თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ ექიმები და ზოგადად სამედიცინო პერსონალი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2022, 08:21 PM

"როკითი ერთადერთი სოფელია საქართველოში, სადაც საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს შეხვდებით. სოფელში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი დაიბადა და აღიზარდა. ყველა მათგანის ჩამოთვლა ალბათ გამიჭირდება... უპირველესად გავიხსენებ ნიკოლოზ კახიანს, რომელიც გახლდათ ქართული ქირურგიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებული. ნიკოლოზ კახიანი დაიბადა 1883 წელს. განათლება მიიღო მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. წლების მანძილზე მოღვაწეობდა ალექსანდრიაში, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და აქ გააგრძელა მოღვაწეობა. ოთხჯერ იყო მიწვეული კაიროში ბალზამირების ევიპტური წესის შესასწავლად. მოღვაწეობდა თბილისის ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში, ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის გამგედ. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა პროპედევტიკის კათედრას. უდიდესი ქირურგი გახლდათ. უნიკალურ და ურთულეს ოპერაციებს აკეთებდა. ძალიან უყვარდა ხალხს. ბაღდათში, ყველა ოჯახში მის სურათს ნახავდით. მშობლიურ ბაღდათში რომ ჩამოდიოდა, ურმებით ხვდებოდნენ თურმე გზაზე ავადმყოფები. ურემზეც აკეთებდა ურთულეს ოპერაციებს... წამალი რომ ეყიდათ, სამკურნალო ფულსაც თვითონ აძლევდა. მამის ტრადიციების ღირსეული გამგრძელებლები იყვნენ ზაზა და ზაურ კახიანებიც. ზაზა კახიანი წლების მანძილზე იყო ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე რესპუბლიკის ექიმთა დახელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი, შემდეგ მან დააფუძნა საქართველოში მედიცინის მეცნიერებათა აკადემია და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მას. იყო საქართველოს პირველი პარლამენტის წევრი, ზვიად გამსახურდიას დროს. სხვათა შორის, ცნობილი თამადაც გახლდათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2022, 08:31 PM

"საექიმო საქმისადმი გულგრილობის გამოვლინება ეპისკოპოს ლუკას [ვოინო-იასენეცკი] მეტად აღაშფოთებდა. ამ შრომას ხშირად ღრმა სულიერი ტკივილები ახლდა თან. "ოპერაციის შემდეგ ავადმყოფის სიკვდილს მძიმედ განიცდი - წერდა ეპისკოპოსი ლუკა თავის ვაჟს - საოპერაციოში სიკვდილის სამი შემთხვევა მქონდა და ამან საშინლად გამტეხა. შენთვის, როგორც თეორეტიკოსისთვის, ასეთი წამება უცნობია, მე კი ამის გადატანა უფრო და უფრო მიჭირს. მიცვალებულთათვის სახლში ვილოცე, კრასნოიარსკში ტაძარი არ არის..." თუ ავადმყოფს ხსნის სხვა შესაძლებლობა არ იყო, მეუფე ლუკა ოპერაციას რისკავდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა... პალატაში შესული თუ ვერ შენიშნავდა ავადმყოფს, რომელსაც ორი დღის წინ გაუკეთა ოპერაცია, ის უსიტყვოდ ადიოდა მეორე სართულზე და თავის ოთახში იკეტებოდა.
ამის შესახებ ქირურგის მოსწავლე ა.ი. ბენიამინოვიჩი იხსენებს: "ამის შემდეგ მას საათობით ვეღარ ნახულობდნენ, ჩვენ ვიცოდით: თითოეული სიკვდილი, რომელშიც საკუთარ თავს ადანაშაულებდა, ძლიერ სტანჯავდა". მეუფე ლუკა აუცილებლად თვლიდა, რომ განწირულთათვის სიკვდილის სიახლოვე არ დაემალათ, რადგანაც შესაძლებელი იყო, მათ ქრისტიანული აღსასრული მოესურვებინათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2022, 12:39 PM

"ეს [მეუფე ლუკა (ვოინო-იასენეცკი)] იყო ჭეშმარიტი სასწაულთმოქმედი. შემორჩენილია ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაუკეთა ერთ ციმბირელ გლეხს მუცლის ღრუს ოპერაცია ჯიბის დანით, ჭრილობა ქალის თმით გაკერა და ამას დაჩირქება არ მოჰყოლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 12:02 PM

"ავადმყოფის ტანჯვის გარდამეტებული განცდა სახიფათოა ექიმისათვის, ყოველ პაციენტთან ერთად "სიკვდილი" და სენტიმენტალბოა თვით ექიმის სიცოცხლეს ამოკლებს. ქრისტიანული მედიცინა ოქროს შუალედს ეყრდნობა: ერთი მხრივ, დისტანცია და განრიდება ავადმყოფისაგან, რადგან შეუძლებელია სიცოცხლე აჩუქო მას, ვისი სიცოცხლეც ღვთის ხელშია, ხოლო მეორე მხრივ - გვერდში დგომა, რათა ავადმყოფობისა და სიკვდილის ტრაგიკული გარდაუვალობის მიღებაში დაეხმარო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 02:21 PM

"თვით ექიმი უძლურია, მას არ ძალუძს მსხვერპლი ბრჭყალებიდან გამოგლიჯოს სიკვდილს,ავადმყოფი კი, რომელიც ბედს ვაჟკაცურად ემორჩილება, გმირად იქცევა, ისე არ ნებდება, რადგან ამ ჩუმი წამების მიღება ისე შეუძლია - როგორც საკუთარი ხვედრის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2022, 09:47 PM

"1921 წლის ნოემბრიდან ვახტანგ ღამბაშიძე [ექიმი და ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თავკაცი] კონსტანტინოპოლში, მეუღლესთან ერთად, "წითელ ჯვარში" მსახურობდა, ეხმარებოდა ქართველ ლტოლვილებს. 1924 წლიდან კი უკვე პარიზშია. საფრანგეთში, ზოგიერთი ახლობლის ფინანსური დახმარებით, კლინიკა გაიხსნა, მაგრამ ვალების გამო იძულებული გახდა დაეხურა. ამის მიუხედავად, იგი წლების მანძილზე მრავალ ქართველს მკურნალობდა უსასყიდლოდ. ბატონი ვახტანგი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირადი ექიმი და მისი დაკრძალვის მთავარი ორგანიზატორი. გარდა საექიმო პრაქტიკისა, აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარული და საგანმანათლებლო ხასიათის სტატიებს ჯანმრთელობის თემაზე. მისი წერილები და მოგონებები ცნობილ ქართველ მოღვაწეებზე იბეჭდებოდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში: "ბედი ქართლისა", "კავკასიონი", "მერანი".

/"კარიბჭე" N6, 2022, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2022, 09:12 PM

"რაც შეეხება ვახტანგს [ღამბაშიძე - ექიმი და ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თავკაცი], იგი საქვეყნოდ ცნობილი ექიმი გახდა, კურორტ ცემის დამაარსებელი, შემდგომში კი, ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე საფრანგეთში.

ვახტანგმა საექიმო პრაქტიკას მიჰყო ხელი შორაპნის მაზრაში, პარალელურად ეძებდა ადგილს თავისი მომავალი სანატორიუმისთვის. 1904 წელს, მან, მამასთან ერთად, ბორჯომის ხეობაში დააფუძნა სანატორიუმი "პატარა ცემი", სადაც 8-16 წლამდე ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს მკურნაკობდა. მომავალი კურორტის მოდელი ლეისონში , შვეიცარიულ სანატორიუმთა ახლებური მოდელის მიხედვით იყო შედგენილი, ამ საქმეში მას მხარს უჭერდნენ: აკაკი წერეთელი, დეკანოზის უახლოესი მეგობარი და სულიერი შვილი, ვახტანგის უფროსი ქალიშვილის, მედეას ნათლია, ექიმი სამსონ თოფურია, გივი და ალ. დიასამიძეები და კიდევ რამდენიმე პირი. ამავე დროს ვახტანგ ღამბაშიძე პრესის ფურცლებიდან ცდილობდა ხალხში სამედიცინო განათლების გავრცელების, მოსახლეობას განუმარტავდა ჯანმრთელობის რაობასა და ავადმყოფობის ნაირგვარობას".

/"კარიბჭე" N6, 2022, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 12:20 PM

"გეშა ქიქოძის ოჯახში დღესაც ინახება ილია ჭავჭავაძის მიერ ტიტე ქიქოძისათვის [წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის საყვარელი ძმისწული], თავისი უსაყვარლესი ექიმისათვის, მირთმეული მშვენიერი ჭურჭელი. ილია, როგორც ჩანს, დიდად მადლიერი იყო ვანო ქიქოძის მამის, ჭკვიანი და ერთგული მკურნალის, ტიტე ქიქოძისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2022, 08:56 PM

"მასთან [წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი] მიისწრაფოდენ ათეისტები, სხვადასხვა რელიგიის და ეთნოსის წარმომადგენლები, და ფლობდა რა ფასდაუდებელ ნიჭს - საოცარი სიზუსტით დაესვა დიაგნოზი, ყველას ეხმარებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 01:23 PM

"სტაციონარს თავისი წესები და განრიგი აქვს: ექიმის გასინჯვა, ჩამოწერილი პროცედურები, საკვების მიღება თუ წყნარი საათი და ა.შ. როცა პაციენტი არღვევს ამ წესებს, ამით ის საფრთხის ქვეშ აყენებს მკურნალობის ეფექტს და არღვევს მედპერსონალის სიმშვიდეს. ექიმს უამრავი საქმე აქვს, ჰყავს, როგორც წესი, ბევრი პაციენტი და განსაზღვრული გრაფიკით ყველას უნდა მიხედოს. ამ განრიგის დარღვევა იწვევს მის გადაღლას, არაჯანსაღ ემოციებს და რა თქმა უნდა, მუშაობის ხარისხის გაუარესებას. ამის გარდა, ექიმსაც ხომ ჰყავს ოჯახი და აქვს პირადი პრობლემები... ერთი სიტყვით, პაციენტი მოვალეა, სათანადო პატივი მიაგოს სამედიცინო პერსონალს.

უფრო დიდ საცდურად შეიძლება გვექცეს საპირისპირო დამოკიდებულება - ექიმის გაღმერთება. საექიმო ნიჭი მას უდავოდ ზეციდან ენიჭება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმი ვერ შეძლებდა პაციენტებთან ურთიერთობას, მაგრამ სრულად რომ მხოლოდ ექიმზე ვსასოებდეთ - დიდი ცოდვაა. ექიმიც ღვთის მადლით მოქმედებს და რასაც ის აკეთებს, ხშირად შეიძლება გაუაზრებლადაც კი - ზემოდან არის გამომდინარე, ამგვარი სულიერი სიბრმავე იწვევს იმას, რომ პაციენტი ვერ ხედავს უფლის მაკურნებელ ძალას და მხოლოდ ექიმს შეჰღაღადებს... თუ გამოჯანმრთელდა, სულაც ივიწყებს ღმერთს, და თუ არა - მაშინ საწყალ ექიმს ატყდება თავს უამრავი განკითხვა და დამცირება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 01:43 PM

"ყველაფერი ღმერთს მიანდოს - სრულყოფილთა ხვედრია", - წერს ბარსანუფი დიდი, უძლურმა კი ექიმს უნდა მიმართოს, და ეს არათუ ცოდვაა, პირიქით, თავმდაბლობის მანიშნებელიც არის. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ღმერთის გარეშე ექიმსაც არ შესწევს ძალა, რაიმე მოიმოქმედოს და თუ ღვთის ნება იქნება, იგი განკურნავს პაციენტს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 05:30 PM

"ექიმის სიტყვით პაციენტი სანახევროდ იკურნებაო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2022, 06:34 PM

"მე ვასწავლიდი და მზად ვარ ვასწავლო ექიმებს ის, რაც მე ვიცი; მე სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავუბრუნე ასობით და შესაძლოა ათასობით დაჭრილსა და კიდევ უფრო ბევრს დავეხმარებოდი, რომ "თქვენ" უმიზეზოდ არ დაგეჭირეთ და 11 წელი არ გეტარებინეთ ციხეებსა და გადასახლებებში. აი, რამდენი დრო არის დაკარგული და რამდენ ადამიანს ვერ ვუშველე ჩემდაუნებურად"

/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2022, 04:42 PM

"საქართველოში ყოველ 10 000 მოსახლეზე 1965წლისათვის 34,6 ექიმი მოდიოდა, რაც სარეკორდო ციფრად ითვლება მთელ მსოფლიოში"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 358/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2022, 05:41 PM

"უძველეს ქართულ წყაროებში შემონახულია ცნობები პეტრეს [იბერი] დედის, დედოფალ ბაკურდუხტის სამედიცინო მოღვაწეობის შესახებ. პეტრე იბერის ცხოვრების აღმწერი ზაქარია ქართველი, რომელიც პეტრეს თანამედროვე იყო, წერს, რომ "პეტრე ქართველის დედას ბაკურდუხტს მოგზაურთათვის სასტუმროები და საავადმყოფოები აუშენებია". ყურადსაღებია ისიც, რომ ბაკურდუხტის საქმიანობის შესახებ სწორედ პეტრეს ბიოგრაფი გვაძლევს ცნობას და არა ვინმე სხვა.

მეტად მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ ბაკურდუხტს გაუხსნია არა ერთი საავადმყოფო, არამედ საავადმყოფოები. ალბათ, სხვადასხვა ადგილას და ისიც არა რომელიმე მონასტერთან, არამედ "მოგზაურთათვის" გაშენებულ სასტუმროებთან".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 89/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2022, 06:03 PM

"კავკასიაში მომუშავე რუსი ექიმების დიდი ნაწილი თავის მეორე სამშობლოდ საქართველოს თვლიდა. ისინი პროგრესული იდეების მატარებელნი იყვნენ და კეთილშობილებითა და ჰუმანურობით მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობისა და ფართო მოსახლეობის სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდნენ.

ერთ-ერთი პირველი ქართველი ექიმი, რუსული სამედიცინო განათლებით, იყო პ.ა. კლაპიტონიშვილი, რომელიც სწავლობდა მოსკოვის სამედიცინო ქირურგიულ აკადემიაში 1817-1822 წლებში. მეტად მნიშვნელოვანი იყო პ. კლაპიტონიშვილის სამედიცინო-ლიტერატურული მოღვაწეობა... ქართველ ექიმთაგან XIX საუკუნის I ნახევარში საქართველოში მუშაობდნენ: ს. შარიმანაშვილი, გ. დავრიშვილი, ზ. ზუბალაშვილი, მ. ჩიგიანი, ს. ალექსი-მესხიშვილი, გ. სარაჯიშვილი, მირ. ბასტამაშვილი; საქართველოში ამ პერიოდში მომუშავე თითქმის ყველა ქართვლე ექიმს, უმაღლესი სამედიცინო განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 274/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2022, 06:19 PM

"დავით ბაგრატიონს, უაღრესად პრაქტიკული დარგის რეცეპტურის შედგენის გარდა, მედიცინის ზოგადთეორიული საკითხებისკენაც მიუმართავს თავისი კალამი და იმ დროისათვის მეცნიერულ და ხშირად უაღრესად ორიგინალურ განმარტებებს იძლევა, რაც სამედიცინო-ბიოლოგიურ სფეროში მის ღრმა განსწავლულობაზე მიუთითებს. დ. ბაგრატიონი ქართული მედიცინის ისტორიის გარდამავალი ხანის მეტად მნიშვნელოვანი მოღვაწეა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული მედიცინის განვითარებასა და გავრცელებაში".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 291/

"გაურკვეველია, თუ რამდენად სარწმუნო წყაროზეა დამყარებული ზ. ჭიჭინაძის მითითება პეტრე იბერზე, როგორც პრაქტიკული საექიმო წიგნის ავტორზე, მაგრამ, ალბათ, რაიმე საფუძველს ეყრდნობოდა იგი, როდესაც წერდა: "პირველად ქართულ ენაზედ კარაბადინის თარგმნა ამას ეკუთვნის".

ამგვარად, პეტრე იბერის საექიმო მოღვაწეობა და იერუსალიმში მისი ხელმძღვანელობით საავადმყოფოს შექმნა V საუკუნის მეორე ნახევარში დადასტურებულია როგორც ასურული, ისე ქართული წყაროებით"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 88/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2022, 06:46 PM

"მამა ეფრემის [კატუნაკელი] დედა თბილი და ალერსიანი ადამიანი იყო და ნუგეშს სცემდა მის ირგვლივ მყოფთ. როცა გულის დაავადების გამო სამხედრო საავადმყოფოში დააწვინეს, თავისი თავაზიანი საუბრით ყველა გააკვირვა. როცა ექიმი მის მოსანახულებლად შედიოდა, ის დაასწრებდა ხოლმე და თავაზიანად ეკითხებოდა: "ჩემს ოქროს ექიმს გაუმარჯოს. რას შვრებით? როგორ ხართ? თქვენი მეუღლე, შვილები ხომ კარგად არიან?" ექიმები აღტაცებულები იყვნენ მისით და ამბობდნენ: "ეთი უყურეთ ამ ბებიას! ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გავამხნევოთ, აქეთ ის გვანუგეშებს და განგვამტკიცებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2022, 05:33 PM

"მრავალრიცხოვანმა დაპატიმრებამ, წამებამ და გადასახლებებმა ვერ შეასუსტა მეუფის [წმ. ლუკა ყირიმელი] რწმენა, და როგორც ექიმის მოვალეობის გრძნობა საკუთარი ხალხის წინაშე. მას კვლავ აკითხავდნენ ავადმყოფები, რომელთაც სწამდათ მისი ლოცვის ძალისა, და მართლაც დიდი მადლის მქონე მთავარეპისკოპისი ლოცვით, შეხებით და ჯვრის გადაწერით კურნავდა მძიმე ავადმყოფებს, ასევე სვამდა უზუსტეს დიაგნოზებს და იმ შემთხვევაშიც კი, როცა ექიმები საგანგაშოს ვერაფერს ხედავდნენ და ოპერაციაზე უარს ამბობდნენ, მისი დაჟინებული რჩევით გაკეთებულ ოპერაციებზე აღმოაჩენდნე, რომ იგი, როგორც ყოველთვის მართალი იყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2022, 05:48 PM

"დაუშვებლად ვთვლი კოლეგის, მედდის და უმცროსი სამედიცინო პერსონალისათვის შეურაცხყოფის მიყენებას"

"ვალდებულებას ვიღებ პაციენტის სიკვდილი შევიგრძნო ახლობელი ადამიანის დაკარგვად"

/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2023, 08:26 PM

"უფალი ექიმების მეშვეობით კურნავს: და უფალმა შექმნა ექიმიც, - ამბობს წმინდა წერილი"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2023, 06:30 PM

"ყველა მიყვარდა, ყველას თანავუგრძნობდი, ყველაფერზე გული მიჩუყდებოდა. ყოველივე ეს საღვთო მადლმა მიბოძა. თეთრხალათიან მედდებს ისე ვხედავდი, როგორც თეთრად შემოსილ ანგელოზებს და, ეკლესიაში რომ შემოდიოდნენ, მათ დანახვაზე მეტირებოდა. ძალიან მიყვარდნენ მედდები. როცა თეთრხალათიან მედდას ვუყურებდი,ვფიქრობდი, რომ ეს არის და მოწყალებისა, და სიყვარულისა, რომელიც მიდის ღვთის სიყვარულის ტაძარში, ანუ საავადმყოფოში, რათა სნეულებს ემსახუროს. ანგელოზი, თეთრი ანგელოზი. რამდენი რამე გვრჩება შეუმჩნეველი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2023, 06:12 PM

"მსმენია, რომ იყო ვიღაც ძალიან ცნობილი ექიმი, რომელიც მკურნალობას არ იწყებდა მანამ, ვიდრე ავადმყოფი აღსარებას არ იტყოდა და არ ეზიარებოდა. და ამას იგი ძალიან დაჟინებით ითხოვდა"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2023, 06:12 PM

"მსმენია, რომ იყო ვიღაც ძალიან ცნობილი ექიმი, რომელიც მკურნალობას არ იწყებდა მანამ, ვიდრე ავადმყოფი აღსარებას არ იტყოდა და არ ეზიარებოდა. და ამას იგი ძალიან დაჟინებით ითხოვდა"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 04:39 PM

"იმისათვის, რომ ავადმყოფმა ექიმებისაგან დახმარება მიიღოს, მან ნამდვილი განსაცდელი და ტანჯვა უნდა გამოიაროს. ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ იმისათვის, რომ ქრისტემ მას მოთმინება მიანიჭოს და განანათლოს მისი ექიმები, იმიტომ რომ, ექიმს, განსაკუთრებით თუკი მას სიმდაბლე არ მოუპოვებია, ბევრი შეცდომის დაშვება შეუძლია"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2024, 08:40 PM

"ნებისმიერი პროფესია შეიძლება იყოს კურთხეული. მაგალითად, ექიმს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ მედიცინაში უმთავრესად ყველაფერი ღვთის შეწევნაზეა დამოკიდებული. ამიტომ იგი უნდა შეეცადოს, რომ საღმრთო მადლის ჭურჭელი გახდეს. ექიმი, რომელიც ერთდროულად კარგი და კეთილი ქრისტიანია და ამავე დროს კარგი სპეციალისტიცაა, ავადმყოფებს თავისი სიკეთითა და თავისი სარწმუნოებით ეხმარება, რამდენადაც უნერგავს მათ, რომ ავადმყოფობას ვაჟკაცურად და რწმენით დაუხვდნენ. როდესაც საქმე სერიოზულ ავადმყოფობასთან აქვს, ექიმმა ავადმყოფს უნდა უთხრას: "მედიცინა თავისთავად, თავისი შესაძლებლობებით ამ დონეზეა განვითარებული, თუმცა იქ, სადაც ადამიანური ცოდნა საკმარისი არ არის, არსებობს ღმერთ, რომელიც სასწაულებს აღასრულებს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2024, 09:13 PM

" - წმიდაო მამაო, აქვს კი რაიმე აზრი იმას, რომ ნაადრევად მშობიარობის შედეგად დაბადებულ ბავშვებს პედიატრები სიცოცხლეს უნარჩუნებენ?

- ექიმებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ და ამავე დროს ილოცონ ამ ბავშვებისთვის. ეს ექიმები ღმერთს უნდა ევედრებოდნენ: "ღმერთო ჩემო, თუ ეს ბავშვი გადარჩება და მთელი დარჩენილი სიცოცხლე ტანჯვა მოუწევს, მაშინ გევედრები, წაიყვანე ის ახლავე". ამავე დროს, მათ იმაზეც უნდა იზრუნონ, რომ ბავშვი წმიდა ნათლისღების გარეშე არ დარჩეს. მაშინ ეს ბავშვები თავიანთ ექიმებს სამოთხეში დანთებული სანთლებით დახვდებიან"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2024, 09:16 PM

"დაახლოებით 70 წლის წინ პეტერბურგში ცხოვრობდა დოქტორი გააზი, რომელიც ადრე ციხის ექიმი იყო. მას ჰქონდა წმინდა გული, რომელიც სავსე იყო ადამიანებისადმი გულისხმიერებითა და სიყვარულით. ციხის ექიმობისას ის ყოველმხრივ ცდილობდა, როგორც შეეძლო, ისე შეემსუბუქებინა პატიმართა ხვედრი. ის ხედავდა, როგორ მიჰყავდათ მძიმე ჯაჭვებით პატიმრები ციმბირში მრავალ კილომეტრზე და მისი გული თანაგრძნობისაგან კვნესოდა. თავადაც რომ გაეგო, რა ტანჯვაა, ასეთი ბორკილ-ჯაჭვების ტარება, მან ერთხელ რამდენიმე საათით თავადაც გაიკეთა ისინი და ასე დადიოდა საკუთარი სახლის ეზოში.

სიკვდილის წინ ამ კეთილმა და წმიდა ექიმმა გარშემომყოფებს უთხრა ასეთი საოცარი სიტყვები: - იჩქარეთ, აკეთოთ სიკეთე! დაიმახსოვრეთ ეს და იჩქარეთ, რადგან სიკვდილი ჩვენ ყველას გვეწევა"

/წმიდა მღვდელმთავარი ლუკა (ვოინო-იასენეცკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2024, 08:23 PM

"ექიმი-ეპისკოპოსი [წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი] თავგადაკლული იღვწოდა და ქმედით სიყვარულს გამოხატავდა გაჭირვებული ადამიანის მიმართ. მის საოპერაციოში, ისევე, როგორც ტაშკენტში, დაბრძანებული იყო ხატი მის წინ დანთებული კანდელით. ოპერაციის წინ იგი მუდამ ლოცულობდა, ავადმყოფის სხეულზე იოდით ჯვარს სახავდა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა ოპერაციას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2024, 05:10 PM

"ენისეისკში ჩასვლისთანავე [წმ. ლუკა] ვოინო-იასენეცკი საავადმყოფოს მთავარ ექიმთან მივიდა და წარუდგა: "მე ტაშკენტის უნივერსიტეტის პროფესორი ვოინო-იასენეცკი ვარ, ბერობაში ლუკა". ახალგაზრდა ექიმმა არც კი დაიჯერა, რომ მის წინ ასეთი ცნობილი ადამიანი იდგა. პროფესორმა მას ოპერაციის გაკეთების უფლება სთხოვა. პირველივე რთული და წარმატებული ოპერაციის შემდეგ ქირურგ-ეპისკოპოსს ხალხი მეზობელი სოფლებიდან მოაწყდა. ავადმყოფთა სია სამი თვით ადრე იყო შედგენილი. გადასახლებული მღვდელმთავრის ასეთი პოპულარობა ძალზე აღიზიანებდა ადგილობრივ ხელისუფლებას. ახალგაზრდა ექიმებმა, რომლებიც კატასტროფული სისწრაფით კარგავდნენ კლიენტებსა და ანაზღაურებას, უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყეს. უფასოდ გაკეთებული ოპერაციებით მეუფე უსიტყვოდ ამხელდა მათ ანგარებას. განკურნებულთა მადლობას კი იგი ასე პასუხობდა: "თქვენ უფალმა განკურნათ ჩემი ხელით; ილოცეთ მის წინაშე". ერთხელ მეუფემ მხედველობა დაუბრუნა ბრმების მთელ ოჯახს, რომლებიც კატარაქტით იტანჯებოდნენ. შვიდი ადამიანიდან ექვსს მხედველობა აღუდგა".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)