IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ბრძოლა დედაენისათვის XIX საუკუნის მეორე ნახევარში, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლ დადიანი
Georg
პოსტი Mar 25 2007, 02:37 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლ დადიანი

(ბრძოლა დედაენისათვის XIX საუკუნის მეორე ნახევარში)

გრიგოლ დადიანი - XIX საუკუნის საქართველოს ერთ-ერთ უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, ქართული ენისა და კულტურის დიდი მოამაგე, ჩვენი ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდში, რუსული ეკლესიის დაქვემდებარებაში ყოფნის ჟამს, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.

გრ. დადიანი დაიბადა 1827 წელს სამეგრელოს მთავართა შთამომავლის ელიზბარის ოჯახში. 1849 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ - თბილისის სასულიერო სემინარია. 1849 წელს ბერად აღიკვეცა. 1862 წელს უკვე არქიმანდრიტია. 1865 წელს მოღვაწეობს ბოდბის მონასტერში. 1875 წელს აირჩიეს საქართველოს სინოდალური კანტორის წევრად. 1886 წელს დაინიშნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად. 1898 წელს პირადად რუსეთის ეპისკოპოსის ბრძანებით მოსკოვის სინოდალური კანტორის წევრად გადაიყვანეს, რასაც გვატყობინებს გაზეთ ”ივერია-ს” 1898 წლის 16 აპრილის (№89) ცნობა, რომელიც, გრიგოლ დადიანის მოღვაწეობას დიდი ყურადღებითა და პატივისცემით აშუქებს სხვა დროსაც (გაზეთ ”ივერიაში” არის ასახული მისი გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად ხელდასხმაც). გრიგოლ დადიანის განსწავლულობასა და ღრმა სულიერებაზე მიუთითებს მისი ნაწერები; ორატორული ოსტატობისა და ქრისტიანული თავმდაბლობის ნიმუშს წარმოადგენს მისი მოსკოვში გადაყვანასთან დაკავშირებით წარმოთქმული გამოსათხოვარი სიტყვა მრევლისადმი.
...
არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა, მეგრული და ლაზური დიალექტების ცნობილმა მკვლევარმა, ქალბატონმა ირინე ასათიანმა ამ ცოტა ხნის წინ გადმოგვცა მეტად საყურადღებო დოკუმენტთა კრებულის ასლი (დედანი ინახება აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას პირად არქივში). დოკუმენტთა კრებული თარიღდება 1895 წლის 15 მარტიდან - 2 ივნისამდე პერიოდით და ასახავს სამეგრელოს სასულიერო და საერო მოღვაწეთა ბრძოლას ქართველი ერის ერთიანობის გადასარჩენად, ღვთისმსახურების სფეროში ქართული ენის გამოყენების შესანარჩუნებლად, საყოველდღეო ლოცვათა და ათი მცნების მეგრულად გადაღების საწინააღმდეგოდ. დოკუმენტთა ეს კრებული, ანუ ”ჟურნალი” შედგენილია რუსულ ენაზე და მოიცავს სტამბური წესით აწყობილ 26 გვერდს.

”ჟურნალის” შინაარსის სწორად გაგებისა და მართებული ანალიზისათვის აუცილებელია ზოგი საკითხის წინასწარი გახსენება. კერძოდ:
რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობამდე ჩვენში გავრცელებული იყო ერთადერთი შეხედულება იმის შესახებ, რომ ქართველი ერი ლაპარაკობს ერთ ზოგადქართველურ ენაზე, ყოველთა ქართველთა დედაენაზე - ქართულად, რომლის ტერიტორიულ ვარიანტებად მოიაზრებოდა ქვეყნის სხვადასხვა მხარეში გავრცელებული უკლებლივ ყველა კუთხური სამეტყველო ერთეული: ქართლური და ლაზური, კახური და მეგრული, მესხური და სვანური, იმერული და თუშური, ხევსურული და აჭარული, რაჭული და ჰერული (ინგილოური), ფშაური და გურული, მთიულური და შავშური, იმერხეული და ლეჩხუმური... სწორედ ერთადერთი ზოგადქართველური ენის მქონებლობა იყო ის მტკიცე საფუძველი, რომელიც განსაზღვრავდა ქართველი ერის ერთიანობასაც და ყოველი რეგიონის მცხოვრებთა ქართველური ცნობიერების შენარჩუნებასაც მაშინაც კი, როცა ხვ საუკუნის შემდგომ დაიშალა ერთიანი ქართული სახელმწიფო და შეიქმნა მცირე ”საქართველოები”. ყოველი ”მცირე საქართველო” დანარჩენებს ქართველობაში, დედაენის სიყვარულში, ქართული კულტურის მესვეურობაში ეჯიბრებოდა, სწორედ ამიტომ იყო, რომ ხვჳჳ საუკუნეში სამეგრელოს მთავარი ლევან ჳჳ დადიანი, ერთი მხრივ, არამცთუ არ ემორჩილებოდა იმერეთის მეფეს, არამედ საკუთარ თავს ხელმწიფედ მოიხსენიებდა და ამას რუსეთის მეფეც კი აღიარებდა, მეორე მხრივ კი მას ჰქონდა პრეტენზია ქართული კულტურის განვითარებაში ლიდერობისა, რაც იმით გამოიხატა, რომ გორიდან ზუგდიდში ჩაიყვანა საუკეთესო გადამწერები და ქართული წიგნები გადააწერინა. ლევან დადიანს ფიქრადაც არ მოსვლია თავი არაქართველად მიეჩნია და წიგნების შექმნა მეგრულად დაეწყებინებინა. იგი ვერც კი იფიქრებდა იმას, თუ ასეთი რამ შესაძლებელი იყო, ვინაიდან მაშინ არა მარტო მეგრული კილო, არამედ საქართველოს უკლებლივ ყველა სხვა მხარეში გავრცელებული კილოები, როგორც ითქვა, ქართული სამწიგნობრო ენის ტერიტორიულ ვარიანტებად მიიჩნეოდა, რომლებზეც დამწერლობის შექმნა წარმოუდგენელი იყო. მეტიც, არსებობდა მტკიცედ ფეხმოკიდებული შეხედულება იმის შესახებ, რომ ერთადერთი სწორი, გამართული, ამაღლებული და დახვეწილი ფორმა ენისა სამწიგნობრო ქართული იყო, კილოები კი იწოდებოდა ”დაღვლარჭნილ”, ”დამახინჯებულ”, ”შერყვნილ”, ”ავენოვან” მეტყველებებად, რომელთაც სხვაგვარად ”დამხე”, ”მდაბიურ” თუ ”მსოფლიოთა” (ე.ი. გლეხურ) საუბრად მიიჩნევდნენ. რა თქმა უნდა, ამგვარი ეპითეტებით მარკირებულ დიალექტებზე დამწერლობის შექმნა დედაენის შეურაცხყოფა იქნებოდა, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ ძველ საქართველოში ცუდ ტონად მიიჩნეოდა უკიდურესად პირადული შინაარსის წერილების წერაც კი დიალექტებზე - წერა და ნორმირებული სამწიგნობრო ენა ერთ დონეზე განიხილებოდა (ეს ტრადიცია დღემდე ძალაში რჩება).

შეხედულება იმის შესახებ, რომ ქართველები ერთადერთ ენაზე ლაპარაკობენ, ხოლო მეგრული, ლაზური და სვანური ჯგუფის კილოები ამ ენის ისეთივე დიალექტებია, როგორც ქართლური, კახური, იმერული, გურული, ხევსურული, ფშაური და სხვანი, გავრცელებული იყო უძველესი დროიდან ხხ საუკუნის 40-იან წლებამდე. ამ შეხედულებას იზიარებდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები: სულხან-საბა ორბელიანი, ვახუშტი ბაგრატიონი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, სერგეი მესხი, რაფიელ ერისთავი, მოსე ჯანაშვილი, სილოვან ხუნდაძე, ვალერიან გუნია, სოსიკო მერკვილაძე, პეტრე ჭარაია, თედო ჟორდანია, ნოე ჟორდანია, თედო სახოკია, დუტუ მეგრელი, გერონტი ქიქოძე, ლუარსაბ ლოლუა, კონსტანტინე გამსახურდია..., სასულიერო პირებიდან: წმ.კირიონი (საძაგლიშვილი), წმ. ამბროსი (ხელაია), წმ. ალექსი (შუშანია), კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე), კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე), გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე), გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი), მღვდელი იოანე მარგიანი და მრავალი სხვა.

ამ საყოველთაოდ გაზიარებულ თვალსაზრისს ხჳხ საუკუნის პირველი ნახევრიდან რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ დაუპირისპირა მოსაზრება, თითქოს მეგრული, ლაზური და სვანური ზოგადქართული (ქართველური) ენის კილოები კი არა, არამედ დამოუკიდებელი ენები იყოს. ეს ახალი მოსაზრება არავითარ მეცნიერულ საფუძველს არ ეყრდნობოდა და მას წმინდა იდეოლოგიურ-პოლიტიკური მიზნები ჰქონდა, კერძოდ, ქართველი ერის ერთიანობის საბოლოო მოშლა და ქართველთა ნაწილ-ნაწილ გარუსება-გადაჯიშება. ცარიზმის მოხელეები უკვე ხჳხ საუკუნის 60-იან წლებში, როცა თითქმის დამთავრდა რუსეთის მიერ კავკასიის უდიდესი ნაწილის დაპყრობა, აღარ სჯერდებოდნენ მხოლოდ იმის განცხადებას, რომ მეგრელები, ლაზები და სვანები ქართველები არ არიან, ხოლო მათი კუთხური მეტყველებანი დამოუკიდებელი ენებია. ისინი აშკარა შეტევაზე გადმოვიდნენ და სცადეს მეგრულისა და სვანურის სამწიგნობრო ენებად გადაქცევა:
1860 წელს რუსული გრაფიკის საფუძველზე შედგენილი მეგრული ანბანის გამოყენებით მეგრულ დიალექტზე გადაიღეს წმინდა წერილის ცალკეული ადგილები, 1864 წელს კი ასევე რუსული გრაფიკის გამოყენებით გამოსცეს ”ლუშნუ ანბან” (”სვანური ანბანი”), რასაც მოჰყვა მეგრული საანბანო სახელმძღვანელოების სამჯერ გამოცემა (ავტორები იყვნენ: თადა აშორდია, ფ. ლევიტსკი და ალექსანდრე გრენი).
...
საყურადღებოა, რომ იმპერიის მესვეურთა ამ ღონისძიებებს უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდა თვით სამეგრელოში. მაგალითად, პროფ. გივი როგავას ცნობით, 1860 წელს, როცა მეგრულად გადაიღეს წმინდა წერილის ნაწყვეტები და სცადეს სამეგრელოში ღვთისმსახურების შემოღება მეგრულად, ახალ სენაკში გაიმართა სამღვდელოების ყრილობა, რომელზეც ეს მცდელობანი ერთხმად შეფასდა როგორც მწვალებლობა, კუთხურობისა და განკერძოების გაღვივება და წმინდა წერილის გამასხრება (როგავა, 1999, გვ.13-14). ამგვარი გამოხმაურების გამო ცარიზმმა დროებით დაიხია უკან, თუმცა მალე სხვა ხერხს მიმართა: ბრძოლა გადაიტანა ენათმეცნიერების სფეროში, რათა შეექმნა ”მყარი მეცნიერული საფუძვლები” და ახალი ძალით მიეტანა იერიში ქართველთა ერთიანობის წინააღმდეგ. ამ მიზნით გამოყენებულ იქნა ის ფაქტი, რომ გერმანელ ლინგვისტს გეორგ როზენს 1844-45 წლებში გამოთქმული ჰქონდა უარგუმენტო თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც მეგრული, ლაზური და სვანური დამოუკიდებელი ენები ყოფილა და არა ქართველური ენის დიალექტები. რა თქმა უნდა, იმპერიისათვის იდეალური იქნებოდა, თუ გ.როზენის დაუსაბუთებელ თვალსაზრისს გაიმეორებდა რომელიმე ავტორიტეტიანი ქართველი მეცნიერი. ასეთი კაციც მოიძებნა პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორ ალექსანდრე ცაგარლის სახით, რომელმაც 1872 და 1880 წლებში გამოცემულ ნაშრომებში მეგრულს, ლაზურსა და სვანურს ენები უწოდა. თუმცა იმავე ავტორს 1873 წელს მეგრული, ლაზური და სვანური იბერიული ფუძე-ენის დიალექტებად მიაჩნდა და გურულის, თუშურის, ფშაურისა და ხევსურულისაგან მხოლოდ იმით ასხვავებდა, რომ ამ უკანასკნელთ კილოკავებად (наречие) აცხადებდა. არა მარტო სამეგრელოში, არამედ სრულიად საქართველოშიც განსაკუთრებით მძაფრად გამოეხმაურნენ 1880 წელს გამოცემულ ა.ცაგარლის ორტომეულს «Мингрельские этюды». როგორც წმ. ექვთიმე (თაყაიშვილი) და აკად. ივანე ჯავახიშვილი იგონებენ, ა. ცაგარლის საქციელი ერის ღალატად იქნა შერაცხული დიდი ილიასა და მის თანამებრძოლთა მიერ, ცარიზმის მოხელეებმა კი (მაგალითად, კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა კირილე იანოვსკიმ, ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა, შავრაზმელმა იოანე ვოსტორგოვმა...) ხელზე დაიხვიეს ეს ”სამეცნიერო ფაქტი” და ახალი იერიში მიიტანეს ქართველი ერის ერთიანობაზე XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან (ვრცლად ამის შესახებ იხ.: გვანცელაძე, ტაბიძე, შეროზია, ჭანტურია, 2001; გვანცელაძე, 2003; გვანცელაძე, 2006; ტაბიძე, 2005). ალ. ცაგარელმა ამ რეაქციის გამო საერთოდ შეწყვიტა ენათმეცნიერებაში მუშაობა და სიგელთმცოდნეობაში გადაინაცვლა. როგორც ჩანს, მას სინდისი ქენჯნიდა და ცდილობდა დანაშაულის გამოსყიდვას: როცა 1902 წელს იმპერიამ კიდევ ერთხელ სცადა სამეგრელოს დაწყებით სკოლებში მეგრულის სწავლების შემოღება, იაკობ გოგებაშვილმა ამ აქციის საწინააღმდეგოდ დაწერა წერილი ”მეგრული დაწყებითი სკოლის საკითხისათვის,” რომელიც სწორედ ა. ცაგარელს გადაუგზავნა პეტერბურგში და სთხოვა დახმარება მის გამოქვეყნებაში. მეცნიერმა იაკობის თხოვნა გადაჭარბებით შეასრულა - მან იაკობის წერილი გამოაქვეყნებინა ჯერ გაზეთ ”პეტერბურგსკიე ვედომოსტის” 1903 წლის 27 თებერვლის ნომერში, შემდეგ კი იგივე წერილი ბროშურადაც გამოსცა იქვე (ორივე პუბლიკაცია დაიბეჭდა ”ვარიანელის” ფსევდონიმით). ამით ა.ცაგარელმა დაადასტურა, რომ 1872 და 1880 წლებში იგი აიძულეს მეგრული, ლაზური და სვანური ენებად გამოეცხადებინა, სინამდვილეში კი ეს მეტყველებანი დიალექტებად მიაჩნდა. სხვაგვარად ამ ფაქტების ახსნა ალოგიკურია.
...
ეპისკოპოსმა გრიგოლმა გამანადგურებელი პასუხი გასცა კ.იანოვსკის, განსაკუთრებით მის ”დებულებებს” მეგრელების არაქართველობისა და მეგრული ”ენის” არსებობის შესახებ.იანოვსკის მეგრელთა არაქართველებად გამოცხადებისა და მეგრული ენის არსებობის ”მტკიცებაში” გამოცდილება უკვე ჰქონდა: 1880 წელს ახალსენაკის სკოლაში სტუმრობისას მან განაცხადა, რაკიღა მეგრელები ქართველები არ არიან, მათ ქართული ენა არ უნდა ვასწავლოთ და ბავშვებმა განათლება მეგრულად უნდა მიიღონო. ამ განცხადებამ ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. ინციდენტს გამოეხმაურა გაზეთი ”დროება” (1880 წლის 30 ნოემბერი, # 253), რასაც მოჰყვა საპროტესტო წერილები ”დროებასა” და ”ივერიაში” ილია ჭავჭავაძისა, სერგეი მესხისა, დიმიტრი ყიფიანისა, იაკობ გოგებაშვილისა, გერონტი ქიქოძისა, რაფიელ ერისთავისა. იანოვსკი იძულებული გახდა უკან დაეხია, მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, შეტევა განაახლა უმაღლეს სახელისუფლო დონეზე 1892 წელს.
ეპისკოპოს გრიგოლს უკვე ნახსენებ წერილში ეგზარქოსისადმი, რომელიც მთლიანადაა შეტანილი ეპარქიის ”ჟურნალში”, მრავალი საბუთი მოაქვს იანოვსკის პროექტის საწინააღმდეგოდ. იგი მიიჩნევს, რომ მეგრულად საეკლესიო წიგნების გადაღება გაუმართლებელია შემდეგ მიზეზთა გამო:
მეგრული ქართული ენის დიალექტია და არა დამოუკიდებელი ენა.”მეგრელი ქართულ ენას აღიქვამს როგორც თავის ძირეულ საკუთრებას.”
რაკი მეგრული მხოლოდ კილოა და არა ენა, შეუძლებელია ღვთაებრივ ჭეშმარიებათა შემცველი საეკლესიო წიგნების გადაღება არასრულყოფილ, მცირესიტყვიან და წერილობითი თხრობისათვის სრულიად გამოუსადეგარ მეტყველებაზე.
პატივი უნდა მიეგოს სამეგრელოში ღვთისმსახურების ქართულ ენაზე (მეგრელთა დედაენაზე) აღსრულების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.
მეგრულად საეკლესიო წიგნების გადაღება მწვალებლობაა. საერო სკოლებში ახლახან შემოღებულ მეგრულის სწავლებას მოსახლეობა მოწონებით არ უყურებს.
მეგრულის სწავლება ამუხრუჭებს რუსული ენის შესწავლის საქმეს.
ეპარქიაში მოქმედ 89 სამრევლო და ე.წ. წერა-კითხვის სკოლაში სწავლებას უძღვებიან აკადემიური განათლების მქონე პირები.
დასასრულს ეპისკოპოსი გრიგოლი აცხადებს, ”...მე არ ვიზიარებ მისი უდიდებულესობის, კავკასიის სასწავლო ოლქის ბატონ მზრუნველის შეხედულებებს და ჩემდამი რწმუნებული სამღვდელოების ამჟამინდელი მდგომარეობა მიმაჩნია სრულიად დამაკმაყოფილებლად თავისი სკოლების დამოუკიდებლად მართვისათვის”-ო.
...
წყარო: გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლ დადიანი
თეიმურაზ გვანცელაძე - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი,
მერაბ ნაჭყებია - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ასოცირებული პროფესორი,
მანანა ტაბიძე - იბერიულ-კავკასიური საერაშორისო სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო ცენტრი
იბეჭდება უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა - კურთხევით
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრა 5 წლისაა
საიუბილეო სამეცნიერო კონფერენციის მასალათა კრებული
2006 თბილისი




--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 02:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი