IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> "იყო მერვესა წელსა", წმ. შუშანიკ დედოფლის გარდაცვალების თარიღის დაზუსტებისათვის
NNQ
პოსტი Jan 12 2013, 06:28 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 11-January 13
წევრი № 12,881



`იყო მერვესა წელსა~
წმიდა შუშანიკ დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულის თარიღის დაზუსტებისათვის
XX საუკუნეში, ქართული ლიტერატურის ისტორიის მკვლევარ-მეცნიერთა მიერ შემუშავდა შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ იაკობ ხუცესის ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება “წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ” შექმნილი უნდა იყოს არა უგვიანეს V საუკუნის 80 იანი წლებისა. თავად წმ. დედოფლის გარდაცვალების თარიღად კი მიჩნეულ იქნა 476 წელი.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია, XX საუკუნის პირველი ნახევრის გალევამდე და ალბათ უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ 60-იანი წლების ბოლომდეც, წმიდა მოწამე დედოფალს, VI საუკუნის შუა ხანების მოღვაწედ მიიჩნევდა და მისი გარდაცვალების თარიღად 552 წლის 17 ოქტომბერს ხუთშაბათ დღეს სდებდა, რასაც ადასტურებს კიდევაც ცნობილი მკვლევარისა და საეკლესიო მოღვაწის, პოლიევქტოს კარბელაშვილის ნაშრომი “იერარქია საქართველოს ეკლესიისა.”*1, “იერუსალემის განჩინება”-ც,*2 რომელიც ერთერთი უძველესი კანონარია მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში, წმიდა დედოფლის გარდაცვალების თარიღად 17 ოქტომბერს უთითებს, ოღონდ პოლიევქტოს კარბელაშვილის ნაშრომისაგან განსხვავებით მასში გარდაცვალების წელი მითითებული არ არის. “იერუსალემის განჩინება” ჩვენ მხოლოდ ფოტოპირების სახით მოგვეპოვება და რადგან ქართული სამეცნიერო წრეებისათვის ეს ძეგლი მხოლოდ XX საუკუნეში გახდა ხელმისაწვდომი ამიტომ, პოლიევქტოს კარბელაშვილს, როცა ის წმ. შუშანიკის გარდაცვალების თარიღს ასახელებდა, რომელიღაც სხვა, ჩვენთვის უცნობი წყაროთი უნდა ესარგებლა.
ძველი ქართული წყაროების: ჯუანშერი _ “ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა” და “მოქცევაი ქართლისაი”-ს პარალელურად, წმიდა შუშანიკ დედოფლის შესახებ, ძველი სომხური წყაროებიც “ეპისტოლეთა წიგნი” და უხტანესის _ “ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან” მოგვითხრობენ, ოღონდ ქართული წყაროსაგან განსხვავებით, სომხური წყარო კონკრეტულად არ მიუთითებს, ვისი მმართველობის დროს ეწამა შუშანიკ დედოფალი. ქართული წყარო კი ამ ამბავს, ბაკურის მეფობის პერიოდს მიაკუთვნებს. ბაკურის მეფობა კი მიახლოებით VI საუკუნის 50-60-იან წლებზე მოდის. ძველ ქართულ მატიანეში დაცულმა ცნობამ, ეჭვი გააჩინა დღეს მიღებული
დათარიღების სისწორის მიმართ, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე გამერკვია, რომელი თარიღი შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო სწორი. ამ საქმეს ვიდრე ხელს მოვკიდებდი, ხელახლა გავეცანი იაკობ ხუცესის თხზულების სრულ ვერსიას. (“ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია” ტ. I. რედაქტორი სოლომონ ყუბანეიშვილი. გამომც. ტფ. სახ. უნივერსიტეტი 1946 წ.)
ამის შემდეგ გავეცანით იმ ქართველ მეცნიერთა გამოკვლევებს, რომლებმაც თავიანთი შრომები მიუძღვნეს წმიდა შუშანიკ დედოფლის მოწამეობრივ ცხოვრებას. ბოლოს კი ძველ სომხურ წყაროებს: ლაზარ ფარპეცისა და ელიშეს მატიანეებს გავეცანი, რომლებსაც ადრე არ ვიცნობდით და იმ დასკვნამდე მივედი, რომ დათარიღება რომელიც XX საუკუნეში დაამკვიდრეს ქართველმა მკვლევარებმა რბილად რომ ვთქვათ არასწორია.
თავდაპირველად შეცდომა ისტორიკოსს სერგი გორგაძეს მოსვლია. გორგაძემ 1917 წელს გამოცემულ თავის ნაშრომში “იაკობ ხუცესის შუშანიკის წამება” უარყო პოლიევქტოს კარბელაშვილისეული დათარიღება, ანუ ის დათარიღება რომელიც მიღებული იყო მართლმადიდებელ ეკლესიაში და წმიდა დედოფლის გარდაცვალების თარიღი თითქმის მთელი საუკუნით დააძველა. სერგი გორგოძისეულ მოსაზრებას შემდგომში მხარი დაუჭირეს; ილია აბულაძემ _ “იაკობ ცურტაველი მარტვილობა შუშანიკისი”, პავლე ინგოროყვამ_“ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა” ჟურ.მნათობი 1939წ.#2, კორნელი კეკელიძემ _ ”ქართული ლიტერატურის ისტორია” ტ.I ტფ. 1941წ; ივანე ჯავახიშვილმა _ “ძველი ქართული საისტორიო მწერლობა” ტფ.1946წ. მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეცნიერი თავის შეხედულებას მხოლოდ სერგი გორგაძისეულ “მიკვლევას” უკავშირებდა და მასზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ძეგლი უცილობლად მეხუთე საუკუნის უნდა ყოფილიყო, თუ რა მიკვლევაზეა საუბარი, ამას ნაბიჯ-ნაბიჯ, ქვემოთ მოგახსენებთ.
თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ გასული, XX საუკუნის 60-იანი წლებიდან, ახალი ტალღა წამოვიდა იმ მკვლევარებისა, რომლებმაც ერთხელ კიდევ სცადეს დაესაბუთებინათ _ სერგი გორგაძისეული შეხედულების უტყუარობა _ წმ. მოწამე შუშანიკ დედოფლის V საუკუნეში მოღვაწეობის შესახებ, რაც სულ მალე უპირობოდ იქნა მხარდაჭერილი 60 - იან წლებში მოღვაწე ყველა ქართველი მეცნიერის მიერ და ასეც დამკვიდრდა სასწავლო სახელმძღვანელოებში.
მიუხედავად ქართველ მეცნიერთა და მათ ნაშრომთა მიმართ, ჩვენი ღრმა პატივისცემისა, მაინც უნდა განვაცხადოთ, რომ თარიღი რომელსაც ისინი გვთავაზობენ მცდარია და გასწორებას
საჭიროებს. ხოლო თუ, რატომ არის მცდარი, ამას ჩვენ ქვემოთ დავინახავთ. თავდაპირველად დავიწყოთ ჯუანშერის მატიანეთი და ვნახოთ რომელ პერიოდს მიაკუთვნებს იგი ამ ამბავს. _ “ამასვე ჟამსა მეფობდა სპარსეთს, რომელსა ერქვა ურმიზდ და მასვე ჟამსა იყო სომხითს კაცი ერთი, შვილი მთავართა, სახელით ვასქენ, და ესუა მას ცოლი, მთავართა შვილი, რომელსა ერქუა შუშანიკ ასული ვარდანისი, . . . ვასქენ დაუტევა სჯული ქრისტესი და იქმნა ცეცხლისმსახურ. ხოლო სპარსთა მეფემან წარმოგზავნა იგი ნიჭითა დიდითა ერისთავად რანისა. . . და მოკლა იგი [შუშანიკი] ქმარმან მისმან ვასქენ, ერისთავმან რანისამან. მაშინ ბაკურ მეფემან ქართველთამან მოუწოდა ყოველთა ერისთავთა მისთა, და შემოიკრიბნა ლაშქარნი ფარულად, და წარემართა ვასქენ ზედა პარვით. . . დაესხა და შეიპყრა ვასქენ. . . ხოლო გუამი წმიდისა შუშანიკისი წარმოიღეს დიდითა პატივითა და დაფვლეს ცორტავს.” (ქ.ც. ტ. გვ.216) როგორც ვხედავთ მემატიანე ამ ამბავს ბაკურის მეფობის პერიოდს აკუთვნებს.
მეორე ქართული წყარო “მოქცევაი ქართლისაი” ასევე გვეუბნება, რომ შუშანიკი, ვასქენი და მეფე ბაკური ერთი ეპოქის წარმომადგენლები არიან. აი რას ვკითხულობთ მატიანის შატბერდისეულ ნუსხაში; “და მისა შემდგომად მეფობდა ბაკურ და კათალიკოზი იყო მაკარ. და მისა ზევე ვარსქენ პიტიახში იყო, და შუშანიკ იწამა ცორტავს. და მისა შემდგომად კათოლიკოზი იყო სამოველ და მერმე სიმონ-პეტრე. და მის ბაკურის ზევე დაესრულა მეფობაი ქართლისაი” (“მოქცევაი ქართლისაი”_ შატბერდის კრებული X საუკუნისა, მ.გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოცემა თბ. 1979 წ.) აქ მოყვანილი ფრაგმენტთაგან ნათლად სჩანს, რომ წმ. შუშანიკ დედოფლის წამებას
ადგილი ქონია ბაკურის მეფობის პერიოდში და არა ვახტანგ გორგასლის დროს, როგორც ეს XX საუკუნის ქართველ მკვლევარებს მიაჩნიათ.
რა თქმა უნდა, ყველა იმ ცნობას, რომელასც ძველი მატიანეები გვაწვდიან, კრიტიკული თვალით სჭირდება დანახვა. ჩვენს შემთხვევაშიც მავანმა შეიძლება ისიც კი
განაცხადოს, რომ მეფე ბაკური საერთოდ არ არსებობდა და იგი მოგვიანო ხანის მემატიანის ფანტაზიის ნაყოფიაო, რადგან ბიზანტიური წყაროებით (პრ.კესარიელი) დადასტურებულია, რომ ირანელები 523 წელს აუქმებენ ქართლში მეფობასო. მაგრამ მათ გასაგონად უნდა ვთქვათ რომ ბიზანტიური წყაროები ქართლის მიმართ ხშირ შემთხვევაში ტენდენციურობით გამოირჩევიან და ამიტომ მხოლოდ მათზე დაყრდნობა სასიკეთოდ არ წაადგება ჩვენი ქვეყნის წარსულის შესწავლის საქმეს. პროკოპი კესარიელის მატეანეში ნახსენებ მეფე გურგენს, რომელსაც 523 წელს მეფობა გაუუქმეს ირანელებმა, საერთოდ არ იცნობს ძველი ქართული მატიანე. რომელშიაც ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების შემდეგ, ქართლში მეფობის გაუქმებამდე კიდევ ხუთ მეფე სახელდება: დაჩი ძე ვახტანგ გორგასლისა, ბაკური ძე დაჩი მეფისა, ფარსმან ძე ბაკურ მეფისა,
კიდევ ფარსმან, ძმისწული ფარსმან მეფისა – (მის დროს მოვიდნენ ქართლში ასურელი მამები). _ და ბოლოს ბაკურ ძე ფარსმან მეფისა.
ახლა დავუბრუნდეთ იაკობ ხუცესის თხზულებას, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება: “იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში ძე არშუშაჲსი”. . . სერგი გორგაძემ ჩათვალა და შემდგომ სხვა მკვლევარებიც დაეთანხმნენ, რომ აქ ლაპარაკი უნდა იყოს ირანის შაჰ პეროზის (459-484) მმართველობის მერვე 459+8=467 წელზე თუმცა მათი შეხედულება მცდარია, რადგან გორგაძის მხრიდან მოხდა ტქესტის მცდარად წაკითხვა, რადგანე ძველ ქართულს ცოტა სხვა თვალითა და სხვა ყურით სჭირდება წაკითხვაც და გაგებაც. თუ კარგად დავუკვირდებით დავინახავთ, რომ ამ სიტყვებში პეროზის მმართველობის მერვე წელზე კი არ არის საუბარი, არამედ ვარსქენის გაპიტიახშებიდან მერვე წელზე. (შIჩ) და რომ ეს მართლაც ასეა და ირანის შაჰი პეროზი, რომ ამ სიტყვებთან არავითარ კავშირში არ არის, ამას ქვემოთ დავინახავთ.
მივყვეთ ტექსტს; “და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი სომეხთა სპაიპეტისაი” აქ კიდევ ერთხელ დაგვჭირდება ძველი ქარული მეტყველების, (თუმცა არც თანამედროვე ქართულში ჟღერს განსხვავებულად) სწორად გააზრება რათა დავინახოთ, რომ შუშანიკის მამაზე ლაპარაკია როგორც ცოცხალ პიროვნებაზე.
სომეხთა ისტორიამ ვარდან მამიკონიანის სახელით რამდენიმე პირი იცის. რომელთა შორის ყველაზე ცნობილნი არიან 451 და 571 წლების აჯანყებების მეთაურები.
პირველი მათგანი 451 წლის აჯანყების მეთაური, იმავე წელს დაიღუპა ბრძოლაში. ქართველი მკვლევარები სწორედ მას მიიჩნევენ წმ. შუშანიკ დედოფლის მამად, მაგრამ ეს რომ ასე არ არის ამას ჩვენ სულ მალე დავინახავთ და ამ საქმეში სწორედაც რომ V საუკუნის სომეხი მემატიანის ლაზარ ფარპეცის თხზულება დაგვეხმარება.
თხზულებას “სომხეთის ისტორია” ქვია და 387-485 წლების ამბებს მოგვითხრობს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თხზულებაში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა ქართლის 482 წლის აჯანყებას ირანის წინააღმდეგ. ლაზარ ფარპეცი თავის თხზულებაში, იმ დროის მრავალ ქართველ და სომეხ საისტორიო პირს ასახელებს, მაგრამ არსად არ ამბობს იმას, რომ ვარდან მამიკონიანი იყო წმ. შუშანიკ დედოფლის მამა, მეტიც ლაზარ ფარპეცი არც იმას ამბობს რომ ვარსქენ პიტიახში იყო შუშანიკის ქმარიო და საერთოდ ლაზარ ფარპეცს წარმოდგენაც კი არ აქვს წმ.შუშანიკ დედოფლის შესახებ. არადა სომეხი მემატიანე, მართლაც რომ ხუთი თითივით იცნობს იმ დროის ქართლისა თუ
სომხეთის ყველა ცნობილ დიდ აზნაურს. თვალსაჩინოებისათვის მივყვეთ და თანმიმდევრობით განვიხილოთ ლაზარ ფარპეცის თხზულება. თავდაპირველად ვნახოთ ის ადგილი სადაც ლაზარ ფარპეცი, ვახტანგ მეფისაგან უსჯულო ბდეშხ ვაზგენის სიკვდილით დასჯაზე საუბრობს:
_“ქართველთა ქვეყანაში მოხდა შფოთი და არეულობა. ვახტანგმა მოკლა უსჯულო ბდეშხი (პიტიახში) ვაზგენი, მეფე პეროზის ოცდამეხუთე წელს.” როგორც ჩანს სწორედ ეს სიტყვები გამხდარა ისტორიკოს სერგი გორგაძისათვის “წამების” მეხუთე საუკუნით გადათარიღების საფუძველი, რადგან მკვლევარს ვაზგენ ბდეშხი და ვარსქენ პიტიახში ერთი და იგივე პიროვნებად მიუჩნევია. მივყვეთ ფარპეცის თხზულებას და დავინახავთ რომ ეს ასე არ არის. ლაზარი თავის თხზულებაში ასევე ასახელებს აშუშა ბდეშხს, რომელიც ქართლისა და სომხეთის სხვა დიდაზნაურებთან ერთად დაბარებული ყოფილა, სპარსეთის მეფის იაზკერტის (იეზდიგერდ III 438-457) კარზე. “ქართველთა ქვეყნიდან ბდეშხი აშუშა და ამ ქვეყნის სხვა ტანუტერები” [თარგმანი აღებულია ნ.ლ.ჯანაშიას “შუშანიკის წამებიდან”] ქართლის ქვეყნიდან დიდაზნაურები შაჰის კარზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყებული სომხები დამარცხდნენ. შაჰის ბრძანებით აჯანყების მოთავეთაგან ვინც კი ცოცხალი გადარჩა ყველანი ტყვედ წაასხეს სპარსეთში. ეს მოხდა 451 წელს. შაჰის კარზე მყოფმა აშუშა ბდეშხმა, როგორც ამას გვამცნობს ლაზარ ფარპეცი თავის მატიანეში, მოისყიდა სპარსელი დიდებულები და მათი შუამავლობით, შაჰისაგან ნებართვა მიიღო, თავისთან წაეყვანა ტყვეობაში მყოფი ვარდან მამიკონიანის ძმის, ჰმაიაკის ცოლ_შვილი. აჯანყების მოთავე ვარდანიცა და ჰმაიაკიც ბრძოლაში დაიღუპნენ. ჰმაიაკის ცოლ-შვილთან ერთად აშუშამ სპარსეთიდან თან წამოიყვანა ლაზარ ფარპეციც, რომელიც მაშინ ცოტათი უფროსი ყოფილა ჰმაიაკის შვილებზე. ეს ამბავი მოხდა “იეზკერტის მეფობის მეჩვიდმეტე წელს” ანუ ტყვეობაში ყოფნიდან ხუთი წლის შემდეგ, 456 წელს. ჰმაიაკის ცოლ-შვილი და მათ შორის ლაზარ ფარპეციც აშუშას კარზე რამდენ წელიწადს იმყოფებოდნენ, ზუსტად ცნობილი არ არის,
მაგრამ შეიძლება ითქვას რომ ისინი იქ საკმაოდ დიდხანს, ათ წელიწადს მაინც უნდა დარჩენილიყვნენ. მამიკონიანთა ცოლ-შვილის არშუშას კარზე ყოფნას ადასტურებს მატიანეში შესული ლაზარ ფარპეცის მიერ ვაჰანისადმ [ჰმაიაკის შვილისადმი] მიწერილი წერილი. აი ის ადგილი სადაც ამაზეა საუბარი: “როდესაც ნეტარმა დედათქვენმა წაგიყვანათ თქვენ ბდეშხთან, მის კარზე ჩვენც გვასწავლიდნენ. . . გვზრდიდნენ ჩვენ კურთხეული დედათქვენი და ანუშვრამი. . . (აშუშა პიტიახშის ცოლი) თქვენთან ერთად და თქვენს მსგავსად ჩვენც.” ამ წერილმა კვლავ დაახლოვა ერთმანეთს ლაზარ ფარპეცი და ვაჰან მამიკონიანი, რომელიც შაჰმა ბალაშმა (484-488 წ.წ.) სომხეთის სპაიპედად და მარზაპანად დანიშნა 486 წელს. ვაჰანმა, ლაზარ ფარპეცი ეჩმიაძინის ტაძრის წინამძღვრად დააყენა და სომხეთის ისტორიის დაწერა დაავალა. თავისი ნაშრომი ლაზარ ფარპეცმა დაახლოებით 509 წლისთვის დაასრულა და მასში 387- 485 წლების ამბები აღწერა.
კიდევ ერთი დეტალი ლაზარ ფარპეცის ცხოვრებიდან, რომელიც აუცილებლად საჭიროებს აღნიშვნას. ქართლის ქვეყნიდან სომხეთში გადასვლის შემდეგ, სანამ ლაზარი ბიზანტიაში გაემგზავრებოდა, ის რამოდენიმე წელიწადი არშავირ კამსარაკანის ოჯახში ცხოვრობდა. არშავირს ცოლად ყავდა 451 წელს აჯანყების დროს ბრძოლაში დაღუპული ვარდან მამიკონიანის ასული. აი აქ იხსნება ერთ-ერთი მთავარი კვანძი, რომლითაც დასტურდება, რომ წმ. მოწამე შუშანიკ დედოფალი არ არის ვარდან მამიკონიანის, იმ ვარდან მამიკონიანის ასული, რომელიც სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა 451 წელს და თავისთავად წმ.შუშანიკ დედოფალი ვერც მეხუთე საუკუნის მოღვაწე იქნება. რადგან ლაზარ ფარპეცი ამ ამბების გადმოცემისას არსად არ მოიხსნეიებს შუშანიკს. არადა ბ-ნ ნ.ლ. ჯანაშიას მტკიცებით _ (იხ. მისი წიგნი “შუშანიკის წამება” გვ.63) _ არშავირ კამსარაკანის ცოლის დაჲ ყოფილა შუშანიკი. თუ ეს მართლაც და ასეა, მაშინ ლაზარ ფარპეცი თავის თხზულებაში ერთხელ მაინც ხომ უნდა ახსენებდეს წმ.შუშანიკის სახელს, იმ შუშანიკის რომელმაც ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეშივე, მოწამეობრივი წმიდა ცხოვრებით გაითქვა სახელი მთელს იმდროინდელ საქრისტიანო სამყაროში და ასეთი სახელგანთქმული, უკვე სიცოცხლეში წმინდანად შერაცხული ადამიანი, მართლაცდა არშავირ კამსარაკანის ცოლის დაჲ რომ ყოფილიყო, განა წაროსადგენია
ლაზარ ფარპეცს წმიდა დედოფლის შესახებ ორიოდ სიტყვა დანანებოდა თავის თხზულებაში. მით უმეტეს მაშინ, როდესაც იგი ხაზგასმით აღნიშნავდა_ “ვახტანგმა მოკლა უსჯულო ბდეშხი ვაზგენი, მეფე პეროზის ოცდამეხუთე წელს”-ო. მეფე პეროზის ოცდამეხუთე წელი არის 484 წელი. სპარსეთის ისტორიიდან ცნობილია, რომ პეროზი თავისი მმართველობის ოცდამეხუთე წელს ჰეფთალებთან ბრძოლაში დაიღუპა, რამაც ირანში მოკლე ხნით არეულობა გამოიწვია. ვახტანგმა როგორც ჩანს ისარგებლა ამ არეულობით და ვიდრე ახალი შაჰი ბალაში (484-488 წწ) ქართლის საქმეებისთვის მოიცლიდა, თავიდან მოიშორა მისთვის ურჩი და სპარსეთისადმი ერთგულებით გამორჩეული ქვეშევრდომი უსჯულო ბდეშხი ვაზგენი და ეს ვაზგენი რომ წმ.შუშანიკ დედოფლის ქმარი ყოფილიყო, ნუთუ ამის აღნიშვნა გამორჩებოდა ლაზარ ფარპეცს!. (შIჩ)
აქვე კიდევ ერთი კითხვა ჩნდება იმ მკვლევარების მიმართ ვინც წმ. შუშანიკ დედოფალს V საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევს. როგორც ცნობილია ლაზარ ფარპეცი თავის თხზულებაში დაწვრილებით აღწერს იმ დროის ცნობილ პიროვნებათა ნათესაურ
კავშირებს, ასევე აღწერს იმასაც, თუ სად ყოფილა, ვის კარზე უცხოვრია, მათ შორის იმასაც გვიყვება, რომ ერთი ხანობა აშუშა ბდეშხის კარზე იზრდებოდა, მაშ რატომ არაფერს გვეუბნება ლაზარი წმ. შუშანიკ დედოფლის შესახებ? ანდა როგორ შეუძლია
ბ-ნ ნ.ლ. ჯანაშიას ამტკიცოს რომ “ ლაზარ ფარპეცის ცნობები საშუალებას გვაძლევენ ვაზგენ ბდეშხი აშუშა ბდეშხის შვილად მივიჩნიოთო” (იქვე გვ. 63) თავის გასამართლებლად მავანმა შეიძლება ისიც ბრძანოს, რომ ლაზარ ფარპეცს მოერიდა აღენიშნა მის აღმზრდელ აშუშას
როგორი უსჯულო შვილი ყავდა და ამიტომაც შეგნებულად აუარა ამის აღნიშვნას გვერდიო, მაგრამ ლაზარ ფარპეცს რაც არ უნდა ხათრი და რიდი ჰქონოდა აშუშა ბდეშხის, მას წმიდა შუშანიკის სახელი ერთხელ მაინც ხომ უნდა ეხსენებინა თავის თხზულებაში. ის მაინც ხომ უნდა ეთქვა, რომ ამ უსჯულო ვაზგენმა არაერთხელ რა რიგ სასტიკად აწამა თავისი ცოლი, რომლის მოწამეობრივი ცხოვრების ამბავი ჯერ კიდევ მისსავე სიცოცხლეში ლეგენდასავით იყო მოდებული ქართლსა და სომხეთში. წმ.შუშანიკი ხომ მთელი საქრისტიანოს მაგალითი და სიამაყე იყო, რომელიც ჯერ კიდევ სიცოცხლეში იქნა აღიარებული წმინდანად.
როდესაც წმ.შუშანიკის გარდაცვალების თარიღის დაზუსტებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, თუ როგორ ცდილობდა სომხური მონოფიზიტური ეკლესია წმ.შუშანიკ დედოფლის სახელის გამოყენებას თავის სასარგებლოდ, იმ სარწმუნოებრივი დავის გამო რომელიც წამოიჭრა VII საუკუნის დამდეგს მცხეთისა და დვინის საკათოლიკოსოებს შორის. მონოფიზიტ სომეხთა ახლადარჩეული კათოლიკოსი აბრაამი ქართლის კათოლიკოს კირიონის მიმართ გაგზავნილ თავის პირველსავე ეპისტოლეში საყვედურობს ქართველებს, რომ მათ ჭეშმარიტი გზიდან გადაუხვიეს და შეცვალეს წმიდა შუშანიკ დედოფლის დროს განწესებული მშობლიური მსახურება. (უხტანესი _ “ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან” _ მთარგმნელი და რედაქტორ გამომცემელი ზაზა ალექსიძე. თბ.1975 წ. გვ.123) როდესაც სომეხთა მონოფიზიტი კათოლიკოსი თავს უფლებას აძლევდა წმიდა შუშანიკ დედოფლის სახელი, წამოჭრილი დოგმატური დავის გადასაწყვეტად გამოეყენებინა, როგორი წარმოსადგენია სომეხ მემატიანეს, რომელიც არშუშა პიტიახშის კარზე აღიზარდა და შეიძლება ითქვას ხუთი თითივით იცნობდა მის ოჯახს, კრინტიც კი არ დაეძრა და ერთხელაც არ ჩაეთვალა საჭიროდ, გაკვრით მაინც რომ ეხსენებინა წმ. შუშანიკ დედოფლის სახელი.
ახლა ლაზარ ფარპეცს თავი დავანებოთ და სხვა შედარებით მასზე უფრო ადრინდელ სომეხ მემატიანე ელიშეს მოვუხმოთ, რომელიც ავტორია თხზულებისა “ვარდანისა და სომეხთა ომის შესახებ” მასში აღწერილია V საუკუნის 20-იანი წლებიდან 60-იანი წლების შუა ხანებამდე ამბები. ელიშე ვარდან მამიკონიანის კარის მემატიანე იყო, იმ ვარდანისა რომელიც 451 წლის ირანელთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებას შეეწირა. ელიშეს ისტორია შეიძლება ითქვას მამიკონიანთა საგვარეულოს მიერ განხორციელებული საქმეების ქება-დიდების ისტორიაა და კაცმა რომ თქვას როცა
ელიშე ვარდანის შესახებ საუბრობს, ალბათ წესითა და რიგით მის შვილებს შორის შუშანიკსაც უნდა ასახელებდეს, მაგრამ მის მატიანეში ხსენებაც კი არ არის შუშანიკის სახელის.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ლაზარ ფარპეცისა და ელიშეს თხზულებებში ნახსენები ყველა პირი, ბევრად უფრო ადრე ცხოვრობდა და
მოღვაწეობდა, ვიდრე წმიდა შუშანიკ დედოფალი, მისი უსჯულო ქმარი ვარსქენი და მამამთილი არშუშა პიტიახში.
“განვითარებული” სოციალიზმის ეპოქის, ქართველმა მეცნიერებმა, დიდი შრომა გასწიეს წმიდა შუშანიკ დედოფლის მოღვაწეობის პერიოდის თარიღის დასაზუსტებლად. რათა წმ. შუშანიკ დედოფლის მოწამეობრივი აღსასრული როგორმე V საუკუნით რომ დაეთარიღებინათ. განსაკუთრებულად ამ საქმეში “ტიტანური” შრომა ჩააქსოვა ბ-მა ნ.ლ. ჯანაშიამ, რომელიც დაბეჯითებით აცხადებდა, რომ “თუ არა ლაზარ ფარპეცის ცნობები, ჩვენ იძულებულნი ვიქნებოდით, ქართული წყაროების მიხედვით, ეს ამბავი ერთი საუკუნით უფრო გვიან ეპოქაში გადაგვეტანა”-ო. (იქვე გვ. 72) რას ნიშნავს “იძულებულნი ვიქნებოდით”, განა რა ისეთი ცნობა მოგვაწოდა ლაზარ ფარპეცმა, რომ ჩვენ იძულებულნი აღარ ვართ ქართულ წყაროებს რომ ვენდოთ? ეტყობა მართლაც დიდი სირცხვილი ავიცდინეთ თავიდან, როცა არ ვენდეთ ქართულ მატიანეებს და “ჭეშმარიტების” დასადგენად იმათ მივმართეთ რომლებმაც საერთოდ არ უწყიან ვინ არის წმ.მოწამე შუშანიკ დედოფალი. ნ.ლ. ჯანაშიასეული ლოგიკიდან გამოდის, რომ ჩვენ ქართულ წყაროებს არა მარტო უნდობლობას ვუცხადებთ, არამედ საერთოდ უვარგისად ვთვლით და ეს იმიტომ დაგვემართა, რომ ბატონ ს.გორგაძის შეცდომა, რომელსაც ვაზგენ ბდეშხი და ვარსქენ პიტიახში ერთი და იგივე პირი ეგონა, შემდგომში უპირობო ჭეშმარიტებად იქნა აღიარებული. ახლა მე თქვენ გეკითხებით, რამდენად ეთიკურია დააკნინო, დაამცირო და საერთოდ უვარგისად გამოაცხადო, ჩვენი ერის წარსულის ამსახველი მატიანე, იმის გამო, რომ ისედაც ერთერთი უძველესი ლიტერატურული ძეგლი, კიდევ უფრო დააძველო. განა ამით ვის რას ვუმტკიცებთ, იმას ხომ არა, რომ ქართული საისტორიო წყაროები უვარგისია და სადღაც გვიან შუა საუკუნეებშია შეთხზული _ (რაზეც ასე ქილიკობენ ჩვენი “კეთილისმსურველნი”) _ ქართველი ბერების მიერ. რა, თუ “შუშანიკის წამება” არ არის V საუკუნის ამბავი, ამით რა ხაზი გადაესვა ძველ ქართულ მწერლობას? ხომ დამტკიცდა, რომ ბევრად უფრო ადრინდელი ძეგლია “ნინოს მიერ ქართლის მოქცევა”. ჩემი შეხედულებით არა მარტო “ნინოს ცხოვრება” არამედ უცნობი ავტორის “ევსტათი მცხეთელის მარტვილობა”-ც წინ უსწრებს, იაკობ ხუცესის თხზულებაში აღწერილ ამბავს.
ჩვენს მიერ განხილულმა საკითხმა ლოგიკური დასასრულის სახე რომ მიიღოს, საჭიროა ითქვას როდის, რომელ წლებში შეიძლებოდა მომდარიყო იაკობ ხუცესის თხზულებაში აღწერილი ამბავი, რაშიაც თავად თხზულება დაგვეხმარება, კერძოდ მისი დასასრული ნაწილი, სადაც გარკვევით წერია შემდეგი:
“და აღსრულებაჲ მისი თთუესა ოკდონბერსა ათჩთჳიდმეტსა, საჴსენებელსა წმიდათა მათ და სანატრელთა მოწამეთა კოზმან და დამიანჱესთა და დღჱე ხუთშაბათი იყო, რომელსა განვაწესეთ საჴსენებელი წმიდისა შუშანიკისი სადიდებლად და საქებლად ღმრთისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შუენის დიდებაი უკუნითი უკუნისამდე ამჱენ.”
ამ სიტყვებიდან გამომდინარე გასარკვევი გვრჩება მხოლოდ ის, თუ რომელ წლებზე მოდიოდა ხუთშაბათDდღედ 17 ოქტომბერი. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რომელ
საუკუნეში უნდა ვეძებოთ იგი, ამაში ჩვენ დაგვეხმარება ჯუანშერის მატიანე. ერთხელ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ჯუანშერის მატიანე ამ ამბავს ბაკურის მეფობის პერიოდს უკავშირებს და რადგან ეჭვს არ იწვევს ის რომ ბაკურის მეფობის ხანა VI საუკუნის შუა ხანებზე მოდის, ამიტომაც წმ.შუშანიკის გარდაცვალების წელიც VI საუკუნის II ნახევარში გვექნება საძიებელი. ამ საქმეში კი დაგვეხმარება მუდმივი პასქალური კალენდარული ცხრილები, რომლის თანახმად VI საუკუნის II ნახევარში 17 ოქტომბერი
ხუთშაბათი დღე მოდის შემდეგ წლებზე; 552*, 558, 569, 575, 580*, 586, 597. (ვარსკვლავით აღნიშნულია ნაკიანი წლები) ჯუანშერის მატიანედან და ასევე სხვა ფაქტობრივი მასალებიდან გამომდინარე 575 წლიდან და ზემოთ ამ თარიღის ძებნა საჭირო არ არის, რადგან მიახლოებით ამ წლიდან ქართლში ერისმთავრის ხელისუფლება წესდება. ამგვარად რჩება საძიებლად 552*, 558 და 569 წლები. დავიწყოთ ქვედა ზღვარით. 552 წელს ასახელებს პოლიევქტოს კარბელაშვილი, მაგრამ მის მიერ დასახელებული თარიღი სწორი არ უნდა იყოს, რადგან ვარსქენი ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ არის პიტიახში. რასაც ადასტურებს უცნობი ავტორის “ მარტვილობაი და მოთმინებაი წმიდისა ევსტათი მცხეთელისაი”. თხზულებაში გადმოცემულია 541-552 წლების ამბები და მასში ქართლის სხვა დიდებულებთან ერთად ნახსენებია არშუშა ქართლისა პიტიახში. თხზულების თანახმად მათ ტფილისში მჯდომ ირანელ მარზაპანს სთხოვეს გაქრისტიანებული ევსტათის, როგორც ტომით სპარსელის შეწყალება. ეს ამბავი კი 550 წელს აქეთ არ უნდა გადმოდიოდეს. ასე რომ პიტიახში არშუშა ამავე ხანებში რომც გარდაცვლილიყო და მისი ადგილი მისსავე შვილს ვარსქენს დაეჭირა, წმიდა შუშანიკ დედოფლის გარდაცვალება მხოლოდ თოთხმეტი წლის შემდგომ უნდა ვიანგარიშოთ, რადგან ვარსქენი კარად სამეფოდ სპარსეთს სწორედაც რომ გაპიტიახშებიდან მერვე წელს გაემგზავრა და მისი მობრუნებიდან მეშვიდე წელს მიიცვალა წმ.შუშანიკ დედოფალი. ამ ანგარიშიდან გამომდინარე წმ. დედოფლის გარდაცვალების თარიღად ვერც 558 წელი მიიჩნევა. რჩება მხოლოდ 569 წლის 17 ოქტომბერი. ამ შემთხვევაში ვარსქენის გაპიტიახშების წელი მოვა; 569 _ 14 = 555 წელზე, რაც სავსებით ლოგიკურია.
ახლა კი გვინდა შემოგთავაზოთ დამატებით კიდევ ორი არგუმენტი, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს ზემოთ მოყვანილ არგუმენტებს. პირველი ეს არის ეპისკოპოს სამოელის სახელი. ჩემი შეხედულებით როგორც იაკობ ხუცესის თხზულებაში, ასევე “ევსტათის წამებაში” ნახსენები სამოელი ერთი და იგივე პირია. შეიძლება ამ საკითხში შემოგვედავონ და გვითხრან, რომ ისინი სრულიად სხვადასხვა პიროვნებები არიან, რადგან იაკობ ხუცესის თხზულებაში სამოელი იხსენიება როგორც “თავი იგი ეპისკოპოზთა სამოელ”-ად, ხოლო ევსტათის მარტვილობაში სამოელი იწოდება როგორც “სამოელ ქართლისა კათალიკოზი”. მაგრამ მათ ვისაც ამგვარი მოსაზრება ექნება, გვინდა ვუთხრათ, რომ სომხური (დვინის მონოფიზიტთა) საეკლესიო იერარქიისა და ტრადიციის თანახმად, ქართლის კათოლიკოსი, იმ დროს მთავარეპისკოპოსის ანუ “თავიეპისკოპოსის” ხარისხში განიხილებოდა, ალბანეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელი, მიტროპოლიტის ხარისხში, ხოლო სომეხთა კათოლიკოსი კი კათალიკოზის ხარისხში. სწორედ ამიტომაც უხმობს წმ. შუშანიკის პირადი მოძღვარი და სომხური საეკლესიო ტრადიციის მიმდევარი
იაკობი, ქართლის კათოლიკოს სამოელს _ “თავი იგი ეპისკოპოზთა სამოელად”, თანაც არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მცხეთის საკათოლიკოსო ირანელ დამპყრობთა “წყალობით” იძულებული იყო დვინის კათოლიკოზის უზენაესობა ეცნო. გაიხსენეთ ირანელ შაჰთა ბრძანებები, რომლებიც მათ სახელმწიფოში მცხოვრებ ქრისტიან ქვეშევრდომებს ავალდებულებდა ეცნოთ და დაქვემდებარებოდნენ დვინელ კათოლიკოზს.
მეორე არგუმენტი იმათ საწინააღმდეგოდ, რომლებიც ეპისკოპოს სამოელის სახელზე დაყრდნობით, ცდილობენ წმ.შუშანიკის მოღვაწეობა V საუკუნის 40-70 იან წლებში მოაქციონ. მათი მტკიცებით ეპისკოპოს სამოელის სახელი, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს ფიქსირდება, რომლის ქართლში მოსვლა, სხვა თორმეტ მღვდელთმთავართან ერთად 469 წლამდე უნდა მომხდარიყო. ჩვენ ვერც ამ საკითხში დავეთანხმებით პატივცემულ მკვლევარებს, რადგან ქართული საისტორიო წყაროს, მხედველობაში მაქვს :მოქცევაჲ ქართლისაჲ” რომლის თანახმად, ვახტანგ გორგასლის მიერ, საეპისკოპოსო დასის შეცვლა, ანუ ახალი ეპისკოპოსებით მიქაელ მთავარეპისკოპოსის მომხრეთა ჩანაცვლება, 495 წელზე ადრე არ მომხდარა, რადგან “მოქცევაჲ ქართლისაჲ” გარკვევით გვეუბნება: “ქართლისა მოქცევითგან სვეტის ცხოვლის აღშენებამდე და კათოლიკოზის განწესებამდე გარდახდის წელნი “რ” – “ო” ანუ, ასსამოცდაათი წელიწადი. (“მოქცევაჲ ქართლისაჲ” შატბერდის კრებული გვ. 81) ქართული საეკლესიო ტრადიციით, ქართლის მოქცევა აითვლება 325 წლიდან. თუ, ამ თარიღს დავუმატებთ 170-ს მივიღებთ 495 წელს. ასე რომ ვახტანგ გორგასლის მიერ ეპისკოპოსთა ახალი დასისი მოყვანა ანტიოქიიდან მოხდა 495 წელა და არა 469 წელს, როგორც ეს სურთ წარმოაჩინონ პატივცემულმა მკვლევარებმა. თანაც აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმ თორმეტ ეპისკოპოზში, სამოელი არ სახელდება როგორც ეპისკოპოზი, არამედ იგი იწოდება როგორც მონაზონი. (შIჩ)
***
ახლა კი დასკვნის სახით მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არ არის გვიან, გამოვასწოროთ ის შეცდომა, რომელიც თაცის დროზე სერგი გორგაძეს მოუვიდა და რომელმაც შემდეგ “იძულებული” – (ამ სიტყვას ბ-ნ ნ.ლ. ჯანაშიას დავესესხები) გაგვხადა, ათას რამეს მივდებ-მოვდებოდით, რათა სიძველეებისადმი ლტოლვის სურვილი რეალობად გვექცია და წმ. დედოფლის გარდაცვალების თარიღი, წინარე საუკუნეში გადაგვეტანა. თანაც ეს ძიებანი იმ პერიოდში განხორციელდა, როდესაც ძალზედ დიდი იყო ცდუნებაც და ამასთან ერთად სურვილიც, რომ პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლის 1500 წლისთავი გვეზეიმა. (მართებული იქნება თუ ვიტყვი, რომ “განვითარებული” სოციალიზმის ეპოქის მეცნიერთ ეზეიმათ) და რადგან ზეიმის მოწყობას ფაქტებით გამაგრება სჭირდე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 12 2013, 07:11 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



NNQ
იმედია ასევე გააგრძელებ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 12 2013, 07:44 PM
პოსტი #3


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



A.V.M
რამდენი ასე ხსნის თემას და იკარგება, მე ეს არ მომწონს..

:ადამიანებიშავებში:



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2022, 01:22 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართალია, ეს ძეგლი ["შუშანიკის წამება"] საქართველოს ისტორიის მკვლევართათვის მეტად საინტერესო თხზულებაა და ბევრ მნიშვნელოვან ცნობას შეიცავს ადრექრისტიანული პერიოდის აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ, მაგრამ მზითვის ინსტიტუტთან დაკავშირებით იგი ძალზე ფრთხილად უნდა განვიხილოთ. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ შუშანიკი იყო სომეხი დიდებულის ოჯახიდან და მისი საქართველოში გათხოვება, შესაძლებელია, სომხური წესების მიხედვით მომხდარიყო.

როგორც ნაწარმოებიდან ჩანს, V ს-ის საქართველოში საქმროსაგან საცოლისათვის სამკაულის მირთმევა სავალდებულოდ ითვლებოდა, ყოველ შემთხვევაში, მაღალი წოდების ხალხში მაინც (ვარსქენი, ქვემო ქართლის პიტიახში, ხომ ნამდვილად დაიცავდა ქართულ ტრადიციებს, თუნდაც რომ საცოლე უცხოელი ყოფილიყო). მაგრამ მიჰქონდა თუ არა რაიმე საცოლეს ოჯახში მზითვის სახით, ეს ნაწარმოებიდან არ ჩანს. ამ საკითხის გასარკვევად გ. ნადარეიშვილი იმოწმებს იუსტინიანეს 21-ე ნოველას, რომლის თანახმადაც იმდროინდელ სომხეთში მზითვის ინსტიტუტი ნაკლებად იყო განვითარებული და ფიქრობს, რომ შუშანიკს მზითვი არ ჰქონია.

მართალია "შუშანიკის წამების" წაკითხვის შემდეგ ყველაზე ლოგიკურად სწორედ ეს დასკვნა გვეჩვენება, მაგრამ რას გვაძლევს ის საქართველოს მკვლევარებს? ფაქტიურად არაფერს, ვინაიდან შუშანიკის სომხური წარმომავლობის გათვალისწინებით, ჩვენ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ მის მიერ მზითვის არქონა მეტყველებს V საუკუნის ქართლში მზითვის ინსტიტუტის არ არსებობაზე. ამის დასადგენად სხვა წყაროების მოშველიებაა საჭირო წმინდა ქართული სინამდვილიდან...

შეიძლება ვიფიქროთ, რომ შუშანიკს მართლა არ ჰქონია მზითვი; მაგრამ არა იმიტომ, რომ იმ პერიოდის ქართლში მზითვის ინსტიტუტი არ არსებობდა, არამედ იმიტომ, რომ ვარსქენისა და მამიკონიანების ოჯახების მოლაპარაკების შედეგად ასე გადაწყდა. თანაც, იუსტინიანე, რომელიც ბიზანტიის მოსახლეობისათვის მზითვით ქორწინების მომხრე იყო,"ბარბაროსებს" არ მისცემდა უმზითვოდ გათხოვების უფლებას, მათთან რომ ამის ძლიერი ტრადიცია არ ყოფილიყო"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.294-296/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2022, 06:07 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იაკობი წერს: "და მე ვარქუ წმინდისა შუშანიკს: "მიბრძანე და მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელით თვალთა შენთა შთაცუელ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რაითა, ჰე, ღამე თუ განიკურნო". აქედან ჩანს, რომ იაკობ ცურტაველი იყო არა მარტო ხუცესი და ნიჭიერი მწერალი, არამედ მედიცინაში ერთგვარად განსწავლულიც.
შემდეგში, როგორც ნაწარმოებიდან ირკვევა, თვით წამებული შუშანიკი ხდება მკურნალი"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 86/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 13 2023, 01:57 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სუფრის ეტიკეტის შესახებ ცნობა შემონახულია ქართული ჰაგიოგრაფიის ძეგლში - "შუშანიკის წამებაში". ერთი შეხედვით ნაწარმოებიდან არ ჩანს, კერძოდ, მაგიდას უსხდნენ თუ დაბალ ტაბლას, მაგრამ გმირების მოძრაობის რეკონსტრუირების შემდეგ შეგვიძლია დასკვნების გაკეთება. სავარაუდოდ, თანამეინახეები გრძელ მაგიდას უსხდნენ. ამს გვაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ ჯოჯიკის ცოლს შუშანიკისთვის ჭიქა ღვინის მისართმევად, მოუწია ადგომამ და ღვინის "მირთმევა-მიტანამ". რა თქმა უნდა, სუფრას მსახურები ემსახურებოდნენ, თუმცა განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად ჯოჯიკის ცოლი ცდილობს, თავად შესთავაზოს ღვინო შუშანიკს. სწორედ ამ დროს მოხდა ის ცნობილი ინციდენტი, როდესაც შუშანიკმა "განყარა ხელი და ჭიქა იგი პირსა შეალეწა" ჯოჯიკის მეუღლეს. ამას მოაყოლებს მარტვილი იმ სიტყვებს, რომელიც დღემდე განსჯის საგანია - "ოდეს ყოფილა არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?" ქართული სუფრის ეტიკეტის შესწავლისთვის ნაწარმოების ეს მონაკვეთი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს...

ქართულ სუფრაზე კაცებსა და ქალებს შორის შეზღუდვა მართლაც არსებობდა ღვინის მიღებისას. ის, რაც დაშვებული იყო კაცებისთვის ლხინში, ღვინის სმა და სადღეგრძელოების წარმოთქმა, იკრძალებოდა და დამამცირებებლი იყო ქალისთვის. შუშანიკი სწორედ ქართული სუფრის ამ დეტალის დრამატიზებას ახდენს. ჩვენ საქმე მხატვრულ ნაწარმოებთან გვაქვს და მასში პროზაული პასაჟები უხვადაა წარმოდგენილი. ამიტომაც ჰაგიოგრაფიული ტექსტის ჟესტები თუ რეპლიკები პირდაპირ უტყუარ ისტორიულ ჭეშმარიტებად არ უნდა მივიღოთ, ის ავტორის შემოქმედების ნაწილია და გამოწვლილვით საჭიროებს ანალიზს, რათა ისტორიული რეალობა გამიჯნოს მწერლისეული ფანტაზიისგან.

ამდენდა V საუკუნეში ოჯახურ გარემოში "მამათა და დედათა" ერთად ჭამა კი არ იკრძალებოდა, არამედ კაცების თანდასწრებით ღვინის სმა იყო შეურაცხმყოფელი, თუმცა კიდევ გავიმეორებთ, რა თქმა უნდა, შუშანიკი აშკარად ამძაფრებს, დრამატიზებას უკეთებს სიტუაციას, ოჯახურ გარემოში ერთი ჭიქა ღვინის მიღება არანაირი ტრადიციის დარღვევა არ იყო. ეს ასე რომ ყოფილიყო, უკვე საპყრობილეში მყოფ შუშანიკ დედოფალს სასულიერო პირები საკვებთან ერთად ღვინოს არ შეუგზავნიდნენ"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.186-188/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 07:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი