IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> პასექი ძველი აღთქმაში
ზვარე
პოსტი Mar 19 2008, 12:25 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



ძველი აღთქმა; გამოსვლა; თავი მეთორმეტე

1. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში:
2. თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში.
3. ასე უთხარით ისრაელის მთელს საზოგადოებას: ამ თვის მეათე დღეს მამისსახლზე თითოეულმა თითო კრავი ან თიკანი დაიგულოს. ერთი კრავი ან თიკანი სახლზე.
4. თუ კრავის შესაჭმელად მცირეა სახლი, შეუამხანაგდნენ ერთმანეთს კარის მეზობლები და სულადობის მიხედვით აიყვანონ კრავი. ვარაუდი იქონიეთ, ვის რამდენის შეჭმა შეუძლია.
5. საღი, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი.
6. ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს.
7. აიღონ მისი სისხლი და სცხონ იმ სახლის ორთავე წირთხლსა და კარისთავს, სადაც შეუდგებიან ჭამას.
8. იმავე ღამეს შეჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი და ხმიადი; მწარე ბალახი შეატანონ.
9. ნუ შეჭამთ ნახევრადშემწვარს ან წყალში მოხარშულს; მხოლოდ ცეცხლზე შემწვარი ჭამეთ თავფეხიანად და შიგნეულიანად.
10. დილისთვის ნუ მოირჩენთ; რაც მოგრჩებათ, ცეცხლში დაწვით.
11. ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გიცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს.
12. მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის ქვეყანას და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში კაციდან პირუტყვამდე, და განვსჯი ყველა ეგვიპტელ ღმერთს. მე ვარ უფალი.
13. სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ცხოვრობთ; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსრვას დავიწყებ.
14. სამახსოვროდ დაითქვით ეს დღე, იდღესასწაულეთ იგი საუფლო დღესასწაულად თაობიდან თაობაში. სამარადისო წესად დაიდეთ ეს დღესასწაული.
15. შვიდ დღეს ჭამეთ ხმიადი; პირველი დღიდანვე აღიკვეთეთ საფუარი სახლებში, რადგან ვინც კი შეჭამს საფუარიანს პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, მოიკვეთება იგი ისრაელიდან.
16. პირველ დღეს წმიდა წვეულება გქონდეთ, მეშვიდე დღესაც წმიდა წვეულება გქონდეთ; ამ დღეებში არა საქმე არ გაკეთდეს; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს.
17. დაიცავით უფუარობა, რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი მხედრობა ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობაში სამარადისო წესად.
18. ამ თვეში მეთოთხმეტე დღის საღამოდან ოცდამეერთე დღის საღამომდე ხმიადი ჭამეთ.
19. შვიდ დღეს არ უნდა იპოვებოდეს თქვენს სახლებში საფუარი, რადგან ვინც კი საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის საზოგადოებიდან, როგორც მდგმური, ისე ქვეყნის მკვიდრი.
20. საფუარიანი არაფერი ჭამოთ; ყველგან, სადაც კი მოგიხდებათ ცხოვრება, მხოლოდ ხმიადი ჭამეთ.
21. უხმო მოსემ მთელი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: წამოასხით ცხვარი თქვენ-თქვენი საგვარეულოსთვის და დაკალით პასექი.
22. აიღეთ უსუპის კონა, ამოავლეთ სისხლიან თასში და სცხეთ სისხლი კარისთავსა და ორთავე წირთხლს სისხლიანი თასიდან. დილამდე არავინ გახვიდეთ კარში.
23. ჩამოივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრავად, დაინახავს სისხლს კარისთავზე და ორთავე წირთხლზე და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს, არ შეუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში თქვენს შესამუსრავად.
24. წესად დაიცავით ეს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, სამარადისოდ.
25. როდესაც მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი მოგცემთ თავისი სიტყვისამებრ, იქაც დაიცავით ეს მსახურება.
26. თუ შეგეკითხნენ თქვენი შვილები, ეს რა მსახურება გაქვთო,
27. ეტყვით: პასექის მსხვერპლია-თქო უფლისადმი, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელიანთა სახლებს ეგვიპტეში, როცა მუსრავდა ეგვიპტეს, და იხსნა-თქო ჩვენი სახლები. მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა.

***
42. საუფლო დღესასწაულის არის ეს ღამე, როცა გამოიყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან; უნდა იდღესასწაულონ ეს ღამე ისრაელიანებმა თაობიდან თაობაში.
43. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: ასეთია პასექის წესი: უცხოთესლმა არ უნდა ჭამოს იგი.
44. ვერცხლით ნაყიდმა ყოველმა ყმამ, თუ წინდაცვეთილია, ჭამოს.
45. ხიზანმა და ქირისკაცმა არ უნდა ჭამოს.
46. ერთ ჭერქვეშ უნდა შეიჭამოს; ხორცი სახლიდან გარეთ არ უნდა გაიტანოთ, არც ძვლები არ უნდა დაამტვრიოთ.
47. ისრაელის მთელმა საზოგადოებამ უნდა შეასრულოს ეს.
48. თუ ვინმე მდგმურად დაგიდგათ და დააპირა საუფლო პასექის გამზადება, წინდააცვეთინე მის ყოველ მამაკაცს, და მხოლოდ ამის შემდეგ შეასრულოს წესი და ქვეყნის მკვიდრად შეირაცხება იგი. წინადაუცვეთელმა არ უნდა ჭამოს.
49. ერთი რჯული ექნეს მკვიდრსა და მდგმურს, თქვენ შორის რომ დგას.


ძალიან გთხოვთ, ყველას გამოთქვათ თქვენი აზრი, ამ თემის, მისი განმარტების და მასთან დაკავშირებული ლიტერატურის თაობაზე.
სასურველია თუ დანებთ ლინკებსაც.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 19 2008, 02:16 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ზვარე
ციტატა
ძალიან გთხოვთ, ყველას გამოთქვათ თქვენი აზრი, ამ თემის, მისი განმარტების და მასთან დაკავშირებული ლიტერატურის თაობაზე.სასურველია თუ დანებთ ლინკებსაც.

პასექი ეს იყო დღესასწაული ებრაელთა ერის ეგვიპტის ტყვეობიდან გამოხსნისა, ამ დროს იკვლებოდა კრავი და მისი ხორცი ისე უნდა შეეჭამათ, რომ მისი ძვალი არ გატეხილიყო. კრავი ქრისტეს განასახიერებს, რომელიც უნდა დაკლულიყო რაც აღესრულა კიდეც მაცხოვრის ჯვარცმით, როდესაც მაცხოვარი ჩვენთვის დაიკლა. პასექი კი განასახიერებს ჩვენს გამოყვანას, გამოხსნას ჯოჯოხეთის ტყვეობიდან. კრავის შეჭმა ისე რომ მისი ძვალი არ უნდა გატეხილიყო ეს მოასწავებდა ზუსტად იმას, რომ ჯვარცმულ მაცხოვარს წვივები აღარ გადაუმტვრიეს რადგან მისმა ნატანჯმა და დასუსტებულმა სხეულმა ვეღარ გაუძლო და მალევე აღესრულა


პასექის კრავის ჭამა ალბათ ზიარების წინასახეც იყო, და ეს უნდა ეჭამათ წინადაცვეთილებს, რაც ახალ აღთქმაში ნიშნავს იმას რომ მხოლოდ ქრისტეში ნათელღებულ ადამიანს აქვს უფლება ეზიაროს ქრისტეს ცხოვლესმყოფელ სისხლსა და ხორცს.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი2
პოსტი Mar 19 2008, 11:20 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 15-January 08
წევრი № 3,639



ალექსანდრე
ციტატა
კრავი ქრისტეს განასახიერებს, რომელიც უნდა დაკლულიყო რაც აღესრულა კიდეც მაცხოვრის ჯვარცმით

ეს და
ციტატა
პასექი კი განასახიერებს ჩვენს გამოყვანას, გამოხსნას ჯოჯოხეთის ტყვეობიდან.

ეს სადმე წერია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 19 2008, 12:39 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(ეგრი2 @ Mar 19 2008, 10:20 AM) *

ალექსანდრე

ეს და

ეს სადმე წერია?

ამას თვით მე გეუბნები tongue.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი2
პოსტი Mar 19 2008, 01:02 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 15-January 08
წევრი № 3,639



ალექსანდრე
ციტატა
ამას თვით მე გეუბნები

ანუ შენი ინტერპრეტაციაა.
ოკ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Mar 19 2008, 10:36 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



ეფრემ ასურის განმარტებას ჰგავს ძალიან


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 20 2008, 02:33 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(ზვარე @ Mar 19 2008, 09:36 PM) *

ეფრემ ასურის განმარტებას ჰგავს ძალიან

რაღათქმაუნდა რაც დავწერე წმიდანთა განმარტებების მიხევდითაა აბა რომელი იოანე ოქროპირი მე ვარ ჩემი განმარტებები რომ დამეწერა smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 20 2008, 03:24 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ესეც ლამაზი მინიატურა, ებრაელი ერის გამოყვანა ეგვიპტის მონობიდან და მეწამული ზღვის გადაკვეთა smile.gif

IPB-ს სურათი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 20 2008, 09:59 AM
პოსტი #9


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა(ეგრი2 @ Mar 19 2008, 11:20 AM) *
ალექსანდრე

ეს და

ეს სადმე წერია?


ის, რომ პასექი ქრისტეა, წერია ახალ აღთქმაში:

მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა. (1 კორ. 5,7)


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი2
პოსტი Mar 20 2008, 02:04 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 15-January 08
წევრი № 3,639



ეკატერინე
ციტატა
ის, რომ პასექი ქრისტეა, წერია ახალ აღთქმაში:

მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა.

მადლობთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Mar 21 2008, 10:33 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



მოდით ჯერ ჩემს ხელთ არსებულ დაუმუშავებელ ინფორმაციებს დავდებ და ალბათ აქტივობაც მოიმატებს და ახალი ინფორმაციებიც


1. რატომ მოყავთ კრავი სახლში ათ რიცხვში და კლავენ თოთხმეტ რიცხვში?
წმ. კირილე ალექსანდრიელის თანახმად ეს დღეები - 10, 11, 12, 13, 14 ანუ 5 დღე უკავშირდება კაცობრიობის ისტორიის 5 პერიოდს. ათამდე არაფერი არ არის, მეათე დღე, მოიყვანეს კრავი, ათი როგორც სისავსის სიმბოლო და დაიწყო პირველი პერიოდი.
 პირველი პერიოდი, 10 რიცხვი - უკავშირდება სამოთხეში ყოფნის პერიოდს,
 მეორე პერიოდი, 11რიცხვი - სამოთხიდან გამოდევნიდან წარღვნამდე პერიოდს,
 მესამე პერიოდი, 12 რიცხვი - მამამთავართა პერიოდს (ნოე, სემი, აბრაამი...),
 მეოთხე პერიოდი, 13 რიცხვი - მოსე და 12 წინასწარმეტყველი,
 მეხუთე პერიოდი 14 რიცხვი - უფლის მოსვლა ამქვეყნად, კრავი უნდა დაიკლას, მაცხოვარი ჯვარს უნდა ეცვას და კაცობრიობის ცოდვები იტვირთოს.

2. წმ ეფრემ ასურის თანახმად
მეათე დღეს კრავი სახლში მოჰყავთ. კრავი ჩვენი უფლის სიმბოლოა, რომელმაც ნისანის თვის მეათე დღეს დაივანა ქალწულის წიაღში. გამომდინარე მეშვიდე თვის მეათე დღის, როდესაც ზაქარიას ეხარა იოანეს მომავალ დაბადებაზე, და ექვსი თვის გასვლის შემდეგ ანგელოზმა უთხრა მარიამს აჰა მეექვსე თვეშია ვინც ბერწად იწოდებოდა. მაშასადამე მეათე დღეს კრავი დამწყვდეულია, უფალი - ჩასახული. მეთოთხმეტე დღეს კრავი დაიკვლება უFლის ჯვარცმის სიმბოლოდ. მწარე ბალახი, რომელიც უნდა შეატანონ,უფლის ახალი საიდუმლოა, სიმწარით და მწუხარებით მისაღები მისი მიმდევრებისათვის. ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გიცვათ, - ეს აღნიშნავს მოციქულებს, საქადაგებლად წასულებს. ჯოხი გეჭიროთ ხელში- ეს ჯვარია მოციქულთა ხელში. ფეხზე უნდა იდგნენ რადგან ზიარებას ფეხზე მდგომი ვიღებთ. ხიზანმა და ქირისკაცმა არ უნდა ჭამოს- რადგან მოუნათლავნი არ ეზიარებიან. ძუალსა ნუ განსტეხედ (ეს მცხეთურ ხელნაწერში არის მე-10 ნაწილში, თანამედროვე ქართულში სამწუხაროდ არა) - რადგან მაცხოვარს ხელფეხი დაულურსმეს, გვერდი განუგმირეს, მაგრამ ძვალი არ გატეხილა (ძვალი არა შეიმუსროს- ფსალმუნსა და სახარებაში).

3. და მოიღონ სისხლისა მისგან და გამონიშნონ ორთავე მათგან წყირთლთა მათ ზედა კართასა და ზღურბლთა მათ ზედა სახლებისა მათისათა. აიღონ მისი სისხლი და სცხონ იმ სახლის ორთავე წირთხლსა და კარისთავს. სისხლის ცხება ხდება კარის ორივე გვერდზე და ქვედა ზღურბლასა და თავზე, ანუ გამოისახება ჯვარი.

4. რას ნიშნანდა სისხლით შესვარული კარები, ეს გულის და გულის კარების სიმბოლოა. კარი (გული), რომელიც კრავის (ქრისტეს) სისხლითაა აღბეჭდილი, მასში ბოროტი ანგელოზი (ვნებები) არ შევა. ქრისტეს სისხლით აღბეჭდილ გულში ვნებები და ცოდვები ვერ შევა, სხვა შემთხვევაში ის აუცილებლად შემოვა.

5. პირველი დღიდანვე აღიკვეთეთ საფუარი სახლებში. არ უნდა იპოვებოდეს თქვენს სახლებში საფუარი. საფუარიანი არაფერი ჭამოთ. წმ. კირილე ალექსანდრიელის თანახმად საფუარი ვნებების სიმბოლოა, საფუარი არ უნდა ჰქონდეთ, უფუარობა, ანუ ქრისტესთან დაკავშირება ხდება ვნებების გარეშე. (ალბათ გაგახსენდებათ ფარისეველთა და მწიგნობართა საფუარი სახარებიდან, რომელსაც მოციქულები უნდა მოერიდონ)

6. სამახსოვროდ დაითქვით ეს დღე, იდღესასწაულეთ იგი საუფლო დღესასწაულად თაობიდან თაობაში. სამარადისო წესად დაიდეთ ეს დღესასწაული - როგორც წინადაცვეთამ, პასექმა რიტუალური სახე მიიღო, ვინც პასექს არ დღესასწაულობს ის ებრაელი არ არის, საზოგადოებიდან უნდა მოიკვეთოს. შედარებისათვის _ ვისაც უფლის აღდგომა არა სწამს ის ქრისტიანი არ არის.

7. რას ნიშნავს კრავის ჭამა? წმ. კირილეს თანახმად უფლის შემეცნებას, უფალთან თანაზიარებას. კრავი უფლის სიმბოლოა, ეს კრავი ხორცს განაძღებს, ქრისტე სულს განაძღებს.

8. უნდა ეჭამათ აჩქარებით, რას ნიშნავს ეს სიჩქარე? - ამაზე წმ. კირილე ალექსანდრიელი ამბობს: არ გადადო უფლის შემეცნება და ნათლისღება.

9. რას ნიშნავს, რომ თუ მარტო ვერ ახერხებდა კრავის ჭამას სხვებს უნდა შეამხანაგებოდა? წმ. კირილეს თანახმად - თუ მარტო ვერ ახერხებ ქრისტეს შემეცნებას (კრავის შეჭმას), ხელი არ უნდა ჩაიქნიო, უნდა სთხოვო სხვას, შეუამხანაგდე სხვას, რათა სხვა დაგეხმაროს, განგიმარტოს, გიწინამძღვროს.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი May 10 2008, 02:45 AM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



პასექის დღესასწაული
რადგან მხოლოდ ქრისტეში და მხოლოდ მასში ერთადერთში ვთავისუფლდებით ჩვენ სიკვდილის მონებისაგან, როგორც ლუკა მახარებელი ამბობს ,,და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა.” (საქმ. 4,12), ყველას შეუძლია დაინახოს ეს სურვილის შემთხვევაში მრავალი სხვადასხვა საშუალებით. რადგან აურაცხელია ღვთივგანბრძნობილ წიგნებში ნათელი მაგალითები, რომელშიც ნათლად წარმოგვიდგება მისი საიდუმლოს ძალა. [1]
ამჯერად შევეხოთ პასექის დღესასწაულს და კრავის შეწირვას, რაც მოცემულია გამოსვლათა წიგნის მე-12 თავში. შევეცდები ამ თავის დებულებები გავაანალიზო წმიდა მამათა სწავლების შუქზე, რისთვისაც მათ ცალცალკე მუხლებად დავყოფთ:
თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში
არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ (2კორ 5,17;). თქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ (აპოკ. 21.5). აჰა, მე ვჰყოფ ახალთა, და აღმოჰჴდეს და სცნათ და ვყო უდაბნოს შინა გზა. და ურწყულსა შინა მდინარენი (ის 43,19;).
პასექის შესრულების დროდ განისაზღვრა წლის დასაწყისი, რადგან ყოველივეს დასაბამია ქრისტე. ის დროის დასაწყისამდე იშვა მამისაგან. [2]
ამ თვეს თავიდან ერქვა ,,ავივ’’ ბაბილონის ტყვეობის შემდეგ მან მიიღო სახელწოდება `ნისან~. ეს დაახლოებით მარტ-აპრილის თვეა. [3]
ადამიანური ბუნება თავის პირვანდელ მდგომარეობაში ქრისტეში გაბრწყინდა ასევე ისრაელიანებს, მონობაში მყოფი მიეცა ეს წესები (რათა თავისუფალი გამხდარიყვნენ)
ცოდვის მონობისაგან გათავისუფლება და სასუფევლის დამკვიდრება მხოლოდ ქრისტესთან ერთადაა შესაძლებელი. როგორც მაცხოვარი ეუბნება იუდეველებს ,,მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ. და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკჳდროს უკუნისამდე. უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ.‘’(ინ.8.34-36) და ,,ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა.’’ (ინ.6.53) [4]
ასე უთხარით ისრაელის მთელს საზოგადოებას: ამ თვის მეათე დღეს მამისსახლზე თითოეულმა თითო კრავი ან თიკანი დაიგულოს. ერთი კრავი ან თიკანი სახლზე.
რატომ მეათე დღეს?
რატომ მეათე დღეს და არა პირველს, ეს გვეუბნება, რომ დიდი დრო გავიდა, და მრავალი საუკუნე იყო ჩვენამდე, რომელშიც ღმერთი იყო არის და იქნება. [5]
წმ. ეფრემ ასურის თანახმად ,,მეათე დღეს კრავი სახლში მოჰყავთ. კრავი ჩვენი უფლის სიმბოლოა, რომელმაც ნისანის თვის მეათე დღეს დაივანა ქალწულის წიაღში. გამომდინარე მეშვიდე თვის მეათე დღის, როდესაც ზაქარიას ეხარა იოანეს მომავალ დაბადებაზე, და ექვსი თვის გასვლის შემდეგ ანგელოზმა უთხრა მარიამს აჰა მეექვსე თვეშია ვინც ბერწად იწოდებოდა. მაშასადამე მეათე დღეს კრავი დამწყვდეულია, უფალი - ჩასახული.’’[6]
კრავი ან თიკანი
ცხვარი კანონით ითვლებოდა, როგორც სუფთა და უმწიკვლო მსხვერპლი, ხოლო თხა როგორც ცოდვის გამოსასყიდი. ამას ორივეს დაინახავთ ქრისტეში. იგიგა როგორც სუფთა და უმწიკვლო მსხვერპლი, ყოვლადდასაწველი, კეთილსურნელებად უფლისათვის, ასევე თხა ჩვენი ცოდვებისათვის შესაწირავი. [7]
გვიანდელი ებრაული გადმოცემის თანახმად ებრაული ოჯახი არ უნდა ყოფილიყო ათ სულზე ნაკლებისგან შემდგარი. [8]
თუ კრავის შესაჭმელად მცირეა სახლი, შეუამხანაგდნენ ერთმანეთს კარის მეზობლები და სულადობის მიხედვით აიყვანონ კრავი. ვარაუდი იქონიეთ, ვის რამდენის შეჭმა შეუძლია.
რომელთაც არ შეუძლიათ თავისთვის გაიზიარონ აღსრულებული ქრისტეს საიდუმლო. შეუძლიათ ეზიარონ მას თუ შეუამხანაგდებიან ერთმორწმუნეებს, რადგან ერთობლივი განსჯით ხშირად ავმაღლდებით ჩვენთვის მაღალ და მიუწვდომელ სიმაღლეებამდე. [9]
საღი, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი.
ცხოველი საღი უნდა იყოს, უნაკლო, რადგან ქრისტეში სრულად და უნაკლოდაა თავმოყრილი ყველა ნიშანი ღვთაებრივი დიდებულებისა. მამალი უნდა იყოს, რადგან იგია, ვინც თესავს ჩვენში თესლს ღვთის შეცნობისა და შევყავართ აღთქმულ ქვეყანაში. [10]
ერთი წლის, რადგან არ იყოს არასრულფასოვანი, და რათა ქრისტეს აღდგომა მათ იდღესასწაულონ, ვინც მისი ჯვარცმით შვება მიიღო (ცოდვისა და წყევისაგან გათავისუფლდა) [11]
კრავის სრულყოფილება- ქრისტეს სრულყოფილებაა არა მარტო ღვთაებრივი თვალსაზრისით, არამედ არსითაც რომელიც ღვთივცხებულია. კრავის უმანკოება –ქრისტეს უმანკოებაა, რადგან იგი კურნავს სირცხვილისაგან, ნაკლისა და სიბილწისაგან, მან აიღო თავის თავზე ჩვენი ცოდვები და ავადმყოფობა მაგრამ თავად მკურნალობა არ დასჭირვებია კრავი ირჩევა ერთწლიანი, რორორც სიმართლის მზე (მალ. 4.2; გრ.ღვთისმეტყველი). [12]
ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს.
მეათე დღეს აყვანილი ზვარაკი ინახება მეთოთხმეტე დღემდე წმ.კირილე ალექსანდრიელის განმარტებით ეს ხუთი დღე, რომლის მანძილზეც ხდბა კრავის შენხვა, გაიგივებულია კაცობრიობის ისტორიის ხუთ პერიოდთან, ხოლო თვითონ ხუთ პერიოდად ისტორიის დაყოფის საფუძვლად მოტანილია სახარებისეული იგავი ,,რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. ხოლო მეათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ.’’ (მთ. 20. 1-7). სავენახო უფალსა და დადგინებულ მუშაკებზე. იგავში ხუთგზის ხდება მუშაკთა მოწოდება, პირველ, მესამე, მეექვსე, მეცხრე და მეთერთმეტე ჟამზე. კაცობრიობის ძირითადი მოწოდებაც ამგვარადვე ხდება. პირველი პერიოდი ესაა ადამიდან ნოემდე, მეორე ნოედან აბრაამამდე, მესამე აბრაამიდან მოსემდე, მეოთხე მოწოდება მოსეს პერიოდიდან ვიდრე ქრისტემდე, ხოლო მეხუთე ქრისტეს პერიოდია. ქრისტეს პერიოდი, როდესაც ქრისტემ მოუწოდა ეკლესიაში წარმართებს, მეათერთმეტე ჟამის მუშაკებს, რომლებისათვისაც ადრე არავის მოუწოდებია, რომლებიც ადრე არავინ დაადგინა სამუშაკოდ. [13]
კრავი იკვლება საღამოხანს, რადგან უფალი ჯვარს ეცვა მაშინ, როდესაც დედამიწა წყვდიადში იყო ჩაფლული. სოფლის ნათელი არიან წმიდანები ,,რაჲთა იყვნეთ უბრალო და უმანკო, შვილ ღმრთისა, შეუგინებელ შორის ნათესავსა დრკუსა და გულარძნილსა, რომელთა მიერ შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა.‘’(ფლპ. 2.15), რომელთა მიმართაც გამოითქვა ,,თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა.” (მათ. 5.14). [14]
ზუსტად რა დროს, რომელ საათზე უნდა დაკლულიყო პასექის კრავი? ებრაული დედნის პირდაპირი გაგებით ეს დაკვლა სრულდებოდა ორ საღამოს შორის, ანუ იმ დროიდან დაწყებული, როცა მზე ის იყო იწყებდა გადახრას დასავლეთით (ებრაულად პირველი საღამო) და იქამდე, როცა იგი მთლიანად ჩავიდოდა (მეორე ანუ სხვა საღამო) ეს დრო შეესაბამება ჩვენი დროის სამიდან ექვს საათამდე დროს. უმრავლესობას ეკლესიის მამებისა მიაჩნია, რომ ძველი დროის პასექი უნდა შესრულებულიყო სწორედ იმ დროს, როცა დაიკლა ტარიგი ღვთისა და მაცხოვარი ქვეყნისა. უფლის სიკვდილი კი მოხდა შუადღის ორიდან სამ საათამდე დროში ანუ ებრაული აღრიცხვით მეცხრე ჟამზე დღისა. [15]
წმიდა ირინეოსი ამბობს -,,მან (მოსემ) იცოდა მისი წამების დღე და იწინასწარმეტყველა იგი პასექის დღესასწაულში და სწორედ ამ დღესასწაულის დროს პასექის აღსრულებით ეწამა უფალი”. [16]
აიღონ მისი სისხლი და სცხონ იმ სახლის ორთავე წირთხლსა და კარისთავს, სადაც შეუდგებინ ჭამას
ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს სისხლით უნდა იყოს აღბეჭდილი ჩვენი მიწიერი სახლი-ე.ი.სხეული. კარები –ეს ჩვენი გრძნობებია, რომლებიც ჩვენი გულის კარების მოვალეობას ასრულებენ, თუ ჩვენი გულის კარები ქრისტეს სისხლით იქნება აღბეჭდილი, მაშინ მასში ვნებები ვერ შემოვლენ. [17]
ასევე გავრცელებული აზრით კარებზე გამოისახა ჯვარი, რაც ბუნებრივია, რადგან სისხლი ეცხო კარის ორთავე წირთხლსა და კარისთავს ჯვარი გამოისახა.
წმიდა მამათა განმარტებით ძველი ებრაული სახლების კარის ამყოლებს, მათზე გარდიგარდმო გადაწყობილს ჰქონდა სახე ჯვრისა, ასევე ტარიგის სისხლში ჩაწობილი უსუპითაც მათზე გამოისახებოდა ჯვარი (კიპრიანე, იერონიმე, ავგუსტინე). [18]
ეს სისხლი გამოსყიდვის, განწმენდის და მორჩილების პირველსახეს წარმოადგენდა. [19]
იმავე ღამეს შეჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი და ხმიადი; მწარე ბალახი შეატანონ.
იმავე ღამეს უნდა შეჭამონ ხორცი, ესე იგი აწყმოში, სასწრაფოდ ამ საუკუნეში, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ,,ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.” (რომ.13.12). ღამე აწყმოა, დღე კი მომავალი საუკუნე რომელსაც ანათებს თვით ქრისტე, ხორცი იმავე ღამეს უნდა შეჭამოს, ანუ ამ საუკუნეშივე. რადგან სანამ ამ ქვეყნადა ვართ უნდა ვეზიარებოდეთ უფლის პატიოსან სისხლსა და ხორცს გრძნობითად, რადგან როდესაც წარვდგებით მისი ძალაუფლების დროს ,,შენ თანა არს მთავრობაჲ დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა;” (ფს.109.3) და შევალთ წმიდათა წმიდაში, უკვე სხვა სახით გავნათლდებით. გარდა ამისა ვეზიარებით რა წმიდა სისხლსა და ხორცს უფლის მწუხარებებსაც ვიზიარებთ ,,რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს.” (1კორ.11.26;), ასევე ,,და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს მიცემული; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა. 20. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი ¬ ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული” (ლკ22.20) ანუ ეს ყველაფერი ამ საუკუნეშია მისაღები, ხოლო როცა უფალი დიდებით მოვა, მწუხარებაში თანაზიარება უადგილო იქნება, რადგან უკვე მას პირისპირ შევიმცნებთ, როგორც უფალს ,,რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე.” (1კორ 13.12), როგორც პავლე მოციქული ამბობს მაშინ უკვე შევიმეცნებთ არა ისე, როგორც განკაცებულს, არამედ დიდებით, როგორც ჭეშმარიტ უფალს. [20]
ცეცხლზე შემწვარი უნდა შეიჭამოს, რადგან უფალთან ურთიერთობაში მხურვალე სულით უნდა შევიდეთ. სულით გზნებას გვასწავლის წმ. პავლეც ,,სწრაფასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით;” (რომ 12.11). ხმიადი უნდა ჭამონ ანუ ამქვეყნიური საფუარი, ვნებები უნდა მოიკვეთონ უფლის მოზიარეებმა, უფალიც ასევე თავის მოციქულეებს ფარისევლებისა და მწიგნობრების საფუარისაგან გარიდებას ურჩევს მოწაფეებს ,,იესომ უთხრა მათ: უფრთხილდით და ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს;” (მთ. 16.6) [21]
მწარე ბალახი შეატანონ – ეფრემ ასურის თანახმად - ,,მწარე ბალახი, რომელიც უნდა შეატანონ,უფლის ახალი საიდუმლოა, სიმწარით და მწუხარებით მისაღები მისი მიმდევრებისათვის.”[22]
ნეტარი თეოდორიტეს სიტყვებით: ,,მწარე ბალახით ჭამა დაუდგინა მეტად მწარე ცხოვრებისა და ეგვიპტელთა უმძიმესი მონობის გასახსენებლად, ხოლო ხმიადის მიყოლებით მიუთითებს არა მარტო გადაუდებელ და ნაჩქარევ მომზადებაზე საკვებისა (მეორ. XVI 3) არამედ იმაზეც, რომ არ უნდა გამოეყოლათ თან კვალი ეგვიპტური ცხოვრების წესისა ასევე ხსნის ამას უფალი სახარებაში როცა ამბობს: ,,ხოლო იესუ ჰრქუა მათ: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.” (მთ. 16.6) მოციქული პავლეც იძლევა რჩევას: ,,განწმიდეთ უკუე ძუელი იგი ცომი, რაჲთა იყვნეთ ახალ თბე, ვითარცა-ეგე ხართ უცომო, რამეთუ ზატიკად ჩუენდა, ჩუენთჳს დაიკლა ქრისტე. რაჲთა ვზატიკობდეთ არა ცომითა მით ძუელითა, არცა ცომითა მით სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოებითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა.” (1კორ.5. 7-8). [23]
ზ. კიკნაძის განმარტებით ,,უსაფუარო პური ,,უწინაპრო” პური იმის ნიშნად, რომ წარსული ცხოვრება უკანაა მოტოვებული, რადგან საფუარი წინა მოსავლის პროდუქტია, მას ეგვიპტის მიწაზე აქვს საფუძველი. უფუარი პური მწყემსების პურია –ისრაელიანები მწყემსებად ჩავიდნენ ეგვიპტეში და მწყემსებადვე გადიან ქვეყნიდან.” [24]
ებრაელებს უნდა განედევნათ ძველი ზნეობრივი მანკიერება, დაეწყოთ ახალი უცოდველი ცხოვრება. ამის ნიშნად პასექის დროს ჭამდნენ არა საფუარიან პურს –ყოველივე მავნეს სიმბოლოს (მათ 16. 6; 1 კორ. 5. 7-8), არამედ ხმიადს, სუფთა პურს (ებრ. მარროტ სუფთა შედ. 1 კორ 5.8). [25]
ნუ შეჭამთ ნახევრადშემწვარს ან წყალში მოხარშულს; მხოლოდ ცეცხლზე შემწვარი ჭამეთ თავფეხიანად და შიგნეულიანად.
ნახევრად შემწვარი იკრძალება, რადგან ნახევრადშემწვარი ცუდია კბილებისთვის და მონელებისთვის ასევე ქრისტეს გაუაზრებლად, შეუმეცნებლად, სულის ცეცხლში გაუტარებლად მიღებაც რთულია როგორც დავით მეფე ამბობს ,,განჴურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი.” (ფს. 38.4) [26]
იკრძალება წყალში მოხარშული, რადგან წყალწყალა, გონებამსუბუქი აზროვნება უფალზე არ იქნება კეთილი საკვები მორწმუნეთა გონებისათვის. წყალწყალა აზროვნებას ერესებთან აიგივებს წმ. კირილე. [27]
ზ. კიკნაძის განმარტებით ,,კრავის ხორცი უნდა შეიწვას არ უნდა მოიხარშოს რათა საჭიროება არ იყოს წყლისა და ჭურჭლისა;” [28]
,,შეჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი” არ ეწინააღმდეგება მეორე რჯ. 16.7. -ში მოცემულს: `მოხარშე (ბაშალ) და ჭამე”. ზმნა ,,ბაშალ” ნიშნავს არა მოხარშვას არამედ მომზადებას. [29]
თავფეხიანად და შიგნეულიანად ე.ი. მთლიანად შეჭმას ავალებს რათა მისი საიდუმლოება სრულად და მოუკლებლად იქნეს შეთვისებული მორწმუნეთა მიერ. [30]

დილისთვის ნუ მოირჩენთ; რაც მოგრჩებათ, ცეცხლში დაწვით.
მცხეთურ ხელნაწერშია: ნეშტსა ნუ სადა უტევებედ განთიად, ნუ განაწევებდ, ძუალსა ნუ განსტეხედ, რომელი ნეშტად დაშთეს განთიადმდე, მისგანი იგი ცეცხლითა შეწუედ.

დილისთვის ნუ მოირჩენთ, ამ სიტყვებით გვასწავლის რომ ქრისტეს შემეცნება, მისი საიდუმლოებების ზიარება არ უნდა გადავდოთ. ამ მუხლის განმარტებისას წმ. კირილე საუბრობს, ნათლისღების გადადების მავნე შედეგებზე. [31]
,,ძვალთა ნუ განსტეხედ.” წმ. კირილეს აზრით, კრავის ხორცის ჭამა თუ ქრისტეს შემეცნებაა, ხოლო ძვლებს იგი სარწმუებრივი დოგმატების სიმბოლოდ მიიჩნევს. ძვლების გატეხვა დოგმატების დამახინჯება, ერეტიკული ქმედებაა. ის ასევე ამ ციტატას ისტორიულ პლანშიც განიხილავს და აღნიშნავს, რომ პილატეს მეომრებმა მას წვივები არ გადაუტეხეს. [32]
წმ ეფრემ ასურის თანახმად ,,ძუალსა ნუ განსტეხედ - რადგან მაცხოვარს ხელფეხი დაულურსმეს, გვერდი განუგმირეს, მაგრამ ძვალი არ გატეხილა’’ [33] (ეს მცხეთურ ხელნაწერში არის მე-10 ნაწილში, თანამედროვე ქართულში სამწუხაროდ არა, ძვალი არა შეიმუსროს- ფსალმუნსა და სახარებაში).
დილამდე დარჩენილი ცეცხლში უნდა დაიწვას, რადგან განთიადი უფლის მომავალი საუკუნეა, როცა უფალი დიდებით მოვა, როგორც პავლე მოციქული ამბობს ,,რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე.” (1კორ 13.12) [34]
უფლის დიდების საუკუნეში განსაკუთრებით გაბრწყინებული შემეცნებით დაიწვება ძველი ნარჩენები. [35]
ამგვარად ჭამეთ: წყალზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გიცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს.
სარტყელმორტყმულობა წმ.კირილესთვის მხნეობას და ახალგაზრდულ სულს ნიშნავს. იმოწმებს იობის სიტყვებს ,,შეირტყენ ვითარცა მამაკაცმან წელნი შენნი” (იობ. 38.3) და ისაია წინასწარმეტყველს ,,და იყვნენ სიმართლით მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებით ცხებულ გუერდნი მისნი” (ისაია 11,5) ფეხზე ჩაცმულობა ნიშნავს მზადყოფნას და ნებას იმისა წავიდნენ იქით სადაც უფალი გააგზავნის, როგორც პავლე წერს ,,და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ” (ეფ. 6.15). [36]
წმ ეფრემ ასურის თანახმად ,,ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გიცვათ, - ეს აღნიშნავს მოციქულებს, საქადაგებლად წასულებს. ჯოხი გეჭიროთ ხელში- ეს ჯვარია მოციქულთა ხელში. ფეხზე უნდა იდგნენ რადგან ზიარებას ფეხზე მდგომი ვიღებთ.”[37]
აჩქარებით ჭამეთ, ამით გვიჩვენებს მცონარება და დაზარება კეთილი საქმეებისა არ დაგვაახლოებს ქრისტესთან. [38]
მსხემმან და მოსასყიდელმან არა ჭამოს მისგანი.
წმ ეფრემ ასურის თანახმად ,,ხიზანმა და ქირისკაცმა არ უნდა ჭამოს- რადგან მოუნათლავნი არ ეზიარებიან.’’ [39]
შჳდ დღე უფუველი ჭამეთ და პირველით დღითგანვე ბალარჯობათა მათ განაქარვეთ ყოველივე ცომი სახლებისაგან თქუენისა და ყოველმან, რომელმან ჭამოს თბისაგან მფუვილისა, მოსპოლვით მოისპოს იგი კაცი ისრაჱლისაგან პირველით დღითგან დღედმდე, მეშჳდედ.
რამეთუ დღე იგი პირველი წოდებულ არს წმიდა. და დღე იგი უფლისაჲ წოდებულ არს წმიდა უფლისა, ყოველივე საქმე ხარკით მსახურებისა მათ დღეთა შინა ნუ იქთ, გარნა ერთი იგი საქმე, რომლისა გარეშე არა რაჲ განეგების ყოველსა კაცსა, საქმე ესე ხოლო იქმნებოდენ თქუენდა.

რატომ მაინც და მაინც პირველ და მეშვიდე დღეს აპრესნოკის დღესასწაულზე დადგინდა წმიდა წვეულება? ამას ხსნიან ისე, რომ პირველ დღეს იხსენიებდნენ ეგვიპტელთა მონობისაგან თავის დაღწევას და ეგვიპტიდან გამოსვლას, ხოლო მეშვიდე დღეს – ფარაონისა და მისი მხედრობის დაღუპვას. [40]
პირველი დღე წმიდაა, მეშვიდე დღე წმიდაა, რადგან წმიდაა დრო, შესაქმის დასაწყისი სანამ ადამი დაეცემოდა და წმიდაა ასევე ბოლო ჟამი ქრისტეს გამო. [41]
ამგვარად ყველაფერში უფლის იესო ქრისტეს საიდუმლოა გადმოცემული ამიტომაც ეუბნებოდა უფალი იუდეველებს ,,უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა.’’ [42]

[1] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 263;
[2] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 263;
[3] ზ. კიკნაძე. ხუთწიგნეულის განმარტება. გვ.124;
[4] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 265;
[5] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 266;
[6] Ефрем Сирин - ТОЛКОВАНИЕ НА КНИГУ ИСХОД
[7] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 266;
[8] ა. პ. ლოპუხინი. ბიბლიის განმარტებანი. II ტომი. გვ. 63;
[9] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 268;
[10] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 268;
[11] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 268;
[12] ა. პ. ლოპუხინი. ბიბლიის განმარტებანი. II ტომი. გვ. 65;
[13] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 265;
[14] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 266;
[15] სახელმძღვანელო ძველი აღთქმის საღვთო წიგნთა შესასწავლად. მოსეს ხუთი წიგნის განმარტება. წილკნისა და დუშეთის მთავარებისკოპოსი ზოსიმე. გვ. 137 – 138;
[16] ა. პ. ლოპუხინი. ბიბლიის განმარტებანი. II ტომი. გვ. 66;
[17] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 268-269;
[18] სახელმძღვანელო ძველი აღთქმის საღვთო წიგნთა შესასწავლად. მოსეს ხუთი წიგნის განმარტება. წილკნისა და დუშეთის მთავარებისკოპოსი ზოსიმე. გვ. 139;
[19] ა. პ. ლოპუხინი. ბიბლიის განმარტებანი. II ტომი. გვ. 63;
[20] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 269;
[21] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 270;
[22] Ефрем Сирин - ТОЛКОВАНИЕ НА КНИГУ ИСХОД
[23] სახელმძღვანელო ძველი აღთქმის საღვთო წიგნთა შესასწავლად. მოსეს ხუთი წიგნის განმარტება. წილკნისა და დუშეთის მთავარებისკოპოსი ზოსიმე. გვ. 138;
[24] ზ. კიკნაძე. ხუთწიგნეულის განმარტება. გვ.124-125;
[25] ა. პ. ლოპუხინი. ბიბლიის განმარტებანი. II ტომი. გვ. 63-64;
[26] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 270;
[27] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 270;
[28] ზ. კიკნაძე. ხუთწიგნეულის განმარტება. გვ.124;
[29] ა. პ. ლოპუხინი. ბიბლიის განმარტებანი. II ტომი. გვ. 64;
[30] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 270;
[31] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 271;
[32] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 272;
[33] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 272;
[34] Ефрем Сирин - ТОЛКОВАНИЕ НА КНИГУ ИСХОД
[35] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 272;
[36] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 272;
[37] Ефрем Сирин - ТОЛКОВАНИЕ НА КНИГУ ИСХОД
[38] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 272;
[39] Ефрем Сирин - ТОЛКОВАНИЕ НА КНИГУ ИСХОД
[40] სახელმძღვანელო ძველი აღთქმის საღვთო წიგნთა შესასწავლად. მოსეს ხუთი წიგნის განმარტება. წილკნისა და დუშეთის მთავარებისკოპოსი ზოსიმე. გვ. 139-140;
[41] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 273;
[42] Творениа святителя Кирилла архиепископа Александрийского Книга 2. გვ. 273;


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jun 19 2012, 03:37 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



სწორედ ახლა მჭირდებოდა ეს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 12:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი