IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ტერენტი გრანელი, XX საუკუნის პოეზია
toko:
პოსტი Jan 9 2008, 09:01 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 9-January 08
წევრი № 3,587



ტერენტი გრანელი (კვირკველია) (1897-1934)
(ბიოგრაფიული ცნობები)
IPB-ს სურათი
ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა.

გავიდა ხანი. უბედურმა შემთხვევამ (სახლი დაეწვათ) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. უღარიბესი გლეხის შვილმა ბავშვობიდანვე გამოსცადა ცხოვრების სიმკაცრე. გახდა გულჩათხრობილი, სევდიანი. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, აღსავსე იყო წინააღმდეგობებით. იგი გაიტაცა ეროვნული თავისუფლების იდეამ. ტერენტი, როგორც თავისი ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე, მტკიცედ დადგა იმ ინტელიგენციის მხარეზე, რომლის უპირველესი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დეე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“ (გაზ. „ია“, 1919 წ.).

ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე:

„ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“ („სახალხო საქმე“, №202, 1918 წ.).

ტერენტის სწყუროდა სწავლა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ტერენტის თავისი პირველი ლექსი ამავე გაზეთში დაუბეჭდავს. პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.

ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ატყვია სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.

1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.

1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.

...მარტის სუსხიანი ამინდია. რუსთაველზე გამვლელთა ყურადღებას იქცევს თეთრი სატინისხალათიანი ჭაბუკი, ია-იებით ხელში. გამვლელნი განცვიფრებით შეჰყურებენ მას. შუა ტანის, პროპორციულად, მკვიდრად ნაგები სხეული; საკმაოდ ლამაზ, შთაგონებულ სახეს უმშვენებს მაღალი შუბლი, უკან გადავარცხნილი ხვეული, წაბლისფერი თმა. მოცისფრო თვალების ჭკვიანი, აზრიანი გამომეტყველება თავისებურ იერს ანიჭებს ჭაბუკი პოეტის სევდიან სახეს. ქარიშხალგამოვლილს მიუგავს მზითა და წვიმით გარუჯული ნაწრთობი სახე, სპილენძისფერი რომ გადაჰკვრია.

ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“.

ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას. ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო.

მეგბარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა.

ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, საოცრად გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდებელია და პირში მთქმელი.

დიდ ხელმოკლეობას განიცდის. არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია.

ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევს. ხშირად დადის მთაწმინდასა და დიდუბის პანთეონში. უყვარს საღამოს ბინდ-ბუნდი, სასაფლაოს მდუმარება, მარტო ყოფნა თავის ფიქრებთან. გაიგონებს თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკის ხმებს, მაშინვე აედევნება პროცესიას, დაიკრეფს გულზე ხელებს და მდუმარედ გაჰყვება სასაფლაომდე. არ იკითხავს, ვის ან სად ასაფლავებენ. ეს სულ ერთია. იცის, ვიღაცას გლოვობენ და თვითონაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდება.

ხშირად ესწრება წირვებს, უყვარს საეკლესიო გალობა, კათოლიკეთა ეკლესიის ორღანოს ხმა. განსაკუთრებით იტაცებს სააღდგომო ცერემონიალი, რაღაც შეუცნობელ ექსტაზს რომ განაცდევინებს. საოცრად განიცდის მუსიკას. შეუძლია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგეს ქუჩაში და გარინდებულმა უსმინოს როიალის ხმას. უყვარს ეტლით სეირნობა, ყვავილები. უფრო ვარდი და ია. ცაციათი გულზე მიიხუტებს იის კონას და პირველსავე შემხვედრ მეგობარ ქალს მიართმევს. დროდადრო დებსაც ესტუმრება წალენჯიხაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ძლებს და უმალ თბილისს უბრუნდება. უყვარს თბილისი. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მოჩვენებასავით დაეხეტება მის ქუჩებში, მუდამ ნერვიული და ფერმკრთალი, თმააწეწილი; ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსი აცვია. თრთოლვით წერს ლექსებს, მისი ლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშაა შექმნილი.

ტერენტი გრანელის პოეზიამ 1924 წელს მიაღწია თავის მწვერვალს. მან გამოსცა ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“. ამ წიგნის გამოსვლად ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.

1926 წელს ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების უკანასკნელი წიგნი. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. გოეთე წერდა: „ადამიანის ბუნებას... განსაზღვრულ მიჯნამდის თუ ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილის თუ ტანჯვის გადატანა; როცა იგი ამ მიჯნას გადასცდება, უთუოდ დაიღუპება“.

სწორედ ასევე დაემართა გრანელსაც. გამხდარი და დაუძლურებული ძლივსღა დააბიჯებდა. ჩაუქრა შთაგონებული თვალების ელვარება, მთლად მოეშვა. დადიოდა თბილისის ქუჩებში - ცოცხალი გლოვა და სევდა. უბით დაჰქონდა „სისხლიანი რვეული“ და მისი სახე სანთელივით დნებოდა.

უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა.
IPB-ს სურათი
...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა.IPB-ს სურათი

ლერი ალიმონაკი
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი 1972

ისევ სიშორეზე

მთვარიანი ღამის ორი საათია,
შუა ქალაქისკენ მივალ მგლოვიარე.
ფიქრში უიმედო ხმები გადადიან,
როცა სიშორეზე ტირის როიალი.

ქალაქიდან ქალი სადღაც გაემგზავრა,
ღამის ორთქლმავალი კივის გადარევით.
ჩემი იმედები ისევ გაიბზარა,
უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით.

სოფლის მეშინია, თბილისს ვეფარები
და შენ მაგონდები, როგორც მზე წარსულის.
მთვარეს იტაცებენ მრისხანე ქარები
და ქუჩის ფარნები ბჟუტავს ფერწასული.

ქრება ის უმანკო და შუქი ნუგეშის,
მე ქვეყნის წინაშე ვდგავარ მგლოვიარე.
გული ასვენია მაღალ სიჩუმეში,
თანაც სიშორეზე ტირის როიალი...

1924

ფარული ვედრება

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ…


ღამის სტრიქონები

რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ,
ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა.
მიხარია, რომ დამტოვეს მარტო,
ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც.

რა ვქნა, ისევ შურია და მტრობა,
ალბათ ქარი გადაუვლის მაღლობს.
ასე მარტო მიხარია ყოფნა,
როცა თავს ვგრძნობ მე სიკვდილთან ახლოს.

როგორც ქრისტე, ვიხედები მაღლა,
ალბათ ჩემთვის ამზადებენ კუბოს.
მინდა ფრთები და მიწიდან გასვლა
და გაფრენის სურვილია უფრო.

უფსკრულია და უფსკრულში ვრჩები,
და ახლოა ქარიშხალი ისევ.
სიჩუმეა და ვსაუბრობ ჩემთვის,
მე ვსაუბრობ და კედლები მისმენს.

ახლაც დაჰქრის, არ ეშველა ქარებს
და კიდია შორს მდუმარე ზარი.
მინდა ავდგე, გავიხედო გარეთ
და გავაღო დაკეტილი კარი.

ყრუ ღამეა, მეშინია ოდნავ,
ალბათ მოვა ჯიბგირი ან ქურდი.
ალბათ ცაზე ღრუბელია ცოტა,
ალბათ მოჩანს ვარსკვლავების გუნდი.

ისევ მოდის ჩემს გულიდან წყრომა,
ოდეს წვიმა დაეცემა მინას.
და მე რა ვქნა შეზღუდული რომ ვარ,
რა ვქნა, მეტი გასაქანი მინდა!

იმ ოთახში კვლავ საათი რეკავს
და ეს გული უცნაურად იწვის.
ახლა მინდა, ვარსებობდე ყველგან,
მთელ მსოფლიოს რომ დავიპყრობ, ვიცი!

ღამის ლანდი მე ფანჯრიდან ვნახე,
ღამის ცეცხლი ეკიდება თვალებს.
და ძვირფასო, ჩემს ბრწყინვალე სახელს,
ვგრძობ, მსოფლიო აღიარებს მალე.

რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ,
ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა.
მიხარია, რომ დამტოვეს მარტო,
ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც...

მკრთალი სილუეტი

შავგვრემან სახეს აცისკროვნებს ლურჯი გაროზი,
თეთრი ხალათი ნაზ ბროლის ყელს მეტად უხდება.
ღრუბლიან ავდარს გადალახავს წმინდა ტაროსი
და ჩვენს გარშემო ყვავილები აფირუზდება.

მკრთალი ლანდები ცის სივრცეში ათამაშდება,
ნელ ცეცხლის ალით იფერფლება ანგელოზები,
ჩემი იმედი სამუდამოდ რომ დამარცხდება,
ვით მონაზონი, შავ ძაძებით შევიმოსები.

თეთრი ვარსკვლავი კაბადონზე რომ გამოჩნდება,
მისი სხივები მსურს შევკონო ბრილიანტებად.
მთვარიან ღამის ჩუმი დილა რომ გათენდება,
ჩემი ოცნება დაიმსხვრევა მრავალ ლანდებად.

1919



მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...

1923

* * *

მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა,
დღეს მოწყენილი მივდივარ გზაზე.
რა ვუყო, ყველამ თუ მიღალატა,
რა ვუყო, ცხედარს თუ დავემსგავსე!

გარშემო დაწვა დღე უცნაური,
დასდევს წამება იღბალს თანაბარს.
ქალაქში უცებ შეწყდა ხმაური,
ქალაქმა უცებ სული განაბა.

ისევ შორიდან ვუმზერ სამყაროს,
ეს გრძნობა თვალებს ცრემლით ამივსებს.
მწუხარე სახით მოვწყდი საღამოს
და ახლა მივალ ცისფერ ღამისკენ...

1926'

ცისფერი სიშორე

მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა,
ღამე მომიახლოვდა, შავი და საშინელი.
სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან
და მოვა მწუხარება - ჩემი ლურჯი ფრინველი.

ეს გუგუნი მუსიკის, როცა მე მიხარია,
თან ტირილი მინდება და მკლავებზე ტრაური.
ჩემი მოპირდაპირე უხილავი ქარია
და თვალებში გაისმის ღამეების ხმაური.

მე ყოველთვის ასე ვარ და არავინ არ იცის,
ბოროტება მიცქერის, როგორც შავი ყორანი.
მე ისევ მენატრება სურნელება მაისის
და ზაფხულის დღეები, ტკბილი მოსაგონარი.

ქვევით საფლავებია და ზევიდან ფიქრები,
(ალბათ გენიოსი ვარ და ცისფერი სიშორე).
დაო, ასე მგონია, ბედნიერი ვიქნები,
სადმე ახლოს თბილისთან თუ სამარე ვიშოვე.

სულის მკრთალი ლანდები შენს გარშემო ივლიან,
წვიმიანი წამოვა რიცხვი აუტანელი.
ბედის კარი, ძვირფასო, ისევ დაკეტილია,
საოცრება მოგელის შენ, ტერენტი გრანელი.

ეს დარდები მოჰქრიან, როგორც თეთრი პეპლები,
ო, მარადი წუხილის მეტი რა დაგვრჩენია.
მხოლოდ მე ვარ დამწვარი, მხოლოდ მე ვიფერფლები,
და დროა, საქართველომ იგრძნოს ჩემი გენია.

მე მგონია გათავდა ჩემი გლოვა ამდენი,
თუმცა ახლაც გარშემო ღალატი და შურია.
ბრუნავს ჩემი ცხოვრება, როგორც კორიანტელი,
დავიღალე და ისევ მოსვენება მწყურია.

მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა,
ღამე მომიახლოვდა, შავი და საშინელი.
სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან
და მოვა მწუხარება - ჩემი ლურჯი ფრინველი.

1922
რკალიდან: კვირის წირვები

თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებას,
დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები.
შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს
და აქ, თბილისში, თვით მათხოვარს შევეცოდები.

მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით,
ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცულს.
წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით,
ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს.

ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში,
როცა საშინლად გამაშავებს მთვარის სინესტე.
მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში,
და ჩემი ლექსი - ყაჩაღების ცრუ მანიფესტი.

კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები,
თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა.
ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები,
მე, გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე!

1920



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toko:
პოსტი Jan 10 2008, 02:00 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 9-January 08
წევრი № 3,587



ჩემი გვარი გრანელი პოეზიას დარჩება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 10 2008, 02:17 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ძალიან ტრაგიკული ბედი ქონდა sad.gif სულ მეტირება მაგის ლექსებზე და საერთოდ მის ცხოვრებაზე,სასტიკი ცხოვრება ქონდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jan 10 2008, 04:39 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



toko:
გაიხარე კარგია მის ბიოგრაფიას ასე სრულყოფილად არ ვიცნობდი...ეჰ გენიოსების ხვედრია ეგ მძიმე ცხოვრება.


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 10 2008, 08:38 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ჩემი უსაყვარლესი პოეტია . . . თოკოს მადლობა მისი ბიოგრაფიის მოწოდებისთვის . . . smile.gif smile.gif


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 10 2008, 09:53 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ეს ლექსი ძალიან მიყვარს გრანელის :::

თოვლი

ციდან ჩამოდის ფიფქი,
ისმის ზარების გლოვა.
და განუწყვეტლივ ფიქრი,
და განუწყვეტლივ გლოვა.


დღეს მიხარია ღამე,
მაღლა ზეცისკენ მივქრი.
და თოვლიანი ღამე,
და თოვლიანი ფიქრი.

როიალის ხმას ვისმენ,
მიდის ზეცისკენ ბოლი
დაფარულია ისევ
თეთრ ქაღალდივით თოვლი.

კიდე:
საახალწლო ელეგია

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ მიკვირს.

მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს ,
მინდა თოვლში მათი ლანდი ჩანდეს.

მე იმდენად სევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.

მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე ვიცი გამაწვალებს.

მე იმდენად სევეჩვიე სიკვდილს
აქამდე რომ ცოცხალი ვარ მიკვირს.

ვ ე დ რ ე ბ ა

დავალ ქვეყანაზე როგორც შერისხული,
შენი ზვარაკია, ღმერთო, ჩემი სული.

დავალ ქვეყანაზე როგორც ბნედიანი,
ღმერთო! მაპატიე უქმად ხეტიალი.

დავალ ქვეყანაზე როგორც გაძარცული,
ღმერთო დააჩქარე ჩემი აღსასრული.


გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ს
ერთად ვხეტიალობდით
თბილისის ბულვარებში,

რესტორნებში, ბარებში, -
მე არსად არ გტოვებდი.

შენ პოეტად შეგიცნეს, რომ ჩაგხედეს თვალებში,
მე კი დავრჩები მტკვრის
პირად - უსახელო პოეტი.


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toko:
პოსტი Jan 11 2008, 07:21 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 9-January 08
წევრი № 3,587





"ყოველთვის, როცა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე თეთრ საყდარს გავივლი, მომაგონდება გვიანი შემოდგომის, თითქმის ზამთრის პირის ერთი საღამო:
ცივა, ქარი ქრის.
იმ საყდრის უკა პატარა საჟამნესთან, ქარყინვაში- ხის ძირას მხართეძოზე არხეინად წამოწოლილია პოეტი ტერენტი გრანელი. თავშიშვლეს უკან გადავარცხნილი თმა ქალივით გაუშლია. აცვია წელშეშობილი გრძელი ნაცრისფერი ხალათი, კოჭებს ზემოთ დამოკლებული ვიწრო ტოტებიანი შარვალი, შავად შეღებილი ტილოს ფეხსაცმელები. საერთოდ რაღაც ჩინური ფორმის მსგავსი სამოსი. პაპიროს აბოლებს, ცალი ხელი თავქვეშ ამოუდვია.
დამინახა, წამოიწია და ხელი დამიქნია:
-ეჰეი, ლორთქიფანიძე, ჩამოდი აქ, თუ კაცი ხარ!
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყოველთვის ამ გვარით მომმართავდა. კარგად არ მიცნობდა. ისე კი იცოდა, სად ვმუშაობდი. ”ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქციაში დაჰყვებოდა ხანდახან ახლაგაზრდა პოეტებს, განსაკუთრებით - ფრიდონ ნაროუშვილს. რამდენიმეჯერ მოვიდა გენო ქელბაქიანთან, რომელიც მაშინ ამ რედაქციის მუშაკი იყო და დიდ დახმარებას უწევდა ტერენტის.
-ჩამოდი აქ,- მეძახოდა ის- ჩემთან, ამ მწვანეზე წამოწექი და ვისაუბროთ. ჩემსავით იქნები და იოცნებებ მუდამ. ოცნებას რა ჯობია. ვუყუროთ ამ ცას, პირაღმა წამოწოლილი...
რაღაც მოვიმიზეზე და წასვლა დავაპირე, წამოდგა, კვლავ ხელი დამიქნია და გადმომძახა:
-მოიცადე, სად მიდიხარ?
საყდრის ლაფაროში ჩაყრილი ხმელ-ცმელი ფოთკები ამოკრიფა, პეშვი აავსო, რკინის მესერს მოადგა და გამომიწოდა. თან სადღაც ჩემს იქით იყურებოდა ანთებული თვალებით და ნაღვლიანი ლაპარაკობდა:
-აი, ეს ყვითეკ-ყვითელი ფოთლები ვიყავი მე. ტიფით ავად გავხდი და ამ ბჟოლის ფოთლებს დავემსავსე. ასე გავყვითლდი, და ძირს დამყარა ქარიშხალმა, ახლა აქა ვარ, მოდი მწვანეზე წამოწექ!
”მწვანე” კი არსად ჩანდა. მარტოოდენ ქვები იყო ამოჩრილი და მათ გარშემო შრიალ-შრიალით ატრიალებდა ქარი ხმელ-ხმელ და ჩაყვითლულ ფოთლებს.
-არ, გცივა?- შევეკითხე და მისი თხელი ხალათი შევათვალიერე. ცხვირი და ტუჩები სიცივისაგან გალიგვებოდა.
შევეჩვიე- მითხრა და კვლავ მომმართა,- წამოწექ ამ ჩემსავით იქნები მეოცნებე ყვითელი ფოთოლი.
შემდეგ ჩაიცინა, ფოთლები მიმოაბნია და ქარს გაატანა. ხის ტოტიდან. საღვარეში რომელირაც ჩიტი ჩახტა და გაგოგმანდა. ჩიტს ხელი აუქნია და ”აქშაო” შეუძახა. ფართოდ ჩამოხეული ცალი სახელო იდაყვამდე ჩამოეშვა, ქარმა ყურთმაჯივით აუფრიალა იგი და ლურჯი ნარმის პერანგი გამოუჩინა.
ხელი ჩამოვართვი. არ გამიშვა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთვა:
-რა მიგეჩქარება! მე აქ უნდა დავესახლო. კარგი ადგილია. მარტო ვიქნები და ხელს არავინ შემიშლის ოცნებაშიო. მალე თოვლი მოვა, მშრალი თოვლი. თოვლის ფანტელებს უნდა გავყვე. როგორ მიყვარს თოვლის ფართო-ფართო ფანტელები.-უცებ გაახსენდა:-გინდა ლექსს გაჩუქებ, ბევრი ლექსი მაქვს. საყდრის კართან აიტუზა, ჯვარზე გაკრული ქრისტესავით გაშალი ხელები, თავი მაღლა ასწია და ცას მიაშტერა ქუთუთიამოწითლებული მოწკურული თვალები. ცოტა ხნით იდგა ასე და რაღაც სიტყვებს ჩურჩულებდა. შემდეგ გულჯიბიდან ფანქრის ნატეხი ამოიღო, დანერწყვა და ”ტემპის” კოლოფზე წააწერა ლექსი:

ჩიტი
მზე ისევ გაჩნდა,
დღე ასე მიდის,
და უცებ დაჯდა
მიწაზე ჩიტი.
გავყურებ ქუჩებს,
დღე ასე მიდის.
დაჯდა და უცებ
აფრინდა ჩიტი.

წერის დროს შევნიშნე: ძალზე ნაზი ხელები ჰქონდა და შესამჩნევად წამოზრდილი სუფთა ფრჩხილები.
-წაიღე, თუ კაცი ხარ, ნუ დაკარგავ,- მითხრა,-თუ გინდა ასეთებს აუარებელს დავწერ. ახლა კი მშვუდბით... მშვიდობით იარე. კარგად გვენახოს ერთმანეთიო, უთხრა ერთმა ბრმამ მეორეს,-თქვა ეს და ჩაიღიმა.
მერე პირაღმა გაწვა ხის ძირას ქვებზე და ჩემთვის ყურადღება აღარ მოუქცევია. მწოლიარემ მუხლი-მუხლძე შემოიდო და კვლავ პაპიროსი გააბოლა.
ეს იყო ოციანი წლების ბოლოს."

ნიკა აგიაშვილი




***
ახლა ეს გრძნობა უფრო ნელია,
გული წაიღეს ცისკენ მტრედებმა,
სადაც მე ვგდევარ - იქ სიბნელეა,
იქით არავინ არ იხედება.

და პოეზია ჩემთვის გულია
და ქარის შემდეგ ახლა თენდება,
სადაც მე ვდგავარ - იქ უფსკრულია,
იქით არავინ არ იხედება.

ჩემთვის სიცოცხლე ისევ ძნელია
და გრძნობის ცეცხლი სხეულს ედება,
სადაც მე ვდგევარ - იქ სიბნელეა,
იქით არავინ არ იხედება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toko:
პოსტი Jan 11 2008, 07:36 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 9-January 08
წევრი № 3,587



"იმედი არ ჩანს,
ბედს ვერ ავიტან.
მიწა აქ დარჩა
და მზე ჩავიდა.

შენ უნდა მორჩე,
თუ გინდა გავლა.
დე ყვავმა ორჯერ
ძლივს დაიჩხავლა.

მზე თითქოს გაქრა,
მზემ ცა დატოვა.
ხალხია, მაგრამ
მაინც მარტო ვარ.
/ტ. გრანელი/


ციკლიდან “ტერენტი გრანელი”

1. ხსოვნა

იწვის საღამო ამო და ნელი,
ზეცა მწყურია,
ანგელოზთაგანი, ვაგაბუნდი ტერენტი გრანელი
საფლავის ფურია.

მთვარის ემბაზი
სხივთ საბანელი
უცნაურია,
ანგელოზთაგანი ტერენტი გრანელი
საფლავის ფურია.

ვარსკვლავთ ბაზმი,
გალობა ნელი
ზეციურია,
ანგელოზთაგანი, ვაგაბუნდი ტერენტი გრანელი
საფლავის ფურია.

ზვიად გამსახურდია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 12 2008, 12:58 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937




***
არ ვესალმები ამგვარ დროებას,
გრიგალი არხევს სულის მიმოზებს,
ახლაც ვგრძნობ ცისფერ უსაზღვროებას
და თანაც ვფიქრობ წითელ ღვინოზე.

ეს ხმა ეს ბედი ისევ ჩემია,
სადღაც შორს ღმერთან აჩრდილი ცხოვრობს.
და მხოლოდ ერთი გზა დამრჩენია:
დავდგე ქუჩაში და ვიმათხოვრო.

ღანეა ჩემი ღამეა მშვიდი

ასეთი ღამე უფრო მწველია.
ეხლა ქუჩაზე არავინ მიდის,
და ეხლა ქუჩა ცარიელია.

და ხელი ისევ დაღალულია,
რაღაც სხვაგვარი ჩემი ღამეა.
გათენებამდე ცოტა უკლია,
გათენებამდე ოცი წამია.


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 12 2008, 01:10 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ჩ ე მ ო ზოზია მე წავალ მალე

ჩემო ზოზია მე წავალ მალე ,
არარაობა გამაბნევს ქარში.
ამ ნათურების ცოფიან თვალებს
ჩემი სანთლები შეცვლიან მაშინ.

ჩემო ზოზია მე წავალ მალე,
დედის აჩრდილი მომელის გზაში
ამ ნათურების ცოფიან თვალებს
ქრისტეს თვალებში შეცვლიან მაშინ.


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 12 2008, 01:24 AM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



***
მაღალო ცაო, ისევ შენ გიმზერ,
იქ, უცხო მხარეში ალბათ მომელიან.
ძვირფასო ვდგავარ გზაჯვარედინზე
არ ვიცი, ჩემი გზა ახლა რომელია.

ისევ აქა ვარ, თუმცა ვარ იქაც,
და ლექსი - გულია, და ლექსი- სისხლია.
სხვაგვარ დუმილით უსმენ მუსიკას
და ახლა სიკვდილი ასე ადვილი.

გრუზინსკი იმედია ამ ლექსებს წაიკითხავ და მოგეწონება !!!!!!! smile.gif smile.gif smile.gif


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Gruzinski
პოსტი Jan 12 2008, 01:33 AM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 30-July 07
წევრი № 2,551



გაიხარე ნინ 2kiss.gif მადლობა.კარგი ლექსებია,ბოლო მომეწონა განსაკუთრებით wink.gif


--------------------
ღმერთმან ინებოს თქვენი სიცოცხლე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 12 2008, 02:51 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



აი ეს არის კიდე ჩემი უსაყვარლესი ლექსი:

***
ისევ დადგება სურნელი ნისლის,
სულს წაიღებენ თეთრი ფიქრები.
ამ ყრუ ადგილას ვინმე გაივლის
მაშინ, როდესაც მე არ ვიქნები.

ჩვეულებრივი მთვარე ამოვა
და გაქრებიან თეთრი ფიქრები,
ამ ყრუ ადგილას ვინმე სხვა მოვა
მაშინ, როდესაც მე არ ვიქნები.

და სულის ლანდი ისევ გაჩნდება,
და ისევ მოვა დღე შერიგების.
ვიცი, ამ კლდეზე ვინმე დაჯდება
მაშინ, როდესაც მე არ ვიქნები.


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Jan 12 2008, 10:01 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



გივი ცქიტიშვილს აქვს სადისერტაციო ნაშრომი ტერენტი გრანელზე და ეს წიგნად არის გამოცემული (მონოგრაფიაა), წიგნს კი ასე ქვია "ვიცი დრო მოვა ჩემი გაგების"

გრანელი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toko:
პოსტი Jan 12 2008, 07:00 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 9-January 08
წევრი № 3,587



თემო
სად შეიძლება ამ წიგნის შოვნა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jan 31 2008, 08:35 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



***
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?!
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
ისე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის...

[i]


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 31 2008, 11:13 PM
პოსტი #17


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



nuca_ge

გახარეsmile.gif
ამ ლექსის წაკითხვა შემიძლია მარტო ხშირად.
დანარჩენი ჩემს ძალებს აღემატება...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Feb 1 2008, 02:21 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



kato_Bato
თუ გინდა მაგ ლექსის აუდიო ვარიანტიც მაქ!!!!! smile.gif smile.gif


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Feb 1 2008, 02:38 AM
პოსტი #19


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



...და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე...

დილის წირვები ვის გაქვთ წაკითხული?

ტერენტი უდიდესი ადამიანია ჩემთვის...
smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Feb 1 2008, 12:03 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



გრანელის პოეზიას მაშინ შევხვდი როცა ჩემი ცხოვრების პერიოდი 16-17 წელი იყოsmile.gif, მაშინ და მის შემდგომაც გრანელი ერთ ერთი უსაყვარლესი პოეტია ჩემთვის.
ადამიანმა რომელმაც თითქმის მთელი სიზუსტით იწინასწარმეტყველა თუ როგორ გარდაიცვლებოდა, მისი დაკრძალვის მსვლელობა როგორ იქნებოდა და ა.შ.
გრანელის ფრაზები მართლაც განუმეორებელია ერთხელ მიდიოდა თბილისის ერთ ერთ ქუჩაზე და გაზაფხულის მზიანი დარი იდგა, ღია სარკმლიდან როიალზე აჟღერებული ულამაზესი მელოდია გარეთ იღვრებოდა, ტერენტი გაჩერდა, მელოდიას უსმენდა და ბოლოს თქვა "მხოლოდ მუსიკა არ ტყუის"

ეხლა დავწერე ის რაც მაშინელი წაკითხულიდან შემორჩა გონებას, თორემ უამრავი საციტატო ფრაზებია გრანელის ცხოვრებიდან დასამახსოვრებელი, რომლებიც დღესაც არ კარგავს აქტიურობას smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 05:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი