IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> კოლხეთი - “ქვემო ივერია”, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
Georg
პოსტი Nov 21 2006, 03:31 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122




მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

კოლხეთი - “ქვემო ივერია”

ძვირფასო მკითხველო, დაპყრობათა დროს მტერი მუდამ ცდილობს დამორჩილებული ხალხის ასიმილაცია-გადაგვარებას. რუსეთის იმპერიაც საქართველოში გაბატონების შემდეგ, მთელი 200 წლის მანძილზე ყოველი
ძალისხმევით ცდილობდა ქართველი ხალხის გარუსებას, როგორც ეს ვიცით თვალხილული ფაქტებითა და წყაროებით, ასევე წმინდა პატრიარქის ამბროსი ხელაიასა და კალისტრატე ცინცაძის თხზულებებით. რუსეთის იმპერიულ წრეებს მიაჩნდათ, რომ ქართველთა გადაგვარება გარუსებისათვის უპირველესად
საჭირო იყო ეროვნული მთლიანობის დარღვევა, ერის ისტორიული ცნობიერების გამრუდება. “დაყავი და იბატონეს” დევიზის შესაბამისად უკვე XIX- ს. 70-80-იანი წლებიდან სამეცნიერო წრეებს შეუკვეთეს “მეცნიერული” მეთოდებით, თეორიებითა და სახელმძღვანელოებით დაენერგათ თვალსაზრისი, რომ ქართველი ხალხი სინამდვილეში თითქოსდა შედგებოდა სხავადასხვა თავისთავადი ხალხებისაგან, რომ თითქოსდა სხვადსხვა ეთნოჯგუფები იყვნენ ქართველები, კოლხები, იმერლები, მეგრელები, ძველი აფხაზები, მესხები და სხვანი. თითქოსდა თავისთავადი ენები იყვნენ იქამდე ქართული ენის კილოებად
მიჩნეული მეგრული, სვანური, ხევსურული, ლაზური მესხური, ინგილოური თუ ფერეიდნული მეტყველებანი. ყველაზე უფრო მიუღებელი მათთვის მათთვის აღმოჩნდა ქართული ლიტერატურა და განსაკუთრებით კი საქართველოს ისტორია, რომელიც მწყობრი სისტემის სახით გადმოცემული იყო უძველეს
ქართულ მატიანეებსა და წყაროებში.

თუ რაოდენ მიუღებელი და საშიში იყო მათთვის “საქართველოს ისტორია”, ეს კარგად ჩანს რუსეთის გადაგვარებული ქართველი მსახურის, იმპერიის ერთერთი დიდმოხელის კ. ორაგველიძის შეფასება - მოწოდებიდან: - “ჩვენს წინაშე დგას ციხე-სიმაგრე, რომელსაც საქართველოს ისტორია ეწოდება და
რომელიც ჯერ აუღებელია, მაგრამ არ არსებობს ისეთი ციხე-სიმაგრე, რომლის აღება ბოლშევიკებს არ შეეძლოთ. საჭიროა ენერგიული მუშაობა და მტკიცე ბოლშევიკური ნებისყოფა ამ ციხე-სიმაგრის ასაღებად” (“ივ. ჯავახიშვილი ტირანიის წინააღმდეგ”, თბ. 2004, გვ. 172).

“ციხე-სიმაგრე, რომელსაც საქართველოს ისტორია ეწოდება” ვფიქრობ მტრის მიერ მოცემული საუკეთესი შეფასებაა ჩვენი ერის წარსული ცხოვრებისა.

როგორ შესძლეს ბოლშევიკებმა, ბოროტების იმპერიის მმართველებმა, რომელნიც თავიანთი უპასუხისმგებლო ძლიერებებით შიშის ზარს სცემდნენ მთელ მსოფლიოს. საქართველოს ისტორიის ციხე-სიმაგრის” აღება? საერთოდ შესძლეს მათ ეს? სამწუხაროდ შესძლეს! - სასტიკად გააყალბეს და
დაამახინჯეს ჩვენი ისტორია კერძოდ, XX-ს. 30-იან წლებში “ცენტრალური კომიტეტის” იდეოლოგიური ხელმძღვანელის “კულტურის განყოფილების უფროსის” და ამასთანავე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, კ. ორაგველიძის სიტყვით საქართველოს ისტორიის სიძლიერე იმით
გამოიხატებოდა, რომ ის ქართველ ერს მიიჩნევდა ერთიან ხალხად, ერთ ეთნოპოლიტიკურ
მთლიანობად, რომელმაც ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე IV-III საუკუნეებში შეძლო აზონის და ფარნავაზის დროს (“მოქცევაი-ქართლისაი-ს, “ქართლის ცხოვრებისა” და ყველა სხვა წყაროს ცნობებით):“ როგორ შეიძლება
ვილაპარაკოთ ერთიან ქართველ ერზე?... ივანე ჯავახიშვილი მეცნიერულად ვერ ხსნის თავის განმარტებას, რომ ქართველი ერი რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში არსებობდა! (იგვ, გვ. 163).

უარყოფილი იქნა არა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის თვალსაზრისი ქართველი ერის უძველესობის შესახებ, არამედ სიყალბედ და არამეცნიერულად გამოცხადდა ქართველი მატიანეების დაბეჯითებული მოსაზრებანი
ქრისტესშობამდე ერთიანი ქართველი ერის მიერ პირველი დასავლეთაღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ. ყველა ვინც კი გაბედავდა და ქართულ წყაროების ამ თვალსაზრისს და გამოიყენებდა თავის ნაშრომებში, შესაბამისად დაისჯებოდა, არ გამოუცემდნენ ნაშრომს არამეცნიერულად ჩაითვლებოდა, ასეთი ისტორიკოსი ობიექტურიც კი ხდებოდა. ამიტომაცაა, რომ ამჟამადაც კი, როცა უკვე ღვთის მადლით აღსდგა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, სასკოლო სახელმძღვანელოებში საბჭოური, მაგრამ უკვე “მეცნიერული” თვალსაზრისის შესაბამისად ფარნავაზი - მხოლოდ “აღმოსავლეთ საქართველოს” მეფედაა გამოცხადებული. ჩვენს ამჟამად ოფიციალურ სინამდვილეში საბჭოურ-რუსული
ისტორიოგრაფია, ძველი ქართულის საწინააღმდეგოდ ამტკიცებს, რომ დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველო არ ყოფილა ერთიანი მეფე ფარნავაზის შემდეგ, რომ თითქოსდა დასავლეთ საქართველო მხოლოდ მოგვიანებით შევიდა ქართულ კულტურულ და პოლიტიკურ სფეროში, როგორც წესი იგულისხმება
IX-X-ს.ს. უფრო მეტიც, ჩვენი მეცნიერები თავიანთ თხზულებებში ამტკიცებენ, თითქოსდა ბოდბე, გურჯანი, მიმდებარე კახეთის მხარეები და ე.წ. “გაღმა მხარი” (საინგილო) თავდაპირველად ალბანელებით იყვნენ დასახლებული,
რომელთა “ქართიზაცია - გაქართველება” IV-V-ს.ს.-ში მოხდა, არანაკლებ აბსურდულია ცნობილი საბჭოთა ქართველი მეცნიერების თვალსაზრისი თითქოსდა ქვემო ქართლი სომხებით იყო დასახლებული, რომელნიც თითქოსდა კირიონ კათალიკოსმა “გააქართველა” ქართიზაციის პროცესის შედეგად, ასევე თითქოსდა მოხდა ფშავ-ხევსურეთისა და მიმდებარე კუთხეების ქართიზაცია IX-XII-ს.ს.–ში, და ასევე თითქოსდა ქართული ეკლესიის ძალადობით გაქართველდა ტაო-კლარჯეთის სომხური მოსახლეობა და იქაური “სომხურ-ქალკედონური” მონასტრები.

აქედან ჩანს, რომ საბჭოთაა იმპერიამ მართლაც შეარყია “საქართველოს ისტორიის ციხე-სიმაგრე”შეარყია ეროვნული ცნობიერება, ააღორძინა კუთხურ-რეგიონული შემეცნება, რაც ახლა ხელს უშლის და აბრკოლებს ქართველი ერის კონსოლიდაცია-განვითარების წმინდა საქმეს. იმპერიას ახლაც აქვს იმედი, რომ საქართველო დაიშლება რეგიონალურ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებად და სათითაოდ დაიპყრობს მათ.

როგორც ვთქვით, რუსების გამატიანებამდე დასავლეთი საქართველო ივერიის ანუ ჩვენი ქვეყნის ერთ ისტორიულ ნაწილად მიიჩნეოდა და დასავლეთ საქართველოსაც იბერია-ივერია ეწოდებოდა. (ეს თვალსაზრისი ამჟამად კატეგორიულადაა უარყოფილი, როგორც უკვე აღინიშნა). ამიტომაცაა, რომ
ჩვენი აღნიშნული წყაროების თანახმად დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას ფარნავაზიდან ვიდრე ვახტანგ გორგასლის ეპოქამდე და მის შემდეგაც გააჩნდა საერთო ერთიანი სახელმწოფო, საერთო ისტორიული ცნობიერება, საერთო კულტურა (ჯერ საერთო წარმართული სარწმუნოება, შემდეგ კი საერთო ქრისტიანული ეკლესია, საერთო ენა, მწიგნობრობა), საერთო სამშობლოს განცდა, საერთო სოლიდარობის შეგრძნება (მაგალითად, ვახტანგ გორგასალის სიყმაწვილის დროს - 10 წლის იყო – როდესაც ბერძნებმა
მიიტაცეს ქართლის ანუ ივერიის ტერიტორია მდ. ეგრისწყლიდან (ახლანდელი ღალიძგა ოჩამჩირესთან) ვიდრე ციხე-გოჯამდე (ახლანდელი სენაკი-ნოქალაქევი) - “ამას იგლოვდა ყოველი ქართველი”, როგორც დასავლეთი ისე აღმოსავლეთ საქართველოში), შესაბამისად საერთო კულტურულ ისტორიული ერთობა, ერთი
სიტყვით, მემატიანეთა თქმით, ეს იყო ერთი სახელმწიფოს მქონე ეთნიკური (ეროვნული) კონფენსიური ერთობა ანუ ქართველი ერი ან ეროვნება.

ამიტომაცაა, რომ რუის-ურბნისის კრების მამათა განასაზღვრებით წმ. მოციქულების საქართველოში შემოსვლის დროს ქართველ ერს, გააჩნდა ერთიანი საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა ქვეყნის ორივე, დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს, ამიტომაც ბრძანებდნენ ამ კრების წმინდა მამები თავისმხრივ შესანიშნავი მეცნიერები და ისტორიკოსემი მათ საეკლესიო კრების დადგენილებაში („ძეგლისწერაში“) _ პირველწოდებულმა ანდრიამ, იესო ქრისტეს მოციქულმა „იქადაგა სახარება ყოველსა ქუეყანასა საქართველოისასა“ („დიდი სჯულის კანონი“, 1975, გვ. 545). მართალია, ამბობდნენ ისინი, წმ. ანდრიამ ძირითადად დასავლეთ საქართველოში იქადაგა, მაგრამ რადგანაც საქართველო ერთიანი სახელმწიფო იყო, ერთ მხარეში ქადაგება უკვე მთელ ქვეყანაში ქადაგებას ნიშნავდაო, ამიტომაც შესაბამის თვალსაზრისით წმინდა ნინომ მთელი ქართველი ერი განანათლა, თუმცა კი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში იღვაწა. წმინდა მამები წერენ - წმინდა ნინომ „სარწმუნოებასა მიმართ თვისისა მოიზიდა ყოველი სავსება ყოვლისა ქართველთა ნათესავისა“ („დიდი სჯულის კანონი“, 1975, გვ. 546), მაშასადამე წმინდა ნინო, რუისურბნისის
კრების მამებს მიაჩნდათ არა აღმოსავლეთ საქართველოს ე.წ. „ქართის ტომის“ განმანათლებლად, როგორც გვიმტკიცებდნენ საბჭოთა ისტორიკოსები, არამედ მთელი ქართველი ერისა - „ყოველი სავსება ყოვლისა
ქართველთა ნათესავისა“ ასე ერქვა ჩვენს ხალხს მათი სიტყვით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გუშინ ათეისტი დღეს კი “მორწმუნე” ისტორიკოსები გვიმტკიცებენ თითქოსდა ქართველთა იდენტობა, ქართული ეროვნული ცნობიერების ქრისტიანულ ეპოქაში, თითქოსდა ქართველი ერი ქრისტიანობის მიღების შემდეგ ჩამოყალიბდა, რუის-ურბნისის კრებებს, წმინდა მამები ქართველ ერს ჩამოყალიბებულად მიიჩნევდნენ წმ. ანდრიასა და წმ. ნინოს დროს, მათი ეს სწავლება არ იყო პირადი დაკვირვების შედეგი, არამედ
როგორც ისინი აცხადებდნენ ამის შესახებ „ქადაგებენ წიგნნი საეკლესიოთა მოთხრობათანი“ (იქვე, გვ. 546), კერძოდ ამ საეკლესიო წიგნების მიხედვით წმ. ნინომ მთელი ქართველი ერი ე.ი. აღმოსავლეთ, დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ საქართველოს მოსახლეობა ანუ მთელი ქართველი ერი განანათლა ცხადია ამ ცნობას უარყოფენ საბჭოთა მეცნიერები, რადგანაც თუ კი წმ. ანდრიასა და წმ. ნინოს დროს ქართველი ერი უკვე ჩამოყალიბებული იყო და იგი არსებობდა, მაშინ ცხადია ამ ქართველებს არავითარი „ქართიზაცია -
გაქართველება“ არ ესაჭიროებოდა, ნიადაგი ეცლება ასევე მათ თეორიას თითქოსდა VII-X -სს-ში. „ქართიზაცია“ განიცადა დასავლეთ საქართველოს, ტაოკლარჯეთისა და ჰერეთ-აღმოსავლეთ კახეთის მოსახლეობამ. ამიტომაც უარყოფენ ისინი ასე დაბეჯითებით მემატიანეთა საუკუნოვან თვალსაზრისს. (თუ
არ შედიოდა დასავლეთ საქართველო წმ. ანდრიას დროს როგორღა დასჯიდა I-ს-ში მეფე ადერკი წმინდა ანდრიას მიერ მოქცეულ ეგრისისა ანდა ტაოკლარჯეთის ერისთავებს?).

მეფე ფარნავაზის სახელმწიფოს „ ქართლის სამეფო „ ერქვა და ამიტომაც მის დასავლეთ საქართველოს „ ქვემო ივერია „ იგივე „ ქვემო ქართლი „ ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს „ ზემო ქვეყანა „ - „ ზემო ივერია „
ეწოდებოდა , უკვე ქრისტეშობამდე , წყაროებში ხშირია ამის მინიშნება „ქვემო მამულები „ „ ქვემო ერისთავები“, „ ქვემო ქვეყანა „ ეს დასავლეთ საქართველო და მისი მმართველები არიან, ხოლო „ ზემო მამულები“ - როგორც ითქვა აღმოსავლეთ საქართველოს წყაროებში ძალზე ხშირია. ამის
შესახებ მითითებანი ჩვენდა სავალალოდ , XV-XVI საუკუნეების შემდეგ , სულ ერთიანი საქართველოს სახელმწიფო დაიშალა და ჩამოყალიბდა სხვადასხვა ქართული სახელმწიფოებრივი ერთეულები „ქვემო ქართლი“ უკვე არა დასავლეთ საქართველოს, არამედ თბილისის ქვემოთ სომხეთის მიმდებარე
მხარეს ეწოდა ამიტომაც ამ საკითხის ირგვლივ ხშირი იყო შეცდომები თვით ძველ ისტორიკოსთა შრომებშიც. თეიმურაზ ბაგრატიონმა, დიდმა მეცნიერმა და სწავლულმა ამ საკითხს მიაქცია ყურადღება და წერდა: „ფარსმანის გარდაცვალების შემდეგ, მისი ცოლ-შვილი სომხეთში კი არ წაიყვანეს, არამედ
„ქვემო ივერიაში“ - კოლხეთში“ (თეიმურაზ ბაგრატიონი, ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველო, სპბ. , 1848, გვ. 178 შენიშვნა). მაშასადამე ძველი წყაროს „ქვემო ქართლი“ სადაც გადაუხვეწავთ მეფე ფარსმანის ცოლ-შვილი II-III სს-ში, XVIII-ს. ისტორიკოსებს მიუჩნევიათ ე.წ. „სომხითად“ თბილისის ქვემოთ მდებარე მიწა-წყლად, ხოლო თეიმურაზის ცნობით ქვემო ქართლი - კოლხეთს ანუ დასავლეთ საქართველოს ერქვა. ეს ცნობა მე ავიღე „ანტონ კათალიკოსის შეკრებულის მოთხრობიდან, რომელიცა მრავალთა წერილთაგან გამოეკრიბა“ (იგივე, გვ.178). დასავლეთ საქართველოსა და იქ არსებულ აფხაზთა საკათალიკოსოს ბერძნულ საეკლესიო წყაროებში „ ქვემო ივერია“ და „ქვემო ივერიის საარქიეპისკოპოსო“ ეწოდებოდა (იხ. მაქსიმე სარდელი მიტროპოლიტი, „ ივერიის ეკლესია
და მისი ავტოკეფალია ‚, ათენი, 1966, გვ.)

რატომ ეწოდებოდა დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთთან ერთად იბერია ანუ ქართლი? საქმე ის იყო, რომ იბერებით ანუ ქართველური ტომებით დასახლებული იყო უვრცელესი რეგიონები მცირე აზიასა და კავკასიაში, მათი უმთავრესი ნაწილი, საყოველთაოდაა ცნობილი , რომ პონტო-კაბადოკიის, გალატეას , ლაჩიკის (ე.ი. ტრაპიჩანის სანახების), სამხრეთ კავკასიის და ჩრდილო შუამდინარეთისა და ასევე ჩრდილო კავკასიის უდიდესი ნაწილი ქართველთა წინაპრებით იყო დასახლებული. მათ სხვადასხვა სახელებით
მოიხსენიებდნენ (მოსხები, ხალიბები, კარდუხები, კოლხები, ხალდები, ტიბარენები, მოსინიკები, ტაოხები, ლასები, გორდიენები, ტაბალები და სხვები), ყველანი ერთი ეთნოსი ერთი ხალხი იყო სხვადასხვა სატომო სახელებით. იმის შესახებ, ყველანი ისინი ერთი წარმოშობისა და ერთი ეთნიკური წარმომავლობის ხალხია, ცნობებს გვაწვდიან ბერძენი და ლათინი ავტორები, მაგალითად ანტიკური სამყაროს ისტორიოგრაფიის უდიდესი წარმომადგენელის ტაციტუსის (50-117 წწ) აზრით იბერები კოლხური წარმოშობის ხალხია და
ამასთანავე იბერიის სამეფო დინასტია კოლხეთშია ჩამოყალიბებული. ის წერს: „იბერები და ალბანელები ამბობენ, რომ თესალიელებისაგან არიან წარმოშობილნი იმ დროს, როცა იასონი მედეას წაყვანასა და მასთან შვილების გაჩენის შემდეგ დაბრუნდა უკან აიეტის ცარიელ სასახლესა და თავისუფალ კოლხებში“ (ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ“, 1973, გვ. 57);

თესალიელები პელაზგური წარმოშობის ხალხი იყო, პელაზგების შთამომავლებად მიიჩნევდნენ ბერძენ-რომაელი ავტორები კოლხებს მის ნაწილ იბერებს და სხვა ქართველ ტომებს, სტრაბონიც ამასვე აღნიშნავს, თითქოსდა თესალიელ-პელაზგები სახლობდა მცირე აზია - კავკასიაში. შავიზღვისპირეთია აქვე (შემდეგდროინდელ აფხაზეთში) სტრაბონის სიტყვით ფტიოტიელი აქეელებით (იასონის ჯარიდან) დასახლდა (სტარბონი ხჳ, 2, 12); ამავე პელაზგურ-თესალიური წარმოშობისა იყო სამხრეთ კავკასია ალბანეთის
ჩათვლით ვიდრე მიდიამდე და შუამდინარეთამდე (სტრაბონი, ხჳ, 4,8 ). ამავე თვალსაზრისისაა ლათინი ავტორი პომპეის სტროგუსი და სხვანი. აქ ის კი არაა მთავარი, ნამდვილად პელაზ-თესალიელების შთამომაველბი იყვნენ თუ არა იბერები (კოლხები) არამედ ის, რომ მთელი ამ არეალის მოსახლეობა, მისი
ტომები, სხვადასხვა სახელწოდებათა მიუხედავად, როგორც ითქვა იყო ერთი ხალხი, ერთი ეთნიკური წარმოშბის მოსახლეობა.

ეს ერთიანი წარმოშობის ხალხი, მეფე ფარნავაზის ეპოქაში ერთ სახელმწიფოში გაერთიანებულა. ამ ეთნიკური და დინასტიური მთლიანობის აღმნიშვნელია ქუჯი ერისთავის ცნობილი სიტყვები ფარნავაზის მიმართ: „შენ
ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა და შენ გმართებს უფლობა ჩემი, შენ ხარ უფალი ჩვენი და მე მონა შენი“ (ქ.ც. I, ვგ. 22).

პირველ ერთიან დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მომცველ სახელმწიფოში ათასწლეულთა მანძილზე კიდევ უფრო გამთლიანდა და კონსოლიდირდა ქართველი ერი ამიტომაც სპარსელთა და არაბთა შემოსევებმა,
სახელმწიფოებრიობის რყევის მიუხედავად ვერ შესძლო მისი მთლიანობის დარღვევა VI-VIII სს-ში, ამ ეროვნული მთლიანობის გამო IX-X სს-ში არსებული აფხაზთა, ტაო-კლარჯეთსა და კახეთ-ჰერეთის სამეფოებში ქართული ენა იყო ძველებურადვე სახელმწიფო კულტურისა და ღვთისმსახურების ენა.
სამწუხაროდ ფარნავაზის სამეფოს ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა ქართველთა უდიდესი რაოდენობა კაპადოკიასა, პონტოსა და ჩრდილო მესოპოტამიაში, ასევე ისინი იყვნენ მკვიდრი მოსახლეობა შემდეგ ჩამოყალიბებული არმენიის სამეფოსა და ბიზანტიური გავლენის სფეროში მოქცეულ ლაზიკაში
(ტრაპიზონის ოლქში), იქაურ ქართველებს რომელნიც მოექცნენ ძორითადად ბერძნულ გარემოში, და ხდებოდა მათი ელინიზაცია-გაბერძნება (პონტოკაპადოკიასა და ისტორიულ ლაზიკაში), ასევე არმენიზაცია (სომეხთა მიერ დაპყრობილ ისტორიული იბერიის მიწა-წყალზე სტრაბონის მიერ ნახსენებ
ხორძენესა თუ პარიადრეში). უნდა ითქვას, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს ჯერ კიდევ ჰქონდა შენარჩუნებული ეროვნული ცნობიერება და საქართველოშიც ჰქონდათ სიყვარული მათ მიმართ. მაგალითად კაპადოკიელი წმინდა გიორგი, რომელიც მიიჩნეოდა წმინდა ნინოს ბიძაშვილად,
ქართველთა მიერ ეთნიკურ ქართველ წმინდანად განიცდებოდა, კაპადოკიელი წმინდა ნინოს ქართველობის შესახებ გვაქვს სხვადასხვა მწერალთა ცნობები.

ასეთივე ქართველებად მიიჩნეოდა ჩრდილო მესოპოტამიიდან ჩამოსული ასურელი მამები და სხვა წმინდანები, მაგალითად კაპადოკიელი ბასილ დიდი და გრიგოლი ღვთისმეტყველი (ნაძიანძელი), რომელიც პატივცემულ იყო ვახტანგ გორგასლის ეპოქაშივე ეთნიკურ-ეკლესიური სიახლოვის გამო. წმინდა ნინოს
მიერ ბოდბეში (მიდიან ბოლში) დაკრძალვაც ამ ერთიანი ეთნიკური განცდის ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ. აგათანგელოსის IV- ს. სომეხი ისტორიკოსის ცნობით წმინდა ნინომ იქადაგა „ქართველთა შორის კლარჯეთიდან მასქუთებამდე“ ე.ი. კლარჯეთიდან ვიდრე კასპიის ზღვასთან მცხოვრებ მასქუთთა ტომებამდე.

მთელი ეს მიწა-წყალი, სომეხი ისტორიკოსის ცნობით ქართველებით იყო დასახლებული, ანუ ისტორიული ალბანეთის დასავლეთი ნაწილი (ჰერები, ჰერეთი), ეთნიკური ქართველების მიწა-წყალი იყო, ქართულენოვანი (და არა ალბანურენოვანი მოსახლეობით), ამიტომ ქართლის კათალიკოსის იურისდიქციაში შემავალი გვიან შუა საუკუნეებამდე, ამ მხარეთა გამაჰმადიანებამდე ისე როგორც ჩრდილო კავკასია, სადაც ქართული
საეპისკოპოსოები არსებობდა.

საქართველოს სახელმწიფო ამ ეთნიკურ-ეროვნული მთლიანობის გამო კავკასიის უძლიერესი სახელმწიფო იყო.

თემურ ლენგი, რომელიც ჩინეთიდან ხემლთაშუაზღვამდე და მოსკოვამდე განვრცობილი უდიდესი იმპერიის
მპყრობელი იყო, საქართველოს სიძლიერის გამო, იძულებული გახდა. რვაჯერ ელაშქრა ჩვენს ქვეყანაში, ბოლოს იკითხა კიდეც თუ რა იყო ამ სახელმწიფოს სიძლიერის მიზეზი, მოახსენეს, ჩრდილო კავკასიიდან იღებენ ჯარებს. თავიანთ ერთმორწმუნეობისა და ეროვნული ერთიანობის გამო, თემურ-ლენგმა
საგანგებოდ ილაშქრა ჩრდილო კავკასიაში და შეცვალა მისი ეთნიკური სახე, კერძოდ, იქ ჩაასახლა ვოლგისპირეთისა და ციმბირ-ენისეის მოსახლეობა, ასევე სხვადასხვა ჩინურ-მონღოლური ტომები. იქამდე, როგორც ითქვა, ჩრდილო კავკასიის მოსახლეობა - ეთნიკურ ქართველური ტომები იყვნენ, ლეკები,
ჩეჩნები, ჩრდილო კავკასიაშიც მცხოვრები სხვა ხალხები თანდათან ასიმილირდნენ შემოსულ ტომებში და დაკარგეს თავიანთი ძველი ეთნიკური სახე. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით ადიღე-ჩერქეზული ხალხები - თემურ ლენგმა ჩამოასახლა ჩრდილო კავკასიაში (ქ.ც. IV. გვ. 654-6550. ვახუშტის სიტყვით ისტორიული ალანია, რომელიც იქამდე არსებობდა იქ, სადაც შემდგომ ადირე-ჩერქეზები დასახლდნენ, ჯერ კიდევ ჩინგის ყაენის შემდეგ აოხრდა. იქედან აყრილი ოსები კავკასიაში, ქართველებით დასახლებულ დვალეთში დასახლდნენ, ხოლო ადიღე-ჩერქეზებად სახელდებული ტომები და სხვა ტომები თანდათანობით განსაკუთრებით კი თემურ-ლენგის ეპოქაში ჩასახლდნენ იქამდე ქართველებით დასახლებულ ჩრდილო კავკასიაში.

ამის გამო ჩრდილო კავკასიის ეთნიკური სახე შეიცვალა. იქამდე ქართულ-ქართველური ტომები სხვადასხვა ტომებში გაითქვიფნენ, გამაჰმადიანდნენ და საქართველოს მტრებად გადაიქცნენ. გაუქმდა ჩრდილო კავკასიის მრავალი ქართული ეკლესია და საეპისკოპოსო. ძველი აფხაზეთის ეთნიკური სახე შეიცვალა იქ ადიღე-ჩერქეზების (აფსუების) ჩამოსახლების შედეგად.

თანამედროვე უცხოელი ენათმეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქართველური ენები და ინდოევროპული ენები ერთი იაფეტური ფუძე ენიდან არის წარმოშობილი. ხოლო ჩრდილო კავკასიურ ენებს კი მიაკუთვნებენ „სინო (ე.ი. ჩინურ) კავკასიურ“ ენათა ჯგუფს, მასში შედის ე.წ. „აფხაზურ-ადიღეური ენები“.

ნოსტრატიულ (იაფეტურ) ენათა ჯგუფში ქართველური და ინდოევროპული ენების მოთავსება, კიდევ ერთხელ ამტკიცებს უძველესს თეორიას, რომ უვრცელესი ტერიტორია პირინეიდან-კავკასიამდე ქართველთა წინაპრებით იყო დასახლებული, და ამასთანავე გვაგონებს თეორიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის იბერების ნათესაობის შესახებ.

27. XI. 2005
კოლხეთი ქვემო ივერია
დასასრული


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 08:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი