გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს!, ,,სული წმიდა მოვიდეს თქვენზე და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ!' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს!, ,,სული წმიდა მოვიდეს თქვენზე და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ!' |
A.V.M |
Jun 21 2013, 01:23 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მონასტერში უნდა ავიდე და მგონი სულთმოფენობას არ ვიქნები ინტერნეტთან.ყოველ შემთხვევაში თავს დავიზღვევ და წინასწარ გავხსნი თემას:
სულთმოფენობა. წმიდა სამების დღე აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას, და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად. ხოლო იყვნეს იერუსალჱმს დამკჳდრებულნი ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქვეშე. და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი. განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ? და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ. პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუა მდინარისანი ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი, ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიისანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კჳრინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენითა ენითა დიდებასა ღმრთისასა?! საქმე მოციქულთა 2, 1-11 სულთმოფენობა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მთელ ქვეყანაზე გაბრწყინდა კაცთა ნათესავის მაცხოვნებელი აღდგომის ნათელი. წმინდა მოციქულებმა მოძღვრისა და უფლის მკვდრეთით აღდგომის მარადიული და ხელშეუხებელი სიხარულის სიტკბოება განიცადეს. მათ სრული შეგნებით, გონიერებითა და სიხარულით გააცნობიერეს ის უდიდესი ძლევა, ქრისტე ღმერთმა რომ მოიპოვა მსოფლიო ბოროტებასა და სიკვდილზე, გაითავისეს ისიც, რომ თავადაც ამ ძლევაში მონაწილეობისათვის იყვნენ მოწოდებულნი. მოციქულთა წინაშე იხსნებოდა უდიდესი, დიდებული და ერთობ მძიმე გზა, მასზე შესადგომად და საბოლოო გამარჯვების მიღწევისათვის ადამიანური შესაძლებლობები, ცხადია, არ კმაროდა. მხოლოდ სულიწმინდამ, მისმა მადლმა და კაცთმოყვარეობამ მიანიჭა მოციქულებსა და დედაეკლესიას ის უძლეველი ძალა, რომლითაც მონადირებული და განათლებულია მთელი ქვეყანა. სულიწმინდამ ამა სოფლის მძლედ ჰყო უფლის მოწაფენი, ბოროტების, ლეგიონის მთავრის მძლეველ, ქვეყნის კეთილ ანგელოზებად განაწესა ისინი, უძლური სხეულის მქონენი, მოკვდავი ადამიანები, უმდიდრესებად წარმოჩინდნენ მის მიერ. ბრძენ კაცებად წარმოაჩენს მათ, რომელთაც ელინური ფილოსოფიიდან და ამა სოფლის სიბრძნიდან არაფერი აუღიათ! „მეთევზურთა ბადეებით“ მოინადირეს კაცობრიობა და ღმერთის შემეცნებასა და სიბრძნის ზღვაში ჩაძირეს უღმერთოების მთელი სისაძაგლე. წმინდა მოციქულების დროინდელი სულთმოფენობის შემდეგ სულიწმინდა განუშორებლად იმყოფება ეკლესიაში, მისი მადლი განუწყვეტლივ აღასრულებს ყველა საიდუმლოს. ეს დღესასწაული მხოლოდ წარსული მოვლენის გახსენება როდია, ის საღვთო სულის განსაკუთრებული და უხვი მყოფობაა ეკლესიაში, მისი მადლისმიერი დიდი მფარველობაა ყველას მიმართ, ვინც ამ დღეს ღმრთის ტაძრებში მუხლმოდრეკილი და გულშემუსვრილი ლოცულობს საკუთარ სულში სულიწმინდის მიღებისა და თავისი ცხოვრების კურთხევისათვის. აუცილებელია მოვემზადოთ ამ მადლის არა მხოლოდ შეხებისათვის, არამედ ჩვენს გულებში მოუკლებელი და განუყრელი დამკვიდრებისთვის. ნუ ვიფიქრებთ, თითქოს დრო უფლის ამაღლებიდან წმინდა სულთმოფენობამდე სიცარიელეს წარმოადგენს, რადგან იგი მხოლოდ იმისთვის მოგვეცა, რომ ჩვენი სულის ჭურჭელი წრფელი და ლოცვით განწმენდილი შევაგებოთ მას. ნათქვამია, მაცხოვრის მოწაფეები ღვთის სულის გარდამოსვლის მოლოდინისას მხოლოდ „ლოცვასა და ვედრებაში“ იყვნენო. მათი სიხარული ამ უდიდესი ნიჭისა (საქ. 11,20) არ უკავშირდებოდა არავითარ შრომასა და სიძნელეს, რადგან მოციქულთა ღვაწლი მხოლოდ სულიერი იყო. ამ საოცარი დღის დადგომამდე არც ჩვენ მოგვეთხოვება მარხვა და მეტანიების კეთება, არამედ მხოლოდ - მადლის სასიხარულო წყურვილი და ლოცვა „ჰოი, სულო წმინდაო, მოვედ და დაემკვიდრე ეკლესიის გულში! ჰოი, სულო წმინდაო, მოდი ჩვენს მიწიერ ტაძრებშიც და ჩვენს გულებშიც!“ ეკლესია იქ არის, სადაც სული წმინდა მკვიდრობს. ამიტომაც მწვალებელთა თავყრილობა ეკლესია ვერ იქნება, თუნდაც მათი ტაძრის გარეგნული ფორმა ღვთის სახლს მოგვაგონებდეს - იგი მხოლოდ უსიცოცხლო სხეულია. სულიწმინდა მხოლოდ იქ იმყოფება, სადაც მართალი სარწმუნოება და მყარად განმტკიცებული სიმართლე და სიკეთეა. სწორედ ამგვარი ეკლესიის შესახებ მოწმობს უფალი, როგორც თავის სასძლოზე, და აუწყებს მას: „ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო და ბიწი არა არს შენ თანა“ (ქება 4,7). ჩვენც ტაძარნი ვართ ღვთისა, როგორც თვით პავლე მოციქული ამბობს: „ხორცნი ეგე თქვენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელი-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თვისთა თავთანი“ (I კორ. 6,19). ესე იგი, საკუთარ თავს კი არა, ღმერთს, ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ვეკუთვნით, რომელმაც უდიდესი სასყიდლით - თავისი პატიოსანი სისხლით გამოგვისყიდა და შეგვიძინა (საქ. 20,28). ქვით, აგურით, მარმარილოთი და რკინით ნაგები მიწიერი ტაძრებიც ზიანდება და განახლებას საჭიროებს, თუმცა ბევრად უფრო მტკიცე მასალით არიან ნაშენები, ვიდრე ჩვენი სხეული, რომელიც ცოდვით დაცემის შემდეგ თავის უძლურებასა და მრავალ სნეულებას უკვლად სულს გადასცემს. ვილოცოთ, რომ სულიწმინდამ არა მარტო არ მიგვატოვოს, არამედ განგვაახლოს, გაგვაძლიეროს, განგვანათლოს და კეთილმშვენიერებაც მოგვანიჭოს. სულიწმინდა პირველ საუკუნეთა ნათელია, იგია საუკუნო ცხოველმყოფელი ცეცხლი, ცხოვრების მომცემელი და თვით სიცოცხლეც. იგია გონება და ძალა, რომლის სიღრმის წვდომასა და აღწერას ვერასდროს შეძლებს ვერც ერთი მოკვდავი, და არა მარტო მოკვდავი, თვით ზეციურ ანგელოზთა დასნიც კი. ვინც იტყვის, ვიცი სულიწმინდაო - ცდება, რადგან მხოლოდ ღმერთმა უწყის ჭეშმარიტად მის შესახებ, რამეთუ თავად ღმერთია იგი: „ღმრთისა არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისაგან“ (I კორ. 2,11). სულიწმინდასთან თითქოსდა „დაძმობილება“ მწვალებელთ სჩვევიათ. ჩვენ, მართლმადიდებლებს, შიშითა და ძრწოლით გვმართებს ზეციური სულის, ჩვენი ღმერთის სახელის ხსენებაც კი. თუკი შენში არ არის სული ქრისტესი, არც შენ ხარ ქრისტესი; თუ იგი არ შეეხება შენს გულს ამ ცხოვრებაში, ვაი შენდა! რადგან სულიერად კვლავ მკვდარი ხარ (რომ. 8,9,10). ვისაც განუცდია ოდესმე დიდი სიხარული, ეს სულიწმინდა იყო. განა გარეგნული სრული კმაყოფილების დროს არ გტანჯავდა წუხილი იმაზე, რომ ზეცას დაშორდი? - ამას სულიწმინდა გაუწყებდა და თავისკენ გიხმობდა. და პირიქით, ყველაფრისაგან მოკლებულს განა ოდესმე არ განგიცდია სრული კმაყოფილება ყველაფერში, ისე, რომ აღარაფერი გისურვებია? - ესეც მანუგეშებელი სული იყო. ჭეშმარიტად გვჯეროდეს - როცა სულიწმინდა ჩვენს სულს შეეხება, ქვეყნიერება სხვაგვარად წარმოგვიდგება და ჩვენში დაივანებს საოცარი სითბო და სიყვარული ყოველთა მიმართ და ყოველთა წინაშე. უფალო, აღამაღლე მიწიდან ჩვენი გონება შენთან - ზეცაში, დაე, როცა ჩვენს თვალებს უსარგებლო და დამამძიმებელი აზრების ბურუსი მოსცილდება, მუდამ შენს ჭვრეტაში იყოს. ჰქმენ ჩვენი გული წმინდა და ამაღლებულ აზრთა სამსხვერპლოდ; ჰქმენ იგი შენს „მთად წმინდად“ (ფს. 47,1). მზეო სიმართლისაო, უფალო იესო ქრისტე, კვლავ გამობრწყინდი ჩვენ ცოდვილთა ღამის სამყაროში და განაცისკროვნე ღრმად მძინარე ჩვენი სულები, განაღვიძე ისინი, რათა გაქებდნენ და გადიდებდნენ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს - მამას, ძეს და სულიწმინდას აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! - See more at: http://www.orthodoxy.ge/dgesastsaulebi/sul...h.LciTVYX5.dpuf -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი