IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატრიარქის ეპისტოლეები
G_I_O_R_G_I_
პოსტი Apr 8 2007, 05:58 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე



„ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“
(აღდგომის საგალობელი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო,
ზეციური სიხარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

ჰოი, დიდებულო პასექო ქრისტესო, მომნიჭებელო სიხარულისაო, განმაახლებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩვენისაო, დაადგერ ჩუენთანა, რათა გიცნათ შენ, უფალო, ვითარცა ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

მაშ, განვიწმიდოთ ბოროტებისაგან და მივეახლოთ დაუღამებელ ნათელს, „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ და გვყოფს მეცნიერად კეთილისა და ბოროტისა.

უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, გუშინ ვგლოვობდით ვნებასა და ჯვარცმასა შენსა, დღეს კი - ვზეიმობთ სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველსა აღდგომასა შენსა;

ჰოი, ბოროტებავ, უძლურია ძალა შენი წინაშე ღვთისა!

ადამის მოდგმავ, დაცემულო, მაგრამ უფლის მადლით წარწყმედისაგან ხსნილო, გიხაროდენ,

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

„სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი! აღდგა ქრისტე და დაირღუ შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღდგა ქრისტე და ცხორებაი მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა; აღდგა ქრისტე მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა“ (წმიდა იოანე ოქროპირი).

დაე, აღდგომილი მაცხოვრის მაცხოვნებელი მადლი მოეფინოს სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს!

როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთმა ადამიანი შექმნა „ხატად და მსგავსად თვისსა“ და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება - თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა - იყოს ღმერთთან, ან იცხოვროს მის გარეშე. არჩევნის შესაძლებლობა ანგელოზთა ცხრავე დასსაც ჰქონდა მინიჭებული.

უფლის ერთ-ერთმა უპირველესმა ანგელოზმა, თავის მიმყოლ დასსთან ერთად, ამპარტავნების ცოდვის გამო ღვთის გარეშე არსებობა მოინდომეს, რამაც მათი დიდი დაცემა და ბუნების სრული სახეცვლილება გამოიწვია, - უფლისაგან ბოძებული აბსოლუტურად ყველა სათნოება მათ თავისი ნებით დაკარგეს და იქცნენ ღვთისმბრძოლ არსებებად, რითაც საშინელი მარადიული ხვედრი განუწესეს საკუთარ თავს.

არსობრივად იგივე შეცდომა დაუშვეს პირველქმნილმა ადამმა და ევამაც. მათაც ამპარტავნების ცოდვის გამო განიზრახეს ღვთის მსგავსნი გამხდარიყვნენ და მიუხედავად უფლის გაფრთხილებისა, მაინც შეჭამეს აკრძალული ხის ნაყოფი, რასაც მოყვა მათი გულის, სულისა და გონების შინაგანი ერთობის სრული დარღვევა, სიწმინდის შებღალვა და ღმერთთან კავშირის გაწყვეტა.

მაგრამ ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან განსხვავებით, მიეცა შესაძლებლობა სულის ხორცში ყოფნის გამო (ამქვეყნად ხორციელად მყოფობის ჟამს), გამოესყიდა დანაშაული და მაცხოვრის მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით, გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ცოდვათაგან გათავისუფლებული კვლავ ძველ დიდებას დაუბრუნებოდა.

აი, ამისი საშუალება მისცა ძე ღვთისამ და ძე კაცისამ ადამის მოდგმას თავისი ჯვარცმით და მკვდრეთით აღდგომით.

დღეს ჩვენ სწორედ ამას ვზეიმობთ. და რაკი იესო ქრისტე მთელი კაცობრიობისათვის ეწამა, აღდგომის დღესასწაული ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელი ზეიმია, იგია ღმერთთან შერიგებისა და თითოეული ჩვენგანისათვის სასუფევლის დამკვიდრების შესაძლებლობის დადასტურება.

და რა შეიძლება იყოს კაცთათვის ამაზე მნიშვნელოვანი და სანატრელი?!

მაგრამ როგორც ედემში, აქ, ამ წუთისოფელშიც, ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება და თითოეულმა ჩვენგანმა პირადად უნდა აირჩიოს, - სურს მარადიული ნეტარების მოპოვება, თუ ცოდვის მონობა, რომლის შედეგიც მარადიული სატანჯველია.

ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს დგას არჩევანის წინაშე - გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, თავის დაცემულ ბუნებაზე, თუ კიდევ უფრო დაიმძიმოს მდგომარეობა და წარწყმედისაკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს.

უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ცოდვის სხვა და სხვა სახე: ზოგი შედარებით მსუბუქია, ზოგი კი - იმდენად მძიმე, რომ სულიერ სიკვდილს იწვევს. ყველაზე საშინელი კი - სულიწმინდის გმობაა.

ზოგჯერ ადამიანი გულს იმშვიდებს, მცირე დანაშაული მაქვს და ღმერთი მაპატიებსო, მაგრამ თუნდაც მსუბუქი რომ იყოს ჩვენი ცოდვები, თუკი ისინი მრავლად გვაქვს, საგრძნობლად დააზიანებს ჩვენს შინაგან სამყაროს. ერთი მუჭა სილა წონით უმნიშვნელოა, მაგრამ სილით სავსე ტომარა - სატარებლად მძიმე.

ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იკეთებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, მრისხანება, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება“ და სხვა მისთანათა მოქმედნი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებენ (გალ. 5. 20-21).

არიან ორმაგი სტანდატრებით მცხოვრები პიროვნებებიც, რომლებიც უშუალოდ თვითონ მომაკვდინებელ ცოდვებს ერიდებიან, მაგრამ უზნეო გზით ან სხვათა ტანჯვა-წამების ხარჯზე მოპოვებული შემოსავლით ცხოვრობენ, რითაც უდიდეს სასჯელს უმზადებენ საკუთარ თავს.

სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი - ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი დანაშაულის, ცხოვრების წესად დამკვიდრების მოთავენი ან ხელშემწყობნი არიან.

ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ ანტიქრისტეს სწავლებას ავრცელებენ, რაც მათ ღვთისმგმობ და სულიწმინდის მოწინააღმდეგე ძალად აქცევს: „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ მათ“ (მათე 12,31). „და ვინც აცდუნებს ერთ მცირედთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ კისერზე და ზღვის უფსკრულში დანთქან“ (მათე 18,6).

ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იგი შეიძლება ზეცამდეც ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს. უფლის შეწევნით. ამის გარანტი კი არის ის, რომ ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, იქცევა თუ არა სწორად.

რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ბრძანებს, რომ წარმართებსაც კი „რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ და ხან ამართლებენ ერთიმეორეს“ (რომ. 2,15)

სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი.

რა არის ამქვეყნად ჩვენი მთავარი დანიშნულება?

მორწმუნეთა პასუხი ასეთია: ადამიანის ნებისა და ღვთის ნების თანხვედრა, მათი შერწყმა, ანუ სინერგია, რათა პიროვნება ღვთის ნების აღმსრულებელი გახდეს და მაცხოვართან თანაზიარებით სულიერად გადარჩეს. ამისი შესაძლებლობა ყველას აქვს. ხელისუფალს და მეცნიერს, მიწის მუშაკს და დამლაგებელს, ექიმსა თუ წარმოების ხელმძღვანელს, ჯარისკაცს, მოსწავლეს და სტუდენტს, მდიდარს და ღარიბს, მოხუცსა და ახალგაზრდას, მთავარია მან შეიცნოს ჭეშმარიტება და თავისი სულიერი და ფიზიკური შრომით სათნო ეყოს უფალს.

ასევე ყველასა აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აქვე, ამქვეყნად, მოიპოვოს ისეთი სიწმინდე, რომ განიღმრთოს და მასზეც განცხადდეს მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს“ (ლუკა 17,21).

სხვებისათვის კი სიცოცხლის მთავარი აზრი მიწიერი ცხოვრებიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაშია, რადგან არა სწამთ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისა, არა სწამთ ღვთისა და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი აზროვნების გამო თავისი მოთხოვნილებებისა და ინსტიქტების დაკმაყოფილების ერთგვარი მორალური უფლება ეძლევათ; და ეკარგებათ განცდა მეგობრობის, ერთგულების, თავდადების, მოწყალების, თვით სამშობლოს სიყვარულისაც... ასეთი ადამიანისათვის არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ამაღლებული გრძნობა და ღირსება, რადგან მისთვის ყველაფერი წარმავალია, ყველაფერს „ეგოს“ და „მეს“ პრინციპი საზღვრავს და ცდილობს თავისი მიწიერი მოთხოვნილებების შესაძლებლობისამებრ დაკმაყოფილებას, თვლის რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება.

ჩვენს საზოგადოებაში ასეთი აზროვნების დამკვიდრებას ხელი შეუწყო 70 წლიანმა ათეისტურმა რეჟიმმა, თუმცა ქართველი ადამიანი ბუნებით საოცრად ღვთისმოსავია და ამიტომაც მოხდა მოკლე დროში სარწმუნოებისაკენ ერის შემობრუნება, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს დაემთხვა. ეს პროცესი კი მრავალ განსაცდელთან იყო დაკავშირებული. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს I პრეზიდენტი გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ მიწას. ჩვენ ამჟამადაც გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით. ახლა ყალიბდება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების ღირებულებათა სისტემაა. კომუნისტური რეჟიმის დროს არ არსებობდა დამოუკიდებელი საზოგადოება და იგი პარტიული იდეოლოგიით იმართებოდა, ხოლო დემოკრატიული მმართველობისას თვითონ საზოგადოების და პიროვნების პრინციპებსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული, როგორ გარემოში მოუწევთ მათ ცხოვრება.

ასე რომ, არჩევანი კვლავ ჩვენი გასაკეთებელია.

პიროვნების მსგავსად, ამა თუ იმ ერისა და კულტურების ხვედრსაც მათი არჩევანი განაპირობებს და ამაში ყველა თანასწორი და თანაბარუფლებიანია.

ქართველი ერი, უძველესი ქართული ენა სათავეს პრეისტორიული ხანიდან იღებს.

ის, რომ ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ ჩვენი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით, ჩვენი წინაპრების ღვთისსათნო არჩევანის შედეგია;

მოციქულთა მიერ ნაქადაგები ქრისტიანობის აღიარებამ სხვა და სხვა ქართველური ტომები ერთი რწმენით, ერთი ენით, ერთი კულტურით ერთიან ქართველ ერად შეადუღაბა და უნიკალური, თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ქართული ცივილიზაცია შექმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ზოგადქრისტიანული კულტურის განვითარებაში;

საზღვარგარეთ ქართველებმა ადრეული საუკუნეებიდანვე განამრავლეს კულტურულ-საგანმანათლებლო კერები. უკვე V საუკუნიდან იერუსალიმში არსებობს პეტრე იბერისა და მისი მასწავლებლის, იოანე ლაზის მიერ შექმნილი სამონასტრო სავანე, რომელიც ჯვრის მონასტრის სახელით არის ცნობილი. გარდა ამისა, ქართველები წმიდა მიწაზე 40-ზე მეტ ტაძარს ფლობდნენ; ჩვენ მონასტრები გვქონდა კონსტანტინოპოლში, ეგვიპტეში, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში..... რაც მაშინდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან აქტიური ურთიერთობის საშუალებას გვაძლევდა და ეროვნული კულტურის ჩამოყალიბებაშიც გვეხმარებოდა.

უნდა ითქვას, რომ წელს ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს, - მცხეთის ჯვრის მონასტერს, 1400 წელი უსრულდება და ეს თარიღი იუნესკოს მიერაც აღინიშნება. მისი სრული ანალოგიითაა აშენებული მარტვილის VII საუკუნის ეკლესია, რომელიც დღესაც ჭყონდიდელ ეპისკოპოსთა საკათედრო ტაძარია. იგი უმნიშვნელოვანეს სულიერ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე.

ათასწლეულების მანძილზე ჩვენი ერი მტერთან გამუდმებულ ომებში მხოლოდ ღვთის იმედით იყო, რადგან არც სხვათა მსგავსად გვყავდა სადმე თანამოძმე ან მუდმივი სტრატეგიული მოკავშირე და არც მრავალრიცხოვანი და ეკონომიურად შეძლებული დიასპორა გვიმაგრებდა ოდესმე ზურგს.

მიუხედავად ამისა, XIX ს-მდე სუვერენული სახელმწიფოებრივი მმართველობა და ეკლესიის ავტოკეფალია შევინარჩუნეთ და რუსეთის იმპერიის მიერ 106 წლის მანძილზე უკანონოდ გაუქმებული ეკლესიის დამოუკიდებლობა საერო და სასულიერო პირების ძალისხმევით 90 წლის წინ აღვიდგინეთ, რამაც დიდი სტიმული მისცა ქართველ ერს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

საერთოდ, ქართული სამყარო მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ განაპირობა და დაიცვა. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. იგია ჩვენი ცნობიერებისა და ცხოვრების წესის საფუძველი და სავსებით ლოგიკურია, რომ დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ატრიბუტიკაში ქრისტიანული სიმბოლიკა დომინირებს: ხუთი ჯვარი მაცხოვრის ხუთ სამსჭვალზე მიუთითებს. ქვეყნის უმაღლესი სამართლებრივი დოკუმენტი - კონსტიტუცია კი მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებულ იურიდიულ და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ სტატუსს ანიჭებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს და მისი ხალხის ნების გამოხატულებაა.

„არა გეცრუვნეთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“, - ასეთი იყო დავით აღმაშენებლის საქართველოს სულისკვეთება; სულისკვეთება იმ მეფისა, რომელმაც ღმერთის დახმარებით შეძლო ჩვენი სამშობლო ექცია ყველა დროის ქართველისათვის საოცნებო სახელმწიფოდ. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ დავითის საქართველოში მშვიდობიანად ეცხოვრათ მუსულმანებს, ებრაელებს, სომხებს და სხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს.

შემწყნარებლობა დღესაც ჩვენი უმთავრესი თვისებაა, - ესაა ჩვენი არჩევანი.

სწორედ ჩვენი რაინდული და ტოლერანტული ბუნების გამო იყო, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა და ომებისა, ქართველები ყოველთვის დიდი პატივით სარგებლობდნენ არაბების, სპარსელების, მონღოლების, ოსმალების. . . პოლიტიკურ წრეებში. იგივე იყო მიზეზი იმისაც, რომ წმიდა მიწაზე მუსულმანთა გაბატონების შემდეგ, XIII-XIV საუკუნეებში, იერუსალიმის მაჰმადიანი მმართველები ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს აძლევდნენ უფლებას, გაშლილი დროშებით ცხენზე ამხედრებულნი ბაჟის გადაუხდელად შესულიყვნენ წმიდა ქალაქში და მაცხოვრის საფლავის კლიტეთა მფლობელნიც ქართველები ყოფილიყვნენ. ჩვენ ეს პატივი ომით არ მოგვიპოვებია. იგი იყო ქართული დიპლომატიის შედეგი, რასაც საეკლესიო ურთიერთობებიც განაპირობებდა.

სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესია დღესაც ცდილობს შეასრულოს ე.წ. „სახალხო დიპლომატის“ მისია და იყოს მშვიდობის დესპანი იმ რთულ სიტუაციებში, რომელშიც საქართველოს თანამედროვე პირობებში უწევს ყოფნა.

ამით იყო განპირობებული ჩვენი ჩასვლა მოსკოვში. ეს არის მიზეზი არაბულ ქვეყნებში ჩვენი მომავალი ვიზიტისაც. რელიგიურ ლიდერებთან ღია და გულთბილი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობაშიც ანალოგიურ დამოკიდებულებას იწვევს და მათში საქართველოსადმი კეთილგანაწყობა ჩნდება.

ყველასთვის მიუღებელია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა გადაიზარდოს ხალხებს შორის მტრობაში, განსაკუთრებით კი რელიგიურ დაპირისპირებაში, რადგან იგი პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან შედარებით ძნელად გამოსასწორებელია და ჩვენ ვცდილობთ ეს თავიდან ავიცილოთ.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს რომ არ ჩამოვრჩეთ, საჭიროა ინფორმაციის ფლობა და ანალიტიკური აზროვნება, მითუმეტეს, დიდი სახელმწიფოების დაინტერესების სფეროში მყოფი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.

ამიტომაც ანალიტიკური აზროვნებისთვის საჭიროა ბავშვობიდანვე ისწავლებოდეს. ამ საგნის შემოღება დიდად დაეხმარება ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ადვილად დაეუფლონ თავის მომავალ სპეციალობას.

რაკი ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება. კარგი იქნება, თუ საბავშვო ბაღებში ბატონ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით პატარებს გავუღვივებთ როგორც ერთმანეთის, ისე საერთოდ, ადამიანის თანადგომის სურვილს, პატიების უნარს, უფროსის პატივისცემას, მამულის სიყვარულს. ეს დამოკიდებულება გაჰყვება მათ სკოლაშიც და მთელ ცხოვრებაშიც.

სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელიც პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად დააკვირდება მოსწავლეს და დაეხმარება ღვთისაგან ბოძებული ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში.

აღზრდის საქმეში მასწავლებელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ შეიძლება სკოლაში შემთხვევითი ადამიანები მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ამას ჩვენთან არ ექცევა სათანადო ყურადღება, რის გამოც ყველაზე მეტად მომავალი თაობა ზიანდება. მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს და მშობელივით უნდა მოექცეს მათ. ამასთან, თვითონაც უნდა შეაყვაროს მათ თავისი თავიც და თავისი საგანიც. ამასთან, აუცილებელია, რომ იგი არ შემოიფარგლოს მხოლოდ საგნის სწავლებით და ცხოვრებისთვისაც მოამზადოს ისინი. ამ მიზნით მოსწავლეებთან უნდა ჩაატაროს კლასგარეშე შეხვედრები და საუბრები მათ მომავალზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ახალგაზრდებს ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეთ. ასწავლოს ავისა და კარგის გარჩევა, ასწავლიდეს სწრაფი რეაგირების კულტურას.

მიმაჩნია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი საშუალო და უმაღლესი სკოლების პედაგოგებს უნდა ქონდეთ, რადგან ისინი აყალიბებენ ქვეყნისა და ერის მომავალს და არ არსებობს ამაზე მეტად საპასუხისმგებლო სხვა პროფესია. ეს საქმიანობა უნდა იყოს პრესტიჟული და ეს წოდებაც დიდი შრომის ფასად უნდა მიენიჭოთ ამა თუ იმ ადამიანს.

თუ ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, გავზრდით მოაზროვნე, გონიერ, ანალიტიკური უნარის მქონე თაობას, რაც დაეხმარება მათ ზნეობრივად ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბებაშიც, რადგან ადამიანი, შეგნებულად თუ არ ემსახურება ბოროტებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად გააცნობიერებს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ გამოცდაა და მომზადებაა მარადიულობისათვის და უარს აღარ იტყვის ყველაზე ძვირფასზე - უფლის სიყვარულზე.

როგორი იქნება თქვენი არჩევანი?

ტექნოლოგიური პროცესების განვითარებამ ადამიანის ცნობიერებისა და ცხოვრების წესის განსაზღვრის ყველაზე მძლავრ ბერკეტად მასმედია აქცია; ამიტომაც, აუცილებელია, რომ მანაც იტვირთოს აღმზრდელობითი ფუნქცია.

ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მასმედია ზრუნავს, რომ სახელმწიფო და კერძო არხებით (სპეციალიზებული მაუწყებლობის გარდა) საზოგადოებას მიაწოდოს ზნეობრივი და, საერთოდ, დადებითი ღირებულებების მქონე ტელეპროდუქცია და ფილმები, რასაც ჩვენთან, სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება ექცევა.

ამასთან, ჩვენი ტელესივრცე ძირითადად დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. საზოგადოებას კი ასევე სურს უყუროს ისტორიულ, სამეცნიერი, შემეცნებით, კულტურულ და ახალგაზრდულ გადაცემებს. ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც მხარი დავუჭირეთ დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობა „ივერია“-ს შექმნას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის პატრონაჟით საცდელი გადაცემებით უკვე გადის ეთერში. იგი უნდა იქცეს ოჯახის ტელევიზიად, რომელიც ყველა თაობისთვის მისაღები იქნება და ყველა ფენის ინტერესებს შეძლებისამებრ დააკმაყოფილებს. ამასთან, მან მოსახლეობაში და, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობაში, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. მისი განვითარება და წარმატება ჩვენი საზოგადოების თანადგომაზეა დამოკიდებული.

ყოველი ადამიანის სულიერი წინსვლა და წარმატება დიდად განაპირობებს მთელი ქვეყნის აღორძინებასა და კეთილდღეობას. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით, გულმოდგინე შრომით მრავალი სასიკეთო საქმის კეთება შეიძლება. თითოეულ ჩვენგანს სხვა და სხვა ნიჭი აქვს ბოძებული უფლისაგან და იგი ღვთისა და ქვეყნის სამსახურად უნდა გამოვიყენოთ.

ხარობს დღეს წმიდა ეკლესია და უგალობს მკვდრეთით აღდგომილ ჩვენ მაცხოვარს, რომელმაც სიკვდილით სიკვდილი დასთრგუნა და მოგვანიჭა აღდგომის სიხარული.

„აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და ურთიერთარს შევიტკბობდეთ“ (აღდგომის საგალობელი).

უფალო ძლიერო, სახიერო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ ყოველთაგან მოელი სინანულსა და კაცთათვის განგიმზადებიეს სასუფეველი ცათა, ისმინე ლოცვისა ჩვენისა: გევედრები მეუფეო, შეუნდე უსჯულოებაჲ ერსა ჩვენსა შეცოდებულსა, რათა მადლითა შენითა შევუდგეთ მცნებათა შენთა აღსრულებასა; განამტკიცე სარწმუნოება გულთა შინა ჩვენთა, აღგვავსე სიყვარულითა და იმედითა შენითა;

ჰე, უფალო, განმრავლდა და განძლიერდა განსაცდელი სოფლისა ამის და დაუძლურდა გონება ჩვენი; მოგვხედე და განგვამტკიცე ძალითა შენითა.

ძმანო და დანო ჩვენო, მკვიდრნო ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის მამულისანო, ეძიებდეთ სიმართლეს, შეიყვარეთ უფალი „ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა“ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა აღასრულოთ ნება მისი.

ძმანო და დანო აფხაზნო, ოსნო, ჩვენო ხორცნო და სისხლნო! არ გვძლიოს მტრობამ და სიძულვილმა. ჩვენ მუდამ გვაახლოებდა ურთიერთთანადგომა და სიყვარული. ილოცეთ და განძლიერდით. ჩვენი ძლიერება კი ჩვენს ერთობაშია. მწამს, ურთიერთნდობას და პატივისცემას კვლავ მოვიპოვებთ და სხვა ერის წარმომადგენლებთან ერთად ბედნიერნი ვიქნებით მშვიდობიან და განუყოფელ საქართველოში!

„განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაი და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაი, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა ესერა, მწუხრი განისვენა ტირილმან და ცისკარსა ამას მოიწია სიხარული აღდგომისაი“ (მელენტი ეპისკოპოსი, სააღდგომო ჰომილია).

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი


როგორც ბოლოს პატრიარქმა დაამატა იფიქრეთ ამ საკითხებზეო და სიხარულისას ნუ მიეცემით განცხრომასო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
lingvo
პოსტი Apr 4 2010, 04:33 PM
პოსტი #2


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე


ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!

აი, დგება ჟამი ყოვლისმომცველი ბედნიერებისა! გმინავს შემუსვრილი ჯოჯოხეთი, ხოლო მისი დიადი მძლეველი ზეცად მაღლდება და თან შემხვედრ გაოცებულ ანგელოზთა ხმა მიჰყვება: „ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?“ აწ უკვე ჩვენც, აღდგომის სიხარულით აღვსილნი ქრისტიანენი, პასუხად ვამბობთ: „უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი“ (ფს. 23). „სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? აღსდგა ქრისტე და დაირღვიე შენ; აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი, აღსდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს!“ (ზატიკი).

ამ დღესასწაულთა დღესასწაულს - მრავალსაუკუნოვანი მტანჯველი მოლოდინი უძღოდა წინ.

რა იყო მიზეზი კაცთა მოდგმის ასეთი ხანგრძლივი და დიდი განსაცდელისა?

ღმერთმა ადამი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და მთელი ხილული სამყაროს მეფედ დაადგინა. იგი იყო ერთადერთი არსება უკვდავი სულის მქონე, რომელიც თავის თავში აერთიანებდა ხორციელ და სულიერ ბუნებას. შემოქმედმა მას თავისი ბუნების თვისებები მიჰმადლა, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესის, – თავისუფლების, – შესახებ ამ ეპისტოლეში მინდა გესაუბროთ. სწორედ თავისუფალი ნებით იყო ადამი უფალს დამორჩილებული, რაც სიყვარულისა და სიკეთის უშრეტ წყაროსთან, – ღვთაებრივ მადლთან მის კავშირს განაპირობებდა.

ანგელოზთა დასსაც თავისუფალი ნება ებოძა ღვთისგან. თავისუფლების არასწორად გამოყენების გამო კი ერთ-ერთი უპირველესი ანგელოზი ამპარტავნებამ შეიპყრო, თავისი ნებით განშორდა შემოქმედს და ეშმაკად იქცა; მანვე უბიძგა ადამიანს ცდუნებისკენ, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ სამყაროს გვირგვინი – ადამიანი ცოდვას დაემონა; შეეცვალა აზროვნების და ყოფის წესი და როგორც თვითონ, ისე მისდამი რწმუნებული სამყაროც მასთან ერთად დაეცა; ადამმა და ევამ დაკარგეს ჭეშმარიტი სიყვარული, ჭეშმარიტი სიკეთე და თავისუფლება; დასნეულდნენ ამაოების, ბოროტების, სიძულვილის, შურის, ასევე სხვა მრავალი სენით და სიკვდილსა და ხრწნილებას დაექვემდებარნენ.

ასეთი იყო კაცთა მოდგმის მდგომარეობა ქრისტეს მოსვლამდე. ჯვარცმითა და აღდგომით მაცხოვარმა ჩვენი ცოდვები აღხოცა და ჩვენი წყლულები განკურნა, შემუსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი განაქარვა, დაამხო ეშმაკის მეუფება და კვლავ მოგვანიჭა ნამდვილი თავისუფლება და სიხარული. ამასთან უფალმა დაგვიბრუნა ძველი დიდების აღდგენის შესაძლებლობაც. ამიტომაც წერს პავლე მოციქული: „თავისუფლებისათვის განგვათავისუფლა ქრისტემ... ნუღარ დავიდგამთ მონობის უღელს“ (გალ.5,1).

მაცხოვარმა არა მარტო ცოდვისა და ტყვეობისაგან იხსნა კაცობრიობა, არამედ ადამიანთა შორისაც ურთიერთობის სრულიად ახალი გაგება მოიტანა: „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ“ (გალ.3,28), – გვასწავლის მოციქული.

საოცარია, ეს სიტყვები დაიწერა მონათმფლობელობის პერიოდში, იმ დროს, როცა ქალის უფლებები უკიდურესად შეზღუდული იყო და რასობრივი დისკრიმინაციაც მკვეთრად იყო გამოხატული. მან ეკლესიაში სიყვარულით შეაერთა საზოგადოების არა მარტო განსხვავებული, არამედ დაპირისპირებული ფენებიც და მამა ღმერთს ასე შეავედრა: „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო ჩემდამო, და მე შენდამი“ (ინ.17,11).

თავისი მოწაფეებიც მაცხოვარმა საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან შეკრიბა: ანდრია, პეტრე, იაკობი და იოანე მეთევზეები იყვნენ, მათე – სახელმწიფო მოხელე, ლუკა – მხატვარი და ექიმი, პავლე – რაბინთა სკოლაში აღზრდილი, იოსებ არიმათიელი – წარჩინებული პირი,... და ამით გვიჩვენა, რომ ღვთის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ და ჩვენს შორის მეტ-ნაკლებობას მხოლოდ სულიერი განვითარება განაპირობებს და არა სიმდიდრე, წარმომავლობა, გარეგნობა ან თანამდებობა.

ეკლესია თავისუფალ ადამიანთა ერთობაა, ნებისმიერი ადამიანის ნავთსაყუდელია. აქ არსებული საეკლესიო იერარქია კი – ოდენ საშუალება საეკლესიო მმართველობის განხორციელებისა და საიდუმლოებების აღსრულებისა. სახარებიდანაც ნათლად ჩანს, რომ, სახელმწიფოსგან განსხვავებით, იერარქიას ეკლესიაში თვისობრივად სხვა ფუნქცია აქვს; „ვინც ხალხის მთავრებად არიან მიჩნეულნი, – ვკითხულობთ აქ, – ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე, მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, ის იყოს თქვენი მსახური, ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, ის იყოს თქვენი მონა“ (მკ. 10. 43-44).

ამიტომაცაა, რომ მაცხოვარი მეგობრებს უწოდებს თავის მოწაფეებს და ფეხებს ბანს მათ; ყველა კეთილმორწმუნე ადამიანს კი შვილობის მადლს მიაგებს და პატივს ანიჭებს, ღმერთს მამა უწოდონ („მამაო ჩვენო“). მაცხოვნებელ სწავლებასთან ერთად ქრისტიანობამ ერებსა და ხალხებს თავისუფალი განვითარებისათვის საოცარი მუხტი მისცა და მნიშვნელოვანწილად განაპირობა დამოუკიდებელი ეროვნული კულტურების ჩამოყალიბება. საქართველოშიც ქრისტიანობამ ხელი შეუწყო ჩვენი ხალხის ერთიან ერად ფორმირების მრავალსაუკუნოვანი პროცესის დასრულებას და ჭეშმარიტი თავისუფლებისა და თვითმყოფადობისათვის ზრუნვის სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას. შედეგი ამისა იყო ის, რომ ჩვენთვის ქრისტიანობის დაცვა სამშობლოსა და ჭეშმარიტი თავისუფლების დაცვად იქცა.

ამ თავისუფლების სამსხვერპლოზე სიცოცხლეს ზვარაკად უშურველად სწირავდნენ მეფენიც და გლახაკნიც, ახალგაზრდებიც და მოხუცებულნიც. გავიხსენოთ XVI საუკუნე; ამ დროს საქართველოს დაპყრობას ცდილობდა ურთიერთდაპირისპირებული ორი დიდი სახელმწიფო, – სპარსეთი და ოსმალეთი. დიდგვაროვანთა ერთი ნაწილი ოსმალეთის სულთანს ეგებოდა ფეხქვეშ, მეორე ნაწილი კი – სპარსეთის შაჰს. შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ქართლის მეფე სვიმონი მაინც თავდაუზოგავად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. სამშობლოს ერთგული შვილი ტყვეობამაც ვერ გატეხა, იგი ბოლომდე თავისუფალ პიროვნებად, მამულისა და სარწმუნოების დამცველ რაინდად დარჩა. მისი ცხოვრება მაგალითად იქცა და მრავალნი განამტკიცა.

ხალხს თავდადების ასევე ბრწყინვალე მაგალითი უჩვენა მისმა შვილიშვილმა, მეფე ლუარსაბ II-მ, რომელმაც, სავსებით ახალგაზრდამ, თავისუფლებასა და ქრისტიანობას შესწირა სამეფო ტახტიც, სიცოცხლეც და მოწამეობრივად აღესრულა. ასობით და ათასობით გაღებულმა ასეთმა მსხვერპლმა ჩვენს ერს დიდება მოუპოვა, რამაც მრავალტანჯული ეს პატარა ქვეყანა გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა. რა თქმა უნდა, ნაწილმა ვერ გაუძლო ცდუნებას და წარმავალი კეთილდღეობა ამჯობინა თავისუფლებას. ხშირად მათ მაღალი თანამდებობები ეკავათ, ზოგიერთი კი ქვეყანასაც მართავდა, მაგრამ სინამდვილეში მონა და მსახური იყო დამპყრობლისა. ეს ყველაფერი ნათლად წარმოაჩენს იმ რეალობას, რომ თავისუფლებაცა და მონობაც შინაგანი, სულიერი მოვლენაა და მას ადამიანიცა და ერიც თავისი ნებით ირჩევს. ჩვენმა ხალხმა არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს განწყობა სასიქადულო პოეტმა, აკაკი წერეთელმა ძალიან მოკლედ, მაგრამ მრავლისმთქმელად ამ სიტყვებით გადმოსცა: „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი“. შინაგანი როგორი სილაღე, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის როგორი სიყვარულია მასში გაცხადებული! ამ განწყობას, რა თქმა უნდა, რწმენა განაპირობებდა. ქართველმა იცოდა, რომ ქრისტიანული ცხოვრებითა და ქვეყნისათვის თავდადებით სასუფეველს დაიმკვიდრებდა და ამდენად, მისთვის სიკვდილი არსებობის ერთი სახიდან მეორე სახეში გადასვლის საშუალებას წარმოადგენდა. ამ აზრის შემცველია გენიალური ქართული სიტყვა – გარდაცვალებაც; რაც გულისხმობს იმას, რომ პიროვნება კი არ ქრება, არამედ იცვლება, სიცოცხლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის. ჩვენს ენაში სხვა ასევე მეტად საინტერესო გამოთქმებიცაა. მშვენიერი მიმართვაა, მაგალითად, ლაზური „შური მშინე“ („სულის მომხსენიებელი“). ასე უწოდებს ლაზი თავის პატარა შთამომავალს, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი მისი სულის მომხსენიებელი იქნება; საინტერესო გამოთქმაა „ცაშა ეხტიც“ (ანუ ცაში ახტი, ცას ეწიე), რომელსაც გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც იყენებენ და ყოველდღიური სამადლობელი დალოცვის ფორმადაც. გავიხსენოთ თუნდაც ხევსურეთში დაცული უძველესი წესი ახლადშობილ ბავშვზე, მეორე, ე.წ. სულის სახელის დარქმევისა, როდესაც მას გარდაცვლილი უახლოესი ნათესავის სახელს არქმევენ; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციად აქვთ მიცვალებულთა სახელზე კვერების გამოცხობა; სიკვდილ-სიცოცხლის სიახლოვეზე მიუთითებს ისიც, რომ თითქმის ყველგან ლხინის სუფრაზე გარდაცვლილთა მოსაგონარ-შესანდობარი ისმევა, ჭირის სუფრაზე კი – ცოცხალთა სადღეგრძელოები და სხვა. ასეთია საზოგადოდ ჩვენი მენტალიტეტი. * * * აქვე მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც: ჩვენმა წინაპრებმა, ფარნავაზისა და ქუჯის მსგავსად (ძვ. წ. აღ. III ს.), 1790 წელს კიდევ ერთხელ დაადასტურეს და საჯაროდ განაცხადეს სხვადასხვა კუთხის ქართველთა ერთობის შესახებ; შედგა დოკუმენტი, სახელწოდებით - „ივერიელთა ერთობის ტრაქტატი“, რომელსაც ხელი მოაწერეს მეფე-მთავრებმა. ეს იყო პასუხი საქართველოს გახლეჩისა და დაქუცმაცების მოსურნეთა მიმართ, რომელნიც ცდილობდნენ ჩვენი სამშობლოს დაყოფას და სხვადასხვა კუთხის ერთმანეთისადმი გაუცხოებას. ეს პროცესი შემდგომაც გაგრძელდა, რასაც ჩვენი ერის სასიქადულო შვილებმა, – წმიდა ილია მართალმა (ჭავჭავაძემ), მისმა თანამებრძოლებმა და ასევე მთელმა საზოგადოებამ საკადრისი პასუხი გასცეს. აღნიშნული თემა XX ს-ში კვლავ წინ წამოსწია კომუნისტურმა რეჟიმმა და მას მიზანმიმართული პოლიტიკის სახე მისცა. ამან გამოიწვია აფხაზებისა და ოსების გაუცხოება მათთვის ნათესაური და ბუნებრივი ქართული გარემოსგან და შედეგად მივიღეთ დღეს არსებული კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, გლობალური პოლიტიკური დაპირისპირების გამოვლენაა, მაგრამ ამისთვის ნიადაგი დიდი ხნით ადრე მომზადდა. დღესაც ზოგიერთი უცხოელი მეცნიერი და ექსპერტი ისევ ახორციელებს მიზანმიმართულ ანტიქართულ სამეცნიერო-იდეოლოგიურ კამპანიას. ამიტომაც გამოვედით ინიციატივით, მთელს ერს კვლავ დაედო „ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი“ და ამით ჩვენს დროში კიდევ ერთხელ გაგვეცა პასუხი ავისმსურველთათვის. ახალ ტრაქტატზე ხელმოწერა დაიწყო გასული წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 2010 წლის სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე შეგროვილი ხელმოწერები კი დაიდება ტაძრის საკურთხეველში და ყველა ამ ადამიანის სახელით აღევლინება ლოცვა ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის (ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ დოკუმენტზე ყველას ხელმოწერა იყოს). მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ეს მოხდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის 1000 წლისთავზე. უფლის საოცარი განგებულებით ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიას ებოძა როგორც ყოვლადწმიდა მარიამის კვართი, რომელიც ზუგდიდშია დასვენებული, ისე კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც I საუკუნიდანვე სვეტიცხოვლის ტაძარშია დაკრძალული. ამიტომ იქცა სვეტიცხოველი საქართველოს უპირველეს ტაძრად, სადაც უძველესი დროიდან იხარშება მირონი, ეკურთხებოდნენ მეფენი, ეკურთხებიან პატრიარქნი და მღვდელმთავარნი; აქვეა მათი ძვალთშესალაგიც. ამ უდიდეს სულიერ მნიშვნელობასთან ერთად სვეტიცხოველს, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული ისტორიულ-პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, – იგი არის ერთიანი და ძლიერი საქართველოს სიმბოლო, რადგან XI საუკუნიდან, როდესაც დასრულდა განახლება-გამშვენება ამ წმიდა ტაძრისა (თავდაპირველი სახით სვეტიცხოვლის ეკლესია IV ს-ში აშენდა), ჩვენი ქვეყნის ზეობის ხანას ჩაეყარა საფუძველი. ვაცნობიერებთ კი, რომ ცხოველსმყოფელი სვეტის საფუძველში თავად განკაცებული ღმერთის – ჩვენი მაცხოვრის კვართი განისვენებს, რომლისგანაც მომდინარე საოცარ მადლს განსაკუთრებული კრძალვით უნდა მივეახლოთ?! ეს ჩვენი ერისთვის მომადლებული უდიდესი წყალობაა უფლისა, რაც დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. საერთოდ, წმიდანთა ნაწილები და ყოველი სიწმინდე ღვთაებრივი მადლის წყაროა, რომელთანაც თანაზიარების საშუალებას უფალი სხვადასხვა სახით გვანიჭებს. მადლის მქონეა: სიწმინდეები, ნაკურთხი წყალი, ჯვარი, ხატები, სანთელი, პური, ღვინო, ზეთი,... მაგრამ მადლის სისავსით წმინდა ზიარებას ვერაფერი შეედრება. იგია უპირველესი და უდიდესი საიდუმლო ქრისტეს ეკლესიისა! იგია ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არსობრივი სიახლე, რაც კი კაცობრიობის ცხოვრებაში ოდესმე მოხდა ან მოხდება მეორედ მოსვლამდე. ყველა წირვაზე იესო ქრისტე დაიკვლის ჩვენთვის, რათა მორწმუნენი არათუ მიეგებონ ჩვენთვის ჯვარცმულ ძეს ღვთისას, არამედ მიიღონ მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი, რათა განუყოფლად და შეურევნელად შეუერთდნენ მას. ზოგიერთს ჰგონია, რომ წმიდა ზიარების პური და ღვინო მხოლოდ სიმბოლურად მიგვანიშნებს მაცხოვრის ხორცსა და სისხლზე, რაც უდიდესი მკრეხელობა და მწვალებლობაა. წმიდა ზიარების წინ სათქმელ ლოცვებში არაერთხელ არის გამოთქმული ეკლესიის დოგმატური სწავლება იმის შესახებ, რომ ყოველ წირვაზე იესო ქრისტე ასრულებს საიდუმლო სერობას და, როგორც მაშინ თავის მოციქულებს, ისე ჩვენც მოგვიწოდებს: „მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი, . . . და ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მთ. 26. 26,28). სამწუხაროდ, ჩვენ, მცირედმორწმუნეობის ან სულიერი სიბრმავის გამო, ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ როგორი რწმენითა და პასუხისმგებლობით გვმართებს ამ საიდუმლოსთვის მომზადება. მეტად გულსატკენია, რომ ზოგიერთი ადამიანი, მართლია, ხშირად ეზიარება, მაგრამ სულიერად საერთოდ არ იცვლება და ჩვეული მანკიერი ცხოვრების წესს აგრძელებს. ასეთი ადამიანი თუ არ გამოსწორდა, დაიღუპება. კიდევ უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებენ უღირსად მზიარებელნი, რაც სნეულების ან მათი სხვა სახით დასჯის მიზეზი ხდება. გულწრფელი აღსარებითა და სინანულით მიღებული ზიარება კი სულისა და ხორცის საკურნებელია, რითაც ადამიანის ცოდვითი მიდრეკილებებისაგან თანდათანობით გათავისუფლებაში, მის სულიერ ფერისცვალებაში ვლინდება. მადლობა ღმერთს, ასეთი მრევლიც მრავლად გვყავს. შევნიშნავთ, რომ არსებობენ ისეთი „მორწმუნენიც“, რომელნიც, მართალია, თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, მაგრამ აღსარებისა და წმიდა ზიარებისაგან შორს დგანან და მიაჩნიათ, რომ ეს მათთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, რაც უდიდესი შეცდომა და უდიდესი ცოდვაა! ეს ფაქტობრივად ქრისტიანობაზე უარის თქმას ნიშნავს, უარის თქმას ნიშნავს იმ მაცოცხლებელ ენერგიაზე, თავისი მოწამებრივი ღვაწლით რომ გვიბოძა უფალმა. ამიტომაც, თუ ჩვენი ხრწნადი ბუნება წმიდა ზიარების საშუალებით მუდმივ კავშირში არ იქნება მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელ ღვთაებრივ მადლთან, შემოქმედს მოწყვეტილნი, სულიერად მოვკვდებით. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: „როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ ძალგიძთ“ (ინ. 15,4). მაშ, ყველა შიშითა და კრძალვით დავეწაფოთ ღვთიურ მადლს ზიარებისა! ეს კი ბუნებრივად გულისხმობს ცოდვისაგან განდგომას. აი, როგორ გვმოძღვრავს პავლე მოციქული: „ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმინდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა. ასეთი რამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალ.5. 16-17). „ცოდვის საზღაური სიკვდილია!“ (რომ. 6.22). ხოლო სულის ნაყოფია: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება“... (გალ. 5. 19-23). და „ისინი ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან ... ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი“ (რომ. 8.14,17). უფალი ბრძანებს: „რას არგებს კაცს, თუ შეიძენს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?“ (მკ. 8, 36-37) მთელი დედამიწის სიმდიდრე არ ღირს ერთი ადამიანის სულად, რადგან იგი ხატებაა ღვთისა. ამიტომაც უმნიშვნელო, უბრალო პიროვნება არ არსებობს. თითოეული ადამიანი უნიკალურია, დაჯილდოებული განუმეორებელი და განსაკუთრებული ნიჭით, ოღონდ ჩვენ ეს უნდა აღმოვაჩინოთ. ადამიანი უნდა დაფიქრდეს თავის დადებით და უარყოფით თვისებებზე და ეცადოს დადებითი მხარე კიდევ უფრო განავითაროს, ცოდვითი მიდრეკილებები კი დათრგუნოს და თანდათანობით ჩამოიცილოს. ქრისტიანთათვის დედამიწა არ არის სამოთხე; ეს არის განსაცდელებით სავსე ადგილი და მთავარია, ჩვენ სწორი პასუხი გავცეთ ყოველდღიურ გამოწვევებს. შეგვიძლია სხვისი სიხარულის გაზიარება, ან გასაჭირში თანადგომა?! შეგვწევს უნარი შენდობისა?! ვართ მშვიდნი თუ შურით სავსენი?! ადამიანის მოყვარულნი თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მზრუნველნი?! საერთოდ, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ნებისმიერი ადამიანისათვის აქ, ამქვეყნად, იწყება. ამ რეალობის წინაშე დგას კაცობრიობაც და თითოეული ჩვენგანიც უკვე 2000 წელია. ყოველივე ამის გათვალისწინებით არის, რომ ეკლესია ასე ხშირად მოუწოდებს საზოგადოებას ზნეობის დასაცავად და ქრისტიანული გზით სვლისაკენ. განა შეიძლება გულგრილი ვიყოთ მაშინ, როდესაც ხდება ქრისტეს სწავლების უგულებელყოფა, ავხორცობისა და ძალადობის პროპაგანდა და, საერთოდ, ხალხის სულიერი დეგრადირებისათვის ხელშეწყობა; ამის მოქმედნი, ალბათ, ვერ აცნობიერებენ, რომ თავსაც იღუპავენ და ათასობით ადამიანსაც დიდ ცოდვაში აგდებენ. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ მაცხოვრის მკაცრ გაფრთხილებას: „ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს, თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისაგან არა ხართ... “ (ინ. 8.47). განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ კარგად გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩემო საყვარელო შვილო, ჩაიხედე შენს სულში და გაარკვიე, რა გზით მიდიხარ, ვისი ნების აღმსრულებელი ხარ და ვის ძედ გსურს რომ იწოდებოდე? ეს უმნიშვნელოვანესი კითხვაა, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გასცე; არა აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირი ხარ თუ საერო, ქართველი თუ არაქართველი, ხალხისგან პატივდებული თუ საზოგადოებისგან მიტოვებული. უნდა იცოდე ისიც, რომ ნებისმიერ პიროვნებას აქვს შესაძლებლობა, განეშოროს ცოდვას და, ყველაზე დაცემულ მდგომარეობაში მყოფმაც კი, მთლიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება, ხოლო უფლის ნებასთან თავისი ნების შეერთებით (სინერგიით) მოიპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება და ღვთის დიდი წყალობა. ქრისტესთან ყოფნის სიხარული იმდენად ყოვლისმომცველი და ენით აღუწერელი გრძნობაა, რომ მას ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ შეედრება. ეს იმდენად დიდი ნეტარებაა, რომ იგი ვერ დაითრგუნება ვერანაირი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილით. ნუთუ ბოროტმა უნდა გვძლიოს და ამ ზეციურ მადლსა და გამოუთქმელ წყალობას განგვაშოროს? ნუთუ ისე უნდა განვვლოთ ეს ცხოვრება, რომ ვერ ვიგრძნოთ ნამდვილი ბედნიერებისა და თავისუფლების სიხარული? ნუ იყოფინ! წმიდა მოციქული ბრძანებს, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია (იაკ.2.26), ამიტომ მსურს თქვენი ყურადღება ორ უპირველეს ქრისტიანულ სათნოებაზე შევაჩერო; ეს არის პატიმართა შეწევნა და სნეულთა მიხედვა. სახარებაში უფალი თავის თავს ადარებს როგორც პატიმარს, ისე სნეულს და ამბობს: „სნეული ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემს სანახავად, ... რადგან, რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ“ (მთ. 25. 36,40). ამიტომაც იყო, რომ რამდენიმე წლის წინ ლოცვა–კურთხევა მივეცი მრევლს, კვირაში ერთი დღე მაინც (მაგ. შაბათი) გამოეყოთ ამ სათნო საქმეთა აღსასრულებლად და ეს კურთხევა მინდა ისევ ყველას შეგახსენოთ (ხოლო, ვისაც ამის გაკეთება არ შეუძლია, ილოცონ მათთვის). ხელისუფლებას კი ვთხოვ, შექმნან ისეთი სისტემა, სადაც უფრო მეტად იქნება დაცული პატიმართა და სნეულთა უფლებები. ვფიქრობ, სასწრაფო და გადაუდებელი მკურნალობა უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ, რომ ადამიანი უსახსრობის გამო არ გარდაიცვალოს და ექიმებსაც და სახელმწიფოსაც ღვთის წინაშე მორალური პასუხისმგებლობა ამაზე არ დაეკისროს. ამასთან, კარგი იქნება თუ სადაზღვევო–სამედიცინო სისტემაზე გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო მასები უფრო მეტად იქნებიან ინფორმირებულნი (განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრებნი), რათა მათ სრულად ისარგებლონ ამ სიახლით. ძალიან მნიშვნელოვანია პატიმრების თემა;

მათ შორის ბევრია გაჭირვების გამო შედარებით მცირე დანაშაულის ჩამდენი, ზოგიერთი კი შემთხვევით ან სხვისი მიზეზით იმყოფება ციხეში. მიმაჩნია, რომ ასეთი კატეგორიის პატიმრები განსხვავებულ მიდგომას საჭიროებენ და მათი გათავისუფლება ან მიმაგრების ადგილებზე გადაყვანის პროცესი უნდა დაჩქარდეს.

ასევე ცალკე კატეგორიად უნდა გამოიყოს ავადმყოფი პატიმრებიც, განსაკუთრებით ტუბერკულოზით დასნეულებულნი; მათ ინტენსიური მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ.

საერთოდ, ციხეში მყოფთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მეუღლესთან ცალკე შეხვედრის შესაძლებლობის მიცემა. დღეს არსებული იზოლაცია, ერთი მხრივ, მიზეზი ხდება ოჯახების დანგრევისა, მეორე მხრივ, კი პატიმარში არაჯანსაღი ფსიქიკური პროცესების განვითარებისა.

ადამიანისათვის სასჯელად ისიც კმარა, რომ მას თავისუფლება აქვს აღკვეთილი; სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ იგი გამოსწორებული, სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი დაუბრუნდეს საზოგადოებას.

და ბოლოს, ჩვენთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემას, – ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მინდა მოკლედ შევეხო.

მიმაჩნია, რომ ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი მეზობლებთან ურთიერთობაში, მთავარი იარაღი დიპლომატია და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდა იყოს.

ასევე საჭიროა პირდაპირი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან, რათა აღდგეს ჩვენს ხალხებს შორის ნდობა. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მიმდინარეობს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი და ერთად ცხოვრება ჩვენ მაინც აუცილებლად მოგვიწევს. არ ვიცი, ეს მათთვის რამდენად მისაღებია, მაგრამ მათი გადარჩენის გარანტია სწორედ ამაშია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ აღნიშნული კონფლიქტი საერთაშორისო ძალთა დაპირისპირების შედეგია, ბუნებრივია, მათ გარეშე ამ პრობლემის მოგვარება გაჭირდება; მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის საპირწონე სხვა ღირებულებები არ არსებობს.

მე ყოველთვის იმედით ვარ აღვსილი და მჯერა, ადრე თუ გვიან საქართველო გაერთიანდება; მჯერა იმისაც, რომ მიწიერი გაგებით როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა, უფლისათვის შეუძლებელი არაფერია. მთავარია, ვეძიებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და ყოველივე მოგვეცემა. მაშ, შევთხოვოთ მაცხოვარს, ჯოჯოხეთის მსგავსად შემუსროს ჩვენს გულში არსებული ცოდვისა და ვნების სამეფოც, რათა ღვთის მადლით განწმენდილნი ვიქცეთ ტაძრად სულისა წმინდისა და შევძლოთ სწორედ აქ, ჩვენს გულში, განვამზადოთ ახალი საკურთხეველი და ახალი სამეფო ტახტი ჩვენთვის ჯვარცმული და აღდგომილი იესოსთვის.

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

მაშ, „გარდაიქეცინ გლოვაი თქვენი სიხარულად და მწუხარებაი იგი მხიარულებად“ ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

აღდგომა ქრისტესი

თბილისი, 2010 წელი


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
solomony   პატრიარქის ეპისტოლეები   Apr 8 2007, 05:58 PM
makuna7474   solomony ძალიან დიდი მად...   Apr 10 2007, 01:28 AM
ლეონტი   როგორც მამა გაბრიე...   Apr 10 2007, 10:49 AM
salomea07   რა სიბრძნე და რა სი...   Apr 10 2007, 02:39 PM
tamari_irakli   დიდი მადლობა! გმე...   Apr 10 2007, 10:21 PM
solomony   მე განსაკუთრებით ...   Apr 10 2007, 10:28 PM
arti vardi   რა ბედნიერებაა რომ...   Apr 16 2007, 04:45 PM
KoTe   modloba kvelaaaaaaaaaassssssssss   May 1 2007, 05:49 PM
solomony   საშობაო ეპისტოლე უ...   Jan 7 2008, 02:05 PM
marine   საოცარია პატრიარქ...   Jan 22 2008, 03:26 PM
solomony   უწმინდესი და უნეტა...   May 3 2008, 11:21 AM
ალექსანდრე   :)   May 3 2008, 11:52 AM
lingvo   http://www.link.ge/file/191290/sashobao-epistole.p...   Jan 7 2009, 05:45 PM
KAIROS   2009 წლის საშობაო ეპი...   Jan 8 2009, 10:24 AM
KAIROS   ხოლო “ვისაც უყვარს...   Jan 8 2009, 11:20 AM
ილია   სააღდგომო ეპისტოლ...   Apr 19 2009, 06:56 PM
Belief   ნამდვილად ეს იყო ი...   Apr 21 2009, 01:59 PM
ბექა   2010-01-06 ქრისტეს მიერ ს...   Jan 7 2010, 12:54 PM
llaasshhaa   მშვენიერია :wub:   Jan 7 2010, 03:56 PM
sable   მშვენიერი ეპისტოლ...   Jan 7 2010, 09:46 PM
ბადრი   ბექა გაიხარე! მშ...   Jan 7 2010, 11:16 PM
ბექა   sable აბორტზე როგორც ვ...   Jan 7 2010, 11:25 PM
sable   sable აბორტზე როგორც ...   Jan 7 2010, 11:31 PM
ბექა   თუ მასეა კარგია, მა...   Jan 8 2010, 12:35 AM
KAIROS   ძალიან მომეწონა ეპ...   Jan 15 2010, 09:28 AM
lingvo   უწმიდესი და უნეტა...   Apr 4 2010, 04:33 PM
Amuza   [center][size=4] უწმიდესი და ...   Apr 6 2010, 05:03 PM
KAIROS   მე ეს მენიშნა ცუდა...   Apr 7 2010, 04:25 AM
lingvo   ეს ჩემ პროფესიას უ...   Apr 7 2010, 01:21 PM
lingvo   [size=3][b]საშობაო ეპისტ...   Jan 7 2011, 11:41 AM
lingvo   [size=3][b]სააღდგომო ეპი...   Apr 24 2011, 10:05 AM
A.V.M   აქ კი დავდოთ ხოლმე ...   Nov 12 2011, 12:22 PM
A.V.M   2010-01-06 ქრისტეს მიერ ს...   Nov 12 2011, 12:35 PM
A.V.M   სააღდგომო ეპისტოლ...   Nov 12 2011, 01:32 PM
A.V.M   2009 წლის საშობაო ეპი...   Nov 12 2011, 01:59 PM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 02:55 PM
A.V.M   ვაგრძელებ თემათა ,,...   Nov 12 2011, 08:21 PM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 08:42 PM
lingvo   [b][center]საშობაო ეპისტ...   Jan 7 2012, 11:33 AM
A.V.M   [b]სააღდგომო ეპისტო...   Apr 15 2012, 09:32 PM
A.V.M   საშობაო ეპისტოლე უ...   Jan 8 2013, 02:18 PM
A.V.M   ქრისტე აღდგა! პატ...   May 5 2013, 11:33 PM
A.V.M   ახლა ვიდეო ვერსიას...   May 11 2013, 04:36 PM
A.V.M   გილოცავთ ქრისტეშო...   Jan 7 2014, 04:45 PM
marine   როგორ იწერება პატრ...   Feb 13 2014, 12:36 PM
A.V.M   09:49 / 20-04-2014 პატრიარქის ...   Apr 20 2014, 02:03 PM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Jan 7 2015, 11:30 PM
marine   "თუ გვსურს ძლიერი...   Nov 3 2021, 09:48 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 08:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი