IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> დიდი მარხვა - ვნების კვირა
tamuna m
პოსტი Mar 29 2010, 03:44 PM
პოსტი #1


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ვნების კვირა

IPB-ს სურათი

ვნების შვიდეული
ვნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირას ჰქვია. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.
მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.
ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება.
დიდმარხვის პერიოდი განსაკუთრებული დროა თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებაში. ეს არის დრო საკუთარი თავის უკეთ შეცნობისა, დრო სინანულისა და ცოდვებისაგან განწმენდისა, დრო ლოცვისა და მარხვისა, ქველმოქმედებისა თუ სხვა სათნოებათა აღსრულებისა.

დიდი მარხვა საპასექო წლის მესამე, ბოლო პერიოდს მიეკუთვნება და იგი პირობითად სამ ქვეპერიოდად იყოფა. I პერიოდი - დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, ოთხ კვირა დღეს და სამ შვიდეულს მოიცავს. იგი მეზვერისა და ფარისევლის კვირის მსახურებით იწყება და ყველიერის კვირით სრულდება. II პერიოდი, ანუ საკუთრივ დიდი მარხვის (ძირითადი) პერიოდი, ექვს კვირა დღეს მოიცავს და ბზობის კვირით მთავრდება. III პერიოდი კი ვნების შვიდეული გახლავთ.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ბოლო შვიდეული, მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას ეძღვნება: საიდუმლო სერობას, მის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.

ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმიდა ეკლესია განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს. ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.

ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.

დიდი ორშაბათი


დიდ ორშაბათს ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებს. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა - იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ასევე ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესიაც დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.

ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმინდა ეკლესია ღვთისაგან გამდგომილი იუდეველების ბედსა და იესო ქრისტეს მიერ აღწერილ სამყაროს აღსასრულს გვახსენებს. დიდ და მრავალრიცოვან განსაცდელთა, იერუსალიმის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების აღწერით ეკლესია მორწმუნეებს ამქვეყნიურ ბოროტებაზე ამაღლებისკენ, სულგრძელობისკენ, სიმშვიდისკენ, მოთმინებისკენ, ლოცვისა და სულიერი სიფხიზლისკენ მოუწოდებს და მაცხოვრის მიერ სახარების მთელ ქვეყენაზე გავრცელებისა და რჩეულთა გულისთვის განსაცდელთა შეწყვეტის აღთქმით ანუგეშებს (მთ. 24,14-22).

14. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული.

15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს),

16. მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ.

17. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად.

16. ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად.

19. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად.

20. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს.

21. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება.

22. და რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი.


დიდი ორშაბათის ღვთისმსახურებისას დედა ეკლესია მოუწოდებს ყველა მორწმუნეს, შეუდგეს ქრისტეს, ჯვარს ეცვას მასთან ერთად, მოაკვდინოს ხორცი ამქვეყნიურ სიამეთათვის, რათა მარადჟამს უფალთან მყოფობდეს. ცისკრის ჟამნზე მე-3 რიგის კანონის წაკითხვის შემდეგ, წმიდა ეკლესია მორწმუნეთა ყურადღებას მიაპყრობს წმ. იოანე ოქროპირის (IV ს) სწავლებას - „განხმელისათვის ლეღვისა“ და წმ. იოანე დამასკელის (VIII ს.) სიტყვას „იგავისათვის ვენახისა“ (იხ. მარხვანი, გვ.488).

მორწმუნეთათვის განკუთვნილი ზემოხსენებული სწავლება შეაგონებს თითოეულს, რათა უფალი გახდეს გამგებელი და მპყრობელი ადამიანთა გულებისა, რათა უფალმა დაივანოს ჩვენს გულებში და განწმინდოს იგი ყოველგვარი მწიკვლისაგან.

ამ დღეს ყურადღებას იპყრობს სვინაქსარის საკითხავიც, რომელიც საცისკრო კანონთა სამსაგალობლის I გალობის შემდეგ აღესრულება (იხ. მარხვანი, იქვე). აქ მლოცველთა გულისხმა მიემართება წმინდა იოსებისაკენ (პატრიარქ იაკობის შვილი რაქელისაგან), რომლის ცხოვრებაც წარმოჩენილია როგორც წინა სახე იესო ქრისტეს ვნებისა (გაცემისა, ღალატისა და დამდაბლებისა).

ამ დღეს მორწმუნეთა გულისხმისყოფისათვის იკითხება კონდაკი:

„იოსების წარწყმედასა იგლოვდა მწარედ იაკობ, ხოლო მას დაედგნეს ახოვნებისა შარავანდედნი, და მეფობდა ამისთჳს, რამეთუ არა დაამონა გულისთქმა თჳსი მეძვისა ნებასა, და სამართლად იდიდა იგი გულთ მეცნიერისა ღვთისაგან, და მიეცა გვირგვინი უხრწნელებისა“.

http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkhva/vnebis/orsh.htm
http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...bis/vnebis2.htm
http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...nebis_kvira.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 30 2010, 06:03 PM
პოსტი #2


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



დიდი სამშაბათი

დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებიკენ, განსაკუთრებით კი - მოწყალებისკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად გვითვლის; როცა გვეუბნება: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მთ. 25,40).



დიდ სამშაბათს (ცისკრის ჟამნზე, რიგის კანონთა წაკითხვის შემდეგ), იკითხება წმ. იოანე ოქროპირის 77-ე სიტყვა მათეს სახარების 24-ე თავის 32 და 33 მუხლების შესახებ. აქ საუბარია სულიერ ზაფხულზე, ანუ იმ მდგომარეობაზე, რომელიც დადგება ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის მეორედ მოსვლის შემდეგ, როცა ჩაივლის საწუთრო - „ცოდვის ზამთარი“.

ამ დღესვე იკითხება სვინაქსარი, რომელიც გვახსენებს იგავს ათ ქალწულზე, რათა ვისწავლოთ სულიერი სიფხიზლე და მზად ვიყოთ იმ მოულოდნელი წამისთვის, როცა - „სიძე მოვალს შუაღამესა“.

III, VIდა IX ჟამნებზე განჩინებული სახარებების კითხვის დასრულების შემდეგ იკითხება წმ. იოანე ოქროპირის სიტყვა მოწყალებასა და (კვლავ) ათ ქალწულზე.

წმიდა ეკლესია მორწმუნეთა ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს შემდეგ კონდაკზე:

„ჟამსა მას განსვლისასა იხსენებდი შენ, ოი, სულო ჩემო, შეძრწუნდი მოკვეთისა მისგან ლეღვისა, და მოცემული შენდა ტალანტი, განამრავლე შრომითა და სიყვარულითა, საწყალობელო, იღვიძებდ და ლმობიერად უღაღადებდ: ქრისტე მრავალმოწყალეო, ნუ განმაგდებ მე სასძლოსაგან შენისა“.

დიდი სამშაბათი - ახლოვდება იუდეველთა დღესასწაული პასექი. ყველა იუდეველი იკრიბება იერუსალიმში, მათ წინაშე იბადება კითხვა - ვინ არის იესო: მესია თუ თვითმარქვია? მაცხოვარში მწიგნობრები და ფარისევლები ხედავენ მოსეს კანონების უარმყოფელს, რომელიც ქადაგებს უცხო მოძღვრებას. მათ სურთ ხორციელი მესია, იუდეველთა წინამძღოლი, მსგავსი დავითისა და სოლომონისა, და არა მესია, როგორც სამყაროს მხსნელი.

წმიდა თეოდორე სტუდიელი
სიტყვა დიდ სამშაბათს
სიფხიზლის აუცილებლობის შესახებ

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ძვირფასო დებო და ძმებო, უფალი თავისი განსაცდელის მოახლოების ჟამს უფრო განცხადებულად საუბრობდა თავის მოწაფეებთან. „არღარა გეტყვი თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იციან, რასა იქმნ უფალი მისი, ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ“ (იოან. 15, 15) - ეუბნებოდა მაცხოვარი მოციქულებს. ამჯერად დაფარულად კი არა, უკვე განსაკუთრებული სიცხადით აუწყებდა მომავალი ვნების შესახებ, რათა ამგვარად შეემზადებინა მოციქულნი თავისი წამებისათვის: „უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ვნებაჲ იყოს, და ძე კაცისაჲ მიეცეს ჯუარცუმად“ (მათე 26, 6). როდესაც უფალმა დაინახა, რომ მოციქულები მწუხარებამ მოიცვა, გამხნევება დაუწყო და დაჰპირდა, რომ არ მიატოვებდა მათ.

უფალმა მოწაფეებს განუცხადა თავისი მომავალი ვნების ამბავი.

„მოიხსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელი გარქუ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თვისისა. უკუეთუ მე მდევნენ, თქუენცა გდევნენ; უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა, რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა“ (იოან. 15, 20, 18 და 19). და კვლავ, როდესაც დამწუხრებულები ნახა ისინი მაცხოვარმა, გაამხნევა: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა. და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. მშვიდობასა დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მოგცემ თქუენ; არა ვითარ სოფელმან მისცის, მიგცემ თქუენ, ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, ნუცა ეშინინ“ (შეად. იოან, 16, 33, 14, 16. მათე 28, 20. იოანე 14, 27). უფალმა სთხოვა თავის მოწაფეებს, რომ მასთან ყოფილიყვნენ და მისი მცნებები შეესრულებინათ, რამეთუ ამის გარეშე არ შეეძლოთ რაიმეს ქმნა: „დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ხელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თვისით, უკუეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაიცა გინდეს, ითხოვდეთ, და გეყოს თქუენ. მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი. კუალად მოვიდე“ (იოან. 15, 4, 7; 14, 2, 3).

მაცხოვარმა მოციქულები დაამშვიდა, იმ შეგნებით, რომ მწუხარებას სიხარული მოსდევს და მომავალ სამეფოში ჯილდო ელით. მოწაფეებს აინტერესებდათ, თუ როგორი იქნებოდა უფლის მეორედ მოსვლა დედამიწაზე, ამიტომ გამოუცხადა მან ღვთაებრივი ჭეშმარიტება: ის, რომ უფალი დიდებით მოვა ცოცხლებისა და მკვდრების გასასამართლებლად და ყველას, ვისაც სწამს მისი, თავის სამეუფოს მიამთხვევს, ხოლო ურწმუნოებს, განდგომილებსა და მოუნანიებლად გარდაცვლილებს მარადიული ტანჯვისთვის გაასამართლებს.

„ოდეს იყოს ესე?“ (მათე 24, 3) - ჰკითხეს მოწაფეებმა. მაცხოვარმა უპასუხა, რომ „დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან“ (მათე 24, 36). მაშასადამე, წმიდა წერილი ღრმად ინახავს საიდუმლოს და მისი მეორედ მოსვლის ზუსტ დროს არ გვამცნობს, რათა ყოველთვის სიწმიდესა და უმანკოებაში შევინახოთ თავი და ნებისმიერ დროს მზად ვიყოთ უფალთა შესახვედრად.

უფალმა გააფრთხილა მოწაფეები: „იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს. და ვითარცა იგი იყო დღეთა მას ნოესთა, ეგრეთ იყოს დღეთა მათ ძისა კაცისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებოდეს, ვიდრე დღემდე შესვლად ნოესა კიდობნად. და მოიწია წყლით რღუნაჲ და წარწყმინდა ყოველნი. ესრეთ იყოს დღე იგი, ოდეს ძე კაცისაჲ გამოჩნდეს. იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს“ (მათე 24, 42. ლუკა 17, 26 და 27, 30. მათე 25, 13).

უფლის ეს გაფრთხილება ახლა უფრო მეტად უნდა გვახსოვდეს, ვიდრე ოდესმე, რამეთუ აწ უფრო მეტია სული მთვლემარე და მიძინებული. სულიერი ძილი ორგანიზმის განსამტკიცებლად აუცილებელი ძილი არაა, პირიქით, იგია ძილი არაჯანმრთელი და ავადმყოფური, ადამიანი ფიქრობს, რომ ნამდვილი ცხოვრების ცხოვრობს, სინამდვილეში კი ღმერთი და მომავალი, მარადიული, ცხოვრება ავიწყდება. იმისათვის, რომ საშიშროების გრძნობა, სიფხიზლის აუცილებლობა ღრმად ჩავინერგოთ და ჩვენი სინდისი სულიერი თვლემისაგან გამოვაფხიზლოთ, უფალმა მოგვითხრო იგავი ათ ქალწულზე, რომელიც დღევანდელი სახარების კითხვისას მოვისმინეთ.

„მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თვისნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი - სულელნი. მოიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა. და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. ხოლო შუვაღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა, ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი, ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩვენ და თქუენ, არამედ უფროისღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისათანა ქორწილსა მას და დაეხშა კარი. შემდგომად მისა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგვიღე ჩუენ! ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყვი თქუენ: არა გიცნი თქუენ. იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს“ (მათე 25, 1-13).

ეს იგავი გვასწავლის იმას, რომ რწმენის მიღებას თან ღვთის სათნო საქმენი უნდა მივაყოლოთ, მხოლოდ ამგვარად შევძლებთ ჩვენი სულიერი ცხოვრების სრულყოფას. უგუნურმა ქალწულებმა, რომლებიც სიძის შესახვედრად გამოვიდნენ, ლაპმრებისთვის ზეთი არ მოიმზადეს, ბრძენნი კი ლამპრებთან ერთად ზეთითაც აღიჭურვნენ, რათა თავიანთ სიძეს ღირსეულად შეხვედროდნენ. ასევეა ჩვენი ცხოვრებაც. მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად, ამისთვის კი მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა ვიზრუნოთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, შევიძინოთ ღმრთის სიყვარული და რწმენა - შემდგომ სიყვარული მოყვასისა.

ამ სოფლის საზრუნავი ბინდავს ყველაზე არსებით საზრუნავს და ჩვენი ცხოვრების მიზანს - სულის ქრისტეს შუქით განათებას, მის ცხონებასა და მარადიული სასუფევლის მომზადებას. უნდა ვიფხიზლოთ, რათა ზეციურ სასუფეველში ბრძენ ქალწულებთან ერთად შევიდეთ და უფლის მარადიული წყალობა მივიღოთ. ამინ.

http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...nebis/samsh.htm

http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...nebis_kvira.htm

http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...bis/vnebis2.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 31 2010, 01:29 PM
პოსტი #3


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



დიდი ოთხშაბათი

ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.

ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფლველად მოამზადა.

აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკრიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარებას და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.

ამ დღეს მორწმუნეთა განსწავლისათვის წმ. იოანე ოქროპირის მე-80 სიტყვაც იკითხება მათეს სახარების 26-ე თავის მე-6 მუხლის შესახებ. წმიდა მამა გვმოძღვრავს განსაკუთრებით მოვერიდოთ სიძვისა და ვერცხლისმოყვარეობის დამღუპველ ცოდვებს. მისი სწავლებით, ვნების თვისება არ არის, მინავლდეს შემდგომად ხორციელი დაკმაყოფილებისა, არამედ პირიქით, შემდგომად წადილის აღსრულებისა იგი უფრო მეტად მოიცავს ცოდვილი ადამიანის სულს.

სვინაქსარში გადმოცემულია აზრი, მარად გვახსოვდეს ცოდვილი დედაკაცის კეთილგონიერი საქციელი, როგორც ამას მათეს სახარების 26-ე თავის მე- 13 მუხლი გვამცნებს: - „ამენ გეტყ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარება ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის რომელიცა-ესე ყო მაგან სახსენებელად მაგისა“.

ამ დღეს ასეთ კონდაკს სთავაზობს მორწმუნეებს დედა ეკლესია:

„ვსცოდე უმეტეს მეძვისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები, და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევება ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუნთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან“.

დიდ ოთხშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც ეფრემ ასურის ლოცვის: „უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო...“ - დროს ვასრულებთ. ამის შემდეგ, პარასკევამდე, ამ ლოცვას მხოლოდ მონაზვნები ასრულებენ სენაკებში. ამგვარად, ეფრემ ასურის ლოცვა ყველიერის კვირის ოთხშაბათს იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათს სრულდება.

(მთ. 26,6-17).

6. ხოლო როცა ბეთანიაში იყო იესო, სიმონ კეთროვანის სახლში,

7. მიუახლოვდა ერთი ქალი, ალებასტრის ჭურჭლით რომ მოჰქონდა ძვირფასი ნელსაცხებელი, და თავზე დაასხა ინახად მჯდომს.

8. ეს რომ დაინახეს, მისი მოწაფეები განრისხდნენ და თქვეს: რა საჭიროა ასეთი ფლანგვა?

9. ვინაიდან შეიძლებოდა დიდ ფასად გაგვეყიდა ნელსაცხებელი და გლახაკთათვის მიგვეცა ფული.

10. მაგრამ იესო მიუხვდა და უთხრა მათ: რას ერჩით ამ ქალს? მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო:

11. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.

12. ნელსაცხებელი რომ მცხო ტანზე, ამით დასამარხათ გამამზადა.

13. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, საღაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად.

14. მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან

15. და უთხრა მათ: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუკი მას მოგცემთ? ხოლო მათ მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი.

16. და მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა მათთვის მიეცა იგი.

17. ხოლო უფუარობის პირველ დღეს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: სად გნებავს, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?



--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 31 2010, 02:04 PM
პოსტი #4


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



დიდი ხუთშაბათი


IPB-ს სურათი

დიდ ხუშაბათს წმიდა ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეების ფეხთბანას, ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსემანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას.
ამ კვირაშიც, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ, თუმცა ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე, ე.წ. „დიდი ხუთშაბათი“, ზეთით ხსნილია, რადგან ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა: ამ დღეს იესო ქრისტემ
მოიწვია საიდუმლო სერობა თავისი თორმეტი მოწაფისა, დააწესა ზიარების საიდუმლო (ლუკა 22, 8-20).

8. და წარავლინნა პეტრე და იოვანე და ჰრქუა მათ: წარვედით და მომიმზადეთ ჩუენ პასქაჲ, რაჲთა ვჭამოთ. 9. ხოლო მათ ჰრქუეს: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ? 10. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: აჰა ეგერა შესლვასა ოდენ თქუენსა ქალაქად შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზე ედგას; შეუდეგით მას სახიდ, ვიდრეცა შევიდეს. 11. და არქუთ სახლისა უფალსა მას: გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქაჲ ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო? 12. და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ. 13. და წარვიდეს და პოვეს ეგრე, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ, და მოუმზადეს პასქაჲ იგი.14. და ოდეს იყო ჟამი, დაჯდა, და ათორმეტნი მოციქულნი მის თანა. 15. და ჰრქუა მათ: გულის-სიტყჳთ გული-მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა. 16. ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვჭამო ამიერითგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა. 17. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და თქუა: მიიღეთ და განიყავთ თავისა თქუენისა. 18. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ვენაჴისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაჲ მოვიდეს. 19. და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს მიცემული; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა. 20. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი ­ ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული. 21. ხოლო აჰა ჴელი განმცემელისა ჩემისაჲ ჩემ თანა ტაბლასა ზედა. 22. ძე სამე კაცისაჲ, მსგავსად განჩინებულისა მისისა, წარვალს, ხოლო ვაჲ არს კაცისა მის, ვის მიერ მიეცემის იგი!


ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ დიდ ხუთშაბათს უზიარებელი არ დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებულ მორწმუნეს ზიარება წლის ნებისმიერ დროს შეუძლია, არსებობს დიდ ხუთშაბათს ზიარების ქრისტიანული
ტრადიცია. ამ დღეს უზიარებლად დატოვება ერთ-ერთ მძიმე სასჯელად ითვლებოდა, თუმცა მცდარია შეხედულება, თითქოს დიდი ხუთშაბათის ზიარება რაიმეთი აღემატებოდეს სხვა დღეებში მიღებულს. უფლის სისხლი და ხორცი მარად
უცვლელია.
ტრადიციულად, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამ დღეს მორწმუნეებს თვით ჩვენი კათალიკოს-პატრიარქი ილია II აზიარებს ხოლმე.

ამავე დღეს სრულდება ფეხთბანის რიტუალი.
კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს თორმეტ მღვდელს და ბანს ფეხებს. ამითი ჩვენ ვიხსენებთ, როგორ დაბანა ფეხები მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს (იოანე13, 4-10).

4. აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი. 5. და მოიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერჴთა მოწაფეთა თჳსთა და წარჰჴოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა. 6. და მოვიდა სიმონ-პეტრესა. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა? 7. მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად. 8. ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერჴნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა. 9. ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ნუ ხოლო ფერჴნი ჩემნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა ჩემი. 10. ჰრქუა მას იესუ: განბანილსა მას არა უჴმს, გარნა ფერჴნი ხოლო დაბანად, რამეთუ ყოვლად წმიდა არს იგი, და თქუენცა წმიდა ხართ, არამედ არა ყოველნი.

აღესრულება ბასილი დიდის წირვა, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. სერობაზე „რომელთა ქერუბიმთას“ ნაცვლად იგალობება: „სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე“... სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფერხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბას ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს.

დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა, საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება (ეს მირონი მღვდელმსახურებაში მირონცხების საიდუმლოს შესრულებისას და ტაძრების კურთხევისას გამოიყენება).

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფლვით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით. „თორმეტი სახარების“ კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც ერთი მხრივ, ჩვენი მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებაა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.

IPB-ს სურათი

აი, რომელი „სახარებები“ იკითხება ამ მსახურების დროს:

პირველი - იოანეს სახარება 13:31 - 18:1
მეორე - იოანეს სახარება 18:1-28
მესამე - მათეს სახარება 26:57-75
მეოთხე - იოანეს სახარება 18:28 - 19:16
მეხუთე - მათეს სახარება 27:3-32
მეექვსე - მარკოზის სახარება 15:16-32
მეშვიდე - მათეს სახარება 27:33-54
მერვე - ლუკას სახარება 23:32-49
მეცხრე - იოანეს სახარება 19:25-37
მეათე - მარკოზის სახარება 15:43-47
მეთერთმეტე - იოანეს სახარება 19:39-42
მეთორმეტე - მათეს სახარება 27:62-66

მერვე სახარების შემდეგ იკითხება კანონი და იგალობება საგალობელი, რომელშიც ასახულია ის ეპიზოდი, როდესაც იესო ქრისტემ მის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკს შეუნდო, რადგან ამ უკანასკნელმა სიკვდილის წინ შეინანა. ეს საგალობელი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ სრულდება.

თორმეტი სახარების მსახურების დასრულების შემდეგ მორწმუნენი ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ჯვარცმასთან მიდიან, დიდი მეტანიის გაკეთებით ეამბორებიან და ტაძარს ტოვებენ. არსებობს ძველი ტრადიცია, რომლის თანახმადაც სანთელი, რომელიც თორმეტი სახარების კითხვისას ხელში გვეჭირა, ასევე ანთებული უნდა წავიღოთ სახლში და შესასვლელი კარის თავზე სანთლის ალისგან წარმოქმნილი კვამლით ჯვარი გამოვსახოთ. ამისთვის, რა თქმა უნდა, რაიმე ლამპარი უნდა მოვამზადოთ, რათა სანთლის შინ ჩაუქრობლად მიტანა შევძლოთ.




http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...ebis/khutsh.htm

არქიეპისკოპოსი სერაფიმ სობოლევი
სიტყვა დიდ ხუთშაბათს

http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...bis/vnebis2.htm
დიდი ხუთშაბათი

http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...nebis_kvira.htm

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/sobolevi_khutsh.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Apr 2 2010, 12:28 AM
პოსტი #5


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



IPB-ს სურათი

დიდი პარასკევი


დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვარიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წირვა არ აღესრულება, რადგან ამ დღეს ცოდვებისგან ჩვენს გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად. სრულდება სამეუფეო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ იკითხება სახარება მისი ვნების შესახებ.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, შუადღიასას, ორ საათზე აღევლინება, რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - „საფლავი“, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილზე, რომელზეც საფლავში მყოფი მაცხოვარია ამოქარგული, დააბრძანებენ გარდამოხსნას.

საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვის გალობისას შავ, სამგლოვიარო სამოსში გამოწყობილი მღვდელმსხური აკმევს გარდამოხსნას, რომელიც ჯერ კიდევ საკურთხეველშია დასვენებული, „მამაო ჩვემოს“ გალობის შემდეგ კი ტროპარის „მშვენიერმა იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი...“ გალობით მღვდელმსახურები წმინდა ტრაპეზიდან, როგორც გოლგოთიდან, აიღებენ გარდამოხსნას, თავს ზემოთ ასწევენ, საკურთხევლიდან გამოასვენებენ, ტაძარში შემოატარებენ და „საფლავში“ დაასვენებენ. ამის შემდეგ სამღვდელოება და მლოცველები დიდ მეტანიას ასრულებენ გარდამოხსნის წინაშე და ეამბორებიან მას.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება - მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში.

სერობის შემდეგ, საღამოს, შესაძლოა მწუხრიც, ე.წ. „ღვთისმშობლის გოდებაც“ აღევლინოს.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურსა და წყალზეა.

ძველი ტრადიციის თანახმად, ამავე დღეს, მზის ჩასვლამდე, წითლად იღებება სააღდგომო კვერცხები. კვერცხი ქრისტიანული ტრადიციით ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააღდგომო კვერცხი აუცილებლად წითელი უნდა იყოს, ნებისმიერ სხვა ფრად შეღებილ კვერცხს ქრისტიანულ ტრადიციასთან არაფერი აქვს საერთო.

http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...nebis_kvira.htm

http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...bis/vnebis2.htm

http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkhva/vnebis/par.htm

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kronshtadteli/paraskev.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Apr 2 2010, 10:16 PM
პოსტი #6


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



IPB-ს სურათი

დიდი შაბათი

წმიდა ეკლესია იხსენებს მაცხოვრის საფლავად დადებას, ხორციელად საფლავში ყოფნას, ხოლო განღმრთობილი სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და მართალთა სულების გამოხსნას, და მამასა და სულიწმიდასთან განუშორებლად თანამყოფობას, ასევე გვაზიარებს საოცარ მოლოდინს უდიდესი მოვლენისა - მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომისა.

ამ დღეს საზეიმოდ ინათლებიან „ნათვლადგანმზადებულნი“, რომლებიც წმიდა ბასილი დიდის წირვაზე ეზიარებიან კიდეც.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დიდი შაბათის მსახურება გამშვენებულია ურთიერთსაპირისპირო სულიერ განცდათა საოცარი გამით: მწუხარებითა და სიხარულით, ცრემლითა და სულიერი აღმაფრენით, გულისტკივილითა და სულიერი გაცისკროვნებით.

დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკცდრეთით აღდგომას ეძღვნება. ცისკარზე მღვდელმსახურები „წმინდაო ღმერთოს“ გალობით გარდამოხსნას ტაძრიდან გამოაბრძანებენ და, ნიშნად იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლისა და სიკვდილზე გამარჯვებისა, ხალხის თანხლებით ტაძრის ირგვლივ შემოატარებენ. შემდეგ ისევ ტაძარში შეაბრძანებენ და ღია აღსავლის კართან მიიტანენ. ეს იმის ნიშანია, რომ მაცხოვარი განუყოფლას იმყოფება მამა ღმერთთან და რომ თავისი ვნებითა და სიკვდილით კვლავ გაგვიღო სამოთხის კარი. ამ დროს იგალობება „მშვენიერმან იოსებ...“

იმ დროს, როცა გარდამოხსნას ისევ ტაძრის შუაგულში დაასვენებენ, ითქმება ეკტენია და იკითხება საწინასწარმეტყველო ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან გარდაცვლილთა მკვდრეთით აღდგომის შესახებ; სამოციქულო, რომელიც გვასწავლის, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი აღდგომაა ყოველი ჩვენგანის სულისთვის; სახარება, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ დააყენეს მცველები პილატეს თანხმობით მაცხოვრის საფლავთან, შესასვლელი ლოდით ჩარაზეს და ზედ ბეჭედი დაასვეს.

დიდი შაბათის ღვთისმსახურება მართლმადიდებლური ლიტურგიული ტრადიციის მწვერვალია. ეს არაა იესო ქრისტეს სიკვდილისა და დასაფლავების ისტორიული მოვლენების დრამატული გათამაშება ან სახარებისეული რიტუალური დადგმა. ეს ღვთისმსახურება ღრმა სულიერი წვდომაა მაცხოვრის იმ ქმედების მარადიულ არსში, რომლითაც მან კაცობრიობა იხსნა.

ბასილი დიდის საღვთო ლიტურგია ანუ წირვა ამ დღეს ჩვეულებრივზე გვიან იწყება და მწუხრს უერთდება. მღვდელი საკურთხეველში ტრაპეზთან კი არ მსახურობს, არამედ ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნასთან.

მცირე შესავლისა და „ნათელი მხიარულის“ გალობის შემდეგ იკითხება 15 საწინასწარმეტყველო საკითხავი ძველი აღთქმიდან. ყოველ მათგანში ნაწინასწარმეტყველევია ღვთის მიერ სამყაროს ხსნა, რაც აღთქმული მესიის მოსვლით აღსრულდა.

სამყაროს შექმნისა (შესაქმეთა წიგნიდან) და ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის შესახებ (გამოსვლათა წიგნიდან) საკითხავებთან ერთად იკითხება ნაწყვეტი ესაია, ეზეკიელ, იერემია, დანიელ და სოფონია წინასწარმეტყველთა წიგნებიდან მესიის ვნების, აღდგომისა და ამ გზით კაცობრიობის ხსნის შესახებ.

საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს წაკითხვიდან იწყება მზადება მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულისთვის. ამ დროს სამღვდელოების სამგლოვიარო შესამოსელი სადღესასწაულოთი იცვლება. ასევე იცვლება მთელ ტაძარში შავი ფერები ნათელით. ეს იმის ნიშნად ხდება, რომ მენელსაცხებლე დედებმა ადრიანი დილით, ჯერ კიდევ სიბნელეში, მაცხოვრის საფლავზე იხილეს ნათლით მოსილი ანგელოზი და მისგან ისმინეს ხარებს იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ.

სადღესასწაულოდ შემოსილი დიაკვანი, როგორც ანგელოზი, გამოდის ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნის წინ, და სახარების კითხვით ხალხს მაცხოვრის აღდგომას ამცნობს. ამის შემდეგ წირვა ჩვეულებრივ გრძელდება, ოღონდ „ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება „ნუ მტირ მე, დედაო...“.

მსახურებაზე მორწმუნენი მთელ გულისყურს შემდეგი ტროპარებისკენაც მიმართავენ: „შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა“.

„რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღუთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა“.

და ბოლოს, რათა აქაც და მარადიულ ცხოვრებაშიც თანაზიარნი გავხდეთ მაცხოვრის დიდებისა, სულის სარგო ჩვენთვის ერთი ტროპრის დასწავლაც იქნება:

„აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა, და ნეტარ არს მონა იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ, ხოლო ვაი-არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით, იხილე სულო ჩემო, და ნუ გრულის ძილისათვის, რათა არა გამოვარდე სასუფეველისაგან, არამედ აღიმსთვე შუა-ღამესა და ხმობდი: წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ“.
წირვის დამთავრების შემდგომ აკურთხებენ ღვინოსა და პურს მლოცველთა სანუგეშოდ და განსამტკიცებლად. ამას „მოციქულთა საქმეების“ კითხვა მოსდევს, რაც შუაღამიანის ლოცვამდე გრძელდება.

ღამის თორმეტ საათამდე აღესრულება შუაღამიანი, რომლის დროსაც იკითხება დიდი შაბათის კანონი, მის დასასრულს კი სამღვდელოება ტაძრის შუაგულიდან აღსავლის კარით უხმოდ გადაასვენებს გარდამოხსნას საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზზე, სადაც ის უფლის ამაღლების დღესასწაულამდე რჩება, ნიშნად იმისა, რომ იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ორმოცი დღე დაჰყო ამქვეყნად.
დიდი შაბათის მსახურების დასრულების შემდეგ, თითქოს მთელი სამყარო გაირინდაო, უდიდესი დღის - მაცხოვრის აღდგომის მოლოდინში, მლოცველები მდუმარებით, მარხვითა და აღსარებით ემზადებიან ზეიმისათვის.
აღდგომის სიხარული უდიდესი სიხარულისა, რომლის მსგავსიც დედამიწის ზურგზე არც არის და არც შეიძლება იყოს. ეს არის უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა. ეს ის სიხარულია, რომელზეც თვით უფალმა თქვა: „უხაროდეს გულთა თქვენთა და სიხარული თქვენი არავინ მიგიღოს თქვენგან“ (იოანე 16,12).
http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...bis/vnebis2.htm

http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...nebis_kvira.htm




--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2016, 11:57 AM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიდი შაბათია, დიდი მოლოდინი... სული თითქოს საფლავის ლოდით გვაქვს დაგმანული. უმძიმესია გოლგოთა, ეს დღე, ეს კვირა... სადაც არის, ერთბაშად გაბრწყინდება... გოლგოთამ მიწა ზეცას შეარიგა, ადამიანი - ღმერთს!
ჩვენი ტკბილი უფალი აღდგა!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 27 2016, 01:42 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვნების ოთხშაბათი ანუ იუდების დღე
– სულ ადრე ქრისტეს დროს იუდა ერთი იყო !
– ახლა კი ქრისტეს ირგვლივ(მიწაზე) მრავალი იუდაა !!!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 27 2016, 07:40 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვნების კვირაა...

ვნების კვირაა და დიდ ოთხშაბათს
გაიყიდება იესო ვერცხლზე.
განაწამები სხეული მისი
კვლავ ამაღლდება რწმენის კვარცხლბეკზე.

ვნების კვირაა...და ჩვენ, ცოდვილნი,
მივალთ ხატებთან, მოვიდრეკთ კისერს...
მოვინანიებთ ცხარე ცრემლებით,
მერე, წავალთ და შევცოდავთ ისევ...
ვნების კვირაა...

/ხათუნა შავგულიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 29 2016, 11:14 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც მოგცათ ზეციური მანანა, მას ნაღველი და ძმარი მიაწოდეთ?! ვინც მთელ ქვეყანა ყავივილებით მოგირთოთ, მას ეკლის გვირგვინი დაადგით?!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 26 2023, 09:13 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძველ დროში ხალხი უფრო დიდი სიზუსტით და ყურადღებით ეპყრობოდა საეკლესიო ტრადიციების დაცვას, ვიდრე მშობლებისგან ნამემკვიდრალ ქონებას. მათ შეეძლოთ ცხოვრება სახლებისა და მამულების გარეშე, მაგრამ ღვთიური ადათ-წესების გარეშე მათი მწარე ცხოვრება უიმედო გახდებოდა. ასე რომ, დიდი პარასკევი დიდებული იყო ამ თავმდაბალი კუნძულელებისთვის, არა იმიტომ, რომ გრძელი დღე გახლდათ, არამედ იმის გამო, რომ ისინი ღრმად თანაუგრძნობდნენ იმა, რაც ამ დღეს აღესრულა. დილით, ხელპირის დაბანის შემდეგ, ზედმეტი საუბრების გარეშე დაუყოვნებლივ მიდიოდნენ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ, კუნძულის უდიდეს ტაძარში, რომლის ცენტრშიც შუაღამის მერე დიდი ჯვარცმა იდგა. ჯვარცმულ ქრისტეს წინაშე სამ დიდ მეტანიას აღასრულებდნენ და ეამბორებოდნენ მას. ასევე დიდ მეტანიებს ასრულებდნენ და ემთხვეოდნენ ღვთისმშობლის ხატსაც, რომელზეც შავი ფარდა ფარავდა ჩვილ ქრისტეს სახეს, რათა ხატზე მხოლოდ დამწუხრებული დედის სახე გამოჩენილიყო. ეს ჩვეულება კუნძულზე დასავლეთიდან შემოვიდა და ხალხმა აიტაცა ის. ყველა ელოდა მას, როგორც მნიშვნელოვან მოვლენას.

ეკლესიიდან დაბრუნებისთანავე ყავას მხოლოდ სუსტები სვამდნენ, თანაც უშაქროდ. დანარჩენნი ელოდნენ გარდამოხსნის საათს, დღის სამის შემდეგ, რათა მიეღოთ დიდი ხუთშაბათის "მარგალიტი" - ამ დიდებული დღის ლიტურგიის ანტიდორი, რომელზეც ქრისტემ წმინდა მოციქულებს ევქარისტიის აღსრულება ასწავლა. ეს წმინდა "მარგალიტი" იმდენად გემრიელი იყო, რომ ჩვენ, ბავშვებს, იმედი გვქონდა, ყველა როცა აიღებს ანტიდორს, ეგებ სინზე რაიმე დარჩეს, რომ ავიღოთო. სახლებში კერიებში ცეცხლს არ ანთებდნენ და არც კვამლი ამოდიოდა საკვამურებიდან. საკვებად ჰქონდათ მხოლოდ ბოსტნეული: სალათის ფოთოლი, ხახვი და ბოლოკი; მებოსტნეები ამ ყველაფერს ეკლესიის კარებთან ყიდდნენ. ეს ტრაპეზი ერთადერთი იყო იმ დღეს ბავშვებისთვისაც და მოზრდილთათვის. გარდამოცემით ღვთისგან კურთხეული ბავშვები მარხვის დღეებში უარს ამბობენ დედის რძეზე და მის ნაცვლად გვირილის ნახარშს სვამდნენ; ასეთი შემთხვევები ხშირად გვხვდება ღირსი მამების ცხოვრებაში. ეს ითვლებოდა სიკეთის ნიშნად.

და კიდევ, ამ დღეს არ შეიძლებოდა ლურსმნების დაჭედება, ისევე, როგორც დიდ ხუთშაბათს ვინმეს ამბორი: ამ დღეს დედაც კი არ აკოცებდა შვილს. პირველი ხდებოდა იმ ლურსმნების გამო, რომლითაც ჯვარს აცვეს ქრისტე, მეორე კი იუდას მოღალატებრივი კოცნის გამო.

მახსოვს, ერთ დიდ პარასკევს ჩვენს სოფელში ქრისტიანი გარდაიცვალა. დურგალი გასაჭირში ჩარდა: როგორ გაეკეთებინა კუბო ლურსმნების გარეშე? და მოიფიქრა - ლრუსმნები რომ არ აეღო თავისი კურთხეული ხელებით, კუბო ეკლებით შეკრა.

სახლის საქმეს არავინ აკეთებდა, მხოლოდ წყალს ასმევდა და აჭმევდა ცხოველებს. ნათელ ტანსაცმელს არავინ იცვამდა. არავინ მღეროდა და იცინოდა. "ის, ვინც ამ დღეს იცინის, იუდეველებივით დასცინის ქრისტესო", - ამბობდნენ. იმ დღეს ერთადერთი საგალობელი იყო ღვთისმშობლის გოდება, რომელიც შებინდების წინ ისმის ეკლესიაში. მის გალობას ჩვეულებრივ ავალებდნენ დედებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დაკარგეს შვილი, რათა მათ შესრულებას უფრო ძლიერი შთაბეჭდილება მოეხდინა"

/არქიმანდრიტი გრიგორი (ზუმისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2023, 09:07 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიდი მარხვის ყოველ კვირას უნდა ვიხსენებდეთ, თუ როგორ გადმოღვრის უფალი ჩვენზე თავის ღვთაებრივ მადლს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2023, 09:23 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიდ მარხვას სულიერ გაზაფხულს უწოდებენ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2023, 09:59 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თქვენ იცით, ალბათ, გსმენიათ, წმინდა მამები დიდხმარხვას ასევე უწოდებენ "სულიერ გაზაფხულს", როგორც განახლების, როგორც ახალი ძალების მოკრებას და ა.შ."

/მეუფე შიო მუჯირი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი