თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ბუნების კარი _ ქვეწარმავლებმა რა დააშავეს? :)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 06:34 PM

"ინდოელები ამტკიცებენ, რომ კობრა, ინდოეთში ყველაზე საშიში გველი, არ უკბენს აკვნის ჩვილ ბავშვს, მაგრამ გააფრთებული ესხმის მოზრდილ ადამიანს, თითქოსდა ესირცხვება, მოაკვდინოს უწყინარი ადამიანური ქმნილება, რომელსაც წინაარმდეგობის გაწევა არ ძალუძს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 12:44 PM

"მაგალითისთვის გამოვიყენოთ გველის მოხერხება: იმისათვის, რომ მოიცილოს ძველი ტყავი, იგი ძვრება მეტად ვიწრო ხვრელში. ალბათ იტყვი: სად მოვძებნო ასეთი ვიწრო ხვრელი? ჰოდა, სწორედ მწუხარებათა ვიწრო კარიბჭეებს შევყავართ ცხოვრებაში".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2018, 09:08 PM

"[ღირსი იოანიკე დიდი] გზად უზარმაზარ გველს წააწყდა, მდინარეში რომ ბუდობდა და ლოცვით მოაკვდინა.


იოანიკე მყის შეუდგა საქმეს, მშენებლებს მრავალი სასწაულით შეეწეოდა და თავისი ჯვრის გამოსახულებიანი კვერთხით არაერთგზის განუდევნია იმ ადგილებიდან მრავალრიცხოვანი ქვეწარმავალი.

მამათა თხოვნით კი უზარმაზარი გველი განდევნა, იქაურთ შიშის ზარს რომ სცემდა. შემდეგ კი დანიელთან ერთად ტოპარქიის მღვიმეებში დაფუძნდა, სადაც გველმა უკბინა და სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი, ორმოცი დღის შემდგომ ტრიქალის მთას დაუბრუნდა".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 10:42 PM

"სახლი იქ აიშენე, სადაც გველი მზეს ეფიცხება"

/წმ. სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 07:43 PM

"მისი [წმ. ზაქარია ანჩელის] ლოცვით უამრავი სასწაული აღესრულებოდა: მან ლოცვით შეაჩერა კედელს მოწყვეტილი უზარმაზარი ლოდი, განდევნა მონასტრის ბაღ-ვენახს შესეული ფრინველები და კალიები, შემუსრა ორი საშინელი გველი, რომელთა შიშით ძმები ვენახში ვეღარ მიდიოდნენ სამუშაოდ. ასეთი სიწმინდით გამორჩეული წმინდა ზაქარია მღვდელმთავრად დაადგინეს ანჩის კათედრაზე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2018, 03:23 PM

თავი XVI. ამბავი მარტინისა, მარსის მთის ბერისა

ცოტა ხნის წინ კამპანის მხარეში, მარსის მთაზე, განმარტოებით ცხოვრობდა ძალზე მოსაგრე კაცი მარტინი. მრავალი წელი იყო დაყუდებული ძალზე ვიწრო მღვიმეში. ჩვენები იცნობდნენ, ზოგიერთნი მისი ღვაწლის მხილველიც იყო. მის შესახებ ბევრი რამ შევიტყვე ჩემი წინამორბედის, ნეტარხსენებული პაპის პელაგის და სხვა ღვთისმოშიშ კაცთაგან.

მისი პირველი სასწაული ის იყო, რომ როგორც კი იგი მღვიმეში დაეყუდა, ხსენებულ მთაზე, იმ ქვიდან, რომელიც ავიწროებდა მღვიმის ღრმულს, გამოდინდა წყარო, რომელიც ღვთის მონა მარტინს აწვდიდა იმდენ წყალს, რამდენიც სჭირდებოდა ყოველდღე. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ ზრუნავს ყოვლისშემძლე ღმერთი თავის მონაზე. მაგრამ კაცთა მოდგმის უძველეს მტერს შეშურდა წმინდანის სათნობებისა და მღვიმიდან მის გასაძევებლად ჩვეულ ხრიკს მიმართა. შევიდა თავის საყვარელ გველში და იმით აპირებდა წმინდანის შეშინებას. გველი შეძვრა დაყუდებულთან და მლოცველ წმინდანს წინ გაეშალა. როცა წმინდანი ეცემოდა მიწაზე, გველიც იქვე ახლო იწვა.

წმინდა კაცს უშიშრად მიჰქონდა ხელი ან ფეხი გველის თავთან და ეუბნებოდა: "თუ ჩემს კბენას გაბედავ, ამის ნებას გაძლევო". ასე გაგრძელდა სამი დღე. საბოლოოდ, წმინდანის სიტკიცით ძლეულმა ეშმაკმა ვაებით დატოვა მღვიმე, უფსკრულში დაეშვა და პირიდან გამოფრქვეული ცეცხლით გზად ყველა მცენარე მოწვა. ამით ეშმაკმა უნებურად აჩვენა, თუ რამდენად დიდი იყო ეს მისი მძლეველი წმინდა კაცი. დაფიქრდი, რა დიდსულოვანი იქნებოდა ადამიანი, ვინც სამი დღე გველთან ერთად უვნებლად გაატარა.

/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2018, 08:11 PM

"როცა მომავალი მოსაგრე ანტიპა [მოლდაველი] ბავშვი იყო და მამის ცხვარს მწყემსავდა უღრან ტყეში, შხამიან გველებს ხელით იჭერდა და ისინი არ ჰკბენდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2018, 07:34 PM

"[ღირსი ბარლაამ კერეტელი] საცხოვრისად განგებ არჩევდა ყველაზე სახიფათო და ყრუ ადგილებს, ველური მხეცებითა და შხამიანი ქვეწარმავლებით სავსეს, რომელთა მძვინვარებასაც ლოცვით მოამდოვრებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2018, 01:33 PM

"მამა პაისი [ათონელი] ამბობდა: "თუკი კაცი თავს სხვის ადგილას დააყენებს, მერე მას ყველას შეყვარება შეუძლია: ადამიანების და გარეული ცხოველებისაც კი... მაგალითად, მე ვხედავ გარეულ ცხოველს და ვფიქრობ, რომ შესაძლოა მეც ასეთი ცხოველი ვყოფილიყავი. ღმერთი ხომ პატრონია, შეეძლო, მას ამნაირ მხეცად შევექმენი. თუ დავადგენ საკუთარ თავს ცხოველის ადგილას, მე ის შემიყვარდება და თვით გველიც კი შემეცოდება.

აბა, დაფიქრდი: გველი რომ ვიყო, განა მომეწონებოდა, გარეთ, მზეზე, გასათბობად გამომძვრალს ვინმე მომვარდნოდა და ჯოხით თავი გაეჭეჭყა? ღვთაებრივი სიყვარული თავის თავს გაუმხელს ამ ველურ ცხოველებს. ცხოველებს შეუძლიათ, გაარჩიონ მათი მოყვარული ადამიანი მონადირისგან, რომელსაც მისი მოკვლა უნდა. ცხოველს არ ეშინია მოყვარულისა და მიუახლოვდება. ადრე ვფიქრობდი, რომ ამგვარ ინტუიციას ყველა გარეული ცხოველი ფლობდა, გველის გარდა. მაგრამ მერე დავრწმუნდი, რომ მათაც აქვთ ამგვარივე გეში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2018, 12:42 PM

"ერთხელ, აღდგომა დღეს ერთ მონასტერში მისულმა [გელენიმ] ნახა, რომ ძმები ვერ აღასრულებდნენ დღესასწაულს. მიზეზი იკითხა. მიუგეს, ჩვენი მღვდელი მდინარის გაღმა ცხოვრობს და ნიანგის შიშით ვერ გადმოდის აქეთო. შესთავაზა, - თუ გსურთ, წავალ და მოგიყვანთო. მივიდა მდინარესთან. მოუხმო უფლის სახელს და მძვინვარე მხეცი წარდგა მის წინაშე.

მრავალთა დამღუპველი ქვეწარმავალი ახლა ეტლივით ემსახურებოდა მართალ კაცს - ნიანგმა ხილული შიშით დაღუნა თავი ღვთის კაცის წინაშე, შეისვა ზურგზე და მდინარის მეორე ნაპირზე გადაიყვანა. გელენი მივიდა ხუცესთან და სთხოვა, ძმებთან წამოსულიყო. მთხოვნელს უბრალო და შეურაცხი სამოსი ეცვა. გაოცებულმა დეკანოზმა ჰკითხა, - ვინ ხარ, საიდან მოხვედიო. მაგრამ მასში უმალ ღვთის კაცი შეიცნო და გაჰყვა. მივიდნენ მდინარესთან. ხუცესმა უნავობა მოიმიზეზა. გელენმა დაამშვიდა: - ნუ წუხხარ, მამაო, გადასასვლელი მოგიმზადეო. ხმამაღლა უხმო მხეცს. ნიანგმა მდაბლად მიუშვირა ზურგი. გელენი პირველი შეჯდა და ხუცესი მიიწვია, - შეჯექი, ნურაფრის შეგეშინდებაო. ის კი ნიანგის დანახვაზე შიშისგან თავზარდაცემული გაიქცა...

ყველა შეშინებული ადევნებდა თვალს ღვთის კაცს, რომელიც ნიანგზე მჯდარი მოცურავდა. ის გადმოვიდა ნაპირზე, თან მხეციც გადმოიყოლა და უთხრა: - სჯობს დაიღუპო, ვიდრე ამდენი ადამიანი მოინელოო. მიწაზე განრთხმულმა მხეცმა უმალ სული განუტევა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2018, 02:01 PM

"იქ მცხოვრებ მამათაგან ვნახეთ ღვთისმოშიში კაცი დიდიმე (ეს არ არის სახელგანთქმული ბრმა დიდიმე). გარდამეტებული ღვთის მადლი სახეზე ეწერა. იმ ცხელ ადგილებში მრავლად იყო მორიელი და შხამიანი გველი, ის მათ თრგუნავდა და ფეხით თელავდა, როგორც მატლებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 09:55 PM

"უმბა - ბალახი, რომლითაც გველი იკვებება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2020, 09:55 PM

გველი ბერს დაემორჩილა

"1987 წელს ბატონ პანაიოტის ადამუპულოსს საშინელი წუთების გადატანა მოუხდა. ის ბერ ანთიმოზთან ერთად ციცაბო ბილიკით მონასტრის მისადგომიდან წმიდა ანას სკიტის მთავარი ტაძრისაკენ მიემართებოდა. ბილიკი ტყის ჩრდილმა დაფარა. უეცრად ბილიკის ყველაზე ვიწრო და გაუვალ ადგილას უზარმაზარი გველი გამოჩნდა. "როგორც კი დაგვინახა, - გვიამბობს ბატონი პანაიოტისი, - წამსვე თავი ასწია, ასისინდა და თავდასხმისათვის მოემზადა. ადგილზე გავშეშდი. ბერმა კი, ჩვეული სიმშვიდით დამაწყნარა და გველს შეუძახა:

- "აბა, ერთი, იქით გაიწი!" - გველმა მორჩილად დასწია თავი, წინ გასრიალდა და ბუჩქნარში გაუჩინარდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 08:40 PM

"მზედახედულ კლდის შიბზე ანკარა ზანტად ჩამოსრიალდა. ქვაზე გაიზლაზნა, გაითბო ცივი სხეული. მას, ალბათ, სულ სცივა და მუდამ სხვისი სითბოთი ცხოვრობს. ხელი ავუქნიე, ჩაშრიალდა ჟვეროში და უკვალოდ გაქრა. ამისეული ფიქრიც ძლოკვივით გაძვრა: "ადამიანებს შორისაც ბევრია ასეთი..."

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2020, 07:49 PM

"ველურ მხეცებსაც კი შეუძლიათ, გაარჩიონ მათი მოყვარული ადამიანი მონადირისაგან, რომელიც ცდილობს, მოინადიროს ისინი. მონადირეს ემალებიან, ხოლო ისინი ახლოს მიდიან მოყვარულ ადამიანთან. თავდაპირველად მეგონა, რომ ეს გველებს არ ეხებოდა, რადგანაც გველს ვთვლიდი ერთადერთ ცხოველად, რომელიც ხალხს არ უყვარს. მოგვიანებით კი მივხვდი, რომ სიყვარულს გველებიც გრძნობენ და ადამიანთან დამეგობრება შეუძლია. თუ ადამიანი საკუთარ თავს გველის მდგომარეობაში ჩააყენებს და შეეცდება, თანაუგრნოს მას, გველი მაშინათვე გრძნობს ამას და მეგობარივით უახლოვდება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2021, 01:34 PM

"გაზაფხულზე მთის ბილიკებიც საშიში ხდება. ისინი მაღალი ბალახით იფარება, ზამთრის ძილიდან იღვიძებენ გველები, რომლებიც ხიშ ბალახშიც იმალებიან.
ჩვეულებრივ, გველი თავს არ ესხმის ადამიანს, მაგრამ თუკი შემთხვევით ფეხს დაადგამ, შხამიან კბილს მახვილივით ჩაგასობს, ამიტომ მეუდაბნოენი, როცა გაზაფხულზე ტყეში მიდიან, მაგარი ტყავის მაღალ ჩექმებს იცვამენ. წელზე გრძელ თოკს იბამენ, რათა ბალახის შარიშურმა გველი ადამიანის მიახლოების შესახებ გააფრთხილოს. თუ გზა ხშირ ბუჩქნარზე გადის, თან გრძელი ჯოხი მიაქვთ, რომლითაც, უსინათლეობის მსგავსად, ყოველ ნაბიჯს ამოწმებენ, სინჯავენ, სადმე ხომ არ იმალება ასპიტი, რომელიც გაზაფხულზე განსაკუთრებულად შხამიანი და საშიშია. დაქანცულმა მგზავრმა, ვიდრე ქვაზე დაჯდებოდეს, უნდა მიმოიხედოს, ახლომახლო ხომ არ არის გველის სორო, ან ზამთრის ძილის შემდეგ სწორედ ამ ქვის ქვეშ ხომ არ თბება ის. მონადირეები მხეცებს ხაფანგს უგებენ, გველი კი, შესაძლოა, მგზავრისთვის იქცეს ხაფანგად."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2021, 08:01 PM

"ასპიტი, უნასი (დაბ. 49.17) - რქიანი შხამიანი გველი თეთრი და შავი ლაქებით, ძალიან ძლიერი შხამი აქვს, თითქმის მყისიერად კლავს; არის ქვიშისფერი, იმალება ბორბლების მიერ დატოვებულ ღრმა ნაკვალევში და იქიდან გესლავს გაუფრთხილებელ მგზავრს და ცხენს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2021, 08:31 PM

"ვასილისკო (ფს. 90. 13) (ებრ. პეტენ, შეფაფონ, ცეფა, ცეფბოინი) - ქვეწარმავალი, ძალიან შხამიანი გველის სახეობა. მისი ამოცნობა შეიძლება სისინის მიხედვით. სრიალის დროს მისი სხეული არ იხრება და პირდაპირ მისრიალებს. მისი სამშობლოა ზემო ეგვიპტე, მაგრამ გვხვდება პალესტინაშიც. შხამიანი ვასილისკოს კვერცხებიც კლავს, ვინც კი მის კვერცხს შეჭამს. ჩვეულებისამებრ, ვასილისკო იმალება ქვიშაში, რომლისგანაც იგი მცირედ გამოირჩევა თავისი ყავისფერი ფერით და შესამჩნევია ამოშვერილი რქებით. ოდნავ შეხებისთანავე ვასილისკო ქვიშიდან ამოხტება და საოცარი სისწრაფით იჭერს მსხვერპლს.
ფილისტიმელების ყურადსაღებად ბიბლიაში ახაზის სიკვდილი ვასილისკოსთან (უნასი) არის შედარებული, რათა მათ ახარებდეთ ეს ამბავი, რადგან, წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვით, "გველის ფესვიდან გამოვა უნასი და მისი ნაშიერი მფრინავი გველეშაპი იქნება" (ეს. 14.29). ხიზკიამ მართლაც განდევნა ფილისტიმელები. სწორედ ასევე არის შედარებული გველის კვერცხების გამოჩეკასთან იუდეველთა ბილწი საქმეები, რომლებიც მათ დიდ ზიანს აყენებენ. "ასპიტის კვერცხებს ჩეკავენ და ობობას აბლაბუდას ქსოვენ; მათი კვერცხების მჭამელი კვდება და, თუ გატყდა, უნასი იჩეკება", - ამბობს წინასწარმეტყველი ეს. (ეს. 59.5). წინასწარმეტყველი იერემია ვასილისკოს ადარებს ქალდეველებს, რომლებიც ღმერთმა გამოგზავნა მოუნანიებელი იუდეველების დასასჯელად მათი უწმინდურობის გამო (იერ. 8.17)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2021, 04:13 PM

"იქედნე - შხამიანი გველი, 12 ფუტისა და მეტი სიგრძისა. მისი ნაკბენი ძალიან საშიშია და, უმეტეს შემთხვევაში, სწრაფი და გარდაუვალი სიკვდილით სრულდება; ასე რომ, ძველად იქედნეს ნაკბენი მიაჩნდათ უფლის სასჯელად (საქ. 28. 1,6). არ არის გასაკვირი, რომ მალტის მცხოვრებლებმა პავლე მოციქული ღმერთად აღიარეს, როდესაც ნახეს, რომ იქედნეს, რომელიც მას ხელზე შემოეხვია, მისთვის არ უვნია. ამიტომ იქედნე ყოველთვის წარმოჩნდება იმგვარად, რომ თავისი ბუნებით აზიანებს და მოაქვს სიკვდილი. ამ სახელით მოიხსენიებენ მზაკვარ, ბოროტ და უღმერთო ადამიანებს. აქედან არის მაცხოვრის სიტყვა, რომლითაც ფარისევლებსა და სადუკევლებს მიმართავს: "იქედნეთა ნაშობნო" (მთ. 3.7 და სხვ.). ეს არის ბოროტი და უწმინდური ადამიანების მხილების ყველაზე ძლიერი გამოხატულება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2022, 06:45 PM

"ყოველი ქმნილება ღვთის განსაკუთრებულ აზრს გამოხატავს. ხოლო ღვთის აზრი სრულყოფილია, სავსეა, და შესაბამისად, ყოველი მისი ქნილება თავისი შესახედაობითა და ჯიშით, საკუთარ თავში შეიცავს მთელ სრულყოფილებასა და სისავსეს. მართალია, ზოგიერთ ქმნილებას ჩვენ საძაგლად მივიჩნევთ, მაგრამ ასე ჩვეულების გამო ვიქცევით და ეს დიდი სისულელეა, დაუკვირდი და შეისწავლე, ერთი შეხედვით, საძაგელი ქმნილებების ორგანიზმი, და გაგაოცებს მათი სასწაულებრივი აგებულება. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო პრიმიტიული და თვალისათვის ნაკლებ შესანჩნევია რომელიმე ქვეწარმავალი ან მწერების ჯიშის წარმომადგენელი, ის საკუთარ თავში მით მეტ სრულყოფილებას ატარებს. ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ ბუნებას, სწორედ ამიტომ ესოდენ ზედაპირულად ვმსჯელობთ მის შესახებ. სიტყვები - "საკვირველ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი", - სწორედ იმიტომ არის ნათქვამი, რომ ყველა ქმნილება თავისებურად სრულყოფილია, რომ ყოველი მათგანი მჭიდრო კავშირშია დანარჩენ ქნილებებთან და გარკვეული მიზნით არის შექმნილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2022, 09:09 PM

"იქნებ, ჭანჭრობში დაგეხვიოს ძელივით გველი"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2022, 03:08 PM

"ცოლ-ქმრის სიყვარულზე დაგვაფიქრებს ყველაზე შხამიანი და დაუნდობელი გველის - იქედნეს ქორწინება გველთევზაზე: სტვენით უხმობს იქედნე გველთევზას ზღვის სიღრმიდან და ისიც მორჩილად მისრიალდება იქედესთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქორწინებით თავს იღუპავს: პატარა იქედნეები მუცელს გამოჭამენ თურმე დედას და ისე იბადებიან. იქედნე კი ისეთი სიყვარულით მიდის გველთევზასთან, რომ წინასწარ შხამს გადმოანთხევს და სუფთა ხვდება თავის "გულისსწორს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 03:50 PM

"გზას მხოლოდ ლეყეპოიანი არხი მიუყვებოდა, რომელიც შორიდან მწვანე, მოთენთილ გველს ჰგავდა"

/შარლოტ ბრონტე, "ვილეტი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2022, 01:40 PM

"ათონზე ცხოვრობდა ერთი ასკეტი, პახუმი ერქვა, უსწავლელი გახლდათ, მარტო "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით" საგალობელი იცოდა. თავის კელიაში ხელსაქმობდა. მასთან დროდადრო საჭმელი მიჰქონდათ ხოლმე. კელიაში ხშირად გარს ეხვეოდნენ გველები და მუშაობაში ხელს უშლიდნენ. ამიტომაც იძულებული იყო, ისინი ხელში აეყვანა და ეზოში გაებრძანებინა. ერთხელ ერთმა დიდმა გველმა თავი ძალზე მოაბეზრა, პახუმიმ ის წელზე ქამარივით შემოირტყა, გაკვანძა და მუშაობა განაგრძო. ამ დროს კელიაში შემოვიდა მონაზონი, საჭმელი მოუტანა. როცა ბერის წელზე შემოხვეული გველი დაინახა, შეშინებულმა ბერდიდს დაჟინებით მოსთხოვა, გველი მოეხსნა და გადაეგდო - ზიანს მოგაყენებსო.

მოსაგრემ მას ქრისტეს სიტყვებით უპასუხა: "აჰა, მიგცემ თქუენ ხელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიანკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაი გევნოს". ასევე: "ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაიმე სუან, არარაი ავნოს მათ; სნეულთა ზედა ხელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2022, 01:34 PM

"წმინდა დიმიტრი როსტოველის მიხედვით, ლიდიის მხარეში ფილიპე, მარიამნა და ბართლომე მოციქული შეხვდნენ იოანე ღვთისმეტყველეს და გაეშურნენ ფრიგიის ქალაქ იეროპოლისში, სადაც ხალხი კერპებთან ერთად ეთაყვანებოდა ქვეწარმავალ იქედნესაც. მათ ტაძარი აეგოთ მისთვის და საზრდოსაც არ აკლებდნენ, მის გარდა, სხვა ქვეწარმავლებსაც სცემდნენ თაყვანს. მოციქულებმა წმინდა ლოცვის ძალით მოაკვდინეს იქედნე და იოანე მოციქულთან განშორების შემდგომ დარჩნენ იეროპოლისში"

/"კარიბჭე" N8, 2022, გვ. 22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2022, 09:04 PM

"გველი ტკბილ საკვებს რომ შეჭამს, სიმწარედ აქცევს მას და, როდესაც გადმოანთხევს, ვაი მას, ვინც მას საკუთარ წიაღში მიიღებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2022, 09:43 PM

"ერთმა კეთილკრძალულმა ქრისტიანმა თავის ყრმას ღირს მამასთან ორი კალათა საჭმელი გაატანა. ბიჭმა ერთი კალათა გზაში დამალა, მეორე კი ბერს მიუტანა. დამალულ კალათაში შხამიანი გველი ჩამძვრალიყო და უკან მიბრუნებულ ბიჭს უთუოდ მოკლავდა, რომ არა ღირსი მამის კაცთმოყვარება. ბერმა უთხრა: შენ რომ მეცრუე და მეორე კალათა არ მომიტანე, იმაში გველი დაიმალა და არ გიკბინოსო. შერცხვენილმა ბიჭმა შენდობა სთხოვა ბერს და მადლობა შესწირა გადარჩენისთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2022, 01:03 PM

"თქმულება "ხოგაის მინდი" უძველესთაგანია ქართულ ფოლკლორში. იგი უნდა დათარიღდეს IV საუკუნეზე ადრინდელი პერიოდით, რადგან თავისი შინაარსით, წარმართული პერსონაჟებით, ღვთაებებით ქართული წარმართული ეპოქის გარკვეულ სურათს ქმნის. უკანასკნელი გამოკვლევებით და ზოგი მკვლევრის მოსაზრებით (ამბ. გაჩეჩილაძე), "ხოგაის მინდი" თითქოს ამ ეპოქის ლიტერატურული ძეგლია, ლიტერატურული ნაწარმოების გადმონაშთია, ფრაგმენტი და არა ფოლკლორული ნიმუში - ხალხური თქმულება.

თქმულებაში ხაზგასმულია გველის სიბრძნე, განსაკუთრებით მკურნალობის ცოდნის მხრივ (გველთან დაკავშირებული წარმოდგენები ქართულ ეთნოგრაფიასა და ფოლკლორში საკმაოდ სისრულითაა შესწავლილი ჩვენი ეთნოგრაფებისა და ისტორიკოსების მიერ). საქართველოში გველს უძველესი დროიდანვე უკავშირებდნენ დოვლათიანობასა და ნაყოფიერებას. ის ქართველურ ტომებში ხან ოჯახის მფარველად და დამცველად გვევლინება, ხან უშვილო ქალთათვის შვილიერების მიმნიჭებლად. ამიტომაც არის, რომ უძველს კოლხურ, საკულტო დანიშნულების ბრინჯაოს ცულებზე ხშირად ვხვდებით გველის გამოსახულებას. საკულტო დანიშნულების საგნები: ბრინჯაოს ცული (ცაგერის მუზეუმიდან), ყელსაკიდი სტილიზებულთავიანი გველის გამოსახულებით (ეშერის არქეოლოგიური მასალიდან), თრიალეთში ნაპოვნი თიხის ჭურჭელი (საფიქრებელია, სამკურნალო საშუალებათა შესანახად) გველის სტილიზებული ორნამენტებით მიუთითებს, რომ ქართულ აზროვნებაში გველი დაკავშირებული იყო ნაყოფიერებასა და მკურნალობასთან.

ქართულ ხალხურ მედიცინაშიც გველს სამკურნალო თვისებებს მიაწერდნენ. ზოგან გველის ტყავი წამლად მიაჩნდათ. ხევსურეთში სამკურნალოდ ახლაც ხმარობენ ყვითელყვავილიან მინდვრის ბალახს, რომელსაც გველის წამალს ეძახიან.

"იადიგარ დაუდში" გველის ხორცი საუკეთესო წამლადაა მიჩნეული. "უსწორო კარაბადინში" ხაზგასმულია გველის ქონის, ტყავისა და ქერქის (კანი ქერტლით) წამლად გამოყენება. ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი აღწერს კვერს, რომელიც "გუელის ხორცითა" მზადდება. კვერი დიდი "თერიაყის" შემადგენლობაში შედიოდა და მიჩნეული იყო მოწამლულის, გველისა და მორიელის ნაკებენის, ცოფის, მანკანაცის, ღორთელის, ლაყუასა და მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ.

მაშასადამე, არა მარტო ფოლკლორსა და ხალხურ მედიცინაში, არამედ ქართულ კლასიკურ სამედიცინო ძეგლებშიც კი გველი წამლადაა აღიარებული.

მკურნალობის, ცოდნისა და სიბრძნის სიმბოლოდ გველის აღიარების თემაზეა აგებული როგორც უძველესი თქმულება "ხოგაის მინდი", ისე ვაჟა-ფშაველას "გველის-მჭამელი".

გველი, როგორც ბრძენი და მეცნიერი არსება, შემდეგში ქრისტიანულმა რეგლიამაც აღიარა, რაც სახარებაშიც კი აისახა: "იყვენით თქუენ მეცნიერნი ვითარცა გველნი და უმანკო ვითარცა ტრედნი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 90/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2022, 06:28 PM

"წმინდა დიონისეს მონასტრის მამები ყვებოდნენ ბერდიდ ისააკზე: მისი თავმდაბლობა და უბრალოება მხეცებსაც კი ათვინიერებდა. მონასტერში ის პურს აცხობდა და საცხობში მასთან მეტრნახევარი სიგრძის გველი ცხოვრობდა, ე.წ. ელიაფიტისი (დაახლოებით ითარგმნება, როგორ "შემაშინებელი გველი"). ეს უშხამო, გრძელი ქვეწარმავალი სწრაფად და მკვეთრად მოძრაობს, ცუდად ხედავს და მისი უეცარი გამოჩენა ხალხშ შიშსა და ზიზღს იწვევს.

ბერი მას ფქვილის ფაფას უზმადებდა, უნასი ჭამდა და ბერიდის საწოლზე იძინებდა, თუმცა, მას თავისი მორჩილება ჰქონდა - დაუნდობლად ნადირობდა თაგვებზე. ვიდრე მამა ისააკი საცხობში იღვწოდა და ცხოვრობდა, გველიც იქ იყო, როგორც კი ეს მორჩილება სხვა ძმას გადასცეს, გაუჩინარდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2023, 08:46 PM

"ეზოში, ფეხზე გველი შემოხვევია, მაგრამ ვერ უკბენია. ფეხი გავიქნიე და მომცილდაო, იხსენებდა ბერი გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი]"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 02:33 PM

"ნათქვამია: "გველს აბა ვინ ეტყვის, გველო, რათა ხარ ჭრელიო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2023, 09:12 PM

"ოცი წლის შემდეგ მეგარადან ერთი საათის სავალზე პაისიმ წმინდა სარანტის ნაწილები იპოვა, რომელსაც ორი უზარმაზარი გველი იცავდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2023, 04:47 PM

"ერთხელ ერთ ქალს ღამით მოსწყურდა და სიბნელეში წყალთან ერთად გველის წიწილიც გადაყლაპა.

გველი მუცელში გაიზარდა და ქალი დასნეულდა. ბალახივით მწვანე ფერი ჰქონდა. უამრავი მკურნალი ამაოდ ცდილობდა მის მორჩენას. ბოლოს, წმინდა სვიმეონთან [მესვეტე, უფროსი] მიიყვანეს. ნეტარმა ბრძანა, - აქაური წყალი დაალევინეთო. ქალმა წყალი დალია თუ არა, მისი სხეულიდან უზარმაზარი გველი გამოვიდა. სვეტთან მისრიალდა და ნაკუწებად იქცა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 07:55 PM

"თუკი ცხოველის ადგილზე დავიეყნებთ თავს, მე მას შევიყვარებ და გველიც კი შემეცოდება. დაფიქრდით, ნუთუ მომეწონებოდა, რომ გველი ვყოფილიყავი, გასათბობად გამოვმძვრალიყავი და ვიღაც ჯოხით მომვარდნოდა და ჩემთვის თავი გაეხეთა? საღვთო სიყვარული თავის შესახებ აუწყებს ველურ ცხოველებს. ცხოველს უნარი აქვს ერთმანეთისგან გაარჩიოს მისი მოყვარული ადამიანი და მონადირე, რომელსაც მისი მოკვლა სურს. მას არ ეშინია ადამიანისა, ვისაც იგი უყვარს და ცდილობს მას მიუახლოვდეს. ადრე ვფიქრობდი, რომ ასეთ ინტუიციას ყველა ველური ცხოველი ფლობს, გველების გარდა. თუმცა შემდეგ იმაში დავრწმუნდი,რომ გველებსაც ზუსტად ასეთივე ინტუიცია აქვთ. იგი გველხოკერასაც კი აქვს - რომელიც სხვა გველებთან შედარებით ისეა, როგორც თხა ცხვრებთან შედარებით".

ერთხელ ერთმა დიაკონმა ჰკითხა ბერს [ღირსი პაისი ათონელი]: "გერონდა, მე გამიგონია რომ თქვენ გველები გყავთ. ნუთუ ეს მართალია?" ბერმა უპასუხა: "კი, დიაკვანო, მართალია. გველები აქ, ჩემს გულში ცხოვრობენ. როცა შენ მღვდლად დაგასხამენ ხელს და მოძღვარი გახდები, მოდი და გაჩვენებ"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2024, 06:48 PM

"ერთხელ ბერთან [ღირსი პაისი ათონელი] რამდენიმე მღვდელი მივიდა, - სასულიერო პირები ერიდან. ისინი ეკითხებოდნენ, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ აღმსარებელთა ცოდვების მიმართ. მათ სურდათ, განსჯადობის გარეშე გამოეყენებინათ წმინდა კანონების აკრიბია მთელი სიმკაცრით და არ მიეღოთ მხედველობაში მონანულთა სინანულის ხარისხი. ბერმა უპასუხა, რომ ჩვენ ადამიანებს ლმობიერად და სიყვარულით უნდა მოვეპყროთო. მღვდლები თავის აზრზე იდგნენ. მაშინ ბერმა მათ უთხრა: "სიყვარულით უნდა მოვიცვათ არამცთუ ადამიანები, არამედ გველიც კი".

როცა ბერი ამ სიტყვებს ამბობდა, მასთან, უცებ, დიდი გველი მიცოცდა და მის წინაშე ვერტიკალურად აღიმართა, - თითქოსდა, ბერის სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებსო. დაინახეს რა ესოდენ უჩვეულო მხარდაჭერა, ბერთან მოსაუბრენი დარწმუნდნენ მისი სიტყვების სამართლიანობაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2024, 06:47 PM

"ამბა პახომმა შხამიანი გველები დაისვა სხეულზე განსაცდელის დროს. მაგრამ უფალმა დაიცვა და ვნებისგანაც გაათავისუფლა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 12:57 PM

"სკიტის მცირერიცხოვან მობინადრეთა შორის მამა პახუმი გამოირჩეოდა - მღვდელმონაზონ ნილოსის საძმოდან. მას შეეძლო შიშველი ხელებით აეყვანა გველები და მორიელები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2024, 07:32 PM

"მამა ეფრემის [არიზონელი] მიერ დაარსებულ მონასტრებში არსებობს უძველესი ეგვიპტური ტრადიცია. ღამით ბერები სალოცავად უდაბნოში გადიან და ლოცვასა და მდუამრებაში ღმერთთან საუბრით ტკბებიან.

ადგილობრივი მოსახლეობა შიშით ადიდებს შემოქმედს, რადგან ხედავს, რომ ღამ-ღამობით უდაბნოში გასულ ბერებთან თავს იყრიან ძალიან შხამიანი ქვეწარმავლები, რომლებიც მლოცველებს არ ესხმიან და ბერები მუდამ მშვიდად და დაუბრკოლებლად აღავლენენ ლოცვებს"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)