IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> უწმინდესისა და უნეტარესის ლეონიდე ოქროპირიძის პასუხი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს ტიხონ ბელავინს
ზებედე
პოსტი Nov 1 2007, 05:33 PM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



მდაბალი ლეონიდე, წყალობითა ღვთისაითა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უსაყვარლეს მეუფესა და უპატიოსნეს ქრისტესმიერ ძმასა და თანამსახურს, უწმინდეს ტიხონს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს.

შენი წრფელი სარწმუნოების (2 ტიმოთე, 1, 5), აგრეთვე წმინდა გულისა და კეთილი სინდისისაგან (1 ტიმოთე, 1, 5) გამომავალი სიყვარულის გახსენებისას დიდი სიხარულით გაიხარა ივერიის ეკლესიამ, როცა გაიგო, რომ შენ ჩაუდექ სათავეში რუსეთის ეკლესიას და ამით აღადგინე მასში სჯულისმიერი წესრიგი. მაგრამ როდესაც მივიღეთ შენი წერილი, დათარიღებული 1917 წლის 29 დეკემბრით, ეს ჩვენი უდიდესი სიხარული ღრმა მწუხარებით შეიცვალა, რადგან ამ წერილში ვერ ვპოვეთ შენთვის ჩვეული “მშვიდობისა და სიყვარულის სიტყვა”, არამედ მხოლოდ ქართველ ეპისკოპოსთა მხილება იმის გამო, რომ “შეწყვიტეს რა კანონიკური ურთიერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მათ საჩქაროდ გამოსთხოვეს დროებით მთავრობას 1917 წლის 27 მარტის დადგენილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ”, “დაარღვიეს რუსეთის ეკლესიასთან სარწმუნოებისა და სიყვარულის მიერი ერთობა” და დასტოვეს მასთან “ყოველგვარი ურთიერთობა სჯულის კანონის საწინააღმდეგოდ”. მაშინ როცა (ირწმუნები შენ, უსაყვარლესო):
1) “ერთმორწმუნე საქართველო ას წელზე მეტი ხნის წინათ შეუერთდა რუსეთს ერთიანი საეკლესიო მმართველობის ქვეშ” და იმ დროიდან საქართველოში უზენაესი საეკლესიო ძალაუფლება “უეჭველად ეკუთვნოდა რუსეთის უწმინდეს სინოდს”.
[...]
3) როცა “1905 წელს აღმოაჩინეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მცდელობები”, წმინდა სინოდმა 1906 წელს დაადგინა “მოცემული საკითხის” განხილვა დაევალებინა რუსეთის ეკლესიის მალე ჩასატარებელი ადგილობრივი კრებისათვის, სწორედ ამ კრების “სამსჯავროზე” უნდა გამოგვეტანა ჩვენ ჩვენი სურვილები და მისწრაფებები და “მის გადაწყვეტილებას უნდა დავლოდებოდით”.
აქედან დავასკვენი, რომ შენი უწმინდესობა საკმარისი სიზუსტით არ ფლობს ჭეშმარიტებას და საჭიროდ მივიჩნიე, შენს სიყვარულს შევთავაზო წმინდა სიმართლის სიტყვა ივერიის ეკლესიის შესახებ.

I.

ერთმორწმუნე საქართველო (ირწმუნები შენ, უნეტარესო) შეუერთდა რუსეთს ერთი საერთო საეკლესიო ძალაუფლების ქვეშ და იმ დროიდან უზენაესი საეკლესიო ძალაუფლება საქართველოში “უეჭველად ეკუთვნოდა რუსეთის უწმინდეს სინოდს”.
როგორც შენი უწმინდესობისათვის ცნობილია, ას წელზე მეტი ხნის წინათ საქართველო მართლაც შეუერთდა რუსეთს “ერთი საერთო საერო ძალაუფლების ქვეშ”, მაგრამ მას არანაირად და ნამდვილად არაფრით არ გამოუხატავს, რომ სურდა საეკლესიო მხრივ შეერთება.
ამგვარი აზრები, შესაძლოა, იბადებოდა მისი ზოგიერთი საერო მმართველის გონებაში, მაგრამ ეკლესიის კანონიერ საჭეთმპყრობელთა კრებული ამ საკითხის გარკვეულ გადაწყვეტას ემხრობოდა: საერო ცხოვრების ახალი პირობებისას უნდა შენარჩუნებულიყო საეკლესიო დამოუკიდებლობა. თვით რუსეთის უწმინდესი სინოდიც კი არ ამჟღავნებდა თავდაპირველად საქართველოს ეკლესიის საქმეებში ჩარევის სურვილს: მსგავსი აზრი პირველ ხანებში მთლიანად იმ “საერო ხელისუფალთა” მხრიდან მოდის, რომლებიც მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სახელის მიღმა აფარებდნენ თავს. მეტი სიზუსტისათვის მოვუსმინოთ ისტორიის ხმას, რომელიც მოვლენებს ერთგულად აღწერს. სინოდის ობერ-პროკურორი, თავადი გოლიცინი, რომელმაც მიიღო საქართველოს მთავარმართებლის, გენერალ ტორმასოვის მოხსენებითი ბარათი საეკლესიო ქონების შესახებ (## 94 და 99), ისარგებლა ამ საბუთით და შევიდა იმპერატორთან შესაბამისი მოხსენებით, შემდეგ კი (1810 წლის 28 სექტემბერს) წერდა ტორმასოვს: “იმპერატორმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ უწმინდეს სინოდს არა აქვს არც გავლენა და არც ცნობები საქართველოს სამღვდელოების საქმეებში, და ამ დადგენილებათა შესახებ საუკეთესო მოსაზრების გამოსატანად თქვენს მაღალაღმატებულებას დაავალა, დაუკავშირდეთ საქართველოში მყოფ მთავარეპისკოპოს ვარლაამს (ყოფილ ახტალის ეპისკოპოსს, თავად ერისთავთა შთამომავალს) და შეადგინოთ დასკვნა ადგილობრივ გარემოებათა შესაბამისად: რა სახით და რა საფუძველზე უნდა შედგეს ქართველი სამღვდელოების მართვა ისე, რომ ის დამოკიდებული იყოს უწმინდეს სინოდზე (კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის მიერ შეგროვილი აქტები, IV ტომი, გვ. 157, 158 და 161).
გენერალმა ტორმასოვმა, რომელმაც უკვე თავად გოლიცინის მითითებათა გარეშე დაიწყო საქართველოს ეკლესიის საქმეებში ჩარევა (1809 წლის 6 ივნისიდან) და 1810 წლის 3 ნოემბერს გადაასახლა საქარველოდან რუსეთში კათოლიკოსი ანტონ II, 1811 წლის 18 თებერვალს თავად გოლიცინს წარუდგინა საქართველოს ეკლესიის მართვის პროექტი # 28, რომელიც ერთობლივად შეადგინეს თვით ტორმასოვმა და პატივმოყვარე მთავარეპისკოპოსმა ვარლაამმა. ამ პროექტით საქართველოს ეკლესიის სათავეში უნდა დამდგარიყო “მცხეთისა და ქართლის მთავარეპისკოპოსი, ვითარცა წინამძღოლი ქართველი სამღვდელოებისა, მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტისა და საქართველოს სინოდალური ეგზარქოსის წოდებით, რომელიც უნდა ყოფილიყო უწმინდესი სინოდის ქვეშევრდომი და მისდამი ანგრიშვალდებული მნიშვნელოვან და გადასაწყვეტად აუცილებელ საქმეებში, ხოლო უწმინდესი სინოდის მიერ დავალებულ საკითხებზე დაევალებოდა პატაკების წარდგენა” (იქვე, გვ. 162).
ამ პროექტის განხილვა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დაავალა უწმინდეს სინოდს 1811 წლის აპრილში და ამ უწმინდესმა სინოდმა, რომელიც ამ განჩინებით თითქოს იძულებული გახდა “ჩარეულიყო საქართველოს ეკლესიის საქმეებში” (დეკ. ტ. ი. ბუტკევიჩი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხისათვის, გვ. 19 და 23), მოამზადა უმორჩილესი მოხსენება ხსენებულ საკითხზე და წარუდგინა ხელმწიფეს 1811 წლის 21 ივნისს, ხელმწიფემ კი დააბრუნა მოხსენება საკუთარი ხელით დაწერილი რეზოლუციით: “იყოს ამგვარად” (აქტები, ტ. IV, გვ. 166-169).
ამგვარად, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება არის არა “ერთმორწმუნე რუსეთთან ნებაყოფლობითი შეერთება”, არამედ “საერო ხელისუფალთა” წარმომადგენლების საქმე. ამასთან ერთად, შენმა უწმინდესობამ მშვენივრად იცის, რომ საერო ხელისუფალთა ჩარევას საეკლესიო საქმეებში არ ურიგდება საღვთო კანონები (მოციქულთა წესები, 30; IV მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება, 12; VII მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება, 3), ისინი მხოლოდ შეიწყნარებს ამგვარ ჩარევას სამეფო ხელისუფლების მიერ “ჭეშმარიტი მიტროპოლიტის” კუთვნილი ოლქის შემცირებაში “ახალი ქალაქის” დაარსებით, თანაც თუ ეს ყოველივე “უძველესი მიტროპოლიის შევიწროების გარეშე” ხდება. მაგრამ ეს შემწყნარებლობა მხოლოდ და მხოლოდ იმით აიხსნება, რომ კანონშემოქმედ მამებს “არ ჰქონიათ მეფის ხელისუფლების წინაღმდგომი საშუალება” (IV მსოფლიო კრების დადგენილება 12 და 17; VI მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება 38; ზონარას კომენტარი IV მსოფლიო საეკლესიო კრების მე-17 დადგენილებაზე). ხოლო უწმინდეს სინოდს, რომელსაც თითქოს “ეშინოდა” საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობა, ექცეოდა მას “რუსეთის ეკლესიის ისტორიკოსისათვის გაუგებარი დელიკატურობით” და ამ ურთიერთობებიდან არ მოელოდა არაფერს “უსიამოვნებათა გარდა” (ბუტკევიჩი, გვ. 16 და 19), მიუხედავად ამისა, სიტყვაც არ დაუძრავს საქართველოს ეკლესიის საქმეებში საერო ხელისუფალთა, კერძოდ, გენერალ ტორმასოვის ჩარევის წინააღმდეგ — პირიქით, ისარგებლა შემთხვევით, რომ მისი მეშვეობით მიეღო საქართველოს ეკლესიაში საეპისკოპოსო ძალაუფლება და ამით დაერღვია შემდეგ კანონთა მოთხოვნები: 1) “არც ერთმა ეპისკოპოსმა არ გაბედოს ერთი ეპარქიიდან მეორეში გადასვლა, არც ვინმეს დაყენება მის ეკლესიაში ღვთისმსახურებისთვის, არც სხვათა მოყვანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას მოიწვევენ სიგელებით მიტროპოლიტი და მასთან მყოფი ეპისკოპოსები, რომელთა სამმართველოში შედის. მაგრამ თუ არავის მოუწვევია და წესის დარღვევით წავა მღვდელთა ხელდასასხმელად და იმ საეკლესიო საქმეთა განსაკარგავად, რაც არ ეკუთვნის, იყოს ყოველივე მის მიერ ქმნილი ცნობილი ბათილად, თვით მას კი უწესობისა და უგუნურებისათვის დაეკისროს შესაფერი სასჯელი წმინდა კრებულის მიერ სამღვდელო ხარისხიდან დაუყოვნებელი განკვეთით” (ანტიოქიის კრების წესი 13).
2) “ადგილობრივი ეპისკოპოსები ნუ გაავრცელებენ თავიანთ ძალაუფლებას მათ ეპარქიათა გარეთ მყოფ ეკლესიებზე და ნუ აღრევენ ეკლესიებს... თუ არ იქნებიან მოწვეულნი, ეპისკოპოსები ნუ გადავლენ თავიანთი ეპარქიის საზღვრებს გარეთ მღვდელთა დასაყენებლად ან სხვა რაიმე საეკლესიო განჩინებისათვის. საეკლესიო ეპარქიათა ზემოხსენებული წესის შენარჩუნებისას კი აშკარაა, რომ ყოველი ეპარქიის საქმეებს კეთილად უნდა განაგებდეს ამავე ეპარქიის კრებული, როგორც დადგინდა ნიკეაში” (II მსოფლიო საეკლესიო კრება, 2).
[...]


II.
შენი სიკეთე ირწმუნება: “საქართველოსა და რუსეთის შეერთებას ერთი საეკლესიო ძალაუფლების ქვეშ მთელი საუკუნის განმავლობაში არ გამოუწვევია არავითარი საყვედური”, “პირიქით, უწმინდესი სინოდის განკარგულებაში არსებობს მრავალი დოკუმენტური მონაცემი, რომლებიც ქართველი ხალხისგანაც მომდინარეობს და ამტკიცებს ამიერკავკასიის ეპარქიებში სინოდის მმართველობის კეთილნაყოფიერებას. თვით ქართველმა სამღვდელოებამაც, მაღალყოვლადუსამღვდელოესი კირიონის სახით, რომელიც ამჟამად საქართველოს კათოლიკოსია, თავის “XIX საუკუნის საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორიაში” დაამოწმა, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთება იქცა საქართველოსთვის დაცემული საეკლესიო ცხოვრების აღდგინების წყაროდ”. უწმინდესო მეუფეო! მხოლოდ არასაღვთო სულს (1 იოანე, 4; 1) შეეძლო შენს ყურამდე მიეწვდინა, რომ “მთელი საუკუნის მანძილზე ამ შეერთებას არ გამოუწვევია არავითარი საყვედური”! განა ცნობილი არ არის შენთვის, რომ “საქართველოს მცხოვრებნი არ ურიგდებოდნენ მათი ეკლესიის დამოუკიდებლობის განადგურებასა და უწმინდესი სინოდისადმი მორჩილებას”, რომ ეგზარქოს თეოფილაქტეს სიტყვით, “საქართველოს ეკლესიებში მაშინ მხოლოდ ღვთისმსახურებისას იხსენიებდნენ უწმინდეს სინოდს, თუკი ტაძარში რუს მოხელეებს შენიშნავდნენ” და რომ საეკლესიო დამოუკიდებლობის დაკარგვაში “იმალებოდა ამ მხარეში მომხდარი ყველა პერიოდული ამბოხების მიზეზი”? (ქრისტიანული საკითხავი, 1905 წელი, ტომი 2, გვ. 543).
განა შენი სიკეთისათვის უცნობია იმერეთის ერისა და სამღვდელოების “საყვედური” ქუთათელი მიტროპოლიტ დიონისესა და გაენათელი მიტროპოლიტ ექვთიმეს ხელმძღვანელობით, რომლებსაც ამ “საყვედურის” გამო საიმპერატორო ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხი დააბრალეს, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე დააპატიმრეს და ძლიერი ბადრაგით გადაგზავნეს თბილისში, შემდეგ კი რუსეთში? რაოდენ მნიშვნელოვნად მიაჩნდათ ხსენებულ მღვდელმთავართა “საყვედური”, ჩანს იმ სისასტიკიდან, რომელიც მართლმადიდებელი რუსეთის მთავრობამ გამოიყენა ამ ქართველი იერარქების წინააღმდეგ. — “ტყვეები რომ მშვიდად იყვნენ, — წერს გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვს პოლკოვნიკი პუზირევსკი, — ვერ გაიქცნენ, ვერ იცნონ ერთმანეთი და გადაყვანის დროს ვერ იცნოს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მე ჩამოვაცმევ მათ თავზე ტილოს ტომრებს პირის მხარეს ხვრელით, ხოლო კისრისა და წელის სიმაღლეზე ტომრებს თოკით შევკრავ. უკიდურეს შემთხვევაში კი ვვარაუდობ მათ დახოცვასა და გვამების მდინარეში ჩაყრას”. (აქტები, ტ. VI, ნაწ. I., გვ. 579). “მოსაყვედურეთა” მიმართ ასეთი ღონისძიება გენერალ ველიამინოვს არასაკმარისად ფრთხილი ეჩვენა, ამიტომაც ურჩია თავის ხელქვეითს: “... ყველაზე მეტად უნდა ვუფრთხოდეთ მიტროპოლიტების დახოცვას, რადგან მათი სიკვდილი ძლიერ ააღელვებს ხალხს, რომელსაც სამღვდელოება და თავადები უბიძგებენ ჩვენ წინააღმდეგ. ამის გარდა ეს არცთუ კეთილ შთაბეჭდილებას მოახდენს ჩვენს ჯარისკაცებზეც, რომლებიც თავიანთი სარწმუნოებისამებრ მოვალენი არიან მოწიწება ჰქონდეთ სამღვდელოების მიმართ...” მაგრამ თუ აუცილებელი გახდება მოხუც მღვდელმთავართა დახოცვა (რაც გენერალმა 1810 წლის 23 თებერვალს ბრძანა), “არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ არც ერთი გვამი იმერეთში, არ დამარხოთ მიწაში და არ ჩააგდოთ მდინარეში, რადგან მდინარეთა სწრაფი დინების გამო დაღმა ჩატანილი გვამი შეიძლება გამოირიყოს და ცრუმორწმუნე ხალხის წინაშე სიმართლე გაიხსნას. ყოველი ასეთი გვამი ჩატანილ უნდა იქნას მოზდოკში ან კაიშაურში მაინც, სადაც მისი დამარხვა იქნება შესაძლებელი” (იქვე, გვ. 582). უფროსის ბრძანება ზუსტად შესრულდა და “საყვედურის” ერთ-ერთი გამომთქმელი, ქუთათელი მიტროპოლიტი გაგუდეს ტომარაში “სურამიდან გორისკენ გზაზე”. დიდხანს არ იცოდნენ, რა ეყოთ მოწამე მღვდელმთავრის გვამისთვის, თვით ანანურამდე უმალავდნენ მას ბადრაგის ჯარისკაცებს, სადაც, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს სინოდალური ეგზარქოსისგან მიიღეს ბრძანება, დაეკრძალათ წმინდა მღვდელმთავარი “ყოველგვარი საზეიმო ცერემონიის გარეშე” (ვ. ცოტო, “კავკასიის ომი”, ტომი II, გვ. 699. შდრ. აქტები VI, I, 586).
დარწმუნებული ვარ, წმინდაო მეუფეო, რომ ოფიციალური წყაროების ეს ამონაწერი საკმაო სიცხადით მოწმობს იმ “საყვედურის” ძალას, რომელსაც შენი უწმინდესობა არ იცნობს სინოდალური პერიოდის საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. არ მსურს შენი ძმათამოყვარეობა შევაშფოთო სხვა “საყვედურების” წვრილად ჩამოთვლით და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რუსეთის მთავრობა ამ “საყვედურებს” იმდენად საშიშად მიიჩნევდა, რომ ღიად გამოთქვამდა შემდეგს: “დრო მოვიდა, ბოლო მოეღოს იმერეთის სამღვდელოების განსაკუთრებულ გავლენას ხალხის გონება-განწყობაზე” (აქტები, ტ. VI, ნაწ. I., გვ. 574). ამიტომაც ყველა ღონეს ხმარობდნენ ამ გავლენის გასანადგურებლად ყველა იმათი რუსეთში გადასახლებით, ვინც კი წინააღმდეგი იყო საქართველოში სინოდალური მმართველობისა (იქვე, გვ. 575, 576, 578, 586). ქართველი თავადები, აზნაურები და გლეხები, იმის დანახვაზე, თუ როგორ უსწორდებოდნენ საეკლესიო დამოუკიდებლობის ხელდასხმულ მომხრეებს, ამგვარი მწუხარე სიტყვებით გამოხატავენ თავიანთ “საყვედურს”: საქართველოში საეკლესიო დამოუკიდებლობის ძალმომრეობით გაუქმების შედეგად “მრავალი წმინდა საყდარი დაინგრევა, პატიოსანი და კურთხეული ხატები და ჯვრები წაერთმევა, მათში აღზრდილი და მათზე მლოცველი მღვდლები მოაკლდება, და მღვდელმთავართა კურთხევა განშორდება”. ამიტომაც სვამდნენ ისინი კითხვებს: “თუკი ხელშეუხებელია დაბრმავებულ ებრაელთა სარწმუნოება, სომეხთა და კათოლიკეთა რწმენა, ჩვენ რატომღა უნდა ვიყოთ გამონაკლისი? თუ იმ დროს, როცა აგარიანთა ძალაუფლების ქვეშ ვიმყოფებოდით, ისინი ჩვენს სარწმუნოებას არ ეხებოდნენ და ეგზომ მწუხარებას არ გვაყენებდნენ, ახლა რაღა დავაშავეთ, რომ წაგვართვეს ჩვეული მღვდელმთავრები, ეკლესიები და მღვდლები”? (აქტები, ტ. VI, I, 391).
ხსენებულმა ღონისძიებებმა “მოსაყვედურეთა” წინააღმდეგ, რომელთაგან ზოგიერთი თვით გენერალ ტორმასოვის სიტყვებითაც კი რუსეთის ერთგული იყო, რაც დაამტკიცა კიდეც “მრავალი გამოცდილებით” (აქტები IV, 230, 232, 350, 366, 368), ქრისტეს ეკლესიის წევრნი და მსახურნი დააშინა, ამიტომაც საყვედურების ღიად გამოხატვას იშვიათად თუ ბედავდა ვინმე. მაგრამ ყრუ უკმაყოფილება საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში დამკვიდრებული ანტიკანონისტური ვითარების წინააღმდეგ ყოველთვის არსებობდა და ეს ჩანდა როგორც ლიტერატურაში, ასევე ძალაუფლების მპყრობელებთან კერძო საუბრებშიც. ამის საბუთი მრავლად მოიპოვება, მაგრამ შენს უწმინდესობას სხვას მოვახსენებ: 1841 წლის 8 ნოემბერს, სინოდის მოხსენებაზე საქართველოში ქორეპოსკოპოსის დანიშვნის შესახებ, იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა მიაწერა: “ვეთანხმები, მაგრამ ადგილობრივი ენის ცოდნა იქ თითქმის აუცილებელია, რათა შენარჩუნებულ იქნას ხალხზე სათანადო გავლენა, რის გამოც სასურველია იმის შერჩევა, ვინც ენა იცის, თუნდაც ისეთი განათლებული არ იყოს, როგორიც აქ საჭიროა” (სინოდალური სამმართველოს საქმე # 6240, 1841 წ.). განა რუსეთის იმპერატორის ასეთი მზრუნველობა ქართველ სამწყსოზე არ არის იმ “საყვედურთა” შედეგი, რომელთა შესახებ ცნობა ნიკოლოზ პავლეს ძის ყურამდეც მიაღწია? აღარაფერს ვამბობ იმერეთის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი გაბრიელის გამოსვლებზე ეგზარქოს ევსებისა და სამოქალაქო პირთა (კ. პ. იანოვსკის, მ. რ. ზავადსკის, კერსკისა და სხვათა) წინააღმდეგ გასული საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში, სადაც გაკიცხული იყო ეკლესიის რუსიფიკატორულ სწრაფვათა შესასრულებელ იარაღად გადაქცევის პოლიტიკა, როცა ქართველებს სდევნიდნენ სასულიერო სასწავლებლებში, ძარცვავდნენ წმინდა ადგილებს, მღვდელმთავრებად ნიშნავდნენ სამწყსოს ენის, ზნე-ჩვეულებათა და მიდრეკილებათა არმცოდნე რუსებს. ან თუნდაც გავიხსენოთ პრესასა და საზოგადოებაში გამოთქმული უკმაყოფილება ბიჭვინთის, სვიმონ კანანელის, დრანდის, მოქვის, საფარის, ახტალის ტაძართა და მონასტერთა ჩამორთმევის გამო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბოდბისა, სადაც წმინდა ნინოს, საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნაწილები განისვენებს, — განა ეს ყველაფერი “საყვედური” არ არის საქართველოში რუსეთის უზენაესი საეკლესიო ხელისუფლებისა და მისი ადეპტების მიმართ?
თვით სინოდის ეგზარქოსებმა იცოდნენ ამ “საყვედურთა” შესახებ, თავისი ყურით ისმენდნენ მათ, მაგრამ ყოველივე ამას ხსნიდნენ იმით, თითქოს ქართველ ხალხს “მსჯელობის უნარი” არ გააჩნდა, “გონებაჩლუნგი” იყო და “სიცოფე” და “მკვლელობისადმი მიდრეკილება” ახასიათებდა. ასე განმარტავდა ქართველთა “საყვედურებს” რუსული ეკლესიის გამოჩენილი იერარქი, უწმინდესი სინოდის ხელმძღვანელი მღვდელმთავარი და საქართველოს ყოფილი ეგზარქოსი, მაღალყოვლად უსამღვდელოესი იოანიკე (უწმინდესი მმართველი სინოდის წევრის, ხერსონის მთავარეპისკოპოსის, ნიკანორის ჩანაწერები, 35-36). ხოლო ყოვლადუსამღვდელოესი იოანიკეს მომდევნო ეგზარქოსი, მთავარეპისკოპოსი პავლე თავის წერილში ტვერელი ეპისკოპოს საბასადმი (ტ. 8, 102) საკუთარ სამწყსოს ახასიათებს როგორც “ველურებს”, თავისი ხელით დაწერილ წერილში კი (იქვე, 349) საქართველოს უწოდებს “ველურ, მხეცურ მხარეს”. და რაოდენ გონებაჩლუნგები, ცოფიანები, ველურები და მხეცები არიან ქართველები, შენმა უწმინდესობამ შეიძლება იმსჯელოს თუნდაც ბოლო ორი წლის — საყოველთაო ნგრევისა და გაპარტახების ეპოქის მიხედვით: საქართველო ყოფილი იმპერიის ერთადერთი კუთხეა, სადაც ელინნი და იუდეველნი, სკვითნი და ბარბაროსნი მშვიდად ცხოვრობენ და არ ეშინიათ სიცოცხლის ან სარწმუნოების გამო.
და თუმცა ეგზომ უსაფუძვლოა შენი მტკიცება, ღირსპატივსაცემო მეუფეო, თითქოს საქართველოს სინოდისადმი დამორჩილებას საუკუნის განმავლობაში არავითარი საყვედური არ გამოუწვევია, მე მაინც მჯერა შენი, რომ სინოდის განკარგულებაში არსებობს ქართველთაგან მოსული მონაცემები საქართველოში სინოდალური მმართველობის კეთილნაყოფიერების შესახებ. მაგრამ შენც დამიჯერე, რომ ეს მონაცემები ეკუთვნით რითამე დაინტერესებულ პირებს და ისეთივე ღირსებებით გამოირჩევა, როგორითაც შენ მიერ მოყვანილი ციტატა მარადის მოსახსენებელი კათოლიკოს კირიონის თხზულებებიდან, რომელი ციტატაც მაღალ ავტორს მრავალჯერ უარუყვია (კრების წინარე სხდომათა ჟურნალი, 1906 წ. ტ. 8, ნაწ. 2. გვ. 35): ჩვენი ცხოვრების პირობები იმგვარი იყო, რომ სიმართლის დაწერა თითქმის არ შეიძლებოდა. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ “თვით ქართველი სამღვდელოება მაღალყოვლადუსამღვდელოესი კირიონის სახით” არასოდეს მოიაზრებოდა და არც შეიძლებოდა მისი ასე მოაზრება, რადგან ნეტარხსენებული ავტორის ეს სიტყვები ყოველთვის გაკიცხული იყო ქართველი სამღვდელოების მიერ. თვით საქართველოს ეგზარქოსებიც არ იზიარებდნენ ხსენებული ავტორის ამ აზრს: მთავარეპისკოპოსმა პლატონმა საქართველოს ეკლესიის მდგომარეობის გაცნობის შემდეგ უწოდა მას ტრაგიზმით აღსავსე, თვით ეკლესია კი დაახასიათა როგორც “კრახის გზაზე მდგომი” (საეკლესიო უწყებათა დამატება, 1916 წ., #21, გვ. 502). ერთ-ერთი ყველაზე განათლებული რუსი იერარქის ეს სიტყვები ფრიად ნიშანდობლივია: უკანასკნელმა ეგზარქოსმა შეაფასა საქართველოს კათედრაზე მისივე წინამორბედთა მოღვაწეობა ჩვენში სინოდალური მმართველობის ბატონობის განმავლობაში.
მთავარეპისკოპოს პლატონის მიერ სინოდალური ეგზარქოსების საქართველოში მოღვაწეობისათვის გამოტანილი ასეთი განაჩენის შემდეგ იმედი მაქვს, შენი უწმინდესობა აღარ აღიარებს ჭეშმარიტად მტკიცებას, რომ საქართველოში სინოდალური მმართველობა კეთილნაყოფიერი იყო.



III.
როდესაც “1905 წელს აღმოჩნდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ცდები”, — წერ შენ, უწმინდესო, — “სინოდმა 1906 წელს დაადგინა, გადაეცათ აღნიშნული საკითხი განსახილველად რუსეთის ეკლესიის მომავალი კრებისათვის”, რომელი კრების “განსასჯელად” უნდა გამოგვეტანა ჩვენი სურვილები და სწრაფვები საეკლესიო მიმართულებით და “დავლოდებოდით მის გადაწყვეტილებას”.
წინა, მეორე რუბრიკაში მოყვანილი ფაქტებიდან შენს უწმინდესობას უნდა გაეგო, რატომ მოხდა, რომ მხოლოდ “1905 წლიდან გამომჟღავნდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ცდები”. სწორედ ამ წელს დართეს სიმართლის თქმის ოფიციალური ნება და ჩვენც ვთქვით სიმართლე. განა მხოლოდ ჩვენში “გამჟღავნდა” კანონიკური წესრიგის აღდგენის ცდები 1905 წელს? განა თვით რუსეთის ეკლესია, რომელიც ჩვენზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მაინც ემონებოდა “ფრაკიან და მუნდირიან პატრიარქებს”, “ურწმუნო” და “სარწმუნოებისაგან აშკარად განდგომილ” ადამიანებს (“რუსეთის საეკლესიო მაცნე”, 1917, # 156, საეკლესიო კრების აქტები, 25 ოქტომბერი), სწორედ იმავე 1905 წელს არ ალაპარაკდა პატრიარქობის აღდგენაზე? შენს უწმინდესობას ალბათ არ დავიწყნია, კ. ი. პობედონოსცევის რა მრისხანე შეძახილი შეხვდა რუსეთის ეკლესიის საუკეთესო მღვდელმთავრების პირველ ცდას, აღედგინათ რუსეთის საეკლესიო მმართველობაში ნორმალური წყობა და რაოდენ დიდი იყო მღვდელმთავართა გაოცება და შეშფოთება ყოვლისშემძლე კარისკაცის ამ შეძახილის შემდეგ. გარდა ამისა, შენი უწმინდესობა სხვაგანაც სცოდავს ჭეშმარიტების წინააღმდეგ: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი საეკლესიო კრების განსახილველად წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით კი არა, იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ნებით გადაეცა პასუხად ქართველი ეპისკოპოსების ვედრებისა, რომ საქართველოს ეკლესია აღდგენილ ყოფილიყო თავისი ავტოკეფალური უფლებით. წმინდა სინოდს კი უბრალო განჩინებაც კი არ გამოუტანია, რომ ეს უზენაესი ნება გამოქვეყნებულიყო მის ოფიციალურ ორგანოში “საეკლესიო უწყებანი” და ეს ნება გამოეცხადა ქართველ ეპისკოპოსებს კავკასიაში იმპერატორის ნაცვლის მეშვეობით. არსებითად კი 1906 წლის ეს დადგენილება თუ ნებართვა საქართველოს ეკლესიას კიდევ უფრო უარეს მდგომარეობას უმზადებდა. საქმე ისაა, რომ მომავალი კრება ვერ შეძლებდა მისთვის განსახილველად გადაცემული საკითხის მართებულ გადაწყვეტას — ამას ამტკიცებენ მისი სრულუფლებიანი წევრობისათვის განწესებულ საეპარქიო მღვდელმთავართა “გამოხმაურებები”: ყოვლადუსამღვდელოესი მეუფენი ამ “გამოხმაურებებში” ან სრულიად არ ეხებოდნენ ამ საკითხს, ან უარყოფითად წყვეტდნენ მას, ზოგმა კი ჩვენი დასასჯელად გადაცემა მოითხოვა (ლავრენტი ტულელი, — საეპარქიო მღვდელმთავართა გამოხმაურებები, ნაწ. 3, 387).
არცთუ უკეთესი მიმართულება მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხმა კრების წინამორბედ სხდომებზე. ეს საკითხი სხდომამ უარყოფითად გადაწყვიტა და შემდეგ შეუდგა ამიერკავკასიაში საეკლესიო საქმის კეთილმოწყობას პროტოპრესვიტერ ი. ვოსტორგოვის მიერ შემოთავაზებული ორი პროექტიდან ერთ-ერთის მოწონებით, თუმცა ეს პროექტები პროფ. ნ. გლუბოკოვსკის აზრითაც “კანონიკური თვალსაზრისით არცთუ ძალიან გამართული იყო”, რადგან ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ივარაუდებოდა “ორი ერთმანეთთან კონკურენციის მდგომარეობაში მყოფი და, შესაძლოა, ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი სხვადასხვა საეკლესიო ხელისუფლების შექმნა” (კრების წინამორბედი სხდომების ოქმების ჟურნალი, ტ. III, ნაწ. 2, გვ. 277). მომავალი კრების წევრთა და მათ თანაშემწეთა ასეთი განწყობის პირობებში განა შესაძლებელი იქნებოდა, გამოგვეტანა ჩვენი სურვილები და მისწრაფებები სრულიად რუსეთის საეკლესიო კრების სამსჯავროზე?
ან იქნებ შენი უწმინდესობა ფიქრობს, რომ “დამოუკიდებლობის ჩვენი სურვილი” სამართლებრივი თვალსაზრისით იპოვიდა დამცველებს საქართველოს ეკლესიის უახლოეს მმართველებში 1906 წლის უზენაესი განჩინების შემდეგ?
დიდად ვწუხვართ, რომ არ გაგვაჩნია საკმაო ოფიციალური მონაცემი იმის შესახებ, თუ როგორ აშუქებდნენ ამ საკითხს საქართველოს ეგზარქოსები უზენაესი საეკლესიო ხელისუფლების წინაშე, მაგრამ ისიც, რაც ხელთა გვაქვს, საკმარისად ცხადად ახასიათებს ეგრეთ წოდებულ ეგზარქოსებს საქართველოში. უზენაესი განჩინების შემდეგ მოსული პირველივე ეგზარქოსი, მთავარეპისკოპოსი ნიკონი, ასე სწერდა 1908 წლის 20 იანვარს წმ. სინოდის პირველ წევრს, მიტროპოლიტ ანტონის: “საქართველოს სამღვდელოებამ დაადგინა სემინარიებსა და სასულიერო სასწავლებლებში საღვთისმეტყველო საგნების სწავლება ქართულ ენაზე, მაგრამ ეს უპირობოდ დაუშვებელია... მათ ღვთისმეტყველებაში ქართულად ვარჯიშის უფლება რომ მიეცეს, მაშინ უფრო შორს უნდა წავიდეთ, რათა არ დავშორდეთ სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს და შესაძლებელი იქნებოდა, როგორც ამას ვწერ წმ. სინოდისადმი ჩემს მოხსენებაში, სემინარიას, როგორც ეროვნულ ენაზე მსწავლელს, ჩამოერთვას სახელმწიფო ხაზინის დახმარება და უფლებები, რომლებსაც ის ანიჭებდა თავის მოწაფეებს მანამ, სანამ სრულიად რუსული იყო. მაშინ ჩადენილის სინანულითა და შეწყალების ცრემლიანი ვედრებით ქართველები უარყოფენ თავიანთ ეროვნულ მისწრაფებებს და შეგვეხვეწებიან იმის დაბრუნებას, რაც ჰქონდათ. რა საჭიროა მათთან ლოლიავი?” (ამიერკავკასია, 1917 წლის 16 აპრილი). განა შესაძლებელი იყო, სანატრელო ძმაო, გვქონოდა იმედი, რომ ამ სიტყვების ავტორი დადებითად გადაწყვეტდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური უფლებების აღდგენას?
მთავარეპისკოპოს ნიკონის მემკვიდრემ, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ინოკენტიმ, როცა იმერეთის სამღვდელოების ყრილობამ მიულოცა ეგზარქოსად დანიშვნა და გამოთქვა იმედი, რომ იბერიის ეკლესიის საკითხი კეთილად გადაწყდებოდა, განაცხადა, რომ იგი მხოლოდ რუსეთის ეკლესიას სცნობს და არ აღიარებს საქართველოს ეკლესიას. ასევე ეგზარქოს ინოკენტის მემკვიდრემ, მთავარეპისკოპოსი ალექსი მეორე, იმპერატორისადმი თავის მიმართვაში 1913 წლის 7 დეკემბერს ამბობს, რომ ქართველთა სურვილი, აღადგინონ საეკლესიო დამოუკიდებლობა, არის “ქართველ ავტოკეფალისტ ინტელიგენტთა ფანტასტიკური ბოდვა” (უწმინდესი სინოდის განჩინება # 6167, 1914 წლის 11 აპრილი). ხოლო მთავარეპისკოპოსმა პლატონმა ჩამოართვა საქართველოს სამღვდელოების ყრილობას შუამდგომლობა დიდი მთავრის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძის, წინაშე ავტოკეფალიის აღდგენისათვის, დაჰპირდა დეპუტატებს, რომ მიაწოდებს ამ საბუთს საიმპერატორო ნაცვალს, მაგრამ სინამდვილეში წერილი თვითონ დაიტოვა და დაარწმუნა სამღვდელოება, რომ ის უკვე დანიშნულების მიხედვითაა გადაცემული.
ნათქვამი საკმარისია, უწმინდესო მეუფეო, იმის გასაგებად, თუ როგორ ამზადებდნენ რუსეთის ეკლესიის კრებას საქართველოს საეკლესიო ავტოკეფალიის საკითხის გადასაწყვეტად და რა დადგენილების გამოტანა შეეძლო კრებას ამ საკითხზე. ავტოკეფალიის საკითხის უარყოფით გადაწყვეტას კი შეეძლო გამოეწვია რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის მტრობა და კონფლიქტი, რაც ჩვენ არასოდეს გვსურდა და არ გვსურს. ამიტომ საეკლესიო საქმისათვის გულშემატკივარი ქართველები ღიად აცხადებდნენ, რომ რუსეთის საეკლესიო კრება არ არის უფლებამოსილი, გადაწყვიტოს საკითხი 1906 წლის 11 აგვისტოს უზენაესი განჩინების შემდეგაც კი და ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ სრულიად რუსეთის მომავალ საეკლესიო კრებას “არ დაეწყო მისთვის განსახილველად გადაცემულ საკითხზე მსჯელობა” (“თბილისი”, # 16, 1906 წლის 12 ოქტომბერი, “სამღვდელოთა ჯგუფის თვალსაზრისი”).
ამის შემდეგ ან უნდა დავრჩენილიყავით წმ. სინოდის ძალაუფლების ქვეშ და მიგვეღწი


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 2 2007, 11:39 AM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ზებედე
მაგარია smile.gif

და რატომაა დაუსრულებელი?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 06:18 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი