IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> გილოცავთ წ.გაბრიელ ეპისკოპოსის ხსენებას
xornabujeli
პოსტი Feb 7 2008, 06:04 PM
პოსტი #1


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif ყველას გილოცავთ გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსისა (+389); და წმინდა მღვდელმთავრისა გაბრიელისა, იმერეთის ეპისკოპოსისა (ქიქოძე, +1896); ხსენებას,დაესწარით მრავალს და შეგეწიოთ მათი ლოცვა-მეოხება.

წმ.ილია მართალი გაბრიელ ეპიკოპოსის შესახებ: "მე არ ვიცი იმისთანა სხვა კაცი, - საერო, თუ სამღვდელო, - რომლის გულშიაც მომეტებულის მშვიდობის-ყოფით, მომეტებულის და-ძმობით ერთად დაბინავებულიყოს სამოქმედოდ მეცნიერება და სარწმუნოება. განსვენებული (წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)) ღრმად-მიწევნილი მეცნიერი იყო და ამოდენადვე ღრმად-მორწმუნეცა. აქ არის, ჩემის ფიქრით, მისი აღმატებულება, მისი მნიშნველობა არამც თუ მარტო ჩვენთვის, სხვისთვისაც, რადგანაც ბევრსა ჰგონია, რომ მეცნიერება და სარწმუნოება ერთმანეთში მოურგებელნი და მოუთავსებელნი არიანო. იგია მაგალითი ამ მორიგებისა და მოთავსებისა.

* * *
გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრება:

წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
IPB-ს სურათი


წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვრის მაქსიმე ქიქოძის ოჯახში.

1840-45 წლებში გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე) სწავლობდა თბილისის, შემდეგ ფსკოვის და ბოლოს პეტერბურგის სემინარიაში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით. ამავე წელს დაოჯახდა და დაბრუნდა საქართველოში; 1849 წელს დაინიშნა თბილისის სემინარიის ინსპექტორად, 1854 წელს ეგზარქოსის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, შემდეგ კი - მღვდლად.

1856 წელს, 32 წლის ასაკში მას თავს დაატყდა უბედურება: გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. ამ ტრაგედიის შემდეგ მამა გაბრიელი ეგზარქოს ისიდორეს ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის მონასტერში. 1858 წელს გაბრიელი მონასტრის წინამძღვრად გაამწესეს. იმავე წელს გადაიყვანეს გორის ეპისკოპოსად, ხოლო 1860 წლის 2 ივლისს იმერეთის ეპარქიის ეპისკოპოსად ეკურთხა და გარდაცვალებამდე ამ სამწყსოს მღვდელმთავარი იყო. 1869 წელს მის განმგეგლობაში შევიდა აფხაზეთის ეპარქია. ხოლო 1873 წელს მას მიემატა სამეგრელოს ეპარქია. ეპისკოპოსმა გაბრიელმა ორჯერ იმოგზაურა სვანეთში: 1866 და 1877 წლებში. მისი მოღვაწეობის შემდეგ სვანეთში განმტკიცდა ქრისტიანული სარწმუნოება. 18000 აფხაზმა მიიღო ქრისტიანობა. აგიო 200-ზე მეტი ტაძარი, შეკეთდა: ნიკორწმიდის, ბიჭვინთის, მოქვის, კაცხის, ილორის ტაძრები. დაარსდა ასამდე სამრევლო სკოლა: 1887 წელს შეიქმნა „ქართული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტი“. ხოლო 1889 წელს - კომიტეტი დავით აღმაშენებლის საფლავზე სამრევლო ეკვდერის განსაახლებლად და დიდთა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს გვამთათვის ახალი სანაწილის გასაკეთებლად. 1890 წელს ქუთაისში დაარსდა ქალთა სასწავლებელი, ხოლო 1894 წელს სასულიერო სემინარია გაიხსნა. მრევლის განათლების მიზნით მეუფე გაბრიელი ხშირად მოგზაურობდა ეპარქიის ფარგლებში, ხალხთან პირად შეხვედრას და საუბარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. სოფლიდან სოფელში გადადიოდა და დღეში სამ-ოთხ ადგილას დამოძღვრიდა ხოლმე სამწყსოს. მაგრამ ყველაზე მეტად მრევლზე გავლენას ახდენდა გაბრიელ ეპისკოპოსის პიროვნება, მისი პირადი მაგალითი. როგორც პედაგოგმა და მოძღვარმა, მან იცოდა ზნეობრივი აღზრდის საშუალებები. ჯერ კიდევ სემინარიაში ყოფნის დროს მან, იაკობ გოგებაშვილის თქმით, „ნათლად, მკვეთრად და კატეგორიულად განსაზღვრა კეთილგონივრული ყოფაქცევის მნიშვნელოვანი და არსებითი წესები... კეთილი, ჯანსაღი და ზნეობრივი ცხოვრების საუკეთესო საშუალებად ის თვლიდა გონებრივი და ფიზიკური შრომის ერთმანეთთან შენაცვლებას. ამ წესს იგი თვითონაც მკაცრად იცავდა“. ჭრიდა შეშას, თოხნიდა, პირუტყს საზრდოს უზიდავდა, ქათმებს აპურებდა. ახალი ტაძრების მშენებლობის დროს ხშირად თვითონ იყო არქიტექტორი, სოფელ-სოფელ ეძებდა კარგ ოსტატებს, ზრუნავდა წესრიგზე. თურმე „თუ სადმე ეკლესიაში უსუფთაობას ნახავდა, მოიტანდა ცოცხს და თავისი ხელით დახვეტდა“. ეპისკოპოსი გაბრიელი მხოლოდ პირადი ღირსებით შემკულ ხალხს აკურთხებდა ეკლესიის მსახურებად და არ უწევდა ანგარიშს არც თავადს, არც მთავარსა და არც გუბერნატორს. ცნობილია, თუ როგორ შერისხა მან გრაფი ლევაშოვი სასულიერო საქმეებში უხეში ჩარევის გამო. მეუფე გაბრიელი „ადამიანებს ენდობოდა, რადგან მათში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატებას ხედავდა და ამიტომაც მათ შიში არ ჰქონდათ“. ერთი მოგზაურობის დროს ავაზაკი თავს დაეცა და გაძარცვა მოუნდომა. გაბრიელი არ დაიბნა, ჯვარი გადასახა და უთხრა: „შვილო, მე საწყალი ბერი ვარ, გაბრიელ ეპისკოპოსი, ფული სად მაქვს“. ეს სახელი ავაზაკსაც გაეგონა და შეკრთა. მეუფე არ მოეშვა, სანამ თან არ წაიყვანა, გაზარდა და სკოლაში მასწავლებლად განამწესა.


იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელიIPB-ს სურათი

1860-იანი წლები

მთხოვნელის შერჩევა მეუფემ არ იცოდა. დიდი, პატარა, შორეული თუ ახლობელი, თავადი თუ გლეხი მისთვის ერთი იყო. უკანონობას არ მოითხოვდა და უზენო თხოვნას არავისას არ შეასრულებდა. მისი უბრალო და მარტივი ხასიათი მის ტანაცმელში ჩანდა. საცხოვრებელ ოთახში და სმა-ჭამაშიც ხშირად მნახველს ძველ სამოსელში გამოწყობილი ბერი მოსამსახურედ მიუღია.

ეპისკოპოსი გაბრიელი იყო საოცარი მოწყალე და ქველმოქმედი, თავისი სამწყსოს ქვრივთა და ობოლთათვის ლუკმის მიმწოდებელი. იტყოდა ხოლმე, მაძღარს არ ვაჭმევ, რადგან მშიერიც ბევრი მეგულებაო. ერთ დიდსა და სასტიკ ზამთარში, როცა ქუთაისის ღარიბები დიდ გაჭირვებაში და განსაცდელში ჩავარდნენ, მღვდელმთავარმა თავისი ფეხით დაიარა გაჭირვებულთა ქოხმახები და აღმოუჩინა მათ შემწეობა, რამდენიც შეეძლო. იგი ღრმად თანაუგრძნობდა მდაბალ ხალხში სწავლა-განათლების გავრცელებას, მრავალ მოსწავლეს უწვდიდა დახმარების ხელს, საკუთარ სახლში ინახავდა და სწავლის ქირასაც უხდიდა, ამ ყმაწვილებთან სადილობდა და ბაასობდა იმ მიზნით, რომ მათში გაეღვიძებინა კეთილშობილური აზრები. მათ ნორჩ გულებში დაინერგა სიყვარული სიმდაბლისადმი. მისი დევიზი იყო: „მე არა მეკუთვნის რა, ყველაფერი ღვთისაა“. გაბრიელ ეპისკოპოსის დღიურები საშუალებას გვაძლევს შევიტყოთ, თუ რამდენი უპატრონო მკვდარი დაუსაფლავებია, რამდენი შიშველი შეუმოსავს, რამდენი გზის ქირა გადაუხდია, რამდენი შეგირდისთვის სასწავლო ნივთი უყიდია, რამდენი სნეულისთვის უექიმია. დიდ ზამთარში ხშირად ქვრივ-ობლებს შეშას და ფულს უგზავნიდა ღამ-ღამობით, ჩუმად. ცნობილია ასეთი ამბავი: ერთხელ ეპისკოპოსმა გაიგო ქუთაისის ციხეში ტუსაღთა რიცხვი, შეაკერინა საცვლები და ორ საპალნე თეთრ პურთან ერთად გაუგზავნა პატიმრებს. თან დაავალა, არავითარ შემთხვევაში არ ეხსენებინათ მისი სახელი.

მეუფე გაბრიელის თანამედროვენი ერთხმად აღნიშნავენ, რომ საოცარი სახილველი იყო ლოცვად დამდგარი ეპისკოპოსი. წირვა-ლოცვა ძლიერი სასოებით იცოდა.

მიუხედავად ამისა, გაბრიელ ეპისკოპოსის მიმართ ხშირად იყო გესლიანი წერილები, ეჭვები, უსაფუძვლო ცილისწამებანი. მას აბრალებდნენ უსამართლობას, უზნეობას, კარიერისტობას, საეკლესიო ნივთებით ვაჭრობას. ერთხელ, როდესაც მეუფემ ბატონყმობის გაუქმების აუცილებლობაზე იქადაგა ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში, ერთ-ერთმა აზნაურმა მოკვლა დაუპირა მას. ეპისკოპოსი გააფრთხილეს, მარამ იგი არ შედრკა, გზას არ გადაუხვია და მშვიდად ჩაუარა ბოროტგანმზრახველს. იქ მყოფნი ამბობდნენ, ეპისკოპოსმა ისეთი ლმობიერებით შეხედა აზნაურს, რომ მას საკუთარი ბოროტების შერცხვაო. მას მტრებიც კი იხსენებენ, როგორც „უნიჭიერეს დ???რს“, ადარებენ „ეკლესიის თვით პირველ წმიდა მოძღვრებს“, უწოდებენ „საკვირველ პედაგოგს“, „არაჩვეულებრივ სიტყვის მეუფეს“, „სიმართლის მასწავლებელს“.


გაბრიელ ეპისკოპოსი
1890-იანი წლების დასაწყიIPB-ს სურათი
სი

მეუფე გაბრიელი ერთ-ერთი მხურვალე დამცველი იყო ქართული ენისა, რომელიც XIX საუკუნეში, საუბედუროდ, გადაგვარების მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ის გაბედულად ებრძოდა ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მშობლიური ენის არსებობის აუცილებლობის საკუთხს. ამ მიზნით დაწერა მრავალი წერილი და ქადაგება. მან ამხილა ვაიქართველი მუხრანსკი, რომელიც წერდა, რომ მცირე ერები, მათ შორის ქართველებიც, „დიდ“ ხალხში გათქვეფის აუცილებლობას ვერ აცდებოდნენ, და რაც უფრო მალე მოხდებოდა ეს მოვლენა, მით უკეთესი იყო. „რით ამტკიცებ შენ, რომ ეს მოვლენა (მცირე ხალხის ენის განქარვება) არის ბუნების წესი?“ - ეკითხება გაბრიელ ეპისკოპოსი მუხრანსკის, - „პირიქით, ხალხი უნდა ეცადოს ენის გავრცელებას, გამდიდრებას და არა დამარხვასა და დაკარგვას“. გაბრიელი თვლიდა, რომ „ხალხის ინდივიდუალობის უმთავრესი ელემენტი“ სწორედ ენაა. მშობლიურ ენას მოკლებული ყოველი ხალხი მოკლებულია ყოველგვარი ინდივიდუალურ ნიშან-თვისებას და „უსარგებლოა თავისთვისაც და სხვისთვისაც“.

მეუფე გაბრიელი მტკიცედ აღუდგა წინ კავკასიის სასწავლო მზრუნველის იანოვსკის მინადადებას, „ქართული სამღვდელოების გონების შეზღუდულობის გამო“ პირველდაწყებით სკოლებში რუსი სამღვდელო პირები დაენიშნათ. ასე მოიქცა მაშინაც, როცა იანოვსკის პოლიტიკის გამტარებელმა, ქუთაისის გუბერნიის სკოლების დირექტორმა ლევიტსკიმ სცადა სასწავლებლიდან ქართულის გაძევება. ამის გამო ლევიტსკი გააფრთებით ებრძოდა გაბრიელს და მოითხოვდა მის გადაყენებას ეპისკოპოსობიდან.

ასევე დიდი უთანხმოება ჰქონდა გაბრიელს ეროვნულ ნიადაგზე ეგზარქოს ევსევისთანაც, რაც შემდგომში განხეთქილებამდეც მისულა. ზემდგომ დაწესებულებებთან და პიროვნებებთან ამგვარ დაპირისპირებას ხშირად მათი გულისწყრომაც მოჰყვებოდა ხოლმე. დროდადრო გაბრიელზე საიდუმლო მეთვალყურეობაც ყოფილა დაწესებული, რადგანაც ის მთავრობისათვის არასაიმედო კაცად იყო მიჩნეული.

1885 წელს მოკლეს გაბრიელ ეპისკოპსის მდივანი, ცნობილი პუბლიცისტი ესტატე მჭედლიძე (ბოსლეველი). მეუფემაც მიიღო მუქარის წერილები. მან საქართველოდან წასვლა დააპირა. „ჩემი სულის სიმდაბლე იყო, რომ შევშინდი, მაგრამ მთლად ჩემი თავისთვისაც არ შევშინებულვარ. მე ერთი ხნიერი კაცი ვარ. დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არა მაქვს, მაგრამ რომ მართლა მოვეკალით, რა ჩიქრი დაედებოდა მთელ ხალხს, რომელმაც თავისი მოძღვარი ასე სასტიკად გაიმეტაო“.


მიცვალებული გაბრიელ მღვდელმთავარი IPB-ს სურათი

1896 წლის თებერვალი

სიცოცხლის ბოლოს მეუფე გაბრიელს მძიმე სულიერი ბრძოლები დაეწყო, ხშირად ტანჯავდნენ საშინელი მოჩვენებანი. კაცთა მოდგმის მტერმა უკანასკნელი ბრძოლა გამართა, რათა ფიზიკურად დასუსტებული მოხუცი სულიერად ეძლია. გარდაცვალების წინა დღეს მეუფე შემდეგ სიტყვებს იმეორებდა: „ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა“, ხოლო სულის ამოსვლის წინ ამბობდა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“. 1896 წლის 25 იანვარს მღვდელმთავარი გარდაიცვალა. უჩვეულოდ დიდი ზამთარი ყოფილა იმ წელს ქუთაისში. გზები თოვლისაგან იყო შეკრუილ. არათუ მიცვალებულის ღირსეული გაპატიოსნება, გელათში წასვენება და დაკრძალვა ვერ მოხერხდა უამონდობის გამო, არამედ მეზობელს მეზობელთან მისვლაც კი უჭირდა, ამიტომ გადაწყვიტეს, დაეცადათ გაზაფხულამდე, ვიდრე თოვლი არ გადნებოდა და გზები არ გაიხსნებოდა. მანამდე კი გაბრიელის ცხედარი ქუთაისის საკრებულო ტაძარში დაასვენეს. ისეთი დიდთოვლობა იყო, რომ არქიელის გორიდან გამოსვენებულ ცხედარს ადევნებული პროცესია შენობების სახურავებით უფრო მიდიოდა, ვიდრე ქუჩაზე. მიუხედავად უამინდობისა, საკრებულო ტაძარში მიცვალებულის გადასვენების დიდძალი საზოგადოება დაესწრო.

46 დღე ეთხოვებოდა გაბრიელ ეპისკოპოსს სრულიად საქართველო და მთელი ამ დროის მანძილზე მისი გვამი არ გახრწნილა.

გარდაცვალებულის პირადი ქონება, საკუთარი სურვილით, მთლიანად ქვრივ-ობლებსა და ღარიბებს დაურიგდა.

გამოქვეყნდა გაბრიელ ეპისკოპოსის გამოსათხოვარი სიტყვა. მეუფე უკანასკნელ შენდობას ითხოვდა ყველასაგან და თვითონაც ყველას მიუტევებდა შეცოდებებს.

მოამზადა თეიმურაზ საგანელიძემ

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 50 (101), 2000 წ.

წმ.გრიგოლ ღმრთისმეტყველის ცხოვრება:

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ცხოვრება.
IPB-ს სურათი


წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სამშობლო იყო სამხრეთ კაპადოკია, ქალაქი ნაზიანზი, საიდანაც წარმოსდგება მისი ზედწოდება - ნაზიანზელი. გრიგოლის მშობლების კეთილშობილი წარმოშობისანი იყვნენ. მამას ასევე გრიგოლი ერქვა, დედას კი - ნონა. მამა თავიდან არ იყო ქრისტიანი, წმიდა გრიგოლის დედა კი, ნეტარი ნონა, ქრისტიანი მშობლების შვილი და თავადაც ღვთისმოშიში ქრისტიანი იყო. ღმრთის განგებით იგი ურწმუნო კაცის ცოლი გახდა, რათა ისიც ქრისტეს სჯულზე მოექცია, რამეთუ წმიდა წერილი ამბობს: „განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმიდნების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა“ (1 კორ. 7, 14). ასეც მოხდა: ღმრთის შეწევნითა და წმიდა ნონას მცდელობით გრიგოლმა უარყო თავისი ცთომილება და ნათელ-იღო.

ნეტარი ნონა ევედრებოდა უფალს, რომ ძე შესძენოდა, და თავიდანვე აღთქმა დადო: თუ ვაჟი ეყოლებოდა, მას ღმერთის სამსახურს შესწირავდა. უფალმა ისმინა მისი და მისცა ძე, რომელსაც მამის სახელი - გრიგოლი უწოდეს. იგი მაშინვე არ მოუნათლავთ, რადგან იმ ხანებში ქრისტიანებს დაბადებისთანავე არ ნათლავდნენ, არამედ ზრდასრულ ასაკში. მოგვიანებით წმიდა მამებმა ეს ჩვეულება შეცვალეს და წესად დაადგინეს ყრმათა ადრეული ნათლობა.

ყრმა გრიგოლი ქრისტიანულად იზრდებოდა. იგი თავიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებისაგან განსაკუთრებული გონიერებითა და სწავლაში გულმოდგინებით. თამაში, გართობა და ათასგვარი სანახაობა არ იზიდავდა და მთელ დროს წიგნის კითხვას ანდომებდა, დედა კი ქრისტიანულ ცხოვრებას ასწავლიდა. წმიდა გრიგოლი განსაკუთრებით ცდილობდა სულის სიწმინდისა და სხეულის უმანკოების დაცვას, ერიდებოდა ზედმეტ ჭამა-სმას, ღვინის სმასა და ფუჭ დროსტარებას.

სწავლის გასაგრძელებლად წმიდა გრიგოლი ჯერ პალესტინის კესარიაში ჩავიდა, მერე კი ალექსანდრიას მიმართა, სადაც ცნობილი მასწავლებლების ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ძველ ელინურ სიბრძნეს. მალე იგი ათენს გაემგზავრა გემით, რომელსაც მძვინვარე ქარიშხალი დაღუპვას უქადდა, მაგრამ ღმერთის შეწევნითა და წმიდა გრიგოლის ლოცვით გადარჩა. როგორც ვიცით, ათენში გრიგოლი გაეცნო და დაუმეგობრდა ბასილი დიდს.

როდესაც ბასილი დიდი ეგვიპტეში გაემგზავრა, გრიგოლი ერთხანს ათენში დარჩა და რიტორიკას ასწავლიდა, მერე კი, რომ გაიგო, მამამისი ნაზიანზის ეპისკოპოსად დაადგინეს, მაშინვე სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროს გრიგოლი უკვე 30 წლისა იყო და მამის ხელიდან მიიღო წმიდა ნათლისღება. მას სურდა მაშინვე მიეტოვებინა ეს სოფელი და უდაბნოში განმარტოებულიყო, მაგრამ მამის თხოვნას დაჰყვა და დროებით ნაზიანზში დარჩა. მთელ დროს გრიგოლი ღმრთივსულიერი წიგნების კითხვას და ლოცვას ანდომებდა. მალე მამამ იგი თავისი ნების წინააღმდეგ მღვდლად აკურთხა და ეპისკოპოსად დადგინებასაც უპირებდა. ეს რომ შეიტყო, გრიგოლი ჩუმად გაიპარა სახლიდან და პონტოს მონასტერს მიაშურა, სადაც უკვე მოღვაწეობდა მისი მეგობარი, ბასილი. ამგვარად, ბასილი და გრიგოლი კვლავ ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთს ბაძავდნენ ღმრთის სათნო ცხოვრებაში და ერთადვე ქმნიდნენ მონაზვნური ცხოვრების წეს-განგებას.

ამ დროს გარდაიცვალა გრიგოლის ძმა, კესარიოსი. მამამ წერილი მოსწერა, რომელშიც ცრემლით ევედრებოდა ჩასულიყო და თანადგომა გაეწია მისთვის. გრიგოლი დაჰყვა მამის თხოვნას და დაბრუნდა ნაზიანზში, სადაც არიოზის წვალება მომძლავრებულიყო. აქ იგი ეხმარებოდა ღრმად მოხუცებულ მამას ეკლესიის მართვასა და არიოზის ცრუ-მოძღვრების მხილებაში.

კონსტანტინე დიდის ძის, კონსტანციუსის სიკვდილის შემდეგ ბიზანტიის ტახტზე ავიდა უსჯულო იულიანე, რომელიც აშკარად განუდგა ქრისტეს და თავი წარმართად გამოაცხადა. მან განაახლა ქრისტიანების დევნა და დიდ საფრთხეს უქადდა ქრისტეს ეკლესიას, მაგრამ სპარსელებთან ერთ-ერთ ბრძოლაში დაეცა. მის შემდეგ გამეფდა მართლმადიდებელი იმპერატორი იობიანე, რომელმაც ძლიერ ცოტა ხანს იცოცხლა და ტახტზე ვალენტი ავიდა, არიოზის მიმდევარი. მის დროს ამ ცრუმოძღვრებამ ახალი ძალით იფეთქა და მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანი აცთუნა. თვით ეპისკოპოსი ევსევი კესარიელიც კი შეორგულდა და გადაუხვია მართალ სარწმუნოებას. ეს რომ შეიტყო, გრიგოლმა წერილი მისწერა მას და ურჩია, კესარიაში ბასილი დიდი დაებრუნებინა. მანვე მისწერა ბასილის და სთხოვა, ეკლესიის საჭიროებისთვის მიეტოვებინა მონასტერი და კესარიაში წასულიყო.

ამგვარად, მან შეარიგა ეს ორი მამა. ბასილი კესარიაში დაბრუნდა და მხარში ამოუდგა ევსევის. არიანელთა დიდი ნაწილი დადუმდა, დანარჩენები გაიქცნენ. მალე ევსევი გარდაიცვალა და კესარიის მთავარეპისკოპოსის ტახტზე ბასილი დაადგინეს, თუმცა ეს მისი ნების წინააღმდეგ მოხდა.

წმიდა გრიგოლი ერთ-ერთ მონასტერში განმარტოვდა, მერე კი უდაბნოში დაეყუდა, თუმცა მალე ყურად იღო მშობლების ვედრება და ნაზიანზში დაბრუნდა. მამა სთხოვდა, მის ნაცვლად ემართა ნაზიანზის ეკლესია, მაგრამ გრიგოლს არ სურდა ამ პატივის მიღება და უარზე იდგა. ბოლოს იგი დამორჩილდა ბასილი დიდისა და მამის ნებას და ქალაქ სასიმის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. გრიგოლის მამა 45 წელი იყო ნაზიანზის ეპისკოპოსი და ღრმად მოხუცი, 100 წლის ასაკში მიიცვალა. მალე ნატარი ნონაც აღესრულა. გრიგოლმა დიდი პატივით დაკრძალა მშობლები და, თუმცა თანამოქალაქეებს ძალიან უნდოდათ, რომ მას მამის კათედრა დაეკავებინა, გრიგოლი არ დაჰყვა მათ თხოვნას. მალე იგი ფარულად სელევკიაში გაემგზავრა, იქიდან კი კესარიაში ჩავიდა და ბასილის მიერ მოწყობილი საავადმყოფოებისა და ხანაგების გამგებლობას შეუდგა.

ამასობაში არიანული წვალების წიაღიდან იშვა ახალი - მაკედონიოსის სული წმიდის მგმობელი წვალება. ეს წვალება განსაკუთრებით გავრცელდა ბიზანტიაში. ბასილი დიდისა და მრავალი სხვა მამის რჩევით, გადაწყდა გრიგოლი ბიზანტიაში ჩასულიყო მართლმადიდებლობის დასაცავად. ამ დროს აღესრულა ბასილი დიდი, რამაც დიდად დაამწუხრა გრიგოლი, იგი ჩავიდა კესარიაში და თავისი უახლოესი მეგობარი დაიტირა. მალე გრიგოლი კონსტანტინეპოლს გაემგზავრა, სადაც ქრისტეს ეკლესია მეტისმეტად შერყეული დახვდა. ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი მწვალებლებს ჰყავდათ გადაბირებული, თითქმის ყველა ტაძარი მათ ხელში იყო. მართლმადიდებლებს ეპყრათ მხოლოდ ერთი პატარა, წმიდა ანასტასიას სახელობის ძველი ეკლესია. წმიდა გრიგოლმა მაშინვე დაიწყო ბრძოლა მწვალებელების წინააღმდეგ და მათ დოგმატურ ცდომილებებს ობობას ქსელივით არღვევდა. მისი დაუღალავი ქადაგების შედეგად ქრისტეს ეკლესიას მრავალი შეცთომილი შვილი დაუბრუნდა, მწვალებელთა რიცხვი კი ყოველდღიურად კლებულობდა.

ამასობაში გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი წვალება - აპოლინარიუსისა, რომელიც არასწორად ასწავლიდა ქრისტეს განხორციელების შესახებ. ამ წვალებამ ძალიან მოიკიდა ფეხი და წმიდა გრიგოლმა, როგორც მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველმა, მის წინააღმდეგაც გაილაშქრა. აპოლინარიუსის მიმდევრებმა სასტიკი ბრძოლა გაუმართეს წმიდანს, მრავალჯერ დასწამეს ცილი, მრავალჯერ დაუპირეს ქვებით ჩაქოლვა, მაგრამ ღმერთი ყოველთვის იფარავდა მას. ბოლოს იგი შეიპყრეს და ქალაქის თავს წარუდგინეს, როგორც ავაზაკი, მაგრამ მან იცოდა გრიგოლის უდანაშაულობა და გაათავისუფლა.

ამგვარად, წმიდა გრიგოლმა შორს გაითქვა სახელი, როგორც მართლმადიდებლობის მხნე დამცველმა და ბრძენმა მოძღვარმა. სწორედ განსაკუთრებული სიბრძნისა და მრავალ მძლავრ მწვალებელზე მოპოვებული გამარჯვებისათვის ეწოდა მას „ღმრთისმეტყველი“, ქრისტეს საყვარელი მოწაფის, იოანეს მსგავსად. მართლმადიდებლებს სურდათ, წმიდა გრიგოლი კონსტანტინეპოლის პატრიარქად ეხილათ, ამასვე ურჩევდა ალექსანდრიის პატრიარქი პეტრე, წმიდა ათანასე ალექსანდრიელის მემკვიდრე. მაგრამ ამ დროს მოულოდნელი დაბრკოლება გამოჩნდა.

კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა ერთი ბერძენი ფილოსოფოსი მაქსიმე, ცინიკოსთა სკოლის წარმომადგენელი, კაცი ცბიერი და პირმოთნე. იგი ეახლა წმიდა გრიგოლს, უარყო ელინური უღმრთოება, ნათელ-იღო და წმიდა ეკლესიის წევრი გახდა. მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ თვალთმაქცობა იყო - სინამდვილეში მაქსიმე ცხვრის ტყავში გამოხვეული მგელი გახლდათ და ბოროტი მიზნები ჰქონდა. წმიდა გრიგოლს ეჭვი არ შეჰპარვია მის გულწრფელობაში, დაიახლოვა და ეკლესიის მრევლს შეუერთა. მაქსიმემ ერთ-ერთ ხუცესთან ერთად დაიწყო ბრძოლა კონსტანტინეპოლის პატრიარქის ტახტის მისატაცებლად და ათასგვარი ხრიკების საშუალებით შეძლო კიდეც ამ მიზნის მიღწევა. მორწმუნენი აღაშფოთა მაქსიმეს მზაკვრობამ, მათ არ მიიღეს იგი და წმიდა გრიგოლსაც უსაყვედურეს ასეთი კაცის დაახლოებისათვის.

მაშინ მაქსიმე მის მიერ მოსყიდულ ეგვიპტელ ეპისკოპოსთან ერთად იმპერატორ თეოდოსი დიდთან გაემგზავრა, რომელიც იმ დროს თავის ლაშქართან ერთად თესალონიკში იმყოფებოდა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე დამტკიცება სთხოვა. თეოდოსი განრისხდა და გააძევა მაქსიმე, რომელიც ალექსანდრიაში ჩავიდა და იქ პეტრე ალექსანდრიელთან გამართა ქიშპობა, მაგრამ მალე იქიდანაც გამოაგდეს.

ამასობაში წმიდა გრიგოლს ჯანმრთელობამ უღალატა და სნეულებებმა დარიეს ხელი. მან გადაწყვიტა უარი ეთქვა კონსტანტინეპოლის ეკლესიის მართვაზე და ნაზიანზში დაბრუნებულიყო. მანამდე გრიგოლმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა ხალხს, რომელშიც მოუწოდა მტკიცედ დაეცვათ მართლმადიდებლობა და რაც შეიძლება მეტი კეთილი საქმე ეკეთებინათ. ხალხი მიხვდა, რომ ეკლესიის მწყემსი ტოვებდა სამწყსოს. გაისმა შეძახილები და ხმამაღალი ტირილი:

- მამაო! შენი წასვლით თან მიგაქვს სწავლება წმიდა სამების შესახებ. უშენოდ ამ ქალაქში გაქრება ჭეშმარიტი აღმსარებლობა, შენთან ერთად განგვეშორება მართლმადიდებლობა და ღმრთისმოშიშება!

ხალხის ასეთმა მწუხარებამ წმიდა გრიგოლს გადააფიქრებინა კონსტანტინეპოლიდან წასვლა და აღუთქვა მოქალაქეებს, რომ ვიდრე კონსტანტინეპოლის ტახტზე ღირსეულ ეპისკოპოსს არ აირჩვედნენ, მათთან დარჩებოდა. ამ დროს თეოდოსი დიდმა გამარჯვება მოიპოვა ბარბაროსებთან ბრძოლაში და კონსტანტინეპოლში დაბრუნდა. ქალაქის საკათედრო ტაძარი ამ დროს კვლავ არიანელებს ეპყრათ, პატრიარქის ტახტზე კი არიანელი პატრიარქი, დემოფილე იჯდა. თეოდოსიმ მოსთხოვა დემოფილეს, ან წვალებაზე ეთქვა უარი, ან ეპისკოპოსობა დაეთმო. დემოფილემ თავისი ცთომილება აირჩია. მაშინ მეფემ დაუბრუნა მართლმადიდებლებს კონსტანტინეპოლის მთავარი ეკლესია, რომელიც ორმოცი წლის მანძილზე არიანელების ხელში იყო, და ყველა სხვა ეკლესიაც. როდესაც წმიდა გრიგოლი და მთელი მორწმუნე ერი ეკლესიას მიუახლოვდა, არიანელებმა გზა გადაუღობეს და არ სურდათ მათი შეშვება, ისინი სიკვდილით ემუქრებოდნენ წმიდა გრიგოლს; ატყდა დიდი შფოთი. ამ დროს თვით მეფე მობრძანდა და პატივით შეაბრძანა ეკლესიაში მღვდელმთავარი და მისი თანმხლებნი. ხალხი სიხარულით ჰმადლობდა ღმერთს და სურდა მაშინვე აეყვანათ პატრიარქის ტახტზე გრიგოლ ღმრთისმეტყველი, მაგრამ იგი მეტისმეტად დაუძლურებული იყო თავისი სნეულებით და ერთ-ერთი დაახლოებული პირის დახმარებით მიმართა ხალხს:

- შვილნო! დღეს სიხარულისა და ღმერთისთვის მადლობის აღვლენის დროა, პატრიარქის არჩევა კი სხვა, უფრო შესაფერი დროისათვის გადავდოთ!

ხალხმა შეისმინა წმიდა მღვდელმთავრის რჩევა და შეწყვიტა ყვირილი. ლიტურგიის დამთავრების შემდეგ ყველა წავიდ-წამოვიდა, არიანელები კი შერცხვენი სცემდა წმიდა გრიგოლს და მამასავით ექცეოდა, მაგრამ გრიგოლი იშვიათად მიდიოდა მეფესთან, რადგან კარგად ახსოვდა სოლომონ მეფის სიტყვები: „ნუ დახშირებულ აღიყვან ფერხსა მეგობრისა მიმართ შენისა, რათა არა ოდეს განძღეს შენგან, მოგიძულოს შენ“ (იგავ. 25, 18).

წმიდანი გულმოდგინედ მოძღვრავდა ხალხს, ავადმყოფებს ნახულობდა და კურნავდა, შეურაცხყოფილებს ესარჩლებოდა, სუსტებს განამტკიცებდა და მწვალებლებთან ბრძოლას განაგრძობდა. იგი ხშირად მიდიოდა სოფელში, რათა ცოტა ხანს მარტო დარჩენილიყო და დაესვენა, იმისათვის, რომ ეკლესიის და ხალხის სამსახური შესძლებოდა.

381 წელს ბიზანტიაში დაიწყო მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც 150-მა ეპისკოპოსმა მოიყარა თავი. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს წმიდა მელენტი ანტიოქიელი. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავისი ნების წინააღმდეგ, მეფისა და მთელი ხალხის თხოვნით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ტახტზე აიყვანეს. მალე მელენტი, ანტიოქიის პატრიარქი, ავად გახდა და გარდაიცვალა. ამ დროს კრებაზე ჩამოვიდნენ მაკედონიისა და ეგვიპტის ეპისკოპოსები, რომლებმაც დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს გრიგოლის არჩევის გამო. ისინი ამტკიცებდნენ, კონსტანტინეპოლის პატრიარქის არჩევა ალექსანდრიის პატრიარქის საქმეა და არა ანტიოქიისაო. ეპისკოპოსებს შორის დავა ატყდა. ერთნი ამბობდნენ, გრიგოლი სამართლიანად არის არჩეულიო, მეორენი კი საწინააღმდეგო აზრისანი იყვნენ. მაშინ წმიდა გრიგოლმა შეკრიბა ეპისკოპოსები და სიტყვით მიმართა მათ:

- წმიდანო მწყემსმთავარნო! არასოდეს ვცდილვარ კონსტანტინეპოლის ეკლესიის ტახტზე დამკვიდრებას, ხოლო თუ ეს ეკლესია ჩემი ღვაწლით გაიზარდა და გაძლიერდა, ამისთვის ღმერთს ვწირავ მადლობას და მისგანვე მოველი სასყიდელს. მხოლოდ ჩემი სამწყსოს სიყვარულმა და მღვდელმთავართა საერთო რჩევამ მაიძულა პატრიარქობის მიღება, მაგრამ ვხედავ, რომ ბევრი მტრულად მიყურებს. მაშ იცოდეთ, მე არც სიმდიდრე მიზიდავს, არც მაღალი თანამდებობა და პატივი, არ მსურს კონსტანტინეპოლის პატრიარქის სახელი და დაუნანებლად ვთმობ ეპისკოპოსობას; თქვენ კი ითათბირეთ და, როგორც უმჯობესად მიიჩნევთ, ისე გადაწყვიტეთ. მე დიდი ხანია მონასტრის სიმყუდროვე მიხმობს - ვინც პატრიარქობას მართმევს, ის უფალს ვერ წამართმევს.

ამის შემდეგ გრიგოლმა დატოვა პატრიარქის სამყოფელი და ეკლესიის მახლობლად, პატარა სახლში განმარტოვდა. იგი ცდილობდა თავი აერიდებინა მასთან მისული ხალხის ლაპარაკისა და მითქმა-მოთქმისათვის, მაგრამ ხალხი ევედრებოდა, არ მიეტოვებინა ქალაქი, რომელსაც ამდენი წყალობა უყო და ასეთი ღვაწლი დასდო. წმიდა გრიგოლს შეებრალა ისინი და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო - ღმერთს ევედრებოდა, თავად მას გადაეწყვიტა ეს საკითხი.

ამასობაში კრებაზე თავმოყრილ ეპისკოპოსთა რიცხვმა იმატა, შფოთი და უთანხმოება კი არ ცხრებოდა. მაშინ გრიგოლი კვლავ წარსდგა მათ წინაშე და მიმართა:

- მამანო და მღვდელმთავარნო! სირცხვილია, რომ თქვენ, ვინც სხვებს ასწავლით მშვიდობით ცხოვრებას, ერთმანეთთან ვერ დაგიმყარებიათ მშვიდობა. როგორ უნდა შესძლოთ სხვების დარწმუნება, თუ თქვენ თვითონ ვერ მიაღწევთ მშვიდობას? მაგრამ გვედრით ერთარსი და ყოვლადწმიდა სამების წინაშე, ზავი ჩამოაგდეთ და სიყვარული უჩვენეთ ერთმანეთს. თუ თქვენი ქიშპობის მიზეზი მე ვარ, მაშ იონა წინასარმეტყველივით გადამაგდეთ გემიდან - იქნება შეწყდეს ეს განხეთქილება. და თუმცა მე არა ვარ დამნაშავე ქარიშხლის ამოვარდნაში, მაგრამ ვარჩევ, მე დავზარალდე, ოღონდაც თქვენ გქონდეთ მშვიდობა ერთმანეთთან. გადამაგდეთ ტახტიდან, გამაძევეთ ქალაქიდან, მხოლოდ შეიყვარეთ მშვიდობა და ჭეშმარიტება: ამას გთხოვთ ზაქარია წინასწარმეტყველთან ერთად (ზაქ. 8, 19). სიკეთეს გისურვებთ, წმინდანო მღვდელმთავარნო! ნურც ჩემს შრომას დაივიწყებთ!...


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 7 2008, 06:23 PM
პოსტი #2


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



xornabujeli
ციტატა
''ბევრსა ჰგონია, რომ მეცნიერება და სარწმუნოება ერთმანეთში მოურგებელნი და მოუთავსებელნი არიანო. იგია მაგალითი ამ მორიგებისა და მოთავსებისა.''


რა კარგი სიტყვებიაა rolleyes.gif საღამოს წავიკითხავ დაკვირვებით.
მადლობა გიორგი.


გილოცავთ ყველას! შეგვწეოდეს მათი მადლი!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Feb 10 2008, 01:43 AM
პოსტი #3


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



გილოცავთ მოგვიანებით


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 10:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი