IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მოღვაწეები ქართულ ტრადიციულ მუსიკაზე, ***
N. R.
პოსტი Jun 6 2007, 07:05 PM
პოსტი #1


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



არსებობს ძალიან საიტერესო პუბლიკაციები, საგაზეთო სტატიები და ა.შ. რომელთა გაცნობაც ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს! ასე რომ ნუ დავიზარებთ და ვწეროთ და ვიკითხოთ საინტერესო იქნება თითოეულთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებებიც რომ გავუზიაროთ ერთმანეთს და ვისაუბროთ მათს მნიშვნელობაზე



პირველი სტატია, რომელიც მინდა გაგაცნოთ, გახლავთ წმ. ილია მართალის, დაიბეჭდა გაზეთ ,,იბერიაში" 1986წლის 251-251 ნომრებში



,,ქართული ხალხური მუსიკა"

,,შაბათს, 15 ნოემბერს, ერთი ფრიად სასიამოვნო და ახალი ამბავი მოხდა. ქართულს თეატრში გამართული იყო ქართული კონცერტი. ქართულმა ხორომ იგალობა ჩვენი საერო სიმღერები. ჩვენ მუსიკაში თავს არ ვსდებთ, იმიტომ რომ ამ ხელოვნებისა არა ვიცით-რა. ჩვენ ამ კონცერტის გამო ზოგიერთი ფიქრები აგვეშალა და, ვიდრე თვით თაობაზედ ვიტყოდეთ რასმე, გვსურს ზოგიერთი ჩვენი ფიქრები გამოვსთქვათ, რამოდენადაც შესაძლოა.
მთელს ქვეყანაში სახელგანთქმული გარმანელმა ლეესინგმა ერთს თავის სახელოვანს თხზულებაში, რომელსაც ,,ლაოკოონი" ჰქვიან, სთქვა: ,,მუსიკა არის უტყვი პოეზია და პოეზია-მეტყველი მუსიკააო". ჩვენ კიდევ ამას ვიტყვით, რომ სიმღერა, გალობა, სხვა არა არის-რა, გარნა ბედნიერად შექსოვილის პოეზიისა და მუსიკისა. აქ, სიმღერაში, გალობაში, მწყობრი ხმა ჰშველის წყობილ-სიტყვაობას და წყობილ-სიტყვაობა მწყობრს ხმასა, რათა მთლად და სავსებით ადამიანმა გამოსთქვას თვისის სულის მოძრაობა და თვისის გულის ძარღვის ცემა. ხმა და სიტყვა ცალ-ცალკე ბევრს შემთხვევაში უღონონი არიან ადამიანის გულის სიღრმიდამ ამოზიდონ იგი სხვილი და წვრილი მარგალიტები, რომლითაც სავსეა ადამიანის გული და რომელნიც აიშლებიან ყოველთვის, როცა ან სევდა-მწუხარება, ან სიხარული შესძრავს ხოლმე ღვთაებურს სიმებს ადამიანის სულიერებისას. სიმღერა ამ მხრითიგივე ცრემლია, რომლიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს, და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა. ჩვენებური ,,ზარი'', ეგ გლოვის მუსიკაა, პოეზიასთან და-ძმასავით შეთვისხორცებული, იგივე სიმღერაა სავდა-მწუხარებისა, როგორც მაგალითებრ ,,მაყრული" - სიხარულისა და ბედნიერებისა, როგორც ,,ორ-პირი" - ვაჟკაცობისა, მედგრობისა და მხნეობისა. გალობა ისეთივე მოთხოვნილებაა, ისეთივე საჭიროებაა, ისეთივე განუყრელი თვისებაა ადამიანის ბუნებისა, როგორც ცრემლი - როცა კაცი ან ჰხარობს, ან ჰგოდებს, როგორც კვნესა - როცა გული შეხუთულია, როგორც ძახილი, თქმა-როცა გული მხიარული და ბედნიერია.
ხოლო რადგანაც ქვეყანაზედ გულსა ადამიანისას სძრავს ხოლმე არა მარტო სიხარული და მწუხარება, არამედ სხვა ათას-გვარი მიზეზიცა, ამიტომაც სამწუხარო და სასიხარულო სიმღერას შუა კიდევ მრავალი გვარი სიმღერა და გალობაა. ამ მხრით ადამიანის გული იგივე ზღვაა, რომელიც კოვზით არ დაილევა თავის-დღეში. მინამ გული სძგერს, გულივე ათასნაირს სიმთ ააჟღერებს ხოლმე ათასნაირის მიზეზითა, და რადგანაც მიზეზი გულის-თქმისა ულეველი და დაუსრულებელია, თვით სიმღერას, რომელიც მარტო გულის-თქმაა და სხვა არარა, ბოლო და დასასრული არ ექნება თავის-დღეში, ვიდრე ეს დედამიწის ზურგი ატარებს და იშვნებს ადამიანსა. კაცთ გარე, ქვეყნიერობაში სიმღერა არ არის. ეგ მხოლოდ კაცის კუთვნილებაა, ვითა ღვთის კერძოისა. ეგ ღვთაებური ნიჭი ბუნებამ მარტო ადამიანს მოჰმადლა და იგი ნიჭი იმოდენად ძვირფასად მიაჩნია კაცობრიობას, რომ არ არის ცას ქვეშეთში იმისთანა კაცი, იმისთანა ერი, რომ ეგ ნიჭი არ ემოქმედებინოს და ეგ მშვენიერი ნერგი, ადამიანის სულში ბუნებისაგან ჩარგული, არ ეხეირებინოს და ცოტა თუი ბევრი ყვავილები არ გამოესხმევინებინოს.
ჩვენა ვსთქვით, რომ სიმღერა გულის-თქმაა. როგორც ცალკე კაცის გული, ისე გული ერისა ბევრში სხვა სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს... ამის გამო გულის-თქმაც, გულის გამომეტყველებაც სულ სხვა არის ხოლმე და ყოველს ერს თავისი კილო , თავისი ჰანგი აქვს ამ სხვადასხვაობისთვის. იგი უტყვი პოეზია, რომელსაც ლესსინგი მუსიკას ეძახის, იგივე ენაა, მხოლოდ ხორცთ-შეუსხმელი, სიტყვით არ-განსაზღვრული, სიტყვით არ-გამორკვეული, _ იგი მარტო ხმაა, კვნესაა, ხარებაა, იგი ძახილია აღფრთოვანებულის სულისა. ეს კვნესა, ეს ძახილი ქართველისა სულ სხვაა, სხვა ერისა სულ სხვა, როგორც სხვადასხვა ენა-მეტყველობა. ქართველი, როცა ჰკვნესის, სხვა-რიგად, სხვა ხმით, სხვა კილოთი ჰკვნესის, ვიდრე ფრანგი, ანუ გერმანელი: ქართველი, როცა ჰხარობს, სულ სხვა-რიგადა ჰხარობს და სიხარულის გამოთქმაც სულ სხვა-რიგია. რა არის, მაგალითებრ, ქრთველის: ,,ვაი", ,,ვიშ-ვიშ", ,,ვაშა-ვაშა" თუ არ თქმა, თუ არ ძახილი, თუ არ ყეფა, ასე თუ ისე ნაძგერი გულისა!.. ეგ ხომ ცარიელიხმაა, ხომ იგი უტყვი ბგერაა ხმისა, რომლიც უტყვს პოეზიაზედ უფრო ახლოა, ვიდრე მეტყველ მუსიკაზედ, ესე იგი უფრო მუსიკაა, ვიდრე სიტყვიერება! როცა ქართველი იძახის: ,,ვაი, ვიშ", ჩვენ ქართველებს, მთლად და სავსებით გვესმის ეს ბგერა ქართველის გულის ძარღვსა, ასე თუ ისე ძლიერად ნატკენისა და განწონილისა. სხვა ერის კაცი ვერ გაიგებს: ამას ამავე შემთხვევისათვის სხვა მწყობრი აქვს ხმებისა, რომელიც ჩვენ, ქრთველებისათვის ისეთივე გაუგებარია, როგორც მისთვის ჩვენია გაუგებარი, თუ ან იმას ჩვენთვის ყური არ შეუჩვევია, ან ჩვენ მისთვის. ამიტომაც ერთის ერის სიმღერა რომ მეორეს მოეწონოს, უნდა მისთვის გასაგები იყოს, და რომ გასაგები იყოს, ისე უნდა შეაჩვიოს ყური, როგორც ენა - მეტყველობას. შეიყვანეთ ჩვენი გლეხკაცი, ანუ იმისთანა ვინმე, თუნდა რომ თავადი იყოს, რომელსაც ევროპიული მუსიკა თავის დღეში არ გაუგონია, შეიყვანეთ, და თუნდა ბახისა, მოცარტისა და ბეთჰოვენის სიმფონიები მოასმენინეთ, იმას არ მოეწონება, თუმცა მთელი ევროპა აღტაცებაში მოდის ხოლმა. ეგ იმიტომ კი არ მოსდით, როგორც ზოგიერთნი ბრიყვნი აბბობენ, რომ იგი გკეხკაცი ანუ თავადი კაცობრიულ ნიჭს მუსიკის სიამოვნებისას მოკლებულია. ეგ იმას ეგვანებოდა, რომ კაცმა კაცს მეტყველების ნიჭის უქონლობა შესწამოს, როცა, ვთქვათ, ბაირონის ლექსს ინგლისურად უკითხავდნენ ამ ენის არ-მცოდნე კაცს და ამის გამო არ-მცოდნე კაცი კითხვის დროს თვლემაში იყოს, როცა სხვანი აღტაცებულნი არიან. იგინივე, რომელნიჩ მოცარტისა და ბეთჰოვენის მუსიკით აღტაცებაში მოდიან, იგინივე ცხვირ-ზევით აიცილებენ ხოლმე ჩვენს სიმღერასა, ჩვენს მუსიკასა, მაშინ, როდესაც ჩვენ აღტაცებაში მოვდივართ ხოლმე. აქ მიზეზი მარტო გაუგებრობაა, არ-ცოდნაა, და არა გრძნობა-მოკლებულობა, გრძნობა-დახშულობა. სიმღერის, პოეზიის სიამოვნების ნიჭი საყოველთაო კუთვნილებაა ადამიანისა. არ არის ქვეყანაზედ ადამიანი ამ ნიჭს მოკლებული, ყრუისა და მუნჯის მეტი, ისიც იმიტომ - რომ აქ ხორცის ნაკლულევანებაა მიზეზი ამ ნიჭის უქონლობისა და არა სულისა.
რასაკვირველია, ყველა ერს ერთს არა აქვს ერთს ხარისხამდე არა აქვს აყვანილი თავისი მუსიკა, როგორც თვით ენა-მეტყველობაც. ამ მხრივ ზოგი ერი ძალიან წინ წასულია, ზოგი ჯერ მიდის. ევროპამ ამ მხრით დიდად შორს დააგდო აზია და დღეს ევროპიული მუსიკა დიდად გაბრწყინვებულია, განწმენდილია, დახელოვნებულია, და რა თქმა უნდა, ქვეყნიერობაზედ უპირატესობს. ხოლო ვინც დააკვირდება აზიურს მუსიკასა და შეაფარდებს ევროპისას, იგი ადვილად გრძნობს, რომ ამ ორთა მუსიკათა შორის ბუნებითი, არსებითი სხვადასხვაობა არის, სულ სხვა ძარღვი აქვს ერთს და სულ სხვა ძარღვი მეორეს, და თუმცა ერთი ისე განკარგებული, შეკეთებული და დახელოვნებული არ არის, როგორც მეორე, მაგრამ არა გვგონია - ერთმა მეორეს ოდესმე სძლიოს და გზა დაათმობინოს ; აზიური მუსიკაც იმ-რიგადვე თავის გზაზედ იდგება და ივლის, როგორც ევროპიული თავის გზაზედ მდგარა და უვლია.


II

რომ ქართული სიმღერა და გალობა ევროპიულს არა ჰგავს, ეგ აშკარაა და ამას არავითარი დამტკიცება არ სჭირია, როგორც გვარწმუნებენ მცოდნე კაცები. ჩვენ მუსიკისა, როგორც წინათაც მოგახსენეთ, სულ არა გვესმის-რა და მის გამო ვშიშობთ და სითამამედ მიგვაჩნია წარმოვსთქვათ ერთი აზრი, რომელიც დიდიხანია მოსვენებას არ გვაძლევს და რომელზედაც პასუხი ჩვენთვის არავის მოუცია, თუმცა ბევრგან ჩამოგვიგდია ამაზედ ლაპარაკი მუსიკის მცოდნე კაცთა შორის. ქართული სიმღერა ხომ ევროპიულს სრულებით არა ჰგავს, ჰგავს კი აზიურსა? ჩვენ აქ სახეში გვაქვს ქართული საერო, თუ საეკლესიო, ბანით სათქმელი საგალობელნი და არა მარტო სათქმელნი. ყოვლისფერით უნდა იგელისხმებოდეს, რომ უნდა აზიურისა რაშიმე ჰგვანდეს: საქართველო უფრო აზიაა, მისი ისტორია უფრო აზიის კულტურისა და ცივილიზაციის გავლენის ქვეშ იყო უკანასკნელ საუკუნემდე. მისვლა-მოსვლა, ისტორიული დამოკიდებულება, ისტორიული მეზობლობა უფრო აზიის ერთა თანა ჰქონია და რა საფიქრებელია, რომ ყოველს ამას არ ემოქმედნა აქაურს სიმღერათა მწყობრობასა და აგებულებაზედ. ვსთქვათ, რომ საეკლესიო გალობაზედ ზემოქმედება იქონია საბერძნეთის გალობამ მას შემდეგ, რაკი ჩვენში ქრისტიანობა შემოვიდა, რადგანაც ყოვლისფერი საეკლესიო იქიდამ მივიღეთ. ეს საერო სიმღერა სიმღერა თვით-ნაჩენია, თვისითმყოფია, თვით-მოარული, - თუნდ საერთო რამა აქვს აზიის სხვა ერთა სიმღერებთანა. მაგალითებრ, საფრანგეთის მუსიკას, გერმანიისას, იტალიისას - ბევრი მსგავსება აქვთ ერთმანეთში, ისეთი მსგავსება, რომ გაუჭირებლად, სრულიად თავისუფლად - ერთის ერის მუსიკა მეორესათვის პირდაპირ გასაგების, პირდაპირ მოსაწონია, თუმცა ამასთანავე ყოველის ერის მუსიკას თავისი საკუთარი ფერი აქვს ზედ დაჩნეული. ეგევე განა ითქმის, მაგალითებრ, აქაურს ბანით სათქმელ სიმღერებზედ და სპარსულებზე? არა გვგონია . სულ სხვადასხვა არის: სპარსელს ჩვენი ბანით სათქმელი სიმღერა სულ არ მოსწონს, იმიტომ რომ არ ესმის. რომ ესმოდეს, ეგ იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ძირი და ფერი ერთი აქვთ აქაურს და იმათ სიმღერებს . ან თუნდა აზიის სხვა ერი აიღეთ, - განა აქაური სიმღერები ჰგვანან რომელსამე ერის სიმღერას აზიაში? არ ვიცით, თეორია ამაზედ რას იტყვის, ხოლო რამოდენადაც ეს სხვადასხვაობა გასარჩევია ყურისათვის, იმოდენად მართალი ვიქნებით ვსთქვათ, რომ აზიის არა-რომელსამე ერის სიმღერას არა ჰგავს აქაური ბანით სათქმელი სიმღერა. აქ საკუთარი, თვით-ნაჩენი, თვით-მყოფი სიმღერაა და ამ მხრით მუსიკის მცოდნე კაცთა თვალში ქართული სიმღერები სრულს ახალს ამბავს უნდა წარმოადგენდეს მუსიკის ისტორიისა და თეორიისთვის. არიან ჩვენში მუსიკის მცოდნე უცხო ქვეყნის ორიოდე კაცნი, რომელნიც ამ მხრით დაჰკვირვებიან ჩვენს სიმღერებს, სცდილან მისი ვითარება, თვისება, ხასიათი ზედმიწევნით და ღრმათ ემცნოთ და იმათაც ფიქრად მოსდით იგივე, რაც ჩვენა ვსთქვით ქართულის სიმღერების თვით-ნაჩენობასა და თვით-მყოფადობაზედ. ესენი მეტად შორს არიან იმ უმადურობაზედ, თუ გნებავთ - სიბრიყვეზედაც, რომელიც ასე კადნიერად უარჰყოფს მუსიკობას ჩვენის სიმღერებისას და ამბობს, რაღაც ველურის, ნადირ-კაცის ბღავილიაო და არა იგი მწყობრი ხმა-ტკბილი გალობა, რომელიც კაცს ესიამოვნებაო.
ის მუსიკის მცოდნე კაცნი, რომელნიც დღეს მიუზიდნია ქართულის სიმღერების სიკეთეს და სიტკბოებას, ბევრს ღირსებას ჰპოულობენ და ბევრსაც მეცადინეობენ გადაიღონ ნოტებზედ საყოველთაოდ საცნობელად. ამ მხრით თითონ ჩვენი ყმაწვილი კაცებიც ჰშრომობენ და ია ამ შრომის ნაყოფი დიდის სიამოვნებით გავიგონეთ ჩვენის ყურით შაბათს, 15-ს ნოემბერს. ქართულმა ხორომ, -თუ არ ვცდებით, ოცი, ოცდა-ათი კაცი იქნებოდა -ბ-ნ რატილის ლოტბარობით იგალობა თეატრში თერთმეტამდე სხვათაშორის ქართული საერო სიმღერები, ნოტებზედ გადაღებული. ხალხი საკმაოდ ბევრი დაესწრო და სიამოვნებით კი არა, აღტაცებით დაჰხვდა და მიეგება ამ ახალს და სასიამოვნო ამბავს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ყველა ქართული ხმები კარგად იყო გადაღებული, მაგრამ მაინც კიდევ ჩვენ მიერ ქება და დიდება ეკუთვნით ამ საქმის დამწყებთა. იგი ნაკლულევანება, რომელიც ყოველს ახალს საქმეს აუცილებლად მოსდევს ხოლმე, და რომელიც აქ ვახსენეთ, უკეთესის სურვილითა მოგვივიდა და არა წუნის დასადებად. ამისთანა საქმეში თითონ წუნიც-კი უნდა ჰმდუმარებდეს, იმიტომ, რომ თვითონ საქმე ქველმოქმედებაა თავით თვისით. სწორედ ამ გრძნობითაც დაჰხვდა ჩვენი საზოგადოება ამ მშვენიერს საქმეს და ამ გრძნობითვე გამოვიდა თეატრიდამ. დიდი მადლობაგვმართებს ბ-ნ აღნიაშვილისა, რომელმაც ეს მართლა სახელოვანი საქმე იკისრა, შეჰყარა ხოხ, გაგვიმართა ქართული კონცერტი და დაგვატკბო იმ მივიწყებულის ხმებით, რომლითაც მღეროდნენ ჩვენი წინაპარნი და რომელსაც ისეთის აღტაცებით ისმენდა იმ ღამეს თეატრში შეკრებილი საზოგადოება... არა ნაკლებ მადლობის ღირსია ბ.-ნი რატილი, ეგ უცხო კაცი, რომელმაც მოამზადა და გასწურთნა იგი ხორო. მადლობელმა საზოგადოებამ იქავ თეატრში მოაგროვა ფული და საჩუქარი მიართვა ბ-ნ რატილს. ძახილს და ტაშის ცემას ბოლო არა ჰქონდა. სასურველია, რომ ამ დიდად სასიამოვნო საქმემ ხშირად გვასიამოვნოს ხოლმე ისე, როგორც შაბათს საღამოს გვასიამოვნა.
ნუთუ კარგი არ იქნებოდა, რომ ჩვენმა დრამატიულმა დასმა ეს ახალი საქმე, ხოროთი გალობა ქართულის ხმებისა, ზედ გადააბას წარმოდგენებსა! ეს აზრი და სურვილი ბევრმა გამოსთქვა თვით თეატრშივე და ჩვენც სხვასთან ერთად გვგონია, რომ ეს ორი საქმე ერთმანეთს შეავსებს და ერთმანეთს უშველის აამრავალფეროვნოს სიამოვნება და, მაშასადამე, თეატრში მოსიარულე საზოგადოებაც ამრავლოს და ბლობად მოიწვიოს. ეს გაერთიანება ორის ერთ-გვარად სასურველ და სანატრელ სიამოვნებისა ერთსაც ახეირებს და მეორესაც, როცა ორივე და-ძმურად ერთად მოწვეულ იქნებიან ჩვენდა გასართობად. "


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
buta
პოსტი Dec 29 2007, 08:17 PM
პოსტი #2


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 27-December 07
მდებარ.: პლეხანოვი
წევრი № 3,500



საიტერესო თემაა.

ძაან კარგია, მომწონს happy.gif


--------------------
წუთი სოფელი ასეა, დღეს ღამე უთენებია
რაც მტრობას დაუნგრევნია, სიყვარუს იშენებია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2017, 04:24 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



არქიმანდრიტი გაბრიელი მუსიკაზე წერს: "მუსიკალური ნიჭი ღვთისგან მოცემული ტალანტია. ყოველ ადამიანს ნაწილობრივ აქვს ეს ტალანტი, მაგრამ ზოგს იმდენად მომეტებულად, რომ თავიანთი სიმღერებითა და მუსიკით ატყვევებენ მსმენელს. ასეთები დიდ გავლენას ახდენენ ადამიანებზე. ამდენად, მათი პასუხისმგებლობაც დიდია ღვთის წინაშე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2023, 07:29 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჭეშმარიტ ხელოვნებას არა აქვს საზღვარი, იგი ღვთივმომადლებული ენაა, რომელიც ყველას ესმის და ყველა პატივს სცემს. ამ ენასაც აქვს თავისი მიმართულებები, რომელთა შორის მუსიკა გამორჩეულად სიღრმისეული და მეტყველია, მრავალფეროვანი და მშვენიერია"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი