდათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 05:00 PM

"მაცხოვრის მიმართ მადლიერებისა და სიყვარულის გრძნობამ, რომლითაც სავსე იყო პავლედ წოდებული სავლეს გული, მას მოღვაწეობის ისეთი მძაფრი სურვილი აღუძრა, როგორსაც ვერავითარი მიწიერი მიზნები ვერ აღძრავენ, რადგან ყოველივე მიწიერი წარმავალია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 06:44 PM

"უძველესი გადმოცემა გვაუწყებს, რომ სულიწმინდის გარდამოსვლის შემდგომ რამდენიმე წლის განმავლობაში მოციქულები იერუსალიმში ცხოვრობდნენ და საქადაგებლად მხოლოდ ახლომახლო ადგილებში მიმოდიოდნენ. სხვა ქვეყნებში ისინი მაშინ წავიდნენ, როცა სახარება მთელ იუდეაში გაისმა.

წასვლის წინ მაცხოვრის მოწაფენი ერთად შეიკრიბნენ, ჯერ ილოცეს და შემდეგ წილი ყარეს, ვის სად ექადაგა. ზოგიერთი ძველი ავტორი იმასაც გვამცნობს, რომ ერთმანეთთან განშორების წინ მათ ღმრთაებრივი ზეშთაგონებით მრწამსის მოკლე სიმბოლო შეადგინეს, რომელიც რამდენიმე სიტყვით გადმოსცემდა საქადაგებელი მოძღვრების ძირითად არსს.

ეს სიმბოლო, რომელიც ეკლესიის ისტორიაში მოციქულთა სიმბოლოს სახელწოდებითაა ცნობილი, 12 წევრისაგან შედგება: 1. მრწამს მამა ღმერთი ყოვლადძლიერი; 2. შემოქმედი ცისა და ქვეყანისა; 3. მრწამს იესო ქრისტე, მხოლოდშობილი ძე მისი, უფალი ჩვენი; 4. რომელიც სულიწმიდისაგან ჩაისახა და ქალწული მარიამისაგან იშვა; 5. პილატე პონტოელის დროს ევნო და ჯვარს ეცვა, მოკვდა და დაიფლა; 6. ჯოჯოხეთში ჩავიდა და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა; 7. ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით ყოვლისშემძლე მამა ღმერთისა; 8. მრწამს სული წმიდა; 9. საყოველთაო წმინდა ეკლესია; 10. კავშირი წმინდანთა; 11. აღდგომა ხორცისა; 12. მარადიული ცხოვრება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 07:06 PM

"წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ქრისტეს მოძღვრება იქადაგა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მცირე აზიაში, შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებში საქართველოსა და სკვითიაში (დღევანდელ რუსეთში), რომელსაც, იმის გამო, რომ მისი მცხოვრებნი უხეშობითა და სისასტიკით გამოირჩეოდნენ, თვით ყველაზე გაბედული მოგზაურებიც კი ერიდებოდნენ.

ძველი მატიანენი გვაუწყებენ, რომ ანდრია პირველწოდებულმა ჭეშმარიტი სარწმუნოება ტავრიის ხერსონესში (დღევანდელი ყირიმის ნახევარკუნძული) იქადაგა, აქედან დნეპრს აუყვა და იმ ადგილამდე მიაღწია, სადაც დღეს კიევია. გადმოცემის მიხედვით, იქ მას მთაზე ჯვარი აღუმართავს და თავისი თანამგზავრებისთვის უთქვამს, რომ ამ ადგილას გაბრწყინდებოდა მადლი ღმრთისა, აღიმართებოდა წმინდა ტაძრები და ნათელი ჭეშმარიტი მთელ ქვეყანას მოეფინებოდა. მოციქულს ნოვგოროდამდეც მიუღწევია. როგორც ჩანს, სკვითები მას არ დევნიდნენ, მაგრამ არც ის ვიცით, ახალი სარწმუნოება მათგან ბევრმა ირწმუნა თუ ცოტამ.

სამაგიეროდ, წმინდა ანდრიას დიდი ტანჯვა მიაყენეს ქალაქ სინოპის მცხოვრებლებმა. აქედან მოციქული ბიზანტიონში გადავიდა, სადაც ეკლესია დააარსა და ეპისკოპოსად სტაქე დააყენა, რომელსაც პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში იხსენიებს. ამის შემდეგ იგი საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჩავიდა, სადაც მოწამებრივი აღსასრულის ღირსი გახდა.

წმინდა ანდრიამ პატრაში მრავალი მოაქცია, მათ შორის - ამ მხარის მმართველის ძმა და მისი ცოლი. ეს რომ შეიტყო, განრისხებულმა მმართველმა მისი საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა, მაგრამ ღმრთაებრივი სიტყვის მოსმენას მოწყურებული ადამიანები მოციქულს საპყრობილეშიც აკითხავდნენ. ისე რომ, ქრისტიანთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა. მაშინ შეფიქრიანებულმა მმართველმა წმინდა ანდრია თავისთან იხმო და ყოველი ღონე იხმარა, რათა მას ქრისტე უარეყო.

"როგორ შეიძლება რწმენა ადამიანისა, რომელიც, ვითარცა ბოროტმოქმედი, ჯვარს აცვეს?" - გაოცებით კითხულობდა იგი. მოციქული უხსნიდა, რომ უფალი ჯვარზე არა უძლურების გამო, არამედ თავისი ნებით, ადამის მოდგმის სიყვარულისა და ეშმაკის ტყვეობიდან მისი დახსნისთვის ეწამა, მაგრამ მმართველისათვის სიყვარულის გამო გაღებული მსხვერპლი გაუგებარი აღმოჩნდა და წმინდა ანდრიას ჯვარზე გაკვრა მიუსაჯა. იგი ვერ მიხვდა, რომ წამების ეს სამარცხვინო იარაღი, მას შემდეგ, რაც მასზე ქრისტე აღესრულა, უკვე კურთხეული იყო.

განაჩენი რომ მოისმინა, მოციქულმა ჯვრის სადიდებელი წარმოთქვა: "ო, ჯვარო, უკვე კარგა ხანია საყვარელო! ადამიანთაგან წამიყვანე და ჩემი თავი ჩემს მასწავლებელს გადაეცი. დაე, მან ვინც შენით მიხსნა, შენითვე მიმიღოს".

წამება რომ გაეხანგრძლივებინა, მმართველმა წმინდა ანდრიას ჯვარზე არა მილურსმვა, არამედ მიკვრა ბრძანა. ხალხი ღელავდა, რადგან მოციქულის შეყვარება უკვე მოესწრო. მრავალი მათგანი ყვიროდა: "რისთვის იტანჯება ეს წმინდა კაცი, მეგობარი უფლისა?" ჯვარზე გაკრული წმინდა ანდრია კი ისევ ხალხს მოძღვრავდა და ერთმანეთის სიყვარულს, პატიებასა და შენდობას უქადაგებდა. "სიკვდილის არ ეშინია მას, ვინც სიმართლისთვის კვდება, რადგან მისი მეშვეობით სასუფევლის ნეტარებას დაიმკვიდრებს. სიკვდილი მხოლოდ მათთვისაა საშიში, ვინც ამ ცხოვრებაში ცოდვის ტყვეობაში იმყოფება, რადგან მარადიული სასჯელი ელის. ძმებო, არ დაივიწყოთ, რასაც გასწავლიდით, გიყვარდეთ ჭეშმარიტი რწმენა და უფალი იესო ქრისტეს მცნებანი დაიცავით!" - მიმართავდა იგი ჯვრიდან მორწმუნეებს.

წმინდა ანდრია ორი დღე-ღამის განმავლობაში ეკიდა ჯვარზე და თავისი მასწავლებლის მსგავსად მხოლოდ სიყვარულისა და შენდობის სიტყვებს წარმოთქვამდა. მესამე დღეს აღშფოთებულმა ხალხმა მისი ჩამოხსნა მოითხოვა. ხალხის მღელვარებით შეშინებული მმართველი თვითონ მივიდა ჯვართან და ჯარისკაცებს მოციქულის ჩამოხსნა უბრძანა, მაგრამ წმინდა ანდრია ცოცხალი აღარ იყო. მან ლოცვით მიაბარა სული უფალს.

ანდრია პირველწოდებული დაახლოებით 70 წელს აღესრულა. წმინდა მოციქულს, რომლის წმინდა ნაწილებიც იტალიაში, ქალაქ ამალთეაში ბრძანდება, ეკლესია 30 ნოემბერს (ძვ. სტილით) იხსენიებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 07:34 PM

"წმინდა მოციქულმა ფილიპემ (იგი არ უნდა გავაიგივოთ დიაკვან ფილიპესთან, რომელმაც იესოს მოძღვრება ეთიოპიელებს გააცნო) სახარება ჯერ გალილეაში, ხოლო შემდეგ საბერძნეთში იქადაგა, სადაც მრავალი სასწაული ჩაიდინა და მრავალი წარმართიც მოაქცია.

საბერძნეთში მცხოვრები ებრაელები მოსაკლავად დაედევნენ, მაგრამ უფალი შეეწია: მის წინააღმდეგ ამხედრებული ებრაელები უეცრად დაბრმავდნენ და მხედველობა მხოლოდ მოციქულის ლოცვის მეოხებით დაუბრუნდათ.

საბერძნეთის დატოვების შემდეგ ფილიპემ ქადაგებით შორეული ქვეყნები - არაბეთი, ეთიოპია და პართია მოიარა. ბოლოს იგი დასთან, ქალწულ მარიამნასთან ერთად მცირე აზიას ეწვია, სადაც მოციქულებს - იოანე ღმრთისმეტყველსა და ბართლომეს შეხვდა.

წმინდა მოციქულები ფილიპე და ბართლომე ფრიგიის ქალაქ იერაპოლისში ჩავიდნენ, სადაც მათ მრავალი წარმართი მოაქციეს და კერპთმსახურ ქურუმთა რისხვა დაიმსახურეს.

ქურუმები იმან გააცოფა, რომ ახალი რელიგიური მოძღვრების გავრცელებამ მოსახლეობაზე მათი გავლენა საგრძნობლად შეასუსტა და, შესაბამისად, შემოსავლის წყაროც შეუმცირა. მათ ფილიპეს, ბართლომესა და მარიამნას ქალაქის მმართველთან უჩივლეს...

შესმენილი მოციქულები კერპის ბომონის მახლობლად ჯვარზე გააკრეს, ამასთან, ფილიპე - თავდაყირა. უცებ მოხდა საშინელი მიწისძვრა, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შეშინებულმა მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ ეს სტიქიური უბედურება მართალთა დასჯით განრისხებულმა ღმერთებმა დაატეხეს თავს და წამებულთა ჯვრებიდან ჩამოხსნა მოითხოვეს.

ფილიპე, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უფალს თავის მტანჯველებს ავედრებდა, უკვე მკვდარი იყო. ბართლომემ წმინდა მოციქულის ნეშტი მიწას მიაბარა და თვითონ მოგზაურობა განაგრძო. მან ინდოეთამდე მიაღწია, სადაც კარგა ხნის შემდეგ მის მიერ დატოვებული სახარება აღმოაჩინეს.

წმინდა ბართლომემ სომხეთში მეფის ასული განკურნა, რის საფასურადაც ხელმწიფემ დიდძალი ძღვენი გაუგზავნა, მაგრამ მოციქულმა არ მიიღო და შეუთვალა, რომ მას საჩუქრები კი არა, ადამიანთა სულები სჭირდებოდა, რათა ისინი ქრისტესათვის შეეძინა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2018, 02:28 PM

"თუ კაცი უფალს გულით მიენდობა და აღიარებს, მის საკვირველებას ვერ დაიტევს, თუკი ამის შესახებ სხვასაც არ უთხრა, სხვებსაც არ გაუზიარა. ამას იქმოდნენ სწორედ მოციქულები."

/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2018, 12:44 PM

"პავლე მოციქული დაქორწინებული არასოდეს ყოფილა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2018, 09:06 PM

"წმინდა მოციქულები, გარდა იმისა, რომ ცხოვრობდნენ ქრისტეს დროს, იყვნენ კიდეც თანამოღვაწენი მისი მსახურებისა, მემკვიდრენი და მქადაგებელნი მაცხოვრის სიტყვისა... მოციქულთა მოღვაწეობა ვლინდებოდა ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე, იგი დღესაც ნათლად ჩანს და მომავალშიც გაგრძელდება.

უკვე მოციქულთა დროს ეკლესიაში დადგინდა ეპისკოპოსის, მღვდლის, დიაკვნის იერარქიული წესი; დადგინდა ასევე ამა თუ იმ ხარისხში კურთხევის, ხელდასხმის კანონი. ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, არ დარღვეულიყო მემკვიდრეობა იერარქიული ხელდასხმისა, ამიტომაც, თუ გამოვიკვლევთ, მაგალითად, საქართველოს ეკლესიის ნებისმიერი მღვდელმთავრის, მღვდლის ანდა დიაკვნის იერარქიულ წარმოშობას საუკუნეთა მანძილზე, აუცილებლად მივალთ ან წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულამდე, რომელმაც პირველ საუკუნეში იქადაგა საქართველოში და აქ პირველი ეკლესია დააარსა, ანდა წმიდა პეტრე მოციქულამდე, რომელმაც სათავე დაუდო ანტიოქიის ეკლესიას. საქართველო კი, მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ანუ V საუკუნემდე, ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა და ჩვენი სასულიერო პირებიც მათგან იღებდნენ ხელდასხმას.

მემკვიდრეობითობის ამ მადლს, რა თქმა უნდა, მოკლებულნი არიან პროტესტანტული მიმდინარეობანი, ბაპტისტები და სხვა დენომინაციები".

/პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2018, 07:33 PM

"ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ იოანე საქადაგებლად აზიაში წავიდა. მას ბევრს აწამებდნენ ქრისტიანული მოძღვრების ქადაგებისთვის, მაგრამ ყოველი წამების შემდეგ კვლავ ფეხზე დგებოდა.

როდესაც 100 წელიწადს გადააბიჯა, მოწაფეებს უბრძანა, ჯვრის ფორმის საფლავი გათხარეთ, შიგ ცოცხალი ჩამაწვინეთ და საფლავი მიწით ამოავსეთო. მოწაფეეებმა დაკოცნეს მახარებელი და სრულიად დაფარეს მიწით.

ეს რომ მისმა მიმდევრებმა გაიგეს, მივიდნენ საფლავზე, ამოთხარეს, მაგრამ ვერაფერი ნახეს. ყოველ წელიწადს, 8 მაისს, გამოჩნდებოდა წმინდა მტვერი მის საფლავზე და მრავალს კურნავდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2018, 06:26 PM

"მოციქულები თავიანთ მისიას სიცოცხლის ბოლო წუთამდე აგრძელებდნენ. მათი ბაგეები არასოდეს დამცხრალან უფლის სიტყვის ქადაგებით".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2018, 01:37 PM

პავლე მოციქული

"შეიძლება ითქვას, პავლე მოციქულზე მასშტაბური და ბუმბერაზი ფიგურა ქრისტიანობის ისტორიაში ძნელად მოიპოვება. ამით რომელიმე მოციქულს, წმინდანსა თუ მოღვაწეს როდი ვაკნინებ. მოქცევიდან 35 წლის განმავლობაში, რომში, თავისკვეთამდე, იგი არ გაჩერებულა და დაუღალავად ამოწმებდა ქრისტეს სარწმუნოებას.

დამასკოს გზაზე მისი მოქცევისა და სამდღიანი სიბრმავის ამბავი, რომლის დროსაც მას არც საზრდელი უხმევია და არც წყალი, ძალზე საინტერესოდაა აღწერილი "საქმე მოციქულთაში", რაც მარხვის ან პროტესტის ფორმა კი არა, მართლაც შოკური მდგომარეობა იყო და უღრმესი გააზრება და ქრისტიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა მისი რწმენისა და უდიდესი განათლებისა.

პავლესთვის მართლაც აღმოჩენა იყო, რომ ქრისტე სწორედ ის მესიაა, რომლის შესახებაც მოსედან ვიდრე იოანე ნათლისმცემლამდე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებდა. იგი მაშინდელი სამყაროს უგანათლებულესი ადამიანი იყო, დიდი სწავლულის, გამალიელის მოწაფე. სწორედ ამ სამმა დღემ აქცია ქრისტიანობის მდევნელი სავლე პავლედ.

მისი თეოლოგიური და საერო განათლება და ძველი აღთქმის ახალთან შესაბამისობაში მოყვანა ძალზე კარგად ჩანს მის ეპისტოლეებში, რომლებიც ქრისტიანული ღვთისმეტყველების მწვერვალია და ამასთანავე, პლატონის, სოკრატეს არისტოტელეს და სხვა უდიდეს მოაზროვნეთა ინსტალაციას და ქრისტიანული სულით გაჯერებას წარმოადგენს. ეს მემკვიდრეობა მართლაც დიდი განძია ახალი აღთქმის ეკლესიისა.

როგორც გითხარით, "საქმე მოციქულთა" პავლე მოციქულის თავისკვეთაზე არაფერს ამბობს და რომში კეისრის სამსჯავროს მოლოდინამდე გრძელდება, სადაც დაახლოებით 10 წლის მანძილზე იღვაწა და მეოთხე სამისიონერო მოგზაურობაც განახორციელა. მხოლოდ ნერონის მიერ ქრისტიანთა დევნისას მოხდა მისი და პეტრე მოციქულის შეპყრობაც და რომში სიკვდილით დასჯაც, რაც უტყუარი ფაქტია.

პავლე მოციქული ძალზე პრინციპული ადამიანია, რაც სრულებითაც არ გულისხმობს სიჯიუტეს. ისევ მაგალითს მოვიხმობ: ქრისტეს აქეთ 49 წელს იერუსალიმში, მოციქულთა კრებაზე მთავარი საკითხი ის გახლდათ, აუცილებელი იყო თუ არა მოსეს სჯულის აღსრულება და წინადაცვეთა ებრაელობიდან მოსული ქრისტიანებისთვის. პავლე ამას საჭიროდ არ თვლიდა და ამტკიცებდა: თუკი ქრისტეში ნათელვიღეთ, ამის აღსრულება რაღა საჭიროაო.

მაგრამ ამ კრების შემდგომ მან, ერთი შეხედვით, არაადეკვატური რამ ჩაიდინა: თავის მოწაფე ტიმოთეს წინადააცვეთინა, გარეგნული ნორმა დაარღვია და უმთავრესი - სიყვარულის კანონი აღასრულა, რადგან სხვაგვარად ებრაელობას ვერ შეიძენდა.

მისი პრინციპულობა მუდამ ადამიანთა მოქცევასა და გადარჩენას მსახურებდა და ყველას და ყველაფერს ამ მიზნისთვის იყენებდა. სადაც საჭიროა, რომის მოქალაქეა, სადაც საჭიროა - ფარისეველი, ებრაელი ბენიამინის შტოდან, რაც, როგორც ზოგს ჰგონია, უპრინციპობა და ორსახოვნება კი არა, მიზანმიმართული მოქმედებაა ადამიანთა მოსაქცევად.

თითოეული დღე - ბოლო დღე იყო მისთვის, მიუხედავად ფიზიკური უძლურებისა, უდიდესი თავგანწირვით ამსახურა ყოველი უფალს. კარვების კერვას მიჰყო ხელი, რათა ადამიანთა ყვედრებით დაღლილს თავი ერჩინა.

შემთხვევითი არ არის, რომ ადამიანი, რომელსაც არც მიწაზე მოღვაწე ქრისტე უნახავს და არც მისი სასწაულები და მისი მდევნელიც კი იყო, უდიდესი ღვაწლის წყალობით ეკლესიამ სამართლიანად აღამაღლა მოციქულთა თავის რანგში."

/დეკ. ლევან მათეშვილი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2018, 09:50 PM

"წმინდა მოციქული პეტრე წმინდა ანდრია მოციქულის უფროსი ძმა გახლდათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2018, 05:05 PM

ანდრია მოციქული

მეორე მისიონერული მოგზაურობა

"მეორე მისიონერული მოგზაურობიდან ანტიოქიაში გაემართა, შემდეგ ჩაჯდა გემში, რომელიც მიდიოდა ეფესოში, რათა შეხვედროდა იოანე მოციქულს. გზად მან რამდენიმე დღე დაჰყო კვიპროსზე (იმ ადგილს დღეს წმინდა ანდრიას კონცხი ეწოდება). კუნძულზე მოწყურებული მგზავრები ღელვამ მოიცვა. წმინდა ანდრიამ მხურვალე ლოცვით სასწაულებრივად კლდიდან წყარო გამოადინა.

ეფესოს შემდეგ დაბრუნდა ანტიოქიაში, აქედან გადავიდა ნიკეაში, შემდეგ ისევ ეწვია პონტოს და საქართველოს. საქართველოში ქადაგების შემდეგ მოციქული გაემართა პართიაში. გზად ქურთისტანი უნდა გაევლო და გადასულიყო გედროზიას უდაბნოში (ახლანდელი პაკისტანი), ირანის საზღვრის ახლოს. მაშინ იქ კინოცეფალები (ძაღლისთავიანი ადამიანები) ცხოვრობდნენ. გადმოცემით, ამ ხალხის ნახვამ ანდრია შეაშინა. თუმცაღა მიხვდა, რომ იქ მისი ყოფნა ღვთის ნება იყო.

სირიული წყაროების ცნობით, წმინდა ანდრია პაკისტანის და ავღანეთის გავლით მოხვდა სოგდიაში (თანამედროვე სამარყანდი და ბუხარა). არსებობს სამი სხვადასხვა წყარო, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდრია მოციქულმა იქადაგა დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში.

პირველი გადმოცემა ყაზახეთიდანაა, მეორე - სირიიდან, ხოლო მესამე აქვთ ბულგარელებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას, საბერძნეთის გავლით დასახლდნენ იტალიის ახლოს, სადაც მათ მრავალი ტაძარი ააშენეს ანდრია მოციქულის სახელზე. როგორც ამტკიცებს IX საუკუნის მწიგნობარი ეპიფანე კონსტანტინოპოლელი, ანდრია მოციქული იყო ჩრდილოეთითაც, სკვითებისა და მასაკების მიწაზე.

ასევე არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა ანდრიამ იქადაგა ალთაიში, საიდანაც სტეპების გავლით გაემართა კასპიის ზღვისკენ. აქ ალანებს უქადაგა სახარება. შემდეგ გაემართა ქურთისტანში, სადაც შემთხვევით გადაურჩა მოწამებრივ სიკვდილს. იქიდან კი იერუსალიმში დაბრუნდა."



მოწამებრივი აღსასრული

"უკანასკნელად მოციქულმა იქადაგა ქალაქ პატრაში (საბერძნეთი). წმინდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოიქცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქისთავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღვთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმინდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე.

ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმათ, არამედ დაეკიდათ. წმინდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს წმინდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღვთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმინდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა.

მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას, მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს. ეს მოხდა 62 წელს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2018, 05:59 PM

"პეტრეს თვით ქრისტემან უწოდა კლდე, პავლე იყო ზღვა სიყვარულისა"

"გაგა (55 წლის): ახალგაზრდობა დარდიმანდობასა და სიძვა-მრუშობაში გავლიე. ხომ არის მომენტი, რომ ერთ დღეს ყველაფერი გწყინდება კაცს და განვლილ ცხოვრებაზე დაფიქრდები. ამ ფიქრით ჩამოვშორდი თანამეინახეებს... სული მარტოობას ვერ იტანს და სიახლისკენ ვილტვოდი. არ გაგიკვირდეთ - ეს სიახლე ჩემთვის მართლადიდებლობა გამოდგა.

მანამდე არასოდეს დავინტერესებულვარ რელიგიით, არც ეკლესიაში სიარული მომნდომებია, პირიქით, დედაჩემის ლოცვითა და წირვა-ლოცვაზე სიარულით ვღიზიანდებოდი კიდეც. მერე ჩემი დებიც აჰყვნენ და კვირაობით ნაქეიფარ-ნაბახუსევს არც ერთი ქალი რომ არ მემსახურებოდა, სიბრაზისგან გულზე ვსკდებოდი. იქიდან მოსულებს რამდენჯერ ღრიალით შევგებებივარ და... გაფიქრებაც არ მინდა!

ერთხელ დედაჩემი მწარედ ატირდა და მომახალა, სავლე იქცა პავლედ და შენს გამოსწორებას საშველი არ დაადგა, ამ სახლში არავის გაგვეძლება, ნეტავი მამაშენის ადგილას მე ვიყო, სიკვდილი ჯობია შენთან ცხოვრებასო. ამ სიტყვებს დიდად არ უმოქმედია; როგორც გითხარით, განსჯა გვიან მოვიდა, ალბათ უფლის ნებით და დედაჩემის ლოცვა-კურთხევით.

ცოლიც შევირთე და უმშვენიერესი ქალიშვილები მყავს.

როცა ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, პავლე მოციქულის ცხოვრებით დავინტერესდი. უფრო სწორად, მინდოდა გამეგო, ჩემისთანა გათახსირებული კაცის მოქცევა თუ შეიძლებოდა. განსაკუთრებული განცდა სახარების ამ მონაკვეთის კითხვისას უფლის სიტყვებმა გამოიწვია: "სავლე, სავლე, რაისათვის მდევნი მე?" მეტიც, ცრემლი წამომივიდა. მას შემდეგ პავლე მოციქული ჩემთვის უსაყვარლესი მოციქულია. რასაკვირველია, სხვა მოციქულებსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პავლე განსაკუთრებით ახლოა ჩემთან. მინდა მის საფლავზე მივიდე, მაგრამ ჯერჯერობით ამის საშუალება არ მომეცა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2018, 05:01 PM

"მოციქულთა ღვაწლით განეფინა სამყაროში საღვთო ნათელი, სიტყვა ღვთისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2019, 01:18 PM

"ზოგჯერ უფალი ადამიანს იმის გამო დაუტევებს, რომ იგი ამით სიამაყეს, თავდაჯერებულობასა და გულზვიადობას განარიდოს. ამის თვალნათლივ მაგალითად პავლე მოციქულის ცხოვრება უნდა გავიხსენოთ, რადგან თავს მასაც მრავალგვარი განსაცდელი, დევნა და გაჭირვება ატყდებოდა, რათა მცირეოდენი სასწაულების შედეგად კაცთაგან მოგებულ პატივს, უშფოთველ და უზრუნველ ყოფას ეშმაკეულ ამპარტავნებაში არ ჩაეგდო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 03:28 PM

"ლოცვა-კურთხევა წმინდა პეტრესა და პავლესი სუფევდეს თქვენზე და მთელ საქართველოზე!"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2019, 04:20 PM

-------------

პეტრე მოციქული

"უფალი პეტრეს უწინასწარმეტყველებს მომავალ სატანჯველებს, რომლის გადატანა და დათმენა მოუწევს ქრისტეს სიყვარულისათვის: "სანამ იყავ ახალგაზრდა, სარტყელს შემოირტყამდი" და სხვა. რადგან გიყვარვარ და ბევრჯერ დამპირდი განსაცდელში ჩემს გამო სული დაგედო, გთხოვ მშვიდად იყო; მე შეგისრულებ შენ სურვილს: რაც არ გადაგიტანია ახალგაზრდობაში, გადაიტან სიბერეში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2019, 05:31 PM

"წარმოგიდგენიათ, რომ პავლეს ან პეტრე მოციქულს პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინათ? არ აკეთებდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ეკლესიამ მაინც გაიმარჯვა წარმართულ რომის იმპერიაზე"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2019, 08:05 PM

"არსებობს ასეთი ისტორიული ცნობა: როდესაც ანდრია მოციქული სინოპში ჩავიდა, იქ ისეთი ველური ხალხი ცხოვრობდა, რომ მას საჩვენებელი თითი მოაჭამეს, მაგრამ იგი არ შეუშინდა განსაცდელს; კუნძულის მეორე მხარეს გადავიდა და იქ განაგრძო ქრისტეს სჯულის ქადაგება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2019, 12:08 PM

"წმინდა მოციქულებმა პირველებმა იცნეს თავიანთ მოძღვარში აღთქმული მხსნელი, მესია, ხოლო შემდეგ კი თვით განხორციელებული ღმერთი. ეს რწმენა მოციქულთა სახელით აღიარა მოციქულმა პეტრემ, რომელსაც უფალმა მიუგო, რომ "ხორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან". მას შემდეგ მოციქულები ცხოვრობდნენ სრულიად ახალი, გაუგონარი, საშინელი და უსასრულოდ სასიხარულო შეგნებით იმისა, რომ მათ თვალწინ და მათთან ერთად ცხოვრობს თვით განკაცებული ღმერთი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2020, 10:22 PM

"[წმ. ბასილი დიდი] მოშურნეობით პეტრეს ბაძავდა, ენეგრიულობით - პავლეს, ხოლო რწმენით - ორივეს, სახელგანთქმულთა და სახელშეცვლილთა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2020, 09:59 PM

ფსალმუნი 92

3. აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ხმანი მათნი, აღდგენ მდინარენი სლვასა თვისსა

- როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, მდინარეებში იგულისხმებიან მოციქულები, ღვთის სიტყვის მქადაგებლები. წმინდა მოციქულები, მოციქულთა მიმდევრები მთელ მსოფლიოში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას. ისევე, როგორც მდინარეს ძნელია დადუგე წინ, ის მაინც განაგრძობს სვლას, ასევე მოციქულებმაც - ღვთის სიტყვის ქადაგებით მთელი მსოფლიო შემოიარეს. ამ საქმეს დღესაც განაგრძობენ ქრისტიანები, ანუ ქრისტეს მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელებას.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 07:52 PM

ფსალმუნი 96

4. გამოჩნდეს ელვანი მისნი სოფელსა, იხილა და შეძრწუნდა ქვეყანაი

- როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, "ელვანი" არიან მოციქულები, მოციქულთა სწორნი, ღვთის სიტყვის მქადაგებლები, რომლებმაც მთელი ცისქვეშეთი გააკაშკაშეს, ვითარცა სინათლის სხივებმა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2021, 09:24 PM

"[წმ. მოციქულმა მათემ] ქრისტეს რჯულზე მოაქცია მრავალი ქვეყანა და ბოლოს კაციჭამიებთან წავიდა. შავი და მხეცური ზნის ხალხი ცხოვრობდა იქ. რამდენიმე გააქრისტიანა, პატარა ეკლესია ააშენა და ეპისკოპოსად თავისი მოწაფე პლატონი დააყენა.

უფლის კურთხევით მოციქულმა მათემ უფლისმიერ ბოძებული ჯოხი დარგო ახლადაშენებული ეკლესიის წინ, რომელმაც ყველას თვალწინ გამოიღო შესანიშნავი ნაყოფი და ხის ძირიდან გამოვიდა წყარო, რომელშიც პირს თუ დაიბანდნენ, ყველანი ლამაზდებოდნენ.

აქ მონათლა წმინდა მათემ ქალაქის მთავრის - ფულვიანეს ეშმაკეული ცოლ-შვილი, რომელნიც ფიზიკურად და სულიერად გალამაზდნენ. ფულვიანეს ჯერ კი გაეხარდა ეს ამბავი, მაგრამ, როცა მასიურად იწყეს მონათვლა, მაშინ წმინდა მათეს მოკვლა გადაწყვიტა.

მისი ბრძანებით წმ. მათე მიწაზე ლურსმებით დააკრეს, ფიჩხი და ისე წაუკიდეს მას ცეცხლი. მალე ცეცხლი ვარდად იქცა, წმიდა მათე კი უვნებელი იყო. ფულვიანემ ეს წმიდა მათეს გრძნეულებას დააბრალა, კიდევ დააწყობინა მის ზურგზე ფიჩხი, გოგირდი, კუპრი და წაუკიდა ცეცხლი, გარშემო 12 ოქროს კერპი შემოუწყო.

ცეცხლმა დაადნო კერპები, ბოლოს იქიდან გამოძვრა ცეცხლის გველი და ჩასაყლაპად გამოუდგა მთავარს. მაშინ კი შეეხვეწა ფულვიანე შველას წმიდა მათეს. მან ცეცხლი შერისხა და გველიც გაუჩინარდა. ფულვიანემ დიდი პატივით მოინდომა ცეცხლიდან გამოეყვანა წმიდა მათე, მაგრამ მოციქულმა აღარ ინება, ილოცა და ლოცვაში მიაბარა სული უფალს.

მთავარმა ძვირფასი შესამოსელით შემოსა პატიოსანი და ცეცხლისაგან უვნებლად გადარჩენილი წმიდა მოციქულის გვამი, დაასვენა ოქროს ტახტზე და წარჩინებული კაცების ხელით შეასვენა თავის სასახლეში.

წმ. მათე მოიხსენიება ახ. სტილით 12 ივლისს ყველა მოციქულთან ერთად.

ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჭეშმარიტი სარწმუნოება ფულვიანეს, ამიტომ მან წმინდა მათეს ცხედარი წყალგაუვალ რკინის ჭურჭელში ჩადო და ზღვაში ჩაუშვა იმ განზრახვით, თუ მათე მოციქული მართლაც ცოცხალი ღმერთის მოციქული იყო, მაშინ ამ ჭურჭელს ზღვა ნაპირზე გამორიყავდა. ეს ჭურჭელი II დღეს ნაპირზე იპოვეს, მაშინ კი დიდი სინანული იგრძნო ფულვიანემ და მოინათლა. ნათლობისას უფლის ხმა მოესმა ზეციდან, რომ მათე დაერქმიათ მისთვის.

ამ დღიდან მოციქულთა მიმბაძველი გახდა ფულვიანე - მათე, მღვდლადაც აკურთხეს, 3 წლის შემდეგ კი - ეპისკოპოსად. ახალი ეპისკოპოსი გულმოდგინედ ქადაგებდა ქრისტეს ცხოვრებას და გარდაცვალების შემდეგ იგი წმიდა მათე მახარებელთან ერთად წარსდგა უფლის წინაშე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2021, 10:03 PM

"მეუფე ანანია ჯაფარიძე, სლავურ წყაროებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ თომა მოციქულიც საქადაგებლად შემოსულა საქართველოში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2021, 08:08 PM

"ფარისევლები ყველანაირად ცდილობდნენ მის [წმ. მოციქული მატათა] ჩამოშორებას, მაგრამ მაცხოვარს ჯერ მისთვის ბევრი საქმე ჰქონდა დაგეგმილი გასაკეთებლად და ამიტომ უეჭველი განსაცდელისაგან, თვით სიკვდილისაგანაც კი იხსნიდა ხოლმე. ერთხელ, ციხიდან რომ გამოვიდა, წმიდა მატათა უჩინარი შეიქმნა გარკვეული დროის განმავლობაში და ტყუილად ეძებდნენ მისი მტრები. ხოლო მეორედ, როცა მოსაკლავად მისცვივდნენ წმიდა მატათას, მიწა გაირღვა და მისი მადევრები ჩაცვივდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2021, 09:37 PM


"ქრისტიანობის ქადაგებისათვის წმიდა მოციქული პეტრე შეიპყრეს და ჯვარზე გაკვრა გადაუწყვიტეს, რადგან ჯვარცმა ყველაზე საშინელ და სამარცხვინო სასჯელად ითვლებოდა. პეტრემ ასე შეჰღაღადა ჯვარს: "ჯვარო, საშიშო და საშინელო ქრისტეს ჯვარცმამდე, ახლა კი სასურველო ქრისტეანეთათვის, ვითარმედ ჯვრიდან მოგვეცა ხსნა. მიმიღე მეც შენთან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2021, 07:57 PM

"...ამის შემდეგ წმიდა ანდრიამ [პირველწოდებული] შემოიარა საბერძნეთი. ქ. პატრში მან მძიმე ავადმყოფობისგან განკურნა ქალაქის უფროსის - ეპარქის ცოლი და ეპარქის ძმაც - ფილოსოფოსი სტრატოკლე, რომლებიც ქალაქის სხვა მცხოვრებთან ერთად დაუყოვნებლივ მოიქცნენ ქრისტეს რჯულზე. თვითონ ეპარქი ამ დროს რომში იყო წასული. დაბრუნების შემდეგ წმიდა ანდრიას მოსთხოვა უარი ეთქვა თავის მრწამზე. ის, რა თქმა უნდა, არ დაეთანხმა ეპარქს და ამიტომ ეპარქმა წმინდა ანდრია საპყრობილეში მოთავსა, ხოლო შემდეგ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა იქსისებურ ჯვარზე. სამ დღესა და ღამეს იყო იქსისებურ ჯვარზე გაკრული წმიდა ანდრია მოციქული. ქრისტიანებმა აიძულეს ეგეატი თვითონ მისულიყო მის ჩამოსახსნელად, წმიდა მოციქულმა კი მაცხოვარს შესთხოვა, არ მიეცა უფლება წარმართებისათვის, რათა ჩამოეხსნათ იგი. ქრისტემ შეიწყნარა მისი ერთგული მოწაფის უკანასკნელი სათხოვარი და ჯვარზე აღესრულა 62 წ. ახალი სტილით 13 დეკემბერს (30 ნოემბერს ძველი სტილით). მისი ხსენება საქართველოში წელიწადში სამჯერაა: 13 დეკემბერს, 12 მაისს და 13 ივლისს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 05:25 PM

"ბადე, რითაც მოციქულნი იჭერდნენ ხალხს, ეს არის წმინდა სახარება. როგორც მებადურს ბადით ზღვიდან თევზი გამოჰყავს, ასევე მოციქულთაც, ქრისტეს სახარების ქადაგებით, კაცთა სულები ამოჰყავთ ცოდვის ამაოებისგან, ურწმუნოების უფსკრულიდან ქრისტეს მადლმოსილ ხომალდში, ანუ ღვთის წმინდა ეკლესიაში, რომელმაც უნდა მიიყვანოს ისინი ბრწყინვალე ზეციურ სამეფოში".

/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2021, 08:36 PM

"ვაღიარებთ რა იმას, რომ ჩვენ სამოციქულო ეკლესიას ვეკუთვნით, ამით ვალდებლებას ვკისრულობთ - გავაგრძელოთ მოციქულთა მისია. მოციქულობის, ანუ მისიონერობის ვალი აძევს ეკლესიის ყოველ წევრს, რომელ წრესაც არ უნდა ეკუთნვნოდეს იგი. განსაკუთრებით კი მას - ეკლესიის მსახურს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2021, 05:24 PM

"მოციქულები მიწაზე დადიოდნენ, ისინი ადამიანებს ეუბნებოდნენ სიტყვას ღმერთზე, ზეცათა სასუფეველზე, მაგრამ მათ სულებს ენატრებოდათ უფალი და მასთან შეხვედრა სწყუროდათ, ამიტომაც არ ეშინოდათ სიკვდილის, არამედ სიხარულით ეგებებოდნენ მას. ხოლო თუ მაინც სურდათ ეცოცხლათ, მხოლოდ იმ ხალხისათვის, რომელიც შეიყვარეს. მოციქულებს უყვარდათ უფალი, ამიტომაც არავითარი განსაცდელის არ ეშინოდათ. მოციქულებს უყვარდათ უფალი, უყვარდათ ხალხიც, და ამ სიყვარულმა ყოველგვარი შიში განდევნა მათში. მოციქულებს არ ეშინოდათ არც ტანჯვის, არც სიკვდილის, ამიტომაც მიავლინა ისინი უფალმა სოფლად კაცთა განსანათლებლად".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 02:40 PM

"სწორედ დამასკოს გზაზე აღსრულდა ის სასწაული, რომლის დროსაც დაეცა სავლე და აღდგა პავლე".

/თეოლოგი ალექსანდრე ლოპუხინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 03:57 PM

"ღმერთმა და მამამ, თავისი ღვთაებრივი კეთილმოწყალება გამოავლინა და ქვეყანას მხნელად, ძე თვისი წარმოუგზავნა, ძემ კი მთელი საგანძური თავისი ღვთაებრივი კეთილმოწყალებისა მოციქულებს გადასცა და ისინი ღვთაებრივი მადლის გამგებლად და ცათა სასუფევლის მეკლიტურებად დაადგინა, ამიტომ მათ აქ, დედამიწაზე განაღეს მსოფლიო ცხონებისა და საუკუნო ნეტარების კარი"

/მღვდელმთავარი ილია მინიატისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2021, 11:50 AM

"პავლე მოციქული ღირსი იყო, რომ მისთვის ანგელოზებს ეცქირათ: მაშინაც, როდესაც იბრძოდა ქრისტეს ჯილდოს მისაღებად; მაშინაც, როდესაც იბრძოდა, რომ ანგელოზთა ცხოვრება მოეწყო დედამიწაზე, ზეცაში კი ეხილა ანგელოზთა ხრწნილება. ის ებრძოდა სულიერ საცდურებს. დამსახურებულად უყურებდა მას მსოფლიო - რათა მისთვის მიებაძა"

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 05:13 PM

"პეტრე და მისი ძმა, ისევე როგორც იოანე ძმასთან ერთად, უფალმა ზღვაზე ყოფნისას მოინადირა, პავლე კი - ზეცაში ამაღლების შემდეგ. და ისევე, როგორც მათი მეორედ ხმობის საჭიროება არ დამდგარა, - მიატოვეს რა ბადეები და ყველაფერი დანარჩენი და გაჰყვნენ მას, ზუსტად ასევე პავლემაც პირველივე ხმობის შემდეგ მიაღწია სრულყოფილებას, მყისიერად მოინათლა და ჩაება იუდეველებთან ბრძოლაში, რითაც გადააჭარბა კიდეც სხვა მოციქულებს: "ყველაზე მეტი მე ვიღვაწე" (1 კორ.15.10), - ამბობს იგი"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 05:56 PM

"იუდეველები, რომლებიც მაინც იცავდნენ მოსეს რჯულს, პავლეს მოციქულობას უარყოფდნენ, ვინაიდან ის ასწავლიდა, რომ აღარ არის წინადაცვეთის საჭიროება, აღარც შაბათის დაცვისა. კორინთელები პავლეს აღიარებდნენ მოციქულად, ვინაიდან ისინი მასში სათნოების ნიშნებს ხედავდნენ"

/ამბროსიასტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 07:59 PM

"თუმცა სახარება ამბობს, რომ უფალი პირველად მარიამს გამოეცხადა (მრკ. 16,9), მაგრამ კაცებს შორის პირველი პეტრეს გამოეცხადა, როგორც მოწაფეთა შორის საუკეთესოს, ვინაიდან, ვინც პირველმა აღიარა იგი ქრისტედ, პირველივეს უნდა ენახა კიდეც მისი აღდგომა; სხვებზე ადრე ეჩვენა მისგან განდგომილობის მიზეზითაც, რათა ეჩვენებინა, რომ ის არ იყო უარყოფილი"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

---------------------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2021, 06:21 PM

"გამოცხადებანი, რომლებიც პავლეს ჰქონდა, იყო ისეთი უჩვეულო, რომ შეიძლებოდა იძულებულიყო და გაამაყებულიყო. და აი, სიამაყისგან თავის დასახსნელად ღმერთმა მოუვლინა სნეულება, რომელიც ხშირად შეახსენებდა,რომ იყო სუსტი და უძლური ადამიანი. ავადმყოფობას მოციქული ამას უწოდებს: "ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი". პირველი ("ნესტარი ხორცში") აღნიშნავს საკუთრივ მსუსხავ ეკალს, რომელიც ღრმად აღწევს სხეულში, არათუ ცოტათი შედის კანში (შდრ.: ეზეკ. 28,24). ეს გამოხატავს მოციქულის მეტისმეტად დაუძლურებულ მდგომარეობას. მეორე ("სატანის ანგელოზი") მიუთითებს სატანის განსაკუთრებულ მსახურებაზე, რომელიც მოციქულთან ღვთის დაშვებით მოივლინა, როგორც მუდმივი თანამგზავრი მოგზაურობისას. სატანი ეს ანგელოზი უნდა იყოს მოციქულის დამამწუხრებელი - კონკრეტულად: იგი პირდაპირ სახეში ურტყამს მუშტებს და მით ტანჯავდა. ის მუდმივად იყო მოციქულთან, რასაც უჩვენებს ის გარემოება, რომ მოციქული ღმერთს სთხოვდა მის მოცილებას (მე-8 მუხლი)/ როგორც ჩანს, ეს იყო სნეულება, მაგრამ თუ რომელი, მოციქული ამას არ ხსნის. ასე რომ, ეპისტოლეს მკითხველისთვის ეს, როგორც ჩანს, ცნობილი იყო...

აქ არ შეიძლება დავინახოთ რომელიღაც განსაცდელი ხორციელი ხასიათისა (ნეტარი იერონიმე) ან მოწინააღმდეგეთა მხირდან დევნა (წმ. იოანე ოქროპირი), ან უწინდელი ცხოვრების მტანჯველი მოგონებები (მოსხეიმი). რჩება კიდევ ერთი მოსაზრება, რომ მიხედვითაც, აქ უნდა ვიგულისხმოთ დევნა და სხეულებრივი ვნება, რაშიც ვარდებოდა ზოგჯერ წმიდა პავლე მდევნელებისგან. მაგრამ ამ დევნის შესახებ მოციქულმა უკვე ილაპარაკა მე-11 თავში, აქ კი, ჩანს, მას სურს აჩვენოს რაღაც ახალი. ამიტომ ყველაზე მართებულია, აქ დაენახათ ავადმყოფობის გამო მუდმივად დატანჯული სახე მოციქულისა. რაც შეეხება იმას, თუ რა სახის იყჰო ეს სნეულება, ამის თაობაზე არსებობს სხვადასხვა შეხედულება.

1. ერთნი ამბობენ, რომ ეს იყო ეპილეფსია;
2. სხვები აქ თვალების ჩირქოვან ანთებას ხედავენ, რომელიც ხშირად განუახლდებოდა ხოლმე მოციქულს;
3. მესამენი ამ სნეულებაში ხედავენ დროდადრო გამწვავებულ ნევრასთენიას.

რაც შეეხება პირველ მოსაზრებას [ეპილეფსიის თაობაზე], ის მას არ შეიძლება ჰქონოდა, რადგან ეპილეფსიის [გადასვლის] შემდეგ ამ სნეულებით დატანჯულებს არ რჩებათ მოგონებაც კი მასზე, ხოლო პავლე ლაპარაკობს თავის სნეულებაზე, როგორც მტანჯველ ეკალზე, როგორც ისეთზე, რომლის შემოტევებსაც მტკივნეულად განიცდიდა.

რაც შეეხება თვალის დაავადებას (რაზეც ზოგჯერს პოულობენ მინიშნებას კიდევ გალ. 4.15-თან), არც ეს შეიძლება აქ ვიგულისხმოთ, რადგან მოციქული თავის სნეულებას წარმოადგენს, როგორც ისეთს, რომელიც უეცრად ესხმის თავს (და მუშტებით სცემს).

ამიტომ ყველაზე სარწმუნოა, რომ აქ მოციქული გულისხმობს ნევრასთენიის მწვავე შეტევებს, რომლებიც მას მოულოდნელად უძლურსა და უნებისყოფოს ხდიდა, სახელდობრ მაშინ, როდესაც მას უწევდა საზოგადოდ გამოსვლა სახარების საქადაგებლად".

/თეოლოგი ალექსანდრე ლოპუხინი
"ბიბლია განმარტებებით, ახალ აღთქმა" ტ. 23, გვ. 335/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 10:22 PM

"მე, პავლე, მსახური გავხდიო, - პავლე კი მნიშვნელოვანი პერსონა გახლდათ, ვინაიდან განადიდებდნენ ყველგან, როგორც სამყაროს მოძღვარს".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2021, 07:32 PM

"გარკვეულწილად, პავლეს სძულდა ხორციელი ტვირთი: მას სურდა ქრისტესთან გაფრენა, მაგრამ ტანჯვის სიმრავლემ გადაუკეტა გზა, თუმცა სრულად არ დაუკეტავს. მას სძულდა სიცოცხლე, მაგრამ არა ის საუკუნო სიცოცხლე, რომელზე ამბობს: - "ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი მონაგები" (ფილიპ. 1.21)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 05:45 PM

"წმინდა პავლეს გული არ ყოფილა გარყვნილი და წახდენილი რომელიღაც ვნებით. იგი ენერგიულად მოშურნეობდა რჯულის მიმართ, რადგან რჯულის დიდებულებაში ხედავდა რჯულის მომცემი ღვთის დიდებულებას".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 06:47 PM

"სხვა მოციქულებს იმდენი არ უქადაგიათ, რამდენიც პავლეს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 07:41 PM

"ნეტარი პავლე ერთხელ კი არ მოკვდა, არამედ ყოველდღე კვდებოდა ქრისტესთვის"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 08:42 PM

"შეუძლებელია, რომ კეთილი ადამიანები სულ მხიარულებაში იყვნენ. პავლე აღმატებული იყო ადამიანთა შორის, მაგრამ მანაც მთელი სიცოცხლე მწუხარებასა და ცრემლთა ღვრაში გაატარა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 07:24 PM

"ზოგჯერ, მრავალგზის თხოვნის შემდეგაც, უფალი არ გვაძლევს, რასაც ვითხოვთ, მაგრამ მაშინ იგი გვაძლევს იმას, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია. წმიდა პავლე სთხოვდა უფალს, დაეფარა განსაცდელისაგან, - და მას განსაცდელები არ ელეოდა; მაგრამ როდესაც იგი ლოცულობდა, უფალი აძლევდა მადლს, რომლის საშუალებითაც იგი ახოვნად მოღვაწეობდა. ასე რომ, განა უფალმა პავლესი არ ისმინა?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2021, 08:35 PM

"დეზის წიხლვა (ძვ. ქართ.: წიხნაი დეზისა) (საქმ. 26. 14) - გრძელი, წვეტიანი ჯოხი, რომელსაც იყენებენ ხარების გასადენად. ამ გამოთქმის მნიშვნელობა შემდეგია: ძნელია პალოს (ჯოხის) წინააღმდეგ სვლა (იგივე აზრია აქაც: "ცეცხლს ნუ ეთამაშები", რაც ნიშნავს თავის ხიფათში ჩაგდებას). ამ ანდაზის საფუძველი: ნახირს ჩამორჩენილი ხარები ხშირად ბობოქრობენ, ბრაზდებიან ჯოხის დარტყმაზე, რადგან გრძნობენ ტკივილს, რის შედეგადაც აჩქარებენ სვლას ნახირის დასაწევად. ამ ხალხური გამოთქმის აზრი ის არის, რომ დაუძლეველი ძალის წინააღმდეგ ამაოება და სისულელეა ნებისმიერი ძალისხმევის გამოვლენა, რაც, მაგალითად, გამოხატავს იმ ადამიანების უგუნურებას, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ხელისუფლების განკარგულებებს ანდა საკუთარი სინდისის შეგონებას. წარმართი მწერლების უმეტესობას ეს ანდაზა მეგობრულ წრეებში მოჰყავდათ, რათა ეჩვენებინათ ასეთი წინააღმდეგობის აბსურდულობა. პავლე მოციქულმა დამასკოს გზაზე სინათლის ბრწყინვალებაში იხილა თვით იესო ქრისტე, რის გამოც თავზარდაცემული ძირს დაეცა, მხედველობის უნარი დაკარგა და მხოლოდ ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა: "მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა" (საქმ. 9.5). ამით უფალმა პავლეს უთხრა: უძლური ხარ იმ საქმის წინააღმდეგ, რომელიც ჩემი საღვთო ძალით აღესრულება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2021, 12:59 PM

"პავლე - სამყაროს მოძღვარი"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2021, 04:08 PM

"როდესაც კესარიიდან სიდონში ჩავიდნენ, იულიუსმა პავლეს მიმართ კაცთმოყვარეობა გამოავლინა და მეგობრების მონახულების ნება დართო, რადგან შეებრალა იგი იულიუსს მისი უპოვარებისა და ხანგრძლივი პატიმრობის გამო. ამიტომ ნება დართო მას, რომ მოენახულებინა მეგობრები (ძმობის წევრები) და მათგან შემეწეობა მიეღო, ანუ ის, რაც გზაზე საგზლად სჭირდებოდა. როგორ ჩანს, ბორკილების, საფრთხის, ადგილმდებარეობის ხშირი შეცვლის შედეგად გამოწვეული უბედურების გამო პავლეს ეს სჭირდებოდა. პატიმრობასა და ტანჯვას ქარიშხალიც და ზღვის ღელვაც დაერთო, რათა ყველა უბედურების დათმენით უფრო მეტად განდიდებულიყო პავლეს მხნე და ახოვანი სული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2022, 02:42 PM

"როგორც მიწათმოქმედი, რომელიც წყვილ ხარს ინახავს და მათი საშუალებით მიწას ამუშავებს: ასევე უფალმა იესომ, ამ სრულყოფილმა და ჭეშმარიტმა მუშაკმა, ორ-ორად დააწყვილა მოციქულები და გააგზავნა ისინი. ვინც ისმენს და ვისაც ჭეშმარიტად სწამს, მიწას თავადაც მათთან ერთად დაამუშავებს. თუმცა, ესეც აღსანიშნავია, რომ: ღმერთის სასუფეველი მხოლოდ სამციქულო ქადაგებასა და მოსმენილ სიტყვებში არ იპოვება, ასე რომ, მხოლოდ ლაპარაკი და აზრის სხვებისათვის გადაცემა საკმარისი არ არის, სასუფეველი სულიერი ძალა და მისი ეფექტურად გამოყენებაა. ისრაელიანებმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადეს; ისინი მუდმივად წმინდა წერილების სწავლით და ღმერთზე ფიქრებით იყვნენ მოცულნი, მაგრამ ჭეშმარიტება და ცოდნა მათ არ გაიზიარეს, მხოლოდ ის მოახერხეს, რომ საკუთარი გამოცდილება და უნარები თავიანთ მემკვიდრეებს გადასცეს. ასევე არიან ისინი, ვინც სულიერ სიტყვებს სხვებს უზიარებს, სიტყვის ძალას თავად ვერ ფლობენ და მემკვიდრეობით გადასცემენ. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა! აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ამინ".

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 08:50 PM

"ერთ-ერთი მეტაფრასული ხელნაწერის მიხედვით, ფილიპე მოციქულის იეროპოლისში წამების დროს მასთან ერთად ჯვარს აცვეს ბართლომე მოციქულიც.

"ჟამსა მას ბართლომეცა, საღმრთოი მოციქული, მის თანა იერაპოლიდ მიწევნულ იყო და იგიცა მის თანა ქადაგ სახარებისა ქმნილ იყო. ამისთვისცა ვითარ-იგი ქადაგებასა, ეგრეთვე ტანჯვითაცა მისთა თანაზიარ იქმნა, რამეთუ იგიცა თავდამოქცევით დამოჰკიდეს და ჯვარსა ზედა დასაჯეს".

თუმცა, უფლის გამოცხადების და აღსრულებული სასწაულის ხილვის შემდგომ გარდამოხსნეს ბართლომე მოციქულის ცოცხალი სხეული, ფილიპე მოციქული კი ჯვარზევე აღესრულა და მას შემდგომ თვით ბართლომემ და მარიამნამ ფსალმუნითა და გალობით გარდამოხსნენ მისი სხეული და დიდი პატივისცემით დაკრძალეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2022, 08:14 PM

"გარდამოცემით, ბართლომე მოციქული სომხეთში (წყაროების მიხედვით, "დიდ არმენიაში") იმყოფებოდა 7 წლის განმავლობაში და ქრისტეს შობიდან 71 წლეს სასტიკად აწამეს. ამას მოწმობს დიმიტრი როსტოველის "თვენი", რომელშიც აღწერილია წამების სცენა - ბართლომე მოციქულს ცოცხლად გააძვრეს ტყავი და შემდგომ კი თავი მოკვეთეს. მსგავსად არცერთი მოციქული არ უწამებიათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2022, 10:01 PM

"...პეტრემ მადლობა აღუვლინა ღმერთს და ცოტა ხნის შემდეგ, ნერონის მმართველობის მე-12 წელს ჩავიდა რომში. იქ დაადგინა ეპისკოპოსად წმ. კლიმენტი და მრავალი რომაელი მოაქცია თავისი ქადაგებით. მათ შორის ნერონის ორი ულამაზესი ცოლი. მათ ღვთისნიერ ცხოვრებას მიჰყვეს ხელი. ამან განარისხა იმპერატორი ნერონი, რომელმაც პეტრეს მოძიება და შეპყრობა ბრძანა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2022, 10:30 PM

"პავლე მოციქულმა უდიდესი ღვაწლი გასწია წარმართთა გასაქრისრიანებლად საბერძნეთიდან რომამდე. ხანგრძლივი დევნის შემდეგ, საბოლოოდ მას როგორც რომის მოქალაქეს თავი მოჰკვეთეს. რომში დღესაც უჩვენებენ წმ. ადგილს, სადაც წმიდა მოციქული აწამეს. მან დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომელიც "ახალი აღთქმის" წიგნებში შედის.

გადმოცემით ორივე მოციქულის თავები დაკრძალულია რომში, ლატერანის ტაძარში. პეტრე მოციქულის წმ. სხეული განისვენებს ვატიკანის ტაძარში, ხოლო წმ. პავლესი - ქალაქგარეთ, ოსტიის გზაზე მდებარე ტაძარში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2022, 06:59 PM

"ყოველწლიურად, 8 მაისს (ძველი სტილით) იოანე მახარებლის საფლავიდან ამოდიოდა თხელი მტვერი, რომელსაც მორწმუნენი აგროვებდნენ და სასწაულებრივ იკრუნებოდნენ. უფალმა თავის საყვარელ მოწაფეს ძმასთან ერთად "ბანერგეს" - ძენი ქუხილიანი უწოდა და ამით მიანიშნა მათ ცეცხლოვან მოშურნეობასა და სიძლიერეზე. იოანე მახარებლის იკონოგრაფიული ნიშანია არწივი - სიმბოლო ღვთისმეტყველური აზრის აღმაფრენისა. ზედწოდება - "ღვთისმეტყველი" წმიდა ეკლესიამ მოციქულებიდან მხოლოდ წმიდა იოანეს მიაკუთვნა - ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს...

რომში ტრაიანეს გამეფების შემდეგ, იოანე დააბრუნეს ეფესოში და ისევ განაგრძო მოციქულის საქმიანობა. ის იყო ერთადერთი 12 მოწაფეთაგანი ვინც მშვიდად მიიცვალა 100 წ. 26 სექტემბერს. როგორც ამბობენ , როცა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, თვითონ გააჭრევინა საფლავი ჯვრისებურად, ჩაწვა შიგ. აიძულა მოწაფეები ცოცხლად მიეყარათ მისთვის მიწა. 3 დღე და ღამე არ მოსცილებიან მის საფლავს მოწაფეები. III დღის ბოლოს საფლავიდან საოცრად სურნელოვანი ცისფერი ბოლო ამოვიდა. გათხარეს საფლავი და წმ. იოანე იქ აღარ აღმოჩნდა. ამის გამო ზოგიერთ წმ. მამათა აზრით უფალმა თავისი საყვარელი მოწაფე ხორციელად აამაღლა ზეცაში და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელთან ერთად იგი მუდამ ჩვენთანაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2022, 07:27 PM

"წმ. ლუკა მახარებელი იყო სამოცდაათ მოწაფეთაგანი. იგი წარმოშობით ებრაელი, წმ. პავლეს მოწაფე, სირიის ანტიოქიიდან იყო. იცოდა ეგვიპტური და ბერძნული ენები, იყო გამოცდილი ექიმი და დახელოვნებული მხატვარი. ქრისტეს ჯვარცმისას დიდხანს სტიროდა. მას და კლეოპას გამოეცხადა უფალი და ვერ იცნეს, სანამ პური არ გატეხა და არ აკურთხა, მაშინ კი იცნეს, მაგრამ უფალი უხილავი გახდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2022, 02:53 PM

"25 აპრილს ქრისტეს აღდგომას ზეიმობდნენ ქრისტიანები, წარმართებს კი თავისი კერპის დღესასწაული ჰქონდათ. წმ. მარკოზ მახარებელი სადღესასწაულო წირვას აღავლენდა, როდესაც ტაძარში კერპთაყვანისმცემლები შეცვივდნენ, შეიპყრეს იგი, მოაბეს თოკი და მიწაზე მიათრევდნენ, მოციქული კი ჰმადლობდა უფალს და ისე განუტევა სული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2022, 05:28 PM

"უფლის კურთხევით მოციქულმა მათემ უფლისმიერ ბოძებული ჯოხი დარგო ახლადაშენებული ეკლესიის წინ, რომელმაც ყველას თვალწინ გამოიღო შესანიშნავი ნაყოფი და ხის ძირიდან გამოვიდა წყარო, რომელშიც პირს თუ დაიბანდნენ, ყველანი ლამაზდებოდნენ. აქ მონათლა წმიდა მათემ ქალაქის მთავრის - ფულვიანეს ეშმაკეული ცოლ-შვილი, რომელნიც ფიზიკურად და სულიერად გალამაზდნენ. ფულვიანეს ჯერ გაეხარდა ეს ამბავი, მაგრამ როცა მასიურად იწყეს მონათვლა, მაშინ წმიდა მათეს მოკლა გადაწყვიტა და მისი ბრძანებით მიწაზე ლურსმნებით დააკრეს, ფიჩხი დააყარეს და ისე წაუკიდეს მას ცეცხლი. მალე ცეცხლი ვარდად იქცა, წმინდა მათე კი უვნებელი იყო. ფულვიანემ ეს წმიდა მათეს გრძნეულებას დააბრალა, კიდევ დააწყობინა მის ზურგზე ფიჩხი, გოგირდი, კუპრი და წაუკიდა ცეცხლი, გარშემო 12 ოქროს კერპი შემოუწყო. ცეცხლმა დაადნო კერპები, ბოლოდ იქიდან გამოძვრა ცეცხლის გველი და ჩასაყლაპად გამოუდგა მთავარს. მაშინ კი შეეხვეწა ფულვიანე შველას წმიდა მათეს. მან ცეცხლი შერისხა და გველიც გაუჩინარდა. ფულვიანემ დიდი პატივით მოინდომა ცეცხლიდან გამოეყვანა წმიდა მათე, მაგრამ მოციქულმა აღარ ინება, ილოცა და ლოცვაში მიაბარა სული უფალს.

მთავარმა ძვირფასი შესამოსელით შემოსა პატიოსანი და ცეცხლისაგან უვნებლად გადარჩენილი წმიდა მოციქულის გვამი, დაასვენა ოქროს ტახტზე და წარჩინებული კაცების ხელით შეასვენა თავის სასახლეში.

ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჭეშმარიტი სარწმუნოება ფულვიანეს, ამიტომ მან წმიდა მათეს ცხედარი წყალგაუვალი რკინის ჭურჭელში ჩადო და ზღვაში ჩაუშვა, იმ განზრახვით, რომ თუ მათე მოციქული მართლაც ცოცხალი ღმერთის მოციქული იყო, მაშინ ამ ჭურჭელს ზღვა ნაპირზე გამორიყავდა. როცა ეს ჭურჭელი II დღე ნაპირზე იპოვეს, მაშინ კი დიდი სინანული იგრძნო ფულვიანემ და მოინათლა. ნათლობისას უფლის ხმა მოესმა ზეციდან, რომ მათე დაერქმიათ მისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2022, 05:49 PM

"წმ. იაკობ ალფესის შესახებ არსებობს ცნობა, რომ ის დაბადებიდან წმიდანი იყო, არ სვამდა ღვინოსა და თაფლუჭს, არ ჭამდა ხორცს და ა.შ. მხოლოდ მას ჰქონდა უფლება ელოცა ტაძრის წმიდათა ნაწილში, ბევრჯერ უნახავთ მუხლმოყრილი როგორ ლოცულობდა თავისი ერისათვის. ამიტომ მას მოიხსენიებენ როგორც მართალ იაკობს. ერთ-ერთი გადმოცემით მას უფლის ხორციელი ძმა იმიტომ ეწოდება, რომ როცა მართალი იოსები მემკვიდრეობას ურიგებდა თავის შვილებს, იესოს არცერთმა არ არგუნა ნაკვეთი და მხოლოდ იაკობ უმცროსმა გაუნაწილა თავისი პატარა ნაკვეთი ნაზარეთში.

წმ. იაკობს ისეთი ქადაგებები ჰქონდა, რომ ბევრი ებრაელი მისი ქადაგებებით გახდა ქრისტიანი. ამის გამო იუდეველნი შეშინდნენ, რომ ყველა ებრაელი არ მონათლულიყო ქრისტიანად და ამიტომ გადაწყვიტეს მისი სასწრაფოდ მოკვლა. 62 წელს (ბიბლიურ ენციკლოპედიაში არის 62 წელი, ხოლო სხვაგან არის სხვა თარიღებიც, 49 და 51), წმ. იაკობი გადმოაგდეს ეკლესიის სახურავიდან, ის კი ისევ მაინც ქრისტეს ადიდებდა და უფალს შესთხოვდა თავისი მტრებისთვის ეპატიებია. შემდეგ წმ. მოციქული ქვებით ჩაქოლეს. მისი ხსენებაა 22 ოქტომბერსა და 26 დეკემბერს (ძვ. სტილით)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2022, 10:13 PM

"III მოგზაურობის დროს ანდრია მივიდა ოსეთამდე. ამის შემდეგ წმ. ანდრიამ შემოიარა საბერძნეთი. ქ. პატრში მან მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნა ქალაქის უფროსის ცოლი და ეპარქის ძმა - ფილოსოფოსი სტრატოკლე, (ზოგჯერ სტრატოკლეს სტრატოკლეოსადაც იხსენიებენ) რომელიც, ქალაქის სხვა მცხოვრებლებთან ერთად, დაუყოვნებლივ მოექცა ქრისტეს რჯულზე. თვითონ ეპარქი, ამ დროს, რომში იყო წასული. დაბრუნების შემდეგ, წმ. ანდრიას მოსთხოვა უარი ეთქვა თავის მრწამსზე. მან, რა თქმა უნდა, უარი შეუთვალა და ეპარქმა წმ. ანდრია საპყრობილეში მოათავსა.

მორწმუნეები, მათ შორის სტრატოკლეც, მივიდნენ წმ. მოციქულის სანახავად, მაგრამ კარები ჩაკეტილი დახვდათ ბოქლომით. ანდრია პირველწოდებულმა ჯვრით მოახდინა სასწაული და გახსნა კარები... მთელი ღამე ერთად ილოცეს, წმ. ანდრიამ სტრატოკლე ეპისკოპოსად აკურთხა, ყველას გამოემშვიდობა და ისევ ჯვრის მადლით ჩაკეტა კარები.

მეორე დღეს, ეპარქმა ეგეატმა იქსისებურ ჯვარზე გაკვრით სიკვდილი მიუსაჯა წმ. ანდრიას. წმ. ანდრია აღელვებულ ხალხს ამშვიდებდა, მისთვის გამზადებულ ჯვარს კი ასეთი სიტყვებით შეხვდა: "ჯვარო, ქრისტეს სხეულით ნაკურთხო, საშინელი იყავი შენ, სანამ ქრისტეს მიაკრავდნენ შენზე, ახლა კი სიხარულითა და აღტაცებით გღებულობთ ჩვენ, მიმიღე მეც, ქრისტეს მოწაფე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2022, 08:19 PM

"მეცნიერთა და ისტორიკოსთა დიდი ნაწილი თვლის, რომ აღმოსავლეთი საქართველო წმ. ბართლომემ გააქრისტიანა და შემდეგ გადავიდა სომხეთში"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2023, 03:38 PM

"პავლე მოციქული ოცდამეათე საფეხურს გასცდა. ისეთი წმინდა გონება ჰქონდა, რომ მის გონებას როცა ბრძოლა მიემთხვეოდა, ისხლეტდა და არ ღებულობდა"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2023, 10:01 PM

"მოციქულებმა მოიქადაგეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2023, 07:52 PM

"პეტრე მოციქულს ჰქონდა მტკიცე სარწმუნოება, ვითარცა კლდე, პავლე იყო ზღვა სიყვარულისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2023, 08:33 PM

"დღეს, 4 იანვარს, წმინდა ეკლესია სამოცდაათ მოციქულს იხსენიებს, რომელთაგანაც ხუთი მოციქული განუდგა უფალს. ადრე ასეთი აზრები მქონდა: რატომ აირჩია ისინი უფალმა საქადაგებლად? მან ხომ იცოდა, რომ ისინი განუდგებოდნენ? ერთხელ, მსახურების დროს, როგორღაც, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ უფალი საკუთარი მადლით თავისთან იხმობდა ყველას, მაგრამ ჩვენს თავისუფალ ნებას არ არღვევს, ხოლო თუკი ვინმე განუდგება სათნოებას ცოდვილი ცხოვრებისკენ საკუთარი ნებით - თავად არის დამნაშავე, რადგან არ იზრუნა თავისუფალი ნებით, რომ უფლის გული მოეგო. ამ მოციქულებიდან ერთმა ფული შეიყვარა, მეორემ - ამქვეყნიური ცხოვრება და ასე შემდეგ. ჩვენი თავისუფალი ნებით უნდა ვიშრომოთ, რათა უფალს ვაამოთ. მაშინ დაგვეხმარება მადლი ღვთისა, ხოლო თუკი არ ვიმუშავებთ, უფლის მადლი არ დაგვეხმარება: ჩვენი შრომა და უფლის მადლი ერთდროულად მოდის"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2023, 07:41 PM

"პეტრეს ქრისტიანული რწმენის იმედს უწოდებენ, რადგან მას ეყო ძალა, ეღიარებინა თავისი ღალატი და გულშემუსვრილს ეტირა ყოველი ჩვენგანისთვის ასე კარგად ნაცნობი სისუსტის გამო. მონანიების შემდეგ კი ზუსტად მას ამტკიცებს უფალი სამჯერ მოციქულის წოდებაში სიტყვებით - "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი".

"პავლე ოცდაათი წლის ასაკში მოექცა, ამას მოჰყვა სამოციქულო მოღვაწეობის კიდევ ოცდაათი წელი. იგი სხვადასხვა ხალხებს ქრისტესთან თავისი პირადი შეხვედრის შესახებ მოუთხრობდა. მან ქრისტიანობა იქადაგა არაბეთში, სირიაში, პალესტინაში, კვიპროსზე, ანტიოქიაში, ათენში. ყველგან სასწაულებს აღასრულებდა და... დევნას განიცდიდა. მან დააარსა მრავალი ადგილობრივი ეკლესია და მათ თავისი ცნობილი ეპისტოლეები მიუძღვნა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2024, 02:06 PM

"გახსოვთ, რა უთხრა უფალმა პეტრეს: "სიმონ, სიმონ, აჰა ესერა, ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი. ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი". ხედავთ, სატანა თავად ეწვია სიმონ-პეტრეს და იმ დღეს პეტრე, ისე, რომ არც კი შეუმჩნევია, რწმენის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა. ამას მიხვდა ქრისტე და აღავლინა ლოცვა მოციქულ პეტრეზე"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)