IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ეს საკითხი საკამათოა?
ზებედე
პოსტი Dec 13 2006, 04:58 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



დამლოცეთ მამაო.


მამაო, მაინტერესებს სინოდის ეს განჩინება ეხება თუ არა დაუბადებელ, იგივე დედის მუცელში მოწყვეტილ ჩვილებსაც, შეიძლება თუ არა ამ შემთხვევაში ერთნაირად მივიჩნიოთ დაბადებული და დაუბადებელი ჩვილი? არსებობს თუ არა ეკლესიური სწავლება მუცელში მომწყდარ ჩვილების საუკუნო ხვედრზე, ამბობს თუ არა ვინმე კონკრეტულად ამის შესახებ რომ ისინი წარწყმდებიან, ან ცხონდებიან...

ყველას გთხოვთ მამაოს პასუხს ნუ დაასწრებთ smile.gif



საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესი სინოდის განჩინება:



პიროვნების სულიც ცხოვნების შესახებ ეკლესიური მოძღვრება გვასწავლის, რომ ცხოვნებისათვის აუცილებელია ცოდვების მიტევება. წმ. იოანეს სახარებაში სწერია: ”უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისა” (იოანე 3.3)

მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას.

სარწმუნოების სიმბოლოს XI მუხლის მიხედვით, ცოდვათა მიტევება შესაძლებელია ნათლისღებით: ”აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა". კართაგენის საეკლესიო კრების 110-ე მუხლის თანახმად, ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად. ამ კანონით კართაგენის საეკლესიო კრება გვახსენებს, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია აგრეთვე ადამისმიერი, ანუ პირველქმნილი ცოდვაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვილებიც, რომელთაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმიდოს პირველქმნილი ცოდვისაგან.

სახარების მიხედვით, ნათლისღებაში იგულისხმება ასევე ჯვარცმა და სიკვდილი. უფალი ბრძანებს: "სასუმელი სამე ჩემი შესუით და ნათლისღება, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ..." (მათე 20,23). ამიტომ ქრისტესათვის წამებულნი, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული წყლით ნათლობა, ღვთის მადლით განიწმინდებიან ცოდვათაგან, ანუ იშვებიან მეორედ, და ისევე, როგორც ნათელღებულნი, დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს, ანუ _ ცხოვნდებიან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის, ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამკვიდრება, ანუ სულის ცხოვნება შეუძლებელია. 1/14. XII. 2000 წ.









--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 14 2006, 01:23 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



მოუნათლავ ჩვილთა ცხოვნების საკითხი ბოლო წლებში ქართულ ეკლესიაში ყველაზე საკამათო საკითხად იქცა. ამის მიზეზების ძიებას საკმაოდ შორს მივყავართ, მაგრამ ამასთან ერთად ცხადდება ჩვენი ცნობიერების სუსტი მხარეები. პირველ ყოვლისა ეს არის ერთგვარი იურიდიზმი ცოდვის არსის გააზრებაში. ცოდვა არ არის უბრალოდ საქციელი; ის სულის სნეულებრივი მდგომარეობაცაა. ადამის დაცემა არ იყო უბრალოდ სასჯელის ღირსი საქციელი, არამედ კაცობრივი ბუნების დაცემა, დასნებოვნება, რაც შემდგომში მისი და მის შთამომავალთა ცოდვისაკენ მიდრეკასა და ვნებულებაში გამოვლინდა. ადამიდან მოყოლებული ყველა მისგან შობილს მოჰყვება ბუნების მსგავსი მდგომარეობა. მსგავსად არ მომხდარა ანგელოზებში. ანგელოზები არ არიან ერთმანეთის ბუნების მემკვიდრენი და ნათლის ანგელოზის განდგომას მოჰყვა მხოლოდ იმ ზეციურ ძალთა დაცემა, რომელთაც თავისუფალი ნებით ისურვეს ლუციფერთან ყოფნა. ადამიანებს კი მშობლებისაგან გადმოგვეცემა დაცემულობა ბუნებისა.

დაცემულობა ბუნებისა არ უნდა მოვიაზროთ როგორც მხოლოდ ადამიანის ზნეობრივი სახის დეგრადაცია. დაცემულობა არის ღმრთის ვერშემწყნარებლობა, "მე"-ს აღმატებულობა ღმერთზე ადამიანის პიროვნებაში, ღმრთაებრივი ენერგიების ვერმიმღებლობა. ასეთ ადამიანს ვერ ძალუძს სასუფევლის დამკვიდრება; ღმერთთან მყოფობა მისთვის დამწველია და არა გამათბობელი. ადამიანს არათუ არ უნდა, არამედ ვერ ძალუძს შემოქმედთან განსვენება.

ადამიანს ვერ ძალედვა თვითკურნება ბუნებისა. განახლება და აღდგენა მხოლოდ ღმერთკაცში - უფალ იესუ ქრისტეში მოხდა. ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება. ნათლობისას ჩვენ ვუერთდებით ქრისტეს, შევიმოსავთ მას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ პიროვნულ განღმრთობას, არამედ ქრისტესთან ნათლობით შეერთება შესაძლებელს ხდის ჩვენი ბუნების აღდგენას მასში. მთელი ცხოვრება ქრისტეანისა არის ამისთვის ბრძოლა. მაგრამ ქრისტეს გარეთ შეუძლებელია განახლება, როგორიც არ უნდა იყოს ადამიანის ნება. თუ ადამიანი გადის წუთისოფლიდან თავისი უმთავრესი მისიის შეუსრულებლად - ქრისტესთან შეუთვისებლად, მას ვერ ძალუძს სასუფეველში განსვენება. რა ასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქს ბუნების აღდგენა-განახლებასთან და არა თავისუფალი ნების არჩევანთან. ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვილებთანაც, რადგან მათი ბუნება ისევე დაკნინებულია, როგორც მშობლებისა. მათ არ აქვთ არჩევანის თავისუფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს უცოდველობას. ცოდვა ხომ არ არის მხოლოდ ზნეობრივი კატეგორია, ის სნეულებაა სულისა. შეუძებელია საუბარი ისეთი პიროვნების ცხოვნებაზე, რომლის მიწიერ ცხოვრებაში არ აღსრულებულა უმთავრესი პირობა განახლებისა - ნათლობისმიერი შეერთება ქრისტესთან. ეს დაამოწმა კიდევაც წმიდა სინოდის განჩინებამ.

დღეს გაუგებრობას და კამათს იწვევს დაუბადებელ ჩვილთა ცხოვნების საკითხი. მაგრამ რა არის დაბადება? ახლადშობილის ნების გამოვლინების თვალსაზრისით - არაფერი. ერთადერთი, რითიც განსხვავდება დაუბადებელი ჩვილი დაბადებულისაგან არის ნათლობის შესაძლებლობა. მაგრამ ამ შესაძლებლობის რეალიზაცია არანაირად არ არის დამოკიდებული ჩვილის თავისუფალ არჩევანზე. მას კიდევ მრავალი წელი ვერ ძალუძს თავისუფალი ნების გამოვლენა. მაშ რას ცვლის ჩვილთან მიმართებაში დაბადების აქტი, თუ ქრისტესთან შეერთება არ არის დამოკიდებული მასზე, არამედ მხოლოდ ზრდასრულთა კეთილ ნებაზე? თუ უფროსების ნების მიუხედავად ვერ იმკვიდრებს სასუფეველს მოუნათლავი ჩვილი, იგივე შეიძლება ითქვას დაუბადებელზეც.

ერთის შეხედვით შეიძლება გაუგებრად მოგვეჩენოს, თუ რატომ უშვებს ღმერთი-სიყვარული ასეთ უსამართლობას, რომ ადამიანს არ ეძლევა შობის, და ამით კი უფროსებს მისი მონათვლის საშუალება? ეს ის საკითხია, რომელიც აღსასრულამდე ღმრთის იდუმალ განგებულებად რჩება. ერთი კი ცხადია ჩვენთვის: უფლისათვის საყვარელია მონათლულიც და მოუნათლავიც. ღმერთი ყველას იქ განუჩენს სამყოფელს, სადაც კონკრეტული პირისათვის არის საუკეთესო. თვით ჯოჯოხეთიც ხომ ღმრთის უკანსკნელი მოწყალებაა ცოდვილთათვის.

ჩვილებთან მიმართებაში ხშირად გვესმის სიტყვა "წარწყმედა". წარწყმედას ვუწოდებთ შეუნანებელ ცოდვილთა სამყოფელს. არ შეიძლება იგივე სიტყვა მივუსადაგოთ ჩვილებს. არა იმიტომ რომ ისინი სასუფეველში გვეგულება; შემზარავია, როცა თავისუფალი ნებით ღმრთის უარისმყოფელებს და ნების ვერგამომაჩინებელ ჩვილებს ერთი ტერმინით ვიხსენიებთ. მოუნათლავი ჩვილები ვერ ხედვენ "პირსა უფლისასა", მაგრამ არ იტანჯებიან ნებსით მცოდველთა მსგავსად. გვჯეროდეს, რომ ღმერთს ისინი გაცილები ძლიერ უყვარს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს.

მოუნათლავ ჩვილთა ცხოვნების საკითხი უცაბედად არ წამოჭრილა. ოცი საუკუნე არ უკამათიათ ამაზე და ახლაღა, ჟამთა აღსასრულს გაგვეხსნა მსგავსი "ღმრთისმეტყველების" ნიჭი. ეს არ არის შემთხვევითი. ჰუმანიზმით ნაკვები მოდერნისტული აზროვნება ეძებს ნათლობის, - ქრისტესთან შეერთების გარეშე ცხოვნების პრეცედენტს ღმრთისმეტყველებაში. თუ მოხერხდა ეს, შემდგომში "გადარჩენილთა" წრეც იწყებს ზრდას. გასაგებია, რომ საბოლოო მიზანი არის ცხოვნებისათვის მართლმადიდებლური ნათლობის მნიშვნელობის დაკნინება, ეს კი ფართო ასპარეზს ხსნის ხალხთა ერთობისათვის და ეკუმენური ერთიანი ეკლესიის დასამკვიდრებლად. ეს ისაა, რაც ერთის შეხედვით ჩანს. არის სხვა გარემოებები, რომლებზეც ნაადრევად ლაპარაკი არ ღირს.

დასასრულს, მინდა ვთქვა, რომ სჯობს მოვეშვათ ამ საკითხს. ძალიან ბევრი რამ არის დაზიანებული თანამედროვე მართლამადიდებელთა ცნობიერებაში, რომელთა გამოსწორების გარეშე ჩვენი გადარჩენა ძალიან ძნელი იქნება. გავიხსენოთ წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვები: "ნუ ყოველნი მოციქულ იყვნენა? ნუ ყოველნი წინსწარმეტყუელ? ნუ ყოველნი მოძღუარ? ნუ ყოველნი ძალ? ნუ ყოველთა მადლი აქუნდეს კურნებათაჲ? ნუ ყოველნი ენათა იტყოდიან? ნუ ყოველნი გამოსთარგმანებდენ?" (1კორ. 12,30-31)


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Dec 14 2006, 03:47 AM
პოსტი #3


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



მამაო მე მაინტერესებს არსებობს თუ არა ეკლესიური სწავლება მუცელში მომწყდარ ჩვილების საუკუნო ხვედრზე, ამბობს თუ არა ვინმე კონკრეტულად ამის შესახებ რომ ისინი ან ჯოჯოხეთში მოხვდებიან, ან ცხონდებიან? რას ამბობენ წმ. მამები ამის შესახებ? ასევე საინტერესოა მოუნათლავი ჩვილები ვერ ხედვენ "პირსა უფლისასა" და როგორც ვიცით ვერც ანგელოზები და წმინდანები ვერ ხედავენ სასუფეველში და სამოთხეში "პირსა უფლისასა" ღვთაებრივი ბრწყინვალების გამო, მე მგონია რომ ეს უნათლავ ჩვილებზე პირდაპირი მნიშვნელობით არ უთქვია წმ. მამას, შეიძლება ვცდები და იქნებ იქნებ ამიხსნათ?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Jan 26 2007, 01:47 AM
პოსტი #4


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



მუცელში მომწყდარ ჩვილებზე განცალკავებით არ უსაუბრიათ მამებს იმ მიზეზის გამო, რომ ამის საჭიროება არც იყო. იცოდა ყველამ, რომ დაცემული კაცობრივი ბუნებით, რომლითაც ვიბადებით, სასუფეველს ვერ ვიმკვიდრებთ. დაბადება არ ცვლის ადამიანის ბუნებას. დაბადებით მხოლოდ გვეძლევა საშუალება ნათლობისა, მაგრამ ეს არ არის ბუნების რაიმენაირი ცვლილება.

მოდერნისტული ოპტიმიზმისათვის გაუგებარი და დაუტევნელია ის ფაქტი, რომ ადამიანი შეიძლება ვერ ცხოვნდეს მაშინ, როცა მას პიროვნული ნების გამოვლენის საშუალება არ მისცემია. ადამიანური წარმოდგენები სიკეთესა და სიყვარულზე განსხვავდება ღმრთაებრივი სიყვარულისაგან. ადამიანური გადასახედიდან ბევრი რამ საღმრთო განგებულებაში შეიძლება გაუგებარიც იყოს და ვერ ეტეოდეს სიყვარულზე ადამიანური წარმოდგენების საზღვრებში. რატომ არ მოწყვიტა უფალმა იუდა ან პილატე ყრმობისას, როცა იცოდა მათი საშინელი აღსასრული? რატომ დაისაჯნენ იუდეველთა ყრმები იერუსალიმის დაცემისას მამათა ცოდვების გამო? რატომ იტანჯებიან მონათლული და მაზიარებელი ბავშვები სხვადასხვა სნეულებებით? ან თუნდაც რატომ ვერ ცხოვნდებიან ყრმები მხოლოდ იმის გამო, რომ მშობლებმა ვერ ან არ მონათლეს? (იმედია სინოდის განჩინებას არ გავაპროტესტებთ) რატომ გვგონია, რომ ნათლობის საშუალების არმიცემით ღმერთმა არ მისცა ჩვილებს სასუფევლის დამკვიდრების საშუალება, და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ შესაძლოა ამით იგინი უფალმა ჯოჯოხეთში ტანჯვას აარიდა, იცოდა რა მათი შესაძლო ბილწი ცხოვრება? ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღმრთაებრივი სიბრძნის განგებულებას, მაგრამ უნათლავად ცხოვნების იდეის მიღებით სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით მართალ აღმსარებლობას. მივანდოთ ჩვილთა ხვედრი უფალს.

მინდა გავიმეორო, რომ ვერავინ იტყვის, თითქოს მოუნათლავად აღსრულებული ყრმა (დაბადებული თუ დაუბადებელი) მიეცემა სატანჯველს. ლაპარაკია მხოლოდ სასუფევლის ვერდამკვიდრებაზე. ამიტომ ყოველგვარი გამონათქვამები იმაზე, რომ ვინმე ქადაგებს მოუნათლავ ყრმათა წარწყმედას (ტანჯვას) ცილისწამებას უფრო წააგავს. და კიდევ, ეკლესია ლოცულობს ყველასათვის, ვისაც აქვს თუნდაც მინიმალური შესაძლებლობა სასუფევლის დამკვიდრებისა. ვიხსენიებთ ჩვენ მონანთლულ ყრმებს, თუმცა მათი ცოდვების შენდობას არ ვითხოვთ, რადგან პიროვნული ცოდვა ვერ ექნებოდათ. მოუნათლავთათვის კი ეკლესიას არასდროს არ ქონია არანაირი ლოცვა. ვგონებ, 20 საუკუნე საკმარისია იმისათვის, რომ ჩამოყალიბებულიყო ეკლესიის ლიტურღიკა.

რაც შეეხება უფლის პირის ხედვას, გავიხსენოთ, რას ბრძანებს წმიდა წერილი: "ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა" (მთ. 18,10). უფლის პირის ხილვა შესაძლებელია კაცთათვისაც. "და უწოდა იაკობ ადგილსა მას "ხილვაჲ ღმრთისაჲ", რამეთუ ვიხილე ღმერთ პირისპირ და ცხოვნდა სული ჩემი" (შექმნ. 32,30). გავიხსენოთ ფერისცვალების დღესასწაულის კონდაკი: "მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე... " გამოცხადებაში კი მართალთა შესახებ ვკითხულობთ: "მონანი მისნი ჰმსახურებდენ მას. და იხილონ პირი მისი და სახელი მისი შუბლთა ზედა მათთა" (გამოცხ. 22,4)

როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ანგელოზთა და კაცთათვის შეუძლებელია ხილვა პირისა ღმრთისა, იგულისხმება ის, რომ მთელი სისავსით უფლის სიდიადის აღქმა ქმნილებას ვერ ძალუძს.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 10:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი