თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ბუნების კარი _ თევზაობა

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: Apr 30 2015, 03:03 PM

აბა რამდენი ხართ მეთევზე? სად თევზაობთ, რა მეთოდით და როდის?

ვსაუბრობთ ყველაფერზე თევზაობის ირგვლივ... smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 02:47 PM

"ქვირითობის პერიოდში სოფლელები თევზაობას ერიდებოდნენ. ხალხის რწმენით ქვირითობისას თევზი სხეულიდან ადამიანისთვის მავნებელ შხამს გამოყოფდა".

/კინორეჟისორი სიკო დოლიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2018, 10:13 PM

"მაცხოვრის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და გავრცელებული სიმბოლოს თევზის ბერძნული სახელწოდება "იხტიოს" აერთიანებს პირველ ასოებს ხუთი სიტყვისა - "იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი". ამ წოდებაში ვხედავთ იესოს ღვთაებრიობასაც და მის მესიანისტურ დანიშნულებასაც. ამგვარად, თევზი რწმენის სიმბოლოა, რომლის სახელშიც დაშიფრულია მაცხოვრის ბუნება და არსი.

თევზი ევქარისტიული მნიშვნელობითაც გამოისახებოდა, მით უფრო, რომ პირველი ქრისტიანები მას ზიარების დროსაც იღებდნენ. მაგრამ რადგან თევზი მალფუჭებადია, ეს მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა დღემდე გამოისახება სერობის ხატებზე და პურისა და ღვინის მნიშვნელობის გახსნაში გვეხმარება.

აღსანიშნავია ისიც, რომ კატაკომბების უძველესი ნაწილის შესწავლისას მკვლევარებმა აღმოაჩინეს თევზის გამოსახულება, რომელსაც ზურგზე პურითა და ღვინით სავსე კალათა ჰქონდა მოკიდებული."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2022, 08:37 PM

"ანტიკური ხანის საქართველოში (კოლხეთში) მეთევზეობა განსაკუთრებით დაწინაურებულ დარგად გვევლინება. ამ დროს შავიზღვისპირა ქალაქებს მჭიდრო კულტურულ-ეკონომიკური კავშირი აქვთ ბერძნულ სამყაროსთან და არსებობს ვარაუდი, რომ დამარილებული თევზი კოლხეთიდან სხვა ქვეყნებშიც გაჰქონდათ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 144/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2022, 02:17 PM

"არსებობს მცენარეულის წვენის გამოყენებით თევზჭერის წესიც: მცენარეებისგან (წყავი, დუყი, ნიგვზის ნაჭა, ჭანჭყაპურა, წალიკა, ლაფანი, თხმელა...) ე.წ. საწამლავს ამზადებენ, მდინარეში ჩაყრიან ან ჩაწურავენ. მოწამლულ არეში მოხვედრილი და გაბრუებული თევზი წყლის ზედაპირზე ამოდის".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 147/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2022, 09:52 PM

"ცნობილია, რომ საკუთრივ თევზაობასთან ერთად, ქართველები ძველთაგანვე მისდევდნენ დელფინის რეწვასაც. ამის შესახებ უძველესი ცნობა ქსენოფონტესთან მოიპოვება. მან მოსინიკებთან დააფიქსირა თიხის ჭურჭლები, რომლებშიც ეწყო დამარილებული დელფინის ხორცი, ან კიდევ ესხა დელფინის ქონი. დელფინზე სანადიროდ ზღვაში ნავით გადიოდნენ. თავდაპირველად მას ბარჯით კლავდნენ, მოგვიანებით კი თოკს იყენებდნენ. დელფინზე ნადირობა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთის სანაპიროებთან იყო გავრცელებული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 147/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2022, 01:27 PM

"ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ თევზის სიმბოლურ მნიშვნელობას ახალი დატვირთვა ენიჭება. იგი იესო ქრისტეს ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა. ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში შემონახულია როგორც არქაული, ასევე ქრისტიანული პლასტები, რაც თვალსაჩინოდ იკვეთება შემდეგ გადმოცემებში: ერთი გადმოცემით, რომელშიც უძველესი რწმენის ანარეკლი შეინიშნება, "ყველა ცხოველს დაკვლა უნდა, თებზს კი არა. მთავარე უნდა მოეკლათ და თებზი დახვდა მის მაგიერ. ამიტომ არ უნდა თებზს დაკვლა". მეორე გადმოცემაში კი ქრისტიანული სწავლების გახალხურებული ფორმაა წარმოდგენილი - "თებზის დაკვლა იმიტომ არ შეიძლება, რომ მას თავზე აქვს ქრისტეს მიერ გაკეთებული ჯვარი: ქრისტემ იგი დალოცა და ჯვარი გაუკეთა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 148/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2022, 01:54 PM

"კალმახის რაოდენობის შემცირებისთანავე სოფელი იკრიბებოდა ეკლესიასთან და იღებდა თევზაობის გარკვეული დროით შეწყეტის გადაწყვეტილებას, თევზის ხელახალი გამრავლების შემდეგ კი აკრძალვას აუქმებდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 205/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2022, 12:48 PM

"თევზის კულტის არსებობაზე მიუთითებს მეგალითური კულტურის ძეგლები, რითაც მდიდარია საქართველო. მათ ვეშაპები ან ვეშაპოიდები ეწოდებათ. ამას გარდა, დღესაც შემორჩენილია წარმოდგენები წმინდა წყლისა და თევზის (კალმახის) სამკურნალო ძალის შესახებ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 380/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2022, 02:29 PM

"დასავლეთ საქართველოს საფლავის ძეგლებზე დასტურდება აგრეთვე თევზის გამოსახულება, რომელიც გვხვდება როგორც ლოდებზე ისე მატურებზე, ზოგჯერ წყვილად, ხანდახან კი ეულად. ასეთი საფლავის ქვები ძირითადად XIX-XX საუკუნეებს მიეკუთვნება და აშკარად ქრისტიანული ხასიათის მატარებელია".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 372/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2022, 09:15 PM

"ქართველები თევზის ჭერას, თევზაობას, "თევზობას", "თხევლას" ან კიდევ "ნადირობას", ხოლო თევზის დამჭერს - "მეთევზეს", "მეთევზურს", "მესათხევლეს", ანდა "მონადირეს" უწოდებდნენ.

"მესათხევლე" მეთევზის უძველესი ქართული სახელწოდებაა. იგი "თხევლადან" მოდის, რაც თავდაპირველად, თევზის ჭერასთან ერთად, ყოველგვარ ნადირობას ნიშნავდა. "ნადირი" და "მონადირე" ქართულ ენაში შედარებით გვიანაა დამკვიდრებული. ამ სიტყვების ქართულ ლექსიკონში შემოსვლის შემდეგ "თხევლის" მნიშვნელობა დავიწროვდა და ეს ტერმინი მხოლოდ თევზის ჭერას აღნიშნავდა. ზოგადი მნიშვნელობა "თხევლამ" მხოლოდ სვანურში შემოინახა, სადაც "მეთხუარ" დღესაც მონადირეს ნიშნავს. თევზის ჭერასაც ნადირობა ეწოდა. "მეთევზე - თევზზე მონადირე", - ასეა განმარტებული საბას ლექსიკონში.

ტერმინები - "თევზის თხევლა" და "თევზზე ნადირობა" - იმ შორეული ხანიდან მოდის, როდესაც ადამიანი თევზს ბადით ან ანკესით კი არ იჭერდა, არამედ ნადირივით იარაღით კლავდა. ასეთი "ნადირობის" ტრადიცია საქართვლეოში უკანასკნელ ხანამდე შემორჩა. გ. ავალიშვილი თავის მოგზაურობის ჩანაწერებში ახსენებს ერთ მეთევზეს, რომელიც მდინარე წყალწითელაზე, ქუთაისთან ახოს ნახა. მას ხელში ეჭირა "მშვილდი, წვრილსა წკეპლის გამომქნილი და წკეპლისავე ისარი ოთხწვეტიანი". მეთევზემ "ჰპოვნა ერთი ქვისა ქვეშე მწოლარეი ჭიჭყინა, დასცა ისარი და აღმოიღო გიი მას ზედაცმული". უძველს ხანაში ისრით თევზზე ხშირად ნადირობდნენ და მეთევზესაც ჩვეულებრივი საბრძოლო მშვილდისარი ეპყრა ხელთ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 130/


"ჩვენს მეთევზეებს "ავი თვალისაც" სჯეროდათ, ამიტომ იმ მეთევზეებს, რომლებსაც ასეთი რამ ბრალდებოდათ, ზღვის ნაპირზე გასვლის უფლება არ ჰქონდათ, როცა სხვები თევზაობდნენ"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 136/

ზემოთ ნახსენებ წიგნში ძალიან საინტერესო სტატიაა სათაურით "შავი ზღვის რეწვის ისტორიიდან" გვერდი 129, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2022, 09:20 PM

"ჩვენი წინაპრები ზღვის თევზს ანკესითაც იჭერდნენ და ბადითაც. ძველად ყოველგვარ ანკესს "სამჭედური" ეწოდებოდა. "სამჭედური - ესე არს ყოველივე კავი თევზთა შესაპყრობელი, ხოლო უპატარაესსა ჰრქვია ანკასი, რომელ არს ნემსკავი, ხოლო გრძლად ნასხამსა ანკასსა წილკავი ეწოდების", - ვკითხულობთ "სიტყვის კონაში". "სამჭედური"//"სამჭადური" ძველი ქართული ტერმინია და, ენათმეცნიერთა აზრით ,ზმნა "ჭერადან" მოდის".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 131/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2022, 01:20 PM

"შედარებით დიდი როლი ეკუთვნოდა თევზაობას ე.წ. "კისტრიკის" ნეოლითურ სადგომში, რომელიც ახალი ქვის ხანის შედარებით მოგვიანო პერიოდს განეკუთვნება. ეს ნამოსახლარი მდებარეობს გუდაუთის მიდამოებში მდინარე კისტრიკის მარჯვენა ნაპირას. არქეოლოგებმა გათრების დროს დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს თიხის ე.წ. "საწაფები", რომლებსაც, ჩვეულებრივ, ბადეებისათვის სიმძიმეებად იყენებდნენ. ბადის სათევზაოდ გამოყენება პრინციპულად ახალი საფეხურია მეთევზეობაში, რადგან იგი აუცილებლად გულისხმობს ნავის არსებობას, რომლითაც ზღვაში შედიოდნენ. ეს კი ზღვაოსნობის განვითარების პირველ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 78/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2022, 01:55 PM

"აფხაზები თევზს საერთოდ არ ჭამდნენ და მხოლოდ დელფინის რეწვას მისდევდნენ"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 137/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2022, 08:55 PM

"ეთნოგრაფებმა შემოგვინახეს ხიზილალის დამზადების უფრო დაწვრილებითი აღწერილობა: "ხიზილალისათვის განკუთვნილ თევზს ჯერ კიდევ ცოცხალს გასჭრიდნენ და ქვირითს ამოიღებდნენ. ქვირითს სპეციალურ საცერზე დადებდნენ, რომელიც ბადესავით იყო მოქსოვილი. ამავე დროს, მზად ჰქონდათ ჭურჭელი, რომელშიც მარილიანი წყალი იყო ჩასხმული. საცერი მხოლოდ ქვირითის მარცვალს ატარებდა, გარსი კი საცერზე რჩებოდა. სამი-ოთხი დღის შემდეგ ხიზილალა უკვე მზად იყო". გამბას ცნობით, ასეთ ხიზილალას დიდხნას ინახავდნენ თაფლის სანთლის გარსში"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 135/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2022, 09:19 PM

"დავუბრუნდეთ ფეოდალური ხანის ქართულ საზღვაო ნავებს. როგორც ვიცით, ისინი სათევზაოდაც გამოიყენებოდა. თევზს მეგრულად "ჩხომი" ჰქვია. ამიტომ სულხან-საბა ორბელიანის "სიტყვის კონაში" მოცემული სახელწოდება "ოჩხომელი" სწორედ გვიანფეოდალური ქართული საზღვაო ნავის ერთ-ერთი სახელი უნდა იყოს. ეს ტერმინი მეგრული "ოჩხომე ნიშადან" უნდა მოდიოდეს, რაც ქართულად სათევზაო ნავს ნიშნავს"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 116/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2022, 01:20 PM

"საფიქრებელია, რომ პირველად ქართველთა წინაპარი ტომები ხმარობდნენ თევზის ქონს და აქედან გავრცელდა მსოფლიოში"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 78/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2023, 09:48 PM

"თევზით მდიდარი იყო დასავლეთ საქართველოს მდინარეებიც. განსაკუთრებით კალმახით, რომელსაც ყოველთვის ბლომად იჭერენ და სუფრის ერთ-ერთი შემანდგენელი ნაწილი იყო. ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელიც ადასტურებს, რომ სამეგრელოში გემრიელი თევზი იცოდა, განსაკუთრებით "უგემრიელეს თევზს ზუთხს იჭერენო". თევზის რეწვა განსაკუთრებით იზრდებოდა იმ მარხვების დროს, როდესაც თევზი დაიშვებოდა. ლამბერტი გვიყვება: "დიდ-მარხვის განმავლობაში ორი დიდი დღესასწაული აქვთ მეგრელებს: პირველი ხარება ყოვლად წმიდა ღვთის მშობლისა და მეორე - ბზობა. ამ დღეებში თევზი იჭმევა და ამიტომ ბევრს დაამზადებენ, განსაკუთრებით ზუთხსა და კალმახს, და წვეულებასაც გამართავენ. მეთევზეები ამ დროს ზღვაში და მდინარეებშიც თევზაობენ, როგორც თვისი მოგებისათვის, იე მთავრის დასაკმაყოფილებლად".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.107/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2023, 04:17 PM

"[იმერეთის მეფე სოლომონ II] 1794 წ. სხვავის მონასტერს, მონასტრის ძმათა თხოვნით, უბოძა სათევზაო ადგილები. 1795 წ. ასევე ჯრუჭის წმ. გიორგის სახელობის მონასტერს - თევზსაჭერი ადგილები"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)