წმ. ილარიონ ქართველმა საფუძველი დაუდო საეკლესიო სოფლის დაარსებას.
საეკლესიო სოფელი აკურა
სოფ. აკურა, რომელიც ქ. თელავს დაშორებულია 16 კმ-ით, გაშენებულია ავტომაგისტრალის ორივე მხარეს. ვახუშტის აღწერაში ნათქვამია ... "მოერთვის ალაზანს დასავლეთიდამ აკურის ხევი, გამოსდის გომბორისა და ცივის მთას".
აკურის მოსაზღვრე ვანთის ხევს ეწოდება "ვანთურა", თვითონ სოფელს კი ვანთა.
დღევანდელ საცხოვრისში ჩამოსახლებამდე (ჩამოსახლება იწყება XIX საუკუნიდან) აკურელები ცხოვრობდნენ ამავე ხეობაში, ოღონდ ზემოთ, მთის ძირას, ამ ადგილს ახლაც სოფლელები "ნამოსახლარს" ეძახიან. დღეს, რომ სოფლის თავია, იგი ძველად სოფლის ბოლო იყო. იმ ადგილს სადაც ახლა სასაფლაო მდებარეობს, ვანთის მხარეს ღვთისმშობლის სახ. ეკლესია, ხოლო აკურის მხარეს წმ. ელია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესია, შუა სოფელი ეწოდებოდა; ხოლო მთის ძირს, სადაც მდებარეობს დავით გარეჯის დედათა მონასტერი ვანთის ხევის მხარეს, ხოლო წმ. გიორგის სახ. ეკლესია აკურის ხევის მხარეს – ზედა სოფელი ეწოდებოდა.
აკურაში შემონახულია გადმოცემა, რომ ძველად სოფ. აკურა კიდევ უფრო ზემოთ – აკურის ხევის სათავის ახლოს "ნახიზნარში" მდებარეობდა. ამ ადგილებში დღესაც შეინიშნება სოფლის ნაკვალევი, რომელსაც ახლაც "ნაკალოვრებს" ეძახიან, იქვეა "ნამარნევი", რომელსაც ამავე სახელით იცნობენ, მის ახლომახლო შემორჩენილია "საწნახელები" და სამეურნეო კულტურის კიდევ სხვა ნაშთები. იმავე არემარეში, ძნელად მისადგომ კლდეში, არის გამოქვაბული, რომლის შესახებ ხალხში შემონახულია გადმოცემა: ერთი ვარიანტით, იქ ცხოვრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მეტწილად ქართლიდან ბატონებისაგან გამოქცეული ხალხი, რომლებიც ამ გამოქვაბულში იმალებოდნენ; გადმოცემის მეორე ვარიანტის მიხედვით გამოქვაბულში შიშიანობის – ლეკიანობის დროს იხიზნებოდა სოფელი და აქვე მალავდნენ ქონებას. გადმოცემის ორივე ვარიანტის სინამდვილე არაა შესაძლებლობას მოკლებული, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ გამოდგება დასკვნის საბუთად.
დღემდე შემორჩენილი ისტორიული მასალების მიხედვით დგინდება, რომ სოფ. აკურა იყო ერთ-ერთი უძველესი სოფელი, რომელიც მიწის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა.
მეცნიერების მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით შესაძლებელია საკვირველმოქმედი წმინდა მამის ილარიონ ქართველის მშობლიურ სოფლად აღნიშნული სოფელი მივიჩნიოთ. თუ ვიხელმძღვანელებთ "ძველი ათონური"ხელნაწერებით და გავეცნობით წმ. მამის ბიოგრაფიას, თვალნათლივ დასტურდება, რომ იგი იყო დიდგვაროვანი წრიდან, დაიბადა კახეთის მხარეში. თავის მამულთან ახლოს დედას და დას 855 წელს აუშენა დავით გარეჯელის სახელობის დედათა მონასტერი, შესწირა დიდძალი ქონება და რამოდენიმე სოფელი, სავარაუდოთ სოფ. აკურა, ვანთა, ბუშეტი. ეს სოფლები საარქივო დუკუმენტებში გასაბჭოებამდე მოიხსენიებოდა საეკლესიო სოფლებად.
1923 წლიდან დაიწყო ეკლესია-მონასტრის დანგრევა, გაძარცვა, ნაწყალობელი მიწების ჩამორთმევა (იმ დროისათვის 3000 ჰექტარი); შეწყდა ბერმონაზვნური ცხოვრება, ხალხში დაისადგურა ათეიზმმა; დაიწყეს სასულიერო პირების დევნა-დაპატიმრებები, უკრძალავდნენ მსახურებას, ბოლშევიკებმა 1923 წლის 4 მაისს წვერი გაპარსეს და მღვდელმსახურების ჩატარება აუკრძალეს წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესიის მღვდელს ლავრენტი გუგუტიშვილს. ე.წ. "კომსომოლებმა" ამ ეკლესიას ჩამოხსნეს ზარები და დაანგრიეს სამრეკლო. ბოლო წლებში ხალხის მონდომებით დაიწყო ამ ეკლესიის აღდგენა, აღდგენილია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც.
დღემდე შემორჩენილია: სამნავიანი ბაზილიკა, ნამარნევი. ტაძარი გადახურულია ქართული კრამიტით, რომელიც ნაწილობრივ შესაკეთებელია და გასაწმენდია ხე – მცენარეებისაგან; ბზარები აქვს მიღებული ყველა კედელს, მათ შორის კანკელს; კარების გარეშეა ტაძარში შესასვლელი და გამოსასვლელი; აღსადგენია ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკები. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი მრგვალი ნიში, რომელშიც ჩახატულია ქრისტეს თავი უნიმბოდ, დისკოს მინდვრებზე დიაგონალურად გამოსახულია ოთხი ანგელოზი უფრთებოდ. მათ შორის, საშუალო მედალიონის რადიალურად ერთურთისაგან დაცილებადი (განშორებადი) ქვების კიდეებზე სწორხაზოვნადაა დახატული წითელი სხივები. სტილისტიკურად ეკლესიის მოხატულობის სახეებს თვისი ინდივიდუალური ხასითი აქვთ, ისინი ვარდისფერისანი იყვნენ, ეს ფერი ქრისტეს პირისახეზეა შენარჩუნებული, რომელიც ნიშშია (წალოშია).
დღემდე სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს "დავითობას" - სოფლის დღესასწაულს, რომელიც იმართება ამაღლების შემდგომი კვირის ხუთშაბათს. ხალხი თანდათან უბრუნდბა ეკლესიურ ცხოვრებას და იმედი აქვს ერთადერთი ღმერთის და კეთილი ადამიანების, რომ დაეხმარებიან ამ უძველისი მონასტრის აღდგენა – ამოქმედებაში.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შარშანწინ აღმოაჩინეს წმ. ილარიონ ქართველის მიერ დაარსებული მამათა მონასტერი, რომელიც აკურის დედათა მონასტრიდან 4-კმ მანძილზე მდებარეობს.
გთავაზობთ სურათებსაც
აკურის დავით გარეჯის დედათა მონასტრი.
http://www.radikal.ru
მაცხოვრის უნიკალური ფრესკა (ვიზუალურად ცოტა ძნელი გასარჩევია), რომელიც გამოსახულია ეკლესია-მონასტრის აღმოსავლეთ გარეთა კედელზე.
http://www.radikal.ru
აკურის დედათა ეკლესია-მონასტრის კანკელი.
http://www.radikal.ru
აკურის დედათა ეკლესია-მონასტრის შესასვლელი დასავლეთის მხრიდან.
http://www.radikal.ru
რა დღეშია კანკელი, ცხოველები არიან?
Amuza
დამატებით რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაქვს წმინდა ილარიონის თესალონიკში მოღვაწეობის შესახებ.. კონკრეტულად სად მოღვაწეობდა, ან სადმე მისი წმინდა ნაწილები ხომ არ არის შემორჩენილი (თესალონიკში).. რომანა-წმიდას მონასტერი სად არის?
აკურის მამადავითის დედათა მონასტრის გადარჩენისთვის გასამაგრებელი სამუშაოები დაიწყო, აი, ასეთი მუშაობა მიმდინარეობს.
ღმერთი შეეწიოს ყველას, ვინც ამ საქმეში პატარა წვლილი მაინც შეიტანა.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ნამყოფი ვარ მანდ
რამდენიმე წლის წინ კედელი გახეთქილი იყო ზედ საკურთხეველის წინ
კარგია რომ რესტავრაცია დაიწყო!
ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ საქმის წამომწყებთ.
ილარიონ ქართველი. წმ. ილარიონი (822-875), რომლის სახელს დავით გარეჯის განახლება, საზღვარგარეთ ქართული მონასტრების დაარსება და რომის სიწმინდეთა მოლოცვა უკავშირდება, იმ დროს და იმ რეგიონშიც მოღვაწეობდა, სადაც სამკვდრო- სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობდა პრორომაულ და ანტირომაულ საეკლესიო პარტიებს შორის. ეს რეგიონია ბიზანტია და მისი დედაქალაქი, სადაც IX ს- ის შუა წლებში ერთმანეთს ორი დიდი მღვდელმთავარი, წმინდანად შერაცხილი პატრიარქები _ ეგნატე და ფოტიოსი (ფოტი) _ ებრძოდნენ და სამღვდელმთავრო ტახტზე ერთმანეთს ცვლიდნენ. პირველი ცნობილია რომის ეკლესიის ერთგულებით, მეორე _ მასთან დაპირისპირებით. წმ. ილარიონის ცხოვრება, რომლის ავტორად წმ. ექვთიმე მთაწმინდელი ითვლება, ჩვენი საკითხისათვის საყურადღებო ეპიზოდს შეიცავს. იგი გვაუწყებს: მაშინ როდესაც ბიზანტიაში ანტირომაული ისტერია მძვინვარებდა, წმ. ილარიონი “წინამძღვრებითა ღმრთისაითა და შეწევნითა წმიდათა მოციქულთაითა მიიწია ქალაქად ჰრომედ და ვითარცა ირემმან, სურვიელმან წყაროდ მიმართ წყალთაისა (ფს. 41:2)… მიისწრაფა ტაძრად წმიდათა და თავთა მოციქულთა პეტრესსა და პავლესსა, და თაყვანისსცა და ამბორს-უყო მოწლედ მხურვალებითა სულისაითა წმიდათა სამარხოთა მათთა და ყოველთავე ნაწილთა წმიდათა მღდელთ- მოძღვართა და მოწამეთასა, რომელთა ოდენ მიემთხვია. ხოლო დაყო ორი წელი ჰრომეს შინა ანგელოზებრ ცხორებითა და მოღუაწებითა, რამეთუ მარადის ხედვასა ღმრთისასა შეემსჭვალა გონებაი თვისი და მუნცა მრავალნი სასწაულნი და კურნებანი აღასრულნა უფალმან მის მიერ”. სასწაულთაგან, რაც მან რომში აღასრულა, კოჭლის (“მკელობელის”) განკურნება გამოირჩევა. ირკვევა, რომ ილარიონი რომში 870-872 წლებს შორის იმყოფებოდა. შემდეგ კონსტანტინოპოლში დაბრუნდა, როდესაც იქ იმპერატორის კვერთხი ეპყრა ბასილს, რომელმაც ეკლესიაში პრორომაულ პარტიას დაუჭირა მხარი და საპატრიარქო ტახტზე ეგნატე დააბრუნა.
წმ. ილარიონის ბიოგრაფიას თუ კარგად დავაკვირდებით, მივალთ დასკვნამდე, რომ იგი ეგნატიელთა პოზიციაზე დგას. ერთხელ კიდევ გავითვალისწინოთ, რომ წმ. მამა ბიზანტიას მაშინ ეწვია, როდესაც იქ ფაქტობრივად საეკლესიო-სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ფოტიელნი ძირითადად სამოქალაქო საზოგადოებაში იყვნენ მოკალათებულნი, ეგნატიელნი _ მონასტრებში; პირველნი რომის პაპისა და მისი საყდრისადმი ანტიპათიით გამოირჩეოდნენ, მეორენი _ სიმპათიით; პირველნი რომს ემიჯნებოდნენ, მეორენი _ მისკენ ილტვოდნენ და მას სასოებდნენ. წმ. ილარიონი კონსტანტინოპოლში ეგნატეს მწყემსმთავრობის ჟამს შედის, 870 წლის ახლო ხანს, და იქიდან რომს მიემგზავ- რება. ამ ფაქტს თუ მის ასკეტურ სულისკვეთებასა და მწირმონაზვნურ აღტყინებას დავუმატებთ, თვალწინ ეგნატიელი წარმოგვიდგება, რომელსაც სარწმუნოებრივი იდეალი რომში ეგულვის. კორნელი კეკელიძემ მართებულად შენიშნა: “ის ადგილი ცხოვრებისა, სადაც ლაპარაკია ილარიონის რომში ყოფნის შესახებ, გამსჭვალულია სიმპათიებით რომაელთა ქრისტიანობისადმი. ავტორი კრძალულებით მოიხსენებს რომაელთა ღვთისნიერებას და მათ სათნოიან ცხოვრებას. ჩვენ ვიცით, რომ მეცხრე საუკუნეში ატყდა სასტიკი ცილობა-კამათი და ბრძოლა რომისა და კონსტანტინოპოლის სამღვდელოებათა შორის, რომელიც 1054 წელს დასრულდა საბერძნეთისა და რომის ეკლესიათა ერთმანეთისაგან განშორებით. ეს ცილობა დაიწყო და ინტენსიურად წარმოებდა პატრიარქის ფოტისა და რომის პაპების ნიკოლოზისა და ადრიანეს დროს, ესე იგი, სწორედ მაშინ, როდესაც ილარიონი კონსტანტინოპოლსა და რომში ცხოვრობდა. ამიერიდან ბერძნები რომაელებს ისე აღარ იხსენიებენ, თუ არა ურწმუნოებად, უკეთურებად და მწვალებელ-სქიზმატიკებად. მაშასადამე, მეცხრე საუკუნის ბერძნისათვის შეუძლებელია ასეთი ატესტაცია რომაელთა ქრისტი- ანობისა” (კეკელიძე 1957: გვ. 139).
გასათვალისწინებელია ისიც, რომ დავითის ლავრაში, რომელიც ილარიონ ქართველმა განაახლა, მკაცრი ასკეტიზმი მე-9 ს-იდან ზომიერი ასკეტიზმით შეიცვალა, რაც წმ. ილარიონის დამსახურებად და მისი განდეგილური სტილის ნიშნად ითვლება. მკაცრი ასკეტიზმი უფრო აღმოსავლურ, მონოფიზიტურ ბერმონაზვნობას ახასიათებდა, ზომიერი კი _ დასავლურს, დიოფიზიტურს, რომლის ბურჯად რომის საყდარი მოგვევლინა პაპი ლეონის (440- 461) წინამძღვრობით. ასე რომ, წმ. ილარიონის დასავლეთისაკენ სწრაფვა, რაც რომის სიწმიდეთა მომლოცველობით დაგვირგვინდა, მის ასკეტურ ორიენტაციაზე მიგვანიშნებს და ამ ორიენტაციას, შესაძლებელია, პროდასავლური ვუწოდოთ. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ორიენტაცია მაშინ ქართველთა ელიტარული ნაწილის ორიენტაცია იყო.
სინას მთის ეკატერინეს მონასტრიშია, მაგრამ ზუსტად არ ვიცი ფრესკაა თუ ხატი. გამოსახული არიან: წმიდა პეტრე იბერი, წმიდა ილარიონ ქართველი და წმიდა შიო მღვიმელი. ამშვენებს წარწერა მნათობნი ქართველთანი. თუ ვინმესმიგიწვდებათ ხელი ძალიან გთხოვთ დადევით.
"წმიდა კათალიკოს-პატრიარქის, დიდი ისტორიკოსის, კირიონ მეორის თქმით, ილარიონ ქართველი „საქართველოსა და ქრისტიანულ აღმოსავლეთში ღვთივსახელმოხვეჭილი დიდი სასწაულმოქმედი“ იყო. ქართული და ბერძნული ეკლესიების მომავალი წმიდანი, საკვირველმოქმედი ილარიონ ქართველი, დაახლოებით, 822 წელს კახეთში, მდიდარი აზნაურის ოჯახში დაიბადა. დონაურთა ცნობილი გვარიდან უნდა ყოფილიყო. სამუელ დონაური კახეთის ქორეპისკოპოსი (მთავარი) გახდა, როცა ილარიონ ქართველი 16-17 წლის იქნებოდა.
მომავალი წმიდანი პატარაობიდან დიდ ნიჭს ავლენდა. მამამ ექვსი წლის ასაკში თავისი დაბის მღვდელს მიაბარა აღსაზრდელად. ბეჯითად სწავლობდა ქართველთა მომავალი სიამაყე. მამამ გადაწყვიტა, შვილი ღმერთისთვის შეეწირა და მონასტრის მშენებლობა დაიწყო. მალე მონასტერში თექვსმეტი ბერი შეიკრიბა. მამა ხშირად აკითხავდა შვილს და თან მონასტრის მშენებლობას აკვირდებოდა.
თოთხმეტი თუ თხუთმეტი წლისა რომ გახდა, წმიდა ილარიონი გარეჯის მონასტერში წავიდა და ერთ მღვიმეში დაემკვიდრა. მალე გარეჯის მამათა შორის დიდი ავტორიტეტი მოიპოვა და თერთმეტი ადამიანი დაემოწაფა. მისი მადლიანობის შესახებ შეიტყო რუსთავის ეპისკოპოსმა და ახალგაზრდა ბერი მოინახულა. ეპისკოპოსი მამა ილარიონის ასკეტური ცხოვრებისგან გაყვითლებული, დამჭკნარი სახისა და შეურაცხი სამოსის ხილვით მოიხიბლა და ბერს უთხრა: „დიდი ხანია, მინდოდა შენი ნახვა, შვილო ილარიონ, და აი, ღირს გავხდი, მივიღო შენგან ლოცვა. შემისრულე თხოვნა და გაკურთხებ მღვდლად მე ცოდვილი“. ახალგაზრდა ბერმა უპასუხა: „შენს ხელში ვარ, მამაო, როგორც ენებოს ღირსებას შენსას“.
მამა ილარიონის სიწმიდის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და მის მოსანახულებლად უამრავი ხალხი მიდიოდა. ამიტომ, მან მღვიმის წინამძღვრად თავისი მოწაფე დაადგინა და ერთ მოწაფესთან ერთად იერუსალიმს გაემგზავრა, რათა განრიდებოდა დიდებას.
წმიდა ილარიონს და მის მოწაფეს გზაში მრავალი განსაცდელი შეხვდათ, მაგრამ ყველას ღვთის მადლით გაერიდნენ და ნეტარმა არაერთი სასწაულიც მოახდინა. მამა ილარიონმა მოილოცა იერუსალიმი, თაბორის მთა, ბეთლემი, იორდანის უდაბნო, საბაწმიდის მონასტერი და სხვა წმიდა ადგილები. გადმოცემის მიხედვით, წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის მღვიმეშიც ყოფილა დაყუდებული ერთხანს. ერთხელ წმიდა ილარიონს გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთსმშობელი და თორმეტი ნათლით მოსილი კაცი. ყოვლადწმიდამ უბრძანა, სამშობლოში გამომგზავრებულიყო.
სამშობლოში დაბრუნებისას შეიტყო, რომ მამა და ძმა გარდაცვლილიყვნენ. დედამ მამისეული ქონება გადააბარა და უთხრა, როგორც უნდოდა, ისე განეკარგა. მამა ილარიონმა ააშენა დედათა მონასტერი და იქ დამკვიდრდნენ მისი დედა და და. ააშენა მამათა მონასტერიც. ასე შეასრულა ღვთისმშობლის დანაბარები. დარჩენილი ქონება კი გლახაკებს გაუყო.
მამა ილარიონს დიდი წინააღმდეგობა გაუწია დედის ძმამ. იგი ითხოვდა წილს ქონებიდან და მონასტრის კედლებზე ნახშირით შეურაცხმყოფელ სიტყვებს წერდა, იმუქრებოდა, რომ დაწვავდა მონასტერს, ილარიონს კი მოკლავდა, ხმამაღლა ყვიროდა და მიწაზე გორაობდა. ილოცა მამა ილარიონმა ბიძისთვის. განიკურნა ნეტარის ბიძა, ფეხებში ჩაუვარდა საამაყო ნათესავს, მოინანია და თავისი ქონებაც მონასტერს შესწირა.
განითქვა წმიდა ილარიონის ამბავი ჩვენს სამშობლოში. უამრავი ადამიანი მიდიოდა მის სანახავად. სთხოვდნენ, ეპისკოპოსობა მიეღო. გაერიდა დიდებას ნეტარი და ორ მოწაფესთან ერთად კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. გზად ულუმბოს მთაზე ავიდნენ მოსალოცად. პატარა ეკლესია იპოვეს და იქ გაჩერდნენ.
ყველიერის შაბათ დღეს წმიდა ილარიონმა ეკლესიაში კანდელის ასანთებად მოსულ ბერს სთხოვა სეფისკვერი და ზედაშე. მოართვა ბერმა და ქართულად აღასრულეს წმიდა ჟამისწირვა. ეს შეიტყო მონასტრის მამასახლისმა, აღშფოთდა და მათი გაძევება ბრძანა, რადგან არ იყო დარწმუნებული მათ მართლმადიდებლობაში.
წმიდა ილარიონი შეჰპირდა, ხვალ წავალთო.
ღამით მამასახლისს სიზმარში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: „რატომ არ შეიწყნარებ უცხოებს? ქართველები ხომ არიან ამ მთაზე, განა არ იცი? ვინც მათ არ შეიწყნარებს, ჩემი მტერია, რადგან, ქართველები ჩემი ძის მიერ ჩემთვის არიან ჩაბარებულნი. ქართველები ჩემი წილხვდომილები არიან შეურყეველი მართლმადიდებლობის გამო!“
ატირებული მამასახლისი გაემართა წმიდა ილარიონისკენ, ფეხებში ჩაუვარდა შენდობის თხოვნით და აფიცებდა, დარჩენილიყვნენ, არ წასულიყვნენ, რათა ღვთისმშობელს შური არ ეძია მასზე. ქართველი წმიდანი დათანხმდა.
მამა ილარიონმა სასწაულებრივად განკურნა მამასახლისის ნათესავი ბერი, რომელიც სიყრმიდან მარჯვენა ფეხს იტკივებდა და სთხოვა განკურნებულს, არავისთვის ეთქვა ეს ამბავი. მაგრამ არ დაიმალა მისი სასწაულთმოქმედების შესახებ და მრავალი ადამიანი მოდიოდა მის სანახავად. იმ ხანებში ულუმბოზე სამი ქართველი ბერიც მივიდა. მამა ილარიონმა ულუმბოს მთაზე ქართველთა მონასტერი დააარსა. თუმცა, როგორც მამასახლისის გამოცხადებიდან ჩანს, შეიძლება, ქართველები იქ მანამდეც იყვნენ.
მამა ილარიონთან მოდიოდნენ ერისკაცები და დახმარებას სთავაზობდნენ, მაგრამ ის ყველას უარით ისტუმრებდა – ღვთისმშობელი განგვაძღობსო. ბერები ფიზიკურად მუშაობდნენ და ასე ირჩენდნენ თავს.
ხუთი წელი იყო ნეტარი მამა ულუმბოზე. განითქვა ილარიონ ქართველის სასწაულთმოქმედების, სიწმიდისა და უპოვარების ამბავი და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ისურვა მისი ნახვა.
ილარიონ ქართველმა თავის მოწაფეები დატოვა ულუმბოს ქართველთა მონასტერში, თან წაიყვანა ერთი მოწაფე და ძელიცხოველისთვის თაყვანსაცემად და მოსალოცად კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. შემდგომ კი რომში – პეტრესა და პავლეს საფლავთა მოსალოცად. კონსტანტინოპოლიდან თორმეტი დღის სავალზე, ერთ ქალაქთან ახლოს, ნახა ერთი ვენახი, რომლის შესასვლელთან კოჭლი კაცი იჯდა. სთხოვა ქართველმა, ერთი მტევანი მომიწყვიტეო. კოჭლმა უპასუხა: „ცამეტი წელია, სიარული არ შემიძლია, მას მერე, რაც ფეხები მოვიტეხე. ამ ვენახის პატრონი მარჩენს. მიბრძანდი და მოკრიფე რამდენიც გენებოსო“.
დაუძახა ილარიონ ქართველმა კოჭლს: „უფალი გიბრძანებს, ადექი და მომიტანე მტევანი!“ მართლაც, უმალ განიკურნა მისი ფეხები და სრულიად ჯანმრთელმა, სასწაულთმოქმედ ბერს სიხარულით გამოუტანა მტევანი. მაგრამ ბერი იქ აღარ დახვდა.
მტევნით ხელში ეძებდა გაბედნიერებული ადამიანი მის განმკურნებელს. კოჭლის სასწაულებრივმა გამოჯანმრთელებამ დიდი სიხარული გამოიწვია ქალაქის მცხოვრებთა შორის. ერთად ეძებდნენ ბერს, მაგრამ ვერ იპოვეს, რადგან მამა ილარიონი სხვა გზით წავიდა.
კიდევ უამრავი სასწაული უნდა მოეხდინა ილარიონ ქართველს სიცოცხლეშიც და გარდაცვალების მერეც..."
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)