თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ "უდაბნოს ანგელოზი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2017, 02:02 PM

ყველაფერი იოანე ნათლისმცემლის შესახებ ამ თემაში...


"ნათლისღების დროს წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მხოლოდ ხელით შეეხო იესოს თავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამ შეხებით თვითონ იოანემაც მიიღო ნათლობა ძე ღმერთისგან. შემდეგ ისინი გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე".

/არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2017, 11:12 PM

"წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს, რომ "სულითა... ელიასითა" ასე უნდა გავიგოთ: ელია წინასწარმეტყველის მსგავსად წმინდა იოანეშიც მოქმედებდა მადლი; როგორც ელია იქნება წინამორბედი უფლის მეორედ მოსვლისა, ასევე წმინდა იოანე იყო წინამორბედი მაცხოვრის პირველად მოსვლისა. "ძალითა ელიასითა" კი ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველ ელიას და ნათლისმცემელ იოანეს მოსვლას ერთი და იგივე ძალა აქვს - ადამიანები ქრისტესთან მიჰყავს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2017, 11:54 AM

"სახელი, იოანეც, ზეცამ შეურჩია მომავალ წინასწარმეტყველს"

"ნათლობის მიღების მსურველები იოანეს მდინარე იორდანეში შეჰყავდა, აქ იღებდა მათგან აღსარებას და ღმერთს ევედრებოდა მათი ცოდვების მიტევებას. ამის შემდეგ იგი წარმოთქვამდა: "გნათლავთ მომავალი მესიის სახელით", - გვაუწყებს საეკლესიო გადმოცემა".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2017, 10:37 PM

"ბერის სულიერი ცხოვრების პროგრესი და სრულყოფილებისაკენ ლტოლვა თავის უარყოფით, მარხვით და ვნებებთან ბრძოლით იჩენს თავს, სწორედაც იოანეს წელზე შემორტყმული ტყავის ქამარი სხეულის მოკვდინების სიმბოლოდ იქცა, ხოლო სარტყელი სულიერი შრომისთვის მზადყოფნა.
მისი ცხოვრება მიგვანიშნებს, რომ სამოსი და საჭმელი მეორეხარისხოვანია.
წმინდა კლიმენტი რომაელის თქმით, თაფლი, რომელსაც იოანე ჭამდა, მწარე და უამური იყო, ხოლო მხალი, წმინდა ისიდორე პელუროტის განმარტებით, უდაბნოს განსაკუთრებული ბალახის თავები იყო, რითაც, თავისი სულიერი მასწავლებლის მსგავსად, შემდგომ წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი იკვებებოდა".

/არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2017, 03:11 PM

"ჟამთააღმწერლის ცნობით, ოპიზის მონასტერში ინახებოდა წმ. იოანე ნათლისმცემლის ხორხი. გადმოცემით ვიცით, რომ ოპიზის ასაოხრებლად შემოსეულ მონღოლთა ლაშქარს წმ. იოანე ნათლისმცემელმა ქარიშხალი მოუვლინა და ასე იხსნა მონასტერი განადგურებისაგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2017, 01:07 PM

ფსალმუნი 131

17. "მუნ აღმოუცენო რქაი დავითს და განვუმზადო სანთელი ცხებულსა მისსა"

- აქ იშვება მარადიული მეუფე და აქ განვუმზადო სანთელი ცხებულსა მისსაო. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, სანთელში უნდა ვიგულისხმოთ იოანე ნათლისმცემელი, აქ იქნება ანთებული ეს სანთელი, რომელიც გზას განუმზადებს ცხებულს ჩემსა, ანუ განკაცებულ მაცხოვარს - ქრისტესო.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2017, 10:10 AM

ნათლისმცემელი იოანე. უფლის წინამორბედს დიდ პატივს მიაგებდნენ ქართველები. მთაში მას "ბალღების მფარველს" ეძახდნენ. ამიტომაც შვილებს მის სახელს ხშირად არქმევდნენ. წმინდა იონეც დიდად შეეწეოდა ჩვენს წინაპრებს.

ეს ამბავი XIII საუკუნეში მოხდა. თეგუთარს, აბაღა ყაენის მამას, ესმა ოპიზის მონასტრის სიმდიდრე და მისი გაძარცვა მოინდომა. ათასი მხედრით ოპიზისკენ დაიძრა. მაგრამ "არა დაიდუმნა მსჯავრმან ზენამან", წმინდა იოანე ნათლისმცემლის გამო, ვისი სახელობისაცაა მონასტერი და იქ მოღვაწე მტრისგან მოწყვეტილ წმინდა მამათა ლოცვით დაიხსნა წმინდა სავანე. მტერი დადგა იმ მთის ძირას, რომლის თავშიც ოპიზის მონასტერია აშენებული. ამ მთის ძირში, რომელსაც ძეგლს ეძახდნენ, იდგა წმინდა გიორგის ეკლესია. ისეთი ნისლი ჩამოწვა, მტერი წინ ვერ მიიწევდა. მოვარდა წვიმა, სეტყვა, ხორშაკი, მდინარესავით წამოვიდა ნიაღვარი, წაიღო თათარნი ცხენიან-კაციანად. მხოლოდ ერთი ამბის მთხრობელი გადარჩა, რომელიც ეახლა თეგუთარს და უთხრა, - იქ ღვთის სახლია და მისვლას ერიდეო.

წმინდა ალექსი შუშანია რამდენიმე წელი სალოსობდა, მერე კი თავის დედასა და დებს სთხოვა, ერთი შვიდეული ემარხულათ და შევედრებოდნენ მაცხოვარს, განეცხადებინა მათთვის თავისი ნება - ამიერიდან როგორ ეცხოვრა. ბოლო ღამეს წმინდა ალექსიმ იხილა: ერთი საჟენის სიმაღლეზე გამოჩნდა ჰაერზე მდგომარე იოანე ნათლისმცემელი, ისე, როგორც ისრაელში იმოსებოდნენ, ხელში ჯვრიანი კვერთხი ეპყრა და ალექსის უთხრა: "რას წუხხარ?" "არ ვიცი, წმინდაო, რა გზას დავადგე", - მიუგო წმინდა ალექსიმ. იოანემ უთხრა: "შენთვის დაუსაბამო ღმერთს ვთხოვეთ და ბრძანა: "თერთმეტამდე არ იქნება და თერთმეტის შემდეგ ნახავო". მხოლოდ ამ ხილვიდან მეთერთმეტე წელს გამჟღავნდა უფლის ნება, როცა წმინდა ალექსიმ ნებართვა მიიღო მწყემსმთავრისგან და ზედა თეკლათში მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი ააშენა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2017, 11:07 AM

"დარიალისკენ, თერგის ნაპირას ნათლისმცემლის ნიშია, სადაც 11 სექტემბერს დიდი ხატობა - "ივანობა" იმართებოდა. აქვეა ნათლისმცემლის კლდეზე აგებული ერთ-ერთი უძველესი ტაძარი. ეს ეკლესია ადრე მოხატული ყოფილა. წინათ აქ მთელი ხევი მოდიოდა. ივანობას ხატობაში "ბერად შეყენებულს" მიიყვანდნენ, ხელში თავის სიგრძე კელაპტარს მისცემდნენ და წმინდა იოანეს შეავედრებდნენ. წმინდა იოანე ნათლისმცემელს ხევში ბავშვების მფარველად მიიჩნევენ. წინათ მოხუცი დედაკაცები ნათლისმცემლის პატივსაცემად თეთრი სამოსით შემოსილნი ფეხშიშველნი მიდიოდნენ სალოცავში. ზოგი ავადმყოფ შვილს ნათლისმცემლის წყაროზე დაბანდა პირს, თანაც წმინდა იოანეს შეავედრებდა პატარას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2017, 06:17 PM

"ეს იოანე ნათლისმცემელია, მონაზონთა მოძღვარი და მასწავლებელი. მასთან ერთობაში ყოფნის მსურველებმა მის ცხოვრებასა და სათნოებებს უნდა მიბაძონ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2017, 06:02 PM

"იოანე ნათლისცმელის სახე მკაცრია, ასკეტური. იგი უდაბნოს მკვიდრია, ამა სოფლისგან გარიყული. მას წინამორბედს უწოდებენ, რამეთუ იგი წინ უძღვის ქრისტეს გამოჩენას. ყველაფერი, რაც ქრისტეს შეემთხვა, თავდაპირველად წინამორბედს ერგო წილად. იოანეს მშობლებს ხარება ღვთისმშობელზე ადრე ეუწყათ, იგი ქრისტეზე ადრე იშვა და უდაბნოშიც მასზე აზრე წავიდა. ნათლისმცემელი ქრისტეზე ადრე ქადაგებს იმას, რაც შემდეგ მაცხოვარმა იქადაგა: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" (მათე, 3,2). იოანე ქრისტეზე ადრე მიეცა სიკვდილს, შეურაცხყოფა და საპყრობილეც მაზე უწინ გამოსცადა; ჯოჯოხეთშიც უფრო ადრე ჩავიდა და იქ მყოფთ ქრისტე უქადაგა".


/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 11:03 AM

"იოანე ნათლისმცემელი ჩვენი სინდისია, ხმამაღლა რომ გვამხელს ცოდვის ჩადენის დროს. ჩვენ გვეზიზღება სინდისი, გვსურს მიყუჩდეს და არ გვაწამებდეს, ამიტომ მას ვახშობთ, ვთრგუნავთ და თავის გამართლებას ვეძებთ. ეს იოანეს დილეგში ჩამწყვდევას ჰგავს".

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 10:36 PM

"1204 წლის 13 აპრილს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, დასავლეთის რაინდებმა ბიზანტიის დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი, აიღეს, დაარბიეს და გაძარცვეს. როგორც ლათინთა გადმოცემა მოწმობს, ვალონ დე სარტონმა, რომელიც პიკინიიდან იყო, ერთ-ერთი სასახლის ნანგრევებში იპოვა ფუტლიარი, რომელშიც ვერცხლის მოზრდილ თეფშზე, შუშის ზარხუფის ქვეშ, იდო ადამიანის თავის ქალას სახის ნაწილი ქვედა ყბის გარეშე. მარცხენა წარბის ზემოთ ღრმული მოჩანდა, სავარაუდოდ, ნახანჯლარი. ვალონმა თეფშზე ბერძნული წარწერა ამოიკითხა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილი იყო. ამასთან, წარბთან არსებული ღრმული თანხვდებოდა იმ ფაქტს, რომელსაც ნეტარი იერონიმე აღწერდა. მისი მოწმობით, გაცეცხლებულმა ჰეროდიადამ წმინდანის მოჭრილ თავს ხანჯალი ჩასცა."

/"კარიბჭე" N18, 2006, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 09:02 AM

"- ტრადიციულად როგორი სახით გამოისახებოდა უფლის წინამორბედი?

- მაგალითად, სინას მთის ხატზე წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამოსახულია აქლემის ბეწვის შესამოსლით. აქლემი უდაბნოს ცხოველია. ამაში დევს გარკვეულწილად ამქვეყნიური რეალიზმიც და სიმბოლური დატვირთვაც. აქლემი გახლავთ სანახევროდ წმინდა, სანახევროდ უწმინდური ცხოველი და მისი ბეწვით შემოსილობა მინიშნებაა სწორედ იმაზე, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის უდაბნოს მქადაგებელი, "ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა". წმინდა იოანეს გამოსახულებები გვხვდება სხვადასხვა იკონოგრაფიულ ვარიანტში. მათ შორის გამოსახულია ფრთებით, როგორც უდაბნოს ანგელოზი. საგალობლებში მას უწოდებენ ,,თანამზრახველს ანგელოზთა". ფრთები არის მინიშნება მის არაამქვეყნიურ ბუნებაზეც.

ძალიან ხშირად წმინდა იოანეს ხელთ უპყრია ჯვრით დაბოლოებული კვერთხი, არის ისეთი ხატებიც, სადაც მას ხელთ აქვს ლანგარი, რომელზეც მისი მოკვეთილი თავია დასვენებული. ხატები მოკვეთილთავიანი გამოსახულებებით შედარებით გვიან, დაახლოებით XIII საუკუნიდან ჩნდება, რაც დაკავშირებულია მისი აღსრულების ისტორიასთან. მოკვეთილი თავის გამოსახულებებს ვხვდებით ასევე სცენებში, რომლებშიც არის სალომეა მოკვეთილთავიანი ლანგრით და იქვე, გვერდზე წარმოდგენილია თავის კვეთის სცენაც. ანუ ასეთ გამოსახულებებში ჩნდება ხატისთვის დამახასიათებელი თვისებები. შესაძლებელია უკვე ერთ ხატში გაერთიანდეს, ერთ სიბრტყეზე წარმოდგეს არაერთდროული მოვლენები და ეპიზოდები."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 10:00 AM

"ოჰ, მსწრაფლგამომასწორებელო კაცთმოყვარე სასჯელო!.. ანგელოზს ხმადაბრკოლებული (იგულისხმება ზაქარია) გონს მოჰყავს და კადნიერ ენას ლაგამს სდებს.

დამუნჯებული დაბადებას მოელის ხმისას, ზაქარია - იოანეს, მოხუცი - შვილს, მღვდელმსახური - წინასწარმეტყველს".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2017, 10:33 PM

-

"- რატომ დააწესა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს ეკლესიამ მძიმე მარხვა?

- იოანე ნათლისმცემლის შესახებ თავად უფალი ბრძანებს: "არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი უფროის იოანე ნათლისმცემლისა..." მის სახელზე დადგენილია ეს ერთდღიანი მარხვა - მარხვა სინანულისა, რომლის დაცვითაც აქედან, ჩვენი დროიდან ვეხმიანებით და გამოვხატავთ ჩვენს შინაგან პროტესტს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის მიმართ. პროტესტს გამოვხატავთ ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვებითაც - ოთხშაბათის მარხვით ვაღიარებთ, რომ არ ვართ იუდას მსგავსნი, პარასკევის მარხვით კი - რომ არ ვდგავართ იმათ გვერდით, რომლებიც გაიძახოდნენ: "ჯვარს აცვი იგი".

/მეუფე ანტონი (ბულუხია)/

"ის [წმ. იოანე ნათლისმცემელი] არის ხიდი ძველსა და ახალ აღთქმას შორის - კაცობრიობა ძველი აღთქმიდან ახალში გადაჰყავს, სინანული გარეგნულიდან შინაგანში გადააქვს."

/მეუფე ანტონი (ბულუხია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2017, 01:05 PM

"ძალზე ახალგაზრდა იყო მამა ეფრემი (ერისკაცობაში იანაკისი), როცა მამა იოსებ ათონელის (მღვიმელის) ამბავი შეიტყო და მოესურვა ათონის მთაზე ბერად შედგომა. "ხომალდი წმინდა ანას სკიტის ნავმისადგომს მიაგა, სადაც პატიოსანი მამა ღირსი არსენი (მამა იოსების მეგობარი და თანამოსაგრე) გველოდებოდა, - ჰყვება იგი, - "შენ ხომ არა ხარ ვოლოსელი იანაკისი?" - მკითხა მან. "დიახ, მამაო, მაგრამ საიდან მიცნობთ?" "ეს მამა იოსებმა წმინდა ნათლისმცემლისგან შეიტყო - იგი მას გამოეცხადა გუშინ საღამოს და უთხრა: "ჩემს ერთ კრავს გიგზავნი და შენს ბაკში შეიყვანეო", - მითხრა მამა არსენმა. ფიქრები წმინდა იოანე ნათლისმცემლისკენ გამექცა, ჩემს მფარველთან, რომლის დაბადების დღესაც დავიბადე. უდიდესი მადლიერება ვიგრძენი ჩემდამი ზრუნვის გამო".

იმ საღამოს იანაკისმა მღვიმეში გამოკვეთილ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მუხლი მოიდრიკა, რაც ნიშნავდა მორჩილად შედგომას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:19 AM

"თეკლათის დედათა მონასტერშია წმინდა იოანეს ცერა თითის ძვალი, რომელიც დეკანოზ გიორგი ახვლედიანს საბერძნეთში შეუძენია ორას თუმნად. არსებობენ თვითმხილველნი, რომლებიც შესწრებიან თეკლათში დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევას ნათლისღებისას, რომელიც მამა კონსტანტინემ (ქვარაია) შეასრულა. მამა კონსტანტინემ წყალში წმინდა იოანეს ცერი შთაასვენა. ამ ხანგრძლივი ლოცვის განმავლობაში წმინდა იოანეს თითი წყლის ზედაპირზე ვერტიკალურად იდგა და თითქოს უხილავად აკურთხებდა წყალს."

"მამა პაისის ათონზე განმარტოებისთვის ივერიის სკიტის ახლოს ერთი ადგილი მოეწონა. როცა კურთხევისთვის სკიტის უფროს მონაზონთან მივიდა, იქ კალივის აშენების ნება დამრთეთო, მონაზონი აყვირდა - თავი ვინ გგონია? რომელი მოღვაწე შენა ხარო! იმავე ღამეს გამოეცხადა ამ მონაზონს წმინდა იოანე ნათლისმცემელი, ვისი სახელობისაცაა ეს სკიტი, და ცემა დაუწყო. შეშინებულს გამოეღვიძა, გაიქცა ტაძარში. წირვის შემდეგ შეყარა მამები და ყველაფერი უამბო. მათ განსაჯეს და მამა პაისის არა მარტო ამორჩეულ ადგილას დასახლების ნება მისცეს, სამშენებლო მასალით დატვირთული ჯორებიც კი გამოუგზავნეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:31 AM

-

"ძალიან ძნელია ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოიძებნოს ისეთი უდიდესი დღესასწაული (თუ არ ჩავთვლით ჯვარცმასა და შემდგომ აღდგომას მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი) თავისი ტრაგიზმით და სულიერი გაცისკროვნებით, როგორიც იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთაა."

/დეკ. დავით ხაჭაპურიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:47 AM

"იოანე ნათლისმცემლის სახელდება "წინამორბედი" მის უდაბნოდან გამოსვლას, ქადაგებას და მაცხოვრამდე ექვსი თვით ადრე შობას გულისხმობს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 04:20 PM

"მოკვეთილი თავის ბაგემ კიდევ ერთხელ ამხილა ჰეროდე ანტიპა: "ჰეროდე, შენ არ უნდა გესვას ფილიპეს ცოლი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:54 PM

"უმწიკვლო და უზადო წინასწარმეტყველი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 10:41 AM

"წმინდა იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებიდან გამომდინარე მისი სახე ძირითადად არის გამხდარი და ასკეტური, თმა - გაწეწილი".


"წმინდა იოანე ნათლისმცემელი, როგორც "უზეშთაესი წმინდანთა შორის", წელიწადში ყველაზე ხშირად იხსენიება. ჯერ მარტო სამჯერ არის დაწესებული მისი პატიოსანი თავის პოვნის დღე. შევთხოვოთ ამ უდიდეს წმინდანს, როგორც ეს მისი უმთავრესი მისიაა, უფლის წინაშე იყოს შემწე და მფარველი ადამის მოდგმისა და ჩვენი ერისა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 11:00 AM

"მამა ისააკი (დიონისელი, +1932) მორჩილობისას მოძღვარმა ზამთარში სასწრაფო საქმეზე კარიესიდან დიონისიატში გაგზავნა. ხუთი საათის სავალი იყო ეს გზა. მიდის მამა ისააკი, თოვლმა ბილიკი დაფარა და აღარ იცის, რა ქნას ახალგაზრდა მორჩილმა. აღაპყრო ხელნი, შეევედრა უფალს და წმინდა იოანე ნათლისმცემელს და მონასტერში მიყვანა სთხოვა. წამისყოფაში მამა ისააკი საღმრთო განგებულებით უფალმა დიონისეს მონასტრის კარებთან გადაიყვანა. მონასტრის დარაჯი კარს კეტავდა, როცა მის წინ მამა ისააკი გაჩნდა, შეეშინდა და ეს შიში უფრო გაუძლიერდა, მამა ისააკის უკან თოვლში ნაკვალევი რომ ვერ დაინახა - როგორ მოხვდი აქ ამ თოვაშიო. მამა ისააკმა სასწაულის გამჟღავნება არ მოისურვა: "მე აქ მორჩილებით მოვედი ღვთის წყალობითა და წმინდანის მეოხებითო" და წმინდა იოანეს ხატზე მიუთითა."



"დიონისეს მონასტერში ყოველდღიურად 50 სეფისკვერს აცხობდნენ და მონასტრის საჭიროების გარდა განდეგილ ბერებს ურიგებდნენ ლიტურგიისთვის. მაგრამ იმ წელიწადს ფქვილი ცოტა ჰქონდათ. თებერვალში მნეებმა გამოთვალეს, რომ მხოლოდ მათ თუ ეყოფოდათ ფქვილი ახალ მოსავლამდე. მივიდნენ მამა ისააკთან და უთხრეს, ბოლო ტომარაღა დაგვრჩა და განდეგილებს სეფისკვერებს ვერ მივცემთო. რა ექნა მამა ისააკს, ძმებიც მართლები იყვნენ, მაგრამ განდეგილებისთვის როგორ მოეკლო წმინდა იოანე ნათლისმცემლის კურთხევა. მივიდა წმინდა იოანეს ხატთან, ფერხნი დაუკოცნა და როგორც უფროს ძმას, ბავშვური გულწრფელობით შესთხოვა: "წმინდაო ნათლისმცემელო, მე გავაგრძელებ განდეგილებისთვის სეფისკვერის მიცემას. შენ კი შენი წმინდანობით სასწაული ჰქენი, იმგვარად მოიქეცი, რომ ფქვილი ახალ მოსავლამდე გვეყოს".

სასწაული მოხდა: 22 ივნისამდე ჩვეულებისამებრ აცხობდნენ პურს, ტომარაში კი ფქვილი არ ილეოდა, ნათლისმცემლის შობის დღესასწაულიდან ორი დღის მერე კი მონასტრის ნავსადგურს ხორბლით დატვირთული ხომალდი მოადგა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:07 AM

"ჰეროდე არაერთგზის ამხილა იოანე ნათლისცემელმა, მაგრამ ის ვერ ბედავდა, შეხებოდა მას. როდესაც საბაბი მიეცა, ბრძანა, თავი მოეკვეთათ მისთვის: თავის დაბადების დღეზე გამართული ლხინის დროს ჰეროდიადას ასულის ცეკვით აღატაცებულმა ჰეროდემ ქალს ნახევარი სამეფო აღუთქვა. სალომეამ დედას მიაშურა რჩევისთვის და მისი შეგონებით სანაცვლოდ ითხოვა "თავი იოანე ნათლისმცემლისაი". ჰეროდე დასთანხმდა და აღასრულა ის, რაც გულში ადრიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ხალხის შიშით ვერ ბედავდა. ფიცი კი ჩანაფიქრის აღსრულების სიმტკიცის საბაბად გამოიყენა და უზნეო სათხოვარი აღასრულა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "რა უნდა იყოს იმაზე საზარელი, წყალობის ნაცვლად კაცის მოკვლა ითხოვოო". წარმოიდგინეთ - ნახევარ სამეფოს გთავაზობენ, შენ კი ამის ნაცვლად ადამიანის მოკვლას ითხოვ და ამას წყალობად თვლი!"

/მეუფე ანტონი (ბულუხია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2017, 11:28 AM

"ათონელმა მამა სერგიმ (ვესნინი) 1843 წელს, კონსტანტინოპოლში ყოფნისას, ბალაკლიის ტაძარი მოილოცა. აქ უძველესი დროიდან სასწაულმოქმედი წყარო მოედინებოდა. მამა სერგი ჰყვება: ამ ტაძარში ხშირად მოდიოდა სულთანი მაჰმუდ II, რომელზეც ამბობენ, ფარული ქრისტიანი იყოო. მან 2000 ფირმანი გაიღო ახალი ტაძრების ასაშენებლად. მათ შორის იყო ბალაკლიის ტაძარიც, რომელსაც ფულთან ერთად შესწირა ორი დიდი ხატი წმინდა იოანე ნათლისმცემლისა, რომლის მიმართაც კრძალვა ჰქონდა, და ხატი წმინდა ზაქარიასი, წმინდა იოანეს მამისა. თურმე როცა მან წმინდა იოანეს ხატი დაინახა, იკითხა, "სად არის მამამისი, თუ ძეს ასეთ პატივს მიაგებენ, მამაც უნდა იყოს მისი დიდების თანამონაწილე და არა მისგან განშორებულიო". სულთან მაჰმუდის ბრძანებით, კანკელში წმინდა ზაქარიას ხატიც მოათავსეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2017, 10:45 AM

"[იოანე ნათლისმცემელი] საპყრობილეში ითანგებოდა სიმართლის გამო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2017, 08:57 PM

----

"უფლის ხორციელი ნათესავის [წმ. იოანე ნათლისმცემლის] მთელი ცხოვრება ღვთისადმი მიძღვნილი ერთი ამოსუნთქვა იყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 08:50 PM

"ზამთარში, როცა სალომეა გაყინულ მდინარე სიკორისზე გადადიოდა, ყინული ჩაუტყდა და წყალში ისე ჩავარდა, რომ ყინულმა თავი მოაჭრა... გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს; ხოლო თავად ტეტრარქი და მისი ცოლი, გადმოცემით, ცოცხლად შთანთქა მიწამ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2017, 09:56 PM

"დღეს მცირე დიდი პარასკევია, რადგან დღეს მოაკვდინეს დედათა ნაშობთაგან უდიდესი - წმინდა წინასწარმეტყველი და ნათლისმცემელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - იოანე. დიდ პარასკევს ადამიანებმა ღმერთი მოკლეს, როდესაც იგი ჯვარს აცვეს. დღევანდელ წმინდა დღეს კი ადამიანებმა მოკლეს ადამიანებს შორის უაღმატებულესი".

/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 10:04 AM

"მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს, როდესაც იოანე ქადაგებდა, კაცთა, მით უფრო ღვთის რჩეული ერის, შვილების გულები უდაბნოდ იყო ქცეული და მისი ხმა იყო "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", მან თავისი მისია აღასრულა".



"იოანეს ქადაგებით არაერთი ადამიანი სინანულით განიმსჭვალა. მივიდა უფალთან, მისი ქადადგებით შეიცნეს ქრისტე. სწორედ იოანეს მოწაფეები იყვნენ ურჩეულესი უფლის მოციქულთა შორის - ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი. ვიდრე მაცხოვარს გაჰყვებოდნენ".



"რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღემატება იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია (აქ იესო თავის თავზე ლაპარაკობს, რადგან მაცხოვარი ასაკითაც და ებრაელთა შორის პატივისცემითაც იოანეზე მცირე იყო. არის მეორე განმარტებაც, რომ იესოს მოწაფეებს იმისთანა წინააღმდეგობები შეხვდათ, რომ უმცირესი მათგანი იოანეზე მეტ ჯილდოს მიიღებს)".



"წმინდა იოანე ნათლისმცემელმა არა მხოლოდ შობით, მოწამებრივი სიკვდილითაც წინაუსწრო მაცხოვარს".



"სავარაუდოდ, სწორედ ჰეროდეადას დაჟინებული მოთხოვნით ჩააგდო ანტიპამ იოანე მახერუნის ჯურღმულში, რომლის ნანდგრევები დღესაც შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 09:38 PM

"როგორც "სახარება" გვაუწყებს, მაცხოვრის კაცთა წინაშე გამოჩენას და ნათლისღებას წინ უძღვოდა იოანეს გამოსვლა უდაბნოდან, მისი განცხადება ხალხის წინაშე. მას მანამდე ადამიანებთან ურთიერთობა არ ჰქონდა".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 10:49 AM

"იოანეს წინამორბედობა სჭირდებოდა არა უფალს, არამედ ადამიანებს, რათა იმით, რომ უკვე წინამორბედი გამოჩნდა, გამზადებულიყვნენ მხსნელთან შესახვედრად".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 08:40 PM

"ის [წმ. იოანე ნათლისმცემელი] თავისი ცხოვრებით თვალსაჩინო იყო ყველასთვის. ისე, როგორც იოანე ცხოვრობდა, მანამდე არავის უცხოვრია, ყველა ხვდებოდა, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი კაცი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2017, 10:30 AM

"ქრისტიანობის დამცირების მიზნით [იულიანე განდგომილმა] წმინდა ელისესა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილები (წმინდა იოანეს პატიოსანი თავისა და მარჯვენის გარდა) პირუტყვთა ძვლებში არია, დაწვა და ფერფლი მიმოფანტა. დაწვას გადარჩენილი ნაწილები ქრისტიანებმა გადამალეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:26 PM

"სახარებაში მოხსენიებული მკალი, რომელსაც წმინდა იოანე ნათლისმცემელი თაფლთან ერთად იღებდა, ერთ-ერთი განმარტებით განსაკუთრებული სახეობის კალია იყო, რომელსაც ადგილობრივები საკვებად იყენებდნენ"

/"კარიბჭე" N22, 2006, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2018, 09:49 PM

"მისი [მამა იუსტინეს] სიტყვებით, წმიდა წინამორბედი იყო ყველაზე უბედური ადამიანი მსოფლიოში. იგი ხომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა დედასთან ერთად უდაბნოში გავიდა, ხოლო როცა დედა გარდაეცვალა, თავად იქვე დარჩა, და ღმერთი მას თავისი ანგელოზებით იფარავდა.

ყველაფერი სუფთა იყო - მოწმენდილი ცაც და ციდან წამოსული წვიმაც, მიწაც და ქვებიც, და არ იცოდა მან ცოდვა, ღმერთის ანგელოზივით ცხოვრობდა სხეულში. და მაშინ მოდის მასთან ხალხი ცოდვების აღიარებით.

ეს ადამიანები ახვავებენ წინამორბედის წინაშე საკუთარ ცოდვებს, რომლებიც ბორცვს ქმნიან, მერე ეს ბორცვი მთასავით იზრდება და არ შეუძლია წინამორბედს ამ ცოდვების გაძლება.

ხომ იცით, როგორიც ცოდვები აქვთ ადამიანებს და როგორ ცოდვებს დაატარებენ გულით. და აი, წინამორბედს ეწყება სასოწარკვეთა: "უფალო, ეს არის ადამიანი, რომელიც შენ შეჰქმენი? ეს არის შენი ხელთქმნილი?"

წინამორბედმა დანთქმა იწყო. ხალხის მასა კი მოდის და მოდის აღსარებისთვის - კიდევ რამდენი ცოდვა უნდა დაახვავონ? და როცა უკვე წინამორბედს გაძლება აღარ შეუძლია, უცებ მას ღმერთი ეუბნება: "აი, ტარიგი ღვთისა, ამ ცოდვილებს შორის ერთადერთი, რომელმაც ყოველთა და ყოვლისა ცოდვები იტვირთა".

და აი, ყველაზე უბედური ადამიანი ყველაზე ბედნიერი ხდება. დიდება შენდა უფალო! ე. ი. შესაძლებელია ამ ცოდვებისგან და, საერთოდ, ყველა ცოდვისგან გამოხსნა".

/"კანდელი" N1, 2018, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2018, 08:30 PM

"...ვინც შეინანებდა და გულით ირწმუნებდა მომავალ მესიას, მდინარე იორდანეში ნათლავდა..."

------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2019, 07:10 PM

------------------------

"იოანე ნათლისმცემელი ჩვენი სინდისია, ხმამაღლა რომ გვამხელს ცოდვის ჩადენის დროს. ჩვენ გვეზიზღება სინდისი, გვსურს მიყუჩდეს და არ გვაწამებდეს, ამიტომ მას ვახშობთ, ვთრგუნავთ და თავის გამართლებას ვეძებთ. ეს იოანეს დილეგში ჩამწყვდევას ჰგავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2019, 05:32 PM

"აღმოსავლეთში ჰქონდათ ჩვეულება, როდესაც მეფე სადმე წასვლას დააპირებდა, მას წინ უძღოდნენ მომსწორებლები, რომელთაც ევალებოდათ მოესწორებინათ ბორცვი ან რიამე უსწორმასწორო ადგილი, რომ მეფეს და მის ამალას გადაადგილებისას ხელი არ შეშლოდათ. ასეთივე მისია უნდა აეღო თავის თავზე იოანე ნათლისმცემელს. მას უნდა მოესწორებინა გზა მაცხოვრის მისაღებად.

"განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი" (ლკ. 3,4). იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში აღიზარდა, თავს იდო სჯულის მთელი სიმკაცრე და მცდელობას არ იშურებდა იმისათვის, რომ ებრაელ ხალხს გაეცნობიერებინა თავიანთი ცოდვები, რადგანაც იცოდა, ცოდვათა დამხსნელი უკვე მოსული იყო. იგი არ ერიდება მათ მხილებას და თუ არ შეინანებენ, არ იქნებიან ღირსნი, იწოდებოდნენ აბრაამის შთამომავლებად.

ხალხში იმდენად დიდი იყო იოანეს ავტორიტეტი, რომ ბევრს იგი მესია ეგონა. "მე ნათელ-გცემთ თქვენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ხამლთა მისთა ტვირთვად: მან ნათელ-გცეს თქვენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა", - განუმარტავდა იგი თანამემამულეთ.

იოანემ ღვთის განგებულებით პირველი შეხედვისთანავე იცნო მაცხოვარი და მისი დანახვით შემკრთალი ეუბნება: "მე მიხმს შენ მიერ ნათლისღებად და შენ ჩემთანა მოხუალა?" (მათე 3,14). უფალი შეძრწუნებულ იოანეს მიუგებს: "აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე".

მას შემდეგ, რაც იოანემ თავისი მისია აღასრულა, როგორც კი წყლიდან ამოვიდა, "აჰა, განეხუნეს მას ცანი და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ხმაი იყო ზეცით და თქუა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (მათე 3,16-17). სწორედ მაშინ მოხდა პირველად ყოვლადწმინდა სამების გაცხადება: მამა - რომლის ხმა ზეციდან მოწმობდა, ძე ღვთისა - რომელმაც ნათელიღო და სულიწმიდა - გარდამომავალი მტრედის სახით."

/მამა დავით რუხაძე/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)