IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მეოცე საუკუნის ბეთანიელი წმინდანები, წმ. იოანე მაისურაძე, წმ. გიორგი მხეიძე
lado s
პოსტი Mar 8 2007, 03:01 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



გთავაზობთ ბეთანიელი მამების – წმ. არქიმანდრიტ იოანე მაისურაძის, წმ. არქიმანდრიტ გიორგი (სქემაში იოანე) მხეიძის და მღვდელმონაზონ ბასილი ფირცხალავას ცხოვრებას. (აღებულია არქიმანდრიტ ლაზარე აბაშიძის წიგნიდან „ბეათანია – „სახლი სიგლახაკისა“, 2002 წ. დაწერილია მამების წმინდანად შერაცხვამდე).

ბეთანია XX საუკუნეში
XIX საუკუნის მიწურულს საქართველოში ბერ-მონაზვნობის მდგომარეობა ძალზე სავალალო იყო: ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია და აქ საეგზარქოსო დაარსდა; საქართველო რუსეთის იმპერიის პროვინციის მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერში ეკლესიური ცხოვრებისადმი გულგრილობამ დაისადგურა. მონასტრები ჯერ კიდევ არსებობდნენ და ქართველ ბერ-მონაზონთა რიცხვიც მცირე როდი იყო, მაგრამ სავანეებში სიღატაკე და მოუწყობლობა სუფევდა. წმიდა მთაზე _ ივერონის მონასტერში ჯერაც ცხოვრობდნენ ქართველები. ორმოციოდე ქართველი ბერი ათონის იოანე ღმრთისმეტყველის სავანეში მოსაგრეობდა. საქართველოში ჯერ კიდევ მოიძევებოდნენ ამაღლებული ცხოვრების მქონე მოსაგრეები და სულიერი მამები. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ანტიქრისტიანული სული სულ უფრო და უფრო იპყრობდა ადამიანებს, სანამ ღმრთისაგან განდგომილი XX საუკუნე სასტიკად არ გაუსწორდა ბერ-მონაზონთა მოდგმის უკანასკნელ წარმომადგენლებს. ასე რომ, 30-იანი წლების ბოლოს საქართველოში მოქმედი მონასტერი თითქმის არ მოიძებნებოდა.
საოცარია, რომ ბეთანია, რომელიც XIX საუკუნის დასასრულამდე მხოლოდ ძეძვნარით მოფენილ, ყველასაგან მივიწყებულ ნანგრევებსღა წარმოადგენდა, უეცრად, სწორედ ამ საზარელი ათეისტური ქარიშხლის წინ იწყებს აღდგომას ნანგრევებიდან, როგორც საფლავიდან, ხდება მოქმედი მონასტერი და ავბედითი წლების მთელი ამ უკუნი ღამის განმავლობაში ქრისტეს სარწმუნოების ბრწყინვალე ნათლით ანათებს.
მონასტრის პირველი აღმდგენელი იყო მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე), წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან, ხონიდან. ბეთანიაში იგი ქვათახევის მონასტრიდან 1894 წელს გადმოვიდა. ადრე კი ათონის მთაზე უმოღვაწია. ბეთანიაში მოსული მამა სპირიდონი თავიდან სრულიად მარტო ცხოვრობდა, რაც დიდად აკვირვებდა მახლობელი სოფლების მცხოვრებთ. ისინი მოდიოდნენ და გაოცებულნი შეჰყურებდნენ, ვერ გაეგოთ, _ მარტო ამ ერთმა ბერმა როგორ უნდა განაახლოს მონასტერიო? იმ დროს მამა სპირიდონის ლოცვით ერთი გლეხის ცოლი რაღაც სნეულებისაგან განკურნებულა, ასევე სხვების განკურნების შემთხვევებიც იყო, რის შემდეგაც მონასტერს გლეხები რითაც შეეძლოთ ეხმარებოდნენ. თანდათანობით ბერობის მსურველებმაც იწყეს ბეთანიაში მოსვლა, საცხოვრებლად რჩებოდნენ და ხელს უწყობდნენ მამა სპირიდონს სავანის განახლებაში.
იმ ხანებში (1896 წ.) მონასტერში მოვიდა ერთი თოთხმეტი წლის გლეხის ბიჭი ვასილ მაისურაძე (შემდგომში ბეთანიის წინამძღვარი არქიმანდრიტი იოანე) (2000 წელს ხელნაწერთა ინსტიტუტში მოპოვებული იქნა არქიმანდრიტ იოანე მაისურაძის ხელნაწერი (24 გვერდიანი რვეული), სადაც მან მავანის თხოვნით 1955 წელს დაწერა ბეთანიის მონასტრის განახლებისა და მისი ათონის მთაზე ყოფნის შესახებ. ბევრი ახალი ფაქტი მოყვანილია ამ ხელნაწერზე დაყრდნობით.), რომელიც წარმოშობით სოფელ ერედვიდან იყო. ვასილი 12 წლის რომ შეიქმნა, მამამ _ ანდრია მაისურაძემ თბილისში გაამგზავრა, რათა რომელიმე ოჯახს მსახურად დადგომოდა. იმ წლებში თბილისში წმიდანთა ცხოვრებები იბეჭდებოდა. ვასილიც კითხულობდა ამ წიგნებს, უფრო მეტს კი ბერობის შესახებ და მის გულში მონაზვნური ცხოვრების სურვილი აღიგზნო, ხოლო მამა სპირიდონის გაცნობამ იგი ბეთანიის მონასტერში მიიყვანა. ამ დროს მონასტერში მამა სპირიდონთან ერთად ცხოვრობდნენ ყოფილი ათონელი ბერები: მღვდელ-მონაზონი მიხეილ მოლარიშვილი და ბერი დოსითე არევაძე; აგრეთვე, რამდენიმე მორჩილი და დაქირავებული ხელოსანი. მონასტერში მისულ ვასილს თავიდან ხელოსნებთან ერთად უწევდა მუშაობა. ისინი მას არ ზოგავდნენ, ვასილი კი ყველაფერს ხმაამოუღებლივ ასრულებდა. ზოგჯერ მუშაობისაგან ხელებიდან სისხლიც კი სდიოდა, მაგრამ ხელოსნები მაინც უყვიროდნენ: დიდი ქვა მოიტანე, პატარა ქვა მოგვაწოდე, ახლა კირი მოიტანე... როცა ამდენ მუშაობას უკვე ვეღარ აუდიოდა, ვასილი სადმე გვერდზე გავიდოდა და ბუჩქის ძირას ტიროდა. ზაფხულობით ვასილს სხვა მორჩილებთან ერთად უხდებოდა მანგლისის გზაზე მდგარ პატარა ქოხში ცხოვრება, რათა გამვლელებისაგან ფული აეკრიფა.
გადიოდა დრო, ბეთანია ნელ-ნელა მოქმედი მონასტრის სახეს იღებდა: აშენდა საცხოვრებელი სახლი _ ბერთა სენაკები, გასუფთავდა ეკლესიის გარშემო ტერიტორია, აქვე აღმოჩენილი იქნა უკვე მივიწყებული ანკარა წყარო; მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, მონასტრის ძმობამ აღადგინა მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც უკვე 1898წ. 17 მაისს წმიდა გიორგის სახელზე აკურთხეს. ეს დღე მართლაც რომ დღესასწაული იყო ბეთანიაში. მამა სპირიდონმა ჩამოსულ სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა ტაძარი და პირველად აღასრულა საღმრთო ლიტურგია. ამავე დღეს მთავარი ტაძრის გუმბათზე აღმართეს ჯვარი. (ეს ეკლესია მხოლოდ 1910 წლის 13 ივნისს აკურთხეს). მართალია, ამ დღეს თითქმის განუწყვეტლივ წვიმდა, მაგრამ მომლოცველნი მაინც ბევრნი იყვნენ. მოვიდა ასევე თავადი დავით ბარათაშვილი, რომლის ხარჯითაც აღადგინეს ეს მცირე ტაძარი. მონასტრისთვის მას იმ დღესვე სახნავ-სათესი მიწები შეუწირავს (ეს მიწები შემდეგ მენშევიკების მთავრობის დროს ჩამოერთვა მონასტერს). ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მონასტრის განახლებაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ საზოგადო მოღვაწეს არისტო ქუთათელაძეს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო ბეთანიის განახლება, მისივე თხოვნით გადმოვიდა მამა სპირიდონი ბეთანიაში. შემდგომშიც იგი სულ გვერდით ედგა მას და ყველაფრით ეხმარებოდა. განსაკუთრებულ მფარველობას კი ბეთანიისადმი ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი) იჩენდა. მამა სპირიდონიც ხშირად მისგან იღებდა რჩევა-დარიგებას. 1902 წელს იგი სწვევია კიდეც მონასტერს, წირვა-ლოცვა აღუვლენია და რამდენიმე დღე გაჩერებულა.
სამწუხაროდ, სავანის აღორძინების პერიოდმა დიდხანს არ გასტანა. სხვადასხვა მიზეზით სავანის დატოვება უხდებოდა ძმობას. ასე რომ, ერთხანს მონასტერში მამა სპირიდონი და მორჩილი ვასილიღა ცხოვრობდნენ. 1903 წელს კი ვასილსაც მოუხდა ბეთანიიდან წასვლა. იგი ცხინვალში დაიბარეს, სადაც იმ დროის წესის მიხედვით მას კენჭისყრაში უნდა მიეღო მონაწილეობა, რათა მისი სამხედრო ვალდებულების საკითხი გადაწყვეტილიყო. მამა სპირიდონის ლოცვა-კურთხევით მორჩილი ვასილი გამოეთხოვა ბეთანიას და ცხინვალს გაეშურა. მართალია, კენჭისყრის შედეგად მას ჯარში წასვლა ხვდა წილად, მაგრამ მოხდა ისე, რომ სამედიცინო შემოწმებისას იგი გაათავისუფლეს, რადგან ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს. ამის შემდეგ ვასილმა ათონის მთაზე წასვლა გადაწყვიტა. ალბათ მონასტრის ძმობის მოგონებებმა მასზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მან ათონზე წასვლა არჩია (მორჩილი ვასილის ბეთანიაში დაუბრუნებლობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ისიცაა, რომ მისი წამოსვლის შემდეგ მარტო დარჩენილმა მამა სპირიდონმა ბეთანიაში ერთი გლეხი შეასახლა, რაც მონასტერში ერულ სულს შეიტანდა). სათანადო საბუთების გაკეთების შემდეგ ვასილი ჯერ ბათუმში ჩავიდა, საიდანაც გემით სტამბულში გაემგზავრა, სტამბულიდან კი, ათონის წმიდა პანტელეიმონის რუსული მონასტრის მეტოქიონის დახმარებით, ათონის მთაზე მოხვდა. ათონზე იგი იოანე ღმრთისმეტყველის ქართული სავანის ძმობაში ჩაირიცხა. ამ სავანის დაარსების მოკლე ისტორია ასეთია: მას შემდეგ, რაც XIX საუკუნის I ნახევარში ივერონის მონასტერში მცხოვრები ბერძენი ბერებისაგან შევიწროებულ ქართველებს ამ მონასტერში ცხოვრების საშუალება უკვე აღარ ჰქონდათ, 1869 წელს, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის ლოცვა-კურთხევითა და შემწეობით, მღვდელ-მონაზონმა ბენედიქტემ (ბარკალაია) ივერონის მახლობლად, თვით ივერონის მონასტრისაგან იყიდა წმიდა მოციქულ იოანე ღმრთისმეტყველის „კელია“ („კელიად“ ათონის მთაზე იწოდება მიწის ნაკვეთი, ბერთა საცხოვრებელი რამდენიმე სენაკითა და ხშირად ეკლესიითაც, რომელიც ერთ-ერთ მონასტერს ეკუთვნის. წმიდა მთის კანონების მიხედვით „კელიით“ სარგებლობის უფლება შესაძლებელი ხდება მონასტრისაგან შესყიდვის შემდეგ. „კელიის“ მყიდველი ბერი შემდეგ მას თავის მოწაფეს გადასცემს. მოწაფის სიკვდილის შემდეგ კი „კელიით“ სარგებლობის უფლება იკარგება და იქ ცხოვრებისთვის ხელახლა შესყიდვაა საჭირო.), იქვე შემორჩენილი რამდენიმე სენაკითურთ, რათა ყოველ მსურველ ქართველს შეძლებოდა წმიდა მთაზე, მყუდრო და მშვიდობიან საცხოვრებელ ადგილას ელოცა. ამ ადგილას XI საუკუნეში გიორგი მთაწმიდელის მიერ დაფუძნებული ყოფილა საღმრთისმეტყველო სასწავლებელი. რამდენი ხანი იარსება ამ სასწავლებელმა ზუსტად არ არის ცნობილი. XIX საუკუნეში კი აქაურობა უკვე გაუკაცრიელებული იყო. მღვდელ-მონაზონ ბენედიქტეს წინამძღოლობით ეს ადგილი განაახლეს, როგორც იოანე ღმრთისმეტყველის სავანე, სადაც საქართველოდან ახალჩამოსულ ბერებთან ერთად თავი მოიყარეს სხვადასხვა მონასტრებში მყოფმა ქართველებმა
განახლდა ქართული წირვა-ლოცვა, იწყეს ძველ ხელნაწერთა შესწავლა-გადაწერა. XX საუკუნის დამდეგისათვის აქ უკვე ორმოცამდე ბერ-მონაზონი მოსაგრეობდა. ვასილის ათონზე მისვლის დროს სავანის ძმობას ხელმძღვანელობდა მღვდელ-მონაზონი იონა (ხოშტარია). ვასილი ამ სავანეშივე აღკვეცეს ბერად (იოანეს სახელით) და აქვე მოხდა მისი მღვდლად ხელდასხმა, ნოსელი ეპისკოპოსის პაისიოსის მიერ 1917 წლის 24 მაისს. ვასილ მაისურაძემ, აწ კი მღვდელ-მონაზონმა იოანემ იოანე ღმრთისმეტყველის სავანეში 17 წელი დაჰყო, 1920 წლამდე, სანამ ადამიანთა მოდგმის საუკუნოვანმა მტერმა თავისი ბოროტმანქანებით ათონის მთის სიმშვიდეშიც არ შეიტანა შფოთი: იოანე ღმრთისმეტყველის სავანისა და ივერონის მონასტრის ბერებს წლების განმავლობაში ერთმანეთთან უთანხმოება ჰქონდათ, ხოლო რაც მენშევიკების მთავრობამ ივერონის მონასტერს ყველა მიწა ჩამოართვა საქართველოში, ურთიერთობა მათ შორის უფრო მეტად გამწვავდა. ამას თან დაერთო ისიც, რომ გარდაიცვალა მღვდელ-მონაზონი იონა, ვისზეც იყო სავანე გაფორმებული, და რადგან გამწვავებული უთანხმოების გამო ვეღარ მოხერხდა მისი ხელახალი შესყიდვა, ქართველები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სავანე. ისინი პანტელეიმონის მონასტრის დახმარებით წმიდა სტეფანეს „კელიაში“ გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო ქართველი ბერების გარკვეულ ნაწილს თვით ათონის მთის დატოვებაც მოუხდა. მათ დაკარგეს შესაძლებლობა თავიანთი მრავალტანჯული სამშობლოსათვის მყუდრო ბერულ სენაკებში ელოცათ და დაბრუნდნენ საქართველოში, რომელიც იმჟამად უღმერთოების ციებ-ცხელებით იყო შეპყრობილი. აქ მათ სასტიკი, მზაკვრული საზვერეების მსგავსი აუწერელი მწუხარება მოელოდათ. საბერძნეთიდან დაბრუნებული ბერების ნაწილი მცხეთის მახლობლად, არმაზის მონასტერში დასახლდა. მათ შორის იყო მღვდელ-მონაზონი იოანე მაისურაძეც. 1921 წლისათვის იქ მხოლოდ ორი ბერი იყო დარჩენილი _ მამა იოანე და კიდევ ერთი ძმა. ერთხელაც, საღამო ხანს მონასტერში ოთხი შეიარაღებული ჯარისკაცი მოვიდა. მათ ჯერ პური სთხოვეს ბერებს, შემდეგ _ რაღაც გზა გვიჩვენეთო. ბერებიც წაჰყვნენ. მონასტერს ცოტათი რომ გასცილდნენ, ჯარისკაცებმა მოულოდნელად ორივეს ესროლეს და რაკი უკვე მკვდრები ეგონათ, იქაურობას გაშორდნენ. თუმცაღა ღმრთის წყალობით ორივე ბერი ცოცხალი გადარჩა. მამა იოანეს ზურგიდან ნასროლმა ტყვიამ მარცხენა ბეჭის ნაწილი გამოუფლითა და იქვე დავარდნილმა მთელი ღამე სიკვდილის მოლოდინში გაატარა. მეორე ძმას კი ტყვიამ თავის ქალის ძვალი დაუზიანა. იგი მალევე გონს მოვიდა და თვით მცხეთამდეც კი მოახერხა ჩასვლა. მან მომხდარის შესახებ ნაცნობებს შეატყობინა და, რაკი მამა იოანე მკვდარი ეგონა, სთხოვდა მათ, რომ წასულიყვნენ და დაემარხათ. გამთენიისას კი, ყველას გასაკვირად, მამა იოანე თავისი ფეხით ჩამოვიდა მცხეთაში. ამის შემდეგ მამა იოანეს სამი თვე სამთავროს მონასტრის მონაზვნები უვლიდნენ, ჭრილობა არ ხორცდებოდა, სულ ჩირქით ივსებოდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორჯერ ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. უკვე გამოჯანმრთელებულს საავადმყოფოში ტიფი შეეყარა, მაგრამ ღმრთის წყალობით მან ესეც გადაიტანა. გამოჯანმრთელების შემდეგ მამა იოანე არმაზში აღარ დაბრუნებულა. იგი მარტყოფის მონასტერში წავიდა, თუმცა მას არც იქ მოუწია დიდხანს ცხოვრება. მონასტერში ხელისუფლების წარმომადგენლები ამოვიდნენ და ბერებს იქაურობის დატოვება მოსთხოვეს. მარტყოფიდან წამოსული მამა იოანე ერთხანს პატრიარქ ამბროსისთან ცხოვრობდა, საიდანაც იგი ბეთანიაში დაბრუნდა. ამ დროისათვის იქ მამა სპირიდონი უკვე აღარ ცხოვრობდა. მას, ჩვენთვის უცნობი მიზეზით, პატრიარქთან უარი განუცხადებია აქ ცხოვრებაზე, (მამა სპირიდონი ბეთანიიდან თავის მშობლიურ ხონში დაბრუნებულა, იქიდან კი, როგორც იმ დროისათვის ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა, ციხეში მოხვდა და იქვე დაასრულა სიცოცხლე. ახლახანს გამოქვეყნდა საარქივო მასალა, სადაც მამა სპირიდონი იმ სასულიერო პირებს შორისაა მოხსენიებული, რომელთაც ოციან წლებში ციხეში დახვრეტა მიუსაჯეს.) პატრიარქმაც მონასტერი მის მაგივრად მღვდელ-მონაზონ ილიას (ფანცულაია) ჩააბარა. მის შესახებ ცნობილია, რომ იგი წლების მანძილზე ათონის მთაზე _ ივერონის მახლობლად მდებარე ილია წინასწარმეტყველის „კელიაში“ ცხოვრობდა. 1920 წელს სხვა ქართველ ბერებთან ერთად მასაც მოუხდა ათონიდან სამშობლოში დაბრუნება. მამა ილიას დიდხანს არ უცხოვრია ბეთანიაში. მან, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ მოისურვა აქ ცხოვრება. მას შემდეგ რაც ბეთანიაში მამა იოანე მოვიდა, იგი მანგლისის ახალსოფელში გადავიდა საცხოვრებლად, სავანე კი მამა იოანეს ჩააბარა.
1924 წელს ბეთანიის მონასტერში ბერი გიორგი (მხეიძე) მოვიდა. იგი დაიბადა 1887 წელს ქვემო რაჭის სოფელ ქვემო კრიხში, ღარიბ, მრავალშვილიან, თავადური გვარის ოჯახში. მამას _ მეთოდე მხეიძესა და დედას _ დაფინე ჯაფარიძეს პატივს სცემდნენ და აფასებდნენ. მეთოდე მხეიძე მრჩევლად მსახურობდა, სახალხო მილიციაშიც იყო შესული, ბევრ ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა და ჯილდოც მრავლად ჰქონდა მიღებული. მათ შორის იყო წმიდა გიორგის ჯვარი შამილის დატყვევებისათვის. გიორგის ჰყავდა შვიდი ძმა და სამი და. პატარა გიორგის ჭელიაღელის სასწავლებელში მიუღია დაწყებითი განათლება. შემდეგ კი იგი თბილისს გაუგზავნიათ ბიძასთან, ივანე მხეიძესთან, მდიდარ და ცნობილ პიროვნებასთან, რომლის დახმარებითაც ყვარელში განაგრძო სწავლა და რაღაც დროის განმავლობაში ილია ჭავჭავაძის მდივნადაც იმსახურა. უკვე იმ დროს მას ძალზე უყვარდა წიგნების კითხვა, მაგრამ მათ შესაძენად სახსრები არ ჰყოფნიდა. შემდეგ იგი სამხედრო სასწავლებელში შესასვლელად პეტერბურგს გაამგზავრეს. იქ გიორგი ისე მოსწონებია ერთი გენერლის უშვილო ოჯახს, რომ მათ თითქმის „იშვილეს“ იგი და სთხოვეს მის მშობლებს, რომ სწავლის დამთავრებამდე მათთან ეცხოვრა. მაგრამ გიორგი მალე დაბრუნებულა სოფელში. ამასობაში შინ მისი უფროსი ძმის პოლიაქტორის სულში ყველასათვის გაუგებარი ცვლილებანი მომხდარიყო: იგი ბერად აღიკვეცა, ყოველივე ამქვეყნიურს განეშორა, განმარტოვდა და გამუდმებით ლოცულობდა. მას რაღაც საიდუმლო ზეციური ხილვები ჰქონდა. პოლიაქტორი ძალზე მალე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ დედისათვის ასე უთქვამს: „დედი, აი, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი დგას და მე მასთან მივდივარ“, ცრემლიანი დედა ემუდარებოდა: „სთხოვე, შვილო, ღმრთისმშობელს, რომ შენი თავი მე დამიტოვოს“. პოლიაქტორს კი უპასუხნია: „როგორ შეიძლება შევაწუხო ღმრთის დედა იმისათვის, რომ აქ დამტოვოს?“ მას სანთლები დაუნთია, ყველა სახლში მყოფი მოუხმია და ლოცვად დამდგარა. სანთლები რომ მიილია, პოლიაქტორს წარმოუთქვამს: „უფალო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მიიბარეთ ჩემი სული,“ _ და სანთლების ჩაქრობისთანავე აღსრულებულა.
გიორგი, უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ, 1909 წელს სახლში რომ დაბრუნდა, პოლიაქტორის ჩანაწერები ჩაუვარდა ხელში. წაკითხვის შემდეგ ისიც ძალზე შეიცვალა _ სრულიად სხვა ადამიანად იქცა, ისე რომ, ახლობლები შეშფოთებულან კიდეც გიორგის სულიერი მდგომარეობის გამო. მალე მშობლები იძულებულნი გახდნენ თბილისში ძეთათვის შეეტყობინებინათ _ თქვენი ძმა ჭკუიდან გადავიდა, სასწრაფოდ ჩამოდით და დაელაპარაკეთო. ძმები ჩამოვიდნენ, სცადეს დალაპარაკებოდნენ, მაგრამ გიორგი ყველაფერზე პასუხობდა: „არა, გადაწყვეტილია, მე ღმერთს ვწირავ თავს. მე ხმა მესმა ზეციდან, რომელმაც მითხრა, რომ ეს ჩემი გზაა.“ ასე რომ, ძმებმა ვერაფერი გააწყვეს და ისევ ქალაქში დაბრუნდნენ, გიორგი კი სადღაც გამოქვაბულში განმარტოვდა. ამიერიდან იგი სახლში იშვიათად თუ გამოჩნდებოდა, მერე ისევ დიდი ხნით გადაიკარგებოდა. ერთხელ იგი იმ ზომამდე გამხდარი და სამოსელ-შემოძარცული დაბრუნდა, რომ დედამ ვერ იცნო და უცხო, გლახაკ ყმაწვილად მიიღო, ოღონდ გაკვირვებულმა ეს კი შენიშნა, _ თვალებით როგორ ჩამოჰგავს ჩემს ბიჭსო. ორიოდე დღის შემდეგ კი იგი კვლავ გადაიკარა. გიორგის თუკი გზად ვინმე გლახა შემოხვდებოდა, სამოსს გაიხდიდა და მას აძლევდა. ხალხი ეუბნებოდა: „შენ ხომ შიშველი დარჩები!“ _ მაგრამ იგი პასუხობდა: „უფალი ჩამაცმევსო,“ _ ჯვალოს ნაგლეჯს წამოიხურავდა და ასე დადიოდა. შემდეგ იგი სამეგრელოში წავიდა და შესაძლოა მღვდელ-მონაზონ ალექსი შუშანიას დაემოწაფა. ახლობლებმა მის შესახებ დიდხანს არაფერი უწყოდნენ. ბეთანიაში ჩამოსვლამდე გიორგი უკვე ბერად იყო აღკვეცილი და ხირსის მონასტერში ცხოვრობდა. ბერად იგი მიტროპოლიტ ნაზარს აღუკვეცია. ხირსის მონასტერი კომუნისტებმა 1924 წელს დაარბიეს, ღამით შეიარაღებული ადამიანები მოვიდნენ და ბერების აბუჩად აგდება დაიწყეს. მათ მამა გიორგი შეკრეს და წვერი სანახევროდ გაჰკრიჭეს. ამის შემდეგ იგი წვერის წამოზრდამდე სახეახვეული დადიოდა.
მამა გიორგიმ ასეთივე შეურაცხყოფა ერთხელ ღვიძლი ძმებისგანაც მიიღო. მათგან ორი კომუნისტი იყო. ერთი ძმა _ პეტრე ბერიას მოადგილეც კი იყო, მეორე კაცი მის შემდეგ. მათ გიორგი მისი რწმენისათვის ისე სძაგდათ (პეტრემ მამის სახელიც კი შეიცვალა, ბერის ძმად რომ არ წოდებულიყო), რომ ერთხელ ღამით, მძინარე გიორგის წვერ-ულვაშიც გაკრიჭეს. როცა მან გაიღვიძა, ძმებს მხოლოდ ეს უთხრა: „უფალი გაგებინებთ პასუხს ამისთვის“. სხვა დროს იმავე ძმებმა სცადეს გიორგი სიძვის ცოდვით ეცდუნებინათ, რათა ამ მზაკვრობით ბერ-მონაზვნური ცხოვრებისაგან განეშორებინათ: მათ გიორგი ოთახში შეიყვანეს, სადაც მეძავი ქალი ელოდებოდა და კარები ჩაუკეტეს. მაგრამ მცირე ხნის შემდეგ განრისხებული ქალი გამოვარდნილა და უთქვამს: „ეს რა გიჟი ყოფილაო!“ გიორგი პირით კედლისკენ კუთხეში იდგა და ლოცულობდა... ორივე ძმა 1938 წელს დაიღუპა: უმცროსმა _ ივანემ თავი მოიკლა ცეცხლსასროლი იარაღით, რადგან შეირისხა ხელისუფალთაგან (იმჟამად ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო: ვინც წინადღით შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობდა და ყველას შიშის ზარს სცემდა, მეორე დღეს შეიძლებოდა თვითონ შექმნილიყო დევნის მსხვერპლი), მას ტანჯვა-წამება და საშინელი სიკვდილი მოელოდა. პეტრე კი თავის მეუღლესთან ერთად დახვრიტეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს ყოველივე სულაც არ მომხდარა იმ მიზეზით, რომ მათი ძმა ბერი იყო, _ პირიქით, მამა გიორგის ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელიც კი დიდ პატივს სცემდა. პეტრეს შვილი გივი შემდეგ დაუახლოვდა მამა გიორგის და უვლიდა კიდეც ავადმყოფობის ჟამს.
მამა გიორგის იმდროინდელი ცხოვრებიდან, როცა ის ჯერ კიდევ არ იყო წასული მონასტერში, ღირსშესანიშნავია ერთი შემთხვევა. ერთხელ იგი თავის დას ესტუმრა სოფელში და ღამე მის სახლში დარჩა. ბავშვებმა იგი ვენახში წაიყვანეს, სადაც მეზობლის ნაკვეთის მიჯნაზე ბლის ხე იდგა. დისწულები მას მწიფე ბლით გამასპინძლებიან. ისიც შეექცა ხილს, მაგრამ როცა შეიტყო, რომ ხე მეზობლის საკუთრება იყო, ძალზე შეწუხდა და შეინანა: „რატომ ადრე არ მითხარით? აი მე შევცოდე, ბალი მოვიპარე.“ ბავშვები მას ამშვიდებდნენ, რომ მათ არავინ უკრძალავს ამ ბლის ჭამას. ღამით, როცა ყველას ეძინა, გიორგი ჩუმად წამომდგარა საწოლიდან და გათენებამდე ხატის წინ ლოცულობდა. მთელი ღამე ისმოდა: „შემინდე, შემინდე მე ქურდსა ამას.“ მეორე დღეს, შუადღისას გიორგი სოფელში მშობლებთან წავიდა, მაგრამ გზაში ორი დღე-ღამით წმიდა დიდმოწამე გიორგის ტაძართან გაჩერდა და ლოცულობდა. სწორედ ამ „მოპარული“ ბლის გამო ხომ არ ინანიებდა? (განა არ მოგვაგონებს ეს შემთხვევა ერთ ამბავს „პატერიკიდან“, ერთმა წმიდა მამამ მკაცრად რომ დაისაჯა თავი მხოლოდ იმისათვის, რომ ნდომით შეხედა მწიფე ნაყოფს სხვის ბოსტანში? ანდა მაკარი დიდს, მთელი ცხოვრება ცრემლმორეული რომ იხსენებდა, ბავშვობაში როგორ აიღო და შეჭამა ბავშვების მიერ მოპარული ლეღვი, რომელიც მათ დაუვარდათ?).
ბეთანიაში მამა იოანემ და მამა გიორგიმ თავიანთ აღსრულებამდე ერთად იცხოვრეს. ისინი ცხოვრობდნენ მამა სპირიდონის დროს აშენებულ ორსართულიან სახლში, სადაც ოთხი სენაკი იყო. მათ დიდი შრომა უხდებოდათ. ჯერ კიდევ მამა სპირიდონმა დაუტოვა მათ გაშენებული მოზრდილი ბაღი, ახლა მათ ბოსტანი მოაწყეს და ვენახიც ჩაყარეს. მთელ მძიმე სამუშაოს ძირითადად მამა იოანე ასრულებდა. მამა გიორგი სნეულებებისაკენ იყო მიდრეკილი, ისე რომ მამა იოანე მისი ჯანმრთელობის გამო ძალზე შიშობდა და ხშირად ამბობდა: „ნეტავ არ მომიკვდეს ჩემი გიორგი, ვაითუ მომიკვდესო“, და ქალაქში დადიოდა წამლებისათვის. მაგრამ მამა გიორგიმ თავის სულიერ ძმაზე მეტხანს იცოცხლა და მისი გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ აღესრულა. თავიდან ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, სოფელში უხდებოდათ სიარული პურის სამკლად, რაშიც გლეხებისაგან მცირეოდენ ხორბალს იღებდნენ. პირველ ხანებში ასე გაჰქონდათ თავი. მხოლოდ შემდეგში მოახერხეს საკუთარი მეურნეობის გამართვა. მამებმა თვითონვე იწყეს ხორბლისა და სიმინდის მოყვანა, გაიჩინეს ძროხები, ფუტკარი, ნაკადულთან წისქვილიც მოაწყვეს, რომელიც 1936 წელს აამუშავეს. მამა იოანემ წყლისათვის თავისი ხელით გათხარა არხი, წისქვილის დადგმაში კი გლეხები დაეხმარნენ. იმჟამად მამა იოანე უკვე არქიმანდრიტი იყო, მამა გიორგი კი _ იღუმენი. მამა გიორგი მსუბუქ სამუშაოებს ასრულებდა: ძროხას წველიდა, ყველი ამოჰყავდა, ფუტკარს უვლიდა. მამა იოანე კი პირუტყვს ერეკებოდა საძოვარზე, თიბავდა, ბოსტანს უვლიდა, საფქვავი მიჰქონდა წისქვილში. მინდვრის სახნავად ხორბლის დათესვის წინ ისინი სოფლებიდან გლეხებს ქირაობდნენ.
ოფიციალურად მონასტერი მოქმედად არ ითვლებოდა, მას უბრალოდ „არქიტექტურის მნიშვნელოვან ძეგლად“ აღიარებდნენ, ბერებს კი დარაჯებად თვლიდნენ. შემორჩენილია „საბინაო წიგნი“, რომელშიც მამები კანონიერად იყვნენ ჩაწერილნი. კულტურის სამინისტრო მათ ხელფასსაც უხდიდა, როგორც „ძეგლის“ მცველებს (სულ _ 300 მანეთს თვეში). მაგრამ სინამდვილეში აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც მოქმედ მონასტერში: ტაძარში ხატები ესვენა, კანდლები და სანთლები ინთებოდა, ღმრთისმსახურება აღესრულებოდა, მამებიც სამონაზვნო შესამოსელით იყვნენ შემოსილნი. დღესასწაულებზე აქ მორწმუნე ერი იყრიდა თავს, იყო ლიტანიობა, ნათლობა და ჯვრისწერა, (საერთოდ, მღვდელ-მონაზვნები არ აღასრულებენ ქორწინების საიდუმლოს, მაგრამ მამები იძულებულნი იყვნენ დაეშვათ ზოგიერთი გამონაკლისი: ეს იყო დრო, როცა ბევრ ქრისტიანს ქალაქის ტაძრებში, ხელისუფლების მეთვალყურეობის გამო, არ შეეძლო თავისუფლად მიახლება საიდუმლოებებთან. ამიტომ მოდიოდნენ მონასტერში და ამ შემთხვევაში უკვე შეუძლებელი იყო უარის თქმა.) აღსარებას იღებდნენ და აზიარებდნენ. ყოველივე ამას როგორღაც ითმენდა ხელისუფლება. უღმერთოებმა ვერა და ვერ გაბედეს ამ ცხოველი წყაროს დაშრეტა, საქართველოში ამ ლამის უკანასკნელი საბერმონაზვნო ძმობის დარბევა. ომის დროს, როცა ირგვლივ ყველა შიმშილობდა, მამებს თავიანთი მოყვანილი პურიც ჰქონდათ, საკუთარი ყველიც და თაფლიც. ისინი ყველას, ვინც არ უნდა მისულიყო მათთან, აპურებდნენ და ხშირად პროდუქტებსაც ატანდნენ, ფულითაც ხშირად ეხმარებოდნენ. მაშინ ბეთანიაში მრავლად მოდიოდა მლოცველი, ტურისტი, უსაქმური ახალგაზრდობა. რა თქმა უნდა, ისინი ამ მიკარგული სავანის სიმშვიდესა და სიწყნარეს არღვევდნენ, მაგრამ ჩვენი მამები ყოველ სტუმარში შემთხვევით გამვლელს კი არ ხედავდნენ, არამედ _ ახლობელს, მოყვასს, ღმრთის მიერ გამოგზავნილ ადამიანს. სულიერი შიმშილის იმ დროში, როცა ღმრთის სიტყვა თითქმის აღარსად ისმოდა, მონასტრისა და მის მკვიდრთა წინაშე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამოცანა იდგა. ეს ხომ თითქმის ერთადერთი ადგილი იყო საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ ხმამაღლა გაისმოდა ქრისტიანობის ცხოველ ჭეშმარიტებათა ხარება. აქ გაისმოდა სარწმუნოების ყველაზე ძლიერი და ქმედითი ქადაგება. ქადაგება არა ლამაზი სიტყვებით, არამედ ამ ბერების ძალზე წმიდა, მოსაგრე ცხოვრებით. ყოველ მომსვლელს მამა იოანე და მამა გიორგი ერთად ეგებებოდნენ, ყველას ძალზე ყურადღებით ეპყრობოდნენ. ასე რომ, აქ მომსვლელთაგან არც ერთი არ წასულა ისე, ამ წმიდა ადგილისადმი, ამ უცნაური, გრძელი შავი კაბებით მოსილი „მცველებისადმი“ გულში ღრმა, თბილი გრძნობა რომ არ წაეღო. უნდა შევნიშნოთ, რომ მამებს სამონაზვნო კაბა მოკლე ემოსათ, მუხლამდე, რათა სამუშაოდაც მოსახერხებელი ყოფილიყო და თვალშიც არავის სცემოდა, თუმცა კი მამა იოანე ქალაქში ყოველთვის ანაფორით მოსილი უნახავთ, რაც მაშინ ძალზე თვალშისაცემი და სახიფათო იყო.
შემორჩენილია მონასტერში მომსვლელთა იმჟამინდელი ჩანაწერები. ტაძრის შესასვლელში ყოველთვის იდო დავთარი წარწერით _ „შთაბეჭდილებების წიგნი,“ როგორც ეს ჩვეულებრივ მუზეუმებშია მიღებული. მასში რამდენი საინტერესო ჩანაწერის წაკითხვა შეიძლება! ეს იყო ყველაზე უბედური თაობა: ყოველგან ძალისმიერად დანერგილი ცრუ, ვერაგი, დამღუპველი და დემონურად მზაკვრული მსოფლმხედველობით უკიდურესად შეცდენილი ადამიანები, თაობა, რომელმაც სულიერი სამყაროს შესახებ არაფერი უწყოდა და ერთიანად, მთელი თავისი ცნობიერებით ჩაფლული იყო მხოლოდ ნივთიერ, მატერიალურ პრობლემებსა და ცნებებში. ბევრი ასეთი ადამიანის სულში ბეთანიაში ყოფნისას ამა სოფლის ღირებულებების სერიოზული გადაფასება ხდებოდა. ისინი აქ ხვდებოდნენ რაღაც სრულიად სხვას, სრულიად განსხვავებულს ყოველივე იმისგან, რასაც თავის გარემომცველ საზოგადოებაში იცნობდნენ, _ რაც ძალზე ახლობელი იყო სულისათვის, თუმცა _ გაუგებარიც. ყველა, ვინც კი მონასტრის ცხოვრებას მცირე ხნით მიეახლებოდა, ამოუხსნელი სიმპათიით იმსჭვალებოდა შრომითა და მარხვით სახეგათანგული, გლახებივით შემოსილი ამ ორი ბერისადმი, რაღაცნაირად შიგნიდან მანათობელი, სულ სხვაგვარი, არაამსოფლიური ადამიანებისადმი. დღესაც კი ყველა, ვინც ბეთანიაში ყოფილა და აქ ამ ბერებს მოსწრებია, მათ აღტაცებით იხსენებს: „ოჰ, რა დიდებული ადამიანები იყვნენ! ახლა ასეთებს ვეღარ შეხვდები!“ „ოჰ, ისინი წმიდა ანგელოზები იყვნენ, და არა _ ადამიანები!“ საოცარია, რომ ამ გამოთქმას _ „ისინი იყვნენ წმიდანები“, „ისინი იყვნენ ანგელოზებივით“ _ ძალზე ბევრნი იმეორებენ იმათგან, ვინც მათ იცნობდა, თვით ურწმუნო ადამიანებიც კი.
ჩვენ წინაშეა ძველი რვეულების სქელი შეკვრა, _ ეს „შთაბეჭდილებების წიგნებია“ 1934,35,36,37...41...58 წლებისა, სადაც მრავალი ჩანაწერი, თარიღი, სახელი და ხელმოწერაა. ზოგჯერ მთელი გვერდი სავსეა ლირიკული მოთხრობით, _ ეს რომელიმე გულაჩუყებული ადამიანი გვიზიარებს თავის გულისნადებს. ზოგჯერ ლექსებიცა და ნახატებიც გვხვდება. ყოველი ჩანაწერი მოკლე, მაგრამ ძალზე ცოცხალი ანაბეჭდია იმ ადამიანის ფასდაუდებელი სულისა, რომელიც ეს-ესაა სრულიად ახალსა და თავისთვის მოულოდნელ გამოცხადებას შეხვედრია. ამ თვალსაზრისით ჩანაწერები უაღრესად საინტერესოა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის, რომ არ არის არც ერთი გამოხმაურება, სადაც ბეთანიელი მამები ძალზე თბილად არ იყვნენ მოხსენიებულნი. ყოველ გვერდზე თბილი, გულისხმიერი, ყურადღებიანი მიღებისათვის მადლიერების გამომხატველი სიტყვებია. „აღვნიშნავთ განსაკუთრებულ ყურადღებას, გულისხმიერებას, თბილ დამოკიდებულებას, რაც ყოველთვის დარჩება ჩვენს ხსოვნაში“... „ჩვენ აქ დიდი ყურადღებით მოგვეპყრნენ“... „მადლობა მონასტ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Mar 8 2007, 03:50 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ჩვენ წინაშეა ძველი რვეულების სქელი შეკვრა, _ ეს „შთაბეჭდილებების წიგნებია“ 1934,35,36,37...41...58 წლებისა, სადაც მრავალი ჩანაწერი, თარიღი, სახელი და ხელმოწერაა. ზოგჯერ მთელი გვერდი სავსეა ლირიკული მოთხრობით, _ ეს რომელიმე გულაჩუყებული ადამიანი გვიზიარებს თავის გულისნადებს. ზოგჯერ ლექსებიცა და ნახატებიც გვხვდება. ყოველი ჩანაწერი მოკლე, მაგრამ ძალზე ცოცხალი ანაბეჭდია იმ ადამიანის ფასდაუდებელი სულისა, რომელიც ეს-ესაა სრულიად ახალსა და თავისთვის მოულოდნელ გამოცხადებას შეხვედრია. ამ თვალსაზრისით ჩანაწერები უაღრესად საინტერესოა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის, რომ არ არის არც ერთი გამოხმაურება, სადაც ბეთანიელი მამები ძალზე თბილად არ იყვნენ მოხსენიებულნი. ყოველ გვერდზე თბილი, გულისხმიერი, ყურადღებიანი მიღებისათვის მადლიერების გამომხატველი სიტყვებია. „აღვნიშნავთ განსაკუთრებულ ყურადღებას, გულისხმიერებას, თბილ დამოკიდებულებას, რაც ყოველთვის დარჩება ჩვენს ხსოვნაში“... „ჩვენ აქ დიდი ყურადღებით მოგვეპყრნენ“... „მადლობა მონასტრის მცველებს, თბილი დამოკიდებულებისა და სტუმართმოყვარეობისათვის“... „მიგვიღეს ბერებმა ძალიან კარგად, ყველაფერი დაწვრილებით აგვიხსნეს, ჩვენ ძალიან კმაყოფილნი დავრჩით“... „ძალზე მოგვეწონა მონასტერი, ეს ადგილი და ისიც, თუ როგორ ცხოვრობენ ბერები“..., _ აი, რამდენიმე ნაწყვეტი 1934-36 წლების ჩანაწერებიდან, და ამგვარი ჩანაწერი ათასობითაა. ვისაც ის წლები გამოუვლია, კარგად ახსოვს, თუ რა სასტიკი დევნა მძვინვარებდა მაშინ სარწმუნოების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ეს ეხება 1937 წელს. აი, ერთი ჩანაწერი: „1937 წელი. აგვისტო. ბეთანიის მონასტერი მოინახულა წითელარმიელთა და კომკავშირელთა ჯგუფმა, რომელიც გაეცნო მონასტრის ისტორიას და ტყეში დაისვენა. ძალზე კმაყოფილი დავრჩით მომსახურე პერსონალის მიღებით“. იმ ხანებში სავანიდან 5-6 კილომეტრში დასასვენებელი სახლი მოქმედებდა, სადაც ქვეყნის სხვადახვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები ისვენებდნენ. ახლომდებარე შესანიშნავი მონასტრის შესახებ ისინი ერთმანეთისაგან იგებდნენ და უსათუოდ მთელი ჯგუფებით მიდიოდნენ იქ ექსკურსიაზე, და, რა თქმა უნდა, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიჰქონდათ შორეულ მხარეებში. ასე ეწეოდა ბეთანია თავის სამისიონერო მსახურებას, და თუმცა ბეთანიელი მამები არ დადიოდნენ საქადაგებლად ქალაქებსა და სოფლებში, არ წერდნენ ეპისტოლეებს, მაგრამ მთელ ქვეყანას ხმამაღლა უქადაგებდნენ ქრისტიანულ ჭეშმარიტებებს იმით, რომ ღმერთის სრული მივიწყების იმჟამინდელ წყვდიადში ისინი სიმდაბლითა და შეურყევლად, მდუმარედ ატარებდნენ თავიანთ ცეცხლოვან საბერმონაზვნო ჯვარს და ანათებდნენ, როგორც მბრწყინავი კანდელი, როგორც მარტოხელა შუქურა უკუნ და მღელვარე უფსკრულის თავზე, მხსნელ ნავსაყუდელს უჩვენებდნენ გზააბნეულ ხალხს.
ბევრ, ძალზე ბევრ გულისამაჩუყებელ გრძნობას განიცდი ამ ძველი რვეულების ფურცვლისას: რამდენი ნუგეშისცემა, რამდენი არამიწიერი მშვიდობა გადმოღვრილა უფლის მიერ აქ, ამ საწყალ, გამიწიერებულ, დაღლილ სულებზე!
აი, კიდევ ერთი საინტერესო ჩანაწერი, ოღონდ სულ სხვა ხასიათისა: ძალზე წვრილი, ჩაწიკწიკებული ხელით წერს ... კიევის პეჩორის ლავრის იღუმენი „ცოდვილი გიორგი“ (1937 წ. ივნისი): „წმიდაო სავანევ! დღეს მე პირველად ვეწვიე შენს წმიდა მხარეს, ვეწვიე შენს ძველ ტაძარს, შენს მაღალ მთებს, ტყეებსა და კლდეებს, ვეწვიე შენს წყნარ მდინარეებს _ ვერესა და ბეთანს... ჰოი, წმიდაო სავანე, მე სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ გამოვთქვა, გადმოვღვარო ამ უსიცოცხლო ქაღალდზე ის ამაღლებული, ცხოველი და წმიდა გრძნობები იმ დიდი, არაამქვეყნიური სიხარულისა და მწუხარებისა, შენი წყნარი მდინარეების, უძველესი, საუკუნოვანი ნანგრევებისაგან აღდგენილი წმიდა ტაძრისა და მასში ღმრთაებრივი მსახურების ჭვრეტით რომ დაბადე ჩემში. მარადიულო და ყოვლისშემძლე ღმერთო! შენ ხარ ალფა და ომეგა! დასაბამი და დასასრული ყოველგვარი არსებობისა! მრავალი, მრავალი მომავალი საუკუნისა და დროის განმავლობაში შეისმინე ჩემი ცოდვილი ლოცვა. ჰოი, მიუწვდომელო ღმერთო, უვნებელად დაიცავი ეს შენი წმიდა ტაძარი, მადლმოსილ ლოცვაში ამყოფე მრავალი, მრავალი დღისა და წლის მანძილზე შენი ერთგული მსახურები _ ჩემი ძვირფასი სულიერი თანამოძმეები _ მდაბალი ბერები იოანე და გიორგი“.
ბეთანიელი მამების ცხოვრება დამმოძღვრავი მაგალითია ჩვენთვის, თუ როგორ უნდა შევუთანხმოთ ერთმანეთს ჭეშმარიტი ბერ-მონაზვნური, ყურადღებიანი ლოცვითი ცხოვრება მისიონერობას, ქრისტიანობის ქადაგებისა და მოყვასთა ხსნის საქმეს. ადამიანებთან ასეთი ხშირი ურთიერთობების მიუხედავად, მამები ამაღლებულ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდნენ, მაგრამ ამასთანავე ყოველნაირად ფარავდნენ თავიანთ ღვაწლს. მამების შინაგანი სულიერი ცხოვრება საიდუმლოებით მოცული დარჩა. ამ ცხოვრების ხასიათს მხოლოდ იმ ადამიანთა მცირერიცხოვანი მოწმობებით შეგვიძლია მივხვდეთ, ვინც ახლოს იცნობდა მათ. ამ ორ საკვირველ ბერს ერთმანეთთან ჩვენი დროისათვის მეტად უჩვეულო სიყვარული ჰქონდათ. ისინი საოცრად მეგობრულად ცხოვრობდნენ, გულისხმიერად ზრუნავდნენ ერთურთზე, რასაც ღვიძლ ძმებს შორისაც იშვიათად თუ შეხვდები. აი, ერთი ეპიზოდი მათი ცხოვრებიდან: როცა მამა იოანე საავადმყოფოში დაწვა არც თუ ისე რთული ოპერაციის გასაკეთებლად, მამა გიორგი მეტად შეწუხებული იყო და მთავარ ექიმს წერილებს სწერდა, სთხოვდა, რომ ყველაფერი ეღონათ, რაც კი შესაძლებელია, მისთვის ძვირფასი ადამიანისათვის. ამავე დროს მთელი ავადმყოფობის განმავლობაში თვით მამა იოანეც მამა გიორგიზე წუხდა _ „ნეტავ როგორ არის იქ გიორგი, მარტო“ _ და უნდოდა მონასტერში რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო. ასეთი სიახლოვის მიუხედავად, მამები ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავებულნი იყვნენ, თითოეულ მათგანს მეტად თავისებური, საკუთრივ მისთვის დამახასიათებელი თვისება ჰქონდა, ისე რომ ბევრ ცხოვრებისეულ შემთხვევაში სხვადასხვაგვარად ავლენდნენ თავს, თუმცა მათ ეს სულაც არ უშლიდათ ხელს სრული მშვიდობითა და ძმური ურთიერთსიყვარულით ეცხოვრათ. მამა გიორგი, სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, მოღვაწეობით ცხოვრებას ეწეოდა: ეძინა ფიცარზე, თავის სენაკში ღუმელს ზამთრობითაც არ ანთებდა, ღამღამობით ბევრს ლოცულობდა, საზრდოს მიღებაშიც ძალზე თავშეკავებული იყო. როცა იგი ქალაქში იმყოფებოდა, მკაცრად ადევნებდა თვალყურს, რომ ხორციანი კერძი არ მოერთმიათ. ( წმიდა მამათა ძველი გადმოცემით, ბერები სრულიად იკავებდნენ თავს ხორციანი საკვებისაგან). მამა იოანე კი ძალზე ბევრს მუშაობდა. მას დილაადრიანად ხედავდნენ ხან ბოსელში, ხანაც ბოსტანში, და სრულიად უცნობია, თუ როდის დგებოდა იგი ღამით ლოცვისათვის. ქალაქში სტუმრად ყოფნისას რაც არ უნდა მიერთმიათ იგი ყველაფერს ჭამდა, თვით ხორციან საკვებსაც კი, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავშეკავების უგულვებელყოფით კი არა, არამედ იმის გამო, რომ ვინმე არ შეეწუხებინა. მამა გიორგი ბევრს კითხულობდა, დაინტერესებული იყო ისტორიითა და იმით, რაც მის თანადროულ მსოფლიოში ხდებოდა; მას მიაჩნდა, რომ მღვდელმა ყველაფერი უნდა იცოდეს, რაც მსოფლიოში ხდება. მან შესანიშნავად იცოდა წმიდა მამათა სწავლება, ასკეტიკა. მონასტერში მამებმა წმიდა მამათა ნაშრომების იმ დროისათვის საკმაოდ დიდ ბიბლიოთეკას მოუყარეს თავი. ბევრი წიგნის ფურცლებზე მამა გიორგის ხელით გაკეთებულ ჩანიშვნებს ვხვდებით, რომლებიდანაც ჩანს, რომ მან წმიდა მამები ძალზე დაკვირვებითა და საფუძვლიანად შეისწავლა. განათლებულობის გამო მამა გიორგის დიდ პატივს სცემდნენ, თვით ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ. ცნობილია შემთხვევა, როცა მამა გიორგის მრავალრიცხოვან საფუტკრეს საკვების უქონლობის გამო დაღუპვა ემუქრებოდა. აუცილებელი იყო შაქარი, ამისათვის საჭირო ფული კი მამებს არ ჰქონდათ. მაშინ მამა გიორგიმ დახმარებისათვის „ცეკას“ პირველ მდივანს _ ჩარკვიანს მიმართა. ეს იმ დროისათვის საკმაოდ გაბედული საქციელი იყო, მაგრამ აი გასაოცარი საქმე _ მას მისცეს საჭირო რაოდენობის შაქარი და ფუტკრებიც გადაურჩნენ დაღუპვას. მამა გიორგი ყოველთვის თავგანწირული იყო და ცდილობდა ყველას დახმარებოდა, რითაც კი იყო შესაძლებელი; იგი საკუთარი პურის ნატეხსაც კი მოყვასს გაუნაწილებდა. ერთხელ მან სტუმრებს საკვების ბოლო მარაგი გამოუტანა. მაშინ მამა იოანემ ჩუმად უთხრა: „მამა გიორგი, ჩვენ ხომ ხვალაც გვინდა ჭამა და ხვალის მერეცო“. მან კი ჩვეულებრივ მიუგო: „ხვალ ღმერთი მოგვცემს, მამაო, ღმერთი მოგვცემს“.
ხანდახან მამა გიორგი სამკურნალოდ ქალაქში ჩადიოდა: ხან თვალები სტკიოდა, ხან კბილები აწუხებდა, პროსტატის ოპერაციაც გაუკეთებია. ყოველთვის, როცა ის ქალაქში ნათესავების სახლში იყო, მასთან მორწმუნენი იკრიბებოდნენ, უმთავრესად ქალები _ ქართველები და რუსები. ისინი აქ ლოცულობდნენ, აღსარებას აბარებდნენ, ესაუბრებოდნენ, ხშირად საეკლესიო საგალობლებს გალობდნენ. ისინი მამა გიორგის დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ. ხშირად შეიძლებოდა მათი ნახვა, მუხლმოდრეკილნი რომ ესაუბრებოდნენ მას. მამა გიორგის აქვე მოუნათლავს მრავალი ყრმა. იგი ბავშვებს ასწავლიდა კიდეც ელოცათ მოკლე ლოცვით _ „უფალო შემიწყალე“. აჩვევდა მათ, განუწყვეტელი ლოცვა ჰქონოდათ გულში. ჯერ კიდევ ადრე შენიშნეს, რომ მამა გიორგის ყველა წინასწარ ნათქვამი სრულდებოდა. ასე მაგალითად, ახლობლებისათვის უთქვამს თავისი ძმის გრიგოლის შესახებ, _ გრიშა ოჯახის მამა იქნებაო, ასეც მოხდა. მეორე ძმაზე ამბობდა, _ ვანო ფულის საქმეში იქნებაო, და ისიც მეურნეობის დირექტორად მსახურობდა და ფულსაც ბევრს შოულობდა. ასევე თავისი ძმისშვილი, რომელიც ომში გაიწვიეს, წასვლის წინ მამა გიორგის დაუმშვიდებია, რომ ცოცხალი დაბრუნდებოდა. და მართლაც, ასე მოხდა. ერთხელ მონასტერში ერთი ახალგაზრდა კაცი მოვიდა და უცებ მამა გიორგიმ სახელით მიმართა, თუმცა კი პირველად ხედავდა. „საიდან იცით ჩემი სახელი?“ _ უკითხავს გაოცებულ სტუმარს. „როცა შენ გნათლავდნენ ბავშვობაში თეკლათის მონასტერში, მეც იქ ვიყავი,“ _ უპასუხა მამა გიორგიმ. მაგრამ საქმე ის იყო, რომ ეს კაცი მოუნათლავს მღვდელ-მონაზონ ალექსი შუშანიას 1914 წელს, როცა იგი სულ რაღაც ორი თვის იყო, ხოლო მას შემდეგ 30 წელზე მეტი იყო გასული. თვითმხილველთა მონაყოლიდან ცნობილია, რომ ბეთანიელი მამების ლოცვით სხვადასხვა სნეულებებისაგან განკურნების შემთხვევებიც ყოფილა. ერთი კაცი ბერებმა ტაძარში ლოცვით სიყრუისაგან განკურნეს.
ცნობილია ერთი ამაღელვებელი შემთხვევა. ერთხელ თბილისში მამა გიორგის ორი და ჩამოვიდა _ ქსენია და ნადია, რომელთაც ძმა 48 წლის მანძილზე არ ენახათ! მამა გიორგის ძმიშვილმა ისინი მონასტერში წაიყვანა. როცა მივიდნენ, იგი ჯერ მარტო შევიდა ბიძასთან და ღიმილით უთხრა: „აი, მამა გიორგი, გოგოები მოგიყვანე“. მაგრამ მამა გიორგი უმალვე მიხვდა, ვისზეც იყო საუბარი: „ვიცი, ვინც მოიყვანე _ ქსენია და ნადია!“ მაგრამ როცა დები მასთან შევიდნენ, მამა გიორგის ვეღარ გაეგო, რომელი იყო ქსენია და რომელი ნადია, ისე მოხუცებულიყვნენ ისინი. მამა გიორგის გული აუჩუყდა, ეხვეოდა თავის დებს და ტიროდა. ასე გაატარეს თითქმის ნახევარი საათი და აღარაფერი ახსოვდათ მოზღვავებულ გრძნობათა გამო. შეუძლებელი იყო ამ სურათის გულგრილად ყურება.
უკანასკნელ წლებში, როცა მამა გიორგი უკვე ძლიერ ავადმყოფობდა, მის მოსავლელად ქალაქიდან მისი სულიერი შვილები ჩამოდიოდნენ, რომელთაც ძალიან უყვარდათ თავიანთი მოძღვარი. ქალები კერძებს რომ ამზადებდნენ, პირველ თეფშს მამა გიორგისათვის გადადებდნენ ხოლმე. თვითონ მხოლოდ ამის შემდეგ სადილობდნენ. სუსტი ჯანმრთელობისა და ხანდაზმულობის მიუხედავად, მამა გიორგი განაგრძობდა სხვებზე ზრუნვას, სტუმრების მიღებას, ცდილობდა ყველას ნუგეშისცემას. მონასტერში ერთხელ ოციოდე წლის ქალიშვილი მოვიდა. მას ხშირად აწუხებდა თავის ტკივილები და ვიღაცამ ურჩია, ბეთანიაში წადი, იქაური წყაროს წყალი განგკურნავსო. მას აქ ერთი კვირის განმავლობაში უცხოვრია, და როცა შინ დაბრუნება დაუპირებია, მამა გიორგის მარტო არ გაუშვია, _ შიშობდა, ვინმეს გზაში არ ეწყენინებინა _ და სამანქანო გზამდე თვითონვე გაუცილებია _ ეს კი თითქმის რვა კილომეტრიანი აღმართია მთაში.
მამა გიორგის ჰქონდა სულიერი ხილვებიც. ჩვენ მხოლოდ სამი შემთხვევა ვიცით: ერთხელ, როცა იგი ტკივილისაგან ძლიერ იტანჯებოდა, გამოეცხადა ღმრთისმშობელი და შეხებით განკურნა იგი. სხვა დროს, როცა იგი ლოცვაში ჩაღრმავებული კედელთან იჯდა, გამოეცხადა პირველმოწამე თეკლა და მიაწოდა ყურძნის მტევანი. თავის აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე მამა გიორგი პროსტატის ოპერაციის შემდეგ ქალაქში ძმასთან იმყოფებოდა. და აი, წმიდა ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „გიორგი, რატომ ხარ აქ, რა გესაქმება აქ? შენი ადგილი მონასტერშია!“ „უფალო, შენ ხედავ, თუ როგორი სნეული ვარ,“ _ უთქვამს ბერს. „არა, გიორგი, _ მიუგო ანგელოზმა, _ შენ მონასტერში უნდა იყო!“ მაშინ მამა გიორგი სასწრაფოდ მომზადებულა და ახლობელთა დაჟინებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ასე მძიმე ავადმყოფი დაბრუნებულა მონასტერში, სადაც მცირე ხანში გარდაიცვალა კიდეც.
მამა გიორგის პიროვნებაში საცნაური იყო გარკვეული ბერმონაზვნური სიმკაცრე, განათლებულობა და ასკეტიზმი. ხოლო მამა იოანე გაცილებით უფრო უბრალო და რბილი ჩანდა; მასში ყოველთვის უფრო ხედავდნენ არა მკაცრ ასკეტს, არამედ კეთილზე კეთილ, უწმიდეს ანგელოზს. ახლაც კი, როცა ამ ბეთანიელ ბერებს იხსენებენ, მამა გიორგის მრავალი ამაღლებული სიტყვით აქებენ, მამა იოანეზე კი მხოლოდ ამას ამბობენ: „ჰო, ის ბერი, მართლაც, ღმრთის ანგელოზი იყოო“. მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი ლოცვითი ღვაწლი და მოსაგრეობა, ღრმა სულიერი სიბრძნე და გამოცდილება ადამიანთა თვალთაგან მისი გარეგანი უბრალოებითა და ალერსიანობით სრულიად დაფარული იყო (რაც დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა ათონის მთის საბერმონაზვნო სკოლისა). საერთოდ, ეტყობა ბეთანიაში დამკვიდრებული ბევრი წეს-ჩვეულება მამა იოანეს მიერ ათონის მთიდან იყო ჩამოტანილი. ასე მაგალითად, მათი სტუმართმოყვარეობა, მომსვლელ ხალხთან თბილი მოპყრობა და ყურადღება სავსებით შეესატყვისება წმიდა მთის სულს. მართალია, მამები თვითონ ყოველთვის მკაცრად მარხულობდნენ, მაგრამ აქ მოსულ თითქმის ყველა სტუმარს რაიმე გემრიელით უმასპინძლდებოდნენ. განსაკუთრებით სტუმრებისათვის მონასტერში მოწეული თაფლის მირთმევა უყვარდათ. როცა ბეთანიას უპატრონო ბავშვთა სახლიდან ჯგუფებად ეწვეოდნენ ხოლმე მოზარდები, ბერებს ტაძრის წინ მინდორში გამოჰქონდათ მაგიდები და ბავშვებს უმასპინძლდებოდნენ კაკლით, თაფლითა და გემრიელი ახლად გამომცხვარი პურით. იმ ბავშვთაგან ბევრნი _ აწ უკვე ხანდაზმული ადამიანები _ დღესაც ისეთი ცოცხალი აღტაცებით იგონებენ იმ გამასპინძლების გემოს, თითქოს ბეთანიელ მამებს თავიანთი სიყვარულით მხოლოდ ერთი საათის წინ ეცათ მათთვის ნუგეში.
ბეთანიის მონასტერი თბილისელ მორწმუნეებს ისე შეუყვარდათ, რომ დიდ დღესასწაულებზე მთელი მრევლით მოდიოდნენ აქ _ მღვდლები თავიანთ სულიერ შვილებთან ერთად; სავანეში მათ უკვე აღარ ეშინოდათ დევნისა და მთელი სულითა და გულით გამოხატავდნენ თავიანთ ქრისტიანულ გრძნობებს: ხმამაღლა გალობდნენ საეკლესიო საგალობლებს, აღასრულებდნენ ღამისთევის ლოცვებს, ლიტანიობდნენ, მოწიწებით ჩადიოდნენ ძველ სანათლავში, წყაროს წყალში, რომელიც მადლმოსილად ითვლება და „იორდანედ“ იწოდება. ისინი პირდაპირ ღია ცის ქვეშ იძინებდნენ, ტაძრის ეზოში, _ ზოგი გასაშლელ საწოლზე, ზოგიც ფიცრებზე. ასეთ შემთხვევებში ღმრთისმსახურებას, ალბათ, ჩამოსული მღვდლები აღასრულებდნენ, მორწმუნე ერისაგან აღსარებასაც ისინი იბარებდნენ, ბეთანიელი მამები კი მხოლოდ ეზიარებოდნენ, ანდა მცირე ტაძარში ადრიან ლიტურგიას აღასრულებდნენ. როცა მორწმუნენი სავანეში მოდიოდნენ და, ჩვეულებრივ, მთაგრეხილიდან ეშვებოდნენ, ჯერ იმ გორაკის თხემზე შედგებოდნენ, რომელიც სავანის პირდაპირ, აღმოსავლეთ მხარეს, ვეებერთელა პირამიდის მსგავსადაა აღმართული და ბეთანიელ მამებს იქიდან შემოუძახებდნენ: „მამაო იოანე, მამაო გიორგი, გვაკურთხეთ!“ _ ხოლო მამები ზარების ჩამორეკვით „აკურთხებდნენ“ მათ. ენით უთქმელი სიხარულით ეშვებოდნენ ჩვენი ძმანი და დანი ამ წმიდა, თავიანთთვის მშობლიურ სავანეში, თითქოს სამოთხეში მიდიანო. აქ ბერები ხვდებოდნენ თბილი, მამობრივი სიყვარულით და მაშინვე უკვე გამზადებულ საკვირველ ტრაპეზზე სვამდნენ. და რა ტრაპეზი იყო ხოლმე ეს! ყველაფერი, რაც კი მაგიდაზე იდო, აქ იყო მოწეული და თვით ამ წმიდა ბერების მიერ მომზადებული: ეს ყველაფერი მძიმე შრომის შედეგად მიეღოთ, რაც უკვე ფიზიკურად დასუსტებული ბერებისათვის მეტად დამქანცველი იყო. ყოველივეს აქ მათი წმინდა რწმენა და ლოცვა ედო დვრიტად და, რა თქმა უნდა, საოცრად გემრიელი იყო, დაუვიწყარი ყველასათვის, ვისაც კი ამ ტრაპეზიდან უხმევია.


აი, ნაწყვეტები ერთი მორწმუნე კაცის მოგონებებიდან, რომელიც ახალგაზრდობაში ჩვენს მამებთან ხშირად მოდიოდა:
„...სანამ ჩვენ მთიდან ქვემოთ ვეშვებოდით ჩვენი მაკურთხეველი ზარების ჩამორეკვის თანხლებით, ბერებმა ძაღლიც დააბეს, საჭმელიც გააცხელეს და სუფრის გაწყობაც მოასწრეს. ჩვენ სავანეში შევედით. მე ჯერ არ ვიცოდი, თუ როგორ უნდა მივახლებოდი სულიერ მოძღვრებს და ამიტომ მამა იოანესთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად ერთმა მორწმუნე ქალმა მიმიყვანა. იგი ძალზე დაკვირვებით მიცქერდა. მას ეცვა ერთიანად დაკერებული საბერო კაბა, მოსასხამი, წელზე თოკი ჰქონდა შემორტყმული, თავზე კი ყველაზე უბრალო მაუდის კუნკულა ეხურა: ყველაფერი ძალზე ძველი, გახუნებული იყო. მან მაკურთხა. შემდეგ ყველანი სახლში შეგვიყვანა. იქ მათ ერთი შედარებით მოზრდილი ოთახი სტუმრების მისაღებადაც ჰქონდათ განკუთვნილი და სატრაპეზოდაც: იატაკი მიწისა იყო, იდგა ღუმელი, ზემოთა სართულზე კი სტუმრებისათვის საძინებელი მოეწყოთ. სახლის გვერდით გომური გაემართათ, სადაც მაშინ ერთი ძროხა და ხუთი თეთრი ცხვარი ჰყავდათ. მამა იოანე ამ ცხვრებს კრეჭდა, მატყლისაგან წინდებს ქსოვდა და ღარიბ მომსვლელებს ურიგებდა. როცა დღესასწაულზე ბევრი მორწმუნე მოდიოდა, ყველას ტაძარში ეძინა, ხოლო თუ ცხელოდა, პირდაპირ ეზოში მოისვენებდნენ ხოლმე, თუმცა უმეტესწილად არ ეძინათ, _ მთელი ღამის განმავლობაში ლოცულობდნენ და გალობდნენ. ბევრი ხალხი იკრიბებოდა ქალაქიდან, ასევე ახლომდებარე სოფლებიდანაც. დილით ავდექი და ღმრთისმსახურებას დავესწარი. ამ ლოცვებმა უდიდესი სულიერი სიხარულით აღმავსო. მაშინ ბევრი მღვდელმსახური მოდიოდა: მსახურებდნენ, გალობდნენ ორ ენაზე _ ქართულად და რუსულად. წირვის შემდეგ სადღესასწაულო ტრაპეზი პირდაპირ ეზოში იმართებოდა. მამა გიორგი იმჟამად ავადმყოფობდა და ჩვენ მასთან სენაკში მივდიოდით ლოცვა-კურთხევის ასაღებად. ჩვენ ბევრი სხვადასხვა სასულიერო სიმღერა ვიცოდით, ყველა ზეპირად გვახსოვდა და საკმაოდ კარგადაც ვმღეროდით. ერთმა მორწმუნე ქალმა შემოგვთავაზა „ათონის მთა“ ვიმღეროთო. ეს უძველესი სიმღერაა, რომლის შესრულებაც ძალიან მიყვარდა. მართლაც დავიწყეთ სიმღერა, მეტის გულმოდგინებისაგან მე სულ მაღლა ვუწევ ხმას, ვმღერი და ვხედავ, რომ გვერდით მჯდარ მამა იოანეს ცრემლები ღვარივით ჩამოსდის თვალთაგან. როცა დავასრულეთ, მან მითხრა: „ღმერთმა სიმრთელე მოგცეს, ჩემო სერგო! მე ათონზე ვცხოვრობდი. შენ ბევრი რამ მომაგონე“. და შემდეგშიც ყოველთვის, როცა კი ბეთანიაში მოვდიოდი, მამა იოანე მთხოვდა, „ათონის მთა“ მიმღერეო, და როცა სიმღერას უსმენდა, სულ ტიროდა!“
„...შემდეგში მე ხშირად დავდიოდი ამ წმიდა ადამიანებთან. მათ ყოველთვის უჭირდათ ნავთი. და აი, მოვდივარ და ზურგჩანთით ნავთით სავსე ბალონი მომაქვს. თურმე სარქველი ცუდად ეხურა, მე კი ეს ვერ შევნიშნე და ნავთი ზურგზე მეღვრებოდა. თან ზურგჩანთამაც გამიხეხა ეს ადგილი. ზურგი სველი მაქვს, მე კი მგონია, გავოფლიანდი-მეთქი. მონასტერში მოვედი, ზურგჩანთას ვიხსნი და ძვირფას ტვირთს მამა იოანეს ვაწვდი. მან შენიშნა, რომ ზურგი ნავთითა მაქვს სველი: „ეჰ, ჩემო სერგო, აბა ქურთუკი გაიხადე“. გავიხადე, და აღმოჩნდა, რომ მთელი ზურგი დამწვარი მქონდა. ბერმა შეათვალიერა ჩემი დაწყლულებული ზურგი, მერე ჯვარი გადასახა და მეუბნება: ხვალ დილისათვის, რომ ადგები, ყველაფერი რიგზე იქნება. და მართლაც, მეორე დილით ზურგი სრულიად უვნებელი მქონდა, სიდამწვრის ნიშან-წყალიც არ მეტყობოდა. მაშინვე მამა იოანესთან მივედი და ვეუბნები: „აი, მამაო, ყველაფერმა გამიარა!“ იგი იღიმება და მეუბნება: „ეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა განგკურნა!“
„...ღამით მამა გიორგისთან მივდიოდით სენაკში, რათა იქ გველოცა. მთელ მსახურებას თვითონ კითხულობდა. დაასრულებდა თუ არა იგი ლოცვას, მამა იოანეს უკვე გამზადებული ჰქონდა ტრაპეზი და მაშინვე დაგვაპურებდა. ტრაპეზის შემდეგ მამა იოანე ისევ გვთხოვდა, ათონის მთაზე იმღერეთო. ჩვენც აუჩქარებლად ვმღეროდით _ ოთხ ხმაში, ბერი კი ამ დროს ტიროდა. ერთხელ, დილით ლოცვაზე ვდგავარ და სულ ვფიქრობ: „ნეტავ მამა გიორგი მალე მორჩეს, თორემ სამუშაოზე დამაგვიანდება“. ის კი არ ამთავრებს, სულ კითხულობს და კითხულობს. ამ დროს მამა იოანე უკვე ეზოში იყო და რაღაცას საქმიანობდა. უეცრად, კარი იღება და იგი მამა გიორგის მიმართავს: „გიორგი, ცოტა ჩქარა, ამათ ეჩქარებათ“. მე შევკრთი კიდეც, მან პირდაპირ ჩემი აზრები განჭვრიტა, მე ხომ არავისთვის მითქვამს, რომ მეჩქარებოდა. ჩვენ ჩვეულებისამებრ დაგვაპურეს და გამოგვისტუმრეს. სამანქანო გზაზე გამოვედით თუ არა, მაშინვე რაღაც მანქანა გაჩერდა: „ბეთანიიდან ხართ? როგორ არის იქ მამა იოანე? თბილისში მოდიხართ? დასხედით!“ _ მე კი მთელი მგზავრობის განმავლობაში ელდანაცემივით ვიჯექი: მაშ, მოხუც ბერს ჩემი აზრები წაუკითხავს! _ აი როგორი მამები იყვნენ!“
„...იმხანად მე ღარიბულად ვცხოვრობდი, მყავდა ცოლი, პატარა ბავშვი. მამა იოანე სხვა სტუმრებისაგან უჩუმრად ყოველთვის ჩამიწყობდა ხოლმე ჩანთაში სანოვაგეს _ თაფლს, რძეს, ყველს, მაწონს. ეს ყველაფერი საოცრად გემრიელი და არომატული იყო; თავისი ხელით მოქსოვილ შალის წინდებსაც გამომატანდა, თანაც მეტყოდა,
- ოღონდ არავის არაფერი უთხრაო. მერე მამა იოანე წყალმანკით დაავადდა, გულმაც უღალატა და გარდაცვალებამდე ერთი წლის განმავლობაში მუშაობა უკვე აღარ შეეძლო, სულ ლოცულობდა“.
„50-იან წლებში ჩვენი მორწმუნე ქალები რუსეთში დადიოდნენ სქემ-იღუმენ კუკშასთან, ეს იყო მაღალი სულიერი ცხოვრების მამა, რომელსაც მასთან მისული ადამიანების აზრების წაკითხვაც კი შეეძლო. „წავიდეთო, _ თქვეს ერთხელაც, _ წმიდა კაცი მოვინახულოთო,“ სულ შვიდნი იყვნენ. მივიდნენ, ჯერ სიტყვაც არ უთქვამთ, სქემ-იღუმენმა კი მიმართა: „რაო, თბილისელო დედაკაცებო, ცოდვილი კუკშას სანახავად ჩამოხვედით?! თქვენთან კი ახლოს მთებში ორი მნათობი ბრწყინავს, იქ წადით და მათგან მოიკრიბეთ სულიერი ძალა!“ მხოლოდ სახელები არ უთქვამს. ეტყობა, იგი ჩვენს მამებთან სულიერად იყო დაკავშირებული, ან კი თბილისის მახლობლად მთებში სხვა რა ორი მნათობი უნდა ყოფილიყო, თუ არა ეს ჩვენი ორი ბერი? იმ დროს ხომ მთელ საქართველოში მეტი მოქმედი მონასტერი არ იყო“.
„...კიდევ აი რა მოხდა: უკვე მამა იოანეს გარდაცვალების შემდეგ, მორწმუნე ქალები და მათ შორის ჩემი მეუღლეც, აღდგომის შემდეგ მაშინვე ბეთანიას გაეშურნენ. მივიდნენ, მიულოცეს მამა გიორგის დღესასწაული. ის კი ეუბნება: „ოჰ, გოგოებო, დავობლდი, მამა იოანე წავიდა ჩემგან, მარტო დამტოვა“. ქალებმა ლოცვა-კურთხევა აიღეს, რომ მამა იოანეს საფლავზე გასულიყვნენ და იქ სააღდგომო ტროპარები და სტიქარონები ეგალობათ. იგალობეს, დაბრუნდნენ. მამა გიორგი ეკითხება: „უგალობეთ მამა იოანეს, არ გაგცათ ხმა?“ _ „არა“. „აი, მე კი შემეხმიანა! როცა აღდგომის ღამეს მასთან საფლავზე გავედი, ძლისპირნი ვიგალობე და ვახარე: მამაო იოანე, ქრისტე აღდგა! _ მან მიპასუხა, _ ჭეშმარიტად აღდგაო!“
შემდეგში, ჯერ კიდევ მამა გიორგის გარდაცვალებამდე, ჩვენ კვლავ ამოვედით ბეთანიაში. მამა გიორგი მეუბნება: „სერგო, ვბრმავდები, უკვე თითქმის ვერაფერს ვხედავ, არაფრის წაკითხვა აღარ შემიძლია“. შევხედე, სათვალეები სულ დაბინდულია იმის გამო, რომ შუშას ხელს ჰკიდებდა ხოლმე. ვეუბნები: „ახლავე განგკურნავთ, მამაო გიორგი“. _ „როგორ?!“ ავიღე მისი სათვალე, საპნით გავრეცხე, გავამშრალე და ვაწვდი: „აბა, ახლა როგორ ხედავთ-მეთქი?“ _ „ოჰ, ახლა ყველაფერს ვხედავ, მე კი მეგონა ვბრმავდები-მეთქი“.
1954 წელს თავისი სულიერი მოძღვრის, თეკლათის მონასტრის არქიმანდრიტის _ კონსტანტინე ქვარაიას ლოცვა-კურთხევით ბეთანიაში ერთი ახალგაზრდა კაცი მოვიდა _ ვალიკო ფირცხალავა და თავის აღსასრულამდე აქ დარჩა საცხოვრებლად. იგი დაიბადა 1923 წელს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში. განათლებით პედაგოგი იყო. მისი მშობლები სენაკში ცხოვრობდნენ. ისინი ძალზე უკმაყოფილონი იყვნენ შვილის არჩევანით. ვალიკოს დედა ბეთანიაში ხშირად მოდიოდა, მწარე საყვედურებით იკლებდა შვილს, მონაზვნური ცხოვრების დატოვებას მოითხოვდა მისგან, თანაც ემუქრებოდა: „თუ არ დაგვიბრუნდები, თქვენზე ჩარკვიანთან ვიჩივლებო“ (მაშინ ჩარკვიანი „ცეკას“ მდივანი იყო). „თუ გინდა სტალინთანაც მიდი, მე მაინც აქ დავრჩები!“ _ პასუხობდა ვალიკო. ასე ცხოვრობდა იგი ბეთანიაში, მალე ბერადაც აღიკვეცა ბასილის სახელით, მერე კი მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი. მამა ბასილი დიდი მოღვაწე აღმოჩნდა: ბევრს მარხულობდა, უყვარდა ლოცვა, ბევრს კითხულობდა, შესანიშნავად ქადაგებდა. თავის სენაკში გამოსაჩენ ადგილას მას ადამიანის თავის ქალა და ძვლები ეწყო, რათა მარადის ხსომებოდა ჩვენი მიწიერი ცხოვრების ხანმოკლეობა. შემოგვრჩა ერთი რვეული სხვადახვა საეკლესიო მსახურებიდან მის მიერ ამოწერილი ტროპარებითა და სტიქარონებით, რომლებიც ლოცვათა ჟამს განსაკუთრებით მოხვედროდა მის გულს. მამა ბასილს კვლავაც ჰქონდა წერილობითი კავშირი თავის პირველ მოძღვართან _ მამა კონსტანტინესთან. ასე რომ, ბეთანიაში იმ დროისათვის უკვე სერიოზული სულიერი ძალა იყო თავმოყრილი _ ძალზე მნიშვნელოვანი იმ დროისათვის: არქიმანდრიტი, იღუმენი და მღვდელ-მონაზონი, და ეს სამივე ბერი გულმოდგინე მოსაგრე იყო, სულიერი ნიჭით დაჯილდოებულნი, საფუძვლიანად მცოდნენი ქრისტიანული და საბერმონაზვნო ცხოვრებისა. მაგრამ სავანის აყვავების ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა: 1957 წელს ავადმყოფობით გარდაიცვალა მამა იოანე, ხოლო 1960 წელს ტუბერკულოზით, მამა იოანეს კვალდაკვალ, ამა ქვეყანას განეშორა 37 წლის მამა ბასილიც.
მისი ასე ნაადრევი აღსასრული შემდეგ ვითარებაში მოხდა: თუმცა ხელისუფალნი ჩვენს მამებს განსაკუთრებით არ აწუხებდნენ, მაგრამ ღმრთისწინააღმდგომს, კეთილმსახურ მორწმუნეთა მოძულე ეშმაკს არ ეძინა და ბეთანიელი მოღვაწე ბერების შეწუხებას სხვადასხვა მზაკვრული მანქანებით ახერხებდა. უკუღმართი დრო იყო და ბევრი ბოროტად განწყობილი ადამიანი დაიარებოდა. ბერ-მონაზვნებს ბევრი გაუცნობიერებელი სიძულვილით უყურებდა, ზოგს ეგონა, ბერებს დიდი ფული აქვთო. აქ რამდენჯერმე მოსულან გასაძარცვად, სავანიდან ძროხებიც გაუტაცნიათ. ერთხელ მამა იოანე ტაძრის იქით გაიყვანეს, ფეხებთან ესროდნენ ტყვიას და მოკვლით ემუქრებოდნენ, რაღაც ოქროს მოითხოვდნენ. ერთხელ, მონასტრის გაძარცვის მცდელობისას, ყაჩაღებს შემთხვევით თავიანთი ამხანაგი შემოაკვდათ. სხვა დროს ფქვილიც წაურთმევიათ, საკერავი მანქანაც წაუღიათ, მაგრამ შემდეგ ყოველთვის გამოჩენილან კეთილი ადამიანები, რომლებიც მპარავთაგან მიყენებული დანაკლისის შევსებაში შეეწეოდნენ ხოლმე ბეთანიელ მამებს. საინტერესოა ერთი ასეთი შემთხვევა: თავის აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე, როცა მამა იოანე ავადმყოფობდა და საავადმყოფოში იწვა, მასთან პალატაში ერთი მილიციის უფროსი აღმოჩნდა, რომელიც თავის დროზე ბეთანიიდან ძროხების გატაცების საქმეს იძიებდა და რომელმაც მაშინ ხელი დააფარა ქურდებს. და აი, ახლა, როცა ახლოს გაიცნო მოხუცი ბერი და ჭეშმარიტად წმინდა ადამიანი დაინახა მასში, იგი გონებით ჩაწვდა გარემოებათა ასეთ დამთხვევაში ღმრთის განგებულებას, მიხვდა, რომ მონანიებისათვის ხელსაყრელი შემთხვევა ეძლეოდა. მილიციელმა მამა იოანეს წინაშე ყველას თანდასწრებით აღიარა თავისი დანაშაული და მისგან შენდობაც მიიღო...
ყველა ამ საშიშროების გამო იძულებულნი იყვნენ მონასტერში ძაღლი ჰყოლოდათ და თოფიც კი ჰქონოდათ, რათა ზოგჯერ ქურდები შეეშინებინათ. ამის გარდა მგლებიც ხშირად მოდიოდნენ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Mar 8 2007, 04:05 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ყველა ამ საშიშროების გამო იძულებულნი იყვნენ მონასტერში ძაღლი ჰყოლოდათ და თოფიც კი ჰქონოდათ, რათა ზოგჯერ ქურდები შეეშინებინათ. ამის გარდა მგლებიც ხშირად მოდიოდნენ მონასტრის ახლოს. ერთხელ, ბოროტი ადამიანები ძროხების მოსაპარად მოვიდნენ მონასტერში. მამა ბასილი მაშინ კარიბჭის თავზე მოწყობილ ერთ ციცქნა სენაკში ცხოვრობდა. მას გაეღვიძა, ანდა შეიძლება ჯერაც არ ეძინა, და გაიგო რა ავისმომასწავებელი ხმები, თოფი ჰაერში გაისროლა. ქურდები იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ, მაგრამ მათ შენიშნეს მამა ბასილი და ღამის წყვდიადს შეფარებულებმა მიაძახეს: „ეგ არაფერი, დაგვაცა, შენც მოგივლითო!“ და მართლაც, შეასრულეს თავიანთი ბოროტი დანაპირები: ერთხელაც, ქალაქიდან მომავალ მამა ბასილს ტყეში ოთხნი დაუხვდნენ და ისე სასტიკად სცემეს, რომ მონასტრამდე ძლივს მილასლასდა, თან გაჭირვებით სუნთქავდა და სისხლს აღებინებდა. მას შემდეგ იგი გამუდმებით ახველებდა და სული ეხუთებოდა. მამა გიორგის ძმისწული, ექიმი კაცი, სთხოვდა მამა ბასილს: „ჩემთან წამოდი, მამაო, საავადმყოფოში დაგაწვენ და მოგარჩენო“. მაგრამ მამა ბასილი არ დასთანხმდა და მონასტერში დარჩა. მამა გიორგი მის გამო ძალზე წუხდა, ერთ ექიმს მოელაპარაკა, რომ გასამრჯელოს საფასურად ბეთანიაში ევლო და სნეულისათვის ნემსები ეკეთებინა, მაგრამ მკურნალობას შედეგი არ მოჰყოლია და მამა ბასილიც მალე გარდაიცვალა. იგი არაერთხელ ითხოვდა, რომ მისი სხეული არავისთვის მიეცათ: „აქ დამმარხეთ, მამა იოანეს გვერდითო“. მამა გიორგი თუმცა კი ცდილობდა მისი თხოვნა შეესრულებინა, შესვენებულს მორწმუნეებთან ერთად საფლავიც განუმზადა, მაგრამ მონასტერში მამა ბასილის ნათესავები მოვიდნენ ვიღაც ხალხთან ერთად და მიცვალებული მათ მშობლიურ მხარეში, სენაკში, თეკლათის მონასტერში ძალით გადაასვენეს.
ასე დარჩა მამა გიორგი სრულიად მარტო _ სნეული და უმწეო. ბოლო ხანებში ბევრს ლოცულობდა და სენაკიდან უკვე იშვიათად გამოდიოდა. ზოგჯერ მასთან ქალაქიდან ახლობელი მორწმუნეები მოდიოდნენ, მოჰქონდათ საზრდო, ურეცხავდნენ სამოსს და მონასტერში ყოველივე აუცილებელსაც აკეთებდნენ. იმხანად მამა გიორგისთან მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (ურგებაძე) მოდიოდა, რომელიც სავანეში უწინაც არაერთხელ ყოფილა. იგი დროდადრო რჩებოდა ხოლმე აქ საცხოვრებლად და, ამრიგად, ბეთანიის მონასტერში ძალზე ახლობელი კაცი იყო. ალბათ მამა გიორგის იმედი ჰქონდა, რომ სავანეს მას გადააბარებდა: ბოლო წლებში მამა გიორგის დიდად ამწუხრებდა ფიქრი იმაზე, რომ მონასტერს ვერავის უტოვებდა. ნუთუ სამუდამოდ უნდა ჩაქრეს ეს ერთადერთი ლამპარი საქართველოში, ნუთუ დამთავრდა მონაზვნობა? უკანასკნელ მოქმედ ქართულ მონასტერში ამ ქვეყნისაგან განსაშორებლად ემზადებოდა ამ სავანის უკანასკნელი ბერი _ ამის შემხედვარე რა დიდ ტკივილს უნდა განემსჭვალა ყოველი მორწმუნის გული! და ალბათ, იმ წლებში მამა გიორგი ყველაზე მეტად ლოცულობდა, რომ საქართველოში ბერ-მონაზვნური ცხოვრება არ შეწყვეტილიყო, რომ ბეთანიას ეცოცხლა, ეცოცხლა და არ მომკვდარიყო, რომ ცხონების მაძიებელთ აქაც მოენახათ თავშესაფარი, რომ ამ წარმწყმედი ქვეყნისაგან განშორებულ სულებს ღმრთისათვის ეგალობათ და ელოცათ ამ სავანეში, ჩვენი ბეთანიელი მამების მრავალი ცრემლითა და ლოცვით განწმენდილ ამ სენაკებში. მაგრამ, სამწუხაროდ, იმ ხანებში მამა გიორგის მიმდევრები არ გამოუჩნდა და მონასტერს მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი 15 წლის მანძილზე დაცარიელება ეწერა. იქნებ მამა გიორგი ყოველივე ამას წინასწარ ჭვრეტდა და დაცარიელებული სავანე თვით ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს მიაბარა, როგორც ოდესღაც სერაფიმე საროველმა, როცა თავისი შემცვლელი ვერავინ ნახა და დივეევოს მონასტრის „ობოლნი“ თვით ზეციურ დედოფალს ჩააბარა?
უკანასკნელ გზაზე მამა გიორგი უკვე ნახსენებმა მღვდელ-მონაზონმა გაბრიელმა გააცილა. მისი გარდაცვალების წინ მამა გაბრიელი ქალაქში იყო, მან უეცრად იგრძნო, რომ აუცილებლად ბეთანიაში უნდა წასულიყო და მაშინვე მონასტერს მიაშურა. როგორც კი შევიდა მამა გაბრიელი მოხუც ბერთან სენაკში, მამა გიორგიმ შვებით ამოისუნთქა და წარმოთქვა: „დიდება ღმერთს! შეისმინა დედა ღმრთისამ ჩემი ვედრება!“ მას რაღაც უჩვეულოდ ეჭირა თავი, ერთიანად მოწესრიგებული იყო, ყველაფერი ახალი და სუფთა ეცვა, თითქოს რომელიღაც დღესასწაულისათვის ემზადებაო, და ამასთანავე უცნაურად ლაპარაკობდა. მამა გაბრიელს ვერ გაეგო, რაში იყო საქმე, მამა გიორგი კი სულ იმეორებდა: „მე უკვე მალე წავალო“, და თან სხვადასხვა მითითებას იძლეოდა, თუ რა უნდა გაკეთებულიყო მონასტერში, სთხოვდა არ მიეტოვებინა ბეთანია, და სულიერ დარიგებებსაც აძლევდა. მამა გაბრიელი საგონებელში იყო ჩავარდნილი: ასეთი სნეული და მოხუცი ბერი ნეტავ საით აპირებს წასვლას, მაშინ, როცა უკვე რამდენი წელია სავანიდან თითქმის არსად გასულა. და რაკი ბერი ჯერაც საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა, მამა გაბრიელს ვერაფრით წარმოედგინა, რომ მისი ამქვეყნიდან განშორების ჟამი მოწეულიყო. მამა გიორგი მას ანუგეშებდა: „სხეულით თუმცა კი მივდივარ აქედან, მაგრამ სულით ყოველთვის აქ ვიქნები, თქვენთან. ბეთანიას მე არასოდეს მივატოვებ“. ყოველივე ეს უცნაური მოსასმენი იყო. ბოლოს მან სთხოვა ლიტურგია აღესრულებინა და ეზიარებინა იგი. მამა გაბრიელმა ყოველივე აღასრულა, მოხუცი ბერი ეზიარა, სეფისკვერიც ჭამა და შემდეგ საწოლზე წამომჯდარი გულისყურით მარცვლავდა სკვნილს, ამასთან ძალზე მშვიდი და საზეიმო გამომეტყველება ჰქონდა. მერე მამა გაბრიელს მიმართა: „აბა, ღმერთი გიშველის! ახლა წადი და მოისვენე“. მაგრამ მამა გაბრიელმა ვერ შეძლო სნეული ბერის მარტო დატოვება. თანაც უკვე გრძნობდა რაღაც შემაშფოთებლის მოახლოებას: „არაფერია, არ დავღლილვარ, კიდევ ვიქნები შენთან, იქნებ რაიმე დაგჭირდესო“, _ უპასუხა. მამა გიორგიმ კვლავაც სთხოვა: „წადი, მოისვენეო“. მაგრამ მამა გაბრიელმა მის გვერდით ყოფნა არჩია და უთხრა: „აი, აქვე წავიკითხავო“, რომელიღაც წიგნი აიღო და მაგიდასთან მიმჯდარი მის კითხვას შეუდგა. მაგრამ მოულოდნელად წამიერად ჩათვლიმა, და როცა გამოფხიზლდა, ბერის წმიდა სული უკვე მარადისობაში გადასულიყო.
თავის აღსასრულამდე ხუთი წლით ადრე, სწორედ იმ წელიწადს, როცა მამა იოანე გარდაიცვალა, მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა იოანეს სახელით (იოანე ღმრთისმეტყველის პატივსაცემად). იგი პატრიარქ მელქისედეკის კურთხევით მამა ბასილმა აღკვეცა. შესაძლებელია, რომ ფარულად არქიმანდრიტი იოანეც დიდსქემოსანი ბერი იყო. მან ხომ ათონის მთაზე 17 წელი იცხოვრა, იქ კი ხშირად ბერს თავიდანვე აღკვეცენ ხოლმე დიდ სქემაში, ანდა მცირე სქემაში აღკვეცის შემდეგ სულ მალე დიდ სქემაშიც აღიყვანენ. სავსებით შესაძლებელია, რომ სქემოსანმა ბერმა იოანემ თავისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულის წინ, როცა მამა გიორგის აკურთხებდა, წინამძღვრობასთან ერთად დიდ სქემაში აღკვეცაც უანდერძა და თავისი სახელიც. ასე რომ, ამით კიდევ ერთხელ ცხადდება ამ მამების უდიდესი ურთიერთსიყვარული და სულიერი ერთობა; ისინი მართლაც რომ ერთსულოვნად ცხოვრობდნენ და გარდაიცვალნენ კიდეც ერთსა და იმავე ასაკში _ 75 წლისანი. და ახლაც, ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს გვერდიგვერდ არიან დასაფლავებულნი: ორივე _ არქიმანდრიტი, ორივე _ იოანე, და ორივე (ალბათ) _ დიდსქემოსანი ბერი; და ბოლოს, ორივე, უეჭველად, ზეციურ სამოთხეს არის დამკვიდრებული, რამეთუ ისინი ჭეშმარიტად აღმსარებელი, ღმრთის მუშაკი და დიდი მლოცველი მამები იყვნენ.
ჩვენ გვწამს, რომ ახლაც ღმრთის წინაშე ბრწყინავს და სიხარულით ანთია ეს ორი დაუშრეტელი კანდელი. ვგრძნობთ კიდეც, თუ როგორ გადმოიღვრება ყოველთვის მათგან ჩვენს სავანეზე დიდი სითბო და ნათელი.
საუკუნოდ იყოს თქვენი ხსენება, წმიდანო მამანო!
ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 8 2007, 10:52 PM
პოსტი #4


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ესეც ფოტო:

მარცხნივ - მამა გიორგია, მარჯვნივ - მამა იოანე


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 8 2007, 10:56 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



wub.gif wub.gif wub.gif



მიმაგრებული სურათი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Mar 8 2007, 11:52 PM
პოსტი #6


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ოოო ეს დიდებული მამაები თქვენა იცით ეფრემ II კათალიკოსმა რა თქვა დაკრძალვაზე....

აი ზუსტი ციტატა:
"როცა სქემარქიმანდრიტ იოანეს(ნხეიძე) სასახლე მისი სულიერი ძმის არქიმანდრიტ იოანე(მაისურაძე) გვერდით ჩაასვენეს მიწაში, თვალცრემლიანმა პატრიარქმა ეფრემმა დააყოლა: "მიიწიეთ, მამებო, რომ მეც თქვენს გვერდით დავწვე"

ასევე ცნობილია როგორ აუგო მამა გაბრიელმა (ურგებაძემ)(სალოსმა) როგორ აუგო წესი საკუთარ მოძღვარს იოანე მხეიძეს...

ლოცვისას როგორ შემოესმა ამ დიდ მოსაგრეს რომ მისი მოძღვარი გარდაცვალების პირას იყო.... მცხეთIდან ბეთანიაში ფეხით ჩავიდა და ერთი პური ჩაუტანა მოძღვარს... ერთად ჭამეს პური და შემდეგ როგორ განისვენა მამა იოანემ... თუ მოვახერხე ამ ტექსტს დავასკანერებ და დავდებ ... smile.gif

ასევე ამ ორი მამიდან ერთერთIს შესახებ ამოვიკითხე როგო უყვარდა ბალღები და როგორ ეთმაშეოდა ხოლმე მათ... აღწერილი იყო ბალღებთან წყუწაობის სცენა... smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Mar 19 2007, 11:30 PM
პოსტი #7


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



მართლაც, საოცარია მათი ცხოვრება. მათი ხილული ღვაწლი და მადლი შევიცანით, როცა წავიკითხეთ, მაგრამ რამდენი ექნებოდათ დაფარული... ჩვენ კი, უფრო სწორედ ჩემზე ვიტყვი, ძალიან მომწონს, მაგრამ მაშ რად არ ვიბრძვი მამაცურად სულიერ ბრძოლაში?რატომ ვუთმობ ვნებებს? მათ მთლიანად გული განიხსნეს და ღმერთს უძღვნეს იგი. ასე მგონია, მე უფალი სადაც გულის დერეფანში შევაჩერე და შიგნით არ ვუშვებ, რადგან ვნებებს ვერ ველევი და ჯერაც დიდია საკუთარი თავის სიყვარული, არადა ახლახან თეოფანე დაყუდებულთან წავიკითხე, რომ ჩვენი გარეგნული ღვაწლი არაფერია, თუ გული არ გარდაიქმნა. წმ. მამებო , ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli555
პოსტი Jun 4 2007, 04:23 AM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 6-April 07
წევრი № 1,584



ძალიან დიდი მამაები იყვნენ ,სულ გვავიწყდება რომ ესეთი ხალხი ჩვენს გვერდით არი და როცა მიდიან იმ ქვეყნად მაშინ გვახსენდება და გვესმის რომ შენს გვერდით მოსიარულე სასწაული დადიოდა და ამას ვერ ხედავდი და სათანადო ყურადღებას არ აქცევდი არც მას და არც საკუთარ სულს


--------------------
in god we trust iake333@yahoo.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 4 2007, 10:36 PM
პოსტი #9


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტოებია. დღეს მათი საფლავები სხვაგვარად არის გაწყობილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 4 2007, 12:33 AM
პოსტი #10


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



თუ ადრე გმირები იყვნენ ჩვენთვის ბრძოლაში გამოჩენილი ვაჯკაცები მინდა აღვნიშნო რო ახლაც ასეა smile.gif ანუ ეგენიც გმირები არიან ჩემთვის როგორც ბრძოლაში გამოჩენილი ვაჯკაცები smile.gif ოღონდ მათი ბრძოლა უფრო ძნელი იყო და დიდხნიანი და შეუჩერებელი smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 11:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი